ირმა ყარაულაშვილი
ცხოვრება-მოქალაქეობის ჟანრის ჰაგიოგრაფია
ცხოვრება-მოქალაქეობის ჟანრის ჰაგიოგრაფია იმ წმინდანთა მოღვაწეობას აღწერს, რომლებიც „ყოველთა დღეთა ეწამებიან და შრომათა თჳსთა შემატებენ” ქრისტიანულ რელიგიას.
ჰაგიოგრაფიის ამ ჟანრის აღმოცენებას ბიძგი მისცა ეგვიპტეში მონასტიციზმის ჩასახვამ და განვითარებამ. თავად სიტყვა მონასტიციზმი ბერძნული μονή-დან მომდინარეობს, ეს უკანასკნელი კი - μένω-დან, რაც მარტო დარჩენას ნიშნავს. ითვლება, რომ მონასტრის აღმნიშვნელი სიტყვა, μοναστήριον, რომელიც მარტო ყოფნას ნიშნავს, თავის მხრივ, მომდინარეობს სიტყვა μονάχω-დან, რაც მარტოდ მყოფს, ანუ ბერს აღნიშნავს.
მონასტიციზმის დაარსება ორი დიდი ეგვიპტელი მამის, ანტონისა და პახომის მოღვაწეობას უკავშირდება. მათ საფუძველი ჩაუყარეს მონასტიციზმის ორ ძირითად ძირითად ტიპს: განდეგილობასა და თანაცხოვრებას.
ანტონი დიდი (ქართულ ტრადიციაში ცნობილი, როგორც ანტონი მეგვიპტელი; გარდ. 356 წ.) ცნობილია, როგორც მეუდაბნოე-განდეგილობის ფუძემდებელი მონასტიცუზმის ეს სახეობა იხსენიება აგრეთვე, როგორც ანქორიტიზმი/ჰერმიტიზმი).
სიტყვა hermit მომდინარეობს ლათინური ĕrēmīta -დან, რომელიც წარმოადგენს ბერძნული ἐρημίτης (erēmitēs), "უდაბნოსი (ნათ.)“ ლათინიზებულ ფორმას. ბერძნული სიტყვა მომდინარეობს ἔρημος (erēmos) - უდაბნო, დაუსახლებელი ადგილიდან. სიტყვა anchorita (საეკლესიო ლათინურში anchoreta ) მომდინარეობს საეკლესიო ბერძნული anakhōrētēs -დან. ეს უკანასკნელი კი სიტყვებიდან anakhōrein - , განზე გასვლა, რომელიც თავის მხრივ შედგება პრეფიქს ana- ‘-სა (აღნიშნავს მოქმედებას ზევით, ან გაძლიერებულ უკუქმედებას), და სიტყვა khōra, khōr- ‘-დან, რომელიც ადგილს ნიშნავს.
ქრისტიანულ ტრადიციაში სიტყვა ჰერმიტი და ანქორეტი პარალელურად გამოიყენება, თუმცა თავიდან მათი მნიშვნელობა სხვაობდა. ბერძნული erēmitēs ნიშნავდა უდაბნოში მყოფს/მცხოვრებს და ჰერმიტი უდაბნოში, უკაცრიელ ადგილას გადიოდა, მაშინ როდესაც ანქორეტი ირჩევდა კელიას, რომელიც უკავშირდებოდა ან ეკლესიას, ანდა ახლო მდებარე დასახლებული ცენტრის გვერდით იყო. ითვლება, რომ პირველი ქრისტიანი ჰერმიტები გაჩნდნენ III საუკუნის მიწურულს ეგვიპტეში, როგორც ერთ-ერთი რეაქცია იმპერატორ დეციუსის მიერ განხორციელებულ ქრისტიანთა დევნაზე. ამ დევნას გამოიწვია ქრისტიანთა გაქცევა ეგვიპტეში, რასაც შემდგომ სამონასტრო ცხოვრების წესის განვითარება მოჰყვა. პირველ ჰერმიტად ითვლება პავლე თებელი, რომელმაც დაახლ 250 წელს შეაფარა თავი უდაბნოს. პირველი ჰერმიტების ცხოვრებას უკიდურესი სიმკაცრე ახასიათებდა.
შესაბამისად, როგორც ირკვევა, ასკეტები ეგვიპტეში ანტონამდეც იყვნენ, მაგრამ ანტონი პირველი ასკეტი იყო, რომელიც 35 წლის ასაკში განმარტოვდა თებეიდას უდაბნოში, სადაც მან მიტოვებულ საკერპოში დაახლ. 20 წელი სრულ მდუმარებაში დაყო. საკვებს კედლის იქეთ უგდებდნენ და დრო-და-დრო პილიგრიმებიც მიდიოდნენ მის სანახავად, მაგრამ წმინდანი მათთან შეხვედრაზე უარს აცხადებდა. მალე მის გვერდით მიმდევრებიც „დასახლდნენ“ და იგი იძულებული გახდა მიეტოვებინა მისი განმარტოების ადგილი. ხუთი თუ ექვსი წელი მან შეალია მის ირგვლივ შეკრებილი საძმოს ორგანიზებას, შემდეგ კი კვლავ უდაბნოს სიღრმეში წავიდა, სადაც განმარტოებაში გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება. თუმცა, ამჯერად მისი განდეგილობა ისეთი მკაცრი არ იყო, როგორც პირველ ჯერზე, ვინაიდან იგი მის სანახავად მისულ მნახველებსაც ხვდებოდა. ანტონის მიერ ორგანიზებული სამონასტრო ცხოვრების საფუძველს ინდივიდუალიზმი წარმოადგენდა. მონასტრები დასახლებული პუნქტებიდან შორს შენდებოდა. მისი ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ 311 წელს იგი ფარულად ალექსანდრიაშიც კი ჩასულა, სადაც დევნის გამო დატყვევებულ ქრისტიანებს ემსახურებოდა.
ითვლება, რომ ანტონი არა მხოლოდ ასკეტი განდეგილი იყო, არამედ პირველი სამონასტრო საზოგადოების ფუძემდებელიც, ვინაიდან მან მოახერხა მის ირგვლივ შეკრებილ მიმდევართა გაერთიანება. ანტონის ბიოგრაფია ბერძნულად დაწერა მისმა მოწაფემ, ათანასე ალექსანდრიელმა. თუმცა თავად ანტონი წერა-კითხვის უცოდინარი იყო, ათანასეს თხზულებაში მოყვანილია წმინდა მამის მიერ თქმული მრავალი გამოთქმა და დარიგება. შემორჩენილია აგრეთვე მის მიერ ნაკარნახევი 7 წერილის ტექსტი. (Dunn 2000, 2-6).
მონასტიციზმის მეორე ტიპის ფუძემდებელია პახომი დიდი (გარდ. 346/8 წ.), რომელიც თავდაპირველად ანტონის მიმდევარი. მოგვიანებით იგი ცნობილი გახდა, როგორც „ნამდვილი მონასტრის,“ ანუ თანაცხოვრების პრინციპზე დამყარებული სამონასტრო ორგანიზაციის ფუძემდებელი (ამ ტიპის მონასტიციზმი იხსენიება აგრეთვე, როგორც კვინობიტიზმი/კენობიტიზმი). პახომის სამონასტრო პრინციპი თანაცხოვრებაზე იყო დამყარებული, მის მიერ დაარსებული მონასტრები გარე სამყაროსგან გალავნით იყო განცალკევებული; ამ ქმედებით პახომმა მოახდინა საკრალური სივრცის გამიჯვნა ე.წ. პროფანული სივრცისაგან.
მისი ცხოვრების თანახმად, პახომი 21 წლის ასაკში ძალით წაიყვანეს რომაულ ჯარში. როდესაც იგი თებეში ჩაიყვანეს, იქ შეხვდა ქრისტიანებს, რომლებმაც. ჩვეულებისამებრ, ჯარისკაცებისათის საკვები მიიტანეს. ამ კეთილშობილმა საქციელმა დიდი ზეგავლენა იქონია პახომზე, რომელმაც საჯარო სამსახური ისე დაასრულა, რომ, ფაქტობრივად, არც მიუღია საომარ ქმედებებში მონაწილეობა. ხოლო, როცა დაანება სამხედრო სამსახურს თავი, ჩრდილოეთ ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა, მოინათლა და ასკეტური ცხოვრება დაიწყო. იგი ჯერ ბერ პალამონს დაემოწაფა, შემდეგ კი წმ. ანტონი დიდის მოწაფე გახდა. ერთ დღესაც მას მიტოვებულ სოფელ ტაბენისიში ხმა მოესმა, რომელმაც აუწყა, რომ მას უნდა აეშენებინა საცხოვრებელი,სადაც ბერები შეძლებდნენ ცხოვრებას. მანამდე ვინმე მაკარის უკვე აშენებული ჰქონდა „პროტო-მონასტრები,“ რომლებსაც ლავრა ეწოდებოდა, სადაც ჯგუფურად ცხოვრობდნენ ის ანქორეტები, ვისაც ფიზიკური ან სულიერი დაძაბუნების გამო არ შეეძლო სრულყოფილად წმ. ანტონისეული გზის გაყოლა.
პირველი მონასტერი პახომმა ტაბენისში 318-322 წლებში დააარსა. მალე მასთან თავი მოიყარა 100-მდე ბერმა, მათ შორის იყო მისი ძმა იოანემაც. პახომმა თანდათანობით ხელი მიჰყო სამონასტრო ცხოვრების ორგანიზებას; მანამდე ქალი და კაცი ასკეტები განმარტოებით ეყუდებოდნენ ხოლმე და ერთმანეთს ხვდებოდნენ იშვიათი საერთო ღვთისმსახურების დროს. პახომმა კი შექმნა მონასტერი, სადაც ქალები და კაცები ერთად ცხოვრობდნენ წინამძღვრის მეთაურობით. მონასტერი იმდენად სწრაფად გამრავლდა, რომ მალევე პახომმა მეორე მონასტერიც დააარსა მიტოვებულ სოფელ ფპოუში. მან უარი თქვა საეკლესიო თანამდებობაზე, მამებმა კი აბბა უწოდეს. პახომმა შექმნა პირველი განაწესი საკუთარი მონასტრისათვის, , სადაც ზედმიწევნით იყო აღწერილი ბერების ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი. ამ წესების ერთობლიობა წარმოადგენს სამონასტრო შიდაგანაწესის ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ნიმუშს. ითვლება, რომ პახომმა ეს წესდება რომაული ლეგიონების ორგანიზების შთაგონებით შეიმუშავა. შედეგად, პახომისეული მონასტერი მკაცრად დისციპლინებულ გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლის თითოეულ წევრს საკუთარი სამუშაო ეკისრებოდა.
ითვლება, რომ თანაცხოვრების პრინციპზე აგებული და დადგენილი წესით რეგულირებული კვინობიტური მონასტრების შექმნასთან ერთად გარკვეულ წილად შემცირდა პირველი ჰერმიტების ცხოვრებას უკიდურესი სიმკაცრე. პახომის განაწესის თანამხად, მონაზვნებს უნდა ელოცათ და ემარხულათ; თუმცაღა, საერთო ტრაპეზი მიღებული არ იყო; ბერებს უფლება ჰქონდათ, თავად გადაეწყვიტათ, როდის უნდა მიეღოთ საკვები. როდესაც პახომი გარდაიცალა, უკვე მის მიერ დაარსებული რვა მონასტერი არსებობდა. პახომისეული წესები გადაამუშავა და გაამკაცრა თებეიდას უდაბნოში მდებარე თეთრი მონასტრის წინამძღვარმა შენუტემ. (ცერაძე, გვ. 141)
თანდათანობით, მონასტციზმი გავრცელდა მთელს საქრისტიანოში; სამონასტრო ცხოვრების წესების მოდიფიკაცია კი IV საუკუნეში მოახდინა დიდმა საეკლესიო მოღვაწემ, ბასილი კესარიელმა. მის თანამედროვე ორ დიდ თეოლოგთან, გრიგოლ ნაზიანზელთან და გრიგოლ ნოსელთან ერთად იგი სათავეში ჩაუდგა კაბადოკიის სამონასტრო კოლონიზაციას. მანაც შეიმუშავა სამონასტრო წესდება, რომელიც ძირითადად ფოკუსირდებოდა თანაცხოვრებაზე, ლიტურგიკაზე და ფიზიკურ შრომაზე. შედეგად, აღმოსავლურ ქრისტიანობაში „კვინობიტური მონასტიციზმის მამად“ პახომთან ერთად მიიჩნევა აგრეთვე ბასილ დიდი კესარიელიც. ბასილისეული მონასტრები ჯერ გავრცელდა მის სამშობლოში, მცირე აზიაში, ხოლო შემდეგ პალესტინაშიც, ვინაიდან პალესტინური მონასტიციზმის რამდენიმე ლიდერი წარმოშობით იმავე რეგიონიდან იყო.
ამდენად, კვინობიტურ წესებში განირჩევა ორი სახეობა, პახომისეული და ბასილისეული. „პახომისეული წესების მიმდევარ მონასტრებში მცხოვრები ბერების თითქმის მთლიანად იყვნენ მოწყვეტილი გარე სამყაროს, მონასტრის ტერიტორიის დატოვება მათ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, წინამძღვრის საგანგებო ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლოთ... ბასილისეული წესის კვინობიტურ მონასტრებში მცხოვრები ბერები ქრისტიან მონაზონთათვის სავალდებულო საერთო წესების (ლოცვა-მარხვა და სხვა) დაცვის გარდა ორიენტირებულები იყვნენ იმაზე, რომ სხვადასხვა სახის სამსახური გაეწიათ სარო საზოგადოებისათვის, მონასტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისათვის, ანუ პრაქტიკაში ეჩვენებინათ მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულის მაგალითები. ამ მიზნით ისინი ეხმარებოდნენ ობლებს, აარსებდნენ სკოლებს. ცხადია ბასილისეული მონასტრები შენდებოდა დასახლებულ ადგილებში, ქალაქებსა და სოფლებში." “ (იქვე, გვ. 140-141).
აღსანიშნავია, რომ ბასილის შემდეგ აღმოსავლეთ საქრისტიანოში მონასტიციზმი ძირითადად კინობიტური ხასიათს იღებს, ხოლო ჰერმიტული ტიპის მონასტიციზმი გამონაკლისი ხდება. დასავლურ სამყაროში კი ჰერმიტიზმი თანდათანობით მთლიანად ჩანაცვლდა კვინობიტური ტიპის მონასტიციზმით. (ღაღანიძე 20, გვ.
ეგვიპტური მონასტიციზმის გარდა გამორჩეულ ტიპის სამნასტრო ცხოვრების ტიპს წარმოადგენდა სირიული მონასტიციზმი. აქ ჩამოყალიბდა ე.წ. მესვეტეობა, ანუ ღია ცის ქვეშ ცხოვრება და ფიზიკური შრომის უარყოფა. თავდაპირველად აქაც ჭარბობდა ჰერმიტული ტიპის მონასტიციზმი, მაგრამ მას შემდეგ რაც 350 წელს მარ-აღვინმა დააარსა კვინობიტური მონასტერი, აქაც ეს უკანასკნელი ტიპი გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ სირიულ მონასტიციზმში აკრძალული იყო ფიზიკური შრომა.
![]() |
![]() |
![]() |
კაცხის სვეტი (ითვლება 5-6 სს. აშენებულად)
|
ჰერმიტული ტიპის იყო თავდაპირველად პალესტინური მონასტიციზმიც, ხოლო IV ს-ის მეორე ნახევრიდან, როდესაც ორი ეგვიპტელი ბერი, წმ. ილარიონი და წმ. ეპიფანე აქაც ავრცელებენ კინობიტური მონასტიციზმის ტიპს, თანდათანობით აქაც ეს უკანასკნელი ანაცვლებს პირველს. განსაკუთრებულ ეტაპად პალესტინური მონასტიციზმის განვითარებაში ითვლება V საუკუნის 80-იან წლებში წმ. საბა განწმენდილის მიერ ლავრის დაარსება ბეთლემში, რომელიც მართლმადიდებლური მონსტრების დედა-მონასტრად ითვლება და რომელშიაც საუკუნეთა განმავლობაში მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ბერები. არანაკლები მნიშვნელობა იქონია მართლმადიდებლურ სამყაროზე სინას მთაზე, 527-565 წლებს შორის იმპერატორ იუსტინიანეს მიერ წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრის დაარსებამ, სადაც აგრეთვე სხვადასხვა წარმომავლობის ბერები იყვნენ დაყუდებულნი.
მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში გავრცელდა ლავრები, რომლებსაც აგრეთვე ანტონისეულ მონასტრებსაც უწოდებდნენ. ლავრა წარმოადგენდა „ისეთ სამონასტრო დასახლებას, რომელიც აერთიანებს ერთმანეთისგან მოშორებით მდებარე ხელით ნაკეთებ თუ ბუნებრივ სენაკებსა და გამოქვაბულებში მცხოვრებ ანაქორეტებს. ანაქორეტები ემორჩილებიან ლავრის წინამძღვარს.“ ისინი „ცხოვრობდნენ ერთმანეთისაგან დაცილებით მდებარე სენაკებში. აქ, სენაკებში ატარებდნენ მთელ კვირას ლოცვაში, მარხვაში და ხელსაქმის კეთებაში. შაბათ-კვირას კი ყველა ანქორეტი (სნეულთა და განსაკუთრებით მკაცრი ასკეტური წერით მცხოვრებთა - დაყუდებულთა გარდა) იკრიბებოდა ლავრის მთავარ ეკლესიაში საერთო წირვა-ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად და საერთო ტრაპეზისათვის.“ (ცერაძე 2001, გვ. 139). ლავრებში მცხოვრები ბერები ძირითადად იოლი ხელსაქმით იყვნენ დაკავებული. ამ ლავრათაგან განსხვავებით, „კვინობის ტიპის მონასტრებში ბერებს ერთმანეთთან ყოველდღიური კონტაქტები ჰქონდათ, ისინი ყოველდღე იკრიბებოდნენ ეკლესიაში სარიტუალო შეკრებებზე. ჰქონდათ ყოველდღიური ტრაპეზზე (დღეში ორჯერ). ამის გარდა, კვინობის ტიპის მონასტრებში მცხოვრები ბერები დღის უდიდესი ნაწილის განმავლობაში სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი (მეღვინეობა, მიწათმოქმედება, სახელოსნო სამუშაოები და სხვ.).“ (იქვე, გვ. 139).
პარალელურად, V საუკუნიდან მოყოლებული პალესტინაში ჩამოყალიბდა ე.წ. ჰიბრიდული ტიპის, ანუ ბიზანტიური ლავრები. ისინი წარმოადგენდნენ „ნახევრად კვინობიტურ დასახლებას, რომელიც აერთიანებს უშუალოდ კვინობში მცხოვრებ ბერებსა და ანაქორეტებს, რომლებიც ემორჩილებიან მონასტრის (კვინობის) წინამძღვარს და მონასტერში მიღებულ წესებს, თუმცა ცხოვრობენ კვინობისაგან დაცილებით მდებარე ხელით ნაკეთებ სენაკებსა და გამოქვაბულებში, შაბათ-კვირას კი უერთდებიან კვინობში მცხოვრებ ბერებს, კვინობის ეკლესიაში ჩატარებულ საერთო წირვა-ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე საერთო ტრაპეზის გასაზიარებლად.“ მკვლევარი იქვე აღნიშნავს, რომ ეს პრივილეგია მხოლოდ გამორჩეული ავტორიტეტის მქონე ბერებს ჰქონდათ. (იქვე, გვ. 140). თუმცაღა, დროთა განმავლობაში „სამონასტრო ცხოვრების ეს ორი ძირითადი ფორმა (ლავრული და კვინობიტური) ტრანსფორმირდა და ნელ-ნელა შეერწყა ერთმანეთს.“ (იქვე, გვ. 144)
ვფიქრობ, ამგვარი შერწყმული ტიპის ლავრის მაგალითს სადღეისოდ დავით გარეჯა უნდა წარმოადგენდეს, სადაც ერთმანეთის პარალელურადაა წარმოდგენილი კვინობიტური ლავრა და ანაქორეტთა სენაკები, რომლებმაც შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის უძვირფასესი ნიმუშები შემოგვინახა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ კიკნაძე აღმოსავლურ ქრისტიანულ მონასტიციზმში ასკეზის ჩამოყალიბებას ბიბლიური მაგალითების ზეგავლენით ხსნის და მის სამ სახეს გამოყოფს. მკვლევრის თქმით, როგორც ეფრემ ასური აღნიშნავს, „გამოქვაბულში ცხოვრობდა ელია, მთის წვერზე - ელისე, უდაბნოში - იოანე,“ ასკეტური პრაქტიკაც ამ ფიზიკურ რეალობებს დაუკავშირდა. „თითოეულ ამ სფეროს თავისი საკუთარი თვისობრიობა და განზომილება აქვს: გამოქვაბულს - სიღრმე, მთას - სიმაღლე, უდაბნოს - სივრცე.“ (კიკნაძე 2001).
წმინდა მოღვაწეთა ტიპოლოგია:
მძოვარნი
მდუმარენი
მღვიძარენი, ანუ უძილონი
მტირალნი
მესვეტენი
სალოსნი – გლახაკები, ან ღვთისთვის სულელნი
მოღვაწე დედები
მღვდელმთავრები - ეპისკოპოსთა და პატრიარქთა ცხოვრებანი (გაბიძაშვილი 2014, გვ. 24-81)
ბიბლიოგრაფია
გაბიძაშვილი, ენრიკო 2014. „ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია.“ წიგნში: ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან II: ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ორიგინალური ჰაგიოგრაფია. დოგმატიკა და პოლემიკა. ფილოსოფია. რედ. მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). თბილისი: აღმსარებელი, 9-275
კიკნაძე, ზურაბ 2001. “სამსახეობა ასკეზისა.” სჯანი 2: 171-181.
ღაღანიძე, მერაბ 2007.“ბერმონაზვნობა აღმოსავლეთსა და დასავლეთში.“ კრებულში: საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში. რედ. ემზარ ჯგერენაია და სხვ. თბილისი: საჯარო ბიბლიოთეკა. (https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/4754/1/Sajaro_Lekcbi.pdf - ბოლო წვდომა: 05.03.2026)
ცერაძე, ,თინა. „სამონასტრო ცხოვრება და განსწავლა ქრისტიანულ ასკეზაში.“ მრავალთავი 19 (2001): 139-161.
Dunn, Marilyn 2000. The Emergence of Monasticism. From the Desert Fathers to the Early Middle Ages.: Blackwell



