მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება

ტექსტის ორიგინალური სათაური: ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთშემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი

ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: ტექსტმა ჩვენამდე მოაღწია ერთადერთ ხელნაწერში, XVI, ან XVII საუკუნით დათარიღებული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Ms A-69. (გაბიძაშვილი 2010, გვ. 180).

თხზულების დაწერის დრო: X საუკუნის მეორე ათეულის მიწურული, გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების დაწერამდე ოციოდე წლით ადრე (კეკელიძე 1980, გვ. 150).

მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებანი ძეგლის დათარიღებასთან დაკავშირებით, იხ. ქვემოთ

თხზულების ავტორი: ბასილი ზარზმელი, სერაპიონის ძმისშვილი

თხზულების შინაარსი: (აღწერილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, ნინო რუსიას მიერ): 

თხზულება იწყება ავტორის განცხადებით, რომ ქების ღირსია ღვთის მოყვარე და მისთვის მოღვაწე ადამიანი, რის დასასაბუთებლადაც იგი იყენებს სახარებისეულ ბრძანებულებებში არსებულ სიტყვებს ,,ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა.” ამასთან ერთად, ბასილ ზარზმელი იმეორებს ყოვლად ბრძენი სოლომონის სიტყვებს: ,,ნეტარ არს კაცი, რომელმან მოიგო გონიერებაჲ და მოკუდავმან, რომელმან პოვა მეცნიერებაჲ.” ავტორი იხსენებს პავლე მოციქულის სიტყვებსაც, რომ უნდა უხაროდეთ,რადგან სამარადისო ნეტარებას მოუპოვებს მათ სარწმუნოება და ამბობს, რომ წმინდა მამებმა ისწავლეს მოთმინება და ზეციური გზისაკენ მიდიოდნენ სარწმუნოებით. ამასთან, იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პირველ მამებს ვერავინ დაემსგავსება საკუთარი საქმიანობით, მაგრამ აქვე გვეუბნება, რომ ვისმინოთ გულმოდგინედ სიტყვები იმათ შესახებ, ვინც დაემსგავსა ამ მამებს. 

 ამგვარი შესავალი მონაკვეთიდან ავტორი გადადის უშუალოდ სერაპიონის შესახებ თხრობაზე. იგი სერაპიონს ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს: ,,ყოლად ბრწყინვალე და ზეცისა ჩინებისა ღირსი ყოლად წმინდაჲ მამაჲ და მოძღუარი ნეტარი სერაპიონი. ”ავტორი ამბობს, რომ მისი ცხოვრება აღწერითი თხრობით და შენაკრებებით გააერთიანა. იგი ახსენებს ზარზმელ მამებს, მღვდლებს, რომლებსაც ხვდა წილად ყოფილიყო ამ დიდ მნათობთან (სერაპიონთან) ერთად. ასევე ახსენებს მის ძმებს, სხვა მამებს, რომ მათი ვალია მიბაძონ სერაპიონ ზარზმელს, ხოლო მკითხველს მოუწოდებს მოუსმინონ თხრობას სერაპიონის ცხოვრების შესახებ. ავტორი აღნიშნავს, რომ იგი უძლურია სერაპიონის ცხოვრების აღწერისას და თანაგრძნობას ითხოვს, რათა შეძლოს შესაფერისი და ღირსეული სიტყვებით მოგვითხროს სერაპიონის ცხოვრება.

  ბასილი გვეუბნება, რომ სერაპიონი დაიბადა კლარჯეთში. მისი მშობლები იყვნენ უბრალო ხალხი, რომლებიც მიწას ამუშავებდნენ და ამით ცხოვრობდნენ. ამასთან, ისინი ქველმოქმედები იყვნენ და აპურებდნენ უპოვრებს. ავტორის თქმით, სერაპიონის მამის სახელი იყო კვიპრიანე. დედის სახელი კი მისთვის უცნობია; მისი სახელის დაკარგვას ბასილი, თავად სერაპიონის ძმისწული, დროს აბრალებს. ტექსტიდან ვიგებთ, რომ სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა, ერთი უფროსი და მეორე უმცროსი. უმცროსი ძმა იყო იოანე, რომლის ჩვილობისასაც გარდაიცვალა მათი დედა. შვილები მამამ გაზარდა, მაგრამ მალე ისიც გარდაიცვალა და სამი ძმა ობლად დარჩა.

შემდეგ ავტორი გადადის დიდი უდაბნოებისა და მონასტრების შესახებ თხრობაზე. ამ მონაკვეთში იგი ახსენებს მიქაელ პარეხელს, რომელმაც ააშენა პარეხის ეგვტერი კლდოვან და ადამიანთაგან მიუდგომელ ადგილას. მიქაელი ყოფილა შიო საკვირველმოქმედის მოწაფე. ავტორი შიოს შემდეგი სიტყვებით ასხამს ხოტბას ,,ვითარცა მთიები განთიადისაჲ ბრწყინვიდა ქუეყანასა ქართლისასა.” სწორედ ამ მიქაელთან მიდის სერაპიონი პატარა ძმასთან ერთად და ავედრებს საკუთარ თავს მიქაელს, რომელიც, როგორც ავტორი ამბობს ობოლთა გამზრდელი და შემწე იყო ,,მზრდელსა ობოლთასა.”

  მიქაელს მათ გარდა კიდევ ჰყავდა მოწაფეები, რომელთაგან ავტორი ახსენებს ბასილსა და მარკელაოზს. მიქაელმა საკუთარ მოსწავლეთა დასში ჩარიცხა სერაპიონი და მისი უმცროსი ძმა.  მიქაელის კურთხევით მღვდლობის პატივი მიენიჭა სერაპიონს, მოგვიანებით კი იგი საკუთარი საქმეებისა და სასწაულების წყალობით მისაბაძი მაგალითი გახდა საკუთარი ძმებისთვის (ანუ, სხვა მამებისთვის).

 შემდეგ ავტორი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდნენ სერაპიონი და სხვები სამცხის მხარეში. ეს ყოველივე დაკავშირებული იყო მიქაელის ღამის ლოცვისას „გაუცნაურებასთან,“ რადგან, როგორც ავტორი გვიყვება, მიქაელმა იხილა სამღვდელო ღირსებით შემოსილი ადამიანი. ამ კაცმა აუწყა მას, რომ სერაპიონი და იოანე სამცხეში უნდა გაეგზავნა და დაევალებინა მათთვის, რომ ეპოვათ შესაბამისი ადგილი და აეშენებინათ მონასტერი. როგორც მიქაელს სერაპიონის გაშვება, ასევე სერაპიონსაც ძალიან გაუჭირდა მიქაელის და სხვა მამების დატოვება. მაგრამ მიქაელმა გაამხნევა და თან გააყოლა ძმა მისი, იოანე და კიდევ ოთხი სხვა მამა. მიქაელმა ისინი შემდეგი სიტყვებით გაამხნევა ,,უწყოდეთ, შვილნო, რამეთუ სულთა მრავალთა მიზეზ ექმნეთ ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა ვითარცა იტყჳს მოციქული: ,,ჴმასა მას თანა საყჳრისასა მრავალთა თანა შენ ძლით ცხოვნებულთა წარმოუდგე მეუფესა.” ამ სიტყვებმა სერაპიონი დაარწმუნა, რომ დამორჩილებოდა მიქაელს.

როგორც ავტორი ამბობს, სერაპიონმა და ძმებმა, სამცხეში წასვლისას, თან წაიღეს უფლის ფერისცვალების ხატი. სამცხეში მისულებს, მათ ძალიან მოეწონათ ერთი ხევის ნაწილი და იმის მიუხედავად, რომ წმინდა სერაპიონი ეუბნებოდა მათ, რომ ეს არ იყო ის ადგილი, რომელზედაც მათ, ხილვის თანახმად, ტაძარი უნდა აეგოთ, მათ მაინც დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. თუმცა, მალევე გამოჩნდა ადგილობრივი „ბოროტი“ მოსახლეობა, რომლებიც არ აძლევდნენ წმინდა მამებს მშენებლობის უფლებას. მამები იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ ეს ადგილი და სწორედ ამ გარემოების წყალობით იპოვეს მდინარის პირთან ახლოს ის ადგილი, სადაც, გამოცხადების მიხედვით, ტაძარი უნდა აშენებულიყო. იქ იყო წყარო და ბორცვი, მათ შუა კი პირველ რიგში უნდა აშენებულიყო პატარა ტალავარი.

ამ მონაკვეთის შემდეგ ავტორი ახსენებს დიდი მთავრის, გიორგის (ჩორჩანელის) სახელს და მას შემდეგი სიტყვებით ამკობს ,,და არა თუ ქუეყანიერთა და ქუემეთრევთაგან მდიდროოდა, არამედ ღმრთის-მსახურებით ცხორებულთაცა ყოველთა ერეოდა”

 ბასილ ზარზმელის თქმით, გიორგის ძალიან უყვარდა ნადირობა და სწორედ ნადირობისას შეხვდა იგი წმინდა მამებს. თავიდან გიორგიმ ცეცხლი შეამჩნია, რომელიც მამებს დაენთოთ და გააგზავნა ერთი მონა, რომელიც გაესაუბრა მამებს, შეიტყო მათი ამბავი და ყველაფერი უამბო გიორგის. შემდეგ გიორგიმ ორი ახლობელი გააგზავნა წმინდა მამებთან, რომ უკეთესად გაეგო მათი მოსვლის მიზეზი. მამა სერაპიონმა ყველაფერი უამბო ამ ორ კაცს და მათაც ირწმუნეს მისი; როგორც ავტორი გვეუბნება, გიორგიმაც ირწმუნა საკუთარი გაგზავნილი კაცების ნაამბობი და გაუჩნდა სურვილი ამ მამების ნახვის.

  სამი დღის შემდეგ გიორგი ჩორჩანელმა ინახულა წმინდა მამები და პატივი მიაგო მათ. სერაპიონმაც სიყვარულით მიიღო გიორგი; მთავარმა მამებს უთხრა, რომ დაეხმარებოდა მონასტრის მშენებლობაში, მაგრამ იმაზე მიუთითა, რომ ის მიწა, რომელიც არჩეული ჰქონდათ მამებს ყოვლად შეუსაბამო იყო ამ მიზნისათვის. მამები კი უარზე იყვნენ, რადგან არ სურდათ შეეცვალათ ის ზეციური ბრძანება, რომელიც გამოცხადებით მიიღეს. ამის საპასუხოდ გიორგიმ უთხრა მათ, რომ ადამიანი ნებით არ უნდა მიეცეს გასაჭირს, მამებმა კი ისევ მოახსენეს, რომ ადგილს ვერ შეიცვლიდნენ; მთავარი დამწუხრებული წავიდა.

შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ მამების საქმიანობას გულმოდგინებით დახმარებოდა. ერთ კლდესთან დაიბარა წმინდა მამები და სთხოვა, დაეთვალიერებინათ ახლო-მახლო არე-მარე, ვინაიდან იქ ძალიან კარგი მიწები იყო. გიორგიმ მამებს ერთი კაცი გააყოლა და აღუთქვა, რომ ერთი დღის განმავლობაში რომელ მიწებსაც მოიწონებდნენ, მათ მფლობელობაში გადავიდოდა. ავტორი აქვე გვამცნობს, რომ გიორგიმ ამ კაცს დაავალა, ვინმე ხელისშემშლელი თუ გამოჩნდებოდა, ეთქვათ, რომ ამ მამებს უფლება აქვთ ააშენონ მონასტერი ამ მიწებზე. მამებმა მადლობა გადაუხადეს და ის ღამე იმ კლდეზე გაათიეს, სადაც მამა სერაპიონს ჰქონდა გამოცხადება, მან იხილა ანგელოზი, რომელმაც სერაპიონს გულმოდგინე შრომა უბრძანა და ამ ადგილას შემდგომ, როგორც ბასილი ამბობს, პატარა ეგვტერიც აშენდა.

 როგორც ავტორი ამბობს, სამი მამა გიორგი ჩორჩანელისგან გაგზავნილ ჭაბუკთან ერთად წავიდა მიწების სანახავად. აქ ისინი გადაეყარნენ ხალხს, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი მამების მიმართ. სწორედ აქ იწინასწარმეტყველა წმინდა მამამ მათი ადგილის დაქცევა. შემდეგ ავტორი გვიყვება, თუ როგორ აჰყვნენ მამები ჭაბუკთან ერთად მდინარის პირს და გაიცნეს კაცი, რომლის სახელი იყო ია. იგი კეთილგანწყობილი აღმოჩნდა წმინდა მამების მიმართ და გახდა მათი თანამგზავრი. გზაში მათ იხილეს ნადირთა შესაკრებელი ადგილი ,,ბაკთა,” მღვრიე ტბის ადგილი -,,სათაჴუე” და მაღალი მთა ,,შეშისთავი.” ამ ადგილთა მიმოხილვისას კვლავ გამოჩნდნენ უკეთურები, რომლებიც ცდილობდნენ მამებისათვის ხელი შეეშალათ.

  იამ მათ ერთ კაცზე, გარბანელზე უამბო. სწორედ ეს გარბანელი დაეხმარა მამებს დაბრუნებულიყვნენ იმ ადგილას, საიდანაც სვლა დაიწყეს. დაბრუნების შემდგომ მამებმა ჭაბუკისა და გარბანელისაგან შეიტყვეს, რომ სასწაული მოხდა და იმ კაცების სამოსახლო, რომლებიც დევნიდნენ წმინდა მამებს, წყალს სრულად წაელეკა. ეს ამბავი შეიტყო როგორც გიორგი ჩორჩანელმა, ასევე სხვა მთავრებმაც. ამ ამბის შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც ადრე მამებს აძაგებდნენ, თაყვანს სცემდნენ მათ. ავტორი აქვე გვამცნობს, რომ ხალხმა, რომელიც ძალიან დაშინდა, ამ ადგილს ზარზმა უწოდა.

  გიორგი ჩორჩანელი ყოველმხრივ ეხმარებოდა მამებს. თავად გარბანელი და მისი ორი ძმა, ამ სასწაულის გაგების შემდეგ, მონაზვნებად ეკურთხნენ. სამი წელი აშენებდნენ მამები ეკლესიას სწორედ იმ მიწაზე,ღელესთან ახლოს,რომელიც იოანემ აარჩია მონასტრის ასაგებად.ასე აშენდა ზარზმის მონასტერი და მშენებლობის მერე იქ ფერისცვალების ხატი დააბრძანეს ,,აღმართეს მას შინა ცხოველს-მყოფელი ხატი ფერისცვალებისაჲ.” ძმებმა ააშენეს სენაკები და დაიწყეს ცხოვრება უფლის დიდებითა და უფლისადმი ლოცვით. ავტორი აქ უფლის სიტყვებს იშველიებს ,,სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი, შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე მათ შორის.”

  შემდეგ ბასილი ზარზმელი გადადის იმ უტყუარი ინფორმაციის გადმოცემაზე, რომელიც მან ეპისკოპოს გიორგი მაწყვერელისაგან მიიღო. გიორგი მიქაელთან იმყოფებოდა იმ პერიოდში, როცა მიქაელმა საკუთარი მიცვალების მოახლოება იგრძნო. მან დაიბარა სერაპიონი და მისი ძმა იოანე. ძმები და სხვა მამები შეხვდნენ მიქაელს და უამბეს მათ ყოველივე მშენებლობის, სასწაულების და გიორგი ჩორჩანელის შესახებ. აქ გადასცა მიქაელმა სერაპიონს ბალის ტოტი, რომლის დახმარებითაც უნდა გაეგოთ, თუ სად იქნებოდა მონასტრის მშენებლობა შესაძლებელი. რა ადგილასაც ტოტი იყვავილებდა, იქ უნდა აშენებულიყო ახალი ტაძარი. ასეც მოხდა, ეს იყო კიდევ ერთი სასწაული, რომელიც დაკავშირებული იყო მიქაელისა და სერაპიონის სახელთან.

  მიქაელი კი ძმებს საბოლოოდ გამოემშვიდობა. იწინასწარმეტყველა, რომ რაღაც მშფოთვარება ატყდებოდა ზარზმაში და აგრეთვე საკუთარი სიკვდილიც. მან უბრძანა იოანეს, სერაპიონის ძმას, ცალკე წასვლა და მონასტრის აშენება და აღუწერა ტერიტორია, სადაც უნდა დაწყებულიყო მშენებლობა.

  შემდეგ ავტორი გვიყვება ოპიზაში მამების ჩასვლისა და იქ მომხდარი სასწაულის შესახებაც, როდესაც კაცს, რომელმაც ამპარტავანი უწოდა სერაპიონს, ღმერთმა საზღაური მიაგო და მუნჯი გახადა, მაგრამ როცა სერაპიონმა მამების თხოვნით ღმერთს შეევედრა ამ ამპარტავანი კაცისთვის მიეტევებინა ცდომილება, კაცი უმალვე გამოჯანმრთელდა. ამ სასწაულმა კიდევ უფრო განამტკიცა სერაპიონის სიდიადე.

შემდეგ იოანე და სხვა მამები წავიდნენ ყველის ციხეში, სადაც შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც უმტკიცებდნენ, რომ მათთვის ნაბრძანები იყო ამ მხარეს მონასტრის აგება. ის ადგილი, რომელიც მათ დაასახელეს, ძალიან ჰგავდა იმ ადგილს, როლზედაც მიქაელი საუბრობდა. სერაპიონმა იოანეს დაავალა ტაძრის მშენებლობა; შედეგად, როგორც ავტორი ამბობს, ასე აშენდა მონასტერი,რომელიც იოანეს მოსახელე იყო და უწოდეს ,,იოანეწმინდა.” სერაპიონი კი ისევ ზარზმაში დაბრუნდა.

 შემდეგ ბასილი ზარზმელი ჰყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გაიგო სერაპიონმა გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების ამბავი. წმინდა მამა ძლიერი დამწუხრდა, ,,დიდად იგლოვა, ცრემლოოდა ვითარცა მჴსნელი ლაზარეს ზედა.” ამ სიტყვებით ავტორი ხაზს უსვამს სერაპიონის დამოკიდებულებას გიორგისადმი. სერაპიონი და მამები მივიდნენ გიორგის საფლავზე და აკურთხეს იგი.

  როგორც ბასილ ზარზმელი გვამცნობს, გიორგიმ ანდერძით მიწები და მრავალი სახეობის ნახირი დაუტოვა წმინდა მამებს. შემდეგ გვიყვება იმ უბედურების შესახებ, რომელიც მამა მიქაელმა იწინასწარმეტყველა:გიორგის არ დარჩა შვილები, მხოლოდ და ჰყავდა და დის შვილები. სწორედ ერთ-ერთმა დისშვილმა ქონების გამო მოკლა საკუთარი დის ქმარი, რის შედეგადაც დაიწყო რთული პერიოდი ოჯახში.

შემდეგ ავტორი გვიყვება სამცხეში მმართველობის შეცვლის შესახებ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის ნაწილიც მან გაიგო ამბების თვითმხილველისგან, გიორგი მაწყვერელისგან. ჩორჩანელთა ოჯახში მომხდარი უსიამოვნებიდან სამი წლის შემდგომ სამცხეში მისულა გიორგი შუარტყლელი, რომელმაც ხელში აიღო მმართველობა.

ავტორი ამბობს, რომ სწორედ შუარტყლელის დახმარებით მოგვარდა ჩორჩანელის ოჯახში არეულობა, რადგან მან დაიკავა მათი მამული და შემდგომ ამისა წმინდა მამები უფლისადმი ქადაგებით ცხოვრობდნენ და მიჰყვებოდნენ მონასტერში დაწესებულ შესაბამის წესებს.

 თხზულების დასასრულისკენ ბასილი საუბრობს სერაპიონის გარდაცვალების შესახებ და გვამცნობს, რომ როდესაც სერაპიონმა იგრძნო სოფლიდან წასვლის მოახლოება, მან ძმებს შემდეგი სიტყვებით მიმართა ,,სრბაჲ აღსრულებულ არს და სარწმუნოებაჲ დამიმარხავს.” მან ბიბლიური სიტყვებით დაარიგა სხვა მამები, რომ ეცხოვრათ უფლის სიყვარულით და მოქცეოდნენ ისე სხვას, როგორც სურდათ, რომ სხვა მოქცეოდა მათ. სერაპიონმა საკუთარი პოზიცია ქრისტეს სამწყემსოდ მოიხსენია და გიორგის მაწყვერელს გადასცა; ამის შემდგომ მეხუთე დღეს ეზიარა და მეცხრე დღეს გარდაიცვალა. სერაპიონთან გამოსამშვიდობებლად. როგორც ავტორი ამბობს, სერაპიონის სხეულთან შეხება ავადმყოფებსაც არჩენდა. ამის დასტურად ავტორი ჰყვება ,,ყოლად განჴმელი” შეხედულების მქონე კაცის ისტორიას, რომელიც იტანჯებოდა ტკივილით და როგორც კი გარდაცვლილი სერაპიონის სხეულს შეეხო, განიკურნა. დაკრძალვის მერეც ხდებოდა განკურნება მის საფლავზე.

  ბასილი ზარზმელი ამ სასწაულებს გადმოგვცემს, რათა უკეთ დაგვანახოს სერაპიონის სასწაულმოქმედება. იგი გვიყვება კიდევ ერთი სასწაულის შესახებ, თუ როგორ გახდა ერის კაცი მონაზონი ღრმა რწმენით, და როგორ შესწირა ამ კაცმა ქონება ტაძარს. ამ კაცს, რა თქმა უნდა, მდევრები აედევნნენ და სხვა გზა რომ აღარ დარჩა, ეს ძვირფასი შესაწირი პირდაპირ ეკლესიის სარკმლის ქვეშ შეაგდო, ისე, რომ ვერავის ენახა, და ვერც ვერავინ ნახა. ღვთის შეწევნით მამა სერაპიონი გამოეცხადა გიორგი მაწყვერელს რომელსაც ამცნო, რომ ის შესაწირავი ჯვრის ქვეშ იყო დამარხული. გიორგიმ ახალ წინამძღვარს, ვინმე მიქაელს ამცნო სიმდიდრის შესახებ და უთხრა, რომ მამა სერაპიონის ბრძანებით აუცილებლად უნდა აგებულიყო მონასტერი,. მიქაელმა შეასრულა დანაბარები და იპოვა დამალული სიმდიდრე. მიქაელის პერიოდში, მისი შეწევნით, აშენდა მონასტერი,სწორედ იმ ბორცვზე,რომელიც სერაპიონმა აარჩია სიცოცხლეშივე.როცა მიქაელი მიიცვალა, მისი ადგილი დაიკავა პავლე ხუცესმა. პავლეც ძალიან კარგი წინამძღვარი აღმოჩნდა.

  აქვე აუცილებელია ვახსენოთ ისიც, რომ თხზულების ბოლოს ავტორი საკუთარ ვინაობასაც ასახელებს: ,,მე ბასილი, ძმისწული წმიდისა სერაპიონისა.” ბასილი მივიდა ზარზმაში მის საფლავთან, გახსნა საფლავი და თავად შეესწრო სნეულების სასწაულებრივად განკურნებას; ისინი მამა სერაპიონის წმინდა ძვლებთან შეხებით იკურნებოდნენ. მონასტერში მყოფი მამები გალობდნენ, ლოცულობდნენ და ასე გადიოდა დღეები. ბასილი აქ კიდევ ერთი სასწაულის მომსწრე გახდა. მონასტერში შემოვიდა ერთი ბრმა კაცი, რომელიც იტანჯებოდა სიბრმავით და რა წამსაც პატივი მიაგო სერაპიონის კუბოს, გამოჯანმრთელდა.

  ამ სასწაულების და სამონასტრო ცხოვრების დეტალურად აღწერა მოწმობს, რომ თავად ავტორიც საეკლესიო ცხოვრებაში გარკვეული ადამიანი იყო. სწორედ ბასილ ზარზმელს ჩააბარეს მოგვიანებით ეკლესიის წინამძღვრობა. იგი კვლავ ხოტბას ასხამს სერაპიონ ზარზმელს და უწოდებს მას სნეულების მკურნალს, გლახაკთა და უიმედოთა მშველელს და მიმართავს შემდეგნაირად ,,უძლურთა მკურნალო, ჭირვეულთა შემწეო, ღელვა გუემულთა ნავთ-საყუდელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უცხოთა და მოგზაურთა ნუგეშინის-მცემელო.” იგი სთხოვს სერაპიონს, რომ შეიწიროს მისი ,,უღირსი” ბაგეებით ნათქვამი სიტყვები და ყოველი ბოროტისაგან დაცვას. იგი სერაპიონს მიმართავს ,,სამგზის სანატრელო მამაო” და სთხოვს მას შემწეობას, რათა ხალხმა უფლის გზით იაროს და მისი სიყვარულით. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო თავი ნაშრომისა წარმოადგენს ლოცვას სერაპიონისადმი.

თხზულების კომპოზიცია:

ნანა მრევლიშვილის აზრით, თხზულება სამი ნაწილისგან შედგება; წარმოდგენილია შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.

მკვლევრის თქმით, შესავალი ნაწილი, რომელიც საკმაოდ ვრცელია, საკუთარი სტრუქტურული ელემენტებით გამოირჩევა. ესენია: 1. სხვადასხვა სასულიერო მოღვაწეთა ქებით მოხსენიება; 2.  ბიბლიური ციტატების სიუხვე; 3. მეუდაბნოე მამების ქება; 4. ავტორის მიერ თხზულების დაწერის მიზეზთა ახსნა და 5. „წმინდანის შექება/ხოტბა.“ (მრევლიშვილი 2021, გვ. 289-290)

თხზულების კვლევის ისტორია: გამომდინარე იქიდან, რომ თავად ნარატივში არც ერთი ქრონოლოგიური მარკერი არ იძებნება, ტექსტის კვლევის ისტორია, ძირითადად, თხზულებაში მოხსენიებული ამბების, ანუ თავად სერაპიონის მოღვაწეობისა და ბასილის მიერ თხზულების დაწერის პერიოდთა განსაზღვრას მოიცავს. მეცნიერები ამ საკითხთა გარკვევისას საკუთარი მოსაზრებანი ტექსტში მოცემულ ორ ასპექტზე ამყარებდნენ:

  1. სერაპიონ ზარზმელიც ცხოვრებაში ნათქვამია, რომ სერაპიონი იყო მიქაელ პარეხელის1 მოწაფე. თავად მიქელი კი “იყო აღმაშენებელი, სასწაულთა და ნიშთა მოქმედი მაღალთა და დიდთაჲ, რომელი იყო მოწაფე დიდისა შიოჲსი საკჳრველთმოქმედისაჲ, რომელი, ვითარცა მთიები განთიადისაჲ, ბრწყინვიდა ქუეყანასა ქართლისასა...” შედეგად, მეცნიერთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ტექსტში მოხსენიებული შიო საკვირველმოქმედი უნდა გაიგივდეს შიო მღვიმელთან. შესაბამისად, სერაპიონ ზარზმელი, რომელიც შიო მღვიმელის მოწაფის, მიქაელ პარეხელის მოწაფე იყო, VII საუკუნის მოღვაწე უნდა ყოფილიყო. (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > მიქ(ა)ელ პარეხელის ცხოვრება).
  2. თხზულებაში მოიხსენიება აგრეთვე ზარზმის ფერისცვალების ხატი. თავად ხატი, რომელიც წარმოადგენს ჭედური იკონოგრაფიის ნიმუშს, ორიგინალური სახით ჩვენამდე არ მოღწეულა. შემონახულია მისი XI საუკუნეში შესრულებული ასლი (ჭელიძე 1991, გვ. 207), რომელზე არსებული ერთ-ერთი წარწერის თანახმადაც ხატის ჭედური პერანგი შექმნილა 886 წელს, როდესაც მონასტრის მამასახლისი იყო პავლე; მკვლევართა აზრით, იგი უნდა ყოფილიყო მონასტრის მეოთხე თუ მეხუთე მამასახლისი (პავლე, როგორც ზარზმის მონასტრის მეოთხე მამასახლისი, იხსენიება თავად ცხოვრების ტექსტშიც). შესაბამისად, ამ ხატის „შემზადებას და ზარზმის მოსვენებას“ ადგილი უნდა ჰქონოდა არაუგვიანეს VII საუკუნის დასასრულისა. (მოსე ჯანაშვილი, „სერაპიონ კვიპრიანისძე ზარზმელი,“ წიგნში: ჯანაშვილი 1909, გვ. XXXXIV-LXIV, აქ გვ. LV)

ზარზმის ფერიცვლების ხატი

წარწერები

 

I წარწერა


1. [ქ.] ს(ა)ხ(ელით)ა ღ(მრთისაჲ)თა შ(ეი)მ(ო)სა ხატი ესე მწ(ე)დ ამ(ი)სა გ(იორგი)სა, ო(ჳ)ფ(ალ)თა: ფ(არ)ს(მა)ნ ერ(ი)ს(თა)ვ, ივ(ან)ესა-[პა]ტ(რი)კი[სა],

2. მ(ი)რ(ია)ნ(ი)სა, ფ(ე)რ(ი)სა, ს(უ)ლ(აჲ)სა, ერ(ი)სა მ(ა)თ(ი)სა, ქ. მ(ა)მას(ა)ხლ(ისო)ბ(ა)სა პ(ავ)ლჱსა, ქრ(ონი)კ(ონი) [იყო რვ]. (ვაჩნაძე 1975, გვ. 10).

1880-1890 წწ. ფოტო (ერმაკოვი)

II წარწერა

ფოტო გადაღებულია სოფელ შემოქმედში, სადაც გადაასვებეს ხატი ზარზმიდამ სამცხის მუსულმანთა მიერ დაპყრობის შემდეგ. Чубинашвили 1959a, გვ. 27)

(დეტალი  1919 წლის თ. კუინეს ფოტოდან. Чубинашвили 1959b, სურ. 2)


1. [ქ.] ს(ა)ხ(ელი)თა ღ(მრთისაჲ)თა მე, ზ(ჳა)დი ე(რის)თ(ა)ვ[ი, ძ]ჱ ს(უ)ლკ(ურთ)ხ(ეუ)ლ(ი)სა ე(რის)თ(ავი)სა [ა]რ(ა)ბ(აჲ)სი ღ(ი)რს ვ(ი)ქმ(ე)ნ შ(ე)მ(კობა)დ პ(ა)ტ(იოსნი)სა ა(მი)ს [ხატი

2. ს]ა. შ(ეი)ვ(ედ)რე ს(უ)ლი და ჴ(ორ)ცნი [ჩ]ემნი, ხ[ატო ფე]რ(ი)სც(ვა)ლების(ა)ო, შ(ეეწი)ე ს(უ)ლსა ჩ(ე)მს(ა) დღ(ე0სა [მას განკითხვისასა.] (ვაჩნაძე 1975, გვ. 10).

სერაპიონ ზარზმელიც ცხოვრების ტექსტი აღმოაჩინა მოსე ჯანაშვილმა. მისი აზრით, მიქაელ პარეხელი შიო მღვიმელის მოწაფეს უნდა წარმოადგენდეს და, შესაბამისად, თხზულებაში ასახული უნდა იყოს VI-VII საუკუნეების მოვლენები. მკვლევრის მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებასა და გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში მოიხსენიება მიქ(ა)ელ პარახელი, საქმე ორ სხვადასხვა მოღვაწესთან უნდა გვქონდეს და არა ერთსა და იმავე პირის მოხსენიებასთან. რაც შეეხება თხზულების დაწერის დროს, ჯანაშვილის აზრით იგი „აუწერის მის ძმისწულს ბასილის, რომელიც ერთხანს ზარზმის წინამძღვარიც ყოფილა. სხვა მამასახლისების ამბავი კი, სჩანს, განუგრძვიათ სხვებს.“  (ჯანაშვილი 1909, გვ. LI). ამდენად, მკვლევარი ფიქრობს, რომ ბასილს, რომელიც მას სერაპიონის შემდგომ ზარმზის მონასტრის წინამძღვრად მიაჩნია, სავარაუდოდ, უნდა ეცხოვრა VII საუკუნეში.

განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა ივანე ჯავახიშვილმა. მან უარყო ჯანაშვილის მოსაზრება გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის თხზულებებში ორი სხვადასხვა მიქ(ა)ელ პარახელის მოხსენიების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ორივე თხზულებაში აგრეთვე მოხსენიებული გიორგი მაწყვერელიც მაშინ ორი სხვადასხვა პიროვნება უნდა ყოფილიყო, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ამდენად, მკვლევრის დასკვნით, სერაპიონ ზარზმელი უნდა იყოს გრიგოლ ხანცთელის უმცროსი თანამედროვე. რაც შეეხება თხზულების ავტორს,  მკვლევრის აზრით არ ჩანს, რომ ბასილი „სერაპიონის სიცოცხლის დროს ზარზმაში ყოფილიყოს და თავის ბიძის მოღვაწეობისა და მოქმედების თვითმხილველი იყოს.“ თხზულების დაწერის პერიოდად ჯავახიშვილი X საუკუნის პირველი ნახევრის დამლევს ვარაუდობდა. (ჯავახიშვილი 1977, გვ. 132-141).

კორნელი კეკელიძის აზრით, თხზულებაში მოცემული ინფორმაცია, რომ მიქაელ პარეხელი შიო მღვიმელის მოწაფე იყო, „ეკუთვნის არა ბასილი ზარზმელს, არამედ მისი შრომის მეტაფრასტს, რომელიც ცხოვრობდა, თხზულების მიხედვით, არაუადრეს მეთერთმეტე საუკუნის ნახევრისა.“ (კეკელიძე 1980, გვ. 147).

მომდევნო პერიოდში მეცნიერთა უმეტესობა ემხრობოდა ან ჯანაშვილის, ანდა ჯავახიშვილის მოსაზრებას. ასე, სერაპიონის ცხოვრება VII საუკუნეებში დაწერილად მიაჩნდათ პავლე ინგოროყვას (VII საუკუნის პირველი ნახევარი; ინგოროყვა 1954, გვ. 324-325; მკვლევარმა თხზულება თავდაპირველად IX საუკუნით დაათარიღა; ინგოროყვა 1939, გვ. 125), სარგის კაკაბაძეს (კაკაბაძე 1924, გვ. 54), ანრი ბოგვერაძეს (მკვლევრის აზრით, თხზულება უნდა ასახავდეს „მე-6 საუკუნის უკანასკნელი მეოთხედისა და მე-7 ს. დამდეგის სამცხის საზოგადოებრივი ცხოვრების ვითარებას,“ ბასილი კი მონასტერში უნდა მოსულიყო ბიძის საფლავისა და სახელის საპატრონოდ. ბოგვერაძე 1964, გვ. 68-69), მარიამ ჩხარტიშვილს (ჩხარტიშვილი 1994). IX საუკუნის დასასრულითა და X საუკუნის დასაწყისით ათარიღებს თხზულებას ფრანგი ქართველოლოგი ბერნადეტ მარტენ-იზარი (Martin-Hisard 2011, გვ. 296). X საუკუნით ათარიღებდნენ ნაწარმოებს ექვთიმე თაყაიშვილი (X საუკუნის დასაწყისი; თაყაიშვილი 1919, გვ. 110), კორნელი კეკელიძე (X საუკუნის მეორე ათეულის მიწურული; კეკელიძე 1980, გვ. 150), ენრიკო გაბიძაშვილი (X საუკუნის პირველი მეოთხედი; გაბიძაშვილი 2010, გვ. 180), ნათელა ვაჩნაძე (ვაჩნაძე 1975), ედიშერ ჭელიძე (ჭელიძე 1991).

ბელგიელი მეცნიერი პოლ პეტერსი მიიჩნევს, რომ ზარზმის მონასტერი აიგო X საუკუნეში, დავით კურაპალატის დროს. მკვლევრის დასკვნით ჩვენამდე მოღწეული თხზულება XIII-XIV საუკუნეებში ზარზმაში მმართველობის შეცვლის მოგვიანო პერიოდში, კერძოდ კი სამცხის საქართველოდან გამოყოფის შემდგომ უნდა დაწერილიყო, ვინაიდან, მისი თქმით, თხზულებაში მოიხსენიება ონომასტიკური ინფორმაცია, რომელიც არც ისტორიაში და არც წარწერებში XII-XIII საუკუნემდე არ გვხვდება.2 ამასთან, თხზულების შექმნისას მის ავტორს უნდა  გამოეყენებინა უფრო ძველი დოკუმენტები. იგი ახსენებს გიორგი აწყურელის რედაქციას, მიქაელ პარეხელიც ცხოვრებასა და თავად სერაპიონის ცხოვრებას, დაწერილს მისი ძმიშვილის, ბასილის მიერ, რომელიც, მკვლევრის აზრით, ზარზმის კათედრაზე მისი მესამე მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. პეტერსის ვარაუდით, არ არსებობს არავითარი ეჭვი მის მიერ მოხსენიებულ წყაროთა რეალობასთან დაკავშირებით,  (Paul Peeters, “Vie de S. Sérapion de Zarzma.” ნაშრომში: Peeters 1917-1919, გვ. 159-206, აქ 166-167).

დონალდ რეიფილდის თქმით კი, სერაპიონის ცხოვრება უნდა დაწერილიყო მისი გარდაცვალებიდან დაახლ. 25 წლის შემდგომ. აჯამებს რა ქართველ მეცნიერთა დასკვნებს, მკვლევარი აღნიშნავს, რომ სერაპიონს, სავარაუდოდ, ტაძარი უნდა აეშენებინა ან განეახლებინა დაახლ. 865 წელს, ხოლო უნდა გარდაცვლილიყო იგი დაახლ. 900 წელს. რეიფილდი იმასაც დასძენს, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენამდე მოაღწია საკმაოდ შერყვნილმა მეტაფრასულმა ტექსტმა გვიანდელი XVI საუკუნის ხელნაწერის შემადგენლობაში, მან, დამატებებისდა მიუხედავად, უცვლელად შემოგვინახა ორიგინალური ტექსტი (Rayfield 2000, გვ 51-52)

მარიკა ლორთქიფანიძე არ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების შექმნის თარიღთან დაკავშირებით. მკვლევარი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „თუ მივიღებთ ამ ძეგლის ადრინდელ დათარიღებას, მაშინ უნდა გავიზიაროთ მოსაზრება საქართველოში „წამებათა“ ჟანრის თხზულებათა პარალელურად უკვე VII საუკუნიდან „ცხოვრებათა“ ჟანრის თხზულებების არსებობის შესახებ.“ (ლორთქიფანიძე 1965, გვ. 72).

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ხელოვნებათმცოდნეთა უმეტესობა არ მიიჩნევს, რომ ზარზმის ტაძარი IX საუკუნეშია აგებული. გიორგი ჩუბინაშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სერაპიონის ცხოვრების ტექსტში ოპიზის ტაძარი მოიხსენიება, როგორც სამი ბერის - ამონის, ანდრიას, პეტრესა და მაკარის მიერ ახლად აშენებული ტაძარი;3 სწორედ ოპიზიდან მოდის მიქაელ პარეხელიც: „აღეშენა რა წმიდაჲ და დიდი უდაბნოჲ ოპიზაჲ მონაზონთა მიერ, რომელთა ეწოდებოდა ამონა, ანდრია, პეტრე და მაკარი, მოვიდა მუნით და აღაშენა უწყებითა საღმრთოჲთა მცირე ეგუტერი და შესაკრებელი მცირეთა ძმათა[ჲ] ადგილსა კლდოანსა და უვალსა კაცთაგან, რომელსა პარეხ უწოდიან.“ ამ ტაძრის კაპიტალურად აგება მოხდა სერაპიონის ცხოვრების ბოლოს, აწყურელი ეპისკოპოსის გიორგის დროს. ამ „წმიდისა ნათლის-მცემლისა მცირე ეკლესიის“ პოვნის შესახებ გრიგოლ ხანძთელის კლარჯეთში მისვლამდე ცოტა ხნით ადრე საუბრობს აგრეთვე გიორგი მერჩულეც. ტექსტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ოპიზა განახლდა აშოტ კურაპალატისა და მისი ძის, გუარამის დროს, და რომ თავად ეკლესია გამოირჩეოდა, როგორც უძველესი ტაძარი „ქართულ სინაზე.“ მკვლევარს შიო მღვიმელის მოწაფედ მიაჩნია მიქაელ პარეხელიც, რომელიც, ბასილი ზარზმელის თანახმად, სწორედ ახლად აშენებული ოპიზიდან მოვიდა „ადგილსა კლდოანსა და უვალსა კაცთაგან, რომელსა პარეხ უწოდიან.“ (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > მიქ(ა)ელ პარეხელის ცხოვრება).

ჩუბინაშვილის აზრით, ტექსტი ზოგადად გვიხატავს ადრეული ფეოდალიზმის ხანას საქართველოში. როგორც ჩანს, სწორედ VI-VII საუკუნეებისათვის ბუნებრივი იქნებოდა სერაპიონისა და მისი ძმის მიერ სულჩადგმული კოლონიალური ტალღა კლარჯეთიდან მესხეთში, რომლის წარმოდგენაც IX საუკუნის მეორე ნახევარში შეუძლებელია. ის ფაქტიც, რომ ტექსტში არსად იხსენიება სამეფო ხელისუფლება, ბუნებრივია VI-VII, ანდა VIII საუკუნისათვის, მაგრამ არა IX და X საუკუნეებისათვის. ბასილი ზარზმელის მიერ დახატული სოციალური სიტუაციის სურათიც, რომლის თანახმადაც, გიორგი ჩორჩნელის სახით არსებობს „მთავარი დიდი და წარჩინებული ქუეყანასა ამას,“ რომლის სამფლობელოც არის „საზღვართ-ვრცელ და მრავალ.“ ამ მთავრებს ვასალები ჰყავთ, რაც სწორედ ადრეული ფეოდალიზმისთვისაა დამახასიათებელი. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სერაპიონისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ისევე, როგორც გიორგი ჩორჩანელის მიერ „თავისუფალი გლეხის“ პატივით მიღება, ჩუბინაშვილის აზრით, თხზულების ადრეულ ფეოდალურ ხანაში შექმნაზე უნდა მიგვითითებდეს.

შედეგად, მკვლევრის დასკვნით, ფერიცვალების ხატზე მოხსენიებული პავლე არ უნდა იყოს გაიგივებული ხატის ჭედურ პერანგზე არსებულ წარწერაში მოხსენიებულ ზარზმის მამასახლის პავლესთან. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სერაპიონის ტექსტში ნათქვამია, რომ ზარზმის მეოთხე მამასახლისმა პავლემ „სრულ ყო ეკლესიაჲ და შეამკო იგი ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერის ცვალებისაჲ;“ ანუ, ტექსტში არაფერია ნათქვამი ხატისთვის მოჭედილი პერანგის გაკეთებაზე, როგორც ამას ჯანაშვილი ასკვნის. აქ საუბარია მხოლოდ ხატის ზარზმის მონასტერში დასვენების შესახებ. ამდენად, მკვლევარი ეთანხმება იმ მეცნიერთა მოსაზრებას, რომლებიც სერაპიონ ზარზმელის მოღვაწეობას ათარიღებენ არა IX საუკუნით, არამედ უფრო ადრეული პერიოდით. (Чубинашвили 1959a, გვ. 29-31).

მსგავსივე მოსაზრება გამოთქვა დიმიტრი თუმანიშვილმაც, რომლის აზრითაც „ვერარა არგუმენტი ვერ გადაწონის ბასილი ზარზმელისაგან დახატული სამხრეთ საქართველოს უბაგრატიონობასა და, ასე ვთქვათ, „უ-გრიგოლ ხანცთელობას,“ IX საუკუნისათვის ძნელად დასაჯერებელს.“ (თუმანიშვილი 2001, გვ. 41).

რევაზ კვირკველია აღნიშნავს, რომ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ზარზმაში სამი ტაძრის მშენებლობა მოიხსენიება. პირველი აშენდა სერაპიონის დროს, მეორე (რომელსაც ვახტანგ ბერიძე პირველთან შედარებით უფრო დიდ ეკლესიად მოიხსენიებს; ბერიძე 1960, გვ. 1) - მიქაელისა და პავლეს (მესამე და მეოთხე მამასახლისების) დროს, მესამე კი, დღეს მოქმედი ტაძარი - XIV საუკუნეში. 2019 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა IX-XIV საუკუნის მასალა. მიუხედავად იმისა, რომ, მკვლევრის დასკვნით, სადღეისოდ გათხრების დროს მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ზარზმის ტაძრის მშენებლობას IX საუკუნეში უნდა ჰქონოდა ადგილი, იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ვიდრე დადგინდება პირველ და მეორე ეკლესიათა ადგილმდებარეობა, გადაჭრით რაიმე დასკვნის გამოტანა შეუძლებელი იქნება. (Kvirkvaia 2021).

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ როგორც ენრიკო გაბიძაშვილი აღნიშნავს, „“სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება” შეიძლება არ გამოირჩეოდეს თავისი მხატვრული აქსესუარებით, თუმცა თხზულებაში არც თუ იშვიათია მოქნილი ფრაზეოლოგიის ნიმუშები, ბუნების მშვენიერებისა და სამცხის იმდროინდელი ყოფის ცოცხალი, რეალისტური სურათების დახატვა. თხზულება ფასდაუდებელ ლიტერატურულ, სოციალურ, პოლიტიკურ და საყოფაცხოვრებო, სამონასტრო-საეკლესიო ცხოვრების ისეთ ცნობებს შეიცავს, რაც სხვა წყაროებით არ არის ცნობილი.“ (გაბიძაშვილი 2010, გვ. 180). მარიკა ლორთქიფანიძის აზრითაც, ნაწარმოები „უმნიშვნელოვანესი წყაროა ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიისათვის, ხოლო მასში დაცული ცნობებით და თავისი შინაარსით - ფეოდალიზმის ეპოქის უმნიშვნელოვანესი ძეგლია“ და თხზულებაში „სერაპიონისა და მისი თანამოღვაწეების მიერ სამცხის პროვინციაში სამონასტრო ადგილების ძიების ფონზე მოცემულია საქართველოს ამ ერთ-ერთი კუთხის ეკონომიური და სოციალური ცხოვრების საკმაოდ ცოცხალი სურათი.“ (ლორთქიფანიძე 1965, გვ. 72-73).

კორნელი კეკელიძე ფიქრობდა, რომ „ეს შრომა სამცხე-საათაბაგოს უძველესი ისტორიის შესასწავლად ფასდაუდებელია. აქ მშვენივრად არის აღწერილი ზარზმის მიდამოების ბუნება და მოსახლეობა, ზარზმის აგების ამბავი, გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო და სანადირო დაწესებულებანი, გიორგის სათნოიანი ხასიათი. უფრო მნიშვნელოვანია ეს ძეგლი, რასაკვირველია, ამ მხარეში სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების შესასწავლად.“ (კეკელიძე 1980, გვ. 151). მკვლევარი აგრეთვე აღნიშნავდა, რომ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება წარმოადგენს ძვირფას ნარატიულ წყაროს არა მხოლოდ „სამცხე-საათაბაგოს უძველესი ისტორიისა“ (იქვე, გვ. 147) და სამხრეთ საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დასაბამის შესასწავლად, არამედ, როგორც ნათელა ვაჩნაძე აღნიშნავს, აგრეთვე „ნათელს ჰფენს ჩვენი ქვეყნის წარსულის არაერთ ყურადსაღებ საკითხს. გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი შესანიშნავი მატიანეა, და ამ მხრივ ბევრად არ ჩამოუვარდება გიორგი მერჩულეს ბრწყინვალე თხზულებას.“ (ვაჩნაძე 1975, გვ. 149).

  1. აღსანიშნავია, რომ მიქელ პარეხელი მოიხსენიება აგრეთვე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიაც. იხ. ჰაგიოგრაფია > გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ↩︎

  2. “[I]l semble ressortir que la Vie de S. Sérapion e été écrite après un changement de régime qui se produisit à Zarzma au XIII-XIV siècle, et sans doute aussi après celui qui détacha le Samtzkhe de la Géorgie... L’hagiographe.. s’est évidemment servi de documents plus anciens. Il cite une relation de Georges d’Adsqour et une Vie de Michel Parekheli et une de S. Sérapion par Bassile neveu de saint, qui aurait été son troisième successeur. Rien n’autorise à révoquer en doute l’existance de tous ses documents…” Peeters 1917-1919, 166-167. ↩︎

  3. კორნელი კეკელიძე განიხილავს აგრეთვე პავლე ინგოროყვას მიერ მოტანილ ჯუანშერისეულ ცნობას, რომლის თანახმადაც ოპიზის ტაძარი აიგო ვახტანგ გორგასლის დროს. მკვლევრის თანახმად, ეს ინფორმაცია იძებნება ქართლის ცხოვრების მხოლოდ ერთ, ჭალაშვილისეულ ნუსხაში (იხ. ისტორიოგრაფია > ქართლის ცხოვრება) და, შესაბამისად, გვიანდელ დანამატად შეიძლება იყოს მიჩნეული. (კეკელიძე 1980, გვ. 147) ↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია:

ბოგვერაძე, ანრი 1964. „სერაპიონ ზარზმელიც ცხოვრების თარიღისათვის.“ მაცნე 3: 50-69 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

გაბიძაშვილი 2010 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ვაჩნაძე, ნათელა 1975. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება როგორც ისტორიული წყარო. თბილისი: თსუ გამომცემლობა - ისტორიოგრაფიული ანალიზი

თაყაიშვილი, ექვთიმე 1919. „შენიშვნები ზარზმის ეკლესიისა და მის სიძველეთა შესახებ.“ ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე 1: 105-124 - ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი

თუმანიშვილი, დიმიტრი 2001. „ბასილი ზარზმელი ტაძართმშენებლობის შესახებ.“ წიგნში: მისივე. წერილები, ნარკვევები. თბილისი: გამომცემლობა „წმინდა ნინო,“ 40-56. პირველი გამოცემა: ლიტერატურა და ხელოვნება 1-6 (1996): 56-76 - ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი

ინგოროყვა, პავლე 1954. გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან. თბილისი: საბჭოთა მწერალი - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ინგოროყვა, პავლე 1939. „ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. წერილი მეორე. მეორე პერიოდი ქართული მწერლობისა. ადრეული ფეოდალიზმის ხანა (მე-8 – 11  საუკუნეები).“ (გაგრძელება) მნათობი: 9: 97-141 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

კაკაბაძე, სარგის 1924. საისტორიო ძიებანი. ტფილისი: სახელმწიფო გამომცემლობა, ს. მ. უ. ს. პოლიგრაფიული განყოფილების მე-3 სტამბა - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

კეკელიძე 1980  - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

მრევლიშვილი, ნანა 2021. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების სტრუქტურულ-კომპოზიციური თავისებურებანი.“ კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, 286-311 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი


 მრევლიშვილი, ნანა 2014. „აგიოგრაფიული ჟანრის ზოგადი მოდელები და "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება.“ კრებულში: ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი.  ნაწილი II. VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები. მასალები. რედ. ირმა რატიანი. თბილისი: [n.l.], 203-212 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

ჩხარტიშვილი, მარიამ 1994. მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ. ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა სერაპიონ ზარზმელისაჲ. (წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა). თბილისი: მეცნიერება - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ჭელიძე, ედიშერ 1991. „როდის დაიწერა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება?“ საღვთისმეტყველო კრებული 1: 188-213 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჯანაშვილი მოსე 1909. ქართული მწერლობა. წიგნი მეორე. ტფილისი: მსწრაფლ-მბეჭდავი ამხ. „შრომა“ - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Kvirkvaia, Revaz 2021. “On the Date of Founding Zarzma Monastery (Considering New Archaeological Discoveries).” Pro Georgia 31: 115-132.

Martin-Hisard 2011 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Peeters, Paul 1917-1919. “Histories monastiques géorgiennes.” Analecta Bollandiana 36-37 : 5-318

Rayfield 2000 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Чубинашвили, Георгий Николаевич 1959a. Грузинское чеканное искусство. Исследование по истории грузинского средневекового искусства. Текст. Тбилиси: Сабчота Сакартвело.

Чубинашвили, Георгий Николаевич 1959b. Грузинское чеканное искусство. Исследование по истории грузинского средневекового искусства. Иллюстрации. Тбилиси: Сабчота Сакартвело.

თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე დამატებითი ბიბლიოგრაფია:

ტექსტოლოგიური კვლევები:

გოგუაძე, ნარგიზა 1964. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების ტექსტისა და ენის საკითხები.“ კრებულში: ფილოლოგიური ძიებანი I. რედ. ბ. კიკვიძე. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 7-22

საეკლესიო ლიტერატურის ისტორია:

ბეთხოშვილი, დალი 2022. „ლოცვის მხატვრული ფუნქცია სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში. ნაწილი მეორე.” ინტელექტი 1 (71): 65-70

ბეთხოშვილი, დალი 2020. „ლოცვის მხატვრული ფუნქცია სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში. ნაწილი პირველი.” ინტელექტი 2 (63): 62-72.

გაფრინდაშვილი, ქეთევან 2005a. „ტაძრის ძიების გზა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების მიხედვით.“ ლიტერატურული ძიებანი 26: 63-65.

გაფრინდაშვილი, ქეთევან 2005b. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების არქიტექტონიკა.“ კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა 9: 23-27.

გაფრინდაშვილი, ქეთევან 1991. „“სული უღადთა ამათ და უვალთა გზათა სლვად.“ (სერაპიონ ზარზმელიც ცხოვრების მიხედვით).“ მაცნე ელს 3: 39-48.

ქართული ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორია:

ბერიძე, ვახტანგ 1960. ზარზმა. თბილისი: საბჭოთა საქართველო

თუმანიშვილი 2001.

Kvirkvaia 2021.

ინტერდისციპლინური კვლევები:

ვაჩნაძე, ნათელა (რედ.) 2007. ზარზმა. თბილისი: [n.l.]


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი