მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

თამარის მეორე ისტორიკოსი (ბასილი ეზოსმოძღვარი)

ტექსტის ორიგინალური სათაური: ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი

ტექსტი პირობითად დაასათაურა ივანე ჯავახიშვილმა (ჯავახიშვილი 1944).

თხზულების დაწერის დრო: ივანე ჯავახიშვილის თქმით, მემატიანეს „თხზულების პირველი, 1184-1195 წწ. ამბების შემცველი ნაწილი იმ დროს დაუწერია, როდესაც საქართველოს ჯარს ჩრდილოეთი სპარსეთი უკვე დაპყრობილი ჰქონდა და საქართველოს სახელმწიფოს ყმად ნაფიცად იყო ქცეული, ე. ი. თამარის მეობის უკანასკნელ წლებში და მაინცდამაინც 1210 წელს, ან ამის შემდგომ ახლო ხანებში... თამარ მეფის ისტორიკოსის თანამედროვეობა მისი თხზულების მეორე ნაწილშიც ნათლად ჩანს და თვით მასაც აქვს ორგან ეს გარემოება აღნიშნული.“ ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ „თამარის უკანასკნელ დღეებსა, წუთებსა და სიკვდილს ისეთი სიცხოველითა და მგრძნობელობით მოგვითხრობს, რომ აღწერილობას თავზე ახლად დამტყდარი უბედურების ძლიერი შთაბეჭდილების გავლენა ეტყობა, მაშინ თავისთავად დაგვებადება დასკვნა, რომ იგი თამარ მეფის გარდაცვალების უმალ უნდა იყოს დამთავრებული. ამგვარად თამარის მეორე ისტორიკოსის მთელი შრომა 1210-1213 წლებში უნდა იყოს დაწერილი." (ჯავახიშვილი 1977, გვ. 366-389).

კორნელი კეკელიძის აზრით კი, ვინაიდან თხზულებაში ნათქვამია, რომ თამარის დაჲ, ყოფილი დედოფალი რუსუდანი მონაზვნად შედგა როდესაც იგი 80 წლის გახდა, ეს ისტორია 1236 წლამდე ვერ დაიწერებოდა, ვინაიდან რუსუდანი, სავარაუდოდ, 1156 წელს უნდა დაბადებულიყო და 80 წლის იგი 1236 წელს გახდებოდა. ამდენად, ამ თარიღამდე თამარის მეორე ისტორიკოსის მიერ თხზულების დაწერა ნაკლებ სავარაუდოა, „უფრო გვიან კი მოსალოდნელი და საფიქრებელია.“ (კეკელიძე 1981, გვ. 277). თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებისადმი მიძღვნილ ნაშრომში ბასილის ნარატივთან დაკავშირებით მკვლევარს ისიც აქვს აღნიშნული, რომ „ამ ისტორიკოსს თავისი შრომა შეეძლო დაეწერა არა უადრეს 1235 წლისა, თუ ვივარაუდებთ, რომ რუსუდანი იყო უფროსი შვილი გიორგისა და დაიბადა არა უგვიანეს 1155 წლისა; თუ მას თამარზე უმცროსად და უფრო გვიან დაბადებულად მივიჩნევთ, - და ეს უფრო საფიქრებელია, - მაშინ ეს ისტორია უფრო გვიან დაწერილად უნდა იქნეს ნაგულისხმევი (1250 წლის მახლობლად). (კეკელიძე 1962, გვ. 213, შენ. 1).

თხზულების ავტორი: ივანე ჯავახიშვილის აზრით, ნაწარმების ავტორი უნდა იყოს თხზულებაში მოხსენიებული პირი, ბასილი ეზოსმოძღვარი.

მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებანი იხ. ქვემოთ.

თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: თხზულება შემორჩენილია ერთადერთ ხელნაწერში, ჭალაშვილისეულ ქც-ს რედაქციაში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი MS Q 207). ხელნაწერში განირჩევა ორი ნაწილი: ძველი, რომელიც გადაწერილი უნდა იყოს XVI-XVII სს., და ახალი, რომელიც ერაჯ ჭალაშვილის ხელს ეკუთვნის და 1731 წლით თარიღდება; ჭალაშვილს ხელნაწერის ნაკლული ტექსტი შეუვსია, ანუ ძველი ნუსხისათვის დაუმატებია თავსა და ბოლოში ნაკლული მონაკვეთები, რომელიც ქც-ს ვახტანგისეულ სწავლულ კაცთა მიერ შემუშავებული რედაქციის მიხედვით გაუმართავს. (შანიძე 1992, გვ. 21-22).

თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულება დეტალურად შეისწავლა ივანე ჯავახიშვილმა. ეს ტექსტი, ისევე როგორც თავად ხელნაწერი, აგრეთვე ორი ნაწილისგან შედგება. პირველი შემოუნახავს ვახტანგის წინარე რედაქციას, ანუ ხელნაწერის XVI-XVII სს.-თა შრეს და იგი მოყვანილია ბასიანის ბრძოლის (1202 წ.) წინანდელი მოვლენების აღწერამდე. მეორე ნაწილში კი, ჯავახიშვილის აზრით, აღებულია ვახტანგისეული რედაქციიდან, სადაც ერთმანეთთან შერწყმულია თამარის პირველი და მეორე ისტორიკოსთა ნარატივი. მკვლევარმა ტექსტის ეს ნაწილი შეუდარა ისტორიანსა და აზმანში მოცემულ თხრობას და ამ გზით პირობითად აღადგინა თამარის მეორე ისტორიკოსის ტექსტის არქეტიპი. (ჯავახიშვილი 1923. Repr: ჯავახიშვილი 1977, გვ. 356-388).

ჯავახიშვილის თქმით, ისტორიკოსის ნაშრომი არ აღწერს არც საომარ მოქმედებებს, არც დარბაზობას, მაგრამ დიდი ყურადღებას უთმობს თამარის ღვთისმოსაობას. (იქვე, გვ. 389). ავტორი თითქმის არაფერს ეუბნება მკითხველს თამარის გამეფებისთანავე სახელმწიფოში მომხდარ შინაური პოლიტიკური ბრძოლის თაობაზე; არ იხსენიება არც დიდგვაროვან აზნაურთა გაფიცვის, არც ყუთლუ ასლანისა და მისი დასის ამბავი. სანაცვლოდ, ავტორი ვრცლად აღწერს თამარის მიერ მოწვეული საეკლესიო კრების ამბავს, რომელიც საერთოდ არ იხსენიება თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში. ამდენად, მკვლევრის დასკვნით, ამ ნარატივის ავტორის „როგორც მოთხრობა, ისევე ამბების გაშუქება თამარის პირველი ისტორიკოსის მოთხრობა გაშუქებისაგან თვალსაჩინოდ განსხვავდება. რაც ერთს აინტერესებდა, მეორეს გაკვრით მოუხსენებია, ან სრულებით დაუდუმნია. იმ შემთხვევაშიაც, როდესაც ორთავე ისტორიკოსს ერთიდაიგივე ისტორიული მოვლენა აქვს აღწერილი, მათი მოთხრობა ხშირად საგრძნობლად განსხვავდება, ზოგჯერ ერთი მეორეს არც-კი უდგება ალბათ იმიტომ, რომ მოვლენის სხვადასხვა საფეხურები აქვთ ნაგულისხმევი. ქც-ის შემავსებელთ ეს გარემოება სრულებით გათვალისწინებული არ ჰქონიათ და ამ ორი ისტორიკოსის ცნობები მექანიკურად გადაუბამთ ერთი მეორეზე და ვერც-კი შეუმჩნევიათ, რომ ზოგჯერ ეს ცნობები ერთი მეორეს სრულებით არ ეგუება.“ (იქვე, გვ. 391-392).

კორნელი კეკელიძემ გაიზიარა ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება თხზულების თავისებურებათა თაობაზე და აღნიშნა, რომ თამარის მეორე ისტორიკოსი, რომელიც, „შედარებით პირველთან, მოკლედ გადმოგვცემს თამარის მეფობის ამბავს, თავისი ხასიათით... არსებითად განსხვავდება პირველისაგან. ის საომარ მოქმედებათა მიმდინარეობას არ გვისურათებს, მისი ავტორი არც სამეფო დარბაზობის აღწერილობით ყოფილა დაინტერესებული, ის არც მმართველთა წრეს უნდა ჰკუთვნებოდა, მას აინტერესებს ისეთი დეტალები თამარის ცხოვრებისა, თუ სად და როგორ ლოცულობდა, როცა ჯარს საომრად ისტუმრებდა ხოლმე, ვის ეჭირა ჯვარი, როცა მას მეომარნი ემთხვეოდნენ, საგანგებოდ აქებს სასულიერო პირებს, ძალიან უხვად სარგებლობს საღვთო წერილის ციტატებით; მსოფლიო ისტორიიდან მოყვანილი შედარებანი მას ცოტა აქვს და არც ერთი სპარსულ-არაბული მხატვრული მწერლობიდან ამოღებული მაგალითი არ მოეპოვება... აქ მეტი ყურადღება აქვს მიქცეული თამარის აღზრდა-ცხოვრებას და ღვთისნიერებას, მის დროს ჩვენი ქვეყნის სარწმუნოებრივ-ეკლესიურ მდგომარეობასა და ზნეობრივ დონეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენ საქმე გვაქვს თამარის ხსენების დღეს განკუთვნილ სვინაქსარულ საკითხავთან.“ (კეკელიძე 1981, გვ. 276)

სიმონ ყაუხჩიშვილის თქმით, „მეორე ისტორიკოსი შედარებით პირველ ისტორიკოსთან სიტყვა-ძვირია და მისი თხრობაც ერთგვარად მშრალია. მაგრამ, პირველი ისტორიკოსის მსგავსად, ისიც აღფრთოვანებულია თამარის პიროვნებით და მიუხედავად იმისა, რომ მას აკლია პირველი ისტორიკოსის ენაწყლიანობა და რიტორობა, თამარის სიდიადის დასახასიათებლად მას მოეპოვება დიდი მარაგი ბრწყინვალე შედარებებისა.“ (ყაუხჩიშვილი 1959, გვ. 030). მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ, თითქოსდა, ისტორიკოსი ძირითადად კონცენტრირებულია თამარის „საეკლესიო-სასულიერო საქმიანობაზე“ და მას ნაკლებად აინტერესებს სამხედრო და პოლიტიკური ამბები. მისი თქმით, „ასეთი შთაბეჭდილება იქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ სარწმუნოებრივი საქმიანობის აღწერისას ის უფრო ენაწყლიანია, ხოლო სამხედრო-სახელმწიფოებრივ ამბებზე თხრობის დროს სიტყვა-ძვირია.“ (იქვე).

მამისა ბერძნიშვილის თქმით, ამ თხზულების არქიტექტონიკა, რომელშიაც ამბები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა გადმოცემული, შემდეგია: ჯერ მოცემულია ფაქტების გარკვეული ჯგუფი, შემდეგ კი ისტორიკოსს მოცემული აქვს მოვლენათა და თამარის პიროვნებისა და მოღვაწეობის შეფასება. (М. М. Бердзенишвили, „Второй историк царицы Тамар и его сочинение.“ წიგნში: Дондуа и Бердзнишвили 1985, გვ. 4-8, აქ გვ. 7). მკვლევრის თქმით, თხზულება 6 ნაწილად შეიძლება დაიყოს:

ნაწილი პირველი. ტექსტი იწყება გიორგი III-ის მეფობის მოკლე აღწერით,  მოცემულია მისი გარდაცვალებისა და თამარის გამეფების ამბავი. შემდეგ ავტორი აღწერს თამარის გარეგნობასა და პიროვნულ თვისებებს.

ნაწილი მეორე. თხზულების შემდეგი ნაწილი მოიცავს პერიოდს თამარის გამეფებიდან მისი ყოფილი ქმრის, გიორგი რუსის ქვეყანაში შემოჭრამდე. მოვლენათა გადმოცემა სრულდება მეფის შიდა და გარე პოლიტიკის შეფასებით.

ნაწილი მესამე. აქ მოცემულია ინფორმაცია თამარის შვილების დაბადების შესახებ, რასაც მოჰყვება შამქორის ბრძოლის აღწერა. ნაშრომის ეს ნაწილიც მთავრდება თამარის შიდა და გარე პოლიტიკის შეფასებით.

ნაწილი მეოთხე.  აქ მოცემულია თხრობა იმ მიზეზთა შესახებ, რომლებმაც გამოიწვია რუქ-ნადინის შემოჭრა და გადმოცემულია ბასიანის ბრძოლის ამბავი. ეს მონაკვეთი მთავრდება თამარის პიროვნების ზოგადი დახასიათებით, აქ უკვე მოცემულია მისი მოღვაწეობის სხვა მხარეთა სია, კერძოდ კი სამართლიანობა, გულკეთილობა, ეკლესიათა და მონასტერთა მფარველობა.

ნაწილი მეხუთე. ეს ნაწილი შეიცავს ტრაპიზონის იმპერიის შექმნისა და კარის ციხის აღების ამბავს. ეს მონაკვეთის მეფის მოღვაწეობის შეფასებით სრულდება.

ნაწილი მეექვსე. ამ ნაწილში აღწერილია თამარის ავადმყოფობისა და გარდაცვალების ამბავი. ამ მონაკვეთი ბოლოს კი მოცემულია მთლიანად მეფის მოღვაწეობის ვრცელი დახასიათებით. (იქვე, გვ. 7-8).

თხზულების კვლევის ისტორია: ჯერ კიდევ 1913 წელს ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თამარის მეფობა უნდა გამხდარიყო მრავალი მემატიანის შთაგონების წყარო, და რომ ამ თხზულებათა უმეტესობა სადღეისოდ დაკარგული უნდა იყოს. მისი ეს მოსაზრება დადასტურდა 1923 წელს, როდესაც მან ქც-ს ჭალაშვილისეულ რედაქციაში აღმოაჩინა თამარის უცნობი ისტორიკოსის თხზულება (ჯავახიშვილი 1923), რომლის არქეტიპიც მკვლევარმა აღადგინა. ეს აღდგენილი ტექსტი ჯერ გამოიცა 1938 წელს ვარლამ დონდუას მიერ შესრულებულ რუსულ თარგმანში (Дондуа 1938). ქართული ტექსტი კი ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1944 წელს დაიბეჭდა. (ჯავახიშვილი 1944).

თხზულების ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ თხზულების ავტორი სამეფო „დარბაზის მოხელედ, ან წევრადაც არ არის საფიქრებელი.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 389). მკვლევრის აზრით, ის არც მმართველთა უმაღლეს წრეს უნდა ეკუთვნოდეს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად არის გათვითცნობიერებული თამარ მეფის „შინაურ ცხოვრებაში,“ ამიტომ იგი „დიდებული გვირგვინოსნის ცოტად თუ ბევრად ახლო მდგომი პირი უნდა ყოფილიყო.“  მკვლევარი ვარაუდობს, რომ თხზულების ავტორი უნდა იყოს „ანტონი მწიგნობართ-უხუცესის, ჭყონდიდლისა და ვაზირთა უპირველესის“ მომხრე, ვინაიდან მის თხზულებაში სახელმწიფო მოხელეთაგან ყველაზე მეტად სწორედ ანტონია შექებული. (იქვე).

მკვლევარმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ თხზულების ერთ-ერთ ეპიზოდში, კერძოდ კი თამარის მიერ რუქნადინის წინააღმდეგ ჯარის საბრძოლველად გაგზავნის მონაკვეთში მეომართა თამარის მიერ დალოცვის აღწერისას ნათქვამია, რომ მეფეს „ერთით ჴელითა თუით... ეპყრა ძელი ჯვარისა, ხოლო ერთითა ეზოსმოძღვარსა ბასილს და ჯუარის მტვირთველსა.“ ამ მონაკვეთზე დაყრდნობით მკვლევარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ, შესაძლოა, სწორედ ეს ბასილი უნდა წარმოადგენდეს თხზულების ავტორს. ჯავახიშვილია თქმით, „თამარ მეფის მეორე ისტორიკოს დახელოვნებულ მწერლად მოჩანს... უმთავრესად საღმრთო წერილსა და ბერძნულ ჟამთააღმწერლობის ძეგლებში ნაკითხ ადამიანად გვეჩვენება და მაჰმადიანური მხატვრული თუ ისტორიული მწერლობის ნაკითხობა არ ემჩნევა.“ (იქვე, გვ. 390). მეცნიერი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ისტორიკოსს კარგად უნდა სცოდნოდა ქართული საისტორიო მწერლობაც.

კორნელი კეკელიძის აზრით, უდავოა, რომ თხზულების ავტორი თამარის თანამედროვეა, მაგრამ „ბასილის ავტორობის სასარგებლოდ არ კმარა ცნობა თხზულებისა, რომ ჯვარი, რომლის სამთხვევად მოდიოდნენ მეომარნი, „ერთითა ხელითა თამარს ეპყრა, ხოლო მეორითა ეზოსმოძღვარსა ბასილის“.“ (კეკელიძე 1981, გვ. 277).

თამარის მეორე ისტორიკოსის ვინაობის დადგენის მცდელობათა მიმოხილვისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონაში სიტყვა ეზოსმოძღვარი განმარტებულია, როგორც „საგანგიოთა განმგებელი,“ (იორდანიშვილი 1949, გვ. 106). გიორგი წერეთლის თანახმად, ტერმინ ეზოსმოძღვრის ბერძნული შესატყვისი დაფიქსირებულია ჯერ კიდევ არმაზის ბილინგვის ტექსტში, როგორც  ეპიტროპი, რომელიც იმავდროულად მხედართმთავრად გვევლინება. ტერმინი უნდა შეესაბამებოდეს სომხურ ჰაზარაპეტს (ათასისთავი), რომელიც, თავის მხრივ, სპარსული ჰაზარპეტიდან უნდა მომდინარეობდეს. ამ პირის „უშუალო მოვალეობაში შედიოდა მეფის დაცვა, ამიტომ ის განაგებდა ეზოს (კარის სასახლის) საქმეებს და მოხსენებებს აწვდიდა მეფეს მომხდარი ამბების შესახებ.“ მოვა (წერეთელი 1942, გვ. 41-42). მანანა მაისურაძის კვლევითაც ტერმინი უნდა ნიშნავდეს  „როგორც „მეფის კარის გამგებელს,“ ასევე „მსახურს,“ მესაწოლეს“.“ (მაისურაძე 1980, გვ. 129). 

შესაბამისად, ეზოსმოძღვარი არ უნდა შეესაბამებოდეს სამეფო სახლის მოძღვარს და უნდა წარმოადგენდეს საერო პირს, რაც მარინე ქადაგიძის აზრით, აბათილებს იმ მეცნიერთა მოსაზრებას, რომელთაც ბასილი ეზოსმოძღვარი თხზულების ავტორი ეგონათ. (ქადაგიძე 2001, გვ. 12-13, 76). მკვლევარს ეჭვი არ ეპარება, რომ თხზულების ავტორი სასულიერო პირია, რაზეც მისი თხრობის სტილიც მეტყველებს და „ის ფაქტიც, რომ აქცენტი თამარის ცხოვრების სარწმუნოებრივ მხარეზეა გაკეთებული.“ (იქვე, გვ. 76-77).

თამარის მეორე ისტორიკოსის თხრობის სტილთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, რომ „ამ ისტორიკოსის ენა ოდნავადაც არ მიაგავს პირველი ისტორიკოსის ხელოვნურ, რიტორულ, მძიმე ფილოსოფიური ტერმინოლოგიით დატვირთულ ენას. მისი მოთხრობა მკვირცხლად მიმდინარეობს, მსუბუქი ენით არის დაწერილი და ბუნებრივობითა და გულწრფელობითაა აღბეჭდილი. ამასთან, ის მხატვრულობასაც არაა მოკლებული. ავტორს ემარჯვება მოხდენილი პოეტური გამოთქმები, შედარებები და სახეები.“ (იქვე).

პავლე ინგოროყვა თამარის მეორე ისტორიას უწოდებდა მარიამისეულ ქც-ში მოთავსებულ ტექსტს და მის შექმნას XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, მონღოლთა მფლობელობის დაწყებამდე ვარაუდობდა. ივანე ჯავახიშვილის მიერ აღმოჩენილ ტექსტს მკვლევარმა თამარის მესამე ისტორია უწოდა, რომელიც მან აგრეთვე XIII საუკუნის პირველ მეოთხედში შექმნილად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მართალია თხზულების ავტორი უცნობია, მაგრამ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი სასულიერო პირი იყო (ინგოროყვა 1924, გვ. 277, შენ. 1.3). XIII საუკუნის დასაწყისში შექმნილად არის მოხსენიებული თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულება აკაკი შანიძის მიერ ბასილის ტექსტის ერთი შერყვნილი ადგილის გასწორებისადმი მიძღვნილი სტატიის რუსულ რეზიუმეში (შანიძე 1962, გვ. 250). აღსანიშნავია ისიც, რომ ტექსტში მოხსენიებული თამარის დაჲ, რუსუდანი (რომლის მოხსენიებაზეც, როგორც უკვე მითითებული იყო, დაყრდნობითაც მკვლევარნი ტექსტის დაწერის დროს საზღვრავენ), მკვლევარმა თამარის მამიდად, გიორგი III-დად მიიჩნია. (იქვე, გვ. 247).

ილია აბულაძემ თხზულების ბოლო, ივანე ჯავახიშვილის მიერ აღდგენილ მონაკვეთში აღმოაჩინა რუსთველური ფრაზა „არა მოაკლდა შთაზიდვასა შინა“ და, გაითვალისწინა რა ანტონ კათალიკოსის წყობილსიტყვაობაში მითითებული ინფორმაცია - რომლის თანახმადაც ანტონი „რჩეულსიტყვაობისა და ტკბილმეტყუელების“ დიდოსტატად, სხვა გამოჩენილ ავტორთა შორის, აღიარებს „შოთა რუსთველსა, გამომთქმელსა მეფის თამარის ცხოვრებისასა1 - მიიჩნია, რომ თამარის მეორე ისტორიკოსი შოთა რუსთაველი უნდა ყოფილიყო (აბულაძე 1938). ამ მოსაზრებას იზიარებს სარგის კაკაბაძეც, რომელიც აცხადება, რომ „შოთა - თამარის მეორე მატიანის ავტორია“ და, რადგანაც ავტორი აცხადებს, რომ „დავითის (აღმაშენებლის) დროშა არასოდეს არ დამარცხებულა,“ მაშინ როდესაც ცნობილია, რომ ე.წ. სეფე-დროშა დამარცხდა 1226 წელს გარნისის ომში, უნდა ვივარაუდოთ რომ თხზულება „1226 წელზე რამდენამდე ადრე არის დაწერილი, დაახლ. 1218-1222 წლებში).“ (კაკაბაძე 1961, გვ. 42). მოგვიანებით მკვლევარმა დააზუსტა საკუთარი მოსაზრება და განაცხადა, რომ გარნისის ომს ადგილი ჰქონდა 1225 წელს და, მაშასადამე, „თხზულება 1225 წელზე ადრე არ არის დაწერილი.“ (კაკაბაძე 1966, გვ. 112).

ივანე ლოლაშვილის აზრით, კი ჭალაშვილისეულ ხელნაწერში მოცემული თხზულების დასასრული ნაწილი უნდა წარმოადგენდეს არა თამარის მეორე ისტორიკოსის ნაშრომის დასასრულ მონაკვეთს, არამედ შოთა რუსთაველის მიერ დაწერილი ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის ბოლო ნაწილს. მას მიაჩნდა, რომ თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულებას „გენიოსი პოეტის ხელი არ ეტყობა, უკეთ: მასში რუსთველური სული არ არის ჩადგმული, არ იგრძნობა ქართული სიტყვის დიდოსტატის მაჯისცემა.“ (ლოლაშვილი 1961, 31). მკვლევარმა თხზულება 1236 (მეფის დის, რუსუდანი 80 წლის თარიღი) და 1245 (მეფის ქალიშვილის, რუსუდანის გარდაცვალების წელი) შორის დაწერილად მიიჩნია (იქვე, გვ. 36; იხ. აგრეთვე: ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის პირველი ისტორიკოსი).

ანტონი I-ის ცნობის საფუძველზე (რომლის თანახმადაც შოთა რუსთაველმა თამარ მეფის ცხოვრება აღწერა), მზია მარსაგიშვილმა ერთმანეთს შეადარა შოთა რუსთაველის პოემისა და თამარის ორი ისტორიკოსის თხზულებათა „ძირითადი ტერმინები და სტილისტური კონსტრუქციები.“ მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორის სტილსა და წერის მანერას არაფერი აქვს საერთო თამარის ისტორიკოსთა თხზულებებთან. (მარსაგიშვილი 1990; იხ. აგრეთვე: ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის პირველი ისტორიკოსი).

ტექსტის ბოლო მონაკვეთის თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა აგრეთვე კონსტანტინე გრიგოლიამ. მისი აზრით, თხზულების ეს ნაწილი უნდა წარმოადგენდეს თამარის მეფობის შესახებ ჩვენამდე მოუღწეველი თხზულების ბოლო მონაკვეთს (გრიგოლია 1972). მკვლევარმა არ გაიზიარა მოსაზრება შოთა რუსთაველისა და თამარის მეორე ისტორიკოსის იდენტურობის შესახებ. უფრო მეტიც, გრიგოლია მიიჩნევს, რომ თხზულების ავტორი არც შოთა რუსთაველია და არც ბასილი ეზოსმოძღვარი, და რომ თხზულება უცნობი ავტორის მიერ დაწერილად უნდა მოიხსენიებოდეს; ხოლო თავად თხზულებასთან დაკავშირებით მეცნიერმა აღნიშნა, რომ „ის XII-XII საუკუნის ტიპიური ქართული მატიანეა, ისტორიული ხასიათის თხზულება, რომელშიც უცნობი ავტორი თამარის „საქმეთა“ მიმოხილვით მთელი ეპოქის გაშუქებას იძლევა.“ (იქვე, გვ. 363-364). გრიგოლიამ ნაწარმოებში მოხსენიებული რუსუდანი თამარის მამიდად მიიჩნია და დაასკვნა, რომ „ივ. ჯავახიშვილისეული დათარიღება ამ ძეგლისა (1210-1213) ძალაში უნდა იქნეს დატოვებული.“ (იქვე, გვ. 373). ზოგადად კი, ჩვენამდე მოღწეული თამარის ორი ისტორიის თაობაზე გრიგოლიამ დაასკვნა, რომ მეცნიერ კაცთა კომისიის მიერ გაერთიანებულ ნარატივში „ეს ორი ბრწყინვალე ისტორიული ძეგლი... შერწყმულია ერთმანეთში შესაძლებელი სისრულითა და უაღრესი მოხდენილობით. კომისიის ასეთი რედაქციული მოქმედების შედეგად ვახტანგისეული ნუსხების თამარის ცხოვრება თავისი მოცულობითა და შინაარსის სიმდიდრით აღემატება არა მარტო ბასილი ეზოსმოძღვრის მატიანეს, არამედ პირველი ისტორიკოსის თხზულებასაც, რომელიც აქ, როგორც საუკეთესო, საფუძვლად არის აღებული.“ (გრიგოლია 1954, გვ. 245). მკვლევარი აგრეთვე აღნიშნავდა ივანე ჯავახიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებას ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულების მეორე ნახევრის აღდგენით „ამ ძვირფასი ძეგლის მეცნიერთათვის გარკვეული სისრულით წარმოჩენის“ საქმეში. (იქვე, გვ. 246).

ნიკო ბერძენიშვილის აზრით, ბასილი ეზოსმოძღვარი აღწერილი „მოვლენების თანამედროვე არ არის,“ ვინაიდან იგი „ფაქტების გადმოცემაში ცდება.“ მკვლევრის თქმით, ისტორიანი და აზმანის ავტორი ნამდვილად ჩანს აღწერილი მოვლენების თანამედროვე, მაშინ როდესაც ბასილი, „თუ ისიც თანამედროვეა, მაინც მეტის მეტად გვიან წერს თავის ნაშრომს.“ (ბერძენიშვილი 1974, გვ. 219). მკვლევრის დასკვნით, თამარის პირველი და მეორე ისტორიკოსის თხზულებათა „შედარება შამქორის ომის გადმოცემაში აშკარად მოწმობს ბასილის ნაგვიანეობას და პირიქით პირველი ისტორიკოსის თანამედროვეობას..“ (იქვე, გვ. 229).2 მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ილია ანთელავამაც, რომლის აზრითაც თამარის მეორე ისტორია დაწერილი უნდა იყოს „ორი დავითის პერიოდში,“ ვინაიდან ტექსტში მოხსენიებული ტერმინი „ორი სამთავრო“ თამარის ხანაზე უფრო გვიანდელია. მკვლევრის თქმით, „“ორი სამთავროს“ შექმნა 1259 წლით თარიღდება.“ ამდენად, მკვლევრის დასკვნით, „თამარის მეორე ისტორია ვერ იქნება „ორ სამთავროზე“ უადრესი და იგი XIII საუკუნის 60-იან წლებში უნდა იყოს შედგენილი.“  (ანთელავა 1988, გვ. 153-156, 158). მარინე ქადაგიძის აზრით კი, თამარის პირველი ისტორიკოსის მოღვაწეობის ხანა კი არ უსწრებს, არამედ მოსდევს მეორე ისტორიკოსის მოღვაწეობის პერიოდს, „რადგან ის განსხვავებები, რომლებიც დღემდე აღმოჩნდა ამ თხზულებებს შორის, მოწმობს, რომ მეორე ისტორიკოსი უფრო გათვითცნობიერებულია თამარის ცხოვრების დეტალებში. თამარის მეორე ისტორიკოსს აქვს აღწერილი მრავალი ყოფითი სურათი, მოტანილი აქვს არაერთი ცნობა მეფის შესახებ, რომელიც არცთუ თანამედროვეს, არამედ მხოლოდ მასთან დაახლოებულ პირს შეეძლო დაეწერა.“ (ქადაგიძე 2001, გვ. 87). ამასთან, მკვლევრის დასკვნით, ავტორი იმდენად „ახლოს იცნობს თამარს, მისი ცხოვრების მრავალ ნიუანსს, შესაძლოა, იგი თამარის ხუცესი ყოფილიყო.“ (იქვე, გვ. 97; იხ. აგრეთვე: იხ. აგრეთვე: ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის პირველი ისტორიკოსი).

მარიამ ლორთქიფანიძის ფიქრით, თამარის პირველი და მეორე ისტორიკოსის „მიზანი, მიუხედავად მათი თხრობის სტილის სხვადასხვაობისა და წინ წამოწეულ საკითხთა განსხვავებულობისა, ერთია - აჩვენონ თამარის ეპოქის საქართველოს სიდიადე, სიძლიერე, ხაზი გაუსვან ქვეყნის საერთო ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას და ყოველივე ამის ძირითად პირობად დასახონ თვით თამარის და მის გარშემო შემოკრებილ სახელმწიფო მოღვაწეთა კეთილგონიერება, სამშობლოს დიდი სიყვარული და მისი ინტერესების უანგარო სამსახური.“ (ლორთქიფანიძე 1979, გვ. 13).

კირილ თუმანოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებიდან ჩვენამდე მხოლოდ მისი პირველი ნაწილია შემორჩენილი (1204-1206 წლამდე თხრობა), ხოლო მეორე ნაწილი, როგორც ითვლება, შეიცავს პასაჟებს თამარის მეორე ისტორიკოსის აწ დაკარგული ბოლო მონაკვეთიდან. თუმცაღა, იგი შეიძლება იყოს ნაწყვეტი სადღეისოდ დაკარგული თამარის „მესამე“ ისტორიკოსის თხზულებისა (როგორც მანამდე პავლე ინგოროყვამ ივარაუდა - ი.ყ.). მკვლევარი აგრეთვე იმოწმებს ილია აბულაძის მოსაზრებას შოთა რუსთაველის ავტორობასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, იგი ყოფილიყო სწორედ მესამე, დაკარგული ისტორიის ავტორი; თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ რუსთაველი თამარის მეორე ისტორიის ავტორიც შეიძლება იყო. ანალიზის ბოლოს თუმანოვი სვამს შეკითხვას: ხომ არ შეიძლება საეკლესიო პირი, ბასილი ყოფილიყო იდენტური შოთა რუსთაველთან, რომელიც, „როგორც ითვლება, ბერად შედგა.“ ზოგადად კი, მკვლევრის შეფასებით, ეს ისტორია, მისი პირველი ისტორიკოსის თხზულებისაგან განსხვავებული ხასიათის წყალობით, წარმოადგენს ძვირფას დამატებას თამარის პირველი ისტორიკოსის, ანუ ისტორიანი და აზმანის უფრო ვრცელი ტექსტისათვის (Toumanoff 1943, გვ. 156-157).

სტივენ რაპი თამარის მეორე ისტორიკოსის ტექსტს განიხილავს ბაგრატიდთა ისტორიოგრაფიის მეორე ჯგუფის სხვა ტექსტებთან ერთად. (იხ. ისტორიოგრაფია>ბიზანტიური ისტორიოგრაფიის ზეგავლენით შექმნილი თხზულებანი).

  1. როგორც სარგის კაკაბაძე მიუთითებს, პირველად ამ ცნობას ყურადღება მიაქცია ალექსანდრე ცაგარელმა, რომელმაც უარყო შოთა რუსთაველისა თამარის მეორე ისტორიკოსთან იდენტიფიკაციის შესაძლებლობა (კაკაბაძე 1966, გვ. 111) ↩︎

  2. საინტერესოა, რომ ჟამთააღმწერლის ტექსტის შესახებ ნიკო ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში აღნიშნულია: „ჟამთააღმწერელი მესხი უნდა იყოს. მის კალამს უნდა ეკუთვნოდეს თამარის „მეორე ისტორია.“ (ბერძენიშვილი 1979, გვ. 201; იხ, აგრეთვე: ისტორიოგრაფია > ჟამთააღმწერელი) ↩︎

ბიბლიოგრაფია

აბულაძე, ილია 1938. „ცნობა შოთა რუსთაველის ისტორიულ თხზულების შესახებ.“ ენიმკის მოამბე 3: 201-207.

ანთელავა, ილია 1988. „ბოცო-ბასილი ალის მონასტრის აღაპებში.“ წიგნში: მისივე, XI-XIV სს. ქართული საისტორიო წყაროები. თბილისი: მეცნიერება, 146-156; Repr. წიგნში: მისივე, საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი. თბილისი: არტანუჯი, 2002, 371-381.

ბერძენიშვილი 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ბერძენიშვილი, ნიკო 1974. „თამარის ეპოქა ბასილი ეზოსმოძღვრის მიხედვით.“ წიგნში: მისივე, საქართველოს ისტორიის საკითხები VII. თბილისი: მეცნიერება, 211-233.

გრიგოლია, კონსტანტინე 1972. „თამარის ისტორიის ბოლო ნაკვეთის საკითხისათვის ვახტანგისეული რედაქციის ქართლის ცხოვრებაში.“ კრებულში: მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის XVI-XVII. რედ. ი. ჭყონია. თბილისი: მეცნიერება

გრიგოლია, კონსტანტინე 1964. „თამარის მეორე ისტორიკოსის ვინაობისა და მისი თხზულების დათარიღებისათვის.“ თსუ შრომები 108: 359-375.

გრიგოლია 1954 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ინგოროყვა, პავლე 1924. „ჩახრუხაისძე. პოეტი. მოგზაური.“ კავკასიონი 1-2: 271-320.

იორდანიშვილი, სოლომონ 1949. სულხან-საბა ორბელიანი. სიტყვის კონა ქართული, რომელი არს ლექსიკონი. ს. იორდანიშვილის რედაქციითა და წინასიტყვაობით. თბილისი: საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა

კაკაბაძე, სარგის 1966. შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი. თბილისი: განათლება

კაკაბაძე, სარგის 1961. „შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისათვის.“ საბჭოთა ხელოვნება 1: 41-48.

კეკელიძე 1981 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

კეკელიძე, კორნელი 1962. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, როგორც ლიტერატურული წყარო.“ კრებულში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. VIII. გვ. 200-237. პირველად დაიბეჭდა კრებულში: რუსთაველის კრებული. 750. რედ. პავლე ინგოროყვა და კორნელი კეკელიძე. ტფილისი: სახელგამი, 1938, 120-158

ლოლაშვილი, ივანე 1961. რუსთაველი და თამარის ისტორიკოსის ვინაობის პრობლემა. რუსთველოლოგიური ძიებანი 3. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა

ლორთქიფანიძე 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

მაისურაძე, მანანა 1980. „ტერმინ „ეზოსმოძღუარის“ მნიშვნელობისათვის წმინდა დროსეს წამების მიხედვით.“ მრავალთავი 7: 127-130.

მარსაგიშვილი, მზია 1990. „თამარ მეფის მემატიანეთა და შოთა რუსთაველის მიმართებისათვის.“ მაცნე ელს 4: 36-42.

ქადაგიძე, მარინე 2001. თამარ მეფის დროინდელი მატიანე („ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“). თბილისი: [n.l.]

შანიძე, მზექალა 1992. ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ. საქართველოს ისტორიის წყაროები 69. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები 9. თბილისი: მეცნიერება

შანიძე, აკაკი 1962. „ბასილი ეზოსმოძღვრის ისტორიული თხზულების ერთი შერყვნილი ადგილის გამართვისათვის.“ თსუ შრომები 99:

წერეთელი, გიორგი 1942. „არმაზის ბილინგვა.“ ენიმკის მოამბე 13: 1-83.

ჯავახიშვილი 1977- იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჯავახიშვილი 1944. ბასილი ეზოსმოძღვარი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამოცემა ივანე ჯავახიშვილისა. ივ. ჯავახიშვილის მასალა დასაბეჭდად მოამზადეს ნათ. ჯავახიშვილმა და მ. კახიძემ. საქართველოს ისტორიის ორიგინალური წყაროები. A. ისტორიკოსები. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ტექსტი იმავე წელს დაიბეჭდა პერიოდულ გამოცემაში ენიმკის მოამბე 14 (1944): 317-357.

ჯავახიშვილი, ივანე 1923. „ახლად აღმოჩენილი ქართლის ცხოვრება და თამარ მეფის მეორე აქამდის უცნობი ისტორიკოსის თხზულება.“ თსუ მოამბე 3: 186-216

Дондуа, Варлам Дариспанович и Мамиса Максимовна Бердзнишвили 1985. Жизнь царицы цариц Тамар. Перевод и введение В. Д. Дондуа. Исследование и примечания М. М. Бердзнишвили. Памятники грузинской исторической литературы V. Тбилиси: Мецниереба

Дондуа, Варлам Дариспанович 1938. „Жизнь царицы цариц Тамар.“ Перевод и введение В. Д. Дондуа. კრებულში: Памятники эпохи Руставели. [сборник к открытию выставки "Эпоха Руставели" в залах Эрмитажа]. Ленинград: Издательство Академии наук СССР, 356-388.


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი