მენიუ

თეა შურღაია

შუა საუკუნეების ქართული საერო მწერლობა (აღმოსავლური კონტექსტი)

photo

ქართველმა მეცნიერებმა (ლიტერატურის კრიტიკოსებმა, ტექსტოლოგებმა, კოდიკოლოგებმა, ლინგვისტებმა, ისტორიკოსებმა და ა.შ.) სიღრმისეულად და მრავალი ასპექტით შეისწავლეს და გამოსცეს ძველი ქართული ლიტერატურის (V-XVII სს.) მნიშვნელოვანი თუ მეორეხარისხოვანი ძეგლები, მოგვცეს ჩვენი მწერლობის ერთიანი პროცესის ანალიზი. დღეისთვის, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი ქართული ძეგლის შესახებ არსებობს არა მხოლოდ ობიექტური ინფორმაცია (საბაზისო მონაცემები), არამედ არაერთი კვლევა, რომელიც განსაზღვრავს მის ლიტერატურულ, ისტორიულ თუ კულტურულ ღირებულებას. გასაგები მიზეზების გამო - უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ამ ძეგლების გამოვლენა, ტექსტოლოგიური სამუშაოს ჩატარება,  კომენტირება, გამოცემა - ქართველი მეცნიერების ყურადღება მეტწილად ქართული მწერლობის მრავალსაუკუნოვან პროცესში ამ ძეგლების ადგილისა და მნიშვნელობის გარკვევას, მათი მხატვრული ღირებულების განსაზღვრას, ავტორის მსოფლმხედველობრივი საკითხების ანალიზს, ძეგლის კონკრეტულ უცხოურ ტექსტებთან მიმართებებს და ა.შ. დაეთმო. კვლევის ამ ეტაპზე  ძეგლების ავთენტური სახის შეძლებისდაგვარად აღდგენა ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა. ყოველივე ამან განაპირობა საკვლევი მასალისადმი რამდენადმე ეთნოცენტრისტული მიდგომა. უცხოელი სპეციალისტების ზოგჯერ ფრთხილი, ზოგჯერ კი საკმაოდ მკვახე შეფასებების ერთი ნაწილი სწორედ ასეთ მიკერძოებულობაზე მიუთითებდა და პოლემიკასაც უდებდა სათავეს.

ერთი რამ ცხადია: ქართველ ფილოლოგთა და ისტორიკოსთა მიერ ჩატარებულმა ღრმა და მრავალმხრივმა ანალიზმა მყარი ნიადაგი შექმნა ქართული მწერლობის შესწავლის მასშტაბების გასაფართოებლად. დღეს შუა საუკუნეების ქართული  მწერლობის კვლევა უფრო მეტად საჭიროებს ინტერდისციპლინარულ, კროსკულტურულ და ინტერკულტურულ მიდგომას. უნდა განისაზღვროს მისი რეგიონული და გლობალური ღირებულება; გაირკვეს, რა როლი შეასრულა მან სხვადასხვა ეპოქის რეგიონალურ და გლობალურ ლიტერატურულ პროცესებში; როგორც კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნის მწერლობამ, რა „კულტურული ინფორმაცია“ შეითვისა, გადაამუშავა და შემოუნახა დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომელიც შეავსებს მათ ლიტერატურათა შესახებ დღეს არსებულ ცოდნას. საბედნიეროდ, ქართული ლიტერატურის, როგორც გლობალური პროცესების ნაწილის, მიმართ უცხოელი მკვლევრების ინტერესი დღითიდღე იზრდება. ფართოვდება ქართველი მკვლევრების რეგიონალური და გლობალური ხედვის თვალსაწიერიც.

ახალი მიდგომის აუცილებლობას ადასტურებს და ქართული მწერლობის კვლევისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის XXI საუკუნის დასაწყისში ინიცირებული ე.წ. გლობალური შუა საუკუნეების (The Global Middle Ages) კონცეპტი. თვით დასავლელი მკვლევრებიც ხშირად აღიარებენ, რომ ტერმინი „შუა საუკუნეები“ მიკერძოებულია - ევროპოცენტრისტულ დამღას ატარებს. ჯერალდინ ჰენგის თქმით, ჩანს, დადგა დრო გლობალური შუა საუკუნეების იდეისა - „ტრანსჰუმანიტარული საქმიანობისა, რომელიც მოუწოდებს ჰუმანიტარ მეცნიერებს, საკუთარი დისციპლინისა და სპეციალიზაციის სფეროდან  გარეთ გავიდნენ, რათა  სხვა ჰუმანიტარებთან, სოციოლოგებთან, კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებთან, მუსიკათმცოდნეებთან, არქეოლოგებთან, დიზაინერებთან და სხვ. ითანამშრომლონ ურთიერთდაკავშირებული წარსულის გასააზრებლად“  (Heng 2021: 7).

შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის ეს ხელსაყრელი შესაძლებლობაა, გამოვლინდეს მისი, აქამდე თითქმის შეუმჩნევლად დარჩენილი, გლობალური მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ ირანისტისა და მედიევისტის, კამერონ კროსის უახლეს (2023) მონოგრაფიაში „Love at a Crux. The New Persian Romance in a Global Middle Ages“ (https://doi.org/10.3138/9781487553128) ქართული მასალა („ამირანდარეჯანიანი“, „ვისრამიანი“, „ვეფხისტყაოსანი“) უკვე აისახა.

photo
სლაიდი აღებულია კ. კროსის ონლაინ მოხსენებიდან The New Persian Romance in a Global Middle Ages. წაკითხულია ბრიტანეთის ირანისტიკის ცენტრის ლექციათა ციკლის ფარგლებში (17.07.2024)

მის მიერ დასახელებული სამივე ქართული ძეგლი ჩვენში ასოცირდება აღმოსავლურ, განსაკუთრებით, სპარსულ ლიტერატურასთან. „ვისრამიანი“ XI საუკუნის ირანელი პოეტის, ფახრ ედ-დინ გორგანის პოემის „კონგენიალური“ (ა. გვახარია) ქართული თარგმანია, დანარჩენ ორში აღმოსავლეთი, სულ მცირე,  მოქმედების ადგილია.

ქართული ლიტერატურათმცოდნეობა განვითარების ადრეულ ეტაპზე მეტ ყურადღებას იჩენდა ქართულ-აღმოსავლური ლიტერატურული კონტაქტების მიმართ ან ქართულ-აღმოსავლურქრისტიანული პარალელების კვლევაზე იყო ორიენტირებული. უფრო ღრმა ანალიზისთვის საჭიროა, რომ მკვლევართა მხედველობის არეში მოექცეს დასავლურ-აღმოსავლური ლიტერატურული ურთიერთობები და მათი გამოძახილი ჩვენში. ქართული მწერლობა არ განვითარებულა რეგიონალური და გლობალური კონტექსტისგან მოწყვეტით. საჭიროა ამ კონტექსტებში ქართული ლიტერატურის მიერ შესრულებული ფუნქციის წარმოჩენა; მისი ორივე - აღმოსავლურ და დასავლურ - სამყაროსთან უშუალო თუ გაშუალებული კონტაქტის შედეგად შექმნილი კულტურული რეალობის ობიექტური შეფასება; ქართული მწერლობის მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ნაწილად წარმოდგენა და არა უცხოურისგან უპირობო გამიჯვნა ეროვნულობის დასამტკიცებლად; იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი სიტყვიერი შემოქმედება არა მხოლოდ გავლენის (აღმოსავლური თუ დასავლური) ობიექტი, არამედ ზოგჯერ ამ ორი სამყაროს დამაკავშირებელი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებდა ქართული „ეროვნული ფილტრი“ უცხოური ლიტერატურის მოძალების პირობებში - რას განაგდებდა, რას გადაამუშავებდა და როგორ ითვისებდა დანარჩენს.

  დეტალიზების გარეშე, სქემატურად, ქართული მწერლობის ძირითადი მასაზრდოებელი ლიტერატურები ასე შეიძლება წარმოვადგინოთ:

photo

ქართველებისთვის ნაცნობი კულტურული სამყაროს წარმოსახვითი მერიდიანი, ფაქტობრივად, ორ პოლუსს აერთებდა: „ბერძნული“ (რომელიც ზოგადად, ქრისტიანულ ცივილიზაციასაც გულისხმობდა) - „სპარსული“ (რაც მოგვიანებით არა მხოლოდ სპარსულს, არამედ,  ახლოაღმოსავლურს // მუსლიმურსაც აღნიშნავდა). სახელდახელო მაგალითად გამოდგება მხატვრულობის თვალსაზრისით, გამორჩეული ე.წ. თამარის პირველი ისტორიის („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, XIII ს.) ავტორის ტექსტი, რომელშიც ის ქებისა და შედარებისთვის ორივე „პოლუსს“ მიმართავს:

 „ქაიხოსრო მპყრობელთა შორის, აქილევ, სამბსონ და ნებროთ გმირთა შორის, სპანდიარ, თაჰამთა და სიაოშ გოლიათთა შორის, სოლომონ, სოკრატ და პლატონ ბრძენთა შორის“ (ისტორიანი 1959: 3).

შესაძლოა, ამ მხრივ, ავტორი ბერძნული სატრფიალო რომანების ტრადიციის გავლენასაც განიცდიდა, რომლისთვისაც უცხო არ იყო სხვა ჟანრის თხზულებათა ციტირების, ანტიკურ ავტორთა რემინისცენციების უხვად გამოყენება (ალექსიძე 1976:263). ქართველი მემატიანე ბერძნული მაგალითების საპირწონედ სპარსულ და ქართულ მასალასაც ხალისით იყენებს.  განსაკუთრებით სიტყვაუხვია მიჯნურთა წყვილების დასახელებისას: „... გაჭრანი მიჯნურთა ცოფქმნილთანი - ვითარ თამთა თუმიანისთვის, ვითარ ამირან ხორაშნისთვის, ვითარ ხოსრო-შანშა ბანუისთვის... ვითარ პელოპი მხნედ მებრძოლი იპოდამისთვის, ონომაოს ასულისა, ვითარ რამინ ვისისათვის, ვითარ ფრიდონ შაჰრინოს-ანავაზისთვის, ვითარ შადბერ აინლიეთისთვის“ (ისტორიანი 1959: 35-36).1

ჩამოთვლილი მითოლოგიური თუ ლიტერატურული გმირები ქართული ელიტური საზოგადოებისთვის ცნობილი რომ არ ყოფილიყო, მემატიანისა თუ მეხოტბის სიტყვაკაზმულობა შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა. ბიბლიურ პერსონაჟებთან ერთად, ბერძენი და სპარსი გმირების დასახელება მაშინდელი ქართული საზოგადოების ლიტერატურულ თვალსაწიერსა და იმდროინდელ კულტურულ გარემოზე წარმოდგენას გვიქმნის. „შაჰნამეს“ პერსონაჟების განსაკუთრებული სიხშირით ხსენება ამყარებს ქართველი მეცნიერების (კ.კეკელიძე, ა. ბარამიძე) ვარაუდს, რომ ძეგლის ქართულ ვერსიებამდე (XV-XVIII სს.) არსებობდა „შაჰნამეს“ ადრეული თარგმანი, რომელიც დაიკარგა.

სპარსი და სპარსული - „სხვა“, „უცხო“

ქართლის მოქცევისდროინდელი მცხეთის ეთნიკურ-კონფესიური სურათი, რომელიც ქართული ნარატიული წყაროების მიხედვით იხატება, საკმაოდ ჭრელია. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების დროისთვის აქ თანაარსებობდნენ და კომპაქტურ უბნებად ცხოვრობდნენ კერპთაყვანისმცემლები, ზოროასტრელები, იუდეველები. ასეთი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა კულტურული გაცვლისთვის, ზეპირი გადმოცემების გაზიარებისთვის. ასეთი ფაქტები უთუოდ გასათვალისწინებელია, როდესაც ჩვენი მწერლობის კონკრეტულ ძეგლებზე, შესაძლო გავლენებსა და პარალელებზე ვმსჯელობთ.

ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში გავრცელებულია აზრი, რომ ქართულ სასულიერო მწერლობაში „სპარსულისა“ და „სპარსელისთვის“ დადებითი კონტექსტი ვერ მოიძებნებოდა, ვერც მისაბაძი იქნებოდა. ამდენად, „სპარსული“  სასულიეროს დაუპირისპირდა და „საეროს“ გაგება შეიძინა. მასალის მიკერძოების გარეშე გაცნობა რამდენადმე განსხვავებული დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.2

უძველესი ქართული  ნარატიული წყაროები, მათ შორის, ლიტერატურული ძეგლები, იმთავითვე იცნობდნენ სპარსელებს. მათში იოლად იკითხება სპარსელისა თუ სპარსულის მიმართ ქართველების დამოკიდებულება, რომელიც ძეგლიდან ძეგლში იცვლება. ადრეული წყაროებიდან, რომელთა უმეტესობა სასანური ირანის (224-651 წწ.) პერიოდს ეხება,  უკვე ცხადია, რომ „სპარსი“ ქართველის თვალში, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური „სხვაა“. სწორედ კონფესიური განსხვავება,  ცეცხლთაყვანისმცემელ სპარსთა „სხვად“ (უცხოდ) აღქმა უნდა დასდებოდა საფუძვლად შემდგომში ყველა მაჰმადიანის (რელიგიურად „სხვის“) სპარსად მოხსენიებას.    

იაკობ ხუცესი შედარებით ფრთხილია ვარსქენთან ერთად დაბრუნებული სპარსელის მიმართ, თუმცა შენიშნავს, რომ სპარსი იგი „ფარულად“ ან „ზაკუით იტყოდა“ და ამით მისი დამოკიდებულებაც ცხადი ხდება. მეორე მხრივ, „დედაკაცი ერთი სპარსი მოგჳ“, რომელიც მოინათლა და განიკურნა, ავტორის ანტიპათიას არ იწვევს.

ოცდაათი წლის ევსტათი მცხეთელი სპარსია, მოგვის შვილია, რომელმაც იწამა ქრისტე. ცხადია, ავტორი მის მიმართ კეთილგანწყობილია. დასახელებულნი არიან სხვა სპარსელებიც, რომელთაც ქრისტიანობა მიიღეს. ამ ტექსტში არიან „კარგი“ (გაქრისტიანებული) და „ცუდი“ (ზოროასტრელი მოხელე) სპარსელები.

აბიბოს ნეკრესელის „მოქალქეობისა და წამების“ უცნობი ავტორი რამდენჯერმე მოიხსენებს სპარსებს ურჯულოებად. ჰაგიოგრაფიულ ძეგლში განსხვავებული სარწმუნოების, მით უფრო, დამპყრობლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ბუნებრივია, ისევე, როგორც ამგვარი დამოკიდებულების თანდათან გამძაფრება იმის მიხედვით, თუ რამდენად იზრდება მტრული ძალის გავლენა. მოგვიანებით, უცნობი ავტორის „დავით და კონსტანტინეს წამებაში“ (XII ს.) იმავე ეპითეტებით („უსჯულო“, „უკეთური“, „უღმერთო“) უკვე სარკინოზები, კერძოდ, მურვან ყრუ - მაშინდელი „სხვა“ - მოიხსენება. ამ ძეგლში სპარსეთის მიმართ, შეიძლება ითქვას, შერბილებული, ნეიტრალური დამოკიდებულებაც კია, რადგან ტექსტში სპარსეთი დაპყრობილისა და დამარცხებულის როლში გამოდის: ბერძენთა მეფე ჰერაკლე კლავს სპარსთა მეფე ხვასროს, აოხრებს ქვეყანას. შემდეგ უკვე მურვან ყრუ განაგებს სპარსეთსა და არაბეთს. სწორედ სხვათაგან დაპყრობილის მდგომარეობით აიხსნება უცნობი ავტორის, წინამორბედ ჰაგიოგრაფებთან შედარებით, შემწყნარებლური დამოკიდებულება სპარსეთის მიმართ.

საკითხისთვის საინტერესო ტექსტია „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (790-813 წწ.).  სპარსელების მტრული, სტერეოტიპული ხატი  ჩანს ყვავის არაკში, რომელსაც სინდთა მეფე მოუთხრობს ვახტანგს და ამუნათებს: „აწ სპარსნი, რომელნი პირველითგან მოაქამომდე და წაღმართ უკუნისამდე მტერნი არიან  ჯუარის მსახურთანი, ჟამსა შინა, უღონოებით, ლიქნით ყვიან სიყვარული; და ოდეს ეცის ჟამი, არა ყვიან წყალობა და კეთილის ჴსენება. ესე, ბევრისბევრულჯერ ქმნილი, გუასმიეს წიგნთაგან“ (ჯუანშერი 191, 3-6). სინდთა მეფის მიერ წყაროდ წიგნების დასახელება, სადაც სპარსელების ხასიათის შესახებ არის საუბარი, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ისევე, როგორც ის სტერეოტიპი სპარსისა, ციტირებულ მონაკვეთში რომ არის აღწერილი.

საინტერესოა ვახტანგ გორგასლის პასუხი: „დაღათუმცა არა იყო მიზეზი ქრისტიანეთა ჴსნისა, და თჳით ძალად სპარსთა მოსრულ ვიყავ აქა. ჯერ იყო ესეცა პირველად ნათესაობისათჳს3 და შემდგომად ამისთჳს, დაღაცათუ არა ჭეშმარიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი, არამედ მეცნიერნი არიან ღმრთისა დამბადებელისანი, და რწამს ცხოვრება სულიერი. ხოლო თქუენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმო, ვითარცა ცხენი და ჯორი.“ (ჯუანშერი 193, 5-10) მიუხედავად იმისა, რომ „ცხოვრებაში“ სპარსელებისა და მათი რელიგიის - ცეცხლთაყვანისცემის - მიმართ ვახტანგ გორგასლის უარყოფითი დამოკიდებულების მაგალითები საკმაოდ იძებნება, ზოროასტრული სარწმუნოების მისეული (მემატიანისეული?) დახასიათება საგულისხმოა და, სავარაუდოდ, თხზულების შექმნისდროინდელი  საზოგადოებისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო.

ისტორიული გამოცდილების ხანგრძლივობის წყალობით, მოგვიანებით (ისლამურ პერიოდში), „სპარსმა“ ქართველისთვის, ზოგადად, „უცხოს“, „სხვის“ სახე მიიღო. ასეთი შემთხვევები  ისტორიულ წყაროებშიც გვხვდება. მაგ.: დავით აღმაშენებლის ცხოვრების („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“, XII ს.) უცნობი ჟამთააღმწერელი წერს: „ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ.“ (დავითის ისტორიკოსი 1955:342) ვიცით, რომ ეს სიტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება.

ბასიანის ბრძოლისა და თურქ-სელჩუკთა ამბების თხრობისას უცნობი ავტორი („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“) ამბობს: „და ვითარ ქართველთა განეშორეს, რათა არა ცხენითა მათითა დათრგუნა ქვეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთ კერძ“ (ისტორიანი 1959: 97)

ასეთი მაგალითი არაერთია.

როგორც გამოჩნდა, ადრეული შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში, მათ შორის, ჰაგიოგრაფიაში, „სპარსისა“ და „სპარსულის“ მიმართ, ცალსახად უარყოფითის გარდა, ნეიტრალური დამოკიდებულება და კეთილგანწყობაც შეიმჩნევა. ამ სხვადასხვაობას ასახავს დიაგრამა:  

photo

სპარსის ნეგატიური ხატისთვის საფუძველი კონფესიური და არა ეთნიკური განსხვავებულობა აღმოჩნდა, რასაც მოგვიანებით პოლიტიკური ნიშანიც დაემატა. ცეცხლთაყვანისმცემელი „სხვა“ მაჰმადიანმა „სხვამ“ ჩაანაცვლა. ისტორიულმა რეალობამ მოითხოვა, პოლიტიკური ლოიალობა რელიგიურ „ჩვენად“ ქცევით დადასტურებულიყო.

საერო მწერლობაში, რომელშიც რელიგიური იდენტობა აღარ იყო მთავარი ღირსება, გმირს მარტვილობა და წმინდანის გზის გავლა აღარ მოეთხოვებოდა, „სპარსისა“ და „სპარსულის“, როგორც „სხვის“ ნეგატიური კონოტაცია გაფერმკრთალდა. ამასთან, ქართული საისტორიო თუ მხატვრული ლიტერატურა უკვე იცნობს სპარსულ სიტყვიერ შემოქმედებას, ზეპირ გადმოცემებს და ამ ცოდნას თავის თხზულებაში დადებით კონტექსტში იყენებს. 

სასურველია ძველი ქართული მწერლობის ადრეული ეტაპის ძეგლების (არა მხოლოდ ჰაგიოგრაფიის!) სწავლებაში ისტორიული ქრონიკების ინტეგრირებული ჩართვა. ქართული ისტორიოგრაფია მნიშვნელოვანი წყაროა არა მხოლოდ სასულიერო ლიტერატურის უკეთ გასაგებად, არამედ ხელს შეუწყობს საერო ლიტერატურის წანამძღვრებისა და საფუძვლების გააზრებას.

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი წინაპრები არა მხოლოდ მეზობელი თუ დამპყრობელი სახელმწიფოების ადმინისტრაციულ სისტემებს იყენებდნენ, არამედ უცხოური ლიტერატურული ძეგლებიც კი ნარატიული სტრატეგიის სასურველ მოდელად მიაჩნდათ. სტივენ ჰ. რაპის შენიშვნით,  დაკარგული ქართული „ჰამბავი მეფეთას“ ტრადიცია აჩვენებს, რომ, როდესაც  ქართულმა ქრისტიანულმა ელიტამ პირველად მოახდინა თავისი ისტორიული ტრადიციების სისტემატიზაცია, მისთვის არქეტიპს Xwadāy Nāmag (სასანელთა ეპოქის “მეფეთა წიგნი”) წარმოადგენდა და არა რომაულ-ბიზანტიური, სომხური, ბიბლიური თუ სხვა რომელიმე მოდელი (Rapp, 2014: 361). 

ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურათაგან ქართულ მწერლობას ყველაზე მჭიდრო კავშირი სპარსულთან ჰქონდა. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სპარსული ლიტერატურა სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და ენობრივი შრის, აგრეთვე, ზეპირი გადმოცემების ერთობლიობაა, რომელიც თავადაც ხანგრძლივად ყოფილა გავლენის ობიექტი, კულტურული გაცვლის სრულუფლებიანი მონაწილე.

photo

ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების ანალიზისას ირანული ენების განვითარების ეტაპების ცოდნა და იმ ფაქტის გააზრება, რომ ქართულს ამ ენობრივ ოჯახთან ყველა ეტაპზე ჰქონდა კონტაქტი, მნიშვნელოვანია. ქართულმა ნარატიულმა წყაროებმა ირანულ ენათა ოჯახის ლინგვისტური კვლევისთვის მდიდარი, უნიკალური მონაცემები შემოინახეს.

ცხადია, ქართული საერო ლიტერატურისთვის ახალირანული ენობრივი ეპოქა და ახალი სპარსულია რელევანტური, ხოლო ქართული სასულიერო მწერლობა ინფორმაციულია სასანური იმპერიის კულტურულ-რელიგიური და ლინგვისტური მონაცემების თვალსაზრისით.

photo

საკმარისია, თვალი გადავავლოთ მე-12-13 საუკუნეების რამდენიმე ქართულ თხზულებაში  დადასტურებული სპარსული ლიტერატურული და ისტორიული გმირების სახელებს, რომ დავინახოთ სპარსული მწერლობისა თუ ზეპირსიტყვიერების საგულისხმო ადგილი იმდროინდელ განათლებულ საზოგადოებაში.

სპარსული ძეგლებიდან ყველაზე პოპულარულია „შაჰნამე“. სანიმუშონი და მისაბაძნი არიან როგორც მეფეები და ფალავნები, ასევე, მიჯნურთა წყვილები. ქვემოთ მოცემული ცხრილები ამ მონაცემებს ასახავს:

სახელი

ქართული ძეგლი, რომელშიც დასტურდება

სპარსული

ძეგლი

სპარსული სახელის ლათინური ტრანსლიტერაცია

როსტომ

თაჰამთა (როსტომის ეპითეტი, თიკუნი)

“ვეფხისტყაოსანი” ( XII ს.)

“თამარიანი”  (XII-XIII ს.)

“აბდულმესიანი” (XIII ს.)

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” (XIII ს.)

„შაჰნამე“

Rostam

Tahmtan

ბაჰრამ ჯურ

“ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი” (XI-XII ს.)

Bahrām Gūr

გივ

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

Gīv

ზაალ

„აბდულმესიანი“

Zāl

თურ

“თამარიანი” 

“აბდულმესიანი”

Tūr

საამ

“თამარიანი” 

“აბდულმესიანი”

Sām

სალიმ

“აბდულმესიანი”

Salm

სიაოშ

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

Siyvāsh

სპანდიარ

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

Esfandyār

ქაიხოსრო

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

Key Khosrow


მიჯნურთა წყვილები

(მამაკაცი /ქალი)

ქართული ძეგლი, რომელშიც დასტურდება სახელები

სპარსული ძეგლი

სპარსული სახელის ლათინური ტრანსლიტერაცია

ფრიდონ

 

 

შაჰრინოს;

არნავაზი

“ისტორიანი და აზმანი  შარავანდედთანი”

 

 

„შაჰნამე“

 

 

Fereydun    -

                        Shahrnāz;

                      Arnavāz

თამთა 

თუმიანი

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

„შაჰნამე“

Tahamtan  -

Tahmineh

რამინ

ვის

“ვეფხისტყაოსანი”

“თამარიანი”

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

გორგანი.

„ვის ო რამინ“

ანალათი

//

აინლიეთი

 

შატბიერ

//

შადბერ

 

 “თამარიანი”

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

ონსორი (961-1039)

„შადბაჰრ ო აინოლჰაიათ“

Shādbahr  -

‘Ain-ul-Hayāt

ხოსრო-შანშა

ბანუ

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

„შაჰნამე“

Khosrow [Parvīz]

Shīrīn Banū

-

ლეილი

“თამარიანი”

?

Leyli

ბაზიყა4

“თამარიანი”

?

Baziqa

ვამეყ

       -

“აბდულმესიანი”

„ვამეყ ო აზრა“

Vameq


ი. კალაძის შენიშვნით, ძველი ქართული მწერლობის სამი ძეგლი „თამარიანი“, „აბუდლმესიანი“, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ უნსურის (=ონსორის) ორი პოემის სამ პერსონაჟს (შატბიერი, ანალათი, ვამეყი) იცნობს. თუმცა, მეცნიერი ვარაუდობს, რომ „აბდულმესიანის“ ვამეყი აღებული უნდა იყოს არა ონსორის, არამედ სხვა, მე-12 საუკუნემდე არსებული, ბერძნული ვერსიისგან განსხვავებული, აღმოსავლური მოდელის სიუჟეტიდან. ი. კალაძის მტკიცებით, თუკი მისი ეს ვარაუდი მართალია, მაშინ „ძველი ქართული მწერლობის ამ, ერთი შეხედვით მწირ მონაცემს ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება „ვამეყ და აზრას“ აღმოსავლური ვერსიების კვლევის საქმეში“ (კალაძე 2011: 51).

იგივე ძეგლები იცნობენ ისტორიულ პირებსაც და ლეგენდარულ პერსონაჟებსაც:

ირანელი ისტორიული პირის სახელი ქართულ ძეგლში

ორიგინალური სახელი

ლათინური ტრანსკრიპცია

ქართული წყარო

კვირო(ისა)

კიროსი

Kūrūš

(Cyrus)

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

დარიოს

დარიოს III

Dariuš

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

ხოსრო დადარი

 

ხოსრო I ანუშირვანი (მეტსახელად „სამართლიანი“)

Khosrow Dādgar

“თამარიანი”

ჰათემ თაიელისა

ჰათემ თაი

Hātem Tāi

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

ჰათემ თაი - გულუხვობით ცნობილი არაბი ტაის ტომიდან - პოპულარულია არაბულ-სპარსულ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში. ქართულ მატიანეში ნათქვამია: „...რომლისა მამისა სიუხვისა სახელი სპარსეთს ასეთი ითქმოდა: „ჰათემ თაიელისა“ (ისტორიანი 1959: 71). ა. ბარამიძისა და კ. კეკელიძის აზრით, ამ შემთხვევაშიც ქართველი მემატიანე უცნობი ლიტერატურული წყაროთი სარგებლობდა.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხნის წინ დადგინდა ის აღმოსავლური (სპარსული) ძეგლები, რომლებსაც იცნობს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი. ესენია: „შაჰნამე“, „ვისრამიანი“, „ქილილა და დამანა“. ამ ტექსტში დასახელებულია, აგრეთვე, დიდაქტიკური - ე.წ. Specula principum (Mirror for Princes)-ის - ჟანრის თხზულება ამირანსარ ქეიქაუსის „ყაბუსნამე“ (XI ს.): „...ესე თამარ, გონებითა და განზრახვითა ბრძენი, და არ ავიწყდებოდა მას ყაბოს მკულეველი კეკოს“. (ისტორიანი 1959: 78)

მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიულ თხზულებაში როგორც ბერძნული, ასევე სპარსული ანთროპონიმები საგრძნობლად დამახინჯებულია, ეს ჩამონათვალი მიუთითებს, რომ ქართველი ავტორი და, შესაბამისად, მისი თანამედროვე ქართული საზოგადოება კარგად იცნობდა ორივე მწერლობას. საინტერესოა, თუ როდის და რომელი დედნიდან დაიწყეს ქართველებმა „ქილილა და დამანას“ თარგმნა: ეს მოხდა ჯერ კიდევ ფალაური დედნიდან, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია თუ ეთნიკურად ირანელი ალ-მუკაფას მიერ ფალაურიდან შესრულებული არაბული თარგმანიდან, რომელიც, ფაქტობრივად, ძეგლის ორიგინალის როლს ასრულებს.

პროფ. მაგალი თოდუას ქართული „ქილილა და დამანას“ წარმომავლობა ასახული აქვს სქემაში (თოდუა 2006:132). ეს სქემა სხვა მხრივაც არის საინტერესო - მასში წარმოდგენილია ორიგინალის „მიგრაციაც“ და, შესაბამისად, საქართველოს, როგორც ამ მიგრაციული პროცესის, მნიშვნელოვანი რგოლისა და კულტურული გამტარის როლი (იხ. სქემა).

ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ: 1. ძველი ქართული ლიტერატურა მნიშვნელოვან მონაცემებს ინახავს აღმოსავლური მწერლობის შესახებ; 2. ისტორიული ქრონიკები და საერო ლიტერატურა კეთილგანწყობილი იყო იმ დროისათვის ქართველებისთვის ცნობილი სპარსული ლიტერატურის მიმართ.

photo

სპარსული ენის მიმართ კეთილგანწყობით ან ამ ენის ცოდნით კეკლუცობით უნდა აიხსნას რამდენიმე ლიტერატურულ ფაქტი - არცთუ იშვიათი ქართულ ძეგლებში - სპარსული წინადადებების ქართული ტრანსლიტერაციით მოტანა ტექსტში, მათ შორის, მაშინაც, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს. შესაძლოა, ეს ჩანართები გვიანდელი გადამწერების ან რედაქტორების ინიციატივას მივაწეროთ, მაგრამ ამით არსი არ იცვლება - თხრობისთვის მეტი „დოკუმენტურობის“ მისანიჭებლად ან მის „დასამშვენებლად“ ტექსტში სპარსული წინადადება ქართული ასოებით გადმოიცემა. მაგალითები დაიძებნება როგორც ისტორიულ ქრონიკებში, ასევე საერო ლიტერატურაში:

ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (790-813 წწ.) მოთხრობილია: „ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი, და გამოესუა წინათ მგელი და უკანათ ლომი; და რომელსა კერძსა იძლეოდიან ქართველნი, მუნითაცა მიმართოს და მოსრის სპისა მისგან სპარსთასა, ვითარცა ლომმან კანჯარნი. მიერითგან ვერღარა შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, რამეთუ დაისწავლეს იგი, რომელსა ეწერა მგელი და ლომი, და ვითარცა იხილონ ვახტანგ, თქჳნ: „დურ აზ გორგსალ“, რომელ არს ესე: „მორიდენით თავსა მგლისასა“ და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალ“. (ჯუანშერი 180, 9-14).

„მოქცევაი ქართლისაის“ შატბერდულ (გადაწერილია 973 წ.) და ჭელიშულ (გადაწერილია XIV-XVსს-ში) რედაქციებში, კერძოდ, „ნინოს ცხოვრების“ ნაწილში, დასტურდება სპარსული ფრაზის ქართული გრაფიკით გადმოცემის შემთხვევა. ფრაზის ჭელიშული ვარიანტი, სპარსული ენის თვალსაზრისით, უფრო გამართულია, თუმცა არ ახლავს ქართული თარგმანი. აღნიშნულია, რომ ეს არის „სხუაი ენაი“. შატბერდული რედაქცია ამბობს: „და თქუა მეფემან ცრემლით: ჰეი, ჰეი, რაითმებოი, ხოჯათ სთაბანუბ რასულ ფსარზად“, ხოლო თარგმანებაი ესე არს: „მართალსა იტყვი, ბედნიერო დედოფალო და მოციქულო ძისა ღმრთისაო“.

ეს შემთხვევა სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგზის არის განხილული. გარკვეულია, რომ სპარსული ჩანართი ვერ იქნებოდა მეოთხე საუკუნისა, რადგან ახალსპარსულით არის გადმოცემული და, შესაბამისად, გვიანდელია. პროფ. ა. გვახარიას აზრით,  „IX საუკუნეში ქართველმა ავტორმა IV საუკუნის ვითარების აღწერისას ისტორიული სიტუაციის შესაბამისად, მეფე სპარსულად აამეტყველა, ოღონდ არა ფალაურ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამედ ახალსპარსულ, ფარსი-დარი ენაზე, რომელსაც ის თავისუფლად ფლობდა.“ (გვახარია 1995: 264).

„ამირან დარეჯანისძის ამბის“ მეოთხე კარში ცალთვალა დევი შესძახებს ამირან დარეჯანისძეს: „- ნუღარ მომკლავ, ჭაბუკობასა შენსა! იექ ჩეშმემ ნესტ“. აქ სპარსული ფრაზა „ერთი თვალი არ მაქვს“ ქართული ასოებით ანუ ტრანსლიტერაციით არის მოცემული, თარგმანის გარეშე. ფრაზა ხელნაწერებში რამდენიმე სახით გვხვდება („იექ ჩეშმი ნესტაო“, „ჩაშმ ნესტეო“, „ჩეშმა ნისტო“, „ჩეშმა ნიშატი“, „ჩაშმან ესტეო“, „ჩამნესტეო“, „ჩეშმე ნისტრო“). ეს ვარიანტული წაკითხვები მიუთითებს, რომ, განსხვავებით ამ სპარსული ფრაზის ავტორისაგან, სხვა გადამწერებმა  სპარსული არ იცოდნენ. 

სამივე მაგალითი მოწმობს, რომ შესაბამისი ეპოქის ქართველები იცნობდნენ სპარსულ ენას და ამ ცოდნას თავის თხზულებებში ავლენდნენ კიდეც. ყველა ეს შემთხვევა გადამწერის ან რედაქტორისგანაც რომ მომდინარეობდეს, მაინც იმას ადასტურებს, რომ მათთვის სპარსული არც „უცხო“ და ეგზოტიკური ენა იყო და არც ამ ენის გამოყენებას თვლიდნენ საძრახის საქმედ.

  1. კ. კეკელიძესა და ა.ბარამიძეს იდენტიფიცირებული აქვთ ავტორის მიერ დასახელებული პერსონაჟები და თხზულებები. მათი აზრით, ისტორიკოსი შედარებებისთვის უფრო ხშირად აღმოსავლურ, ტაჯიკურ-სპარსულს (=სპარსულ) ლიტერატურას იყენებს. (1969: 146) ↩︎

  2. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ე.წ. „პოლემიკური მწერლობა“, რომელიც იდეოლოგიურად წინდაწინ განსაზღვრულია - სხვა აღმსარებლობის განქიქებას ისახავს მიზნად. ↩︎

  3. იგულისხმება, რომ სპარსელები და ქართველები საერთო მითოსური წინაპრის - ნებროთის შთამომავლები არიან. ↩︎

  4. ა. ბარამიძის განმარტებით (1945:391), აქ იგულისხმება ზელიხას მეტოქე ქალი, ბაზიყა (იოსებისა და ზოლეიხას ისტორიიდან). თუ ეს ასეა, მაშინ, გამოდის, რომ შავთელი იცნობდა „იოსებისა და ზოლეიხას“ რომელიღაც ადრეულ აღმოსავლურ ვერსიას, რომელიც დაიკარგა. ↩︎

ბიბლიოგრაფია

ალექსიძე, ა. (1976). ბერძნული სარაინდო რომანის სამყარო (XIII-XIV სს.), თბილისი, თსუ გამომცემლობა.

ბარამიძე, ა. (1945). ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, წ. 1. თბილისი, თსუ გამომცემლობა.

გვახარია, ა. (1995) ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, I, თბილისი, თსუ გამომცემლობა.

დავითის ისტორიკოსი (1955). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისი. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 318-364.

თოდუა, მ. (2006). ჰუსეინ იბნ ალი ქაშეფი. ქილილა და დამანა. სპარსულიდან თარგმნილი მეფე ვახტანგ მეექვსისა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ. ტექსტი ორიგინალს შეუდარა და მას გამოკვლევები დაურთო მაგალი თოდუამ, ქუთაისი, 2006.

ისტორიანი (1959). უცნობი ავტორი. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II, თბილისი: სახელგამი. 

კალაძე, ი. (2011). ორი უძველესი ხელნაწერის ბედი კულტურათა კვეთის გზაზე. კადმოსი. 3, 37-75.

კეკელიძე, კ. ბარამიძე, ა.  (1969). ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-VII სს.).  თბილისი, თსუ.

შურღაია, თ. (2024). შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა და აღმოსავლური კონტექსტი. სპეკალი, N18. DOI:   10.55804/jtsuSPEKALI-18-8

ჯუანშერი. (1955). ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. 1, თბილისი: სახელგამი.

Cross, C. (2023). „Love at a Crux. The New Persian Romance in a Global Middle Ages“. Toronto: University of Toronto Press; https://doi.org/10.3138/9781487553128

Heng, G. (2021). The Global Middle Ages. An Introduction. Cambridge University Press.
https://doi.org/10.1017/9781009161176

Rapp, Jr., Stephen H. (2014). The Sasanian World through Georgian Eyes (Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature. London & NY: Routledge. Taylor & Francis Group.

Shurgaia, T. (2024). The Hated and Favored ‘Other’:  Images of ‘Persian/‘Persians’ in Medieval Georgian Literature. First International Conference on Iranian Studies “Bridging Past, Present and Future”, University of Bucharest (Romania), 2-4 October, Booklet of Abstracts, p. 121.  https://www.icis.ro/ 


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თეა შურღაია