მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ძველი ქართული ნარატიული წყაროები. ზოგადი მიმოხილვა

როგორც ცნობილია, XIX საუკუნიდან ბოლანდისტთა მიერ Acta Sanctorum, ანუ წმინდანთა აქტების გამოცემის და ჰუმანიტარულ მეცნიერებაში Geschichtsschreibung, ანუ ისტორიოგრაფიის, Geschichtswissenschaft, ანუ ისტორიული მეცნიერების მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებისა და მათ შესასწავლად Hilfswissenschaft, ანუ დამხმარე მეცნიერების გამოყენების აუცილებლობის განსაზღვრის შემდეგ მსოფლიო მეცნიერება კაცობრიობის სოციო-კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესის ამსახველი ორი უმთავრესი წერილობითი დარგის, ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის, არსის, ურთიერთმიმართებისა და ურთიერთზეგავლენის საზღვრების დადგენას ცდილობს. თუკი XIX-XX საუკუნეების განმავლობაში ჰუმანიტართა უმეტესობა ცდილობდა მკაცრად გაემიჯნა ამ ორი დარგისათვის დამახასიათებელი ჟანრობრივი, სახეობრივი, თუ ფორმისეული თავისებურებანი ერთმანეთისგან, თანამედროვე მეცნიერნი სულ უფრო მეტად იხრებიან იმ აზრისკენ, რომ ძნელია ზუსტი ზღვარი გაავლო გარკვეული ეთნიკური ჯგუფის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესის ამსახველ ნარატიულ წყაროთა დარგობრივ, თუ ჟანრობრივ, თავისებურებათა შორის. შესაბამისად, ამ სახის გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების წერილობითი ძეგლების კომპლექსური შესწავლისათვის თანამედროვე ისტორიკოსთა და ლიტერატურათმცოდნეთა ნაწილი მათ ერთ ჯგუფად გაერთიანებას და ნარატიული წყაროებად სახელდებას გვთავაზობს. ამ სახით ჰაგიოგრაფიულ და ისტორიოგრაფიულ თხზულებათა გაერთიანებისას თხზულებები, ბუნებრივია, ინარჩუნებენ ძირითად ჟანრობრივ მახასიათებლებს. ნარატიულ წყაროებად მათი გაერთიანება მხოლოდ იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ ორივე ჟანრს გააჩნია ამბივალენტური ხასიათი, ისტორიული და კულტურული მეხსიერების ფორმირებას ემსახურება და, შესაბამისად, ქვეყნის ისტორიის აღდგენის საქმეში თანაბარი ფუნქცია აკისრია. 

ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა თავად ისტორიოგრაფიის ისტორიითაც არის გამართლებული: როგორც ცნობილია, ძველ საბერძნეთში გარკვეულ ხალხთა წარსულის შესახებ წერილობით წყაროთა ავტორებს ისტორიოგრაფები მას შემდეგ ეწოდა, რაც მათ ჩანაწერებში თხრობის ელემენტი გაჩნდა. მანამდე კი ჩვენამდე მოღწეულ მშრალ ფაქტთა აღმნუსხველ ეგვიპტურ და შუამდინარულ დოკუმენტებს, ძირითადად, მეფეთა სიებად მოიხსენიებოდნენ. შესაბამისად, ისტორიული ნაწარმოების განუყოფელ ნაწილად ნარატიული ელემენტი ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში იქცა და ტექსტში ეპიკური და ფოლკლორული ელემენტების სიჭარბის წყალობით მას ლიტერატურული ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი თვისებები შესძინა. გვიანანტიკურობასა და შუა საუკუნეებში ისტორიულად სახელდებულ ნაწარმოებთა ნაწილმა ანტიკური ისტორიოგრაფიის ზემოხსენებული მახასიათებლები (სხვა თავისებურებებთან ერთად) შეინარჩუნა. გვიან ანტიკურ ლიტერატურაში კი, ქრისტიანობის გავრცელების პარალელურად, შემუშავდა ახალი ჟანრი, ჰაგიოგრაფია, რომელიც, ერთი მხრივ, ევსებიოს კესარიელის ”საეკლესიო ისტორიის” მსგავსად მოციქულთა აქტების ”ისტორიული” ამბების გადმოცემის გაგრძელებას ემსახურებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, ლიტერატურულ ჟანრობრივ კანონებს ემორჩილებოდა. ალბათ ამიტომაა, რომ XX საუკუნეში ჰუმანიტართა უმეტესობა ”საეკლესიო ისტორიების” რაობას ყველაზე სადავოდ მიიჩნევდა და ხან ისტორიოგრაფიას, ხანაც ჰაგიოგრაფიას აკუთვნებდა.

 არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თანამედროვე მეცნიერთა მიერ შემუშავებული ტენდენცია გარკვეულწილად ქართულ სინამდვილეში ივანე ჯავახიშვილის მიერ ”ძველი ქართული საისტორიო მწერლობის” შედგენისას გამოყენებულ პრინციპებს ენათესავება. დიდმა ქართველმა მეცნიერმა ქართველთა სოციალურ-კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესის ამსახველი ჰაგიოგრაფიული (ცხოვრებანი, მარტვილობანი) და ისტორიოგრაფიული („ქართლის ცხოვრება“) წყაროები კომპლექსურად განიხილა, თუმცა, როგორც ნაშრომის სათაური განსაზღვრავს, ჯავახიშვილმა ორივე ტიპის ნარატივი მთლიანობაში დაინახა და იმ პერიოდისათვის ისტორიოგრაფიის ანალიზისას მიღებული მეთოდოლოგიური მიდგომის საფუძველზე შეისწავლა (ჯავახიშვილი 1977, გვ. 47-157). იმავე მასალის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა დიდ ქართველ მეცნიერს კორნელი კეკელიძეს, რომელმაც ქართული ისტორიოგრაფიის ძეგლები „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის“ ფარგლებში განიხილა (კეკელიძე 1981, გვ. 251-278).

კეკელიძის მსგავსი მიდგომა გამოიყენა სომეხმა მკვლევარმა მანუკ აბეღიანმა, რომელმაც  ძველი სომხური საისტორიო მწერლობის ნიმუშები (მაგ., ლაზარე ფარპელის, ფავსტოს ბიზანტიელის, მოსე ხორენელის „სომხეთის ისტორიები“) ”ძველი სომხური ლიტერატურის ისტორიაში” (2 ტ. პირველი ტომი თარგმნილია რუსულად) გააანალიზა. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა იმდენად თანამედროვე მეცნიერებასთან მიმსგავსებული პრინციპების გამოყენებასთან, რამდენადაც სომხური ორიგინალური ჰაგიოგრაფიის სიმწირის  (სომხური ისტორიოგრაფიული ლიტერატურის სიუხვის ფონზე) გათვალისწინებასთან.

აღსანიშნავია, რომ ნარატიულ წყაროთა ამბივალენტურ ხასიათზე მინიშნება XX და XXI საუკუნის ქართულ სამეცნიერო სივრცეში სისტემატურად გვხვდება. ლიტერატურათმცოდნენი და ფილოლოგები ყოველთვის სამართლიანად მიუთითებენ, რომ ქართული ისტორიოგრაფიული თხზულებები „თავისი შინაარსით, იდეური მიზანდასახულობითა და მხატვრული დონით ბევრად სცილდებიან მატიანისეულ მშრალ თხრობას და ლიტერატურული ღირებულებით ერთიანი ქართული შემოქმედებითი აზროვნების განუყოფელ ნაწილს ქმნიან.“ (ნაცვლიშვილი 1997, გვ. 106). ხოლო ისტორიკოსები ყოველთვის მიგვითითებენ, რომ ჰაგიოგრაფიული მწერლობა, ფაქტობრივად, შეიძლება „ქართული საისტორიო მწერლობის ერთ-ერთ დარგს“ გავუტოლოთ. ზაზა ალექსიძის თქმით, „ძველი ქართული მხატვრული აზროვნების სისტემაში აგიოგრაფიას  განსაკუთრებული ადგილი უკავია. მართალია, იგი ლიტერატურული ჟანრის, ხოლო პრაქტიკული დანიშნულებით, ლიტურგიკული ძეგლია, მაგრამ მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეიძლება ისტორიულ ბიოგრაფიადაც მივიჩნიოთ და საისტორიო მწერლობის რიგში განვიხილოთ.“ (ალექსიძე 1985).

წინამდებარე ნაშრომი მიზნად არ ისახავს ჰაგიოგრაფიული და ისტორიოგრაფიული ნაწარმოებების ჟანრობრივი რაობის სიზუსტის დადგენას. ჩემს მიზანს უფრო მეტად ამ ნარატიულ წყაროთა ჯგუფების  ფარგლებში მისი ისტორიულობისა თუ ლიტერატურულობის კრიტერიუმებისა, და ამ წყაროებში მოცემული ინფორმაციის ქვეყნის ისტორიისა და ისტორიული მეხსიერების ფორმირების პროცესისათვის მნიშვნელობის განსაზღვრა წარმოადგენს. ამგვარი დეფინიციის აუცილებლობაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ   ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებთა ”ისტორიულობის” განსაზღვრისას თანამედროვე მკვლევარნი არა იმდენად ნაწარმოებში აღწერილი ამბების რეალურობის დადგენაზე ამახვილებენ ყურადღებას, არამედ მასში ტოპოსური ელემენტების განცალკევების აუცილებლობასა და მასში შეტანილი ცნობების მნიშვნელობაზე ისტორიული და კულტურული ანთროპოლოგიისათვის, უფრო ზუსტად კი მენტალობის, ყოველდღიური ცხოვრების, რიტუალებისა და ა.შ. ისტორიისათვის.

ბიბლიოგრაფია

ალექსიძე, ზაზა 1985. ქართული წყაროების შესწავლის მეთოდური საკითხები (აგიოგრაფია). თსუ: თსუ გამომცემლობა. Repr.: კრებულში: მისივე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. I. თბილისი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2010, გვ. 292-314

კეკელიძე 1981 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ნაცვლიშვილი, ირინა 1997. „ბიბლია - ჟამთააღმწერლის ისტორიოგრაფიული აზროვნების საფუძველი.“ მწიგნობარი 97: 105-113

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ისტორიოგრაფიულ თხზულებათა კვლევისას გამოყენებული თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია

ძალაუფლების ლეგიტიმაცია:

პატარიძე, ლელა 2008. „მეფობის იდეა ვატანგ გორგასლის ცხოვრებაში.“ საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები 9: 103-108.

Rapp, Steven Jr. 2004. “Images of Royal Authority in Early Christian Georgia: The Impact of Monotheism,” in: Azmeh and Back, 155-172.

მეხსიერების კვლევები:

თორია, მალხაზ 2008. „დროის აღქმისა და საისტორიო მწერლობის ჟანრების ურთიერთმიმართების პრობლემა შუა საუკუნეებში (პარალელები ქართულ და დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს შორის). საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები9: 47-53

პოლიტიკური აზროვნების ისტორია:

კარბელაშვილი, მარიამ 2012. „თამარის პირველი ისტორიკოსის ფრაზის `მომღებელმან წესსა რასამე სპარსთა განაგისსა” განმარტებისთვის (მასალები ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისთვის).“ ანალები 8: 175-191

კარბელაშვილი, მარიამ 2000. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. XII საუკუნის „ოქროს ხანის“ იდეოლოგია და მისი თეოლოგიური საფუძვლები (მასალები ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის).“ ლიტერატურული ძიებანი 21: 118-132.

პატარიძე, ლელა 2009. „არჩილის ცხოვრების იდეოლოგია.“ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები 9: 73-90. Repr. წიგნში: მისივე, 67-104

გოგოლიშვილი, თეა, ჟამთააღმწერლისა და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ანონიმი ისტორიკოსის პროვიდენციალური მსოფლმხედველობა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024.


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი