ირმა ყარაულაშვილი
მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აღიარებული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება და ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება
ქრისტიანული ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, ისევე როგორც ქრისტიანული მრწამსის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულეს საეკლესიო კრებებმა. მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს ე.წ. შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას (მათ გარდა, სხვა საეკლესიო კრებებიც ტარდებოდა, მაგრამ მათ ლოკალური სტატუსი ენიჭებოდა და მსოფლიო კრების სახელით არ არიან ცნობილნი). „მსოფლიო კრების“ ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ გაირკვა, რაც ქრისტიანობა არა მხოლოდ რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, არამედ კონსტანტინე დიდის მიერ ტოლერანტობის ედიქტის გამოქვეყნებისა და კონსტანტინეს მიერ ქრისტიანთა ღიად მფარველობის ფონზე ეკლესიის დევნილობა შეწყდა და, ფაქტობრივად, იმპერიაში არსებული ერთ-ერთი რელიგიური სექტის სტატუსი ოფიციალური ეკლესიის სტატუსით ჩანაცვლდა. ქრისტიანულმა ეკლესიამ, კონსტანტინეს პატრონაჟის ქვეშ, საჯარო მფარველობის ქვეშ ფუნქციონირება დაიწყო, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვა იმპერიის სხვადასხვა კუთხეში არსებულ ქრისტიანთა ჯგუფების ერთ საერთო იურისდიქციისათვის დაქვემდებარებისა და თეოლოგიური მოძღვრებების მიღება-მიუღებლობის საკითხების რეგულირების აუცილებლობა.
სწორედ ამ მიზნების საყოველთაო ქრისტიანულ დონეზე გადაჭრის მიზნით IV-VIII საუკუნეთა განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე ჩატარდა შვიდი საეკლესიო კრება, რომლებმაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარებისათვის. საეკლესიო იურისდიქციისათვის აუცილებელი კანონების მიღების გარდა, კრებებზე ხდებოდა სხვადასხვა მწვალებლობის ანათემატიზაცია. აღსანიშნავის, რომ ამა თუ იმ მამათა მოძღვრების მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მწვალებლობად აღიარებას არ მოჰყოლია მათი საყოველთაო განკვეთა. ამ კრებების შედეგი, ფაქტობრივად, ეკლესიათა განცალკევება იყო (ასე, გამოიყო ნესტორიანული, მართლმადიდებლური, მონოფიზიტური და ა.შ. მოძღვრების მიმდევარი ეკლესიები).
პირველი შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება:
პირველი კრება: ცნობილია ნიკეის კრების სახელით. მოწვეული იქნა 325 წ კონსტანტინე დიდის ბრძანებით.
კრებაზე შეიქმნა შვიდი პუნქტისაგან შემდგარი სარწმუნოების სიმბოლოს, მრწამსის ფორმულის პირველი ვარიანტი და შემუშავდა 20 კანონი.
ამავე კრებაზე მოხდა არიოზის და არიანობის გმობა. არიოზი (250-336) იყო მღვდელი ალექსანდრიიდან. მისი მოძღვრების თანახმად, “ძე ღმრთისა საუკუნო არ არის. მამა ღმერთმა მისი დაბადების აუცილებლობა მაშინ იგრძნო, როცა სამყაროს შექმნა გადაწყვიტა. სამყარო მის უშუალო შეხებას ვერ გაუძლებდა და საჭირო გახდა ჯერ ძის გაჩენა, როგორც სამყაროს შესაქმნელი ინსტრუმენტისა. ანტი-არიანელთა მიხედვით, ძე დაბადებულია, მაგრამ მისი დაბადების აუცილებლობა პოტენციურად მოცემულია მამის არსებაში.“ „იყო (დრო), როცა არ იყო“ - ასეთია არიოზელთა ცნობილი ფორმულა ძე-ღმერთის შესახებ. (ალექსიძე 1980).
არიოზის მოძღვრების მიმდევარნი არიანელებად იყვნენ ცნობილნი.
მეორე კრება: ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლის I კრება, რომელიც მოიწვიეს 381 წელს, იმპერატორ თეოდოსის თაოსნობით.
ამ კრებაზე მიიღეს 7 კანონი და მოხდა მრწამსის საბოლოო ვერსიის შემუშავება (დაემატა გამოთქმები ძე-ღმერთის შესახებ), რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც ნიკეს-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს სახელით და ასე ჟღერს: „
მასზევე მოხდა მაკედონიოსის და მაკედონიანობის გმობა. მაკედონიოსი (გარდ. 362). იგი ცდილობდა არიანობის შერიგებას ნიკეის კრების სიმბოლოსთან, ამიტომ მისი მოძღვრება ნახევრად არიანულ მიმართულებად ითვლება. მაკედონი უარყოფდა სულიწმიდის ღვთაებრიობას; მას სულიწმიდა მამისა და ძისგან არსებითად განსხვავებულად მიაჩნდა.
მაკედონის მოძღვრების მიმდევრები ცნობილნი იყვნენ, როგორც მაკედონიანელები, ანდა პნევმატომახები.
პირველ ორ კრებაზე შეჩვენებული მოძღვრებები ეხებოდა ტრინიტარულ (ანუ, სამებასთან) დაკავშირებულ თეოლოგიურ საკითხებს
IV ს-ის ბოლო წლებში გაფორმდა მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ხუთ საპატრიარქოებად დაყოფა. ერთმანეთისგან განარჩიე რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოები. რომის საყდარი წმ. პეტრემ დააარსა, კონსტანტინოპოლის (ეფესოდან გადმოტანილი) - იოანე ღვთისმეტყველმა, ალექსანდრიის - მარკოზ მახარებელმა, ანტიოქიის - ლუკა მახარებელმა, იერუსალიმის კი - წმ. იაკობმა, უფლის ძმამ. ამბობდნენ აგრეთვე, რომ ოთხი მახარებლის (სახარებათა ავტორის) კათედრათა მიხედვით, არსებობდა ოთხი პატრიარქია: რომის - ლუკა მახარებლის კათედრა, კონსტანტინოპოლისას - იოანეს მახარებლისა, ალექსანდრიისას - მარკოზის მახარებლის, ხოლო ანტიოქიისას - მათე მახარობლისა. იერუსალიმის საპატრიარქოს ეს უპირატესობა თავად ქალაქის განსაკუთრებული სტატუსის წყალობით ერგო. ამასთანავე, თუ რომელიმე ,,ბარბაროსი“ ერი აღიარებდა ქრისტიანობას, მისი მღვდელმთავარი ხუთიდან იმ საპატრიარქოს უნდა დაქვემდებარებულიყო, რომლისგან ხელდასხმაც ჰქონდა მიღებული ადგილობრივი ეკლესიის პირველ საჭეთმპყრობელს.
მესამე კრება: ცნობილია, როგორც ეფესის კრება. შეიკრიბა 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის მოწვევით.
კრებამ დაამტკიცა 8 კანონი. მასზე მოხდა ნესტორისა და მისი მოძღვრების, ნესტორიანობის გმობა. ნესტორი/ნესტორიოსი (გარდ. დაახლ 451) იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი. მისი მოძღვრების თანახმად, „ღმერთმა-სიტყვამ კერძო ადამიანის ხორცი შეისხა და მასში ჩასახლდა როგორც ტაძარში. ამდენად, იესო ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ჩასასახლებლად აირჩია ღმერთმა-სიტყვამ. ნესტორიანელები მარიამს “ღვთისმშობლის” ნაცვლად “ადამიანის მშობელს” უწოდებენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, “ქრისტეს მშობელს“.”
ნესტორის მოძღვრების მიმდევარნი ნესტორიანებად არიან ცნობილნი.
მეოთხე კრება: ცნობილია,როგორც ქალკედონის კრება. შეიკრიბა 451 წელს, რომის პაპის, ლეო I-ის მოწვევით
კრებამ მიიღო 30 კანონი. მასზევე მოხდა ევტიქისა და მონოფიზიტობის (დღესდღეობით, მეცნიერები ამ მოძღვრებას მიაფიზიტობის სახელით მოიხსენიებენ) გმობა. ევტიქი (378-454) იყო კონსტანტინოპოლის არქიმანდრიტი, რომელიც ნესტორს ეწინააღმდეგებოდა და ამ წინააღმდეგობის პროცესში მიაფიზიტური დოქტრინა ჩამოაყალიბა. ამ დოქტრინის თანახმად, ქრისტე ხორცშესხმამდე იყო ორი ბუნებისა, ხოლო განხორციელების შემდეგ ერთი ბუნებისა დარჩა, რადგან ღვთაებრივმა შთანთქა კაცობრივი. მოწინააღმდეგე ბანაკის, ანუ დიოფიზიტთა თანახმად, ქრისტეში განკაცების შემდეგაც ერთმანეთთან შეურევლად არსებობდა კაცობრივი და ღვთაებრივი ბუნება.
დიოფიზიტური მოძღვრების მიმდევარნი დიოფიზიტებად, ანდა ქალკედონიტებად არიან ცნობილნი, მისი მოწინააღმდეგენი კი - მონოფიზიტებად/მიაფიზიტებად.
აღსანიშნავია, რომ VI-VII საუკუნისათვის მონოფიზიტობის თითქმის 12 განხრა არსებობდა. სწორედ ამ საეკლესიო კრებამ იქონია ყველაზე დიდი ზეგავლენა ამიერკავკასიის ქრისტიანულ ქვეყნებზე და ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება გამოიწვია
მეხუთე კრება: ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლის II კრება, მოიწვიეს 553 წელს იმპერატორ იუსტინიანე I-ის თაოსნობით
ამ კრებაზე კანონები არ გამოცემულა. მასზე წყდებოდა სამი გარდაცვლილი ეპისკოპოსის ნაშრომების საკითხი. დაიგმო თეოდორე მოფსუესტელის შრომები, თეოდორიტე კვირელის ზოგი ნაშრომი და იბას ედესელის ერთი წერილი, სირიისა და ეგვიპტის ქრისტიანთა და მართლმადიდებელთა შერიგების მიზნით. შეაჩვენეს აგრეთვე III საუკუნის ცნობილი ავტორის, ორიგენეს მოძღვრება, რომელიც ტრინიტარულ საკითხებს ეხებოდა. ორიგენეს აზრით, სამების წევრებს შორის სუბორდინაციული დამოკიდებულება არსებობდა, ხოლო ძე-ღმერთი ჭეშმარიტებას წარმოადგენდა ადამიანებთან მიმართებით, მაგრამ არა მამა-ღმერთის მიმართებით. აღსანიშნავია, რომ ორიგენემ უდიდესი ზეგავლენა იქონია მის შემდეგდროინდელ ქრისტიანული თეოლოგიაზე. ორიგენეს მიმდევრებს ორიგენისტებს უწოდებდნენ.
მეექვსე კრება: ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლის III კრება. მოიწვიეს 680 წელს კონსტანტინე IV პოგონატის თაოსნობით
არც ამ კრებაზე კანონები არ მიუღიათ. მასზე მოხდა მონოთელიტობის განხილვა და დაგმობა. ამ მოძღვრების თანახმად, ქრისტეს ჰქონდა ორი ბუნება, მაგრამ ერთი ნება. მონოთელიტობის მიმდევრები მონოთელიტებად არიან ცნობილნი.
მე-6 კრება განახლდა 692 წელს, იმპერატორ ავგუსტინიანე II-ს მოწვევით. მასზე შემუშავდა 102 კანონი (ითვლება, რომ ამით შეივსო მე-5 და მე-6 კრებების ნაკლოვანებები) ამ კრების კანონებს ტრულის კრების კანონებს უწოდებენ.
მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე საეკლესიო კრებებზე თეოლოგიური საკითხებიდან ძირითადად განიხილებოდა ქრისტოლოგიური (უშუალოდ ძე-ღმერთთან დაკავშირებული) საკითხები. მესამე კრება განიხილავდა აგრეთვე ღვთისმშობლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებსაც
მეშვიდე კრება: ცნობილია, როგორც ნიკეის II კრება. მოიწვიეს 787 წელს, მოწვეული იყო დედოფალ ირინე ინიციატივით.
ამ კრებაზე საბოლოოდ დაიგმო ხატმებრძოლეობის მწვალებლობა. დაპირისპირება ხატმებძოლეებსა და ხატთაყვანისმცემლებს შორის VIII საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიწყო 726 ლეონ III ისავრიელის ხატმებრძოლი პოლიტიკისა და ხატების წინააღმდეგ ედიქტის გამოქვეყნების შედეგად. გამოყოფენ ხატმებრძოლეობის ორ პერიოდს. პირველი იწყება ლეონის ედიქტიდან, ანუ 726 წლიდან და გრძელდება ნიკეის კრებამდე, ანუ 787 წლამდე. მეორე პერიოდს კი ხატთა თაყვანისცემის აღდგენის ხანას ეძახიან. ითვლება, რომ იგი გაგრძელდა ნიკეის II კრებიდან 843 წლამდე. ხატთაყვანისცემის საბოლოო გამარჯვება დედოფალ თეოდორას (ხატმებრძლ იმპერატორ თეოფილეს მეუღლის) სახელს უკავშირდება.
ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება
ამიერკავკასიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელიც 451 წელს შეიკრიბა და რომელიც ქალკედონის კრების სახელითაც მოიხსენიება. როგორც უკვე ითქვა, კრებაზე, სხვა დადგენილებების მიღებასთან ერთად, დაიგმო მონოფიზიტობა (დღეს მიაფიზიტობის სახელით მოიხსენიება). აღმოსავლეთ რომის ეკლესიის ოფიციალური კურსი ამ მომენტიდან დიოფიზიტური გახდა. აღსანიშნავია რომ ამ პერიოდში ბიზანტიაში მრავლად იყვნენ როგორც ოფიციალური კურსის, ანუ დიოფიზიტიზმის მომდევრები, ისევე მონოფიზიტობის მომხრეებიც (ძირითადად, ეთნიკურად სირიელები), რითაც ისარგებლა სპარსეთის იმპერიამ და, რადგან ოფიციალური კონსტანტინოპოლი დიოფიზიტობას უჭერდა მხარს, ირანმა მხარი მონოფიზიტ ქრისტიანებს დაუჭირა. როგორც ცნობილია,სასანიდი შაჰის იაზდიგერდ I-ს მფარველობით V საუკუნის დასაწყისში სპარსეთში შეიქმნა აგრეთვე ე.წ. აღმოსავლეთის ეკლესია, რომელიც სელევკია-ქტესიფონის, ანდა ნესტორიანული ეკლესიის სახელითაც არის ცნობილი (სირიული ქრისტიანობის წამყვანი სპეციალისტის, სებასტიან ბროკის აზრით, ამ ეკლესიის ნესტორიანულ ეკლესიად სახელდება არასწორია, ვინაიდან თეოლოგიურად ეკლესია ნესტორის მასწავლებლის, IV-V სს. ცნობილი თეოლოგის, თეოდორე მოფსუესტელის დიოფიზიტური დოქტრინის მიმდევარი იყო (Brock 1996), განსხვავებით ე.წ. დასავლეთ სირიული ეკლესიისაგან, რომლის მიმდევართა უმეტესობაც მონოფიზიტურ აღსარებას მიყვებოდნენ. ითვლება, მონოფიზიტებს უჭერდა მხარს შაჰი ხოსრო II ფარვიზი, რომლის მეუღლე შირინიც ჯერ აღმოსავლეთის ეკლესიის წევრი იყო, მოგვიანებით კი ანტიოქიის მიაფიზიტურ ეკლესიას შეუერთდა). როგორც ზაზა ალექსიძე ამბობს, „ბიზანტიის კეისართა რელიგიურ პოლიტიკას სარკესავით შებრუნებულად ასახავდა ირანის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია.“ (ალექსიძე 1974, გვ. 103).
V საუკუნის განმავლობაში ბიზანტიაში იყო მონოფიზიტთა და დიოფიზიტთა შერიგების მცდელობა, როდესაც იმპერატორ ზენონის (474-491) მიერ ამ ორ მიმდინარეობის შემრიგებლური „შეერთების წერილი“ - ჰენოტიკონი გამოიცა. ქალკედონის კრებას ამიერკავკასიის ეთნიკური ეკლესიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ ამ პერიოდში მომხდარი ანტი-სპარსული აჯანყების გამო. ითვლება, რომ ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიებმა საკუთარი დამოკიდებულება ქალედონის კრების მიმართ პირველად დვინის 506 წლის კრებაზე დააფიქსირეს, სადაც მიიღეს ზენონის ჰენოტიკონი, რითაც ბიზანტიელთა შემრიგებლურ პოზიციას დაუჭირეს მხარი. (ალექსიძე 2009, გვ. 267).
ზენონის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორებმა ჯერ 508 წლის შემდეგ პრო-მონოფიზიტური პოზიცია დაიკავეს (იმპერატორი ანასტასის (491-518) დროს), ხოლო მოგვიანებით, იუსტინეს ზეობისას (518-527) ეს პოზიცია პრო-დიოფიზიტურად შეიცვალა. ირანის პოლიტიკა ქრისტიანთა მიმართაც შესაბამისი იყო, „იგი ჯერ იმპერიისაგან დევნილ ნესტორიანობას უჭერდა მხარს (მიმდინარეობა დაიგმო მესამე მსოფლიო კრების მიერ - ი.ყ.) თავის ქვეშემრდომ ქვეყნებში, ხოლო შემდეგ შევიწროებულ მონოფიზიტთა მფარველი გახდა.“ (ალექსიძე 1974, გვ. 103; Id. 2004). „VI საუკუნის შუაწლებში ირანი შეეცადა კავკასიაში შეექმნა ერთიანი მონოფიზიტური ბანაკი.“ (ალექსიძე 2009, გვ. 270). ითვლება, რომ სომხურმა ეკლესიამ თავისი ოფიციალური პრო-მონოფიზიტური კურსი დვინის ადგილობრივ კრებებზე (551-553) დააფიქსირა, „მიიღო უკიდურესი მემარცხენე მონოფიზიტობა, რომელიც ივლიანიტობის სახელით იყო ცნობილი“ „და განსაზღვრა დოგმების შესაბამისი ლიტურგია.“ (იქვე, გვ. 270-271). ამდენად, ზაზა ალექსიძის თქმით, VI საუკუნის მეორე ნახევარში ზენონის ჰენოტიკონით მიღწეული (ანუ ბიზანტიელთა იდეოლოგიით შთაგონებული) ამიერკავკასიის ეკლესიათა ერთიანობა სპარსეთის ხელშეწყობით დაიშალა, ხოლო ამავე საუკუნის 70-იანი წლებიდან სომხური ეკლესია, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი საეკლესიო პლატფორმაზე დადგა, შეეცადა ამიერკავკასიაში „ერთიანი მონოფიზიტური ბანაკი“ შეექმნა. საბოლოო ჯამში მათ მოახერხეს ალბანეთის ეკლესიის მონოფიზიტურ პოზიციაზე გადაბირება. რა შეეხება ქართლის ეკლესიას, კირ(ი)ონ ქართლის კათალიკოსის საპატრიარქო ტახტზე ასვლას მოჰყვა ქართული ეკლესიის მიერ პრო-ქალკედონიტური პოზიციის საჯარო აღიარება და, კირიონის „აქტიური ნაციონალურ-რელიგიური პოლიტიკის გატარების“ შედეგად ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება, რომელიც 607 წლის საეკლესიო კრებაზე საბოლოოდ გაფორმდა. (ალექსიძე1968, Id. 1974, Id. 1996, Id. 1998, Id. 2012, Id. 2009).
ზაზა ალექსიძის კვლევებზე დაყრდნობით თამილა მგალობლიშვილი აღნიშნავს, რომ „მხოლოდ VIII ს-ის 20-იან წლებში მოხდა კავკასიაში საბოლოოდ ორი კონფესიური ბანაკის შექმნა: ერთი ქალკედონიტური (ქართლი) და მეორე - მონოფიზიტური (სომხეთი და ალბანეთი).“ (მგალობლიშვილი, გვ. 335-336).
ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილების ამსახველი ინფორმაცია შემონახულია სომხურ ნარატიულ წყაროში, რომლის სათაურიცაა ეპისტოლეთა წიგნი; მასში VI-VII საუკუნის სომეხ და ქართველ საეკლესიო მესვეურთა მიმოწერაა წარმოდგენილი. პოლ პეტერსი ამ თხზულებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იგი „არის პირველი და ორიგინალურ წყაროსთან ყველზე ახლოს მდგომი წერილების კრებული, ან ეპისტოლარული ფორმით გადმოცემული მემუარები.“ (Peeters 1935, გვ. 246). ილია აბულაძის თქმით (აბულაძე 1944, გვ. 013), თხზულება 605-609 წლებში სომეხ და ქართველ საეკლესიო და საერო ხელისუფალთა მიმოწერას შეიცავს; სომეხთა ეპისტოლეების ძირითადი ადრესატი ქართველთა მხრიდან კირ(ი)ონ ქართლის კათალიკოსია. (მისი იდენტიფიკაციისათვის, იხ. „კირონ ქართლის კათალიკოსი. ალ-მუკავკასისა და კიროს ფაზისელის იდენტიფიკაციის პრობლემასთან დაკავშირებით,“ წიგნში: ალექსიძე 1968, 167-272). ინფორმაცია საეკლესიო განხეთქილების შესახებ იძებნება აგრეთვე ბერძნულ თარგმანში შემონახული ნარატივში, რომელიც დაახლ. 700 წლით თარიღდება და რომლის სათაურიცაა Narratio de rebus Armeniae.
აღსანიშნავია, რომ განხეთქილებამ ხელახალი ასახვა პოვა X-XI საუკუნის ქართველ და სომეხ ავტორთა თხზულებებში, კერძოდ კი, X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, უხტანესის სომხეთის ისტორიის მეორე ნაწილში, რომელიც ეპისტოლეთა წიგნზეა დამყარებული და რომელსაც ეწოდება ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან (ალექსიძე 1975) და XI საუკუნის ქართველთა კათალიკოსის, არსენ საფარელის თხზულებაში განყოფისათჳს ქართ ველთა და სომეხთა (ალექსიძე 1980; იხ. აგრეთვე: Aleksidze 2018.). ქართულ-სომხურ საეკლესიო განხეთქილებაზე საუბრობენ აგრეთვე X-XIII საუკუნეთა სომეხი ისტორიკოსები მოსე კალანკატუელი, იოანე დრასხანაკერტელი, სტეფანე ტარონელი, სამუელ ანელი, მხითარ გოში, ვარდან დიდი აღმოსავლელი, კირაკოს განძაკელი და სტეფანოზ სივნიელი (ალექსიძე 2016).
ბიბლიოგრაფია
ალექსიძე, ზაზა 2016. „X-XIII სს. სომხური წყაროები VII საუკუნის დამდეგს სომხეთ-საქართველოს შორის მომხდარი საეკლესიო განხეთქილების შესახებ.“ კრებულში: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. III. თბილისი: [n.l], 463-477
ალექსიძე, ზაზა 2015. თეოლოგიური პოლემიკა კავკასიაში: VI საუკუნე. თბილისი: არტანუჯი
ალექსიძე, ზაზა 2009. „ამიერკავკასიის ქვეყნების საერთაშორისო ორიენტაციის დოგმატური საფუძვლები.“ კრებულში: სამეცნიერო პარადიგმები (ეძღვნება პროფ. ნათელა ვაჩნაძეს). რედ. გიორგი ჭეიშვილი. თბილისი: მერიდიანი, 266-277; Repr.: მისივე: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. II. თბილისი; [n.l.], 2011, 318-327.
ალექსიძე, ზაზა 2004. „ნესტორიანები კავკასიაში.“ ანალები 10: 136-163; Repr.: კრებულში: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. III. თბილისი: [n.l], 2016, 346-365.
ალექსიძე, ზაზა 1998. „საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში VII ს-ის დამდეგს. კირონ ქართლის კათალიკოსის დიპლომატია.“ კრებულში: ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები I. რედ. როინ მეტრეველი. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 142-164; Repr: ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი I. თბილისი: [n.l.], 2010, 394-410
ალექსიძე ზაზა 1996. „საქართველო-სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობები VI-VII სს.“ გელათის მეცნიერებათა აკადემიის უწყებანი 2: 7-11.
ალექსიძე, ზაზა 1980. არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა. ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ. თბილისი: მეცნიერება
ალექსიძე, ზაზა 1975. უხტანესი. ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან. სომხური ტექსტი ქართული თარგმანითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ. უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ 39. თბილისი: მეცნიერება
ალექსიძე, ზაზა 1974. „რელიგიური სიტუაციის შესახებ VI საუკუნის კავკასიაში.“ მაცნე იაეხს 103-110; Repr: ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი I. თბილისი: [n.l.], 2010, 144-152
ალექსიძე, ზაზა 1968. ეპისტოლეთა წიგნი. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ. უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ 21. თბილისი: მეცნიერება
მგალობლიშვილი, თამილა 2001. „IV-X საუკუნეებში საქართველოში მიმდინარე რელიგიური პროცესები.“ მრავალთავი 19: 331-340.
Aleksidze, Nikoloz 2018. The Narrative of the Caucasian Schism: Memory and Forgetting in Medieval Caucasia. CSCO 666; Subsidia 137. Louvain: Peeters
Aleksidze, Nikoloz 2018. The Narrative of the Caucasian Schism: Memory and Forgetting in Medieval Caucasia. CSCO 666; Subsidia 137. Louvain: Peeters
Aleksidze, Nikoloz 2018. The Narrative of the Caucasian Schism: Memory and Forgetting in Medieval Caucasia. CSCO 666; Subsidia 137. Louvain: Peeters
Aleksidze, Nikoloz 2018. The Narrative of the Caucasian Schism: Memory and Forgetting in Medieval Caucasia. CSCO 666; Subsidia 137. Louvain: Peeters
Brock, Sebastian 1996. „The Nestorian Church: A Lamentable Misnomer.“ Bulletin of the John Rylands Library: 78/3: 23-35Davis, Leo Donald 1983. The First Seven Ecumenical Councils (325-787). Their History and Theology. Collegille, Minessota: A Michael Glazier Books