მენიუ

თამარ ლომიძე

ძველი ქართული სახოტბო თხზულებები

„თამარიანი“

ძველი ქართული ლიტერატურის კ. კეკელიძისეული პერიოდიზაციით, „თამარიანი“ და „აბდულმესიანი“, ისევე, როგორც „ვეფხისტყაოსანი“, დაიწერა ძველი ქართული ლიტერატურის პირველ, კლასიკურ პერიოდში. „ეს პერიოდი იწყება მეათე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან, როდესაც საფუძველი ეყრება საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებასა და პატრონყმურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებას.... არ შეიძლება ამ პერიოდის დასასრული დავდოთ არც XII საუკუნის ბოლოს, არც XIII საუკუნის მეორე ათწლეულის გასულს, მონღოლების პირველი შემოსევის წელს... მართალია, ჩვენი ისტორიის კლასიკურ პერიოდს მონღოლებმა მოუღეს ბოლო, მაგრამ არა მაშინვე, პირველი შემოსევისას, არამედ გაცილებით გვიან, არაუადრეს სამოციანი წლების დამდეგისა. ჩვენი საერო მწერლობის კლასიკური პერიოდი თავის მხრივ ორ ხანად შეიძლება გაყოფილ იქნას. პირველ ხანაში, მეათე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან მეთორმეტის ნახევრამდე, საერო მწერლობას ჯერ თამამად და მთლიანად ვერ გაუშლია ფრთები ვერც შინაარსისა და ვერც ფორმის მხრივ; ამ პერიოდის მეორე ნახევარი, რომელიც ერთ საუკუნეს გრძელდება, მეთორმეტის ნახევრიდან მეცამეტის სამოციან წლებამდე, ნამდვილი კლასიკური ხანაა. ამ დროს მძლავრად გაუშლია ფრთა ქართველთა შემოქმედების ნიჭსა და ფანტაზიას, და მას იმდენი ძალა შემოუკრებია, რომ მოუცია ორიგინალური შემოქმედების ისეთი მარგალიტები, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“, „თამარიანი“, ე.წ. „აბდულმესიანი“ და დღეს დაკარგული „დილარიანი“(კეკელიძე 1952:18-19).

„თამარიანი“

„თამარიანის“ თოთხმეტი ნუსხა (რომლებიც შეიქმნა არა უადრეს მე-17 საუკუნისა), შემორჩენილია, კ. კეკელიძის თქმით, „დამახინჯებული და საკმაოდ წარყვნილი“ სახით  (კეკელიძე 1952:159) და, უმთავრესად, მე-17-მე-18 საუკუნეების მწერალთა ნაწარმოებების კრებულებში იყო შეტანილი.

ნაწარმოების ტექსტის კვლევა მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. „თამარიანს“ იკვლევდნენ პლატონ იოსელიანი, დავით ჩუბინაშვილი, ნიკო მარი, სარგის კაკაბაძე, ალექსანდრე ხახანაშვილი, მოსე ჯანაშვილი, პავლე ინგოროყვა, კორნელი კეკელიძე, ივანე ლოლაშვილი. ამ მხრივ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნიკო მარმა (1902 წ.), რომელმაც შესწორებები შეიტანა პოემაში და გამოთქვა თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ „თამარიანი“ პოემა კი არაა, არამედ  - სხვადასხვა დროს დაწერილი ხოტბების კრებული. სწორედ მარმა გამოყო ამ კრებულში თერთმეტი ოდა და ერთი ელეგია. კ. კეკელიძე ვარაუდობდა, რომ კრებული  სრული სახით არ შემოგვრჩა და  ფიქრობდა, რომ „თავისი შედგენილობის მიუხედავად, კრებული წარმოადგენს ერთ მთლიან ნაწარმოებს, რომელშიც გატარებულია ერთი აზრი და იდეა:„თამარი მიუწვდომელია, როგორც ღმერთი, ის თვით ღვთაებაა. შექება ზეციური თამარისა, რომლის წინაშე პირს იფარვენ და კრთებიან მნათობნი ცისანი, არ ძალუძს ძველი თუ ახალი დროის არც ერთ ფილოსოფოსს, რიტორსა და პოეტს. მისი არსებობა წინასწარ მოსწავებულია, ისტორია კი იყო მომზადება წარმოსაშობად თამარისა, რომელიც ამქვეყნად უნდა ყოფილიყო გამომხატველი ერთღვთაებისა“. (კეკელიძე 1952:159-160)

„თამარიანს“ აერთიანებს, ასევე, ბაგრატიონთა ცხებულობის საკითხი. მ. კარბელაშვილის მითითებით, ეს საკითხი, „რომელიც არა მარტო „თამარიანში“, არამედ „აბდულმესიანშიც“ განსაკუთრებით არის აქცენტირებული და თუმცა შავთელთან და ჩახრუხაძესთან განსხვავებული კონტექსტი ახლავს, საერთო მიზანდასახულებით ბაგრატიონთა დინასტიის საკრალურობის, და, შესაბამისად, კანონიერების დასაბუთებას ემსახურება“ (კარბელაშვილი 2003:147).

„თამარიანი“ პირველად გამოსცა  ისტორიკოსმა პ. იოსელიანმა 1838 წელს („თამარ მეფისა და მეუღლისა მისისა დავით მეფისა შესხმა, თქმული ლექსად ჩახრუხას-ძისაგან წელსა ქრისტესით 1187-სა“).  მკვლევართა ვარაუდით, მას ხელთ უნდა ჰქონოდა „თამარიანის“ ერთადერთი ნუსხა, რომელიც  დავით რექტორის მიერ უნდა ყოფილიყო გადაწერილი “ (ლოლაშვილი 1957 : 12). მას შემდეგ პოემა რამდენჯერმე გამოიცა. როგორც ჩანს, ყველაზე უფრო სანდოა ივ. ლოლაშვილის რედაქციით გამოქვეყნებული ტექსტი, რომელშიც რედაქტორმა გაითვალისწინა არა მარტო მე-19, არამედ - მე-18 საუკუნის ნუსხებიც, კრიტიკულად დაადგინა „თამარიანის“ ტექსტი ყველა არსებული ხელნაწერის შედარებითი შესწავლის საფუძველზე და დაურთო ვრცელი გამოკვლევა.

„თამარიანის“ ავტორი:

„თამარიანის“ ტექსტი ააშკარავებს, რომ ნაწარმოების ავტორი ფრიად განათლებული პიროვნება ყოფილა. ივ. ლოლაშვილი მას ახასიათებს, როგორც ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ არისტოკრატ პოეტს, რომელმაც კარგად იცოდა „ძველი ქართული აგიოგრაფიული, ფილოსოფიური და საისტორიო ლიტერატურა, ქართული და აღმოსავლური წარმოშობის სარაინდო-სამიჯნურო რომანები, ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, ბერძნული მითოლოგია და ფილოსოფია და, რაც საყურადღებოა, ინდური მითოლოგიაც“ (ლოლაშვილი 1957 :10).

„თამარიანის“ ავტორად ჩახრუხაძეს მიიჩნევდნენ არჩილ მეორე, ანტონ კათალიკოსი, იოანე ბატონიშვილი. ნიკო მარი ფიქრობდა, რომ „თამარიანის “ავტორი იყო შოთა რუსთველი, ხოლო „ჩახრუხაძე“ რუსთველის გვარი იყო. გამომდინარე „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონებიდან: „თამარს ვაქებდეთ მეფესა... ვთქვენი ქებანი ვისნი მე, არ ავად გამორჩეული“ , „მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა...“, ასევე - „ჩემი აწ სცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია“, ნ. მარი ვარაუდობდა, რომ რუსთველს „ვეფხისტყაოსნის“ შექმნამდე დაუწერია თამარისადმი მიძღვნილი სახოტბო ნაწარმოები და რომ ეს სწორედ „თამარიანი “იყო.. მარის თვალსაზრისი სამართლიანად გააკრიტიკა კ. კეკელიძემ და დაასკვნა: „ჩახრუხაძის ვინაობაც ისეთივე საიდუმლოებითაა მოცული, როგორც რუსთაველის“ (კეკელიძე 1952 115).

ამასთან, გელათის მონასტრის ერთ-ერთი სჯულისკანონისადმი (რომელიც მეცამეტე საუკუნის პირველ მეხუთედზე უგვიანესი არ უნდა იყოს) დართულ ანდერძში მოხსენიებულია მავანი გრიგოლი ჩახრეხაჲსძე - ამ სჯულისკანონის გადამწერი, რომელსაც პალესტინაში უმოგზაურია და ჯვრის მონასტერში ბერად შესვლა სდომებია. მას გადაუწერია არსენ იყალთოელის დიდი სჯულისკანონი (კეკელიძე 1952: 168). კ. კეკელიძე ვარაუდობდა, რომ ეს „ჩახრეხაჲსძე“ და „თამარიანის“ ავტორი, შესაძლოა, ერთი და იგივე პიროვნება იყო, რადგან ამ ორ ტექსტს აერთიანებს ლექსიკური დამთხვევები. გარდა ამისა, მეცნიერის ვარაუდით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ „თამარიანის“ ავტორი, ჩახრუხაძე, ბოლოხანს ბერად შევიდა თუ ჯვარის მონასტერში არა, საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში. ამას თითქოს მხარს უჭერს „თამარიანის“ შინაარსიც: მესიანური იდეა მისი, ძველი და ახალი აღთქმის საღვთო ისტორიის გალექსვა, განსაკუთრებით პირველ ოდაში, და მისი მესიანიზმის იდეასთან დაკავშირება არ უარჰყოფს პოეტის სულში ეკლესიური განწყობილებისა და ასკეტური მიდრეკილების პოტენციას“. (კეკელიძე 1952: 168).

იმას, რომ „თამარიანის“ ავტორი სწორედ ჩახრუხაძეა, მოწმობს, ივ. ლოლაშვილის მითითებით, ნაწარმოების ბოლო მინაწერი1 და მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის პოეტ-გადამწერის ცნობაც, სადაც „თამარიანის“ ავტორად დასახელებულია ჩახრუხაძე, წარმოშობით მოხევე, ასევე - „არჩილიანი“.2

კერძოდ, არჩილი რამდენჯერმე მოიხსენიებს ჩახრუხაძეს „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“:

სხვას ლექსით ჩახრუხაძემა შეამკო მეფე თამარი,
არ მებრალების საქებრად თამარი, მისი ამარი,
ვა ამით, რომე სრულ ვერ ყო, ადრე უთხარის სამარი,
მუდამ სხვას წიგნებს ვიკითხავთ, მაგრამ ისიცა სამ არი.
და იქვე, რუსთველის მიმართ თეიმურაზის ნათქვამი:
ჩახრუხაძემ უწინ არ თქვა, რად იპარავ პირველ თქმასა?
რას მიერჩი მას რიტორსა, არ ანებებ მისსა მასა!
ვეჭვ, მას დარჩეს პირველობა, დაგიხიოს შენი მასა,
თორემ ვჰკითხოთ ქორანიკონს, გაგიჩნდების შენი ბასა.3

არჩილი ასახელებს ჩახრუხაძეს, ასევე, „პირველთა და შემდგომითი შემდგომთა მეფეთა ქებასა და სამხილებელში“, სადაც ამბობს, რომ ჩახრუხაძეს უთქვამს მშვენიერი  ლექსები („ვარდი უყრია ბაგეთ მოფენით“); თავისი ლექსისთვის „ჩახრუხაული“ უწოდებია; ჩახრუხაძე იყო მოხევე; ის იყო თამარის მდივანი; ჩახრუხაძე რუსთველზე უფრო ადრე მოღვაწეობდა:

ჩახრუხაძე ბრძენთ ვაბაძნეთ, მაგრამ სახელს გვიმალავსა,
იარება, შებრკოლება არ ეტყობა დრკუდ რამ სლვასა.
მაგრამ გვარი, მოსაგვარი, სახელს ვის გვდებს დასავალსა,
დია ამკობს, ვით იაკობს, თამარს მაშრიყს-დასავალსა.
ვისმე ხევითა, საროს ხე ვითა უთქვამს ლექსები რტო-გარდაფენით,
ყვავილთ მრავალფერთ, ფერად შესაფერთ ვარდი უყრია ბაგეთ მოფენით.
ვინ ვაფრქვევთ ლალთა, ცუდებრ მოლალთა მისთა თქმულთანა გავიაფენით.
ქალნი თუ ყმანი, არსად უხმარნი მჭევრად უქია, ერნიც მეფენით.
ჩახრუხაული, ვით რეხაული ძეგლად უწესა თავისა ლექსსა.
სიტყვის სიმტკიცით ვინცა ვინ ვიცით, იგი მთიული უცხოდ რამ ლექსსა.
ქვეყნის მპყრობელთა სვეთ შემსწრობელთა ნარნარად აქებს მის დროს მოსრულსა.
შაირთ მოჯრობით, ლექსთა დაჯრობით სწორად შეამკობს ფინიკს და ლელსა.
მო, ნახე: ვსური მონა ხევსური! სიყვარულითა მის ხმით ვთქვი მეცა,
ვითა აჩრდილად, ართუ სადილად, გარნა იქნების დღესთან ღამეცა.
მე, ქვემეთრევსა, იგ ესრეთ მრევსა, დაბალს იატაკს, თუ სთქვა, აღმეცა.
მოშაირენი ბრძენ-გონიერნი თურ გამოსულან ხევიდამ-ყე-ცა!
მოხეველისამ, ჩახრუხელისამ ლექსთა სიტკბომან ამიყოლია;
მისებრ მთიული, სიბრძნით ღვთიული თამარის კიდე ვისმცა ჰყოლია?!
ან სხვას მდივანი, გულშემტკივანი,გინა შინაყმა კაამყოლია?
მაგრა რიტორთა, ვით რამ მარტოთა, დასჯის ლექსობა, ვინ მიჰყოლია.4

დაწერის  თარიღი:

პ. იოსელიანს, ზ. ჭიჭინაძეს, დ. ჩუბინაშვილს და ალ. ხახანაშვილს მიაჩნდათ, რომ „თამარიანი“ ვეფხისტყაოსანზე“ უფრო ადრე,  კერძოდ, 1187 წელს დაიწერა. ნ. მარი ფიქრობდა, რომ „თამარიანის“ შემადგენელი ოდები დაწერილია სხვადასხვა დროს და შემდეგ თავმოყრილია ერთ კრებულში.  ა . პ. ინგოროყვას აზრით, ოდები დაწერილია 8-9 წლის მანძილზე, კერძოდ, 1184 წლიდან 1193 წლამდე. კ. კეკელიძე ასაბუთებდა, რომ თხზულება დაიწერა 1210 წლის მახლობლად. ალ. ბარამიძე მიიჩნევდა, რომ ჩახრუხაძის ხოტბები შეთხზულია 1187-1207 წლების განმავლობაში“ (ბარამიძე,  კეკელიძე 1987:. 242). ი. ლოლაშვილი, ისევე, როგორც შ. ნუცუბიძე, ასაბუთებდა, რომ „თამარიანი“  „ერთდროულადაა გააზრებული და ერთდროულადაც დაწერილი“ და რომ ის უნდა დაწერილიყო თამარისა და დავით სოსლანის სიცოცხლეში. „შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ „თამარიანი“ ბასიანის ბრძოლების აღწერით იწყება, როგორც პირველი ოდიდან ირკვევა, ჩახრუხაძე ამ ომის მონაწილეც ყოფილა და, ცხადია, მას ქართველ ხალხთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო ომ ეროვნულ ზეიმში, რომელიც მოაწყო თამარ მეფემ რუქნადინზე გამარჯვების აღსანიშნავად. ამიტომ ჭეშმარიტებასთან ახლოს ვიქნებით, თუ დავასკვნით, რომ „თამარიანი“ დაიწერა ბასიანის ომში გამარჯვებულ ქართველთა საზეიმო განწყობილების შედეგად 1205-1206 წლებში“ - ასკვნის ი. ლოლაშვილი (ლოლაშვილი1957:179-180).

შინაარსი და სტრუქტურა:

ნ. მარი „თამარიანის“ სტრუქტურის განსაზღვრისას  დაეყრდნო ისეთ კრიტერიუმს, როგორიცაა რითმიანობა და, კერძოდ, გამოყო ცალკეული ოდები მათი ერთნაირრითმიანობის საფუძველზე. გარდა ამისა, მარის მითითებით, ყველა სახოტბო ლექსს აქვს:  

  1. შესავალი: ა) ღვთისადმი მიმართვა ან მოწვევა თამარისადმი მაღალფარდოვანი ქების სათქმელად., ბ) ავტორის ლექსთა საგანი.
  2. შინაარსი.
  3. დასასრული, ზოგჯერ ქება-დიდება, უმეტესად (განსაკუთრებით ქების დროს) დასასრული შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთა თანმიმდევრობას მნიშვნელობა არა აქვს: ა) პოეტი უარს აცხადებს თამარის ქებაზე, ბ) მსოფლიოს არც ერთ ბრძენს არ შეუძლია მისი შექება“(მარი 1902:39).

ოდები ნ. მარმა განალაგა ქრონოლოგიური პრინციპით, იმ მოვლენათა შესაბამისად, რომლებიც მოხსენიებულია ამა თუ იმ ოდაში. ამის გამო მან, ი. ლოლაშვილის შენიშვნით, „ხელნაწერებში არსებული თანმიმდევრობა ერთნაირრითმიანი სტროფების წყობისა დაარღვია“ (ლოლაშვილი1957: 147). მაგრამ „ნ.მარის აღმოჩენად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „თამარიანის“ სახოტბო ლექსები დაწერილია ერთი, წინასწარშემუშავებული გეგმით, რომ თითოეულ ოდას აქვს თავისი შესავალი, შინაარსი, დასასრული და ერთი უცვლელი გარეგანი რითმა“ (იქვე). მარის შეხედულება გაიზიარეს „თამარიანის“ სხვა მკვლევრებმა. ამასთან, პ. ინგოროყვამ გაზარდა ხოტბების რაოდენობა და მიიჩნია, რომ „-ებულად“-რითმიანი სტროფები ორი ოდისგან შედგება. ამ შეხედულებას დაეთანხმა ი. ლოლაშვილიც.

მ. ჯანაშვილი და შ. ნუცუბიძე „თამარიანს“ მთლიან თხზულებად მიიჩნევდნენ და არა სხვადასხვა დროს დაწერილი ოდების კრებულად, ხოლო ი. ლოლაშვილი ფიქრობდა, რომ, ერთი მხრივ, ეს „ჭეშმარიტად სწორი გაგებაა „თამარიანის“, როგორც მხატვრული ძეგლის, თავისებურებისა, მაგრამ იგი არ გამორიცხავს მეორე მოსაზრებას, რომ ამავე დროს ეს ძეგლი ციკლური სახოტბო ლექსების მთლიანობაა. „თამარიანის“ კომპოზიციური თავისებურება სწორედ ისაა, რომ იგი თავიდანვე ერთდროულადაა ჩაფიქრებული და დაწერილი სახოტბო ლექსების სახით“ (ლოლაშვილი 1957:156). ჩვენი აზრით, ეს შეხედულება ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რადგან „თამარიანი“ არის თემატურად ანალოგიური ლექსების კრებული, რომელთაც აერთიანებს ავტორის მიზანდასახულება - თამარისა  და მის საქმეთა  განდიდება. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ ნაწარმოების ბოლო მკვლევარი, ი. ლოლაშვილი  პოემაში გამოყოფდა შესავალსა და თვრამეტ ციკლურ სახოტბო ლექსს, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევიან საკუთარი შინაარსითა დ თითოეული ლექსისთვის დამახასიათებელი ფორმალური ნიშნებით. „ამ ლექსებიდან თორმეტი ოდაა. ორი - მაგალითების, ე.ი, საარაკო ამბების შემცველი ფრაგმენტი და ოთხიც თითოსტროფიანი სახოტბო ლექსი“ (ლოლაშვილი: 157) .

„თამარიანის“ შესავლის  რითმა „-იერსა“ აერთიანებს 12 ტაეპს. აქ ავტორი ასახელებს ფილოსოფოსებს: დიონისე არეოპაგელს („დიონოსისგან“), ენია ღაზელს(„ენოსისგან“), სოკრატეს, პლატონს, არისტოტელეს  და  აღნიშნავს, რომ თამარისადმი ხოტბის შესხმა არ ძალუძს არავის, იმ შემთხვევაშიც კი,  ამ ადამიანს ფილოსოფოსების სიბრძნე, ჰომეროსის  მჭევრმეტყველება, ან  გრძნების ისეთი უნარი რომ ჰქონდეს, როგორიც აქვს, მაგალითად, სარამას5. მიუხედავად ამისა, მე ვბედავ თამარისთვის ხოტბის შესხმასო („ხელ-ვჰყოფ კადრებად, ქებად დარებად“), ამბობს ავტორი.

  1. პირველი ოდის რითმაა „-ებულად“. ამ თავში შექებულია თამარი , შემდეგ - დავით სოსლანი და ლაშა-გიორგი; აღწერილია  ქართველთა მიერ ზვავი, ანუ ამაყი, ამპარტავანი რუქნადინის დამარცხების ამბავი.
  2. მეორე ოდის რითმაა „-ნარი“ (გამონაკლისია პირველი ტაეპი, სადაც სარითმო სიტყვაა „მეცნიარი“). ამ თავის ბოლო სტრიქონი არ იკითხება. მეორე თავში  ნათქვამია, რომ თამარი არის „მზე დაუვალი, შუქ-მომფინარი... ელვა-ეთერი, დარმანის ველი, ედემს მაღნარი... სიუხვით ზღვებრი, სიმაღლით ცებრი“; თამარი მძლეთა მძლეველია, ქრისტიანობის მოწესეა; მას ადამიანები „მზეს“ უწოდებენ; მისი შექების უნარი არა აქვთ არც პლატონის ენას და არც - დავითის ქნარს.
  3. მესამე ოდა არის ერთსტროფიანი სახოტბო ლექსი „თამარ წყნარი, შესაწყნარი“, რომელიც დაწერილია მაღალი შაირით. მისი რითმაა „ნარი“.
  4. მეოთხე ოდაში გადარჩენილია მხოლოდ სამი სტროფი და მეოთხე სტროფის პირველი ორი ტაეპი. რითმაა„-ოვნებად“. ამ თავში საუბარია იმის შესახებ, რომ თამარმა მზეც კი დააბნელა. მისგან მზე უეტლოდაა დარჩენილი. მას ვერ შეედრება თვით არესიც („არე მთენი“); ის არის „დაუყოვნებადი მნათი“, რომელიც სხვა მნათობებს „ბინდ-მხდოვნებად“ აქცევს, ანუ ბინდს ახდის; ის სირცხვილეულს ხდის თვით ხალიფას; ფილოსოფოსი ენოსი ავტორს ეუბნება, რომ თამარმა უნდა გაუთენოს  წყვდიადი; თამარის ნათელის მხილველი მზე დაბნელდება; თამარის სადარი ამქვეყნად არავინაა.
  5. მეხუთე ოდას აკლია რამდენიმე საწყისი სტრიქონი, გადარჩენილია მხოლოდ შვიდი სტროფი და მერვე სტროფის ბოლო ორი ტაეპი; მისი რითმაა „-ებარე“. ამ სტროფში ნათქვამია, რომ თამარის ტანი შუქ-მტაცებარეა. ის „სიზმრად მაოცებარე“ არსებაა, სოფლისა წყალთა მშვენებაა, მთვარე მცებარე; ცად ამაღლებული. ის სხვა მნათობებს აბნელებს; ავტორი ნატრობს, რომ ძემ ღმრთისა მას „მწე“ უწოდოს; მას აქვს „დამამშვენებრი“ ქცევა, გონება, სული“; დავით სოსლანი „ლომებრ შემძახებარეა“; მან შემუსრა ფარუხი, როდესაც ის მანგლისთან ნამგლის პირით გააქცია („მეოტებარე ჰყო“);  თამარის ლაშქარმა დავით სოსლანის სარდლობით სპარსთა ჯარები გაანადგურა, ქალაქი რანი წაართვა და  ყელზე მონობის უღელი დაადგა; დავით სოსლანი ეფრემის ნათესავია, რომელიც „მბრძოლთა სისხლითა“ ხმელეთს ღებავს და ისუ ნავესავით მხნეობს ბრძოლებში.
  6. მეექვსე ოდაა ერთსტროფიანი ლექსი „ახალო პირო, მძლეო, ნოსრ ვითა“. რითმაა „ასურმა ისო“.
  7. მეშვიდე ოდის რითმაა „-ევად“. ამ ოდის მიხედვით, გონებავრცელმა ფილოსოფოსებმა რომ რიტორები მოიწვიონ, ელადაში განსწავლულმა ელინებმა მჭევრმეტყველება გამოიჩინონ, ხოლო დავით წინასწარმეტყველმა  ათსიმიანი საკრავი რომ ააჟღეროს, მაინც ვერ შეაქებენ თამარს.  თამარის „ხმა-შუქი“ ელვას, მზეს ან მთვარეს წააგავს.  ტროელებს სიკვდილი უმძიმთ, რადგან თამარისთვის არ დაიხოცნენ. ივდითისგან  მოკლული მხედართმთავარი ოლომფრე შვიდგზის შეცდა, რომ თამარს არ გეტრფოდა; დალითასგან  თმაშეკრეჭილი სამფსონი პალატში ზის და ნანობს, რომ თამარი არ შეიყვარა; ტამარს ვერ შეედრებიან დებორა ქველი და ზღვის მეუფე  (სპარს. დორიადარა); რამინი განიცდის, რომ თამარის ნაცვლად ვისის სიყვარულით იტანჯებოდა; როდესაც მომღერალმა მგოსანმა (ოსანმა) თამარს შეხედა, რეტი დაესხა და თავისი ბედი დაგმო;6 სალა ნანობს, რომ ლხინ-უნახავი სხვისთვის იყო გახელებული;  შატბიერი წუხს, რომ ანალათის სიყვარულით კვდებოდა7; ყაისი კაენივით მოთქვამს, რომ ლელის გაუმიჯნურდა და თამარს არ დაემონა; თამარი უძლეველია - მას უეცრად დაესხნენ თავს ქმარი და მისი მომხრეები, მაგრამ ახლა მათი ძვლებიც კი შერყეულია;  თამარმა დაამარცხა ერანის მფლობელი აბუბაქრი (ბობქარი) ; შარვანელი მოტრფიალე, „გაშაზე“ (სამეფო ტახტზე) მჯდომი, სიყვარულით შემოსცქერის („ნაგაშასპევია“) თამარს;  თამარი არის „ლაღი, მწყაზარი“; ის დაუყოვნებლივ სჯის მტრებს; ამავე დროს, ის დაუნდობელია ორგულთა მიმართ;  შემდგომ ჩახრუხაძე ხოტბას ასხამს თამარის ტევრ თმას, მაღალ ყელს, აღნაგობას; აღიარებს, რომ არ ძალუძს თამარის ქება და ურჩევნია, აღვირი ამოისხას და დადუმდეს; თუ ენია ღაზელი მოინდომებს თამარისადმი ხოტბის შესხმას, მან „მწყობრ-შენასხმევად“ პლატონი უნდა დაიყენოს; მართალია, მან მოიხმნო ჰომეროსი, სამფსონი და კვიროსი თამარის ვინაობის გამოსაკვლევად, მაგრამ მათ ხელი მოეცარათ.
  8. მერვე ოდის რითმაა „-ოდის“. აქ ჩახრუხაძე აღიარებს, რომ „ცრემლთა ნაკადი ღვარულად მოდის“, რადგან სიკვდილის შემდეგ ვეღარ შეძლებს თამარის დიდების მაუწყებელი მაგალითების ჩამოთვლას. ხაზარები, ჩინელები და ხანთა ქვეყნის წარმომადგენლები თამარისკენ მოისწრაფოდნენ, კონსტანტინოპოლში ნავები ააგეს და წყნარ ზღვაზე გამოსცურეს; ბაღდადელები მოვიდნენ ბარდავში, საიდანაც მახარობელი გამოგზავნეს საქართველოში; მათ ზავის ჩამოგდება სურდათ; თან საჩუქრად  წამოღებული განძეულით დატვირთული აქლემები მოჰყავდათ, ქარავანს  წინ მონა-მხევლები მოუძღოდნენ. ქარავანს  წინ მიეგება თამარი. ხელის სათხოვნელად მოსული დიდი ემირი  ქააბაში აკლდამას იმზადებდა, შორიდან ეტრფოდა თამარს და მაჰმადიანული სარწმუნოების მიღებას ამაოდ სთხოვდა.
  9. მეცხრე ოდის რითმაა „-არი“. უკანასკნელი სტროფი დაზიანებულია. გადარჩენილია მხოლოდ ამ ოდის პირველი ტაეპი. მისი შინაარსი სამიჯნურო-სათავგადასავლო ხასიათისაა. აქ აღწერილია თამარის სიყვარულით გახელებული მოყმე-პოეტის თავგადასავალი. პოეტს მოუვლია აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და უცხოეთში სამუდამოდ ყარიბად დარჩენილა.
  10. მეათე ოდის რითმაა „-ელი“. აქ ჩახრუხაძე ხოტბას ასხამს მზეზე უზენაეს თამარს, რონლის ღაწვები ანათებენ, ყელი კი „ბროლ-ვარდობს“. მისი მნახველნი განცვიფრებით იძახიან: „ჰე, საკვირველი!“; თუკი თამარი მთვარეა, რატომ მზეობს? თუ ელავს, რად გვაღელვებს მისი ჩაქრობა? მისი შარავანდედი ხომ მსწრაფლ მოგვწვდება? თამარი შვიდი მნათობის მანათობელია; თამარი ბრძენია, ასკლეპიასის მსგავსად ,„გონება-ვრცელი“.  მას ვერ შეედრებიან დარიოსი, ხოსრო ანუშირვანი, საამ ფალავანი, აქილევსი და დებორა ქველი. ის არცხვენს არა მარტო მოსაზღვრე ქვეყნების მეფეებს, არამედ - ზეციურ ძალებსაც; ის ანადგურებს მუსლიმანებს, ურჩ ადამიანებს სიკვდილით სჯის, ხოლო ხალიფას  ქომაგებს სპობს; შეშინებული აბუბექრი (ბობქარი) დვინისკენ გარბის; სხვათა მძლეველი მეფეები თამარს ხარკს უხდიან და მისი ეშინიათ; რაკი თამარს გვერდით ჰყავს დავით სოსლანი, ისპირისა და შარვანის დარბევა ძნელი არაა; მაჰმადიანები ამბობენ, რომ თამარი მზესა და მთვარეს ჰგავს;  დავით სოსლანი „ძლიერი, მხნე, უძლეველი, წყნარი და მკრძალი“ პიროვნებაა; ვინც შეხედავს, იტყვის, ათას წელს უნდა მეფობდესო.
  11. მეთერთმეტე ოდას აკლია დასაწყისი და დასასრული. მისი რითმაა „-ენალი“. ამ ოდაში ავტორი კვლავ ხოტბას ასხამს თამარის ღირსებებს და ამბობს, რომ თამარი დაემუქრა და ვახტანგ გორგასალის მსგავსად, წადილი აისრულა - დავითის ხმლით შეარცხვინა მზის კერპის თაყვანისმცემელი ბობქარი (აბუბექრი); თამარმა სტუმრების მიღებითა და მარგალიტების გაცემით ბაღდადიც დაიპყრო. ის სწორუპოვარი, უძლიერესი მეფეა.
  12. მეთორმეტე ოდის რითმაა „-ამისად“. მისი შინაარსი ამგვარია: თამარი დასაბამის ნათელია, მამის სწორი, იესიანი, აბრაჰამის ასული;  დავით სოსლანის ნათებას ისუ ნავეს შუქთა კრთმაც კი ვერ შეედრება; ავტორი მას პლატონისებურ ქებას ვერ შეასხამს.
  13. ერთსტროფიანი სახოტბო ლექსის რითმაა „-არიდენ“. დაწერილია დაბალი შაირით.
  14. ერთსტროფიანი სახოტბო ლექსის რითმაა „შესხმანი“.
  15. მეთხუთმეტე ოდის რითმაა „-ებულად“. ამ ოდაში ჩახრუხაძე გვამცნობს, რომ თამარი იესო ქრისტეს მსგავსად გამოჩნდა. დავით წინასწარმეტყველმა მას თავისი ნათესავი უწოდა და მის წინაშე ცეკვავდა. ყველას, მათ შორის - მიდიელებსა და სპარსელებსაც კი, თამარის სამწყსოში ყოფნა სურთ; თამარი ცისკრობს და ვარსკვლავებს ჩრდილავს;როგორც ახალი, ისე ბადრი მთვარე თამარისგან დასაწყლებულია.
  16. მეთექვსმეტე ოდის რითმაა „-ებანი“. მისი შინაარსი ამგვარია:
    თამარის საქებრად დავით წინასწარმეტყველის ებანი ჟღერს. ოტარიდმა რომ იხილა თამარი, უკუნეთის კარი გაიღო; ზევსი თამარს მზედ აღიარებს და სელენეს ეტლი მოურბენინა, მისცა ნარგიზები და თქვა, შენ შეგშვენის ლომისებრი ნებისყოფაო; თამარს ეტრფის ლომი აბესალომი (ანუ დავით სოსლანი), ეფემის ჩამომავალი, რომელიც „ნებროთს სჯობს ძალად“; დავითი არის „მბრძოლთ გულის მდაღი“, მისი სამფლობელი გადაჭიმულია პონტოს ზღვიდან შარვანამდე.
  17. მეჩვიდმეტე ოდის რითმაა „-ებად“. მისი შინაარსია:
    ღმერთმა გვასწავლა, რომ დასაბამიდან ამქვეყნად მხოლოდ ზღვები იყო.  მერე ღმერთმა  ეს „ერთი ბუნება“ გარდაქმნა სამ სტიქიად („თბებად“) და გამოძერწა („ხელითა იწყო“) ადამიანი; ღმერთმა „ბუნება გააჩინა „თამარის ცხებად“. ამიტომ ის ღვთის მოშიშია, „მაღალი, დიდი, უკლები, მშვიდი, წრფელი, უცრუო...ჯავარ მოცალე, ტკბილი, მოწყალე ყოველთა კაცთა განურისხებად“. მან იხმო დავით სოსლანი, რომელმაც ისლამს ცეცხლი წაუკიდა; დავითმა საქართველოდან თურქები გააძევა, ხვარაზმშას „სჯულ-უდვა მცნებად“.ყოველისშემძლე მელიქმა ლაშა-გიორგი თავისთან მიიწვია „ლხინად და შვებად“ და თამარისა და დავითის ქალიშვილი , შეუდარებელი მზე მოითხოვა  „ბნელისა კართა ნათელთა ცებად“. ამ ხოტბას ვერაფერს დაამატებენ სოკრატე და პლატონი, ორივენი რომ „ეფრემის წყებად“ გალობდნენ. ვერც აპეტოსეს (ანუ იაფეტს) და ზოროასტროს ხელეწიფებათ თამარის შექება, ხოლო არისტოტელემ „თავი თვით მისცა საძიებელად“.
  18. მეთვრამეტე ოდის რითმაა „-იერსა“. ამ ოდაში გადმოცემულია ქვეყნის გაჩენის, ადამისა და ევას, სამოთხიდან მათი გაძევების, წარღვნისა და ნოეს კიდობნის ამბავი, ასევე ნათქვამია, რომ ქრისტეს  („მკვდართა აღმდგენის, ბრმა-კოჭლთა მდგენის“) ისტორია დააგვირგვინა თამარის მოღვაწეობამ.

„აბდულმესიანი“

„აბდულ-მესიანი“ ნახსენებია „ვეფხისტყაოსნის“ მინაწერში:

ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა..

 „აბდულმესიანს“ იკვლევდნენ: თეიმურაზ ბაგრატიონი, ზაქარია ჭიჭინაძე, ალექსანდრე ხახანაშვილი, კორნელი კეკელიძე, პავლე ინგოროყვა, შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე  ბარამიძე, ელენე მეტრეველი, ივანე ლოლაშვილი და სხვ. ამ პოემის ხელნაწერები, ისევე, როგორც „თამარიანისა“, შემონახულია მნიშვნელოვნად დამახინჯებული სახით.  არაბული სიტყვა  „აბდულმესიჰ“ ქრისტეს მესიას, ქრისტეს მონას ნიშნავს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, კ. კეკელიძე „აბდულმესიანს“ მიიჩნევდა სხვა თხზულებად, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.  მეცნიერის აზრით, „აბდულმესია არის არა ეპითეტი, არა სიმბოლურ-ალეგორიული, არამედ საკუთარი სახელი აღმოსავლეთის ეკლესიისა, საიდანაც ის ჩვენშიაც შემოსულა. ... აღმოსავლეთის ეკლესიამ იცის წმინდა აბდულმესი ან ბადალმესი, რომლის ცხოვრება შენახულა ასურულ, სომხურ და არაბულ ენებზე, ეს ცხოვრება ქართულადაც ყოფილა ნათარგმნი, ის შენახულა იერუსალიმის ჯვარის მონასტრის ერთ-ერთ XI-XII საუკუნის ხელნაწერში № 20... ამ აბდულმესიას რამე კავშირი ხომ არ აქვს შავთელის თხზულებასთან? ხომ არ გულისხმოვს აბდულმესიანი აღნიშნულ „ცხოვრებას“, რომელიც იქნება შავთელმა გალექსა?“ (კეკელიძე 1952:175). ნ. მარის შეხედულების საპირისპიროდ, რომლის თანახმად, ქართულ მწერლობაში არ მოიპოვება „აბდულმესიანის“ სახელით ცნობილი სხვა ნაწარმოები, კ. კეკელიძემ ასეთად დაასახელა ჰაგიოგრაფიული ძეგლი  „წამება წმიდისა აბდულმესია ჲსი“. 1956 წელს, როდესაც მოპოვებულ იქნა სინას მთღისა და იერუსალიმის ქართულ ხელნაწერთა მიკროფილმები, მათ შორის აღმოჩნდა „აბდულმესიას წამებაც“, მაგრამ მას საერთო არაფერი აქვს  შავთელის პოემასთან. ი. ლოლაშვილი იმასაც კი ვარაუდობდა, რომ შავთელმა არც კი იცოდა „აბდულმესიას წამების“ - ამ უმნიშვნელო მარტიროლოგიური ძეგლის - არსებობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ნათელია, რომ „აბდულმესიანი“ და „აბდულმესიას წამება“ ორი განსხვავებული ტექსტია.

პოემის ავტორი და პერსონაჟი/პერსონაჟები

საყურადღებოა, რომ „აბდულმესიანის“ ორ უძველეს (ეგრეთ წოდებული  A და C ) ნუსხაში  თამარისა და დავითის ნაცვლად მეფე არჩილია დასახელებული. ამასთან,  A ნუსხა ამგვარადაა დასათაურებული:  „თავი დასაწყისი პირველი,. სამებელ-შემოქმედელ-მიტროპოლიტისა იაკობისაგან თქმული ქება მეფისა არჩილისა“, ხოლო C  ნუსხა - „ქება კახეთისა და იმერეთისა ბატონისა ღვთივ გვირგვინოსნისა და მართლმადიდებლისა მეფის არჩილისა, რომელი იყო ნათესაობით დავითიანი და სოლომონიანი, ბაგრატოვანი, ძე საქართველოს მეფის ვახტანგისა, თქმული გურიულის დუმბაძის იაკობ შემოქმედელისგან“, თუმცა, ამ უკანასკნელის ბოლომინაწერის მიხედვით, ესაა „მეფის თამარის ქება-შესხმანი“. ი. ლოლაშვილის დაკვირვებით, ეს ნუსხები გადაწერილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნუსხიდან. მკვლევარი აღნიშნავს, რომ „აბდულმესიანის“ უძველესი ოთხი ნუსხის  (რომლებიც მე-17-მე-18 საუკუნეებშია გადაწერილი) საერთო წყაროს წარმოადგენს „პოემის დაკარგული ნუსხა, რომელიც იაკობ დუმბაძეს (შემოქმედის ეპისკოპოსს)  გადაუკეთებია, პოემიდან თამარისა და დავითის სახელები ამოუშლია და მათ ნაცვლად ჩაუსვამს „არჩილი“. შეუცვლია სათაურიც (წაუწერია „ქება მეფისა არჩილისი“) და თხზულება თავისი სახელით გამოუქვეყნებია“ (ლოლაშვილი 1964: 27).  ი. ლოლაშვილი იმოწმებს თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობას: „ჩვენ, უბადრუკთ ქართველებს, ის საკვირველი სტიხები შავთელისა, აბდულ-მესიას წიგნი დაჰკარგვიათ. პაპას ჩემს ერეკლეს მრავალი უძებნინებია, დიდი სურვილი ჰქონია იმის ლექსების, მაგრამ ეს წიგნი ვეღარ უპოვნიათ“ (ლოლაშვილი 1964:45). იმას, რომ ერეკლეს კარის მწიგნობრებმა „აბდულმესიანი“ ვერ იპოვეს, ი. ლოლაშვილი განმარტავს იმ მიზეზით, რომ იმხანად (მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში) „აბდულმესიანი“ ცნობილი იყო „არჩილ მეფის ქების “ სახელით. პოემა დაკარგულად ითვლებოდა მანამ, სანამ 1822 წელს დავით რექტორი  გაარკვევდა, რომ ეს უკანასკნელი სწორედ რომ შავთელის ნაწარმოები იყო და რომ მასში თამარი და დავით სოსლანი იყვნენ შექებულნი.  პოემას მან უწოდა „თამარ მეფისა და მეუღლისა მისისა დავით მეფის ქება“. ამ მოსაზრებას დაეთანხმნენ თეიმურაზ ბაგრატიონი, პლატონ იოსელიანი და დავით ჩუბინაშვილი. 8

1902 წელს ნიკო მარმა გამოთქვა თვალსაზრისი, რომ „აბდულმესია“ არის თხზულების სახელწოდება და ეს თხზულება დავით აღმაშენებლის ხოტბაა. კ კეკელიძის შეხედულებით, პოემაში შექებულია ორი პიროვნება: დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე. დავით სოსლანს, კ. კეკელიძის აზრით, ვერ მივიჩნევთ პოემის პერსონაჟად, რადგან ის მხოლოდ იმდენად იყო მეფე, რამდენადაც თამარ მეფის ქმარი იყო., „ხოლო ხოტბის მეფე არის „ცხებული“ ან „ზეთცხებული“ (21, 61 ), „გვირგვინოსან-პორფიროსანი-სკიპტრა-მპყრობელი (411), ქვეყნის მპყრობელი (41) და თვითმპყრობელი (281)“. ამგვარი მეფე დავით სოსლანი არასოდეს ყოფილა.  თან ხოტბა გულისხმობს იესიან მეფეს, დავით სოსლანი კი წოდებულია არა იესიანად, არამედ ეფრემიანად, მაგალითად, „თამარიანში“...“ (კეკელიძე: 180). კ. კეკელიძის მითითებით, იმას, რომ პოემას ორი პერსონაჟი ჰყავს, და რომ მეორე მათგანი უცილობლად ქალია, მოწმობს ზოგიერთი ეპითეტი, რომლებიც მამაკაცს ნამდვილად არ მიემართება, „მაგალითად „ნარგიზ-ლავტორი, ია მაკროტი (81) , მზისადმი წამწამთა, ვით ლახვარის მსროლელი (674) და სხვ.“ (კეკელიძე 1952: 1799). შალვა ნუცუბიძემ 1942 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმად, „აბდულმესიანში“ გაერთიანებულია ორი სხვადასხვა ავტორის ორი თხზულება: პირველი - საკუთრივ „აბდულმესია“ - დავით აღმაშენებლის ხოტბა და მეორე - თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქება (შავთელი 1942: 7 და შმდგ).  ალ. ბარამიძის მართებული შენიშვნით,  „აზრთა ამგვარ სხვადასხვაობას ის გარემოება იწვევს, რომ „აბდულმესიანის“ ჩვენამდე მოღწეული ტექსტი ძლიერ დამახინჯებულია... „აბდულმესიანში“ უცილობელად ორი პიროვნებაა შექებული. აქედან ერთი მამაკაცია და ერთი დედაკაცი. „აბდულმესიანში“ რომ თამარ მეფეა შექებული, ეს ეჭვებს არ ბადებს. ამიტომაც ბუნებრივი იქნებოდა, რომ მეხოტბეს თამართან ერთად შეექო მისი ღირსეული მეუღლე და თანამეფე დავით სოსლანი, მართლაც, „აბდულმესიანის“ 62-ე სტროფში მეხოტბე ამბობს: „გვრიტთა მართვისა თვარ, აქვს მართ ვისა თქვენებრ სურვილი მეუღლობისა?“.... მაშასადამე, მეხოტბე ამკობს ფაქიზი მეუღლეობრივი ცხოვრებით შეკავშირებულ ორ პირს. ესენი კი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ თამარი და დავით სოსლანი“ (ბარამიძე, კეკელიძე 1987: 218).

მაინც, ვინ არიან „აბდულმესიანის“ პერსონაჟები? პოემაში გვხვდება იმგვარი გამოთქმები, რომლებიც ნამდვილად მეფე-ქალს მიემართება. მაგალითად, „ეთერ-ბრწყინვალე, მზეებრ სადარი“ (32), „ვარდი უფრჭვნელი, ცვრით განბანილი“ (511),„ქრისტეს სასძლო“ (951), რომლებიც, რა თქმა უნდა, ქალს მიემართება და არა მამაკაცს. ეს ქალი „აბდულმესიანში“ დახასიათებულია, როგორც ბრძენი, მეცნიერებათა მეცენატი, ფილოსოფიურად და თეოლოგიურად განსწავლული, სამართლის მოყვარული, პყრობილთა განმათავისუფლებელი, მოწყალე, ქველმოქმედი პიროვნება, ღვთის მიერ მოვლენილი მეფე:

მან უცოდველმან, ყოველთ მხედველმან ზესთ-არსმან ზესთა თვითებისამან,’
მიუწვდომელმან, დაუწყებელმან ნათელმან ერთმან სამებისამან:
მამისა ნიჭმან, სულისა ნიშმან, ძის თანა სწორად განსაზღვრებულმან -
გქმნა ცისკრად დღისად, მთიებად მზისად ვარსკვლავად ცისად, თვით უბინდომან.

  ბოლოს, „აბდულმესიანის“ პერსონაჟი ქალი „სჯულის ლარია (691), „სჯულის ფიცარი“ (722), „ქრისტესთვის მთხევი თვისი ოფლისა“ (712). ნიშანდობლივია, რომ თამარის ამგვარი დახასიათება ემთხვევა მის დახასიათებას მატიანეებში. ამიტომ ეჭვს არ იწვევს თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ პოემის მთავარი პერსონაჟი სწორედ თამარია.

შედარებით უფრო რთული იყო იმის დადგენა, თუ ვინ არის პოემაში მოხსენიებული „დავითი“. ამ საკითხის გასარკვევად ი. ლოლაშვილმა განიხილა „აბდულმესიანში“  ასახული ისტორიული რეალიები (მაგალითად, ბასიანის ბრძოლა, შამქორის ბრძოლა, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება ქართველთა მიერ), რომლებიც უთუოდ თამარის (და არა დავით აღმაშენებლის) ეპოქაში მომხდარ მოვლენებს ასახავს. შედეგად, მკვლევარი ასაბუთებს, რომ  „ლომი დავითი, რომელსაც იხსენიებს პოეტი დასახელებულ ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით... , არის დავით სოსლანი...“ (ლოლაშვილი 1964:86).

  პოემის მე-16 სტროფში კი იგულისხმება ლაშა-გიორგის დაბადება:

ძირით მისისა იესესისა შვილი მართალი იშვა ცხოვრებად,

ქალწულ-წმიდისა წილჴდომილისა საქართველოსა მეფედ წოდევად.

სვეტად სჯულისად, ზღუდედ სულისად, აგარის ერთა ცეცხლთა მომდებად.

ამგვარად, „პოემაში შექებულია სამი ისტორიული პირი: თამარ მეფე, დავით სოსლანი და მათი ძე - ლაშა გიორგი, თხზულების მთავარი პერსონაჟია თამარი. დავით სოსლანი და ლაშა გიორგი მეორე რიგის პერსონაჟები არიან. პოემა ასახავს თამარისდროინელი საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას“ (ლოლაშვილი 164: 93).9

დაწერის თარიღი

დავით რექტორი, თეიმურაზ და იოანე ბაგრატიონები თვლიდნენ, რომ „აბდულმესიანი“ დაიწერა თამარის მეფობის დროს; პლატონ იოსელიანის აზრით, პოემა დაიწერა 1192 წელს.ამავე შეხედულებისა იყო ზაქარია ჭიჭინაძე, თუმცა მან მალე უარყო თავისი შეხედულება; ნიკო მარი, რომელიც „აბდულმესიანის“ ერთადერთ პერსონაჟად დავით აღმაშენებელს მიიჩნევდა, პოემის  დაწერის თარიღად დავითის ეპოქას აღიარებდა; კ. კეკელიძის აზრით, პოემა დაწერილია 1210-1215 წლებში10.  შალვა ნუცუბიძე ფიქრობდა, რომ პოემის ის ნაწილი. რომელც მიძღვნილია დავით აღმაშენებლისადმი , უფრო ძველია და დაწერილია მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედში,  ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც მიძღვნილია თამარ მეფისადმი., უფრო გვიანდელია და დაიწერა მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნაზე. ალ. ბარამიძე მიიჩნევდა, რომ პოემა შეიქმნა 1204-1212 წლებში, ხოლო ელენე მეტრეველის თვალსაზრისით, შავთელს „აბდულმესიანის“  წერა უნდა დაეწყო ბასიანის ომის დამთავრების შემდეგ (1206 წელს) და დაემთავრებინა 1207 წელს, დავით სოსლანის გარდაცვალების უმალ. ი. ლოლაშვილი  ფიქრობდა, რომ „აბდულმესიანი“ დაწერილია... 1204-1206 წლებში, მაშინ, როდესაც საქართველო ზეიმობდა ორ დიდ ისტორიულ გამარჯვებას: ბასიანის ომის მოგებასა და ტრაპიზონის იმპერიის დაარსებას“ (ლოლაშვილი  1964: 113). ეს დასკვნა გამყარებულია პოემის ტექსტში დასახელებული ისტორიული ფაქტებით და, ამდენად, ყველაზე მეტად სანდოა.

შინაარსი და სტრუქტურა

„აბდულმესიანის“ ტექსტი შეიცავს 104 სტროფს და შედგება ცალკეული თავებისგან. თითოეულ თავს, ისევე, როგორც „თამარიანში“, აქვს საკუთარი შინაარსი, დასაწყისი და დასასრული. თითოეული დასაწყისი წარმოადგენს ქებად მოწოდებას ან მიმართვას. ყოველი თავის დასასრულს შავთელი აღნიშნავს, რომ უძლურია, სათანადოდ შეაქოს თამარი (ან დავითი). ზოგჯერ ის ლოცავს ხოტბის ობიექტს ან კიდევ - ეკამათება ძველ პოეტებს ან ფილოსოფოსებს.

„თამარიანის“ მსგავსად, „აბდულმესიანს“ წინ უძღვის სამსტროფიანი შესავალი, სადაც ავტორი შემწეობას სთხოვს ერთარსება სამებას, რათა მან (შავთელმა) ღირსეულად შეაქოს  ქების ობიექტი. შემდეგ ის იწვევს სხვადასხვა ქვეყნის ბრძენთ, მაგრამ იმასაც ამბობს რომ შესაფერისი ქების გამოთქმა ვერავის ძალუძს. შესავლის მესამე სტროფში ქების ობიექტს ეწოდება „ეთერ ბრწყინვალე“, „მზეებრ სადარი“, რომელსაც ვერაფერი შეედრება  ვერც აღმოსავლეთში, ვერც - დასავლეთში, ვერც - ჩრდილოეთში, ვერც სამხრეთში,  ვერც ზესკნელ-ქვესკნელში და ვერც გარესკნელში.

პირველ თავში შექებულნი არიან დავითი და თამარი . დავითი ქველი და ძლიერია, რიტორი და ბრძენი. ჯერ კიდევ ბიბლიურ წინასწარმეტყველს უფლისაგან „ეფუცა სიტყვა-მტკიცედ“, რომ მისი ჩამომავლები „ისხდებიან მსაჯულად საყდართა ზედა“  და აი, დავითის ჩამომავალი „კურთხევით უფლებს“. დავითი „ძლიერი, მხნედ საშინელია“. მას ვერ შეედრებიან სიძლიერით უთრუთი, საამი, ზაალი და როსტომი, თამარს კი ავტორი ადარებს ლიბანის ნაძვს, ერმონის საროს, იერიქოს ვარდს, ნარგიზ-ლავროტსა და ია-მაკროტს,  ,,უკვდავთ წყაროს, ცის სამყაროს“. ის ნათელია, წრფელი, „შემწყნარებელი დავრდომილის“; ისაა „მადლისა პური, სიბრძნის სადგური“, რომელსაც „მთა ვერად სწორავს არარატისა“.

მეორე  თავში საუბარია იმის შესახებ, რომ იესიანი მოდგმის ძირიდან იშვა ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველოს მეფე, რომელიც უნდა იქცეს „სვეტად სჯულისად, ზღუდედ სულისად“, ბიბლიური აგარის ჩამომავალთა „ცეცხლის მომდებად“; მას მრავლად მოერთმის ხალიფას ძღვენი თუ ხარკი;  პოეტი აღწერს ძეობას, ბედის მკითხაობას, უფლისწულის გარეგნობას, მჭვრეტელთა სიხარულსა და მტრის გულისწუხილს. ახალდაბადებულს პოეტი უწოდებს სამოთხის ცხოველ წყაროს, რომელიც მზეს გაუტოლდა; ის შვიდი მნათობითაა გარშემოზღუდული; გარემო მისგან ისეა განათებული,როგორც   - მთვარის სხივებით; მეფის ხილვა ისე იზიდავს მჭვრეტელთა თვალებს, როგორც „მაღნიტი“ ფოლადს; ის შვებითა და განცხრომით ცხოვრობს; სპასპეტთა უფალი ქველია, უძლეველი, უსწორო სახე აქვს, ჩინებული მშვილდოსანია.

მესამე თავში შავთელი აღიარებს, რომ არ ძალუძს გულისხმიერად შეუთხზას ქება მაღალ, მხნე, ბრძენთა სახელის მოზიარე („სეხნა“),ურისხველ, მოწყალე, უხვ, მართლმორწმუნე, ბრძენ პიროვნებას, რომელიც არის „სამართლად ღირსი ნეტარებისა“.

მეოთხე თავში დახასიათებულია დავითი - მშვენიერი, „მოყმე“, მხნე, გულუხვი, განსწავლული; ის ზეცით მოვლენილი ნათელია, ბარბაროსთა მსრველი, სარკინოზთა მძლეველი; ყველა თვითმპყრობელზე უძლიერესია. დავითი შემუსრავს ბაალს, მოლოქს და ქამალს; უზადო მხედარი და უებრო მეომარია;  „მეხებრ“ ანადგურებს მტერს. მტერთა მახვილნი  ცვილივით გაუხდება მის ნაკრავს. თუ ეს „ლომი“ გაურისხდა წარმართებს ან მარზაპანებს, მალე დააწყებინებს მათ „ნანვას“; დავითი ლაშქრობისას „გორგასლიან, დავითიან“ დროშას „იახლის“ ხოლმე; მან დაიპყრო ქალაქი ლიმონა; ისე აბნელებს სხვა ქვეყნის მპყრობელთ, როგორც მზე - ვარსკვლავებს;  ჭეშმარიტი კეისარია, „სიმდიდრით ლაღი, ჯიმშედ-მფლობელი“; უძვირფასესი ტანსაცმლით არის მოსილი; შვენის „გვირგვინ-სკიპტრანი, ბისონ-მიტრანი“.

მეხუთე თავში აღწერილია თამარის სასახლე, „გალავანისა შემკულობანი“, აუზები, საასპარეზო მოედანი, საუცხოო ჭურჭელი, ტახტი. ნათქვამია, რომ „გვირგვინოსანსა-პორფიროსანსა უხდების პყრობა სკიპტრისა ხელსა“.

მეექვსე თავი იწყება თამარისადმი მიმართვით. აღწერილია სამეფო დარბაზობა, სუფრის გაწყობილობა. მეინახეთა შორის არიან თამარი და დავითი - ულამაზესნი და უძლეველნი. ღვთის რჩეულნი და მართლმორწმუნენი. მათ გვერდს უმშვენებენ დიდებულები. დავითი სილამაზით  ბიბლიურ იოსებს აღემატება, ხოლო ძლიერებით - ნებროთს; სამგზის ნეტარია, მეტრფეა „საქმეთა სახელისათა“; მჭვრეტელნი ვერ უძლებენ მისი სხივოსნობის ძალას;  ამშვენებს მდიდრული მოკაზმულობა; მისი სიტყვა მტკიცე და გაუტეხელია.

მეშვიდე თავი იწყება მიმართვით თამარისადმი: „ვარდო უფრჭვნილო, ცვრით განბანილო, ნერგო სვიანო, დავითიანო“. თამარი  გონებავრცელია, იობივით მომთმენი და უდრტვინველი; სიბრძნის ზღვაა; შეუბრალებლად სჯის ყველა გარეწარს; გამოჩენილი ფილოსოფოსები მას თვლიან „უფლად ზღვისა და ხმელისათა“;

მერვე თავში შავთელი ამბობს, რომ ძალ-გულად მხნე და სვე-ბედით ქველი მეფე  ახოვნად შემუსრავს და „მყის მოამდოვრებს“ უჯეროდ მზრახველ ასპიტ მტერს; „ლომს ძლიერება, მზეს ბრწყინვალება, მუშკს სურნელება შენგანი მიეცა“, მიმართავს პოეტი ხოტბის ობიექტს; ქვეყნის მნათობნი მისდამი სიყვარულისგან გახელდნენ;  ის წმინდანთა მწყობრში დგას.  თამარი - გაშლით ცალკე მდგომი რტოა, სწავლის გუშაგი. სტუმართმოყვარე, სიბრძნით - უფსკრული და მჭევრმეტყველი, ეტნის მთას წააგავს.

მეცხრე თავი იწყება მიმართვით. ძირითადად შექებულია თამარი. ის ძირმტკიცე გოდოლია, კართა ზღურბლი, ცის კამარებზე უფრო მაღლა მდგომი. ორგულებს ხოცავს, ერთგულებისთვის მფარველი და შემწეა. მისი შერისხვა ურჩებს მოედო ცეცხლად. ვის აქვს გვრიტთა ბარტყსავით მეუღლებრივი სიყვარული, თუ არა დავითს და თამარს? თუ დღეს შევიწროებულნი ვართ მტრებისგან, არ ვართ განწირულნი, რადგან თქვენ გპოვეთ მეფობის (უფლობის) მზედ; ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეებს შენ მოევლინე სხეულთა გამაგრილებლად; ხარ შეურყეველი მთა, შემმუსვრელი კლდე, მტერთა დამაბრკოლებელი ლოდი; ბრმებიც თვალი, ყრმებიც გამომზრდელი, მშივრების პური, უბინაოთა თავშესაფარი, ობლების მამა, ქვრივების მსაჯული, შუშვლებისთვის სამოსლად მონიჭებული, მოხუცებისთვის მტკიცე საბიჯგ ჯოხად მისაყრდნობელი; მადლთა მომცემელი; შენ გვაფენ სიბრძნეს და გვიხსნი (საღმრთო) წიგნების ძნელად გასაგებ აზრებს; ღმერთმა  - უცოდველმა, ყოველთა მხედველმა, უზენაესთა ბუნების უმაღლესმა არსმა, მიუწვდომელმა, დაუსაბამომ, სამების ერთმა ნათელმა შენ შეგქმნა დღის ცისკრად, მზის მთიებად, ცის ვარსკვლავად; რომიდან თამარის სახით ქრისტეს მეშვეობით მოგვენიჭა სიბრძნის წყარო; მნათობები აღტაცებით შესცქერიან თამარს; ის მშვენიერია, არა ქვეყნიერად (მიწიერად), არამედ - ანგელოზთა სახედაა დასახელებული;

მეათე თავში ნათქვამია, რომ დავითი ჩვენთვის საუნჯედაა მოწოდებული; ის ქრისტეს მხედარია, მხნე და ახოვანი, მრავალფერად განშვენებული; ღმერთმა და ძემ, ღვთის სიბრძნემ დაბადა თამარი ნათელი ცხოვრებისათვის; ღმერთმა დაწერა ქვითა და ანდამატის გამაცვილებელი წერაქვით: „თამარი“.  თამარი ანგელოზებივით აბრწყინვალებს ადამიანთა გულსა და სულს; სოკრატე როგორ შეძლებდა ღირსეული ქებით შეემკო „,მეფე მორწმუნე, ხმელთა ნათელი?“ თამარი მაჰმადიანობას რისხვად მოევლინა; წარმართი ხალხი მოაქცია ჭეშმარიტ რჯულზე. თამარი უცხოთ მოყვარეა, გლახაკთ მოწყალეა, მზაკვრობისა და ბოროტგანზრახულობის აღმკვეთელია.

მეთერთმეტე თავში ვკითხულობთ, რომ ყოვლის შემქმნელმა ღმერთმა თქვა: „შევქმნათ ადამიანი, ჩვენი ხატისა და სახის მსგავსი“. მან ნამდვილი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობით, ელემენტთა შეერთებით შექმნა ადამ და ევა, რომლებმაც არ გაუგონეს ღმერთს, დაუჯერეს მტერს და ამის გამო მზე სიბნელედ შეეცვალათ. როდესაც შვიდი ენა იყო ყველასთვის სალაპარაკო - ასურთა, ინდოელთა, რომაელთა, სინდთა, ბერძენთა, სპარსთა და გოგ-მაგოგელთა, მაშინ ნებროთმა მისთვის შესაფერი ჭკუით დედამიწაზე გოდოლის აშენება დაიწყო, მაგრამ მაღლიდან გადმოვარდა  და სასტიკ სატანჯველში ჩავარდა;  ღვთაების დიდსხივოსნობით თაბორის მთაზე ქრისტემ ფერი იცვალა და ნათლით შეიმოსა. მას ახლდნენ ელია და მოსე, აგრეთვე - სხვანი; მათ ზეციური ხმა, „ძედ“ მწოდებელი, მამა-ღმერთისგან მოესმათ. ქრისტემ თავის განწმენდილსა და გაბრწყინვებულ  სასძლოში (სასუფეველში) ვინ უნდა წაიყვანოს, თუ არა შენ? თვით იმ ედემს - მუდმივ ნათელს, ჯეროვნად ვხედავ.

მეთორმეტე თავში ნათქვამია:  იცი, რომ თუ შენს ქებას ვიტყოდი, შენივე ტყვე გავხდებოდი და ენაჩლუნგად ყბედობას დავიწყებდი, შენ, გონიერო, გულისხმიერო, თვით მეცნიერო, ძლიერო მეფევ, მიუხდომელი, მიუწვდომელო, ენით აუწერელო, წრფელო კეთილო, განათლებულო, განახლებულო, გალაღებულო, ლომივით ძლიერო, კვლავ ბუმბერაზო და გულლმობიერო, მე ვარ შენი მონა! ნეტარი ხარ სრულიად წმინდად და ცოცხლად, სულით და გულით; უგუნურობით და სულელობით მოვკიდე ხელი ძნელად დასაძლევ საქმეს - გრძელსა და სათქმელად ძნელ ქებას. მისი შეთხზვა ვერ შევძელ, ენა დამიჩლუნგდა, ვიცი, შესაფერი შესხმა-მკობა და გალობა ვერ მოგიძღვენით, მაგრამ ეს ჩემი ნამუშაკევი მიითვალეთ, როგორც ქრისტეს მიერ მითვლილი მწვლილი, და მადლობა შემომწირეთ.

ჩახრუხაძის „თამარიანის“ ვერსიფიკაციული სტრუქტურა11

ჩახრუხაძის „თამარიანის“ფორმალურ თავისებურებათა შორის ყველაზე თვალსაჩინოა კატრენულ სტროფებში ომონიმური შიდარითმების გამოყენება. კატრენები შედგება, ძირითადად,  ოცმარცვლიანი სტრიქონებისგან (თუმცა, პოემის შემორჩენილ ტექსტში არის თექვსმეტმარცვლიან ტაეპებზე აგებული ერთი სტროფიც). სტრიქონებში გამოყენებულია წინაცეზურული რითმები (ა), რომლებიც ხშირად  (ექვს შემთხვევაში) ომონიმურია (ბ):

aa // b

cc // b

dd // b

ee // b

მაგ.:

(ა)

ვინ ჩნდა ეგმისად, მსგავსად აწ მისად // წინასწარ მთქმელი მისთა მთქმებულად
თუ ვერვინ გნახის, მით ივაგლახის, // შეიქმნებოდის განცვიფრებულად;
ვერ მრავლებისა გატევრებისა, //თამარ, შენ გიცნობ განცხადებულად!
ჩვენ ვთქვათ: „ეს რად ჰგავ? - ზეციერად ჰგავ//შვიდთა მნათობთა დაშვენებულად. (4)

„თამარიანი“

სამებით ღმერთმან, არსებით ერთმან მომცეს მე სწავლა თქვენდა შემკობად!
გიძღვნა ქებანი: მწადს აქ ებანი, დავითის დავით ვჯდე მუსიკობად.
მესმა ზევსური: რა ვნახე, ვსური, რომ სიტყვა მეთხზნეს მეფისა ძნობად,
მუნ გულისხმობით თვით გულის ჴმობით კარი სიბრძნისა სულელთა ცნობად. (1)

„აბდულმესიანი“

ბ)

ვინ არს ებანი? ვინ არსე ბანი, // არა არს სათნი სახელოვნებად!
მან ცათა მარის, მანცა თამარის // გან მზე აბნელა მაცისკროვნებად?
ადამეთ ერთა ადამ ეთერთა // დასახა სახებრ მსგავსი პოვნებად.
არსა ღაღადი: „რად არს-ღა ღადი // მზე შენგან მრთმევად უეტლოვნებად?“ (25)

„თამარიანი“

დავითისადა დავით ისადა,// ეფუცა უფალს სიტყვა მტკიცედა.... (5)
არ იონათან, არიო ნათან,// ვინ ქმნა მას ზედა ზეთ-მცხებელობა... (6)
ესა მართალი: ეს სამართალი //ხეს შეიქმს ჴმელსა წყალმომდინარედ.... (21)
ხარკე ისარი! ხარ კეისარი, // სიმდიდრით ლაღი, ჯიმშედ-მფლობელი.
მოსიმახოსა მოს იმახოსა // მახვილი, თქვენთა მტერთა მწყობელი... (35)
სახედ ელვისა! სახედველისა// მჭვრეტთა ვერ უძლეს განცდად სხივისა.
მო, ე კალმითა! მოეკალ მითა,// რომ უქმად სდეგით ხატვად სახისა....(48) და ა.შ.

„აბდულმესიანი“12

ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში აღიარებულია, რომ „ომონიმური რითმების ხშირი გამოყენება... წარმოადგენს დეფექტს პოეტური ნაწარმოებისას, რადგან იგი აზვიადებს ცალკეული ელემენტის როლს და ამის გამო თვითმიზნური ცდის ხასიათს იძენს“ (გაწერელია 1981: 179); „საერთოდ, მაჯამა ხელოვნური ფორმა არის. ეს ხელოვნურობა სიმახინჯემდე დავიდა აღორძინების პერიოდში“ (წერეთელი 1973: 43). „ომონიმურ-ტავტოლოგიური შიდარითმები ზოგჯერ აზრობრივად ბუნდოვანია, ძნელად გასაგები“  (ხინთიბიძე 2009: 212);  ნ. მარი შენიშნავდა, რომ „ოდა, თავისი ბუნებით, მოითხოვს განსაკუთრებულ მუსიკალურობას,... რითმების სიმდიდრეს, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო აძლიერებს ნაწარმოების ხელოვნურობას“ (მარი 1902,  61).  ცნობილია ისიც, რომ ილია ჭავჭავაძე, ევგენი ბოლხოვიტინოვისა და დავით ჩუბინაშვილის კვალობაზე, უარყოფითად ახასიათებდა „თამარიანს“: „ჩვენში, ქართველებში დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ არამც თუ დიდი, პატარაც, არა ბძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის ოდენაა, ზედ შესრულით დაიწყობა და თითქმის ზედ-შესრულით თავდება. რა ვაი ვაგლახით და კისრის მტვრევით მოგოგამს დავარდნილ ცხენსავით მძიმე ლექსები!... არც აზრი, არც სურათი, არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც გული, არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედ-შესრულების რახა-რუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა სახელი აქვს ჩვენში! სადა რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა ახსენებენ, იქ, გინდათ თუ არა, წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც, რომელსაც გვგონია, ფიქრითაც არა ჰქონია ამისთანა დიდების იმედი“( ჭავჭავაძე 1955 :167). საპირისპირო შეხედულებისა იყვნენ გ „თამარიანის“ მხატვრული ღირსებების შესახებ ნ. მარი, კ. კეკელიძე და ი. ლოლაშვილი: „თამარის შესხმათა სიმშვენიერე მდგომარეობს მათ არაჩვეულებრივ მხატვრულ ფორმაში, მეტყველების ბუნებრივ სიზუსტეში, ლექსების მომაჯადოებელ მუსიკალობასა და ყოველთვის  უძრახველი, ხშირად ვირტუოზულად უბადლო და მდიდარი რითმების სიუხვეში“ (მარი 1902:  48). „თამარის ოდების მშვენება - მათს არაჩვეულებრივ მხატვრულ ფორმაშია. ლექსების მომჯადოებელ მუსიკალობაში, ულამაზეს, შეუდარებელ და ვირტუოზულ რითმათა სიმდიდრეში“ (კეკელიძე 1952: 173); „ჩახრუხაძე „თამარიანში“ მხატვრული სიტყვის ვირტუოზობას აღწევს. იგი აგრძელებს XI-XII საუკუნეების იმ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომელნიც დაამკვიდრეს ქართული სასულიერო და საერო მწერლობის ბრწყინვალე წარმომადგენლებმა. “ (ლოლაშვილი  1964:9).

შემფასებლური თვალსაზრისი მართებულია იმ პოეტური ტექსტების განხილვისას, რომლებშიც ომონიმური რითმა მხოლოდ მხატვრული სამკაულის როლს ასრულებს. ჩახრუხაძისა და შავთელის ნაწარმოებთა  მიმართ (როგორც ქვემოთ ვნახავთ) ის შეუსაბამოა, რადგან ომონიმური რითმა აქ აუცილებელი ელემენტის სახით გვევლინება და მხოლოდ პოეტური ტექსტის კეთილხმოვანების შესაქმნელად როდია გამიზნული.

    ერთ სტრიქონში დაჯგუფებული ომონიმური შიდარითმების ურთიერთმოქმედების ხასიათს განსაზღვრავს ის სპეციფიკური ფაქტორი, რომელსაც თვალსაჩინო რუსმა ფილოლოგმა, ე.წ. „რუსული ფორმალური სკოლის“ წარმომადგენელმა  ი. ტინიანოვმა `სალექსო რიგის სიმჭიდროვე~ უწოდა.

* * *

როდესაც, უბრალოდ, წინაცეზურულ რითმებთან გვაქვს საქმე  _ მაგალითად, (ა) შემთხვევაში - რიტმის ზეგავლენით მათი ეკვივალენტურობა საკმაოდ მკაფიოდ შეიგრძნობა. სიტყვათა (აკუსტიკურად მიმსგავსებული) ორი ჯგუფი, რომელთა სემანტიკური ურთიერთზეგავლენა პროზაულ სტრიქონში ნულოვანია, სალექსო სტრიქონში რიტმულად ეკვივალენტურ ერთეულებად (მათ ეკვივალენტურობას სილაბურ-ტონურ ლექსში განაპირობებს მარცვლებრივი ოდენობების ტოლობა და მახვილთა ერთნაირი განაწილება) იქცევა და სემანტიკური ეკვივალენტურობის ტენდენციასაც ავლენს, ანუ ამ ორი რიტმული ჯგუფის ფორმალური ეკვივალენტურობა სემანტიკური ეკვივალენტურობისკენ, სინონიმიისკენ მიისწრაფვის.

ეს ტენდენცია კიდევ უფრო მძლავრდება ისეთ სალექსო სტრიქონებში, სადაც წინაცეზურული რითმები ომონიმურ სიტყვათა ჯგუფებს შეიცავს _ მაგალითად, (ბ) შემთხვევაში. ლექსში, ზოგადად, ისედაც არსებითი როლი განეკუთვნება ბგერით ორგანიზაციას. ერთ სტრიქონში მოქცეული ომონიმური გამოთქმების ბგერითი შედგენილობის იდენტურობა კი _ ანუ აკუსტიკური თვალსაზრისით იდენტური სიტყვათა ჯგუფების განმეორება, რომელიც სტროფის ყველა სტრიქონის  ორგანიზების საერთო პრინციპია _ ამ გამოთქმების სინონიმიის ეფექტს წარმოქმნის. სემანტიკური განსხვავება აღიქმება, მაგრამ _ მინიმალურად.

ამგვარად, „თამარიანის“ ტაეპების წინაცეზურული ნაწილის დამახასიათებელია, ერთდროულად, ომონიმია და სინონიმია.

ომონიმური, ანუ ერთი და იმავე სიტყვით ან გამოთქმით აღნიშნული განსხვავებული სიგნიფიკატების სემანტიკა განსაკუთრებულ პირობებში _ სალექსო სტრიქონში _ თითქოს გადაედინება ერთმანეთში, მსჭვალავს ერთმანეთს ერთგვარი სემანტიკური დიფუზიის შედეგად, რის გამოც შეიძლება ვიმსჯელოთ მათი `სინონიმურობის~ შესახებ.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ, საზოგადოდ, `სინონიმური~ სიგნიფიკატების აღნიშვნა ერთი და იმავე სიტყვის მეშვეობით განზოგადებული მნიშვნელობების ანუ ცნებების წარმოქმნის საფუძველია.

ცხადია, რომ ამგვარი მხატვრული ფორმა XII საუკუნეში შემთხვევით არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. რა ფაქტორს უნდა განეპირობებინა ჩახრუხაძის მიერ მისი გამოყენება?

ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ ნეოპლატონური ფილოსოფიის ფუძემდებლის _ პლოტინეს აზროვნების ლოგიკასა და სტილს ანტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის თვალსაჩინო რუსი მკვლევარი ა.ფ. ლოსევი ასე ახასიათებს:

„პირველი, რაც თვალშისაცემია პლოტინეს კითხვისას, ესაა ძალზე მკაფიო და ძალზე გააზრებული თეორიული სისტემისა და, მეორე მხრივ, მისი უკიდურესად ქაოტური გადმოცემის სრულიად წარმოუდგენელი ნაზავი, რომელიც ძირითადი და მკაფიოდ გააზრებული კატეგორიებისა და ფილოსოფიური ცნებების ერთგვარ დიფუზიას აღწევს... ყველა ეს კატეგორიები პლოტინესთან  გამუდმებით იმყოფება ერთგვარ მოძრაობაში, ან, ვულგარულად რომ ვთქვათ, ერთგვარი მცოცავი სახით, ან კიდევ, აკადემიური წესიერებას თუ დავიცავთ, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ყველა ეს მკაფიოდ გააზრებული კატეგორია გამუდმებით იმყოფება ერთგვარი ურთიერთდიფუზიის მდგომარეობაში, როდესაც ერთი კატეგორია იჭრება მეორის სფეროში და ერთი ცნებითი დახასიათება  ეხება, ზოგჯერ კი გადაფარავს ცნებით დახასიათებას თეორიული აზროვნების სრულიად სხვა სფეროდან~ (ლოსევი  1980: 202-203).

     ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ცნებითობა და დიფუზურობა აერთიანებს პლოტინეს ფილოსოფიური აზროვნების სტილსა და `თამარიანის~ ლიტერატურულ სტილს. მსგავსების საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ მსოფლაღქმის ერთგვაროვნება. `ენეადების~ შინაარსი მჭიდრო კავშირშია მის ცნებით-დიფუზურ სტილთან, რომელიც `თამარიანში~ კრისტალიზებულია ასეთივე _ ცნებით-დიფუზური სახით.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ნეოპლატონური ფილოსოფიის დამგვირგვინებლის _ პროკლე დიადოხოსის მთარგმნელი კომენტატორი იოანე პეტრიწი მიმართავს, მ.გოგიბერიძის თქმით, `ძნელსა და მძიმე  ენას~. მისი სტილი _ ესაა `ხელოვნური და მკაცრი, თუმცა პოეტური, მაგრამ ძნელად დასაძლევი სტილი~. პეტრიწის სტილის სიმძიმე, სხვა მიზეზთა შორის, გამომდინარეობს იმ საგულისხმო ნიშნიდან, რომელიც ს. ყაუხჩიშვილმა შეამჩნია. კერძოდ, როგორც პროკლეს თხზულების „კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნის“ თარგმნისას, ისე _ კომენტარებშიც პეტრიწი ხშირად იყენებს სინონიმურ გამოთქმებს: უკუანა ჲთ და შემდგომად; თან შეკრბებოდის და იზიარებოდის; შეიყრებოდინ და ეზიარებოდინ; უძრავად და შეურყევლად; უშჳ და უნაყოფო; მოირთო და იმკო; მორთულად და აღკაზმულად და ა.შ.

„სინტაქსში, _ წერს ს. ყაუხჩიშვილი. _ პეტრიწის ენის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა ე.წ. hendiadys, ე.ი. ერთი ცნების გამოხატვა ორი ერთმანეთის მონათესავე სიტყვით. გამოთქმის ეს ფორმა იმდენად ორგანულად არის დაკავშირებული ჩვენი ძეგლის ენასთან, რომ მწერალი თარგმნითს ნაწილშიაც კი (პროკლეს `კავშირნის~ ტექსტში), სადაც ის ბერძნული სიტყვებისგან იყო დამოკიდებული, ტექსტს გადაუხვევს და ერთი ბერძნული სიტყვის ნაცვლად ორს ქართულს ხმარობს. შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა, თითქოს იოანე პეტრიწი ამ ხერხს მიმართავდეს იმ მიზნით, რომ ერთი უცნობი სიტყვა მეორით განმარტოს... არის, მართლაც, ერთი (მაგალითი _ თ.ლ.), სადაც ორი ნახმარი სიტყვიდან ერთი უცხოა, ხოლო მეორე მის განსამარტავად არის განკუთვნილი..., მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს. ვერც იმით ავხსნით ამ ხერხის გამოყენებას, თითქოს მოცემული ბერძნული სიტყვის გადმოსაცემად საკმარისი არ იყოს ერთი ქართული სიტყვა: იგივე ბერძნული სიტყვები სხვა ადგილებში თითო ქართული სიტყვით არის წარმოდგენილი. ეს ხერხი პეტრიწის (და მისი ეპოქის) სტილის დამახასიათებელია და რომ ეს ასეა, ეს ჩანს იქიდან, რომ პეტრიწი მას უხვად იყენებს თავისი თხზულების ორიგინალურ ნაწილშიც“ (ყაუხჩიშვილი 1940: XIII,XV-LXVI).

    არ უნდა ვიფიქროთ, რომ პეტრიწი შეგნებულად ცდილობდა თავისი სტილის დამძიმებას ხშირად თითქოს სრულიად უსარგებლო სინონიმებით. თუმცა ის აღიარებს, რომ ფილოსოფიისთვის საჭიროა „მესხუეი მდაბრიონთაგან“ სტილი, მაგრამ ამისთვის ის, როგორც მ. გოგიბერიძე ასაბუთებს, სხვა საშუალებებს იყენებდა (გოგიბერიძე 1961: 153). სავარაუდოა, რომ სინონიმებით გადატვირთულ ენაში ვლინდება ნეოპლატონური ფილოსოფიის ზეგავლენა.

  სინონიმების  სიმრავლე დამახასიათებელია, მაგალითად,  მეხუთე საუკუნის პოეტის, ნონოს პანოპოლისელის (რომელმაც, როგორც ჩანს, ნეოპლატონური ფილოსოფიის ზეგავლენა განიცადა ან, ყოველ შემთხვევაში, საკმარისად კარგად იცნობდა მას ) სტილისთვისაც. ავერინცევი აღნიშნავს:

„ნონოსის ლექსიკა ...მეტ-ნაკლებად ტრადიციული ეპიკური ლექსიკაა; მაგრამ ამ ლექსიკით ის ძალზე თავისებურად სარგებლობს. პოეტი უხვად იყენებს სინონიმებს, მაგრამ არა იმისთვის, რომ აზრობრივი ნიუანსები შემოიტანოს ან ყველაზე ზუსტი სიტყვა მოძებნოს. სიტყვა ნონოსთან არასოდეს არაა ზუსტი; პოეტის ამოცანა ამაში არ მდგომარეობს. ერთმანეთთან სრულიად გათანაბრებული სინონიმები თითქოს წრის პერიფერიაზეა განლაგებული, `უთქმელი~ ცენტრის ირგვლივ~... `.ნონოსს თავისი მიზნები აქვს და ამ მიზნებისთვის მას ერთი მეტაფორა არ ჰყოფნის.... რაც უფრო უხვადაა დაზღვავებული მეტაფორები, მით უფრო მკაფიოდ შეიგრძნობა ხელუხლებელი სივრცე მათ შორის. რა თქმა უნდა, ეს იწვევს წარმოუდგენელ მრავალსიტყვაობას და  ტავტოლოგიებს, რომლებიც მკითხველზე ჰიპნოზურ ზემოქმედებას ახდენს“ (ავერინცევი 1977, 137-138). ამავე მეცნიერის მითითებით, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სტილი ნონოსის სტილს წააგავს:„თეოლოგი ისევე ნაკლებად ანდობს ცალკეულ სიტყვას ადეკვატური აზრის გადმოცემის ფუნქციას, როგორც პოეტი არაა მიდრეკილი,  თითოეული ცალკეული მეტაფორით გამოხატოს ადეკვატური სახე. მხოლოდ ურთიერთშეპირისპირებული სიტყვები, მხოლოდ ურთიერთმოპაექრე მეტაფორები წარმოქმნიან, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალთა ველს. რომელიც არაპირდაპირი გზით წარმოშობს მკითხველის გონებაში საჭირო საზრისს ან საჭირო სახეს... სიტყვებმა ინტონაციურად უნდა გააძლიერონ ერთმანეთი და გამოდევნონ ერთმანეთი შინაარსობრივად და სახეობრივად, ...ჩვენ წინაშეა სიტყვიერი „უსიტყვობისა“ და ძალზე ენაწყლიანი „დუმილის“ პარადოქსი, სიტყვები თითქოს ნადგურდებიან თავიანთი ფუნქციის შესრულებისას.“ (იქვე, 139-140).

 ფსევდო-დიონისეს სტილის ეს თავისებურება საკმარისად თვალსაჩინოდ ვლინდება მისი თხზულებების ეფრემ მცირისეულ თარგმანშიც.  მაგალითად:

„საღმრთო ჲ უკუე ნეტარება ჲ, რაოდენ კაცთა მიერ სათქუმელ არს, შეურევნელ არს ყოვლისა უმსგავსოებისაგან, აღსავსე ნათლითა საუკუნო ჲთა, სრულ და უნაკლულო ყოვლისა სრულებისაგან, განმწმედელ და განმანათლებელ და სრულების მოქმედ, უფრო ჲს-ღა წმიდა სიწმიდე და განათლება და სრულება ზეშთაგანწმედისა, ზეშთანათლისა პირველითგან სრულ, თჳთ სრულთ-მთავრობა, ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა მიზეზ, ხოლო თჳთ ზეშთაყოფით ზეშთაამაღლებულ ყოვლისა წესისა სამღდელოჲსა~ (პეტრე იბერიელი 1961 : 111).

ან:

"ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ ღმერთ-მთავრობითი ნეტარება ჲ, ბუნებითი ღმრთეება ჲ, დასაბამი განღმრთობისაჳ, რომლისა მიერ მოენიჭა განღმრთობა ჲ განღმრთობადთა მათ სახიერებისა მიერ საღმრთო ჲსა. ესე იგი არს მღდელთ-მთავრობა ჲ ცხორებისა და განღმრთობისა ყოველთავი სიტყჳერთა და საცნაურთა არსებათა ჲსა ზეშთასოფლისა მათ და ნეტარისა სავანისათა უუნივთოესად და უსაცნაურესად, რამეთუ არა გარეთ ძრავს მათ ღმერთი საღმრთოთა მიმართ. არამედ შინაგან და საცნაურად გამოუბრწყინვებს მათ წმიდასა ბრწყინვალებასა და უნივთოსა საღმრთოსა განზრახვასა. ხოლო ჩუენდა მათივე იგი ერთობითად და შემოკრებითად  მონიჭებული ღმრთივ მოცემულთა სიტყუათა  თითო-ფერებითა და მრავალ-განყოფილებითა იგავებითა მონიჭებულ არს, რამეთი არსება ჩუენისა მღდელთ-მთავრობისა არს ღმრთივ მოცემულები სიტყუები“ (პეტრე იბერიელი  1961:158).

აშკარაა, რომ ავერინცევისეული დახასიათება  სრულად მიემართება „თამარიანის“ სტილსაც. აქაც გვხვდება მრავალსიტყვაობა და ტავტოლოგიები, აქაც „ნადგურდებიან„ სიტყვები (მათი სემანტიკა) თავიანთი ფუნქციის შესრულებისას, რადგანაც „სინონიმია“, რომელიც წარმოიშობა ტაეპთა წინაცეზურულ ნაწილებში შიდარითმების (ან, მით უფრო, ომონიმური გამოთქმების) გამოყენებისას, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს მათ სემანტიკურ სიახლოვეს/მსგავსებას, არამედ წარმოიშობა თითოეული სარითმო გამოთქმის სემანტიკის ნიველირებისას. ამიტომაა, რომ „თამარიანის“  ომონიმურ/სინონიმური წინაცეზურული რითმების ზეგავლენით „ძალზე ენაწყლიანი დუმილი“ მთელი პოემის განმავლობაში „გვესმის“.  და თუკი ფსევდო-დიონისეს, ნონოსისა და პეტრიწის სტილთა კავშირი ნეოპლატონურ ფილოსოფიასთან ძირითადად სინონიმური გამოთქმების სიჭარბეში მდგომარეობს, ჩახრუხაძისეული რითმები თითქოს საგანგებოდაა მოხმობილი, რათა ხაზი გაესვას პოეტურ საშუალებათა  უპირატესობებს ამ ფილოსოფიის არსის გადმოცემისას.

„თამარიანის“ ბგერითი ორგანიზაცია, ანუ პოემის მატერიალური მხარე შეესაბამება ნეოპლატონურ წარმოდგენას მატერიის შესახებ. კერძოდ, მატერიის ცნება პლოტინესთან, ლოსევის აზრით, „დაიყვანება იმაზე, რომ ესაა არარსი, ესე იგი, ეს არაა რომელიმე გარკვეული საგანი ან, საზოგადოდ, სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მიუთითებს, რომ ყოველი საგანი  გულისხმობს თავის გარემოცვას, თავის ფონს, თავის სხვადყოფნას, რომლის გარეშე საგანი არაფრისგან არ გამოირჩევა, ანუ არა აქვს არავითარი ნიშანი და თვისება... ეს უაზრო მატერია, რომელიც ყოველივეს გარემოცვისა და, მაშასადამე, სხვადყოფნის პრინციპს წარმოადგენს, პირველად ხდის შესაძლებლად რაიმეს გამოვლენას თავისი თავისთვის“.  (ლოსევი1980: 209).

ა. არმსტრონგი შენიშნავს, რომ  პლოტინე განიხილავს  შემეცნებად სამყაროში მატერიის წარმომავლობას, რომლის თანახმად, ის გამუდმებით წარმოიშობა ერთიდან „სხვადყოფნის„ მეშვეობით, რომელიც არის „პირველი მოძრაობა“. ეს პირველი მოძრაობა ანუ სხვადყოფნა, რომელიც ერთიდან გონს გადაეცემა, არის αόριστος (ბუნდოვანი), სანამ ის არ დაუბრუნდება ერთს  და განპირობებული და განსაზღვრულია  (ορίζεται)  ერთით. ის თავისთავად ბნელია, მაგრამ  გასხივოსნებულია ერთით, რომელიც განსხვავდება მისგან“.  (არმსტრონგი 1967: 67)

მართლაც, პლოტინეს მიხედვით, მატერია საჭიროა მხოლოდ იქ, სადაც მიმდინარეობს ქმნადობის პროცესი,  სადაც ერთი მოვლენიდან წარმოიშობა მეორე: „სწორედ ამ პროცესის გამო შეიქმნა ცნება მატერიისა, რომელიც ემყარება გრძნობადად აღქმადი სამყაროს საგნების არსებობას. ყველაფერი, რაც უცვლელად მყოფობს, არ საჭიროებს  მატერიას“ (პლოტინე 1995, 295). შემდგომ, „მატერიის თავისებურება არ არის რაღაც, რაც განსხვავდება საკუთრივ მისგან, თითქოს ის გარედან შემომავალი თვისება იყოს. ეს თავისებურება განისაზღვრება მატერიისთვის დამახასიათებელი როლით, ყოველთვის იყოს რაღაც სხვა, და არა ეს მოცემულობა. და ეს სხვა, როგორც ერთეული მოვლენა, უბრალოდ, სხვა კი არაა, არამედ მას ყოველთვის აქვს გარკვეული ფორმა. ასე რომ, უფრო მართებული იქნება, მას „რაღაც სხვა“ ვუწოდოთ. ხოლო იმისთვის, რომ მივუთითოთ მატერიის სხვადყოფნის განუსაზღვრელ არსზე, უნდა განვსაზღვროთ ის არა როგორც „რაღაც“, არამედ _ უნდა გამოვიყენოთ მის მიმართ მხოლოდ ტერმინი „სხვა“ (იქვე, 305).

დავუბრუნდეთ ჩახრუხაძის პოემას. თავისთავად, ბგერითი მატერია, რომელიც ენისა და მეტყველების წინაპირობაა, სემიოტიკური ფუნქციების შეძენამდე „სრულიად უაზროა“, მაგრამ პოტენციურად შეიცავს თავისი სხვადყოფნის - სემიოტიკურ სისტემად ქცევის შესაძლებლობას. ეს პოტენცია თავისებურად იჩენს თავს სალექსო სტრიქონში, რომელშიც „შემჭიდროებულია“ ომონიმური გამოთქმები: საბოლოოდ, ამ გამოთქმების, როგორც ენობრივი ნიშნების ურთიერთქმედების შედეგად, მიიღწევა მათი ხელახალი განზავება ბგერით მატერიაში, და ისევე, როგორც ეს მატერია „უთქმელია“ (და, შესაბამისად, სემანტიკურად დაუნაწევრებელი), „ბნელია“, „ბუნდოვანი“. ისინიც (ეს გამოთქმებიც) არ ხასიათდებიან არავითარი სემანტიკური გარკვეულობით, მკაფიოებით, განსხვავებით იმ მდგომარეობისგან, როდესაც ისინი მარტოოდენ ომონიმებს წარმოადგენდნენ. საქმეც ისაა, რომ ამ კონკრეტულ მდგომარეობაში ყველაფერი პოტენციურია, ყველაფერი არამყარი და ქმნადია: სიტყვები და გამოთქმები აღნიშნავენ კიდეც და არც აღნიშნავენ გარკვეულ დენოტატებს - აღნიშნავენ სალექსო ფაქტორების ელიმინირებისას და არ აღნიშნავენ იმ კონკრეტულ მდგომარეობაში, როდესაც ისინი სალექსო სტრიქონის სტრუქტურულ ერთეულებად წარმოგვიდგებიან.

 ჩახრუხაძის სტრიქონში, ისევე, როგორც, ზოგადად, სისტემურ ლექსში, მოქმედებს ე.წ. პროგრესული და რეგრესული ფაქტორები . ამ  განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე სტრიქონში პირველი მუხლი, თავისთავად, ამორფულია (ბგერითი ორგანიზაციის თვალსაზრისით); მისი სტრუქტურა წარმოჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მყარდება მეორე (მსგავსი, ან, როგორც ხშირად ხდება „თამარიანში“ _ იგივეობრივი )  მუხლის „რეგრესული“ მიმართება მასთან.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შიდარითმების შემადგენელი  ყოველი მეორე (მსგავსი ან იგივეობრივი) მუხლი პირველი მათგანის  სხვადყოფნად წარმოგვიდგება. ამ უკანასკნელის სპეციფიკური თავისებურებები ლექსში ვლინდება მხოლოდ  მეორესთან შეპირისპირებისას, მის გარემოცვაში, ანუ,  ის საგანგებო სემანტიკური ტრანსფორმაციები, რომელთაც განიცდის ეს გამოთქმები, მათი იზოლირებისას არ მოხდებოდა, ისევე, როგორ ერთის სრულყოფილება, განუმარტავობა და ერთიანობა ნეოპლატონიზმში აუცილებლად გულისხმობს მის სხვადყოფნას სამყაროს იერარქიულ საფეხურებში. ლექსის მატერიალური მხარის ეს თვისებები შემთხვევითი არ უნდა იყოს.

ვიკითხოთ: რატომ უნდა შეერჩია ჩახრუხაძეს ამგვარი პოეტური ფორმა? რა კონკრეტულ მიზანს ისახავდა ავტორი? წინასწარი ვარაუდის სახით ვიტყვით, რომ, „თამარიანის“ მხატვრული სტრუქტურის შერჩევა განაპირობა პოემის ჟანრმა (ოდა, სახოტბო ნაწარმოები) და ავტორის მსოფლმხედველობამ. ეს სტრუქტურა ემსახურება თამარის სახის განზოგადებას („ცნებითობა“), მისი განუმეორებლობის, ღვთაებრიობის შთაბეჭდილების შექმნას და ექსტაზური მდგომარეობის მიღწევის გზით, მისი სრულყოფილების წვდომას.

ამ ჰიპოთეზის დასასაბუთებლად მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ ვითარდებოდა ნეოპლატონური ფილოსოფია პლოტინედან _ პროკლემდე. აქ განვიხილავთ არა ნეოპლატონური ფილოსოფიის შინაარსს, არამედ _ შინაგან კანონზომიერებას, რომლითაც ის ვითარდებოდა, უფრო ზუსტად კი იმას, თუ რით განსხვავდება სამყაროს ყოველი იერარქიული საფეხურის პლოტინესეული განსაზღვრები ერთმანეთისგან ლოგიკური (ან, თუ გნებავთ, სემიოტიკური) თვალსაზრისით და არა _ შინაარსობრივად.

აქ, ჩვენი აზრით, საინტერესოა, რომ, პლოტინესგან განსხვავებით,  პროკლე სამყაროს იერარქიაში ცალკე საფეხურად გამოყოფს რიცხვთა სფეროს. რიცხვები ანუ ღმერთები ერთის შემდგომი საფეხურია, რომელსაც მოსდევს გონი და, ბოლოს, სული.

რიცხვების ცალკე საფეხურად გამოყოფა ნიშნავს, რომ პროკლეს ან უნდა შეეცვალა იერარქიული დაყოფის პრინციპი, ან უნდა შეემჩნია რიცხვებში რაღაც ისეთი, რაც ვერ დაინახა პლოტინემ, ე.ი. ახლებურად უნდა აღექვა ისინი, იმ ასპექტში, რომელშიც ღმერთები რიცხვების იგივეობრივია.

იერარქიული დაყოფის პრინციპი პროკლეს, როგორც ცნობილია, არ შეუცვლია (წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიმუშავებდა ახალ ფილოსოფიურ სისტემას). ამიტომ წარმოვაჩენთ რიცხვთა იმ თვისებებს, რომლებიც კლებულობს იერარქიული დაღმასვლისას, წარმოადგენს რა, საზოგადოდ, ნეოპლატონური სამყაროს გააზრების საერთო პრინციპს.

პირველ ყოვლისა, გავარკვიოთ, რა ერთგვაროვანი ნიშნებით ხასიათდება ღმერთები და რიცხვები.

ა.ლოსევი ასახელებს რამდენიმე მათგანს: განყენებულ რიცხვს არა აქვს არავითარი თვისებრიობა. საგანთა რაოდენობის მითითებისას არ ვითვალისწინებთ მათ კონკრეტულ თვისებებს, ამიტომაცაა, რომ რიცხვები პროკლესთან ზეშთაარსობრივია, ღმერთების მსგავსად.

განყენებული რიცხვები „ყოფიერების პრინციპებია, მაგრამ _ არა თვით ყოფიერება, ვინაიდან ყოველგვარი ყოფიერება, როგორი განყენებულიც უნდა იყოს ის ჩვენს წარმოდგენებში, ყოველთვის არის გარკვეული „რაღაც,“ „რაიმე“ . რიცხვი კი არც რაიმეა და არც თვისება, არამედ - ის, რაც ახორციელებს ყოველგვარ განსხვავებასა და გამიჯვნას ამა თუ იმ (ლოგიკური, აზრობრივი, გონებრივი ან ფიზიკური, სხეულებრივი, მატერიალური) თვისების ფარგლებში.

გარდა იმისა, რომ რიცხვი იშლება შემადგენელ ნაწილებად, ის არის, აგრეთვე, რაღაც მარტივი, უშუალოდ აღქმადი, თვალსაჩინო, აბსოლუტურად განუყოფელი და ერთეული. ამიტომ პროკლესთან ყველა რიცხვს, რამდენი ერთეულისგანაც უნდა შედგებოდეს ის, გამუდმებით ეწოდება „ერთეული„. (ლოსევი1974:447).

ლოსევის მსჯელობაში ყურადღება არაა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ ყოველი განყენებული რიცხვი, ზემოჩამოთვლილ თვისებებთან ერთად, ერთადერთია. ის ფაქტი, რომ პროკლე ნებისმიერ განყენებულ რიცხვს „ერთეულს„ (ან, პეტრიწისეულ თარგმანში, „ერთებრივს“ ) უწოდებს, თავისთავად მრავლისმეტყველია, თითოეული ასეთი რიცხვი მართლაც `ერთეულია~ (ერთადერთია). რიცხვთა ეს თვისება ერთგვარი გასაღებია ნეოპლატონური სამყაროს იერარქიული დაყოფის პრინციპების გასააზრებლად.

ჩავთვალოთ. რომ ყოველი რიცხვი „ერთეულია“ იმიტომ, რომ ის ერთადერთია. პროკლეს აზრით, რიცხვებს ზეშთაარსობრივი ბუნება აქვთ. ყოველი „ზეშთაარსობრივი“ანუ განყენებული რიცხვი მართლაც ერთადერთია _ როგორც კი დავიწყებთ კონკრეტული საგნების დათვლას, რიცხვები დაკარგავებ არა მარტო `ზეშთაარსობრიობას~, არამედ _ ერთადერთობასაც არსებობს ათი ხე, ათი მდინარე და ა.შ.

რიცხვთა ერთადერთობას შეიძლება დავუკავშიროთ მათი მესამე (ლოსევის მიერ მითითებული) ნიშანი - მთლიანობა, განუყოფლობა. რიცხვების, როგორც გარკვეული მთლიანობების აღქმა გამორიცხვს მათი განმარტების, ე.ი. დანაწევრების (შემადგენელ ნაწილებად დაშლის) შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ასეთი რიცხვი განუმეორებელია, თვითკმარია, აბსოლუტურად იგივეობრივია საკუთარი თავისა. ამ ასპექტში რიცხვების არსი გამოიხატება, უბრალოდ, მათი დასახელებისას.

ერთის ემანაცია  ყოველ საფეხურზე (დაღმავალი იერარქიული განხილვისას) უნდა გულისხმობდეს მისი ერთადერთობისა და განუყოფლობის შემცირებას, შესუსტებას, კლებას.

მართლაც, ერთი არა მარტო ერთიანია, არამედ _ ერთადერთიც _ არ არსებობს მეორე ერთი.

შემდგომ, ყოველი რიცხვი უნიკალურია, თვით განყენებულ რიცხვთა სიმრავლეც ერთადერთია. ამ საფეხურზე ერთადერთობის თვისება სიმრავლეშია განფენილი.

გონი რიცხვების მომდევნო საფეხურია და ის, პროკლეს მიხედვით, განფენილია ყოფიერების, სიცოცხლისა და შემეცნების თვისებრივ მრავალფეროვნებაში.

ბოლოს, სული განფენილია სამყაროს თვისებრივსა და რაოდენობრივ მრავალფეროვნებაში.

რაც შეეხება რიცხვთა განუმეორებლობას ანუ განუმარტავობას (`უთქმელობას~), რომლის გამოც მათი დახასიათებისთვის საკმარისია მათივე დასახელება,  ეს თვისებაც კლებულობს ერთიდან _ სულამდე. კერძოდ, ერთისა და რიცხვებისგან განსხვავებით, გონისა და სულის რაობის შესახებ მსჯელობისას პროკლე სულ უფრო მეტად მიმართავს განმარტებას, ე.ი, დამატებითი ცნებების მოშველიებას, რომელთა მიმართ გონი და სული აღმნიშვნელი ფუნქციით გვევლინებიან, გონი უფრო ნაკლებად, სული კი _ უფრო მეტად. აქ სახელდებისა და განმარტების პრინციპები ურთიერთსაპირისპირო დანიშნულებით გამოიყენება.

სახელდება სრულიად საკმარისია ერთის განსაზღვრისთვის. ერთი არაფერს არ აღნიშნავს, საკუთარი თავის გარდა, ის „უთქმელია“, განუმარტავი.

ყოველი განყენებული რიცხვი მთლიანია, განუყოფელი, მაგრამ, ამასთან, დანაწევრებადიც (სხვა რიცხვებისგან შედგება). ამიტომ თითოეული რიცხვის განსაზღვრისას შეიძლება მივმართოთ როგორც სახელდებას, ისე _ განმარტებას. შესაბამისად, რიცხვები ნაკლებად ამჟღავნებენ განუმარტავობის თვისებას, ვიდრე _ ერთი.

გონის საფეხური „ზეშთაარსობრივი“ აღარაა - ის დაკავშირებულია ყოფიერებასთან.  ის არც თვითკმარია - და აღნიშნავს ყოფიერებას, სიცოცხლესა და შემეცნებას.

სული კიდევ უფრო ნაკლებად შეიცავს ერთის ელემენტებს. სულთან დაკავშირებულია განვითარებადობის თვისება. ამიტომ მისი გააზრებისას საჭიროა იმ საგნების თავისებურებათა გათვალისწინებაც, რომლებიც, პროკლეს მიხედვით, სულის სხეულს წარმოადგენენ. სულის ცნება სცილდება თავის ფარგლებს, აღნიშნავს რა საგანთა სამყაროს.

ახლა უკვე შეიძლება ვივარაუდოთ მიზეზი, რომლის გამოც პროკლემ ერთმანეთთან დააკავშირა რიცხვები და ღმერთები. ყოველ მითოლოგიასა თუ რელიგიაში არსებობს ღმერთების ერთადერთი სიმრავლე. გარდა ამისა, თითოეული ღმერთი ერთადერთია.

რიცხვთა ერთადერთობა და განუმარტავობა მათი ძირითადი დამახასიათებელი თვისებებია, რომელთა საშუალებითაც ვლინდება ნეოპლატონური სამყაროს იერარქიულ საფეხურთა შინაგანი ერთიანობა და  ყოველი მათგანის სხვა საფეხურებთან მიმართების ბუნება.

იმისთვის, რათა სულმა შეძლოს ერთთან მიახლოება, საჭიროა გონისა და რიცხვების, ე.ი. ერთის ქვესაფეხურების გადალახვა. გონის საფეხურის გადალახვისას სული პოულობს აბსოლუტურ მთლიანობას, განუყოფლობას (რადგან გონი ამაწევრებს, განასხვავებს, განმარტავს). რიცხვთა საფეხურზე ამაღლებისას კი სული ემიჯნება სიმრავლეს (რაც რიცხვებს განარჩევს ერთისგან).

ამგვარად, უკუაგდებს რა ყოველგვარ დაპირისპირებას (გონი ), ეთიშება რა საგანთა და მოვლენათა სიმრავლეს და სიმრავლეს, საზოგადოდ (რიცხვები), სული, ექსტაზის მდგომარეობაში, ეზიარება ერთს.

რა ენაზე მეტყველებს სული ამ დროს?

ბუნებრივია, ეს არ იქნება გონის, ცნობიერების ენა. სულს სჭირდება რაღაც ანტიენა, ანტიმეტყველება, რომელსაც არ ექნება ჩვეულებრივი (აღნიშვნისა და კომუნიკაციის) ფუნქციები. ის სრულიად უთარგმნელი, განუმარტავი უნდა იყოს.

ასეთი ანტიენაა უაზრო მეტყველება (ვთქვათ, სიტყვათა განმეორების გზით მათი მნიშვნელობის ნიველირება). შესაძლებელია  მეტყველების სრული უგულებელყოფაც _ დუმილი, მაგრამ არა დუმილი-აზროვნება (რომელიც გონის სფეროში დააბრუნებდა სულს), არამედ - დუმილი-ექსტაზი, როგორც ერთთან მიახლოების საშუალება.

პოეზიაში, რომელიც ნეოპლატონურ მსოფლაღქმას ემყარება, მკვეთრად უნდა გამოიხატებიდეს სიტყვათა დესემანტიზაციის ტენდენცია. „თამარიანში“, როგორც ვნახეთ, ის ძალზე მძლავრად იჩენს თავს.

საქმე ისაა, რომ პოემის მთავარი „უთქმელი“ ობიექტია თამარ მეფე, ე.ი. არა რომელიმე რიგითი ადამიანი, არამედ - განსაკუთრებული, ჩვეულებრივ ადამიანთაგან განსხვავებული პიროვნება, რომლის ღირსებებისადმი მიძღვნილი სახოტბო ნაწარმოები ჩვეულებრივი  ენისგან განსხვავებულ ენას საჭიროებდა, რადგანაც “თამარი მიუწვდომელია, როგორც ღმერთი, ის თვით ღვთაებაა. შექება ზეციური თამარისა, რომლის წინაშე პირს იფარვენ და კრთებიან მნათობნი ცისანი, არ ძალუძს ძველი თუ ახალი დროის არც ერთ ფილოსოფოსს, რიტორსა და პოეტს. მისი არსებობა წინასწარ მოსწავებულია, ისტორია კი იყო მომზადება წარმოსაშობად თამარისა, რომელიც ამქვეყნად უნდა ყოფილიყო გამომხატველი ერთღვთაებისა“ (კეკელიძე 1952: 159-16)

როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა ჩახრუხაძის მიერ საგანგებო პოეტური ფორმის შემუშავება - ისეთისა, რომელიც საჭიროებდა ენობრივი საშუალებების ერთგვარ ტრანსფორმაციას და დესემანტიზაციას, ნეოპლატონური მსოფლაღქმის შესაბამისად.

ჩახრუხაულის სემანტიკურ სტრუქტურას ანალოგები მოეპოვება არა მარტო ქრისტიანული  ქვეყნების ლიტერატურებში, არამედ - მაჰმადიანური პოეზიის იმ ნიმუშებშიც, რომელთა ავტორებმა განიცადეს ნეოპლატონური ფილოსოფიის ზეგავლენა.

კერძოდ, გ. წერეთელი სტატიაში   „სემიტური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული კულტურის შესწავლისათვის “ მიუთითებს, რომ 11-მე -12 საუკუნეების არაბი მწერალი, ალ-ჰარირი, თავის „მაკამებში“ „განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სიტყვათა თამაშს. მთელი ტექსტი ნაწერია რითმოვანი სიტყვებით, გვხვდება ადგილები, რომლებშიაც ყოველი ორი სიტყვა თითქმის იდენტურად ჟღერს (ქართული მაჯამების მსგავსად), არის სიტყვების უცნაური თამაში, ორმაგი რითმები და სხვ. ამ მხრივ, გარეგნულად, ჰარირის მაკამა უცნაურად მოგვაგონებს ჩვენს მეხოტბეებს, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება მკითხველს, თითქოს ორივე ტექსტი, ქართული და არაბული, ერთნაირად არის დაწერილი, ენობრივი განსხვავებაც კი იჩქმალება სიტყვების თამაშში.“  (წერეთელი 1947:26)

გ. წერეთელი აქვე აღნიშნავს, რომ  არაბული პოეტიკის უდიდეს სპეციალისტთა აზრით, ეს საზომი „არაბული წარმოშობის არ უნდა იყოს. ეს ზომა სპარსულსა და სპარსულ-ებრაულ პოეზიაშიც იხმარება, რა წარმოშობისაც უნდა იყოს იგი, მისი იდენტურობა ქართულ ჩახრუხაულთან ეჭვს გარეშეა“ (წერეთელი 1947:27).

ქართულ პოეზიაში ომონიმური რითმები (ე.წ. „მაჯამები“), ოღონდ არა შიდა რითმების, არამედ - ბოლორითმების სახით, ხელახლა გავრცელდა  აღორძინების ხანის პოეზიაში, რომელმაც განიცადა სპარსული სუფისტური ფილოსოფიისა და პოეზიის ზემოქმედება. ამასთან, თუ ჩახრუხაძის პოემაში ომონიმური შიდარითმები წმინდა ექსტაზურ ეფექტზეა გათვლილი,  აღორძინების ხანის ქართველი პოეტები დაესესხნენ სუფისტურ ლიტერატურას მარტოოდენ მოტივებსა და მხატვრულ-ფორმალურ საშუალებებს, რომელთა ერთ-ერთი სახეობა - ომონიმური რითმები უკვე მხოლოდ მხატვრული სამკაულის როლს ასრულებს და აღარ ეკისრება საგანგებო ფუნქციები, რომლებითაც ისინი „თამარიანსა“ და „აბდულმესიანში“ გამოიყენებოდა.

  1. კ. კეკელიძის აზრით, ეს მინაწერი („მოხევის ძეთა, ჩახრუხაძეთა, ექო თამარი, მეფე წყლიანი....“) დაწერილია არა კლასიკურ, არამედ „ე.წ. აღორძინების ხანაში,როდესაც შესაძლებელი და მოსალოდნელია „ჩახრუხაძესა“-ს მაგიერ „ჩახრუხაძეთა“(მხოლობითი რიცხვის მაგიერ მრავლობითი)“ . (კეკელიძე 1952 : 162). ანალოგიური თვალსაზრისი გამოთქვა ი. ლოლაშვილმაც (ლოლაშვილი 1957: 150). საგულისხმოა ისიც, რომ „თამარიანის“ ერთ-ერთ (B) ნუსხაში ამ მინაწერის მეორე ნაწილში ნახსენებია არჩილ მეფე („არჩილ მეფესა, ლხინთა მკრეფესა“). ი. ლოლაშვილის აზრით, „ესაა ნაწყვეტი უცნობი სახოტბო ლექსისა, რომელიც შეიძლება ასე დასათაურდეს: „ქება არჩილ მეფისა“. ამავე მკვლევრის ვარაუდით, ნაწყვეტის ავტორი უნდა ყოფილიყო „XVII საუკუნის მეორე ნახევრის უცნობი პოეტ-გადამწერი, რომელსაც არჩილ მეფის დაკვეთით გადაუწერია „თამარიანი“ (B ხელნაწერის დედანი), მის დასასრულს დაურთავს ცნობები ოდების ავტორის შესახებ და შემკვეთი პირის პატივსაცემად - სახოტბო შინაარსის ლექსი..., რომელიც იაკობ შემოქმედელის პლაგიატური თხზულების მიბაძვით შეუთხზავს“(ლოლაშვილი1957 : 34).↩︎

  2. ი. ლოლაშვილი ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი ხელნაწერის დანართი სტროფები „ეჭვმიუტანლად ადასტურებენ, რომ „თამარიანის“ გლოსა „მოხევეს ძეთა ჩახრუხაძეთა“ XVII საუკუნეზე ადრეა შეთხზული, დაახლოებით იმ ეპოქაში, როდესაც ლიტერატურულ საზოგადოებას კარგად ხსოვნებია „თამარიანის“ ავტორის ვინაობა და სადაურობა“ (ლოლაშვილი 1957: 35). ↩︎

  3. არჩილი. თხზულებათა სრული კრებული. თბ., გამომც. „მერანი“,1999, გვ. 213, 221. ↩︎

  4. იქვე, გვ. 160-161. ↩︎

  5. სარამა - ძველინდური მითოლოგიის პერსონაჟი, გრძნეული ქალი. ის პირველად მოხსენიებულია „რიგვედაში“, სადაც სარამა ეხმარება ტაროსისა და ომის ღმერთს, ინდრას დემონების მიერ მოტაცებული ძროხების დაბრუნებაში. სარამა უფრო გვიანდელ ინდუისტურ ტექტებში დახასიათებულია, როგორც ინდრას ძუ-ძაღლი. გვიანდელი მითების მიხედვით, სარამას ორი შვილია ოთხთვალა ძაღლები, რომლებიც სიკვდილის ღმერთის სამეფოს იცავენ. ↩︎

  6. სალა - უცნობი რომანის პერსონაჟი (ლოლაშვილი:108).↩︎

  7. შატბიერი და ანალათი სპარსელი პოეტის, ონსორის (გარდ. 1039 წ. ) ჩვენამდე არ მოღწეული სამიჯნურო თხზულების პერსონაჟები არიან (ლოლაშვილი:110). ↩︎

  8. მეოცე საუკუნეში განხორციელდა მცდელობა იმისა, რომ „აბდულმესიანი“ მიეჩნიათ „არჩილ მეფის ქებად“ და, შესაბამისად, მე-17 საუკუნის თხზულებად, მაგრამ ეს თვალსაზრისი საკმარისად არაა არგუმენტირებული. გაცილებით უფრო დამაჯერებელია ი. ლოლაშვილის შეხედულება, რომლის თანახმად, „XVII საუკუნის მეორე ნახევარში პოემის თითო-ოროლა ხელნაწერსღა მოუღწევია, ისიც ავტორის ვინაობის აღუნიშვნელად. ალბათ,ამ გარემოებით ისარგებლა იაკობ შემოქმედელმა, რომელმაც ეს ძეგლი „აჩილ მეფის ქებად“ გადააკეთა და თავისი სახელით გაავრცელა. საპირისპირო შემთხვევაში იაკობი ამგვარი ცთუნების გზას არ დაადგებოდა (მისი ყალბისმქმნელობა გამოჩნდებოდა). ასეა თუ ისე, ერთი რამ ნათელია: XVII საუკინის მეორე ნახევრიდან მკითხველ საზოგადოებაში ვრცელდება აბდულმესიანის იაკობისეული რედაქცია, პოემის ძველი რედაქცია კი ან თვით იაკობმა მოსპო, ან კიდევ ჟამთა სიავემ იმსხვერპლა“(ლოლაშვილი 1964: 44). ↩︎

  9. ამასთან, ი. ლოლაშვილის გამოკვლევაში პასუხი არაა გაცემული კ. კეკელიძის შენიშვნაზე, „აბდულმესიანის“ პერსონაჟი მამაკაცი დავით სოსლანი რომ ყოფილიყო, ის „ეფრემიანად“ უნდა ყოფილიყო მოხსენიებული და არა „იესიანადო“. ↩︎

  10. შავთელი თამარს „ჯიმშედ-მფლობელს“, ანუ სპარსეთის სამეფოს მფლობელს უწოდებს. კ. კეკელიძის მითითებით, „თამარი 1210 წელს გახდა სპარსეთის სამეფოს დიდი ნაწილის მფლობელი. ,მაშასადამე, 1210 წელი არის terminus ante non პოემის დაწერისა. ვინაიდან ხოტბა დაწერილია თამარის სიცოცხლეში, თავისთავად ცხადია, 1215 წელს. როდესაც თამარი გარდაიცვალა, იმის დაწერა ვერ გადასცილებოდა,...ამნაირად, ხოტბა დაწერილია 1210-1215 წლებში (კეკელიძე: 1952:187). ↩︎

  11. აქ გაანალიზებულია მარტოოდენ ჩახრუხაძის თხზულება, მაგრამ „აბდულმესიანისა“ და „თამარიანის“ ვერსიფიკაციული მსგავსების გამო „თამარიანის“ ანალიზის შედეგად გამოტანილი დასკვნები, რა თქმა უნდა, „აბდულმესიანსაც“ ეხება. ↩︎

  12. „აბდულმესიანში“ (ბ) ტიპის სტრუქტურა ანუ მთლიანად წინაცეზურული ომონიმური რითმებით გაწყობილი სტროფები არ გვხვდება. წინაცეზურული ომონიმური რითმები გამოყენებულია მხოლოდ ცალკეულ ტაეპებში. „თამარიანი“შეიცავს (ბ) ტიპი ექვს სტროფს.↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია

ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები:

ბარამიძე, კეკელიძე, 1987.ბარამიძე, ა., კეკელიძე კ.,  ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I.

გაწერელია 1981. გაწერელია ა. რჩეული ნაწერები, III1

გოგიბერიძე 1961. გოგიბერიძე, მ., რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები. თბ.

კარბელაშვილი 2003. კარბელაშვილი მ.ძველი ქართველი მეხოტბენი ზ- ქართული პოლიტიკური თეოლოგიის თეორეტიკოსები (მასალებიქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის). „ლიტერატურული ძიებანი” “Literary Researches”), ტ. XXIV.

კეკელიძე 1952.  კეკელიძე, კ., ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ.2, თბ..

ლოლაშვილი 1957.ლოლაშვილი, ი., ძველი ქართველი მეხოტბენი, ტ.1, თბ.

ლოლაშვილი 1964. ლოლაშვილი, ი., ძველი ქართველი მეხოტბენი, ტ.2. თბ.

პეტრე იბერიელი 1961. პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი) . შრომები. ეფრემ მცირის თარგმანი. თბ.

ჭავჭავაძე 1955. ჭავჭავაძე ილია. ორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“. ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის. ქრესტომათია. I, თბ.

ლოსევი 1974.Лосев А.Ф., История античной эстетики (Высокая классика). М.

ლოსევი 1980. Лосев А.Ф., История античной эстетики (Поздний эллинизм). М., .

მარი 1902. Н. Марр. Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии,IV, Древнегрузинские одописцы. I. Певец Давида Строителя, II. Певец Тамары. С.-Пб.,

შავთელი 1942.Шавтели. Абдул-Мессия, пер. С грузинского Ш. Нуцубидзе. Тб..

Armstrong  A.H. , The Architecture of the Intelligible Universe in the Philosophy of Plotinus.  Amsterdam, 1967.

პოეტიკური კვლევები:

ავერინცევი 1977. Аверинцев С.С., Поэтика ранневизантийской литературы. М., 1977.

ვერსიფიკაციული კვლევები:

წერეთელი 1973. წერეთელი, გ., მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“. თბ.

ხინთიბიძე 2009.  ხინთიბიძე, ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია. თბ.

ტექსტოლოგიური კვლევები:

ყაუხჩიშვილი 1940. ყაუხჩიშვილი ს., გამოკვლევა, დართული წიგნისადმი: იოანე პეტრიწი, შრომები, ტ.1, თბ.

ლიტერატურული ტექსტები:

არჩილი 1999.არჩილი.თხზულებათა სრული კრებული. თბ., გამომც. „მერანი“.

კომპარატივისტული კვლევები:

წერეთელი 1947. წერეთელი გ. სემიტური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიის შესწავლისათვის // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო სესიების მოხსენებათა კრებული, № 1, თ.

გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამარ ლომიძე