მენიუ

თამთა სურმავა

ამირანდარეჯანიანის შესწავლის ისტორიიდან

ამირანდარეჯანიანი ჩვენამდე მოღწეული უძველესი საგმირო-სარაინდო თხზულებაა ქართულ მწერლობაში; მის ავტორად მიჩნეულია მოსე ხონელი, ხოლო დაწერის თარიღად სხვადასხვა მეცნიერი სხვადასხვა პერიოდს მიიჩნევს XI საუკუნის დასასრულიდან XIII საუკუნის ოციან წლებამდე. ტექსტის ადრეული ხელნაწერები არ შემონახულა. ნაწარმოებს ვიცნობთ მხოლოდ XVII და მოგვიანო საუკუნეების ხელნაწერით.1 ამირანდარეჯანიანი რამდენჯერმე გამოიცა. პირველი გამოცემა ეკუთვნის ზაქარია ჭიჭინაძეს (1896 წ.), მეორედ და მესამედ თხზულება გამოსცეს სარგის კაკაბაძემ (1939 წ.) და სოლომონ ყუბანეიშვილმა (1949 წ.), 1967 და 1969 წლებში გამოიცა ლილი ათანელიშვილის მიერ მომზადებული გამოცემა, რომელსაც თან გამოკვლევაც ახლდა. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყოფა ამირანდარეჯანიანის ორი რედაქცია — მოკლე და ვრცელი, რომელთაც ერთმანეთისგან ნაწარმოების ფინალი განასხვავებთ. მოკლე რედაქცია მთავარი გმირის, ამირანის ბალხეთში გამეფებით სრულდება, ხოლო ვრცელი რედაქციის მიხედვით, ბალხეთში გამეფების შემდეგ ამირანი კიდევ თორმეტ სახელმწიფოს იპყრობს (ათანელიშვილი 1963,23-24). ქართული სამეცნიერო ლიტერატურა იცნობს არაერთ გამოკვლევას ამირანდარეჯანიანთან დაკავშირებით. კვლევები პირობითად რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს, მკვლევართა გარკვეული ნაწილი დაინტერესებულია საკვლევი ტექსტის სადაურობის გამოკვლევით. განიხილება ორი თეორია, რომელთა მიხედვითაც, ნაწარმოები შესაძლოა წარმოადგენდეს სპარსული ტექსტის თარგმნილ ვერსიას ან შექმნილი იყოს ქართულ ნიადაგზე (მ.ბროსე, ნ. მარი, ბარამიძე, კეკელიძე). მეცნიერთა ყურადღების ფოკუსში ექცევა ასევე ამირანდარეჯანიანის ჟანრობრივი რაგვარობა და კომპოზიციური შეკრულობა.

ამირანდარეჯანიანის სადაურობისთვის

ამირანდარეჯანიანის კვლევის ისტორია, როგორც ალ. ბარამიძე აღნიშნავს, 1838 წელს იწყება მ. ბროსეს მიერ გამოქვეყნებული ნაშრომით, სადაც მკვლევარი წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით შუალედურ პოზიციას იკავებს და ორიგინალობისა და თარგმანობის საკითხს ვრცლად არ განიხილავს (ბარამიძე 1932, 36). ბროსეს შემდეგ ამირანდარეჯანიანის წარმოშობის საკითხით ინტერესდება პროფ. მ. ჯანაშვილი 1895 წელს გამოცემულ კვლევაში მოსე ხონელი და მისი ამირან-დარეჯანიანი. ავტორი ამტკიცებს, რომ თხზულება ორიგინალური ქართული ნაწარმოებია. ავტორის დასკვნა ემყარება იმ ფაქტს, რომ ტექსტში, მისი დაკვირვებით, „ალეგორიულ-იგავურად გამოხატულია საქრისტიანო საქართველოს ბრძოლა არაბ-სპარს-თურქებთან რჯულისა და თავისუფლების დასაცავად“ (ჯანაშვილი 1895, 4). ქრისტიანობის კვალს მკვლევარი ამჩნევს სიტყვებში —„ამინ“ და „ღმერთო“, რომლებიც გვხვდება ტექსტის სხვადასხვა ეპიზოდში. 1895 წელს ნიკო მარმა გამოაქვეყნა წერილი „ სპარსული ნაციონალური ტენდენცია ქართულ რომანში ამირანდარეჯანიანი (Mapp 1895). წერილში ნ.მარი აღნიშნავს, რომ მთელი თხზულება გარკვეული სიმპათიით არის განწყობილი სპარსული ეროვნების მიმართ, რის დასტურადაც მეცნიერს მიაჩნია ის ფაქტი, რომ ნაწარმოების გმირები — ამირან დარეჯანის-ძე და სავარსამის-ძე სპარსელები არიან. თავისი ვარაუდის დასამტკიცებლად მკვლევარს შემდეგი არგუმენტები აქვს:

1) „ამირ ანდარე ჯან“ სპარსულიდან ქართულად ნიშნავს მბრძანებელს;

2) ტექსტში მრავლადაა ასახული ბრძოლის ეპიზოდები, თუმცა არც ერთ გმირს არ უბრძოლია სპარსეთში;

3) მკვლევარმა აღმოაჩინა სპარსული ფრაზა ტექსტში: „იქ ჩეშმენ ნესტ“- ერთი თვალი არ მაქვს;

ალ. ბარამიძე აღნიშნავს, რომ ნ.მარს 1899 წელს, სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხელთ ჩაუვარდა თეზისი თავისი თეორიის დასამტკიცებლად, სახელდობრ ბარგატ-მუხრან ბატონის (XVI) თხზულება

„მოთხრობა სჯულთა უღრმთოთა ისმაილიტთა“, რომელშიც ამირანდარეჯანიანი მოხსენიებული იყო, როგორც სპარსული ტექსტის ყისაი-ჰამზას ქართული თარგმანი. ალ. ბარამიძემ ტექსტუალურ დონეზე გამოიკვლია ორივე ტექსტი და დაასკვნა, რომ:

„ამირან-დარეჯანიანი“ რომელიღაც აწ დაკარგული (თუ ჯერ უცნობი) სპარსული სარაინდო თხზულების გადმოქართულებას უნდა წარმოადგენდეს, ხოლო მეორე მხრივ თვით ის საგულვებელი სპარსული ორიგინალი, ალბათ „ყისაი-ამირ-ჰამზას“ არაბული ვერსიის წაბაძვით უნდა შექმნილიყო”. (ბარამიძე 1932, 46)

ნიკო მარის პოზიცია წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად იცვლება და 1932 წლისთვის ამგვარი ხდება:

თუ „ამირანდარეჯანიანი“ არ წარმოადგენს ჩვენამდე მოუღწეველი სპარსული ნაწარმოების თარგმანს, ხომ არ არის იგი ქართულ ფეოდალურ წრეებში შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც იზიარებდა სხვა ქვეყნისა და ერის ამავე წრეების იდეებს, მიუხედავად რელიგიისა და ენის სხვადასხვაობისა. (Mapp 1932)

ამირანდარეჯანიანისა და ყისაი-ჰამზას იდეური იგივეობის იდეას არ იზიარებს იუსტინე აბულაძე. მისი აზრით, ყისაი-ჰამზა სადევგმირო ამბის წინააღმდეგ მიმართული ნაწარმოებია (აბულაძე 1936, 3).

ტექსტის ორიგინალობისა და თარგმანობის განხილვის საკითხი უფრო განავრცო დ. კობიძემ და სპარსული საგმირო ეპიკური და საგმირო რომანული ხასიათის ნაწარმოებებთან კავშირის გამოსავლენად ამირანდარეჯანიანი შაჰ-ნამეს შეადარა. მეცნიერის დასკვნით, კავშირები მართლაც არსებობს, თუმცა სავსებით დასაშვებია ისიც, რომ ამირანდარეჯანიანის წარმოშობა მხოლოდ ქართულ რეალობას უკავშირდებოდეს (კობიძე 1945, 262-263).

ნაწარმოების წარმოშობასთან დაკავშირებული პოლემიკა გაგრძელდა XX საუკუნის მეორე ნახევარშიც, იმ განსხვავებით, რომ ტექსტის ორიგინალობის საკითხი უფრო აქტუალური გახდა. კ. კეკელიძე ნაწარმოებს განიხილავს როგორც ორიგინალურ ქართულ ტექსტს, მკვლევარი შენიშნავს, რომ ნაწარმოებში აღწერილი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების წესი თანადროული ქართული რეალობიდანაა აღებული. ამასთან, კ. კეკელიძის აზრით, თხზულების ორიგინალობის დასტურია ვეფხისტყაოსნის ეპილოგიც, სადაც ამირანდარეჯანიანი და მისი ავტორია ნახსენები (კეკელიძე 1958: 3, 75).

1958 წელს რ. სტივენსონმა ამირანდარეჯანიანი ინგლისურად თარგმნა და გამოცემას კვლევაც დაურთო, სადაც აღნიშნავს, რომ მთავარი პერსონაჟის სპარსული წარმოავლობა და მოქმედების სპარსული არეალი არ შეიძლება იქცეს მიზეზად ნაწარმოების ორიგინალობაში ეჭვის შეტანისა (Stevenson 1958, 26). თუმცა დევიდ ლენგისა და მერედიტ-ოუენსის გამოქვეყნებული რეცენზია ამირანდარეჯანიანის ინგლისური თარგმანის შესახებ ისევ უბრუნდება ტექსტის სპარსული წარმომავლობის საკითხს (Lang and Owens. 1959). ამირანდარეჯანიანის გენეზისის პრობლემასთან დაკავშირებით გ. იმედაშვილის თვალსაზრისით, ტექსტში აქცენტირებული სპარსული ტენდენცია შესაძლებელია სპარსულ წარმოშობას საერთოდ არ უკავშირდებოდეს (იმედაშვილი. 1966, 57). თხზულების ფსევდო-სპარსულობის თეორია უკავშირდება ე. მელეტინსკის სახელს, რომელიც მიიჩნევს, რომ ამირანდარეჯანიანი ორიგინალური ქართული ძეგლია, რომელიც ორიენტირებულია სპარსულ ან არაბულ-სპარსულ ტრადიციაზე (ბარამიძე 1932, 37).

1975 წელს გამოქვეყნებულ წერილში: ამირანდარეჯანიანის ზოგი საკითხი“, მკვლევარი მ. თოდუა ასკვნის, რომ შესაძლებელია ტექსტი XI-XII საუკუნეებში უკვე არსებული ლექსითი ვერსიის გადმოკეთება იყოს, რომელსაც ყასაი-ჰამზას ამბებიც შეერია (თოდუა 1975,150).

თოდუა ვრცლად მიმოიხილავს ნაწარმოების შესწავლის ისტორიას მისი ჟანრობრივი რაობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ მართალია, ამირანდარეჯანიანი მიიჩნევა ორიგინალურ ქართულ ტექსტად, მაგრამ მისი წარმოშობის კვლევა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს (თოდუა 1987, 46).

ცხადია, ამ საკითხთან მიმართებით გვაქვს საკუთარი პოზიციაც. იმის გათვალისწინებით, რომ ტექსტი აშკარად პრო-სპარსული ორიენტაციისა, თუმცა მისი პირველწყარო აღმოჩენილი ჯერ კიდევ არაა, მიგვაჩნია, რომ ამირანდარეჯანიანის წარმომავლობა ქართულ სინამდვილეს უნდა დავუკავშიროთ, ხოლო ნაწარმოების პრო-სპარსულობა უნდა ავხსნათ იმ ფაქტით, რომ თავად ავტორია ამ ორიენტაციის მატარებელი.

ამირანდარეჯანიანის ჟანრობრივი რაგვარობისთვის

ამირანდარეჯანიანის ჟანრობრივი მიკუთვნების საკითხი სხვადასხვა მეცნიერის მიერ სხვადასხვაგვარადაა გააზრებული. ალ. ბარმიძე ტექსტს მოიხსენიებს, როგორც სარაინდო თხზულებას და ყურადღებას ამახვილებს შინაარსობრივ დეტალებზე. მეცნიერის დაკვირვებით, რაკი ნაწარმოებში დომინანტად რაინდული ყოფა-ცხოვრების სამხედრო მხარეა წარმოჩენილი და ყურადღება ფიზიკური ძალის კულტზეა გამახვილებული, ხოლო ე.წ. „რომანული ელემენტი“ მეორე პლანზეა გადაწეული, ნაწარმოები სარაინდო თხზულებად უნდა მივიჩნიოთ. ალ. ბარამიძეს ამირანდარეჯანიანის უპირველეს დანიშნულებად მკითხველში მებრძოლი, სამხედრო ინსტინქტის გაღვივება მიაჩნია სოციალურ-კლასიკური ყოფის დასაცავად. აღნიშნული ფაქტი კი, მკვლევრის აზრით, ცხადყოფს იმ ვარაუდის სისწორეს, რომ ამირანდარეჯანიანის სარაინდო თხზულებაა (ბარამიძე 1932, 28). კ.კეკელიძე ნაწარმოებს საგმირო-სარაინდო მოთხრობათა კრებულად მიიჩნევს, რომლის პირველი ნაწილი ექსპოზიციაა, მომდევნო თერთმეტი კარი კი საგმირო ამბებს შეიცავს (კეკელიძე 1958, 49).

ი. კობიძე იკვლევს ამირანდარეჯანიანის არქაულსა და კლასიკურ ეპოსთან მიმართების საკითხს. მკვლევარი ერიდება ეპოსის დეფინიციის განსაზღვრას და აღმნიშნავს, რომ მისი კვლევის სფეროს არქაული ეპოსის გმირის მოდელი წარმოადგენს, რომელიც, მისივე თქმით, ჰომეროსის ოდისეაშია ასახული (კობიძე 1988, 35-36). ეპოსის არქაულ ფოკუსში სქემატურობაც იგულისხმება. ეს სქემატური სახეები კი ერთგვაროვანია, რასაც, კობიძის აზრით, ტექსტში ფიზიკურ თვისებათა პრიმატი უკავშირდება (იქვე). მკვლევრის არგუმენტაცია ამირანდარეჯანიანისა და არქაული ეპოსის კავშირის შესახებ ემყარება შინაარსობრივი დეტალების მსგავსებას, სახელდობრ: თხზულების მთავარი მოქმედი პირი, ამირან დარეჯანის-ძე გარკვეულ თანხვედრაშია არქაული ეპოსის გმირის მოდელთან, გმირის ორივე ტიპისთვის დამახასიათებელი დიდსულოვნება, კეთილშობილება და სიმამაცესთან ერთად მიმტევებლობა, კობიძის აზრით, მსგავსების მთავარი დეტალებია (იქვე).

როგორც ზ. კიკნაძე განმარტავს, ეპოსი, როგორც ჟანრი, მრავალი ფოლკლორული ფორმის მომცველია - ეს შეიძლება იყოს ზღაპარი, მითოლოგიური გადმოცემა (ანდრეზი), თქმულება, ლეგენდა, ნებისმიერი ნარატივი ანუ ყველაფერი, რაც ნაამბობია, ყოველი ამბავი, რაც მბობას ექვემდებარება, მაგრამ სტრუქტურული, კომპოზიციურად მყარად შეკრული, თავისი დასაწყისითა და გარდაუვალი დასასრულით განმარტავს. (კიკნაძე 2007, 74)

ეპოსის ამგვარ დეფინიციას, ჩვენი აზრით, სრულად ლოგიკურაად შეესაბამება ამირანდარეჯანიანი.

ამირანდარეჯანიანის ჟანრობრივი რაგვარობის განსაზღვრისას მ. მამაცაშვილი ორ ალტერნატივას ასახელებს: საგმირო-სარაინდო რომანსა და ეპოსს. მეცნიერის დაკვირვებით, უპრიანი იქნება, ხონელის ტექსტი რომანის ჟანრს არ მივაკუთნოთ, რადგან ქართული ლიტერატურა მხოლოდ ერთ სარაინდო რომანს იცნობს და ეს რუსთველის ვეფხისტყაოსანია. მეცნიერი არ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ამირანდარეჯანიანი მართლაც ამჟღავნებს გარკვეულ მსგავსებას ფრანგულ სარაინდო რომანთან, მაგრამ მსგავსების მთავარი წყარო არა პირდაპირი ჟანრობრივი გავლენა, არამედ საზოგადოებრივი განვითარების პარალელური საფეხურია, რომელმაც ასახვა ტექსტში ჰპოვა. მკვლევარის თვალსაზრისი, უარყოს ქართული ტექსტის რომანის კატეგორიაში მოქცევა, დამყრებული შემდეგ არგუმენტაციაზე:

1) თხზულებაში დარღვეულია სარაინდო რომანის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ერთგმირიანობა; არც სიყვარულის თემა, როგორც სარაინდო რომანის აუცილებელი ნიშანი, არ ასახულა ამირანდარეჯანიანში;

2) ამირანდარეჯანიანში დარღვეულია კომპოზიციური მთლიანობა;

3) თხზულების გმირები ინდივიდუალიზმს არიან მოკლებული;

4) დინამიზმი, როგორც სარაინდო ჟანრის აუცილებელი მახასიათებელი, „ამირანდარეჯანიანში“ არ გვხვდება.

მკვლევარი ასკვნის, რომ თხზულების ჟანრობრივი კატეგორია მოქცეულია გარდამავალ ეტაპზე საგმირო ეპოსსა და საგმირო სარაინდო რომანს შორის და სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული გარკვეული მსგავსებები ეპოსთანაც და რომანთანაც. (მამაცაშვილი 2001, 361).

ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელშიც ამირანდარეჯანიანის ჟანრობრივ სტრუქტურაზე მახვილდება ყურადღება, ეკუთვნის ო. გოლიაძეს. 2017 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორი სრულად იზიარებს კ. კეკელიძის თვალსაზრისს იმის შესახევ, რომ „საერო მწერლობის მთავარი ხაზია ავანტურული რომანი, რომელმაც გამოვლინება პოვა უმთავრესად „რაინდულ რომანში“ და რომელიც ორ მთავარ განშტოებას იძლევა სატრფიალო სამიჯნუროსა და სავაჟკაცო-სადევგმიროს.“ (კეკელიძე 1957, 49) გოლიაძე საორიენტაციოდ იღებს ფრანგულ სარაინდო რომანს, როგორც ტიპურ მოდელს, რომელიც XI-XIII სს-ში მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში დომინანტურ როლს ასრულებდა და მასთან ანალოგიით ცდილობს, განსაზღვროს ამირანდარეჯანიანის ჟანრი. მეცნიერის დაკვირვებით, ამირანდარეჯანიანისთვის (ისევე, როგორც ფრანგული რომანისთვის) ნიშანდობლივია წინა პლანზე სახელოვანი გმირი-რაინდის სახის წამოწევა, ხოლო ქალთა გალერეის უკანა პლანზე გადანაცვლება. მკვლევარი არ ერიდება დასავლეთ ევროპის კურტუაზიულ პოეზიასთან ანალოგიების ძიებას და ქართულ პატრონყმობასა და დასავლურ ვასალურ-სიუზერენულ ურთიერთობას განიხილავს, როგორც სივრცეს, რომლის ფარგლებშიც წარმოიქმნა რაინდობა. შესაბამისად, ტერმინს „რომანი“, რომლის წარმოშობასაც რომანული ენების მქონე ქვეყნებს უკავშირებენ, მკვლევარი ამირანდარეჯანიანთან მიმართებით თამამად იყენებს (გოლიაძე 2017, 121-124).

ამირანდარეჯანიანის კომპოზიციის შესახებ

ამირანდარეჯანიანი ციკლური აგებულების ნაწარმოებია, რომელიც მოიცავს თორმეტ კარს; მასში მოთხრობილია მთავარი მოქმედი პირის, ამირანისა და რამდენიმე გმირის თავგადასავალი. ტექსტის კომპოზიციის შესახებ არაერთი მოსაზრება გამოითქვა, მათი უმრავლესობის მიხედვით, შედგენილობის მხრივ ნაწარმოები დანაწევრებულია, ცალკეული თავები კი ერთმანეთთან მხოლოდ მექანიკურადაა დაკავშირებული. ქართულ სამეცნიერო წრეებში არაერთი საგულისხმო აზრი გამოითქვა ნაწარმოების კომპოზიციის შესახებ და შევეცდებით მიმოვიხილოთ უკვე არსებული გამოცდილება, რომელიც ტექსტის კომპოზიციის შესწავლის ირგვლივ არსებობს.

გაიოზ იმედაშვილის აზრით, ნაწარმოების კომპოზიცია იმდენად არამყარია, რომ თორმეტი კარიდან შვიდის არარსებობის შემთხვევაში, ამირან დარეჯანის-ძის კომპოზიციური ხაზი დიდ დანაკლისს არ განიცდიდა, თუმცა ამავდროულად მკვლევარი ამირანდარეჯანიანს „ქართული მწერლობის შესანიშნავ ძეგლად“ ასახელებს (იმედაშვილი 1966, 27). ამირანდარეჯანიანის 1967 წლის გამოცემას ნარკვევი და ლექსიკონი დაურთო ლ. ათანელიშვილმა. ნარკვევში მეცნიერი აღნიშნავს, რომ ნაწარმოების დასასრული ბუნდოვანია და იგი დასრულებული არ არის, რადგან თხრობა სრულდება ამირანის ბალხეთში გამეფებით, ხოლო შემდგომი პერიპეტიების შესახებ მკითხველს ინფორმაცია არ აქვს. (ათანელიშვილი 1967, 5). სიუჟეტის დაქუცმაცებულობა და კომპოზიციური დაუმთავრებულობა, კ. კეკელიძის აზრით, ამირანდარეჯანიანის წარმოშობის საკითხის გარკვევას ამარტივებს. მეცნიერი ვარაუდობს, რომ თითოეულ კარს ცალკე, დამოუკიდებელი წარმომავლობა აქვს და სანამ თხზულება ლიტერატურულ სახეს მიიღებდა, მან განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო, უპირველესად კი იგი ნასაზრდოები უნდა იყოს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კეკელიძის თვალსაზრისი გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია, რადგან იგი, ერთი მხრივ, მიანიშნებს ტექსტის მკვეთრ კომპოზიციურ დანაწევრებულობაზე, მეორე მხრივ კი, იქვე დასძენს, რომ ტექსტის სიუჟეტურად გამაერთიანებელი ელემენტი თავად რაინდული ურთიერთობაა, გმირებისა და არა რაინდის შინაგანი სამყაროს ამსახველი შინაარსი (კეკელიძე 1952, 21).

ამრიგად, აშკარაა, რომ სწორედ ეს მოსაზრებაა ანალიზის შემგომი დასაყრდენი. საგულისხმოა ნ. სიხარულიძის აზრი ამირანდარეჯანიანის კომპოზიციასთან დაკავშირებით, მკვლევარი აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით ტექსტში შვიდი კარის გამოყოფაა მხოლოდ შესაძლებელი, ნაცვლად თორმეტისა. მეცნიერის კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

I კარი- ბადრი იამანისძის, ნოსარ ნისრელისა და ამირან დარეჯანისძის ამბავი;

II კარი- ამბრი არაბისა და ინდო ჭაბუკის ამბავი;

III კარი- მნათობთა ამბავი;

IV კარი-ტილისმათა ამბავი;

V კარი- სეფედავლე დარისპანისძის ამბავი;

VI კარი- მზეჭაბუკისა და სისხლთა ძებნის ამბავი;

VII კარი- ბალხეთს შესვლის ამბავი (სიხარულიძე 2007, 45).

ამგვარად, ნათელია, რომ ამირანდარეჯანიანთან დაკავშირებული არაერთი საკითხი-წარმომავლობისა, ჟანრობრივი რაგვარობისა თუ კომპოზიციური ერთიანობისა - იქცევდა მეცნიერთა ყურადღებას. ცხადია, ყველა ჰიპოთეზას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ყოველი აზრის კრიტიკული ანალიზი აუცილებელია.

  1. ათანელიშვილი 1967, 06. ↩︎

ბიბლიოგრაფია

აბულაძე, იუსტინე 1936. „ამირანდარეჯანიანის წარმოშობის საკითხისათვის.“ საბჭოთა ხელოვნება 3: 31-35

ათანელიშვილი, ლილი 1969. მოსე ხონელი. გამოსაცემად მოამზადა ლ. ათანელიშვილმა. ქართული კლასიკური ლიტერატურის ძეგლები. თბილისი: მერანი

ათანელიშვილი, ლილი 1967. მოსე ხონელი. ამირანდარეჯანიანი. გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ლილი ათანელიშვილმა. თბილისი: ლიტერატურა და ხელოვნება.

ბარამიძე, ალექსანდრე. 1932. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან: ამირანდარეჯანიანი, ვისრამიანი, ვეფხის-ტყაოსანი, ქილილა და დამანა. ტფილისი: სახელმწიფო გამომცემლობა.

გოლიაძე, ოლეგ. 2017. ქართული მწერლობის ლიტერატურული პრინციპები (V-XVIII სს). თბილისი: გამომცემლობა „საარი“

თოდუა, მაგალი. 1975. „ამირანდარეჯანიანის ზოგი საკითხი.“ კრებულში: მისივე, ქართულ-სპარსული ეტიუდები. ტ. II. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“, 146-163

თოდუა, ხათუნა. 1987. „ამირანდარეჯანიანის შესწავლის ისტორიიდან.” კრებულში: სპარსულ-ქართული ცდანი. რედ. მ. თოდუა .თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“. 30-46

იმედაშვილი, გაიოზ. 1966. ამირანდარეჯანიანი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. 2. რედ. ალექსანდრე ბარამიძე, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1-110.

კაკაბაძე, სარგის 1939. ამირან-დარეჯანიანი. გამოსაცემად მოამზადა სარგის კაკაბაძემ. თბილისი: სახელგამი, მხატვრული ლიტერატურის სექტორი.

კეკელიძე, კორნელი. 1958. ქართული ლიტერატურის ისტორია. წ. 2. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

კეკელიძე, კორნელი 1957. „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“. წიგნში: მისივე: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. 4, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 37-56.

კიკნაძე, ზურაბ. 2007. ქართული ფოლკლორი. თბილისი, თ.ს.უ-ს გამომცემლობა

კობიძე, დავით 1945. „ამირან-დარეჯანიანი სადაურობისათვის.“ ლიტერატურული ძიებანი 2:.249-267

კობიძე, ირაკლი. 1988. „ამირანდარეჯანიანის მხატვრული სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი.“ მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია 1: 35-37

მამაცაშვილი, მაია. 2001. „ამირანდარეჯანიანის წარმომავლობის საკითხისათვის.“ მრავალთავი 19: 67-75

მამაცაშვილი, მაია. 1999. „ამირანდარეჯანიანის ჟანრის საკითხისათვის.“ მრავალთავი 18: 351-361.

ნუცუბიძე, შალვა. 1959. „ამირანდარეჯანიანი ინგლისურ ენაზე.“ ლიტერატურული გაზეთი. თბილისი. 22 მაისი

სიხარულიძე, ნათია. 2007. „ამირანდარეჯანიანის კომპოზიციის შესახებ.“ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 1: 35-46 .

ყუბანეიშვილი, სოლომონ.1949. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია II. შემდგენელი ს. ყუბანეიშვილი. თბილისი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა.

ჭიჭინაძე, ზაქარია 1896. ამირანდარეჯანიანი. გამოსაცემად მოამზადა ზაქარია ჭიჭინაძემ. ტფილისი: მ. შარაძის და ამხანაგობის სტამბა.

ჯავახიშვილი, ივანე 1856. „ქართული ფილოლოგიისა და ძველი ქართული მხატვრული ეპოსის ისტორიის ამოცანები.“ წიგნი: მისივე, ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები. თბილისი: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 57-75

ჯანაშვილი, მოსე 1895. მოსეხონელიდამისი„ამირან-დარეჯანიანი.“ ტფილისი: მაქსიმე შარაძის სტამბა

Марр, Николай. 1895. „Персидская национальная тенденция в грузинском романе Амирандареджаниани.“ Журнал Министерства Народного Просвещения 6: 352-365

Lang D.M and Meredith-Owens G.M. 1959. „Amiran-Daredjaniani. A Georgian Romance and its English rendering.” Bulletin of the School of Oriental and African Studies 22 (1/3): 454-490

Stevenson, R.N. 1958. Amiran Darejaniani a cycle of medieval Georgian tales traditionally ascribed to Mose Khoneli, Translated by R, N. Stevenson. Oxford: Clarendon Press


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამთა სურმავა