თამარ ლომიძე
სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია და შემოქმედება
ბიოგრაფია
სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრების ისტორია დეტალურადაა აღწერილი მთელ რიგ ნაშრომებში1. ამიტომ აქ მხოლოდ მოკლედ მივუთითებთ მის ძირითად მომენტებს.
სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა 1658 წელს ქართლში, სოფელ ტანძიაში. მისი მამა იყო ქართლის მდივანბეგი, ვახტანგ ორბელიანი, ხოლო დედა, თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული გახლდათ. ვახტანგ ორბელიანის და, როდამი, ქართლის მეფის, ვახტანგ მეხუთის (შაჰნავაზის) მეუღლე იყო. ამგვარად, ვახტანგ მეხუთის ვაჟები - გიორგი მეთერთმეტე, არჩილი და ლევანი სულხანის მამიდაშვილები იყვნენ.
სულხანს ფართო განათლება მიუღია: შეუსწავლია საღვთო წერილი, ფილოსოფია, ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია, ასტრონომია, მათემატიკა,ფილოლოგია და რამდენიმე უცხო ენა. 1698 წელს სულხანი ბერად აღიკვეცა გარეჯის მრავალმთის ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც „საბა“ უწოდეს. კ. კეკელიძის ვარაუდით, ამ ნაბიჯის „მიზეზი უნდა ყოფილიყო სულხან ორბელიანის პოლიტიკური იდეალებისა და მისწრაფების კატასტროფა“ (კეკელიძე 1952, გვ.347), რაც ქართლის მეფის, ერეკლე პირველის (ნაზარალი ხანის) მიერ პროირანული პოლიტიკის გატარებამ გამოიწვია.
1703 წელს ქართლში ქვეყნის გამგებლად (ჯანიშინად) შაჰმა დანიშნა ვახტანგ მეხუთის შვილიშვილი, ვახტანგ მეექვსე. სულხან-საბა ორბელიანმა მალევე დატოვა მონასტერი და ვახტანგის პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიური თანამონაწილე გახდა.
1711 წელს ირანის შაჰმა ვახტანგი დაიბარა ქართლის მეფედ ოფიციალურად დასამტკიცებლად და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც ვახტანგმა უარი განაცხადა. შაჰმა ვახტანგი დააპატიმრა და ქირმანს გაგზავნა, ქართლში კი ვახტანგის ძმა, გამაჰმადიანებული იესე გაამეფა. ვახტანგის მიერ წამოწყებულ პროგრესულ საქმიანობას მესვეური აღარ ჰყავდა და ამიტომ ქართულმა ეკლესიამ, კათალიკოსის მეთაურობით, ვახტანგს მაჰმადიანობის მიღება ურჩია, რაც მას ქართლში დაბრუნების, გამეფების და ქართლის აღმშენებლობისთვის გამიზნული საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. ვახტანგი გამაჰმადიანდა. შედეგად, ქართლის ტახტი მას დაუმტკიცეს.
ირანში ჩასვლისას ვახტანგმა სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც მას თან ახლდა, სამი თვის შემდეგ ქართლში დააბრუნა ევროპაში საიდუმლო მისიით გასამგზავრებლად. ევროპაში მოგზაურობისას სულხან-საბას ახლდა წმინდა ლაზარეს ორდენის მონაზონი ჟან რიშარი.1714 წელს სულხან-საბა შეხვდა (ორჯერ) საფრანგეთის მეფეს, ლუდოვიკო მეთოთხმეტეს, და, ასევე, რომის პაპს, კლემენტე მეთერთმეტეს, რომლებსაც ვახტანგ მეექვსის ტყვეობიდან დასახსნელად ფულადი დახმარება სთხოვა. ლუდოვიკო მეთოთხმეტემაც და პაპმაც სულხან-საბა დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ მან ვერც ერთი მათგანისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო.
ევროპაში მოგზაურობისას სულხან-საბა უკვე გაკათოლიკებული იყო, რაც, კ. კეკელიძის მითითებით, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით იყო ნაკარნახევი2 . როგორც ჩანს, სულხან-საბას იმედი ჰქონდა, რომ ეს ნაბიჯი მისთვის დავალებული დიპლომატიური საკითხის მოგვარებაში დაეხმარებოდა. ეს იმედი არ გამართლდა.
1716 წელს სულხან-საბა სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 1724 წელს რუსეთს გაემგზავრა ვახტანგთან ერთად. სულხან-საბა ორბელიანი გარდაიცვალა მოსკოვში, 1725 წლის 26 იანვარს. დაკრძალულია ვსეხსვიატსკოეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
სულხან-საბა ორბელიანის კალამს ეკუთვნის იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“, „მოგზაურობა ევროპაში“, ქართული ენის ლექსიკონი („სიტყვის კონა“), სასწავლო-აღმზრდელობითი თხზულება „სამოთხის კარი“ და ქადაგებათა კრებული „სწავლანი“. სულხან-საბამ, ასევე, რედაქტირება გაუწია ვახტანგ მეექვსის მიერ ნათარგმნ „ქილილა და დამანას“ და გალექსა ვახტანგის მიერ ამ ნაწარმოებში პწკარედებად გადმოღებული სპარსული ლექსები.
შემოქმედება:
„სიბრძნე სიცრუისა“
ნაწარმოებისდაწერისთარიღი: კ.კეკელიძის მითითებით, „ხელნაწერებში, რომელთაც შემოუნახავთ ამ თხზულების სათაური, ნათქვამია: „წიგნი სიბრძნე სიცრუისა, ნათქვამი სულხან ორბელიანისაგან ჟამსა სიჭაბუკისა მისისა“, ე.ი. ბერად აღკვეცამდე, 1698 წლამდე (კეკელიძე 1952, გვ. 349). ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში გამოთქმულია განსხვავებული თვალსაზრისიც. იმას, რომ სულხან-საბამ „სიბრძნე სიცრუისა“ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა, ვარაუდობდნენ ალ. ცაგარელი, ნიკო მარი და ალ. ხახანაშვილი. ა. გაწერელიამ სულხან-საბას ეს ნაწარმოები ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონსა“ და ფრანსუა რაბლეს „გარგანტუასა და პანტაგრუელს“ შეადარა და შენიშნა: „ცნობილია, რომ ბოკაჩოს რცხვენოდა თავისი ქმნილების ავტორობისა, ხოლო კათოლიკე რაბლემ ხანგრძლივი დევნა განიცადა საკუთარი ანტიკლერიკალური ეპოპეის გამო. სულხან-საბაც განზრახ აღიარებდა თავის ნაწარმოებს „სიჭაბუკის ჟამს თქმულად“, - როგორც ანტიკლერიკალური ტენდენციის მატარებელი წიგნი, „სიბრძნე სიცრუისაც “ კონფესიონალური წრეების „საბასრობელ საგნად ქცეულა. „პანურგის ფარას“ ავტორივით, თვითონ სულხან-საბამაც განიცადა სამღვდელოების დევნა. რადგან მთელი მისი ცხოვრება ფარისევლობის, პოლიტიკური სერვილიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული“ (გაწერელია 1954, გვ. 66). ვფიქრობთ, უფრო სავარაუდოა მეორე თვალსაზრისის მართებულობა.
ნაწარმოების ჟანრული თავისებურებები: იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“ შედგება ე.წ. ჩარჩოსა და ჩართული მოთხრობებისგან. ამგვარია, ზოგადად, საგანგებო კომპოზიციური სტრუქტურის მქონე ნაწარმოებები, რომლებშიც სხვადასხვაგვარ ჩართულ მოთხრობებს - ნოველებს ან იგავ-არაკებს - აერთიანებს და აკავშირებს ერთგვარი თხრობითი „ჩარჩო“, ე.ი. როდესაც ერთი ან მრავალი ამბავი მოთხრობილია სხვა (მთავარი) მოთხრობის პერსონაჟის (პერსონაჟების) მიერ. „სიბრძნე სიცრუისაში“ ჩარჩოს წარმოქმნის მეფე ფინეზის, ასევე - მისი ვაზირის, სედრაქის, სეფეთუხუცესი რუქას, ფინეზის ვაჟის, ჯუმბერისა და ჯუმბერის აღმზრდელის, ლეონის ამბავი, ჩართულ მოთხრობებს კი - მათ მიერ მოთხრობილი იგავ-არაკები. იგავ-არაკთა უმრავლესობას დართული აქვს სენტენცია, რომელშიც გადმოცემულია თითოეული მათგანიდან გამომდინარე მორალი, „შეგონება“.
ნარატიული ტექსტის ჩარჩო-მოთხრობის სახით გაფორმების ხერხი ძველთაგანვე არსებობდა. „ჩარჩოს ტექნიკის“ გამოყენების პირველი მცდელობები გვხვდება ძველეგვიპტური ზღაპრული ლიტერატურის ცალკეულ ფრაგმენტებში (ვესტკარის პაპირუსი, XVIII-XVI სს. ჩვ. წ-.ამდე), ძველ ბერძნულსა („ოდისეა“) და ძველ ინდურ ეპოსში ( “მაჰაბჰარატა“, „რამაიანა“), ანტიკურ რომანში (აპულეუსის „ოქროს ვირი“).
ვიკითხოთ: რა საგანგებო ფუნქცია ჰქონდა იგავ-არაკებს მე-18 საუკუნის საქართველოში, ეპოქაში, როდესაც ძირითადი მორალური კატეგორიები გაუფასურებული იყო, როდესაც მწვავედ იდგა ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნების საკითხი, როდესაც სულხან-საბა ორბელიანი ცდილობდა ,„ქაოსით მოცულ და სტრუქტურული თვალსაზრისით ამორფულ ქართულ ცხოვრებაში ზნეობრივი და რაციონალური იდენტობები შეეტანა“ ( ფირალიშვილი 2009, გვ. 20).
რასაკვირველია, მორალური კატეგორიები და შეგონებები საკმარისად ქმედითია დრო-სივრცით სტრუქტურების მეშვეობით გამყარებისას, სიუჟეტებში ხორცშესხმისას, რადგან ზოგადი, აბსტრაქტული სენტენციები კონკრეტული და უნიკალური ხდება მარტოოდენ იმ შემთხვევაში, როდესაც ხორცს ისხამს კონკრეტულ სიუჟეტებში. და ამის ერთ-ერთ მაგალითს „სიბრძნე სიცრუისა“ წარმოადგენს.
ცხადია, რომ, ლიტერატურაში, უბრალოდ, ჩართული მოთხრობების ფუნქციები და ჩართული იგავ-არაკების ფუნქციები განსხვავებული ხასიათისაა. ჩართული მოთხრობების შემთხვევაში, მაგალითად, ბოკაჩოს „დეკამერონში“ ან ზღაპრების კრებულში „ათას ერთი ღამე“ ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩარჩო-მოთხრობის პერსონაჟთა მორალურ თვისებებს და უფრო მეტად არსებითია მათი, როგორც ნარატორების, თხრობის სტილი, თემატიკისა და სიუჟეტების მრავალფეროვნება და ა.შ.
როდესაც ჩართული მოთხრობები იგავ-არაკებია, წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ნარატორთა მსოფლმხედველობრივ და ეთიკურ პოზიციას, მათ დამოკიდებულებას იმ მორალური სენტენციებისადმი, რომელიც შეიძლება აშკარად იყოს გამოთქმული იგავ-არაკის დასასრულს ან არ იყოს გამოთქმული, მაგრამ იგულისხმებოდეს [„სიბრძნე სიცრუისაში“ 110 იგავ-არაკია და 60-მდე სენტენცია“ (კეკელიძე 1952, გვ. 346)]. ამიტომ „სიბრძნე სიცრუისას“ ფორმა - ჩარჩო-მოთხრობა, რომლის პერსონაჟები გამოთქვამენ სხვადასხვაგვარ მსოფლმხედველობრივ და ეთიკურ თვალსაზრისებს ჩართულ მოთხრობებში, ყველაზე უფრო ხელსაყრელი და ორგანული ფორმალური ხერხია სულხან-საბას მიერ დასახული მხატვრული მიზნის განსახორციელებლად. მართლაც, ჩარჩო-მოთხრობა აუცილებელია ურთიერთგანსხვავებული მსოფლხედველობრივი პოზიციების შესაპირისპირებლად, რაც შემდგომ ხორციელდება ჩართული მოთხრობების - იგავ-არაკების მეშვეობით.
საინტერესოა ჩართული მოთხრობების - იგავ-არაკების და მათი შესაბამისი შეგონებების - ურთიერთმიმართება. თითოეულ იგავ-არაკში სიუჟეტს, როგორც ასეთს, დასრულებული ფორმა აქვს, მაგრამ, არსებითად, იგავ-არაკი მაინც დაუსრულებელია მისგან გამომდინარე მორალის, შეგონების გარეშე. შეგონების გარეშე იგავ-არაკში „ნარაციას არა აქვს საკუთარი ფუნქცია. ის... ემსახურება აზრობრივ მიზანს, რომელიც მის ფარგლებს გარეთ ძევს. ის ხან რაღაცის ილუსტრაციას წარმოადგენს, ხან გვმოძღვრავს, ხან კი მიმსგავსებას, შედარებას, დაპირისპირებას წარმოადგენს“ (ფრეიდენბერგი 1978, გვ. 272). და მართლაც, შეგონებების გარეშე თითოეული იგავ-არაკი განიძარცვება ალეგორიული მნიშვნელობისგან და ზღაპრის ჟანრს უახლოვდება. ამგვარად, აქ მთავარია ის ზნეობრივი ჭეშმარიტებები, რომლებიც იგავ-არაკების სიუჟეტებში ხორცშესხმის გარეშე ლიტონ სენტენციებად რჩება და არ შეუძლია გვიჩვენოს ის, რაც ნაჩვენებია „სიბრძნე სიცრუისაში“, სახელდობრ, „ადამიანის, ცივილიზაციის, სახელმწიფოს, კულტურის ბრწყინვალებისა და სიღატაკის, სიბრძნისა და სიცრუის, ზნეობისა და უზნეობის მიზეზიც და შედეგიც“(გაჩეჩილაძე 2009, გვ.81)
ამასთან, „სიბრძნე სიცრუისას“ მიხედვით, არ არსებობს მზა ჭეშმარიტებები - ისინი იბადება თხრობის, ნარაციის აქტებში და თვით მათი დიალოგურობა ამ ნაწარმოებში გულისხმობს სხვისი თვალსაზრისის გააზრებას და გათავისებას, რაც ბადებს ჩართული მოთხრობის ნარატორის განსხვავებულ თვალსაზრისს - და შესაბამისად, ახალ სიუჟეტს, ახალ იგავ-არაკს, ესე იგი, განუყოფელ კავშირშია სხვის თვალსაზრისთან, ისევე, როგორც ერთმანეთთან განუყოფელ კავშირშია სინათლე და სიბნელე, თეთრი და შავი, სიკეთე და ბოროტება და ა.შ. „თავისებური კომპოზიციური ხერხის წყალობით არაკები არა მარტო მჭიდროდ ერწყმიან მოქმედ პირთა მსჯელობებს, საერთოდ მოქმედების განვითარებას, არამედ შინაგანად უკავშირდებიან ერთმანეთს. ხშირად თვით არაკი ცვლის მსჯელობას, პაექრობა უშუალოდ ამ არაკების მეშვეობით წარმოებს. განუყოფელი ერთიანობა უკარგავს ამ ნაწარმოებს კრებულის ხასიათს და ანიჭებს ისეთ მთლიანობას, როდესაც თავის ადგილზეა და ძნელად ამოსაგდები ყოველი სიტყვა თუ არაკი“ (გვახარია 1995, გვ. 80).
ნაწარმოებში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ჩარჩოს პერსონაჟების ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებს. მოცემული არაა მათი პორტრეტები. შესაბამისად, ჩარჩოს პერსონაჟი-ნარატორები სულხან-საბას ნაწარმოებში დახასიათებულნი არიან, ძირითადად, არაინდივიდუალურად, უპიროვნოდ; ისინი, ფაქტობრივად, სქემატური ფიგურებია, რომელთა დანიშნულებაა მარტოოდენ ამა თუ იმ მორალური თვალსაზრისის განფენა-გამყარება დროით-სივრცითი სტრუქტურის, ანუ სიუჟეტის სახით. მაგალითად, ჩარჩოს ერთ-ერთი პერსონაჟი, მეფე ფინეზი ამგვარადაა დახასიათებული: „იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან, რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალება შეეკრიბნა გულსა თვისსა, თავად არ აღირაცხოდა. სიფიცხე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთისა შიშისა ნიავით გაექარვებინა, სიუხვე მისის ნოტიოს ღრუბლისგან უმრავლესად გაეგრილა და ყოველთა კაცთა ზედა საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა“. ასევე არიან დახასიათებული ჩარჩო-მოთხრობის სხვა დადებითი პერსონაჟებიც. გამონაკლისია სეფეთუხუცესი, საჭურისი რუქა - „კაცი გულჩქარი და ფიცხელი“, რომელიც იგავ-არაკებში თავისი მსოფლმხედველობრივი პრინციპებით უპირისპირდება ფინეზს, სედრაქს, ლეონსა და ჯუმბერს. ჩარჩო-მოთხრობის ფუნქცია ამ შემთხვევაში იმ თვალსაზრისების შეპირისპირებაა, რომელთა მატარებელნიც არიან ეს პერსონაჟები. „ჩვენ წინაშეა მოკამათე მხარეთა შეჯიბრი, „ინტელექტუალური ექსპერტიზა“, სასამართლო, რომელსაც ჰყავს უზენაესი მსაჯული - მეფე, აქვს შთამბეჭდავი ჯილდო - სამეფო ტახტი და, საჭიროების შემთხვევაში, მკაცრი სასჯელიც - ცუდი აღზრდისთვის“ (დოიაშვილი 2009, გვ. 56).
ჩართული მოთხრობების ტიპები: „სიბრძნე სიცრუისაში“ ი. ამირხანაშვილი გამოყოფს, ერთი მხრივ, „ცხოველთა იგავებს“ და, მეორე მხრივ, სხვა ტიპის იგავებს. ასეთებია:
„იგავი-ანეკდოტი („ხარბი გლახაკი“, „უგუნური მცურავი“, „ორმოში ჩაგდებული მეფე“, „მაოხრებელი მკვდარი“);
- იგავი-ანეკდოტი („ხარბი გლახაკი“, „უგუნური მცურავი“, „ორმოში ჩაგდებული მეფე“, „მაოხრებელი მკვდარი“);
- იგავი-პაროდია („მეფე და ავსიტყვა“, „მღმერთობელი მეფე და მისი ვაზირი“);
- იგავი-ხუმრობა („მთიული და კაკლის ხე“, „ქურდი მკერვალი“);
- იგავი-ზღაპარი („სპარსი და იდო“, „ყაზან-შაჰ და მისი ცოლი“);
- იგავი-გამოცანა („მგელი, თხა და თივა“, „სამი ცოლ-ქმარი და მდინარე“, „მომჩივანნი სამნი ძმანი“).(ამირხანაშვილი 2012, გვ. 244).
გარდა ამისა, ამავე მკვლევრის მითითებით, „იგავთა ერთი ციკლი წარმოდგენილია ჯადოსნური ზღაპრის ფორმით. ეს იგავებია „გრძნეული აქიმი“, „ცოცხლად დამარხული და უსახოდ დიდი ადამიანები“, „აბდულ-აზიმ დავრიში“, „ბნელეთის პირს მსახლობელი ქაჯი“ (იქვე).
შეგონებათა ტიპები: რ. ცანავა გამოყოფს შეგონებათა გარკვეულ ბლოკებს:
- როგორი უნდა იყოს ხელმწიფესთან მყოფი ადამიანი: 5 შეგონება (რუქას ტექსტი). ეს შეგონებები ჩართულია ჩარჩო ამბავში;
- როგორ უნდა იქცეოდეს საჭურისი: 3 შეგონება. (სედრაქის ტექსტი). ჩართულია ჩარჩო ამბავში;
- მეფესთან ახლო მყოფი კაცის თვისებები: 5 თვისება (ლეონის ტექსტი) ჩართულია არაკებით პაექრობის ნაწილში;
- როგორი უნდა იყოს მეფე: თვისებათა ჩამონათვალი ერთ პუნქტად (ლეონის ტექსტი). ჩართულია ჩარჩო ამბავში;
- როგორი უნდა იყოს მეფე: ჩართულია არაკების ბლოკში „უნაღვლოთა მძებნელი“ (ლეონის ტექსტი). ჩამოთვლილია 13 სამწევრიანი მოთხოვნა და სურვილი მეფისადმი;
- როგორი უნდა იყოს ვეზირი: (ფინეზის ტექსტი). 7 რჩევა, ჩართულია არაკებში;
- მტერთან ურთიერთობა: (ჯუმბერის ტექსტი). 7 რჩევა. მოსდევს არაკს „ქრისტიანი და ურია“. წარმოდგენილია 8 განსაზღვრება;
- ვის უნდა უმტრო და არ უნდა უმტრო: (ჯუმბერის ტექსტი). მოსდევს არაკს „ყარყატის თავგადასავალი“;
- შეგონებები ლეონის თავგადასავალში (უცხო კაცის 5 შეგონება);
- ამხანაგისა და ამხანაგობის შესახებ: (ლეონის ტექსტი). 9 პუნქტი.
გარდა ამისა, ტექსტში არის დალოცვა (ვირი, ძაღლი, ჭინჭველი) და წინასწარმეტყველური სიზმარი“ (ცანავა 2012, გვ.. 272).
ნაწარმოების ზოგადი იდეა: პირველი ქართველი მკვლევარი, რომელმაც მიიჩნია, რომ „სიბრძნე სიცრუისას“ ზოგადი იდეა უნდა ვეძიოთ იგავ-არაკში „მოტირალი და მოცინარი“, იყო ალ. ფრანგიშვილი. ამ იგავ-არაკის მიხედვით, „ორნი კაცნი იყვნენ ქალაქსა ერთსა. ერთი წამდაუწუმ სულ ტიროდა და ერთი სრულებით იცინოდა, რომე მოწყენილს ვერვინ ნახევდა. ჰკითხეს მოტირალ კაცსა: ––ავზე და კარგზე, საცინალზე და სატირალზე სულ რატომ სტირიო–? მან ეგრე თქვა: –რა ვქმნა, ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ამ საწუთროს საქმეს შვრებიან, საუკუნო სასჯელი დაუვიწყებიათ. და მით ვტირი, ყოველნი ჯოჯოხეთს იშენებენო. მერმე მას მოცინარეს კაცს ჰკითხეს:--შენ რა გაცინებსო?- მან ესრე თქვა––: ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ავს შვრებიან, კარგს არ იქმონენ. ყოველ კაცს ვუქადაგე, ვურჩიე, ვერა დავაჯერებინე რა და აწ სიცილს ძალი მივეც. მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია, ან მათი რა სარგებელია?“
ცნობილია ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ასეთი „მოტირალი" იყო ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტე, „მოცინარი“ კი ფილოსოფოსი დემოკრიტე... სულხან-საბაც თავის წიგნში –– „სიბრძნე სიცრუისაში“„მოცინარის"“ თვალსაზრისზე დგას, ამ თვალსაზრისს იცავს და ავითარებს“ (ფრანგიშვილი1959, გვ.81-82).
ალ. ფრანგიშვილის შეხედულებას, თითქოს სულხან-საბა „მოცინარის“ პოზიციას იზიარებდეს, იგავ-არაკის ტექსტი არ ადასტურებს. მასში წარმოდგენილია ორი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია, ორი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ცხოვრების, წუთისოფლის მიმართ და არც ერთ მათგანს არ ენიჭება უპირატესობა მეორის წინაშე. დავაზუსტებთ, რომ ორივე - მოტირალისა და მოცინარის - პოზიცია აქ გაერთიანებულია მომიჯნავეობის პრინციპით, ორივე მათგანი, იგავ-არაკის მიხედვით, უგულებელყოფს, უპირისპირდება მეორეს და მთავარი ისაა, რომ ესაა ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების ერთიანობა და კონტრასტი.
ბაროკოს ლიტერატურული სტილი „სიბრძნე სიცრუისაში“: თ. დოიაშვილის თვალსაზრისით, „სიბრძნე სიცრუისაში“ საღმრთო და საერო სიბრძნის... ერთდროულად უარმყოფელთა კრიტიკა კონტრრენესანსული, ბაროკული ეპოქის არსებითი ნიშანია“ (დოიაშვილი 2013, გვ. 34).
გ. გაჩეჩილაძე „სიბრძნე სიცრუისას“ „ქართული ბაროკოს ენციკლოპედიას“ უწოდებს და ასაბუთებს, რომ სულხან-საბამ მოახდინა „ვეფხისტყაოსანში“ ხორცშესხმული იდეებისა და იდეალების დეკონსტრუქცია, დაშლა. კერძოდ, მართალია, „ვეფხისტყაოსანმა“ ადამიანი დასვა ანთროპოცენტრიზმის პიედესტალზე“,... „ანთროპოცენტრიზმის ლაიტმოტივი გასდევს ბაროკოსაც, მაგრამ ეს არის ნეგატიური ანთროპოცენტრიზმი. „სიბრძნე-სიცრუისას“ პერსონაჟებს არაფერი აქვთ საერთო რუსთაველის გმირებთან. ...ბაროკული „ნეგატიური ანთროპოცენტრიზმი“ არის დამარცხებული, შეჭირვებული, სასოწარკვეთილი, თავზარდაცემული, უნუგეშო, სამოთხიდან ჯოჯოხეთურ რეალობაში გადმოტყორცნილი ადამიანის ანთროპოცენტრიზმი“ (გაჩეჩილაძე 2009, გვ. 84). მართლაც, რუსთველის მიერ „ვეფხისტყაოსანში“ ხორცშესხმული იდეოლოგია სულხან-საბას ეპოქაში უკვე შეუსაბამო იყო, რადგან ზნეობრივი ორიენტირები შეიცვალა იმ დროს, როდესაც ზნეობრივი რელატივიზმი „როგორც სენი, ჩვენს ეროვნულ სხეულში ფარულად იყო განაბული (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კულტურისა), ქართული სულიერების წყვდიადის ამ ეპოქაში — საბას ეპოქაში, იწყებს კულტურის მთელი საკომუნიკაციო სივრცის გაჯერებას, რადგან სწორედ მაშინ გახდა დასაშვები და შესაძლებელი, რომ ადამიანებს ზნეობისა და გონების კანონების გარეშე ეარსებათ“ (ფირალიშვილი 2009, გვ. 17).
ამიტომაცაა, რომ სულხან-საბას ეპოქაში „არ არის მართალი:
რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან“;
რომ „ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს“;
რომ „მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირთ ერთმანეთის მონება“.
არ არის მართალი: „ბედი, ცდა და გამარჯვება“, რადგანაც გამარჯვების აბსოლუტიზაცია წილნაყარია დამარცხებასთან. ...
რეალობის რეპერტუარში ”სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა” კატეგორიულია, რადგანაც სიცრუე, როგორც სოციალური თვითდამკვიდრების ინსტრუმენტი, ზოგჯერ სიბრძნის მნიშვნელობას იძენს. ცხოვრება და ისტორია არ წავიდა იმ გზით, როგორც რუსთაველს წარმოედგინა.“ (გაჩეჩილაძე 2009, გვ. 85).
(და, დავამატებთ, ამიტომ მოხდა, რომ სულხან-საბას ეპოქაში საჭირო გახდა მორალური პრინციპებისა და თვალსაზრისების შეხსენება მკითხველისთვის იგავ-არაკების ფორმით).
ამგვარად, „სიბრძნე სიცრუისაში“ გამოთქმულია სხვადასხვაგვარი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი, არარუსთველური, მაგრამ პრაქტიკული ღირებულების მქონე მორალური თვალსაზრისები. მათ ადამიანისთვის იმ ვითარებაში თვითგადარჩენის საშუალებაა უნდა მიეცა, რომელშიც სულხან-საბას თანამედროვე ქართველები ცხოვრობდნენ.
საინტერესოა „სიბრძნე სიცრუისას“ სტრუქტურისა და სტილის სპეციფიკაც, რომელიც ასევე იძლევა საშუალებას, ის ბაროკოს ლიტერატურულ სტილს მივაკუთვნოთ. კერძოდ, ამგვარი გართულებული კომპოზიციური სტრუქტურის ნაწარმოებებს, ჩართული ეპიზოდების სიმრავლის, მთხრობლისა და თხრობის გაორებისა და ინტერფერენციისა და, ასევე, სხვა ნიშან-თვისებების გამო, ჟ. ჟენეტი ტიპურად ბაროკული სტილის თხზულებებად მიიჩნევს. (ჟენეტი 1969, გვ. 222).
აღსანიშნავია, რომ ბაროკული ლიტერატურა, გარკვეულწილად, ენათესავება მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურას, და, კერძოდ, რომანტიზმს. განსხვავებულ, დაპირისპირებულ თვალსაზრისთა და პოზიციათა გაერთიანება, რომელიც ნიშანდობლივია სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისათვის“, თავს იჩენს როგორც ბაროკოს, ისე - რომანტიზმის ლიტერატურებში. რომან იაკობსონის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ბაროკოს და რომანტიზმს ანათესავებს ის, რომ ორივე მათგანი შეიძლება მივიჩნიოთ „მეტონიმიურ“ (და არა „მეტაფორულ“) ლიტერატურულ ეპოქებად (რომანტიზმის მეტონიმიურობის შესახებ იხ.: ლომიძე 2014). „მეტაფორული“ ლიტერატურული მიმდინარეობები და სტილები ხასიათდება იმით, რომ მათში ურთიერთგანსხვავებული სემანტიკური კატეგორიების მიმსგავსება და სინთეზი ხორციელდება, „მეტონიმიურ“ მიმდინარეობებსა და სტილებში კი შეიმჩნევა ოპოზიციური კატეგორიების გაერთიანება მომიჯნავეობის პრინციპით, ისე, რომ ამ ოპოზიციური წყვილების წევრთა დაპირისპირებულობის ნიველირება არ ხდება. ამ მხრივ რომანტიზმი ქრონოლოგიურად ბაროკოს ერთგვარ მემკვიდრედ გვევლინება.
მოგზაურობა ევროპაში
ამ მემუარული ჟანრის თხზულების პირველი ნაწილი, რომელშიც აღწერილი იყო სულხან-საბას ცხოვრება საფრანგეთში, დაკარგულია (ისტორია, გვ. 414). შესაბამისად, ნაწარმოების საბასეული სახელწოდებაც, რომელიც წინ უძღოდა ტექსტს, დაიკარგა. „მოგზაურობა ევროპაში“ მას გადამწერებმა უწოდეს.
1713 წელს 55 წლის სულხან-საბა, ფრანგ მისიონერ რიშართან ერთად, ვახტანგ მეექვსის დავალებით ევროპაში გაემგზავრა.იმხანად სპარსეთში დატყვევებული ვახტანგი, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ საფრანგეთის მეფე, ლუდოვიკო მეთოთხმეტე და რომის პაპი დახმარების ხელს გაუწვდიდნენ მას. ეს მცდელობა, როგორც ცნობილია, უშედეგოდ დამთავრდა.
„მოგზაურობაში“ აღწერილია ევროპის ქვეყნები, მოცემულია მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული და სხვა სახის ცნობები ამ ქვეყნების ყოფის შესახებ; დახასიათებულია ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: რომი, გენუა, ალიკორნა, ფლორენცია, მონაკო, სირაკუზი, მესინა, კონსტანტინოპოლი, ტრაპიზონი და სხვ.
სულხან-საბა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იტალიის ეკლესია- მონასტრებს, მათ არქიტექტურას, აღწერს როგორც ქრისტიანულ, ისე - წარმართულ ძეგლებს, ქვეყნის პოლიტიკურსა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას. „ მის ტექსტში არაერთხელ შეხვდებით „უანგარიშო უცხოებს“, „კაცის გუნების მიუწდომელს“, „შვენებულობით“ გამორჩეულ, „გასაკვირვალ“, „დაუჯერებელ“ საგნებს, რომელთაც ვერა ენა ვერ გამოთქვამს და რისი ნახვის შემდეგაც „კაცის გულს ჭირი უკუეყრება“ (ხარბედია 2009, გვ. 31).
ევროპის კულტურული ძეგლები და გეოგრაფიული პუნქტები სულხან-საბას საქართველოს აგონებს. ამ შედარებებს მ. ხარბედია აანალიზებს სემიოტიკური თვალსაზრისით, როდესაც კავშირი მყარდება აღმნიშვნელსა (ევროპულ კულტურულ არტეფაქტსა) და აღსანიშნს, ანუ ქართულ კულტურულ ძეგლს შორის, და გამოყოფს ოცამდე ამგვარ ლიტერატურულ ფიგურას. მაგალითად, მონაკო სულხან-საბას მეტეხის ციხეს აგონებს:„მოვედით მონაკო ქალაქსა. ზღვაში ერთი კლდე შესულიყო თბილისის მეტეხსავითა“; ლიგურიაში3 „ვენახოვანი სულ წამხდარიყო...ვიკითხე: რატომ წამხდარა მეთქი. მითხრეს: მიწა არ ვარგებულაო. მაგრამ თუ მიწა არ ვარგიყო, იმდენი აუარებელი ვენახი რად ააშენეს? მუგუთის მსგავსი ალაგები იყო“ (იგულისხმება ტერასული ვენახები, რომლებიც ქართლში, სოფელ მუგუთთან იყო გაშენებული); „მაზმანური“ ჩოხა „მოგზაურობაში“ სნეულთა ერთ-ერთ მსახურს აცვია. ესაა, მ. ხარბედიას თქმით, „მატყლისგან დამზადებული უხეში ქსოვილი, რომლისგანაც... იკერავდნენ ტანსაცმელს ქართლელი ქვრივები“ (ხარბედია 2009, გვ 38); ალიკორნა, ამავე ნაწარმოების მიხედვით, ოდიშს წააგავს, კარდინალთან ნანახ ნივთებს შორის არის „ბატონის სალაროში ღორის კბილსავით რომ კბილია, ორი მისთანა, მაგრამ იმტოლი ვერ იყო. კაცის თავი გაქვავებული. სოკო გაქვავებული. ეს ქართლშიაც მინახავს“; რომში დომინიკელთა მონასტერი „საკვირველად საკვირველი შემკული იყო. სულ ფერადი მარმარილო. ამის მეტი რა გითხრა. ვახტანგის კარის ეკკლესიად დავნატრე: მე მიმაძღნობინა მეთქი“ და ა. შ. სულხან-საბას მიერ აღწერილი სურათები მის თანამედროვე ქართველებისთვის იმდენად უჩვეულო იყო, რომ „მოგზაურობის“ ავტორმა საჭიროდ ჩათვალა, შეენიშნა: „ვინც დამიჯერებთ, ეს ჩემი თვალით მინახავს, ვინც არადა, თქვენ იცით”, “რაც არ მინახავს, არ დავწერ“.
აშკარაა ამ პარალელების ფსიქოლოგიური კონტექსტი. სულხან-საბას ენატრება თავისი სამშობლო და მდიდარი ევროპის ხილვისას წარმოთქვამს: „ჩემს უკან, ღმერთმა ქნას, ჩემს ქვეყანაში უკეთესობა შეიქმნას“. ასევე აშკარაა, რომ ამ პარალელების გატარებით სულხან-საბა აღნიშნავს: ბევრი რამ, რითაც ევროპა თავს იწონებს, საქართველოშიც მოიპოვება.
ამასთან, როდესაც აღვნიშნეთ, რომ პარალელები ევროპულსა და ქართულ კულტურულ არტეფაქტებს შორის სემიოტიკურ მიმართებებს შეესაბამება, ისიც ვიგულისხმეთ, რომ სემიოტიკაში აღმნიშვნელისა და აღსანიშნის კავშირი გარკვეული სიმყარით გამოირჩევა. შესაბამისად, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორი მყარი და უცილობელია კავშირი ევროპული კულტურის ძეგლებს, ევროპულ წეს-ჩვეულებებსა და, მეორე მხრივ, ქართულ კულტურას შორის სულხან-საბას ცნობიერებაში. ესაა ერთიანი სისტემის - ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის - მსგავსი, ანალოგიური ელემენტები.
„მოგზაურობა ევროპაში“ იყო პირველი ქართული სამოგზაურო ტიპის თხზულება, ერთგვარი მემუარები. სულხან-საბამ საფუძველი ჩაუყარა ქართულ მწერლობაში ახალ ჟანრს, რომელსაც შემდგომ მრავალმა მწერალმა მიმართა. საკმარისია გავიხსენოთ, მაგალითად, გიორგი ავალიშვილის სამოგზაურო დღიურები - „მგზავრობაჲ თბილისით იერუსალიმისადმი საბერძნეთსა ზედა; უკუქცევაჲ იერუსალიმით თბილისისადმივე კიპრის ჭალაკისა, მცირისა აზიისა და ანატოლიის ძალით“ , ასევე - გრ. ორბელიანის „მგზავრობა ჩემი ტფილისიდან პეტერბურღამდის“ და სხვ. მაგრამ სულხან-საბას ნარატივი მაინც განსხვავებული, სპეციფიკური ტექსტია, რომელშიც ამა თუ იმ თხრობითი მონაკვეთის დაბოლოება პარალელით ქართულ კულტურულ რეალიებთან დაახლოებით ისეთსავე ფუნქციას ასრულებს, რომელიც ეკისრება შეგონებებს „სიბრძნე სიცრუისაში“. ამ პარალელების გარეშე „მოგზაურობა“ იქნებოდა ჩვეულებრივი მემუარული თხზულება. სწორედ პარალელები ევროპულსა და ქართულ კულტურებს შორის ანიჭებს სულხან-საბას ტექსტს დასრულებულობას - დასრულებულობას და ერთიანობას სისტემისა, რომლის ნაწილებიც არიან, ამ თხზულების მიხედვით, ევროპა და საქართველო. ამის გარეშე ქართველი მკითხველისთვის ამ თხზულებაში ასახული ევროპული ყოფისა და კულტურის დეტალები მარტოოდენ შემეცნებითი ღირებულებისა და, შესაძლოა, ნაკლებ საინტერესო იქნებოდა.ევროპის განსხვავებული ქვეყნების გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და ა.შ. თავისებურებების აღწერა „მოგზაურობაში“ ჭარბი, თითქოს „ზედმეტი“ დეტალიზაციის შთაბეჭდილებას დატოვებდა, რომ არა პარალელები ქართულ კულტურასთან. და „მოგზაურობის“ სწორედ ეს სისტემურობა, მონოლითურობა წარმოადგენს მის უდავო ღირსებას.
„ლექსიკონი ქართული“
ლექსიკონზე სულხან-საბა ორბელიანი ოცდაათი წლის განმავლობაში (1685-1715წწ.) მუშაობდა და მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან, მისი თქმით, „ქართულთა ენათა ლექსიკონი აღარ იპოებოდა“. სულხან-საბას ამ ლექსიკონისთვის ვახტანგ მეექვსეს „სიტყვის კონა“ უწოდებია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშრომზე მუშაობისას სულხან-საბას აქტიურ დახმარებას უწევდა ვახტანგ მეექვსე, მაინც განსაცვიფრებელია ღვაწლი, რომელიც მიუძღვის სულხან-საბას „ლექსიკონი ქართლის“ შედგენაში. „მან ... სხვა ორიოდე ადამიანთან ერთად შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ აქ, ჩვენს ისტორიულ სივრცეში, ამ ქართული კამალოკა-ს (უტყვი აჩრდილების სამეფოს) დროს შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი მომხდარიყო და ქართული ცხოვრება არ წარმოადგენდა მხოლოდ ისტორიული ნაშთების კონგლომერატს. სწორედ ამიტომაც მიმართა თავისი ძალისხმევა ჩვენს საკომუნიკაციო სივრცეში ენობრივი და ზნეობრივი გარკვეულობის რეფიგურირებისაკენ, რაც კულტურის ლინგვისტიკის აღდგენის იგივურია. ეს მაშინ, როდესაც საზოგადოება ნაწილ-ნაწილ ყიდდა საკუთარ სხეულს“. (ფირალიშვილი 2009, გვ.21).
სასულიერო თხზულებანი
სულხან-საბას ლიტერატურულ მემკვიდრეობას განეკუთვნება „სამოთხის კარიც“, რომლის სრული სათაურია: „საქრისტიანო მოძღვრება, პირველად სასწავლო ყრმათათვის, აღწერილი სულხან-საბა ორბელიანისაგან, რომელსა ეწოდების სამოთხის კარი”. ტექსტი დიალოგური ფორმისაა - ესაა დიალოგი მოძღვარსა და მოწაფეს შორის. ესაა „კატეხიზმოს“ ტიპის ნაწარმოები. ბიბლიიდან ქრისტეს შესახებ ამოკრეფილი ციტატების საფუძველზე სულხან-საბას დაუწერია, ასევე, „წამებანი წინასწარმეტყველთანი“. სულხან-საბას ამ რიგის ნაწარმოებთაგან უფრო მნიშვნელოვანია „სწავლანი“ , რომელიც 1899 წელს აღმოაჩინეს. ის შეიცავს 46 ქადაგებას და დაწერილია მაშინ, როდესაც სულხან-საბა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში ბერის ცხოვრებას ეწეოდა, ესე იგი, 1698-1710 წლებში. მონასტერში მას, როგორც მოძღვარს, ევალებოდა ბერების განსწავლა ღვთისმეტყველებაში და ამიტომაც ის საგანგებოდ მუშაობდა ამ ქადაგებებზე, რომლებიც მრავალფეროვანი შინაარსისაა: ავტორი ამხელს სასულიერო წოდების უღირს წარმომადგენლებს და „ჟამთა მჭვრეტ“ (ესე იგი, მედროვე) ფეოდალებს, ქვეყნისა და რჯულის მოღალატეებს, გმობს ისეთ თვისებებს, როგორებიცაა: ამპარტავნობა, გულქვაობა, მრისხანება, მემთვრალეობა და სხვ. მისი აზრით, ზნეობრივი ცხოვრების საფუძველი ქრისტიანული სარწმუნოებაა. მტკიცე რწმენა საშუალებას იძლევა, დაიძლიოს ეს უარყოფითი თვისებები. ი. ლოლაშვილის აზრით, „სწავლანი“ „სიბრძნე სიცრუის“ ლოგიკური გაგრძელებაა“. (ლოლაშვილი 1963, გვ.13). თუ იგავ-არაკთა კრებულში სულხან-საბა იგავსიტყვაობით აკრიტიკებდა სხვადასხვაგვარ მანკიერებებს, „სწავლათა“ კრებულში ის აშკარად და შეუნიღბავად ამბობს იმავეს.
ქილილა და დამანა
ვახტანგ მეექვსემ სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკთა კრებული „ქილილა და დამანა“, რომელშიც ლექსები უმეტესწილად პროზაული ფორმით იყო გადმოტანილი, მაგრამ მეფე უკმაყოფილო იყო თავისი თარგმანით და სულხან-საბას სთხოვა:„ეს ჩემი ჭირნახული გაჩალხე გემუანად და სადაც ლექსები ჩართული იყოს, ეგრევ ქართულად ლექსები ჩაურთე“. სულხან-საბამ საგულდაგულოდ დაამუშავა ნაწარმოები, გალექსა ვახტანგის მიერ პწკარედებით გადმოცემული პოეტური ჩანართები და „აღუდგინა „ქილილა და დამანას” შესაფერისი ენობრივ-სტილისტიკური ზვიადობა და ბრწყინვალება, ამასთან, თხზულებას მისცა ეროვნული ქართული კოლორიტიც “ (ისტორია 1966, გვ. 438).
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია
ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები:
ამირხანაშვილი 2012. ამირხანაშვილი ივანე. „სიბრძნე სიცრუისა“. ტექსტი და
კონტექსტი. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა
აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული პროცესების
გზაგასაყარზე.თბ., თსუ გამომცემლობა. .
გაწერელია 1954. გაწერელია აკაკი. ლიტერატურული წერილები. თბ., სახელგამი.
გვახარია1995. გვახარია ალექსანდრე. ნარკვევები ქართულ-სპარსული
ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან. I. თბ., თსუ
გამომცემლობა.
დოიაშვილი 2009. დოიაშვილი თეიმურაზ. სულხან-საბას „დიალოგები“.
სულხან-საბა ორბელიანი-350. საიუბილეო კრებული. თბ., თსუ
გამომცემლობა.
დოიაშვილი 2013. დოიაშვილი თეიმურაზ. მოტირალ-მოცინარი. გამომცემლობა
„სიტყვა“. თბ.
ისტორია 1966. ქართული ლიტერატურის ისტორია, II (XII-XVIII სს.). რედ. გ.ლეონიძე.
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ..
კეკელიძე 1952. კეკელიძე კორნელი. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, II,
თბ., თსუ გამომცემლობა.
ლოლაშვილი 1963. ლოლაშვილი ივანე. შესავალი წიგნისა: სულხან-საბა
ორბელიანი. თხზულებანი ოთხ ტომად, ტ.III. თბ., გამომც. „საბჭოთა
საქართველო“..
ფირალიშვილი 2009. ფირალიშვილი ზაზა. საბა და ქართული კოსმოსი.
სულხან-საბა ორბელიანი-350. საიუბილეო კრებული. თბ., თსუ
გამომცემლობა.
ფრანგიშვილი 1959. ფრანგიშვილი ალექსანდრე. ნარკვევები ადამიანის
ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიიდან საქართველოში (XVII-
XVIII სს. და XIX ს. დასაწყისი). საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის
გამომცემლობა. თბ.,
ცანავა 2012. ცანავა რუსუდან. ქარაგმის ჰერმენევტიკა. სულხან-საბა ორბელიანის
„სიბრძნე სიცრუისა“. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა
აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული პროცესების
გზაგასაყარზე.თბ., თსუ გამომცემლობა.
ჟენეტი 1969. Gérard Genette, Figures II, Éditions du Seuil.
ფრეიდენბერგი 1978. Фрейденберг О.М., Образ и понятие. Миф и литература
древности. М.
პოეტიკური კვლევები:
ლომიძე 2014. ლომიძე თამარ. ქართული რომანტიზმის პოეტიკა. თბ., ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
კომპარატივისტული კვლევები:
გაჩეჩილაძე 2009. გაჩეჩილაძე გიორგი. რენესანსი და ბაროკო (წანამძღვრები
„ვეფხისტყაოსნისა“ და „სიბრძნე სიცრუისას“ შედარებითი
ანალიზისთვის. სულხან-საბა ორბელიანი-350. საიუბილეო
კრებული. თბ. თსუ გამომცემლობა.
სემიოტიკური კვლევები:
ხარბედია 2009. ხარბედია მალხაზ. 20 მოკლე მოგონება. „მოგზაურობა ევროპაში“ –
ტექსტის არქეოლოგიის მცდელობა. სულხან-საბა ორბელიანი-350.
საიუბილეო კრებული. თბ., თსუ გამომცემლობა.
ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები:
ამირხანაშვილი 2012. ამირხანაშვილი, ივანე. „სიბრძნე სიცრუისა“. ტექსტი და კონტექსტი. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული პროცესების გზაგასაყარზე.თბ., თსუ გამომცემლობა. 2012 (240-254).
გაჩეჩილაძე 2009. გაჩეჩილაძე, გიორგი.რენესანსი და ბაროკო (წანამძღვრები „ვეფხისტყაოსნისა“ და „სიბრძნე სიცრუისას“ შედარებითი ანალიზისთვის. სულხან-საბა ორბელიანი-350. საიუბილეო კრებული. თბ. თსუ გამომცემლობა. 2009 (80-91)
დოიაშვილი 2009. დოიაშვილი თეიმურაზ. სულხან-საბას „დიალოგები“. სულხან-საბა ორბელიანი-350. საიუბილეო კრებული. თბ., თსუ გამომცემლობა. 2009 (56-74).
კეკელიძე 1952. კეკელიძე, კორნელი. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2. თბ., თსუ გამომცემლობა (449-458).
ლოლაშვილი 1959. ლოლაშვილი, ივანე. სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან (1698-1713 წწ.). თბ., საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. 1959.
რელიგიური კვლევები
ბარამიძე 1988.ბარამიძე, რევაზ. სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიისათვის. ლიტერატურული შტუდიები. თბ., თსუ გამომცემლობა. 1988.
თამარაშვილი 1995. თამარაშვილი მიხეილ. ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე. თბ., გამომცემლობა „კანდელი“, 1995.
ქუთათელაძე 1973. ქუთათელაძე, ლილი. ს.-ს. ორბელიანის კონფესიური შეხედულებანი მისი ლექსიკონის მიხედვით. მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. III, თბ., გამომც. „მეცნიერება“. 1973.
ღაღანიძე 2021. ღაღანიძე, მერაბ. სულხან-საბა ორბელიანი და კათოლიკე ეკლესიის მოძღვრება. ლიტერატურა. კულტურა. რელიგია.2/1. თბილისი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. 2021 (27-53)
ღაღანიძე 2018. ღაღანიძე, მერაბ. სულხან-საბა ორბელიანი წმინდა პეტრეს უპირატესობის შესახებ. კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში. I საერთაშორისო კონფერენციის მასალები. თბ., სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018 (107-113).
ისტორიული კვლევები
ლომაშვილი 1984. ლომაშვილი, ჯიბო. სულხან-საბა ორბელიანი, როგორც დიპლომატი. ეტიუდები. თბ., გამომც. „მერანი“, 1984.
ტაბაღუა 1966. ტაბაღუა, ილია. ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის შედეგები. ჟურნ. „მაცნე“, 1966, № 6.
სემიოტიკური კვლევები
ხარბედია 2009. ხარბედია, მალხაზ. 20 მოკლე მოგონება. „მოგზაურობა ევროპაში“ – ტექსტის არქეოლოგიის მცდელობა. სულხან-საბა ორბელიანი-350. საიუბილეო კრებული. თბ., თსუ გამომცემლობა. 2009(30-55).
ფილოსოფიური კვლევები
ნუცუბიძე 1985. ნუცუბიძე, შალვა. 1. საზოგადოებრივი აზრის განვითარება საქართველოში XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე. ს.-ს. ორბელიანის ნააზრევის ზოგადი მიმოხილვა. 2. ს.-ს. ორბელიანის ფილოსოფიური შეხედულებანი. შრომები. ტ. IX, „მეცნიერება“. თბ., 1985 (234-264).
ჰერმენევტიკული კვლევები
ცანავა 2012. ცანავა, რუსუდან. ქარაგმის ჰერმენევტიკა. სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული პროცესების გზაგასაყარზე.თბ., თსუ გამომცემლობა. 2012 (254-309).
გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2026
საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამარ ლომიძე