მენიუ

თეა შურღაია

შოთა რუსთაველის ფსევდოსპარსული სიუჟეტი და არაბულ-სპარსული ესთეტიკა „ვეფხისტყაოსნის“ ეპოსში

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (მე-12 ს.) ის უნიკალური ტექსტია, რომელიც მრავალგვარი აღქმისა და უსასრულო ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა. მკითხველი ყოველ ჯერზე გაკვირვებით აღმოაჩენს მასში რაიმე ახალს, რაც მანამდე მხედველობიდან გამორჩა. პოემის ტექსტი, როგორც ეს ჭეშმარიტ შედევრს შეეფერება, მუდამ თანამედროვეა, მისი სათქმელი - ყველა ეპოქის ადამიანისთვის ახლობელი. ამდენად, ბუნებრივია ამ თხზულებისმიმართ სხვადასხვა დარგისა თუ მსოფლმხედველობის მკვლევართა გაუნელებელი ინტერესი. ძნელად მოიძებნება „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებული საკითხი, რომელზეც არ გამოთქმულა ათეულობით სხვადასხვა თვალსაზრისი, ხშირად, ურთიერთსაპირისპირო. მეცნიერები ამ ძეგლის ჟანრობრივ კუთვნილებაზეც კი ვერ შეთანხმებულან. დიდი გამბედაობაა საჭირო, რათა მოსაზრებათა ამ უკიდეგანო ოკეანეში ისე შეხვიდე, რომ კურსს არ ასცდე, მით უფრო, ახალი, აქამდე შეუმჩნეველი, კუნძული აღმოაჩინო.

„ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალურობის საკითხი ერთ-ერთია იმ კარდინალურ პრობლემათაგან, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცხარე კამათს იწვევდა. ამ კამათს თავად რუსთველმა (ან პროლოგის გვიანდელმა ავტორმა) მისცა დასაბამი, როდესაც თქვა: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები... ვპოვე და ლექსად გარდავთქვი“. ეს განცხადება ზოგმა პირდაპირ გაიგო, ზოგიერთმა მეცნიერმა კი იმთავითვე მისტიფიკაციად მიიჩნია.

„ვეფხისტყაოსნის“ სადაურობის საკითხზე არსებული არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ჩამოთვლას ერთი სტატია ნამდვილად ვერ დაიტევს. არსებულ მოსაზრებებს თუ შევაჯერებთ, ცხადი გახდება, რომ მკვლევართა უმეტესობისთვის პოემა ორიგინალური ნაწარმოებია. მეტიც, ფსიქოლოგი რ. კორინთელი დარწმუნებულია, რომ ამ ძეგლს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის კოლექტიური არაცნობიერის ჩამოყალიბებაში (რ. კორინთელი, 2023, გვ. 86). პროფ. ე. ხინთიბიძე კიდევ უფრო შორს წავიდა - 2018 წელს მან მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა საინტერესო კვლევა, რომლის თანახმად, „ვეფხისტყაოსანი“ თავად შეიძლება ყოფილიყო სესხების ობიექტი შექსპირისთვის და, ამასთან, ამ ვერსიისთვის კონკრეტული გზებიც დაასახელა.1

„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტიდან შესანიშნავად ჩანს, რომ ავტორი კარგად იცნობს აღმოსავლურ მხატვრულ სამყაროს, მაგრამ რატომ ძერწავს ისეთ აღმოსავლეთს, სადაც სპარსელს და სპარსულს მინიმალური, თანაც არცთუ სახარბიელო როლი ერგო? ნუთუ ასეთი იყო „ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“, რომელიც რუსთველმა გალექსა?  მაინც როდის და სად შეეძლო ეპოვა რუსთველს „ესე ამბავი სპარსული“? როდიდან იცნობენ ქართველები ახალ სპარსულ მწერლობას? 

ალ. გვახარია ქართულ-სპარსული კულტურულ-ლიტერატურული კონტაქტების სათავეებს მე-12 საუკუნეზე ადრე, ანუ „ვეფხისტყაოსნის“ დაწერამდე და „ვის ო რამინის“ თარგმნამდე, კერძოდ, მე-9-10 საუკუნეებში მოიაზრებს (გვახარია, 1, 264). ამის საფუძველს მას აძლევს მე-9 საუკუნით დათარიღებულ ქართულ ისტორიულ წყაროში დაცული სპარსული ფრაზა, რომელიც ქართული ასოებით არის გადმოცემული.2 ქართულ საისტორიო მწერლობაში თუ ადრეულ ძეგლებში დადასტურებული ზოგიერთი პირდაპირი თუ ირიბი მონაცემით ცხადი ხდება, რომ ქართული საზოგადოება ირანულ მითოლოგიურ გადმოცემებსაც იცნობდა.3

ორიოდე სიტყვა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავდა „სპარსული“ მაშინდელი ან მოგვიანო ხანის ქართული საზოგადოებისთვის. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა - ევროპა-აზიის გზაჯვარედინი და ქვეყნის რელიგიური მრწამსი - ქრისტიანობა, ადრეული ხანებიდანვე მისი აღიარება და სამუდამო ერთგულება - იმთავითვე მის ისტორიულ ბედისწერად იქცა. ყველა ძლიერი აზიელი დამპყრობელი (სპარსელები, არაბები, თურქები, მონღოლები) ცდილობდა მის დამორჩილებას, თავის რჯულზე მოქცევას და რუკიდან წაშლას. ტრადიციულ დამპყრობთაგან სპარსეთს, რომელთანაც საქართველოს ყველაზე ხშირად უხდებოდა კონტაქტი, განსაკუთრებით მდიდარი კულტურა გამოარჩევდა. ამ კულტურის გავლენას საქართველოსთან შედარებით მრავალრიცხოვანი, ძლიერი სახელმწიფოებიც ვერ გაექცნენ და, რა გასაკვირია, რომ ქართულმა კულტურამ, განსაკუთრებით კი ეროვნულმა მწერლობამ, თავი ვერ აარიდა სპარსეთის მრავალსაუკუნოვან კულტურულ ექსპანსიას.  ირანთან ხანგრძლივი მტრული ურთიერთობის რამდენიმე საუკუნის შემდეგაც კი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, იოანე ბატონიშვილი (1766-1830) თავის „კალმასობაში“ შენიშნავს: „აზიური ენები ესრეთ არიან შენიშნულნი: არაბული - სიბრძნესა და ცოდნასა შინა; სპარსული - მუსაიფობასა და ალერს-სიტყვაობასა შინა და ლექსებშიც ქებულია და ტკბილად მოსასმენი“ (გვ. 168). ფაქტობრივად, მან ნაკლები კატეგორიულობით გაიმეორა თეიმურაზ პირველის (1589-1663) ანუ იმ მეფე-პოეტის სიტყვები („სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი“4), რომლის ბიოგრაფიაც ქართულ-სპარსული პოლიტიკური ურთიერთობების მწარე გამოცდილების მეტყველი მაგალითია.

თავისი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, საქართველო, ცხადია, უკეთ იცნობდა აღმოსავლეთს, კერძოდ, სპარსეთს, ვიდრე დასავლეთი. ამდენად, ევროპელებისგან განსხვავებით, რომელთა დიდი ნაწილისთვის აღმოსავლეთი სხვათა წარმოსახვის მეშვეობით იძენდა კონტურებს, ქართველებისთვის „სპარსელი“ და „სპარსული“ ეგზოტიკური, სტერეოტიპული ფენომენი არ უნდა ყოფილიყო.  ჯერ კიდევ ჩვენამდე მოღწეულ პირველსავე ლიტერატურულ ძეგლში („შუშიანიკის წამება“, მე-5 ს.) ჩნდება უსახელო პერსონაჟი - სპარსი კაცი. ქართველი ავტორის, იაკობ ცურტაველის (მე-5 ს.),ძუნწი დახასიათებიდანაც კი ჩანს დამოკიდებულება ამ სპარსელისადმი („მზაკვარი“). ეს დამოკიდებულება, ისტორიული გამოცდილების წყალობით, მასებში სიცოცხლისუნარიან სტერეოტიპად გადაიქცა.5

საკითხში უკეთ გასარკვევად ქართულ მხატვრულ სიტყვიერებაში დამკვიდრებული ერთი ტრადიცია უნდა გავიხსენოთ: ვახტანგ მეექვსე თავის მიერ ქართულად თარგმნილი „ქილილა და დამანას“ წინათქმაში (ანდერძში), უბოდიშებს მკითხველს, რომელმაც, შესაძლოა, დაიწუნოს მისი პოეტური თარგმანის ხარისხი: „მაგრამ ლექსი სპარსული ქართულს ენაში ლექსად არ ითარგმნება, ამბად მოვა და მე იმავე ამბის გალექსვა მოვინდომე“ („ქილილა და დამანა“, გვ.77-79).

სპარსული თხზულების ქართულად პროზად გადმოღება, უფრო გვიან კი გალექსვა, ვახტანგ მეფის დროს უკვე დიდი ხნის ტრადიცია იყო. რუსთველის ეპოქაშიც, სავარაუდოდ, ეს ტრადიცია არსებობდა ან ძალას იკრებდა. ამის საუკეთესო მაგალითია ფახრ ედ-დინ გორგანის „ვის ო რამინის“ „კონგენიალური“ (ა. გვახარია) ქართული თარგმანი პროზად - „ვისრამიანი“. გავიხსენოთ, რომ მოგვიანებით „ვისრამიანი“ არჩილ მეორემ (1647-1713) გალექსა; ასევე, არსებობს „შაჰნამეს“ ქართული პროზაული და ლექსითი ვერსიები. ამდენად, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის ინფორმაცია ამბის „ლექსად გარდათქმის“ თაობაზე, სავსებით ბუნებრივიჩანს. მით უფრო, რომ არაბულ-სპარსული არუდის სისტემის მორგება ქართული ლექსისთვის ერთობ ძნელი საქმე იქნებოდა.

თუმცა, გასათვალისწინებელია, სხვა გარემოებაც - რა ტიპის თხზულებებს ეწაფებოდნენ ქართველები ან როგორ ითარგმნებოდა ეს თხზულებები. დავეთანხმებით გ. იმედაშვილის შეფასებას ამ საკითხზე: აღორძინების ხანაში (მე-16-18 სს.) სათარგმნი ძეგლების მიმართ თვითნებული მოპყრობა, შიშველი ფაბულისა და სიუჟეტის მიმართ ლტოლვა, ძეგლის გადმოქართულება იქცა მთარგმნელობით მეთოდად. კლასიკურ პერიოდში შესრულებულ თარგმანებთან შედარებით, ეს  მეთოდი „მკვეთრად განასხვავებს ძეგლებს თავისი უიდეობითა და სტილის დაკნინებით“ (იმედაშვილი: 1956, გვ. 267)6. კლასიკური პერიოდის ადეკვატური თარგმანის მაგალითად კი გ. იმედაშვილი „ვისრამიანს“ ასახელებს.

სპარსულიდან გადმოქართულებულ ძეგლებს, რომლებიც განსაკუთრებით  მე-15-მე-17 საუკუნეებიდან მომრავლდა, ახასიათებს მოჭარბებული და ზოგჯერ გაუმართლებელი სპარსიზმები, რისგანაც თავისუფალია „ვეფხისტყაოსანი“. რუსთაველთან არ გვხვდება არც ის „დამღა“, რომელიც საუკუნეების მანძილზე, ჩვენი აზრით, „მეტი დოკუმენტურობისთვის“ შეჰქონდათ ავტორებს ან გადამწერებს ქართულ ტექსტში (ორიგინალურში თუ ნათარგმნში) - პერსონაჟის მიერ წარმოთქმული სპარსული ფრაზა ქართული ასოებით ანუ ტრანსლიტერაციით გადმოიცემოდა.7 ამ ხერხით, პერსონაჟის თუ ძეგლის „სპარსულობა“ უფრო „დამაჯერებელი“ უნდა გამოჩენილიყო.

კ. კეკელიძე სასულიერო მწერლობის საეროსთან დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად თვლის იმას, რომ პირველი მეორეში სპარსული მწერლობის ანარეკლს ხედავდა. მისი მტკიცებით, საქართველოში „სპარსული“ იქცა რომელიმე ფაქტის ან მოვლენის სახელის გასატეხ ტერმინად. ხოლო ისინი, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ დაკნინებას ისახავდნენ მიზნად, ამისთვის „სხვა სიტყვას ვერ პოულობდნენ, თუ არა „სპარსული“ (კეკელიძე,  გვ. 125-126).

ქართული ჰაგიოგრაფიული ჟანრის სპეციფიკაზე მსჯელობისას რ. ბარამიძე ასკვნის, რომ ამ მწერლობის ძირითად იდეას პატრიოტიზმი წარმოადგენს, რომლის მიზანია თანამემამულეებში სამშობლოს სიყვარულის დანერგვა (რ. ბარამიძე, გვ. 250). მკვლევარი საგანგებოდ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოშისპარსთა და არაბთა ბატონობის მძიმე ტვირთი  ქართულ ჰაგიოგრაფიაში სათანადოდ არის ასახული. ამის გათვალისწინებით, გასაგებია, რომ ქართულ სასულიერო მწერლობაში „სპარსულისა“ და „სპარსელისთვის“ დადებითი კონტექსტი ვერ მოიძებნებოდა, ვერც მისაბაძი იქნებოდა. შესაბამისად, „სპარსული“ შესაძლებელია გამხდარიყო „საეროს“ სინონიმი და „სასულიეროს“ დაპირისპირებოდა.

ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსემ (1675-1737), მწიგნობარმა მეფემ, სპარსული ენისა და ლიტერატურის ჩინებულად მცოდნემ, მთარგმნელმა და „ვეფხისტყაოსნის“ კომენტატორმა განაცხადა (1712), რომ „სპარსშიდ ეს ამბავი არსიდ იპოება“, პოემა ორიგინალურიაო. ამ ნაწარმოების ფაბულის ძიებას სპარსულ ლიტერატურაში  არც მოგვიანებით - მე-20 საუკუნეში - გამოუღია შედეგი.

ივანე ჯავახიშვილმა (1876-1940) თავისი მასწავლებლის, ნიკო მარის (1865-1934), მოსაზრება „ვეფხისტყაოსნის“ სპარსულობის თაობაზე, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენა, როდესაც აჩვენა, რომ დედააზრითა და პოლიტიკური მრწამსით პოემაში მოთხრობილ ამბავს სპარსული არაფერი ჰქონდა (კობიძე, ურთიერთობანი, 3, გვ. 22).

რუსთველის პოემის ორიგინალურობის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირდა ქართველთა კულტურულ-მსოფლმხედველობრივი კუთვნილების საკითხს. პროფ. რევაზ სირაძისთვის „ვეფხისტყაოსანი“ ტიპოლოგიურად დასავლური ხასიათის თხზულებაა. მისი აზრით, „მთელი ძველი ქართული მწერლობა, მიუხედავად აღმოსავლური გავლენისა, ვითარდებოდა ე.წ. აღმოსავლურ-ქრისტიანულ კულტურულ-ისტორიულ რეგიონში. აღმოსავლურ-ქრისტიანული რეგიონი ისლამურ მწერლობას არასდროს გულისხმობდა.“ (რ.სირაძე, ა.ლოსევი და ქართული რენესანსის პრობლემები, ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, 1987,  გვ.153).

პროფ. ზ. კიკნაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „ვეფხისტყაოსნის“ დედააზრი არის ხსნა და ბოროტის ძლევა ანუ ის, რაც ქრისტიანობის ძირითად კონცეფტებს წარმოადგენს და დარწმუნებულია, რომ „მთელი პოემა...რაც მთავარია, ფაბულა და სიუჟეტი ქრისტიანული სულით არის გამსჭვალული“ (ზ. კიკნაძე, 2023, გვ. 31).

დავით კობიძე რუსთაველს აღმოსავლური პოეზიის წარმომადგენლად მიიჩნევს და ამბობს: „რუსთველის პოემას ევროპაში არაფერი ესაქმება; „ვეფხისტყაოსანი“ აღმოსავლურ, კერძოდ, ქართულ ქარგაზეა გამოჭრილი“ (კობიძე, ურთიერთობანი, 3, გვ. 59). თუმცა, როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსნის“ აღმოსავლურობაში დ. კობიძე მხოლოდ მის ქართულობას გულისხმობს. იგი თვლის, რომ ქართული პოეზია სპარსულისგან ფსიქოლოგიურად დიდად განსხვავდებოდა. მეცნიერის აზრით, განსხვავება არა მარტო რუსთველის პოემის სიუჟეტის განვითარებაში ჩანს, არამედ მხატვრული აზროვნების თავისებურებაშიც, რაც, მისი შენიშვნით, მუსლიმური, კერძოდ, ირანული სამყაროსთვის „უცხოა და მიუწვდომელია“ (კობიძე, ურთიერთობანი, 3, გვ. 59).

სამეცნიერო ლიტერატურაში განსაკუთრებით ხშირია საუბარი „ვეფხისტყაოსნის“ ტროპების აღმოსავლურობაზე, პოეტის მხატვრულ აზროვნებაზე სპარსულ-არაბული გავლენის თაობაზე. დ. კობიძე აქაც „ვეფხისტყაოსანსა“ და სპარსულ პოეზიას შორის მნიშვნელოვან განსხვავებას ხედავს. მისი თქმით,  რუსთველის პოეზიაში არ გვხდება „შიშველი სახეები“, პოეტს „არც ერთი გმირის სახე გ ე მ ო ს  გ ა მ ო მ ხ ა ტ ვ ე ლ ი  ს ი ტ ყ ვ ე ბ ი თ  ა რ  დ ა უ ხ ა ტ ა ვ ს. მისი გმირების სიყვარული მაღალია და ჰაეროვანი, ერთმანეთისადმი სწრაფვა დიდი და ფაქიზი გრძნობებითაა ამოძრავებული და არა შაქარივით ტკბილი ბაგეებით ან ვერცხლოვან მკერდზე ამოკოკრებული ძუძუებით.“ (იქვე, გვ. 41). დ. კობიძე რუსთველის გმირების სიყვარულს საფუძვლად მრავალსაუკუნოვან „ეროვნულ, ქრისტიანულ მორალს“ ხედავს8 და ასკვნის: „ქართველმა პოეტმა უარყო უკიდურესობა, რომელიც სპარსულ კლასიკურ პოეზიას ახასიათებს: მასში მიჯნურის ორი სახეა წარმოდგენილი: „ერთნი (რამინი, სალმანი) ვნებათა ღელვით არიან ამოძრავებულნი, მეორენი (მაჯნუნი, ფარჰადი) მისტიციზმის ბურუსში არიან გახვეულნი და მათთვის საერთოდ ვნებათა ღელვა არ არსებობს“ (კობიძე, ურთიერთობანი, 3, გვ. 57).

საინტერესოა მორის ბაურას მოსაზრება, რომლის აზრითაც „ვეფხისტყაოსანი“ „აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც ერთნაიარად გასცქერის და მაინც იგი წმინდა ეროვნული ხასიათისაა“ (რუსთაველი მსოფლიო ლიტერატურაში, 1976, გვ. 363).

კ. კეკელიძის შეფასებით, შოთა რუსთველისთვის არ არის უცხო რომაულ-ბიზანტიური ანუ დასავლეთის სამყარო, განსაკუთრებით კარგად იცნობს პოეტი აღმოსავლურს - არაბულ-ირანულს. (კეკელიძე, 2, 127).  მეცნიერი რამდენიმე ავტორსა და ძეგლსაც (გორგანის „ვის ო რამინი“, ნიზამის თხზულებები, ფირდოუსის „შაჰნამე“, ონსორის „ვამეყ ო აზრა“) ასახელებს, რომლებიც რუსთაველს, შესაძლოა, სპარსულად ჰქონოდა წაკითხული. კ. კეკელიძე „ვეფხისტყაონიდან“ აღებული კონკრეტული მაგალითების სპარსულ ძეგლებთან შედარების გზით ცდილობს თავისი მოსაზრების ილუსტრირებას. მეცნიერის აზრით, რუსთველის ეპოქაში, რაკი საქართველოში, სპარსული ეპიკურ-რომანული ნაწარმოებები  მისაბაძ ნიმუშებად ითვლებოდა, პროლოგში მოცემული ცნობა შეიძლება გაგებულ იქნას „როგორც მითითება, რომელსაც განსაკუთრებული წონა და მნიშვნელობა უნდა მიეცა ვეფხისტყაოსნისთვის მისი მოქცევით ცნობილ, ავტორიტეტულ თხზულებათა წრეში.“ (კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 2, 1981 (1924), გვ. 163).

კიდევ რა მიზეზი თუ საფუძველი შეიძლებოდა ჰქონოდა „ვეფხისტყაოსნის“ სპარსულად გამოცხადებას? პოემის სპარსულობის კვლევასთან დაკავშირებით, საბოლოოდ, დასკვნის სახით, გავიზიარებთ პროფ. ე. ხინთიბიძის შეფასებას: „აღმოსავლური ტიპის ამბავს რუსთველი XII საუკუნის ქართული სამეფო კარის ისტორიის ალეგორიულ დატვირთვას შესძენს, მასში ტახტის მემკვიდრეობის პრობლემის ორიგინალურ გადაწყვეტას შემოიტანს – ორი მემკვიდრის მტრობის ნაცვლად მათ სიყვარულს იქადაგებს; მოყვრის სიყვარულის ქრისტიანულ თეზას ადამიანური სიყვარულის რენესანსულ იდეალად გადაიაზრებს; აღმოსავლური ნარატივის ზღაპრულ მდინარებაში ანტიკურ ფილოსოფიას ჩადებს; სატრფოს ძებნის უსასრულო ხეტიალს ბოროტის არსებობა-არარსებობის თეოლოგიური თეზის ძიებად აქცევს და ყველაფერს ერთად ქართული პოემის ორიგინალურ სიუჟეტად გარდაქმნის.“

  1. Khintibidze E., Medieval Georgian Romance “The Man in the Panther’s Skin” and Shakespeare’s Late Plays”, Adolf M.Hakkert, Amsterdam, 2018. ამ წიგნის შესახებ რეცენზიაიხ.:Anderson A., The Kartvelologist, Journal of Georgian Studies, Vol. 13, N28, 2019-2020:202-206https://kartvelologist.openjournals.ge/index.php/kartvelologist/article/view/4502/4705; https://kartvelologi.tsu.ge/public/en/arqive/20/13 ↩︎

  2. “ნინოს ცხოვრება“ სპარსული ფრაზების ქართული ტრანსლიტერაციის ერთადერთი შემთხვევა არ არის ქართულ საისტორიო თუ მხატვრულ მწერლობაში. ↩︎

  3. მაგალითისთვის შეიძლება დასახელდეს ლეონტი მროველის (მე-11 ს. მემატიანე) მითითება აფრიდონის მიერ ბევრასფის გველთა უფლის მთაზე მიჯაჭვის თაობაზე. ლეონტი მროველი ამბობს, რომ ეს ამბავი „წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა“. ამ საკითხის შესახებ იხ.: ალ. გვახარია, ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობის სათავეებთან“, ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, 1, გვ. 254-265. ↩︎

  4. ალ. გვახარიას აზრით, ეს განცხადება უარყოფითად არ უნდა შეფასდეს, რადგან თეიმურაზ პირველს, რომელმაც სპარს დამპყრობლებთან ბრძოლას შესწირა დედის, შვილებისა და საკუთარი სიცოცხლე, „ეყო სულგრძელობა და ლიტერატურული გემოვნება სპარსული მწერლობის ღირსეულად დაფასებისთვის“ (გვახარია, 1995, 1, გვ. 3).  ↩︎

  5. სწორედ ასეთად გამოსახავდნენ სპარს მეფეებსა და წარჩინებულებს საბჭოთა ისტორიულ ფილმებშიც.  მწერალი და მთარგმნელი, ლ. ბერძენიშვილი „შუშანიკის მარტვილობის“ სპარსს ქართული ლიტერატურის ტოპ 10 მზაკვარ პერსონაჟს შორის ასახელებს და შენიშნავს: „ამ პერიოდში, სპარსელები ცნობილნი არიან, როგორც ჭკუისა და მზაკვრობის შემზავებლები.  რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპია, მაგრამ ამ მეტროპოლიის კოლონიის წარმომადგენელებს ისინი ყოველთვის ძალიან ჭკვიან, მაგრამ მზაკვარ და დაუნდობელ ადამიანებად მიაჩნდათ“. https://liberali.ge/news/view/37639/top-10-mzakvari-personazhi-qartul-literaturashi ↩︎

  6. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების ერთი სპეციფიკაც, რომელიც ხშირად აღუნიშნავთ ქართველ ლიტერატურათმცოდნეებს - „ქართველებმა დიდ სპარსულ პოეზიაში ვერ შენიშნეს ლირიკა - ესე იგი პოეზიის ჭეშმარიტი ფორმა“ (გ. იმედაშვილი გვ. 273). ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ „ვერ შენიშვნის“ ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ის იყო, რომ, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე,  ქართველები ამბებით, განსაკუთრებით, საგმირო თავგადასავლებით უფრო მეტად იყვნენ გატაცებულები. ამ ისტორიებში ხომ გმირი მტერს და ბოროტებას ამარცხებდა ანუ ქართველების იდეალებს ასხამდა ხორცს. ↩︎

  7. ამის მაგალითია „ამირანდარეჯანიანი“ (მე-12 ს.), რომლის სიუჟეტის ერთი მონაკვეთი „ვეფხისტყაოსანთან“გარკვეულ ნათესაობას ამჟღავნებს. მეოთხე კარში („ამირან დარეჯანისძის ამბავი“) ამირან დარეჯანისძე დევს თვალში დაშნას ჩასცემს და ამოუგდებს. დევი ყვირის: „- ნუღარ მომკლავ, ჭაბუკობასა შენსა! იექ ჩეშმემ ნესტ“. აქ სპარსული ფრაზა „ერთი თვალი არ მაქვს“ ქართული ტრანსლიტერაციით არის მოცემული, თარგმანის გარეშე. მსგავსი მაგალითების დასახელება კიდევ შეიძლება როგორც მხატვრული ლიტერატურიდან, ასევე, ქართული საისტორიო მწერლობიდან. აღარაფერს ვამბობთ ქართულ ტექსტებში უთარგმნელად დატოვებული სპარსული პოეტური ჩანართების თაობაზე.  ↩︎

  8. ეს შეფასება რადიკალურად განსხვავდება „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ქართული ეკლესიის დამოკიდებულებისგან. ასე მაგალითად, მთავარეპისკოპოსი ტიმოთე გაბაშვილი (1703-1764) მტრულად შეხვდა „ვეფხისტყაოსნის“ დაბეჭდვის ფაქტს და რუსთველის შესახებ ამბობდა: „ესე იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმინდისა წილ ბოროტი ბილწება და განრყვნა ქრისტიანობა“ (გაბაშვილი ტ., მიმოსვლა, თბილისი, 1956, გვ. 80, შენიშვნა). ↩︎

გამოყენებული ლიტერატურა

ბარამიძე რ., აგიოგრაფიული ჟანრის მწერლობის სპეციფიკა და იდეური შინაარსი, ლიტერატურული ძიებანი, ტ. 10, 1956, გვ. 235-155.

ბერძენიშვილი ლ., ტოპ 10 მზაკვარი პერსონაჟი ლიტერატურაში, „ლიბერალი“, 12 ივნისი, 2018,   https://liberali.ge/news/view/37639/top-10-mzakvari-personazhi-qartul-literaturashi

გაბაშვილი ტ., მიმოსვლა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა, თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1956

გვახარია ა., ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობის სათავეებთან, ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, 1, გვ. 254-265.

იოანე ბატონიშვილი, კალმასობა“, ქართული პროზა, 6, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“.

იმედაშვილი გ., სეილანიანი და სარაინდო რომანის ზოგი საკითხი, ლიტერატურული ძიებანი, ტ. 10, 1956, გვ. 257-276.

კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 4, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1957.

კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 2, თბილისი, „მეცნიერება“, 1981

კიკნაძე ზ., „ვეფხისტყაოსნის“ ორი სამეფო და ისტორიის დასასრული, „ვეფხისტყაოსანზე“, აზროვნების აკადემიის გამომცემლობა, თურქეთი,2023, გვ. 7-33

კობიძე დ., ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, 3, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1978. [Georgian andPersian Literary relations]

კორინთელი რ., სიღრმის ფსიქოლოგია „ვეფხისტყაოსანში“, „ვეფხისტყაოსანზე“, აზროვნების აკადემიის გამომცემლობა, თურქეთი, 2023, გვ. 86-114

მოსე ხონელი, ამირანდარეჯანიანი, გამოსაცემად მოამზადა ლ. ათანელაშვილმა, თბილისი, „მერანი“, 1969

რუსთაველი მსოფლიო ლიტერატურაში, I, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1976

სირაძე რ., ა. ლოსევი და ქართული რენესანსის პრობლემები, ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, თბილისი, „განათლება“, 1987, გვ. 130-157

ქილილა და დამანა, სპარსულიდან თარგმნილი მეფე ვახტანგ მეექვსისა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ. ტექსტი დაადგინა, შესავალი, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო მაგალი თოდუამ, თბილისი, „მერანი“, 1975

Khintibidze E., Medieval Georgian Romance “The Man in the Panther’s Skin” and Shakespeare’s Late Plays”, Adolf M.Hakkert, Amsterdam, 2018.

გამოქვეყნების თარიღი: 10.04.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თეა შურღაია