ირმა ყარაულაშვილი
ჟამთააღმწერელი
ტექსტის ორიგინალური სათაური: ქც-ში მოცემული არ არის.
ივანე ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ თხზულების „ავტორი ისტორიასა და ისტორიის წერას :ჟამთააღმწერლობა“-ს ეძახის, ხოლო ისტორიკოსს „ჟამთააღმწერელი“-ს სახელს უწოდებს.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 249). მიუხედავად იმისა, რომ ჯავახიშვილი მხოლოდ თხზულების ავტორს მოიხსენიებს ჟამთააღმწერლად, ხოლო თავად ნაწარმოებს „ჟამთააღმწერლის თხზულებას უწოდებს, სამეცნიერო ლიტერატურაში თხზულების სათაურად ჟამთააღმწერლობა დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც პავლე ინგოროყვამ იგი ამ ნაწარმოების სათაურად მიუთითა (ინგოროყვა 1963, გვ. 118-119).
XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა თედო ჟორდანიას მიერ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს დაწერილი ჟამთააღმწერლის თხზულების ანალიზის შემცველი სტატია, რომელშიაც მკვლევარმა თხზულებას ასის წლის/ასწლოვანი მატიანე უწოდა (ჟორდანია 1967, გვ. 563-564). ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე - ასე დაასათაურა ნარატივი რევაზ კიკნაძემ და მიუთითა, რომ „ეს მოხდენილი სათაური თითქმის ზუსტად ასახავს ფაქტობრივ ვითარებას,“ ვინაიდან „თხზულებაში გადმოცემულია საქართველოს ისტორია ასზე ცოტა მეტი ხნისა.“ (კიკნაძე 1987, გვ. 11).
ტექსტი მოიხსენიება აგრეთვე, როგორც მონღოლთა დროინდელი მატიანე.
თხზულების დაწერის დრო: XIV საუკუნის პირველი ნახევარი (კიკნაძე 1987, გვ. ??).
თხზულების ავტორი: უცნობი. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, ისტორიკოსს უნდა ეცხოვრა გიორგი V-ს შემდგომ პერიოდში და, სავარაუდოდ, „მისი მოადგილეების მეფობასაც მოსწრებია.“ მკვლევარი მისი მოღვაწეობის პერიოდად XIV საუკუნეზე გვიანდელ პერიოდს არ მოიაზრებს. (ჯავახიშვილი 1977, გვ. 248).
სხვა მეცნიერთა მოსაზრებები იხ. ქვემოთ.
თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: თხზულებაში გაშუქებულია XIII საუკუნის თამარის მეფობის შემდგომი პერიოდის საქართველოს ისტორია და მომდევნო საუკუნის საწყისი პერიოდი. პავლე ინგოროყვას თქმით, „მოთხრობა იწყება მეფის თამარის გარდაცვალებიდან და მოყვანილია გიორგი ბრწყინვალის დრომდე (1212 წლიდან - 1316 წლამდე).“ (ინგოროყვა, გვ. 118-119). ბაბილინა ლომინაძის თანახმად, თხზულება „იწყება ლაშა გიორგის მეფობით და მთავრდება გიორგი V ბრწყინვალის გამეფების აღწერით.“ (ლომინაძე 1979, გვ. 18). რევაზ კიკნაძის განმარტებით, თხრობა მიმდინარეობს „გიორგი IV ლაშას ტახტზე ასვლიდან 1317 წლამდე,“ უფრო ზუსტად კი, „წყდება ილხან ოლჯეითუ ხოდანაბას გარდაცვალების ამბებზე.“ (კიკნაძე 1987, გვ. 10; 20). თედო ჟორდანიას თქმით, თხზულებაში მოვლენები გადმოცემულია “ლაშა გიორგიდან გიორგი ბრწყინვალემდე, ე.ი. 1213-1314 წ. დაახლოვებით.“ (ჟორდანია 1967, გვ. 563).
ვახუშტი ბატონიშვილმა თავის აღწერა სამეფოსა საქართველოსაში ივარაუდა, რომ ჩვენამდე შემორჩენილი ტექსტი ნაკლულია და მასში თავდაპირველად გიორგი ბრწყინვალის მეფობის (ანუ, 1318-1346 წლების) ამსახველი მონაკვეთიც უნდა არსებულიყო, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა. (ქც (ყაუხჩიშვილი) 1973, გვ 192=კიკნაძე 1984, გვ. 148)
თედო ჟორდანია ჟამთააღმწერლის თხზულებას ჯაყელთა მატიანეს უწოდებს, რომლის ავტორსაც წარმომავლობით მესხად თვლის. მკვლევრის აზრით, ნაწარმოები უნდა დაეწერათ „სარგის ციხიჯვარელს,“ რომელიც სამცხის სპასალარი იყო (გარდაიცვალა დაახლ. 1285 წელს) და მის შვილს ბექას; ისინი თხზულებაში იხსენიება (ჟორდანია 1967, გვ. 581-583). ჟორდანია ნარატივში განარჩევს ორი ნაწილს: პირველ ნაწილში, რომელსაც ის „უდიდეს ნაწილსაც“ უწოდებს (იქვე, გვ. 584), „აღწერილია „სარგისის საქმენი,“ ხოლო მეორეში - ბექასნი. ცხადია, რომ მემატიანეს სახეში ჰყავს უმთავრესად ჯაყელთა ოჯახობა და მათი სამფლობელო - სამცხე საათაბაგო, თუმცა ნიჭიერებამ მემატიანემა და მისმა შორს მჭვრეტელობამ მატიანეს ქვეყნიური მნიშვნელობა მისცა,“ აცხადებს მკვლევარი. (იქვე, გვ. 583).
მკვლევრის მოსაზრებით, ამ თხზულებას, რომელსაც „ცხადად ატყვია ერთის კალმის რედაქცია,“ სარედაქციო ცვლილებები გიორგი ბრწყინვალისა და კათალიკოს ევთიმის დროს, ანუ დაახ. 1304-1320 წლებში განუცდია. მკვლევარს მატიანის რედაქტორად, რომელსაც ჯაყელთა მატიანეში ცვლილებები შეუტანია, „“ვინმე მოძღვარი ვარძიისა“ და/ანდა „მისი ერთ-ერთი მოადგილე - სხვა ვარძიელი წინამძღვარი“ ესახება. (ჟორდანია 1967, გვ. 654-656). ეს „ვარძიელი“ „უბრალო ბერი ყოფილა, დიდ-დიდ ამბების თვითმხილველობა და მით უმეტეს თან-დასწრება მას არ შეეძლო.“ მას დამოუკიდებელი თხზულება არ დაუწერია, მაგრამ გამოიყენა „ჯაყელის გვაროვნების მატიანე... რომელიც მას შეუმსია და გაუგრძელებია.“ (იქვე, გვ. 576).
თავად „მემეტიანე-ჯაყელნი“ კი, ჟორდანიას ფიქრით, მათ მიერ აღწერილი ამბების „თვითმხილველნი და დამსწრენიც“ ყოფილან და მათ მიერ ამბების მოკლე, კონკრეტული გადმოცემა განსხვავდება „ვარძიელის“ თხრობისაგან, რომელთანაც „პრტყელ-პრტყელი ფრასები ბევრია, ამბები მოთხრობილია გაზვიადებული გამრავალ-სიტყვიერებულ ენით, ცნობები-კი შიგ ცოტა ჰყრია.“ განირჩევა მხოლოდ რამდენიმე ადგილი, „რომელნიც „ვარძიელს“ შეუტანია თანამედროვეთაგან აწერილ მზა-მზარეულ ცნობათაგან.“ (იქვე, გვ. 580-581). ამასთან, „“ვარძიელს“ არ დაუმახინჯებია მატიანე, არამედ უფროც გაუვრცელებია იგი; როგორც ბერს მას რელიგიური აზრი გაუტარებია მატიანეში (როგორც ძველ აღთქმის საისტორიო წიგნებში) და აი ამას ცოტა დაუბნელებია ნამდვილი მოთხრობა ჯაყელისა.“ (იქვე, გვ. 584).
ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით, „ეს უზარმაზარი ისტორია ერთი კაცის დაწერილი უნდა იყოს.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 246). მკვლევრის აზრით, ქც-ში შეტანის დროს თხზულებისათვის შესავალი ნაწილი უნდა მოეკვეცათ, რომლის დროსაც უნდა დაკარგულიყო თხზულების სათაური და ინფორმაცია მისი ავტორის შესახებ. ჯავახიშვილმა ისიც ივარაუდა, რომ თხზულებას, შესაძლოა, „მარტო შესავალი კი არ აკლდეს, არამედ მთელი წინა ნაწილიც, რომელშიაც შეიძლება წინანდელ მეფეთა მოღვაწეობა ყოფილიყო მოკლედ მოთხრობილი,“ სხვა თუ არა, თამარის მეფობის ისტორია მაინც. (იქვე, გვ. 249).
სიმონ ყაუხჩიშვილის დაკვირვებით კი, თხზულებას აკლია არა მხოლოდ დასაწყისი, არამედ ბოლოც. მკვლევარმა გაიზიარა ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნარატივის ბოლო ნაწილში თავდაპირველად მოცემული უნდა ყოფილიყო გიორგი ბრწყინვალის ისტორია. (ქც (ყაუხჩიშვილი) 1959, გვ. 021). ვახუშტის ეს ვარაუდი გაიზიარა აგრეთვე ბაბილინა ლომინაძემაც, რომელმაც გიორგი ბრწყინვალის მეფობის შესახებ „თხზულების ბოლო ვრცელი ნაწილი“ ქც-ში შეტანისას, „წინა თხზულებაზე გადაბმის მიზნით“ რედაქტორთა მიერ ჩამოცლილად მოიხსენია (ლომინაძე 1979, გვ. 18).
ივანე ჯავახიშვილის თქმით, ჟამთააღმწერელი თავის თხზულებას, ისევე, როგორც სხვა ქართველი ისტორიკოსები, გარკვეული გეგმით წერს (იქვე, გვ. 260). კონსტანტინე გრიგოლიას თქმით, „სწორედ მკაცრი გეგმიანობისა და მჭიდრო შინაგანი კავშირის წყალობით ჟამთააღმწერლის თხზულება ერთიანი მონოლითური ძეგლის შთაბეჭდილებას ახდენს და მის ნაწილებს შორის საკმაო მთლიანობა იგრძნობა „(გრიგოლია 1968, გვ. 96). რევაზ კიკნაძის დაკვირვებით, „თხზულება ერთი ავტორის მიერ, ერთდროულად არის დაწერილი.“ ისტორიკოსს გააზრებული აქვს თხზულების დაწერის მიზანი და საგანი, მან წინასწარ იცის, რა უნდა დაწეროს. „ამას მოწმობს ის შინაგანი კავშირები, რაც მრავლად გვხვდება ჟამთააღმწერლის თხზულებაში. ავტორს კარგად ახსოვს ისიც, რაც უკვე თქვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და წინასწარ იცის ისიც, თუ შემდგომში რაზე ექნება საუბარი თავისი ნაშრომის ფურცლებზე.“ (კიკნაძე 1987, გვ. 20).
ბაბილინა ლომინაძის აზრით, ავტორს თხზულება „ქრონოლოგიურად და თემატურად“ ორ ძირითად ნაწილად უნდა დაეწერა. პირველი ნაწილი მოიცავს თხზულების ჩვენამდე მოღწეულ მონაკვეთს, ანუ იმ ხანას, „ვიდრე ქართველებს „მიეცა ძლევა თათართა ზედა“,“ ხოლო მეორე ნაწილში მოთხრობილი უნდა ყოფილიყო თავად ძლევის პერიოდი, ანუ „გიორგი ბრწყინვალის ჟამი.“ მკვლევრის ვარაუდით, თხზულების პირველ ნაწილში შემორჩენილია ავტორის მიერ მოხსენიებული „შემთხვევით და აქა-იქ თითო-თითო წინადადება“ მეორე ნაწილიდან. (ლომინაძე 1979, გვ. 19-20).
კირილ თუმანოვის თქმით კი, თხზულება, რომელსაც იგი, მოსე ჯანაშვილის დარად, მონღოლთა შემოსევის ისტორიას უწოდებს, შეიძლება სამ ძირითად ნაწილად გაიყოს:
პირველ ნაწილში შედის პერიოდი რომელსაც „წინარე-მონღოლური“ შეგვიძლია ვუწოდოთ და მოიცავს გიორგი IV-ის, ანუ ლაშა-გიორგის (1212-1223) და მისი დის, რუსუდანის (1223-1245) მეფობის ამბავს.
მეორე ნაწილი აღწერს მონღოლთა შემოსევისა და მათ მიერ ქვეყნის დაპყრობის ამბავს და მოიცავს რუსუდანის, დავით IV-ედ (1250-1258; - იგულისხმება დავით VI ნარინი - ი.ყ.), დავით V (1250-1269; - იგულისხმება დავით VII ულუ - ი.ყ.), დემეტრე II თავდადებულის (1273-1289), ვახტანგ II-ის (1289-1292), დავით VI-ს (1292-1299; -იგულისხმება დავით VIII- ი.ყ.), გიორგი V-ს (1299-1301), ვახტანგ III-ის (1300-1307) და გიორგი VI მცირის (1307-1318) მეფობის ამბავს
მესამე ნაწილში კი მიმოხილულია ქვეყნის აღორძინების ამბავი, რომელიც გიორგი V-ს მეორე გამეფების ამბით იწყება (1318-1346). მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, თხზულების დასაწყისი ნაწილი და მისი ბოლო მონაკვეთი, რომელიც გიორგი ბრწყინვალის მეფობას აღწერას შეიცავდა, არ შემონახულა. დაიკარგა აგრეთვე მწერლის სახელიც, რომელიც, თუმანოვის თქმით, „მეფის ახალგაზრდა თანამედროვე“ უნდა ყოფილიყო. (Toumanoff 1943, გვ. 176).
თხზულების კვლევის ისტორია: ვაჟა კიკნაძის დაკვირვებით, „ჟამთააღმწერლის თხზულების პირველი სერიოზული მკვლევარი და შემფასებელი“ ვახუშტი ბაგრატიონი იყო, რომელმაც სცადა დაედგინა როგორც თხზულების თავდაპირველი კომპოზიცია, ისე მასში გადმოცემულ რიგ მოვლენათა ქრონოლოგია. (კიკნაძე 1984, გვ. 148).
მოსე ჯანაშვილმა, რომელიც თხზულებას მოიხსენიებს, როგორც ამბავი ჩინგიზ-ყაენისა, თუ ვითარ გამოჩნდეს ქვეყანასა აღმოსავლეთისასა, თვითმხილველისა (ჯანაშვილი 1903, გვ. 11), ანდა როგორც მონღოლთა შემოსევის ისტორიას, აღნიშნული აქვს, რომ თხზულება მოიცავს საქართველოს ისტორიას 1222 წლიდან 1289 წლამდე (Джанашвили 1905, გვ. 125). მკვლევრის აზრით, ისტორია შედგენილია მოვლენათა თვითმხილველის მიერ, რომელსაც კარგად უნდა სცოდნოდა მონღოლური ენა, ვინაიდან თხზულებაში მთლიანი ფრაზებია ამ ენაზე მოყვანილი. ჯანაშვილის თქმით, მწერალი საკმაოდ ობიექტურია; მას არ ეშინია „ამა ქვეყნის ძლიერთა“ და როდესაც იგი რუსუდანის (რომელსაც მკვლევარი „საქართველოს ბოროტ გენიას“ უწოდებს) ისტორიას გადმოგვცემს, იგი არ ერიდება მისი უღირს საქციელთა გაკიცხვას. მკვლევრის დაკვირვებით, ავტორს მოხსენებული ჰყავს რამდენიმე XIII საუკუნის სხვა ქართველი ქრონისტიც, რომლებსაც იმოწმებს, როცა მის მიერ გადმოცემული ამბების საკუთარი თვალით არ აქვს ნანახი. მაგ., თხზულებაში იძებნება ფრაზა: „ვითარცა დასწერს ვინმე მღვიმელი,“ და მოკლედ არის გადმოცემული შალვა ახალციხელის მარტვილობის ამბავი (ჯანაშვილი 1903, გვ. 11; Джанашвили 1905, გვ. 124-125)
ჯანაშვილის ფიქრით, ნაწარმოების ავტორი წარმოშობით მესხეთიდან უნდა ყოფილიყო, რაზეც მის მიერ თხზულებაში გამოყენებული ფრაზეოლოგია უნდა მოწმობდეს. მკვლევარმა ნარატივის ავტორად XIII საუკუნის ცნობილი მწიგნობარი, აბუსერიძე ტბელი მიიჩნია: „თვით აბუსერიძე, ვგონებ, არის ის მესხი, რომელმაც დაგვიტოვა საქართველოში ჯალალედინის და მონღოლთა შემოსევის ამბავი.“ (ჯანაშვილი 1903, გვ. 12, 27; Джанашвили 1905, გვ. 125; 143).
ივანე ჯავახიშვილის აზრით, თხზულების ავტორი ამჟღავნებს „ეროვნულ სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობას,“ და, იმავდროულად, „სარწმუნოებრივიც მეტად მგძნობიარე აქვს,“ რაც განსაკუთრებით დემეტრე თავდადებულის ამბის გადმოცემისას იგრძნობა. ავტორის მსჯელობა „სწორე და ფხიზელია,“ თუმცა რელიგიური საკითხების აღწერისას იგი „ბავშვურს გულუბრყვილობას“ ავლენს. (იქვე, გვ. 250). მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟამთააღმწერელი „ქვეყნის გაოხრების მიზეზად საქართველოს მმართველი წრეების უდარდელობასა, უწესობასა და ერის ზნეობრივ დაცემას აღიარებს... იგი მარტო გარეგან პირობებს, მტრის შემოსევას არ აბრალებს ყველაფერს... უმთავრეს მიზეზად თვით ქვეყნის შინაურს მდგომარეობას, თვით ქართველთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ გათახსირებულ ცხოვრებას ასახელებს... მონღოლთა ბატონობის დამღუპველ გავლენასაც იგი არ უარჰყოფს, არამედ საქართველოს იმდროინდელი ცხოვრების ბევრ მოვლენას მონღოლების მართვა-გამგეობის შედეგადა სთვლის.“ (იქვე, გვ. 253). ზოგადად კი, იმ უბედურებას, რაც ქვეყანას მონღოლთა სახით თავს დაატყდა, ავტორი „უზენაესი განგების სასჯელად“ მიიჩნევს, რომელიც „მთელი ერის ზნეობრივი დაცემის“ გამო მოავლინა უფალმა და რომელმაც „ხალხი გონზე მოიყვანა.“ (იქვე).
ივანე ჯავახიშვილის თქმით, „წინანდელ ქართველ ისტორიკოსთა ნაწარმოებში არ მოიპოვება არც ერთი იმგვარი ღრმა სასოწარკვეთილებით გამსჭვალული აზრები, რომელიც გამოთქმული აქვს ჩვენს ჟამთააღმწერელს.“ თხზულებაში გატარებულია ამქვეყნიური ცხოვრების წარმავლობისა და საიქიო მარადიული ცხოვრების მოტივი, რაც ჩვეულებრივი იყო ქართული საეკლესიო მწერლობისათვის, მაგრამ „პოლიტიკურ აზროვნებაში საქართველოში წინათ არას დროს ყოფილა მიღებული და პირველად ჩვენს ავტორის აქვს ისტორიაში შეტანილი.“ როგორც მკვლევარი მიგვითითებს, მონღოლებმა იმდენად დიდი დაღი დაასვეს საქართველოს, რომ „შემდეგ საუკუნეებში ეს აზრი პოლიტიკურ მსჯელობაშიც გაბატონდა, ასე ძირიანად შეირყა ქართველი ერის პოლიტიკური რწმენა.“ (იქვე, გვ. 254-255).
ჯავახიშვილის აზრით, ჟამთააღმწერელს თხზულების წერისას მრავალი ჩვენამდე მოუღწეველი წყარო აქვს გამოყენებული, რომელთა ნაწილსაც ავტორი თხზულებაშივე ასახელებს, მათ შორისაა ვინმე „ბერი მღვიმელის“ მიერ დაწერილი ამბავი ჯალალედინის მიერ თბილისის აღებისა, „წიგნი მეფეთა ბაღუაშისთა და ნათესავთა მისთა,“ მონღოლთა შემოსევის აღმწერ „თანადამხუდარი“ ცნობების შემცველი წყარო, დავით ნარინისა და დავით ულუს მეფობის შემცველი “ყოველთა-აღმწერელის“ თხზულება. ჩამოთვლილ ნაშრომთა გარდა, მეცნიერის მოსაზრებით, ნარატივის ავტორს ხელთ უნდა ჰქონოდა „იმდროინდელი ხალხის აღწერისა და შემოსავლის დავთრები და გადასახადისა და ბაჟის წიგნები;“ უნდა ესარგებლა მას აგრეთვე ზეპირი გადმოცემებითაც. ამ „თქმულებებს“ ავტორი ძირითადად მაშინ უნდა იყენებდეს, „როცა მას სამეფო სახლის შინაურ და საიდუმლო საქმეების დასურათება ჰსურს.“ (იქვე, გვ. 255-256). ისტორიკოსი განათლებული მწერალია, იცნობს „ძუელ წიგნებს,“ ბერძენ ისტორიკოსთაგან ასახელებს, მაგ., ჟამთააღმწერელ/მრავალმომთხრობელ იოსიპოსს. იცის მან, როგორც ჩანს, აგრეთვე „მონღოლებისა და მათ მეტომეთა საისტორიო მწერლობაც... სცოდნია სხვათა შორის უიღურთა ანბანი და „წერილი“.“ იგი მონღოლთა წელთაღრიცხვასაც იცნობს, იცის „მისი წესი და რიგი, გაუგია, რა საფუძველზეა ეს აღრიცხვა დამყარებული.“ მოყვანილი აქვს მას თხზულებაში აგრეთვე სპარსული წინადადებაც, რაც იმაზე მოწმობს, რომ მან სპარსულიც იცოდა. (იქვე, გვ. 257-259).1
ჯავახიშვილის თქმით, ავტორი მექანიკურად და „მონურად“ არ სარგებლობს მის ხელთ არსებულ წყაროებიდან ამოღებული ინფორმაციით. ამ ცნობებს იგი მხოლოდ „კრიტიკულად განხილვის შემდეგ“ იყენებს, ხოლო როდესაც წყაროთა ცნობები ეწინააღმდეგება უტყუარ საბუთებში მოცემულ ინფორმაციას, ავტორი მათ „არ შეიწყნარებს.“ (ქვე, გვ. 260). ამასთან, „მას კარგად ესმის, რომ ისტორიის, ანუ „ჟამთააღმწერლობის“ მიზანი „ჭეშმარიტ[ებ]ის მეტყველება არს“ და უნდა შეიცავდეს როგორც „კეთილის მოქმედთა,“ ისე „ბოროტის მოქმედთა“ ღვაწლის აღწერილობას.“ (იქვე, გვ. 249)
ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, „ჟამთააღმწერლის ღირსებას მისი მიუდგომლობა და პირუთვნელობა შეადგენს.“ თხზულება სანდო წყაროს წარმოადგენს, იგი შინაარსიანია და „თვით მოთხრობის ასპარეზი ფართოა: იქ საქართველოს მარტო პოლიტიკური თავგადასავალი კი არ არის აღწერილი, არამედ სახელმწიფო ცხოვრება და წესწყობილებაც ცხოვლად არის დახატული.“ თხზულებაში მოიპოვება ქვეყნის წეს-წყობილების, სოციალური და სამეურნეო ცხოვრებისა ამსახველი მრავალი ცნობა. მკვლევრის აზრით, ამ თხზულებაში შემონახულ ცნობათა მნიშვნელობა „იმიტომ უფრო ორკეცდება, რომ საუკუნის საბუთები ცოტაა შერჩენილი და ბევრს შემთხვევაში ეს თხზულება მკვლევართათვის ერთად-ერთი წყაროა.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 261-262).
პავლე ინგოროყვა ნაშრომის, რუსთველიანას მეხუთე კარში, რომელიც ეძღვნება „ჟამთა-აღმწერლის თხზულებაში დაცულ ცნობებს შოთას შესახებ,“ აღნიშნავს, რომ ჟამთააღმწერლობა არის ჩვენამდე XIII-XIV საუკუნებიდან მოღწეული „მთავარი ისტორიული ნაწარმოები,“ რომლის ავტორიც, როგორც თავად ნაწარმოებიდან ჩანს, თვითმხილველია „საქართველოში მონგოლთა მფლობელობისა.“ მკვლევრის ვარაუდით, „მისი დაბადება და ახალგაზრდობის წლები უნდა მიეკუთვნოს მე-13 საუკუნის ბოლოს და მე-14 საუკუნის პირველ წლებს.“ თავად თხზულება, მასში არსებული რეალიების საფუძველზე, ინგოროყვას XIV საუკუნის შუა წლებში დაწერილად მიაჩნია. ხოლო ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით მკვლევარი აღნიშნავს, რომ, მართალია ტექსტში მის „შესახებ პირდაპირი ცნობები არ შენახულა, მაგრამ თვით თხზულებაში დაცული დეტალების მიხედვით ირკვევა, რომ ავტორი ეკუთვნოდა დიდგვარიან ფეოდალთა თორელთა გვარეულობას.“ (ინგოროყვა 1963, გვ. 118-119). ინგოროყვა იმასაც აღნიშნავს, რომ „ამ თხზულებაში შეინიშნება გარკვეული კლერიკალური ელფერი,“ რის შედეგადაც ისტორიული მოვლენების გაშუქებას ტენდენციურობა ეტყობა. თუმცაღა, სწორედ ნარატივის ამგვარი ელფერის გამო მკვლევარი ასკვნის, რომ თხზულების ავტორი, რომელიც ერისკაცობაში „სახელმწიფოს მმართველ წრეებთან დაახლოვებული პირი“ უნდა ყოფილიყო, თხზულების დაწერის პერიოდისათვის ბერად უნდა ყოფილიყო შემდგარი. მკვლევარი თხზულებასაც მონასტერში დაწერილად მიიჩნევს. ინგოროყვას დასკვნით, „“ჟამთა-აღმწერელობის“ ტექსტის ზოგიერთი რეალიების მიხედვით საფიქრებელია, რომ ავტორი მოღვაწეობდა კლარჯეთში, „საქართველოს სინაჲს“ თორმეტ მონასტერთა ჯგუფის მთავარ სავანეში, ოპიზის სახელგანთქმულ მონასტერში.“ (იქვე, გვ. 119, შენ. 1).
ნიკო ბერძენიშვილი ეთანხმება ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ ჟამთააღმწერელს ნარატივში მოცემული აქვს „სწორი და ფხიზელი, დამოუკიდებელი, მსჯელობა.“ ნაწარმოების ავტორი „ეძებს საქართველოს დაცემის მიზეზებს“ და ფიქრობს, რომ ძირითად მიზეზს „სამეფო კარის ზნეობრივი დაცემა (ლაშა-რუსუდანი)“ წარმოადგენს. მონღოლთ გამარჯვებას კი იგი პროვიდენციალიზმით ხსნის და მიაჩნია, რომ მონღოლთა შემოსევა „ქართველთ დასჯა იყო ცოდვათა გამო.“ ავტორი „ქართველთა დამარცხების მიზეზებს მარტო მტრის სიმძლავრეში კი არ ხედავს, არამედ თვით ქართველი ერის შინაურ მდგომარეობაში (ზნეობრივი გახრწნა).“ (ბერძენიშვილი 1979, გვ. გვ. 201). მკვლევრის დასკვნით, „ჟამთააღმწერელი მესხი უნდა იყოს. მის კალამს უნდა ეკუთვნოდეს თამარის „მეორე ისტორია“.“ (იქვე).
სიმონ ყაუხჩიშვილი მიგვითითებს, რომ „ჟამთააღმწერელი სამართლიანად ითვლება დიდი მასშტაბის ისტორიკოსად,“ რომელიც გამოირჩევა ფართო განათლებით, ქართული და უცხოური წყაროების კარგი ცოდნით და ამ წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. (ქც (ყაუხჩიშვილი 1959, გვ. 023). კირილ თუმანოვი კი ფიქრობს, რომ „ჟამთააღმწერელი იჩენს დიდ მიუკერძოებლობას მონღოლთა მიმართ და თამამად აკრიტიკებს ქართველ მეფეებს.“ (Toumanoff 1943, გვ. 176).
კონსტანტინე გრიგოლიას აზრით, ეჭვგარეშეა, რომ თხზულების ავტორის „ადგილსამყოფელი სამცხეა და სწორედ იქ წერდა თავის ქვეყნის ისტორიას.“ მის თხზულებაში იგრძნობა ტენდენცია „რაც შეიძლება ლამაზ ფერებში ხაზგასმით წარუდგინოს თავის მკითხველს სამცხის მესვეურთა (ათაბაგების) მათი ხელქვეითთა და, საერთოდ, მესხთა ღვაწლი და დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.“ (გრიგოლია 1968, გვ. 69). მისთვის კარგად არის ნაცნობი აჭარა-მესხეთის მთებიც, რის საფუძველზეც მკვლევარი ასკვნის, რომ „ჟამთააღმწერელი არა მარტო თავისი წარმოშობით, არამედ მოღვაწეობითაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთან დაკავშირებული პიროვნებაა.“ (იქვე, გვ. 73). ხოლო ის ფაქტი, რომ ისტორიკოსი თავის თხზულებაში მსჯელობს ამქვეყნიური ცხოვრების ამაოების შესახებ, დიდ ყურადღებას ამჟღავნებს „წმინდანებისა და მათი ხატების სასწაულთმოქმედებისადმი“ და კარგად ერკვევა საეკლესიო ტიპიკონში, მის სამღვდელო წოდებისადმი კუთვნილებაზე მიგვანიშნებს. (იქვე, გვ. 74-76). ამასვე უნდა მეტყველებდეს ის გარემოება, რომ ავტორი ახსენებს „მეფეთა და დიდებულთა მიერ, ეკლესია მონასტრებისათვის ოდინდელი შეწირული მამულების გამოწირვის“ ტრადიციას. მკვლევრის თქმით, სწორედ ეს გამოწირვა, ანუ წართმევა „აღმოჩნდა ძალთა და აზრთა გამყოფი ის ძირითადი ხაზი, რომელმაც XIII საუკუნის საერო და სასულიერო ქართველი ფეოდალები მკვეთრად დაუპირისპირა ერთიმეორეს.“ და ვინაიდან ჟამთააღმწერელი ამ პრაქტიკას “ისეთ „უწესობად“ და „ბოროტებად“ აცხადებს, რომელმაც მისი კონცეფციით, დიდი უბედურება მოუტანა როგორც სამეფო სახლს, ასევე მთელ საზოგადოებას,“ იგი უდავოდ უნდა იყოს არა საერო, არამედ სასულიერო ფენის წარმომადგენელი. (იქვე, გვ. 77-78). ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ თხზულების ავტორი „სამცხისა და აწყურის საყდარზე გამოყოფით ლაპარაკობს,“ გრიგოლიას დასკვნით, „ის XIV საუკუნის შუა წლების ერთ-ერთი მაწყვერელი ან უფრო ოპიზარ-მაწყვერელი უნდა ყოფილიყო.“ (იქვე, გვ. 79-80).
გრიგოლია იმასაც აღნიშნავს, რომ ჟამთააღმწერლის მსოფლმხედველობას, როგორც შეესაბამება შუასაუკუნეების მწერალ-ისტორიკოსს, ბიბლია და დაბადების წიგნი განსაზღვრავს. ავტორის კონცეფციით, როგორი „მრავალსახოვანიც“ არის ხალხის შეცოდება უფლის წინაშე, ისეთივე მრავალსახოვანია ამ შეცოდებულთა მიმართ „ზეგარდმო“ რისხვაც. „გარდა დუალიზმისა, ჟამთააღმწერელს ღრმად სწამს დაბადების მეორე ძირითადი პრინციპი - პროვიდენციალიზმიც,“ რომლის თანახმადაც ყველაფერი „“ზეგარდამო“ განგებით (ღვთის მიერ) წინასწარ არის განსაზღვრული.“ (იქვე, გვ. 82-83). ამასთან, მკვლევრის თქმით, „ჟამთააღმწერელი პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომელიც ოფიციალურ საბუთებს მიმართავს, როგორც წყაროს, და ისტორიული მოვლენის გაშუქების დროს მათ ჩვენებაზე ემყარება.“ (იქვე, გვ. 89).
გრიგოლიას აზრით, ჟამთააღმწერელი, თავისი განცხადებით, რომ „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყუელება არს და არა თუალთ-ასხმა ვისთჳსმე,“ აცხადებს, რომ მისთვის „ისტორიული კვლევა-ძიების ქვაკუთხედს მაქსიმალური ობიექტურობა და იდეალური პირუთვნელობა“ წარმოადგენს. რამდენად სრულყოფილად ახერხეს იგი ამ პრინციპის განხორციელებას, ეგ სხვა საქმეა, თავად ამ პრინციპის გამოყენების წყალობით ჟამთააღმწერელი „დავითის ისტორიკოსის ღირსეული გამგრძელებელი ჩანს.“ (იქვე, გვ. 94). მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ „ჟამთააღმწერელი მხატვრული შედარების დიდი ოსტატია. მართალია, მას ასეთი შედარებების შემთხვევები ხშირად არ აქვს, მაგრამ, რაც არის, ზედმიწევნით მკაფიო და დამახასიათებელია.“ (იქვე. გვ. 97). მკვლევრის დასკვნით, ასწლოვანი მატიანის ავტორის თხზულებაში მოტანილი ინფორმაციიდან „თითქმის ყველაფერი (რასაკვირველია, სასწაულებისა და სხვა, ბიბლიური არგუმენტების გარდა), პირდაპირ თუ არაპირდაპირ დამოწმებას ძალიან ხშირად“ სხვა წყაროებშიც პოულობს, რაც ჟამთააღმწერლის თხზულებას „უთუოდ სანდო ისტორიულ წყაროდ“ წარმოგვიდგენს. (იქვე, გვ. 105).
გივი წულაიას მოსაზრებით, თხზულების ავტორი უნდა იყოს გიორგი ბრწყინვალის უმცროსი თანამედროვე, თავად თხზულება კი XIV საუკუნის შუა წლებზე ადრე ვერ დაიწერებოდა, ვინაიდან ნაწარმოებში იხსენიება თურქული ტოპონიმი „ყარაბაღი,“ რომელმაც ადგილობრივი სახელი „არანი“ სწორედ ამ პერიოდში ჩაანაცვლა. ძველ ქართველ მწერალთ ჟამთააღმწერელი ძირითადად გადმოცემის სტილითა და მხატვრული მანერით ენათესავება; ამით შემოიფარგლება მისი თხზულების მსგავსება ძველქართულ ისტორიოგრაფიულ ტრადიციასთან, რომელთა „ოპტიმისტური ნაშრომებიც სავსეა პანეგირიკული გამოთქმებით ფეოდალთა და მათ სიუზერენ-მეფეთა მიმართ.“ ასწლოვანი მატიანის ავტორი კი ღრმად განიცდის მონღოლური პერიოდის მკაცრ რეალობას და საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი. იგი არ ერიდება მეფეებსა და მთავრებზე თავდასხმას და სწორედ მათ ზნეობრივ დაცემაში ხედავს ქვეყნის გაპარტახების ძირითად მიზეზს. (Цулая 1981, გვ. 112-113).
ვაჟა კიკნაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი თხზულებაში დასახელებული არ არის, ნათელია, რომ იგი იყო „ბევრი აღწერილი მოვლენის თანამედროვე და აშკარად სამეფო კართან დაახლოებული პირი. იგი უთუოდ აქტიური თუ პასიური მონაწილე უნდა ყოფილიყო მისგანვე აღწერილი მოვლენებისა (მხედველობაში გვაქვს რასაკვირველია, XIII ს. მიწურული და XIV ს. დასაწყისი, როდესაც მატიანე იწერებოდა).“ (კიკნაძე 1984, გვ. 148). მკვლევარი ეთანხმება მეცნიერთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ჟამთააღმწერელი სასულიერო პირია; მისი თქმით, „თხზულების აგების პრინციპი, იდეოლოგია და ბიბლიის ბრწყინვალე ცოდნა, ამ აზრს უჭერს მხარს.“ (იქვე). კიკნაძის აზრით, თხზულების შიდა მონაცემები, კერძოდ კი „დემეტრე II-ის დასჯის მატიანისეული აღწერილობა,“ იძლევა ნაწარმოების ავტორის იდენტიფიკაციის საშუალებას. აშკარაა, რომ ეს მონაკვეთი მოვლენების თვითმხილველისა და უშუალო მონაწილის მიერ არის აღწერილი. (იქვე, გვ. 151) მკვლევრის ფიქრით, თხრობის ამ მონაკვეთში, „თითქოსდა სხვათაშორის და უადგილოდ“ ჩნდება ინფორმაცია, რომ „ურდოში დემეტრესა და დავითს „წარჰყვა თანა მღვდელ-მონაზონი, გაზრდილი მისი (დემეტრესი) მოსე.“ სწორედ ეს „მოსე ღვდელი, რომელიც არაოდეს განეშორებოდა დავითს,“ მიაჩნია ვაჟა კიკნაძეს „ამ ასწლიანი მატიანის“ ავტორად. (იქვე, გვ. 152-153). მღვდელ-მონაზონი მოსეს მოღვაწეობის პერიოდი მას განსაზღვრული აქვს, როგორც XIII საუკუნის ბოლო ათეული, „ვიდრე XIV ს. 30-იან წლებამდე.“ (იქვე, გვ. 157).
როგორც უკვე ითქვა, ჟამთააღმწერლის თხზულება 1987 წელს გამოსცა რევაზ კიკნაძემ. თხზულების დაწერის დროსთან დაკავშირებით მკვლევარმა ივარაუდა, რომ იგი XIV საუკუნის პირველ ნახევარში უნდა იყოს შედგენილი (კიკვაძე 1987, გვ. 13). მისი აზრით, ჟამთააღმწერელი სასულიერო ფენის წარმომადგენელია და მის „მუშაობის მეთოდს ახასიათებს ყველა ის ნიშანი,“ რაც ჩანასახოვანი სახით „ძველს ისტორიოგრაფიას უკვე ჰქონდა შემუშავებული,“ კერძოდ კი, „უტყუარობის მოთხოვნა, რეალური ფაქტის გამოყოფა გამონაგონისგან, განსხვავების ძიება მოვლენის გარეგან საბაბსა და მის ნამდვილ მიზეზს შორის და სხვ.“ სწორედ ამ მეთოდების გამოყენების წყალობით ჟამთააღმწერელი „შუა საუკუნეთა საუკეთესო ისტორიკოსთა რიგში“ გვევლინება. კიკნაძის თქმით, მონღოლთ შემოსევის უკიდურესად მძიმე შედეგებმა და თავად ამ „შავბნელმა ხანამ“, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, „წარმოშვა შუა საუკუნეთა ქართულ ისტორიოგრაფიის ყველაზე დიდი წარმომადგენელი მოაზროვნე ისტორიკოსი“ (იქვე, გვ. 16). რამდენად ახერხებს ასწლოვანი მატიანის ავტორი მის მიერ ქადაგებული ობიექტურობისა და პირუთვნელობის დაცვას ცალკე საკითხია; უდავოა, რომ თავად „ჟამთააღმწერლის ფილოსოფიური დებულება, რომ ისტორია ჭეშმარიტების სფეროა“ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. (იქვე, გვ. 17).
მკვლევრის აზრით, არც ერთ სხვა ქართულ ისტორიოგრაფიულ თხზულებაში არ ექცევა „ადამიანის დახასიათების პრობლემას“ ისეთი ყურადღება, როგორც ჟამთააღმწერელთან. სავარაუდოდ, ეს ეპოქის თავისებურებებით უნდა იყოს გამოწვეული; სწორედ ამიტომაც უნდა გაჩენილიყო ძნელბედობის ჟამს დაწერილ თხზულებაში „პიროვნების სულიერი თვისებებით და ადამიანის ყოველმხრივი შეფასება-დახასიათებით“ დაინტერესება. მიუხედავად იმისა, რომ „ავტორმა ვერ აიცდინა გარკვეული შტამპი, ტრაფარეტული გამოთქმები,“ ვინაიდან მის თხზულებაში „ასობით სხვადასხვა პიროვნებაა გამოყვანილი და რამდენიმე ათეული დახასიათებაა მოცემული,“ ავტორმა მაინც მოახერხა, „რომ ყოველი ცალკე პიროვნებისათვის მან განსხვავებული ეპითეტი მოძებნა და ამით გამოარჩია ის სხვისაგან.“ (იქვე, გვ. 19).
მკვლევარმა არ გაიზიარა ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თამარის პირველი ისტორიკოსისა და ჟამთააღმწერლის თხზულებები ჯერ კიდევ ქც-ში შეტანამდე უნდა ყოფილიყო გაერთიანებული (იხ. ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის პირველი ისტორიკოსი). მისი აზრით, კრებულში ჯერ უნდა შეეტანათ ისტორიანი და აზმანი „თამარის მემკვიდრეების, გიორგი ლაშას ან რუსუდანის დროს, XIII ს-ის პირველ ნახევარში,“ ხოლო მოგვიანებით, „დაახლოებით XIV საუკუნის მეორე მეოთხედში, გიორგი V ბრწყინვალის დროს,“ ჟამთააღმწერლის თხზულება, „რომელიც ალბათ საგანგებოდ არის დაწერილი კრებულისათვის და უშუალოდ აგრძელებს თამარის პირველი ისტორიკოსის თხრობას.“ (კიკნაძე 1987, გვ. 15).
მკვლევარი თხზულებას ახასიათებს, როგორც „ოსტატურად შედგენილს,“ რომელშიაც „არ იგრძნობა განსხვავება კომპილაციურ და ორიგინალურ ნაწილებს შორის.“ ავტორი მასალას „როგორც კონცეფციის მიხედვით, ისე სტილისტურად და შინაარსობრივად“ დახვეწილად აერთიანებს. თუმცაღა რევაზ კიკნაძე იმასაც აღნიშნავს, რომ „ფორმის მხრივ ჟამთააღმწერელს არაფერი შეუქმნია ახალი. მის თხზულებაში ისევე არ არის გამახვილებული ყურადღება ნაწარმოების სტრუქტურაზე, როგორც სხვა ძველ ქართულ ისტორიულ ძეგლებში.“ ამასთან, ასწლოვანი მატიანე გამოირჩევა იმ ძველი ქართული ისტორიოგრაფიული თხზულებებისგანაც კი, რომლებიც ღარიბია ქრონოლოგიური მონაცემებით - აქ „არც ერთი ისტორიული მოვლენის თარიღი არ არის პირდაპირ ნაჩვენები.“ ავტორი დათარიღების საკუთარ მეთოდს იყენებს და აღწერილ მოვლენათა ქრონოლოგიის განსაზღვრისათვის იგი ზოგჯერ ასახელებს კარგად ცნობილ ფაქტს მსოფლიო ისტორიაში და მის საშუალებით ახდენს საქართველოში მომხდარი მოვლენის ქრონოლოგიის მინიშნებას, რაც უცხოურ წყაროებში არსებულ ინფორმაციასთან შეჯერების წყალობით ჟამთააღმწერლის მიერ გადმოცემულ მოვლენათა რეალურობის დადგენისა და დათარიღების საშუალებას იძლევა. (იქვე, გვ. 25-27).
ნოდარ შოშიაშვილი, რომელსაც გამოცემული აქვს XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, გრიგოლ აკნერცის/აკანელის ისტორიის თარგმანი, ხოლო თანდართულ გამოკვლევაში მოცემული აქვს ისტორიკოსის ცნობების შეჯერება სხვადასხვაენოვან (სომხურ, ქართულ, ევროპულ და მუსლიმანურ) თანადროულ ცნობებთან, აღნიშნავს, რომ ჟამთააღმწერელი „ძალიან ბევრ ახალსა და სანდო ცნობებს გვაწვდის მონღოლთა შესახებ. იქ, სადაც სხვა წყაროები (სომხური, სპარსული, არაბული), მოკლედ და ზოგჯერ გაუგებრად გადმოგვცემენ საქართველოსთან დაკავშირებულ მონღოლთა ამბებს, ჟამთააღმწერელი დაწვრილებით მოგვითხრობს ხოლმე მათ.“ (შოშიაშვილი 1961, გვ. 76).
გურამ ლორთქიფანიძისა და ნინო ჩიქოვანის თქმით კი, თხზულება „საყურადღებო ცნობებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მონღოლთა ულუსებისა და მათ მიერ დაპყრობილი ქვეყნების ისტორიისათვისაც,“ ვინაიდან ამ წყაროში „დაცულია ზოგიერთი ისეთი ცნობა მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, რომლის მსგავსი სხვა წყაროებში არ გვხვდება.“ მკვლევართა დასკვნით, ჟამთააღმწერლის თხზულება |ერთ-ერთი საუკეთესო პირველწყაროა“ XIII-XIV საუკუნეთა როგორც საქართველოს, ისე წინა აზიის ისტორიისათვის. (ლორთქიფანიძე და ჩიქოვანი 1991, გვ. 277-278).
ირინა ნაცვლიშვილის თქმით, ასწლოვანი მატიანე ქც-ს ძველი ციკლის „უკანასკნელი, დამამთავრებელი ნაშრომია და, შესაბამისად, ძველქართული მასშტაბური ისტორიოგრაფიის უკანასკნელი ეტაპიც.“ (ნაცვლიშვილი 1997, გვ. 109). მკვლევრის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსთან არ ვხვდებით გადმოცემული ამბების ქრონოლოგიურ რიგზე დალაგების პრინციპს, ხოლო მისი თხრობა „გარკვეულწილად, უფრო მხატვრულია, ვიდრე ისტორიული... ის მაინც ისტორიაა, პირუთვნელი და მართალი.“ (იქვე, გვ. 110). ეს ისტორიკოსი, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს საეკლესიო ლიტერატურას და რომლის მსოფლმხედველობასაც ბიბლია განსაზღვრავს, „ქრისტიანულ ისტორიზმს ავითარებს.“ თხზულების ავტორი „საქართველოს ისტორიის დამოძღვრით შინაარსს ბიბლიური ზნეთსწავლულების გამოყენებით გვაწვდის.“ (იქვე, გვ. 111-112).
და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ირინა ნაცვლიშვილი ასკვნის, ასწლოვანი მატიანე, რომელიც ძნელბედობის ჟამს დაიწერა, „ყველაზე ვრცელია როგორც მოცულობით, ისე მასში გადმოცემული ამბების ისტორიული ხანგრძლივობით და, რაც მთავარია, ისტორიის ბიბლიურ-შუასაუკუნეობრივი მოდელის მიხედვით მოაზრებისა და მოწოდების... ყველაზე საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.“ (ნაცვლიშვილი 1997, გვ. 110).
-
ნოდარ შოშიაშვილის დაკვირვებით, მკვლევარს სომხური წყაროებიც აქვს გამოყენებული. მას უნდა სცოდნოდა XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, გრიგორ აკრენცის/აკანელის მოისართა ტომის ისტორია, ანდა მისი წყარო (შოშიაშვილი 1961, გვ. 77) ↩︎
ბიბლიოგრაფია
ბერძენიშვილი 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია.
გრიგოლია კონსტანტინე 1968. „ჟამთააღმწერელი და მისი თხზულების სამეცნიერო მნიშვნელობა.“კრებულში: ქართული ისტორიოგრაფია I. რედ. პროკოფი რატიანი. თბილისი: მეცნიერება, 64-105.
ინგოროყვა, პავლე 1963. რუსთველიანა. კრებულში: პავლე ინგოროყვა, თხზულებათა კრებული შვიდ ტომად. ტ. I. რედ. გიორგი ახვლედიანი, გიორგი ლეონიძე და სერგი წულაია. თბილისი: საბჭოთა საქართველო
კიკნაძე ვაჟა 1984.“ ვინ არის ჟამთააღმწერელი?“ მნათობი 5: 148-157.
კიკნაძე, რევაზ 1987. ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო რევაზ კიკნაძემ. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები 6. საქართველოს ისტორიის წყაროები 48. თბილისი: მეცნიერება.
ლომინაძე, ბაბილინა. „XIII-XV სს. ისტორიის წყაროები.“ კრებულში: საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. 3. რედ. ზურაბ ანჩაბაძე და ვიქტორ გუჩუა. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 18-31.“
ლორთქიფანიძე, გურამ და ნინო ჩიქოვანი 1997. ქართული კულტურის ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნის პირველი ნახევრის ბოლომდე). თბილისი: თსუ გამომცემლობა
ნაცვლიშვილი, ირინა 1997. „ბიბლია - ჟამთააღმწერლის ისტორიოგრაფიული აზროვნების საფუძველი.“ მწიგნობარი 97: 105-113
ჟორდანია, თედო 1967. „კრიტიკული გარჩევა ქართლის ცხოვრების მეორე ნაწილისა (ჟამთააღმწერლის თხზულების განხილვა.“ წიგნში: თედო ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა. წ. III. 1700 წლიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე. რედ. გივი ჟორდანია. თბილისი: მეცნიერება, 556-596
ქც (ყაუხჩიშვილი) 1973 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
შოშიაშვილი, ნოდარ 1961. გრიგოლ აკანელი. მოისართა ტომის ისტორია. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით და კომენტარით გამოსცა ნოდარ შოშიაშვილმა. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა
ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ჯანაშვილი 1903 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Toumanoff 1943 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Джанашвили 1905 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Цулая 1981. „Джелал ад-Дин в оценке грузинской летописной традиции.“ კრებულში: В. Н. Татищев и изучение русского летописания. Летописи и хроники 1980. Т. 3. Москва: Наука, 112-128.