ირმა ყარაულაშვილი
ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდის ამსახველი, ანუ „ადრეული ბაგრატიდთა პერიოდის ავტორთა“ თხზულებების მოკლე მიმოხილვა (მატიანე ქართლისაჲ, სუმბატ დავითის ძის ქრონიკა)
სტივენ რაპის თქმით, 1025-დან 1204 წლამდე შექმნილმა ბაგრატიონთა იდეოლოგიის ამსახველმა ისტორიოგრაფიამ ორი განსხვავებული ფაზა გაიარა: პირველი მოიცავს ბაგრატიონთა სახლის წარმომავლობისა და ქართველ ბაგრატიონთა მმართველობის დასაწყისის ამსახველ თხზულებებს, მეორე კი აერთიანებს სამეფო ბიოგრაფიებს, რომელთაგანაც ყოველი ცალკეული ბაგრატიდი მონარქის ზეობას ასახავს. ამ თხზულებათა შემქმნელი „ადრეული ბაგრატიდი ავტორები“ აგრძელებენ საუკუნეების წინ, ბაგრატიონთა წინარე პერიოდში შექმნილ ტრადიციას და საკუთარ თხზულებებს „სამეფო ძალაუფლების გამოხატულებად, გაგრძელებად და გამართლებად აღიქვამენ.“ შედეგად, ეს წყაროები მდიდარია ქართველ ბაგრატიონთა შესახებ პროსოპოგრაფიული ინფორმაციით, მაგრამ შეიცავს მცირე ინფორმაციას არა სამეფო სახლის წარმომადგენელთა და უცხოელთა შესახებ. (Rapp 2007, გვ. 187).
ამდენად, „ადრეულ ბაგრატიონ ისტორიკოსთა,“ ანუ, ბაგრატიონთა ისტორიოგრაფიის პირველი წყების ნარატივებს შეადგენენ მატიანე ქართლისაჲ და სუმბატ დავითის ძის ქრონიკა. სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია აღნიშნულია ამ ორ თხზულებაში არსებული რიგი მონაკვეთების მსგავსება. თუმცაღა, მკვლევართა შორის, ფაქტობრივად, დღემდე არ არის მიღწეული სრული კონსენსუსი, თუ რომელი თხზულება უნდა წარმოადგენდეს მეორე ნარატივის წყაროს.
მატიანე ქართლისაჲსა და სუმბატის ქრონიკის ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მატიანეს ავტორს „ან არ უნახავს, ან არადა სრულებით არ უსარგებლია სუმბატ დავითის ძის ისტორიით „ცხორება და უწყება.“ არსად ამის კვალი არ ამჩნევია. სამაგიეროდ, თუ ჩვენ „მატიანე ქართლისაჲს“ და სუმბატის თხზულებების ცნობებს შევადარებთ ბერძენ-ქართველთა ომების შესახებ ბასილი კეისრისა და გიორგი მეფის დროს,.. ჩვენთვის ცხადი გახდება, რომ ორსავე ავტორს ერთისა-და-იმავე წყაროთი უსარგებლიათ.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 206).
1954 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში კონსტანტინე გრიგოლია მატიანე ქართლისაჲსა და სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მსგავი მონაკვეთების შედარებისას ასკვნიდა, რომ მატიანე ქართლისაჲ სუმბატის თხზულებასთან შედარებით პირვანდელია, და რომ ქრონიკაში მოცემული მსგავსი მონაკვეთები მატიანის მიხედვითაა გამართული, ვინაიდან სუმბატის თხზულების მეორე ნაწილში მოყვანილი ყველა ფაქტი იხსენიება მატიანეში, მაგრამ ამ უკანასკნელში იძებნება აგრეთვე ისეთი მონაკვეთებიც, რომლებიც არ არის ქრონიკაში. „ეს ოპერაცია, შესაძლებელია, პირადად სუმბატს არც ეკუთვნოდეს და სხვების მიერ უფრო გვიან უნდა იყოს შესრულებული.” (გრიგოლია 1945, გვ. 235). გრიგოლიას მოსაზრება სუმბატის ქრონიკის დამოკიდებულებაზე მატიანე ქართლისაჲს ტექსტზე გაიზიარა სიმონ ყაუხჩიშვილმაც (სიმონ ყაუხჩიშვილი, „მატიანე ქართლისა და სუმბატის ქრონიკა,“ „მატიანე ქართლისა და კედრენეს ისტორია;“ ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 034-036; 037-039).
გიული ალასანიამ გააანალიზა ორივე წყაროში ავტორთა დამოკიდებულება ნარატივში მოხსენიებულ რიცხვთა მიმართ და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „სუმბატის ქრონიკა ეყრდნობა „მატიანე ქართლისას“ (რაც არ გამორიცხავს ამავე დროს სხვა წყაროებიდან სარგებლობასაც) და არა პირიქით...“ (ალასანია 1984, გვ. 37)
საპირისპირო მოსაზრება აქვს გამოთქმული გია გელაშვილს. მისი აზრით, სუმბატს კი არ გამოუყენებია მატიანე ქართლისაჲ, არამედ პირიქით, მატიანეს ავტორი სარგებლობს სუმბატის ქრონიკით, რომელიც, მკვლევრის აზრით, ერთიანია და მთლიანად სუმბატის დაწერილია. ამასთან, სუმბატი უფრო ადრე მოღვაწეობდა, ვიდრე მატიანე ქართლისაჲს ავტორი, ვინაიდან პირველი თხზულება სრულდება 1032 წლით, მეორე კი - 1074-ით (გელაშვილი 1960, გვ. 249-255). ქართულ სამეცნიერო სივრცეში ითვლება, რომ პირველად მოსაზრება სუმბატის თხზულების პირველობაზე გამოთქვა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც გამოყო პარალელური ადგილები სუმბატის ქრონიკასა და ქართლის ცხოვრების საწყის ნაწილში (მას ამგვარად აქვს ქც-ში მატიანე ქართლისაჲს ტექსტი აღნიშნული, ვინაიდან თაყაიშვილის ნაშრომის გამოქვეყნებისას ეს ნარატივი ჯერ კიდევ არ იყო ივანე ჯავახიშვილის მიერ ცალკე თხზულებად გამოყოფილი. თაყაიშვილი 1890, გვ. 79, შენ. 2;. Такаишвили 1900, გვ. 177-178, შენ. 2). მარიამ ლორთქიფანიძეც დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ მატიანე ქართლისაჲს ავტორის უნდა ესარგებლა სუმბატის თხზულებით და არა პირიქით. (Лордкипанидзе 1979, გვ. 19; Id. 1976, გვ. 21).
გივი წულაიას ფიქრით, კონსტანტინე გრიგოლიას მოსაზრება სუმბატ დავითის-ძის მიერ მატიანისეული ტექსტის გამოყენების შესახებ ვერ იქნება გაზიარებული მხოლოდ ტექსტებში ასახული ქრონოლოგიის საფუძველზე. მკვლევარი უფრო ივანე ჯავახიშვილის ვარაუდისაკენ იხრება, რომ ბასილი ბულაგრთმჟლეტელთან ბრძოლების ამბები შეუძლებელი არ ასახულიყო იმ პერიოდის ისტორიკოსთა და მწერალთა ნაშრომებში, რომლებიც ჩვენამდე არ მოღწეულა და, შესაბამისად, ორივე ავტორს ერთი საერთო, სადღეისოდ დაკარგული წყაროთი უნდა ესარგებლათ. (Цулая 1982, გვ. 19). შოთა ბადრიძე და გონელი არახამიაც იზიარებენ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომ სუმბატ დავითის ძე და მატიანე ქართლისაჲს ავტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი და იმავე წყაროთი სარგებლობდნენ. (Бадридзе 1979, გვ. 51-52; არახამია 1990, გვ. 18).
და ბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტივენ რაპის დასკვნით, სუმბატ დავითის ძის თხზულებასთან ერთად ქართულ ისტორიოგრაფიაში გაჩნდა ისტორიის წერის ახალი, გამორჩეულად ბაგრატიონებისეული ფორმა. იგი წარმოადგენდა ნათლად გამოხატული პოლიტიკური და იდეოლოგიზირებული მიზნით დაწერილ ისტორიოგრაფიას, რომელიც მიზნად მმართველი დინასტიის გაძლიერებას ისახავდა. შედეგად, ისტორიის წერა და მისი კონტროლი გახდა აუცილებელი და შეუცვლელი პოლიტიკური იარაღი ბაგრატიდთა ძალაუფლების ჩამოყალიბების, გამართლების, მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის. (Rapp 2007, გვ. 188-189).
ბიბლიოგრაფია
ალასანია, გიული 1984. „“რიცხვი და მისტიკა ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში.“ მაცნე იაეხს 4: 28-45.
არახამია, გონელი 1990. სუმბატ დავითის-ძე. ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახამიამ. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები VIII. თბილისი: მეცნიერება
გელაშვილი, გია 1960. „სუმბატ დავითის-ძე და მატიანე ქართლისა.“ თსუ შრომები 87: გვ. 239-258.
გრიგოლია 1945 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
თაყაიშვილი, ექვთიმე 1890. სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა). გამოცემული ვრცლის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი: სტამბა კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა
კეკელიძე 1981 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ქც (ყაუხჩიშვილი) 1955 - - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Rapp 2007 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Бадридзе Ш. А 1979. “Картлис цховреба о грузино-византийских взаимоотношениях первой трети XI века.” Источниковедческие разыскания 34. Ред. Ш. В. Дзидзигури. Тбилиси: Мецниереба, 47-54
Лордкипанидзе, Мариам Давыдовна 1979. “Сумбат Давитис-дзе и его историческое сочинение.” წიგნში: Сумбат Давитис-дзе. История и повествование о Багратионах. Перевод, введение и примечания М. Д. Лордкипанидзе. Памятники грузинской исторической литературы III. Тбилиси: Мецниереба, 1-15
Лордкипанидзе, Мариам Давыдовна 1976. „Введение.“ წიგნში: Матиане Картлиса. Русский перевод, введение и примечания М. Д. Лордкипанидзе. Памятники грузинской исторической литературы ?. Тбилиси: Мецниереба, стр. 1-32.
Такаишвили Эквтиме Семенович 1900. “Источники грузинских летописей. Три хроники.” Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа 28/I: 1-216.
Цулая, Гиви Васильевич 1982. „Введение.“ წიგნში: Летопись Картли. Перевод, введение и примечания Г. В. Цулая. Источники по истории Грузии 29. Памятники грузинской исторической литературы IV. Тбилиси: Мецниереба, стр. 1-32.