მენიუ

თამარ ლომიძე

თეიმურაზ პირველის ბიოგრაფია და შემოქმედება

ბიოგრაფია. თეიმურაზ პირველის ბიოგრაფია გადმოცემულია ისტორიულ წყაროებში და არჩილ მეფის ნაწარმოების - „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ - მეთექვსმეტე პასუხში.

თეიმურაზ პირველი დაიბადა 1589 წელს. დედამისი, ქეთევანი, აშოთან მუხრან-ბატონის ქალიშვილი იყო, მამა - კახეთის მეფე დავითი. დავითი ადრე (1602 წელს) გარდაიცვალა. კახეთს განაგებდა დავითის ძმა,  გიორგი ბატონიშვილი, რომელიც მტრულად იყო განწყობილი დავითის ქვრივისა და შვილების მიმართ. ამიტომ ქეთევანმა მცირეწლოვანი  თეიმურაზი სპარსეთში გაგზავნა, შაჰ-აბასთან, რომელმაც ქართველი უფლისწული დიდი პატივით მიიღო. სპარსეთში თეიმურაზმა შეისწავლა  სპარსული ენა და ლიტერატურა.  ამასთან ერთად, მან კარგად იცოდა ქართული საერო და სასულიერო ლიტერატურაც.

1606 წელს 16 წლის  თეიმურაზი კახეთის მეფედ ეკურთხა ბოდბეში.  კ. კეკელიძის თქმით, „მისი მეფობა არ იყო ბედნიერი არც მისთვის პირადად, არც მის ქვეშევრდომთათვის. უმეტესი ნაწილი თავისი მეფობისა მან გაატარა ექსორიობაში: ხან ოსმალეთში, ხან სპარსეთში, ხან რუსეთში, უმეტესად კი რაჭასა და იმერეთში... ხან დიდებული ფეოდალები ჩამოაგდებდნენ ტახტიდან და გააძევებდნენ, ხან სპარსელები, ხან ქართლის მეფეები“  (კეკელიძე 1952, გვ. 443). შვილები, ალექსანდრე და ლევანი, სპარსეთში დაეხოცნენ, დავითი  სპარსელებთან ბრძოლას ემსხვერპლა, დედა - ქეთევანი - სპარსეთში წამებით მოკლეს. „74 წლის, სიბერით დაუძლურებული მეფე იძულებული იყო სპარსეთში ჰხლებოდა ახალ შაჰს, რომელმაც შელახა მისი რელიგიური გრძნობა და პირადი თავმოყვარეობა სახეში ღვინის შესხმით, მერე კი ექსორია ყო ასტარაბადს“ (კეკელიძე 1952, გვ. 443) . აქ 1661 წ. თეიმურაზი  ბერად შედგა, ხოლო 1663 წელს გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს ალავერდის მონასტერში. 

თეიმურაზ პირველის კალამს ეკუთვნის სპარსულიდან გადმოკეთებული პოემები: „ვარდბულბულიანი“, „შამიფარვანიანი“, „ლეილმაჯნუნიანი“, „იოსებზილიხანიანი“ ანუ „მიჯნურთ ამბავი იოსებისა და ზილიხანისა“, ორიგინალური ნაწარმოებები: „შედარება  გაზაფხულისა და შემოდგომისა“, „წამება ქეთევან დედოფლისა“, „მაჯამა“, „თამარ მეფის სახე დავით გარეჯას“ „სოფლის სამდურავი“, „გრემის სასახლეზე“, „შვიდთა კრებისათვის“ და ანბანთქებები.

წინამდებარე ნაშრომში საგანგებო ყურადღება დავუთმეთ არა მარტო თეიმურაზის ორიგინალურ ნაწარმოებებს, არამედ ნათარგმნსაც, მით უმეტეს, რომ მკვლევრების აზრით, ისინი უფრო გადმოკეთებულია, ვიდრე - ნათარგმნი“ (გუგუშვილი 1981, გვ. 97) და, ამდენად, მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება თეიმურაზის შემოქმედებაში.

„ვარდ-ბულბულიანი“

 კომპოზიცია და ჟანრი. „ვარდბულბულიანი“  შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისგან. ის „გაბაასებათა“ ჟანრს მიეკუთვნება. ბ. ქიქოძე ფიქრობდა, რომ „გაბაასებათა“ ჟანრი ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან გადმოვიდა ქართულ ლიტერატურაში  (ქიქოძე, 1952, გვ. 13), მაგრამ  ალ. ბარამიძის სამართლიანი შენიშვნით, ეს შეხედულება საეჭვოა: „თეიმურაზის პოეზია გამსჭვალულია თავისებური სპარსული სულით, მის ლექსებს ამკობს სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი სახეები, თეიმურაზის ენა აჭრელებულია სპარსული ლექსიკით, ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თეიმურაზ პირველი ძლიერ განიცდიდა სპარსული მწერლობის გავლენას. ასეთ პირობებში ბუნებრივად გვეჩვენება მოსაზრება, რომ სწორედ სპარსულმა მ უ ნ ა ზ ა რ ე მ  ჩააგონა  თეიმურაზს გ ა ბ ა ა ს ე ბ ა ნ ი“ (ბარამიძე, 1959, გვ. 168).

„მუნაზარე“ - ესაა  პოეტური ჟანრი - კამათი წარმოსახულ მოწინააღმდეგეებს შორის. ეს ჟანრი სპარსულ ლიტერატურაში უძველესი ხანიდან არსებობს. ბუნებრივია, რომ სპარსულ ლიტერატურაში კარგად გათვითცნობიერებული თეიმურაზის ყურადღება მუნაზარესთვის მიეპყრო.

ალ. ბარამიძე შენიშნავს, რომ თეიმურაზ პირველმა ქართულ ენაზე დაამუშავა სპარსულ მწერლობაში ფართოდ ცნობილი ოთხი პოემა:  „ვარდბულბულიანი“, „შამიფარვანიანი“, „ლეილმაჯნუნიანი“ და „იოსებზილიხანიანი“ (ბარამიძე, 1952, გვ. 169),  მაგრამ მკვლევარი ეთანხმება დ. კობიძის აზრს, რომ  პოეტი კი არ თარგმნიდა სპარსული ლიტერატურის ნიმუშებს, არამედ თავისებურად ამუშავებდა მათ (იქვე, გვ. 170). „ვარდბულბულიანის“ ორიგინალი სპარსულ ლიტერატურაში  არ მოიძებნა (გუგუშვილი, 1981, გვ. 109).

პოემის დაწერის თარიღი და წყარო. „ვარდბულბულიანი“ დაიწერა 1649-1656 წლებში, როდესაც თეიმურაზი რაჭაში იმყოფებოდა. პოეტი მიუთითებს, რომ მან გადმოაკეთა ვინმე მოლა აჯას ნაწარმოები:

გააუბნა ერთმანერთსა მოლა აჯამ, ბრძენთა ბრძენმან.
ბულბულს ვარდი, ვარდს ბულბული, სიტყვა-ტკბილი ენაგრძელმან.

აღსანიშნავია, რომ „ვარდბულბულიანის“ დედანი სპარსულ ლიტერატურაში მიგნებული არ არის (გუგუშვილი  1981, გვ. 110).  გარდა ამისა, „ვარდბულბულიანში“ ისევე, როგორც თეიმურაზის მიერ სპარსულიდან გადმოკეთებულ დანარჩენ სამ პოემაში იმდენ-ად ძლიერია ქრისტიანული სულისკვეთებით გამსჭვალული  ავტორისეული  ჩანართები, რომ პოემა უფრო გადაკეთებულად უნდა ჩაითვალოს და არა უშუალოდ ნათერგმნ ნაწარმოებად.

პოემის მოკლე შინაარსი.„ვარდბულბულიანში“ წარმოდგენილია  გაზაფხულის სურათი. ბაღში გაიფურჩქნა ყვავილები: ია, იასამანი,  ზამბახი, სუმბული, ნარგისი, ყაყაჩო, არღავანი, სოსანი, ყვავილთ  მეფე -ვარდი. პოემა წარმოადგენს დიალოგს, გაბაასებას ამპარტავან, თავმომწონე ვარდსა და მასზე გამიჯნურებულ მოკრძალებულ ბულბულს შორის. ვარდი მოითხოვს, რომ ბულბული გაეცალოს და თავისი გალობით ძილი არ დაუფრთხოს.  ბოლოს ვარდს შეებრალება ბულბული და ნებას რთავს, მის მახლობლად იყოს და იგალობოს. 

თეიმურაზი პოემის ბოლოსიტყვაობაში წინასწარ განჭვრეტს კრიტიკას, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ესოდენ არააქტუალური, „მსუბუქი“ თემის მხატვრულ ასახვას იმ დროს, როდესაც  მეფობაწართმეული, იმერეთში გადახვეწილი მეფე თითქოს უფრო სერიოზული, შესაძლოა, რელიგიური ან ფილოსოფიური თემებით უნდა დაინტერესებულიყო.  ამიტომაც ის თავს იმართლებს:

თქვას, თუ ვინმე: - „რა არისო ცუდს საქმედ სიტყვის გარჯა?“
ესეც მითხარ, რა დამაკლდა, ანუ რამცა დამეხარჯა?
რიტორი ვარ, მსურის სიბრძნე, თვარ მომადგა ვისგან ბარჯა?!
და რაც მასმოდა მათგან, მეც ვთქვი, ლექსი არსად დამეხვანჯა.

ამ შემთხვევაში პოეზია გაგებულია, როგორც „სიბრძნის დარგი“, ამიტომ ვარდისა და ბულბულის, ერთი შეხედვით, გასართობი, „სალაღობო“ ამბის გალექსვას თეიმურაზი სიბრძნისადმი ზიარებად მიიჩნევს და ამით ამართლებს ამ თემის შერჩევას.

„შამიფარვანიანი“

დაწერის თარიღი, ჟანრი, კომპოზიცია და წყარო.ეს პოემა „ვარდბულბულიანის“ შემდეგ დაუწერია პოეტს რაჭაში, 1649-1656 წლებში.

პოემა წარმოადგენს სანთლის (ანუ „შამის“ - სპარსულად) და პეპელას გაბაასებას.ის შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისგან.

იმას, რომ „შამიფარვანიანი“ სპარსულიდანაა გადმოღებული, ადასტურებს პოემის შესავლის შემდეგი სტრიქონები:

„შამი-ფარვანას წიგნისა ვინებე გადმოღებანი,
ესოდენ ცუდთა ლაყაბსა ვინცა ვინ მითხრას ქებანი!
არც ჩემი საქმით ნათქვამი, არცა გულს მქონდა დებანი,
სპარსთ უთქვამსთ აშიყ-მაშიყად, მათგან არს მოგონებანი.

კ. კეკელიძის თქმით, რაკი თეიმურაზი ამბობს, რომ „ვინც აქო ვარდი-ბულბული, იმას ფარვანაც უქია“, ამიტომ შესაძლოა, „შამიფარვანიანის“ ავტორი იგივე მოლა აჯა იყოს (კეკელიძე, 1952, გვ. 450).

პოემის მოკლე შინაარსი.სანთელზე შეყვარებული პეპელა სატრფოს თავის გრძნობებს უმჟღავნებს:

ფარვანა ეტყვის სანთელსა: „მანათბელო ღამისა.
შენისა სიყვარულითა სული ამოსვლას ლამისა,
აშიყობამ და სურვილმან მე გული შემიღამისა,
ნუმცა მექნების უშენოდ სიცოცხლე ერთის წამისა.

სანთელი მიუგებს ფარვანას, რომის „ღმერთის შექმნილია სამადლოდ“, „ხატთა და ჯვართა წილია“, „ეკლესიათა მსახურია“და ამიტომ სთხოვს, რომ გაეცალოს, თავი დაანებოს. ფარვანა სანთლის ალს მიუახლოვდება და დაიწვება:

მკვდარი არ მოსხლტა სანთელსა, იგ ზედა ეკრა, ეხია,
ეწამა მისთვის, დაიწვა, მოკვდა, ლახვარსა ეხია“.

სანთელს შეებრალება ფარვანა, ატირდება და მისი ცრემლები ძირს დაეღვენთება.

პოემის ბოლო სტროფში თეიმურაზი აღიარებს, ეს პოემა შვიდი წლის განმავლობაში „მოწყენით ცუდად გდების“ გამო დავწერეო, ანუ, ერთგვარად, ბოდიშს იხდის, რომ ამგვარისაერო თემით დაინტერესდა და არ დაამუშავა თავის ნაწარმოებებში რელიგიური თემები.

„ლეილმაჯნუნიანი“

ქართული „ლეილმაჯნუნიანის“ ავტორი:ლეილისა და მაჯნუნის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია პირველად აღწერა თავის პოემაში ნიზამი განჯელმა (1141-1203).შემდგომ ამ თემაზე აღმოსავლურ ლიტერატურაშიარაერთი ნაწარმოები დაიწერა. კ. კეკელიძის მითითებით, „ლეილმაჯნუნიანი“ ჯერ კიდევ კლასიკურ ლიტერატურაში უნდა ყოფილიყო ქართულად გადმოღებული, მაგრამ ის ჩვენამდე არ შენახულა“ (კეკელიძე 1952, გვ. 283).

მე-17 საუკუნეში ქართულად დაწერილი „ლეილმაჯნუნიანის“ ავტორის ვინაობა ერთ დროს სადავოდ ითვლებოდა, მაგრამ, კ. კეკელიძის აზრით, „თეიმურაზის ხელს ამჟღავნებს თარგმანის შესავალი და ბოლოსიტყვაობა, სადაც იგივე აზრია გატარებული, რაც სხვა მის უცილობელ შრომებში, სახელდობრ, შიში და ბოდიშის მოხდა, რომ საეკლესიო-სასულიერო თემების დამუშავების ნაცვლად ის ამგვარი ზღაპრების თქმაზე ჰკარგავს დროს“ (კეკელიძე 1952, გვ. 286).გარდა ამისა, მეფე და პოეტი არჩილ მეორე, რომელიც კარგად იცნობდა თეიმურაზის ცხოვრებასა და შემოქმედებას, „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“ მას ათქმევინებს:

ამ დროს ვთქვი „ლეილ-მაჯნუნი“, „ზილიხან-იოსებისა“,
ქება, შვენება, სიტურფე, მიჯნურთა ცეცხლებრ დებისა,
გაჭრა მინდორად, ხელობა, გულთა ლახვრულად სობისა.
ტკბილად რამ აღმოვმეტყველე ლექსები სხივ-შუქებისა“.

„ლეილმაჯნუნიანის“ დაწერის თარიღი, პოემის კომპოზიცია, ჟანრი და წყარო. „ლეილმაჯნუნიანი“ დაიწერა 1629-1633 წლებში, როდესაც თეიმურაზიქართლ-კახეთის მეფე იყო. „ლეილმაჯნუნიანს“კ. კეკელიძე„რომანტიკული ეპოსის“ ჟანრს მიაკუთვნებდა. ვფიქრობთ,ესაა სატრფიალო შინაარსის მქონე ეპიკური პოემა.

„ლეილმაჯნუნიანი“ შედგება პროლოგისა და ძირითადი ნაწილისგან.

რაც შეეხება თეიმურაზის ქმნილების წყაროს, კ. კეკელიძის, ალ. ბარამიძის, გ. ჯაკობიასაზრით, თეიმურაზს არ უთარგმნია არც ნიზამის და არც სხვა პოეტთა მიერ ლეილისა და მაჯნუნის სიყვარულისადმი მიძღვნილი თხზულებებიდა მისი წყარო ჯერჯერობით მიგნებული არ არის (გუგუშვილი 1981, გვ. 97).

საინტერესოა, რომ პოემის შესავალშითეიმურაზი ახსენებს ვინმე შიხ-შეიდს, როგორც ავტორს ნაწარმოებისა ლეილისა და მაჯნუნის შესახებ:

ლეილ-მაჯნუნის ამბავსა შიხ შეიდს დავეცილები.

ვინ იყოეს შიხ-სეიდი?დავით კობიძის აზრით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეთექვსმეტე საუკუნის პოეტი შეიხ საად ედ დინ რაჰაი ხაფელი, პოემა „ლეილმაჯნუნიანის“ ავტორი (კობიძე 1947, გვ. 221), რომელთან გაჯიბრების სურვილსაც გამოთქვამს თეიმურაზი. მაგრამ ხაფელის პოემა, როგორც მ. მამაცაშვილმა გამოიკვლია, არ არის თეიმურაზის „ლეილ-მაჯნუნიანის“ ლიტერატურული წყარო (მამაცაშვილი 1967, გვ. 12). ამიტომ უნდა დავეთანხმოთ სარგის ცაიშვილს, რომელიცფიქრობდა, რომ „თეიმურაზი ... უბრალოდ, ბაძავდა სპარსულ პოემებს და ქმნიდა თითქმის ორიგინალურ რედაქციებს“ (ცაიშვილი 1966, გვ. 53).

„ლეილმაჯნუნიანის“ შინაარსი: „ლეილმაჯნუნიანი“იწყება შესავლით, რომელშიცავტორი მიმართავს ღმერთს და შემწეობას სთხოვს, რათა სპარსული წიგნი ქართულად თარგმნოს.

არაბეთში, ქალაქ ლაზაში, ცხოვრობდამეფეთა შთამომავალი ორი ოჯახი, სადაც ერთსა და იმავე ღამეს დაიბადნენ გოგონა და ვაჟი. ვაჟს ყაისი უწოდეს, გოგონას კი - ლეილი.ვაჟს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა: თუკი ძიძა ლამაზი არ იყო, მის ძუძუს პირს არ დააკარებდა.მუნაჯიბებმა (ანუ ასტროლოგებმა) იწინასწარმეტყველეს, რომ ყაისი ულამაზესი ჭაბუკი იქნებოდა და სიყვარულის გამო ველად გაიჭრებოდა. შვიდი წლის ყაისი და ლეილისასწავლებლად ერთსა და იმავე მოლას მიაბარეს. ბავშვები ბეჯითად სწავლობდნენ. ყაისს შეუყვარდა ულამაზესი ლეილი. როდესაც მოლამ ეს შეიტყო, საშინლად სცემა მას და გააგდო, ლეილი კი დედ-მამას დაუბრუნა. დედა გაუჯავრდა ლეილს, მაგრამ გოგონამ თავი იმით იმართლა, რომ არ იცოდა, რა არის სიყვარულიდა ყაისის ბედი მისთვის განურჩეველი იყო. შეყვარებული ყაისი მიდიოდა იქ, სადაც ლეილი სწავლობდა, და მისი ფეხის ნაკვალევს კოცნიდა.ერთხელ მასსევდის, მძმე სულიერი განცდების გამო მკლავიდან სისხლი წამოსკდა. ჭაბუკს სისხლი ვერაფრით შეუჩერეს, მაგრამ მან მშობლებს სთხოვა,მოეტანათ მიწა, რომელსაც ლეილის ფეხი შეჰხებია, და ჭრილობაზე დაეყარათ. სისხლის დენა შეჩერდა, მაგრამყყაისის სულიერი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სასოწარკვეთილ მშობლებს ნათესავბმა ურჩიეს, მისთვის ცოლად ლეილი შეერთოთ. ყაისის მშბლებმა მოციქულები გაიგზავნეს ლეილის მშობლებს, რომლებიც ქორწინებაზე დათანხმდნენ, თუკი ყაისი გონს მოვიდოდა. ქორწილის დროს ყაისმა ლეილის ძაღლი დაინახა და დაკოცნა. ლეილის მშობლებმა გაიფიქრეს, „შვილი ვით მივცეთ შემცდარსა?“ , ქორწილი ჩაშალესდა ყაისი- აწ უკვე მაჯნუნი, ანუ შეშლილი, გააგდეს. მაჯნუნი ველად გაიჭრა. მამამისმა შვილის გაუბედურება ვერ აიტანა და გარდაიცვალა. მისი ქონება ლეილის დედ-მამას დარჩა. მაჯნუნის დედა უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ლეილი დარდისგან ილეოდა. ერთხელ მის სახლში მივიდა მათხოვარი. ეს მაჯნუნი იყო. ლეილმა იცნო, მოწყალება გაუტანა და გადაკოცნა, რისთვისაც დედამისმა დასაჯა:

დედამ შეუტყო, აზრი ქნა ოქროსა მალ მიცემითა,
ვით დავარ ნესტან-დარეჯან, მან დაალურჯა ცემითა:
- შენს შვილობასა მერჩია ბერწობა არ მიცემითა.
გააგდებინა მაჯნუნი ქვის სროლითა და ცემითა.

ლეილი დარდისა და სიყვარულისგან ილეოდა. ზაფხულში მშობლებმა ლეილის გამოსაჯანსაღებლად მისი მთაში გადაყვანა მოინდომეს. ლეილის აქლემი ქარავანს ჩამოშორდა და მძინარე ქალი უდაბნოში გაიყვანა. აქ ისინი წააწყდნენ მხეცებით გარშემორტყმულ მწოლიარე მაჯნუნს. მხეცები დაფრთხნენ და გაიფანტნენ.ლეილმა იცნო მაჯნუნი, შეშლილმა მაჯნუნმა კი ვერ იცნო თავისი სატრფო:

ეტყოდა: „ვინ ხარ?რა გინდა კაცისა გაჭრილისაგან?“
„შენ ვისთვის კვდები, იგი ვარ!“ - ესოდენ ესმა მზისაგან.

ქალი ძირს გადმოხტა და უთხრა, შენი ლეილი ვარო. მაჯნუნს გული წაუვიდა. ლეილმა მისი თავი კალთაში ჩაიდო და ცრემლები შეუმშრალა. მაჯნუნი გონს მოვიდა.ლეილმა ტირილით უთხრა, სანამ მდევრები მოვლენ, დავიმალოთო. ცეცხალს ნება არ მომცეს, შენთან ყოფნით დავმტკბარიყავი, ახლა კი, როდესაც აღაც კი ვარსებობს, ყველაფერი დაგვიანებულიაო, მიუგო მაჯნუნმა.

ამ დროს მათ მდევნელები დაადგნენ თავს და როდესაც დაინახეს, რომ ლეილს მაჯნუნის თავი კალთაში ჰქონდა ჩადებული, გაგულისდნენ, ლეილი წაიყვანეს და დედას მიჰგვარეს.

მაჯნუნს ჯერ გული წაუვიდა, შემდეგ კი მოთქმა დაიწყო:

თქვა: „მიმეფარა ნათელი, ჩემთვის საწუთრო ბნელობდა,
ცოტა უკლია ჩემთვის მზე სწრაფით ჩასვლასა წვერობდა,
მე მიყო საქმე სოფელმან, რაც მის საქმესა ჰფერობდა“.
მიწად მიმღები არა ჰყვა, არ თუ სიკვდილსა ძნელობდა.

ძლევამოსილ და მდიდარ ბასრის სამეფოს განაგებდა ამირა, შვილი ბაღდადის ხალიფასი,რომელიც ლეილის მამის ბიძა იყო. ერთხელ ბასრის ამირა ეწვია ქალაქ ლაზას. ლეილის მამამ მას დიდებული თავადები შეაგება დაუამრავი ძღვენით დატვირთული აქლემი გაუგზავნა. თურმე, ერთხელ, ნადირობისას, ბასრის ამირამ ნახა ველად გაჭრილი მაჯნუნი,გამოელაპარაკა, მისი უბედურების მიზეზი შეიტყო, დახმარებას დაჰპირდადა თან წამოიყვანა. ლაზაში მისვლისას მან ლეილის ნახვა მოისურვა. ლეილი ტახტრევანში ჩასვეს და ბასრის მეფეს მიჰგვარეს. მეფე მოიხიბლა ლეილის სილამაზით, მაგრამ ახსოვდა, რომ მაჯნუნს დაჰპირდა, დაგეხმარებიო.მოინდომა, დაემალა თავისი გრძნობები და მაჯნუნს უთხრა, ლეილი არც ისე ლამაზია, უფრო ლამაზი მხევლები მყავსო. მაჯნუნმა მიუგო, ჩემი თვალით რომ შეხედო ლეილს,

მიხვდები, როგორი სწორუპოვარი სილამაზისაა ლეილიო. მეფე იმდენად შეიპყრო ლეილისადმი სიყვარულმა, რომ თავისი დაპირება დაივიწყა და მონას საიდუმლოდ უბრძანა, მეორე დღეს მაჯნუნი მოეწამლა. იმედოვნებდა, რომ ამ გზით მეტოქეს მოიშორებდა და ლეილი მას დარჩებოდა.

მეორე დღეს, წვეულების დროს, მოწამლული სასმისი შეცდომით ამირას მიაწოდეს.ამირას ექიმები დაეხვივნენ, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ლეილი მშობლებმა შინ წაიყვანეს, მაჯნუნი კი კვლავ ველად გაიჭრა.

ლეილს მშობლები ურჩევდნენ, გათხოვილიყო, მაგრამ ქალი მხოლოდ ტიროდა, რადგან მაჯნუნის გარდა, სხვა საქმრო არ უნდოდა. ლეილს დიდგვაროვანმა ქალებმა უთხრეს, რომ აღარ უნდა ეფიქრა ველად გაჭრილ მაჯნუნზე და გათხოვილიყო რომელიმე ხელმწიფეზე. ლეილმა მიუგო, რომ ვერ უღალატებდა მაჯნუნს:

სხვა მისებრივ არ გაზრდილა, თქვენცა იცით, არსად, არა,
იგ უებრო ტურფა თავი, სარო ტანი აწ სად არა?
ვირ არ დაძრა, არ მიადგა ჩემი შუქი არსად არა,
ხამს ხელქმნილმან მისთვის ხელსა საქმე უყოს აწ სადარა“.

ლეილისა და მაჯნუნის თავგადასავალი, ისევე, როგორც ამირას მიერ მაჯნუნის მოწამლვის მცდელობისა დასიკვდილის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. ლაზას ეწვივნენ შვიდი ხელმწიფის-კეისრის, სპარსთა მეფის, ყანდაარის მეფის, ბადახშანის მეფის, ფრანგთა მეფის, ბარაინის მეფის, მაღრიბის მეფის- მიერგამოგზავნილი მოციქულები. თითოეულ ხელმწიფეს ლეილზე დაქორწინება სურდა. მამამ შესთავაზა ლეილს, რომელიმე მათგანი აერჩია საქმროდ. ლეილმა უარით უპასუხა და უთხრამშობლებს, რომ მისი უბედურება მათი ბრალი იყო:

ჩემი ბრალი დედ-მამათა ორსავ ყელთა დაგედება ლეილის მამამ მისწერა სასიძოებს, რომ ლეილს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა აღებული, „მოიძულა მან სოფელი, სულთა დგმაცა აღარ უნდა“. მან დაასაჩუქრა მოციქულები და თავ-თავიანთ ქვეყნებში გაისტუმრა.

გავიდა დრო. ერთხელ მძინარე ლეილმა უცნაური სიზმარი ნახა და, შემკრთალს, გაეღვიძა/ დედამ ჰკითხა, რა გჭირს, რა დაგესიზმრაო. ლეილი საწყალობლად კვნესოდა და თქვა, რომ ესიზმრა მაჯნუნი, რომელმაც უთხრა, წამოდი ჩემთან, იქ, სადაც მივდივარო. მიწაშ მივდივარო, ამოიკვნესა ლეილმა.

იმ დღის შემდეგ ლეილი დაავადმყოფდა. მკურნალების მცდელობათა მიუხედავად, ყოველდღე სულ უფრო უარესად გრძნობდა თავს და მალე მოკვდა. მთელი ქვეყანა - ლაზადან ბასრამდე და ბაღდადამდე - იგლოვდა ლეილის სიკვდილს.

ლეილის დედამ გადაწყვიტა, შვილის ტანსაცმელი მაჯნუნთან წაეღო - სწორედ მაჯნუნს სდებდა ბრალად თავისი შვილის სიკვდილს. როდესაც მაჯნუნმა შეიტყო ლეილის გარდაცვალების შესახებ, მის პერანგს დაეკონა დადასწრაფად გაეშურა მისი ლაზაში, დაემხო ლეილის კუბოს და თვითონაც იქვე განუტევა სული.შეყვარებულები ერთად დაასაფლავეს.

ლეილის მამამ ბაღდადის ხალიფას მისწერა ლეილის სიკვდილის შესახებ და ლაზას პატრონობა სთხოვა. მეფე დიდად შეწუხდა, როდესაც შვილის და მშვენიერი ლეილის - მისი ახლო ნათესავის სიკვდილის შესახებ შეიტყო.ის ბასრას გაემართა და შვილი დაიტირა, შემდეგ ლაზას მიაშურა და ლეილის სიკვდილი იგლოვა. მან ბრძანა. მხატვრებს ლეილი და მაჯნუნი დაეხატათ, შემდეგ კი ბაღდადში დაბრუნდა.

ლეილის დედ-მამამ სიზმრად იხილა მშვენიერი წალკოტი, იაგუნდის ხეებითა და ზედ მოსხმული მარგალიტებით, მაღალი კოშკებით, რომელთა სახურავებზე ფარშევანგები ისხდნენ. იქ ოთხი - წყლის, რძის, თაფლის და ღვინის - მდინარე მოდიოდა. ეს იყო მაჰმადიანური სამოთხე. იქ იმყოფებოდნენ ლეილი და მაჯნუნი, რომლებსაც თავზე გვირგვინები ედგათ და ტახტზე ისხდნენ. მათ თქვეს, რომ სიცოცხლეში არ ეღირსათ ბედნიერება, აქ კი მოსამართლემ (ღმერთმა) მიანიჭა ერთად ყოფნის ბედნიერება.

ლეილის დედ-მამა მწარედ ნანობდა, რომ მათ გამო გაუბედურდნენ და დაიღუპნენ ლეილი და მაჯნუნი.

„იოსებზილიხანიანი“ („მიჯნურთ ამბავი იოსების და ზილიხანისა“)

პოემის დაწერის თარიღი, კომპოზიციადა წყარო. არჩილ მეორის მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად,თეიმურაზ პირველის ეს პოემადაიწერა 1629-1633 წლებში, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ჩანს, „იოსებზილიხანიანი“ უფრო ადრე დაიწერა. მ. გუგუშვილი იმოწმებს მ. თამარაშვილის ცნობას იმის შესახებ, რომ 1628 ქართლში მოსული კათოლიკე მისიონერები„სწერდნენ რომის პაპს თეიმურაზის შესახებ: საუკეთესო პოეტია, რადგან შეადგინა ისტორია იოსებისა“ (გუგუშვილი 1981, გვ. 101).

პოემა შედგება პროლოგისა, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისგან.

ზოგადად, იოსებისა და ზილიხანის სატრფიალო თავგადასავლის სიუჟეტური წყაროა ბიბლია, სადაც აღწერილია იოსებ მშვენიერის ამ თემაზე პირველად დაწერა ფირდოუსიმ, შემდეგ აბდურაჰმან ჯამიმ და, ბოლოს, 1647-1662წლებშო,პოეტმა ნაზიმმა.„ჯამიდან ნაზიმამდე და ნაზიმის შემდეგაც, თითქმის მეცხრამეტე საუკუნემდე, სპარსულ ენაზე არა ერთ და ორ მელექსეს უცდია, ასე თუ ისე გადმოეკეთებინა ეს პოემა (სულ ცნობილია 13 ცდა მისი დამუშავებისა)“. (კეკელიძე 1952, გვ. 276).

ქართულ ენაზე არებობს „იოსებზილიხანიანის“ ორი ვერსია. პირველი მათგანი უფრო ვრცელია და მისი ავტორი უცნობია, მეორე- უფრო მცირე - ვერსიის ავტორი თეიმურაზ პირველია. სამეცნიერო ლიტერატურაშიგავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, „იოსებზილიხანიანის“ ვრცელი ვერსიის წყაროა აბდურ-რაჰმან ჯამის პოემა., ხოლო თეიმურაზისეული ვერსია, კ. კეკელიძის აზრით, „თავისებური კომბინაცააბიბლიური ეპიზოდისა და... აღმოსავლური ვერსიებისა“ (კეკელიძე 1952, გვ. 279.ამასთან, პოემის პროლოგი და ეპილოგისაკუთრივ თეიმურაზისაა.

„იოსებზილიხანიანის“ ჟანრი. ჟანრობრივად, „იოსებზზილიხანიანი“ სატრფიალო ეპიკური პოემაა.

„იოსებზილიხანიანის“ შინაარსი.

პროლოგი იწყება უფლისადმი მიმართვით:

არსებით ვიტყვი ცნობილსა, სამებით ერთუფლებულად,
ბუნებით განუყოფელად, ღვთაებით შეერთებულად,
განვსწვალავ გვამოვნებასა, არ ვიტყვი მიახლებულად,
და იგი გვზრდის, გვფარავს ყოველთა მის მიერ ქმნილთა კრებულად

შემდეგ თეიმურაზი ახსენებს რუსთველს, ჰყვება „ვეფხისტყაოსნის“ მოკლე შინაარსს და ამბობს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ დაწერა რუსთველს თამარმა დაავალა.აქვე, რამდენიმე სტროფში, თეიმურაზი ძალიან მოკლედ გადმოგვცემს „ვისრამიანის“სიუჟეტსაც.

ამბავი იოსების და ზილიხანისა.„ იოსებზილიხანიანის“ ძირითადინაწილის დასაწყისში თეიმურაზი გვამცნობს, რომ ისრაელთა მოდგმის მამათმთავარ(ანუ პატრიარქ) იაკობსორი ცოლისგან,ლეასგან და რაქაელისგან (რახელისგან),თორმეტი ძე ჰყავდა. მათგან ორის - იოსებისა და ბენიამენის -დედა რაქაელი იყო. იოსები ბავშვობიდანვე უებრო სილამაზით გამოირჩეოდა.ძმებს შურდათ მისი, რადგან მშობლებს ყველა შვილზე მეტად იოსები უყვარდათ. ერთ დღეს მათ მშობლებს უთხრეს, სანადიროდ წავალთ და იოსებსაც თან წავიყვანთო. მამამ ნება დართო.

ძმებმა შეიპყრეს იოსები და თავდაპირველად უნდოდათ, ყელი გამოეჭრათ მისთვის, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და წყლიან ორმოში ჩააგდეს. უფროსმა ძმამ იოსების პერანგი სისხლით დასვარა. ძმები შინ დაბრუნდნენ და იაკობს იოსების გასისხლიანებული პერანგი აჩვენეს.უთხრეს, რომ ის ლომმა დაგლიჯა.

ორმოს, სადაც იოსები იყო, ვაჭრების ქარავანი მიადგა. მექარავნეებმა დაინახეს, რომ ორმოში ულამაზესი ყნაწვილი იყო. იოსები ამოიყვანეს და ჰკითხეს, ვინ ხარო. იოსებმა მიუგო, რომ ორმოში ძმებმა ჩააგდეს.

აქა გასყიდვა იოსებისა ვაჭართაგან. ვაჭრები გააოცა იოსების სილამაზემ, მისი გაყიდვა მოინდომეს და ეგვიპტეში წაიყვანეს.იქ მეფობდა აზიზი, რომლის მშვენიერ ცოლს ზილიხანი ერქვა.

სიზმარი ზილიხანისა.ტახტზე მიწოლილ ზილიხანს დაესიზმრა, რომ თავს ადგა იოსები, რომელსაცნარინჯი ეჭირა. ჭაბუკის სილამაზით მოხიბლულმა ქალმა ჰკითხა, ვინ ხარო.იოსებმა მიუგო:

„თუ ჩემი ცნობა გწადიან, ხვალ მოდი, მნახე, მზეო-და!
ტყვედ მომიყვანეს, ტყვისაგან შენ გული დაგეტყეოდა,
ისწრაფე ჩემსა დახსნასა, ტანად ალვისა ხეო-და,
მიყიდე შენდა სამონოდ გმსახურო, გესათნეო და“.

იოსებმა ნარიჯი მისცა ზილიხანს და წავიდა. გაღვიძებისას ზილიხანი ატირდა.გამდელი და მხლებლები წუხილის მიზეზს ეკითხებოდნენ და ქალმა უპასუხა, რომსიზმრად პირმზე ჭაბუკი იხილა და თუკი კიდევ არ ნახავდა, სულს დალევდა. მხლებლებმა შორს მყოფ მეფეს მისწერეს, ზილიხანი ავად გახდაო.

შინ დაბრუნებულმა აზიზმა ნახა, რომ ფერწასულ ზილიხანს დარდისგან პერანგი დაეხია. როცა დარდის მიზეზი ჰკითხა, ზილიხანმა მიუგო, რომ სიზმარმა შეაშინა. მეფემ ცოლსდაახვია ექიმები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ქალი სიყვარულით იტანჯებოდა.ზილიხანმა უხვად დაასაჩუქრა ექიმები, რომ მისი საიდუმლო არ გაეთქვათ, შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებული იყო.მან ქალაქის საკერპოს მიაშურა, რათა მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის, თან ცდილობდა, დარდი არ დასტყობოდა.

ზილიხანი მხოლოდ იმიზეზებდა, სალოცავად მივდივარო, სინამდვილეში თავისი სიყვარულის დამალვა სურდა. მან უამრავი წყალობა გასცა კერპთმსახურებსა და მათხოვრებზე.

ამასობაში ვაჭრები, რომლებსაც იოსები ახლდა, ეგვიპტეში ჩავიდნენ.ეგვიპტის მეფემ მათთან მონა გაგზავნა და სასახლეში მოიხმო.

იოსების მიყვანა მისრეთს დიდ-ვაჭართაგან და მეფისაგან სყიდვა. მეფეს აცნობეს, რომ ვაჭრებს ულამაზესი ჭაბუკი ტყვე ახლდა.ვაჭრები მეფეს ეახლნენძღვენი მიართვეს. მეფემ ბრძანა, უცნობი ჭაბუკი მოეყვანათ დამისი ვინაობა იკითხა. ვაჭრებმა მიუგეს, რომ იოსები მათამოიყვანეს ჭიდან, სადაც ის ძმებმა ჩააგდეს, და რომ ის იაკობის ძე იყო. იოსებიმიიყვანეს მეფესთან, რომელიც მისმა სილამაზემ გააოცა.

ვაჭრებმა იოსების გაყიდვა დააპირეს.მეფემ ბრძანა, რომ იშვილებდა მას. ეს ამბავი შეტყობინეს ზილიხანს, რომელიც მიხვდა, რომ ეს ტყვე ის ჭაბუკი იყო, რომელიც მან სიზმრად იხილა. მეფემ უამრავი ოქრო მისცა ვაჭრებს იოსების სანაცვლოდ და შვილობილი ზილიხანს წარუდგინა. ქალს იოსების დანახვისას მისადმი სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

ზილიხანისაგან გამდლის გაგზავნა იოსებთან. ზილიხანმა თავისი გულისნადები გამდელს გაუმჟღავნა. გამდელი შეცბა, მაგრამ მიხვდა, რომ რჩევა-დარიგებებით ზილიხანს გონს ვერ მოიყვანდა. ამიტომ დაჰპირდა დედოფალს, რომ შეახვედრებდა მშვენიერ იოსებს.

გამდელმა მოახლე გაგზავნა იოსებთან და მისი მალულად მოყვანა დაავალა. როდესაც იოსები მოვიდა, გამდელმა უთხრა, რომ ზილიხანი მისი სიყვარულით იტანჯებოდა. იოსები შეკრთა, შემისყიდეს, ძედ მაღიარეს და უკადრისი როგორ ვიკადროო, თქვა

იოსებისაგან ზილიხანის დაურჩება და ღვთის სიყვარული იოსებისა. იოსებმა შეუთვალა ზილიხანს, რომ მისი სიყვარული სამოთხეს მიაახლოებდა, მაგრამ, ჯერ ერთი, მეფის შვილობილი იყო და დედოფალთან სასიყვარულო ურთერთობის გამო მას მოკლავდნენ, ხოლო ზილიხანს დაგმობდნენ. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები იყვნენ. იოსების სიტყვებმა გამდელიც და ზილიხანიც სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.

მისრ-ეგვიპტის მეცნიერთა მეკერპობა. მისრეთში კერპთაყვანისმცემლობას მისდევდნენ, ღმერთის ნაცვლად, ეშმაკს ეთაყვანებოდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულს და ნადიმს, მეფესთან ერთად,ზილიხანიც დაესწრო.მათ უამრავი ძღვენი მართვეს.

მეჯლისი და ლხინი მისრეთის ხელმწიფისა.დღესასწაული ერთ კვირას გაგრძელდა. ზილიხანი დიდგვაროვან ბანოვანებს მასპინძლობდა ბაღში, სადაც ლამაზი სახლი იდგა.ქალები უკრავდნენ და მღეროდნენ. ერთმა მათგანმა ჩანგზე სამიჯნურო ლექსი დაამღერა. ზილიხანი ატირდა.ქალებმა იცოდნენ, რომ ზილიხანს სენად მიჯნურობა სჭირდა და უთხრეს, რომ ნასყიდი მონისადმი სიყვარული არ ივარგებდა. ზილიხანმა მოინდომა, რომ იოსები მათთვის ეჩვენებინა და მოიხმო ის:

ხელთ ეჭირა ტაშტ-წუმწუმა, იოსებცა შემოვიდა,
იგ რა ნახეს მუნა მყოფთა, ყველას ერთობ გაუკვირდა,
გარმორტყმოდა მინა, ვარდი, არღავანსა მოზღუდვიდა,
სრულ გაშმაგდეს ხათუნები, მათ ნამუსი წაუვიდა

წარბშეკრული იოსები ეახლა ქალებს, რომლებიც გააოცა ჭაბუკისმშვენიერებამ. ახლა კი ვეღარ დამგმობთო, ნიშნისგებით უთხრა ზილიხანმა მათ.

ამბავი ბაზიყასი, მისი ხელობა და მისრეთს მისვლა. იამანთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი დიდებული, რომელსაც ამირ-აბდულა ერქვა. მას ჰყავდა მშვენიერი ასული, სახელად ბაზიყა. ამირ-აბდულა მალე გარდაიცვალა და ბაზიყა ბებიამ გაზარდა. ბაზიყას ცოლად შერთვა ბევრს უნდოდა, მაგრამ ქალი იწუნებდა მათ დაბალი წარმომავლობის ან სხვა მიზეზის გამო.

მშვენიერი იოსების ამბავი იამანეთშიც შეიტყვეს.ბაზიყას, რომელმაც არაფერი იცოდა ზილიხანის მიჯნურობისა და იოსების ურჩობის შესახებ,შეუყვარდა იოსები.

ბაზიყასაგან მისრეთს წასვლა. ბაზიყამ გადაწყვიტა, ბებიასთან ერთად ეგვიპტეში წასულიყო იოსების სანახავად და მისი გულის მოსანადირებლად.როდესაც ბაზიყა ეგვიპტეში ჩავიდა, ეს ამბავი აცნობეს ზილიხანს, რომელმაც ბრძანა, მისი გამდელი, მოახლეებითურთ, შეგებებოდა ბაზიყას და სასახლეში მოეყვანა. ზილიხანმა გამოჰკითხა ბაზიყას ეგვიპტეში მოსვლის მიზეზი. ბაზიყამ აუწყა, რომ დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი, მაგრამ ობოლი იყო. მანვე აღიარა, რომ უყვარდა იოსები, მის სანახავად ეწვია ეგვიპტეს და სთხოვა, ეჩვენებინა ჭაბუკი. ამ სიტყვების გაგონებოსასა ზილიხანი ატირდა, თქვა, რაყიფი (მეტოქე) მყოლიაო, და იოსები მოიხმო. ჭაბუკი მყისვე გამოცხადდა. მისი დანახვისას ბაზიყა გულწასული დაეცა. ქალი მოასულიერეს და ზილიხანმა უთხრა, რომ თუკი მას არაფერი გაუვიდა იოსებთან, ბაზიყასთვის როგორ უნდა დაეთმო ჭაბუკი? ბაზიყამ საე დაიხოკა და კვლავ დულწასული დაეცა. გონს მოსვლისას მან უბრალო ტანსაცმელო ჩაიცვა, ნაბდის ქოხი ააგო და იქ დასახლდა. ბაზიყასადმი სიბრალული ტანჯავდა მის ბებიას და, ასევე, ზილიხანს, რომლმაც იოსებს უბრძანა, ბაზიყასთვის საჭმელი მიეტანა. იოსების დანახვისას ბაზიყა

ეტყოდა: „უცხოვ, რად მომკალ? ნეტარ შენ ვინ და მე ვინე?
შავთა ნარგიზთა ლახვართა უწყალოდ დამახევინე?
ვითა ფარვანა სანთელსა, მე შუქთა დამაწვევინე?
და ეს ეგრეც მიყავ – დამმარხე, სამარე გამათხრევინე!“

სიკვდილი ხელისა ბაზიყასი იოსების გულისათვის.უიმედო სიყვარულით შეპყრობილი ბაზიყა მოკვდა. მის სიკვდილსმთელი ეგვიპტე გლოვობდა. ზილიხანიც ღრმად დაამწუხრა ბაზიყას გარდაცვალებამ.

მეორედ გამიჯნურება ზილიხანისაგან იოსებისა. ზილიხანი გამდელს ევედრებოდა, რამე ეშველა მისთვის. გამდელმა ურჩია, სასახლე მოერთო, თავისთან დაეპატიჟებინა იოსები, დაეთრო, და გულისწადილი აესრულებინა.

ზილიხანმა და გამდელმა სამიჯნურო სურათებით მოხატეს სასახლე.შემდეგ ზილიხანი საუკეთესო ტანსაცმელში გამოეწყო, სამკაულები გაიკეთა, იოსების მისაღებად გაემზადა და მოიხმო ის. სუფრა მდიდრულად იყო გაწყობილი. იოსებს ერიდებოდა დაჯდომისა, მაგრამ ზილიხამ გა=ვერდზე მოისვა და ღვინო დაალევინა, თან

ეტყოდა: – „მოკალ ბაზიყა, ცრემლი ზედა დაეპკუროს,
რად არ გეწყალვი, მისებრივ მეცა მიწა მიმებუროს?“
ცოტა უკლია მართალსა, გლახ, გული გარდაუბრუნოს!

იოსებმა მიუგო, რომ შიში და სირცხვილი უშლიდა ხელს, შეყვარებოდა ზილიხანი, მაგრამ მანც გაბედა, მოეხვია და აკოცა.

იოსების და ზილიხანის ერთგან შეყრა და მეფისგან შეტყობა. ქალ-ვაჟი შევიდა ხალვათ კარავში და ზილიხანმა საკერპესფარდა მიაფარა. იოსებმა მოსთხოვა ზილიხანს, დაემსხვრია კერპები და დაჰპირდა, რომ ასეთ შემთხვევაში სიკვდილამდე მისი იქნებოდა. ამასობაში საწოლ ოთახში შესული მეფე, რომელმაც ზილიხანი იქ ვერ იპოვა, გაშმაგდა და ყველაფერს მიხვდა. ამას ისიც დაერთო, რომ ვირაცამ მეფესთან დაასმინა ქალ-ვაჟი, „ლხინი აქვთო მათ ხალვათი“ და ერთად სხედანო. მეფე კარვისკენ გაეშურა და დაინახა გაფითრებული ზილიხანი და საყელოგახეული იოსები. ზილიხანმა იოსებს მისი გაუპატიურების მცდელობა დააბრალა:

მოიყვანე უცხო თესლი, ჩვენთა სჯულთა განაკიდი,
„შვილად გყავსო“-ო . – ეს მიბრძანე, არ მისმინა, რასაც ვწვრთიდი,
მთვრალი სითმე შემოიჭრა, სიტყვით ვერა დავამშვიდი,
ჩემთან ჯდომა მოინდომა, გავგულისდი, წავეკიდი“.
„თავი ხელთა არა ჰქონდა, თურმე ღვინოს გაეხელა,
იგ ეძებდა დასაწვავად – კერპი უნდა მოეხელა,
საყელონი დავაგლიჯე, გამდელიცა მომეშველა,
შუღლი გვქონდა, თქვენც მოგვესწარ, თქვენმა მოსვლამ გაგვაშველა

მეფემ უმოწყალოდ სცემა ზილიხანი, ხოლო ხელფეხშეკრული იოსები ორმოში ჩააგდებინა.ზილიხანი ტიროდა და განიცდიდა, რომ სატრფო მის გამო იტანჯებოდა. მან ორი კაცი - მეპურე და მეღვინე -მოქრთამა და სთხოვა, იოსებისთვის საჭმელი მიეტანათ, მაგრამ მცველმა ისინიცორმოში ჩაყარა მეფის ღალატის გამო. ამ ორმა კაცმა სიზმარი ნახა და მისი ახსნა იოსებს სთხოვა. იოსებმა უთხრა, რომ მეპურესს ორმოდან ამოსვლისთანავე მოკლავდნენ, მეღვინეს კი მეფე დაიახლოებდა. მართლაც ასე მოხდა.

ბრძანებითა ღვთისითა მეფისაგან სიზმრის ნახვა და იოსების ორმოდან ამოყვანა. მისრეთის მეფეს ესიზმრა, რომ ნილოსიდან შვიდი მსუქანი ძროხა ამოვიდა. მათ ამოჰყვა შვიდი მჭლე ძროხა. მჭლე ძროხებმა მსუქანი ძროხები შეჭამეს. გაღვიძებისას მეფემ უბრძანა ვეზირებს, ასტროლოგებს,მკითხავებს, ქურუმებს და მისნებს ამ სიზმრის ახსნა, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო. მეფე დადარდიანდა. ორმოდან ამოყვანილმა კაცმა, რომელიც ახლა მეფესთან დაახლოებული პირი იყო, აცნობა მას, რომ სიზმრების ახსნა იოსებს ეხერხებოდა.მეფემმოაყვანინა იოსები, აკოცა და ძვირფასი ტანსაცმელი უბოძა. მან უამბო იოსებს თავისი სიზმარი და იოსებმა განუმარტა სიზმრის შინაარსი: შვიდი მოსავლიანი წლის შემდეგ შვიდი მოუსავლიანი წელი დადგებოდა. ამიტომმან ურჩია მეფეს, აეგოთ უზარმაზარიკოშკი და მოსავლიანწლებში იქ ხორბალი დაეგროვებინათ, რათა მოუსავლიანი წლების დროს შიმშილით არ დახოცილიყვნენ.მეფემ მოიწონა ეს გადაწყვეტილება და დააწინაურა იოსები. ახლა სახელმწიფო საქმეებს იოსები განაგებდა.

სიკვდილი მეფისა და იოსების გახელმწიფება და ზილიხანის შერთვა. ეგვიპტის მეფე გარდაიცვალა. ორმოცი დღის შემდეგ ვეზირებმა თათბირი გამართეს, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ახალი მეფე. გადაწყდა, რომ ეს იოსები იქნებოდა. იოსები იმ პირობით დათანხმდა, თუ კერპებს დაამსხვრევდნენ და ჭეშმარიტ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. ამ პირობას ყველა დათანხმდა.კერპები დაწვეს და ახალ სამლოცველოს ჩაუყარეს საძირკველი.

ვეზირებმა ურჩიეს იოსებს, გამოეყვანა ზილიხანი, რომელიც ჯერ კიდევ მგლოვიარედ იყო, და სამეფო ტახტზე თავის გვერდით დაესვა.იოსები დათანხმდა და ზილიხანს შეუთვალა,შვიდ წელიწადს შენ გამო ორმოშ ვიჯექი, ახლა კეპრთაყვანისმცემლობაზე უარი თქვი, ჭეშმარიტი ღმერთი აღიარე და მსახურად მიგულეო. ზილიხანმა შეუთვალა, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა აღებული მაშინ იოსებმა ვეზირები შეუგზავნა ზილიხანს, მაგრამ ქალი თავისას იჟინებდა და ტირილით მოთქვამდა:

აწ აღარ მინდა საწუთრო, სოფელსა დავემალები,
მეფისა საფლავს ვმსახურო, მინდა, თუ მეცვას შალები“.

ზილიხანის გამდელმა ვეზირებს ურჩია, ერთი წელი დაეცადათ, სანამ ზილიხანი მეუღლეს გამოიგლოვებდა. ამის შემდეგ იოსები და ზილიხანი დაქორწინდნენ. მათ ეყოლათ ოთხი ძე და ოთხი ასული. იოსებისა და ზილიხანის ამბავი „დაბადებაშია“ მოთხრობილი. ეს ამბავი „სპარსთ გალექსეს“,ხოლო მე მათი ნათქვამი ვთარგმნეო,წერს თეიმურაზი.

„წამება ქეთევან დედოფლისა“

პოემის დაწერის თარიღი და ჟანრი. ქეთევან დედოფალი აწამეს 1624 წლის 12 სექტემბერს (ძველი სტილით).კ. კეკელიძის აზრით, თეიმურაზ პირველის პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“ უნდა დაწერილიყო 1625 წელს (კეკელიძე 1952, გვ. 391). მ. გუგუშვილმა დააზუსტა, რომრადგან, პოემის მიხედვით, მისი შექმნის დროს შაჰ-აბასი და იმამყული-ხანი ცოცხლები იყვნენ (შაჰ-აბასი 1629 წლის დასაწყისში გარდაიცვალა), მაშასადამე, პოემა 1628 წლის შემდეგ ვერ დაიწერებოდა. 1627 წელს თეიმურაზი ჩასულა შირაზში, სადაც დედამისი აწამეს, და ალბათ, აქ დაწვრილებითი ცნობები მიიღ ქეთევანის ტყვეობისა და თანმხლებ პირთა წამების შესახებ. ამიტომ შესაძლებელია, პოემის დაწერის წლებად 1627-1628 წლები მივიჩნიოთ (გუგუშვილი 1981, გვ. 56-57).

„წამება ქეთევან დედოფლისა“ ისტორიული პოემის ჟანრს მიეკუთვნება.

პოემის შინაარსი. პოემის დასაწყისში ავტორი მიმართავს ღმერთს:

ღმერთო, რომელმან განაგე საქმე სიბრძნითა შენითა,
შენ განაწესე ყოველი გული სიღრმითა თმენითა,
მზის ქეთევანის წამება ვიცოდე რა საქმენითა,
და ღირსმყავ ცოდვილი მე ესე, რომ მათქმევინო ენითა.

შემდეგ კი იწყებს დედამისის,ქეთევან კახთა დედოფლის ამბის თხრობას.ქეთევანი მიენდოშაჰ-აბასსდა მძევლებად გაუგზავნა თეიმურაზის ვაჟები, „ძენი ტურფანი“, ალექსანდრე და ლევანი, რათა შაჰს კახეთი დაენდო, მაგრამ შაჰმა მძევლები განჯაში დატოვა, თვითონ კი კახეთისკენ გამოემართა და ააოხრა. დატყვევებული ქეთევანი მან შირაზში გაგზავნა. ტყვეობაში მყოფი დედოფალი ნუგეშს იმაში პოულობდა, რომ თავის ორ შვილიშვილს ზრდიდა.ხუთი წლის შემდეგშაჰმა ალექსანდრე და ლევანი აწამა. დედოფალმა მწარედ დაიტირა შვილიშვილები. ამის შემდეგ ოს განუწყვეტლივ ტიროდა, ლოცულობდა და მარხულობდა. სახარების კითხვაში დღესა და ღამეს ასწორებდა.

მოთქმისა, ტირილისაგან მოაკლდეს თვალთა ნათელი,
სიბრწყინვალე და სინათლე, აღარა ჰქონდეს ნათელი,
ბაგე და კბილი მოშლოდეს, ძოწ-მარგალიტთა ნათელი,
აწღა ისმინეთ სხვაცა ვთქვა ხელმწიფის შემონათვალი

ტყვეობაში მან ათი წელი გაატარა. შირაზის ხანს - იმიმყული-ხანს1 -შაჰ-აბასმა შეუთვალა,ქეთევან დედოფალს დიდხანს ნუ აცოცხლებ, თუ გაჰმადიანდა, ხომ კარგი, და თუ ქრისტე არ დაგმო, აწამეთო. იმამყული-ხანი ამ ბრძანებამ დაამწუხრა. ის ფიქრობდა:

ვიცი, რომ არ გათათრდები , თუცა არა აქვს დრონია.
თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?

მან მოციქული გაუგზავნა ქეთევანს და ურჩია, თავის გადარჩენის მიზნით, მაჰმადიანობა მიეღო. ქეთევანმა ილოცა და ღმერთსსთხოვა, თეიმურაზს მტრების დამარცხებაში დახმარებოდა, თვითონ კი გაეძლიერებინდა და წმინდა ქალწულთა თანა შეერაცხა. შემდეგ ის ეზიარა და სიკვდილისთვის მზადება დაიწყო.

ჯალათებმა ცეცხლი დაანთეს, საწამებელი იარაღები გაახურეს და დედოფალს უკანასკნელად უთხრეს, გამაჰმადიანდიო, თორემ „სასჯელი ეს არი, რა ნახო, შენცა ინანი“. შეშინებული მოახლეები ტიროდნენ და ევედრებოდნენ ქეთევანს, თავს ნუ გასწირავო, მაგრამ ქეთევანს სულიერი სიმტკიცე არ დაუკარგავს. მოახლე თინათინმა კივილი დაიწყო, მაგრამ ჯალათებმა თავშიშველი (რაც იმხანად სამარცხვინოდ ითვლებოდა)გოგონაგააგდეს. მას გივი შემოეყარა და თავშალი მისცა. წამების ადგილას დედოფლის მოძღვარს, იმერელ გიორგი მღვდელსაც დაუძახეს. მღვდელი ცეცხლისა და შანთების დანახვისას შეშინდა, მაგრამ დედოფალმა გაამხნევა:

იცი ხომ, ქრისტეს რა უყვეს, მას სასწაულსა ღვთისასა,
ლერწამი ფრჩხილსა დაავლეს დამხსნელსა ადამისასა,
ლურსმითა ძელსა მიაკრეს, ჰყოფენ ნებასა მისასა,
რად არ იჭირვი, ეღირსო საქმესა წამებისას?“

ქეთევანს ხელ-ფეხი შეუკრეს, ძუძუები გაზით დააგლიჯეს,თავი გაუხეთქეს, ლურსმნებზე დააწვინეს. დედოფალი წამებით გარდაიცვალა.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც საფლავი ახადეს, იქ ვერაფერი ნახეს. იფიქრეს, ფრანგებიმოიპარავდნენო, თეიმურაზი კი ფიქრობდა,რომ ქეთევანი ზეცად ამაღლდა.

ფრანგებს თორმეტი ათას თუმნად სურდათ დედოფლის წმინდა ნაწილების შესყიდვა, მაგრამ შაჰ-აბასი არავის აძლევდა.

შემდეგ თეიმურაზი ქართლ-კახეთში გამეფდა.ის ამგვარად ამთავრებს თავის პოემას:

ამ წიგნის მთქმელმან ბოლოს თქვა ამავ წამების ლექსია,
მათ თქმის დასტური მოეცა, ამად ვთქვი შვიდი-ექვსია,
მან ღვაწლი სრული იღვაწა, ვნატრი, რომ არ აქეს კვნესია,
ჩვენცა გვითხოვოს შენდობა, როდეს რომ დაჯდეს მესია.

ქართული ბაროკოს ლიტერატურის მკვლევარი მ. ნაჭყებია აღნიშნავს თეიმურაზ პირველის ამ პოემის სიახლოვეს ევროპულ ბაროკოსთან. მისი შენიშვნით, „ეს თხზულება გალექსილი მარტვილობაა, რაც ასე დამახასიათებელია ბაროკოს სტილისთვის“ (ნაჭყებია 2022, გვ. 139).

„გაზაფხულშემოდგომიანი“ ანუ „შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა“

პოემის დაწერის თარიღი და ჟანრი. ეს პოემა დაიწერა 1649-1656 წლებში, როდესაც თეიმურაზი იმერეთში იყო გადახვეწილი. ის გაბაასებათა ჟანრს მიეკუთვნება.

პოემის კომპოზიცია დამოკლე შინაარსი. „გაზაფხულშემოდგომიანი“ შედეგაბ პროლოგისა, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისგან.

პროლოგში ავტორი მიმართავს ღმერთს და სთხოვს,: „სიტყვა უქმისა პატიჟად ცეცხლი არ მომხვდეს გზებული“,აღიარებს, რომ „ცუდ მიდ-მოდების“ ნაცვლად სჯობდა, ელოცა, და თავს იმართლებს იმით, რომ „არვის უნდა სახარება, არც „წიგნი მოციქულთა“, ანუ ქართველებიდაინტერესებულნი არიან საერო ლიტერატურით და სასულიერო მწერლობის გავლენა შესუსტდა.მან დაწერა უფრო ღრმააზროვანი თხზულება, მაგრამ„ვერვის მოასმინა“, ანუ ვერავინ დააინტერესა, და ამიტომ, სევდის გასაქარვებლად, დაწერა ეს პოემა.

ნაწარმოების ძირითადი ნაწილი შედგება გაზაფხულისა და შემოდგომის დიალოგისგან. წელიწადის ეს ორი უმშვენიერესი დრო აღნიშნავს საკუთარ ღირსებებსდა ცდილობს დააკნინოს მოწინააღმდეგის უპირატესობანი. გაზაფხული თავისი სილამაზით ამაყობს:

ჩემს ჟამშიგან გაირცხების ჟანგიანი მიწა-რკინა,
მომწვანდების ტურფად რამე, ზედან ია მოეფინა,
ყვავილითა აივსების სავსე თასი, ჭიქა, მინა,
იგ ნაზამთრმან ყოვლმან სულმან ჩემს ჟამშიგან მოილხინა.
შემოდგომა დინჯად პასუხობს გაზაფხულის რეპლიკებს:
ჩემს დროს ასხია ხეზედან ნარინჯ-თურინჯი, ბიაო,
ბროწეული და ყურძენი, არც ერთი დაჰკლებიაო,
ჰკრეფენ და სჭამენ, სავსე აქვსთ კალთები, უბებიარ,
ამისი ფასი შენ რა გჭირთ? გვითხარ და გვიამბიაო.

ამასთან, თეიმურაზი უპირატესობას ანიჭებს შემოდგომას, რომელიც სიმდიდრისა და დოვლათის შემქმნელია და ადამიანთა არსებობის პირველ წყაროს წარმოადგენს (ქიქოძე,გვ. 33).

პოემის ეპილოგში თეიმურაზი მკითხველს ანდობს იმის გადაწყვეტას, თუ წელიწადის რომელი დროა საუკეთესო, აღნიშნავს, რომ უსაქმობისა და მოწყენილობის გამო დაწერა ეს პოემა და კვლავ აღიარებს, რომ მისი ამგვარი თხზულებები უფრო პოპულარულია, ვიდრესერიოზულ თემებზე დაწერილი ნაწარმოებები. ის მოთქვამს თავისი უიღბლო ცხოვრების გამოდა ღმერთს შეწყალებას სთხოვს:

ღმერთო, რომელი უმჯობეს იქ თვითვე შენგან ქმნულებსა,
რისხვას აყოვნებ ამისთვის, მოაქცევ წარწყმედულებსა,
ნუმცა მეწევის ბოროტი მას დღესა დაუსრულებსა.
იგ მოტყინარე მახვილი კარსა ნუ დამიგულებსა

„მაჯამა“

ამ სახელწოდებით თეიმურაზმა გააერთიანა რამდენიმე თხზულება. მაჯამა არის ომონიმურ რითმებზე გაწყობილი პოეტური ნაწარმოები ან საკუთრივ ომონიმური რითმები. მაჯამური შიდარითმები გვხვდება ჩახრუხაძის თამარიანსა“ და შავთელის „აბდულმესიანში“.„ვეფხისტყაოსანში“მაჯამურ ბოლორითმებს შეიცავს რამდენიმე სტროფი. მაგალითად:

ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს.
ყმა ეტყვის თუ: შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს!
ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს.

მაჯამური ანუ ომონიმურირითმები ერთად იწერებოდა, ცალკეული სიტყვების გამოყოფის გარეშე. მკითხველს უნდა გამოეყო ეს სიტყვები და ამოეცნო მაჯამური გამოთქმის მნიშვნელობა. „თეიმურაზის მოწმობით, მაჯამების „თარგმანება“ (განმარტება) კულტურული გართობის ერთ-ერთი სახეთაგანი ყოფილა იმდროინდელ სალიტერატურო წრეებსა და სალონებში“(ბარამიძე 1940,გვ. 155).

„მაჯამის“ დაწერის თარიღი დაკომპოზიცია. კ. კეკელიძის აზრით, „მაჯამა“ დაიწერაიმერეთში თეიმურაზის ყოფნისას, ანუ 1649-1656 წლებში (კეკელიძე 1952, გვ. 458). თეიმურაზთან „მაჯამა“ გულისხმობს „ლირიკული ლექსების კრებულს,... რომელიც, თეიმურაზის თქმით. სპარსულიდან მომდინარეობს“ (გუგუშვილი 1987, გვ. 76).

 თეიმურაზის „მაჯამა“მოიცავს პროლოგს, რვა ლექსსა და ეპილოგს.ეს რვა ლექსია: „მზე ცუდ მაშვრალობს“, „შენთვის ხელმან“, „მზე უნათლე ჰქმენ“, „ტურფა ხარ მშვენიერებით“, „გაბაასება ღვინისა და ბაგისა“, „მზესა შესწრფა მისგან შუქი“, „ეშურების ბაგე ვარდი“, „ქება და მკობა ხელმწიფის ალექსანდრესი და დედოფლის ნესტან-დარეჯანისა“.

გარდა ლექსებისა „გაბაასება ღვინისა და ბაგისა“ და „ქება და მკობა ხელმწიფის ალექსანდრესი და დედოფლის ნესტან-დარეჯანისა“, „მაჯამაში“ გაერთიანებული ნაწარმოებები სატრფიალო ხასიათისაა.„ქება და მკობა...“ სახოტბო ნაწარმოებია, რომელშიც აღწერილია იმერეთის მეფის, ალექსანდრეს და მისი მეუღლის, ნსეტან-დარეჯანის ღირსებები.

„სოფლის სამდურავი“, „გრემის სასახლეზე“, „თამარ მეფის სახე დავით გარეჯას“, „შვიდთა კრებათათვის“, ანბანთქებები. ზოგადად, სოფლისადმი მდურვის თემა ქართულ ლიტერატურაში თეიმურაზმა შემოიტანა. „სოფლის სამდურავი“, კ. კეკელიძის მითითებით, თეიმურაზის ლიტერატურული მოღვაწეობის მეორე პერიოდში, იმერეთში, 1649-1656 წლებში დაიწერა. ამ ლექსში თეიმურაზი გმობს წუთისოფლის სიმუხთლეს, რაც, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია.

„გრემის სასახლეზე“ და „თამარ მეფის სახე დავით გარეჯას“ ოდის ჟანრს მიეკუთვნება. ამ ლექსებშიავტორი ხოტბას ასხამს გრემის სასახლესა და მეფე თამარს.ლექსი „შვიდთა კრებათათვის“სასულიერო ხასიათისაა და მასში აღწერილია მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრების ამბავი. თეიმურაზის სამი ანბანთქება რელიგიური ხასიათის თხზულებებია,

სუფისტური მოტივები თეიმურაზ პირველის შემოქმედებაში.აღიარებულია, რომ თეიმურაზ პირველის ნაწარმოებებში შეიმჩნევა სუფიზმის ზეგავლენის ერთგვარი ნიშნები. კერძოდ, ასეთებია სუფიზმის ზეგავლენით აღბეჭდილია მისი ნათარგმნი პოემები: „ვარდბულბულიანი“, „შამიფარვანიანი“, „ლეილმაჯნუნიანი“ და, ასევე, მისი სატრფიალო ლირიკა.„პოემებში ისაზრია განვითარებული, რომ ამქვეყნად გაწეული ტანჯვისათვის და საკუთარი მეობის უარყოფისათვის შეყვარებული საიქიო ქვეყანაში მიიღებს ჯილდოს, ლხენას, სატრფოსთან შეერთებას“ (ქართ. ლიტ. ისტორია,გვ. 282).

სუფიზმი მისტიკური მიმდინარეობაა ისლამში. მისი მიზანია ადამიანის სულიერი სრულყოფა და ღმერთთან უშუალო შერწყმა. ამ მიზნის მიღწევა,სუფიზმის მიხედვით, სხვადასხვა საშუალებით შეიძლება, ისე, რომ საკუთარი „მე“ დავიწყებულ იქნეს და ექსტაზის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მიუახლოვდეს ღმერთს.ერთ-ერთი ამგვარი საშუალებაა თავდავიწყებული სიყვარული. სწორედ ესაა თეიმურაზის მიერ ნათარგმნი „ვარდბულბულიანის“, „შამიფარვანიანისა“ და „ლეილმაჯნუნიანის“ მთავარი თემა.

რ. ღლონტისაზრით, სუფისტური განწყობილებები შეიმჩნევა არა მარტო ზემოდასახელებულ პოემებში, არამედ მის „მაჯამაშიც“. „თხზულების ძირითადი მოტივი სიყვარულია. სწორედ ის აერთიანებს რვა ნაწილად დაყოფილ კრებულს“ (ღლონტი 2004-2005, გვ. 32).

„ევროპეიზმი“ თეიმურაზ პირველის შემოქმედებაში.დ. ლაშქარაძემ თავის დროზე გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თეიმურაზ პირველი „ევროპეიზმის პირველ მაუწყებლად გვევლინება „აღორძინების ხანის“ ქართულ ლიტერატურაში“ (ლაშქარაძე 1988, გვ. 32). მკვლევრის აზრით, თეიმურაზის შემოქმედებას იდეურ-მხატვრული მსგავსება აკავშირებსევროპული ლიტერატურის ზოგიერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან. მაგალითად,„სოფლის მდურვის“ მოტივი ასახულია როგორც თეიმურაზის, ისემე-17 საუკუნის ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, კალდერონის შემოქმედებაში. ვფიქრობთ, ამგვარი პარალელები საეჭვოა, რადგან „სოფლის მდურვის“ მოტივი, საზოგადოდ, გავრცელებულია მსოფლიოს ხალხების ლიტერატურაში და არა მარტო ევროპულში, არამედ - აღმოსავლურშიც. ამიტომ დასკვნა იმის შესახებ რომ თეიმურაზ პირველი ამ მხრივ „ევროპეიზმის პირველ მაუწყებლად გვევლინება „აღორძინების ხანის“ ქართულ ლიტერატურაში“ საეჭვოდ გვეჩვენება.

***

თეიმურაზ პირველმა თავისი ორიგინალური და ნათარგმნი თხზულებებით მნიშვნელოვნად გაამდიდრა ქართული ლიტერატურა. მან შემოიტანა ახალი ლიტერატურული ჟანრები, მაგალითად, „გაბაასება“ და „მაჯამა“, საფუძველი ჩაუყარა საისტორიო ეპოსს („წამება ქეთევან დედოფლისა“), დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში მცირელექსი („თამარ მეფის სახე დავით გარეჯას“ და გრემის სასახლეზედ“) და ანბანთქებების ჟანრი.

  1. იმამყული-ხანი - თვალსაჩინო სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე - წარმოშობით ქართველი, უნდილაძე იყო. ↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია


ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები:

ბარამიძე 1940. ბარამიძე, ალ. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, II, თსუ გამომცემლობა.

ბარამიძე 1959. ბარამიძე, ალ. თეიმურაზ პირველის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ.ლიტერატურული ძიებანი, ტ. XII.

გუგუშვილი 1981. გუგუშვილი, მ. თეიმურაზ პირველი -შემოქმედებითი პორტრეტი. თბ., გამომცემლობა „მეცნიერება“.

კეკელიძე 1952. კეკელიძე, კ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თ., თსუ გამომცემლობა.

ისტორია 1966. ქართული ლიტერატურის ისტორია, II,თბ., გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.

ღლონტი 2004-2005. ღლონტი, რ. თეიმურაზ პირველის რელიგიური შეხედულებანი („მაჯამის“ მიხედვით). „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, თბ., 2004-2005.


პოეტიკური კვლევები:

ქიქოძე 1952. ქიქოძე, ბ. გაბაასება ძველ ქართულ ლიტერატურაში. ბათუმი, აჭარის ასსრ სახელმწიფო გამომცემლობა.


კომპარატივისტული კვლევები:

კობიძე 1947. კობიძე, დ. ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობიდან. ლიტერატურული ძიებანი, III, თბ.

ლაშქარაძე 1988. ლაშქარაძე, დ. ლიტერატურული მერიდიანები. თბ., გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.

მამაცაშვილი 1967. მამაცაშვილი, მ. თეიმურაზ პირველის „ლეილმაჯნუნიანის“ სპარსული წყაროები. თბ., გამომცემლობა „მეცნიერება“.


ქართული ლიტერატურა და ბაროკო:

ნაჭყებია 2022. ნაჭყებია, მ. მხატვრული ტექსტი ლიტერატურულ მიმდინარეობათა კონტექსტში. თბ., გამომცემლობა „საჩინო“.

 

გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამარ ლომიძე