მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

კონსტანტი კახის წამება

ტექსტის ორიგინალური სათაური:  ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კონსტანტისი ქართველისაჲ, რომელი იწამა ბაბილონელთა1 მეფის ჯაფარის მიერ

ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი:  ტექსტის შემცველი ყველაზე ძველი ხელნაწერი თარიღდება 1712 წლით  (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A-130)

ჩვენამდე შემონახულია აგრეთვე ტექსტის ანტონ კათალიკოსის მიერ შესრულებული და მარტირიკაში შეტანილი გადამეტაფრასებული რედაქცია (ბალხამიშვილი 1986)

თხზულების დაწერის დრო:  ტრადიციული შეხედულებით, 853 – 856/მარიამ ჩხარტიშვილის შეხედულებით, IX საუკუნის 80-90-იანი წლები (ჩხარტიშვილი 2004, გვ. 88)/მედეა აბაშიძის აზრით, თხზულების დაწერის ზუსტი დრო უცნობია, სავარაუდოა IX საუკუნის მიწურული (Abashidze 2009, გვ. 852).

მეცნიერთა სხვა მოსაზრებები იხ. ქვემოთ.

თხზულების ავტორი: უცნობი. ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის  ვარაუდით იგი უნდა იყოს წმინდანის თანამედროვე საბერძნეთში მოღვაწე ბერი (ჯავახიშვილი 1977, გვ. 86; კეკელიძე 1980, გვ. 521), „ანდა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში მკვიდრი რომელიმე მწერალი (კეკელიძე 1980, იქვე).

მარიამ ჩხარტიშვილის მოსაზრებით, კონსტანტი კახის მარტვილობის ავტორი უნდა იყოს IX საუკუნის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ცნობილი მწიგნობარი სოფრონ შატბერდელი (ჩხარტიშვილი 2004, გვ. 90).

მედეა აბაშიძისა და სტივენ რაპის ვარაუდით, ტექსტი დაწერილი უნდა იყოს არა ქართლში, არამედ მის საზღვრებს გარეთ, შესაძლოა კახეთში. მკვლევარნი არ გამორიცხავენ იმის ალბათობასაც, რომ იგი შესაძლოა იერუსალიმშიაც კი იყოს დაწერილი (Abashidze and Rapp 2005, გვ. 141).

თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: თხზულება იწყება ავტორის მიმართვით მკითხველისადმი, რომელშიაც იგი ჯერ აღნიშნავს, რომ ბიბლიური წიგნები, ისევე, როგორც წმინდა მოწამეთა ღვაწლის ამსახველი თხზულებები სულიწმიდის შეგონებით დაიწერა. შემდეგ კი აღნიშნავს: „ამასვე მიზეზისათჳს მეცა არაღირსმან ვინებე მიბაძვად პირველთა მათ და აღვწერე ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა კონსტანტისი, რომელ იყო დღეთა ჩუენთა მეფობასა ღმრთის მსახურისა თეოდორა დედოფლისა,2 რომელი-იგი მეფობდა სამეფოსა ბერძენთასა, ვიდე-იგი ყრმა-ღა იყო ძჱ იგი მისი მიქაელ.“3 შემდეგ ავტორი აღნიშნავს, რომ დედოფალმა გაწმინდა საბერძნეთი მისი ქმრის ზეობისას4 იქ დამკვიდრებული „საცთურისა მისგან... ხარსა ურწმუნოებისგან,“ და აგრეთვე აღადგინა მრავალი არაბთა მიერ მოოხრებული ადგილი.

ამ შესავალი სიტყვის შემდეგ ავტორი გადადის უშუალოდ ამბის თხრობაზე და გვეუბნება, რომ „მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა, კაცი, რომელსა სახელი ერქუა კონსტანტი, რომელსა ეწოდა კახაჲ სახელად მამულისა მის ქუეყანისა. კაცი ესე იყო წარჩინებულ ფრიად დიდად ყოველსა ქუეყანასა ქართლისასა, ფრიადი სიმდიდრჱ აქუნდა და მრავალი საშუებელი ამის სოფლისაჲ. და განთქუმულ იყო სახელი მისი ქუეყანათა შორიელთა, ვიდრემდის მეფეთაცა მისმენილ იყო მისთჳს.“ ნარატივის ავტორი აღნიშნავს, რომ კონსტანტი ორმხრივ იყო შემკობილი და ამქვეყნიერი კეთილდღეობის გარდა „უმტკიცჱსი მთათა“ რწმენა ჰქონდა, სწამდა ყოველი ეკლესიის მსახურის, უყვარდა მონაზვნები და ყველა საეკლესიო პირს დიდი პატივით იღებდა ხოლმე საკუთარ სახლში. მისი სტუმართ-მოყვარეობის და გლახაკთ-მოწყალეობის ამბავი ფართოდ იყო განთქმული., ამასთან, კონსტანტი გამოირჩეოდა თავმდაბლობითა და მორჩილებით.

მას იერუსალიმისა,  გოლგოთის, წმინდა სიონის ეკლესიისა და ყველა წმინდა ადგილის, „რომელთა დადგრეს ფერჴნი უფლისანი,“ მონახულებისა და მოლოცვის დიდი სურვილი ჰქონდა. იერუსალიმში ჩასულმა არა მხოლოდ დიდი ქონება შესწირა ეკლესიებს, არამედ აგრეთვე დაეხმარა გლახაკებსაც. შემდეგ მოინახულა „ყოველნი მონასტერნი უდაბნოჲსანი და მკჳდრნი იორდანისანი,“ დაამშვიდა და ნუგეში სცა მათ და „მრავალი ლოცვითა და კურთხევითა წარმოგზავნეს იგი.“ სამშობლოში დაბრუნებული კონსტანტი განაგრძობდა ჩვეული ცხოვრების წესს და ამასთანავე დახმარებას არ აკლებდა იერუსალიმში გლახაკებს. „რაჲ წელიწადს წარსცის ერთსა მსახურთა მისთაგანსა სამი ბევრი (ანუ, 30 000) ვეცხლი, რომელნიმე მისგანი წმიდათა ადგილთათჳს, და რომელნიმე უდაბნოთათჳს, და რომელნიმე გლახაკთათჳს.“

როცა კონსტანტი მოხუცდა და 85 წლის გახდა, არბებმა მთელს ქართლში დაიწყეს ქრისტიანთა დევნა და მრავალი ქრისტიანი, რომელიც სჯულისათვის იბრძოდა, მოჲსა კლეს. შეიპყრეს მათ აგრეთვე კონსტანტიც, „ვითარცა წინამძღუარი და წარჩინებული ყოველსა ქუეყანისა ქართლისასა და პირი ნათესავთა მისთაჲ.“ მას ბორკილები დაადეს და ისე წაიყვანეს თბილისში, სადაც საპყრობილეში ჩასვეს. ნეტარი კაცი არ შეშინებულა, ლოცულობდა და ჰმადლობდა უფალს, ვინაიდან ესმოდა, რომ მისი შეპყრობა ღვთის ნების გარეშე არ უნდა მომხდარიყო.

როდესაც კონსტანტი წარსდგა თბილისის მპყრობელის, ბუღას5 წინაშე, დამპყრობელმა მას უთხრა: :ანუ არა უწყოდე შენ, რამეთუ განრინებად იყავ სივლტოლითა შენითა ჴელტაგან ჩემთა, რამეთუ არავინ არს განდგომილთაგანი, რომელსაცა არა ვსძლე, და არცა რომელი განუმზადების წყობად ჩუენდა და არა ვერჩოდეთ, რამეთუ აჰა ესერა მოგუცნა თქუენ ღმერთმან დღესა ამას მოსასრველად ჴელთა ჩუენთა.“

პასუხად კონსტანტიმ მოახსენა, რომ მას ესმოდა, რომ უფლის ნებით მოხვდნენ იგი და სხვა [აჯანყებულები] არაბთა ხელში იმიტომ, რომ მათ ვერ დაიცვეს კარგად უფლის მცნებები. შესაბამისად, უფალმა ურჯულოთა შემოსევებით დაქანცა ქართველები ისევე, როგორც „მრავალგზის ისრაჱლიცა მისცის უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა,“ როდესაც ისინი სწორი გზით არ მიდიოდნენ. ისიც აუწყა, რომ ისიც კი უკეთესად მიაჩნია, რომ უფალმა დაამდაბლა, რათა უკეთესად დაიცვას მისი მცნებები.

კონსტანტიმ მედგრად დაითმინა ძალადობა და ვიდრე პყრობილ-იყო მოწამჱ ქრისტჱსი ტფილის შინა, მიწერა წიგნები ყოველთა მიმართ მეუდაბნოეთა ქალაქისათა და მამასახლისთა მონასტრისათა,“ რომელშიაც სთხოვდა მათ, ელოცათ მისთვის უფლის წინაშე „არა ხოლო თუ რაჲთამცა მიჴსნა მე ჴელთაგან უსჯულოთაჲსათა, არამედ რაჲთა მომცეს მე ძალი ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან, წინამდებარისა ამისთჳს საფრთჴისა, რომელი დაურწყავს მტერსა ჩემსა, რომელსა ჰნებავს დაბრკოლებაჲ ჩემი გზისა მისგან, რომლისათჳს ჰსურის სულსა ჩემსა.“

რამდენიმე დღის შემდეგ სასტიკი ბორკილებით შეკრული „წარსცეს იგი ქუეყანად ბაბილოვნისა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳნ სამარაჲ, მიჰგუარეს იგი მეფესა მას ისმაიტელთასა, რომელსა სახელი ერქუა ჯაფარ, ძჱ აბრაჰამისი.“6 როდესაც კონსტანტი წარსდგა მის წინაშე, ჯაფარმა უთხრა, რომ მის ძალაუფლებაში იყო როგორც სიკეთის, აგრეთვე ბოროტების ქმნა და მას ქრისტიანობის უარყოფა შესთავაზა. თანაც დასძინა, „გონიერად გხედავ შენ“ და როგორ აღიარებ უბრალო ქალის მიერ შობილ კაცს ღმერთადო? რწმენის შეცვლის ხარჯზე ჯაფარი მას დაჰპირდა, რომ იგი მიიღებდა დიდ პატივს:“გყო შენ თანამზრახველად ჩემდა და უდიდებულჱს ყოველთა მოყუასთა შენთა.“ ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში „სიკუდილითა მოჰკუდე შენ პირითა მახჳლისათა და ჴორცნი შენნი მივსცნე საჭმელად მფრინველთა ცისათა, და ვინ არს, რომელმან განგარინოს შენ ჴელთაგან ჩემთა.“

კონსტანტინემ მტკიცე უარი განაცხადა რწმენის შეცვლაზე და უთხრა: მეცა უწყი, რამეთუ ჴელმწიფებაჲ გაქუს ჴორცთა ჩემთა ზედა, არამედ არა სულთა, ვითარცა იტყჳს უფალი ჩემი და ღმერთი. ამისთჳსცა არა მეშინის მე  მახჳლისგან შენისა, არამედ მისი მეშინის, რომელი-იგი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ჴორცთა და კუალად ჴელმწიფებაჲ აქუს განცხოველებად, ვითარცა იგი მისიკუდიდ. ამისთჳსცა სიხარულით მოვითმენ სახელისა მისისათჳს.“

ამ პასუხის მოსმენისას ჯაფარი განრისხდა და ბრძანა „მიცემაჲ მისი საპყრობილესა ფიცხელსა.“ მას მიუგზავნეს ორი ერისთავი, „რომელნი ტყუეობითვე მიეყვანნეს სომხითით და უვარის-ყოფითა ქრისტჱსითა პატივცემულ იყვნეს მის წინაშე,“ რომლებმაც უთხრეს, რომ მეფემ გამოაგზავნა ისინი, „ვითარმედ ერთგზის გამხილებ-ღა უგუნურებას შენსა, რამეთუ სამგზის რჩულ-დებულ არს ჩუენდა ურწმუნოთა ხილებად.“ ისინი მოუწოდებდნენ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უარი ეთქვა ქრისტიანობაზე და მათ ნებას დაჰყოლოდა, „რამეთუ გონიერად გიცით შენ, და ჩუენც ქრისტეანენივე ვიყვენით, არამედ ვერ შეუძლეთ წინააღდგომად ბრძანებასა მეფისასა, ამისთჳსცა მოვიგეთ მისგან პატივი, ხოლო საუკუნესა მის ცხორებასა, ვინ უწყის, რაჲ უმჯობჱს არს.“

ტექსტის ბოლოს მოცემულია თეოდორა დედოფლის ვრცელი „ეპისტოლჱ შვილთა მიმართ მისთა და ნათესავთა სახლისა მისისათა, რამეთუ ფრიად მრავალ იყვნეს იგინი, რომელსა წერილ იყო ესრეთ:“

წერილის დასაწყისში აღნიშნულია, რომ მან შეიტყო წმინდა კონსტანტის მარტვილობის ამბავი და ის, რომ ქართველები მტკიცად იცავენ ქრისტეს რჯულს. ბოლოს კი დასძენს: „აწ არა გჳჴმს ჩუენ ნუგეშინის-ცემა[ჲ] თქუენი მისთჳს, ვინა[ჲ]თგან იგი არს ნუგეშინის-მცემელ და მეოხი ჩუენი და თქუენი წინაშე ქრისტესა. არამედ დაუტეოთ აქ არადატეობილი ესე და თქუენდა მოვიქცეთ სიტყუად შეწყნარებულთა ღმრთისათა და ჩუენ თანა და სადგურისა თქუენისა პატისონებაჲ ჩუენ წინაშე წარსრულისა მის პატივითა სიტყჳთ და საქმით გაუწყო თქუენ, რაჲთა გულპყრობილ იყვნეთ ჩემდა მომართ და დაეფარნეთ ქუეშე ფრთეთა მეუფებისა ჩემისათა, რამეთუ ნებასა შჯულისასა მხედველ ხართ და ყოველი, რომელი მას წინა-აღუდგების, განანგდებს ქრისტესა თქუენ შორის მეტყუელსა მოსწრაფებით ისმინეთ და მის მიერ ცხებულთა თავნი თქუენნი დაუმდაბლენით და უღელსა ჩუენსა ქუეშე ქრისტესმიერსა ქედნი თქუენნი წარუპყრენით და სუბუქისა ტჳრთისა ჩუენისა აღკიდებაჲ მჴართა თჳსთა ზედა არა გარე-წარიცოდეთ. თქუენ ხართ ჭეშმარიტნი მინდობილნი უფალსა, და მთას სიონსა ემსგავსენით და გოდოლ ძლიერებისა პირსა მტერისასა ეჩუენენით და თქუენ, საქმეთაგან გამოაცხადეთ, ვითარმედ კუალსა ღმრთისასა და კაცთა მიერ საკჳრველისა მის მამისა თქუენისა კურთხეულისა მოსწრაფებით შეუდგეთ სტუმართ-მოყუარებითა და გზათა მამშჳდებლობითა, მონაზონთა და შორიელთა შეწყნარებითა. აქ ამას ზედა დადდგერით და სრულ-ყავთ მოქალაქეობაჲ ნეტარისა მის, რამეთუ მან სიდიდისა ჩუენისამან ქრისტჱსმიერმან აღადგინოს დაბრკოლებაჲ თქუენი. და აწ ამას ზედა იქმოდეთ და მით გულპყრობილ იყვენით.

ამას არა თუ თქუენ ოდენ გიბრძანებთ, არამედ ყოველთა, რომელნი ჩუენ კერძო და ჴელთა ქუეშე ჩუენსა არიან ქართველნი, რამეთუ ყოველთავე ქრისტჱს მოყუარეთა და მეფობისა ჩუენისა ღმრთისმიერთა და ვითარცა შვილთა საკუთართა თქუენთა თანა შევჰრაცხ, არამედ კუალად აღდეგით და განძლიერდით უფლისა მიერ.

და სიდიდითა ძალისა მისისაჲთა ლახუარნი თქუენნი მტერთა ზედა განაბრწყინვენით და ნუ ვის სცემთ მათგანსა თქუენ შორის სამკჳდრებელსა, რაჲთა მოიღოთ კეთილი ჩუენი და აღთქუმული იგი პატივი კეთილის მოქმედთათჳს უფლისა მიერ მოიღოთ.“

თხზულების კვლევის ისტორია: ივანე ჯავახიშვილმა განსაზღვრა თხზულების შექმნის პერიოდი 853-856 წლებით, ანუ წმინდანის წამების დღიდან, რომელიც მკვლევარმა განსაზღვრა, როგორც 853 წლის 10 ნოემბერი დედოფალი თეოდორას მმართველობის დასრულებამდე, ანუ 856 წლამდე. (ჯავახიშვილი 1977, გვ. 86) მანვე ივარაუდა, რომ წმინდანს „ნათლობის სახელად საქრისტიანო კონსტანტინე რქმევია, ხოლო შინაურობაში და ჩვეულებრივ მას ალბათ ძველ ქართულ, წარმართულს სახელს კახას ეძახდნენ (იქვე, გვ. 87-88)

ჯავახიშვილის თქმით, „ცხოვრების ქრონოლოგიურმა და კრიტიკულმა განხილვამ.. დაგვარწმუნა, რომ ეს თხზულება უტყუარ ცნობებს შეიცავს და ნდობის ღირსია. მაგრამ მის დამწერს თავისი სამოქმედო ასპარეზი მეტად ვიწროდ შემოუფარგლავს: არც კახაჲს ხანგრძლივი ცხოვრება და მოღვაწეობა, არც არაბთა ამირას ბუღა თურქის საშინელი შემოსევა, არც ის ბრძოლა, რომელიც მოხდა არაბებსა და ქართველებს შორის, დასასრულს არც ის გარემოება, რომელმაც კახაჲ არაბებს ხელში ჩაუგდო და ის ბრალი, რომელსაც არაბები მას სდებდნენ, - მას ოდნავაც აღწერილი არა აქვს.“ (იქვე, გვ. 90).

მკვლევარს აგრეთვე აღნიშნული აქვს, რომ კონსტანტი კახისა და მისი ძის შეპყრობის ზუსტი თარიღი, 853 წლის 26 აგვისტო, თარიღი მოხსენიებულია ატენის სიონის ფრესკულ წარწერაზე:7

† თ[თუე]სა აგუსტოსსა ე~სა დღ[ე]სა შ[ა]ბ[ა]თ[ს]ა,
ქრონიკონსა ო~გსა, ისმაიტელთა წელსა ს~ლთსა,8
ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა
ამირაჲ საჰაკ9 და მოკლა. და მასვე თ[თუე]სა
[აგუ]სტოსსა კ~ვსა დღ[ე]სა შ[ა]ბ[ა]თსავე, ზირაქ10
შეიპყრა კახაჲ და ძჱ მისი თარჴუჯი.

კორნელი კეკელიძემ გაიზიარა თხზულების შექმნასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული ქრონოლოგია. მანვე დაადგინა, რომ აგიოგრაფმა თავის თხზულების შესავალი ნაწილის შექმნისას გამოიყენა VII საუკუნის ალექსანდრიის პატრიარქის, გიორგის (616-630 წწ.) მიერ დაწერილი წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრება. (კეკელიძე 1980, გვ. 520; Id. 1956, გვ. 142).  ავტორის მიერ გამოყენებულ ტექსტებს შორის კეკელიძე ასახელებს აგრეთვე აბო თბილელის მარტვილობასაც. (კეკელიძე 1956, გვ. 140).

კონსტანტი კახის მარტვილობა ლათინურად თარგმნა და წინასიტყვაობასთან ერთად 1925 წელს გამოსცა ბელგიელმა მკვლევარმა, პოლ პეტერსმა წმინდანთა აქტების ნოემბრის თვის სხვა ჰაგიოგრაფიული ტექსტების გამოცემასთან ერთად. (Peeters 1925), რასაც 1926 წელსვე მოჰყვა კორნელი კეკელიძის საპასუხო ნაშრომი (კეკელიძე 1956).

კეკელიძის თქმით, პეტერსი ფიქრობს, რომ „ერთადერთი, რაც „კონსტანტინეს ცხოვრებაში“  ისტორიულად მისაღებია... არის ცნობა იმის შესახებ, რომ 853 წელს არაბებმა თავი მოჰკვეთეს ვიღაც მთავარს, რომელსაც კონსტანტინე ერქვა, სხვა მხრივ ეს დოკუმენტი ყოვლად გაუმართლებელი და შეუწყნარებელია.“ (იქვე, გვ. 133). მკვლევარს თხზულება გვიანდელ, დავით აღმაშნებლისა და თამარ მეფის ეპოქის შემდგომ პერიოდში შექმნილ ტექსტად მიაჩნია.

დიდი ქართველი მეცნიერი პუნქტებად გამოყოფს პეტერსის მიერ მოყვანილ არგუმენტებს და ასაბუთებს მათ უსაფუძვლობას. ასე, პირველ პუნქტად მას მოყვანილი აქვს ბელგიელი მეცნიერის მოსაზრება, რომ ჰაგიოგრაფი არ არის მართალი, როდესაც არაბთა შემოსევას სარწმუნოებრივ მოტივს აბრალებს, ვინაიდან „სომხურ-ქართულ-არაბულ-სირიული და სხვა“ წყაროები მოწმობენ, რომ „ქრისტიანი ქართველები ერთმანეთს ებრძვიან და მაჰმადიანებს ეხმარებიან: ერთი ნაწილი მათი (ბაგრატ კუროპალატი) ეხმარება ბუღა თურქს, მეორე ნაწილი კი - აფხაზები, კახელები, გარდაბანელნი და წანარნი) საჰაკ ამირას.“ (იქვე, გვ. 134). ამ არგუმენტის საპასუხოდ კორნელი კეკელიძე სამართლიანად აღნიშნავს, რომ საქმის ვითარებისადმი მსგავსი დამოკიდებულება ჰაგიოგრაფი მწერლისაგან გასაკვირი არ არის. მაგალითად მას დასახელებული აქვს თავად პეტერსის არგუმენტებში აღნიშნული 42 ამორიელთა მარტვილობა, „რომელიც ბიზანტიელთა ისტორიას და კერძოდ მათ დამოკიდებულებას არაბებთან მეცხრე საუკუნეში სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ხსნის.“ (იქვე, გვ. 138).

მეორე პუნქტად მოყვანილია ის ფაქტი, რომ ავტორს არ აქვს ინფორმაცია ამ შემოსევის დროს თბილისის დაწვასა და აოხრებაზე. (იქვე, გვ. 133). კეკელიძის აზრით, ეს არგუმენტი ვერ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ ავტორი არ არის მოვლენათა თანამედროვე  და თამარის ეპოქის, ანდა შემდგომი პერიოდის მოღვაწეა. მკვლევრის ვარაუდით, შეიძლება ეს ვითარება იმით არის გამოწვეული, რომ იგი წერს არა ისტორიოგრაფიულ, არამედ ჰაგიოგრაფიულ ნაშრომს. (იქვე, გვ. 138).

მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ ჰაგიოგრაფს ბუღა თურქის ბანაკად თბილისი აქვს წარმოდგენილი, მაშინ როდესაც ბუღას რეზიდენცია არასოდეს ყოფილა თბილისში. (იქვე, გვ. 133). კეკელიძის ვარაუდით, ეს ცდომილება გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ მარტვილობის ავტორი, რომელიც, სავარაუდოდ, არა საქართველოში, არამედ საბერძნეთში მყოფი პირია, გათვითცნობიერებულია მოვლენებში და იცის ბუღას დამოკიდებულება თბილისისადმი (იქვე, გვ. 138).

მეოთხე პუნქტში პეტერსს განხილული აქვს IX-X სს. სომეხი ისტორიკოსის, თომა არწრუნის ცნობები, რომლის თანახმადაც კონსტანტინე არა ხალიფა მუთავაქილმა აწამა ბაბილონის სამარიაში, არამედ ბუღა თურქმა ალბანიაში. 853 წლის 5 აგვისტოს თბილისის აღების შემდეგ ბუღამ ზირაქი აფხაზებთან საომრად გაგზავნა; 25 აგვისტოს ზირაქმა გამარჯვება მიოპოვა აფხაზებზე და სწორედ ამ ბრძოლაში შეიპყრო კონსტანტი კახი. თავად ბუღამ კი ჯერ წანართა ქვეყნის წინააღმდეგ მოაწყო კამპანია, შემდეგ კი ალბანეთში გადავიდა, სადაც ზირაქმა გაუგზავნა მას შეპყრობილი კონსტანტი. სომეხი ისტორიკოსის თქმით, ამ საომარი კომპანიის დროს ბუღას ტყვედ აუყვანია აგრეთვე „მრავალი სომეხთა ერისთავი.“ ამათგან ზოგი ალბანეთშივე დაუსჯია, ზოგი კი ან მაშინვე ბაბილონში გაუგზავნია, ანდა მოგვიანებით, 855 წელს თავადვე წაუყვანია სახალიფოში. ვინაიდან თომას მიერ სამარიაში დასახელებულ ტყვეთა შორის არ იხსენიება არც კონსტანტინე, არც კახა, და ამასთან სამარიაში მხოლოდ სტეფანესთვის თავის წარკვეთის ამბავი არის გადმოცემული, პეტერსი ასკვნის, რომ ბუღას კონსტანტი ალბანეთში უნდა ეწამებინა ვიღაც მუყათლი და სოლომონ სევორდისთან ერთად. (იქვე, გვ. 134).

კეკელიძის კონტრ-არგუმენტის თანახმად, თომა არწრუნი, როდესაც ვიღაც კახაჲს წამებაზე მოგვითხრობს, პირდაპირ არ ახსენებს, სად აწამეს იგი. ამასთან, მას აღნიშნული აქვს, რომ კახას „დაკითხავს და აწამებს არა მთავარსარდალი, არამედ გვირგვინოსანი, ე.ი. მეფე,“ ანუ კონსტანტი უნდა ეწამებინა თავად ხალიფას სამარიაში. ხოლო ის ფაქტი, რომ სომეხი ისტორიკოსები თომა არწრუნი და იოანე კათალიკოსი (იგულისხმება IX-XI სს. სომეხი ისტორიკოსი, იოანე დრასხანაკერტელი, რომელიც 987-929 წლებში სომეხთა კათალიკოსი იყო - ი.ყ.)  სამარიაში წაყვანილ ტყვეთა შორის არ ასახელებენ კონსტანტი კახას, არ ნიშნავს იმას, რომ იგი მათ შორის არ ყოფილა, ვინაიდან ისტორიკოსებს საკუთარ თხზულებებში სახალიფოში წაყვანილი ყველა ტყვის სახელი არ აქვთ ჩამოთვლილი. კეკელიძე აღნიშნავს, რომ „მიქელ მოდრეკილის ჰიმნებში პირდაპირაა ნათქვამი, რომ კონსტანი წარგზავნილ იქნა „ქუეყანასა უშჯულოთასა“ და იმასაც მიუთითებს, რომ, მართალია პეტერსი თვლის, რომ მიქაელს „უშჯულოთა ქვეყანაში“ შეეძლო ალბანეთი ევარაუდა, ვინაიდან იგი არაბების მიერ იყო იმ დროს დაპყრობილი, მისი ეს არგუმენტი მისაღები არ არის და „უშჯულოთა ქვეყანაში“ არაბეთი უნდა იგულისხმებოდეს. (იქვე, გვ. 138-139).

მეხუთე არგუმენტში ბელგიელი მეცნიერი ეხება თეოდორას წერილს კონსტანტის ოჯახისადმი. მკვლევრის თქმით, „მართალია 842 წელს თეოდორამ ომი დაიწყო ამირას წინააღმდეგ ზემო ქართლში, მაგრამ კონსტანტინე, კიდევაც რომ მიეღო მას მონაწილეობა ამ ომში, თეოდორას ქებასა და ყურადღებას ვერ დაიმსახურებდა, რადგანაც ბერძნებისათის ეს ომი სავალალო შეიქმნა: ამირამ კახთა, წანართა და სხვების დახმარებით ისინი დაამარცხა და უკუაქცია.“ მკვლევარი ამბობს, რომ ეს წერილი, საფიქრებელია, აღებული უნდა იყოს 848 წელს იმავე ქალაქ სამარიაში ხალიფა მუთავექილის მიერ 838 წელს ფრიგიის ქალაქ ამორიიდან ტყვედ წაყვანილ 42 კაცს, რომელთა მეთაურიც იყო „პატრიკიოსი კონსტანტინე, ზედწოდებით Βαβούτζικον, რომელსაც ცილად ჰყავდა იმპერატრიცა თეოდორას დაჲ  სოფიო და რომელიც, მაშასადამე, ნათესავად მოჰხვდებოდა საიმპერატორო კარს.“ სწორედ ეს კონსტანტინე, რომელიც პეტერსის აზრით წარმომავლობით სომეხი უნდა ყოფილიყო, უნდა იგულისხმებოდეს თეოდორას წერილში, თავად წერილი კი ქართველი ჰაგიოგრაფის მიერ გადმოწერილი უნდა იყოს ამორიელ მოწამეთა მარტვილობის ტექსტიდან. (იქვე, გვ. 134-135).

კეკელიძის მოსაზრებით, თავად ის ფაქტი, რომ კონსტანტი ბიზანტიელების ამ ბრძოლაში არაბებთან „მოკავშირე იყო ბიზანტიასთან მეგობრულად განწყობილი აფხაზეთისა, მაშასადამე, ის თვით იმპერიისათვის იბრძოდა და ამ ბრძოლას მსხვერპლადაც შეეწირა,“ საკმარისი არგუმენტია იმის დასაჯერებლად, რომ თეოდორას შეეძლო დაეწერა „წერილობითი მიმართვა მისი ინტერესებისათვის დაღუპული ქართველი მთავრის ოჯახისადმი. (იქვე, გვ. 139-140).

მეექვსე პუნქტად გამოტანილია პეტერსის ვარაუდი, რომლის თანახმადაც ამორიელთა მარტვილობიდანვე უნდა იყოს ამოღებული მონაკვეთი სამარიის საპყრობილეში ხალიფას მიერ კონსტანტისათვის ორი მაჰმადიანობაზე გადასული სომეხი ერისთავის მოგზავნის შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ მის გადარწმუნებასა და რჯულის შეცვლაზე დაყოლებას. (იქვე, გვ. 135). ამ მოსაზრების კონტრ-არგუმენტად კეკელიძე აღნიშნავს, რომ ამორიელთა მარტვილობაში მითითებულია „ერთი მაცთუნებელი,“ კონსტანტი კახის წამებაში კი - ორი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ყოფილი ქრისტიანების მიგზავნა შეპყრობილისათვის „რჩევა-დარიგების“ მისაცემად არაბთა სტანდარტული ტაქტიკა იყო. ამდენად, თუკი, როგორც თომა არწრუნი აღნიშნავს, ბუღამ სამარიაში მრავალი სომეხი მთავარი გაგზავნა, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მათ შორის მოიძებნებოდა გამაჰმადიანებულებიც, რომელთა შეგზავნასაც არაბი ხელისუფლება სამარიაში ტყვეობაში მყოფ კონსტანტისთან ადვილად მოახერხებდა. მკვლევარი არ გამორიცხავს არც იმის შესაძლებლობასაც, რომ ქართველი ჰაგიოგრაფი იცნობდა ამორიელთა მარტვილობის ტექსტს და შეიძლება ესარგებლა კიდევაც მასში მოცემული შაბლონური ელემენტით, „თუ რომელიმე მისი ვერსია 856 წლამდე იყო შედგენილი.“ (იქვე, გვ. 140).

ქართველ მეცნიერს განხილული აქვს აგრეთვე ბელგიელი მკვლევრის მოსაზრებანი თხზულების დაწერის დროსა და თავად კონსტანტი კახის ვინაობის შესახებ. პეტერსის ვარაუდით, ვინაიდან 978-988 წლებში მიქაელ მოდრეკილის მიერ კონსტანტი კახისადმი მიძღვნილ საგალობლებში წმინდანის მარტვილობის ტექსტის გამოყენების კვალი არ ჩანს, საფიქრებელია, რომ წამების ტესტი ამ პერიოდისათვის არ უნდა არსებულიყო. ამასთან, „მარტვილობის გრამატიკული ფორმა და სიტყვათა დალაგება,“ კერძოდ კი, „სტილი, თხრობის წესი, გადაღეჭილი სენტენციები, დაქვეითებული ხანის რიტორიკა და სხვა ამგვარი, ეჭვს არ სტოვებს, რომ ეს მარტვილობა დაწერილია დავით აღმაშენებლისა და თამარ დედოფლის შემდეგ... ისეთი ავტორის მიერ, რომელსაც ისიც კი არ ჰხსომებია, რომ ტფილისი ყოველთვის არ ყოფილა ქართველთა დედაქალაქი.“ (იქვე, გვ. 135). კეკელიძის აზრით კი, ტექსტში არ იძებნება „არცერთი ლექსიკური, გრამატიკული თუ სტილისტური მოვლენა, რომელიც შეუძლებელს ხდიდეს მის დაწერას მეცხრე საუკუნეში და თამარის დროს მიუთითებდეს.“ რიტორიკას კი „მარტვილობაში ადგილი არ აქვს, თუ რიტორიკად არ ჩავთვლით კონსტანტის ლოცვა-ვედრებით მიმართვას ღვთისადმი და თეოდორას წერილს; პირიქით, თხზულება დაწერილა, შეიძლება ითქვას, მარტივი და ლიტონი ენით და რიტორიკის მხრივ არ აჭარბებს სხვა, ჩვენამდე შენახულ მეცხრე-მეათე საუკუნეთა ძეგლებს.“ ამასთან, რომც არსებობდეს ძეგლში რიტორიკული წიაღსვლები, ეს ხელს არ შეუშლიდა ძეგლის ადრეულ დათარიღებას, ვინაიდან „ხატთა თაყვანისმცემლობის აღდგენის შემდეგ ბიზანტიაში თავი იჩინა რიტორთა მთელმა რიგმა, რომელნიც ფორმასა და გარეგნობას პირველ ადგილზე აყენებდნენ თავიანთ ნაწერებში; ეხლა იწერება ისეთი ცხორებანი, რომლებშიაც სამი-ოთხი ფაქტიური მასალა რიტორიკული ენამჭევრობის განუჭვრეტელ ბურუსშია გახვეული. ასეთმა მიმართულებამ თავის კულმინაციურ პუნქტს სწორედ მეცხრე საუკუნეში მიაღწია, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში. რა გასაკვირველია, თუ ბიზანტიიდან ეს მიმართულება ქართულ ჰაგიოგრაფიაშიაც გადმოვიდოდა?.“ (იქვე, გვ. 142-143). იმაზე, რომ კონსტანტი კახის მარტვილობა მეცხრე საუკუნეზე გვიან არ არის შეთხზული, ის ფაქტიც უნდა მეტყველებდეს, რომ კონსანტინესადმი მიძღვნილი ჰიმნები, რომელთა ავტორადაც პეტერსი მიქაელ მოდრეკილს მიიჩნევს, სინამდვილეში უფრო ადრე უნდა იყოს დაწერილი და მხოლოდ გადმოწერილია მიქაელის მიერ, რაზეც, კეკელიძის აზრით, ქუთაისის მუზეუმში არსებული XI-XII საუკუნეების ტყავზე ნაწერ ხელნაწერში შემავალი ჰიმნების ნუსხა მოწმობს. ამდენად, ეს ჰიმნები „შეთხზულია არაუგვიანეს მეცხრე საუკუნის მეორე ნახევრისა, დაახლოებით მეცხრე საუკუნის მესამე მეოთხეში.“ (იქვე, გვ. 143-144). ამასთან, მკვლევრის დასკვნით, ჰიმნოგრაფი ხშირად იმეორებს „არა მარტო აზრებს და ფაქტებს მარტვილობისას, არამედ ხშირად ფრაზებს და წინადადებებსაც.“ შედეგად, მკვლევრის თქმით, „ვიღაც ჰიმნოგრაფს, რომლის საგალობლები მერე მიქელ მოდრეკილს თავის კრებულში შეუტანია, დაახლოებით მეცხრე საუკუნის მესამე მეოთხედში ხელში ჰქონია კონსტანტის მარტვილობა, რომლითაც მას უხვად უსარგებლნია.“ კეკელიძის დასკვნით, კონსტანტი კახის წამება დანამდვილებით მოვლენათა თანამედროვის მიერ უნდა იყოს აღწერილი. (იქვე, გვ. 146)

რა შეეხება კონსტინტის ეთნიკურ-კონფესიურ კუთვნილებას, მიუხედავად იმისა, რომ პეტერსი პირდაპირ არ მიუთითებს, თუ საქართველოს რომელი კუთხიდან იყო წარმოშობით წმინდანი, მისი ნაწერიდან ივარაუდება, რომ იგი ტაო-კლარჯეთის ერისთავია; მკვლევარს აღნიშნული აქვს, რომ „კონსტანტინე შემდეგში გახდა მარტვილი სამშობლოჲსა და სამკაული სამეფოჲსა, თუმცა სიცოცხლეში ის მის (ტაოკლარჯეთის სამეფოჲს) მტერთა ბანაკში ითვლებოდაო.“ (იქვე, გვ. 141). კეკელიძის აზრით, მკვლევარი ამ დასკვნამდე იმიტომ მიდის, რომ ტექსტის დასაწყისში განსაზღვრულია, რომ იგი იყო ვინმე „ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა.“ სწორედ ტექსტში მოხსენიებული „ზენა სოფლის“ გამო მიიჩნია პეტერსმა კონსტანტი ტაო-კლარჯეთის სამეფოს მკვიდრად, მაშინ, როდესაც არ უნდა ვიგულისხმოთ შიდა ან შინა ქართლი, როგორც ეს მითითებულია ქართლის ცხოვრებაში: „ქუეყანისა ზენას სოფლისასა, რომელსა აწ ჰრქჳან შინა ქართლი.“ კონსტანტი რომ ტაო-კლარჯი ყოფილიყო, გაუგებარი იქნებოდა, რატომ უნდა ებრძოლა მას „ბაგრატის მოპირდაპირე კოალიციაში;“ როგორც ისტორიული ცნობებიდან ვიცით, კონსტანტი სწორედ „შიდა ქართლში“ მიმდინარე მოვლენებს ემსხვერპლა, ხოლო ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ტაო-კლარჯეთის მეფეები ცდილობდნენ არაბთა დახმარებით. (იქვე, გვ. 141). კეკელიძე აქვე აღნიშნავს, რომ პეტერსი არაფერს ამბობს თხზულების ტექსტუალურ ტრადიციაში ორ ხელნაწერში დაფიქსირებულ ფრაზაზე: „რომელსა ეწოდა კახაჲ სახელად მამულისა მის ქუეყანისა.“ დიდი ქართველი მეცნიერის აზრით, ეს მონაკვეთი იმაზე მიგვანიშნებს, რომ კონსტანტი „ყოფილა „კახი, კახეთის ერისთავი.“ ხოლო ზემოხსენებული ფრაზა, „მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა,“ უნდა გავიგოთ არა ისე, რომ კონსტანტი იყო წარმოშობით „ზენა სოფლიდან,“ „არამედ ისე, რომ ომი აფხაზ-კახელების შეერთებული ძალებისა ბუღა თურქის წინააღმდეგ იყო ამ მოხდა ზენა სოფელს.“ (იქვე, გვ. 136-137).

თომა არწრუნის ცნობებზე დაყრდნობით პეტერსი აგრეთვე თვლის, რომ კონსტანტი „იყო სომეხ ტყვეთა თანამოდასე... და ამავე დროს სომეხთა რჯულის მიმდევარი.“ ბელგიელი მეცნიერი ამ დასკვნამდე მიდის არა მხოლოდ იმიტომ, რომ თომა არწრუნს კახაჲ, რომელიც სხვა სომეხ დიდებულებთან ერთად წმინდანად მიაჩნია, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ, როგორც ატენის სიონის წარწერაშია ნათქვამი, მისი შეპყრობა მოხდა ატენის მახლობლად. ატენის სიონი მკვლევარს, ტაძარზე არსებული ლაპიდარული წარწერის თანახმად, სომეხთა აშენებულად მიაჩნია, „სომეხთა საწწმუნოების მიმდევართათვის,“ და სწორედ ამიტომ „სომეხთა ეკლესიაში წარუწერიათ სახელი გამოჩენილის ისტორიული პიროვნებისა, რომელიც, მართალია, ტომით ქართველი იყო, მაგრამ რჯულით სომეხი.“ აქვე, ანუ „ატენის რაიონის სომეხ-ქართველთა შორის, უნდა გაჩენილიყო თავდაპირველად კონსტანტინეს კულტი, რომელმაც საქართველოს გაერთიანებასთან ერთად, ზოგადი ქართული ხასიათი მიიღო,“ და მეათე საუკუნის ბოლოსკენ მისი კულტი, როგორც მოდრეკილის ჰიმნები მოწმობს, ტაო-კლარჯეთშიც კი არსებულა, ანუ იმ ადგილას, სადაც იგი თავდაპირველად არ იქნებოდა მიღებული იმ მიზეზით, რომ კონსტანტი ბაგრატ კუროპალატის მიპირდაპირე ბანაკს ეკუთვნოდა. (იქვე, გვ. 137).

კეკელიძის აზრით, პეტერსის ეს არგუმენტებიც მიუღებელია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ არწრუნი მას წმინდანს უწოდებს, კონსტანტის მოხსენიება არ არის შეტანილი სომხურ საეკლესიო კალენდარში, ხოლო ატენის სიონის ლაპიდარული წარწერა ტაძრის თავდაპირველ აგების პერიოდისაა და არა მოგვიანო ხანის. რომც მართალი იყოს სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული ინფორმაცია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ IX საუკუნეშიც იგივე სიტუაცია იყო და რომ ტაძარი ამ დროს სომხებს ეკუთვნოდათ. ამასთან, ატენს კავშირი არ უნდა ჰქონდეს კახას შეპყრობასთან; მემატიანეს თანახმად, იგ შეიპყრეს არა ატენს, არამედ კუერცხობს. კეკელიძის დასკვნით, ძნელი დასაჯერებელია, რომ „მეცხე, მეათე, მით უმეტეს მეთერთმეტე საუკუნეში, როდესაც სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი ურთიერთობა იმდენად გამწვავებული იყო, რომ ქართველები ყოველ კვალს შლიდნენ სომხებთან ოდესღაც ეკლესიურ-კულტურული კავშირისას, სომეხთა სარწუნოებრივის მიმდევარი კაცი, თუგინდ ქართველი ტომით, წმინდანად აღეარებინათ მათ, მისი სახელობის დღესასწაული დაეწესებიათ, ჰიმნები და მარტვილობა დაეწერათ მისი და საეკლესიო კალენდარში მიეღოთ იგი.“ (იქვე, გვ. 141).

კონსტანტი კახის მარტვილობის ტექსტი, როგორც ისტორიოგრაფიული წყარო, განიხილა მარიკა ლორთქიფანიძემ, რომელმაც განსაზღვრა ქართული და სომხური სამეფო-სამთავროების როლი თხზულების შექმნის პერიოდში ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებში. მისი თქმით, თბილისის საამიროს განდგომას სახალიფოსგან ადგილობრივი მთავრები საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებენ და „ამ ორი მებრძოლი მაჰმადიანური ძალის გარშემო ჯგუფდებიან.“ ასე, კახეთის მთავრისა და აფხაზეთის მეფის ინტერესები თბილისის ამირას მოქმედებას ემთხვევა, ხოლო „კუროპალატი ბაგრატ აშოტის ძე ბაგრატიონი ბუღა-თურქს ემხრობა.“ (ლორთქიფანიძე 1965, გვ. 59-60). მკვლევარი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „მარტვილობა... მიუხედავად მისი სიმოკლისა და სქემატურობისა, უაღრესად სანდო წყაროა, მნიშვნელოვანი ცნობების შემცველი  IX საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის. ამავე დროს ეს თხზულება მიუთითებს IX საუკუნის ქართული საისტორიო აზროვნების მაღალ განვითარებაზე, რისი თქმის საფუძველსაც იძლევა ავტორის თეორიული მსჯელობა სასულიერო-საისტორიო მწერლობის წარმოშობისა და მისი განვითარების გზების შესახებ.“ (იქვე, გვ. 62).

კონსტანტის შეპყრობისა და ბუღა თურქის ლაშქრობის გარემოებების, ისევე როგორც მარტვილობის თანამდევი ისტორიული რეალობის აღდგენა, არაბულ წყაროთა პარალელურად, სწორედ ქართული და სომხური ისტორიოგრაფიული მასალების საფუძველზე ხდება. ბუღა თურქის ამიერკავკასიაში ლაშქრობის შესახებ ქართულ და სომხურ წყაროებში შემორჩენილი ცნობები შეისწავლა ელენე ცაგარეიშვილმა. მკვლევარმა განიხილა მატიანე ქართლისაჲში შემონახული ცნობები და შეაჯერა ისინი IX-XIII საუკუნეების სომეხი ავტორების - თომა არწრუნის, იოანე დრასხანაკერტელის, მოსე კალანკატუელის, სტეფანოს ტარონელის და ვარდან დიდი აღმოსავლელის - ნაშრომებში გადმოცემულ ინფორმაციას. ცაგარეიშვილის დაკვირვებით, სომეხ ავტორთა თანახმად, „ამიერკავკასიაში ბუღას ლაშქრობის ძირითადი მიზანი სომხეთში გამოგზავნილი არაბი სარდლის იუსუფის მკვლელობისა და საერთოდ სომხეთის აჯანყებული მოსახლეობის სამაგალითოდ დასჯა იყო.“ მსგავს ინფორმაციას გადმოგვცემს აგრეთვე არაბული წყაროებიც. ამასთან, მატიანე ქართლისაჲს ავტორი ბუღას მიერ სომხეთის დალაშქვრას მხოლოდ გაკვრით ახსენებს. (ცაგარეიშვილი 1968, გვ. 106).

წყაროთა თანახმად, საჰაკ ისმაილის ძე 830 წლიდან, ანუ მისი თანამდებობაზე დანიშვნის დროიდანვე ეურჩებოდა ხალიფებს და უარს ამბობდა მათთვის ხარკის გაგზავნაზე, რის გამოც მისი დასასჯელი ექსპედიცია არაბებმა რამდენჯერმე გამოაგზავნეს. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციის დროს ამიერკავკასიაში ჩამოვიდა ბუღა, რომელმაც, სომხური წყაროების თანახმად, ერი წელი დაყო სომხეთში და შემდეგ ქართლში გადავიდა. ამასთან, „საჰაკ ამირას წინააღმდეგ ბუღას ლაშქრობის გამომწვევ მიზეზს ქართული და სომხური წყაროები არ ასახელებენ.“ (იქვე, გვ. 108). IX საუკუნის არაბი ისტორიკოსი იაკუბის თანახმად კი, ბუღამ უბრძანა თბილისში დაბანაკებულ საჰაკს მასთან ხლება, რაზეც უარი მიიღო. შედეგად, „ბუღა დაიძრა მის წინააღმდეგ, შეებრძოლა, შეიპყრო იგი და მოჰკვეთა თავი, რომელიც ხალიფას გაუგზავნაო.“ (იქვე).

ელენე ცაგარეიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ IX-X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, თომა არწრუნი  ბუღა თურქის კამპანიისას ნაწამებ ქრისტიანთა შორის „კახა ზენა სოფლელს ასახელებს, რომელიც კონსტანტინე კახას შეესაბამება. როგორც თანამედროვე, იგი მეტად ხატოვნად, დაწვრილებით აღწერს ამ ქართველი წმინდანის გამბედაობას, მის მოწამეობრივ აღსასრულს.“11 (ცაგარეიშვილი 1975, გვ. 265-266)

ნათელა ვაჩნაძისა და კარლო კუციას თქმით, „IX ს-ის პირველ ათეულებში აზერბაიჯანი მოიცვა მრისხანე ანტიარაბულმა მოძრაობამ, რომელსაც „ხურამიტების“ (წითლითშემოსილთა) მოძრაობა ეწოდა. იგი მოედო საზოგადოების ფართო ფენებს და ოც ათეულზე მეტხანს გასტანა... მხოლოდ უდიდესი ადამიანური მსხვერპლისა და მატერიალური სახსრების შეწირვის ფასად შეძლეს ხალიფებმა ხურამიტების წელში გატეხვა.“ (Вачнадзе и Куция 1978, გვ. 6; ვაჩნაძე და კუცია 2011, გვ. 79). ამის პარალელურად არსებობდა ადგილობრივ არაბ ხელისუფალთა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული სეპარატისტული ტენდენციები. სწორედ ამ ფაქტორებით იყო გამოწვეული სახალიფოს მიერ IX ს-ის პირველ ნახევარში სამხრეთ კავკასიაში რამდენიმე „სამხედრო-სადამსჯელო ექსპედიციის“ გამოგზავნა.

მკვლევრებმა არ გაიზიარეს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ მარტვილობის ტექსტის ავტორმა კარგად არ იცის კონსტანტი-კახის ცხოვრებისა და დატყვევების დეტალები, ვინაიდან აგიოგრაფმა, მისივე განცხადებით, მხოლოდ მცირედი გადმოსცა. ავტორის მიერ ბიზანტიაზე აქცენტის გაკეთება მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას ანტი-არაბულ ბრძოლაში საქართველოს მოკავშირედ, ძირითადად, სწორედ ბიზანტია წარმოუდგენია. ხოლო „ქართლის პოლიტიკური სიტუაციის შესახებ სრული ინფორმატიულობა და კონსტანტი კახის დატყვევებისა და სიკვდილით დასჯის მიზეზების ცოდნა იმაზე მეტყველებს, რომ ავტორი საქართველოში ბინადრობდა, დიდი ალბათობით კი - ქართლში.“ (Вачнадзе и Куция 1978, გვ. 11). ავტორის მიერ გამოყენებულ წყაროების სიას კი ნათელა ვაჩნაძე და კარლო კუცია უმატებენ არისტიდეს აპოლოგიასა12 და ევსტათი მცხეთელის მარტვილობას. (იქვე, გვ. 17-19).

მკვლევრები აგრეთვე ადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ცნობას და ასკვნიან, რომ „ჰაგიოგრაფიული თხზულების კონსტანტი კახი, ატენის ტაძრის ეპიგრაფიკული წარწერის კახაჲ, IX საუკუნის ბოლო მეოთხედის ანონიმურ საეკლესიო ჰიმნში მოხსენიებული კონსტანტი-კახა და სომეხი ისტორიკოსის, თომა არწრუნის მიერ მოხსენიებული კახა ერთი და იგივე პირია.“ (იქვე, გვ. 16).

მკვლევრებმა განიხილეს აგრეთვე მარტვილობის ტექსტის ბოლოს დართული ბიზანტიის დედოფლის, თეოდორას კონსტანტი კახის ოჯახისადმი მიწერილი წერილის ავთენტურობის საკითხი. მათი აზრით, ვინაიდან „ბიზანტიის იმპერია რეალურად ცდილობდა ამიერკავკასიაში პოზიციების გამყარებას და მისი ხალხების ანტი-არაბული ბრძოლის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მიმართულებით გამოყენებას“, რომ საკითხი თეოდორას ეპისტოლის ავთენტურობის შესახებ აქტუალურობას მოკლებულია და „მასში მთავარია საქართველოში ბიზანტიური და არაბული ინტერესების ზუსტი არეკვლა... ქართველთა არაბებზე გამარჯვებასა და მათ ქართლიდან გაძევებას, ბუნებრივია, ბიზანტიურ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობების გამყარება მოჰყვებოდა.“ (იქვე, გვ. 39-40).

დონალდ რეიფილდის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტს „აკლია უფრო ადრე დაწერილ მარტვილობათა ემოციები და ფერები, კონსტანტი კახის მარტვილობას უნიკალური მახასიათებლები გააჩნია.“ ჯერ ერთი, იგი დამოწმებულია ფრესკული წარწერით. გარდა ამისა, თხრობის ბიზანტიურ მოვლენებთან კონტექსტუალიზაციის გზით იგი „იძლევა მზარდი ბიზანტიური ზეგავლენისა და ქართული ნაციონალიზმის სურათს, რომლითაც გაჟღენთილია მთელი ნარატივი.“ (Rayfiled 2000, გვ. 48).

საბა-ფირუზ მეტრეველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კონსტანტი კახის მარტვილობა „კონკრეტული, ვრცელი აღწერებისაგან თავისუფალი, მხოლოდ ძირითად სათქმელზე აქცენტირებული თხზულებაა.“ (მეტრეველი 2002, გვ. 72). მკვლევარი თხზულებას ორ ნაწილად ყოფს: „კონსტანტი კახის ცხოვრება (მის დაპატიმრებამდე) და წამება (იქვე) და ამ ორ ნაწილში წარმოდგენილ სახისმეტყველებას ცალ-ცალკე განიხილავს. განსაკუთრებულ, მკვლევარი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პირველ ნაწილს, ანუ ცხოვრებას და აღნიშნავს: „წმინდა კონსტანტი კახის მარტვილობა მთელ ქართულ აგიოგრაფიაში გამორჩეულად მნიშვნელოვანი ტექსტია იმ თვალსაზრისით, რომ აქ ერთ პიროვნებაში შერწყმულია თვალისმომჭრელი ფუფუნება, სიმდიდრე და უაღრესად გულწრფელი, ალალი სურვილი მოწყალებისა, დახმარებისა, ჩუქებისა, შეწევნისა. სწორედ ამ სათნოების წყალობით იხსნის თავს ნეტარი კონსტანტი სიმდიდრის ბორკილებისგან...“ (იქვე, გვ. 73). ტექსტის მეორე ნაწილთან დაკავშირებით მკვლევარი აღნიშნავს, რომ „წმინდა კონსტანტი კახის სულიერ სიმტკიცეს, მის შეუვალობას და ურყეობას განაპირობებს ის უდიდესი რწმენა, თავდადებული სიყვარული და იმედი ქრისტესი, რაც მას ჰქონდა...“ (იქვე, გვ. 78). მკვლევარი ცალკე განიხილავს აგრეთვე თხზულების დასაწყის ნაწილს და აღნიშნავს, რომ აგიოგრაფიული მწერლობა, როგორც ბიბლიის გაგრძელება და ამიტომ, იგი „უპირველეს ყოვლისა, ლიტურგიკულ-ეორტალოგიურ პრინციპზე აგებული დარგია საეკლესიო მწერლობისა და მასში უპირატესად მხატვრულ-ესთეტიკური კი არ მოიაზრება, არამედ რელიგიურ-ზნეობრივი,“ რის საფუძველზეც ასკვნის, რომ „ჩვენი ეპოქის მიდგომა აგიოგრაფიული მწერლობისადმი, როგორც მხატვრული ნაწარმოებისადმი, ძირეულ შეცვლას მოითხოვს.“ (იქვე, გვ. 78)

2004 წელს კონსტანტი კახის წამებისადმი მიძღვნილი სამი ნაშრომი გამოქვეყნდა: მარიამ ჩხარტიშვილის ქართულენოვანი, ბერნადეტ მარტენ-იზარის ფრანგული, და მედეა აბაშიძისა და სტივენ რაპის ინგლისურენოვანი სტატიები.

მარიამ ჩხარტიშვილის აზრით, მარტვილობის ტექსტი „არის ლაკონური, სტილურად უაღრესად დახვეწილი, კომპოზიციურად მთლიანი, მკაფიო გეგმით დაწერილი თხზულება. ავტორი ნამდვილი ესთეტია. მისთვის უცხოა მრავალსიტყვაობა, წმინდა წერილიდან ციტირებაც ყოველთვის დიდი შერჩევითა და გემოვნებით არის გაკეთებული, ზოგადი დიდაქტიკა თხზულებაში მოხდენილად არის შეზავებული კონკრეტულ ისტორიასთან. მთელი ქმნილება იმის მაჩვენებელია, რომ ჰაგიოგრაფს გაცნობიერებული აქვს სამწერლობო ხელოვნების მთავარი მოთხოვნა: გრძელი სიტყვის მოკლედ გამოთქმის აუცილებლობა.“ (ჩხარტიშვილი 2004, გვ. 82).

მკვლევრის ფიქრით, „თხზულება 856 წლამდე კი არ არის შექმნილი, როგორც ფიქრობდნენ ჩვენი წინამორბედი მკვლევრები, არამედ სწორედ ამ თარიღის შემდეგ, რამდენიმე ათწლეულის (ამას უნდა გულისხმობდეს დღეთა ჩუენთა) განმავლობაში.“ (იქვე, გვ. 84). მისი აზრით, თხზულება არა ბიზანტიაში, არამედ „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ქართველთა სამეფოში შექმნილა... IX საუკუნის უკანასკნელ ოცეულში, კერძოდ, 80-90-იან წლებში.“ ავტორი კი, „შეიძლება იყოს მეუდაბნოე მამა ან უფრო მონასტრის წინამძღვარი.“  (იქვე, გვ. 86, 88, 89).

მკვლევარი ვარაუდობს, რომ თხზულების ავტორი შესაძლოა იყოს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში გიორგი მერჩულის მიერ მოხსენიებული ოთხი წინამორბედი ავტორიდან - დიდი სოფრონიდან, ილარიონ პარეხელიდან, სტეფანე მტბევრიდან ან გიორგი მაწყვერელიდან - ერთ-ერთი (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება). მარიამ ჩხარტიშვილის აზრით, კონსტანტი კახის მარტვილობის ავტორი უნდა იყოს სოფრონ შატბერდელი, ვინაიდან გიორგი მერჩულე განსაკუთრებით აღფრთოვანებულია მისი ლიტერატურული ნიჭით, ხოლო კონსტანტი კახის მარტვილობა არის „მკაფიო და სადა არქიტექტონიკის დიდი ლიტერატურული გემოვნებით დაწერილი თხზულება, მართლაცდა აღფრთოვანების ღირსი.“ (იქვე, გვ. 90).

მედეა აბაშიძისა და სტივენ რაპის ნაშრომში შეჯამებულია ქართველ მკვლევართა მოსაზრებანი კონსტანტი კახის მარტვილობასთან დაკავშირებით. მკვლევართა აზრით, მნიშვნელოვანია მარტვილობის ტექსტში, კერძოდ კი თეოდორას წერილში მითითებული ინფორმაცია, რომ ქართველები სამართლიანად ემორჩილებიან კონსტანტინოპოლს.13 მსგავსი განცხადება კი შეესაბამება IX-X საუკუნეების განწყობილებებს, როდესაც „ბაგრატიდთა დინასტია ახდენდა საკუთარი ძალის კონსოლიდაციას ბიზანტიის პატრონაჟის ქვეშ.“ ის ფაქტი კი, რომ ტექსტში არ იხსენებიან ბაგრატიდები, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ტექსტი ქართლისა და ნეო-ქართლის საზღვრებს გარეთაა შექმნილი, შესაძლოა კახეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ანდა იერუსალიმშიაც კი (იქვე). მკვლევარნი იმასაც აღნიშნავენ, რომ კონსტანტის შესახებ ზეპირი ტრადიცია და, შესაძლოა, ამჟამად დაკარგული წერილობითი ტრადიციაც, გავრცელდა მისი მარტვილობიდან მალევე. (Abashidze and Rapp 2005, გვ. 141).

მკვლევარნი აღნიშნავენ თომა არწრუნის ინფორმაციის მნიშვნელობას კონსტანტი კახის პიროვნების ისტორიულობის დასაბუთებისათვის. თუმცა, ისინი იმაზეც მიგვითითებენ, რომ X საუკუნის დასაწყისის სომეხი ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტელი არ ახსენებს კონსტანტის აღბაკის სოფელ ორსირანქის მკვიდრ იმ შვიდ პირთან ერთად, რომლებიც იწამნენ ბუღა თურქის ამიერკავკასიური კამპანიის დროს (მათ წინამძღოლს ატომი ერქვა). ისტორიკოსი მათ წამებას სომეხთა წელთაღრიცხვის 302 წლით ათარიღებს (სომეხი მეცნიერი, კრიკორ მაქსუდიანი ამ პირთა მარტვილობის თარიღს 853 წლად თვლის). არ იხსენიება კონსტანტი არც მატიანე ქართლისაჲს მიერ  ბუღას ქართლში შემოსევის აღწერისას. თუმცაღა, მკვლევრები კახაის მოუხსენიებლობას იმით ამართლებენ, რომ მატიანეს ავტორი ისტორიკოსი იყო და არა ჰაგიოგრაფი და მარტვილობის აღწერა მის ინტერესებში არ შედიოდა (იქვე, გვ. 142).

მკვლევართა აზრით, IX საუკუნეში კონსტანტი კახის ისტორიულობა ეჭვგარეშე, მაგრამ მის შესახებ შექმნილ აგიოგრაფიული ტექსტის დაწერის თარიღი გადასამოწმებელია, ვინაიდან ტექსტის ზოგი შიდა მონაცემი („ზენა სოფელი,“ „ყოველი ქართლი“), შესაძლოა, გვიან IX ანდა X საუკუნეზე მიუთითებდნენ. ამასთან, ტექსტში ქართული ქორონიკონის მიერ დათარიღების არარსებობა ცალკე ყურადღებას იპყრობს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მკვლევართა ვარაუდები სხვაობს: მედეა აბაშიძის აზრით, ქორონიკონი უკვე ფართოდაა ხმარებული ამ პერიოდში და ტექსტში მისი არარსებობა დამაბნეველია, ხოლო სტივენ რაპს მიაჩნია, რომ ქორონიკონი ამ პერიოდისთვის ახალი შექმნილია და მისი გამოყენება შედარებით სპორადულია X, და განსაკუთრებით, XI საუკუნემდე (იქვე, გვ. 139, შენ. 7). ამდენად, რაპის დასკვნით, ქორონიკონის მოუხსენიებლობა უნდა მიუთითებდეს, რომ ტექსტი კონსტანტის გარდაცვალებიდან მალევე უნდა იყოს დაწერილი. (იქვე, გვ. 171).

 მკვლევართა საბოლოო დასკვნით, თხზულების ორიგინალური ვერსია შექმნილი უნდა იყოს  IX საუკუნის ბოლოს ანდა X საუკუნეში. ძნელი სათქმელია, თუ რამდენად განსხვავდება XVIII საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერებში ჩვენამდე შემონახული ტექსტი ნარატივის საწყისი ვერსიისგან. საფიქრებელია, რომ ორიგინალური თხზულების ძირითადი ასპექტები შენარჩუნებულია; თუმცაღა, ტექსტში არსებული ცალკეული სიტყვები, ფრაზები და კონსტრუქციები მიგვითითებენ „რედაქციული ფენების განუსაზღვრელი რაოდენობის“ არსებობაზე. (იქვე, გვ. 143).

ბერნადეტ მარტენ-იზარი კონსტანტი კახის მარტვილობის შესახებ საკუთარი მოსაზრებების შემოთავაზებამდე აღნიშნავს, რომ პოლ პეტერსს იგი ნატყუარად და XII საუკუნის პროდუქტად მიაჩნდა, ხოლო თეოდორას წერილი კი ამორეველთა მარტვილობიდან გადმოღებულად. მკვლევარი იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰაგიოგრაფიული ჟანრის ლიმიტის ფარგლებში ტექსტი არ შეიცავს არც ერთ აბსურდულ ელემენტს, ხოლო თეოდორას ეპისტოლე წარმოადგენს მის კოჰერენტულ და ორგანულ ნაწილს (Martin-Hisard 2004, გვ. 132). მისი აზრით, თეოდორას წერილი სრულ შესაბამისობაშია კონსტანტინოპოლის იმდროინდელი პოლიტიკისა, რომელიც მიზნად ისახავდა IX საუკუნის პირველ ათწლეულებში ამიერკავკასიის სცენაზე დაბრუნებას და ახალი ალიანსების დამყარებას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება თეოდორას წერილის ავთენტურობის დასასაბუთებლად, იგი იმ კონკრეტულ მომენტში არსებულ ისტორიულ რეალობას ნამდვილად შეესაბამება (იქვე, გვ. 137-140).

ია ღადუამ ცალკე განიხილა მიქაელ მოდრეკილის კრებულში შეტანილი კონსტანტი კახის მარტვილობისადმი მიძღვნილი საგალობელი. მკვლევარი იზიარებს ამ საგალობელთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძის მიერ გამოთქმულ და ზემოხსენებულ მოსაზრებას, რომ ამ ჰიმნის ავტორი მიქაელი არ არის, რომ ისინი უფრო ადრე, არაუგვიანეს IX საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი და რომ მიქაელმა ისინი სხვა ხელნაწერიდან გადმოწერა. საგალობლისა და აგიოგრაფიულ ტექსტთა დეტალური შედარების საფუძველზე ღადუა ეთანხმება კორნელი კეკელიძის მიერ გამოთქმულ მეორე მოსაზრებასაც ჰიმნოგრაფიული ტექსტის აგიოგრაფიულ ტექსტზე დამოკიდებულების შესახებ (ღადუა 2005).

ანა ლეთოდიანის აზრით, ნარატივის ავტორი განზრახ წერს მცირე ზომის ტექსტს, რაზეც თავადვე გვამცნობს, რათა მისი თხრობა „არა იყოს შემაწუხებელ ნაკლულოვანებთა, არცა ნამეტნავ განგრძობითა.“ ამასთან, ავტორი უფრო მეტ ცნობას გვაწვდის კონსტანტის წამებაზე, ვიდრე მისი ცხოვრების ეპიზოდებზე. (ლეთოდიანი 2021, გვ. 188-189). მკვლევარი აგრეთვე ასკვნის, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები მცირე ზომისაა, არ გამოირჩევა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით და სხვადასხვა თვალსაზრისით შესწავლილიცაა, მაინც შეიძლება გამოიყოს ისეთი ასპექტები, რომლებიც საუკუნეთა შემდეგაც სხვა თვალით შეგვახედებს და გაგვააზრებინებს მას.“ (იქვე, გვ. 192-193).

ნესტან სულავა აგრეთვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თეოდორას ეპისტოლეს და აღნიშნავს, რომ მასში ასახულია ბიზანტიის იმპერიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მკვლევარი აგრეთვე ვარაუდობს, რომ „როგორც ჩანს, ქართული ეკლესიის მიერ კონსტანტი უკვე წმინდანად არის შერაცხილი და იმიტომაც აღიარებს დედოფალი მას ბიზანტიელთა და ქართველთა მეოხად. შესაძლოა, „წამება“ უკვე დაწერილიც იყო, როცა ქართველებმა დედოფლის წერილი მიიღეს და ნაწარმოებს ბოლოში ამიტომაც დაურთეს.“ (სულავა 2022, გვ. 109). ამასთან, „დასასრულს ეპისტოლე პოლიტიკურ იერსახეს იძენს, რადგან დედოფალი თავის უფლებებს საქართველოზე არ თმობს და აღნიშნავს, რომ ქართველები ბერძენთა ხელთა არიან ისევე, როგორც სხვა ქრისტიანი ქვეყნები... მას ძლიერი საქართველო სურს, რათა ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთით მდებარე ეს მენაპირე ქვეყანა... მეოხად და დამხმარედ ჰყავდეს.“ (სულავა 2024, გვ. 352).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტი კახის მარტვილობა წარმოადგენს არაბთა მიერ ნაწამებ ქრისტიანთა შესახებ შექმნილ ერთ-ერთ ადრეულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის თბილისის საამიროსა და საქართველოს იმდროინდელი ისტორიის შესახებ.

  1. ნათელა ვაჩნაძისა და კარლო კუციას თქმით, ზოგ შემთხვევაში არაბთა ხალიფატი ბაბილონად იწოდება. (Вачнадзе и Куция 1978, გვ. 81. შენ. 2) ↩︎

  2. მართავდა ბიზანტიის იმპერიას, როგორც რეგენტი 842-856 წლებში. ↩︎

  3. ბიზანტიის იმპერატორი მიქაელ III (842-867) ↩︎

  4. მისი ქმარი იყო ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორი თეოფილე (829-842) ↩︎

  5. Bughā al-Kabir “the Elder.” (ბუღა „უფროსი“) Abashidze and Rapp, გვ. 108. იხსენიება აგრეთვე, როგორც Musa ibn Bugha alKabir. მისი ძე, -Musa ibn Bugha al-Ṣaghīr, იხსენიება როგორც Bughā “the Younger.” (ბუღა უმცროსი). ↩︎

  6. „ეს ჯაფახ ხალიფა ტახტზე ასვლისთანავე მუტევაკილად იწოდებოდა და ხალიფობდა 847-861 წწ“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 89) ↩︎

  7. წარწერის სრული ტექსტი პირველად გამოსცა თეიმურაზ, ბარნაველმა (ბარნაველი 1957, გვ. 18). ↩︎

  8. მკვლევართა თანახმად, ქორონიკონი 73, და ისმაიტელთა წელი 239 - უდრის 853 წელს.
    დონალდ რეიფილდის თანახმად, წარწერაში მოხსენიებული ისმაიტელთა წელი 239 უნდა შეესაბამებოდეს ჩვ.წ. აღ.-ის 861 წელს. (Rayfiled 2000, 48). ↩︎

  9. თბილისის ამირა საჰაკი იხსენიება აგრეთვე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. თხზულებაში მოცემულია ცქირის, ერთი უკეთური ანჩელი ეპისკოპოსის ამბავი, რომელიც იყო დიაკვნად აღზრდილი თბილისის ამირა საჰაკის მიერ, მზაკვრობით ჩაიგდო ანჩის საეპისკოპოსო საყდარი ხელში და ცდილობდა გრიგოლის მოკვლას. (იხ. ჰაგიოგრაფია > მარტვილობანი > გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება) ↩︎

  10. არაბი ისტორიკოსის, ალ-ტაბარის თანახმად, ისმაიტელთა წელთაღრიცხვის 238 წელს სომხეთში დაბანაკებული დვინიდან ბუღა გაემართა თბილისისაკენ.  „შაბათ დღეს რაბის თვის პირველ რიცხვზე ათი დღით ადრე, ბუღამ გაგზავნა ზირაქ თურქი, რომელიც გადავიდა მდინარე მტკვარზე.“ (ცაგარეიშვილი 1968, გვ. 109). ↩︎

  11. თომა არწრუნის ისტორიის III ნაწილის X თავში აღწერილია ბუღას ბრძოლა ალბანელთა წინააღმდეგ. ამ თავის ბოლოს ნათქვამია, რომ როდესაც ალბანელთა მხედართმთავარი აპამუსე წარსდგა ბუღას წინაშე, ბუღამ იგი ჯერ პატივით მიიღო, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ „წააყვანინა იგი მეფესთან და მასთან ერთად [გაგზავნა] შეჭურვილ ჯარისკაცთა და ცხენოსანთა გუნდები. მიდიოდა უშიშარი გამბედაობით, გამხნევებული გონებითა და ზრახვით, თავისი სიმამაცის სიმტკიცისამებრ მხნე მოღვაწე აპამუსე.“ XI თავის დასაწყისში ავტორი ამბობს: „მსგავსადვე, ანდა უფრო საკვირველად, სამგზის ნეტარი სოლომონი, რომელიც სევორდად იწერებოდა და კახა ზენა სოფლელი, არ დაეთანხმნენ მეფის სიტყვას და ყურიც არ დაუგდეს იმ ნაღველ-ნარევსა და მყრალ სიტყვებს, [რაც] დამსკდარი საფლავიდან გამოდენილ დამპალ სურნელებას [ჰგავდა], რომლითაც მრავალნი შეარყიეს ღვთის სჯულისაგან და ღვთის ძის თაყვანისცემისაგან. ისინი ეწამნენ მხნედ და პასუხი მისცემ მეფეს დიდი გამბედაობით. მოიმედეებმა მხოლოდ ერთი მეფეთა-მეფისა და უფალთა-უფლისა, ღვთის ძის იესოსო უთხრეს მეფეს: „უმჯობესია ჩვენთვის სიკვდილი ქრისტეს სახელისათვის, ვიდრე ვიყოთ შენთან. როგორი სიკვდილითაც კი გსურს, მოგვიღე ბოლო, მზად ვართ ყოველგვარი სატანჯველისთვის, რაც კი უსწავლებია შენთვის ბოროტებათა მოძღვარს, შენსა მამას - ეშმაკს. ჩვენ არ განვუდგებით ქრისტეს სიყვარულს და არც გავშორდებით სამარადისო ცხოვრებას და არ გავხდებით მემკვიდრე სამარადისო ტანჯვისა.“ მაშინ გაცოფებულ მხეცსავით განრისხდა ის მძლავრი, გაემართა კრავებზე, რომ მძორებად დაეყარა ისინი. ბრძანა, გაეკრათ ისინი პალოებზე ხელ-ფეხ შეკრული. მოატანინა ქაცვებიანი ჯოხი მათ საცემად, ხოლო [ისინი] მადლობდნენ ქრისტეს გამოუთქმელსა და უხვად მომადლებულ ძღვენს, რომელმაც ღირსყო ისინი მომკვდარიყვნენ ქრისტეს სახელისათვის და მიეღოთ მოწამეობრივი გვირგვინი.

    და სანამ ცოცხლები იყვნენ... უფრო მეტად განრისხდა მეფე, ანთებულ სანთელივით აეგზნო. მოატანინა ძელი და დადვა მასზე ნეტარი სოლომონი, ხოლო ძელის ახლოს დაადგინეს წმინდა კახა, რომ ეგების ერთიმეორის ტანჯვით შეშინდნენ და დაემორჩილონ მეფის ბრძანებასო... მაშინ გამოვიდა ბრძანება სამეფო [კარისგან], რომ იმავე ძელზე მოკლან წმინდა სოლომონი და ისრით განგმირონ იგი. მძლავრის ბრძანებისამებრ მიუშვეს ასზე მტარვალებმა ისრები. განუტევა სული ღვთის სადიდებლად ქრისტეს ნეტარმა მოღვაწემ. ბრძანა წმინდა კახას მახვილით მოკვლა, წაიყვანა მტარვალმა ეს წმინდანი, სცა ნეტარს [მახვილი] და მოჰკვეთა მას თავი...“ (ცაგარეიშვილი 1975, გვ. 275; იხ. აგრეთვე Abashidze and Rapp 2004, გვ. 141-142).

    ალექსანდრე აბდალაძის თქმით, „თ. არწრუნი... საგანგებოდ წარმოაჩენს ქართველი კოსნტანტისა და ალბანელი სოლომონის მტკიცე რწმენასა და მამულისათვის თავდადებას, მათ მოწამეობრივ სიკვდილს. ამით თომა არწრუნი მოუწოდებს თანამემამულეებს, რომ არ გამაჰმადიანდნენ, თუნდაც ეს სიცოცხლის განწირვის ფასად დაუჯდეთ. მსგავს ერთობაში, როცა ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, ამიერკავკასიის ხალხთა ამგვარი, თუ შეიძლება ითქვას, ჯანსაღი ხასიათის შეჯიბრიც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ მათი ერთობლივი ბრძოლის თავისებურ გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს.“ (აბდალაძე 1988, გვ. 59). ↩︎

  12. მკვლევართა თქმით, ამ თხზულების კვალიც ამ კონსტანტი კახის მარტვილობაში, ევსტათი მცხეთელისა და აბიბოს ნეკრესელის მარტვილობათა პარალელურად,  პირველად  რევაზ სირაძეს აქვს შემჩნეული.  რევაზ სირაძე, რომელიც ციტირებულ ნაშრომში განიხილავს „მზის ღმერთობის უარყოფის“ მოტივის ერთ-ერთ ძველ ქართულ ტექსტში, კერძოდ კი, წმინდა ნინოს ცხოვრებიდან მირიან მეფის მზის დაბნელების ეპიზოდში,  აღნიშნული აქვს, რომ არისტიდეს აპოლოგიაზე დაყრდნობით უნდა იყოს შეტანილი კონსტანტი კახის მარტვილობაში შემდეგი პასაჟი: „არა თუ სიჴშოჲთა ამით საქმითა ჴორციელებისაჲთა მიმხედველ იყო, არცაღა ბრწყინვალედ უჩნდა მას ნათელი მზისა ამის წარმავალისა, არცა-ღა ტკბილ უჩნდა მას სიმცხინვარე მზის თუალისა განქარვებადი და გულის-წყრომითა ნათლისა მის მომავლისაჲთა ღრუბლად ჰხედვიდა მზეს ამას აღმომავალსა.“ (სირაძე 1975, გვ. 179, შენ. 2) ↩︎

  13. ტექსტის თანახმად, „უღელსა ჩუენსა ქუეშე ქრისტესმიერსა ქედნი თქუენნი წარუპყრენით და სუბუქისა ტჳრთისა ჩუენისა აღკიდებაჲ მჴართა თჳსთა ზედა არა გარე-წარიცოდეთ.“ ↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია:

ბალხამიშვილი, ბელა 1986. „კონსტანტი კახის მარტვილობის მეტაფრასული რედაქცია.“ ლიტერატურული ძიებანი 16: 252-260 ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

ბარნაველი, თეიმურაზ. 1957. ატენის სიონის წარწერები. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ვაჩნაძე, ნათელა და კარლო კუცია 2011. „ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კონსტანტისი ქართველისაჲ, რომელი იწამა ბაბილონელთა მეფისა ჯაფარის მიერ.“ წიგნში: დიდნი საქმენი. რედ: როინ მეტრეველი და ბუბა კუდავა. თბილისი: არტანუჯი, გვ. 79-81 – წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ანალიზი

კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

კეკელიძე, კორნელი 1956. „კონსტანტი კახის მარტვილობა და ვინაობა.“ მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. I. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 133-146 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

კუჭუხიძე, გოჩა 2017. „წმიდა კონსტანტი კახის მარტვილობის ზოგიერთი თეოლოგიური და ტექსტოლოგიური საკითხის შესახებ.“ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 8: 3-17 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

ლეთოდიანი, ანა 2021. „ცხორებაჲ და წამებაჲ კოსტანტისი ქართველისა.“ კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, გვ. 186-196 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

მეტრეველი, ფირუზ 2002. „წმინდა კონსტანტი კახის ცხოვრებისა და წამების სახისმეტყველება.“ ლიტერატურული ძიებანი 23: 72-78 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

სირაძე, რევაზ 1975. „სინამდვილის განზოგადების პრინციპი ე.წ. „აგიოგრაფიულ შაბლონთა“ მიხედვით.“ წიგნში: მისივე, ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 154-181 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

სულავა, ნესტან 2024. „წმ. კონსტანტი კახის წამება.“ წიგნში: მისივე 2024, გვ. 339-354 - ლიტერატურათმცოდნეობითი და წყაროთმცოდნეობითი  ანალიზი

სულავა, ნესტან 2022. „ეპისტოლეები ქართულ ჰაგიოგრაფიაში (იოვანე საბანის ძე, წმ. კონსტანტი კახის წამება, გიორგი მერჩულე).“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები 18: 95-119 - ტექსტოლოგიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

ღადუა, ია 2004. „ჰაგიოგრაფიისა და ჰიმნოგრაფიის თემატურ-სახისმეტყველებითი ურთიერთმიმართებისათვის (წმ. კონსტანტი კახისადმი მიძღვნილ თხზულებათა მიხედვით.“ კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა 8: (https://www.nplg.gov.ge/greenstone3/halftone-library/collection/period/document/HASH01b3fb44aaeb0e3654a60ddc;jsessionid=1FB4EEE16E42598DB5497CB2F6EE5ADF?ed=1; ბოლო წვდომა: 22.11.2025) - ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის ისტორია

ჩხარტიშვილი, მარიამ 2004. „როდის და სად შეიქმნა წმ. კონსტანტი ქართველის ცხოვრებისა და წამების კიმენური რედაქცია და ვინ არის მისი ავტორი?“ ქართული წყაროთმცოდნეობა 10: 82-94 - ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ცაგარეიშვილი, ელენე 1975. „თომა არწრუნისა და ანონიმი ისტორიკოსის ცნობები საქართველოს შესახებ.“ მრავალთავი 4: 254-281 - ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ცაგარეიშვილი, ელენე 1968. „საქართველოში ბუღა თურქის ლაშქრობის საკითხისათვის.“ მაცნე იაეხს 4: 105-114 - ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ჯავახიშვილი, ივანე 1977. „ცხორებაჲ და წამებაჲ კონსტანტინე-კახაჲსი.“ წიგნში: მისივე 1978, გვ. 86-90 - ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Abashidze, Medea 2009. “The Life and Passion of Konstanti-Kaxay.” In Christian-Muslim Relations. A Bibliographical History. Vol. I (600-900). Ed. by David Thomas and Barbara Rogemma, with Juan Pedro Monferrer Sala et al. Leiden-Boston: Brill, 852-856 - წყაროთმცოდნეობითი ინფორმაცია

Abashidze, Medea and Steven Rapp Jr. 2004. “The Life and Passion of Konstanti-Kaxay.” Le Museon 117: 137-173 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Martin-Hisard, Bernadette 2004. “L’impératrice Théodora et Bughâ le Turc dans une hagiographie géorgienne du milieu du IXe siècle. » in Byzance et ses périphéries (Mondes grec, balkanique et musulman). Hommage à Alain Ducellier. Ed. by Bernard Doumerc and Christophe Picard. Toulouse: Presses universitaires du Mirail, 131-147 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Peeters, Paul 1925. “De S. Constantino martyre in Babylonia, commentaries praevius.” Acta Sanctorum Novembris. V. 4.ed. by Hipolite Delehaye and Paul Peeters. Brussels: Société des Bollandists, 541-563 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Rayfiled, Donald 2000 (იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია) – ლიტერატურათმცოდნეობითი მიმოხილვა

Вачнадзе, Натела Захарьевна и Карло Константинович Куция 1978. Житие и мученичество святого мученика, Константи грузина, который был замучен царем Вавилонян Джафаром. Перевод с древнегрузинского, исследование и комментарий Н. З. Вачнадзе и К. К. Куция. Тбилиси: Хеловнеба


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი