ირმა ყარაულაშვილი
მარტვილობანი, ანუ წამებათა ჟანრის ჰაგიოგრაფია
(მოკლე დახასიათება)
თავად ტერმინი, მარტვილობა ბერძნულიდან მომდინარე სიტყვაა. თავდაპირველად, სიტყვას μάρτυρ განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა: იგი მოწმეს ნიშნავდა. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, ქრისტიანულ კონტექსტში ამ სიტყვამ ქრისტესათვის „ტანჯვა-წამების ქვეშ მოწმობის“ შინაარსი შეიძონა და, შესაბამისად, ქრისტიანობისათვის ნაწამებ პირთა ღვაწლის აღსაწერ ტერმინად იქცა.
ჰაგიოგრაფიული მწერლობის დასაწყისი სწორედ ამ ჟანრის თხზულებებს უკავშირდება, რაც, როგორც უკვე ითქვა, ისტორიული კონტექსტით, ანუ რომის და სასანიდური სპარსეთის იმპერიებში ქრისტიანთა დევნით იყო განპირობებული. მოგვიანობით. სწორედ ამ ჟანრის თხზულებების კრებული, ანუ წიგნი მოწამეთა იხსენიება უძველეს ქართულ თხზულებაში, შუშანიკის წამებაში, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ საქართველოში ამ ჟანრის თხზულებათა თარგმნა, ფაქტობრივად, ქრისტიანობის მიღებისთანავე უნდა დაწყებულიყო.
ამ ჟანრის თხზულებათა კრებულს მარტირიკადაც მოიხსენიებენ. სწორედ ამგვარ სათაურს ატარებს XVIII საუკუნეში, კერძოდ კი 1768-1769 წლებში ანტონ I კათალიკოსის მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კრებული, რომელშიაც 20 მოწამის ღვაწლის შესახებ შექმნილი ნაწარმოებები იყო შეტანილი, მათ შორის იყო 12 ანტონიმდე ცნობილი ქართველი მარტვილის წამება, 3 სომხური ჰაგიოგრაფიული თხზულება: სუქიასიანთა, ისაკ და იოსების, და გრიგოლ განმანათლებლის წამება რიფსიმესა და გაიანეს მარტვილოლოგიური ღვაწლის ამსახველ ამბავთან ერთად და 5 თავად ანტონის მიერ აღწერილი ამბავი: ნეოფიტე ურბნელის, შალვა ახალციხელის, გარეჯელ ათთა ბევრთა და ქვაბთახევის მოწამეთა, მარტვილობანი (იხ. ჰაგიოგრაფია > გვაინდელი პერიოდიოს ჰაგიოგრაფიული თხზულებანი).
მარტვილთა ტიპოლოგია:
- წმინდა მხედრები
- საერო პირები – მოწამეები
- მოწამე დედები
- “გვიანდელი,” ანუ IV ს-ის შემდგომ პერიოდში მწვალებელთა ან მაჰმადიანთაგან დასჯილი მოწამეები
- მღვდელმოწამეები – თეთრი სამღვდელოება
- ღირსი მოწამეები – მონაზვნები/ბერები
- წმინდა მხედრები, ანუ მოწამე მხედრები – რომის იმპერიის ლეგიონებში მოღვაწენი
- “აღმსარებლები” – ვინც რელიგია აღიარა მისი დევნის პერიოდში, ისინიც ეწამნენ, გადასახლებაში იყვნენ, მაგრამ ბუნებრივი სიკვდილით აღესრულნენ (გაბიძაშვილი 2014, გვ. 24-81)
ბიბლიოგრაფია
კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
გაბიძაშვილი, ენრიკო 2014. „ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია.“ წიგნში: ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან II: ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ორიგინალური ჰაგიოგრაფია. დოგმატიკა და პოლემიკა. ფილოსოფია. რედ. მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). თბილისი: აღმსარებელი, 9-275
Efthymiadis, Sephanos (ed.) 2011. The Ashgate Research Companion to Byzantine Hagiography. Volume I: Periods and Places. Farnham, UK & Burlingtom, US: Ashgate