ირმა ყარაულაშვილი
თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი
როგორც კონსტანტინე გრიგოლია აღნიშნავს, „თამარის ზეობა ხელნაწერებში სამი სხვადასხვა თხზულებით იყო წარმოდგენილი: ანასეულ ნუსხაში დავით აღმაშენებლის მომდევნო ხანა გაშუქებულია ლაშა-გიორგის-დროინდელი მემატიანის მოკლე ქრონიკალური თხზულებით, რომელშიაც თამარის ზეობაც განხილულია ძალიან შემოკლებულად. ჭალაშვილისეულ ხელნაწერში ამ მიზნით მოტანილია ბასილი ეზოსმოძღვრის ვრცელი თხზულება „ცხოვრება მეფეთმეფისა თამარისი,“ რომლის მოზრდილმა ნაწილმა ჩვენამდისაც მოაღწია. მარიამ დედოფლისეულ ნუსხაში კი თამარის ზეობის გასაშუქებლად გამოყენებულია უცნობი ისტორიკოსის ასევე ფრიად ვრცელი „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი.“ გრიგოლია 1954, გვ. 224).
ტრადიციულად, თამარის ისტორიკოსებზე საუბრისას გამოყოფენ 2 თხზულებას, რომელთაც პირობითად მოიხსენიებენ, როგორც თამარის პირველ ისტორიკოსს, რომლის კალამსაც ეკუთვნის ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, და თამარის მეორე ისტორიკოსს, სავარაუდოდ, ბასილი ეზოსმოძღვარს, რომლის თხზულებაც პირობითად დასათაურებულია, როგორც ცხორება მეფეთ-მეფისა თამარისი. ამასთან, როგორც კორნელი კეკელიძეს და ალექსანდრე ბარამიძეს აქვთ აღნიშნული, „მეთვრამეტე საუკუნეში „ქართლის ცხოვრების“ შემავსებელთ შეურწყმიათ... ორი ისტორია თამარისა და იმათგან მიუღიათ ის რედაქცია „თამარის ცხოვრებისა,“ რომელიც დღესდღეობით არის ცნობილი მ. ბროსეს გამოცემაში.“ (კეკელიძე 1987, გვ. 152).
კონსტანტინე დანელიას მიერ აღნიშნული მიზეზის გამო, ამ სამ ისტორიას მოვიხსენიებ, როგორც თამარის მეფობის ამსახველ თხზულებებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანესთან მიმართებით სტიპენ რაპი მიუთითებს, რომ ეს თხზულება, რომლის სათაურადაც იგი ხუთი მეფობის ისტორიას ასახელებს, „ასახავს ბაგრატიდთა სამეფო ბიოგრაფიების შაბლონს,“ თუმცა აქ მოცემული ინფორმაცია საკმაოდ მცირეა და შესაძლოა, წარმოადგენდეს ჩვენამდე მოუღწეველი უფრო ვრცელი ნარატივებიდან ამოღებული შემოკლებული ინფორმაციის კომპილაციას. (Rapp 2007, გვ. 192).
ამდენად, თამარის მეფობის ამსახველი ისტორიოგრაფიული თხზულებების მიმოხილვა წარმოდგენილი იქნება შემდეგი თანმიმდევრობით:
- უცნობი ავტორი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი
- ბასილი ეზოსმოძღვარი (?), ცხორება მეფეთ-მეფისა თამარისი.
- უცნობი ავტორი, ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანე
ბიბლიოგრაფია
გრიგოლია 1954 – იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
კეკელიძე, კორნელი 1987. „საისტორიო მწერლობა.“ წიგნში: კორნელი კეკელიძე და ალექსანდრე ბარამიძე. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 127-157.
Rapp 2007 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია