ირმა ყარაულაშვილი
მიქელ-გობრონის წამება
|
|
წმ. მიქაელ-გობრონის ამსახველი ფრესკა, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი. თარიღდება 1384 – 1396 წწ. |
ტექსტის ორიგინალური სათაური: წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყველის ციხით
ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: ტექსტი მხოლოდ გვიანდელ, XVIII-XIX ხელნაწერებშია შემორჩენილი (ყველაზე ადრინდელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Ms A-130, რომელიც 1713 წლით თარიღდება; გაბიძაშვილი 2010, გვ. 163). ქართულ სამწერლობო ტრადიციას შემოუნახავს აგრეთვე თხზულების მეტაფრასული და სვინაქსარული ვერსიები (XVIII საუკუნის ხელნაწერებში), მათ შორის ანტონ კათალიკოსის მიერ დაწერილი და მარტირიკაში შეტანილი ვერსიაც.
როგორც ცნობილ ფრანგ ქართველოლოგს, ბერნადეტ მარტენ-იზარს ტექსტის კრიტიკული გამოცემის საფუძველზე აქვს მითითებული, თხზულებას ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, ვინაიდან უძველეს ხელნაწერში ტექსტის პირველ ნაწილში, „აშიაზე... მხედრულით სწერია; „აქა ბევრი აკლდა დედას“ და სვეტის ნახევარზე მეტია გაშვებული დაუწერლად.“ (Martin-Hisard 1992, გვ. 209). თუმცაღა, გამომდინარე იქიდან, რომ ნარატივის შესავალი ნაწილი საღვთისმეტყველო პასაჟებს შეიცავს, უშუალოდ მარტვილობის ტექსტი, როგორც ჩანს, ნაკლული არ უნდა იყოს.
თხზულების დაწერის დრო: 914-918 წწ.
თხზულების ავტორი: სტეფანე მტბევარი, ეპისკოპოსი, „IX საუკუნის გასულისა და X საუკუნის პირველი მეოთხედის მოღვაწე“ (კეკელიძე 1980, გვ. 145).
ავტორი თვითიდენტიფიკაციას აკეთებს თავად ტექსტში. სადაც სათაურის შემდეგ ვკითხულობთ: „მე სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან დავწერე ბრძანებითა აშოტ ერისთავთა-ერისთავისაჲთა.“
გარდა ამისა, როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, იგი, სხვა იმდროინდელ მწერლებთან ერთად მოხსენიებულია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, როგორც ტაო-კლარჯეთის სამწიგნობრო ცენტრის ერთ-ერთი მოღვაწე: „რამეთუ ვჰგონებდ ცხოვრებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა: დიდი სოფრონ, სანატრელი მამაჲ, შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმაშჱნებელი და უკუნისამდე გჳრგჳნი მისი. და ღმერთშემოსილი მამაჲ ილარიონ პარეხელი და ქრისტჱს მღდელმოძღუარნი ღირსნი გიორგი მაწყუერელი ეპისკოპოსი და სტეფანე მტბევარი ეპისკოპოსი პირველი, და სხუანი მსგავსნი მათნი.“ (კეკელიძე 1980, გვ. 143)
კეკელიძის თქმით, სტეფანე მტბევარი არა მხოლოდ ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული პირია, არამედ აგრეთვე მთარგმნელიც, რომელსაც სხვა მწიგნობარნი რჩევას ეკითხებიან. ქართულ სამწერლობო ტრადიციაში შემონახულია ვინმე დაჩის მიერ სომხურიდან ნათარგმნი ეგზეგეტიკური ნაშრომი თარგმანება დავითის ფსალმუნებისაჲ (ორიგინალური ტექსტის ავტორი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპიფანე კვიპრელია). ამ ტექსტთან ერთად ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე მისმა თანმხლებმა წერილმა, რომლიდანაც ირკვევა, რომ დაჩი მის მიერ შესრულებულ თარგმანს სტეფანე მტბევარს უგზავნის და მის გადამოწმებას სთხოვს (კეკელიძე, გვ. 143). დაჩის მიერ სტეფანე მტბევარისადმი მიწერილი ეპისტოლის ტექსტი გამოქვეყნებული აქვს ილია აბულაძეს (აბულაძე 1944, გვ. 197-198). წერილში ნათქვამია: „ხოლო მე მსგავსად ძალისა ჩემისა მცირედნი ესე ასერგასისთა მათგან შენ მოგიძღუენ. უკუეთუ ჯერ არს განსრულებაჲ, სიწმიდემან შენმან განასრულენ...“ აბულაძის თქმით, წერილიდან ირკვევა, რომ სტეფანე მტბევარს „უცხო ენა, თუ ენები, სცოდნია და დიდად განათლებული კაცი ყოფილა.“ (იქვე, გვ. 0185) როგორც მკვლევარი მიუთითებს, წერილში დაჩი ამბობს, რომ იგი ფლობს სომხურს, მაგრამ არ იცის ბერძნული. ამდენად, საფიქრებელია, რომ დაჩი სტეფანე მტბევარს მისი თარგმანის მართლმადიდებლურ მრწამსთან შესაბამისობის დადასტურებას სთხოვს და, აბულაძის დასკვნით, იღებს კიდევაც. (იქვე, გვ. 0187-0188)
თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: ია გრიგალაშვილის თქმით, „სტეფანე მტბევარი გადმოსაცემ რეალურ, ისტორიულ ამბავს, სხვა ჰაგიოგრაფთა მსგავსად, თეოლოგიური ლიტერატურიდან მოხმობილი მასალით სრულქმნის და განსაზღვრული მხატვრული თანმიმდევრულობით განალაგებს. შუა საუკუნეების ქრისტიანულ ხელოვნებასა და ღვთისმსახურებაში ასახულ მარადიულ ბიბლიურ თემათა დიდი ნაწილი მხატვრულ ასახვას პოულობს „მიქელ-გობრონის მარტვილობაში,“ რაც განაპირობებს კიდეც მის კომპოზიციურ აგებულებას. (გრიგალაშვილი 2007, გვ. 159). მკვლევარს ნაწარმოების იერარქიული პრინციპი ჯვარგუმბათოვანი ტაძრის იკონოგრაფიის იერარქიულობას აგონებს და ამგვარად ესახება: ქრისტე > მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები > მამამთავარნი იოსები და იობი > წინასწარმეტყველნი > მოციქულები > დიდმოწამენი > წმინდანნი - ამ კატეგორიაში თავად გობრონი და 133 მოწამე მოიაზრება. (იქვე, გვ. 164-165).
ნესტან სულავას თქმით, „თხზულებაში სამი კომპოზიციური კომპონენტი გამოიყოფა: შესავალი, ძირითადი ამბავი და დასასრული. თხზულების შესავალი მდიდარი და გაჯერებულია საღვთისმეტყველო სწავლებით, ბიბლიური ციტაციები, რომელთაც ავტორი საგანგებო მიზანდასახულობითა და კონტექსტისათვის შესაფერისი შინაარსის გადმოსაცემად იყენებს. თხზულების შედარებით მცირე დასასრული კი ერთგვარი შეჯამებაა მწერლის მიერ მოთხრობილი ამბის მნიშვნელობისა ქართველი ერისათვის.“ (სულავა 2024, გვ. 452)
ბერნადეტ მარტენ-იზარის აზრით, თხზულება ოთხი ნაწილისაგან შედგება, ამასთან მხოლოდ ორი ნაწილი ეძღვნება გობრონს; დანარჩენი კი, მკვლევრის აზრით, პირდაპირ თუ ირიბად სომხეთს ეხება და სწორედ ტექსტის ეს „სომხური“ ნაწილები შეიცავს ბიბლიურ პასაჟებს და ანტი-სომხურ პოლემიკას. (Matin-Hisard 1992, გვ. 217)
ნაწილი პირველი, რომელსაც მარტენ-იზარი ასათაურებს, როგორც “უფალი სჯის გასასტიკებული გულის მქონე ადამიანებს.“
თხზულების ამ ნაწილში ტბეთის ეპისკოპოსი ახსენებს ქრისტიანებს, რომ „მოციქული იტყჳს: სრულთათჳს არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელნი სწავლასა უფლისასა მადლობით შეწყნარებად ღირს იქმნნეს და ცოდვისა რისხვითა გულის-წყრომისა მისასაჲცა ჩუენებად ძალი მისი.“ იგი აგრეთვე მოიხმობს პავლეს სიტყვებს, რომ „მოიწიოს რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა ზედა ურჩებისათა.“ ავტორი მოკლედ ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც კაცობრიობის მოდგმამ თავისი ცოდვებით გადაავსო ღვთის მოთმინების ფიალა, რამაც უფლის მხრიდან მათი დასჯა გამოიწვია. ბიბლიური პასაჟებითა შეკრული ამგვარი შესავლის შემდეგ ავტორი (კვლავ ბიბლიური ციტატებით გაჯერებულ მონაკვეთში) გვამცნობს, რომ „ესრეთვე სცოდა ბოროტი დიდმან სახლმან სომხითისამან... და მისცნა იგინი მახჳლსა ბოროტსა და ტყუეობასა საწყალსა და სალმობასა სიყმილისასა განმამრუდებელსა და სრვასა სიკუდილისასა უწყალოსა, რომელთა მფლველ არავინ იყო. და დაეცნეს, ვითარვა ხენი ქუეყანისასა... რამეთუ მოციქულთა მიერ ქადაგებული მართლმადიდებლობისა იგი სარწმუნოებაჲ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისაჲ განაგდეს და მოძღვართა მიერ წმიდათა კრებათა ღმრთივ სულიერთა განწესებული კანონი საეკლესიოჲ შეურაცხყვეს.“
მათ შორის მწვალებლური რწმენა დამკვიდრდა, ხოლო ვინაიდან სომხები ამპარტავანი, ანგარებიანები, ლაღები და ცოდვის მოყვარულნი, უმოწყალონი, უსიყვარულონი და უკეთურებით სავსენი არიან, აოხრდა მათ მიწაზე 87 ხევი (მოცემულია ხევთა საზღვრები, სახელები და რაოდენობა, მაგ. „ვასპურაგანი1 - ათორმეტი ჴევი“) უფლის სიტყვით მათი ცოდვების გამო, ვინაიდან არ მოიძებნა მათ შორის მართლმადიდებელი.
შედეგად, „აღიძრა მეფჱ სარკინოზი, სახელით აბულ-კასიმ, ძჱ აბულ-საჯისი ამირისაჲ, და უფალი სპარსეთისაჲ,2 რომელსა ჰმონებდა სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შჳდნი მეფენი ჰმორჩილებდეს ძლიერნი.“ მრავალრიცხოვანი ჯარით შევიდა იგი ქალაქ დვინში,3 რომელიც მოაოხრა. „რამეთუ ესე არს ჩუეულებაჲ მათი: პირველად ხარკნი იგი თანანადებნი ძებნნეს, ძღუენნი და ნიჭნი კაეტთა (ანუ, მთავართა - ი.ყ.) მათთათჳს, რამეთუ მოხარკე მისა იყვნეს. მერმე წინა ჟამისა ბეგარანი სთხოვნეს. და უცალოებასა თჳსსა ჰამბავად იტყჳან, დაქცევასა თჳსსა ასწრაფებენ, და ესრეთ მანქანებით დააცალიერნა საფასეთა მათთაგან, რაჲთა ადვილად მძლე ექმნას, რომელიცა იყო ესრეთ.“ და ვინაიდან ამ დროს სომეხთა მეფე ვერ უწევდა სარკინოზებს წინააღმდეგობას, თავის გადასარჩენად „მიივლტოდა იგი მთათა ზედა აფხაზეთისასა;“4 ხოლო ჴელმწიფეჲ შეუდგა მის ძებნას, რათა სასტიკად დაესაჯა.
ნაწილი მეორე: ყველის ციხის ალყა და აღება
„და მოვიდეს იგინი ციხესა მას ყველისასა, რომელი იყო გურგენ ერისთავთა ერისთავისა, რომელსა შინა იყვნეს აზნაურნი წარჩინებულნი და სანატრელი მოწამჱ ქრისტჱსი გობრონ მათ თანა.“ ციხეს „გარე შეადგეს კარვები იგი მათი, ვითარცა თოვლი;“ არაბები ხუთი სოფლის მოსახლეობას შეადგენდნენ და ძლივს დაეტივნენ ციხის გარშემო, ხოლო „საბელნი იგი კარვებისა მათისა[ნი] განეთხზნა ურთიერთას, რამეთუ ესე იყო ჩეულებაჲ დადგრომისა მათისაჲ, ნათესავთა მათ საძაგელთა, უღმრთოთა, ფიცხლად-მოისართა, რომელნი ჭამდეს ძაღლთა, თაგუსა, კაცსა და ყოველსა არაწმიდასა.“ მათ საბრძოლველად გამზადებული ჰქონდათ ქვის სატყორცნები, თან ასეული აქლემით მოეზიდათ ისრები და შუბები. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, „სიმრევლჱ ტყორცებულთა მათ ისართაჲ შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა.“ ქართველი მეომრები მამაცად იბრძოდნენ; მათ შორის მამაცობით გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი, რომელმან სახელი შეიცვალა. თავიდან მას მიქელი ერქვა, მერე კი დაერქვა გობრონი.
ბრძოლა ერთ დღეში არ დასრულებულა. როდესაც არაბები ნახავდნენ ვინმე ქართველს, რომელიც „ზღვარსა არტაონისასა“5 შიმშილობის გამო ყანიდან თავთავების საკრებად იყო გამოსული, დაიჭერდნენ, შეკრებდნენ მათ ციხის ახლოს და ხოცავდნენ. იმ დროს “ურიცხუნი იგი ერნი მართლმადიდებელთანი აჭარას და შავშეთს შეწყუდეულ იყვნეს, რომელნი ვითარცა მკალნი მოსჭამდეს ფურცელთასა ხეთასა და მწუანილოვანსა ქუენანისასა“ შავშეთი კი მხეცთათვის შეუვალ ზღუდედ იქცა.
ასიმი მეციხოვნეებს 28 დღეს ებრძოდა, ბოლოს მათ მოახერხეს ზღუდის გარღვევა, მაგრამ გობრონი გამოხტა მათთან საბრძოლველად. მან მოახერხა არაბების განდევნა. „და ვითარ არა იყო არცა შეწევნაჲ, არცა წინააღდგომაჲ, საფიცი ითხოვეს, რამეთუ ღმერთმან განიჭნა იგინი. ესრჱთ გამოიყვანნა იგინი და განუყვნა კაეტთა თჳსთა რიცხჳთ ვითარ ორასნო ოდენ,“ და ყველას უბრძანა გობრონის ჩუმად შეპყრობა „და ესრჱთ წარემართა.“ გობრონი კი შეიპყრეს, და სთხოვდნენ რჯულის დათმობას. „და მიიწივნეს თალინს.6 და რავდენნი უბრალონი სისხლნი დაათხინეს მათგან, არღაცხად ვინმე შეუძლოს?“
ნაწილი მესამე. მეფე სმბატისა და სომხეთის დასჯა.
„შემდგომად მარტჳლობისა წმიდისა გობრონისა“ სმბატ მეფე სომხეთში დაბრუნდა, შევიდა კაპოეტის ციხეში. მიადგა ასიმი ციხეს, აიღო იგი და დაატყვევა მეფე და მასთან ერთად „ყოველნი მთავარნი, დიდნი სომხითისანი და აზნაურნი.“ მრავალი ტანჯვის შემდეგ მან მოკლა სმბატი და „თავმოკუეთილი ჩამოჰკიდა ძელსა საშუვალ ქალაქსა დვინისასა.“ მწერლის მიერ მოყვანილ ამ ფაქტობრივ ინფორმაციას მოსდევს ვრცელი პასაჟები, რომლებშიაც მოცემულია ციტატები ბიბლიიდან. მათი საშუალებით თხზულების ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს სომხეთში დატრიალებული ამბავი უფლის მიერ დაშვებულ ქმედებად.
ნაწილი მეოთხე. გობრონის მარტვილობა.
„და რაჟამს მოიწია ჟამი იგი, გამოვიდა ბრძანებაჲ ჴელმწიფისა მისგან წოდებად ჩინებულთა მათ ტაბლასა მას წამებისასა და წარდგომად დალიჭსა მას საშინელსა განჩინებასა სიკუდილისასა.“ ავტორის თქმით, სარკინოზებს წესი ჰქონდათ, რომ როცა ქრისტიანების სიკვდილით ბრძანება გამოიცემოდა, ისინი იარაღდებოდნენ, როგორც ბრძოლის დღეს და „აღლესიან მახჳლნი მათნი მოსწრაფედ დათხევად სისხლისა და ერთიერთსა უსწრობნ.“
როცა შეპყრობილი მეომრები, „რომელნი-იგი გამოიჩინა ღმერთმან მარტჳლად თჳსა, რიცხჳთ ვითარ ას ოც და ათცამეტი,“ გამოიყვანეს ყველის ციხიდან, მათთან ერთად დააყენეს მოწვეული აზნაურებიც, რომლებიც მეფე ადარნერსეს გამოეხსნა. მოწამებრივი სიკვდილისთვის გამეტებული მეომრები მაშინვე მიხვდნენ, რაც ელოდათ და გადაწყვიტეს ღირსეულად შეხვედროდნენ აღსასრულს. „მაშინ ვითარცა მჴეცნი ბოროტნი განძჳნებულნი შეკრინეს აღრეულად და ერთიერთსა უწსრობდეს, რომელნიმე მახჳლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს ჴორცთა მათთა, დანებითა განაპებდეს და ღჳძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა პირითა განეტაცა, და ესრჱთ დასთხინეს სისხლნი მათნი, და ესრჱთ სრულ იქმნა წამებაჲ მათი ქრისტჱს მიერ.“
გობრონი კი ამირას წინაშე მოიყვანეს, რომელმაც უთხრა: „მეწყალის მე სიკეთჱ სიჭაბუკისა შენისაჲ და მშურის სიკუდილისათჳს მჴედრობაჲ შენი, რომელი სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა.“ ამირა სთხოვს გობრონს რწმენის შეცვლას და აღუთქვამს, რომ ისმაიტელთა რწმენის აღიარების შემდგომ “აღგითქუამ თქუენ, ვიცით ჩუენ ამის სუბუქისა შემდგომად, რომლისაცა კაეტისა ინებო მთავრობაჲ, მოგცე შენ, პალატი, კარვები, მონები, ტაძარი, აქლემები, საჭურველთა შუენიერი სიმრავლჱ, და გყო შენ ვითარცა ერთი რჩეულთა ჩემთაგანი. საყუარელ იყო ჩემ წინაშე და პატივცემულ ყოველთა ამათგან ლაშქართა.“
გობრონისაგან უარის მიღების შედეგ ამირამ ბრძანა მისი წაყვანა და მისთვის დასახიჩრებული თანამებრძოლების ჩვენება. აგრეთვე გობრონისთვის უნდა ეჩვენებინათ პალატები და კარვები, რათა მას არჩევანი გაეკეთებინა. ამირას შეკითხვაზე, თუ რა აირჩია მან, გობრონმა კვლავ უარი თქვა ქრისტიანობისგან განდგომაზე. ამჯერად ამირამ ბრძანა დარჩენილი მეომრები მის თვალწინ დაეხოცათ და გობრონისთვისაც მცირე ჭრილობები მიეყენებინათ. „და კუალად წარიყვანეს ნეტარი გობრონ, და დაადგინეს შორის დაშთომილთა მათ მოყუასთა და ურიდად შეერინეს მათ მახჳლითა. და ცემასა მას მათსა უწყალოდ სისხლი მათი ეპკურებოდა მას, და რომელიმე გუამი დავარდის მის წინაშე და რომლისამე გუამი შეგორდის ქუეშე ფერჴთა მისთა. და ესრეთ აღასრულნეს წამებანი მათ ყოველთა[ნი] საშინელებითა; ვერ შეაძრწუნეს გული მისი. მაშინ წარუპყრეს ქედი მისი და სცეს მახჳლითა ორგზის ოდენ, და წყლეს მცირედ.“ გობრონმა გამოითავისუფლა ხელი ბორკილიდან, დაისველა თითები სისხლით, გამოისახა შუბლზე ჯვარი და უფალს მადლობა შესწირა, რომ იგი მარტვილობის ღირსი გახადა.
როგორც ავტორი გვეუბნება, „მაშინ წამა ადარნასე მეფემან ჭეშმარიტი მარტჳლობაჲ მისი, ვითარცა გიორგისი და თეოდორესი (იგულისხმება წმინდა გიორგი და წმინდა თეოდორე - ი.ყ).“ ამირამ კვლავ შესთავაზა გობრონს რწმენის შეცვლა და უთხრა: „მე უბრძანო მკურნალსა განკურნებაჲ შენი მცირედისა მაგისგან წყლულისა, და პირველნი იგი აღნათქუემნი მტკიცე ვყვნე შენ ზედა.“ კვლავ უარის მიღების შემდეგ კი უკვე ბრძანა, რომ გობრონისთვის თავი მოეკვეთათ, რაც აღასრულეს კიდევაც და შემდეგ დააგდეს მისი გვამი სხვა მოკლულთა გვამებთან. ამირამ აგრეთვე განკარგულება გასცა, რომ ამოეთხარათ სამი ორმო და იქ ჩაეყარათ ყველა მოკლულის ნეშტი, რათა ქრისტიანებს არ წაეღოთ ისინი დასაკრძალავად. ამას კი სასწაული მოყვა. იმ თხრილის თავზე დადგა ნათლის სვეტი. როდესაც ხალხმა ეს სასწაული იხილა, მივიდნენ და აუწყეს ამირას, რაზეც მან უპასუხა: „ესე სარკინოზთაცა ზედა იქმნების, რომელნი ბერძენთაგან მოიკლვიან.“
თხზულების ბოლოს (რომელსაც ბერნადეტ მარტენ-იზარი და ნესტან სულავა განსაზღვრავენ, როგორც ეპილოგს) მოცემულია მიმართვა მრევლისადმი, რომელშიაც ავტორი მოუწოდებს მკითხველს წმინდანის მოხსენიებისაკენ. ია გრიგალაშვილის კვლევით, ნაწარმოების ეს ნაწილი მომდინარეობს იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური ტექსტიდან „სინანულისათჳს.“7 (გრიგალაშვილი 2005, გვ 91).
ამდენად, ნათელა ვაჩნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, თხზულება აღწერს X საუკუნის მეორე ათეულში საქართველოსა და სომხეთში დატრიალებულ ტრაგედიას, „რომელსაც „ათასეული“ და „ბევრეული“ (10000) ადამიანი მარტო სომხეთში შეეწირა და ვინ იცის რამდენი, საქართველოში. ეს იყო არაბთა სახალიფოს უკანასკნელი დარტყმა სამხრეთ კავკასიაზე.“ (ვაჩნაძე 2011, გვ. 82)
თხზულების კვლევის ისტორია:
როგორც ყველა თხზულების კვლევა, ამ ჰაგიოგრაფიული ტექსტიც შესწავლაც, უპირველეს ყოვლისა, ტექსტის შიდა მონაცემების ანალიზით დაიწყო. კერძოდ კი, დადგინდა, თუ ვინ იყო ნაწარმოების შესავალში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი აშოტი. ქართულ ისტორიოგრაფიულ ნარატივთა მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა, რომ თხზულების დამკვეთია აშოტ ერისთავთ-ერისთავი, რომელიც XI საუკუნის ავტორის, სუმბატ დავითის-ძის ქრონიკის ცნობით, იყო კლარჯეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. სუმბატი მას მოიხსენიებს, როგორც აშოტ გურგენის ძეს, კუხად წოდებულს.8 მისი მთავრობის პერიოდი განსაზღვრულია, როგორც 896-918 წლები (ცაგარეიშვილი 1959, გვ. 129).
სუმბატ დავითის ძის ქრონიკის გარდა, აშოტ კუხიც და გობრონის წამების დეტალებიც მოიხსენიება აგრეთვე XI საუკუნით დათარიღებულ ისტორიოგრაფიულ თხზულებაში მატიანე ქართლისაჲ.9 ამდენად, ამ ორი წყაროს თანახმად, აშოტ კუხს დაუარსებია ტბეთის საეპისკოპოსო საყდარი, რომლის პირველ ეპისკოპოსადაც სწორედ სტეფანე მტბევარი დაინიშნა (ჯავახიშვილი 1977, გვ .117).
ვინაიდან გობრონი 914 წელს იწამა, ხოლო აშოტ კუხი გარდაიცვალა 918 წელს, თხზულების დაწერის დროდ 914-918 წლებს შორის პერიოდი განისაზღვრა (კეკელიძე 1980, გვ. 145; ჯავახიშვილი 1977, გვ. 117)
კორნელი კეკელიძესა და ივანე ჯავახიშვილს თხზულება ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, ვიდრე ლიტერატურული ღირებულების მხრივ. კეკელიძე მიუთითებდა, რომ „მარტვილობა მაინცდამაინც გრძელი არ არის, მაგრამ ისიც, რაც არის, მომეტებულ ნაწილად წარმოადგენს გრძელ საღვთისმეტყველო ტრაქტატს, რომელიც საღმრთო წერილის ტექსტებითა და განყენებული მსჯელობითაა შეზავებული.“ (კეკელიძე 1980, გვ. 145). ამასთანავე, როგორც მკვლევარი აღნიშნავდა, ტექსტი იმდენად მნიშვნელოვანია ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით, რომ „ჩვენი მემატიანე, როდესაც აბულ-კასიმის შემოსევას მოგვითხრობს, უჩვენებს სწორედ გობრონის მარტვილობას.“ (იქვე, გვ. 146). ორივე მკვლევარი მიუთითებდა აგრეთვე გობრონის წამების მნიშვნელობას X საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესასწავლად. კეკელიძე აგრეთვე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ „ავტორის თვალსაზრისი საეკლესიო პროვიდენციალურია,“ ხოლო ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ სტეფანეს არა მხოლოდ „სარწმუნოებრივი სიძულვილი ალაპარაკებს,“ არამედ, როგორც ჩანს, აგრეთვე მას გააზრებული აქვს გაერთიანების გზაზე დამდგარ საქართველოსა და სომხეთს შორის იმ დროისათვის ჩამოვარდნილი „მეტოქეობა და მტრობა.“ მისი აზრით, სწორედ ამ ორი ფაქტორმა განაპირობა თხზულების ტონი სომხებთან მიმართებით (ჯავახიშვილი 1977, გვ. 119-120).
ელენე ცაგარეიშვილის თქმით, „ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება დაბალია. გადატვირთულია ნაწყვეტებით საღვთო წერილიდან და განყენებული მსჯელობებით, მაგრამ მაინც სხვა აგიოგრაფიული ნაწარმოებების მსგავსად საშუალებას გვაძლევს ზოგადად მაინც გავითვალისწინოთ წარსული ეპოქის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების ის ბუნდოვანი მხარეები, რომელთა შესახებ წმინდა ისტორიული წყაროები ან არ არსებობს, ან ძალიან მცირე მოიპოვება.“ (ცაგარეიშვილი 1959, გვ. 127). მკვლევარი აანალიზებს ქართულ და სომხურ ისტორიოგრაფიაში (ძირითადად, სომეხ ისტორიკოსებთან იოანე დრასხანაკერტელთან (IX-X სს.) და სტეფანოს ტარონელთან, იმავე ასოღიკთან (X-XIსს)) შემონახულ ცნობებს გობრონთან დაკავშირებით და ასკვნის, რომ „ქართული და სომხური საისტორიო წყაროები ავსებენ რა ერთმანეთს გობრონის წამებისა და მისი თანადროული ეპოქის ამსახველი მასალებით, საყურადღებო ცნობას გვაწვდიან მე-10 საუკუნის საქართველოსა და სომხეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების ამა თუ იმ მხარის გასაცნობად და შესასწავლად. (იქვე, გვ. 144).
მარიკა ლორთქიფანიძის აზრით, გობრონის წამებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება “X ს. სომხურ-ქართულ სამთავროთა შორის ურთიერთობის საკითხისათვის, X საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, მაჰმადიანთა წინააღმდეგ ბრძოლისა და მაჰმადიანთა მიერ საქართველოში წარმოებული პოლიტიკის გარკვევისათვის.“ (ლორთქიფანიძე 1966, გვ. 63-64). მკვლევარი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სომეხ ისტორიკოს ასოღიკთან არის მოცემული იუსუფის ამიერკავკასიის ლაშქრობის დეტალები და ქრონოლოგია. მისი სამხედრო ოპერაცია ამიერკავკასიაში გრძელდება 907-დან 915 წლამდე, ხოლო მისი საქართველოში ლაშქრობა 907-910 წლებში ხდება; ამასთან, მეფე სმბატის შეპყრობა და დასჯა ამირას სომხეთში დაბრუნების მერე ხდება; მას, სომხურ ისტორიოგრაფიის თანახმად, ადგილი ჰქონდა 914 წელს (იქვე, გვ. 65).
ჯემალ აფციაურის თვალსაზრისით, სტეფანე მტბევარმა, ნაცვლად იმისა, რომ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველებისა და სომხების გაერთიანების მნიშვნელობაზე ესაუბრა, ნაცვლად თხზულების წამყვან თემად მან დოგმატიკური ხასიათის კამათი არჩია (აფციაური 1984, გვ. 24).
ალექსანდრე აბდალაძემ არ გაიზიარა ჯემალ აფციაურის მოსაზრება და აღნიშნა, რომ „სტეფანე მტბევარი თავისი ეპოქის ღვიძლი შვილი იყო, თავისი დროის სულისკვეთებას გამოხატავდა... სტეფანე მტბევარის პოზიციის ესოდენ ნათლად და მკაფიოდ გამოკვეთისათვის ხელი უნდა შეეწყო იმ გარემოებასაც, რომ ჩვენს ავტორს მოღვაწეობა უხდებოდა სომხეთის მეზობლად მდებარე ოლქში, ასევე ტაო-კლარჯეთში შემორჩენილი სომხებით დასახლებული ადგილების მახლობლად... სომეხთა მეფე სმბატ I-მა, რომლის წამებასა და სიკვდილით დასჯას საჯიდთა მიერ სტეფანე მტბევარი, თითქოს, ერთგვარი ნიშნის მოგებითაც კი იუწყება, დაახლ. 904 წ. დალაშქრა „ვურის“ ქვეყანა... „ვურის ქვეყანა“ არტაანის ოლქია. არტაანი და მისი მომიჯნავე ოლქები იმ ხანებში ეკუთვნოდა ქართველ ბაგრატიონთა იმ შტოს, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ცნობილი აშოტ კუხიც... ამდენად, „გობრონის წამებისეული“ ანტიმონოფიზიტური (ანტისომხური) განწყობილება აშოტ კუხისა და მისი მემკვიდრის, გურგენ დიდის პოზიციის ასახვას უნდა წარმოადგენდეს.“ (აბდალაძე 1988, გვ. 10-13).
ნაწარმოების მხატვრული ღირებულების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა გრივერ ფარულავას მიერ მონოგრაფიაში - მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში მოცემული სტეფანე მტბევარის თხზულების ანალიზის შემდგომ. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქართულ ჰაგიოგრაფიაში სულ რამდენიმე ბატალური სცენაა აღწერილი და მათ შორის სტეფანე მტბევარის მიერ დახატულ სურათს გამორჩეული ადგილი უკავია: „გარე შეადგეს კარვები იგი მათი, ვითარცა თოვლი,“ „და საბელნი კარვებისა მათისანი განეთხზნა ურთიერთას,“ „სიმრავლჱ ტყორცებულთა მათ ისართაჲ შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა,“ „დაჰხოცდეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ჴორცთა მათთა, ვითარცა სკორესა,“ „ვითარცა მკალნი მოსჭამდეს ფურცელსა ხეთასა და მწუანვილოვანსა ქუეყნისასა,“ - აი ის მოძრაობანი, რომელთა დინამიკურ რიტმში და ინდივიდუალური შინაარსში მკითხველის თვალწინ გადაიშლება ადამიანის ფიგურებით, საგნებით, შუქჩრდილებით და განწყობილებით მდიდარი ეპიური ტილო.“ (ფარულავა 1982, გვ. 152)
თხზულების ლიტერატურულ ღირებულებასთან მიმართებით დონალდ რეიფილდი აღნიშნავს, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტების ოთხსაუკუნოვანმა ისტორიამ „გააქვავა“ თხზულების შესავალი ფორმულა და, შედეგად, ტექსტი ავტორის „პროფესიონალიზმისგან დაზარალდა.“ ამასთან, მკვლევარი იმ ფაქტზეც მიუთითებს, რომ სტეფანე მტბევარს აკლია ირონიულობა, რის შედეგადაც იგი ვერ ამჩნევს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებელი ქართველები ზუსტად ისევე დაზარალდნენ არაბთა შემოსევების შედეგად, როგორც „ჰერეტიკოსი“ მეზობელი სომხები. (Rayfield 2000, გვ. 49).
საბა-ფირუზ მეტრეველის თქმით, „„წმ. გობრონის მარტვილობის“ არქიტექტონიკა სრულიად განსხვავებულია „წამებათა“ თუ „ცხოვრებათა“ ჟანრის სხვა ქმნილებებისაგან. საკუთრივ გობრონის წამების ამბავს თხზულების ერთ მესამედზე ნაკლებიც კი უჭირავს. დანარჩენი შემზადებაა ამ ღვაწლის წარმოსაჩენად, მისი გმირობის რანგში ასაყვანად.“ (მეტრეველი 2007, გვ. 26)
ია გრიგალაშვილის მოსაზრებით, თხზულების კომპოზიციის ანალიზისას „გასათვალისწინებელია შუა საუკუნეთა ქრისტიანული კულტურის ზოგადესთეტიკური პრინციპები, რაც... ძეგლის არქიტექტონიკას დამატებით მოჰფენს ნათელს.“ როგორც უკვე აღინიშნა, მკვლევარი თხზულების კომპოზიციასა და ჯვარ-გუმბეთოვანი ტიპის ტაძრის იკონოგრაფიულ პროგრამას შორის ხედავს მსგავსებას და ასკვნის, რომ „თხზულება კომპოზიციურად მთლიან, შეკრულ ნაწარმოებს წარმოადგენს. მასში მხატვრულ-სიმბოლური დატვირთვის მქონე არაერთი შრეა, რომელსაც მკითხველის მიერ დაკვირვვებით წაკითხვა, ამოცნობა და გააზრება სჭირდება.“ (გრიგალაშვილი 2007, გვ. 164-165).
ამასთან, მკვლევარნი აღნიშნავენ, რომ ნაწარმოებში გადმოცემულია ანტი-სომხური განწყობილება. მეცნიერთა ნაშრომებში ხშირად არის ციტირებული ციტატა ტექსტიდან, რომლის თანახმადაც “მიწა იგი სომხითისა ამპარტავან და მკჳდრნი მისნი ცუდად მზუაობრ, ანგარ, ლაღ და ცოდვისმოყუარე, ამპარტავან, უწყალო, უყუარული და ყოვლითა უკეთურებითა სავსე, რომელსა შინა არა იპოვა თავისი მისადრეკელი ქრისტჱსი, რომელთათჳს ქრისტე ცუდად მოკუდან.”
გობრონის წამება გამოიკვლია აგრეთვე ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნადეტ მარტენ-იზარმა. მისი თქმით, გობრონის წამება წარმოადგენს აბოს წამებისა და კონსტანტი კახის მარტვილობის შემდეგ დაწერილ ისლამის წინააღმდეგ მზარდი წინააღმდეგობის ამსახველ თხზულებას. მკვლევარი ნაწარმოების ნათლად გამოხატული ანტი-სომხური ხასიათზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ანტი-სომხური პოლემიკა ისევე წარმოადგენს თხზულების სიუჟეტის ნაწილს, როგორც თავად წმინდანის მარტვილობა. (Martin-Hisard 1992, გვ. 217). ამასთან, ტექსტში, ფაქტობრივად, არ არის წარმოდგენილი სრულფასოვანი პოლემიკა ისლამთან, გობრონსა და ამირას შორის სიტყვა-მიგების დროსაც კი. (იქვე, გვ. 216).
მარტენ-იზარი იმეორებს ქართველ მეცნიერთა მიერ არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებებზე ამ ჰაგიოგრაფიული ნარატივის მნიშვნელობაზე IX საუკუნის პირველი მეოთხედის კავკასიის ისტორიის შესწავლისათვის. მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ ქართული და სომხური წყაროთა ცნობები ერთმანეთს ავსებს. ამასთან, მარტენ-იზარის დაკვირვებით, მომდევნო პერიოდის საქართველოში „გობრონის კულტი არ ჩანს ფართოდ გავრცელებული, თავად ტბეთშიც კი.“ თუმცაღა ის ფაქტი, რომ თხზულება ციტირებულია მატიანე ქართლისაჲ-ში, მიგვანიშნებს, რომ იგი გარკვეულწილად მაინც გავრცელებული იყო. მკვლევრის დასკვნით, შესაძლოა გობრონის შესახებ ტექსტური ტრადიციის განვითარება XVIII საუკუნის შემდგომ განპირობებული იყოს ვახტანგ VI-ს პოლიტიკით, ვინაიდან ვახტანგი მიზნად ისახავდა საკუთარი ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას და ძველი ხელნაწერების გადაწერა-გამრავლების საქმეს უწყობდა ხელს. (იქვე, გვ. 214).
მარტენ-იზარი იმ მოსაზრებასაც გამოთქვამს, რომ, შესაძლოა, წმინდანის კულტის გავრცელება შეფერხდა მისი სახელის ცვლილების გამო (იქვე).10 სტეფანე მტბევარის ინფორმაციით ხომ მას თავიდან ერქვა მიქელი, რომელიც შემდეგ შეიცვალა: „და ბრძოლასა მას ფიცხელსა მჴნე იქმნნეს ციხოვანნი იგი..., ხოლო მათ ყოველთა უწინარჱს იპოვა სიმჴნითა ნეტარი გობრონ, და ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო. და სახელი იცვალა, ვითარცა ყოველთა წმიდათა, ვითარცა პეტრეს კლდე და სავლეს პავლე, ამას ეწოდა პირველად მიქელ და მერმე გობრონ, რომელი ესმინა მეფესა მას და დაესწავა სიტყუად გობრონ და სასმენელთა ეოცებოდა და გულსა გამოიწერა, რამეთუ ტრფიალებითა ძლიერად ბრძოლისა და ახოვნებისა მისისათჳს აღიშურვა სარწმუნეობისა მისისა ქრისტეანობაჲ.“
მკვლევრის აზრით, a priori არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლებოდა წმინდანის სახელის შენარჩუნება, ვინაიდან სახელი მიქაელი შეესაბამება წმინდანის სამხედრო წარმატებას, მაშინ, როდესაც მის მიერ მიღებული ახალი სახელი არ შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ, არამედ, სავარაუდოდ, არც სხვა რომელიმე ცნობილ ონომასტიკასაც. მარტენ-იზარი ვარაუდობს, რომ სახელი „გობრონი“ რეალურად უნდა არაბული ზეწოდების - რომლითაც არაბებმა გამოარჩიეს ეს მოწინააღმდეგე, რომელმაც მათთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა - ქართულ ტრანსკრიფციას. მკვლევარს (არაბისტთა მოსაზრებებზე დაყრდნობით) შესაძლო არაბულ სახელად წარმოუდგენია სიტყვა jabbar, რომელიც ძალის ღვთიური გამოვლინების მახასიათებელია.
მკვლევარი აგრეთვე იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ, მისეული დაყოფით ტექსტის მეორე ნაწილის ბოლოს ნათქვამია, რომ ტყვეები თალინში წაიყვანეს. ამდენად, მისი აზრით, გობრონის მარტვილობას ადგილი ჰქონდა სომხეთში და არა ყველის ციხეში, როგორც ეს მარტვილობის სათაურშია მითითებული. ხოლო მეფე ადარნესე, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ ჩართული იყო ამ მოვლენებში, ძალისხმევა არ დაიშურა, რომ მომხდარიყო გობრონის განდიდება, წმინდა მოწამეთა, გიორგისა და თევდორეს ანალოგიით11 (გვ. 213. შენ, 24; 215).
თხზულების იდეური მხარე: როგორც ივანე ჯავახიშვილი და ალექსანდრე აბდალაძე აღნიშნავენ, სტეფანე მტბევარი გობრონის წამების შექმნისას, გარდა უშუალოდ ქვეყანაში მომხდარი მარტვილობის აღწერისა, ითვალისწინებს იმ პერიოდის ამიერკავკასიაში მიმდინარე მოვლენებს და თხზულებას იდეოლოგიზებულ ჩარჩოში ათავსებს. ნარატივი გამსჭვალულია ანტი-სომხური განწყობილებით, რაც გამოწვეული უნდა იყოს, ერთი მხრივ, VII საუკუნეში მომხდარი ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილების შემდგომ მუდმივ მიმდინარე მონოფიზიტურ-დიოფიზიტური პოლემიკით ორ მხარეთა შორის და, მეორე მხრივ, არაბთა შემოსევისა და მტრის მუდმივად მოგერიების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობითა და დროდადრო ერთმანეთთან წარმოებული ბრძოლებით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თხზულება წარმოადგენს არაბთა წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის ამსახველ ერთ-ერთ ნაწარმოებს ქართულ ნარატიულ წყაროთა შორის, რომლის ანტი-სომხური პოლემიკური ხასიათიც განსაზღვრული უნდა იყოს მისი ავტორის, ტბეთის საეპისკოპოსო ტაძრის პირველი საჭის მპყრობლის, სტეფანეს პოლიტიზებული განწყობებით, ერუდიციითა და საეკლესიო ლიტერატურის ზედმიწევნითი ცოდნით.
-
სომხეთის ერთ-ერთი ისტორიული ოლქი, წარმოადგენდა სამეფოს 908-1021 წლებში. ↩︎
-
აბულ კასიმ იუსუფ საჯის ძე (Yusuf b. Abil Saj).
მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, „IX საუკუნის მეორე ნახევრიდან სახალიფო დაშლილია მრავალ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად.“ მათ შორის „IX-X საუკუნეების მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანის საამირო, სადაც IX საუკუნის დასასრულიდან ამირობას საჯთა სახლის წარმომადგენლები იგდებენ ხელთ. საჯი ამირები ფაქტიურად დამოუკიდებელი მმართველები იყვნენ და IX საუკუნის დასასრულსა და X საუკუნის დასაწყისში აწარმოებდნენ დიდ ბრძოლებს ამიერკავკასიის დასაპყრობად.“ (ლორთქიფანიძე 1966, გვ. 64). ↩︎
-
ქალაქი დვინი - შუა საუკუნეებში სომხეთის დედაქალაქი. ↩︎
-
სომეხი ისტორიკოსის, იოანე დრასხანაკერტელის ცნობების თანახმად, სმბატმა კლარჯთა ქვეყანას შეაფარა თავი. (Martin-Hisard 1992, გვ. 212). ↩︎
-
იგივე არტაანი ↩︎
-
თალინი - ქალაქი სომხეთში. ↩︎
-
მკვლევრის აზრით, სტეფანე მტბევარს გამოყენებული აქვს აგრეთვე იოანე მოსხის ლიმონარი. (გრიგალაშვილი 2007). ↩︎
-
“აშოტ ერისთავთა-ერისთავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ˜ლ˜ჱ..“ (გვ. 380) ↩︎
-
ტექსტის ჩანართში მითითებულია: „გარდაიცვალა აშოტ კუხი, რომელმან აღაშენა ტბეთი საეპისკოპოსო, ძე მის გურგენ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ლჱ ( გვ. 260)
„... შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუ-საჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირ-მუმნსა სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან ვერ დაიდგნა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა, და მუნ იყოფოდა.
და მოვიდა აბუ-საჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი... შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოჴრა ქართლი... შევიდა მუნით სამცხეს, და მოაოჴრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგჳსასა. და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით, მოვიდა ყუელს, მოადგა გარე და უწყო ბრძოლად.
იყო მუნ შინა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ; ებრძოდა შიგნით გამოღმართ ყოველთა დღეთა მოყუასთა თჳსთა თანა. და ვითარ წარიღეს ციხე იგი, შეიპყრეს წმიდა გობრონ და აწამეს, რომლისა წამება მისი ვრცელად აღწერა წმიდამან მამამან ჩუენმან სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან.“ (გვ. 262-264) ↩︎
-
ია გრიგალაშვილი სახელთა ცვლილებაში მთავარანგელოზთა, მიქაელისა და გაბრიელის ტრანსფორმაციას ხედავს, ვინაიდან ორივე სახელი ებრაული ეტიმოლოგიით ძალას ნიშნავს; შესაბამისად, „მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი შეიძლება გობრონის სიმბოლურ არქეტიპებად მივიჩნიოთ.“ (გრიგალაშვილი 2007, გვ. 159-160). მკვლევრის თქმით, „მტბევარი მოწამის სახელის ცვლილებაზე ხაზგასმით მიანიშნებს მნიშვნელოვან სულიერ ფერისცვალებაზე“ (გრიგალაშვილი 2005, გვ. 35) ↩︎
-
“Le Martyre de Gobron a été commandé à Étienne par Ašot, et c’est le roi Adarnase lui-même, apparemment très mêlé à ces événements, qui c’est porté garant de ce martyr, mort loin de son pays, et qui l’a exalté en assimilant aux grands saints Georges et Théodore. Martin-Hisard 1992, გვ. 215 ↩︎
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია (უნდა აღინიშნოს, რომ იგი, ძირითადად, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ხასიათისაა):
ტექსტის გამოცემისათვის, იხ.: ძეგლები I, გვ. 172-183
აბდალაძე, ალექსანდრე 1988. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში. თბილისი: მეცნიერება - ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
აბულაძე, ილია 1944. „ეპიფანე კჳპრელი. თარგმანებაჲ დავითის ფსალმუნებისაჲ.“ წიგნში: მისივე 1944, გვ. 0182-0193 197-198.
აფციაური, ჯემალ 1994. იდეური ბრძოლის მხატვრული ასახვის ზოგიერთი საკითხისათვის ქართულ ჰაგიოგრაფიაში. თბილისი: თსუ გამომცემლობა - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
გაბიძაშვილი, ენრიკო 2010. „გობრონის წამება.“ ნაშრომში: მისივე 2010, გვ. 162-163 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
გრიგალაშვილი, ია 2007. „ლიმონარი - წმინდა გობრონის წამების ლიტერატურული წყარო.“ კრებულში: ბიზანტინოლოგია საქართველოში I, რედ. ნელი მახარაძე, თინა დოლიძე. თბილისი: [n.l.] გვ. 310-316 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
გრიგალაშვილი, ია 2005. სტეფანე მტბევრის „წმინდა გობრონის წამება.“ თბილისი: უნივერსალი - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
გრიგალაშვილი, ია 2001. „სტეფანე მტბევრის მიქელ-გობრონის მარტვილობის კომპოზიცია. მაცნე ელს 1-4: 158-165 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
ვაჩნაძე, ნათელა. „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრინისი, რომელი განიყვანეს ყველის ციხით.“ წიგნში: დიდნი საქმენი. რედ: როინ მეტრეველი და ბუბა კუდავა. თბილისი: არტანუჯი, გვ. 82-84.
კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
მეტრეველი, საბა-ფირუზ 2007. „წმინდა გობრონის მარტვილობის სახისმეტყველების ზოგიერთი ასპექტი.“ ლიტერატურული ძიებანი 28: 25-32. იხ. აგრეთვე: მისივე, „“ჴსენებასა წმიდათასა ვეზიარნეთ,“ (წმინდა გობრონის მარტვილობა), კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, 2021, გვ. 197-211 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
სულავა, ნესტან 2024. „“სტეფანე მტბევარი - მიქელ-გობრონის წამება.“ წიგნში: მისივე 2024, გვ. 448-460 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
ფარულავა, გრივერ 1982. მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში. თბილისი: განათლება- ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
ცაგარეიშვილი, ელენე 1959. „მიქაელ-გობრონი ქართულსა და სომხური საისტორიო მწერლობაში.“ ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე 1: 127-144 - ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
ჯავახიშვილი, ივანე 1977. „სტეფანე მტბევარი ეპისკოპოსი.“ წიგნში: მისივე 1977, გვ. 117-120 - ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
Abashidze, Medea D. 2010. “Stepane of Tbeti.“ In Christian-Muslim Relations. A Bibliographical History. Vol. II (900-1050). Ed. by David Thomas and Alex Mallet, with Juan Pedro Monferrer Sala et al. Leiden-Boston: Brill. 141-144 - წყაროთმცოდნეობითი მიმოხილვა
Martin-Hisard, Bernadette 1992. “Brebis, boucs/loups et chiens. Une hagiographie géorgienne anti-arménienne du début du Xe siècle. » Revue des Etudes Arméniennes 23: 209-235 - ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
Rayfiled, Donald 2000 (იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია) – ლიტერატურათმცოდნეობითი მიმოხილვა