მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ძველი ქართული ისტორიოგრაფიული ტექსტი, როგორც ნარატიული წყარო1

როგორც ცნობილია, ორიგინალური ქართული მწერლობის ისტორია V საუკუნეში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შექმნით იწყება (ჯავახიშვილი 1977, გვ. 56; კეკელიძე, 1958, გვ. 113.); ამასთან, ჩვენამდე არ შემონახულა არც ერთი ისტორიოგრაფიული ტექსტი, რომელიც შეგვიძლია დაზუსტებით დავათარიღოთ VII-IX საუკუნეზე უფრო ადრეული პერიოდით. სწორედ ამ პერიოდითაა განსაზღვრული ნახევრად ისტორიოგრაფიული, ნახევრად ჰაგიოგრაფიული ნარატივის (მე კი მას საეკლესიო ისტორიოგრაფიის ნიმუშს ვიწოდებდი) - მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს დაწერის დრო (თუმცაღა, მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ ტექსტის კომპილაცია IV-დან IX საუკუნემდე მიმდინარეობდა; ხოლო მისი ისტორიოგრაფიული ნაწილი VII-დან IX/X სს. უნდა დათარიღდეს; სირაძე 1997, ჩხარტიშვილი 1987). ჩვენამდე მოღწეული საერო ისტორიოგრაფიის უადრესი ნიმუში უფრო გვიანდელია და მისი შექმნა, სავარაუდოდ, VIII საუკუნის შემდგომი პერიოდით უნდა დათარიღდეს. ქართლის ცხოვრება-ში შემავალი ორი საწყისი თხზულების, ანუ ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ნარატივები XI საუკუნეშია შექმნილი, თუმცა მკვლევართა აზრით, მათ მიერ გამოყენებული წყაროები უფრო ადრინდელია და VII-IX საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

როგორც ვხედავთ, ქართულ სინამდვილეში ისტორიოგრაფიული ჟანრის ტექსტები უფრო გვიანდელია, ვიდრე ჰაგიოგრაფიული. დაზუსტებით რთული სათქმელია, რატომ ხდება გვიან ანტიკურ და ადრეული შუა საუკუნეების ქართულ სამწერლობო ტრადიციაში ისტორიოგრაფიული ტექსტების უგულებელყოფა. ეგება, ეს ტენდენცია ბიზანტიასთან კონფესიურ ერთობას უნდა დავუკავშიროთ? როგორც სირიული ქრისტიანობის ცნობილი მკვლევარი, მჲურიელ დები აღნიშნავს, “წარსულის ფიქსაცია და ინტერპრეტაცია წარმოადგენდა სეპარატისტული ეკლესიისა და თემის ლეგიტიმაციის გაძლიერების აუცილებელ საშუალებას.“ (Debié, გვ. 94.) თუმცაღა, არც ისაა გამორიცხული, რომ, როგორც უკვე მრავალჯერ აღინიშნა ქართველ მეცნიერთა მიერ, იმ პერიოდისათვის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ისტორიოგრაფიის ნაწილად, უფრო ზუსტად კი ისტორიული მეხსიერების შექმნის თანაფარდ საშუალებად აღიქმებოდა.2 (ჯავახიშვილი 1977, გვ. 30).

ამასთან, თუკი ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებების ქვე-კატეგორიები - მარტვილობანი, ცხოვრებანი, საქმენი და სასწაულთა აღწერა - საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის ყოველთვის ჟანრობრივი სპეციფიკის გამომხატველი ზუსტი ტერმინით მიეწოდებოდა, ძველ ქართულ ისტორიოგრაფიულ კორპუსთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით პრობლემური სიტუაციაა შექმნილი, რაზეც თუნდაც ქართლის ცხოვრების სათაურის თარგმანის სხვადასხვა ვარიანტი მეტყველებს - The Georgian Chronicles (ქართული ქრონიკები; Thomson 1996); The Georgian Chronicles of K‘arthlis Ts’khovreba: A History of Georgia (ქართლის ცხოვრების ქართული ქრონიკები: საქართველოს ისტორია; Metreveli and Jones 2014); K’art’lis c’xovreba. The Georgian Royal Annals (ქართლის ცხოვრება. ქართული სამეფო ანალები; Toumanoff 1943, გვ. 149; Rapp 1998).

შესაბამისად, აუცილებელია გაგრძელდეს ჩვენამდე მოღწეული ქართული ისტორიოგრაფიული კორპუსის, ანუ სამეფო ხელისუფლების მიერ სანქციონირებული კრებულის, ქართლის ცხოვრების უცხოელ მკვლევართათვის ჩვეული და ბიზანტიურ-ლათინურ, სირიულ, თუ ისლამურ ისტორიოგრაფიასთან ანალოგიით განსაზღვრული ჟანრობრივი დეფინიციის ძებნა. ამისათვის კი, ვფიქრობ, უპრიანია გამოვიყენოთ სპარსული ისტორიოგრაფიის მკვლევრის, მიმი ჰანაოკას მიერ აპრობირებული მეთოდოლოგია, რომელიც ისტორიული ტექსტის ანალიზისათვის კოორდინატთა სისტემის გამოყენებას გვთავაზობს, სადაც ერთ ღერძზე მოთავსებულია ფორმის, მეორეზე კი - შინაარსის განგრძობითობა (Hanaoka 2015, გვ. 2).3 მსგავსი მიდგომა საშუალებას გვაძლევს ერთმანეთისაგან განვასხვაოთ სხვადასხვა ფორმა და სპეციფიური შინაარსი ერთსა და იმავე ტექსტის ფარგლებში. ფორმა შეიძლება მოიცავდეს ნარატიულ ისტორიას, ქრონიკას, ანალებს, ნარატიულ ან ანალისტურ ქრონიკას, ბიოგრაფიას და ა.შ. შინაარსი შეიძლება შეიცავდეს უნივერსალურ, საეკლესიო, ეთნიკურ, ლოკალურ, ნაციონალურ და სხვ. ისტორიას. ამ გზით კონკრეტული ნარატიული წყაროს ანალიზი საშუალებას გვაძლევს ისეთი სიზუსტით მოვახდინოთ თითოეული ტექსტის სპეციფიური თავისებურებათა განსაზღვრა, რომ ისინი გასაგები გახდეს სხვადასხვა კულტურული საფუძვლის მქონე მკითხველისათვის.

მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენების აუცილებლობაზე მეტყველებს თუნდაც ერთ-ერთი ტერმინის, „ლოკალური ისტორიის“ მნიშვნელობათა შორის სხვაობა კლასიკურ ბერძნულ, გვიან ანტიკურ, შუა საუკუნეების დასავლურ ქრისტიანულ და X-XV საუკუნეების სპარსულ-არაბულ ისტორიოგრაფიაში. თუკი კლასიკური ბერძნული ტრადიციისათვის ლოკალური ისტორია ქალაქ-სახელმწიფოს ნარატიულ ისტორიად მოიაზრებოდა (Tober 2013), გვიან ანტიკურ და შუა საუკუნეების დასავლურ ისტორიოგრაფიაში იგი იყო არა მხოლოდ civitas/სახელმწიფოს ისტორია, არამედ ლოკალური ისტორიების სინთეზი, გადმოცემული gesta martyrum, gesta episcoporum, gesta abbatum-ის სახით, რამაც კულმინაციური ფორმა მიიღო Liber Pontificalis-ში. ამგვარი ნაწერის უმთავრესი მიზანი იყო ეკლესიის სიწმინდისა და ზეციურობის ჩვენება, რაც ადგილობრივ ისტორიას იმავდროულად ინსტიტუციონალურ ისტორიადაც აქცევდა (Sot 2013, გვ. 112). რაც შეეხება შუა საუკუნეების ისლამურ სამყაროს, აქ ლოკალური ისტორია მოიაზრებდა ბიოგრაფიული ლექსიკონებისა და ნარატიული ქრონიკების კომბინაციას, რომელიც აგრეთვე მოიცავდა კარისა და დინასტიურ ისტორიოგრაფიას და გვიხატავდა იდენტობებს, რომლებიც იყო როგორც ლოკალური, აგრეთვე ცენტრალიზებული ფართო მუსლიმური omma (საზოგადოება, თემი)-ს საშუალებით. (Hanaoka 2015, გვ. 2)

თუკი ჩვენ ამ ტერმინს ქართულ წყაროებთან მიმართებით გამოვიყენებთ, ვთქვათ, მისი გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების დასავლურევროპული მნიშვნელობით, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული ჰაგიოგრაფიული წყაროები მარტიროლოგიის, liber episcoporum, და liber abbatum კატეგორიაში მოთავსდება. როგორც ჩანს, შუა საუკუნეების ქართველი მწერლები ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებებს სწორედ ამგვარად აღიქვამდნენ; ალბათ ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ქართულ მწიგნობრულ ტრადიციაში ტერმინი - ცხორება (vita) - გამოიყენება როგორც ჰაგიოგრაფიული, აგრეთვე ისტორიოგრაფიული თხზულებების აღსანიშნავად.4 (ჯავახიშვილი 1977, გვ. 27.)

ვფიქრობ, ჰანაოკას კორდინატთა სისტემისეულ დეფინიციას უახლოვდება მარიკა ლორთქიფანიძის დაკვირვება ქართლის ცხოვრების ტექსტზე. მკვლევრის თქმით, კრებული ოფიციალური ისტორიოგრაფიის იდეოლოგიას გამოხატავს. (ლორთქიფანიძე 1989, გვ. 27). „ქართლის ცხოვრება უფრო ... ნაციონალური ისტორიის მომთხრობი „ქრონიკის“ ტიპის საისტორიო თხზულებაა, მასთან მსგავსებას ამჟღავნებს რუსული „ლეტოპის“-ი ქართულად მატიანედ რომ ვთარგმნოთ. მაგრამ ის, რასაკვირველია, ყველა ნაწილში ერთნაირი არ არის. უძველესი ისტორიის ამსახველი თხზულებები (ე.წ. მეფეთა ცხოვრება, ვახტანგ გორგასლის ისტორია), უფრო ეპიკური სტილის ნაწარმოებებია, მაღალი მხატვრული ღირსებების მქონე, მათში უხვადაა შესული ისტორიული გადმოცემები.“ (იქვე, გვ. 96.)

როგორც ვხედავთ, ლორთქიფანიძე, ერთის მხრივ, განსაზღვრავს კრებულს როგორც კარის ოფიციალურ და ნაციონალურ ისტორიოგრაფიას; მეორე მხრივ კი მისი ჟანრობრივი დეფინიციაცაა მოცემული. ჩემი აზრით, ერთადერთ უზუსტობას საბჭოთა იდეოლოგიით ნაკარნახევი შედარება წარმოადგენს. როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ летопись-ს ძირითადად ახასიათებენ, როგორც ნარატივს, რომელიც ეხმაურება ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიას და იყენებს ადგილობრივ ფოლკლორულ გადმოცემებს, თავად კრებულის სათაურიც კი - летопись, გულისხმობს, რომ მოვლენათა თხრობის ქრონოლოგიურ მარკერად გამოყენებულია სიტყვა “в лето...”, ანუ „წელსა...“5 რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი ან გვიანი ბიზანტიური ქრონიკის, ან არა და ანალისტური ქრონიკის სტილისტიკას უნდა მისდევდეს.6

რაც შეეხება კარის ისტორიოგრაფიას, როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია „ზოგადად ხასიათდება იდეით, რომ ისტორია დიდი ადამიანების მიერ იქმნება“ და „შესაბამისად, ეხება ძირითადად მეფეთა და იმპარატორთა, ან სხვა თანამდებობის (ეპისკოპოსებისა და აბატების) და მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე პირთა (როგორც, მაგ. მისიონერების) საქმეებს, ზუსტად მათი ფუნქციის გამო.“ (Goetz 2013, გვ. 50). ამდენად, შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია, რომელიც „ძირითადად პოლიტიკურ ისტორიად აღიქმებოდა (ეკლესიის ისტორიის ჩათვლით) და მჭიდრო კავშირში იყო ინსტიტუციასთან (სამეფო, საეპისკოპოსო, მონასტერი, ქალაქი და ა.შ.)“, შესაბამისად, იგი a priori კარის ისტორიოგრაფია უნდა ყოფილიყო; სხვაობდა მხოლოდ „კარის“ გაგება.

ვინაიდან ქართლის ცხოვრებას ნამდვილად ატყვია „ოფიციალური“ სანქციონირების კვალი და ზოგადად ჩვენამდე მოღწეული ადრეული ქართული ისტორიოგრაფიული წყაროების სიმცირის გამო, ვფიქრობ, შესაძლებელია დავსვათ შეკითხვა, ხომ არ შეიძლება ქართულ ისტორიოგრაფიასთან მიმართებაში საქმე გვქონდეს წყაროების ეთიოპიური „ზაგვეს დინასტიური სანქციონირების“ მსგავს ფენომენთან. როგორც ცნობილია, ეს დინასტია ეთიოპიაში აღზევდა XII საუკუნის დასაწყისში, და საკუთარი დინასტიის სოლომონური წარმომავლობის ტრადიციის დამკვიდრების მიზნით გაანადგურა მანამდე არსებული თითქმის მთლიანი წერილობითი მასალა, ანუ „ისტორია გადაიწერა წარსულის განადგურების მეშვეობით.“ (Heldman 2007, გვ. 86.)

ზოგადად კი, ვფიქრობ, ლორთქიფანიძისეული დეფინიცია, რომ ქართლის ცხოვრება წარმოადგენს „ქრონიკის ტიპის კრებულს, რომელიც ნაციონალურ ისტორიას გადმოგვცემს“, მართებულია იმ შემთხვევაში, თუკი შევთანხმდებით, რომ ქრონიკა წარმოადგენს ისტორიოგრაფიულ ნარატივს, რომელშიც „დროის ორგანიზება ხდება თაობების, ზეობების, ან დროის სხვა დიდი ჯგუფების მეშვეობით და შეიძლება წარმოადგენდეს კარგად დამუშავებულ და საკმაოდ განვითარებულ ნარატივს.“ (Geary 2013, გვ. 14). თუმცაღა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრისტიანული ქრონიკა ევსევისეული გაგებით უნდა წარმოადგენდეს საერო და სასულიერო ისტორიის კომბინაციას, ვფიქრობ, ამ ტერმინის ხმარებას ქართლის ცხოვრებასთან მიმართებით მაინც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

ვფიქრობ, უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ ქართლის ცხოვრება წარმოადგენს „ნაციონალურ“ ისტორიოგრაფიულ კრებულს, რომლის კოორდინატთა სისტემის შინაარსის ღერძი შედგება ეპიკური, ეთნიკური, ნაციონალური, ლოკალური და დინასტიური ისტორიებისაგან, ხოლო ფორმის ღერძი წარმოდგენილია origines gentium-ით (თუ მას წარმოვიდგენთ ისტორიოგრაფიის ცალკე ჟანრად, რომლის წინამორბედებიც კლასიკურ ეთნოგრაფიაშია), ქრონიკებით, ანალისტური ქრონიკით, ბიოგრაფიებით, ჰაგიოგრაფიითა და ჰიმნოგრაფიით.

ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ უკანასკნელი კვლევების თანახმად „ნაციონალური ისტორია“ განისაზღვრა, როგორც „კონკრეტული რეგიონის ისტორია, რომელსაც გააჩნია ნათლად მოხაზული ტერიტორია სპეციფიური სახელითა და თემის/გვარის ერთობით. ეს მახასიათებლები ხშირად ერწყმის მმართველი დინასტიის გენეალოგიურ ნარატივს, რომელიც მჭიდრო კავშირშია ტერიტორიასთან და/ან ხალხთან.” (Kersken 2013, გვ. 119.) ევროპის ნაციონალური ისტორიები მიჰყვება ხალხთა ისტორიის ადრეული შუა საუკუნეების კონცეფციას, რომელიც სამყაროს დასაბამიდან იღებს სათავეს, და რომელშიც დინასტიური ლეგიტიმაცია დაკავშირებულია ეთნიკურ განგრძობითობასთან; ეს ადრეული კონცეფცია გამდიდრებულია ახალი ელემენტებით, რომელთა შორისაცაა ქვეყნის დასახელების დაკავშირება ლეგენდარულ ეთნონიმთან (heros eponymos), რომელიც ხშირად ნოეს შთამომავლადაა გამოყვანილი. ამ ისტორიათა უმეტესობა იწყება რეგიონის გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული აღწერით, რომელიც ხალხთა ისტორიის ჩარჩოს ქმნის. ხანდახან წარმოდგენილია აგრეთვე მეზობლებისა და საზღვრების ჩამონათვალი, რომელიც ჩართულია მათთვის ცნობილი სამყაროს მიმოხილვაში. (იქვე, გვ. 123.) ითვლება, რომ ევროპული ნაციონალური ისტორიები ძირითადად XII საუკუნის შემდგომ იწერება, თუმცა მათი საფუძველი უკვე VII-VIII საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. (იქვე, გვ. 120.)

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ერთადერთი დაკვირვება, რომელიც ნაციონალური ისტორიის ჟანრის დეფინიციის განსაზღვრისას ჩნდება, ტერმინოლოგიას ეხება. ვინაიდან, როგორც ცნობილია, ნაციის, ანუ ერის დაბადების პერიოდად თანამედროვე ჰუმანიტარული, სოციოლოგიური თუ პოლიტიკური მეცნიერება XIX საუკუნეს მიიჩნევს (Gellner 1983), რამდენად გამართლებულია ტერმინის - „ნაციონალური“ - ხმარება შუა საუკუნეების წყაროებთან მიმართებით? ამდენად, ან უნდა გავიზიაროთ მეცნიერთა ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრება ნაციის კონცეფციის შუა საუკუნეებში არსებობის შესახებ (Woolf 2006, გვ. 93-94), ან არა და ვიფიქროთ ტერმინის - „ნაციონალური ისტორიოგრაფიის“ - ჩანაცვლებაზე სხვა ტერმინით, ვთქვათ, ეთნიკური ისტორიოგრაფიით.

  1. მიმოხილვა ეყრდნობა პროექტის ფარგლებში ირმა ყარაულაშვილის მიერ მომზადებულ სტატიას. ყარაულაშვილი 2024. ↩︎

  2. ივანე ჯავახიშვილი მოიხმობს ვახუშტი ბაგრატიონს, რომელიც აღნიშნავს, რომ საისტორიო მწერლობა „განიყოფების ორად: საეკლესიოდ და სამოქალაქოდ.“ მკვლევრის აზრით, “მთელი ქართული საისტორიო მწერლობა, რომელმაც კი ჩვენამდე მოაღწია, წარმოიშვა მარტჳლობათა და წმინდანთა ცხოვრებებიდან იქვე, 47. ↩︎

  3. ნორბერ კერსკენი აღნიშნავს, რომ „შუა საუკუნეების ნაციონალური ისტორიები აღვწეროთ ფორმისა და შინაარსის მეშვეობით.” (Kersken 2013, გვ. 119). ↩︎

  4. ლეონტის მეფეთა ცხოვრებაში მოხსენიებულია ავტორის, ანდა მისი წინამორბედის მიერ გამოყენებული ორი უცხოური წყარო - ცხორება ბერძენთა და ცხორება სპარსთა: „ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად ცხორებასა ბერძენთასა,“ „ვითარ წერილ არს ცხორებასა სპარსთასა.“ ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 17; ქართველ მეცნიერთა აზრით, ცხორება ბერძენთა უნდა წარმოადგენდეს ფსევდო-კალისთენეს ალექსანდრიანს (კეკელიძე 1958, გვ. 255); რობერტ თომსონის აზრით, „არაა აუცილებელი, რომ წერილობით წყაროებზე მინიშნება იმას ნიშნავდეს, რომ ლეონტი მათ ციტირებას ახდენს ადრეული წერილობითი ვერსიიდან (როგორც, მაგ., ხვადაი-ნამაკი) და არა ზეპირი ტრადიციიდან.“ (Thomson 1996, გვ. 16, შენ. 55). ↩︎

  5. სლავური ისტორიული კრებულის სახელწოდება ბერძნული Chronographikon-ის თარგმანს უნდა წარმოადგენდეს. ↩︎

  6. როგორც როლანდო მარტი აღნიშნავს შუა საუკუნეების ქრონიკების ენციკლოპედიაში, „ამ ტექსტთა [ავტორის დეფინიციით, აღმოსავლეთ სლავთა ავტოქტონური ისტორიოგრაფია, რომლის უძველესი ტრადიცია მიდის კიევამდე, სადაც სხვადასხვა წყარო, რომელთა ნაწილი ლეგენდური იყო, შეიკრიბა, რათა კიევის რუსის ისტორია მოეთავსებინათ ქრისტიანული და ბიზანტიური ისტორიის ჩარჩოში - ი.ყ.] უმეტესობა ანალისტურ ჩარჩოშია მოქცეული და მოცემულია რუს-ის ისტორია დაწყებული მეცხრე საუკუნიდან ქრონიკის დრომდე (Marti 2010, გვ. 1373). ↩︎

ბიბლიოგრაფია

კეკელიძე, კორნელი 1958. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. 2. თბილისი, თსუ გამომცემლობა.

ლორთქიფანიძე 1989 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია.

სირაძე, რევაზ 1997. „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული ჰაგიოგრაფიისა. თბილისი: საქართველოს საპატრიარქო.

ქც (ყაუხჩიშვილი) 1955. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. 1. თბილისი.

ყარაულაშვილი, ირმა 2024. „ძველი ქართული ნარატიული წყაროები (მოკლე მიმოხილვა)“.

ჩხარტიშვილი, მარიამ 1987. ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები: “ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი”. თბილისი: მეცნიერება.

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია.

Debié, Muriel 2009. “Syriac Historiography and Identity Formation,” in Bas ter Haar Romeny, ed. Religious Origins of Nations? Leiden/Boston: Brill, 93-114.

Geary, Patrick N. 2013. “Chronicles, Annals, and Other Forms of Memoria,” in Bák and Jurković 2013, 13-24.

Gellner, Ernest 1983. Nations and Nationalism. Ithaca: Cornell University Press.

Goetz, Hans-Werner 2013. “The “Methodology” of Medieval Chroniclers,” in Bák and Jurković 2013 (იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია), 50.

Hanaoka, Mimi 2015. “Perspectives from the Peripheries: Strategies for “Centering” Persian Histories from the “Peripheries,”” Journal of Persianate Studies 8: 1-22.

Heldman, Marylin E. 2007. “Metropolitan Bishops as Agents of Artistic Interactions Between Egypt and Ethiopia During the Thirteenth-Fourteenth Centuries.”

Kersken, Norbert 2013. “National Chronicles and National Consciousness,” in Bák and Jurković 2013, 119-126.

Marti, Ronaldo 2010. “Slavia Orthodoxa,” in Graeme Dunphy and Cristian Bratu, eds., Encyclopedia of the Medieval Chronicle. Vol. 2. Leiden: Brill, 1371-1374.

Metreveli, Roin and Stephen Jones, eds. 2014. Kartlis Tskhovreba. A History of Georgia. Tbilisi: Artanuji Publishers.

Rapp, Stephen Jr. ed. 1998. Kʻartʻlis cʻxovreba. The Georgian Royal Annals and Their Medieval Armenian Adaptation. Vol. I. Delmar-NY: Caravan Books.

Sot, Michael 2003. “Local and Institutional History (300–1000),” in Deborah Mauskopf Deliyannis, ed. Historiography in the Middle Ages. Leiden-Boston: Brill, 89-114.

Thomson, Robert 1996. Rewriting Caucasian History. Oxford: Clarendon Press.

Tober, Daniel J. 2013. “The Autobiographical Community: Local Historiography in Classical and Hellenistic Greece.” PhD Dissertation, Princeton University.

Toumanoff, Cyril 1943. “Medieval Georgian Historical Literature (VIIth–XVth Centuries).” Traditio 1: 139-182.

Woolf, Daniel 2006. “Of Nations, Nationalism, and National Identity. Reflections on the Historiographic Organization of the Past,” in Q. Edward Wang and Franz Fillafer, eds. The Many Faces of Clio. New York: Berghahn Books, 71-103.

ისტორიოგრაფიულ თხზულებათა კვლევისას გამოყენებული თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია

ძალაუფლების ლეგიტიმაცია:

პატარიძე, ლელა 2008. „მეფობის იდეა ვატანგ გორგასლის ცხოვრებაში.“ საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები 9: 103-108.

Rapp, Steven Jr. 2004. “Images of Royal Authority in Early Christian Georgia: The Impact of Monotheism,” in: Azmeh and Back, 155-172.

მეხსიერების კვლევები:

თორია, მალხაზ 2008. „დროის აღქმისა და საისტორიო მწერლობის ჟანრების ურთიერთმიმართების პრობლემა შუა საუკუნეებში (პარალელები ქართულ და დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს შორის). საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები9: 47-53

პოლიტიკური აზროვნების ისტორია:

კარბელაშვილი, მარიამ 2012. „თამარის პირველი ისტორიკოსის ფრაზის `მომღებელმან წესსა რასამე სპარსთა განაგისსა” განმარტებისთვის (მასალები ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისთვის).“ ანალები 8: 175-191

კარბელაშვილი, მარიამ 2000. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. XII საუკუნის „ოქროს ხანის“ იდეოლოგია და მისი თეოლოგიური საფუძვლები (მასალები ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის).“ ლიტერატურული ძიებანი 21: 118-132.

პატარიძე, ლელა 2009. „არჩილის ცხოვრების იდეოლოგია.“ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები 9: 73-90. Repr. წიგნში: მისივე, 67-104

გოგოლიშვილი, თეა, ჟამთააღმწერლისა და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ანონიმი ისტორიკოსის პროვიდენციალური მსოფლმხედველობა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024.


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი