ირმა ყარაულაშვილი
ამირანდარეჯანიანის ილუსტრაციები
ამირანდარეჯანიანის შესწავლისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სვანეთში შემონახული თხზულების სიუჟეტის ამსახველი ორი ტაძრის ექსტერიერის ფრესკებისა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ამირანდარეჯანიანის ტექსტის შემცველ ხელნაწერში Ms H-384 ილუსტრაციების არსებობა.
ვფიქრობ, ფრესკულ გამოსახულებათა არსებობა მეტყველებს უნიკალურ ტრადიციაზე, რომლის ანალოგიც არ იძებნება ქრისტიანულ სამყაროში. აღმოსავლურ ქრისტანული ტრადიცია იცნობს ეკლესიათა გარე ფასადის მოხატულობას რელიგიურ თემებზე, რისი მაგალითებიც მრავლად იძებნება რუმინეთში მოლდოვას ტერიტორიაზე, ბუკოვინას რეგიონში მდებარე მართლმადიდებლური XV-XVI საუკუნეებით დათარიღებული მონასტრების ფასადებზე (ვორონეცი, სუჩევიცა, მოლდოვიცა; მოიხსენიება, როგორც "ექსტერიერის ფრესკები). შემონახულია ეკლესიათა გარე ფასადზე ფრესკული გამოსახულებანი აგრეთვე სვანეთშიც, კერძოდ კი, სვიფის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის, იფრარის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის, იფხის წმინდა გიორგის ტაძრის, მესტიის ლაღამის მაცხოვრის ტაძრის, ადიშის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გარე ფასადებზე). სვანეთში ეკლესიის გარე ფასადზე არსებული ჩვენამდე მოღწეული რელიგიური ხასიათის გამოსახულებანი ან უფრო ადრეა შესრულებული, ანდა თანადროულია მოლდოვაში არსებული გამოსახულებებისა, რაც მათ კვლევას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. რაც შეეხება სვანეთის ორ ტაძარში, ლაშთღვერდსა და უშგულის ჩაღაჟში ფიქსირებულ საერო ხასიათის, უფრო ზუსტად კი, ამირანდარეჯანიანის სიუჟეტის ამსახველ გამოსახულებებს, მათი ანალოგი, როგორც უკვე აღინიშნა, ქრისტიანულ სამყაროში არ იძებნება.
ამ საგმირო-საფალავნო ხასიათის „ფრესკული“ გამოსახულებები იძებნება სვანეთის ორი ეკლესიის გარე ფასადზე. ერთია ზემო სვანეთში, ლენჯერის თემის ლაშდღვერის/ლაშთხვერის/ლაშტგვერდის მთავასანგელოზთა (თარნზელის) ეკლესიის ფასადის მოხატულიბა, რომელსაც ხელოვნებათმცოდნენი XIV-XV საუკუნეთა მიჯნით ათარიღებენ. (შერვაშიძე 1956, გვ. 474-475).
მეორე ეკლესია, რომლის ექსტერიერზეც მხოლოდ ფრესკათა მცირე, ზედა ნაწილია შემორჩენილი, არის აგრეთვე ზემო სვანეთში, უშგულის თემის ჩაჟაშის მაცხოვრის (მაცხვარის) XI-XII საუკუნეების ეკლესია, რომლის მოხატულობის გადარჩენილ ნაწილებს მეცნიერები XVII საუკუნით ათარიღებენ (იქვე, გვ. 475-478).
აღსანიშნავია, რომ ექსკლუზიურად ამ გამოსახულებათა შესახებ სადრეისოდ ერთადერთი კვლევაა გამოქვეყნებული, რომელიც ლეილა შერვაშიძემ 1956 წელს გამოაქვეყნა (შერვაშიძე 1956) . მას შემდეგ ორივე გამოსახულება კომპლექსური კვლევის საგანი არ გამხდარა.
იმ ფაქტზე, რომ ლაშთღვერის ეკლესიის ექსტერიერზე ამირანდარეჯანიანის სიუჟეტის დასურათებული, ამ ფრესკებზე არსებული წარწერებიც მოწმობს. გარდა ფრესკის მარჯვენა მხარეს, სამი გმირის გამოსახულების თავზე მოთავსებული განმარტებითი წარწერებისა - ბადრი, სეფედავლე, უსიბ,
ფრესკის მარცხენა მხარე მოთავსებული სცენის გამოსახულებას ახლავს წერწერა: „ოდეს ამირან ვეშაპმან ჩანთქა, ვეშაპი მოკლა და გამოვიდ[ა].“
ხოლო ფრესკის შუაში მთვსებული გამოსახულება გვამცნობს: „ჰომი ამირანისი და ბაყბაყდევისა.“
რაც შეეხება ჩაჟაშის ფრესკას, სადღეისოდ იგი ძალზე დაზიანებულია. ჩვენი მცდელობა ფრესკაზე მხატვრობის ნარჩენის რაიმე დეტალის დანახვისა წარუმატებლად დამთავრდა. მხოლოდ ის აღმოვაჩინეთ, რომ სადღეისოდ გამოსახულება უფრო მეტადაა დაზიანებული, ვიდრე XX საუკუნის შუა წლებში, როდესაც ლეილა შერვაშიძემ იხილა ფრესკა და გააკეთა ჩანახატი (შერვაშიძე 1954, გვ. 476).
|
|
მკვლევრის თმით, ამ გამოსახულებაზე, მარცხენივ მოთავსებული ფიგურის თავზე განირჩეუდა მხედრულად შესრულებული წარწერა - ბადრი. სამწუხაროდ, სადღეისოდ ამ წარწერის გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
|
|
ამ ფრესკულ გამოსახულებათა გარდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შემონახულია 1824 წლით დათარიღებულ ხელნაწერში Ms H-348 არსებული 33 მინიატურა. ხელნაწერი გადაწერილია თბილისში, დავით ეგნატის ძე თუმანიშვილის მიერ. მისივე დახატული უნდა იყოს (აღიწერა და სრულ იქმნა) ხელნაწერში არსებული მინიატურები. (აბულაძე (რედ.) 1946, გვ. 284).
ამ მინიატურათა შესახებ კვლევა ლანა გაბრიაძეს ეკუთვნის, რომელმაც წარმოადგინა ამ მინიატურებისა და სვანეთის ფრესკებზე ასახული ბატალური სიუჟეტის იკონოგრაფიული ტიპოლოგის ანალიზი. (გაბრიაძე 2017). მკვლევარს არ განუხილავს ამ გამოსახულებათა და ტექსტულური ტრადიციის ურთიერთმიმართება რაც, ვფიქრობ, მომავლის საქმეა. კვლევის ამ ეტაპზე კი მხოლოდ ის შემიძლია აღვნიშნო, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერზე დართულ მინაწერში დავით თუმანიშვილი აცხადებს, რომ თხზულება თავად დაასურათა (“მე არა რომელსამე დედანსა შინა ამის წიჰნისასა არ მინახავს, არამედ მე თვთ მოვიგონე და გამოვსახე.“ Ms H-348, fol. 4v), ჩემი ფიქრით, ეს მინიატურები ან ძველი ხელნაწერიდან, ანდა სხვა მსგავსი სიუჟეტის მქონე ნაწარმოების ილუსტრაციების შემცველი ხელნაწერიდან გადაღებულ ასლს უნდა წარმოადგენდნენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ქვეყნდება პირველად
ბიბლიოგრაფია
აბულაძე, ილია (რედ.) 1946. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების ყოფილი მუზეუმის ხელნაწერები (H კოლექცია). ტ. I. დასაბეჭდად მომზადებულია ლ. ქუთათელაძისა და ნ. კასრაძის მიერ. ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა
გაბრიაძე, ლანა 2017. “ამირანდარენაჯიანის” საგმირო ეპოსის ილუსტრირება შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში ხელნაწერი H-384-ის მიხედვით.“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე 1/9: 39-47
შერვაშიძე, ლ 1956. „კედლის მოხატულობანი ამირანდარეჯანიანის სიუჟეტით სვანეთში.“ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 17/5: 471-478
Аладашвили, Натела и Анели Вольская 1987. “Фасадные росписи Верхней Сванети (X-XVII)”, Ars Georgica 9: 94-120.
გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026
საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი