მენიუ

თამარ ლომიძე

კლასიკური ეპისტემეს ცნება და ქართული ანბანთქებები

ანბანთქებათა ჟანრი დამკვიდრდა და ფართოდ გავრცელდა XVII-XVIII საუკუნეების ქართულ მწერლობაში. ანბანთქებათა ნიმუშები შექმნეს ამ პერიოდის თვალსაჩინო ქართველმა პოეტებმა - თეიმურაზ პირველმა, არჩილმა, ვახტანგ მეექვსემ, თეიმურაზ მეორემ, დავით გურამიშვილმა, ბესიკმა და სხვებმა. ეს ჟანრი ჩვენში თეიმურაზ პირველმა შემოიტანა და შემდგომ, კ. კეკელიძის თქმით, “იმდენად პოპულარული შეიქნა ქართულ მწერლობაში თეიმურაზის შემდეგ, რომ ვერ ნახავთ ვერც ერთ მწერალს, პროფესიონალურსა თუ მოყვარულს, რომელიც არ ვარჯიშობდეს ამ დარგში” (კეკელიძე 1952, გვ.. 461).

ქართველი მკვლევრების აზრით, ანბანთქებები “თვითმიზნური” პოეტური ჟანრი იყო (მიქაძე 1974, გვ. 89), რომლის ფუნქციაც პოეტურ ხელოვნებაში გაწაფვა, “გავარჯიშება” გახლდათ (კ. კეკელიძეს შემთხვევით როდი გამოუყენებია ეს სიტყვა ანბანთქებების შესახებ საუბრისას). ისინი, რა თქმა უნდა, ამჩნევდნენ, რომ ანბანთქებათა უმეტესობა რელიგიურ თემატიკას ეძღვნებოდა (და ამ ჟანრის ნაწარმოებთა მხოლოდ მცირე ნაწილში აისახებოდა ბიბლიოგრაფიული ცნობები, ბუნების აღწერა, სატრფიალო-სამიჯნურო, სატირული შინაარსი და სხვ.), მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ ეს ხდებოდა აღორძინების ხანისთვის დამახასიათებელი შაბლონის ზეგავლენით, “რომლის მოთხოვნით, ყურადღებას, პირველ რიგში, საღმრთოს აქცევდნენ და ამიტომ მოვალედ თვლიდნენ თავს, ანბანთქებაში ღმერთზე, საიქიოსა და წუთისოფლის ამაოებაზე ეფიქრათ” (კეკელიძე 1952, გვ.505). მათ თვალსაზრისზე ზეგავლენა არ მოუხდენია პაატა ბატონიშვილის ანბანთქებაში გამოთქმულ შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ქართული ანბანთქებების ღირსებას რელიგიური შინაარსის ბრწყინვალედ გადმოცემა წარმოადგენდა: “ამ ლექსებმა თავი იქეს, წერილთ სიტყვა გამოსთქვესა.... კალმით ხნულსა კვალსა ზედა სიბრძნე ღვთისა დაეთესა.”

ყველა შემთხვევაში, არც ერთ მკვლევარს არ დაუსახავს მიზნად, გამოევლინა რაიმენაირი კავშირი ანბანთქებათა ფორმალურ თავისებურებებსა და მათ შინაარსს შორის. ფორმა მათ მიაჩნდათ შემთხვევით კომპონენტად, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა შინაარსთან. ისინი არც იმ საკითხით დაინტერესებულან, თუ რამდენად კანონზომიერი იყო ამ ჟანრის დამკვიდრება XVII-XVIII საუკუნეების ქართულ მწერლობაში და რამდენად აიხსნებოდა ეს ფაქტი მხოლოდ აღმოსავლური პოეზიის ზეგავლენით.

შეიძლება დაისვას კითხვა, ხომ არ განაპირობა XVII-XVIII საუკუნეების ანბანთქებათა პოპულარობა უფრო ზოგადმა ფაქტორებმა, და არა უბრალოდ, ავტორთა სურვილმა, გამოეცადათ თავიანთი პოეტური ოსტატობა, ან, აღმოსავლური პოეზიის ზეგავლენამ? ხომ არ შეესაბამება ამ ჟანრის ძირითადი მახასიათებლები ე.წ. “კლასიკური ეპისტემეს” იმ ნიშან-თვისებებს, რომლებიც ჩამოაყალიბა თავის სახელგანთქმულ ნაშრომში “სიტყვები და საგნები (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა არქეოლოგია)” ფრანგული სტრუქტურალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა მიშელ ფუკომ?

თავდაპირველად დავაკვირდეთ ქართულ ანბანთქებათა კონკრეტულ ნიმუშებს.

ქართულ პოეზიაში ანბანთქებები გარკვეული ფორმალური მრავალფეროვნებით ხასიათდება: ქართული ანბანის შემადგენელ ასოებს თავკიდური პოზიცია უკავიათ ლექსის ისეთ სტრუქტურულ ელემენტებში, როგორებიცაა: სტროფი, ტაეპი ან სიტყვა. შესაბამისად, ამ ჟანრის ნიმუშთა სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმ ტექსტობრივი მონაკვეთების მოცულობით, რომლებსაც აერთიანებს ანბანის თითოეული ელემენტი – თითოეული მარკირებული ასო.

მაგალითად, თეიმურაზ პირველის სამ ანბანთქებაში – “ადამ ვახსენოთ პირველად, თვით ღმერთმა შექმნა რომელი..”, “აღახვენ ჩემნი ბაგენი, ღმერთო, სამებით ქებულო” და “აღმართა მხსნელმან ჯვარი გოლგოთას” – თითოეული სტროფის ტაეპთა თავკიდურ პოზიციაში განთავსებულია ერთი და იგივე ასო, მაგალითად:

ადამ ვახსენოთ პირველად, თვით ღმერთმან შექმნა რომელი,
აბელ და სეით მოყვსითურთ, მთასა წმინდასა მდგომელი.
აბრამ, ისაკ და იაკობ, ნოე სიმართლის მდომელი,
ამათსა მეოხებასა, სულო, მე ვიცი რომ ელი...

ანბანთქების ამგვარ ტიპს ვუწოდეთ სტროფული A ფორმა, რომელშიც, ფაქტობრივად, მარკირებული ასო (ზემომოყვანილ სტროფში “ა”) აერთიანებს მთელს სტროფს (ამგვარ სტროფთა ტაეპები, ერთგვარად, გათანაბრებულია ერთმანეთთან ერთნაირი საწყისი ასოთი). ამ ფორმის ცალკე ვარიანტებად არ გამოვყოფთ ისეთ ანბანთქებებს, რომლებშიც ერთი და იგივე მარკირებული ასო აერთიანებს ორ ან სამ სტროფს, რადგან მათში სტროფების სტრუქტურა კი არ იცვლება, უბრალოდ, ხდება უკვე მოცემული სტროფული სტრუქტურის რედუპლიკაცია. მაგალითად, ამგვარი სტრუქტურისაა არჩილ მეფის ანბანთქება “ამიცანად სათარგმანებელნი”:

არსი ყოვლთა დამაარსი, სხვა უარსო არსად არი,
არასი ხამს შედარება, არს ყოვლს ნივთთა არ-სადარი.
არ არიან უიმისოდ არ ღრუბელი, არ სა დარი.
ა, ნებაა მის-მიერი, განგვეშოროს არსად არი.

არს ერთი რამე ასეთი, ვინ ახსნით, არის სახელი,
არა ვარგა რა უმისოდ ქალაქ, სოფლები, სახელი,
არ მეფე, არა გლახაკი, არ ბრძენი, არა სახელი
ამას ვინ ახსნის იცოდეთ, ეს არის ყოვლთა სახელი.

ბუნებითა ვინ კაც იყო, სრული ცოდვა არ იცოდა,
ბიწოვნება ვერ შეეხო, არას ცოდვით არ იცოდა.
ბატონი თუU მოყმე ვინმე, თუ ვერ ვიცნობთ, არი ცოდვა.
ბიჭურად ვინ ვერ მიხვდება, უმეცრებით შემეცოდვა.

ბრძანეთ, ცხენით ცად ვინ ახდა, ქვეყანასა სულ ელია,
ბევრი მღვდლობდა ღვთივ-შვენიერ, არა მღრდლობდა სულ ელია,
ბრძენთა ადვილ მისახდომი, ეს უნდ იყოს სულელი-ა?
ბრიყვი, ვეჭვობ, ვერ მიჰხვდება, ან ვინ არის სულელია

სტროფული a ფორმის ვარიანტი ვუწოდეთ იმგვარ ანბანთქებას, რომელშიც ერთი და იმავე ასოთი მარკირებულია თითოეული სტროფის პირველი ორი სიტყვა, მაგალითად, ონანა მდივნის (ქობულაშვილის) ანბანთქებაში:

არსთა არე შეუმზადე, სამთვითებით მონაშენობს,
აღთქმა არსა ქმნული შენდა, ვინ გულისხმევს, მონაშენობს,
არის არეს ღაღადება. სიტყვა მსწრაფლად მონაშენობს,
ახმით ახმით მარჯვენეთა ბრწყინავს, ნათობს, მონაშენობს.

სტროფული b ფორმა ვუწოდეთ ანბანთქებათა იმ ტიპს, რომელშიც ყოველი სტროფის თითოეული ტაეპი იწყება ერთი და იმავე ასოთი, მაგრამ დამატებითი ფაქტორია ის, რომ ამავე ასოთი მონიშნულია, ასევე, უკანაცეზურული ნაწილი ან წინაცეზურული ნაწილის მეორე მუხლი. ამგვარად, ტაეპის მეტრული კვეთა გაძლიერებულია დამატებითი ფაქტორის მეშვეობით. მაგალითად, იმავე ონანა მდივნის ანბანთქებაში:

ალმასხანისა მოყმე ვარ, ანდრია მეწოდებისა,
ანდრი[ი]თ წამოსული ვარ, ავლევს მავალი ნებისა,
ალუჩის მშვილდი ხელთა მაქვს, ატმის ისარი ეწბისა,
ალალს ვკარ, ასო მოვტეხე, იგი უმალვე კვდებისა.

ბოლოს, სტროფული c ფორმის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ის, რომ სტროფის შემადგენელი ყველა სიტყვა იწყება ერთი და იმავე ასოთი, ისე, რომ ანბანის ასოები თანმიმდევრულადაა განაწილებული სტროფებში. (ამგვარ ანბანთქებებში თითოეული სტროფის ტაეპთა თავკიდურ პოზიციაში კვლავ ერთი და იგივე ასოები გვხვდება, მაგრამ დამატებითი ფაქტორია ის, რომ სტროფის შემადგენელი ყველა სიტყვაც იმავე ასოთი იწყება). ასეთია, მაგალითად, ანბანთქების ის სახეობა, რომელიც არჩილმა შემოიტანა:

არ ადვილია აღკრძალვა ამოებისა, ამოსა,
არ ასაგდებად აღმოვთქვა, ამოვიმოწმებ ამოსა;
ადრიდგან არსად არაკად ასმოდეს, აჰა, ამოსა,
არის ასეთი ამბავი, არავის არ აამოსა.

ბაგე ბრძანებდეს ბატონის ბასრობას ბოროტებისა;
ბორგდეს, ბუნებით ბრდღვინვიდეს ბარნაბე ბართლომებისა;
ბედი ბედითი ბორბალი ბრუნევდეს ბილწ ბებლებისა;
ბიცი ბჭობანი ბადეა ბელიერ ბრანგვ ბერებისა...

ტაეპობრივი “a” - ფორმა ვუწოდეთ ანბანთქებათა იმ სახეობას, რომელშიც ყოველი ტაეპი იწყება სხვადასხვა ასოთი, ქართული ანბანის რიგის შესაბამისად. მაგალითად, არჩილის ანბანთქება:

ა სულ ასულა, მჭვრეტნი დასულა, ესე ვინაა ჩემი ასულა?
ბროლ-მინა რევით, მზისა მორევით, თვალნი მორევით მელნისა სულა.
გიმკობ ქებასა, შენ სამებასა, ხელთა შეგვედრებ ხვეწნითა სულა.
დებორა ქველსა შენ სდგამ სარქველსა, თავს ხნარცვში მჯდომსა კი დანასულა.

ეცილებია, ე ცილებია, მთვარეს, აჩნია, ეცი ლებია,
ვითა ებანი, ვითა ე ბანი საფირონს ხმითა სთქვი რაებია.
ზმირინოსა ფშვი! ზმირინო, სა ფშვი? ქება არ გიხამს საალებია.
ჲეთ ექმენ შვიდთა მნათობთა, მშვიდთა მიჯნურთა მწველობ საალებია...

ამ ფორმის (I) ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი ანბანთქება, რომელშიც ყოველი ტაეპის პირველი ორი სიტყვა ერთმანეთის მომდევნო (ანბანური თანმიმდევრობით) ასოებით იწყება. მაგალითად, ასეთია ონანა მდივნის ანბანთქება:

აქ ბარამისთვის ლახვარი მუნით საკვდავად ვინასა,
გულიჯან დახსნა შვებასა, თქვა საცნობელი მინასა;
ეს ვისთვის ცრემლთა ნაკადი ჩარცხიან ბროლ-ვარდ-მინასა,
ზღუდე ჲევსო წიაღთა, ზედან იქს ჩამოცვენასა.

ხოლო (II) ვარიანტად – იმავე ონანა მდივნის ანბანთქება, რომელშიც ყოველი ტაეპის პირველი სამი სიტყვა ერთმანეთის მომდევნო (ანბანური თანმიმდევრობით) ასოებით იწყება:

აქ ბულბულთ გალობისგან ხმა აღარ ჩავარდებიან.
დღე ერთ ვარდისა შვენებით ძახილით შემოკრბებიან,
ზედან ჲრწყვიან თანისთან, აროდეს არ დაშვრებიან,
იადონთ კრება ლამაზთა - არ გარე გავარდებიან...

ტაეპობრივი ანბანთქების Bb ფორმის გარკვეულ სახეობებში ანბანის მარკირებული ასოები ერთმანეთისგან გამოყოფს ტაეპთა წინაცეზურულსა და უკანაცეზურულ ნაწილებს და, გარდა ამისა, მათ წინ უძღვის თითოეული ასოს სახელწოდება ამგვარია, მაგალითად, ბესიკის ანბანთქება:

ან, ალვა ხარ ტანადობით, ბან, ბულბულს მიგიგავს ენა;
გან, გიბრწყინავს პირისსახე, დონ, დახატული ხარ შენა;
ენ, ელვარე ბადრი მთვარე, ვინ, ვარსკვლავს სურს შენი წყენა,
ზენ, ზილფ-კავო, გიშრის თმაო, ჲაე, ჲაერთ იწყო ფრენა;
თან, თურანი, ინ, ერანით სიცხოვლით დაგიწვავს შენა.

აქ თითოეული ტაეპის თავკიდურ პოზიციაში კვლავ სხვადასხვა ასო გვხვდება, მაგრამ დამატებითი ფაქტორია ის, რომ ტაეპის შემადგენელი ორი ან სამი სიტყვაც სხვადასხვა ასოთი იწყება.

ცხადია, ამგვარი სტრუქტურის სტროფები ტაეპობრივი ფორმის B ვარიანტის ტოლფარდია, იმ განსხვავებით, რომ თითოეულ მარკირებულ ასოს წინ უძღვის ამ ასოს სახელწოდება.

XVII-XVIII საუკუნეების ქართულ პოეზიაში გვხვდება იმგვარი ანბანთქებებიც, რომლებშიც ასოთა სახელწოდებებით (ანბანური თანმიმდევრობით) იწყება პირველი სამი მუხლი (ოცმარცვლიან სტროფში – ე.წ. “ფისტიკაურში”), ანუ ტაეპები აქ კიდევ უფრო დანაწევრებულია. მაგალითად, XVIII საუკუნის უცნობი ავტორის ანბანთქებაში:

ან, ამას გეტყვი, ბან, ბროლის სვეტო, გან, გული მითქვამს, სიამეს ველი,
დონ, დილის ვარდსა, ენ, ესრეთ გადრი, ვინ, ვისა შევხარ ნამითა სველი,
ზენ, ზენარითა, ჲ გეაჯები, თან, თვალით განცდის სურვილით გელი,
ინ, იადონსა, კან, კვლავე სჩაგრავ, ლას, ლომგულო და ვინ მორწყე ველი...

ამგვარად ორგანიზებულია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დანაწევრებული (ანუ მარკირებული ასოებით მონიშნული) - ოთხივე მუხლი “ფისტიკაურის” საზომზე გაწყობილ სტროფში, მაგალითად, ქეთევან დედოფლის ანბანთქებაში:

ან, ამას ვსტირი, ბან, ბნელსა მჯდომი. გან, გულთა მდუღრად, დონ, დადაგული.
ენ, ესრეთ ვება, ვინ, ვის მოება, ზენ, ზედი-ზედა, ჲა, ჲე დართული!
თან, თვალნი ჩემნი, ინ, ისრევ ირწყვის, კან, კმარის მისგან, ლას, ლამებული,
მან, მილად მოდის, ნარ, ნაკადულად, ონ, ოდეს ნახონ, პარ, პკურებული.

ამ ტიპის ანბანთქებებს მოვაკუთვნებთ b ტიპს, რადგან, ერთი მხრივ, აქ შენარჩუნებულია ძირითადი პრინციპი, ანუ ტაეპები სხვადასხვა ასოთი იწყება, მეორე მხრივ კი, ისინი დანაწევრებულია არა მარტო რიტმულად, არამედ – ანბანის ელემენტთა საშუალებითაც, რომელთა კუთვნილება მკაცრად განსაზღვრული მიმდევრობისადმი (ანბანისადმი) აძლიერებს ტაეპთა სინტაგმატურ მონაკვეთთა ურთიერთკავშირს და, ამასთან, ხაზს უსვამს თითოეული ამგვარი მონაკვეთის დამოუკიდებლობას.

კიდევ უფრო მეტადაა დანაწევრებული მესამე ტიპის ანბანთქებები, რომელთაც სიტყვობრივი ვუწოდეთ, რადგან მათში სხვადასხვა ასოთი იწყება (ანბანური თანმიმდევრობით) თითოეული სიტყვა. ცხადია, ვარიირების საშუალებები ასეთ შემთხვევაში შეზღუდულია. XVII-XVIII საუკუნეების ქართულ პოეზიაში გვხვდება სიტყვობრივი ანბანთქებების მხოლოდ იმგვარი ტიპები, როგორებიცაა, მაგალითად, არჩილის “სულხანის პასუხად”:

აღვძრა ბაგე, გული დავდვა, ეს ვის ზე ჲე, თამაშობდეს.
იცოდი, კილომ მონაკვთე, ნებ ორ პრტყელი ჟამად რბოდეს.
სად ტომ უფროს ფრიად ქმნილა, ღრმა ყოფს შაირს, ჩურჩვნილობდეს.
ცნობით ძალით, წმიდათ ჭვრეტით ხელ-ჴრმლით, ჯვარით, ჰაი, ჵომობდეს,

სადაც დაცულია ქართული ანბანისთვის დამახასიათებელი ასოთა რიგი, ან გამოყენებულია ასოთა საპირისპირო თანმიმდევრობა - ჵ-დან ა-მდე: ( ამგვარი ანბანთქების ნიმუში გვხვდება დავით გურამიშვილთან:

ჵი ჰი ჯოჯოხეთად ჴდენ, ხვდათ ჭრა, წყვლა ძნელ ცეცხლთა ჩენით;
შიგან ყრიან ღადართ ქვეშე, ფუფქავს უყთ ტბა, სულთ რჯის ჟენით,
პირს ოხრევდინ ნაღვლით მისთვის, ლხინი კვნესით იწვართენით,
თაყვანს ჲცით, ზენარს ვედრეთ, ეს დიდ გვემით ბმა ახსენით...

ამ ტიპის ანბანთქებათა კიდევ უფრო მეტად დანაწევრებული ვარიანტი გამოიყენა ვახტანგ მეექვსემ:

არა ბრძანებ გიორგ დედად, ესე ვიყავ ზეზ ეთერად, (7)
თმით იკარი, კუკ, ლალ, მომცემ, ნებვენ ოსოპროკო ჟვერად,
როგორ საამს ტახტ უკეთუ, ფეფ, ქექ, ღორღ, ყუყ, შიშ, ჩამჩქერად,
ცოც, ძეძ, წეწ, ჭმუჭ, ხეხ, ქოქ, ჯორჯ, Hჰაიმისჰ ჵიერად.

ზოგჯერ ანბანის ელემენტები განაწილებულია ყოველი სამი ტაეპის სიტყვებში, მეოთხე ტაეპები კი ამ სისტემიდან ამოვარდნილია:

ანო ალვისა, ბანო ბროლვარდი,
განო გარევით ნაყოფად ესხეს,
დონო დავსწამე, ვარდსა შევსწამე,
სიტურფე, თურე, მისგან ესესხეს...

ამგვარი ანბანთქებები, რომლებშიც მკაცრად არაა დაცული ტექსტის თანაზომიერი დანაწევრების პრინციპი, გავაერთიანეთ შერეულ ფორმაში.

ქართველი პოეტების ანბანთქებათა ტექსტები მოწესრიგებულია რიტმულადაც და ევფონიურადაც.

მაგრამ ანბანთქებებში შემოდის ტექსტის მაორგანიზებელი ახალი ფაქტორი (რომელიც, ვიზუალური აღქმის პირობებში, ჩრდილავს სხვა ელემენტების ფუნქციებს) ანბანის ელემენტთა რიგის სახით. დავახასიათოთ ის:

  1. ჩვეულებრივ, ანბანის შემადგენელი ასოები სიტყვაში არაფრით გამოირჩევა ერთმანეთისგან. მაგრამ ანბანთქებებში შესაბამისი ტექსტუალური ფრაგმენტების ურთიერთშედარებისას პოზიციურად გამოირჩევა ამ ფრაგმენტთა თავკიდური ასოები, როგორც გარკვეული სისტემის (ანბანის) ელემენტები. ამ გზით ხორციელდება ტექსტის გარკვეული ფრაგმენტების გამოყოფა ერთმანეთისგან და მათი განსხვავებულობის ხაზგასმა (სტროფულ a და b ფორმებში – სტროფებისა, ტაეპობრივ a ფორმაში – ტაეპებისა, ხოლო ტაეპობრივ b ფორმაში – სიტყვებისა).
  2. ანბანთქებებში ხდება ლექსის ტექსტისა (რომელსაც სისტემურობას ანიჭებს სპეციფიკური ვერსიფიკაციული ფაქტორები) და სხვა სისტემის - ანბანის - ელემენტთა ინტერფერენცია, რაც არსებითად განასხვავებს ანბანთქებებს ნებისმიერი სხვა პოეტური ტექსტებისგან.
  3. ის, რომ ანბანის ელემენტები შეიძლება განაწილებულ იქნას ლექსის ნებისმიერ ფრაგმენტებში - სტროფებში, ტაეპებში, სიტყვებში, რომ თითოეული ამგვარი ელემენტი შეიძლება აერთიანებდეს ნებისმიერი გრძლიობის ფრაგმენტს ტექსტში, ხაზს უსვამს ამ ფრაგმენტების სემანტიკურ დიფუზურობას.
  4. ამგვარი ფრაგმენტების (სტროფების, სტრიქონების, სიტყვების) ერთიანობას და ტექსტის დისკრეტულ ნაწილებად დაყოფას განაპირობებს თავკიდურ პოზიციებში დასმული ასოები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში ტექსტის რიგითი ელემენტები კი აღარაა, არამედ ტექსტის შესაბამისი ფრაგმენტების მაწარმოებელი ელემენტებია და განაპირობებს მათ თვისებრიობას.
  5. ანბანთქებაში ანბანის ასოთა განაწილება ტექსტში განაპირობებს იმ ეფექტს, რომ ეს ტექსტი თვისებრიობას იცვლის და მისი ელემენტები ერთიანდებიან ახალ სისტემაში - აქ ძირითადი ტექსტია სწორედ ანბანი, რომელსაც ფონის სახით ახლავს პოეტური ნაწარმოების ტექსტის დანარჩენი ნაწილი.
    ამგვარად, თუ გავითვალისწინებთ ამგვარი ტექსტების სემანტიკურ დიფუზურობას და თითოეული ასოს “დანართის” სახით მოცემული ტექსტუალური ფრაგმენტების სემანტიკურ გაუფერულებას, შეიძლება ითქვას, რომ მათში ხორციელდება ცალკეული ფრაგმენტების ჩამოთვლა, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ ანბანთქებაში ჩამოთვლილია ტექსტის ის ფრაგმენტები, , რომლებიც მარკირებულია ანბანის ასოებით.
  6. საზოგადოდ, შესაძლებელია მხოლოდ განსხვავებულთა ჩამოთვლა, ანუ ანბანის ელემენტთა განაწილება ტექსტში განაპირობებს და ხაზს უსვამს შესაბამისი ტექსტუალური ფრაგმენტების განსხვავებას ერთმანეთისგან.
  7. თითოეული მარკირებული ასო, როგორც, ზოგადად, ანბანის ელემენტი (ე.ი. არა როგორც ტექსტის ნაწილი, მისი მოწესრიგებულობის განმაპირობებელი ელემენტი) წარმოგვიდგება, როგორც სტროფის, ტაეპის ან სიტყვის ნიშანი, ანუ ასოსა და იმ ტექსტუალურ ფრაგმენტს შორის, რომლის საწყის (თავკიდურ პოზიციაში დასმულ) ელემენტსაც წარმოადგენს ეს ასო, მყარდება სემიოტიკური (პარადიგმატული) მიმართება. ისინი ურთიერთშენაცვლებადი ხდება. თითოეული ამგვარი ფრაგმენტის (რომლის დამოუკიდებლობა მთელი ტექსტისგან გამძაფრებულია ლექსის სპეციფიკური სტრუქტურის წყალობით) ფუნქციას და ადგილს სისტემაში განსაზღვრავს ის, თუ ანბანის რომელი ელემენტით იწყება ის. ამგვარად, გარკვეული გაგებით, იცვლება ტექსტის ამგვარი ფრაგმენტის სემანტიკა, მაგრამ ის კი არ ნიველირდება (როგორც აკროსტიქში), არამედ სპეციფიკური სემანტიკით აღიჭურვება – ანბანის შესაბამისი ელემენტის აღსანიშნად გარდაისახება.
    შეიძლება ითქვას, რომ მარკირებული ასოთი მონიშნულ ამა თუ იმ სიტყვას (ტაეპს, სტროფს) სხვადასხვაგვარი სემანტიკა აქვს, იმისდა მიხედვით, ანბანთქებაში გვხვდება ის, თუ Nნებისმიერი სხვა ჟანრის პოეტურ ტექსტში. შესაბამისად, სუსტდება თითოეული “სიტყვის” სემიოტიკური ფუნქცია სამყაროს საგნებთან ან მოვლენებთან მიმართებაში. თითოეული ამგვარი სიტყვა, თავის მხრივ, ახდენს ანბანის, როგორც სისტემის ელემენტთა რეპრეზენტაციას.
  8. ანბანთქებებში თავს იჩენს სინტაგმატური სემიოტიკური მიმართებებიც: თითოეული მარკირებული ასო (როგორც, ზოგადად, ანბანის ელემენტი) სინტაგმატურ (მომიჯნავეობის, ან, თუ გნებავთ, “სინეკდოქურ”) კავშირშია ტექსტის შესაბამის ფრაგმენტთან – სტროფთან, ტაეპთან ან სიტყვასთან.
  9. ანბანის ელემენტების აღჭურვა სემიოტიკური ფუნქციით (ანბანის თითოეულ ასოს ამა თუ იმ ანბანთქებაში აქვს ერთადერთი აღსანიშნი) იმას ნიშნავს, რომ მათ მიეწერება ერთგვარი კვაზისემანტიკა – და თითოეული ასო წარმოგვიდგება, როგორც გარკვეული “სიტყვა”,
  10. საერთოდ, თუმცა თვით ანბანი მყარი სისტემაა, რომელშიც დაუშვებელია ელემენტების გადანაცვლება, მაგრამ ანბანის ნებისმიერ ელემენტს ანბანთქებებში შეიძლება დაუკავშირდეს სხვადასხვა აღსანიშნი (მაგალითად, სტროფული ც ტიპის ანბანთქებებში). ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ანბანის ელემენტები ანბანთქებებში ხასიათდებიან კომბინატორული თავისუფლებით.
  11. რა თქმა უნდა, ზოგადად, ანბანის (როგორც იზოლირებული და არა როგორც ანბანთქების მარეგულირებელი სისტემის) ელემენტებს აღნიშვნის ფუნქცია არ ეკისრებათ და როდესაც ვსაუბრობთ ტექსტში მათი სემიოტიკური დატვირთვის შესახებ (ტექსტის ფრაგმენტების მიმართ), ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ აღნიშვნის იდეა და არა რეალური სემიოზისი.

მაგალითად, არჩილთან ტაეპში “არსი ყოვლთა დამაარსი, სხვა უარსო არსად არი” ა-თი მარკირებული და ნიშანდებულია მთელი ტაეპი, თუმცა ცალკე ამ ასოს არავითარი სემანტიკა არა აქვს. მას ეკისრება მხოლოდ ტაეპში, სტროფში ან სიტყვაში ხორცშეხმული წარმოდგენის რეპრეზენტაცია. სხვაგვარად, ამგვარი ელემენტი განასახიერებს წარმოდგენის გამოხატვის იდეას. შესაბამისად, ანბანთქებების ტაეპში, სტროფში ან სტრიქონში ხორციელდება ორმაგი სემიოზისი: ანბანთქების ელემენტი აღნიშნავს ტექსტის ფრაგმენტს (მეორე მარკირებულ ასომდე), ხოლო თვით ეს ფრაგმენტი, მთლიანად, აღნიშნავს სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენას ან საგანს.

ამგვარად, წარმოდგენა, რომელიც ხორცშესხმულია ამგვარ ფრაგმენტში, ერთდროულად არის სემიოზისიც (“ობიექტისადმი” სემიოტიკური მიმართების დამყარება) და თავისი თავის, როგორც პირობითი ნიშნის თვითგამოვლენაც.

ახლა დავაკვირდეთ ზემოჩამოთვლილ ავტორთა ანბანთქებებს და ვიკითხოთ: ხომ არ შეინიშნება რაიმენაირი კავშირი ანბანთქებაში ასოთა განაწილების წესსა და შესაბამის ტექსტების აღსანიშნებს შორის?

კ. კეკელიძე აღნიშნავს, რომ თეიმურაზ პირველის ლირიკა ორგვარია – რელიგიური და საერო. მკვლევარი ასახელებს რელიგიური ლირიკის ნიმუშებს და მათ მიაკუთვნებს პოეტის ანბანთქებებს: “ადამ ვახსენოთ პირველად, თვით ღმერთმან შექმნა რომელი” (“რომელშიც შეკოწიწებულია წმინდანთა სახელები”(კეკელიძე 1952, გვ. 445); “აღახვენ ბაგენი ჩემი, ღმერთო, სამებით ქებულო” (“აქ პოეტი იხსენიებს ზოგიერთ წმინდანს, ბიბლიურ ეპიზოდებს, ხოლო მეორე ნაწილში დაწვრილებით ლაპარაკობს იესო ქრისტეს ვნების, აღდგომის, ამაღლებისა და მეორედ მოსვლის შესახებ”(იქვე); “აღმართა მხსნელმან ჯვარი გოლგოთას” (,,წარმოადგენს ვედრებას ღვთის, ღვთისმშობლისა და წმინდანებისადმი” (იქვე). პირველ ანბანთქებაში სტროფების პირველ სამ ტაეპებში მართლაც “შეკოწიწებულია წმინდანთა სახელები”, მეოთხე ტაეპებში პოეტი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამ წმინდანთა მიმართ.

ამ ანბანთქებაში წმინდანთა იერარქიის კლასიფიკაციური პრინციპია ანბანი, ანბანური რიგი. ამგვარად, აქ ანბანი მიჩნეულია წმინდანთა სიმრავლის კლასიფიკაციის საფუძვლად. და, პოეტის მეორე ანბანთქებისა არ იყოს, “ვით ძალუც კაცსა მტკავლითა ცისა გაზომა სრულებით”, აშკარაა, რომ ანბანის ელემენტები აქ “მტკავლები” კი არაა, არამედ – სწორედ ზეციური სამყაროს მკვიდრთა იერარქიის საზომი.

თეიმურაზისვე ანბანთქებებში “აღივსო გული ჩემი” და “აღმართა მხსნელმან ჯვარი გოლგოთას...” აღწერილია იესოს ამქვეყნიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები. შესაბამისად, ამ ტექსტებში ნარატიული ელემენტი უფრო ძლიერია, ვიდრე პირველ ანბანთქებაში. აქაც გადახლართულია იესოს ცხოვრება და ავტორის სულიერი განცდები - ორი სისტემა, ორი ბიოგრაფია. საგულისხმოა, რომ მესამე ანბანთქებაში (და მეორის რამდენიმე სტროფში) ყოველი სტროფის პირველი სამი ტაეპი ეძღვნება ქრისტეს ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდის ან რომელიმე ბიბლიური ამბის მოკლე აღწერას, მეოთხეში კი (ან მესამე და მეოთხე ტაეპებში, რამდენიმე შემთხვევაში კი – მთელ სტროფში) თვით ავტორის ვედრებაა გადმოცემული ღვთისმშობლის მიმართ:

დააგდო ტარი ხელთაგან, ქალწული შეძრწუნდებოდა:
“და როგორ, უმამაკაცოდ ძე მუცლად ვით მედებოდა?”
“დაგცოსო სულმან წმინდამან” – სიტყვაცა განზრქელდებოდა”;
დამხსენ, უფალო, ჯოჯოხეთს ცეცხლიმც ნუ მომედებოდა!..
(“აღივსო გული ჩემი... “)

ზეცისა ძალთა მთავარსა კაცთათვის ნათელ-ღებულსა,
ზეცით ქვეყანას ჩამოსულს, ღვთაებით განკაცბულსა,
ზე ამაღლებით ჯვარზედან სისხლითა გვერდ შეღებულსა,
ზენაარ, პეტრე შემზიდე სამოთხეს კარს განღებულსა...
(“აღმართა მხსნელმან ჯვარი გოლგოთას”)

ამგვარად, სამივე ანბანთქებაში ბიბლიურ და სახარებისეულ ამბებს ერთვის ალუზია ავტორის ცხოვრებისეულ ძნელბედობაზე. ორი ისტორია - ქრისტესი და თეიმურაზისა შეკავშირებულია ერთმანეთთან ანალოგიის მეშვეობით - და ორივე მათგანის მარეგულირებელია ანბანი - ღმერთისა და ადამიანის ცხოვრების საზომი .

არჩილიც ანბანთქების სტროფულ a ფორმას იყენებს ღვთისმშობლისადმი მიმართულ სახოტბო ლექსში “საქებელნი და სავედრებელნი ღვთისმშობლისანი”, ასევე - რელიგიური შინაარსის მქონე ანბანთქებებში:”ამიცანად სათარგმანებელნი” და “ანბანთქება ახალი შემოღებული”. სამაგიეროდ, კატრენი “სულხანის პასუხად” (იხ. ზემოთ) სიტყვობრივი ფორმისაა, ხოლო სატრფიალო შინაარსის მქონე ანბანთქება “ა სულ ასულა” – ტაეპობრივი ა ფორმის მიხედვითაა გაწყობილი.

 ვახტანგ მეექვსე თავის სტროფულ c ტიპის ანბანთქებაში (“ასრე არის აგებული, ამგებელსა აქ აქებდეს) ქრისტეს ცხოვრების ამბებს აღწერს, მეორე ანბანთქებაში კი სიტყვობრივ Bb ფორმას იყენებს.

თეიმურაზ მეორის სტროფულ a ტიპის ანბანთქებებში ასახულია: I ანბანთქებაში “აღივსო გულიცა ჩემი..” – სასიყვარულო განცდები მშვენიერი ქალის, ბარბარე ალექსანდრეს ასულ ბუტურლინას მიმართ; III ანბანთქებაში “აღვძრათ სიტყვა საცნობელი...” – ძველი აღთქმის, IV ანბანთქებაში (“არის რამ უცხოდ საცნობელ...…”) კი – ახალი აღთქმის ამბების შესახებაა საუბარი.

თეიმურაზისვე ერთსტროფიანი სიტყვობრივი ანბანთქება სატრფიალო ხასიათისაა.

დავით გურამიშვილის ტაეპობრივ b ტიპის ანბანთქებაში “აღდგომის დღეს ყრმათაგან სამღერელი” და ანბანთქებაში “ანბანზედ თქმული დავითისაგან” (ანბანის ორიგინალური განაწილებით სიტყვებზე) რელიგიური მოტივებია ასახული.

ბესიკისთვის, რომელიც მხატვრული ფორმის დიდოსტატი იყო, ანბანთქებას უკვე კონცეპტუალური დატვირთვა კი არა აქვს, არამედ – წმინდა პოეტური. ანბანთქება აქ მხოლოდ და მხოლოდ ევფონიურ ფუნქციას ასრულებს და აძლიერებს ლექსის მუსიკალურობას.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ XVII-XVIII საუკუნეების ქართულ პოეზიაში როგორც ფორმალურად, ასევე სემანტიკურ ასპექტში ერთმანეთისგან გამიჯნულია ანბანთქებათა ორი ტიპი: სტროფული, ტაეპობრივი და სიტყვობრივი. სტროფულ ანბანთქებებში (განსაკუთრებით, მის a ფორმაში) ხორცშეხმულია ანბანის კონცეფცია - ანბანი ღვთიური წარმომავლობისაა და ამიტომ მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება ზეციური სამყაროს – როგორც სისტემის - წარმოდგენა და, შესაბამისად, შემეცნებაც.

ანბანის ამგვარი კონცეფცია გულისხმობს უწყვეტ მიმართებას ამქვეყნიურ სამყაროსა (რომელშიც ანბანი ადამიანთა კომუნიკაციის საშუალებაა) და იმქვეყნიურ სამყაროს შორის (რომლის შემეცნების საშუალებასაც წარმოადგენს ანბანი). ანბანის მეშვეობით ხდება ამ ორი სამყაროს შეკავშირება.

1966 წელს ფრანგული სტრუქტურალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ფილოსოფოსმა და მეცნიერების ისტორიკოსმა, მიშელ ფუკომ გამოაქვეყნა თავისი კლასიკური ნაშრომი “სიტყვები და საგნები. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა არქეოლოგია”.

ამ ნაშრომში ფუკო მიზნად ისახავდა იმ ისტორიული არაცნობიერის გამოვლენას, რომელმაც განაპირობა სამი სხვადასხვა ეპისტემოლოგიური ველის, ანუ სამი სხვადასხვა ეპისტემეს ფუნქციონირება.

ეს ეპისტემეებია:

1.რენესანსული ეპისტემე (XVI საუკუნე - XVII საუკუნის შუა წლები). ესაა მსგავსების…ეპისტემე, როდესაც ენა ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ნიშანთა დამოუკიდებელ სისტემას. ის გაბნეულია ბუნებით საგნებს შორის.

  1. კლასიკური ეპისტემე (XVII-XVIII საუკუნეები) - ენა იქცევა ნიშანთა ავტონომიურ სისტემად და თითქმის თანხვდება აზროვნებასა და ცოდნას.
  2. თანამედროვე ეპისტემე (XIX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე) - სისტემებისა და ორგანიზაციების ეპისტემე. წარმოიქმნებიან ახალი მეცნიერებები, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ადრე არსებულ მეცნიერებებთან. ენა უკვე შემეცნების ჩვეულებრივი ობიექტია.

ჩვენი გამოკვლევა მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენად სავარაუდოა ანბანთქებების ჟანრის აღიარება კლასიკური ეპისტემეს ორგანულ ელემენტად, ან, უფრო ფართოდ, ვლინდება თუ არა XVII-XVIII საუკუნეების ქართულ კულტურაში კლასიკური ეპისტემესთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ლიტერატურული ჟანრის მაგალითზე დასახელებულ პრობლემათა გადაჭრა ძნელია, მაგრამ შესაძლებელია კვლევის შემდგომი პერსპექტივების დასახვა და მისი მიზანშეწონილობის დასაბუთება.

მართალია, კლასიკურ ეპისტემეში, ფუკოს აზრით, “ენა აღარ ემსგავსება ამავე ენით აღნიშნულ საგნებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის გამიჯნულია სამყაროსგან; ენა, თუმცა სხვა ფორმით, მაგრამ კვლავ გვევლინება გამოცხადებათა ლოკუსად და შეადგენს იმ სივრცის ნაწილს, რომელშიც ხდება ჭეშმარიტების გამოვლენა და გამოთქმა... ენა არის ხატი სამყაროსი, რომელიც გამოისყიდის თავის ცოდვებს და მიაყურადებს ჭეშმარიტებას. სწორედ ამიტომ სურდა ღმერთს, რომ ლათინური ენა – მისი ეკლესიის ენა – გავრცელებულიყო მთელ დედამიწაზე. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოს ენები (რომლებიც ცნობილნი გახდნენ ამ მონაპოვრის წყალობით) წარმოქმნიან, საზოგადოდ, ჭეშმარიტების ხატს”. (ფუკო 1966, გვ. 73).

შესაძლოა, სწორედ ენის ამ პრიორიტეტულმა მდგომარეობამ და ენისადმი უპირობო ნდობამ (“მსოფლიოს ენები... გვიქმნიან, საზოგადოდ, ჭეშმარიტების ხატს”) განსაზღვრა მიბრუნება ლიტერატურული დისკურსის “ნულოვანი საფეხურისადმი” - იმ საფეხურისადმი, სადაც ეს დისკურსი თვისებრივად მაქსიმალურად უახლოვდება თავის ამოსავალ წყაროს (შესაბამისად, ჭეშმარიტებასაც) - ანბანს, ან, ყოველ შემთხვევაში, მიისწრაფვის ამ მიზნისკენ.

ჭეშმარიტების შესამეცნებლად საჭიროა ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც წესრიგს შეიტანს - გასაგებობას და შემეცნებადობას მიანიჭებს - მთელ სამყაროს: ხილულსა და უხილავს, ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს. ასეთ ინსტრუმენტად კლასიკურ ეპისტემეში აღიარებულია ანბანი. გავიხსენოთ, რომ ვოლტერის ფილოსოფიური ლექსიკონის სახელწოდება იყო “გონი ანბანური თანმიმდევრობით”.

ვინაიდან ანბანი ღვთიური წარმომავლობისაა, ამდენად, ადამიანების ცხოვრებას (და, საერთოდ, სამყაროს) კლასიკურ ეპისტემეში ანბანის მეშვეობით აწესრიგებს ღმერთი, როგორც “კანონმდებლობითი გონის ფუნქცია” (ს.ს. ავერინცევი).

წესრიგი, მოწესრიგებულობა, კლასიკურ ეპისტემეში სამყაროს აღქმის ფორმაა. რაც შეეხება ანბანს, მისი არსის შემეცნებისთვის ასევე აუცილებელია მისი წესრიგის, მოწესრიგებულობის გამოვლენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ანბანის ელემენტები უნდა შევადაროთ ერთმანეთს. მაგრამ ეს ამოცანა საკუთრივ ანბანის ფარგლებში განუხორციელებელია – ესაა გარკვეული თვითკმარი ელემენტების ერთობლიობა (ანალოგიურად, რიცხვთა ჩამონათვალში თითოეული რიცხვი თვითკმარია. შედარება სხვა რიცხვებთან შესაძლებელია მხოლოდ რიცხვების თვისებრიობის შეცვლისას – მათი დანაწევრებისას; ასევე, ანბანის თითოეული ელემენტი ანბანის ფარგლებში თვითკმარია, შეუძლებელია სხვა ელემენტებთან მისი შედარება, ანუ მსგავსების ან განსხვავების დაფიქსირება – აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ გრაფიკულ მსგავსებებსა და განსხვავებებს). ეს ამოცანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოხმობილ იქნება ახალი სისტემა, რომელშიც ეს ელემენტები ურთიერთშედარებადი იქნება. ასეთი სისტემაა ანბანთქების ტექსტი (ან, თუნდაც, ანბანურ რიგზე გაწყობილი ლექსიკონი ან ენციკლოპედია), რომელშიც ანბანის თითოეული ელემენტი ახალ თვისებრიობას შეიძენს - ერთდროულად ანბანის ელემენტიც იქნება და რაღაც სხვა სისტემის ელემენტიც (ან ამ ახალი სისტემის ელემენტის ნიშანი - როგორც ეს მოხდა დიდ ფრანგულ ენციკლოპედიაში ან ანბანთქებებში, ან ლექსიკონებში). სხვადყოფნისას ანბანის ელემენტების შედარება უკვე შესაძლებელია, რადგან მათი განსხვავებულობა, რომელიც ანბანის ფარგლებში არ ვლინდებოდა, ახლა უკვე ფუნქციურ განსხვავებულობად წარმოგვიდგება. ანბანთქებებში ესაა ანბანის ელემენტებისადმი აღნიშვნის უნარის მინიჭება. როგორც კი ამგვარი ელემენტი აღიჭურვება ნიშნობრივი ფუნქციით, ის უკვე აღარ ემთხვევა თავის თავს, როგორც ანბანის სისტემის კომპონენტს.

ამგვარად, შეიძლება პასუხი გავცეთ იმ კითხვაზე, რომლიც დავსვით ჩვენი ამ გამოკვლევის დასაწყისში: რა თქმა უნდა, ანბანთქებათა პოპულარობა ქართულ პოეზიაში, არ განუპირობებია, უბრალოდ, ავტორთა სურვილს, გამოეცადათ თავიანთი პოეტური ოსტატობა; ის არ განუსაზღვრავს არც მარტოოდენ აღმოსავლური პოეზიის ზეგავლენას. ამ ჟანრის პოპულარობა XVII-XVIII საუკუნეების ქართულ პოეზიაში კანონზომიერი მოვლენაა. მისი ძირითადი მახასიათებლები შეესაბამება ე.წ. “კლასიკური ეპისტემეს” იმ ნიშან-თვისებებს, რომლებიც ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში “სიტყვები და საგნები (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა არქეოლოგია)” XX საუკუნის ფრანგული მეცნიერების ფრანგული თვალსაჩინო წარმომადგენელმა მიშელ ფუკომ.

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია


კეკელიძე 1952. კეკელიძე, კ. ძველი ქართული მწერლობის ისტორია, თსუ გამომცემლობა.

მიქაძე 1974. მიქაძე გ. ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან. გამომცემლობა „მეცნიერება. თბ.,

ფუკო 1966. Фуко, Мишель. Слова и вещи ( Археология гуманитарных наук). Издательство «Прогресс», М.


გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამარ ლომიძე