ირმა ყარაულაშვილი
გვიანდელი პერიოდის ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა
მოცემულ ნაკვეთში კორნელი კეკელიძისა და ენრიკო გაბიძაშვილის ნაშრომთა საფუძველზე წარმოდგენილია XI-XVIII საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი ჰაგიოგრაფიული თხზულებების მოკლე, სქემატური მიმოხილვა. ნაკვეთი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში წარმოდგენილია XI-XIV საუკუნეთა განმავლობაში წმინდა მიწაზე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ადგილობრივ მოღვაწეთა მიერ შექმნილი თხზულებები. მეორე ნაწილი კი მოიცავს XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოში შექმნილ და ადგილობრივ წმინდანთა ღვაწლის ამსახველ ნაწარმოებებს
ნაწილი პირველი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწე წმინდანთა შესახებ შექმნილი ტექსტები
გიორგი პროხორეს ცხოვრება
თხზულების სათაური: მიცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა პროხორისი
შემონახულია თხზულების სვინაქსარული ვარიანტი
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: XI ს.-ის დიდი სვინაქსარის ნუსხა (ხელნ. Jer. 24; გაბიძაშვილი 2010, გვ. 203)
თხზულების ავტორი: უცნობი პირი, იერუსალიმელი მოღვაწე.
თხზულების დაწერის დრო: 1066-1070 წწ.
თხზულების მოკლე შინაარსი: თხზულება ეხება მონასტრის დამაარსებლის, გიორგი-პროხორეს ცხოვრებას, რომელიც იყო „ნათესავით ქართველი, ქუეყანით შავშეთით.“ ყრმობაშივე წავიდა კლარჯეთის წყაროსთავის მონასტერში, სადაც მისი ძმაც მოღვაწეობდა. აქ მან „შეიმოსა სახე მონაზონებისაჲ და მერმე იკურთხა ხუცად.“
შემდეგ წავიდა წმინდა მიწაზე და დამკვიდრდა საბას ლავრაში, სადაც მრავალი წელი გაატარა, ხან უდაბნოში იყო და ხან ლავრაში. ღვთის განგებით მან დაიწყო იერუსალიმის მახლობლად მონასტრის მშენებლობა, რომელსაც ვრის მონასტერი ეწოდება. შეკრიბა იქ 80 ძმა და „განუჩინა მათ წესი და კანონი მონასტრისაჲ, მსგავსადვე წმიდისა საბაჲს ლავრისა.“ ხოლო როდესაც მისი სხეული დაუძლურდა, გამოარჩია მოწაფეთაგან ერთი, გიორგი და და დაადგინა მამასახლისად. თვითონ კი თავის ორ მოწაფესთან ერთად წავიდა „უდაბნოსა არნონს“ და მცირე დროის შემდეგ მიიცვალა. ტექსტის ავტორის თქმით, „დავაწესეთ, რაჲთა იანვარსა ი˜ზ გარდაიჴდიდეს საჴსენებელსა მისსა.“
ლუკა მუხაჲს-ძის მარტვილობა
თხზულების სათაური: [წამებაჲ] წმიდისა მამისა ჩუენისა ლუკაჲსი
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: მოღწეულია ერთადერთი სვინაქსარული ვერსია. ტექსტის შემცველი მე-14 საუკუნით დატარიღებული ფურცელი ჩაკერებულია XI-ს.- დიდი სვინაქსარის ხელნაწერში (ხელნ. Jerus. 24; გაბიძაშვილი 2010, გვ. 203). დონალდ რეიფილდის თქმით, ეს ხელნაწერი, რომლის ზუსტი ნომერიც მკვლევარს მოცემული არა აქვს 1320 წლით უნდა თარიღდებოდეს (Rayfiled, 2012, გვ. 778)
კორნელი კეკელიძე ვარაუდობს, რომ არსებობდა თხზულების ვრცელი ვერსიაც, რომელიც დღეს დაკარგულია და რომლიდანაც უნდა მომდინარეობდეს შემონახული სვინაქსარული ტექსტი (კეკელიძე 1980, გვ. 541).
თხზულების ავტორი: უცნობი პირი, იერუსალიმელი მოღვაწე.
თხზულების დაწერის დრო: XIII-XIV სს (გაბიძაშვილი 2010, გვ. ) 1273-1320 (Rayfiled, 2012, გვ. 781)
თხზულების მოკლე შინაარსი: თხზულებაში აღწერილია თავგადასავალი ლუკასი, რომელიც იყო “ნათესავით ქართველი, ნათესავთაჲთ და მშობელთაჲთ პატიოსანი და წარჩინებული მუხაჲს-ძე” (კორნელი კეკელიძის თანახმად, შვილი მუხა აბაშიძისა; კეკელიძე 1980, გვ. 540). მამის გარდაცვალების შემდეგ დედას შვილები მიუტოვებია და იერუსალიმში აღკვეცილა მონაზვნად. როდესაც ლუკა გახდა 20 წლის, მან მიატოვა ძმები და იერუსალიმს გაეშურა წმინდა ადგილების მოსალოცად და დედის სანახავად. ის იერუსალიმში დარჩა და მალევე ჯვრის მონასტრის წინამძღვრად იკურთხა. ამ დროს გამოჩნდა „კაცი ყოვლითურთ ეშმაკშემოსილი სპარსი,“ სახელად შეხ ჴიდარი, რომელმაც სულტან ფუნდურ[უხ]ტინს (სულთნობდა 1260-1277 წლებში) ჯვრის მონასტერი გამოსთხოვა. „ვითარცა მჴეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲ შეარჩინა არცა მონასტრით და არცა თჳსაჲ,“ ხოლო ლუკა მონასტრიდან გააძევა. როცა ეს მოხდა, ლუკა, რომელსაც იერუსალიმში არაბული შეესწავლა, „სურტანსა წინაშე საურავად წარსრულ იყო მონასტრისა.“
ქრისტიანებმა ლუკას ამცნეს, რომ შეხ ჴიდარს მისი შეპყრობა და მოკვლა სურდა და გაქცევა უჩიეს. გაქცევის ნაცვლად ლუკა შეხ ჴიდარს თავისი ნებით შეხვდა, „რაჲთა განუტევნეს ძმანი და მისგან ითხოვის, რაჲცა უნებს.“ ურჯულომ მას მხოლოდ ქრისტიანობაზე უარის თქმა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სანაცვლოდ კი „ამირობასა და ტაძრის თავადობასა და სხუასა მრავალსა“ სთავაზობდა. უარის მიღების შემდეგ შეხ ჴიდარმა ბრძანა მისთვის თავის მოკვეთა. მაშინ მოხდა სასწაული, ვინაიდან მოკვეთილმა თავმა ხმა ამოიღო, გაიცინა და მადლობა შესწირა ღმერთს, რის შემდეგაც მისი გვამი ცეცხლში დაწვეს, „რომლისა ნაცარსა ნამწუარსა მისსა თჳთ იგივე სპარსნი განჰკრებდეს ევლოგიად და საკურნებელად სენთა.“
ნიკოლოზ დვალის წაჲელის მარტვილობა
თხზულების სათაური: [წამებაჲ] წმიდისა ახლისა მოწამისა ნიკოლოზ დვალისაჲ
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: მოღწეულია ერთადერთი სვინაქსარული ვერსია, რომსაც შეიცავს XIV საუკუნით დათარიღებული ფურცელი ჩაკერებულია XI ს.-ს დიდი სვინაქსარის იმავე ხელნაწერში და იმავე გვერდზე, სადაც მოთავსებულია ლუკა მუხაჲს ძის წამება.
თხზულების ავტორი: უცნობი პირი, სადაურობით წაჲელი და იერუსალიმელი მოღვაწე XIII-XIV სს.
თხზულების დაწერის დრო: სავარაუდოდ XIV ს. (1314 წლის შემდგომ)/1314-1320 (Rayfiled, 2012, გვ. 778)
თხზულების მოკლე შინაარსი: ნიკოლოზი იყო დვალი, ანუ დვალეთიდან, დიდი ლიახვის ხეობიდან, ოსეთიდან; სოფლიდან, “რომელსა ეწოდების წაჲ, შვილი მორწმუნეთა მშობელთაჲ და მოსავთა წმიდისა ნათლის-მცემელისათა[ჲ], რომელსა საშოჲთგანვე დედისაჲთ შესწირეს.” როდესაც ყრმა 12 წლის გახდა, იგი მონაზვნად აღიკვეცა „უდაბნოთა კლაჯეთისათა,“ სადაც მცირე ხანი დაჰყო. შემდეგ წმინდა ადგილის თაყვანისცემის სურვილი გაუჩნდა, იერუსალიმში წავიდა და დარჩა ჯვრის მონასტერში. ვინაიდან, როგორც ტექსტი გვამცნობს, ნიკოლოზს მოწამეობის სურვილი ჰქონია, მან „პოვა თარგმანი სპარსი ვინმე კაცი და მოტყუებით ყადისსა მიიყვანა და მანდა აღიარა ღმრთეებაჲ ქრისტესი და მრავალნი საგმობნი სიტყუანი უთხრნა სჯულისა მათისანი,“ რამაც მუსულმანთა წყრომა გამოიწვია და შედეგად, „მრავალნი ცემანი და ტანჯვანი დაითმინა.“
გამოიხსნეს ძმებმა და კვიპროსზე გაგზავნეს, სადაც მან დაახატვინა წმინდა ნათლის-მცემლის ხატი და გამუდმებით მის წინაშე ლოცულობდა. კვიპროსიდან მას ათონზე უნდოდა წასვლა, მაგრამ ლოცვისას მოესმა ხატისგან ხმა, რომელმაც უთხრა: „ნოკოლოზ, შენ მთაწმიდას რაჲ საქმე იგიც, არამედ აღდეგ და იერუსალიმს წარვედ და მანდა არს ბერი ქართველი და მან გასწაოს გზაჲ ცხორებისაჲ და წამებისა გზასა მან განგამტკიცოს, რამეთუ მისდა ბრძანებულ არს შენთჳს, რაჲცა გმართებდეს.“
ბრძანების აღსრულების შემდეგ ბერმა იგი დამასკოში გაგზავნა, სადაც მან კვლავ საჯაროდ, მაჰმადიანთა სალოცავში დაგმო ისლამი, რამაც მაჰმადიანთა გაბრაზება გამოიწვია. მათ სცემეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტიანებისა და მიტროპოლიტის შემწეობით იგი გაათავისუფლეს, მაგრამ ნიკოლოზი ისევ დაბრუნდა მაჰმადიანთა სალოცავში და კვლავ დაგმო მათი რჯული. ამჯერად მას „ხუთასი შოლტი ჰკრეს და საპყრობილედვე შეაყენე,“ სადაც ორი თვე დაჰყო. ქრისტიანების ძალისხმევით კვლავ განთავისუფლდა და იერუსალიმში აპირებდა დაბრუნებას. მაგრამ იმ დროს იქვე იყო ქალაქის ამირა, რომელმაც იცნო მათი რულის მაგინებელი, შეიპყრო და „ამირათა ამირა დენგიზს“ (გარდ. 1340 წ.) გაუგზავნა, რომელმაც რჯულის შეცვლა შესთავაზა. მაგრამ არც მლიქვნელობამ გაჭრა და არც მუქარამ; ამ შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ, ნიკოლოზ დვალს თავი მოჰკვეთეს. ტექსტის თანახმად, „აგრეთვე თავმან მისმან მოკუეთილმან ჴმა-ყო შჳდგზის, თუ: „დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელსა ზედა სპარსნი დიდად განკჳრდეს, და გუამი მისი ცეცხლითა დაწუეს.“ მისი წამების ადგილას სამი დღე იდგა ნათლის სვეტი.
ეს ამბავი მომხდარა „თუესა ოკდომბერსა ი˜თ, დღესა სამშაბათსა, ქორონიკოსა ბ˜ (1314 წელს).
ნაწილი მეორე: XVII-XVIII საუკუნეში შექმნილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები:
შიო გარეჯელის წამება
თხზულების სათაური: წმიდისა მღდელ-მოწამისა შიოსი და მოყუასთა მისთა. თხზულება წარმოადგენს წმინდანის ხსენების დღეს, 1 ივნისს მოსახსენებელ სვინაქსარულ ტექსტს.
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის MS A-1367, 1700 წ.
თხზულების ავტორი: სვეტიცხოვლის ქადაგ-არქიმანდრიტი, ნიკოლოზ მაღალაშვილი.
თხზულების დაწერის დრო: ნაწარმოები შექმნილია ამბის თვითმხილველის, ნიკოლოზ მაღალაშვილის მიერ მისი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდში (1697-1702წწ.).
თხზულების მოკლე შინაარსი: ამ სვინაქსარული, ანუ ლიტურგიკული დანიშნულების თხზულებაში გადმოცემულია გარეჯის მონასტრის მონაზონისა და მოწამის - შიოს ხსენების დღის განგება, სვინაქსარული წამებით და საგალობლებით. თხზულებაში აღწერილია შიოს და კიდევ ხუთი მონაზონის ლეკებისაგან დახოცვის ამბავი, რომელიც მომხდარა XVII ს. მიწურულს.
კახეთის დედოფლის, ქეთევანის წამება
თხზულების სათაური: წამებაჲ ყოვლადდიდებულისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ
თხზულების ავტორი: გრიგოლ ვახვახიშვილი დოდორქელი, XVII საუკუნის გასულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის დოდორქის მონასტრის მოღვაწე.
არსებობს წამების სხვა ვერსიებიც, მათ შორის ანტონ კათალიკოსის მიერ დაწერილიც (თხზულება შეადგენს ანტონის მარტირიკის I სიტყვას), მაგრამ მაგრამ ამ ტექსტში, ანტონისავე თქმით, ამბავი აღწერილია „ვრცლად და წესივრად, ბრწყინვალედ, არა ბნელად.“ (კეკელიძე 1980, გვ. 343)
თხზულების დაწერის დრო: კორნელი კეკელიძის ვარაუდით, 1703-1713 წწ.
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი:
თხზულების მოკლე შინაარსი:
კათალიკოსების ბესარიონ ბარათაშვილი-ორბელიშვილისა და ანტონ I-ის მიერ დაწერილი თხზულებანი (რომელთა განსხვავებული ორიგინალი არ იძებნება):
რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა (იხ. სპარსელ მარტვილთა ციკლი)
ისე წილკნელის ცხოვრება (იხ. ასურელ მამათა ციკლი)
ანტონი მარტომყოფელისა და ხარისა მარტომყოფელისა სვინაქსარი (იხ. ასურელ მამათა ციკლი)
იოსებ ალავერდელის ცხოვრება (იხ. ასურელ მამათა ციკლი)
დოდო გარეჯელის ცხოვრება (იხ. ასურელ მამათა ციკლი)
ლუარსაბ მეფის წამება
თხზულების სათაური: ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა მოწამისადა მეფისა ლუარსაბისი, რომელი იწამა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ სპარსთა მეფისა
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: S 3269, 1720-იანი წლები
თხზულების ავტორი: ბესარიონ ორბელიშვილი. ნაწარმოები უნდა დაეწერა 1735 წლამდე (1788 წლამდე)
არსებობს აგრეთვე ლუარსაბის წამების მოკლე სვინაქსარული რედაქციაც, რომელიც შეტანილია 1713 წლით დათარიღებულ A 130, ხელნაწერში და რომელიც ბესარიონის თხზულებაზე ადრეა დაწერილი (მიეწერება გრიგოლ დოდორქელს).
ლუარსაბის წამება აღწერილი აქვს აგრეთვე ანტონ კათალიკოსს (სიტყვა II).
თხზულების დაწერის დრო: XVIII საუკუნის ოციანი წლები
თხზულების მოკლე შინაარსი: ნაწარმოები აღწერს ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის (1592-1622 წ.წ.) მოწამებრივ ღვაწლს.
1614 წელს შაჰ-აბაზმა კახეთი ააოხრა და 300 000 ოჯახის ფერეიდანში გადაასახლა. ყმაწვილი მეფე, რომელსაც ოსმალთა სულთნის დახმარების იმედი ჰქონდა, ქართლიდან იმერეთში გადავიდა. იმისათვის, რომ შაჰ-აბაზს ქართლშიც არ აეოხრებინა, მალევე გამობრუნდა და შაჰის წინაშე წარსდგა, რომლისაგანაც ხელშეუხებლობის პირობა ჰქონდა მიღებული. მაგრამ შაჰმა პირობა დაარღვია, ყარაიაში სანადიროდ წაყვანილი ლუარსაბის კარავს მცველები დაუყენა და, ფაქტობრივად პატიმრად აიყვანა იმ მიზეზით, რომ მასზე თითქოსდა თავდასხმა მზადდებოდა. შემდეგ ირანში წაიყვანა და & წლით შირაზის ციხეში გამოკეტა. შაჰი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ლუარსაბი ისლამზე გადაეყვანა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, სავარაუდოდ 1622 წლის 20 მარტს, შაჰმა იგი ციხეში მშვილდის საბლით დაახრჩო.
ნაწარმოები გამდიდრებულია თევდორე მღვდლის თავგანწირვისა და ლუარსაბ მეფისე ყირიმელი თათრების თავდასხმისაგან (რომლებიც საქართველოზე გავლით ბაღდადიდან ყირიმში ბრუნდებოდნენ) გადარჩენის ამბავი, რომელიც მრავალ საისტორიო წყაროშია ნახსენები; თუმცაღა, ბესარიონთან ამ გმირობას არა თევდორე, არამედ სვიმეონ ხუცესი ჩადის (გაბიძაშვილი 2001).
ბიძინა ჩოლოყაშვილისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების წამება
თხზულების სათაური: შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისაჲ
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: S 3269, 1720-იანი წლები.
თხზულების ავტორი: ბესარიონ ორბელიშვილი
წამების მეტაფრასული ვერსია ორბელიშვილის თხზულებისა და საისტორიო წყაროებში შემონახული ინფორმაციის (მოკლე ცნობები დაცულია ფარსადან გორგიჯანიძისა და ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიოგრაფიულ თხზულებებში) შეუქმნია ანტონ კათალიკოსს (სიტყვა IX).
არსებობს ამ წამების ორი სვინაქსარული რედაქცია. გარდა ამისა, ჩვენამდე შემონახულია წმინდანებისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული საგალობლებიც, რომლებიც ნიკოლოზ თბილელს, ანტონ I-სა და იესე ქსნის ერისთავს - შალვა მოწამის ძმისწულს, დაუწერიათ.
თხზულების დაწერის დრო: XVIII საუკუნის ოციანი წლები
თხზულების მოკლე შინაარსი: თხზულებაში აღწერილია კახეთის 1659 წლის აჯანყების ორგანიზატორთა და მოთავეთა თავგანწირვა და გმირული აღსასრული. როგორც უკვე ვახსენეთ, 1614 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთი დაარბია და 300 ათასი ქართველი ფერეიდანში გადაასახლა, რასაც მოჰყვა შაჰ-აბას II-ს მიერ კახეთში თურქმენ-ულუსთა ჩამოსახლება. ამ გზით შაჰს კახეთში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის თანდათანობით გამაჰმადიანება ჰქონდა ჩაფიქრებული. სპარსელების ამ ჩანაფიქრს წინ აღუდგნენ ქართველები, რასაც მოჰყვა კახეთის აჯანყება, რომლის სათავეშიაც იდგა კახეთის მეფის სუფრაჯი, ბიძინა ჩოლოყაშვილი. მისი მხარდამჭერებიც იყვნენ ქსნის ერისთავი ელისბარი და მისი ძმისწული შალვა, რომელიც ნაშვილები ჰყავდა. მათი მეთაურობით შეკრებილმა ლაშქარმა გაანადგურა კახეთში მყოფი მაჰმადიანების (ჩამოსახლებული მაჰმადიანური მოსახლეობისა და სპარსელთა სამხედრო გარნიზონის) ძირითადი ნაწილი, გადარჩენილებმა კი თავს გაქცევით უშველეს.
განრისხებულმა შაჰ-აბას II-მ კახეთის მეფეს, შაჰნავაზად წოდებულ ვახტანგ V-ს უბრძანა აჯანყების მეთაურთა მასთან გაგზავნა; მისი სიტყვის აუსრულებლობის შემთხვევაში კი შემოსევითა და კახეთის სრული განადგურების იმუქრებოდა. აჯანყების მოთავეებმა, ქვეყნის განსაცდელიდან დახსნის მიზნით, გადაწყვიტეს ნებაყოფლობით ხლებოდნენ შაჰს; თუმცაღა, ფორმალურად ყველაფერი ისე მოაწყვეს, თითქოს ისინი ვახტანგის შეპყრობილები და გაგზავნილები იყვნენ. შაჰმა მათი ბედი იმ სულთანს მიანდო, ვინც მათ ხელთ დაუსხლტა, თუმცა მათი მაჰმადიანობაზე მოქცევაც უბრძანა, რათა შემდგომში მათი საომარი ნიჭი გამოეყენებინა. უარის შემთხვევაში კი სულთანს მათი სიკვდილით დასჯა ჰქონდა ნაბრძანები. ვერც სპარსელთა მლიქვნელობამ და ვერც უმძიმესმა ტანჯვამ ვერ გამოიღო შედეგი. მაშინ სპარსელებმა ბიძინას გატეხის მიზნით მის თვალწინ ელისბარსა და შალვას თავები მოჰკვეთეს და ნაწილებად დაჭრეს. ბიძინა კიდევ უფრო განამტკიცა სასტიკი ტანჯვის შემდეგ ბიძინას სხეული ნაწილ-ნაწილ დაჭრეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. წმიდანთა აჩეხილი გვამები სპარსელებმა გარეთ დაყარეს, მათ კი მრავალი ანთებული ლამპრის მსგავსი ნათელი გამოსცეს. ქრისტიანებმა ღამით წმიდათა ნაწილები მოიპარეს და ერთად დამარხეს, მოგვიანებით კი შალვას მეუღლემ და შვილმა მათი თავმოკვეთილი ნეშტები ქართლში ჩამოასვენეს და ერთ სამარეში, იკორთის ტაძარში დაკრძალეს (გადმოცემით, წმინდანთა მოკვეთილი თავები სპარსეთშივე მოუპარავთ სომეხ და ფრანგ ქრისტიანებს და საიდუმლოდ დაუკრძალავთ).
ნეოფიტე ურბნელის ცხოვრება
თხზულების სათაური: „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და და ვნებათა წმიდისა მღუდელმოწამისა ნეოფიტე ურბნისის ეპისკოპოსისა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა დავითიან-ბაგრატოვანისა
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორი ხელნაწერი: MS S-1272 1768-1769 წწ. და MS Q-79, 1769 წ.
თხზულების ავტორი: ანტონ პირველი. თხზულება შეადგენს მარტირიკის VI სიტყვას
ნაწარმოებს საფუძვლად უდევს შიო მღვიმელის სასწაულების შემცველი თხზულება (მისი მეცხრე თავი), რომელიც კათალიკოს ბასილს (დიდი პატრიკოსის ვაჩეს ძეს) მიეწერება.
თხზულების დაწერის დრო:1786-1769 წწ.
თხზულების მოკლე შინაარსი: თხზულება მოგვითხრობს IX საუკუნის მეორე ნახევარში არაბთა ერთ-ერთ რაზმის მეთაურის, უმარის ქრისტიანობაზე მოქცევის, გაქრისტიანებისას სახელის ნეოფისტედ შეცვლის, მისი რუისის ეპისკოპოსად კურთხევის. ტექსტის თანახმად, იგი იწამა ბაღდადის ხალიფა ამირ-მუმნისა და ქართლის კათალიკოსის სამოელის დროს. ამ დროს ხალიფამ საქართველოს დასარბევად გამოაგზავნა სარდალი, ვინმე ახმადი. ახმადის მიერ ქართლის ზოგიერთი კუთხის დასალაშქრად გაგზავნილი ერთ-ერთი რაზმის მეთაურებმა ომარიმ და ბურულმა ნახეს სარკინეს გამოქვაბულები და მათში შეღწევა გადაწყვიტეს, ვინაიდან იგი ციხე-სიმაგრე ეგონათ. თუმცაღა, სასწაულის წყალობით ისინი ვერ გადავიდნენ მტკვრის მეორე ნაპირზე, ვინაიდან შიო მღვიმელმა არ დაუშვა, რომ მის მიერ დაარსებულ მონასტერში მტერს ფეხი შეედგა. ამ პერიოდში მათ ერთი ქართველი ჩაუვარდათ ტყვედ, რომლისგანაც არაბებმა გაიგეს, რომ იქ მონასტერი იყო და არა ციხე-სიმაგრე.
ახმადთან დაბრუნებულებმა მათ ეს ამბავი მოუყვეს, რის შემდეგაც ახმადმა უმარი გაგზავნა მონასტერში საჩუქრებით. ომარი იმდენად მოიხიბლა მათი სიწმინდით, რომ გადაწყვიტა ქრისტიანი გამხდარიყო. მართლაც, ერთი თვის შემდეგ ორ სხვა არაბთან ერთად დაბრუნდა მონასტერში და მოინათლა ნეოფიტეს სახელით. ცოტა ხანში იგი რუისის ეპისკოპოსად აკურთხეს. მაგრამ იქ მცხოვრები არაბები ამ ამბავს ვერ შეეგუვნენ და ნეოფიტე ჩაქოლეს.
ათთა ბერთა წამება
თხზულების სათაური: შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა ტფილისს ვნებულთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა დავითიან-ბაგრატოვანისა
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორი ხელნაწერი: MS S-1272 1768-1769 წწ. და MS Q-79, 1769 წ.
თხზულების ავტორი: ანტონ I კათალიკოსი. თხზულება წარმოადგენს „მარტირიკის“ XIII სიტყვას.
ტექსტი წარმოადგენს ანტონის მიერ ქართულ საისტორიო წყაროებში არსებულ მწირ ცნობებზე დამყარებულ და „შესხმითი“ სტილით დაწერილ მეტაფრასული თხზულებას.
თხზულების დაწერის დრო: 1768-1769 წწ.
თხზულების მოკლე შინაარსი: ნაწარმოებში გადმოცემულია 1225 წელს ჯალალედინის ბრძანებით ხვარაზმელების მიერ თბილისის მოსახლეობის - 100 000 ქრისტიანის დახოცვის ამბავი. მათი სიკვდილის მიზეზი გახდა ფეხით გაეთელათ ქრისტიანული ხატების გათელვის ბრძანებაზე თქმული მტკიცე უარი.
შალვა ახალციხელის მარტვილობა
თხზულების სათაური: შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა მთავრისა ახალციხელის მანდატურთუხუცესისა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა დავითიან-ბაგრატოვანისა
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორი ხელნაწერი: MS S-1272 1768-1769 წწ. და MS Q-79, 1769 წ.
თხზულების ავტორი: ანტონ I კათალიკოსი. თხზულება წარმოადგენს „მარტირიკის“ XVI სიტყვას.
ანტონს მეტაფრასული ტექსტის შექმნისას გამოუყენებია ქართულ საისტორიო წყაროებში, კერძოდ კი, თამარ მეფის ორ ისტორიკოსთან და ჟამთააღმწერელთან არსებული ცნობები შალვა ახალციხელის შესახებ.
თხზულების დაწერის დრო: 1768-1769 წწ.
თხზულების მოკლე შინაარსი: ეძღვნება ბასიანის და შამქორის ბრძოლების გმირსა და თამარ მეფის ერთ-ერთ მხედართმთავარს - შალვა ახალციხელს. რუსუდანის მეფობაში, გარნის ბრძოლაში ქართველების ღალატით დამარცხების შემდეგ იგი ხვარაზმელებს ტყვედ ჩაუვარდა და ქრისტიანობის დათმობაზე სასტიკი უარის შემდეგ იგი ჯალალედინის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
შალვა ახალციხელის აწამეს თბილისის აოხრებამდე ორი წლით ადრე.
თხზულების თანახმად, ძმები ივანე და შალვა ახალციხელები წინ უძღებოდნენ მოწინავე რაზმს ბასიანის ბრძოლაში. მათ დაამარცხეს მტერი, მაგრამ მათ მხარდასაჭერად არ მივიდა ძირითადი ჯარმა ივანე ათაბაგის მეთაურობით, ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო. ძმებმა არ დაიხიეს უკან; შედეგად ივანე მოკვდა, ხოლო შალვა მტერს ტყვედ ჩავარდა. შედეგად, ბრძოლაში დამარცხებად საქართველოს აოხრება მოჰყვა. შალვა ჯალალედინს მიჰგვარე. ხვარაზმშაჰი დიდხანს ეცადა მის გადაბირებას, მაგრამ მტკიცე უარის მიღების შემდეგ საბოლოოდ სიკვდილით დასაჯა
ქვაბთახეველთა მარტვილობა
თხზულების სათაური: შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა დიდთა მოწამეთა, რომელნიცა ბრძანებითა უღმრთოჲსა დემურლანგისათა ლაშქართა მისთაგან დაიწუნეს ეკკლესიასა შინა მონასტერსა დედისა ღმრთისასა ქუაბთაჴევს, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა დავითიან-ბაგრატოვანისა
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორი ხელნაწერი: MS S-1272 1768-1769 წწ. და MS Q-79, 1769 წ.
თხზულების ავტორი: ანტონ პირველის, წარმოადგენს მარტირიკის XVII სიტყვას.
თხზულების დაწერის დრო: 1768-1769წ.წ.
თხზულების მოკლე შინაარსი: აღწერილია მონღოლთა მიერ ქვათახევის მონასტრის ბერთა ეკლესიაში დამწყვდევისა და დაწვის ამბავი საქართველოში მათი 1393 წ. ლაშქრობის დროს. თხზულება წარმოადგენს „მარტირიკის“ მეჩვიდმეტე თავს. ანტონ კათალიკოსს უსარგებლია „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ისტორიული ფაქტებით.
თხზულება იწყება თემურ ლენგის (რომელიც აქ დემურ-ლენგად იწოდება) შემოსევის და თბილისის აოხრების შემდეგ ბაგრატ V-ს დატყვევებისა და მისი მაჰმადიანობაზე გადაბირების მცდელობის შესახებ ამბით. მეფისგან რწმენის შეცვლაზე უარის მიღების მიზეზით თემურ-ლენგმა მრავალი ეკლესია-მონასტერი გადაწვა, მათ შორის ქვაბთახევის მონასტერიც, სადაც თავი ჰქონდათ შეფარებული მონაზვნებს. სწორედ მონასტრისა და მისი მსახური მონაზვნების დაწყვის ამბავია გადმოცემული ანტონის ნაწარმოებში. მისი გადმოცემით, თემურ-ლენგმა ჯერ მათი მაჰმადიანობაზე გადაბირება სცადა, ხოლო უარის მიღების შემდეგ ისინი ცოცხლად დაწვა.
გარეჯელ მონაზონთა წამება
თხზულების სათაური: შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა ღირსთა მოწამეთა გარესჯელთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა დავითიან-ბაგრატოვანისა
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორი ხელნაწერი: MS S-1272 1768-1769 წწ. და MS Q-79, 1769 წ.
თხზულების ავტორი: ანტონ პირველის. თხზულება შეადგენს მარტირიკის X სიტყვას
თხზულების დაწერის დრო: 1768-1769 წწ.
თხზულების მოკლე შინაარსი: თხზულებაში აღწერილია მაჰმადიან სპარსელთა მიერ XVI-XVII სს. მიჯნაზე გარეჯელ მონაზონთა ამოხოცვის ამბავი.
ანტონის თქმით, გარეჯელი მონასტრები ტრადიციულად იკრიბებოდნენ ხოლმე აღდგომის ეკლესიაში და იქ აღნიშნავდნენ სააღდგომო ლიტურგიას. ეს ამბავი იცოდნენ ყარაიის მიდამოებში ჩამოსახლებულმა სპარსელებმაც., რომლებიც აღდგომის ღამეს თავს დაესნენ მონასტერს და გაძარცვეს იგი, 6000 ბერს კი რჯულის შეცვლა შესთავაზეს და უარის მიღების შემდეგ კი მოკლეს. შემთხვევით გადარჩენილმა მონაზვნებმა შემდეგ მათი ნეშტები შეაგროვეს და ერთად დაკრძალეს, ბერად შემდგარმა ალექსანდრე კახთა მეფემ კი მათ საფლავზე სამარტვილე ააშენა.
ამ პერიოდიდან შემორჩენილია აგრეთვე გაბრიელ მცირის (გარდ. 1802 წლის 11 მარტს) მიერ დაწერილი ორი თხზულება:
ცხოვრება სქიმოსან ონისიფორესი
თხზულების სათაური: ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა სქემოსან ონისიფორესი.
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკის ხელნაწერი N 8
თხზულების დაწერის დრო: 1786-1787 წ
თხზულების მოკლე შინაარსი: თხზულება ეძღვნება გაბრიელ მცირის ახალგაზრდობაში გარდაცვლილ მოწაფეს.
თხრობაჲ პორფირისათვჳს
თხზულების სათაური: მოკლე თხრობაჲ თვით პორფირისათვჳს
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკის ხელნაწერი N 8
თხზულების დაწერის დრო: XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედი
თხზულების მოკლე შინაარსი:
XIX საუკუნეში იწერება აგრეთვე ორი ჰაგიოგრაფიული თხზულება:
გარეჯელ მამათა წამება
თხზულების სათაური: წამება წმიდათა მამათა შემოკლებული ისტორია
თხზულების ავტორი: მღვდელ-მონაზონი ისაკი
თხზულების დაწერის დრო: 1853 წელი
თხზულების გამოქვეყნებულია „საქართველოს მახარებელში“ 1853 წელს.
თხზულების მოკლე შინაარსი: თვითმხილველის მიერ აღწერილი 1851 წელს ლეკების მიერ გარეჯის მონასტრის დარბევისა და ბერთა მოსვრის ამბავი
ცხოვრება ქრისტესია მონაზონისა
თხზულების სათაური: ცხოვრება და მოქალაქეობა სანატრელი მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრებდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემლისასა, გარერჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა
თხზულების ავტორი: სპირიდონ გრძელიშვილი
თხზულების დაწერის დრო: 1880 წელს
თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის MS H-40, 1892 წ.
თხზულების მოკლე შინაარსი:
ბიბლიოგრაფია
კეკელიძე 1980, გვ. 342-343, 381-354, 540-543
გაბიძაშვილი 2010, გვ. 203-206
გაბიძაშვილი, ენრიკო 2001. „ქართული ჰაგიოლოგიის ისტორიიდან“ მწიგნობარი 1: 166-176. Repr.: მისივე, შრომები, ტ. 3. 274-280
გაბიძაშვილი, ენრიკო 1980. „ანტონ I-ის ჰაგიოგრაფიული თხზულებები მარტირიკის შემადგენლობაში.“ ძეგლები VI, გვ. 498-510. Repr.: “II: ახალი ჰაგიოგრაფიული თხზულებები მარტიკიკის შემადგენლობაში.“ სტატიაში: „ანტონ I-ის ჰაგიოგრაფიული თხზულებები მარტირიკაში.“ წიგნში: მისივე, შრომები. ტ. 1. გვ. 396-422
გაბიძაშვილი ენრიკო და მიხეილ ქავთარია 1989. „XVIII საუკუნის ქართული ჰაგიოგრაფია.“ წიგნში: ძეგლები 5. თბილისი: მეცნიერება, გვ. 136-201
გაბიძაშვილი ენრიკო 1968. „2. იერუსალიმის ჯვარის მონასტრის ქართველი მოღვაწეები.“ ნაკვეთში: „XI-XIV საუკუნეების სვინაქსარული ცხოვრებანი.“ წიგნში: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი IV. სვინაქსარული რედაქციები (XI-XVIII სს.). თბილისი: მეცნიერება, გვ. 96-125
Rayfiled, Donald 2012. “The Life of St Nik’oloz Dvali,” “The Life of St Lika of Jerusalem.” In Christian-Muslim Relations. A Bibliographical History. Vol. IV (1200-1350). Ed. by David Thomas and Alex Mullet, with Juan Pedro Monferrer Sala et al. Leiden-Boston: Brill, 778-780; 781-783.