მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა გენეზისი და ამ თხზულებების შემცველი კრებულების მოკლე დახასიათება

ისტორიოგრაფიული წყაროების ცნობით, ჯერ კიდევ იულიუს კეისრის დროს რომის იმპერიაში გაიცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა კუთხის მთავარს მათ ტერიტორიაზე მომხდარი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბის წერილობითი აღწერილობა საიმპერატორო კარისათვის წარედგინა. ითვლება, რომ ჰაგიოგრაფიული მწერლობა აღმოცენდა სწორედ ამგვარ საანგარიშო ჩანაწერებში პირველ ქრისტიან მორწმუნეთა შესახებ გაკეთებული მოკლე ინფორმაციათა საფუძველზე. როგორც ცნობილია, პირველი ქრისტიანები 325 წლამდე იდევნებოდნენ და მათი დევნისა და დასჯის შესახებ ანგარიშები, ანუ პირველი მოწამეთა აქტები, გახდა ძირითადი წყარო ამ მოწამეთა ღვაწლის აღმწერი ვრცელი მარტვილილოგიური თხზულებების შექმნისათვის. ამ ჟანრის ნარატივთა ჩამოყალიბებისათვის, საფიქრებელია, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ახალ აღთქმაში, მოციქულთა აქტებში აღწერილ მოციქულთა და პირველ ქრისტიან პროზელიტთა მოღვაწეობისა და სტეფანე პირველმოწამის მარტვილობის აღწერასაც.

ჰაგიორგრაფია მოიცავს ორ ქვე-ჟანრს: პირველში წარმოდგენილია მარტვილოლოგიური ჟანრის თხზულებანი, ანუ მარტვილობანი, მეორეში კი - ცხოვრება-მოქალაქეობის ჟანრის ნაწარმოებები (ამ ტიპის ნარატივებს ზოგჯერ საქმენიც ეწოდება). ენრიკო გაბიძაშვილის თქმით, „ჰაგიოგრაფიის წარმოშობის ძირითადი თეორიული საფუძველი ახალი აღთქმის ლიტერატურაში უნდა ვეძებოთ. აქ აღწერილმა იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების მოწამეობრივმა აღსასრულმა განსაზღვრა მოწამეთა მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და „მარტვილობათა“ შექმნა. მეორე მხრივ, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და მოციქულთა ღვაწლი შესაძლებელია გამხდარიყო „ცხოვრება-მოქალაქეობის“ შექმნის საფუძველიც. ამასთანავე, ორივე ჟანრის ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ჩამოყალიბებაში არ შეიძლება გამოვრიცხოთ წარმართული ბერძნული რომანისა და ძველი აღთქმის „მარტვილოლოგიური“ მოტივებისა და ლიტერატურული ხერხების გამოყენების შესაძლებლობაც.“ (გაბიძაშვილი 2014, გვ. 9)

ამასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული თხზულებებში ექსკლუზიურად ამ ჟანრისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი გვხვდება. ამ ტექსტებში ხშირად საეკლესიო მწერლობის სხვა ჟანრთა მახასიათებლებიც იძებნება (იხ. ჰაგიოგრაფია > შესავალი > საეკლესიო მწერლობის ჟანრები). შეიძლება ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტები დასაბამიდანვე ინტერ-დისციპლინარულობით გამოირჩეოდა, რაც, გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან საეკლესიო მწერლობის ნებისმიერ ჟანრისათვის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად ტექსტში ბიბლიურ ციტატათა და ალუზიათა სიმრავლე გვევლინება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გვიან ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში მწერალთა უმეტესობა მიზნად არ ისახავდა ერთი თხზულების ფარგლებში ჟანრობრივი მახასიათებლების მკაცრად  დაცვას. პირიქით, მათი თხზულებები თითქმის ყოველთვის ამბივალენტური ხასიათის იყო და ერთი ჟანრისათის დამახასიათებელი სპეციფიური სათაურის ქვეშ შექმნილი ნაწარმოების ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის ტოპოსების (ანუ ტიპიურ, შაბლონურ ფრაზებსა და კონცეპტებს) სიმრავლით გამოირჩეოდა.

ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში შეიძლება გამოიყოს  შერეულ ჟანრთა  მახასიათებლების შემცველ თხზულებათა შემდეგი რიგი:

  1. აპოკრიფული ჰაგიოგრაფია
  2. აპოკრიფული ჰაგიოგრაფია მოიცავს თხზულებების ერთ ნაწილს წამებათა და ცხოვრებათა ჟანრიდან, რომელთა შინაარსი რაღაც ნიშნებით დაკავშირებულია რომელიმე მოციქულის სამისიონერო მოღვაწეობასთან. რაც შეხება ნაწილს, აქაც იმავე ჟანრის თხზულებებია წაემოდგენილი, ოღონდ მათში აღწერილ წმინდანთა მოღვაწეობის დროსა და საქმიანობას არავითარი კავშირი არა აქვს მოციქულებთან. ითვლება, რომ ამ ნარატივებში მოცემული მოვლენათა აღწერა არარეალურია  და ნატყუარი, ამდენად ეს ნაწარმოებები განგებ „შერყუნილი“ თხზულების რეპუტაციას იმსახურებენ. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება რომელიმე მოციქულის მოწაფედ გამოცხადებული წმინდანის წამება ან ცხოვრება. მაგ., ამ კატეგორიია აგიოგრაფიას განეკუთვნება, თეკლა პირველმოწამის (იყო პავლე მოციქულის მოწაფე) წამება და დიონისე არეოპაგელის ცხოვრება (დიონისე ათენელთა ეპისკოპოსი პავლე მოციქულის მოწაფე იყო), ანდა ბაგრატ ტავრომენიელის ცხორება (იყო პეტრე მოციქულის მოწაფე).

  3. რიტორიკული/ჰომილეტიკური ჰაგიოგრაფია
  4. სავარაუდო ჟანრი, რომელიც შეიძლება მივუსადაგოთ ქადაგების ფორმით წარმოთქმულ წმინდანის `შესხმას” ანუ ენკომიას (ბერძნ.), რადგან ასეთი თხზულება ლიტურგიკული დანიშნულების გარდა, შეიცავს ჰაგიოგრაფიულ ელემენტებსაც, წმიდანის ბიოგრაფიულ ცნობებსაც.

ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა რედაქციები:

ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურამ საუკუნეთა განმავლობაში განვითარების სპეციფიური გზა გაიარა. ჰაგიოგრაფიულ ნარატივთა განვითარების პროცესში შეიქმნა ამ თხზულებათა რამდენიმე რედაქცია:

  1. კიმენური რედაქცია. ასე ეწოდება ჰაგიოგრაფიული თხზულების თავდაპირველ, „ლიტონად“ აღწერილ და გადაუკეთებელ ვარიანტს
  2. როგორც ეფრემ მცირე აღნიშნავს, კიმენი ეწოდება „პირველ ლიტონად აღწერილსა წიგნსა მოწამეთასა,“ ანუ არის „ძუელი იგი მოწამეთაჲ, რომელსა კიმენ უწოდიან, ესე იგი არს მდებარე.“  ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული მნიშვნელობით დაამკვიდრა კორნელი კეკელიძემ, რომელმაც ამ სახელწოდებით გამოსცა ქართულად ნათარგმნი აგიოგრაფიული თხზულებების შემცველი კრებული ორ ტომად. ამდენად, კიმენური რედაქციის ქვეშ  იგულისხმება თხზულების ის ვერსია (ორიგინალური თუ ნათარგმნი), რომელიც უნდა წარმადგენდეს ავტორის მიერ თავდაპირველად დაწერილ ტექსტს, რომელსაც არ ეტყობა გვიანდელი გადაკეთება-გადამუშავების კვალი.  

  3. მეტაფრასული რედაქცია, ასე ეწოდება კიმენური ჰაგიოგრაფიული თხზულებებიდან გავრცობა-გადაკეთების გზით სახეცვლილ თხზულებებს. გადაკეთება, ხშირ შემთხვევაში, ვრცელი თეოლოგიური პასაჟებისა და სასწაულთა ციკლების დამატებაში გამოიხატებოდა.
  4.  ჰაგიოგრაფიული თხზულებების გადამეტაფრასებას საფუძველი ჩაეყარა ბიზანტიაში, სადაც X-XI საუკუნეებში მოხდა კალენდრულად დალაგებულ წმინდანთა ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ტექსტების გადასხვაფერება, ანუ გადამეტაფრასება. სექტემბერ-იანვრის თვეთა წმინდანთა აქტები გადაამეტაფრასა „სვიმეონ ლოღოთეტმა, მეტაფრასტად წოდებულმა“ (კეკელიძე 1980,გვ. 505)  (X ს.), ხოლო თებერვალ-აგვისტოს თვეთა -  იოანე ქსიფილინოსმა (XI ს; აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იოანე ქსიფილინოსის შესახებ ბერძნულ ტრადიციაში დაკარგული იყო; ინფორმაცია იოანეს შესახებ, ისევე როგორც მის თხზულებათა თარგმანები, მხოლოდ ქართულ ტრადიციაშია შემონახული). კალენდრულად (ანუ, წმინდანთა მოსახსენებელი დღეების შესაბამისად) დალაგებული მეტაფრასული ტექსტების შემცველ კრებულებს მენოლოგიონები ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ კალედნრულად იყო დალაგებული ჰაგიოგრაფიული თხზულებანი კიმენური რედაქციის შემცველ კრებულებშიაც.

  5. სვინაქსარული რედაქცია
  6. სვინაქსარული ჰაგიოგრაფია კიმენური თუ მეტაფრასული რედაქციებიდან გაკეთებულ ტექსტის შემოკლებულ ვარიანტს გულისხმობს და საეკლესიო ღვთისმსახურებაში წმინდანთა ღვაწლის მოხსენიების საჭიროებისათის შეიქმნა. ვინაიდან ამ ტექსტებს ლიტურგიკაში იყენებდნენ, ისინი შემონახულია IX-X სს-ის ბერძნულ ტიპიკონებში. შემუშავდა აგრეთვე სვინაქსარული ტიპის კრებულები, სადაც, მენოლოგიების მსგავსად ტექსტები კალენდრული რიგით იყო დალაგებული და წმინდანის მოხსენიების თარიღის გარდა მათ მოკლე ბიოგრაფიასაც შეიცავდა. მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანთა შესახებ მოსახსენებელი სვინაქსარული ტექსტები ქართულად X-XI სს. ათონის ივირონის მონასტერში არის თარგმნილი ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელის მიერ (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება; გიორგი ათონელის ცხოვრება). ექვთიმეს კალამს ეკუთვნის მცირე სვინაქსარი, ხოლო გიორგისას - დიდი სვინაქსარი. აღსანიშნავია, რომ მცირე სვნაქსარში არ მოიპოვება ქართველ წმინდანთა მოხსენიება, ხოლო დიდი სვინაქსარი მხოლოდ იოანე და ექვთიმე ათონებელის მოსახსენიებელს შეიცავს (ზოგ ხელნაწერში შეტანილია აგრეთვე ილარიონ ქართველის მოსახსენებელიც; იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > ილარიონ ქართველის ცხოვრება). ამათგან, აქ შემავალი ექვთიმე ათონელის სვინაქსარული ცხოვრების ტექსტი უფრო დეტალურია, ვიდრე იოანესა და ილარიონის მოსახსენებელი.  

    გიორგი მთაწმინდელის მიერ ქართველ წმინდანთა ხსენების შეტანამ სვინაქსარულ კრებულში ბიძგი მისცა სხვა ქართველ წმინდანთა შესახებ სვინაქსარული ტექსტების შექმნასაც. საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაწერილ სხვადასხვა ხელნაწერში კრებულს დაემატა ჯერ წმ. ნინოსა და ჯვრის მონასტრის მაშენებლის, პროხორე ქართველის (იხ. ჰაგიოგრაფია > გვანდელი პერიოდის ჰაგიოგრაფიული თხზულებანი) შესახებ ნარატივები, შემდეგ ლუკა იერუსალიმელისა და ნიკოლოზ დვალის მოსახსენებელი. (იხ. ჰაგიოგრაფია > გვანდელი პერიოდის ჰაგიოგრაფიული თხზულებანი). თანდანანობით არა მხოლოდ შემუშავდა ყველა ქართველი წმინდანის შესახებ თხზულებების სვინაქსარული რედაქცია, არამედ შეიქმნა ამ რედაქციათა სხვადასხვა ვარიანტიც. სვინაქსარული ტექატები ჩვენში XVIII საუკუნეშიაც კი იქმნებოდა.

ჰაგიოგრაფიული თხზულებების შემცველი კრებულების ტიპები:

არსებობდა გენდერული მარკერით გამორჩეული ჰაგიოგრაფიული კრებულები

პატერიკი - შეიცავდა, ძირითადად, ასკეტიკური შინაარსის თხზულებებს, ანუ ბერ-მონაზონთა და განდეგილ მამათა  ცხოვრება-მოქალაქეობებსა, ისევე როგორც  წმინდა მამათა მარტვილობებს. იქვე შეიძლებოდა ყოფილიყო შეტანილი ნაწყვეტები ასკეტურ-მისტიკური ჟანრის თხზულებებიდან, ანუ ასკეტთა ბრძნული გამონათქვამები და მსჯელობები სარწმუნოებრივ-ზნეობრიც საკითხებზე. არსებობდა ანბანურ რიგზე დალაგებული პატერიკები და ე.წ. სისტემური პატერიკები. ამ უკანასკნელში თხრობა თემატურად (ხშირად ასახელებენ ზნეობრივ, დისციპლინურ და სხვა ასექტებს) იყო დალაგებული

მატერიკი - დედათა ცხოვრებებისა და წამებების შემცველი კრებულები. ხანდახან ისინი შეტანილია უფრო ვრცელ ჰაგიოგრაფიულ კრებულებში, თუმცა დედათა შესახებ ტექსტები იქაც ერთააა დაჯგუფებული და ერთმანეთს მისდევს.

ქართულად ენაზე შემონახულია ჰაგიოგრაფიული თხზულებების შემცველი სპეციფიური კრებულები - მრავალთავები. ისინი წარმოადგენენ პოლი-ჟანრული ტიპის კრებულებს და შეიცავდნე ჰაგიოგრაფიულ, ჰომილეტიკურ, აპოკრიფულ და სხვა ჟანრის თხზულებებს. მრავალთვებში იერუსალიმური ლიტურგიკული (იხ. ჰაგიოგრაფია > შესავალი > საეკლესიო მწერლობის ჟანრები) კალენდარული რიგით დალაგებული სხვადასხვა საკითხავი არის მოთავსებული. ამ ტიპის უძველესი ქართული კრებული, სინური მრავალთავი 864 წლით თარიღდება. (ცერაძე 2005) მრავალთავთა ბერძნულენოვან მოდელს ჩვენამდე არ მოუღწევია. სომხურად ამ ტიპის კრებულებს ჭარენტირებს უწოდებენ.

კორნელი კეკელიძის თქმით, ჰაგიოგრაფიულ კრებულებში შედიოდა აგრეთვე „მოწამეთა და წმინდანთა დღეობის დროს წარმოსათქმელი ქადაგება-შესხმანი, ეგრეთ წოდებული ენკომიები: თვითეული წმინდანის ცხოვრება ან მის სახელზე წარმოთქმული შესხმა ასეთ კრებულში ცალკე თავად ითვლებოდა, ასე რომ კრებულში იმდენი თავი იყო, რამდენიც წმინდანთა ცხოვრება.“ (კეკელიძე 1980 გვ. 302-303). სწორედ ამ ამგვარ ახსნას უძებნის დიდი ქართველი მეცნიერი მრავალთავის ტიპის კრებულთა წარმოშობას.

ძველ ქართულ მწერლობაში ჰაგიოგრაფიული კრებულის ყველაზე ადრეული მოხსენიება გვხვდება შუშანიკის წამებაში, სადაც ნახსენებია, რომ შუშანიკს თან ჰქონდა წიგნი მოწამეთა, რაც V საუკუნეში ქართულ ენაზე მარტვილოლოგიური ჟანრის ნათარგმნ (და, შესაძლოა, ორიგინალურ) თხზულებათა არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.

ბიბლიოგრაფია

გაბიძაშვილი, ენრიკო 2014. „ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია.“ წიგნში: ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან II: ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ორიგინალური ჰაგიოგრაფია. დოგმატიკა და პოლემიკა. ფილოსოფია. რედ. მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). თბილისი: აღმსარებელი, 9-275

კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ცერაძე, თინა 2005. „ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებულების უძველესი ქართული ხელნაწერული ტრადიცია.“ მღავალთავი 20: 27-45

იხ. აგრეთვე:

ამირხანაშვილი, ივანე 2023. „აგიოგრაფიის გმირი და ანტიგმირი.“ მაცნე ელს 2: 100-108

ამირხანაშვილი, ივანე 2019. „აგიოგრაფიის მკითხველი.“ სჯანი 20: 7-13

ამირხანაშვილი, ივანე 2018. „კანონი, როგორც ფუნქცია (კიმენი).“ სჯანი 19: 7-13

ამირხანაშვილი, ივანე 2017. “მინიმალიზმი როგორც პრაქტიკული საჭიროება (მეტაფრასტიდან სვინაქსარამდე.“ სჯანი 18: 25-31

ამირხანაშვილი, ივანე 2016. „ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული მწერლობა და ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურა.“ კრებულში: ქართული ლიტერატურა: ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების პრიზამაში. წ. 1. შუასაუკუნეებიდან პოსტსაბჭოთა ეპოქამდე. თბილისი: საარი, 7-27

ამირხანაშვილი, ივანე 2015a. „აგიოგრაფიული ციტატა.“ სჯანი 16: 7-13

ამირხანაშვილი, ივანე 2015b. „აგიოგრაფიული თხზულების დრო და სივრცე.“ სჯანი 16: 13-19

ამირხანაშვილი, ივანე 2014. „აგიოგრაფიის ანტიგმირი.“ სჯანი 15: 7-11

ამირხანაშვილი, ივანე 2013. „აგიოგრაფიის კულტუროლოგიური კონტექსტი.“ სჯანი 14: 8-13

ამირხანაშვილი, ივანე 2012. „აგიოგრაფიის სტილის საკითხები.“ სჯანი 13: 8-13

ამირხანაშვილი, ივანე 2011. „სიტუაციის კომპოზიცია აგიოგრაფიაში.“ სჯანი 12: 9-14

ამირხანაშვილი, ივანე 2010. „აგიოგრაფიის სინტაქსი: გრამატიკა თუ სტილი? (შენიშვნები).“ სჯანი 11: 28-32

ამირხანაშვილი, ივანე 2009. „აგიოგრაფის ენა (თეორიული შენიშვნები).“ სჯანი  10: 54-58

ამირხანაშვილი, ივანე 2008. „სასწაულის კომპოზიცია.“ სჯანი 9: 11-18

ამირხანაშვილი, ივანე 2005. „აგიოგრაფიული თხზულების დრო და სივრცე (ქრონოტოპი (დრო-სივრცის ერთიანობა) ქართულ ჰაგიოგრაფიაში.“ ლიტერატურული ძიებანი  26: 13-19.

პოპიაშვილი, ნინო 2019-2020. „ქართული ჰაგიოგრაფიის ჟანრული შედგენილობა და პარადიგმული სისტემა.“ ქართველოლოგი 28: 63-76

მეტრეველი, საბა 2013. „აგიოგრაფიის ინტერდისციპლინური გააზრებანი.“ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 11-12: 3-61

მეტრეველი, საბა 2012. „აგიოგრაფიული მწერლობის განსახოვნების სპეციფიკა.“ კრებულში: VI საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები: შუა საუკუნეების ლიტერატურული პროცესი: საქართველო, ევროპა, აზია . ნაწილი I.  რდედ. ირმა რატიანი. თბილისი: [n.l.], 234-238.

ქაზუმოვი, ოქტაი 2024. „რამდენიმე მოსაზრება ჰაგიოგრაფიის სწავლების თაობაზე.“ ცისკარი : 58-632


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი