ირმა ყარაულაშვილი
ჯუანშერი
ტექსტის სათაური: ცხორება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასალისა მეფისა, მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღმრთისმსახურისა მეფისა, რომელი უმეტესად სხუათა სახელგანთქმული გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა
თხზულების დაწერის დრო: დაწერის დრო: ივ. ჯავახიშვილი - XI ს. (სხვა მეცნიერთა მოსაზრებები ამ საკითხზე იხ. ქვემოთ)
თხზულების ავტორი: როგორც უკვე ითქვა ბაგრატიდთა წინარე პერიოდის ისტორიოგრაფიის ზოგადი დახასიათების შემცველ ნაკვეთში, არჩილის წამების ბოლოს გაკეთებულ მინაწერში (რომელიც პირველწყაროდან არის გადატანილი ხელნაწერებში) ვკითხულობთ: „ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ – ჯუანშერმან, ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან მეფისამან, მირიანის ძისამან. ამიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ, ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივ განბრძნობილსა.” ((ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 248. )
ამდენად, თავად ქც-ს მინაწერის თანახმად, თხზულების ავტორობა მიეწერება ჯუანშერ ჯუანშერიანს, რომელიც ტრადიციულად მოიხსენიება, როგორც ჯუანშერი. ითვლება XI ს.-ის ავტორად, რომელიც ნაწარმოების წერისას იყენებს ადრეულ წყაროებს (ჯავახიშვილი 1977, გვ. 190). თედო ჟორდანია ჯუანშერს VIII საუკუნის ავტორად მიიჩნევს (ჟორდანია 1982, გვ. XXXV). ამავე პერიოდის ავტორად და არჩილ II-ს სიძედ მიიჩნევს ჯუანშერს მოსე ჯანაშვილიც (ჯანაშვილი 1903, გვ. 8). პავლე ინგოროყვა ჯუანშერის თხზულებას IX საუკუნის ძეგლად მიიჩნევს. (პავლე ინგოროყვა, „ამბავი ვახტანგ გორგასარისა,“ ნაშრომში: მისივე 1939b, გვ. 207-210). სარგის კაკაბაძემ თავდაპირველად ჯუანშერის თხზულება XI საუკუნეში მოღვაწე პირად მიიჩნია (Какабадзе 1912), შემდეგ - „VIII საუკუნის მეორე ნახევრის მწერლად“ (კაკაბაძე 1924, გვ. 181). მოგვიანებით მან კვლავ შეცვალა მოსაზრება და ჯუანშერის თხზულება IX საუკუნის შუა წლებისათვის დაწერილად მიიჩნია (სარგის კაკაბაძე, „ჯუანშერის ცხოვრების დრო,“ წიგნში: კაკაბაძე 1994, გვ. 30-31, აქ გვ. 31). ვახტანგ გოილაძეს ჯუანშერი V საუკუნის ავტორად წარმოუდგენია (გოილაძე 1983, გვ. 157). მანანა სანაძე კი ჯუანშერ ჯუანშერიანს VI საუკუნეში მოღვაწე რევიანთა შტოს წარმომადგენლად მიიჩნევს (სანაძე 2001, გვ. 163).ჯუანშერის სახელის ქვეშ ქც-ში გამოქვეყნებულ ტექსტში გამოყოფენ აგრეთვე მის გამგრძელებელს, რომლის ნაშრომიც უნდა მოიცავდეს ვახტანგის შემდეგ დროინდელ პერიოდს, ანუ, ქვეყნის ისტორიას VI ს.-დან-VIII ს.-ის ჩათვლით), რომელსაც გივი წულაიამ ფსევდო-ჯუანშერი უწოდა (Цулая 1986, 30-31).
ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ბოლოს არსებულ მინაწერთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: „ზემომოყვანილ მინაწერში ჯუანშერი იწოდება წ~ა არჩილის ძმისწულის ქმარად, მაშასადამე, დაახლოვებით ვითომც VIII საუკ. უნდა ეცხოვრა. რასაკვირველია ეს ცნობა მისი ვინაობის შესახებ მერმინდელი გადამწერის მიმატებული უნდა იყოს და ამისდა მიხედვით ზემოთ განსაზღვრულს იმ ჯუანშერს, რომელსაც ვახტანგ გორგასლის ც~ა უნდა დაეწერა, სრულებით არ შეესაბამება, რადგან „ცხორებას“ ზღაპრული ელფერი ადევს და თვით თხზულებაშიც აქა-იქ იმგვარი ცნობები მოიპოვება, და ისეთი წყაროებია მოხსენებული, რომელნიც VIII საუკ. ჯერ არ არსებობდნენ.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 189). ჯავახიშვილის თქმით, „ჯუანშერი რომ ვახტანგ მეფის მერმე „შემდგომად ჟამთა მრავალთა“ ცხოვრობდა და, როცა თხზულებასა სწერდა, სანდო მასალა მის შესახებ ხელთ არა ჰქონდა, ეს საუცხოვოდ მისი „ისტორიითა“-ცა მტკიცდებოდა: იგი ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე ისტორიას, საგმირო სახალხო ნაწარმოებს უფრო, ვიდრე უტყუარს და სანდო საბუთს.“ (იქვე).
თხზულების კომპოზიცია და შინაარსი:
მეცნიერთა უმეტესობა ჯუანშერის სახელით გამოქვეყნებულ თხზულებას ორ ნაწილად ყოფს:
- ვახტანგ გორგასლის ცხოვრება
- ვახტანგის ცხოვრების გაგრძელება, რომელიც ფსევდო-ჯუანშერს მიეწერება. პავლე ინგოროყვა თხზულების ამ ნაწილს უწოდებს „წიგნი ქართველთა ცხორებისა ვახტანგ მეფისითგან ვიდრე არჩილ მეფისადმდე.“ (ინგოროყვა 1939b, გვ. 212).
პავლე ინგოროყვას აზრით, მეორე ნაწილში ჯუანშერი ახდენს ორი ძველი წყაროს კომპილაციას: „1. „მატიანე მე-6-7 საუკუნეებისა (- საიდანაც ჯუანშერს ამოუღია მოთხრობა 502 წლიდან მოკიდებული ვიდრე მე-7 საუკუნის 40-იან წლებამდე); და 2) მატიანე მურვან-ყრუს ლაშქრობასა და არჩილის მეფობისა (საისტორიო მოთხრობა მე-8 საუკუნის 30-იანი წლებიდან - 50-იან წლებამდე. ეს მეორე საისტორიო თხზულება, როგორც ირკვევა, თანამედროვის მიერ ყოფილა აღწერილი, მე-8 საუკუნის ისტორიკოსის მიერ. ეს ძეგლი მნიშვნელოვანი ნაწარმოები ყოფილა; გადარჩენილი ექსცერპტები შეიცავს მთელს რიგს ძვირფას ავთენტურ ცნობებს მე-8 საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ.“ (იქვე, გვ. 212-213). „პირველი მატიანე (რომელიც მე-6-7 საუკუნეებს ეხება) სჩანს დაწერილი მე-8 - 9 საუკუნეებში.“ (იქვე, გვ. 230).
სტივენ რაპი ორივე ამ ნაწილს ბაგრატიდთა წინარე პერიოდში შექმნილად მიიჩნევს და 790-813 წლებს შორის დაწერილად თვლის (Rapp 2014, გვ. 173; Id. 2003, გვ. 237)
თხზულების კვლევის ისტორია:
ივანე ჯავახიშვილი, თხზულების ანალიზის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვახტანგ გორგასლის ცხოვრება სავსეა ზღაპრული ელემენტებით, თუმცაღა, მკვლევარი იმასაც აღნიშნავდა, რომ „ჯუანშერის თხზულებაში ორიოდე საყურადღებო ცნობაც მოიპოვება... საყურადღებოა და საერთოდ სიმართლეს უახლოვდება ჯუანშერის ცნობები... ბაჰრამ ჩუბინისა, ქასრეს (ხოსროს) და მავრიკი კეისარს შორის დამტკიცებულებათა შესახებ..., გუარამ კურაპალატის უძლურება ერისთავებთან შედარებით, რომ მან „ერისთავნი ქართლისანი ვერ ცვალნა საერისთავოთგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენა მეფისაგან ჰქონდეს სოფელნი მკჳდრობისანი... აგრეთვე ქართლის საზღვრების აღწერილობა... მაგრამ ყველა ამ მცირე-რიცხოვან ცნობასაც მკაცრი განხილვა და დაფასება უნდა, რომ მათი ღირსება და მნიშვნელობა შესაფერისად გამოირკვეს.“ (იქვე, გვ. 192-193). ამდენად, ჯავახიშვილი ჯუანშერს XI საუკუნის ავტორად მიიჩნევს და ასკვნის, რომ „ჯუანშერის თხზულება ვახტანგის დროის ისტორიისთვის, ზოგიერთ მცირეოდენ ცნობის გარდა, თითქმის გამოუდეგარია და საყურადღებოა მხოლოდ როგორც დამახასიათებელი იმისა, თუ რა ცნობები და წარმოდგენა ჰქონიათ XI საუკუნის განათლებულ ქართველ წრეებს ვახტანგ გორგასლის პიროვნებისა და მეფობაზე, ხოლო VII-VIII ს.ს. შესახებ უფრო საყურადღებო ცნობები მოიპოვება.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 194).
ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსზე განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა კორნელი კეკელიძემ. მისი აზრით, ეს თხზულებაც ლეონტი მროველს ეკუთვნის., ხოლო ჯუანშერ ჯუანშერიანის კალამს უნდა მივაწეროთ მხოლოდ ვახტანგის ისტორიის შემდეგ მოყვანილი თხრობა, ანუ „საქართველოს ისტორია მეექვსე საუკუნიდან (მეფობის გაუქმებისა და ბაგრატიონთა ჩვენში დამკვიდრების შემდეგ) გიორგი მეორის მეფობის დასაწყისამდე...“ (კეკელიძე 1981, გვ. 259). ამდენად, კეკელიძის თქმით, ჯუანშერის შრომად უნდა ჩაითვალოს არა მხოლოდ ვახტანგ გორგასლის შემდეგდროინდელი ამბების გადმოცემა, არამედ აგრეთვე ქც-ს „ის ნაწილიც, რომელიც ამას მოჰყვება თვით დავით აღმაშენებლის ისტორიამდე, და რომელსაც ჩვეულებრივ „მატიანე ქართლისაჲ“ ეწოდება...“ (იქვე, გვ. 260). მკვლევარი მსგავს დასკვნამდე მივიდა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ვახტანგის ცხოვრებაც იმავე ზღაპრული, სადევგმირო სულითაა გამსჭვალული, როგორითაც ლეონტის უცილობელი შრომა. ორივე ამ ნაწილში მოთხრობას ერთნაირი ხასიათი აქვს, ენაც მათი თავიდან ბოლომდე ერთგვარია; აქ ჩვენ გვხვდება ერთი და იგივე აზრები, ერთი და იგივე სტერეოტიპული წინადადებანი და ფრაზები, ერთი და იგივე სურათები და სახეები. ამასვე გვიკარნახებს ერთობა ლიტერატურული წყაროებისა ორივე ნაწილში და მათი ერთი და იმავე მეთოდით გამოიყენება.“ (კეკელიძე 1981, გვ. 253).
ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე ახსენებენ ათონის ივირონის XI საუკუნის ერთ-ერთ ხელნაწერში მოხსენიებულ მწერალს ილარიონ ჯუანშერს (ხელნაწერში იკითხება: „თქუა მამამან ილაიონ ჯუანშერმან.“). ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ „ცნობა მეტად მოკლეა, რომ საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდეს, ჩვენი ისტორიკოსი და ის ილარიონ ჯუანშერი ერთი და იგივე პირი იყო თუ არა.“ (ჯავახიშვილი 1977. გვ. 191). კორნელი კეკელიძეც ფრთხილად ეკიდება ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ავტორისა და ილარიონ ჯუანშერის იდენტიფიკაციის საკითხს და ათონის მწიგნობრის, ილარიონ ჯუანშერის ხსენებისას, ამბობს: „შესაძლებელია, ის სასულიერო პირიც იყო, სახელად ერქვა ილარიონი და მოღვაწეობდა ათონზე.“ (კეკელიძე 1981, გვ. 160-161).
ამასთან, კორნელი კეკელიძეს აგრეთვე გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ ვახტანგ გორგასლის ცხოვრება თავდაპირველად შესაძლოა აღეწერა იაკობ ცურტაველს, რომლის ნაშრომიც უნდა გამოეყენებინა ვახტანგის მემატიანეს. ამასთან, კეკელიძე ხაზგასმით აღნიშნავს: „ამას ჩვენ ვამბობთ არა დაჟინებით, არამედ როგორც ჰიპოთეზს.“ (კეკელიძე 1980, გვ. 115, შენ. 3). კორნელი კეკელიძის ამ მოსაზრების მოდიფიკაციას გვთავაზობს ვახტანგ გოილაძე, რომელსაც ჯუანშერი V საუკუნის ავტორად მიაჩნია. გოილაძის თქმით, „“ქრონიკა ვახტანგ გორგასლისა“ საერთოდ არსებული „ფარნავაზიანთა სახლის“ უძველესი ქრონიკის გაგრძელება უნდა ყოფილიყო.“ (გოილაძე 1983, გვ. 157. იხ. აგრეთვე გოილაძე 1981)
პავლე ინგოროყვა ჯუანშერის თხზულებას განიხილავს როგორც IV-VII საუკუნეთა მწერლობის ისტორიის შესახებ ნაკვეთში, აგრეთვე VIII-XI საუკუნეების ლიტერატურის მიმოხილვისას. პირველ შემთხვევაში მკვლევარი აღნიშნავს, რომ IV-VII საუკუნეებში არსებობდა ვახტანგის ბიოგრაფიის ამსახველი მატიანე, რომელიც „არის გამოყენებული უფრო გვანი დროის უჯარმელის თხზულებაში.“ (პავლე ინგოროყვა, „ვახტანგ გორგასარის მატიანე,“ ნაშრომში: ინგოროყვა 1939a, გვ. 107); ნაშრომის მეორე ნაწილში კი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ქც-ს შემადგენლობაში ჩვენამდე მოღწეული ვახტანგ გორგასარის ცხოვრება IX საკუნეშია დაწერილი. ავტორის ვინაობა არ ვიცით, მაგრამ თხზულების შინაარსიდან გამომდინარე მკვლევარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ „ავტორი უჯარმის მხრიდან უნდა ყოფილიყო,“ რის გამოც პირობითად მას სახელად უჯარმელი უწოდა. (ინგოროყვა 1939b, გვ. 207). მკვლევრის აზრით, უჯარმელს დაუწერია ვახტანგის ცხოვრება, ხოლო თხზულების მეორე ნაწილის ავტორი არის ჯუანშერი, რომლის „თხზულებაში მოთხრობილია საქართველოს ისტორია ორ საუკუნე ნახევრის მანძილზე, იწყება ვახტანგ გორგასარის გარდაცვალებიდან (502 წელს) და სრულდება არჩილ მეფის დროით (მე-8 საუკუნის 50-იანი წლები.“ (იქვე, გვ. 212). მკვლევარი ასკვნის, რომ „ჰამბავი ვახტანგ გორგასარისა, დროის მიხედვით წინ უსწრებს ჯუანშერის მატიანეს, ხოლო ჯუანშერის მატიანე... დაწერილია 872-– 914 წლებს შორის.“1 (იქვე, გვ. 207, შენ. 2).
ინგოროყვას დასკვნით, „თვით ჯუანშერი მდარე ღირსების ისტორიკოსია. ის იძლევა მის ხელში ქონებული... ორი ძველი საისტორიო თხზულების მექანიკურ გადაბმას იმრიგად, რომ არც კი ავსებს იმ 90 წლიან ხარვეზს, რომელიც ამ ორ საისტორიო წყაროს შუაში აკლდა ( - მე-7 საუკუნის 40-იანი წლებიდან ვიდრე მე-8 საუკუნის 30-იან წლებამდე. სამაგიეროდ, იგი უხვად ავსებს თავის კომპილატიურ ნაწარმოებს სხვადასხვა ლეგენდარული ხასიათის თხრობათა ჩართვით.“ ხოლო ჯუანშერის თხზულების მნიშვნელობა კი „იმაში მდგომარეობს, რომ მას დაუცავს, ამონაწერების სახით - თითქმის მთლიანად, მის ხელში ქონებული ზემოთ-დასახელებული ორი ძველი ქართული საისტორიო თხზულება.“ (იქვე, გვ. 213).
ლეონტისა და ჯუანშერის იდენტიფიკაციისა და მათ მიერ დაწერილი თხზულებების შესახებ მოსაზრება მრავალ მეცნიერს აქვს გამოთქმული. ისინი, ძირითადად, ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის მოსაზრებების მოდიფიკაციას წარმოადგენენ. ასე, ნიკო ბერძენიშვილს, კორნელი კეკელიძის დარად, მიაჩნდა, რომ ქც-ს იმ მონაკვეთის ავტორი, რომელსაც ჯუანშერს მიაწერენ, არის ლეონტი მროველი (ბერძენიშვილი 1973, გვ. 33; ბერძენიშვილი 1979, გვ. 23). გიორგი მელიქიშვილის აზრით, ჯუანშერს „კრებულისათვის მიუმატებია ვახტანგ გორგასლის შემდგომი ამბები ვიდრე არჩილ მეფემდე და მასში „არჩილის წამების“ მოკლე მოთხრობაც შეუტანია (მელიქიშვილი 1970, გვ. 52; არჩილის წამებისათვს, იხ. ჰაგიოგრაფია > არაბთა მიერ საქართველოში ნაწამებ ქრისტიანთა მარტვილობანი > არჩილის წამება). ანრი ბოგვერაძის ვარაუდით, რომელსაც გონელი არახამიაც იზიარებს, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა დამოუკიდებელი და სხვა ავტორის თხზულება კი არაა, არამედ ლეონტის... ისტორიული-პოლიტიკური კონცეფციით გამართული მისივე ნაწარმოებია, რომელიც გრძელდება აშოტ I-ის ხელმწიფობამდე ქართლში.“ (ბოგვერაძე 1987, გვ. 176-177; იხ. აგრეთვე: არახამია 1987b, გვ. 74). ბოგვერაძისვე თქმით, ქც-ს საწყისი ნაწილის „მეორე თხზულება“ მოგვითხრობს VIII-XI სს. ამბებს და ცნობილია ჩვენთვის მატიანე ქართლისაჲს სახელით. ამდენად, ბოგვერაძის ვარაუდით, ჯუანშერ ჯუანშერიანი არ წარმოადგენს ქც-ს ერთ-ერთი თხზულების ავტორს. (ბოგვერაძე 1967, გვ. 41-42). კონსტანტინე გრიგოლიას კი ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ავტორობით ცნობილი თხზულებები და მატიანე ქართლისაჲ, ანუ თხრობა უძველესი დროიდან XI საუკუნის 70-იან წლებამდე, ერთი ავტორის, კერძოდ კი, ლეონტი მროველის მიერ დაწერილ ნარატივად მიაჩნია (გრიგოლია 1976).
კორნელი კეკელიძის მოსაზრებას არ ეთანხმებიან დავით მუსხელიშვილი, გიორგი ანჩაბაძე და ზაზა ალექსიძე, რომელნიც, ივანე ჯავახიშვილის დარად, ლეონტისა და ჯუანშერის ნაწარმოებების სხვადასხვა ავტორთა მიერ დაწერილ თხზულებებად მიიჩნევენ. (მუსხელიშვილი 1987, გვ. 184; ანჩაბაძე 1987, გვ. 185; ალექსიძე 2016, გვ. 280). არგუმენტთა შორის დავით მუსხელიშვილი აღნიშნავს, ლეონტი მროველთან ჰერეთი დამოუკიდებელი ოლქია, რომელიც, შესაძლოა ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ქართლისგან, ხოლო ჯუანშერთან ჰერეთი უკვე ქართლის სამეფოს ნაწილია (მუსხელიშვილი 1966, გვ. 62-64). ზაზა ალექსიძის თქმით კი „ლეონტი მროველისა და ჯუანშერის სახელით ცნობილი თხზულებები XI საუკუნეზე ადრინდელია და სხვადასხვა ავტორს უნდა ეკუთვნოდეს. ამ თხზულებებს XI ს-ში გაუკეთდა ერთიანი კონცეფციით მნიშვნელოვანი რედაქცია და ამ რედაქციის ავტორი უნდა იყოს ლეონტი მროველი.“ (ალექსიძე 2016, გვ. 280).
გივი წულაიას აზრით, კორნელი კეკელიძის მიერ აღნიშნული მსგავსება ლეონტისა და ჯუანშერის ნაშრომებს შორის, კერძოდ კი, ფრაზეოლოგიური თანხვედრები, ისევე როგორც იდენტური მეტაფორებისა და ეპითეტების ხმარება უნდა აიხსნას არა იმით, რომ ორივე თხზულება ერთ ავტორს ეკუთვნის, არამედ ორივე ნაწარმოების ერთსა და იმავე პერიოდსა და საერთო კულტურულ და პოლიტიკურ გარემოში შექმნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი ასახსნელი იქნებოდა, თუ რატომ ავლენს ეს ორი თხზულება დიამეტრალურად ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგიურ პოზიციას. თუკი ლეონტისთან იგრძნობა არმენოფილური ტენდენცია მის მიერ კავკასიის ხალხთა გენეალოგიის კონსტრუირებისას, ვახტანგ გორგასლის ისტორიაში მსგავსი ტენდენცია არ არსებობს. შედეგად, გივი წულაიას აზრით, „უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორი ავტორი ეკუთვნოდა შუა საუკუნეების ქართული ისტორიული აზროვნების ორ სხვადასხვა სკოლას (ანდა მიმართულებას).“ (Цулая 1986, გვ. 14). ჯუანშერისთვის უცხო მტრისგან მომდინარე საფრთხის პირობებში საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება მთელი კავკასიის რეგიონის პოლიტიკური სუვერენიტეტის მთავარი პირობა იყო. ამასთან, მასთან ვხვდებით არა „ლეონტი მროველის მიერ თავისებურად დამუშავებულ სომეხთა ლეგენდური პრიორიტეტის იდეაზე აპელირებას, არამედ იგი ადრეული შუა საუკუნეების ისტორიული ძალების რეალურ თანაფარდობას აღწერს. სხვა საკითხია, თუ რამდენად შეეფერებოდა ჯუანშერის მიერ აღწერილი ამბები ისტორიულ რეალობას. წულაიას აზრით, ქართულ-სომხურ ურთიერთობებთან მიმართებით XI საუკუნის ისტორიკოსი თავისი დროის არსებულ პოლიტიკური რეალობის პროეცირებას ახდენს ვახტანგ გორგასლის დროზე. ამასთან, ლეონტი მროველისგან განსხვავებით, ჯუანშერი არ საუბრობს უხსოვარ დროს კავკასიაში სომეხთა პრიორიტეტზე. ნაცვლად, იგი ენათა (ხალხთა) „პრესტიჟულობის“ შესახებ საკუთარ თეორიას გვთავაზობს:
ვახტანგ გორგასლის სიტყვებით, მთავარანგელოზმა „ნებროთს ენითა სპარსულითა ჰრქუა: „მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა... აწ წარვედ შენ და დაჯედ ორთავე მდინარეთა შორის ევფრატსა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამეთუ წარუვლინებიან უფალსა, ხოლო მეფობაჲ შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა. არამედ ჟამთა უკუანაჲსკნელთა მოვიდეს მეუფე ცისაჲ, რომლისაჲ შენ გნებავს ხილვაჲ მისი, ერსა შორის შეურაცხსა. შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი: მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიჴსნეს. და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს ჰინდოურად მზრახვალნი ჰინდოეთს, სინდნი - სინდეთს, ჰრომნი - ჰრომს, ბერძენნი - საბერძნეთს, [გოგ] და მაგუგ - მაგუგეთს, სპარსნი - სპარსეთს. ხოლო პირველი ენაჲ ასურებრი იყო. და ესე არიან შჳდნი ენანი, რომელ ნებროთისამდე ზრახვიდეს. ამისთჳს მოგითხარ, რომელ მამათა ჩუენთა ფარულად ეპყრა წიგნი ესე, ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქუმად ამისა. და ამის მიერ შეიწყნარა მირიან, მამამან ჩემმან, სახარებაჲ ნინოჲს მიერ.“
მოცემული ეპიზოდის საფუძველზე გივი წულაია ასკვნის, რომ ლეონტისა და ჯუანშერის სქემები არ შეესაბამება ერთმანეთს; ლეონტის სქემა უფრო არქაულია, ჯუანშერისა კი უფრო შეეფერება ამიერკავკასიაში ადრეული ქრისტიანობის ეპოქას. ჯუანშერის მიერ სომხური ენის ნაცვლად სირიულის პირველ ადგილზე წამოწევა ავტორის მსოფლმხედველობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რაც, ლეონტისაგან განსხვავებით, ქართლში ქრისტიანული იდეოლოგიის დამკვიდრების საწყისი ეტაპის სირიულ ტენდენციაზე უნდა მიგვანიშნებდეს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა ნაწილი მას ცალსახად ელონოფილად თვლის, რეალურად ჯუანშერთან წარმოდგენილი უნდა იყოს ადრეული შუა საუკუნეების მწერლის აზროვნების ეკლექტიკა.
ამდენად, მკვლევრის აზრით, ლეონტისა და ჯუანშერის თხზულებების ერთი ავტორისათვის მიწერა წარმოუდგენელია, ვინაიდან ჩვენ წინაშეა ორი პრინციპულად განსხვავებული ავტორის განსხვავებული იდეოლოგიური პროგრამა (იქვე, გვ. 14-16). ამასთან, ჯუანშერის თხრობის სუბიექტური დამოკიდებულება მხოლოდ დიდი მეფის, ვახტანგის ცხოვრების აღწერაში იგრძნობა. (იქვე, გვ. 19).
ზაზა ალექსიძე ლეონტისა და ჯუანშერს სხვადასხვა ავტორად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ორივე ავტორთან ერთნაირადაა გააზრებული საქართველოს საერთაშორისო ორიენტაციის საკითხი: ერთი მხრივ, ირანულ და დასავლურ სამყაროს შორის ლავირება და შემრიგებლური პოზიცია, მეორეს მხრივ კი, „განაცხადი ქართველთა დასავლური ორიენტაციის შესახებ“ (ალექსიძე 2007). დეტალურად იხ. ისტორიოგრაფია > ქართლის ცხოვრება > ბაგრატიონთა წინარე ეპოქაში შექმნილ ნარატივებზე დამყარებული თხზულებანი
მანანა სანაძის აზრით, ჯუანშერის მიერ VI საუკუნეში დაწერილმა თხზულებამ რედაქტორთა ზეგავლენა განიცადა და ეს ზეგავლენა თავად ქც-ს კრებულად შეკვრის პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა. მკვლევარი ტექსტის გადაკეთების ორ ეტაპს გამოყოფს: „I. VIII ს. I ნახევარი, როდესაც ჩვენთვის უცნობმა მემატიანემ პირველად გააერთიანა მის ხელთ არსებული ქართლის მეფეთა (ვახტანგ გორგასლამდე პერიოდის) ქრონიკები, ანუ ის, რაც „იწერებოდა ჟამითა ჟამად“, მიუმატა მას ჯუანშერ ჯუანშეიანის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, რა თქმა უნდა, საკუთრივ მის მიერ გადამუშავებული, წაუმძღვარა მას ქართველთა განსახლებისა და წარმოშობისადმი მიძღვნილი ისტორიულ-გეოგრაფიული შესავალი, რითაც, ფაქტიურად მოგვცა თავისი ეპოქის (VII-VIII ს.-ს I ნახევარი) კავკასიის პოლიტიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა. და საბოლოოდ მიიყვანა თხრობა VII ს-ის დასაწყისამდე ანუ აღწერა პერიოდი მეფე არჩილ II (დაჩი) ვახტანგის ძიდან სტეფანოზ I-ის ჩათვლით. ამით, შეიძლება ითქვას, დასრულდა „ქართლის ცხოვრების“ შექმნის პირველი ეტაპი..
უკვე XI ს-ის მემატიანემ (შესაძლოა ლეონტი მროველმა) ხელახლა გადაამუშავა უკვე არსებული „ქართლის ცხოვრება“ ანტიკური და სომხური ისტორიოგრაფიის მონაცემების საკუთარი გააზრების შედეგად. შეცვალა... თხზულების ძირითადი ქრონოლოგიური ღერძი... ერთ პიროვნებად გააერთიანა სტეფანოზ II ადარნასეს ძე და სტეფანოზ III ნერსეს ძე და ამ სტეფანოზ II-სთან გაიგივებულ სტეფანოზ III-ს გადააბა მისი ოჯახის, მირის, არჩილის, ჯუანშერისა და მისი დის ცხოვრების თუ მათი ცხოვრების ცალკეული ეპიზოდების ამსახველი ქრონიკები, რის შედეგადაც ამოუვარდა დაახლ. 70 წლის ისტორია; ასევე ვერ შეამჩნია რა მათ შორის სხვაობა, ერთ მოთხრობად შეკრა VIII ს-ის I ნახევრის არაბი ამირების - მურვან იბნ მუჰამედის (მურვან ყრუ) და მასლამა იბნ აბდ ალ მალიქის შემოქმედების ამსახველი ქრონიკები და საბოლოოდ თხრობა მიიყვანა საკუთარ ეპოქამდე („მატიანე ქართლისა“). (სანაძე 2001, გვ. 164-165).
გივი წულაია აჯამებს მისი წინამორბედების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ჯუანშერის გამოყენებულ ლიტერატურულ წყაროებზე, რომელთაგანაც გამოყოფს სპარსული ტრადიციის ზეგავლენას, რაც არაკებისა და ფალაური ეპიკური თხზულებების გამოყენებაში უნდა გამოიხატებოდეს. მკვლევარი ეხება აგრეთვე შუა საუკუნეების ავტორის მიერ მოხმობილ ბიბლიურ ალუზიებსა და თხზულებაში გამოყენებულ აპოკრიფულ სიუჟეტებს. ცალკე განხილვის საგანია ჯუანშერის მიერ გამოყენებული ქრონოლოგიური სქემა (გორგასლის დაბადებისა და გარდაცვალების, აგრეთვე მისი ძირითადი საომარი ოპერაციების დათარიღება), რაც, მეცნიერის თქმით, „ნაწარმოებს ისტორიული თხრობის ხასიათს ანიჭებს.“ (Цулая 1986, გვ. 22).
როგორც უკვე აღინიშნა, გივი წულაიამ ერთმანეთისგან განასხვავა ჯუანშერისა და ფსევდო-ჯუანშერის თხზულებები. მკვლევრის აზრით, ვახტანგის სიკვდილის აღწერის შემდეგ თხზულებაში მოთავსებული ტექსტი ჯუანშერის კალამს არ უნდა ეკუთვნოდეს. თხზულების ეს მონაკვეთი არაერთგვაროვანია, რაც, სავარაუდოდ, მიგვანიშნებს, რომ იგი სხვადასხვა ავტორის მიერაა დაწერილი. აღსანიშნავია, რომ პირველად მოსაზრება ჯუანშერის ავტორობით ცნობილ ტექსტში სხვა თხზულების არსებობის თაობაზე გამოთქვა პავლე ინგოროყვამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექსტში შეტანილია ანონიმის მიერ დაწერილი თხზულების ექსცერპტი. იმ წყაროს, რომელიც ჯუანშერს აქვს გამოყენებული და რომელიც ვახტანგ გორგასლის ცხოვრების გაგრძელებაში აღწერს მურვან ყრუს შემოსევას, ინგოროყვამ მურვან ყრუს შესახებ ისტორია უწოდა (ინგოროყვა 1941, გვ.143).
წულაიას აზრით, ფსევდო-ჯუანშერის თხზულება ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს: პირველი ნაწილი, სავარაუდოდ, იქ უნდა მთავრდებოდეს, სადაც იწყება საუბარი არაბ-მუსულმანთა შემოსევის შესახებ. მასში საუბარია ქართლის ერისთავთა სამემამულეო უფლებების შესახებ (რაც, ფაქტობრივად, ღია სეპარატიზმს შეიძლება გაუტოლდეს) სპარსელ მეფეთა მიერ ნაბოძებ სიგელთა საფუძველზე. ამდენად, ამ მონაკვეთში იგნორირებულია ვახტანგ გორგასლის პოლიტიკური პროგრამის ძირითადი მიმართულება.“ (Цулая 1986, გვ. 26). „ვახტანგ გორგასლის კულტის აპოთეოზი საგრძნობლად ქრება ფსევდო-ჯუანშერის ქრონიკის პირველსავე გვერდებიდან და უკიდეგანო გადაჭარბების ადგილას ჩნდება ადრეული შუასაუკუნეების დიდი მმართველის საკმაოდ მშრალი შეფასება.“ მაშინ, როდესაც „ვახტანგ გორგასლის ავტორიტეტი აღდგება იმ პერიოდში, რომელიც აღწერილია ფსევდო-ჯუანშერის ქრონიკის მეორე ნაწილში, რომელშიაც საუბარია იმ სიგელთა გადახედვაზე, რომელთაც ქართლის ერისთავთა სეპარატიზმის სანქციონირდება. ეს გადასინჯვა დაიწყო საქართველოს გაერთიანების მოძრაობის დასაწყისში, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ პირველი ბაგრატიონები ტაოსა და კლარჯეთში.“ სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს უნდა გაჩენილიყო ლეგენდა, რომლის თანახმადაც ფეოდალური სახლების მეთაურებმა დაიწყეს საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაცია არა სპარსელთა მიერ „ნაბოძები სიგელების“ საფუძველზე, არამედ ვახტანგ გორგასალსა და მის შთამომავალთა „სახლთან“ ნათესაობაზე.2 გივი წულაიას აზრით, ფსევდო-ჯუანშერის „ისტორიული ქრონიკა“ ტექსტში იმ ადგილიდან იწყება, სადაც საუბარია ისლამის ფუძემდებლის, მუჰამედისა და არაბთა პირველ ხალიფებზე. (იქვე, გვ. 31-32)
აღსანიშნავია, რომ მკვლევართა ნაწილი წულაიას მიერ გამოყოფილ ფსევდო-ჯუანშერის ქრონიკაში განარჩევენ აგრეთვე დამოუკიდებელ თხზულებას ე.წ. არჩილის ცხოვრებას (ნარატივის დასაწყისში საუბარია სტეფანოზ ერისმთავრის მოღვაწეობაზე, „შემდგომ ისტორიული დრო უკან ბრუნდება და მატიანეში „მუჰამედის გამოჩენა“ და არაბთა სახელმწიფოს გაძლიერებაზეა საუბარი. თხრობაში შემოდის ერეკლე კეისრის თემა“, კერძოდ კი, კეისრის მიერ განძის დაფვლის ამბავი. შემდეგ თხრობა ისევ სტეფანოზზე გადადის და მისი სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეების, მირისა და არჩილის ამბავს ჰყვება). მეცნიერთა ნაწილი კი ამ არჩილის ცხოვრებასა და ლეონტი მროველის ავტორობით ცნობილ არჩილის წამებას ერთ თხზულებად მიიჩნევს (ამ საკითხის შესახებ, იხ. დეტალურად ჰაგიოგრაფია > არაბთა მიერ საქართველოში ნაწამებ ქრისტიანთა მარტვილობანი > არჩილის წამება).
ლელა პატარიძე, არჩილის ცხოვრებასა და წამებას ორ დამოუკიდებელ ნარატივად მიიჩნევს. მკვლევრის აზრით, „“არჩილის ცხოვრება“ უნდა იწყებოდეს სტეფანოზ ერისთავის ზეობის დასაწყისით („ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა, მორწმუნე და განმწმენდელი სჯულისა“) და მთავრდებოდეს იქ, სადაც ჯუანშერის სახელით ცნობილი ტექსტი მთავრდება, სიტყვებით (და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შეშან),“ ვინაიდან „სწორედ ამ ფარგლებში „ქართლის ცხოვრების ტექსტს ერთიანი იდეოლოგიური კონცეფცია ახასიათებს.“ (პატარიძე 2009, გვ. 74; იხ. აგრეთვე: ჰაგიოგრაფია > არჩილის წამება). პატარიძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ „ივანე ჯავახიშვილის მიდგომა ქართული წყაროებისადმი დღეს უკვე აღიარებულია, როგორც ჰიპერკრიტიკული და, ამდენად, ხშირად არამართებული (პატარიძე 2009, გვ. 75), დასკვნის სახით აღნიშნავს: „„არჩილის ცხოვრების“ სიმბოლიზმის, იდეების, სოციალური და პოლიტიკური პროგრამის განხილვამ დაგვარწმუნა, რომ ეს თხზულება არის მოვლენათა თანამედროვის მიერ აღწერილი ავთენტური წყარო. ამასთანავე ის ძლიერი იდეოლოგიზირებული ნარატივია და ამიტომაც ისტორიულ სიმართლეს ძალზე სპეციფიკური სახით წარმოადგენს. სამაგიეროდ, „არჩილის ცხოვრება“ ძვირფასი წყაროა საუკუნეების საქართველოში სოციალური და კულტურული იდენტობის, იდეოლოგიური და პოლიტიკური მიმართულებებისა და განწყობილებების შესასწავლად.“ (იქვე, გვ. 89).
კირილ თუმანოვის აზრით, ჯუანშერის ისტორია, რომელსაც აკლია თავიც და ბოლოც, შედგება ორი ნაწილისაგან: „პირველი წარმოადგენს ნახევრად ზღაპრულ ეპიკურ ნარატივს ვახტანგ გორგასლის შესახებ, რომელიც ფარავს V და VI საუკუნეებს, ხოლო მეორე - იბერიის შემდგომ ისტორიას VIII საუკუნემდე. თხზულების ორივე ნაწილი ავლენს ავტორის დამოკიდებულებას სპარსულ წყაროებზე. ვახტანგის სახე ბაჰრამ გორის სახის მიხედვითაა დახატული, ხოლო თხრობის შემდეგ ნაწილი, კერძოდ კი, VI და VII საუკუნეების მოვლენათა გადმოცემისას, ავტორი თავად უთითებს „სპარსთა ისტორიაზე,“ რომელიც, სავარაუდოდ, ხვადაი-ნამაგი (Khwaday-Namagh) უნდა ყოფილიყო.“ (Toumanoff 1943, გვ. 171).
და ბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, თუმანოვის დასკვნით, „ეს ისტორია, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნაწილი, წარმოადგენს ფასეულ ძეგლს, რომელიც გვაწვდის ქრონოლოგიურ და ისტორიულ ინფორმაციას, რომელიც სრულ თანხვედრაშია სხვადასხვა ბიზანტიურ, სომხურ, ირანულ და მუსულმანურ წყაროებთან“ (იქვე).
-
1954 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში ინგოროყვას ეს შენიშვნა შემდეგი სახითაა მოდიფიცირებული: „ეს ძეგლი, ცხორება ვახტანგ გორგასარისა, ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ჯუანშერის ქრონიკის არსებულ რედაქციას, ხოლო ეს უკანასკნელი 872-– 912 წლებს ეკუთვნის. ამავე დროს ირკვევა, რომ ცხორება ვახტანგ გორგასარისა უფრო გვიანი დროისაა, ვიდრე ლეონტი მროველის „ცხორება ქართველთა მეფეთა“, რომელიც მე-8 საუკუნის ძეგლია. (ინგოროყვა 1954, გვ. 323, შენ. 1). ↩︎
-
„ლეგენდა“ ერისთავთა სამეფო სახლთან დანათესავების შესახებ განხილული აქვთ აგრეთვე ნიკო ბერძენიშვილსა (ბერძენიშვილი 1979, გვ. 45) და გურამ მამულიას (მამულია 1976, გვ. 117). ↩︎
ბიბლიოგრაფია
ალექსიძე, ზაზა 2016. „ომისა და მშვიდობის ეთიკა ძველი ქართველი ისტორიკოსის თვალთახედვით.“ კრებულში: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. III. თბილისი: [n.l], 280-286. პირველი გამოცემა კრებულში: ზურაბ კიკნაძე. საიუბილეო კრებული. რედ. შუქია აფრიდონიძე და ნინო დობორჯგინიძე. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013, 225-233
ანჩაბაძე გიორგი 1987. “ჯუანშერი და მისი ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა.” მაცნე იაეხს 4: 184-188.
არახამია გონელი 1987a. „ქართლის ცხოვრების დასაწყისი ნაწილის შედგენილობის შესწავლის მეთოდისათვის.“ მაცნე იაეხს 4: გვ. 171-173
არახამია გონელი 1987b. „ქართლის ცხოვრების პირველი მატიანის მოცულობის საკითხისათვის.“ მაცნე იაეხს 2: 59-76.
ბერძენიშვილი 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია.
ბერძენიშვილი, ნიკო 1973. საქართველოს ისტორიის საკითხები VI.საქართველო XI-XVIII საუკუნეებში. თბილისი: მეცნიერება
ბოგვერაძე, ანრი 1987. „ლეონტი მროველის ერთი ისტორიულ-პოლიტიკური კონცეფციის შესახებ (ლეონტი-ჯუანშერის იდენტიფიკაციისათვის).“ მაცნე იაეხს 4: გვ. 173-177.
ბოგვერაძე, ანრი 1968. „ქართლის ცხოვრების პირველი მატიანე და მისი ავტორი.“ კრებულში: ქართული ისტორიოგრაფია I. რედ. პროკოფი რატიანი და სხვ. თბილისი: მეცნიერება, გვ. 8-44.
გოილაძე, ვახტანგ 1983. „ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი.“ მნათობი 11: გვ. 152-157
გოილაძე, ვახტანგ 1981. ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი. თბილისი: მეცნიერება
გრიგოლია, კონსტანტინე 1976. „მატიანე ქართლისა და მისი დასათაურების საკითხისათვის.“ კრებულში: ივანე ჯავახიშვილი 100. ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. რედ. გიორგი მელიქიშვილი. თბილისი: მეცნიერება, გვ. 218-232.
ინგოროყვა, პავლე 1954. „გადმოცემა, წარმოდგენილი გიორგი მერჩულის ძეგლში და სხვა ისტორიულ წყაროებში ქართველ მეფეთა გვარეულობის (ბაგრატიონთა სახლის) შთამომავლობა სადაურობის შესახებ.“ წიგნში: მისივე. გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან. თბილისი: საბჭოთა მწერალი, 76-99.
ინგოროყვა, პავლე 1941. „ლეონტი მროველი, პირველი ქართველი ისტორიკოსი VIII ს.“ ენიმკის მოამბე 10: 93-152
ინგოროყვა, პავლე 1939a. „ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. წერილი მეორე. მეორე პერიოდი ქართული მწერლობისა. გვიანი ანტიკური ეპოქა და ფეოდალიზმის დასაწყისი ხანა (მე-4-7 საუკუნეები).“ მნათობი 4: 94-138.
ინგოროყვა, პავლე 1939b. „ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. წერილი მეორე. მესამე პერიოდი ქართული მწერლობისა. ადრეული ფეოდალიზმის ხანა (მე-8-11 საუკუნეები).“ მნათობი 11: 97-141, 197-272.
კაკაბაძე, სარგის 1994. ვახტანგ გორგასალი და მისი ხანა. თბილისი: ცოდნა.
კაკაბაძე, სარგის 1924. „ძველი ქართული მატიანეები.“ წიგნში: მისივე, საისტორიო ძიებანი. ტფილისი: სახელმწიფო გამომცემლობა, ს. მ. უ. ს. პოლიგრაფიული განყოფილების მე-3 სტამბა, 93-191
კეკელიძე, კორნელი 1981 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
კეკელიძე კორნელი 1957, "ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსი და მისი ისტორია (ისტორიულ-ლიტერატურული ექსკურსი). კრებულში: მისივე, ეტიუდები IV. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 187-201 (პირველი გამოცემა: ჩვენი მეცნიერება 4 (1923): 17-57
მამულია, გურამ 1976. „არჩილ „მეფის” (VIII ს.) რეფორმების გენეზისი და მისი პოლიტიკური ტენდენცია.“ კრებულში: ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან. რედ. გ. პაიჭაძე. თბილისი: მეცნიერება, გვ. 117-124
მუსხელიშვილი, დავით 1987. „ქართლის ცხოვრების შედგენილობისათვის.“ მაცნე იაეხს 4: 183-184
მუსხელიშვილი, დავით 1966. ციხე-ქალაქი უჯარმა. თბილისი: მეცნიერება
მელიქიშვილი, გიორგი 1970. “საქართველოს ისტორიის უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები.” წიგნში: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1. რედ. გ. მელიქიშვილი თბილისი: საბჭოთა საქართველო, გვ. 35-69.
პატარიძე, ლელა 2009. „არჩილის ცხოვრების იდეოლოგია.“ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები 9: 73-90. Repr. წიგნში: მისივე, გვ. 67-104
ჟორდანია 1892 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
სანაძე, მანანა 2001. "ქართლის ცხოვრება" და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე) . თბილისი: საქართველოს მაცნე
ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ჯანაშვილი, მოსე 1903. ქართველთა მატიანე [ცალკე ამონაბეჭდი 1903 წლის მოამბის N 4,5,6 - დან] თბილისი: [n.l.].
Rapp 2014 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Какабадзе, Сергуй Несторович 1911. О древне-грузинских летописях XI столетия. Тифлис: электро-печ. А. Кереселидзе
Цулая, Гиви Васильевич 1986. „Джуаншер Джуаншериани и его исторический труд.“ წიგნში: Джуаншер Джуаншериани. Жизнь Вахтанга Горгасала. Перевод, введение и примечания Г. В. Цулая. Источники по истории Грузии 43. Памятники грузинской исторической литературы VI. Тбилиси: Мецниереба, стр. 1-34.