მენიუ

თამარ ლომიძე

ბესიკი (ბესარიონ გაბაშვილი) – ცხოვრება და შემოქმედება

იოანე ბატონიშვილი ასე აფასებდა ბესიკის პოეზიას: „ბესარიონ გაბაშვილი იყო მეცნიერებასა შინა გამოცდილი და უცხო პიიტიკოს-მოშაირე მსგავსი რუსთაველისა, რომელმანც მრავალნი საამო შაირნი დასწერა სპარსთა ხმათა ზედა სამღერელი ქართულითა ენითა...“ (კალმასობა 1948, გვ. 204). გ. ლეონიძის თქმით, „იგი ჯერ კიდევ თანამედროვეებისგან იყო გაღმერთებული, როგორც პოეტების მეტრი,... „პირველი მესტიხე“ (ლეონიძე 1953, გვ. 3). „ქართული ლირიკის ისტორიაში ბესარიონ გაბაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ... ემოციათა სიღრმითა და განსაკუთრებით სიტყვის არტისტული ფლობით მას ბადალი არა ჰყავს „აღორძინების“ ხანის ლიტერატურაში“ (ცაიშვილი 1966, გვ. 601).

***

ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი) დაიბადა თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის კარის მოძღვრის, ზაქარია გაბაშვილის ოჯახში, 1751 წელს. ბესიკს ფართო განათლება მიუღია, კარგად შეუსწავლია ბიბლია, თეოლოგიური ლიტერატურა, ძველი ქართული მწერლობა. იოანე ბატონიშვილის თქმით, ბესიკს ზეპირად სცოდნია „მთლად ლექსიკონი ქართული“ (კალმასობა 1948, გვ. 204). მის ნაწარმოებებში ხშირად მოიხსენიება „ვეფხისტყაოსნის“, „როსტომიანის“, ამირან-დარეჯანიანისა და „ვისრამიანის“ პერსონაჟები. მომავალ პოეტს შეუსწავლია სპარსული ენაც, აგრეთვე - ანტიკური ფილოსოფია და მითოლოგია.

ზაქარია გაბაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, დაუპირისპირდა ანტონ კათალიკოსს, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში ჩამოსულ კათოლიკე მისიონერებთან. ანტონს „გაფრანგება“ დასწამეს და დააპატიმრეს, ხოლო 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსეთში გააძევეს. ამის შემდეგ ზაქარიას ავტორიტეტი თეიმურაზ მეორის კარზე ძალზე განმტკიცდა.

1762 წელს, როდესაც გარდაიცვალა თეიმურაზ მეორე და ქართლ-კახეთის ახალმა მეფემ, ერეკლე მეორემ ანტონი რუსეთიდან გამოიწვია. 1764 წელს ანტონი კვლავ სათავეში ჩაუდგა ქართულ ეკლესიას. ზაქარია გაბაშვილს „მღვდელმოქმედება აუკრძალეს. ასევე გაუსწორდნენ ზაქარიას თანამზრახველთაც, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო“ (ლეონიძე 1953, გვ. 19).

ზაქარიასადმი უარყოფითმა დამოკიდებულების მიუხედავად, ერეკლე მეფის კარზე ბესიკს გულთბილად ეპყრობოდნენ. ის დაუახლოვდა ერეკლეს ვაჟს, ლევან ბატონიშვილსა და ერეკლეს სიძეს, სარდალ დავით ორბელიანს. 1770-იანი წლების მეორე ნახევარში პოეტი, მამამისთან ერთად, მოულოდნელად ტოვებს თბილისს და იმერეთს აფარებს თავს. რამდენიმე მკვლევარი (სერგი გორგაძე, ზაქარია ჭიჭინაძე, გიორგი ლეონიძე) ფიქრობდა, რომ ქართლ-კახეთი ბესიკმა დატოვა დიდგვაროვანი ქალისადმი სკანდალური სასიყვარულო თავგადასავლის გამო, მაგრამ კ. კეკელიძემ მართებულად დაასაბუთა, რომ „ბესიკის იმერეთში გადასახლება მოწყობილი იყო უმთავრესად ანტონ კათალიკოსის მიერ, რომელიც, როგორც ცნობილია, მტრულ განწყობილებაში იყო პოეტის მამასთან, ზაქარიასთან“ (კეკელიძე 1952, გვ. 554).

იმერეთში, სოლომონ მეფის კარზე, ბესიკი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. 1778 წელს ის, სოლომონის დავალებით, საიდუმლოდ გაემგზავრა სპარსეთში, ხოლო სოლომონის გარდაცვალების შემდეგ, ბესიკი, „როგორც დავით მეორის მდივანი, ხელთ იგდებს სუსტი ნებისყოფის მეფეს და, მასთან ერთად, მისი მეუღლის, ანა დედოფლის მეოხებით, რომელიც პოეტმა „მიჯნურთ ბადეში“ გახვია, მთელი სახელმწიფოს ფაქტიურ მართვა-გამგებობას“ (კეკელიძე 1952, გვ. 555). დავითის დავალებით ბესიკმა გააბა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. 1787 წლის სექტემბერში ის ჩავიდა ქ. კრემენჩუგში გენერალ პოტიმკინთან შესახვედრად და გაჰყვა პოტიომკინის ჯარს რუმინეთში, სადაც 1791 წლის 24 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა. ბესიკი დაკრძალულია ქ. იასის (რუმინეთი) ადგილობრივ ტაძარში.

ბესიკის პოეზია ჟანრობრივად და ფორმალურად მრავალფეროვანია. მის კალამს ეკუთვნის სატრფიალო ლექსები, რომლებიც, კ. კეკელიძის აზრით, შთაგონებულია უმეტესად იმერეთის დედოფლის, ანას მიერ (კეკელიძე 1952, გვ. 555), ასევე - ოდები, ელეგიური და სატირული ჟანრის ლირიკული ნაწარმოებები, ზმა, ანბანთქება, იამბიკო და პოემები: „ასპინძისათვის“, „რუხის ბრძოლა“, „სამძიმარი“ და „რძალდედამთილიანი“.აღსანიშნავია, რომ სწორედ ბესიკის შემოქმედებით დამკვიდრდა ქართულ პოეზიაში ლირიკული ლექსების, რომლებიც „თითქმის განდევნის ეპიკური ჟანრის ნაწარმოებების ფართოდ გაშლილ ტილოს“ (კეკელიძე 1952, გვ. 555).

სატრფიალო ლექსები

ბესიკის სატრფიალო ლექსები მხატვრული სახეების გარკვეული ერთფეროვნებით გამოირჩევა. აქ, ძირითადად, გვხვდება ვარდისა და ბულბულის, მილეული მთვარის და ა.შ. მოტივები, რომლებიც პოეტს აღმოსავლური და ქართული კლასიკური პოეზიიდან უსესხებია, მაგრამ ისე ოსტატურად აქვს გამოყენებული, რომ კ. კეკელიძის აზრით, ბესიკი ამ მხრივ რუსთაველს შეიძლება შევადაროთ: „რუსთაველის შემდეგ, ისე მძაფრად, უშუალოდ, ღრმად და შთაგონებულა არავის გამოუვლენია სიყვარულის გრძნობა, როგორც ეს მოახერხა ბესიკმა“ (კეკელიძე 1952, გვ. 556).

მოარულ მხატვრულ სახეთა სიმრავლის მიუხედავად, ბესიკის პოეზიის ხიბლი ეჭვს არ იწვევს. შესაძლოა, ამაში, უბადლო პოეტურ ოსტატობასთან ერთად, გარკვეული როლი განეკუთვნება პოეტის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას, მთელ მის რომანტიკულ ფიგურას. და მაინც, რაში მდგომარეობს ბესიკის პოეზიის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი სპეციფიკა?

ბესიკის მხატვრული აზროვნების დახასიათების მცდელობისას შეიძლება გავიხსენოთ რ. იაკობსონის მითითება იმის შესახებ, რომ ლიტერატურაში შეიძლება გამოვყოთ ე.წ. „მეტაფორული“ (სინთეზური) და „მეტონიმიური“ (ანალიზური) სისტემები. იაკობსონის აზრით, მეტონიმიურია რეალიზმი, მაშინ, როდესაც რომანტიზმში თავის იჩენს მხატვრული აზროვნების მეტაფორული პრინციპი (იაკობსონი 1990, გვ. 130). მართალია, ჩვენ არ ვეთანხმებით იაკობსონისეულ კლასიფიკაციას და გამოვავლინეთ, რომ რომანტიზმის, და, მათ შორის, ქართული რომანტიზმის დამახასიათებელია მეტონიმიურობა და არა მეტაფორულობა (ლომიძე 2014), მაგრამ საინტერესო და პროდუქტიულია თვით ამ საკითხის დასმა იაკობსონის მიერ, ანუ მხატვრული აზროვნების ტიპების კლასიფიკაცია სინთეზურობისა თუ ანალიზურობის მიხედვით. ბესიკის ლექსები, როგორც ჩანს, რომანტიზმისგან განსხვავებით, მხატვრული აზროვნების მეტაფორულ ტიპს განეკუთვნება, რადგან მათში წაშლილია დისტანცია სამყაროსა და ავტორს, რეალურსა და გამოგონილს შორის (ანუ თავს იჩენს სინთეზურობისკენ მიდრეკილება). ავტორი წარმოსახული სამყაროს ნაწილია. მაგალითად, ლექსში „სევდის ბაღს შეველ“, მას შემდეგ, რაც აღწერს თავის საუბრებს პოეტის ღალატის გამო განრისხებულ ვარდთან, გამწყრალ იასთან, ნაზ ნარგიზთან, ამ სამყაროში შეჰყავს საკუთარი თავიც, ანუ ამ მეტაფორული სამყაროს ნაწილად წარმოაჩენს თავის თავს. ლექსის ბოლო სტროფი ამგვარია:

დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები.
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები.
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები.
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები.
შეიქმნებოდენ ჭირნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალებიო:
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!
(„სევდის ბაღს შეველ“).

ამავე ხერხს მიმართავს ბესიკი სხვა ლექსებშიც:

სიკვდილო, მოდი, მიიბარე ბულბულის სული:
მებაღემ დასწყლა და დაჰკოდა ბულბულის გული!
მკვდარი ბესიკი, მოდი, მნახე, ჩამიდგი სული,
თუ გინდ მიწასაც მიმაბარე მოყვრის ენითა!
(„ბულბული მოდის მწუხარებით“ )

მღიმარის პირით წამეპარე, დამიდგი მახე,
ასე მეგონა, შემრჩებოდა ეგ შენი სახე.
ანთებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე.
დამწვარი მაინც შემიბრალე, ბესიკი მნახე!
ვაჲ შენი ბრალი, ჩემო თავო, ღრუბელს შახველი!
(„ბულბულის შურსა“)

ბესარიონ ვსთქვი, ვერ გამოვსთქვი მნათობის ქება,
მედება ალი, გულს ბრჭალი, არა მაქვს შვება,
ასე უარი, მატყუარი, არ დამრთო ნება.
წამ-წამ მახვილი, გარს სახმილი მისთვის მედება.
მოყვარე მტერნო, გბრალდეთ, ერნო, მაქვს საჩივარი!
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
(„ვარდო სასურო“)

კეკლუც-ნაზი ტანად მან ისაროსა,
წარბი წვრილი წამწამმან ისაროსა,
სცან, იგი ბესიკი მან ისაროსა;
სუნით ტურფათ დააშვენოს რიდებით!
(„შავ გლახ გულო“)

ჰაე, ჵოე გამიხშირდა, ბესიკს ესმა შენგნით წყენა!
(„ან, ალვა ხარ ტანადობით“)

ერთი მხრივ, აქ ბესიკი წარმოგვიდგება, როგორც ბაღად წარმოჩენილი (წარმოსახული) სამყაროს განუყოფელი ნაწილი, მეორე მხრივ, ის, როგორც რეალური პიროვნება, ამ ლირიკული ნაწარმოებების გმირია და არა მხოლოდ ავტორი. წარმოსახული ამბები მისი ბიოგრაფიის ნაწილად წარმოჩნდება და ამის წყალობით ასახულ სამყაროს რეალურობის სტატუსი ენიჭება. უქმდება მიჯნა წარმოსახულსა და რეალურს, ავტორის ცნობიერების პროდუქტსა და გარეტექსტობრივ სინამდვილეს შორის. ტექსტი გაიგივებულია რეალურ სინამდვილესთან, რეალურ სამყაროსთან და ესაა ბესიკის განუმეორებელი, ჰარმონიული, ტკბილხმოვანი სამყარო.

სატრფიალო ლექსების გარდა, ბესიკის კალამს ეკუთვნის, ასევე, სატირული ლექსები, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია მ ღვარძლიანი ეპიგრამა მზეჭაბუკ ორბელიანზე. სატირული ხასიათისაა პოემა „რძალდედამთილიანიც“, სადაც პოეტი კიცხავს რძლისა და დედამთილის „შუღლსა და ბჭობას“.

თავის მეგობარს, სარდალ დავით ორბელიანს, ბესიკმა უძღვნა სამი ოდა: „მნათობთადმი“, „რაც მიიწერა სოფელმან“, „ცრემლთა მდინარე“. მათში პოეტი ხოტბას ასხამს დავითის გმირობას და ვაჟკაცობას.

ნაწარმოებებში „რუხის ბრძოლა“ და „ასპინძისათვის“ ბესიკი „სიამაყის გრძნობით აღწერს ქართლ-კახელთა და იმერ-მეგრელთა სიმამაცეს და მტერზე გამარჯვებას“ (კეკელიძე 1952, გვ. 559).

***

ბესიკის ლექსების უდავო ღირსებას წარმოადგენს მათი მუსიკალურობა, ფორმის უზადო დახვეწილობა, ალიტერაციათა სიმრავლე, რითმათა კეთილხმოვანება.

„ე.წ. აღორძინების ხანიდან გარითმვის ხერხებით ყველაზე უფრო მდიდარი დავით გურამიშვილი იმდენსავე სალექსო ფორმას გვაწვდის, რამდენსაც - ბესიკი, მაშინ, როდესაც გურამიშვილის პოეზია სამჯერ უფრო დიდი მოცულობისაა“.“ აღნიშნავს ა. ხინთიბიძე (ხინთიბიძე 2009: 242).

თამარ ბარბაქაძემ და ა. ხინთიბიძემ საგანგებოდ გამოიკვლიეს ბესიკის ვერსიფიკაცია. თ. ბარბაქაძის აღნიშვნით, „მიუხედავად იმისა, რომ ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა საკმაოდ მცირერიცხოვანია - 47 ლექსსა და 3 პოემას მოიცავს, ვერსიფიკაციული პარამეტრების მიხედვით, მრავალფეროვან სურათს წარმოგვიდგენს: 23 საზომს, გარითმვის 22 ხერხს, შიდარითმის 13 კომბინაციას და სტროფის 9 ნაირსახეობას“ (ბარბაქაძე 2012, გვ. 392). მან შემოიტანა ქართულ პოეზიაში ეგრეთ წოდებული ბესიკური საზომი (5/4/5).

განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ბესიკის პოეზიაში რითმას. ბესიკი ხშირად იყენებს შიდარითმებს - ცეზურულსა და წინაცეზურულს, ომონიმურსა და რედიფიანს, თავრითმასა და სუფიქსურს და რითმის მეშვეობით რამდენიმე ახალ საზოსაც ქმნის (ხინთიბიძე 2009, გვ. 244). მისი ნაწარმოებების მხატვრული ფორმა უზადოა, სრულყოფილი, მრავალფეროვანი.

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია


ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი:

  ბარბაქაძე 2012. ბარბაქაძე, თამარ. ბესარიონ გაბაშვილის ვერსიფიკაციული სისტემა.XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა

 აღმოსავლური და დასავლური კულტურულ - ისტორიული პროცესების გზაშესაყარზე. თბ. , გამომც. „უნივერსალი“, გვ. 384-394.

 ბესიკი 1962. ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული. თბ., გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“

კალმასობა 1948. იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, II, თბ., გამომცემლობა „სახელგამი“.

კეკელიძე 1952. კეკელიძე, კორნელი. ძველი ქართული მწერლობის ისტორია, II, თსუ გამომცემლობა.

კეკელიძე, ბარამიძე 1987. კეკელიძე, კორნელი, ბარამიძე, ალექსანდრე. ძველი ქართული ლიტერატურის იტორია (V-XVIII სს). თსუ გამომცემლობა.

ლეონიძე 1953. ლეონიძე, გიორგი. ბესიკი. თბ., საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ლომიძე 20214. ლომიძე, თამარ. ქართული რომანტიზმის პოეტიკა. თბ., ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ცაიშვილი 1966. ცაიშვილი სარგის. ბესარიონ გაბაშვილი. ქართული ლიტერატურის ისტორია, II, .თბ., გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. გვ. 587-613.

ხინთიბიძე 2009. ხინთიბიძე, აკაკი. ქართული ლექსის ისტორია და თეორია. თსუ გამომცემლობა.

იაკობსონი 1990. Якобсон, Р. О. Два аспекта языка и два типа

афатических нарушений. Теория метафоры. М., Издательство «Прогресс». с. 110-132.

სმირნოვი 2000. Смирнов И.П. Мегаистория (К исторической типологии культуры). М., Издательство «Аграф».


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამარ ლომიძე