მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ბაგრატიონთა წინარე ეპოქაში შექმნილ ნარატივებზე დამყარებული თხზულებები

როგორც უკვე ითქვა, ქც-ს კორპუსში მკვლევარნი გამოყოფენ ბაგრატიონთა ეპოქამდე შექმნილ ისტორიოგრაფიულ თხზულებებს, რომელთა ავტორობაც, ტრადიციულად, ლეონტი მროველსა და ჯუანშერს მიეწერება. თუმცაღა, ამ ავტორთა მოღვაწეობის პერიოდსა და მათ მიერ შექმნილ თხზულებათა შესახებ სხვადასხვა მეცნიერს სხვადასხვა მოსაზრება აქვს გამოთქმული.

ინფორმაციას ლეონტისა და ჯუანშერის შესახებ თავად ქც-ს ხელნაწერებში მოიპოვება. ჯუანშერის თხზულების ბოლოსა და არჩილის წამების დასაწყისამდე, ნათქვამია: „ესე არჩილის წამება, და მეფეთა ცხოვრება, და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა.“ (ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 244).

არჩილის წამების ბოლოს გაკეთებული მინაწერი (რომელიც პირველწყაროდან არის გადატანილი ხელნაწერებში) გვამცნობს: „ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ – ჯუანშერმან, ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან მეფისამან, მირიანის ძისამან. ამიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ, ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივ განბრძნობილსა.” (იქვე, გვ. 248)

კორნელი კეკელიძემ აღნიშნა ამ ორ მინაწერში მოცემულ ინფორმაციათა ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი: თუკი პირველი მინაწერის თანახმად ლეონტი მეფეთა ცხოვრების,  ნინოს მიერ ქართლის მოქცევისა და არჩილის წამების ავტორად არის გამოცხადებული, მეორე მინაწერის თანახმად, ქართლის ისტორია ვახტანგ გორგასლის დრომდე დრო და დრო სხვადასხვა ავტორის მიერ იწერებოდა, ხოლო არჩილის მეფობიდან „ვიდრე აქამომდე,“ ანუ არჩილის მოწამეობრივი ღვაწლის ჩათვლით, აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმა. (კეკელიძე 1957, გვ. 188)

ლეონტისა და ჯუანშერის თხზულებათა კომპოზიციური რაობა, ისევე, როგორც თავად ავტორთა იდენტიფიკაცია და მოღვაწეობის პერიოდი განსაზღვრა ივანე ჯავახიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ ორივე ავტორი XI საუკუნის მოღვაწეა, რომლებიც თავიანთ თხზულებათა შეთხზვისას უფრო ადრინდელ წყაროებსაც იყენებენ. (ივანე ჯავახიშვილი, „ლეონტი მროველი,“ „ჯუანშერი,“ წიგნში: ჯავახიშვილი 1977, გვ. 176-188, 189-194).

კორნელი კეკელიძე არ დაეთანხმა ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას. მისი აზრით, ლეონტი მროველს, მეფეთა ცხოვრების გარდა, უნდა ეკუთვნოდეს აგრეთვე ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაც,  ხოლო ჯუანშერ ჯუანშერიანის კალამს უნდა მივაწეროთ მხოლოდ ვახტანგის ისტორიის შემდეგ მოყვანილი თხრობა, ანუ „საქართველოს ისტორია მეექვსე საუკუნიდან (მეფობის გაუქმებისა და ბაგრატიონთა ჩვენში დამკვიდრების შემდეგ) გიორგი მეორის მეფობის დასაწყისამდე.“ (კეკელიძე 1981, გვ. 259. იხ. აგრეთვე; კეკელიძე 1957). ამდენად, კეკელიძის აზრით, ჯუანშერის შრომად უნდა ჩაითვალოს არა მხოლოდ ვახტანგ გორგასლის შემდეგდროინდელი ამბების გადმოცემა, არამედ აგრეთვე ქც-ს „ის ნაწილიც, რომელიც ამას მოჰყვება თვით დავით აღმაშენებლის ისტორიამდე, და რომელსაც ჩვეულებრივ „მატიანე ქართლისაჲ“ ეწოდება...“ (კეკელიძე 1981 გვ. 260).  მკვლევარი მსგავს დასკვნამდე მივიდა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ვახტანგის ცხოვრებაც იმავე ზღაპრული, სადევგმირო სულითაა გამსჭვალული, როგორითაც ლეონტის უცილობელი შრომა. ორივე ამ ნაწილში მოთხრობას ერთნაირი ხასიათი აქვს, ენაც მათი თავიდან ბოლომდე ერთგვარია; აქ ჩვენ გვხვდება ერთი და იგივე აზრები, ერთი და იგივე სტერეოტიპული წინადადებანი და ფრაზები, ერთი და იგივე სურათები და სახეები. ამასვე გვიკარნახებს ერთობა ლიტერატურული წყაროებისა ორივე ნაწილში და მათი ერთი და იმავე მეთოდით გამოიყენება.“  (კეკელიძე 1981, გვ. 253).

ამ ორი დიდი ქართველი მეცნიერის შემდგომ ლეონტისა და ჯუანშერის იდენტიფიკაციაზე, ისევე, როგორც ქც-ს თავდაპირველი რედაქციის შემადგენლობაზე მრავალ მკვლევარს აქვს გამოთქმული მოსაზრება. თუმცაღა, მათი ვარაუდები, ძირითადად, ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის ნააზრევთა მოდიფიკაციას წარმოადგენს (ბერძენიშვილი 1973; მელიქიშვილი 1970; ბოგვერაძე 1968; გრიგოლია 1976 და სხვ.). აქ მხოლოდ მათ მიერ გამოთქმულ რამდენიმე ვარაუდს მოვიყვან: მაგ. ანრი ბოგვერაძის აზრით, რომელსაც გონელი არახამიაც იზიარებს, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა დამოუკიდებელი და სხვა ავტორის თხზულება კი არაა, არამედ ლეონტის... ისტორიული-პოლიტიკური კონცეფციით გამართული მისივე ნაწარმოებია, რომელიც გრძელდება აშოტ I-ის ხელმწიფობამდე ქართლში.“ (ბოგვერაძე 1987, გვ. 176-177; არახამია 1987, გვ. 74). ერთ თხზულებად მიიჩნია ქც-ს დასაწყისის შემადგენელი თხზულებები აგრეთვე ედიშერ ხოშტარია-ბროსემაც, რომლის აზრითაც ლეონტი მროველის მიერ ადრეულ წყაროებზე დაყრდნობით შედგენილი მეფეთა ცხოვრება უნდა მოიცავდეს პრე-ბაგრატიდების პერიოდში დაწერილად მიჩნეულ ყველა თხზულებას (არჩილის წამების ჩათვლით), ანუ ტექსტს ლეეონტის თხზულების დასაწყისიდან მატიანე ქართლისაჲს დასაწყისამდე. (ხოშტარია-ბრისე 1987). ლეონტის კალამს მიაწერს მეფეთა ცხოვრების, ვახტანგ გორგასლოს ცხოვრებისა და არჩილის წამების ავტორობას კირილ თუმანოვიც (Toumanoff 1943, გვ. 166-173).

კონსტანტინე გრიგოლიამ ყურადღება მიაქცია ჟამთააღმწერლოს თხზულებაში მოხსენიებულ „წიგნი მეფეთა“-ს და შეეცადა მისი რაობის გამორკვევას. მკვლევარმა „წიგნი მეფეთა“ ლეონტისეული „ცხოვრება/ჰამბავი მეფეთა“-სთან შეპირისპირებით განიხილა და დაასკვნა, რომ „ამ ორი თხზულების ობიექტი, საგანი, რასაც ისინი მოგვითხრობენ, სრულიად ერთნაირია, ორივე შეისწავლის ქართველ მეფეთა მწკრივს დასაბამიდან (ფარნავაზი) XI ს.-მდე. ოღონდ ისინი კი არ იმეორებენ, არამედ აგრძელებენ ერთიმეორეს. სწორედ ასეთი შინაარსით ჩანს განსაზღვრული მათი სახელწოდებაც („ცხოვრება მეფეთა“, „წიგნი მეფეთა). ერთნაირია აგრეთვე ორივე თხზულების თხრობის მეთოდი, ქრონოლოგიური რიგი და, რაც მთავარია, თითოეული მეფის ცხოვრება ორივეგან გაშუქებულია მისი(მეფე) ბიოგრაფიული ქარგის მიხედვით. ყველაფერი ეს, ვფიქრობთ, საკმაო საფუძველს იძლევა იმის სათქმელად, რომ ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ეს ორი ძეგლი: „ცხოვრება მეფეთა,“ რომლითაც „ქართლის ცხოვრება“ იწყება და „წიგნი მეფეთა,“ რომელიც ჟამთააღმწერელს დამოწმებული აქვს, არსებითად ერთი ავტორის ერთი და იგივე თხზულების ორი განუყოფელი თავ-ბოლო ნაკვეთია. (გრიგოლია 1960, გვ. 226)

 საბოლოოდ, მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ, თუკი დღეს მატიანე ქართლისაჲს სახელით ცნობილი ნარატივი „ძველად (XIV ს.) „წიგნი მეფეთას“ სახელით იყო ცნობილი, ხოლო ეს უკანასკნელი იგივეა, რაც „ცხოვრება მეფეთა,“ მაშინ გამოდის - „ქართლის ცხოვრების დასაწყის ნაკვეთში ძირითადად ერთი თხზულება ყოფილა წარმოდგენილი. ეს იყო ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა...“ მხოლოდ ამ თხზულებით ყოფილა გაშუქებული იქ საქართველოს ისტორია დასაბამიდან მოკიდებული XI საუკუნის ბოლომდე.“ (იქვე, გვ. 227). ამასთან, „ლეონტი მროველს „ქართლის ცხოვრებისათვის რამდენიმე... თხზულება დაუწერია“ და მას ეს „შრომები „ჟამით-ჟამად“ აქვს შექმნილი. (იქვე, გვ. 230-232).

კორნელი კეკელიძის მოსაზრებას არ ეთანხმებიან დავით მუსხელიშვილი და გიორგი ანჩაბაძე, რომელნიც, ივანე ჯავახიშვილის დარად, ლეონტისა და ჯუანშერის ნაწარმოებების სხვადასხვა ავტორთა მიერ დაწერილ თხზულებებად მიიჩნევს. (მუსხელიშვილი 1987, გვ. 184; ანჩაბაძე 1987, გვ. 185). იმავე აზრისაა ზაზა ალექსიძეც, რომლის თქმითაც „ლეონტი მროველისა და ჯუანშერის სახელით ცნობილი თხზულებები XI საუკუნეზე ადრინდელია და სხვადასხვა ავტორს უნდა ეკუთვნოდეს. ამ თხზულებებს XI ს-ში გაუკეთდა ერთიანი კონცეფციით მნიშვნელოვანი რედაქცია და ამ რედაქციის ავტორი უნდა იყოს ლეონტი მროველი.“ (ალექსიძე 2016, გვ. 280).

გივი წულაიას აზრით, ეს ორი თხზულება  ორი სხვადასხვა ავტორის ნაწარმოები უნდა იყოს, ვინაიდან მათში იკვეთება დიამეტრალურად ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგიურ პოზიცია. თუკი ლეონტისთან იგრძნობა არმენოფილური ტენდენცია მის მიერ კავკასიის ხალხთა გენეალოგიის კონსტრუირებისას, ვახტანგ გორგასლის ისტორიაში მსგავსი ტენდენცია არ არსებობს. შედეგად, „უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორი ავტორი ეკუთვნოდა შუა საუკუნეების ქართული ისტორიული აზროვნების ორ სხვადასხვა სკოლას (ანდა მიმართულებას).“ (Цулая 1986, გვ. 14). მეტი დეტალებისათვის, იხ. ისტორიოგრაფია. ჯუანშერი

ზაზა ალექსიძე თვლის, რომ ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებში ასახულია ანტიკურ და გვიან ანტიკურ პერიოდში, „ფუნქცია ორ იმპერიასა და ორ ცივილიზაციას, სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეული საქართველოსი: ამ ორი ცივილიზაციის შერიგება“ (ალექსიძე 2007, გვ. 177) და, პარალელურად, საქართველოს დასავლური ორიენტაციის გაცხადება. მკვლევრის აზრით, „ქართულმა მოაზროვნე საზოგადოებამ... თეორიულად სწორი არჩევანი გააკეთა: თავი ბიბლიური ნოეს შვილის, იაფეტის ჩამომავლად გამოაცხადა („ცხოვრება მეფეთა“) და არა სემისა ან ქამისა. ეს იყო პირველი სერიოზული, მაგრამ ჯერ კიდევ არა საკმარისი, განაცხადი ქართველთა დასავლური ორიენტაციის თეორიულ გასამართლებლად...“ (იქვე, გვ. 173) შემდეგ „ალექსანდრე მაკედონელის წყალობით საქართველო მონოეთნიკურ ქვეყნად ყალიბდება“ (იქვე, გვ. 174). ფარნავაზთან ერთად ალექსანდრეს მიერ ქართლში მმართველად დატოვებულ აზოს განუდგებიან აგრეთვე „ჰრომნი ათასნი მხედარნი,“ რომელმაც ალექსანდრეს ქართლში ჩამოასახლა აზოსთან ერთად. შედეგად, ლეონტის მიერ დახატული „ორი ცივილიზაციის შემრიგებლური სურათი ამგვარია: ფარნავაზი ხდება „ერთიანი საქართველოს პირველი ქართველი მეფე, თუმცა დედით სპარსია. იგი ქართულ ენას აცხადებს ერთადერთ (სახელმწიფო) ენად. ქმნის ქართულ მწიგნობრობას (დამწერლობას), სახელმწიფო ადმინისტრაციულ სისტემას აყალიბებს აღმოსავლურს (სპარსულს1), ხოლო სოციალურის - დასავლურს (რომეულს2)... ეს არის სიმბოლური სახე საქართველოს მთელი შემდგომი განვითარებისა, ყოველ შემთხვევაში, მონღოლთა ბატონობამდე მაინც. ეს არის ის მთავარი თავისებურება, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურსა და გეოკულტურულ სიტუაციას ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებისაგან მკვეთრად განასხვავებს მთელი ისტორიის მანძილზე.“ (იქვე, გვ. 177). 

საქართველოს, როგორც ორ მეზობელ ცივილიზაციას შორის შემრიგებლის ფუნქცია, ზაზა ალექსიძის თქმით, აღწერილია აგრეთვე ჯუანშერის თხზულებაშიც. მკვლევარს მოყვანილი აქვს სპარსელთა და ბერძენთა ბრძოლის ეპიზოდი, როდესაც სპარსელთა მხრიდან ბრძოლის ველზეა ვახტანგის დედის ძმა, ხოლო ბერძენთა მხრიდან - კეისრის დისწული პალეკარპოსი.  ჯერ ბრძოლაში იღუპება ვახტანგის ბიძა ვარაზ-ბაკური. შემდეგ კი პალეკარპოსი ვახტანგს ორთაბრძოლაში იწვევს. ვახტანგი კლავს პოლიკარპოსს. „აი, შემდეგ კი ხდება შუა საუკუნეებისათვის გასაოცარი ამბავი. ქართველები დაიტირებენ დაღუპულ სპარსელებსაც და ბერძნებსაც.“ (იქვე, გვ. 180) თუმცა ვახტანგ გორგასლის საბოლოო, დასავლური ორიენტაცია კი ჩანს ჯუანშერის მიერ მოტანილ ანდერძი, რომელშიაც ვახტანგი საკუთარ შთამომავლებს სთხოვს,  „სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხყოფთ და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ,“ ამდენად, ჯუანშერის თანახმად, „ბერძენთა სიყვარული“ ანუ დასავლური ორიენტაცია ვახტანგ გორგასალმა დასაბამითგანვე ფარნავაზიანთა დინასტიის სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხადა. ასე ორგანულად ებმის ერთმანეთს ორიენტაციის თვალსაზრისით „ქართლის ცხოვრების“ ორი საწყისი ნაწილი ერთმანეთს.“ (იქვე, გვ. 181). ამდენად, ლეონტის მიერ გაკეთებული „ჯერ კიდევ არასაკმარისი განაცხადი ქართველთა დასავლური ორიენტაციის შესახებ“ თეორიულად გამყარდა ჯუანშერის მიერ ვახტანგ გორგასლის ანდერძში ცხადად გაცხადებულ პოლიტიკურად და კულტურულად დასავლური ორიენტაციაში.

გიორგი მელიქიშვილი კი ქც-ს უძველესი ნაწილის რედაქტორად ლეონტი მროველის ნაცვლად ჯუანშერს მოიაზრებს. მკვლევარი განიხილავს ქც-ს მინაწერთა ინფორმაციას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ გვიანდელი რედაქტორი აიგივებს ჯუანშერს-ავტორს არჩილის მეფობის აღწერისას მოხსენიებულ ჯუანშერ ჯუანშერიანთან, ვინაიდან ზუსტად იმეორებს იქ მოცემულ ინფორმაციას ამ უკანასკნელის მეფესთან ნათესაობის შესახებ. შედეგად, მინაწერი, რომელიც სავარაუდოდ, თავდაპირველად XI საუკუნის მოვლენათა აღწერის დასაწყისში იყო გაკეთებული, გადანაცვლდა VIII საუკუნის ამბების აღმწერ მონაკვეთთან. (Меликишвили 1960, გვ. 30). ამასთან, ქც-ს მეორე მინაწერის ინფორმაციაზე დაყრდნობით მელიქიშვილი ვარაუდობს, რომ ჯუანშერმა საკუთარი თხზულება, რომელიც VI-XI საუკუნეების ისტორიას მოიცავდა, შეუერთა უკვე არსებულ კრებულს, რომელშიაც მოთხრობილი იყო ამბები უძველესი დროიდან ვახტანგ გორგასლის დროის ჩათვლით და რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა: მატიანის ვახტანგამდელი, ანუ „არმენოფილური“ ნაწილი, ქართველთა მოქცევის ამბავი და თავად ვახტანგის ისტორია. (იქვე, გვ. 31-32). 

ქც-ს საწყისის თხზულებების განხილვისას მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ აგრეთვე ლეონტისა და ჯუანშერის მიერ გამოყენებულ ეპიკურ წყაროებს. მაგ., პავლე ინგოროყვა აღნიშნავს, რომ ლეონტისა და ჯუანშერის თხზულებებს „ცხადად ეტყობა გავლენა საგმირო რომანების ჟანრისა... ასე, „ლეონტი მროველის თხზულებაში საგმირო რომანის ყაიდაზე არის აღწერილი თარგამოსიანთა და ნებროთიანთა ომი; ისტორია ქართველი მეფის მირვანისა; ისტორია არბაკისა და ადეროკისა; ისტორია არზუკისა და არმაზავრის და სუმბატ ბივრატიანის ლაშქრობათა; თავგადასავალი ქართველი მეფეების ფარსმან ქველისა, მირდატისა და მხედართმთავრის ფარნავაზისა, ისტორია ამაზასპისა და სხვ.“ (ინგოროყვა 1939, გვ. 200). მკვლევარი აღნიშნავს აგრეთვე ლეონტის თხზულების მსგავსებას ქართულ ფოლკლორულ წყაროებთან და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძეგლი „წარმოადგენს საერო მხატვრული მწერლობის სტილის ნაწარმოებს.“ (იქვე). ქც-ს შესავალი ნაწილის ფოლკლორული წყაროების შეისწავლა აგრეთვე გივი ახვლედიანმაც. (ახვლედიანი 1990).

არანაკლები მნიშვნელობა მიანიჭეს ქართველმა მეცნიერებმა აგრეთვე ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებზე სპარსული ეპიკური ნაწარმოებების ზეგავლენის ანალიზს. კორნელი კეკელიძის თანახმად, ლეონტისთან მოხსენიებული „სპარსთა ცხოვრება,“ სავარაუდოდ, ფირდოუსის შაჰ-ნამეს უნდა წარმოადგენდეს (კეკელიძე 1981, გვ. 254; კეკელიძე 1973, გვ. 16-21). პავლე ინგოროყვას აზრით, „უჯარმელის თხზულება „ჰამბავი ვახტანგ გორგასარისა“ - შედარებით ლეონტი მროველის თხზულებასთან წარმოადგენს შემდეგს საფეხურს ისტორიულ-ეპიური ჟანრის განვითარებაში. თუ ლეონტი მროველის თხზულებაში საგმირო მოთხრობათა ეპიური სტილით დამუშავებულია მხოლოდ ცალკე ეპიზოდები, „ჰამბავი ვახტანგ გორგასარისა“ მთლიანად წარმოადგენს ტიპიურ ეპიურ-ისტორიულ რომანს).“ (ინგოროყვა 1939, გვ. 207). ფალაური (ანუ საშუალო სპარსული) ეპოსის, როგორც წყაროს კვალი ლეონტისა და ჯუანშერის თხზულებებში საგანგებოდ შეისწავლა გურამ მამულიამ (მამულია 1964). მკვლევრის ვარაუდით, ლეონტის (რომელიც მას VIII საუკუნის ავტორად მიაჩნია) უნდა გამოეყენებინა „ე.წ. ხოდაჲ-ნამეს ერთ-ერთი არაბული კომპენდიუმი... ამ „სპარსთა ცხოვრებიდან“ ამოკრებილი ცნობებით ისტორიკოსი ფალაურ ეპოსის ქართულ ვერსიებს ახსნა-განმარტებებს ურთავდა.“ (მამულია 1964, გვ. 243). ხვადაი-ნამაგს (Khwaday-Namagh), ანუ ფირდოუსის წინანდელ სპარსულ ეპიკურ-ისტორიულ „სამეფო ანალებს“ ახსენებს, როგორც ლეონტის თხზულების წყაროს, აგრეთვე კირილ თუმანივიც (Toumanoff 1943, გვ. 166-167). რობერტ თომსონის თქმით კი, ლეონტი არა მხოლოდ კარგად იცნობს ირანულ ტრადიციას, არამედ იგი იყენებს სპარსულ ნაციონალურ ეპოსს, როგორც ჩარჩოს ადრეული ქართული ისტორიისათვის. (Thomson 1996, გვ. 514).

სპარსულ, კერძოდ კი, სასანურ რეალობასთან დააკავშირა ეს ორი თხზულება სტივენ რაპმაც, რომელიც, აჯამებს რა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მოსაზრებებს საკითხის ირგვლივ, ასკვნის, რომ „ქც-ს ორი წინარე-ბაგრატიდი ნარატივი რადიკალურად განსხვავებულ სურათს წარმოადგენენ. ნაცვლად სტერილური, დეკონეტქსტუალიზირებული ხედვისა, მეფეთა ცხოვრება და ვახტანგის ცხოვრება აღმოსავლეთ საქართველოსა და მთლიან კავკასიას წარმოადგენენ როგორც ირანული კულტურული სამყაროს ჩრდილო-დასავლურ სექტორს....  ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ავტორი V საუკუნის ქართველურ მეფობასა და საზოგადოებას არა მხოლოდ მეფეთა ცხოვრების მსგავსად, ირანული ყალიბის მიხედვით ძერწავს, არამედ ქრისტიან მონარქს, ვახტანგ გორგასალს სასანიანთა მსგავს გმირ-მეფედ სახავს.“  (Rapp 2014, გვ. 184). ამდენად, ნარატივი სასანური სიმბოლიკითაა გაჟღენთილი, მიუხედავად იმისა, რომ თხზულება დაახლ. 800 წელს,3 ანუ ქართლის გაქრისტიანებიდან დაახლ. ხუთი საუკუნისა და სასანიანთა დაცემიდან ნახევარი საუკუნის შემდგომ უნდა იყოს შექმნილი. მკვლევარი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მეფეთა ცხოვრების უკანასკნელი ნაწილი, რომელსაც იგი მირიანის შთამომავალთა ცხოვრებას უწოდებს და რომლის ავტორადაც თავად ლეონტი მროველი მიაჩნია, მოკლებულია ირანულ სიმბოლიზმსა და ორივე თხზულების ირანულ კონტექსტს. 

სტივენ რაპი აღნიშნავს, რომ მეფეთა ცხოვრებისა და ვახტანგის ცხოვრების აშკარა ირანული ელფერი ტრადიციულად აიხსნება ბაგრატიდთა ოქროს ხანის პერიოდში სპარსული ეპიკური ლიტერატურის განსაკუთრებული შეფასებითა და „ბიზანტიზირებულ“ ბაგრატიდთა სიძლიერის ეპოქაში ქართული არისტოკრატიის შენარჩუნებულ მჭიდრო კავშირთან ახლო და შუა აზიის დიდებულებთან.  თავად რაპის აზრით კი, ეს ფაქტი იმით უნდა აიხსნას, რომ ეს ტექსტები, რომელთა რედაქტირებაც მოხდა XI საუკუნეში, გაცილებით ადრეა დაწერილი. (იქვე, გვ. 184-185). 

რაპის მოსაზრებით, ქც-ს არქეტიპი, რომელიც, შესაძლოა, არ იყო ამ სახელით ცნობილი, უნდა შეედგინათ IX საუკუნის მეორე ნახევარში და მასში უნდა ყოფილიყო გაერთიანებული მეფეთა ცხოვრება (ჩვენამდე მოღწეულ ტექსტზე უფრო ვრცელი ვარიანტი), ვახტანგ გორგასლის ცხოვრება და ფსევდო-ჯუანშერის გამგრძელებლის თხზულება. სამივე უნდა დაწერილიყო ბაგრატიდთა წინარე პერიოდში, 813 წლამდე. ლეონტი კი, როგორც მრავალგზის იქნა აღნიშნული ქართველ მეცნიერთა მიერ, სავარაუდოდ, ქართლის ცხოვრების ჩვენთვის ცნობილი ფორმის პირველი შემდგენელ-რედაქტორი უნდა ყოფილიყო, ანდა, როგორც მინიმუმ, მას უნდა მოეხდინა ჩვენამდე მოღწეული მეფეთა ცხოვრების ტექსტის რედაქტირება (იქვე, გვ. 173-174).

მკვლევრის აზრით, პრე-ბაგრატიდთა პერიოდში შექმნილი თხზულებები შემდეგია:

ლეონტი მროველის ჰამბავი მეფეთაში:

  1. მეფეთა ცხოვრება - დაწერილი უნდა იყოს დაახ. 780-813 წლებში
  2. ნინოს ცხოვრება - დაწერილი უნდა იყოს IX/X საუკუნეში
  3. მირიანის შთამომავალთა ცხოვრება - დაწერილი უნდა იყოს 813 წლის შემდგომ, შესაძლოა ლეონტი მროველის მიერ, XI საუკუნის შუა წლებში (იქვე, გვ. 172; 184)

ჯუანშერის თხზულება:

  1. ვახტანგ გორგასლის ცხოვრება - დაწერილი უნდა იყოს დაახ. 780-813 წლებში
  2. ვახტანგის ცხოვრების გაგრძელება, რომელიც ფსევდო-ჯუანშერს მიეწერება - დაწერილი უნდა იყოს დაახ. 780-813 წლებში (იქვე, გვ. 173)
  1. ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზმან მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა“ ამბობს ლეონტი ქვეყნის საერისთავოებად დაყოფის თაობაზე ↩︎

  2. ჰრომნი აზნაურნი „განყვნა ჴევთა და ქუენანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუბრძოლასა მას აზონისსა მხნედ იყვნეს, და უწოდა მათ აზნაურნი.“ ↩︎

  3. მკვლევარი იზიარებს კირილ თუმანოვისა და მიხეილ თარხნიშვილის მიერ შემოთავაზებულ დათარიღებას ↩︎

ბიბლიოგრაფია

ალექსიძე, ზაზა 2016. „ომისა და მშვიდობის ეთიკა ძველი ქართველი ისტორიკოსის თვალთახედვით.“ კრებულში: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. III. თბილისი:  [n.l], 280-286. პირველი გამოცემა კრებულში: ზურაბ კიკნაძე. საიუბილეო კრებული. რედ. შუქია აფრიდონიძე და ნინო დობორჯგინიძე. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013,  225-233

ალექსიძე, ზაზა 2007. „სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ.“ კრებულში: მარიამ ლორთქიფანიძე 85. რედ. ვალერი სილოგავა. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 173-182. Repr.: მისივე: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. II. თბილისი; [n.l.], 2011, 267-275.

ანჩაბაძე გიორგი 1987. “ჯუანშერი და მისი ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა.” მაცნე იაეხს 4: 184-188.

არახამია გონელი 1987. „ქართლისცხოვრების დასაწყისი ნაწილის შედგენილობის შესწავლის მეთოდისათვის.“ მაცნე იაეხს 4: 171-173

ახვლედიანი გივი 1990. „ქართლის ცხოვრების“ ფოლკლორული წყაროები. თბილისი: საქართველო

ბოგვერაძე, ანრი 1987. „ლეონტი მროველის ერთი ისტორიულ-პოლიტიკური კონცეფციის შესახებ (ლეონტი-ჯუანშერის იდენტიფიკაციისათვის).“ მაცნე იაეხს 4: 173-177.

ბოგვერაძე, ანრი 1968. „ქართლის ცხოვრების პირველი მატიანე და მისი ავტორი.“ კრებულში: ქართული ისტორიოგრაფია I. რედ. პროკოფი რატიანი და სხვ. თბილისი: მეცნიერება, გვ. 8-44.

გრიგოლია, კონსტანტინე 1976. „მატიანე ქართლისა და მისი დასათაურების საკითხისათვის.“ კრებულში: ივანე ჯავახიშვილი 100. ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. რედ. გიორგი მელიქიშვილი. თბილისი: მეცნიერება, გვ. 218-232.

ინგოროყვა, პავლე 1939. „ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. წერილი მეორე. მესამე პერიოდი ქართული მწერლობისა. ადრეული ფეოდალიზმის ხანა (მე-8-11 საუკუნეები).“ მნათობი 11: 97-141, 197-272.

კეკელიძე კორნელი 1973., „ლეონტი მროველის ლიტერატურული წყაროები.“ წიგნში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. XII, თბილისი: მეცნიერება, 10-31.

კეკელიძე კორნელი 1957. "ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსი და მისი ისტორია (ისტორიულ-ლიტერატურული ექსკურსი). კრებულში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან IV. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 187-201 (პირველი გამოცემა: ჩვენი მეცნიერება 4 (1923):

მამულია, გურამ 1964. „ლეონტი მროველის და ჯუანშერის წყაროები (ფალაური ეპოსი ლეონტი მროველის და ჯუანშერის საისტორიო თხზულებებში. წყაროთა სტრუქტურული ანალიზი.“ მაცნე 4: 243-275

მუსხელიშვილი, დავით 1987. „ქართლის ცხოვრების შედგენილობისათვის.“ მაცნე იაეხს 4: გვ. 183-184.

ხოშტარია-ბროსე, ედიშერ 1987. „ქართლის ცხოვრების დასაწყისი ციკლის კომპოზიციის შესახებ.“ მაცნე იაეხს 4: 180-83.

Rapp, Stephen Jr. 2014 The Sassanian World Trough the Georgian Eyes. Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature. Farnham-Burlington: Ashgate, 2014

Thomson, Robert W 1996. “The Writing of History: the Development of the Armenian and Georgian Traditions.” in Il Caucaso: cerniera fra culture dal Mediterraneo alla Persia (secoli IV-XI): 20-26 aprile 1995, Spoleto. T. 1. Settimane di studio del Centro Italiano di studi sull’alto medioevo 43. Spoleto: Presso la cede del centro, 493-514.

Toumanoff 1943 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Меликишвили, Гиоргий Александрович 1959. К истории древней Грузии. Тбилиси: Издательство Академии Наук Грузинской ССР


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი