მენიუ

თეა შურღაია

ვისრამიანი

თხზულების სათაური:   „ვისრამიანი“

სპარსული ორიგინალის სათაური:  „ვის ო რამინ” („ვისი და რამინი”)

ტექსტის შემცველი ხელნაწერები:  XVII-XIX სს.

დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ  ცენტრში A (S 27), B (S 17), C (S 3702), D (H716), E (H 1211ა), F (H 218), G (S 96), H (H 295), J (H 1728), K (H 2216), L (S 102), a (H1211ბ), b (N 2698), e (N 80); საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - M (Q 355), N (Q 479); O - თელავის ნუსხა (XVII ს.), P (სანკტ-პეტერბურგის აზიის ხალხთა ინსტიტუტის ნუსხა -  M7, 1805 წ.; მისგან გადმოწერილი E 71); Q - სანკტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ნუსხა (XVII ს.); R - საქართველოს ცენტრალური არქივის ნუსხა N520 (XVIII ს.). ხელნაწერთა საერთო რაოდენობა - 21. 

ქართული ტექსტის  დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია, აგრეთვე, არჩილ მეორის (1647-1713) მიერ გალექსილი „ვისრამიანი” (გალექსილია თხზულების დაახლოებით მეოთხედი, მხოლოდ დასაწყისი, მთავრდება „ვისისა და რამინის ერთად შეყრით” - სულ 722 სტროფი). გალექსილი ტექსტიდან ირკვევა, რომ არჩილს ხელთ ჰქონდა დღეს ცნობილ ხელნაწერებზე უფრო სანდო და, შესაძლოა, უფრო ადრინდელი ნუსხა (ა. გვახარია, მ. თოდუა; ი. კალაძე). 

რედაქციები:  1884 (ილ.ჭავჭავაძე, ალ. სარაჯიშვილი, პ. უმიკაშვილი); 1938 (ალ. ბარამიძე, პ. ინგოროყვა, კ. კეკელიძე); 1960 (ივ. ლოლაშვილი); 1962 და 1964 (ალ. გვახარია, მ. თოდუა).

ქართული ხელნაწერების დახმარებით (სპარსულ ნუსხებთან ერთად)[1] მ. თოდუასა და ა. გვახარიას მიერ დადგენილი „ვის ო რამინის“ სპარსული კრიტიკული ტექსტი ყველა ვარიანტის მითითებით გამოიცა 1970 წ. თეირანში. ეს იყო ორიგინალის მეოთხე (I. W. Nassau Lees, Calcutta, 1865; II. M. Minovi, Tehran, 1314/1935; III. Moḥammad Jaʿfar Mạḥjub, Tehran 1337/1959) რედაქცია. ბოლო, მეხუთე რედაქცია ეკუთვნის მ. როუშანს (თეირანი, 1377/1998).

1914 წ.  ლონდონში გამოიცა „ვისრამიანის” ოლივერ უორდროპისეული ინგლისური თარგმანი.  1949 და 1960 წლებში დაიბეჭდა ს. იორდანიშვილისეული რუსული თარგმანი (ფრაგმენტული რუსული თარგმანი, შესრულებული ბ. რუდენკოს მიერ, 1938 წ. გამოქვეყნდა). 1957 წ. გამოვიდა რუთ ნოიკომისა და კიტა ჩხენკელის გერმანული შემოკლებული, ხოლო 1991 წ. ლაიფციგში დაიბეჭდა ნ.ამაშუკელისა და ნ. ხუციშვილის მიერ შესრულებული სრული თარგმანი. 

ორიგინალური თხზულების („ვის ო რამინ”) დაწერის დრო: 1042-1055 წწ.

ქართულად გადმოღების დრო: XII სს.

1 ქართველმა მკვლევრებმა ვერ გაითვალისწინეს ბომბეის ნუსხის მონაცემები, რადგან ის ხელთ არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ბომბეური ხელნაწერი ნაკლულია. მოგვიანებით, მისი მონაცემები შედარდა არსებულ სპარსულ ნუსხებს და დადგინდა განსხვავებული წაკითხვები. იხ.: მ. ბურჯანაძე, მ. თოდუა, ხ. თოდუა, თ. ლეკვეიშვილი, თ. შურღაია „ვის ო რამინის ბომბეური ხელნაწერის მნიშვნელობა ამ ძეგლის აკადემიური ტექსტის დადგენისათვის”, ილიაუნის გამომცემლობა, 2012. 

„ვისრამიანის” დათარიღებისას ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ პოემის გმირების სახელები უკვე XIII საუკუნიდან ცნობილია ქართული მხატვრული თუ საისტორიო მწერლობისთვის („ვეფხისტყაოსანი”, „აბდულმესიანი”, „თამარიანი”, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”). ნ. მარი ძეგლს XI-XII საუკუნეებით ათარიღებდა. კ. კეკელიძის აზრით, „ვის ო რამინის“ თარგმნა თამარ მეფის ხანაში უნდა მომხდარიყო, რადგან სამოხელეო ტერმინები, რომლებსაც ძეგლში ვხვდებით, „ისტორიანი და აზმანის“ ტექსტამდე არ ჩანს. დ. კობიძე, ძეგლის ლექსიკის ანალიზის საფუძველზე, ასკვნის, რომ „ვისრამიანი“ ოდებსა და „ვეფხისტყაოსანზე“ გაცილებით ადრე ითარგმნა ანუ მაშინ, როცა ქართულ სალიტერატურო ენაში სპარსული ლექსიკის მოძალება ჯერ არ შეინიშნებოდა. (კობიძე 1983: 341).  

თხზულების ავტორი:  ფახრ ად-დინ ას’ად გორგანი (ქართ. ვერსიით - ფახფურ ჯორჯანელი)

პოემის ავტორის შესახებ ინფორმაცია იმით შემოიფარგლება, რასაც თვითონ ამბობს თხზულებაში. „ვის ო რამინი” ჯერ კიდევ ახალგაზრდამ შექმნა ისპაჰანის მმართველის ‘ამიდ ად-დინ აბუ ლ-ფათჰის მითითებით. ვარაუდობენ, რომ გორგანი ცნობილი პოეტი ან დიდი თანამდებობის პირი უნდა ყოფილიყო; სცოდნოდა საშუალო სპარსული (ფალაური) და თავისი დროის მეცნიერებები. მოჰამად ოუფი ანთოლოგიაში „ლობაბ ალ-ალბაბ“ (XIII ს.) პოეტის სახელის ორ არაბიზირებულ ვარიანტს უთითებს (ფახრ ად-დინ ას’ად ჯურჯანი / ფახრ ად-დინ ჯურჯანი. - შდრ. ქართ.), აქებს მას, მსოფლიო დონის პოეტად მოიხსენიებს და შენიშნავს: „მისი სრულყოფილი ცოდნა, მშვენიერი ხელოვნება, უდიდესი გამჭრიახობა, ლექსის დახვეწილობა „ვის ო რამინის“ შეთხზვაში გამოვლინდა...“ (როუშანი 2007).

ქართველი მთარგმნელი:  ლიტერატურული ტრადიციით - სარგის თმოგველი

ჟანრი: სამიჯნურო რომანი

თხზულების ენა:

„ვისრამიანის” ქართულ ტექსტს საუცხოოდ აქვს დაცული ქართული ლიტერატურული ენის ნაციონალური კოლორიტი და კლასიკური სისწორე. […] ქართული რედაქციის ენა კლასიკური ეპოქის ქართული ლიტერატურული ენის სრულყოფილი ნიმუშია.” (კეკელიძე, ბარამიძე, 1969:207).

თხზულების იდეური მხარე:

„ვისრამიანის” ძირითადი იდეა - სიყვარულის აღმატებულობა, ბედისწერის გარდაუვალობა და სამართლიანობა - ტექსტში ასეა ფორმულირებული:

  • ვინცა მიჯნური არაა, არცა კაცია;
  • ყოველი საქმე ბედისაგან მოვა კაცსა ზედა, მაგრა ვინცა ავი ქმნა, ავი წაეკიდა!
  • საწუთროს საქმე და მუხთლობა დაუთუალავია; საწუთრო ასრე ნასკუთა შეჰკრავს, რომელი ათასი ცნობა და გონება იყოს, ვეღარ გაჴსნის.

ი. კალაძის აზრით, „გორგანის პოემის ძირითად იდეურ კონცეფციებს ლიტერატურული ესტეტიკის თვალსაზრისით მისაღებად ხდის თხზულების დ ი დ ი  მ ხ ა ტ ვ რ უ ლ ი  ს ი მ არ- თ ლ ე. ფსიქოლოგიზმი, რეალიზმი, ჰუმანიზმი… (კალაძე 1973: 91)

„ვის ო რამინის” ძირითადი იდეა უმაღლესი სამართლიანობაა, ხოლო თხზულების მთავარი ღერძი - სიყვარული.” (მამაცაშვილი 1977:62)

[„ვისრამიანმა“] „ლიტერატურაში მოიტანა საკუთარი, პიროვნული განცდების მქონე ადამიანის პრობლემა და მხატვრულად დაასაბუთა თავისუფალი სიყვარულის ბუნებრივი უფლება, რაც საკმაოდ გვიან, შუა საუკუნეთა დასასრულს მსოფლიო რაინდულ რომანში სიყვარულის კოდექსის ამოსავალ თეზისად იქცა. მან პირველმა აქცია მწერლობის თემად კონფლიქტიანი სიყვარული, რომელიც ფაქტობრივად სამი პიროვნების გაერთიანებას წარმოადგენს - მოტყუებული ქმარი, მოღალატე ცოლი და საყვარელი.“ (იმედაშვილი 1989:227).

კომპოზიცია:

 „ვისრამიანი” თავებად (ამბებად) დაყოფილი სპარსული პოემის („ვის ო რამინ”) ქართული პროზაული გადმოღებაა. ორიგინალთან შედარებით (127 თავი), მას აკლია დასაწყისი და ბოლო. მკვლევრები, რომლებიც ამ ძეგლს ორიგინალის თავისუფალ თარგმანად მიიჩნევენ, ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ ამ ფაქტს იშველიებენ. თუმცა, თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ვისრამიანის” ქართველმა მთარგმნელმა შეგნებულად გამოტოვა ტექსტის ის ნაწილები, რომლებიც ქართველ მკითხველს არაფერს აძლევდა და არც თავად თხზულების შინაარსთან ჰქონდა მჭიდრო ბმა. დასაწყისი თავები („ქება უფლისა”, „ქება მოჰამად მოსთაფასი - დაე იყოს მშვიდობა მასზე!”, „ქება სულთან აბუ თალებ თოღროლბეგისა”, „ქება ხოჯა აბუ ნასრ მანსურ ბენ მოჰამადისა”, „სულთნის მიერ ქალაქ ისპაჰანის აღება”, „ქება ამიდ აბუ ლ-ფათჰ მოზაფარისა”, „სულთნის მიერ ისპაჰანის დატოვება და ამბავი ამ წიგნის მთქმელისა”) სპარსული პოეტური ეტიკეტისათვის აუცილებელი იყო, მას ირანელი ავტორი ვერ ასცდებოდა. ქართველმა მთარგმნელმა „დაწურა”  „ზედმეტი” ნაწილები, დატოვა მხოლოდ ამბავი („დასაწყისი ვისისა და რამინისა”) - როგორ იშვა „ვის ო რამინის” შეთხზვის იდეა სულტან ტუღლურბეგის (<თოღროლბეგის) გარემოცვაში.

ბოლო თავს („წიგნის დასასრულისთვის თქმული”), რომელიც აკლია ქართულ ტექსტს, არც ვისისა და რამინის ამბავთან აქვს უშუალო კავშირი და არც ქართველი მკითხველისთვის იქნებოდა საინტერესო. „ზედმეტი ნაწილების” მოშორების შემდეგ ქართული თარგმანი კომპოზიციურად უფრო შეკრულ მთლიანობად წარმოგვიდგება.   

ქართველი მთარგმნელი გამონაკლისი არ არის. ფახრ ად-დინ ას’ად გორგანისა პოემის 21-ე საუკუნეში შესრულებულ ინგლისურ თარგმანში ირანისტი, პოეტი, პროფ. დიკ (რიჩარდ) დევისი, „ვისრამიანის” მთარგმნელის მსგავსად, პოემის ზუსტად იმ თავებს ტოვებს უთარგმნელად, რომელსაც მისი ქართველი კოლეგა მე-12 საუკუნიდან  - თავებს, რომლებსაც ვისისა და რამინის ამბავთან საერთო არაფერი აქვთ. ეს მთარგმნელის პრინციპული გადაწყვეტილებაა. დ.დევისის ვირტუოზულ პოეტურ თარგმანს (2008) ნამდვილად ვერ დაერქმევა „თავისუფალი”. გორგანის პოემა, ჩანს, სწორედ ასეთ მიდგომას განაპირობებს, მისკენ უბიძგებს აღმოსავლური ლიტერატურული ტრადიციების ბორკილებისგან თავისუფალ მთარგმნელს. 

მკვლევრები ასევე აღნიშნავენ ზოგიერთ სიუჟეტურ შეუსაბამობას როგორც ორიგინალურ თხზულებაში, ასევე, მის ქართულ თარგმანში. ეს შეუსაბამობა უმეტესად ხელნაწერების წარყვნილი ხასიათით აიხსნება. როგორც ქართული, ასევე, სპარსული ხელნაწერები გვიანდელი ხანისაა და ინტერპოლაციების ალბათობა მაღალია, ხშირად - აშკარა. ზოგჯერ ძნელია იმის გარკვევა, ორიგინალისა და თარგმანის ტექსტებს შორის აცდენა მთარგმნელისგან მოდის თუ მის ხელთ არსებული ნუსხის განსხვავებული წაკითხვითაა გამოწვეული.

ფახრ ად-დინ გორგანის „ვის ო რამინი” შეიქმნა ეპოქაში, როცა „ირანი კულტურულად ღრმად ელინიზებული იყო და, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ასეთ პერიოდში შექმნილი რომანი ბერძნულ მოტივებთან და თხრობის ტექნიკასთან მსგავსებას იჩენდა.“ (დევისი 2001: 5). მ. მამაცაშვილიც აღნიშნავს გორგანისეული რეალიზმის ელინისტური ხელოვნების მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამასთან, მისი აზრით, „პოემის უმთავრესი ძალა სწორედ სიყვარულის კოსმიური ძლიერების გამოხატვაში მდგომარეობს, მხოლოდ სიყვარულში იხსნება ადამიანი ბოლომდე.“ (მამაცაშვილი 1977: 62-63). კამერონ კროსი, რომანის თეორიულ ჩარჩოზე საუბრისას, საჭიროდ თვლის თხზულების უფრო ფართო - ტრანსრეგიონული და პოლიგლოსული (ელინო-აბრაამისტული) - კონტექსტის ნაწილად განხილვას (კროსი 2023).

გორგანის პერსონაჟები არ არიან იდეალურნი, არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არ არის. ავტორი არ ალამაზებს მათ, პირიქით, თითქოს ცდილობს, თავისი გმირების ღირსებებთან ერთად, მკითხველს ნაკლიც პირუთვნელად დაანახოს, ყველა შესაძლო ადამიანური სახე აჩვენოს. იქნებ ამიტომაა, რომ ავტორის სიმპათია - ვისი - თხზულების დასაწყისში ჭირვეულ, უზნეო, თავნება, ახირებულ და უკმეხ ახალგაზრდა ქალად ხასიათდება, რომელსაც ძიძა ერთგვარი ირონიით „ქუეყანისა დამამშუენებელ ასულად“ მოიხსენიებს. მოაბადი კი თავიდანვე ყოვლისშემძლე ხელმწიფედ, „ყოველთა თემთა და ქუეყანათა მპყრობლად“, „დიდთა საჭურჭლეთა“, „ჴმელთა და ზღვათა პატრონად“  გვევლინება. მეფე ხარობს, ილხენს და ალხენს, გასცემს, ავსებს დიდსა და პატარას. მართალია, „მას ჟამსა შიგან მისი სიტყუისა უმორჩილო არავინ იყო“, სიუჟეტის განვითარება ცხადყოფს, რომ მოაბადმა ვისი ვერ დაიმორჩილა და, ყველა ბრძოლის მომგებმა, მასთან მარცხი განიცადა. 

გორგანის ამ კომპოზიციურმა სვლამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო „ვის ო რამინის“ მთავარი გმირების შემფასებელთა რადიკალური მოსაზრებების გაჩენას - ვისთვის მოაბადია ყველაზე დადებითი გმირი, ვისთვის - ვისი და მასზე გამიჯნურებული რამინი; ზოგი მიჯნურების ტანჯვას ხედავს, ზოგი - მხოლოდ / ან უფრო მოაბადისას.

სპეციალურ ლიტერატურაში იმაზეც მახვილდება ყურადღება, რომ პოემის სათაური - „ვის ო რამინი“ - კომპოზიციურად თითქოს ერთგვარ შეუსაბამობაშია თხრობასთან: მიჯნურთა მთავარი წყვილი მხოლოდ ხანგრძლივი თავგადასავლის მერე ხვდება ერთმანეთს. როდესაც რამინი სცენაზე აქტიურად გამოდის, ვისისა და ვიროს ამბავი დასრულებულია, მოაბადისა კი ახალი დაწყებული.

***

გ. იმედაშვილი მიუთითებს, რომ „რომანის ფაბულის ნასკვი, რომელიც ქალისა და ტახტისთვის ბრძოლის სქემაზეა აგებული, ისტორიულ შემთხვევათა ანარეკლია და ის იმდენადვეა ლიტერატურული მოტივი, რამდენადაც ისტორიული სინამდვილე.” (იმედაშვილი 1989: 234). თუ რა საშუალებებითა და სიღრმით ასახავს გორგანი თხზულებაში ამ ყველაფერს, ცალკე მსჯელობის საგანია. აქ მხოლოდ ყურადღებას გავამახვილებთ ქართული თარგმანის ერთ ადგილზე, რომელიც ორიგინალის ტექსტში არ იკითხება, მაგრამ მინიშნებაა მოაბადის პოლიტიკურ მიზნებზე. საქმე ეხება ძლევამოსილი მეფის სურვილს, დაუნათესავდეს შაჰროს, რომელიც ლეგენდარული მეფე ჯემშიდის გვარიდან იყო: „შაჰრო უფრო გუარიანი იყო ყარანისაგან. ჯიმშედ მეფე, რომელ ადამს აქეთ მეხუთე ჴელმწიფე ყოფილა, შაჰრო მისი ნატამალი იყო“ (ვისრამიანი 1966: 37). ამ პრობლემას, თუმცა განსხვავებული რაკურსით, მაგრამ კ.კროსიც ეხება თავის მონოგრაფიაში (2023). მკვლევარი შენიშნავს, რომ სპარსულ ორიგინალში ლეგენდარულ მეფე ჯემშიდთან ნათესაობას პირველად ძიძა ახსენებს, როდესაც რამინს ვისის შესახებ ესაუბრება, მერე - მოაბადი, როდესაც შაჰროს გვარს წყევლის და ბოლოს მოაბადის დედა, რომელიც ვისის ერთადერთ ღირსებად მის გვარიშვილობას მიიჩნევს. „ქართული „ვისრამიანი” კი, - ხაზს უსვამს კ. კროსი, - პირიქით, ამ კავშირს იმთავითვე თვალსაჩინოს ხდის” (კროსი 2023: 297).

თხზულების შინაარსი:

შაჰი მოაბადი, შაჰროს მშვენიერებით მოხიბლული, პირობას ჩამოართმევს მას, რომ, თუ ოდესმე ქალიშვილი ეყოლება, მოაბადს მიათხოვებს. ოცდაათი წლის შემდეგ შაჰროს მართლაც გაუჩნდება ულამაზესი ვისი. ძველი პირობა დავიწყებულია. შაჰროს არავისთვის ემეტება მშვენიერი ქალიშვილი და გადაწყვეტს, ვისი ვიროს - საკუთარ ვაჟსა და ვისის ძმას - შერთოს, რაც ზოროასრულ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ჩვეულებრივი ამბავია. ვისი შეიყვარებს ვიროს და ქორწილი გაიმართება.  ქორწილში მოულოდნელად გამოჩნდება მოაბადის მოციქული და ძმა, ზარდი, ვისის წაყვანას მოინდომებს, მაგრამ უარს მიიღებს. საბოლოოდ, მოაბადი შაჰროს საჩუქრებით მოხიბლავს და ვისს დაისაკუთრებს. ქალს მოაბადის დანახვაც არ უნდა და იგლოვს. ძიძის დახმარებით, შაჰს მამაკაცობას შეუკრავენ. ვისს მოაბადის ახალგაზრდა ძმა - რამინი გაუმიჯნურდება, რომელიც შემთხვევით დაინახავს ტახტრევანში მჯდარი ვისის სახეს (თუმცა ბავშვობაში მათ საერთო ძიძა ჰყავდათ და ერთხანს ერთად იზრდებოდნენ). დიდი ხნის მცდელობის შედეგად და იმავე ძიძის დახმარებით, რამინი ბოლოს თავს შეაყვარებს ვისს. იწყება მრავალი დაბრკოლება მიჯნურთა გზაზე, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ გულისწადილის ასრულებას. მოაბადი გაიგებს ძმისა და ცოლის მოღალატეობას. ვისს დედას და ძმას უბრუნებს, თუმცა მერე აპატიებს და დაიბრუნებს. რამინის სიკვდილის დასჯას განიზრახავს, მაგრამ საქმეში მათი დედა ჩაერევა და გადაარჩენს შვილს. მოაბადი ვისს, სიმართლის დასამტკიცებლად, ზოროასტრელთა წესის თანახმად,  ცეცხლით გამოცდას დაუპირებს. მიჯნურები რეიში გაიქცევიან და ერთ-ერთ დიდებულთან შეაფარებენ თავს. მოაბადს და რამინს ისევ დედა შეარიგებს. ვისიც შეჰფიცებს შაჰს, რომ მის ძმასთან აღარაფერი აქვს საერთო. ამასობაში საბერძნეთის იმპერატორი მოაბადს ომს უცხადებს. შაჰი ვისსა და ძიძას მიუვალ ციხეში გამოკეტავს და თავის მეორე ძმას, ზარდს, ჩააბარებს, რამინს კი თან გაიყოლებს. ეს უკანასკნელი დარდისგან დასნეულდება და უკან ბრუნდება. ამის შემდეგ კვლავ იწყება მიჯნურთა შეხვედრები და განშორებები. ასეთი ყოფით გატანჯული რამინი მეგობრის რჩევას დაუჯერებს და გორაბში ლამაზმან გულს შეირთავს ცოლად. გულმა რამინს მოსთხოვა, ვისთან კავშირი გაეწყვიტა. რამინი ვისს სინანულით აღსავსე საზარელ წერილს გაუგზავნის. სასოწარკვეთილი ვისი სატრფოს ათ მგზნებარე წერილს მისწერს. საბოლოოდ რამინი მიატოვებს გულს და მიჯნურები შერიგდებიან. რამინი კლავს ზარდს, წამოიღებს ქონებას და ვისსთან ერთად დელამთა ქვეყანას შეაფარებს თავს. იქიდან მოაბადთან საბრძოლველად გაემართება. ბედად, შაჰს ტახი მოკლავს, რომელსაც ის დაედევნა. რამინი უბრძოლველად გამეფდება და 83 წელი მართავს ქვეყანას. გარდაცვალებულ ვისს 130 წლის რამინი საცეცხლე სახლს აუგებს და იქ დაასვენებს. ბოლოს საქმეებს თავის უფროს ვაჟს გადააბარებს და თვითონ სამუდამოდ ჩაიკეტება ვისის აკლდამაში.

 

„ვისრამინის“ ქართული ტექსტის მიმართება ორიგინალთან

 

„ვისრამიანით” ქართული საზოგადოების მოხიბლვის მიზეზების თაობაზეც მრავალი თვალსაზრისია გამოთქმული. დ. კობიძის შენიშვნით, თხზულება „ითარგმნა არა იმიტომ, რომ ქართული ფეოდალური საზოგადოება  ზოგ საერთოს პოულობდა მასში […], არამედ იმიტომ, რომ ვისრამიანში ძალიან ღრმად […] გადმოცემულია სიყვარულის გრძნობა”. (კობიძე 1983:282).

მაია მამაცაშვილი მონოგრაფიაში „გორგანის „ვის ო რამინ“ და ქართული ვისრამიანი“ (1977) საგანგებოდ ჩერდება იმ ფაქტორებზე, რომლებმაც განსაზღვრა „ვის ო რამინის“ ქართულად გადმოღება და განაპირობა მისი პოპულარობა ჩვენში:

  • ეპოქის ლიტერატურული ტენდენცია, ძველ ირანსა და საქართველოს შორის არსებული საერთო იდეური ხასიათის მოტივები, მორალურ-ეთიკური ნათესაობა, ყოფითი რეალიების მსგავსება;
  • „ვის ო რამინის“ მკვეთრად გამოხატული საერო ჟღერადობა;
  • ძველი სპარსული რელიგიის (ზოროასტრიზმის) გავლენა ქართულ წარმართობაზე (მითოლოგია, ყოფა, ადათ-წესები), რასაც ხელი შეუწყო მითრას კულტის არსებობამ ჩვენში;
  • თხზულება უფრო ძლიერი ჰუმანიზმითაა აღბეჭდილი ვიდრე გორგანის დროინდელი ისლამური მწერლობა - ეს გარემოება ეხმიანებოდა მაშინდელი ქართული საზოგადოების ჰუმანურ განწყობილებებს;
  • პოემა თავისუფალი სიყვარულის აპოლოგიაა. ასეთი ჭარბი ვნებებით დატვირთული რომანი მაშინდელი ქართული მწერლობისთვის უცხო, მოულოდნელი და მიმზიდველი უნდა ყოფილიყო;
  • საერთო ყოფითი რეალიები (სუფრა და ლხინის წესი), მსგავსება ადათ-წესებში, ახალი წლის რიტუალებში და მისთ.;
  • პოპულარობას ხელს უწყობდა სიუჟეტი, გმირთა ხასიათები, სადა და მხატვრული სიტყვა, ბრძნული შეგონებების ნათესაობა ქართულთან და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ქართული თარგმანი.

„ვისრამიანის“ შესწავლის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მკვლევრებმა ქართული ტექსტის სხვადასხვაგვარი კვალიფიკაცია შემოგვთავაზეს: გადმოკეთება, ქართული რომანი, ფალაურიდან მომდინარე ქართული ვერსია, თავისუფალი თარგმანი და ა.შ. ნიკო მარი იმთავითვე თვლიდა, რომ ეს იყო სიტყვასიტყვითი თარგმანი სპარსული ტექსტისა. კ. კეკელიძისა და ა.ბარამიძის შეფასებით, „ვისრამიანი“ თარგმანია, „ოღონდ თარგმანი არა იმ გაგებით, როგორც ეს დღეს გვესმის [...] დედნის ტექსტის შინაარსი თარგმანში გადმოცემულია სისრულითა და ზედმიწევნით სისწორით. მაგრამ ქართველი მთარგმნელი ტექსტს შემოქმედებითად ამუშავებს, აქართულებს. ვისრამიანის ქართული რედაქციის ავტორი ახორციელებს ერთგვარი თავისუფალი თარგმნის პრინციპს“. (კეკელიძე...1969:207).

გასაზიარებელია ინგა კალაძის მიერ დასახელებული ერთი გარემოება, რომელიც „ვისრამიანის“ თავისუფალ თარგმანად გამოცხადებას უშლის ხელს: „შუა საუკუნეების თავისუფალ თარგმანთა ტრადიცია [...] გაცილებით მეტ თავისუფლებას გულისხმობს, ვიდრე ქართულ „ვისრამიანს“ გააჩნია“. (კალაძე 1973:97).

თავისთავად, თხზულების ფორმის შეცვლა - პოემის პროზად გადმოღება - თითქოს, ერთი შეხედვით, ეჭვქვეშ აყენებს თარგმანის ადეკვატურობას, მაგრამ ძეგლის მკვლევრებს ამაზე სათანადო პასუხი აქვთ: „ქართველი მთარგმნელი რომ უპირველესად სიზუსტის დაცვას ცდილა, ამას მოწმობს მის მიერ პოეტური თხზულების პროზაული თარგმნა. ასე უფრო საიმედოდ შეიძლებოდა სპარსული ტექსტის სრულად გადმოცემა იმგვარად, რომ არ დარღვეულიყო მშობლიური ენის ბუნება.“ (ვისრამიანი 1962:303).

როგორც ცნობილია, ნიკო მარმა მახვილგონივრულად შენიშნა, რომ ქართული ტექსტის წინადადებები მისდევს ორიგინალის ბეითებს (მრჩობლედებს), რაც მთარგმნელის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. ამ კონტექსტში საინტერესოა ვისრამიანის ხელნაწერი Q-479, რომელშიც შესამჩნევია სტიქომეტრიული ნიშანი პატარა წრის სახით. მ. მამაცაშვილის დაკვირვებით, ამ წრეებით „ქართველი მთარგმნელი ცდილა გამოეყო ბეითის ერთი ნახევარი მეორისგან; იშვიათად იგი აერთიანებდა ბეითის ორივე ნახევარს და ერთ ფრაზად გადმოჰქონდა იგი ქართულ თარგმანში, მაშინ ქართველი მთარგმნელი ამ დასრულებული ფრაზის ბოლოს სვამდა მსგავს ნიშანს.“ (1977: 107).2

ყველა ქართული და სპარსული ხელნაწერის შედარების შედეგად, ა. გვახარია და მ. თოდუა მივიდნენ დასკვნამდე, რომ „ქართული ტექსტი, მიუხედავად ცალკეული გადახვევებისა (უმთავრესად თავსა და ბოლოში)3, წარმოადგენს ზუსტ, სიტყვასიტყვით თარგმანს მთელი უვრცესი პოემა-რომანისა.“ (ვისრამიანი 1962: 308). მათივე დაკვირვებით, ქართულ ტექსტში ნაციონალური სპეციფიკის გამჟღავნების შემთხვევები არასოდეს სცილდება მხატვრული თარგმანის ფარგლებს.

მთარგმნელმა რომ შესანიშნავად იცის სპარსული ენა, ლამის ყველა ნაკვთით გრძნობს მას, ამის ურიცხვი მაგალითის მოხმობა შეიძლება. დ. კობიძის აზრით, მას დიდი მთარგმნელობითი სკოლა ჰქონია გავლილი, ფლობდა სპარსულ, არაბულ და ქართულ ენებს. „ვისრამიანი“ არ შეიძლება მისი პირველი თარგმანი იყოს, ეს ტექსტი „მთარგმნელობით საქმიანობაში დიდად გაწაფული პირის ნახელავია“ (კობიძე 1969: 18). მკვლევრების ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს ძეგლი (თარგმანი) „პირდაპირ ძველი ქართული სასულიერო პოეზიისა და მწერლობის წიაღიდანაა ამოზრდილი“ (მამაცაშვილი 1977:160) და ქართული ენის განვითარების ხანგრძლივი პროცესის შედეგია.

როგორც მეოთხე რედაქციის ავტორები მიუთითებენ, „თითზე ჩამოსათვლელია“, „გასაოცრად მცირეა“ იმ შემთხვევათა რიცხვი, როცა მთარგმნელს არასწორად ესმის დედანი. ასევე მინიმალურია სპარსიზმების რაოდენობა. „ჰარმონიულ წონასწორობაშია ლექსიკური მასალა [...], მხოლოდ დეტალური ტექსტუალური შედარება თუ წარმოაჩენს ლექსიკას, ისე შეფარვითაა იგი ნახმარი.“ (ვისრამიანი 1962:307). არის შემთხვევები, როცა ქართულში გამოყენებული სპარსული ლექსიკა ორიგინალში არ დასტურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ლექსიკა „ვის ო რამინის“ თარგმნამდე უკვე შემოსული იყო ქართულ ენაში. მეტაფორული თქმები ზოგჯერ უცვლელადაა გადმოტანილი, უფრო ხშირად კი ისინი გახსნილია (ნაწილობრივ მაინც).

მთარგმნელი შეგნებულად ამოკლებს, მისი აზრით, გაწელილ პასაჟებს, როგორიცაა, მაგალითად: ვისის ტირილი, მისი სილამაზის აღწერა და სხვ.; არ გადმოაქვს ქართველი მკითხველისთვის გაუგებარი რეალიები (თვეების ირანული დასახელებები, ზოგიერთი ძველ ირანული დღესასწაულის დასახელება და სხვ.); დედნისეულ იდიომასა თუ ანდაზას ქართულით მარჯვედ ანაცვლებს. მისი მთარგმნელობითი სტრატეგია „ყოველთვის ამოდის ორიგინალიდან და არ სცილდება მხატვრული თარგმანის არა თუ ნებადართულ, არამედ სავალდებულო ფარგლებს.“ (ვისრამიანი 1962: 314).

მთარგმნელი სიზუსტეს იცავს რიცხვითი სახელების გადმოტანისასაც. ცვლის მხოლოდ მაშინ, როცა რიცხვს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ან ქართულში სიმრავლის გადმოსაცემად სხვა რიცხვია დამკვიდრებული (ათასი - ასი ათასი და მისთ.). თუკი ზოგჯერ გამოყენებულია კომენტირებული გააზრების ხერხი, სხვაგან პირიქით - ორიგინალის სინონიმურ პარალელებს მარჯვედ აქვს შერჩეული ნაკლები შესატყვისი. მთარგმნელი დედნის დუბლიკატ ბეითებს აერთიანებს ხოლმე; ზოგჯერ ხლეჩს ბეითს და მომდევნო ბეითს ამატებს.

„ვისრამიანის” ტექსტოლოგიური ანალიზი:

1.„ვისრამიანის” გეოგრაფია (მხატვრული სივრცე):

ცნობილი ირანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, სადეყ ჰედაიათი, შენიშნავს, რომ გორგანი გეოგრაფიულ სახელებს იმ სახით იყენებს, როგორც ისლამურ პერიოდში იყო გავრცელებული, მათი ძველი დაწერილობა ან იმ გამქრალი ქალაქების დასახელება, რომელთაც სასანურ პერიოდში სახელი ჰქონდათ განთქმული, თხზულების ტექსტში არ გვხვდება. თუ შემთხვევით, ძველი სახელწოდებები, როგორიცაა, მაგალითად, „დეჰესთანი“, მაინც ჩარჩენილია ტექსტში, ეს იმიტომ, რომ მათ ისლამური პერიოდის ადრეულ წიგნებშიც ვხვდებითო. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც.

უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოემაში მოცემულ  გეოგრაფიულ სახელებს, ანთროპონიმებსა და პატრონიმებს ეფუძნება დასკვნა ამბის პართული წარმომავლობის თაობაზე. „ვის ო რამინის“ გეოგრაფია დეტალურად აქვს მიმოხილული ვ. მინორსკის (1946), რომელმაც სცადა ტექსტის ტოპონიმების იდენტიფიკაცია და აღნიშნა მასში არსებული ზოგიერთი შეუსაბამობა.  ვ. მინორსკის შეფასებით, თხზულებაში მოქმედება, ძირითადად, ჩრდილოეთ ირანში ხდება „აღმოსავლეთ ხორასნიდან მიდიამდე, უფრო ზუსტად, მარვიდან ჰამადანამდე“, სამხრეთი მხოლოდ გაკვრით იხსენიება (მაგ. ფარსისა და შირაზის ხსენება მინორსკის ისლამურ შემოქმედებად მიაჩნია). მეცნიერის ზოგიერთი მოსაზრება არ არის გაზიარებული. კ. კროსს (2023) საეჭვოდ მიაჩნია ვ.მინორსკის დაბეჯითებითი მტკიცება, რომ ხუზანს, ძიძის სამშობლოს, არანაირი კავშირი არ აქვს ხუზისტანთან და, შესაძლოა, ის დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. კ.კროსი მოკლედ ახასიათებს „ვის ო რამინის“ გეოგრაფიას და შენიშნავს, რომ ნაწარმოების მოქმედება, ძირითადად, ორ სცენაზე მიმდინარეობს: დასავლეთში - მაჰის ქვეყანაში, სადაც ვისი და მისი ოჯახი ცხოვრობს. მას ზოგჯერ ქუჰესთანი (შდრ. ქართ.: ქოისტანი) ეწოდება. დედაქალაქია მაჰაბადი (შემოკლებით - მაჰი), იგივე ჰამადანი (ძვ. ეკბატანა). გორაბი, რამინის ცოლის - გულის - სამყოფელი ოდნავ სამხრეთითაა. მარვი - ასე ჰქვია ქვეყანასაც და დედაქალაქსაც - აღმოსავლეთშია. აქაა მოაბადისა და რამინის სამშობლო. ტექსტში გამოყენებულია, აგრეთვე, შუა საუკუნეების ტერმინი „ხორასანი“, რომლითაც უფრო ვრცელი ტერიტორია აღინიშნება, ვიდრე მარავია (დღევანდელი მერვი). იხ.: რუკა  (კროსი 2023: xii ):

„ვისრამიანის“ ტოპონიმები და მათი ოფიციალური დასახელებები მოცემულია ცხრილში:4

ქალაქები, მხარეები, ქვეყნები

ოფიციალური სახელწოდება

ადრაბადაგანი

აზერბაიჯანი

ამიანი // ჰამიანი

 ჰამადანი 

ამული

ამოლი

არანი

არდაველი

არდებილი

არმანი

 სომხეთი

ასპაანი

ისპაჰანი

ასტაბახრი

ისთახრი, ძვ. პერსეპოლისი

აჰვაზი /აჰვაზა

აჰვაზი

ბარდავი

ბარდა

ბაღდადი

გელანი

გილანი

გორაბი

გურაბი

გურგანი  // ჯორჯანი

გორგანი

დარბისტანი //ტაბარისტანი

დეისტანი //დეჰისტანი

ძვ. ასთარაბადი

დელამი

დილამი

ეგუიპტე

ერაყი

ზაული

ზაბოლისტანი

თერამი

თარამი

თურანი

თურქეთი

თურქისტანი

ისპაანი

ისპაჰანი

მარავი

მერვი (ძვ.სპარს. Marguš, ბერძ. Margiana)

მაჩინი / ჩინი და მაჩინი

ჩინეთი, ინდოჩინეთი

მაჰის ქვეყანა

ძვ. სპარ. Māda

მუსული

მუღანი

?

ნიავანდი

ნაჰავანდი

ნისიბი

(ქ. მესოპოტამიაში)

რანი

ყარაბახი

რე

რეი

საბერძნეთი

სამანდური//სამინდორი

სამანდური

სარავი // სარი

სარი

სინდი

სომხითი

სპარსეთი

ქირმანი

ქერმანი

ქიშარი

ქაშმირი (?)

ქოისტანი

სპარ. Kuhestān (ქუჰესთან)

ყაზმინი

ყაზვინი

ყაისური

ყისური

ყიროვანი //ყიროანი

კაირუანი

ყუმი

ყუმი

შამი

სირია

შირაზი

შირაზი

ჩინეთი

ჩინი

ჩინეთი

ხირხიზი

ხორასანი

ხუარაზმი //ხვარაზმი

ხუზისტანი

ჰამიანი //ჰამადანი

ჰამადანი

ჰინდოეთი

ინდოეთი

  1. „ვისრამიანის” მხატვრული დრო:

ფახრ ად-დინ გორგანი ამბობს, რომ ვისისა და რამინის ისტორია ამბის მთხრობელთა ჩანაწერებში იპოვა, რაც უკვე „ძალიან ძველ დროს” გულისხმობს. „ოდესღაც  იყო ერთი ხელმწიფე,” იწყებს თხრობას ავტორი. ქართველი მთარგმნელი ასე „უხსნის” თავის მკითხველს ამ მითოლოგიურ დროს, დროის ამ „უდროობას”: „ესე ჴელმწიფე ქრისტეს მოსლვასა წინათ იყო”; მას უკვე მოესწრო „ჴმელთა და ზღუათა პატრონი”, „ყოველსა სპარსეთსა ზედა მორჭმული” ყოფილიყო. მოაბადისა და შაჰროს შეხვედრის შემდეგ გადის „მრავალი წელიწადი” და იბადება ვისი. რამინი, „ვისისავე ჟამთა შიგან დაბადებული”, შვილივით იყო მხცოვანი მოაბადისთვის. თხზულების ერთ-ერთი პერსონაჟია ხნიერი მოაბადის და ახალგაზრდა რამინის დედა, რომელიც ორიოდე ეპიზოდში ჩნდება და მერე მის შესახებ არაფერი ვიცით. რამინმა 110 წელი იცოცხლა, აქედან 83 წელი იმეფა ვისთან ერთად. დრო „ვისრამიანში” ხან იკუმშება - ათეულ წლებს მოიცავს, ხან იწელება, მაგრამ სწორხაზოვნად მიედინება.

-

თხზულების ისტორიოგრაფია:

„ვისრამიანი” ქართული მწერლობის ისტორიაში ისეთივე გამორჩეული ძეგლია, როგორც მისი დედანი სპარსულ ლიტერატურაში. თითქმის რვა საუკუნის მანძილზე  ქართული აღმოჩნდა ის ერთადერთი ენა, რომელზეც ითარგმნა გორგანის პოემა „ვის ო რამინი“. კ. კეკელიძე თვლის, რომ ეს ძეგლი ჩვენში მის თარგმნამდეც პოპულარული იყო. საქართველოში ანთროპონიმ „რამინის“ ადრეული გავრცელების ფაქტზე დაყრდნობით, მეცნიერი ასკვნის, რომ „ვისისა და რამინის ამბავი ჩვენში ზეპირად ვრცელდებოდა ჯერ კიდევ ამ ამბის არსებობის ფალაურ პერიოდში.“ (კეკელიძე 1981: 57) დ. კობიძე დარწმუნებულია, რომ ქართველი მკითხველი მოიხიბლა ვისისა და რამინის სასიყვარულო გრძნობებისა და განცდების მაღალმხატვრული გადმოცემით, რის გამოც შეიყვარა „ვისრამიანი.” გ. იმედაშვილის აზრით, „ვისრამიანი” „თავისი მაღალმხატვრული ენითა და მომხიბლავი სახეებით ქართული ორიგინალური კლასიკური მწერლობის ძეგლთა შორის დგას… როგორც მხატვრული მოვლენა, თითქმის ორიგინალური ძეგლის როლს ასრულებს.” (იმედაშვილი 1989:224). ერთი სიტყვით, მოხდა ბედნიერი დამთხვევა - ფახრ ედ-დინ გორგანის კარგი გამგონი (ქართველი მთარგმნელი) გამოუჩნდა, რომელმაც ავტორის ჩანაფიქრი ზედმიწევნით ამოიცნო, გმირების განცდები საკუთარივით განიცადა, გაუგო მათ და მკითხველამდეც ადეკვატურად მიიტანა. ამდენად, გონებამახვილურია ნ. მარის ტერმინი, რომლითაც ის გორგანის ქართველ თანაშემოქმედს მოიხსენიებს - „ავტორ-მთარგმნელი”.

მ. მამაცაშვილის (1977) მტკიცებით, იმდროინდელი ქართული საზოგადოების „ვისრამიანით” გატაცების მიზეზი მაშინ გაირკვევა, როცა გარკვეული იქნება, თუ რომელი კულტურის პროდუქტია სპარსული დედანი. დღეისათვის მეცნიერები თანხმდებიან, რომ „ვის ო რამინში” გადმოცემული ამბავი პართული წარმოშობისაა. პართული კულტურა კი სინკრეტული ხასიათისაა, მასში აქემენიდური ირანისა და ბერძნულის გარდა, შუამდინარული, სირიისა და მცირე აზიის კულტურათა კვალიც შესამჩნევია. მ. მამაცაშვილი მონოგრაფიაში „გორგანის „ვის ო რამინ” და ქართული ვისრამიანი” ვრცლად მიმოიხილავს ამ საკითხს და შენიშნავს: „ძეგლში აღწერილია პართული სინამდვილისა და ყოფის არსებითი მომენტები, რომელთა ჩაღრმავებული კვლევის საფუძველზე შესაძლებელი გახდება დავასკვნათ, რომ თხზულება პართული კულტურის არეალშია მოქცეული, პირდაპირ ამ კულტურიდანაა ამოზრდილი.” (მამაცაშვილი 1977:16). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველები საკმაოდ ახლოს იცნობდნენ როგორც არშაკიდების (ძვ. წ. III - ახ. წ. III) ანუ პართულ ყოფას, ასევე, სასანურსაც (III-VII სს.), ზოროასტრელთა ადათ-წესები მათთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი იყო. ვფიქრობთ, ოდნავ გადაჭარბებულია მოსაზრება, თითქოს „ვის ო რამინი”, როგორც ზნეობრივად დასაძრახი თხზულება, სამშობლოში იდევნებოდა და მხოლოდ საქართველოში სარგებლობდა პოპულარობით.5 დღეს უცხოელი მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პოემის nachleben (afterlife)-ზე და ირკვევა, რომ, ცხადად თუ ფარულად, გაკიცხული თუ მოწონებული, ეს სამიჯნურო რომანი მე-15 საუკუნემდე მაინც ახსოვდათ. „ვისრამიანის“ ბოლო რედაქციის ავტორები ჩამოთვლიან იმ თხზულებებს, სადაც პოემა ან მისი გმირები არიან დასახელებულნი და დასძენენ: „ვისსა და რამინს ახსენებენ ხაყანი, ნიზამი, რუსთაველი (XII ს.), საადი  (XIII ს.)  ზაქანი (XIV ს.), ხაჯო ქირმანელი (XIV ს.) და სხვ.“ (ვისრამიანი 1962: 16). ცნობილი ფაქტია - ნიზამი, რომელიც უარყოფითად იყო განწყობილი გორგანის პოემის გმირების მიმართ, საკმაოდ დავალებულია „ვის ო რამინის“ ავტორისაგან: მისი „ხოსროვი და შირინი“ - ერთადერთი პოემა ნიზამის შემოქმედებაში, რომელიც ამქვეყნიური (და არა მისტიკური) სიყვარულის თემაზეა დაწერილი - გორგანის (და ფირდოუსის „შაჰნამეს“) გავლენითაა შექმნილი. აბდ ორ-რაჰმან ჯამიც (1414-1492) იცნობს ფახრ ად-დინ გორგანისა და მის პოემას და თავის „ბაჰარესთანში“ რვა ბეითს ანუ 16 სტრიქონს იმოწმებს „ვის ო რამინიდან“.

ვისისა და რამინის მიჯნურობის ამბავზე მითითება გაბნეულია შუა საუკუნეების არაბულ წყაროებშიც. ასე მაგალითად, აბუ ნუვასი (გარდ. 813 წ.) ახსენებს მათ თავის ერთ-ერთ ლექსში. ალ-რაყიბ ალ-ისფაჰანი (მოღვაწეობდა 1018 წ.-მდე) ციტირებს „სპარსულ სიმღერას“, რომელშიც ვისისა და რამინის სახელებს ვხვდებით. (კროსი 2023:6). პოემის ციტირების თვალსაზრისით განსხვავებული ვითარებაა მე-16-17 საუკუნეებში - ანთოლოგიებსა და ისტორიულ ტექსტებში ავტორები, ადრინდელთან შედარებით, უფრო ვრცელ მონაკვეთებს იმოწმებენ (ბერაძე 2004).   

სამეცნიერო პუბლიკაციებში ნაკლები ყურადღება ექცევა „ვის ო რამინის“ პოპულარობის საკითხს ფოლკლორში, თუმცა აქაც შეგვიძლია, აღმოვაჩინოთ ამ ძეგლის კვალი. მაგალითად, ხალხურ დასთანში „სამაქ-ე აიარ“, ეპიზოდში, სადაც სიყვარულით დასნეულებული უფლისწულის, ხორშიდ-შაჰის, უნუგეშო მდგომარეობაზეა საუბარი, მთხრობელი დასტურად სწორედ ფახრ  ად-დინ გორგანის „ვის ო რამინს“ ციტირებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი თავად გვაწვდის გარკვეულ ცნობებს თხზულების შესახებ, „ვის ო რამინის” პირველწყაროს თაობაზე განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. სადავო იყო ამ ძეგლის კულტურული კუთვნილება (პართული, სასანური თუ ისლამური?). მეცნიერები ვერც იმაზე თანხმდებოდნენ, ეს ძეგლი ისტორიულ ფაქტებს ემყარებოდა თუ მხატვრულ გამონაგონს, ფალაური ტექსტის თარგმანი, გალექსვა ან გადამუშავება იყო თუ ორიგინალური ნაწარმოები და ა.შ.

ავტორი, ფახრ ად-დინ გორგანი, პოემაში მკითხველს უამბობს, როგორ გაჩნდა ამ ნაწარმოების დაწერის იდეა. ყველა მკვლევრისთვის სწორედ მისი სიტყვებია ამოსავალი წყაროს გარკვევისას, თუმცა ინტერპრეტაციები განსხვავებულია. თავში „სულთნის მიერ ისპაჰანის დატოვება და ამბავი ამ წიგნის მთქმელისა”, გორგანი ამბობს:

„ერთ დღეს იმ სარწმუნოების ყიბლამ [‘ამიდ ად-დინ აბუ ლ-ფათმა] მითხრა:

„რას იტყვი ვისისა და რამინის თქმულებაზე?

ამბობენ, მეტად ამო რამ არისო,

ამ ქვეყანაში ყველას მოსწონსო.”

ვუთხარი, რომ მეტად ლამაზია ეს თქმულება,

ექვსი ბრძენის მიერ შეკრებილი,

არ მინახავს მასზე უფრო საამური ამბავი…

მაგრამ ფალაურია ენა მისი,

ვინც წაიკითხავს, ყველა ვერ გაიგებს ნათქვამს.

ყველას როდი შეუძლია, იმ ენაზე კარგად წაიკითხოს,

და, რომ წაიკითხავს, აზრი გაიგოს.

ყველაფერს გრძლად აღწერს,

როცა წაიკითხავ, დიდი აზრი მასში არ არის.

მაშინ არ არსებობდა პოეტის ხელობა.

არავინ იყო ბრძენი, სხარტად მოაზროვნე.

სად არიან ის ბრძენები, რომ ნახონ

ახლა როგორ ქმნიან სიტყვებს;

როგორ ავრცობენ აზრს,

როგორ გააწყობენ მის რიტმსა და რითმას!

ამ ქვეყანაში იმ წიგნს იმისთვის

კითხულობენ, რომ ფალაური ისწავლონ იქიდან.

სადღა არის ამ ქვეყანაში ხალხი,

ვინც იმ ტკბილი ენის მუშტარი იქნება.

როცა ნათქვამს ექნება რიტმი და რითმა,

უფრო საამო იქნება, ვიდრე ფუჭი თხრობა…

ზღაპარი, რაც უნდა ტკბილი და მომხიბლავი იყოს,

რითმა და რიტმი მას ახლად დაბადებს.

ნათქვამიდან აზრი გამობრწყინდება ბევრი -

როგორც ოქროში ჩასმული სამეფო მარგალიტი…

დიდებულნი და საზრიანნი წაიკითხავენ მას,

რათა იქიდან გაიგონ მრავალი აზრი.

ასევე უბრალო და მდაბიო ხალხი

ამბის გამო წაიკითხავს მას…

ჩვენს დროში ვისისა და რამინის ამბავი

წინამორბედმა სიტყვის ოსტატებმა თქვეს…

სპარსულად თქმაში ნიჭი (ხელოვნება) გამოიჩინეს,

რადგან სპარსულში ოსტატები იყვნენ.

ასე შექმნეს დასთანი (ამბავი),

მასში უცხო სიტყვებია ყველა ენიდან.

არ გარჯილან აზრისა და იგავისათვის (მაგალითისთვის),

არ შეუმკიათ ის არც ერთი მათგანით.

თუკი [საქმის] მცოდნე მისთვის გაირჯება,

ისე დამშვენდება, როგორც მარგალიტებით სავსე საგანძური…

როდესაც ჩემგან ეს სიტყვები მოისმინა ხოჯამ…

მომთხოვა: „ეს დასთანი (ამბავი) ისე დაამშვენე,

როგორც წალკოტი ჟუჟუნა წვიმამ.” (როუშანი 2008:37-38)

ამ მონაკვეთიდან რამდენიმე დასკვნა გამომდინარეობს:

  • ვისისა და რამინის ისტორია პოპულარული იყო ქვეყანაში (ისპაჰანის მხარეში მაინც);
  • ეს ამბავი ფალაურ ენაზე იყო;
  • ამბავი შეკრიბა ექვსმა ბრძენმა, შესაბამისად, არსებობდა სხვადასხვა ტექსტი (ვარიანტი) ან ერთი ტექსტის სხვადასხვა ნაწილი, რომელიც ბრძენთა გუნდმა შეკრიბა;
  • ამბავი სპარსულად იქნა მოთხრობილი (თქმული) წინამორბედი სიტყვის ოსტატების მიერ;
  • მათ გადმოცემაში უცხო ლექსიკაა შერეული, გასაგებად ძნელია, აქვს ზედმეტი ნაწილები;
  • გორგანიმ არსებული ტექსტი გალექსა, „ზედმეტი” ნაწილები და ყავლგასული ლექსიკა მოაშორა, მხატვრულად გარანდა.

გორგანის ეპოქაში, მე-11 საუკუნეში, უმეტესობა მართლაც ვეღარ გაიგებდა და წაიკითხავდა ტექსტს საშუალო სპარსულზე. ახალი სპარსული ენის - ფარსი-დარის - ეპოქა უკვე დამდგარი იყო, ხოლო საშუალო სპარსულზე შექმნილი ძეგლების უმეტესობა  - არაბი დამპყრობლების მიერ განადგურებული. შუუბიტური6 მოძრაობის წყალობით, ზოგი ტექსტი გადარჩა. ზოგიც არაბულმა თარგმანმა შემოინახა. ასეთ ვითარებაში, საშუალო სპარსული ლექსიკით დამძიმებული ამბის გაგება ბევრს გაუჭირდებოდა.

რას გულისხმობს გორგანი, როცა ამბობს, რომ „ვის ო რამინი” ძველმა სიტყვის ოსტატებმა სპარსულ ენაზე თქვეს ან ექვსმა ბრძენმა შეკრიბაო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ ერთი მონაკვეთი უნდა დავიმოწმოთ „ვის ო რამინიდან” - სპარსული ტექსტის მე-8 თავის პირველივე ბეითი. „ვის ო რამინის” ისტორია სწორედ ასე იწყება:

„ვპოვე ნაწერი საღამოს [მოსათხრობ] ამბებს შორის -

მთხრობელთა (რავიების) მიერ ნათქვამ ამბებში.” 

ეს ბეითი უნებურად მოგვაგონებს „ვეფხისტყაოსანს” – „ესე ამბავი სპარსული… ვპოვე და ლექსად გარდავთქვი”. არაა გამორიცხული, რუსთაველის მიერ მხატვრული მისტიფიკაციის ამ ხერხის გამოყენება სწორედ „ვის ო რამინის” ორიგინალით ყოფილიყო შთაგონებული ან - თუ წარმოსახვას მეტ ასპარეზს მივცემთ - ქართველი პოეტი ბევრ სპარსულ ძეგლს იცნობდა, სადაც მსგავსი, ტრადიციული, დასაწყისი იყო. 

გორგანის ეს მრჩობლედი განმარტებას მოითხოვს. იბნ ან-ნადიმის (გარდ. 995 წ.) ცნობილი „ჶიჰრისთის“ („კატალოგი“) თანახმად,  „საღამოს [მოსათხრობი] ამბები“ (არაბ. samar- მრ. asmār) ორი სახისაა: საკუთრივ asmār  და asmār saḥīḥa ანუ ჭეშმარიტი ამბები. „ვის ო რამინი“ პირველ ჯგუფს მიეკუთვნება. უნდა აღინიშნოს, რომ თავად გორგანი ვისისა და რამინის ამბავს სამი ტერმინით მოიხსენიებს:   dāstān (ამბავი, ისტორია), ḥadīth (მოთხრობა, გადმოცემა) და  afsāna (ზღაპარი, მითი, ლეგენდა). უფრო ხშირია მის მიერ „დასთანის“ გამოყენება. ზემოხსენებულ მერვე თავს გორგანი ასე ასათაურებს: „ვისისა და რამინის დასთანის (ამბის) დასაწყისი“.

ფახრ ად-დინ გორგანი ბეითის მეორე ნაწილში კიდევ უფრო აზუსტებს თავისი წყაროს „მისამართს“ - რავიების (მრ. „რავიან“ < არაბ. Rāvī - მთხრობელი, დეკლამატორი) მიერ ნათქვამ ამბებში ვიპოვეო. ეს არაბული სიტყვა სპარსულშიც ამავე მნიშვნელობით არის შესული - 1. ამბების მთხრობელი; 2. ის, ვინც მეფეებისა და მმართველების კარზე ან ქუჩებსა და ბაზრებში პოეტთა ლექსებს ხმამაღლა კითხულობდა.  სპარსეთისთვის ორივე სახეობა ნაცნობი და პოპულარული იყო. რავი ცნობილია როგორც კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე ფოლკლორში. „ჶიჰრისთი“ მთხრობელების რამდენიმე კატეგორიას იცნობს: „რავიანე ახბარ“ („ამბის მთქმელები“), „ყისახან“ („მთხრობელი“), „ნაყყალ“ („გადმომცემი“), „მაარიქე-გირ“ („გამრთობი“) და ა.შ. (ა. გვახარია 1973).

ირანელ მთხრობელების ერთ ნაწილს ჰქონდა გრაგნილები, სადაც ის ტექსტები ეწერა, რომელიც მათ რეპერტუარს შეადგენდა. ამ გრაგნილებზე ჩნდებოდა მინაწერები - ჩამატებები, შესწორებები, ხშირად საკმაოდ ვრცელი (სამეცნიერო წრეებში მათ მოგვიანებით „საზღაპრო ენციკლოპედიები“ ეწოდა). ასე იქმნებოდა მოსათხრობი ამბების ვარიანტები, რედაქციები, ახალი, ჩარჩოვანი თხრობისთვის დამახასიათებელი, ჩანართი ამბები და მისთ. ეს განსაკუთრებით ითქმის ე.წ. ხალხურ დასთანებზე - საგმირო, სამიჯნურო, სათავგადასავლო ხალხურ რომანებზე. მკვლევრებს არაერთგზის მიუთითებიათ, რომ სპარსული ლიტერატურული (მით უფრო, ფოლკლორული) თხზულებები განკუთვნილი იყო ხმამაღლა კითხვისთვის, დეკლამატორთა პერფორმანსისთვის. ხდებოდა ისეც, რომ მთხრობელების მიერ საჯაროდ (ხშირად - მზის ჩასვლისას, საღამოობით) ზეპირად გადმოცემული ამბები სხვამ ჩაიწერა ან შეკრიბა.

პოემაში ნათქვამია, რომ ეს ამბავი საყოველთაოდ ცნობილია, ბევრმა იცის. რა თქმა უნდა, ამ პოპულარობას სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, ხელს შეუწყობდნენ მოხეტიალე მთხრობელები. შესაძლებელია, ფახრ ად-დინ გორგანის ცნობა ასეთ ფაქტს გულისხმობდეს - ექვსმა ბრძენმა შეკრიბა ზეპირი (ან წერილობითი) სახით არსებული მონათხრობი ვისისა და რამინის მიჯნურობის შესახებ.  კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ გორგანი ამბობს, რავიების მიერ საღამოს მოსათხრობი ამბების ჩანაწერებში ვიპოვე ეს ამბავიო. ამდენად, დასაშვებია არა მხოლოდ ის, რომ მან ფალაური ამბავი გალექსა, არამედ ისიც, რომ მან უკვე სპარსულად ანუ ფარსი-დარიზე („წინამორბედი სიტყვის ოსტატების მიერ“) მონათხრობი „რითმითა და რიტმით დაამშვენა“ და პოემად აქცია. ამიტომ ფიქრობენ ა. გვახარია და მ. თოდუა, რომ „პირდაპირ ფალაურიდან თარგმნა გორგანიმ ვისრამიანი, თუ მისი სპარსული თარგმანი გალექსა, ერთი მაინც ცხადია, - იგი ფალაურ ორიგინალს დიდად არ უნდა იყოს დაშორებული.“ (ვისრამიანი 1962:308)

„ვის ო რამინის“ მკვლევრები შენიშნავენ თხზულებაში არსებულ ისლამურ რეალიებს, რომლებიც აქა-იქ თავს იჩენს თხზულების ტექსტში და, ცხადია, პართულ ვერსიაში ვერ იქნებოდა. მიუთითებენ რიგ შეუსაბამობებზე, რომლებიც, შესაძლოა, რომანის სხვადასხვა ვერსიის დანაშრევიც იყოს. მაგალი თოდუა ვარაუდობდა, რომ ვისისა და რამინის შესახებ ახალ სპარსულ ენაზე „ერთმანეთის მეტ-ნაკლებად მსგავსი და ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად დამოკიდებული რამდენიმე რომანი არსებობდა“ (თოდუა 1971:86). ამასთან, „გორგანის პოემას ემჩნევა, რომ რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტის სიუჟეტის კომპილაცია უნდა იყოს [...]. შესაძლოა, ეს კომპილაცია მანამდე მოხდა.“ (თოდუა 1971:88). ეს ვარაუდი მიუღებელია დ.კობიძისთვის, მაგრამ ახალგაზრდა მკვლევარს, კ. კროსს, ის საგულისხმოდ მიაჩნია. იქნებ სწორედ ამ მიზეზით აიხსნას გმირთა წინააღმდეგობრივი ხასიათები, რომელსაც გორგანის პოემასა და მის ქართულ თარგმანში ვხედავთ.

 

კულტურულ-რელიგიური რეალიები:

თუკი „ვისრამინი“ მკითხველმა სწორად გაიგო, ამას ვერ ვიტყვით ძეგლის მკლევრების ერთ ნაწილზე, რომელთაც „აცბუნებდა თხზულების მორალური მხარე.“ (ი. კალაძე). თხზულების მხატვრული ღირებულების აღიარების მიუხედავად („ვისრამიანი“ უაღრესად პოეტური ნაწარმოებია, საუცხოო პოეტური სურათები, შედარებანი, ფრაზები მას ქმნის პოეტური ხელოვნების შედევრად“, კეკელიძე 1981:59), მკვლევრები მკაცრად კიცხავენ გმირებს: „შეყვარებულნი პეპელასავით ასე ადვილად გადადიან ერთი ყვავილიდან მეორეზე: ვისი ვიროსაგან რამინისკენ, რამინი ვისისაგან გულისაკენ“ (იქვე, გვ.56). ძეგლის მკვლევრების ნაწილი ამ ტექსტში მხოლოდ უზნეობას ხედავდა და  დადებით პერსონაჟს ლამის ვერ პოულობდა მასში. ი. ბრაგინსკიმ პოემაში ავტორის სატირული განწყობაც კი დაინახა (დ. კობიძე ასეთ აღქმას „დიდ გაუგებრობას“ უწოდებდა). ამგვარი დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ გორგანის პოემის მორალის კრიტიკოსები საკუთარი ეპოქის ზნეობრივი კრიტერიუმებიდან ამოდიოდნენ და „ვის ო რამინის“ რელიგიურ-კულტურულ რეალიებს უგულებელყოფდნენ. მაშინ, როცა „გორგანი-რომანისტის მწერლური ალღო და მხატვრულ-გამომსახველობითი ნიჭი სწორედ იმაზე იხარჯება, რომ აჩვენოს გმირის გარეგნული საქციელის მამოძრავებელი შინაგანი იმპულსი, გამომდინარე ადამიანის რთული ბუნების თვითგაუცნობიერებელი სიღრმეებიდან.“ (კალაძე 1973:91). 

დავით კობიძეც ფიქრობს, რომ „ბევრი, ძალიან ბევრი სასარგებლო აზრია ჩაქსოვილი „ვის ო რამინში;“  „ვისი წავიდა ბუნებრივი გზით. ამის გამო მას არ შეიძლება რაიმე ბრალი დავდოთ, მთელი სიცოცხლის მანძილზე მოაბადის ტყვეობაში ყოფნას, რომელიც ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით მისი ნამდვილი ქმარი არც იყო, ამჯობინებს რამინის სიყვარულს, რის ნიადაგზეც საბოლოოდ ტკბილი და საამო ოჯახი შეიქმნა. მიზეზი რამინის გამარჯვებისა და მოაბადის დამარცხებისა ძირითადად ისაა, რომ პირველი ვისის შესაფერია და მეორე არა.“ (1983: 360).

პირველი, რაც ყველაზე მეტად აღაშფოთებს „ვის ო რამინის“ მორალისტ-კრიტიკოსებს, და-ძმის (ვისისა და ვიროს) ქორწინებაა. თუმცა, ინცესტი არა მხოლოდ ძველ ირანელებში, არამედ ძველი სამყაროს სხვა ხალხებშიც იყო გავრცელებული (მაგ.: ეგვიპტის სამეფო დინასტიებში და-ძმის ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენა იყო). კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპზე ინცესტი ღვთაებრივ არსად ითვლებოდა, მოგვიანებით კი იქცა „კულტურული ხალხების ყოფით ჩვეულებად, რომელსაც საფუძვლად დაედო... სამეფო სისხლის სიწმინდეზე ზრუნვა“ (მამამცაშვილი 1977: 20). „ვისრამიანში“ ვკითხულობთ: „დედამან-დედამთილმან გამოუღო ვისის ჴელი და ძმასსა მისსა ვიროს ჴელსა ჩაუდვა და შეჰვედრა, ვითა მათი წესი იყო...“ (ვისრამიანი 1962:41).

ვიროსა და ვისის (არშემდგარი) ინცესტი იმ ეპოქაში კანონიერად ითვლებოდა და, შესაბამისად, დასაძრახი არაფერი იყო. ამის დასტურია ფალაური ტექსტი „ათასი განსჯის წიგნი“, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი საშუალებაა სასანური ირანის სამართლის სისტემაზე წარმოდგენის შესაქმნელად. მისი რამდენიმე მონაკვეთი ეხება და-ძმის, მამისა და ქალიშვილის, დედისა და ვაჟიშვილის ქორწინებას. მთელი რიგი მიზეზების გამო, ასეთი ქორწინებები სასურველადაც კი ითვლებოდა. ისლამურ ირანში მცხოვრები გორგანისთვის ვისისა და ვიროს ქორწინება ისეთივე უცნაური იქნებოდა, როგორც ჩვენთვის, მაგრამ პოეტს უხერხულობა სულ არ ემჩნევა, გაგონილ ძველ ამბავს იღებს როგორც მოცემულობას და ამისთვის არ განსჯის თავის გმირებს. (დევისი 2008)

პოემაში ეროტიკული ურთიერთობა ენდოგამიის მაღალ დონეს ინარჩუნებს (დევისი 2008). ვისსა და რამინს საერთო ძიძა ჰყავთ - ბავშვობაში და-ძმასავით იზრდებოდნენ („ვისი და იგი ერთსა ქუეყანასა შიგან იზრდებოდეს, ვითა ერთსა ბაღსა შიგან ორნი ყუავილნი - ადრაგუნი და ნასრანი“, 37:34-36); ამასთან, რამინი მოაბადის უმცროსი ძმაა. 

კამერონ კროსი თხზულებაში კიდევ უფრო საინტერესო ხაზს გამოკვეთს (ინცესტი, სარკისებური გამოსახულებები, ორეული, სიმულაკრა, სუბლიმირებული სურვილები) -მოაბადი - შაჰრო    ვისი და ვირო    რამინი-ვისი. მოაბადი იხიბლება შაჰროთი და სწორედ მისით მოხიბლული შეკრავს პირობას შაჰროს დაუბადებელი ქალიშვილის შერთვის თაობაზე („ასული შენი შენებრვე არს“) - მოსწონს დედა და მის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებს.

რამინი ერთხანს ვისთან ერთად იზრდებოდა (როგორც და-ძმა იზრდება ერთად, ერთმანეთისთვის ძუძუმტეები იყვნენ). მკაცრად თუ მივუდგებით, აქაც შეიძლება ინცესტის მსგავსი რამ დავინახოთ. რამინი სახითაც ვიროს ჰგავდა. სწორედ ამით ისარგებლა ძიძამ, როდესაც ცდილობდა, ვისის მოხიბლვას: „არა დია ჰგავს რამინის პირი ვიროს პირსა?“ (ვისრამიანი 1962: 94/35). ვისიც ეთანხმება ამ მსგავსებას: „ეგეთია რამინ, ვითარცა იტყოდი, დია კეკლუცი და წყლიანი არის, გუარიანობაცა აჩნია და ჩემსა ძმასა ვიროსაცა ჰგავს“. (ვისრამიანი 1962:95:14-15)

რახან მოაბადთან ფიცის დადებისას შაჰრო „ვიროს დედად“ მოიხსენიება, შესაბამისად, ვირო ვისზე გაცილებით უფროსი, თუმცა, მოაბადთან შედარებით, ახალგაზრდა უნდა იყოს. საზოგადოებაში, სადაც მშობლის და შვილის ქორწინება დასაშვებია, ეს განსხვავებაც ვერ იქცეოდა დაბრკოლებად. საბოლოოდ, და-ძმის ინცესტი მაინც არ შედგა - ხელი ზოროასტრულმა კანონმა („წესი არის ცეცხლ-მსახურთა, რა დიაცი არა-წმინდა იყოს, ქმარი მისგან აბეზარ იქმნების ჟამამდი...“, გვ. 55), ხოლო მისი სახით, ბედისწერამ შეუშალა.

მეორე, რის გამოც ჰკიცხავენ „ვის ო რამინს“, ადიულტერია. თუმცა, ფაქტობრივად, დამნაშავეა თავად „მოტყუებული“ მოაბადი, რადგან ვისი მისი საქციელის მსხვერპლი გახდა: ჯერ ერთი, „მან უშობელი შეირთო“ და მეორეც - გათხოვილი ქალი ძალისა და ქრთამის წყალობით მოიყვანა ცოლად („ეგე თქვენი წესი არის საძაგელი და მოსაყივნებელი, რომე გათხოვილსა ცოლსა შეირთავთ“ - საყვედურობს ვისი მოაბადის ძმას, ზარდს.). რამინი დამატებით  კიდევ ორ საქციელს უთვლის მოაბადს დანაშაულად: 1.„აწ ვითა ეძებ სიყვარულსა და მზახობასა მისისა შვილისაგან, რომლისა მამა შენ მოგიკლავს?“ 2. „თუ ცოლსა შეირთავ, სხუა ვინმე შეირთე. ყრმისათვის ყრმა თქმულა და ბერისათუის - ბერი.“ (გვ. 56). ამდენად, მოაბადმა თავადვე გაიხადა საქმე „მოსაყივნელად და საარაკოდ“. რამინის ერთ-ერთ ბრალდებას ვისიც უყენებს მოაბადს: „და თუმცა...გაუთხოველი ვიყავ, შენი ცოლობა და სიყუარული არცა მაშინ ეგების ჩემგან, ამით  რომელ მამა ჩემი ყარან მოჰკალ უწყალოდ...“ , გვ. 53)

თუ დავუკვირდებით, სწორედ ვისია მრავალგვარი ღალატის მსხვერპლი. ყველა სწირავს მას.

ვისის დედა - დედოფალი შაჰრო - უღალატებს მოაბადისთვის მიცემულ ფიცს,  ორჯერ კი საკუთარ შვილს (შვილებს): ერთხელ, როდესაც „დედამან უშობელი გაათხოვა“ და მეორედ, როცა დაჰყვა მოაბადის მუქარიან წინადადებას - „ესე სჯობს, რომელ მტერობა დააგდო და ერთი დიდი სამეფო ერთითა დიაცითა იყიდო“ (გვ. 58). როცა შაჰრომ მოაბადის გულუხვი ძღვენი ნახა, „დაავიწყდა ძეცა და ასულიცა, რა შეღამდა... ელვარე მთუარე მოაბადს ჴელთა მისცა“ (გვ. 59) და შვილი „გაყიდა“. შაჰრო დედობრივი სიყვარულით თითქოს არც გამოირჩეოდა. ძიძა ხუზისტანიდან საყვედურობს შაჰროს და ვისის არსებობას შეახსენებს: „ვითა ეგების ესეთი გულ-ქვიანობა, რომელ ესე დაივიწყე, რა გიშობია...“ (გვ. 38-39)

რამინი, რომელსაც ბავშვობიდან გული ჰქონდა შევარდნილი ვისზე და მის მოსახელთებლად მცდელობა არ დაუკლია, ღალატობს მიჯნურს, მისთვის მიცემულ ფიცს გასტეხს. ჯერ კიდევ სიყვარულის მახვეწარი, ძიძასთან იყოფს სარეცელს, მერე კი ცოლად გულს ირთავს. ვისი რამინისგან ასეთ გამწირაობას არ ელოდა: „მე თუნდა ფრჩხილსა ზედა თმისა ამოსლვასა დავიჯერებდი, მაგრა მისგან ამას არაოდეს მოველოდი... რამინ უმეცრობითა მრავალჯერ დამამძიმა და მე ყუელა დავთმე მისისა გულისათუის“ (გვ. 203). 

რამინი არც (ვერც) გულს უერთგულებს: მან „ხანი დაჰყო გულსა თანა, მისებურად გაძღა... რა გაძღა და დაითრო, მათისა სიხარულისა ვარდიცა დაჭკნა.“ (გვ.226)

რამინისთვის  კიდევ ერთი „დამამძიმებელი გარემოება“ (თუმც მას ვისის მიმართ ძლიერი სიყვარული ერთგვარად ამართლებს მას) ისაა, რომ იგი „უყუარდა მოაბად მეფესა შვილად და წარმართად მას ჰხედვიდა“ (გვ. 37/32-33). რამინმა ძმასაც გაუცრუა იმედები და უღალატა.

ვისის ძიძაც მოღალატეა - მანამდე მოუდრეკელი, რამინის ხიბლს დამორჩილდა, „დახია სირცხუილისა ფარდაგი“ და დათანხმდა, „ვისის სადავენი“ რამინის ხელში მიეცა, მის „ფარმანსა ქუეშე“ ემყოფებინა გაზრდილი. ძიძის ასეთი მეტამორფოზა რამინის მოხვევამ და კოცნამ გამოიწვია, როდესაც მან გამზრდელი „თანადაიწვინა და გულისა-ნება ქმნა“. ძიძა სრულ მორჩილებას გამოუცხადებს აღზრდილს და გამოუტყდება, „აქამდინცა მიყუარდიო“(!). არც ვისზე შეყვარებული რამინი რჩება ვალში და ასე მიმართავს ძიძას: „ჰე თუალთა ჩემთა სარჩეო!“

ერთადერთი, ვინც არავის ღალატობს, ვისია. დიდხანს გლოვობდა ვიროსთან განშორებას და თავსმოხვეული ქმრის გაგონებაც არ უნდოდა. ვიროსგან განსხვავებით, მოაბადთან არც გრძნობა აკავშირებდა და არც ფიზიკური სიახლოვე, რომ მისთვის ეღალატა. დიდხანს ეწინააღმდეგებოდა რამინის გრძნობებს, ძიძის გრძნეულებაც კი გახდა საჭირო მის დასაყოლიებლად („იცოდა გრძნეულმან ძიძამან, რომელ... დამფრთხალი კანჯარი ბადესა შეაბა და გრძნებითა და შელოცვითა ქარი დაებორკილა“, გვ.94). ხოლო როცა შეიყვარა, ბოლომდე უერთგულა რამინს, თავისი გრძნობები უშიშრად დაიცვა ვიროსა („მე რამინ ასრე შემყუარებია, რომელ უკუნისამდე ვეღარა მოვსწყდები“, გვ.106) თუ მოაბადის წინაშე. ამით აიხსნება „ვისრამიანის“ მთარგმნელის აშკარა აღტაცება ვისით, მის მიმართ გამორჩეული სიყვარული (შესაძლოა, უფრო ძლიერი, ვიდრე ავტორისა თავისი პერსონაჟის მიმართ). ამიტომ აფრთხილებს შესაძლო კრიტიკოსებს: „ვისრამინს ყუედრება არ უნდა, მით რომელ ღმრთისა განგებისა გზა სიბრძნით არ შეიკრვის.“ (გვ. 38:7-8)

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ შესაძლებელია „ვის ო რამინისა“ და, მაშასადამე, „ვისრამიანის“ სხვადასხვაგვარი წაკითხვა. კამერონ კროსი პოემის ტექსტში სიყვარულის სამ სხვადასხვა ხედვას განარჩევს. მისი აზრით, პერსპექტივათა სიმრავლის მეშვეობით, „ვის ო რამინი“ საკუთარი თავისგან დისტანცირდება, რაც  აუცილებელია „მეორე რიგის ანალიზისთვის“ ანუ არა მხოლოდ სიუჟეტზე დაკვირვების, არამედ იმისთვისაც, თუ როგორ უნდა გავიგოთ იგი: „სასიყვარულო ამბავზე მეტად ეს არის ამბავი ამბებზე, განსაკუთრებით იმ ამბებზე, რომლებსაც შეყვარებულები ჰყვებიან საკუთარ თავზე.“ (კროსი 2023: 21-22). მკვლევარი საგანგებოდ ჩერდება „პერსონაჟების ნარატიულ რკალებზე“. 

„ვისრამიანი“ და „ტრინსტანი და იზოლდა“

 

დიკ დევისი მონოგრაფიაში „პანთეას შვილები: ელინისტური ნოველები და შუა საუკუნეების სპარსული რომანები“ (2002), საინტერესო და მდიდარი საილუსტრაციო მასალის განხილვის საფუძველზე, ასეთ ჰიპოთეზას გვთავაზობს: „ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ეთოსი, ტოპოსი და თხრობის ტექნიკა, რომლებიც საერთოა მე-11 საუკუნის ამ სამი სპარსული რომანისთვის [„ვარყა ო გოლშაჰ“, „ვამეყ ო აზრა“, „ვის ო რამინ“], მნიშვნელოვანი დოზით შეიძლება აღმოვაჩინოთ გვიანანტიკურ ბერძნულ რომანებში; საფუძვლიანი ჩანს ჰიპოთეზა, რომ ეს რომანები, გარკვეულწილად, ელინისტურ-ირანული კულტურული სინკრეტიზმის პროდუქტებია.“ (დევისი 2002: 6-7) ამ ჰიპოთეზის ფონზე კიდევ უფრო იზრდება ქართული „ვისრამიანის“ მნიშვნელობა აღმოსავლეთ-დასავლეთის კულტურული დიალოგის ჭრილში, უფრო ცხადი ხდება ქართული საზოგადოების მზაობის საფუძველი ამ ძეგლის მიმღებლობისა და შეყვარებისათვის.

ქართველ და უცხოელ მკვლევრებს არაერთგზის მიუთითებიათ „ვის ო რამინისა“ და „ტრისტან და იზოლდას“ სიუჟეტური მსგავსების შესახებ. კ. კეკელიძე იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ რომანის ევროპული ვერსია „მომდინარეობს ფალაური „ვისრამიანიდან“, მაგრამ არა ლიტერატურული, არამედ ზეპირი გზით. ზეპირი თხრობის გზით გადასული ევროპაში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობის პროცესში, ის, ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურსა და პოლიტიკურ-კულტურულ ვითარებაში, იღებს იმ სახეს, როგორც გვევლინება „ტრისტან და ისოლდეში“ (კეკელიძე 1981: 60).

„ვისრამიანისა“ „ტრისტან და იზოლდას“ ნათესაობის დასადგენად გ. იმედაშვილმა შეიმუშავა ნიშანთა სქემა - სიუჟეტის ფაბულური კომპოზიცია, ძირითად მოტივთა არსებობა, სოციალურ-კულტურული და რელიგიურ-იდეოლოგიური ფონი, მთავარ გმირთა რაოდენობრივი და თვისებრივი იდენტობა, მხატვრული ხერხების (ეპითეტი, მეტაფორა) და სიმბოლიკის მიმართებები. ასეთ სიუჟეტს მხოლოდ ისეთი ძეგლი შეიძლება დაუკავშირდეს, რომელშიც ოთხი მთავარი გმირია: გულუბრყვილო, ხნიერი, მოტყუებული ქმარი; ლამაზი, ახალგაზრდა მემრუშე ცოლი; სხვის ცოლზე შეყვარებული ვაჟი (ქმრის ნათესავი) - უებრო ვაჟკაცი; მაჭანკალი, ქალბატონის მესაიდუმლე და შემწე - ძიძა, მოახლე.

გ. იმედაშვილი ორმოცამდე საერთო ეპიზოდს, მოტივს და მომენტს აღნუსხავს, რომელთა წარმოშობის იგივეობა, მისი აზრით, ეჭვს არ იწვევს. მკვლევარი ასევე აღნიშნავს ამ ორი ძეგლის განსხვავებებსა და ჩანამატებს და ასკვნის, რომ მათ სიუჟეტის მხატვრულ კონსტრუქციასთან ორგანული კავშირი არ გააჩნიათ, გვიანდელი ჩარევის შედეგებია. მეცნიერის აზრით, „არ არსებობს ვისრამინის გარეშე კელტური საგა, როგორც ტრისტანიზოლდას დამოუკიდებელი პროტოტიპი და სხეული.“ (იმედაშვილი 1942: 137)

„ვისრამიანის“ არაიდეალური გმირები

„ვის ო რამინის” გმირები ხშირად ღალატობენ, კილავენ თუ განიკითხავენ ერთმანეთს, ცრუობენ, ივიწყებენ ფიცს, მოვალეობებს. მიუხედავად ამისა, ავტორი იმგვარი შტრიხებით ამდიდრებს პერსონაჟთა პორტრეტებს, რომ თხრობის ლაბირინთებში გზადაკარგული მკითხველი გმირისადმი კეთილგანწყობილი რჩება.” (ფარულავა 2006: 17)

დღემდე პოემის გმირების მიმართ, ძირითადად, ორგვარი პოზიცია გამოიკვეთა: ვისის ქომაგები ყველა უბედურების სათავედ მოაბადს მიიჩნევდნენ, ხოლო მისი კრიტიკოსები ლამის ერთადერთ დადებით პერსონაჟად მოაბადს სახავდნენ. ასეთი იყო მე-19 და მე-20 საუკუნის მკვლევართა დამოკიდებულება. 21-ე საუკუნიდან ფახრ ად-დინ გორგანის ამ სამიჯნურო პოემის მიმართ ინტერესი თვალსაჩინოდ გაიზარდა როგორც თავად ირანში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვისსა და რამინს თვით ირანშიც გამოუჩნდნენ ქომაგები, მოაბადის უბედურებამ კი დასავლელი მკვლევრების გულები კიდევ ერთხელ შესძრა.

 

ვისი

„ვისი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია. მისი  გამოგონება თუ ხელახლა შექმნა გორგანის უდიდესი მიღწევაა. მე-11 საუკუნის სხვა სპარსი გმირი ქალებივით, რომელთა ისტორიებიც ისლამამდელი თქმულებებიდანაა აღებული, მას აშკარა გულწრფელობა ახასიათებს, რაც კიდეც გაოცებს და კიდეც აღგაფრთოვანებს“ - ასე ახასიათებს გორგანის პოემის გმირს დიკ დევისი, პოემის მთარგმნელი ინგლისურ ენაზე (2008: xxvii). თარგმანისთვის  წამძღვარებული წინასიტყვაობის ბოლოს იგი მადლიერებით მოიხსენიებს ყველას, ვისგანაც დავალებულია და წერს: „მე ვაღიარებ კიდევ ერთ ვალს, რომელიც, ვერ ვიჯერებ, რომ წარმოსახვითია:

Ah Vis, across the centuries I heard

Your human cry,

And vowed that I would do my part to see

It did not die.

ო, ვის, საუკუნეთა განმავლობაში მესმოდა

შენი ადამიანური ძახილი.

და დავიფიცე, რომ მეც ჩემ წილად გავირჯებოდი, რათა

მენახა, რომ ის [ხმა] არ ჩაჩუმებულა.”  (დევისი 2008: xliv)

ვისი ქართველი მთარგმნელის ფავორიტიცაა, რომელსაც თავის თარგმანში გმირის მიმართ ავტორისეული ემპათიაც გადმოაქვს. ორივე თითქოს გულშემატკივრობს გმირს - მეამბოხეს, მგრძნობიარეს, მამაცს, თავგანწირულს, გულწრფელს, დროდადრო უკმეხს, ჯიუტს, შურისმაძიებელს, ხანაც ჭირვეულს, თავნებას, ქედმაღალს, დაუნდობელს, პრაგმატულს, ავანტიურისტს. ვისი ყველაზე ცოცხალი, სისხლსავსე პერსონაჟია თავისი ეპოქის (და არა მარტო!) ქალ პერსონაჟებს შორის. მისი შინაგანი სამყარო ისე ძლიერად ფეთქავს, თითქოს მკითხველი ვისის ემოციების პულსაციას გრძნობს. ერთადერთი მბრძანებელი, რომელსაც ის არ ეურჩება და ემორჩილება, სიყვარულია.

ფახრ ად-დინ გორგანის მიზანი, ყველა პერსონაჟი შეულამაზებლად დახატოს, ყველა ნაკლი და ღირსება წარმოაჩინოს, უპირველეს ყოვლისა, ვისის მაგალითზე ჩანს. თუ ახალშობილი ვისის სილამაზის მოკლე აღწერას არ ჩავთვლით, პირველი მისი დახასიათება ძიძის წერილშია მოცემული, შაჰროს რომ მისწერა: „აქ ჩუენი აღარცა ტანისამოსი მოეწონების, არცა სასუმად-საჭამადი […]. რაზომცა უსწორო ტანისამოსი შეუკერო, სამოცსა ფერსა აუგსა დასდებს: ყუითელი თუ მივართო, ამას იტყუის, ეგე სნეულთა სამოსია; თუ წითელი მოვიღო, ესე საბოზაოაო; ლურჯი - მგლოვიარეთა ჰფერობსო; თეთრსა - ბერთა სამოსად იტყუის და ორფერსა - მწიგნობართად. რა დილასა გაიღუიძოს, მონათა და მჴევალთა ითხოვს სამსახურად ორმოცდაათ-ორმოცდაათსა, ოქროისა სარტყლითა და ატლას-ოქსინოითა მოსილსა; ნადიმად ოთხმოცი ქალი გუარიანი კეკლუცი მოუნდების, ამის უმცროსნი არ მინდაო” (ვისრამიანი 1962: 39). ძიძის ვერსია თავისი აღზრდილისა, მოგვიანებითაც მალიმალ იჩენს თავს („შენ ბრუნავ, ვითა ნარდისა მღერისა ჟამსა კაბათენი”, „შენს გუერდით ვერცა დევი გასძლებს”, გვ. 97 და სხვ.).

ასეთი ჭირვეული ვისი დედის წინაშე მორცხვ და მორჩილ შვილად წარმოგვიდგება. „შუენება-მოჭარბებული” ქალიშვილი დიდგვაროვან დედას არავისთვის ემეტება, რადგან მისი „სწორი შესაფერი ქუეყანასა ზედა არავინ არის” (ვისის შაჰროსეული ვერსია), მისივე ძის, ვიროს გარდა. მაგრამ, როგორც კი ვისი გაიგებს, რომ დედამ ქალიშვილის ბედი მის დაბადებამდე გადაწყვიტა, მშობლის მორჩილებას და კრძალვას ივიწყებს და პირგამეხებული მიახლის: „ღმერთმან ეგრე ცნობა ვითა წაგიღო, რომელ წახუედ და უშობელი ასული გაათხოვე? ცნობილსა კაცსა შენი ნაქმარი არ მოეწონების. ჴამს, რომელ ყოველი კაცი შენ ზედა იცინოდეს” (ვისრამიანი 1962: 44).7 კიდევ უფრო უკმეხი და შეურაცხმყოფელია მისი შენათვალი მოაბადისადმი: „სიბერისაგან ტუინი წაგსვლია […]. დამპალო ბერო! თუმცა ყოლა ცნობა გქონდა, სიბერისა ჟამსა არ ესე გმართებს, რომელ შენ ბერი გარდასრული ყრმასა ცოლსა ეცილებოდე. თუმცა კაცი იყავ, საუკუნოსა საგზალსამცა იურვოდი სიბერესა, არა ყრმასა ცოლსა” (იქვე).

ვისი დაუნდობელია საკუთარი თავის მიმართაც, როცა ერთგვარად „თეატრალურ” (თუმცა ტრადიციულ) თვითგვემას ეძლევა: „თავსა მიწა და ნაცარი ისხა, ორისავე ჯიღუითა პირი და მკერდი ლილის ფერად გაიჴადა, საყელონი გარდაიხივნა, მკერდი ბროლისა გამოუჩნდა…” (გვ. 53)

მოაბადისა და ვიროს ომის შემდეგ, ვისის ქედმაღლობა და სიანჩხლე ბედზე ჩივილმა შეცვალა. იწყება ვისის ნარატივი, რომელიც მთელ ტექსტს გასდევს - „დღეს ლურჯსა  ცასა ქუეშე და შავსა ქუეყანასა ზედა ჩემგან უფრო საბრალო და გულწყლული არავინ არისო…რა დღესა და რაითა ეტლითა მშობა დედამან, რომელ რა დაბადებულ ვარ, ჭირსა შიგან ვყოფილვარ” (გვ.52); „ჰე თავჩაღმართო და უკუღმართო ბედო ჩემო! რად გამწირე და აბეზარ იქმენ ჩემგან?” (გვ.68). „ჩემი ბედი მებრძვის დღე და ღამე” (გვ.69), „ყოველი საქმე ბედისგან მოვა კაცსა ზედა” (გვ.85.), „აწ ბედმან ჩემმან რად მიმცა ესეთსა ყოფასა, რომელ ვითამცა წამსა და წამსა თუითო ქარავანი მომივიდოდა დაშნისა დამცემი” (გვ. 224), „მე თუით უბედურობისათუის საარაკოდ დაბადებული ვარ ქუეყანასა ზედა” (გვ. 170) და მისთ.

თუმცა ვისი ასე განსჯის, სხვებისთვის საპირისპირო „ვერსიაც” აქვს მომარჯვებული: როდესაც მოაბადის შეშინებასა და დანამუსებას გადაწყვეტს, ასე ეტყვის მას: „ჩემზედა ღმერთი მიწყით მოწყალეა. იგი არაოდეს გამწირავს და მოურავია ჩემისა საქმისა […] შენ რასცა ჩემთუის იქმ, მას ღმერთსა ზედა იქმ, მას ემტერები, არა მე” (გვ.172). ვისი ამ „სიმართლეშიც” დარწმუნებულია, რადგან მიჯნურია და, მაშასადამე, მართალია.

ძიძამ იცის, რომ ვისი თავმოყვარე და პატივმოყვარეა, სწორედ ამ გრძნობებს გააღვიძებს მასში, როცა მგლოვიარე დედოფალს ეტყვის: „სათქუენო ტანისამოსი გამოიღე, ტანი შეიმოსე დაშუენებითა შენებურად ტახტსა ზედა დაჯედ და თავსა გუირგუინი შენი დაიდგი. […] კაცისათუის უკეთესი საქმე არის სახელისა ძებნა და უცხოთა კაცთა ენის დაბმა. […] ვინცა კაცთა უპატიოდ ნახავს, იცოდი, რომელ მას კაცნი დაემტერებიან” (გვ. 67-68). ძიძის სიტყვა გაჭრის და ვისი დედოფლობას შეიფერებს.

ძიძის „ენამაგალითობის” წყალობით, ვისი რამინით მოიხიბლა. თავს გამართლება მოუძებნა - „ვირემდის ჭირი გავძლო? არა რკინა ვარ” (ვისის ნარატივი!). თუმცა მისთვის იოლი არ აღმოჩნდა დანებება: „მძლე ეშმა მისად ომად მოსულ იყო […]. ვისი თუით ჯაბანი იყო […]. ზოგჯერ ცნობა მოიჴმარის, თმობა და პატიოსნება გამოარჩივის. რა კარგადრე იგონა, ღმრთისა შიში ჩაიგდო გულსა; რა გონებანმან მისმან პატიოსნება გამოურჩია, აუგისგან იკრძალოდა და სიყუარულისთვის ნანვა დაიწყო. მიჯნურობასა სიწმინდე და მოღმრთეობა გამოარჩივა” (გვ. 95). „ვისრამიანში” დამაჯერებლადაა ნაჩვენები ვისის „ჭიდილი საკუთარ თავთან”.

ვისი რამინთან შეყრას და ძლიერ სიყვარულს კვლავ ბედისწერად მიიჩნევს („ღმრთისა განგება აღსრულდა ჩემზედა; რაცაღა იქმნა, იქმნა! აწ თქუმა და ნანვა აღარას გუერგების. მე რამინ ესრე შემყუარებია, რომელ უკუნისამდე ვეღარა მოვსწყდები”, გვ. 106) და, ბუნებითი გულწრფელობიდან გამომდინარე, არც მალავს საკუთარ გრძნობებს: „მე რამინისა სიყუარულსა არ მოვსწყდები, ვირე სიცოცხლე არ მომწყდეს […]. ჩემი იმედი და ნება იგი არის. მე რამინ შაჰროსაგან უფრო მიყუარს, მე რამინ ვიროსაგან უფრო მომინდების” (გვ. 105).

ვისს ყველამ წაართვა არჩევანი - დედამ, მოაბადმა, ძმამ, რამინმაც კი, რომელმაც „მოსაყივნებელი” მიჯნურობისთვის გასწირა. ვისს არ აკმაყოფილებს თავისი მდგომარეობა; ნატრობს, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მათი წესი და რიგი იყო და ვიროს ცოლად დარჩენილიყო: „ძმაცა მივის, ქმარიცა და მოყუარეცა, და ამას სამთაგანვე ცეცხლთა ზედა ვიწუი […]. მე სახელი ოდენ დამრჩა ქმროსნობისაგან, მე საყუედური ოდენ დამრჩა მიჯნურობისგან […] თუმცა ბედნიერი ყოფილ ვიყავ, ჩემი ქმარი ვიროსგან კიდე არვინ იქმნებოდა. არცა რამინის პირი მენახა, არცა მოაბადისი, რომელ მოყუარესა ჰგუანან და მტერნია საძულველნი. ერთი ვითა ჭირია, მიწყით სულისა გამპატიჟებელი, და ერთი საჩემოდ, ვითა ჭიქასა თანა ქვაა; ერთისა გული ქვისაებრი დაუდგრომელია, და მეორისა გული უსამართლოისა მძებნელიო”. (გვ. 108)

ვისი განგების განაჩენს ამბოხის საფუძვლად აქცევს და ამ ამბოხის გზაზე არაფერს თაკილობს - ტყუილს, თვალთმაქცობას, მოაბადის გაძარცვას, „მუშაითებრ” თოკზე გასვლას, გაპარვას, რამინის წაქეზებას ძმის წინააღმდეგ („ვიდრე იგი ვახშამსა სჭამდეს, შენ მიუსწარ და სადილი ჭამე,“8 გვ.282) და ა.შ. ამასთან, ხშირად გრძნობს, რომ ამ ამბოხსა და ბედთან ჭიდილში მარტოა („ნუვინ მიაუგებთ. მე ვარ უმოყურო და ჭირთაგან მოყურიანი,” გვ. 208). ვისი მზადაა, თავის თავზე აიღოს მოაბადის რისხვა, მარტო დაუპირისპირდეს ნებისმიერ განსაცდელს, რადგან მისთვის სიყვარული შიშზე და სიკვდილის საფრთხეზე უფრო ძლიერი გრძნობაა (მოაბადი „თავისა მოკუეთასა ჰლამობდა და მას მის ჴმლისგან ეგზომი შიში არა ჰქონდა, ვითა ურამინობისა შეჭირვება”, გვ.171).

ვისი გრძნობათა ისეთ ინტენსივობას მოელის მიჯნურისგან, როგორიც თვითონ აქვს.  ფიცხიცაა, მომთხოვნიც, მრისხანეც და შემბრალებელიც. რამინის გადაწყვეტილებით განაწყენებული, ტახტიდან ააგდებს მიჯნურს და მოიმიზეზებს: „ჯერეთ მეადრების შენგან მაგა ტახტისა ძებნა” (გვ.182) და ამით აგრძნობინებს, რას კარგავს რამინი მისგან მოშორებით (არა მხოლოდ ემოციურად). ვისის გრძნობების გაორება, ჭოჭმანი შურისძიებასა და შენდობას შორის, აშკარა ხდება რამინთან ხანგრძლივ დიალოგში, რომელიც მიჯნურის დაბრუნებას მოჰყვა. ვისის ენა ერთს ამბობს, გული მეორეს ეუბნება. რამინის თხოვნა-მუდარას საყვედურით პასუხობს, მისი უკანდახევა სიკვდილს აახლოებს.  

ვისს ყველანაირი გრძნობა შეიძლება დაეუფლოს. მისი სიბრალული მოაბადისადმი, მგზნებარეა და გულწრფელი, თუმცა არა ხანიერი. მთვრალი მოაბადის საყვედურის გამგონეს, „ვისსა სამისოისა სიბრალულისათუის გული დაეწუა და მართალ იყო” (გვ.133). გულაჩუყებულმა მგზნებარედ უთხრა: „შენთა ფერჴთა მტუერი სჯობს რამინს” (გვ.134). „მოაბადისას და რამინისას შეიჭირვებდა. ზოგჯერ მას იგონებდის, ზოგჯერ მას.” (გვ. 134).

ვისისთვის არც პრაგმატულობაა უცხო. როდესაც მისი სიმართლის გამოსაცდელად დანთებულ ცეცხლს დაინახავს, გადაწყვეტს: „აღარ გულოვნობისა ჟამია, აწ ჟამი გაქცევისა არის” (გვ. 121).

მაგრამ ვისი, უპირველეს ყოვლისა, მიჯნურია და მისი მრწამსი ასეთია: „რათგან მიჯნური ხარ და ყოველთა მიჯნურთა, გარდასრულთა და მომავალთაგან, უსაბრალოესი და უფრო მოჭირვებული, რასა სწყალობ თავსა? ესრე სიჯაბნე რა საშენოა? რად არ ეძებ ღონესა რგებისასა? ვირემდინ იკითხავ შენ ეტლისა საქმესა, ვირემდინ სჩივი და ტირი? რასა ვინ გარგებს სხუა, თუ თავისა თავსა შენ არარას არგებ?” (გვ. 286).

 

რამინი

დ. კობიძის დაკვირვებით, XI-XII საუკუნეები აღმოსავლურ ლიტერატურაში „ველთა გაჭრილი მიჯნურების ეპოქაა“, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ეს მიჯნურები: „რამინი და სალმანი ლხინნახული მიჯნურებია; მათ ხორციელი სიყვარული, ვნება ამოძრავებთ და მიზანსაც ადვილად აღწევენ.“ (1978:74-75). გ. იმედაშვილი გაცილებით მასშტაბურად მიიჩნევს რამინს, რომელიც თავისუფალი სიყვარულის შემომქმედად წარმოუდგენია. „...რამინი ყველაზე სრულყოფილი ტიპია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში იწყებს მხატვრული ტიპების ისტორიას, როგორც პირველი რომანის გმირი.“ (იმედაშვილი 1942: 145) მკვლევარი საფუძველს მოკლებულად თვლის სამეცნიერო ლიტერატურაში „ვისრამიანის“ გმირთა „ულტრა-მორალურ კრიტიკას.“ სინამდვილეში აქ ერთიანი თემა და იდეაა - სიყვარულისა და სიკვდილის დიალექტიკა პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტის ფონზე. „...რამინი მსოფლიო ლიტერატურაში დენდისა და დონჟუანის ტიპის ერთგვარ წინაპარს წარმოადგენს. ის პირველი რომანის პირველი გმირია. რამინი თავის თავში მხატვრულად სრულყოფილი ტიპია [...] ის თავის თავში აჯამებს ყველაზე საუკეთესო თვისებებს, რომელიც ანტიკური აღმოსავლეთის ყველაზე მოწინავე ქვეყნის ადამიანს შეიძლება ჰქონოდა. ამ თვისებებში ყველაზე მაღალია კოსმოპოლიტიზმის გრძნობა, რომელიც მთელი სპარსული კულტურის დამსახურებაა მსოფლიო ისტორიის წინაშე.“ (იმედაშვილი 1942:146).

სრულიად განსხვავებულად აღიქვამს რამინის სახეს „ვის ო რამინის“ ინგლისურად მთარგმნელი, დ.დევისი. მისი შეფასებით, „რამინი, რა თქმა უნდა, ნაკლებ დამაჯერებელი პერსონაჟია.  ის, ასე ვთქვათ, უმალ სასარგებლო პერსონაჟი-სიმბოლოა (მისი შინაგანი სამყარო გაცილებით მარტივია, ვიდრე ვისისა), თუმცა მოვლენების განვითარებასთან ერთად მეტ მნიშვნელობას იძენს.“ (დევისი 2008: xxix)

გორგანის პოემაში და, შესაბამისად, „ვისრამიანშიც” რამინის ორ სახეს ვხედავთ - ყველა ღირსებით შემკობილ რაინდსა და გახელებულ მიჯნურს, მეორე მხრივ, ღვინისა და გართობის მოყვარულს, სატრფოს გამწირავს, ამბიციურს, ქალთა მოყვარულს.9 როგორც ჭეშმარიტ მიჯნურს შეეფერება, რამინს, ოდეს მოიწიფა,  „სახე უმსგავსოდ ტურფა ჰქონდა”, „პირად მზესა ჰგუანდა, თუალ-წარბ შავი, თმანი - მდიდარნი და გრუზნი, შავნი წუერნი - მერცხლის ბოლო; ტანად საზომიერი, ერთი მისებრი არცა მხატვართაგან დაისახოდა; ძალად და გულად ვითა ლომი, სიფიცხედ ვეფხისგანცა უფიცხესი; ცხენოსანი, მონავარდე, მოჭადრაკე, მხიარული, საწადისი, ძალისა ჴმისა ყუელასი უებროდ მცოდნელი იყო; მშუილდსა მისსა ვერვინ მოჰზიდვიდა, შუბთა და ასპარეზთა მისებრ ვერავინ  იმღერდის, ესრე რომელ ჭურეტასა მისსა შეექციან; მის გუერდით მომღერალნი და მსუმელნი არად გამოჩნდიან; ამას ყუელასა ზედა წყალ-ჯავარი, თუ სთქუა, იმასა აქუს ყოვლისა სოფლისაო.” (გვ. 38:12-23).

რამინს ბავშვობიდანვე უყვარდა ვისი, როცა ერთად იზრდებოდნენ, მაგრამ სიყვარული არ გაუმჟღავნებია. როდესაც მეორედ ძმისგან გაიგონა მისი სახელი, „მოირწყო მისი მიჯნურობა […] და რამინ იმედოვნად შეიქმნა ნაყოფისა ჭამისათუის” (გვ.56). რატომ ჰქონდა ასეთი იმედი რამინს, როცა იცოდა, რომ მოაბადი ვისს ირთავდა?.. თუმცა, როდესაც ანაზდად ვისი დაინახა და მეორედ შეუყვარდა, რამინს იმედმა და უიმედობამ ერთდროულად დარია ხელი. მისი გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ „არცა ცოცხალი იყო და არცა მკუდარი, სახე ოდენ იყო, უსულოდ მიმავალი” (გვ.63). გამიჯნურებული რამინის სულიერი მდგომარეობის აღწერას „ვისრამიანში” თითქმის მთელი თავი ეთმობა („ამბავი რამინის მიჯნურობისა”) და მას თავდავიწყებით შეყვარებულად აცნობს მკითხველს: ჭაბუკი ხალხს გაურბის, უკაცრიელ ადგილს ეძებს, ნაძვს ვისს ამსგავსებს და თვალს ვერ წყვეტს, წითელ ვარდს კოცნის, რადგან ის ვისის ბაგეებს აგონებს, დილაობით იას კრეფს მიჯნურის თმის მოგონებით, ორძალს აკვნესებს და მღერის შეყვარებულთა განშორების სიმღერას. გორგანი აქვე ნაცად ხერხს მიმართავს - რამინის „ემოციურ ავტოპორტრეტს” აცნობს მკითხველს (ისევე, როგორც ამას ვისის შემთხვევაში აკეთებს ხოლმე): „აწ არცა მკუდარი ვარ და არცა ცოცხალი […] დაკოდილსა კანჯარსა მივჰგავ, მინდორსა შიგან რა სასისხლესა წამლიანი ისარი სცემოდეს; ცოტასა ყმასა ვჰგავ, ობოლსა, საწყალსა…” (გვ. 75).

რამინის სიყვარული თავიდანვე ისე ძლიერია, როგორც ვისისა მოგვიანებით. ამ გრძნობას დაბრკოლებად ვერც მოაბადი გადაეღობება, რომელიც რამინის უფროსი ძმა იყო და მას შვილადაც თვლიდა, ტახტზე თავის მემკვიდრედ სწორედ მას მოიაზრებდა. რამინის თვითშეფასებით, ის ღვიძლ ძმას ყველაფრით სჯობდა („მოედანსა შიგან ორმოცდაათი მაგისებრი ვერ გამისწორდეს”). დედისთვის მიწერილ წერილში გამჟღავნებულია რამინის პრეტენზია მოაბადის ტახტზე - მოაბადი უკვდავი არ არის, მაგრამ თუ არ მოკვდება, „ლაშქართა შევყრი და ტახტისგან ჩამოვათრევ და მე და ვისი დავსხდებით.” (გვ. 127) რამინს ყველაფერი უნდა - ვისიც და ტახტიც. რამინი ძმის მოკვლის სურვილს მერეც გაამჟღავნებს, ვისის გვერდით მყოფი და მოაბადის ყვირილით დაზაფრული: „…ესეთი გული შემექმნა […] ქუე ჩავიდე, თავი მოვჰკუეთო და ქვეყანა დავჴსნა იმა საძულველისაგანო. ესეთი ძმისა სისხლი ერთისა კატისა სისხლისაგან უფრო მეადვილებისო” (გვ. 137). „ვისრამიანის” ტექსტში პირდაპირ არ ჩანს, რატომაა მოაბადი ქვეყნისთვის საძულველი. ასეთი როლი თუ განაჩენი თვითონ ავტორმა არგუნა თავის პერსონაჟს თითქმის უაპელაციოდ.

რამინის ამბიციები არც სხვებისთვის ჩანს დაფარული. ძიძა საყვედურობს ვისს ბედის უმადურობისთვის: „ღმერთსა შენთუის მოუცემია ჴელმწიფობისა სისრულე და დიდება […] რამინისებრი მიჯნური, შენთუის თავგანწირული მოყუარე, მეფობისა მომლოდე!” (გვ. 281)

მაგრამ რამინს მიჯნურობაში ვისისოდენა გამძლეობა და „ჭირთა თმენის” უნარი არ აღმოაჩნდა. „რა რამინსა მოეწყინა ნიადაგ ჭირისა ნახვა და გაძღა დღე და ღამე ვისისა უკანა დგომისაგან” (გვ. 181), სატრფოსთან დროებით განშორება გადაწყვიტა. ბუნებრივია, ამით გაანაწყენა ვისი, რომელიც გრძნობებს მორჩილებს, უმოქმედობას ვერ ეგუება. თუ ვისი პატიოსან სახელს არ ეძიებს და ღირსებას არად დაგიდევთ („ჩემი სახელი უკუნისამდე დარჩების, ვითა: სული ვისმან რამინისთუის გაწირაო”, გვ. 105), რამინი მაინც წუხს მოყივნების გამო, თავმოყვარეა. ბეგოს ეუბნება: „ყუელასა ჭირსა მოვიჭირვებ, მაგრა უპატიობას ვერაო” (გვ. 175). ბეგოც არ დაახანებს და ეტყვის, რომ საარაკოდ გამხდარა მისი სახელი, დიდ-პატარა მის აუგს ამბობს, „რა პირველ სუმად დასხდებიან, შენსა ზრახვასა დაიწყებენ და სახელად ნაჯომარდსა გიჴმობენ; თუ ვისი მზეცაა, რამინისაგან მისისა ძმისა უპატიობა ვით ეგებისო?” (გვ.177).

„ვისისა უკან დგომისგან” გაბეზრებულ რამინს ჭკუაში დაუჯდება ბეგოს დარიგება, გულზე მოხვდება მისი საყვედური („სხუანი ჴელმწიფენი, შენნი სწორნი, ჴელმწიფობასა და დიდებასა ეძებენ და შენ მიწყით ვისსა და ძიძასა ეძებ; წაგიღია თავისათუის პირისწყალი…”, გვ. 177) და გადაწყვეტს, თავი დაიხსნას ამ მდგომარეობიდან. თუმცა ეს „ხსნა” დროებითი აღმოჩნდება. გულს ირთავს ცოლად, მაგრამ მისი სახე ვისს აგონებს. ვერ ძლებს უვისოდ ვერც მის სიცოცხლეში და ვერც მისი სიკვდილის მერე - ფაქტობრივად, ცოცხლად დაიმარხავს თავს ვისის აკლდამაში.

მოულოდნელად რამინი სანიმუშო მმართველი აღმოჩნდა როგორც მოაბადის სიცოცხლეში, ასევე ტახტზე ასვლის შემდეგ. ვისისგან მოშორებულმა რამინმა მოიარა თავისი ქვეყანა, ყველგან ბოროტება ამოძირკვა, „ესრე უშიშრად გაჴდა გურგანი, რომელ ცხუარნი და მგელნი ერთად იყვიან და ცხუართა მგელნი უჩობნობდეს” (გვ. 186). მოაბადის სიკვდილისა და რამინის გამეფების შემდეგ ისეთი სამართლიანობა დამყარდა სამეფოში, რომ „ფათერაკმა დაიძინა ქუეყანასა შიგან […] ყოველნი გალხინიანდეს. მთხოელნი გამდიდრეს, ცხუარნი მგელთა თანა ძოვდეს” (გვ. 295).  

რამინის ასეთი სახე სრულიად ეწინააღმდეგება მის ვიროსეულ დახასიათებას. ვირო საყვედურობს დას:  „…რამინს შიგან ნივთი რა ნახე ესეთი, რომელ ყუელასა გამოარჩიე. საჭურჭლესა შიგან რა უც ჩანგისგან და ძალისგან კიდე? მის მეტი რა იცის, რომელ ჩანგი მორთოს, ჩამოჰკრას და ზედა შეუჴმოს? ნიადაგ მთრვალი იზახის, ვითა მტერიანი, მიწყით მისი ტანისამოსი ხამართა თანა დაწინდულია, ურიანი მისნი არიფნია, ხარაბათნი მისნი ნადიმნია” (გვ. 105).

ფახრ ად-დინ გორგანის არ სჭირდება იდეალური გმირები, არც ცალსახად დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები. მისი გმირები ძლიერებიც არიან და სუსტებიც, უზადოც და ზადიანებიც. ისინი ცოცხალი ადამიანები არიან ყველა ადამიანური თვისებით. ასეთია რამინიც ევროპელი ტრუბადურის კონტურებით.

 

მოაბადი

კრისტინ ვან რუიმბეკი სტატიაში „უბედური მეფე მოაბადი მარცხდება სიყვარულის ომში” მოაბადის გავლენას ამბის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვნად თვლის. მას მიაჩნია, რომ გორგანის პოემაში „ყველა უბედურია: შეყვარებულებიც და ისინიც, ვინც მათ უყვართ. ვისის, როგორც მოაბადის ცოლის, სიყვარული რამინის მიმართ, გარდაუვლად ფარულია, რაც უარყოფითად აისახება მოაბადის ცხოვრებაზე. დიდხანს გვიხდება ლოდინი, სანამ ახალგაზრდა წყვილი, ბოლოს და ბოლოს, თავისუფლდება დაბრკოლებებისგან და შეძლებს ერთად ყოფნას. მაგრამ ამ „ბედნიერ დასასრულს” სიხარული არ მოაქვს, რადგან ის დამცირების, მკვლელობის, ძარცვის, დაუმორჩილებლობისა და ამბოხების ფასად მოდის” (რუიმბეკი 2019: 83).10 მკვლევარი კიდევ უფრო მკაცრია „მაკბეტისეული წყვილის” მიმართ და თვლის, რომ ისინი არ იმსახურებენ ასეთ ფინალს ყველა იმ ბოროტების გამო, რაც მათ ჩაიდინეს ყოველგვარი ყოყმანისა და სინანულის გარეშე.

მართალია, „ვისრამიანის” ყველა პერსონაჟის მოქმედებას სიყვარული განკარგავს, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოებები და ბედისწერა. რას გვეუბნება ავტორი მოაბადის შესახებ?

  • „იყო დიდი და მაღალი ჴელმწიფე […] ქუეყანათა მყრობელი და დიდთა საჭურჭლეთა პატრონი და ყოველსა სპარსეთსა ზედა მორჭმული და მრავალნი ჴელმწიფენი ჰყვეს სუიანნი და შეუფრობელნი და მას ჟამსა მისი სიტყუისა უმორჩილო არავინ იყო და ცეცხლისა მსახური იყო თუით მეფე და საჴელმწიფო სრული” (გვ. 34-35);
  • „იყო ჴელმწიფე შაჰი მოაბად დედათა მოყუარული“11 (გვ. 36);
  • ნავროზის ზეიმზე „აავსო დიდი და პატარა, არავინ დარჩა იქი უშოვარი“ (გვ. 36);
  • „მან უშობელი შეირთო“ (გვ. 37);
  • „უყუარდა მოაბად მეფესა [რამინ] შვილად და წაღმართად მას ჰხედვიდა“ (გვ. 37);
  • „რა რამინის ესეთი მოწიფება ესმა შაჰი მოაბადს [...], ღმერთსა მადლი მისცა და გლახაკთა დია გასცა“ (გვ. 38);
  • მაჰის ქვეყნიდან მობრუნებული ზარდი ეუბნება მოაბადს: „ზოგნი მუნებურნი [...] თქუენ დამპლობით გიყივიან და მოაბადყოფილობით“ (გვ. 46);
  • [მოაბად] შემოიქცა და მარავს [...] მივიდა. და ყოველი კაცი მისითა მისლვითა გამხიარულდა, და სამახარობლო გასცა ყუელამან, და ღმერთსა ჰმადლობდეს (გვ. 126);
  • მოაბად „იყო სნეული მიჯნურობისგან, რომელ პირსა შიგან შაქარი ემწარებოდა“ (გვ.57);
  • „მივიდა და მოეკიდა [ვისის] ჴელთა ბროლისა მსგავსთა და ციხისაგან თრევით ჩამოიყვანა...“ (გვ. 60).

მოაბადის ნაკლისა და ღირსების ამ ჩამონათვლის გაგრძელება, მისი წინააღმდეგობრივი ბუნების ჩვენება კიდევ შეიძლება.

ერთი სიტყვით, მოაბადი ძლევამოსილი ხელმწიფეა, რომელსაც არც ძალაუფლება აკლია და არც სიმდიდრე. უხვად გასცემს საბოძვარს, მექალთანეა, მეომარი, ლხინის, ნადირობისა და გართობის მოყვარული. ერთი შეხედვით, ქვეყანაში მტერი და უკმაყოფილო არავინ ჰყავს (თუმცა ვიროსთან ომი, შემდეგ კი რამინის მმართველობა გამოავლენს, რომ ასეთებიც არსებულან მის სახელმწიფოში). როგორც ჩანს, მას ძე და მემკვიდრე არ გააჩნია, მაგრამ „ვისრამიანში” ვერ ვხედავთ მის წუხილს ამის გამო. სხვამხრივ არაფერი აკლია, ცეცხლის მსახურიც არის და მეფეც ანუ ქვეყნის პოლიტიკური თუ სულიერი ცხოვრება სრულად მის ხელშია. მაგრამ დიდგვაროვანი შაჰროს დასაკუთრებას მაინც მოინდომებს. შაჰრო მითოლოგიური მეფის, ჯემშიდის12, „ნატამალია”. მასთან დანათესავებით მოაბადი კიდევ უფრო აღზევდება. და რაკი შაჰროს ვერ შეირთავს, მისი ქალიშვილის შერთვის პირობას მაინც ჩამოართმევს დიდგვაროვან ქალბატონს. ვისის გვარიშვილობაზე მინიშნება რამდენჯერმე ხდება თხზულებაში და აშკარაა, რომ ამ ფაქტს მოაბადი და მისი დედა მნიშვნელობას ანიჭებენ. როდესაც გამძვინვარებული მოაბადი აგინებს ვისს, „ძაღლის შექმნილს”, „გუელისა მართუეს” უწოდებს მას, იქვე დასძენს: „შენ ოდენ იშვებოდი ჯიმშედის გუარისა და შენცა მოაყივნე ჯიმშედის გუარი” (გვ. 109).   

როგორც ლეგენდარულმა მეფე ჯემშიდმა, ამპარტავნებისა და შემოქმედთან გატოლების გამო, ყველაფერი დაკარგა - შარავანდედი, სამეფო და სიცოცხლე - მოაბადიც მეტის ნდომამ დაღუპა უკვე იმ დროიდან, როდესაც „უშობელი შეირთო”.

მოაბადის მხოლოდ უარყოფით გმირად დახატვას კ. რუიბეკი არასწორად მიიჩნევს. მისი აზრით, ეს პერსონაჟი გაცილებით მრავალწახნაგოვანია, ვიდრე ის როლი, რაც მას არგუნეს - ბებერი საძულველი ქმრის არქეტიპული სახე, რომელსაც ღალატობენ, მაგრამ მას მკვლავინდებურად უყვარს საკუთარი ცოლი. მაშინ, როცა მოაბადს მრავალი დადებითი თვისება აქვს: ჩვეულებრივ, რეაგირებს რბილად და საოცრად სულგრძელად. ამდენად, დაგვაფიქრებს, მართლა ასეთი ბოროტი, ხუშტურიანი, საზიზღარი ბებერია ეს პერსონაჟი და მართლაც იმსახურებს სიკვდილს ამბის დასასრულს? (რუიბეკი 2019: 84).

მოაბადი, ისევე, როგორც „ვის ო რამინის” სხვა პერსონაჟები, არ არის ცალსახად ცუდი ან კარგი. მას საკუთარი შვილივით უყვარს თავისი ღვიძლი ძმა რამინი, ხშირად პატიობს მას („თუ ესე ესრეა, კარგია: რამინ საკურთხეველი არის, აღარ საწყევარი”, გვ. 120), იოლად იჯერებს მის უდანაშაულობას. არათუ მან, მთელმა ქვეყანამ იცის ვისისა და რამინის მიჯნურობის ამბავი; მგოსნები და მუტრიბები თვით მოაბადის წინაშე (მართალია, ნართაულად) მღერიან ამის თაობაზე, მოაბადი კი უმეტესად ითმენს და პატიობს; იჯერებს თუ უნდა დაიჯეროს, რომ ვისი უმანკოა. თხოვს მას, შემომფიცე, რომ რამინს არა ჰყოლიხარო. ვისის „გულოვან” პასუხს სარწმუნოდ თვლის და უმალ საკუთარი სახელის საჯარო რეაბილიტაციისთვის, ვიდრე ვისის შესაშინებლად, ზოროასტრელთა ტრადიციით, ცოლის ცეცხლით გამოცდას განიზრახავს.

განსაკუთრებით საინტერესოა თავი „რამინისაგან ვისის მოყვანა მარავს და მოაბადისაგან გამხიარულება და მეჯლიში”. მთვრალი მოაბადი ცდილობს, ვისი ჭკუაზე მოიყვანოს, ეტყვის, რომ იცის მათი მიჯნურობის ამბავი, მაგრამ თხოვს (აფრთხილებს) მას: „ჰე, მთუარეო, ნუ მძაბუნობ ეგრე, ამით რომელ მეტისა შემართება მტერად გაჰჴდის მოყუარესა […], ვირემდის ასრე შეკრულსა მრჯი და მტერობისა ჴრმლითა დაკაფულსა სიკუდილსა მანატრებ?! რა გაგვა თუ ერთხელ გამჴსნა და მტერობა დააგდო, სიყუარული მოიღო და შემიბრალო, და მე ყოველი ჴელმწიფობა ჩემი შენ შემოგუედრო! მე ერთის მსახურისა პური მეყოფისო.” (გვ.133). მოაბადის გულწრფელობა ვისზეც იმოქმედებს და მასში სიბრალულს გამოიწვევს.

გულწრფელია და შესაბრალისი მოაბადის ჩივილი ოდეს „გაღარიბდა ვისის საძებრად”. ექვსი თვე „ვითა ხელი და მტერიანი” დაეხეტებოდა ტყე-ღრე, ერთი ხმლისა და ერთი ცხენის ანაბარა დაეძებდა ვისს. „ამხანაგი მისი შეჭირვება იყო და ნადიმი - მგზავრობა”. მაშინ ინანა, რომ ყველაფერი მიატოვა და გულს ანაცვალა: „მე სიბერისა ჟამსა თუმცა არ გამიჯნურებულ ვიყავ, ესე მიჯობდა და ჴმდა […] ესეთსა ჭირსა შიგან ახალ-მოწიფული ყმა დაბერდების, ჩემი, ბერისა კაცისა, ღონე რა არის?.. ესე უარესი მჭირს, რომელ მისგან ავსა ნაქმარსა რა მოვიგონებ, მაშინ უფრო გავხელდები მისთუის […] მიჯნურობასა წინათ ძლიერი ვიყავ და ყოვლისა საქმისა მეცნიერი და აწ დაუსუსურებულ ვარ […]. მე თუ ღმერთმან შემიწყალოს და  ერთხელ მისი ნახვა მოღამხუდეს, მისსა მბრძანებლობასა, ვითა მონა ვჰმორჩილებდე […] აწ რათგან მიჯნურობისა ძალი შემიგიან, რაცა მას იამების, მე მისი ქმნა მინდაო” (გვ.125-126).

მოაბადს ანადგურებს (აძაბუნებს) უპასუხო მიჯნურობა და ღირსების შელახვა. ძლევამოსილი, მომლხენი და გართობის მოყვარული ხელმწიფე გაუწონასწორებელი, ფეთქებადი და მოძალადე ხდება. უიღბლო მიჯნურობა მას წარუმატებელ მმართველადაც აქცევს („სრულად ლაშქართა და დიდებულთა მოაბადის ყმობა მოსწყენია, ემტერებიან…”, გვ. 281). მოაბადი ვერ მოინადირებს ვისის გულს და იღუპება.

ძიძა

წინააღმდეგობრივია მეოთხე მთავარი გმირის, ძიძის სახეც - ერთგული, მზაკვარი, რამინთან სარეცლის გამყოფი, მაცდური, მორალისტი, სიყვარულის დამფასებელი, მიჯნურთა შემწე, ჯადოსა და თილისმის მცოდნე, „ენა-დიდად-მაგალითი”. მიუხედავად იმისა, რომ სასიყვარულო სამკუთხედის წევრი არ არის, ძიძას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სიუჟეტის განვითარებაში. მას უყვარს ვისი, არც აღზრდილის კიცხვას ერიდება და არც მის გამხნევებაზე იშურებს ძალას. მზადაა, ვისთან ერთად აიტანოს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ტანჯვა და განსაცდელი.  

***

„ვისრამიანი” მდიდარია შეგონებებითა და არაკებით. გორგანი ამ სიბრძნეს პერსონაჟებსაც ათქმევინებს და ავტორის პირითაც ურთავს თხრობაში. მათი მეშვეობით საწუთროს უხანობას, მიჯნურობის დაუძლეველ ძალას და სიკეთის გამარჯვებას ქადაგებს:

„ასრე იქმნების მიჯნურისა გული, - არცა ჭირი ეჭირვებოდა და არცა ზიანი ზიანად. მოყურისა ძებნისათუის სჯულსაცა დააგდებს, მიიქცევის, გზისა სიგრძე მოკლედ და კუშტი ლომი მელად უჩნს, მიჯნურობისა სიხარბე ასე გაჰჴდის, რომელ უნაყოფო მინდორი - ვენაჴად, მთა თმად უჩნს და ზღუა - რუდ. აშიკობისად გულისაებრ მისყიდული არავინაა, მით რომელ გულსა საბჭოსა არავინ წაიყვანს, მიჯნურობამან სიკეკლუცე და სიდუხჭირე არ იცის, მით რომელ ცნობა მიჯნურობისა ბრმობით უყივის.” (ვისრამიანი 1962: 149). 

„საწუთრო ძილია და ჩუენ შიგან სიზმართა ვჰგავთ”;

„საწუთრო რაზომცა კაცისათუის კერძობდეს, ბოლოსა ეგრეცა მას იქმს, რომელსა მტერი ვერ უზამს”;

„ავისა მოქმედთა მიწყით ავი წაეკიდების და უკუნისამდე წყევა დარჩების.”

დასკვნა

„ვისრამიანი”, ფახრ ად-დინ გორგანის პოემის „ვის ო რამინის” ქართული პროზაული თარგმანი (მე-12 ს.), რომელიც ორიგინალური ძეგლის ტოლფარდი თხზულება აღმოჩნდა ქართველებისთვის, ორიგინალის ადეკვატური გადმოღებაა როგორც შინაარსობრივად, ასევე, კონცეპტუალურად, კულტურული და ფსიქოლოგიური პლასტების სიღრმისეული გააზრებით. თხზულების ძირითადი იდეაა სიყვარულის აღმატებულობა, ბედისწერის გარდუვალობა და სამართლიანობა.

დ. დევისის ჰიპოთეზის (2002) გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, „ვის ო რამინი” შეიძლება ელინისტურ-ირანული კულტურული სინკრეტიზმის პროდუქტებად მივიჩნიოთ,  კიდევ უფრო იზრდება ქართული „ვისრამიანის“ მნიშვნელობა აღმოსავლეთ-დასავლეთის კულტურული დიალოგის ჭრილში, უფრო ცხადი ხდება ქართული საზოგადოების მზაობის საფუძველი ამ ძეგლის მიმღებლობისა და შეყვარებისათვის.

„ვისრამიანის“ გმირების ხასიათების ანალიზი ააშკარავებს პერსონაჟთა მრავალწახნაგოვნებას, გამოკვეთს რამდენიმე ნარატიულ რკალს (კ. კროსის მიდგომა) და წარმოაჩენს ძეგლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამიჯნურო რომანების განვითარების ისტორიის კვლევისათვის.

  1. ქართველმა მკვლევრებმა ვერ გაითვალისწინეს ბომბეის ნუსხის მონაცემები, რადგან ის ხელთ არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ბომბეური ხელნაწერი ნაკლულია. მოგვიანებით, მისი მონაცემები შედარდა არსებულ სპარსულ ნუსხებს და დადგინდა განსხვავებული წაკითხვები. იხ.: მ. ბურჯანაძე, მ. თოდუა, ხ. თოდუა, თ. ლეკვეიშვილი, თ. შურღაია „ვის ო რამინის ბომბეური ხელნაწერის მნიშვნელობა ამ ძეგლის აკადემიური ტექსტის დადგენისათვის”, ილიაუნის გამომცემლობა, 2012.↩︎

  2. ასეთი დასკვნის საფუძვლიანობა აეჭვებს ა. გვახარიას და მას ბეითური სისტემის გადმოტანის საბუთად არ მიიჩნევს (გვახარია 2001: 255).↩︎

  3. შესავალი და ფინალური ნაწილების გამოტოვება, რომელთაც სიუჟეტთან კავშირი არ აქვთ, ამბის წინა და ბოლო ნაწილების შემოკლება დ. კობიძეს „გადახვევად“ არ მიაჩნია. მეცნიერი განმარტავს: „გვაქვს დიდი ხელოვანი მოღვაწის მიერ შესრულებული თარგმანი, რომელშიც მოცემულია ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ვისისა და რამინის სიყვარულის, მათი გრძნობებისა და განცდების გადმოსაცემად“. (კობიძე 1969: 18)↩︎

  4. მითითებულია მხოლოდ ქართული ტექსტისგან განსხვავებული ორთოგრაფია↩︎

  5. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისის უარყოფა ფაქტის დამახინჯება იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პირობებში რამდენჯერმე დაისტამბა ორიგინალის ტექსტის მეხუთე გამოცემა მოჰამად როუშანის მიერ დადგენილი ტექსტით. ირანელმა მკვლევრებმაც „გაბედეს“ ამ თხზულების ამორალობის ეჭვქვეშ დაყენება და მისი გმირების გამოსარჩლება (იხ. ბ.ჰეიდარი, ე. თოყიანი, ს.-მ. ნურიანი (2022). „ვისისა და რამინის დაცვა მორალის სასამართლოზე: ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებების მიზეზთა განხილვა პოემაში „ვის ო რამინი“, სპარსულ ენაზე: https://www.noormags.ir/view/fa/articlepage/1773637/ ) ↩︎

  6. შუ’უბია -(Shu'ubiyya) – VIII-X საუკუნეების ლიტერატურულ-პოლიტიკური მოძრაობა არაბთა სახალიფოში, რომლის მიზანი იყო არაარაბი ხალხების, განსაკუთრებით, სპარსელების მიღწევების პოპულარიზაცია. საფუძველი ჩაუყარა სპარსული ლიტერატურისა და კულტურის აღორძინებას შემდგომ საუკუნეებში. ↩︎

  7. ნიშანდობლივია, რომ დედის მიმართ წყენის გამოხატვას ვერ ბედავს ვირო, როცა ვისი წაგვრილი დახვდება: ვირომ „საყელონი გარდაიგლიჯნა, თავსა ჴელნი იკრნა და უცნობო იქმნა. რა ბუნებით მოვიდა [...] შინ მოვიდა, შაჰინშა წასრულ იყო [...] შაჰროს ზენაარი გაეტეხა და არა შებრალებოდა ვიროს საქმე. და ვიროს მგზნებარე ცეცხლი მოედვა გულსა, და, თუცა ვერას ჰკადრებდა, დედასა უწყრებოდა, და ემდურვოდა დასაცა“ (ვისრამიანი 1962: 60). ვირო დაზეც განაწყენებულია, თუმცა ვისს ამაში ბრალი არ მიუძღვის.↩︎

  8. სპარსულ ორიგინალშია: „სანამ ის შენ ვახშმად შეგექცევა, შენ შეექეცი საუზმედ, რათა სახელი მოიხვეჭო.“(როუშანი 2008:352-55).↩︎

  9. ვისი აფრთხილებს რამინს: „მეშინიან შენისა ბუნებისაგან, რომელ გორაბს კეკლუცი ქალი ჰპოო და შეგიყუარდეს“ (გვ. 185).↩︎

  10. „სიცრუე, ეგოიზმი ცბიერება, ამპარტავნობა, ღალატი, ადიულტერი და მისთანანი - ყველა ამ ნიშნით გმირთა ხასიათები ეხმაურება ელინისტურ ლიტერატურას. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც გორგანის „ვის ო რამინი“ სრულიად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ახალ სპარსულ ლიტერატურაში“ (მამაცაშვილი 1977: 65).↩︎

  11. სპარსული ტექსტის მიხედვით, მოაბადი შაჰროს, მართალია ხუმრობით და ფლირტის სახით, მაგრამ მაინც ორაზროვან წინადადებას შესთავაზებს: „მოდი ჩემს მკერდში ან ჯუფთად ან მეგობრად“ (როუშანი 2008:45-6)↩︎

  12. ფირდოუსის „შაჰნამეს“ მიხედვით, ჯემშიდი ფიშდადიანთა დინასტიის მეოთხე მეფეა, რომელსაც ანგელოზებიც ემორჩილებოდნენ და დემონებიც, მეფეც იყო და უზენაესი ზოროასტრელი ქურუმიც. მას მიეწერება ბევრი რამის (ტანსაცმლის, შრომის იარაღის, აბრეშუმისა და ა.შ.), მათ შორის, ნავროზის დღესასწაულის გამოგონება. მის დროს არც სნეულება არსებობდა, არც სიღარიბე. ჯემშიდს ებოძა ღვთიური შარავანდედი, მაგრამ დროთა განმავლობაში ამპარტავნებამ დარია ხელი და სამყაროს შემოქმედად წარმოიდგინა თავი. ამისთვის დაისაჯა - დაკარგა შარავანდედი, დაამარცხა მტერმა და მოიკლა.↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია:

ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი:

კალაძე, ი. (2011). ორი უძველესი ხელნაწერის ბედი კულტურათა კვეთის გზაზე. კადმოსი. 3, 37-75.

კეკელიძე, კ. ბარამიძე, ა.  (1969). ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-VII სს.).  თბილისი: თსუ გამომცემლობა.

კობიძე, დ. (1983). ნარკვევები ვისრამიანზე. ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, I, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 282-395.

კობიძე, დ. (1978). ვისრამიანის ლექსიკის შესწავლის ისტორიიდან (ვისრამიანის ყაზბეგისეული ლექსიკონი). ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, III, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 63-67.

კობიძე, დ. (1978). კვლავ ვისრამიანის საკითხები და სხვა („ქართულ-სპარსული ეტიუდების გამო“) ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, III, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 69-93.

მამაცაშვილი, მ. (1977). გორგანის „ვის ო რამინ“ და ქართული ვისრამიანი. თბილისი: მეცნიერება.

ისტორიოგრაფიული ანალიზი:

 ბერაძე, გ. (2004)."ვის - ო რამინის" ციტირების შესახებ გვიანდელ წერილობით ძეგლებში. პერსპექტივა- XXI, N6, 50-51.

გვახარია, ა. (2001). ქართული მთარგმნელობითი ოსტატობის მწვერვალი. ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიიდან, II, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 250-272

ტექსტოლოგიური ანალიზი:

ვისრამიანი (1962). ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ალექსანდრე გვახარიამ და მაგალი თოდუამ. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

გვახარია, ა. (2003) “ვისრამიანის” ქართული ტექსტის საკითხები. მაცნე (ენისა და ლიტერატურის სერია), გვ.141-168.

გვახარია ა. (2002), ვისრამიანის ტექსტოლოგიური საკითხები, კრ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, III, თბილისი 

გვახარია, ა. (2002) კიდევ ერთხელ გორგანის “ვის ო რამინის” სპარსული ტექსტის შესახებ (“ვისრამიანის” ქართული და სპარსული ტექსტების შეჯერების შედეგად სპარსული ტექსტის გასწორების მაგალითები). გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი. N4. გვ.15-18

გვახარია, ა. (2001). “ვისრამიანის” ქართული ტექსტის საკითხები. მაცნე (ენისა და ლიტერატურის სერია), N1-4. გვ.183-202.

გვახარია, ა. (1999). გორგანის “ვის ო რამინის” სპარსული ტექსტის საკითხები. მაცნე (ენისა და ლიტერატურის სერია), N1-4. გვ.201-227.

გვახარია, ა. (1973). სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან: დასთანები. თბილისი: მეცნიერება.

თოდუა, მ. (2010). ფახრ ედ-დინ გორგანელი – „ვისისა და რამინიის სიყვარულის ამბავი“,   https://burusi.wordpress.com/2010/08/25/vis-ramin/

კარტოზია,  გ. (2004). ტექსტოლოგიური გამოკვლევები, თბილისი.

კალაძე, ი. (1973). „ვისრამიანის” მთარგმნელობითი მეთოდის ერთი ასპექტის გამო, „მაცნე”, ენისა და ლიტერატურის სერია, N3, 89-98.

კალაძე ი. (1962). ვისრამიანის პოეტური რედაქციის შესახებ, „თსუ შრომები», ტ. 99, გვ. 127-144.

კეკელიძე ლ. (1987). არჩილისეული ვისრამიანი, ლიტერატურული ძიებანი, ტ.2, 278-300.

Gippert, J. (1994) Towards an automatical analysis of a translated text and its original: The Persian epic of V¯ıs u R¯am¯ın and the Georgian Visramiani. "SIMA" 1, 21-59.

Rowšan, M (ed.)(2008). Fakhr al-Dīn As’ad Gorgānī Vīs-o-Rāmīn, moqaddame va taşḥīḥ va taḥšie: Tehrān.

van Ruymbeke, C. (2019). Wretched King Mobad Loses the War of Love.  The Layered Heart: Essays on Persian Poetry. Mage Publishers, 81-97.

 

კულტუროლოგიური კვლევები:

თოდუა, მ. (1971). შენიშვნები „ვის ო რამინსა” და „ვისრამიანზე”. ქართულ-სპარსული ეტიუდები. თბილისი: მეცნიერება. 47- 104

იმედაშვილი,   გ. (1989) ვისრამიანი. ვეფხისტყაოსანი და ძველი ქართული მწერლობა. თბილისი: საბჭოთა საქართველო, გვ. 224-258

იმედაშვილი გ. (1942). ვისრამიანისა და ტრისტანიზოლდას ურთიერთობისათვის, მნათობი, N1, 132-149

კობიძე, დ. (1983). ვისრამიანის საკითხები, ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, I, თბილისი: თსუ გამომცემლობა. (პირველად დაიბეჭდა თსუ შრომებში 1965 წ., ტ. 116, გვ. 11-86).

მამაცაშვილი, მ. (1973). „ვისრამიანის” მხატვრული სპეციფიკა. სადოქტორო დისერტაცია. თბ., https://digitallibrary.tsu.ge/book/2024/May/dissertations/mamatsashvili-visramianis-disertacia.pdf

ფარულავა, თ. (2006). ადამიანის პრობლემისათვის გორგანის „ვის ო რამინში”, საკანდიდატო დისერტაცია.

Cross, C. (2023). Love at a Crux - The New Persian Romance in a Global Middle Ages. Toronto: University of Toronto Press.

Davis, D. (2002). Panthea's Children: Hellenistic Novels and Medieval Persian Romances (Biennial Ehsan Yarshater Lecture Series, No. 3.). Bibliotheca Persica Press.

Minorsky  V. Vis u Ramin, a Parthian Romance, Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London, Vol. 11, No. 4 (1946), pp. 741-763. URL: http://www.jstor.org/stable/608589.

Rubanovich, J. (2016). In the Mood of Love: Love Romances in Medieval Persian Poetry. Fictional Storytelling in the Medieval Eastern Mediterranean and Beyond (ed. By C.Cupane and B. Krönung), Brill: Leiden/ Boston, 67-94

გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თეა შურღაია