ირმა ყარაულაშვილი
ევსტათი მცხეთელის მარტვილობა
ტექსტის ორიგინალური სათაური: მარტჳლობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ
ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი H-341 - მარტვილოლოგიური კრებული (XI ს). ტექსტის შემცველი ყველა სხვა ხელნაწერი გვიანდელია და XVIII-XIX საუკუნისაა.
არსებობს აგრეთვე ანტონ კათალიკოსის მიერ შექმნილი ვერსიაც. ტექსტი წარმოადგენს მარტირიკის ერთ-ერთ თავს.
თხზულების დაწერის დრო: თხზულების შექმნის პერიოდის შესახებ ორი ძირითადი მოსაზრება არსებობს: მეცნიერთა ერთი ნაწილი იზიარებს კორნელი კეკელიძისა (კეკელიძე 1980, გვ. 509-515) და ივანე ჯავახიშვილის (ჯავახიშვილი 1977, გვ. 70) მოსაზრებას, რომლის თანახმადაც თხზულება VI საუკუნის 70-იან წლებში უნდა იყოს დაწერილი; ხოლო მეორე ნაწილი კი ემხრობა მარიამ ჩხარტიშვილის აზრს (უფრო ადრე გამოთქმულს მარი ბროსეს (Brosset 1849, გვ. 227), დიმიტრი ბაქრაძეს (ბაქრაძე 1889, 191), თედო ჟორდანიას (ჟორდანია 1892, გვ. 56) და მოსე ჯანაშვილის (ჯანაშვილი 1909, გვ. 112-113)), რომლის თანახმადაც თხზულება უნდა დაწერილიყო VII საუკუნის პირველ ნახევარში (ჩხარტიშვილი 1994, გვ. 28-42). მეორე მოსაზრებას უცხოელ ქართველოლოგთაგან ემხრობა სტივენ რაპი, რომელიც მიუთითებს, რომ ანონიმური ევსტათი მცხეთელის მარტვილობა დაწერილია VII საუკუნის დასაწყისში. (Stephen Rapp Jr., “The Vitae of Šušanik and Evstat‘i,” in Rapp 2014, 33-103, at 36; იხ. აგრეთვე: Mgaloblishvili and Rapp 2011, 279-280).
ამ თხზულების დათარიღებასთან დაკავშირებული ორივე მოსაზრება ეყრდნობა ტექსტის საწყის ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ „წელსა მეათესა ხუასროს მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზპანობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაჲ, ძჱ მოგჳსაჲ. და წარმართ იყო იგი, და სახელი ერქუა მას გვირობანდაკ, და დღითა ყრმა იყო იგი ვითარ ოცდაათ წლისა.“ ტრადიციული შეხედულებას საფუძველი ჩაუყარეს კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა. მათი ვარაუდით, ტექსტში მოხსენიებული ხუასრო მეფე არის ხოსრო-I ანუშირვანი, რომელიც 531-579 წლებში იყო სასანიდური ირანის მმართველი, ხოლო მეორე მოსაზრებით (რომელიც პირველად გააჟღერა მარიამ ჩხარტიშვილმა) მარტვილობის ტექსტში მოხსენიებული ხუასრო მეფე არის არა ხოსრო I, არამედ ხოსრო II ფარვიზი, რომელიც უნდა გამეფებულიყო 590-591 წლებში და ემეფა 628 წლამდე (ჩხარტიშვილი 1994, 2005).
თხზულების ავტორი: უცნობია. თუმცაღა, ტექსტუალური მონაცემების საფუძველზე (ავტორი გვიყვება, რა ბედი ეწია ევსტათისთან ერთად დაპატიმრებულ ქრისტიანობაზე მოქცეულ სპარსელებს) მიიჩნევა, რომ იგი მოთხრობილ ამბავთა თვითმხილველია და თავის თხზულებას ევსტათის მარტვილობიდან მცირე ხნის შემდეგ წერს.
ნიკო მარსა და კორნელი კეკელიძეს ევსტათი მცხეთელის მარტვილობის ავტორი მონოფიზიტად მიაჩნდათ (კეკელიძე 1980, გვ. 513); შალვა ნუცუბიძეს იგი არეოპაგიტულ პოზიციაზე მდგარ ავტორად და, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასურელ მამად მიიჩნია (ნუცუბიძე 1956, გვ. 278). ამავე ვარაუდის დასაბუთება სცადა სოსო სიგუამაც, რომელმაც ნაწარმოების ავტორად აბიბოს ნეკრესელი მიიჩნია (სიგუა 1973; Id. 2001).
ივანე ჯავახიშვილი (და ადოლფ ჰარნაკი) ნაწარმოების ავტორად გაქრისტიანებულ სპარსს მიიჩნევდნენ (Harnack and Dschawachof 1931, გვ. 897-902). კორნელი კეკელიძის ვარაუდით, თხზულების სტილისტური თავისებურებანი („წმინდა, ბუნებრივი ქართულის სტილი თხზულებისა“) თითქმის გამორიცხავს იმ მოსაზრებას, რომ „თხზულება იყოს ან ნათარგმნი უცხო ენიდან (თუ ის, ქართული ენის უცოდინრობის გამო, გაქრისტიანებული სპარსელის მიერ დაწერილი იყო თავდაპირველად სპარსულ ენაზე), ანდა დაწერილი იყოს ქართულად უცხოელის მიერ“ (კეკელიძე 1980, გვ. 513).
თხზულების კომპოზიცია: ნაწარმოებში მოცემულია ავტორისეული ნარატივის შერწყმა პერსონაჟის ნაამბობთან (ევსტათი თავად გადმოგვცემს მის პიროვნებასთან დაკავშირებულ დეტალებს და აღწერს სპარსეთში მის გაქრისტიანებასთან დაკავშირებულ მოვლენებს). თამილა მგალობლიშვილისა და სტივენ რაპის თქმით, თხზულების კომპოზიციურ თავისებურებას წარმოადგენს აგრეთვე მოვლენათა არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოცემაც (Mgaloblishvili and Rapp 2009, გვ. 285)
ადოლფ ჰარნაკს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ ნაწარმოების წერისას ავტორი მის ხელთ არსებულ ორ განსხვავებულ წყაროს იყენებს. ივანე ჯავახიშვილის აზრით, თხზულების დაწერის შემდგომ მალევე, „იქნებ იმავე VI ს-ის დასასრულს, ან VII-ის დამდეგს, მოთხრობაში ცვლილება შეუტანიათ.” (ჯავახიშვილი 1977, გვ. 70) ამდენად, მეცნიერის ვარაუდით, თხზულებაში ორი შრე შეინიშნება და თხზულების შედგენის შემდეგ მალევე გადამწერს, ანდა რედაქტორს ცვლილებები შეუტანია რათა „სპარსულ ეკლესიასთან ევსტათი მცხეთელის გაქრისტიანებითი კავშირის შესახები ცნობები“ ამოეშალა და წარეხოცა.
კორნელი კეკელიძის ვარაუდით, თხზულება თითქმის პირვანდელი სახითაა ჩვენამდე მოღწეული. (კეკელიძე 1980, გვ. 514).
ირმა ყარაულაშვილი ფიქრობს, რომ ევსტათი მცხეთელის მარტვილობის ავტორს გამოუყენებია სირიულ ენაზე დაწერილი ე.წ. სპარსელ მარტვილთა აქტების შემცველი ჰაგიოგრაფიული თხზულება (ამ აქტებში სასანიანთა მიერ ნაწამებ ქრისტიანთა მარტვილობებია გადმოცემული), საიდანაც, ფაქტობრივად, ცვლილებების გარეშე გადმოუტანია თავის ტექსტში მონაკვეთები მის მიერ გამოყენებული წყაროდან (Karaulashvili 2026).
თხზულების შინაარსი: როგორც ნაწარმოებიდან ვიგებთ, სპარსეთის ქალაქ განძაკიდან მცხეთაში ჩამოვიდა სპარსელი ჭაბუკი, მოგვის შვილი, სახელად გვირობანდაკი. აქ მან შეისწავლა მეხამლეობა (ანუ ფეხსაცმელების შეკეთება), ითხოვა ქრისტიანი ცოლი და მოინათლა. ნათლისღებისას კი მას სახელად ევსტათი უწოდეს. მისი მონათვლის შემდგომ პერიოდში მოახლოვდა ცეცხლის თაყვანისმცემელთა დღესასწაული, ე.წ. ტიზიკი, რომელზედაც მცხეთელმა სპარსელებმა ევსტატიც დაპატიჟეს, მან კი წარმართულ რელიგიურ რიტუალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შედეგად, როდესაც ზოროასტრიელებმა დაასრულეს ტოზიკის დღესასწაული, მათ ევსტათი მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს. ციხისთავმა ევსტათის მისი წარმომავლობა გამოჰკითხა და შეიტყო, რომ იგი წარმოშობით სპარსი იყო, ქალაქ განძაკიდან, არშაკეთის ხევიდან; რომ იყო მოგვი მამის შვილი, რომელიც მას მოგვობას ასწავლიდა, მაგრამ „რამეთუ განძაკს ქალაქსა ქრისტიანენი უფროჲს არიან და ებისკოპოსი და მღდელნი, და მათგან-ღა ყოველსა ზედამივიწიე, რამეთუ უფროჲს არს ყოველსა რჩულსა ქრისტეანობაჲ, ვიდრე უღმრთოებაჲ. და აწ მე ქრისტე მრწამს და ქრისტჱს მსახურებასა შინა ვარ“ - ასე უპასუხა ევსტათიმ. ციხისთავი ურჩევს ნებით დათმოს ქრისტიანობა, ვინაიდან მას არავინ დაანებებს ქრისტეს მსახურებას და დიდ ტანჯვას ეწევა ქრისტიანობის გამო. მაგრამ, უარის მიღების შემდეგ, უსტამა ევსტათის თბილისში წაყვანა ბრძანა. ზოროასტრიელებმა ციხისთავს ყველა გაქრისტიანებულთა წაყვანაც სთხოვეს. უსტამა მათი სახელებიც იკითხა და გაარკვია, რომ „ერთსა გუშნაკ ჰრქჳან და ერთსა ბახდიად, ერთსა ბურზო, ერთსა პანაგუშნასპ, ერთსა პეროზაკ, ერთსა ზარმილ, ერთსა სტეფანე.“
უსტამმა გადაწყვიტა, რომ რვავე „განდგომილი“თბილისში, ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გაეგზავნა (მარზპანში იგულისხმება სპარსელთა მიერ დანიშნული ოლქის - სამარზპანოს მმართველი). არვანდ გუშნასპმა მათ მამაპაპურ რჯულზე დაბრუნება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ განრისხებულმა არვანდმა ბრძანა: ,,დაჰყჳნეთ მაგათ თავი და წუერი და განუჴურიტენით მაგათ ცხჳრნი და ჯაჭჳ დასდევით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუხსენით ფერჴთა, და შესხენით ეგენი საპყრობილესა და, თუ ვინმე აღიაროს მაგათგანმან მამული რჩული, განუტევეთ და ჩემდა მოაწიეთ, და მე განვამდიდრო იგი ბოძითა დიდითა; ხოლო რომელმან მამული რჩული არა აღიაროს, იგი საპყრობილესა შინა მოკუედინ.“
ამის გაგონებაზე ბახდიადი და პანაგუშნასპი განუდგნენ ქრისტეს რჯულს, მაგრამ მათ დანაპირები არ აუსრულეს და ისე გაუშვეს სახლში, რომ არაფერი მისცეს. ხოლო დანარჩენი ექვსი პატიმარი მაინც ქრისტიანობას იცავდა. მარსპანმა ბრძანა მათთვის თავისა და წვერის გაპარსვა, კისერზე ჯაჭვის დადება, ხელ-ფეხზე ბორკილების შესხმა და ასე მათი საპყრობილეში ჩასმა. ისინი ციხეში ექვსი თვის განმავლობაში ისხდნენ. ხოლო შემდეგ ქართლში მოვიდა ბრძანება არვანდ გუშნასპის ქართლიდან სხვაგან გადაყვანის თაობაზე. მარსპანის გასაცილებლად მისულმა ქართლის მთავრებმა სამოელ ქართლის კათალიკოსმა, გრიგოლ ქართლის მამასახლისმა, არშუშა ქართლის-პიტიახშმა და სხვა დიდებულებმა მარზპანს ქვეყნიდან წასვლის წინ ქრისტიან პატიმართა განთავისუფლება სთხოვეს. არვანდ გუშნასპმა გაათავისუფლა ქრისტიანობისათვის დაპატიმრებული პირები; ავტორის თქმით, „სათნოდ ღმრთისა ცხონდებოდეს ნეტარნი იგი. და რომელმანმე მაგათგანმან ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა ჟამად-ჟამად და რომელნიმე ცოცხალ არიან.“ ხოლო ქრისტიანობის უარის-მყოფელთაგან ბახდიადი ეშმაკეული გახდა და მოკვდა, ხოლო პანაგუშნასპმა გლახაკობით გადაავლო დღენი.
სამი წლის შემდეგ მარზპანმა ქართლში შემოვიდა ახალი მარზპანი, ვეჟან ბუზმირი. მცხეთაში მცხოვრები სპარსელები ახლა მასთან მივიდნენ და აუწყეს, რომ მცხეთაში მათი რჯულგამოცვლილი თანამემამულეები ცხოვრობდნენ და მათი განკითხვა მოითხოვეს. მარსპანმა ევსტათისა და სტეფანეს მოხმობაა ბრძანა. ევსტათი თავის ოჯახის წევრებს სიდედრს, ცოლ-შვილსა და მონა-მხევლებს გამოემშვიდობა და წინასწარმეტყველურად უთხრა: ,,ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან, რამეთუ მე აქა არღარა მოქცევად ვარ, და ქრისტჱ მე არა უვარ-ვყო, და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით ხოლო სიკუდილი ჩემი თბილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მიკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქავე ნებითა ღმრთისაჲთა.“
გზად კი, როდესაც ისინი მცხეთის წმინდა ჯვარს მიუახლოვდნენ, ევსტათიმ ხელები ზეცისკენ აიპყრო და თქვა: ,,უფალო ღმერთო, იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს-მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათჳს ქრისტეანებით, ხორცთა ჩემთაჲ ნუ ჯერ-გიჩნს განგდებაჲ გარე და შეჭმაჲ ძაღლთაჲ და მფრინველთა ცისათაჲ, არამედ ხორცთა ჩემთაჲ ბრძანე აქავე მოქცევაჲ და დამარხვაჲ მცხეთას, სადაცა ნათელ მიღებიეს. “
მიიყვანეს ვეჟან ბუზმირთან ევსტათი და სტეფანე და მარსპანმა მათი სადაურობა გამოიკითხა. ,,და აღდგეს ასურნი მთავარნი კაცნი სტეფანეჲსთჳს და ჰრქუეს: ,,ესე კაცი ჩუენ ვიცით, ჩუენი მდაბური არს, მამაჲ და დედაჲ და ძმანი და დანი მაგისნი ქრისტეანე არიან და ეგეცა ქრისტიანე არს.“ ხოლო სტეფანე მათითა მით სიტყჳთა განუტევეს.“ ევსტათის კი მოუხდა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ ვინ იყო რა რჯულისა. ევსტათი იწყებს თავისი გაქრისტიანების ამბის დაწვრილებით მოყოლას მარზპანისათვის. ამბობს, რომ განძაკში მამა-პაპური რჯული არ მოსწონდა და ებრაელებისა და ქრისტიანების რჯულით დაინტერესდა. დღისით ის მამამისთან სწავლობდა მოგვობას, ხოლო ღამით ხან ქრისტიანების ეკლესიაში მიდიოდა ჟამის წირვის მოსასმენად, ხან კი ებრაელთა ბაგინში უყურებდა მათ მსახურებას. ევსტათის თქმით, თუკი ქრისტიანთა ეკლესიაში ლოცვისას მათი ხმა ანგელოზთა ხმას გავდა, ებრაელთა ლოცვა მისთვის გაუგებარი რჩებოდა. მას სამუელ მთავარდიაკონი მიეგება ქრისტიანულ ეკლესიაში, მისი ქრისტიანებთან მისვლის მიზეზი გამოკითხა და როდესაც შეიტყო, რომ მას ქრისტიანობა და იუდაიზმი აინტერესებდა, უთხრა, რომ ორივე რჯულს გააცნობდა და დასძინა: „ხოლო გამორჩევაჲ არა შენი არს, არამედ ვითარცა უფალმან გიბრძანოს’-ო’. შემდეგ სამუელმა ევსტათის წმინდა წერილის შინაარსი მოკლედ მოუთხრო. სამუელის მიერ მოთხრობილი წმინდა წერილის მოსმენის შემდეგ, როდესაც ევსტათი გაეცნო ებრაელებისა და ქრისტიანების რჯულს, მან ქრისტიანობა არჩია. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „მრწმენა მე ღმერთი დაუსაბამოჲ და ძეჲ მისი იესუ ქრისტჱ და სული წმინდაჲ მისი. და ამით ნათელ-მიღებიეს და ვერვინ განმაშოროს მე ქრისტჱსაგან ვიდრე სულისა ჩემისა აღმოსვლამდე.“
ვეჟან ბუზმირი სთავაზობს ქრისტიანულ რჯულზე უარის თქმას, მაგრამ ევსტათი არ თანხმდება. მარზპანი ჯარისკაცებს უბრძანებს მისთვის ღამით უჩუმრად თავის მოკვეთას, „რაჲთა არავინ ქრისტეანეთა ცნან და პატივ-სცემ გუამა მისსა, და წარიჴუნონ ჴორცნი მისნი ქალაქსა გარე, განაბნიენით შესაჭმელად მჴეცთა და მფრინველთა.“ მსახურებმა ევსტათი საპყრობილეში წაიყვანეს, ის კი ციხეში უფლისადმი თხოვნას აჟღერებს და ამბობს: “ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რაჲთა არა დაეტეოს გუამი ჩემი აქა ტფილისს შინა, არამედ რაჲთა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა-იგი შენ გამომიჩნდი და რაჲთა აქუნდეს მადლი და კურნებაჲ ძუალთა ჩემთა...” საპასუხოდ კი ხმა მოესმა, რომელმაც აღუთქვა, რომ მისი სურვილი შესრულდებოდა. მას სტეფანესათვისაც ჰქონდა ამბად დატოვებული: როდესაც ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებთ მცხეთელი ქრისტიანები, „მსწრაფლ წარიღეთ გუამი ჩემი მცხეთას და მუნ დაჰმარხეთ, სადა ნათელ-ვიღე.“
ლოცვის დასრულების შემდეგ ევსტათი მიმართავს მარზპანის მსახურებს და ეუბნება, რომ მზად არის სასიკვდილოდ. მცველებს არ უნდოდათ ბრძანების შესრულება; მაგრამ, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანის თქმით, თუ ისინი ევსტათის არ დასჯიდნენ, თავად დაისჯებოდნენ, მათ ევსტათის თავი მოკვეთეს, ხოლო მისი გვამი ღამით გაიტანეს გარეთ და დააგდეს. ეს რომ ქრისტიანებმა შეიტყვეს, გააგებინეს სტეფანეს, მან კი აუწყა სამუელ კათალიკოსს. მან კი „დაჰმარხა იგი დიდითა დიდებითა და პატივითა წმიდასა ეკლესიასა მცხეთისასა და ვიდრე აქამომდის იქმნებიან კუთვნილებანი სხეულთანი მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.“
თხზულების კვლევის ისტორია da სხვადასხვა მეცნიერთა მიერ გამოყოფილი ძირითადი პრობლემატიკა:
ისტორიული რეალიების ასახვა ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში
მეცნიერთა ვარაუდით, თხზულებაში გადმოცემულია აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილი მდგომარეობა VI საუკუნის მეორე ნახევარში (ანდა VII საუკუნის პირველ ნახევარში). ევსტათი მცხეთელის მარტვილობის თანახმად, ქვეყანაში უმეფობის ხანა იდგა, ქვეყანას კი სასანიანთა ირანის მიერ დანიშნული მმართველი, მარზპანი განაგებდა (მარზპანი სამარზპანოს, ანუ სასანიანთა ადმინისტრაციული ერთეულის განმგებელს ნიშნავს. ტერმინი დაფიქსირებულია აგრეთვე ძველ სომხურ ჰაგიოგრაფიულ და ისტორიოგრაფიულ თხზულებებში). ნაწარმოებში მოხსენიებულ მარზპანს, არვანდ გუშნასპს, მეცნიერთა ნაწილი აიგივებს სომხურ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, მარტვილობაში ნახსენებ ერვანდ ვშნასპთან (ივანე ჯავახიშვილი, „წამება წმიდისა გრიგოლ სპარსელისა,“ წიგნში: ჯავახიშვილი 1935, გვ. 38-50), და სირიულ გრიგოლ-ფირანგუშნასპის თხზულების გმირთან, ერთ დროს გურზანისა და არანის (საქართველოსა და ალბანეთის) პროვინციათა საზღვართა დამცველ მხედართმთავართან, გრიგოლ ფირან-გუშნასპთან. (Jullien, 2015; Becker 2009; გოილაძე 1988). სპარსელ მოხელეთაგან თხზულებაში მოხსენიებულია აგრეთვე მცხეთის ციხისთავი უსტამი (რომელიც აგრეთვე სპარსელი უნდა იყოს, ვინაიდან, ივანე ჯავახიშვილის თქმით, „მარტვილობაში მშვენიერი სიცხოველითა და სისწორით არის აღწერილი აგრეთვე მაშინდელი სასამართლო წარმოების წესები ისევე, როგორც სპარსთა მიერ საქართველოში დამყარებული მართვა-გამგეობის წესები.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 69; ზოგადად, სასანიანთა ადმინისტრაციული სისტემისა და სამარზპანოების მიმოხილვისათვის, იხ. აგრეთვე Gignoux 1984, Garsoïan 1999).
ნაწარმოების ავტორის კონფესიური იდენტობა
მკვლევართა აზრით, ნაწარმოების ავტორის კონფესიური იდენტობა გაცხადებული უნდა იყოს თხზულების შემდეგ მონაკვეთში, რომელიც ჩართულია ბიბლიური ამბების გადმოცემის ეპიზოდში და ქრისტეს განკაცებას შეეხება: "...მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი ქრისტჱ სოფლად და შევიდა მუცელსა წმიდისა ქალწულისასა და ჴორცნი შეისხნა და განკაცნა წმიდისა მარიამისგან, და საშოჲსაგან წმიდისა გამოვიდა და ღმრთეებაჲ ჴორცითა დაიფარა. უკუეთუ-მცა ღმრთეებაჲ ჴორცითა არა დაეფარა, კაცი-მცა ვერ მიეახლა ღმერთსა, რამეთუ მზჱ ქმნული ღმრთისაჲ არს და თუალნი ვერვინ შეუდგნის და სიმრგულჱ მზისაჲ ვერვინ განიცადის. ღმრთეებასა-მცა კაცი ვერ მიეახლა, ამისთჳს ჴორცნი შეისხნა, რაჲთა-მცა ისრაჱლი მო-ვითარ-აქცია ღმრთისა ცხოველისა. და განკაცებასა მისსა ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა ჴელითა იოვანჱსითა. და ვითარ აღმოვიდოდა მიერ წყლით, აჰა ცანი განეხუნეს და სული წმიდაჲ, ვითარცა ტრედი, გარდამოჴდა სპეტაკი და დაადგრა მას ზედა, და ჴმაჲ იყო ზეცით გარდამო და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ და სცხონდეთ.“
კ. კეკელიძის აზრით, ამ მონაკვეთის პირველი ნაწილში ფრაზა „ღმრთეებაჲ ჴორცითა გადაიფარა“ მონოფიზიტური იდეოლოგიის გამომხატველია; შესაბამისად, თხზულების ავტორიც მონოფიზიტი უნდა იყოს (კეკელიძე 1980, გვ. 513). თამილა მგალობლიშვილისა და სტივენ რაპის აზრით, ამ მონაკვეთში სპეტაკი მტრედის მოხსენიება მანიქეველობაზე უნდა მიუთითებდეს (Mgaloblishvili & Rapp 2011, გვ. 287). თორნიკე ჭყონიას დაკვირვებით კი, ფრაზა „ღმრთეებაჲ ჴორცითა გადაიფარა“ არა მხოლოდ მონოფიზიტთა, არამედ მართლმადიდებელთა მიერაც მიღებული და ხმარებული იყო, რაზეც მოწმობენ ციტატები არა მხოლოდ ორიგინალური ქართული, არამედ ბერძენი ავტორის თარგმანებიდანაც (ჭყონია 1971).
ედიშერ ჭელიძე ტექსტის ამ მონაკვეთს უწოდებს „მარტვილობის ყველაზე თეოლოგიურ ნაწილს, სადაც ლაკონურადაა გადმოცემული, ერთი მხრივ, წმინდა მოძღვრება მაცხოვრის განკაცების სოტერიოლოგიური არსის შესახებ, მეორე მხრივ კი, ამავე სოტერიოლოგიური დანიშნულებით, აღდგომის წინმსწრები ორი ეპოქალური მოვლენის შობისა და ნათლისღების ეკლესიოლოგია.“ მკვლევარი დეტალურად განიხილავს და ასკვნის, რომ „მარტვილობაში აშკარად ჩანს ავტორის ღრმად მართლმადიდებლური ცნობიერება,“ რის დასასაბუთებლადაც მკვლევარს უხვად მოჰყავს პარალელები სხვადასხვა საგალობლებიდან და მამათა გამონათქვამებიდან. (ჭელიძე 2008, გვ. 368-392).
რამდენჯერ მოინათლა ევსტათი მცხეთელი?
ტექსტიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ევსტათი ორჯერ მოინათლა - ერთხელ სპარსეთში და შემდეგ საქართველოში. ნარატივის დასაწყისში ნათქვამია, რომ გვირობანდაკი მცხეთაში მოინათლა სამუელ კათალიკოსის მიერ და ნათლობის დროს მას შეეცვალა სახელი და დაერქვა ევსტათი. ტექსტის სხვა მონაკვეთში კი, როდესაც წმინდანი ჰყვება ჯერ კიდევ სპარსეთში ქრისტიანობით მისი დაინტერესების ამბავს, სამუელ არქიდიაკონისაგან იუდაიზმისა და ქრისტიანობის ისტორიის მოსმენის შემდგომ ავტორი ევსტათის ათქმევინებს: ,,ამით ნათელ მიღებიეს.“ ამ ორი მონაკვეთის საფუძველზე მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ნაწარმოებში, ფაქტობრივად, ორჯერ ნათლობა არის წარმოდგენილი. (კეკელიძე 1980, ჯავახიშვილი 1977, გვ. 69-70; გაბიძაშვილი 1999, 259.)
მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ გვირობანდაკი სპარსეთში მოინათლა, ხოლო ავტორის მიერ მცხეთაში მისი მონათვლის შესახებ ეპიზოდის ჩართვა, საჭირო გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ აღნიშნული ყოფილიყო წმინდანის განსაკუთრებული კავშირი ქართულ ეკლესიასთან და მცხეთასთან (ჯავახიშვილი 1977, გვ. 69-70). მეცნიერთა მეორე ნაწილის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ გვირობანდაკმა სპარსეთში ირწმუნა ქრისტიანობა, იგი სამშობლოში არ მონათლულა და მხოლოდ საქართველოში მიიღო ნათლისღება (კეკელიძე 1980, გვ. 512). მკვლევართა მესამე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იგი სპარსეთში მწვალებლური წესით იყო განსწავლული/ მონათლული და ამიტომ აუცილებელი გახდა საქართველოში მისი ხელახლა მონათვლა. ასე, ბერნადეტ მარტენ-იზარი თვლის, რომ განძაკში მას ქრისტიანობა ნესტორიანმა არქიდიაკონმა უქადაგა (Martin-Hisard 1998, 503). თამილა მგალობლიშვილი და სტივენ რაპი კი ევსტათის თავდაპირველად მანიქეველური წესით მონათლულად თვლიან (Mgaloblishvili and Rapp 2011, 287).
თხზულებაში მოტანილი ბიბლიური ამბების აღწერილობა და მათი მნიშვნელობა ბიბლიის ისტორიის შესწავლისათვის
ტექსტის თანახმად, ევსტათის მეორე დაპატიმრების დროს იგი მარზპანს, ვეჟან ბუზმირს უყვება, თუ როგორ დაინტერესდა განძაკში ებრაელთა და ქრისტიანთა რწმენით, რომელთა შესახებაც მას ინფორმაციას მას სამუელ არქიდიაკონი აწვდის. ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია ამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტში და მისი მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართული ჰაგიოგრაფიით; იგი წარმოადგენს წყაროს ზოგადად ქრისტიანული ბიბლიის ისტორიის შესასწავლად. ეს არის ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი ჰაგიოგრაფიული ტექსტი ქართულ ლიტერატურაში, რომელსაც შეიცავს წმინდა წერილის ისტორიის შესწავლისათვის მნიშვნელოვან მასალას (Birdsall 1971-1972, 456). როგორც ცნობილია, ბიბლიური წიგნების კანონიკური კორპუსის შექმნამდე, ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში გავრცელებული იყო მრავალი ტექსტი, რომელიც მოგვიანებით აპოკრიფულად, ანუ არაკანონიკურად იქნა ცნობილი (იხ. ნარატიული წყაროები > ჰაგიოგრაფია > საეკლესიო მწერლობის ჟანრები). მათ შორის, ახალაღთქმისეული ტექსტებიდან გამოირჩევა II საუკუნის სირიელი მოღვაწის ტატიანეს დიატესარონი (თავად ტექსტი შემორჩენილი არაა, ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მასზე IV საუკუნის ცნობილი სირიელი მამის, ეფრემ ასურის კომენტარების X საუკუნით დათარიღებულმა არაბულმა თარგმანმა). რაც შეეხება ძველი აღთქმიდან გამოკრებილი ამბების თხრობას, იგი რამდენიმე აპოკრიფის სახით არის ჩვენამდე მოღწეული. მათ შორისაა ე.წ. განძთა ქვაბი, რომელიც ქართულ ტრადიციაში აგრეთვე ეფრემ ასურს მიეწერება და რომელიც მარიამისეული ქართლის ცხოვრების ხელნაწერში წამძღვარებული აქვს ლეონტი მროველის თხზულებას (იხ. ნარატიული წყაროები > ისტორიოგრაფია > ქც რაობა). კორნელი კეკელიძე მიიჩნევს, რომ „სამუელ არქიდიაკონის გადმოცემაში საქმე გვაქვს ე.წ. თარგუმებთან, ან სირიულთან, ან სპარსულთან. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ საქმე გვქონდეს ქართულ თარგუმებთანაც... ცნობილია, რომ „თარგუმი“ უფრო პერიფრაზია, ვიდრე ზუსტი გადმოცემა ტექსტისა: თარგუმისტი ჩვეულებრივ დიდ თავისებურებას იჩენს ის ბიბლიის ტექსტს ხან უმატებს, ხან აკლებს, ხან ცვლის კიდევაც.“ (კეკელიძე 1980, გვ. 514-515).
ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში მოცემულია მონაკვეთი, სადაც ევსტათი ჰყვება, თუ როგორ დაინტერესდა სპარსეთში ქრისტიანობით და საკუთარი სიტყვებით უყვება მარზპანს ძველსა და ახალაღთქმისეულ გამოკრებილ ისტორიას, რომელიც ნაკლებად შეესაბამება კანონიკურ ბიბლიას და, შესაბამისად, უნდა ასახავდეს ბიბლიურ წიგნთა ფორმირების პროცესში „აპოკრიფული გამოკრებილ სახარებათა“ გავრცელების ეტაპს.
სასანიანთა დაკრძალვის წესი და ევსტათი მცხეთელის მარტვილობა
ტექსტში მოცემულია ორი პასაჟი, როლებშიაც სასანიანთა დაკრძალვის წესზეა საუბარი. პირველ მონაკვეთში ევსტათი, რომელიც მისი მარტვილობის მოახლოებას გრძნობს, ანდერძად იბარებს, რომ არ დაუშვან მისი სხეულის გარეთ, ძაღლებისა და ფრინველების საჯიჯგნად დაგდება. მეორე მონაკვეთში კი მარზპანი იძლევა ბრძანებას, წმინდანისათის თავის მოკვეთის შემდეგ მისი სხეული ფარულად გაიტანონ ქალაქგარეთ და იქ დააგდონ. ტექსტის თანახმად, “ხოლო წმიდასა ევსტათის პირველვე ემცნო ნეტარისა სტეფანჱსდა, რაჲთა რაჟამს გეუწყოს სიკუდილი ჩემი, მწრაფლ წარიღეთ გუამი ჩემი მცხეთას და მუნ დაჰმარხეთ, სადა ნათელ-ვიღე… ხოლო გუამი მისი ღამე განიღეს გარეშე და დააგდეს მუნ. ხოლო ცნეს ვიეთმე ქრისტეანეთა და წარიღეს იგი მცხეთას.”
მსგავსი ეპიზოდი მოიპოვება აგრეთვე ერთ-ერთი ასურელი მამის, აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ტექსტშიაც (იხ. ჰაგიოგრაფია > მარტვილობანი > აბიბოს ნეკრესელის წამება). ამ თხზულების თანახმად, როდესაც აბიბოსის სხეული დააგდეს,, მცველნი „განაწესეს მას ზედა, [რაჲთა მჴეცთა] და მფრინველთა შეჭამნენ [ჴო]რცნი მისნი, რამეთუ ე[შინოდა], ნუვკუე ქრისტიანენი მოვიდენ და დიდებით დაჰკრძალენ. ხოლო სამგზის სანატრელისა მის ჴორცთა არაჲ შეეხო ყოვლადვე მჴეცთა და მფრინველთაგანი. და ვითარ მყოვარ ისხნეს ჴორცნი მისნი, დაუტევეს მცველთა მათ და წარვიდეს. და მოვიდეს, რომელნი-იგი მყოფ იყუნეს ქუაბსა მას, რომელი-იგი მათვე წმიდათა იოვანეთაგანსა აღეშჱნა მონასტერი და აღიხუნეს ნაწილნი წმიდისა აბიბოსისნი დიდითა დიდებითა და დაჰკრძალნეს ადგილსა მას.”
აღსანიშნავია, რომ მოცემულ პასაჟებში იგულისხმება არა ქრისტიან წმინდანთა ნეშტთა შეურაცხყოფა, ანდა, ევსტათის შემთხვევაში, მაზდეანთა მიერ სხვა რჯულზე გადასულ თანამემამულეთა ცხედრების წაბილწვა, არამედ მიცვალებულთა დაკრძალვის ზოროასტრიული ცეცხლთაყვანისმცემლები თვლიდნენ, რომ სხეული იყო უბრალოდ ჭურჭელი, რომელშიც სული ბინადრობდა და რაც უფრო ადრე განთავისუფლდებოდა სული ამ ჭურჭლიდან, უფრო სწრაფად მიეახლებდა ღმერთთან. ამდენად, ვინაიდან ხორცს ზეციური ცხოვრებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და პირიქით, ამძიმებდა სულს და არ აფერხებდა და მის ამაღლებას სხეულის სრულ გახრწნამდე. იმისათვის, რომ დაეჩქარებინათ ეს პროცესი ზოროასტრიელები სხეულს გარეთ ცხოველებსა და ფრინველების საჯიჯგნად ტოვებდნენ.
ამდენად, ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში წმინდანი უბრალოდ ითხოვს, რომ ქრისტიანებმა არ მისცენ სპარსელებს იმის საშუალება, რომ იგი ზოროასტრიული წესით დაკრძალონ; ნაცვლად, იგი ითხოვს, რომ მისი ნეშტი ქრისტიანული წესით დამარხონ მცხეთაში, სადაც იგი მოინათლა (გაბიძაშვილი 1988; ზოროასტრიული დაკრძალვის წესის მიმოხილვისათვის, იხ. აგრეთვე Herman 2010). ხოლო აბიბოს ნეკრესელის შემთხვევაში კი ეს ეპიზოდი უკვე სასწაულთან არის დაკავშირებული და ფრინველთა და ცხოველთა მიერ წმინდანის ხორცის შეურყვნელობაზეა საუბარი (Karaulashvili 2026).
ანტიმაზდიანური პოლემიკა ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში
ვეჟან ბუზმირთან საუბრისას ევსტათი მცხეთელი შედის მაზდიანობასთან პოლემიკაში და აღნიშნავს: „რამეთუ ღმერთმან, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი, ზღუაჲ და ჴმელი, მდინარენი და შესაკრებელნი წყალთანი, მთანი და ბორცუნი, ველნი და ტყენი, შეშაჲ და ცეცხლი, ოთხფერჴნი პირუტყუნი და მჴეცნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი და მერმე კაცნი შექმნა ღმერთმან. და მას ყოველსა ზედა უფალ-ყო იგი, და ყოველი ესე დაამორჩილა კაცსა მას, და ჩუენ ამის ყოვლისა შემოქმედი ღმერთი დაუტეოთ და ამას ღმრთისა დაბადებულსა ღმერთად ვხადოდითა? ნუ იყოფინ ესე! მზჱ და მთოვარჱ და, ვარსკულავნი არა ღმერთი არიან, არამედ ღმერთმან მზესა განათლებაჲ დღისაჲ უბრძანა და მთოვარესა და ვარსკულავთა განათლებაჲ ღამისაჲ უბრძანა, ხოლო ღმერთ არა არიან. ღმერთმანღა ღრუბელსა უბრძანის და მოეფინის ბრწყინვალებაჲ მზისაჲ და მთოვარისაჲ დააბნელის. მზჱ და მთოვარჱ ამისთჳს არა ღმერთ არიან. მერმე კუალად ცეცხლი არა ღმერთ არს ამით, რამეთუ ცეცხლი კაცმან აღაგზნის და კაცმანვე დაშრიტის, რამეთუ კაცი უფალ არს ცეცხლისა, ამისათჳს არა ღმერთ არს ცეცხლი. თუ ვისმე განერის და წარვიდის, რასაცა მიჰმართის, გინა ტყესა, გინა ველსა. გინა სახლსა, თუ კაცი დახუდის, და-ვე-წჳს. ხოლო ცეცხლსაღა წყალი მიეხლის, ეგოდენი იგი ძალი ცეცხლისაჲ დაშრიტის და უჩინო იქმნის ცეცხლი იგი, ამით არა ღმერთ არს, ხოლო ჩუენ ღმრთად გურწამს. ხოლო ჩუენ ღმერთმან ცეცხლი სამსახურებელად მოგუცა, ყინულისა განსატფობელად და ყოვლისა სანოაგისა საქმარად და, ოდეს გჳნებნ, [აღვაგზნით და ოდეს გჳნებნ] დავშრიტით, ესრჱთ არა ღმერთ არს ცეცხლი იგი. მერმე ღმრთისა შექმნულნი კაცნი საცხოვართა პირუტყუთა მსგავს ვიყვენით. და ესრე სახედ, ვითარცა პირუტყუთა მამლობასა და დედლობასა არა იციან მშობელი, არცა შობილი მათგანი, და ეგრეთ აღრეულად გარდაიჴადიან მამლობაჲ და დედლობაჲ მათი, და ეგრეცა, ჩუენ კაცნი პირმეტყუელნი მათ პირუტყუთა მსგავს ვიყვენით, რომელთა არა ვიცოდეთ მშობელი თჳსი, გინა შობილი, და აღრეულად გარდავიჴადით ბუნებაჲ იგი ჩუენი. ხოლო აწ მადლითა ღმრთისაჲთა, ვინაჲთგან, იქმნა ნათლისა-ღებაჲ და რჩული ქრისტეანობისაჲ, იციედ კაცთა, მიერითგან დაიჴსნა და განქარდა უწესოჲ იგი საქმჱ...“
ამდენად, ავტორის თქმით, მზე არის არა ღმერთი არამედ ღმრთის მიერ ქმნილი სუბსტანცია, ამდენად, მას არ უნდა ეთაყვანებოდნენ, როგორც ღვთაებას. ევსტათი აქვე აცხადებს, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები აგრეთვე ვერ ჩაითვლებიან ღვთაებებად, ვინაიდან ისინი ღმერთის შექმნილნი არიან. აგრეთვე ცეცხლიც, რომელსაც ადამიანი ანთებს და აქრობს, ვერ ჩაითვლება ღმერთად.
კორნელი კეკელიძის დასკვნით, მსგავსი „ანტიმაზდეისტური“ პასაჟების გაჩენა ძველ ქართულ ლიტერატურაში II საუკუნის ქრისტიანი ავტორის, არისტიდეს წარმართობის წინააღმდეგ დაწერილი აპოლოგიის ზეგავლენით უნდა იყოს განპირობებული (კეკელიძე 1955). სოსო სიგუა კი ევსტათი მცხეთელის მარტვილობის ამ პასაჟს აკავშირებს აბიბოს ნეკრესელის მარტვილობასთან, სადაც აგრეთვე მოცემულია მაზდიანობასთან პოლემიკის ამსახველი მონაკვეთი. ტექსტის თანახმად, აბიბოსი, რომელმაც მაზდეანთა სალოცავში ცეცხლს წყალი დაასხა და ჩააქრო, ამ საკითხზე აგრეთვე მარზპანს „ეკამათება“ და ამბობს: „უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთი არა მომიკლავს, ხოლო ცეცხლი დავშრიტე. არა არს ღმერთი იგი, არამედ სხუათა ბუნებათაგანი არს, ერთისა ნივთისაგან მცირედ ნაწილი, რომელთაგან აღჰმართა ღმერთმან სოფელი ესე. განსწორებით დაბადებულ არიან ნოტიოჲ, ცივი, ჴმელი და ცეცხლი, რომელ ერთის-ერთისა მპყრობელობაჲ აქუს სიმგულესა მას შინა. ესეთ განსწორებულ ნაწილთაგან დგანან ესენი, და უკუე-თუმცა ერთიერთსა აღემატა, გან-მცა-ქარდა მეორე იგი. ხოლო თქუენი იგი ცეცხლი მისვე ცეცხლისა ბუნებისა წილ არს ჴმელითა და ცივითა აღმდგომი შეშისა ჭამითა მყოვარ ჟამიერ. ერთი მცირე წყალი დავასხ.მძლე ქმნა და მოკლა იგი, რამეთუ უფროჲს მისა იპოვა წყალი იგი. აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის-დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს (რამეთუ თქუენი ესე ცეცხლი თქუენადვე მონა არს და კერპთა შეურაცხის-მყოფელთა ვერვის ჰხედავს), უკუეთუ ღმერთი არს ეგე? თქუენ იტყჳთ, რამეთუ ოდესმე თქუენსავე სოფელსა განჰმზადეთ მსახურებაჲ მის კერპისაჲ, რომელ-იგი ჰქმენით ოქროჲსაჲ. სატანჯველად განმზადებულსა მას თქუენ მიერ მაშინდელსა აწ ღმერთ ეწოდების?“
მოცემულ მსგავსებათა საფუძველზე მკვლევარი ასკვნის, რომ ევსტათი მცხეთელის მარტვილობის ავტორი სწორედ რომ აბიბოს ნეკრესელი უნდა იყოს (სიგუა 2001)
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ევსტათი მცხეთელის მარტვილობა წარმოადგენს გვიანანტიკური ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ძეგლს, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ადგილობრივად მიმდინარე პროცესების ამრეკლავ სარკეს, არამედ იმავდროულად გვიხატავს სასანიდურ იმპერიაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებსა და ზოროასტრიზმიდან განდგომილთა მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული პროცესების ზოგად პანორამატულ სურათს.
ბიბლიოგრაფია
ბაქრაძე, დიმიტრი 1889. ისტორია საქართველოსი (უძველესი დროიდამ მე-X საუკუნის დასასრულამდე). თხზულება დ. ზ. ბაქრაძისა. ტფილისი: სტამბა ვ. გ. მესხისა
გაბიძაშვილი, ენრიკო 1988. „ერთი მაზდეანური ტრადიციის კვალი ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის რამდენიმე ძეგლში.“ კრებულში: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები. სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია, 11-13 ოქტომბერი, 1995. რედ, გოჩა ჯაფარიძე. თბილისი: წმინდა ნინო, , გვ. 127-132. Repr.: ე. გაბიძაშვილი, შრომები. ტ. III. ნარკვევები, სამეცნიერო წერილები, საენციკლოპედიო სტატიები. თბილისი: საქართველოს მაცნე, 2011, გვ. 253-257 - წყაროთმცოდნეობითი კვლევები
გაბიძაშვილი, ენრიკო 1999. “ევსტათი მცხეთელის მარტვილობის ირგვლივ“ საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის შრომები 2: 91-99. Repr.: ე. გაბიძაშვილი, შრომები. ტ. III. ნარკვევები, სამეცნიერო წერილები, საენციკლოპედიო სტატიები. თბილისი: საქართველოს მაცნე, 2011, 258-264 - ტექსტოლოგიური კვლევები
გოილაძე, ვახტანგ 1988. „ფირან გუშნასპის მარტვილობის ცნობათა მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის, მაცნე. იაეხს 2 (1988): 89-102 - წყაროთმცოდნეობითი კვლევები
კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
კეკელიძე, კორნელი 1955. „ანტიმაზდეისტური პოლემიკის ფილოსოფიური დასაბუთება ძველ ქართულ მწერლობაში“ წიგნში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. 3. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 42-60 - საეკლესიო ლიტერატურის ისტორია
მუსხელიშვილი, დავით 2007. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის თარიღი და VI-VII საუკუნეების ქართლის სამეფოს პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი საკითხი.“ ანალები 1: 59-102 - წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები
ნუცუბიძე, შალვა 1956. ქართული ფილოსოფიის ისტორია. ტ. I. თბილისი:
ჟორდანია 1892 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
სიგუა, სოსო 2001. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ და აბიბოს ნეკრესელი. თბილისი: დიდოსტატი - ტექსტოლოგიური კვლევები
სიგუა, სოსო 1973. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის ავტორობის საკითხისათვის.“ ცისკარი 11: 131-141 -- ტექსტოლოგიური კვლევები
ჩხარტიშვილი, მარიამ 2005. „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ და VI-VII სს. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები. პოლემიკური ნარკვევი. თბილისი: [n.l.] - წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ჩხარტიშვილი, მარიამ 1994. მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ და ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა სერაპიონ ზარზმელისაჲ (წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა). თბილისი: მეცნიერება - წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ჭყონია, თორნიკე 1971. „იყო თუ არა მონოფიზიტი ევსტათი მცხეთელის მარტვილობის ავტორი?“ მრავალთავი 1: 186-192 - ტექსტოლოგიური კვლევები
ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ჯავახიშვილი, ივანე 1935. ძველი სომხური საისტორიო მწერლობა. წიგნი I. თბილისი: თსუ გამომცემლობა - წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ჯანაშვილი, მოსე, 1909 „ჩემი შენიშვნები: ევსტათის წამებისა და უმეფობის გამო ისევ.“ ნიავი (სალიტერატურო მხატვრული ალმანახი) 8 (1909): 11-15. Repr. in ჯანაშვილი, მოსე, ქართული მწერლობა. ტფილისი, 1909), გვ. 108-119.
Becker, Adam H. 2009. “Martyrdom, Religious Difference, and “Fear” as a Category of Piety in the Sasanian Empire: The Case of the Martyrdom of Gregory and the Martyrdom of Yazdpaneh.” Journal of Late Antiquity 2/2 (2009): 300–336 - სირიული ლიტერატურის ისტორია
Birdsall, Neville J. 1971-1972. “‘The Martyrdom of St. Eustathius of Mzketha and the Diatessaron: An Investigation.” New Testament Studies 18: 452-456 (Repr. in his Collected Papers in Greek and Georgian Textual Criticism. Texts and Studies. 3rd Series. Vol. 3. Piscataway, Gorgias Press, 2006, 253-260) - ბიბლიური და ტექსტოლოგიური კვლევები
Brosset, Marie-Félicité, 1849. Histoire de la Géorgie depuis l'Antiquité jusqu'au XIX siècle. P. 1 : Histoire ancienne, jusqu'en 1469 de J.-C. S.-Petersbourg: Impr. de l'Academie imperiale de sciences, 1849.
Garsoïan, Nina G. 1999 “The Marzpanate (428–652)”, in Richard G. Hovannisian, ed., The Armenian People from Ancient to Modern Times, Vol. I. The Dynastic Periods: from Antiquity to the Fourteenth Century. New York and London: St. Martin’s Press/Macmillan Press, 95–115 - სასანიდური ირანის ადმინისტრაციული დაყოფის ისტორია
Gignoux, Philippe 1984 “L’organisation administrafif Sasanid: le cas du Marzbān.” Jerusalem Studies in Arabic and Islam 4: 1-29 - სასანიდური ირანის ადმინისტრაციული დაყოფის ისტორია
Harnack, Adolf and Dschawachoff, Ivane 1931. “Das Martyrium des heiligen Eustatius von Mzchetha, aus dem Georgischen,” übersetzt von G. Dschawachoff; vorgelegt und bearbeitet von Hrn. Harnack, Sitzungsberichte der königlischen preussischen Akademie der Wissenschaften zu Berlin 38 (1931): 875-902 - ტექსტოლოგიური კვლევები
Herman, Geoffrey 2010. ““Bury My Coffin Deep!” Zoroastrian Exhumation in Jewish and Christian Sources.” in Joel Roth – Menahem Schmelzer – Yaacov Francus (eds.), Tiferet Leyisrael: Jubilee volume in honor of Israel Francus, New York: Jewish Theological Seminary, 31-59 - ზოროასტრიზმის ისტორია
Jullien, Christelle 2011. “Les Actes des Martyrs Perses: transmettre l’histoire.” in André Binggeli, ed. L’hagiographie syriaque. Études syriaques 9, Paris: Geuthner,127-140 - ტექსტოლოგიური კვლევები
Jullien, Florence 2015. Histoire de Mar Abba, catholicos de l'Orient. Martyres de Mar Grigor, général en chef du roi Khusro Ier et de Mar Yazd-panah, juge et gouverneur. text: Corpus Scriptorum Christianorum Orientalium 658 Scriptores Syri 254 (Jullien 2015A); translation: Corpus Scriptorum Christianorum Orientalium 659 Scriptores Syri 255 (Julien 2015B). Louvain: Peeters, 2015 -ტექსტოლოგიური კვლევები
Lang, David Marshall 1976 Lives and Legends of the Georgian Saints, 2nd, ed. Crestwood, NY: St Vladimir’s Seminary Press, (1st ed. London: George Allen and Unwin Ltd, 1956) - ლიტერატურის ისტორია
Martin-Hisard, Bernadette 2008. “Controverses chrétiennes en terre géorgienne à l’époque Sassanide dans la littérature géorgienne originale.” in Christelle Jullien, ed., Controverses des chrétiens dans l’Iran sassanide. Chretiens en terre d'Iran II. Studia Iranica. Cahier 36. Paris: les Éditions du Cerf, 171-190 - ტექსტოლოგიური კვლევები
Martin-Hisard, Bernadette 1998. “Le Martyre d’Eustathe de Mcxeta: aspects de la vie politique et religieuse en Ibérie à l’époque de Justinien.” in M. Balard et al., (eds.), ΕΥΨΥΧΙΑ. Mélanges offerts À Hélène Ahrweiler. vol. 2. Byzantina Sorbonensia 16. Paris: Éditions de la Sorbonne, 493-520 - ტექსტოლოგიური კვლევები
Mgaloblishvili, Tamila and Stephen H. Rapp Jr. 2011 “Manichaeism in Late Antique Georgia?” in Jacob Albert van den Berg (ed.), In Search of Truth: Manichaica, Augustiniana & Varia Gnostica. Nag Hammadi and Manichaean Studies 74. Leiden—Boston: Brill, 263-290 - ტექსტოლოგიური კვლევები
Rapp, Steven H. Jr. 2014. The Sasanian World through Georgian Eyes Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature. Farnham: Ashgate, 2014 - წყაროთმცოდნეობითი კვლებვები
დამატებითი ბიბლიოგრაფია
კილანავა, ბეჟან 1990. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა და ადრექრისტიანული მწერლობა.“ წიგნში: მისივე, ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 201-236.
კუჭუხიძე, გოჩა 2021. „წმინდა ევსტათის მარტვილობის ღვთისმეტყველების საკითხები.“ კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, გვ. 125-160 - ლიტერატურათმცოდნეობთი ანალიზი
კუჭუხიძე, გოჩა 2002. „წმინდა ევსტათის მარტვილობის ავტორი და მისი მსოფლმხედველობა.“ ლიტერატურული ძიებანი 22: 34-37 - ტექსტოლოგიური კვლევები
მეტრეველი, საბა-ფირუზ 2005. „წმინდა ევსტათი მცხეთელის მარტვილობის პრობლემატიკა.“ კლასიკური და თანამედრობე ქართული მწერლობა 8:
ყუბანეიშვილი, სოლომონ. “ნარკვევი მეექვსე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან (ევსტათი მცხეთელის წამება).” საკანდიდატო დოსერტაცია. თბილისი, 1939.
Башелеишвили, Лиана Отаровна 2007. «Персы в Мученичестве Евстати Мцхетели.» Вестник Православного Свято-Тихоновского гуманитарного университета (ВПСТГУ). Серия 3. Филология 1: 26-32