მენიუ

თამარ ლომიძე

დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება

ბიოგრაფია:

დავით გურამიშვილი დაიბადა საგურამოს ზემოთ, გორისუბანში. კ. კეკელიძის გამოთვლით, გურამიშვილის დაბადების თარიღად უნდა მივიჩნიოთ 1705 წელი, „ვინაიდან 7282 წელს ქვეყნის გაჩენიდან, ესე იგი, 1774 წელს ქრისტეს შემდეგ, ის 69 წლის იყო, როგორც ნათქვამია „კაცისა და საწუთროჲს ცილობაში“ (კეკელიძე 1952, გვ. 527-528).

დავით გურამიშვილი წარმოშობით მესხი ყოფილა, ძველი ისტორიული გვარის, ზევდგენიძეთა შთამომავალი. „საგურამოს პირველი მფლობელი და გურამიშვილიანთ წინაპარი - გურამ ზევდგენიძე მე-15 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა“ (ლეონიძე 1958, გვ. 223).

ცნობებს დავით გურამიშვილის ბიოგრაფიის შესახებ მისსავე „დავითიანში“ ვპოულობთ. „დავითიანის“ ერთ-ერთი თავიდან, სახელწოდებით, „კ. დავით გურამისშვილის ლეკთა განდატყოება“, ის იწყებს თავისი თავგადასავლის თხრობას, მანამდე კი ახსენებს ზედაველას ბრძოლას, რომელშიც ჭაბუკ პოეტს მონაწილეობა მიუღია. ეს იყო ქართველთა ბრძოლა თურქებისა და ლეკების წინააღმდეგ. ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა.

ქართლ-კახეთში გამეფებული მძიმე პოლიტიკური ვითარების პირობებში, როდესაც ქვეყანას ერთმანეთს ეცილებოდნენ სპარსეთი და ოსმალეთი, ხოლო ვახტანგ მეექვსე რუსეთში გადასახლდა, დავით გურამიშვილმა თავი შეაფარა ქსნის ხეობას, სოფელ ლამისყანას. 1729 წელს, როდესაც მოყვრის ყანაში მუშებს თავს ადგა, ლეკთა რაზმმა გაიტაცა და წაიყვანა სოფელ ოსოქოლოში, სადაც მას ჯერ იმსახურებდნენ, შემდეგ კი გაყიდვა დაუპირეს. დავითმა გაპარვა დააპირა, მაგრამ დაიჭირეს და დააპანღურეს.

ლა. სიზმარი დავით გურამისშვილის ტყვეობასა შინა. ერთხელ მძინარე დავითს ხმა მოესმა: „რატომ ვერ ბედავ წასვლასა, აგრე რამ შეგაშინაო?“. დავითმა იფიქრა, რომ სხვა ტყვე ელაპარაკებოდა და უპასუხა, „თუ რამ შეგეძლოს, შენს თავსა მოახმარია, არ გეშინიან, გზა იცი, შენ წადი, მე კი მარია1!“ , მაგრამ ეს უფლის ანგელოზის ხმა იყო, რომელსაც დავითმა დაუჯერა და მართლაც გაიპარა.

ლბ. ტყვეობიდან გაპარვა დავითისა. ტყვეობიდან გაპარული დავითი შუა დაღესტანში ერთ შიშველ მთას მიადგა. აქ მას საშინელმა ავდარმა და სეტყვამ მოუსწრო. სეტყვის შიშით, დავითი ჯერ მიწაზე გაწვა და სარტყელი თავზე მოიხვია, შემდეგ კი, ელვის შუქზე, გამოქვაბული დაინახა და მას შეაფარა თავი. როდესაც სეტყვა შეწყდა, დავითი გამოქვაბულიდან გამოვიდა და ღმერთს მადლობა შესწირა

ლე. ოდეს ზეით ხსენებულის გამოქობილ კლდიდამ წამოსულს დავით გურამისშვილს უცხონი შეხვდენ და მათის შიშით მუხლი მოეჭრა. დავითი ჩრდილოეთისკენ გაუდგა გზას. შიშველი ფეხებით კოჭებამდე სეტყვას მიაპობდა. სამი დღე შამბნარში იწვა. შიმშილი აწუხებდა. ხუთი დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ შვიდი ცალი ტყემალი შეჭამა. დღისით ბუჩქებში იმალებოდა, ღამით კი გზას აგრძელებდა. ასე იარა თერთმეტი დღე. ათი დღის თავზე მკვახე კვრინჩხით და კოწახურით „ისადილა“. მეთორმეტე დღეს მან დაინახა მდინარე, რომლის გაღმა კალოს ლეწდნენ. მალე მას ნავით ორი კაცი მოადგა, მაგრამ დავითის „უქოჩრო“ თავის დანახვისას შეშინდნენ და უკან გაბრუნდნენ.

 ლზ. შველა ღვთისაგან დავითისა, ტყვეობიდამ გამოსვლასა რუსეთოში. დავითმა მდინარის პირას გაატარა ღამე. მეორე დილას ორი კიტრი და საზამთროს ნაჭერი იპოვა. მდინარეში მზისგან გაცხელებული და დამჭკნარი საზამთროს გარეცხვა მოინდომა, მაგრამ როდესაც ჩაიჩოქა, უბიდან კიტრები გადმოუცვივდა და წყალმა წაიღო. დავითმა ტირილით გააგრძელა გზა, მაგრამ მალე მშვენიერ ბაღს მიადგა, სადაც უამრავი ატამი და ყურძენი იყო. დავითმა ღმერთს მადლობა გადაუხადა და დანაყრდა. მალე ზარის ხმა შემოესმა და გული აუძგერდა. როდესაც გაიხედა, დაინახა საყდარი, რომლის მახლობლად მდგარი ხალხი პირჯვარს იწერდა. დავითმა ეს მოჩვენებად, ეშმაკის მიერ დაგებულ მახედ მიიჩნია. ამიტომ ხალხს არ გაეკარა, საგზალი მოიმზადა და გზის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ შინაგანმა ხმამ უკარნახა, დაღამებამდე დაეცადა. ის მახლობელ ჩალის ზვინში დაიმალა, სადაც უამრავი კოღო დაესია. დავითი წამოხტა და კალოს მიაშურა. იქ მას შემოეხვივნენ ქალები და კაცები, რომლებსაც ყელზე ჯვრები ეკიდათ. დავითი ჯვარს ემთხვია და პირჯვარი გადაიწერა.ერთ-ერთმა კაცმა მეორეს უთხრა, „დაი ხლება, ლაზარ“!2 დავითმა იცოდა, რომ „ხლებ“ რუსულად პურს ნიშნავდა და მიხვდა, რომ რუსთა შორის იმყოფებოდა და გადარჩენილი იყო. თარჯიმნად იანვარა ფხოვლელი მოუყვანეს და მისი ვინაობა გამოარკვიეს. აქედან დავითი წავიდა სოლაღს, სოლაღიდან - „აშტარხანს“ (ასტრახანს), იქიდან კი - მოსკოვს, სადაც ვახტანგ მეექვსე და ბაქარ ბატონიშვილი იმყოფებოდნენ და ეახლა მათ. მეფეს დავითისთვის ჯაბადარ-ბაშობა უბოძებია.

მგ. მეფის ვახტანგისა მიერ სოფლით მიცვლა და ქართველთ თავადთა და აზნაურთ რუსთ ხელმწიფის სამსახურში განწესება“. ვახტანგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში მცხოვრებმა ქართველებს წინადადება მისცეს, ან საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, ან რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღოთ და სამსახურშიც ჩამდგარიყვნენ. ქართველებმა მეორე გზა აირჩიეს. სანაცვლოდ, მათ ყმები და მამულები შესთავაზეს. დავით გურამიშვილმაც მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და ოცდაათი კომლი გლეხი მალოროსიაში (ახლანდელი უკრაინა), სოფ. ზუბოვკაში.

***

დავითი 1739 წლიდან მონაწილეობდა რუსეთის ომებში სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. კიუსტრინის ბრძოლაში გაქცეულ მტერს მისდევდა დავითიც. ანაზდეულად მისი ცხენი ჭაობში ჩაეფლო, ხოლო მხედარს ჩამოვარდნისას მხარი დაუშავდა. მძიმედ დაშავებულ პოეტს მოულოდნელად თავზე წამოსდგომია პრუსიელთა ძირითად ძალებს მოწყვეტილი რაზმი. თითქმის უგონო პოეტი ტყვედ შეუპყრიათ. ეს მოხდა 1758 წელს, 15 აგვისტოს. სხვა ტყეეებთან ერთად იგი მაგდებურგის ციხე-ბასტიონში მოუთავსებიათ (ცაიშვილი 1990, გვ.144). ს. ყუბანეიშვილის მითითებით (ყუბანეიშვილი 1955, გვ.97), პოეტი ტყვეობიდან გაათავისუფლეს 1759 წლის 7 დეკემბერს. რუსეთში დაბრუნებულმა დავითმა, რომელსაც ცალ თვალში მხედველობა დაკარგული ჰქონდა, სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება ითხოვა. თხოვნა შეიწყნარეს და დავითი დასახლდა თავის მამულში. მისი მეუღლე ყოფილა ტატიანა ავალიშვილი. ცოლ-ქმარს უშვილებია გოგონა დარია, რომელიც ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა.

1787 წელს, როდესაც ერეკლე მეორის ვაჟი, მირიან ბატონიშვილი, უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუგში იმყოფებოდა, დავით გურამიშვილი მას ეახლა და გადასცა თავისი „დავითიანი“. სწორედ ამის წყალობით შემოგვრჩა ეს ნაწარმოები.

დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წელს. დაკრძალულია ქალაქ მირგოროდის სასაფლაოზე.

თხზულების დაწერის თარიღი: კ. კეკელიძის მითითებით, „დავითიანი“ „უნდა დაწერილიყო 1774 -ს ან მის მახლობელ წინა წლებში, ვინაიდან ამაზე ადრე, სამხედრო მოქმედებათა გამო, მას ამისათვის არ ეცლებოდა“ (კეკელიძე 1952, გვ. 533).

თხზულების კომპოზიცია: „დავითიანი“ პოეტურ ნაწარმოებთა კრებულია, რომლის ნაწილები ანბანურ რიგზეა დალაგებული. ესაა „დავითიანის“ კომპოზიციის ფორმალური პრინციპი. რაც შეეხება შინაარსს, ის, ერთი შეხედვით, მკაცრად სტრუქტურირებული არაა, თითქოს ამორფულიც კია, ერთიანი სიუჟეტი არა აქვს, მართალია, რ. სირაძის თქმით, კრებულს აერთიანებს ავტორის „სულიერი თვითშემეცნების ნაკადი“ (სირაძე 2023, გვ. 266), მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ეს „ამ ნაკადის“ მატერიალური შემადგენელი, ანუ თვით კრებული ძალზე ჭრელი და მრავალფეროვანია, ზოგჯერ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნაწილებისგანაა აგებული.

ზოგადად, „დავითიანში“რამდენიმე თემატური ნაწილი გამოიყოფა. ესენია: დიდაქტიკური ლექსები, რელიგიურ-მისტიკური ხასიათის ლირიკული ლექსები, „ქართლის ჭირი“, თვით გურამიშვილის ბიოგრაფიის ამსახველი ლექსები და, ბოლოს პოემა „ქაცვია მწყემსი“. ისინი გაერთიანებულია 4 წიგნში: წიგნია, წიგნიბ, წიგნიგდაწიგნიდ. რ. სირაძის აზრით, „დ. გურამიშვილს თავისი კრებულის კომპოზიცია გაუმართავს ბიბლიის სტრუქტურის თავისებური ანალოგიით... კრებული ოთხ წიგნად დაუყვია, არ შიძლება მას არ გაეაზრებინა ამ შემთხვევაში სახარება-ოთხთავის შედგენილობასთან ანალოგია“ (სირაძე 1975, გვ. 145).

„დავითიანის“ აბსოლუტურ დასაწყისად ზ. კიკნაძე მიიჩნევს წიგნა-ს, რომელიც იწყება უფლისადმი მიმართვით (კიკნაძე 2009, გვ.80), რაც, მკვლევრის მითითებით, რუსთველურ ტრადიციას მიჰყვება:

ღმერთო, რომელსა გაქონან არსის საყდართა ჯდომანი,
რომელმან მოეც მიჯნურთა ტრფიალთ სურვილის ნდომანი.
რიტორთა ლექსი გულისა, სიღრმე სიბრძნისა ზომანი,
შენ მიმახვდინე წადილსა, არ მაქვნდეს ცუდად ცდომანი.

ეს თვალსაზრისი უთუოდ გასათვალისწინებელია, როდესაც „დავითიანის კომპოზიციის შესახებ ვსაუბრობთ.

„დავითიანის“ ძირითადი მოტივები: კ. კეკელიძე გამოყოფს რამდენიმე მოტივს, რომლებიც „დავითიანში“ აისახა: 1. „სწავლისა და სიბრძნის შესახებ პოეტი ლაპარაკობს უმთავრესად შემდეგ ნაწარმოებებში: „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“, „სწავლა მოსწავლეთა“; 2. „ადამიანისა და ცხოვრების კონტრასტისა და შეუთანხმებლობის შესახებ ლაპარაკობს დავით შემდეგ ნაწარმოებებში: „გოდება დავითისა, საწუთოს სოფლის გამო ტირილი“, „სოფლისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა“, „კაცისა და საწუთოსაგან ცილობა და ბჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება და სხვ.“. 3.„სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პრობლემა წამოყენებულია იმ იდილიაში, რომელსაც ქაცვია მწყემსი“ ეწოდება“; 4. წმინდა ლირიკული ნაწარმოებები. ... წარმოადგენენ თავისებურ ლოცვასა და ჰიმნს, რომელშიც შექებულია სამება-ერთარსება და ღვთისმშობელი.“ (კეკელიძე 1952, 533 - 539).

რამდენად ორიგინალური თხზულებაა „დავითიანი“? კ. კეკელიძე აღნიშნავდა, რომ „დავითიანი“ „აღორძინების ხანის წინა დროის პოეზიის პირდაპირი გაგრძელებაა. მართლაც, მისი ჩანგი ჟღერს საისტორიო და დიდაქტიკურ-მორალურ თემებზე, რელიგიურ და პესიმისტურ ჰანგებზე, ის, როგორც თეიმურაზ პირველისა, არჩილისა და ვახტანგისა. არჩილის გავლენა დიდაქტიკურ-მორალურ დარგში,... მისი აზრების სიტყვა-სიტყვით გამეორებამდეც კი მიდის, იმეორებს ბევრ რამეში ის ვახტანგ მეექვსესაც“. (კეკელიძე 1952, გვ. 542). კ. კეკელიძე იმასაც მიუთითებს, რომ „დავითის ლირიკა განწყობილებით ნათესაობას იჩენს რამდენადმე საეკლესიო ჰიმნოგრაფიის საუკეთესო წარმომადგენლებთან. მხოლოდ უნდა ითქვას, რომ ეს წინა თაობისგასგან მიღებული თემატიკა დავითმა, დიდი ნიჭისა და მხატვრული ალღოს მეოხებით, განვითარების უმაღლეს საფეხურზე აიყვანა.“(იქვე).

„დავითიანი“ მართლაც ბევრი ნიშან-თვისებით ენათესავება კ. კეკელიძის მიერ ჩამოთვლილი პოეტების შემოქმედებას და ისიც მართალია, რომ გურამიშვილის პოეზიამ მნიშვნელოვანწილად გააგრძელა ქართული ჰიმნოგრაფიის ტრადიციები, მაგრამ ამ ელემენტებისგან მან ააგო სრულიად ახალი ტიპის პოეზია, ახალი სისტემა. „სულიერი თვითშემეცნების ნაკადი“, რომელსაც რ. სირაძე „დავითიანის“ უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებად მიიჩნევს, არც ერთი დასახელებული პოეტის შემოქმედებაში არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც „დავითიანშია“. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გურამიშვილის რელიგიურ-მისტიკური ლექსები, რომლებშიც პოეტი „საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე აგებს სასულიერო შინაარსის პოეტურ სათქმელს, რაც აშკარად უნიკალური მოვლენაა აღნიშნული ტიპის პოეზიის ისტორიაში“ (ცაიშვილი 1990, გვ. 158).

„დავითიანის“ იდეური მხარე: „დავითიანის“ ძირითად მიზანდასახულებას მხოლოდ რ. სირაძის აზრით, „სულიერი თვითშემეცნება“ წარმოადგენს (სირაძე 2023, გვ 366). ამასთან, ინდივიდუალური სულიერი თვითშემეცნება უფრო მოგვიანებით, რომანტიკოს პოეტებთანაც წამოიწევა წინ და მათი შემოქმედების განმსაზღვრელ თემად იქცევა. „დავითიანის“ ამოცანა კი ქრისტიანულიმსოფლგაგებისსაფუძველზეადამიანისარსისდადანიშნულებისწვდომაა. პიროვნული „მეს“ არსი „დავითიანში“ გაიაზრება „პირველყოფილი ცოდვის, ადამიანური მიუსაფრობის და „ორგემაგე“ (ცვალებადი) სოფლისადმი მდურვის ქრისტიანული მოტივების“ საფუძველზე (ცაიშვილი 1990, გვ. 158). სწორედ ამ მოტივების საფუძველზე შეიმეცნებს გურამიშვილი როგორც საკუთარი „მეს“, ისე ამქვეყნიური ცხოვრების არსს.

„დავითიანის“ მხატვრული სტილი: „დავითიანის“ მხატვრული სტილი სიმბოლურ-ალეგორიულია, ყოველი აღწერილი მოვლენა თუ ფაქტი სიმბოლურადაა გააზრებული. „დავით გურამიშვილის პოეტური აზროვნების შინაგანი სტრუქტურა აგებულია სიმბოლურ-ალეგორიულ ანუ მისტიკურ ასოციაციებზე“ (ამირხანაშვილი 2012, გვ.413). „ჰიმნების დიდი უმრავლესობა ასეთი პოეტური ხერხითაა დამუშავებული (ტექსტი და ქვეტექსტი, რეალური და მისტიკური პლანის მონაცვლეობა), ხოლო ყოველივე ეს მისი შემოქმედების ერთი ისეთი სპეციფიკური ნიშანია, რომელიც დავით გურამიშვილს გამორჩეულ ადგილს ანიჭებს შუა საუკუნეთა ქრისტიანული პოეზიის საუკეთესო წარმომადგენელთა შორის“ (ცაიშვილი 1990, გვ.163).

ნოდარ ნათაძის თვალსაზრისით, იმის გამო, რომ რელიგიურ მოტივებს მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნებოდა არა მარტო დავით გურამიშვილის შემოქმედებაში, არამედ მის თანამედროვე და წინამორბედ ქართულ პოეზიაშიც, „დავითიანი“ ამ მხრივ არც ისე მკვეთრად გამოირჩევა მათ ფონზე, „მაგრამ გურამიშვილის რელიგიურ მოტივებს აქვს სხვა თავისებურებაც, რომელიც მისი ეპოქის სხვა პოეტებს არ ახასიათებს: გურამიშვილი... მისტიკოსია ამ სიტყვის სრული, მეცნიერულ ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული აზრით და ამ მხრივ ერთადერთია თავის ეპოქაში. რელიგიის უმაღლესი გამოვლინება მისთთვის არის ადამიანის პიროვნული კონტაქტი ღმერთთან, ინდივიდუალური რელიგია და არა ეკლესიურად ორგანიზებული რელიგია, ღმერთთან კონტაქტი ეკლესიის გზით“ (ნათაძე 1973, გვ. 220-221).

სწორედ აქედან გამომდინარეობს გურამიშვილის სტილის სპეციფიკა, ანუ ის, რომ „დავითიანში“ ყოველი თემა სიმბოლურ-ალეგორიულად გაიაზრება. ასეთია, მაგალითად, კიუსტრინის ომის დროს დავითის ცხენითურთ ჭაობში („ლიაში“ ) ჩაფლობა. „არ გვაქვს მიზეზი, არ ვერწმუნოთ ავტორს, რომ ის მართლაც ჭაობში ცხენიანად ჩაეფლო, რომ ეს შემთხვევა რეალურად მოხდა, რომ ჩაეფლო და ამიტომაც ჩავარდა ტყვედ..“, მაგრამ საყურადღებოა, რომ „ღვთისმშობლის ამ შესხმაში „კისტრინის ლია“ „ცოდვის ლიად“ არის გარდაქმნილი:

ცოდვის ლიად უკუვარდი, ღრმად შიგ დავიფალო.
და თუ შენ არ აღმომიყვან, ძნელად აღმოვალო“. (კიკნაძე 2009, გვ.183)

აქედანვე გამომდინარეობს ის, რომ როგორც საკუთარ, ისე ქვეყნის განსაცდელს გურამიშვილი ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვების საზღაურად მიიჩნევს და გოდებით მიმართავს ღმერთს შეწყალების სათხოვნელად.

საინტერესოა, რომ გამონაკლისს აქ წარმოადგენს „ქართლის ჭირი“, რომელიც ალეგორიული ანუ იგავური ხასიათისა არაა. კ. კეკელიძე აღნიშნავდა, რომ „მიუხედავად ღრმა პატრიოტული განცდებისა, პატრიოტული ალეგორია... დავით გურამიშვილს არ მოეპოვება. „დავითიანში“ ჩვენ ვერ ვპოულობთ ისეთ სიტყვებს, რომლებშიც პატრიოტული ალეგორია იგულისხმებოდეს“... „არც შეიძლებოდა, დავითის პოეზიაში ადგილი ჰქონოდა პატრიოტულ ალეგორიას. მას არ სჭირდებოდა სამშობლოსადმი სიყვარულის მისტიკურ-ალეგორიულ სამოსელში გახვევა, რადგან სამშობლოსადმი სიყვარულს ის რეალურად, კონკრეტულად განიცდიდა“ (კეკელიძე 1956, გვ 163). თუმცა, ზ. კიკნაძის მართებული შენიშვნით, „გურამიშვილი მაინც თავის იგავურ განსაცდელს უშუალოდ „ქვეყნის ბედთან, „ქვეყნის წახდენასთან“ აკავშირებს, რითაც იგი ამკვიდრებს თავს, როგორც homo historicus, რომელიც არის თავისი ქვეყნის ისტორიის მონაწილეც და შედეგიც“ (კიკნაძე 2009, გვ. 84). ამას, ზ. კიკნაძის აზრით, ადასტურებს „დავითიანის“ კომპოზიცია, რადგან ქართლ-კახეთის ისტორიის თხრობაში ჩართულია თვით გურამიშვილის ცხოვრებისეული ეპიზოდები (იქვე).

„დავითიანის“ რამდენიმე სიმბოლოს განმარტება:

„დავითიანის“ თავი, სახელწოდებით, „ჲზ.ამიცანად იგავი, ასახსნელად ადვილი“, ორ სტროფს მოიცავს:

ვირემდის განახლდებოდა ძველი დღე ღამე მზიანი,
იფქლი კალოზედ ეყარა განურჩეველი, ბზიანი;
ახალმან დღემან განწმინდა ღვარძლიან ნაკმაზიანი,
მის დღითგან მოჩანს გარჩევით სარგებელი და ზიანი.

სანამ დღე ძველი დღეს ახალს ჩვენ დღედ არ გაგვითენებდა,
მანამდის ჩვენსა დაშლილსა ვერავინ აღაშენებდა;
რა დღე გათენდა ახალი, ქვეყანას დანაშვენებდა,
ყურითაც კარგსა გვასმენდა, თვალითაც კარგს გვაჩვენებდა.

ამ სტროფებში გვხვდება რამდენიმე სახე-სიმბოლო - „ღამე მზიანი“, „ძველი დღე“ და „ახალი დღე“.

გამოთქმა „მზიანი ღამე“ პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსნის“ თავში, სახელწოდებით „წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ:“

იტყვის: "ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად.

ეს ტერმინი - „მზიანი ღამე“ - სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვანაირად განიმარტებოდა და ამის საფუძველზე ხდებოდა „ძველი დღისა“ და „ახალი დღის“ მნიშვნელობათა განსაზღვრაც. საინტერესოა, რომ „დავითიანის“ გამოცემებში ზემომოყვანილი ორი სტროფის პირველ სტრიქონში „დღესა“ და „ღამეს“ შორის დეფისია დასმული: „ძველი დღე-ღამე მზიანი“. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ „მზიანია“ „დღე-ღამე“, ანუ მზიანია „დღეც“ და „ღამეც“. ტ. მოსიას დაკვირვებით, რაკი დედანში დეფისი არაა დასმული, ამიტომ ეს სტრიქონი ასე უნდა იქნეს წაკითხული: „ძველი დღე ღამე მზიანი“(მოსია 1989, გვ.277-278). ასეთ შემთხვევაში სტრიქონის - „ვირემდის განახლდებოდა ძველი დღე ღამე მზიანი“ - შინაარსი ასე უნდა გავიგოთ: „სანამ ძველი დღე მზიან ღამეს მოგვივლენდა“. შედეგად, ტექსტში გამოიკვეთება ორისახე-სიმბოლო: „ძველიდღე“ და „ღამემზიანი“. ამგვარი წაკითხვა მით უფრო მართებულია, რომ ამავე სტროფის მესამე სტრიქონში „ახალი დღეცაა“ ნახსენები.

მკვლევრები, ჩვეულებრივ, ცდილობდნენ დაედგინათ, რას აღნიშნავს „მზიანი ღამე“ - მამა-ღმერთს, ქრისტეს, თუ ორივეს. ვფიქრობთ, სარწმუნოა ტ. მოსიას თვალსაზრისი, რომლის მიხედვით, „გურამიშვილის შესიტყვება „ძველი დღე“ მამა ღმერთის სახელია, ხოლო „ახალი დღე“ და „ღამე მზიანი“ - ძე ღვთისას“ (მოსია 1989, გვ. 273).

არანაკლებ საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც „დავითიანის“ მკვლევრებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ. რატომ გამოიყენება ზეადამიანური, ღვთიური არსის აღსანიშნავად ეს გამოთქმა, რომელიც, როგორც ტროპი, ე.წ. ოქსიმორონია, ესე იგი, აერთიანებს ურთიერთგამომრიცხავ ცნებებს? ამასთან, ეს არაა ჩვეულებრივი ოქსიმორონი, როგორც მხატვრული ხერხი. აქ, გურამიშვილთან (ისევე, როგორც რუსთველთან), ის სიმბოლოს ფუნქციას ასრულებს. სიმბოლო კი, თავისი არსით, მეტაფორისგან განსხვავებით, განუმარტავია - მისი ლოგიკური ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

მართლაც, სემანტიკური თვალსაზრისით, ოქსიმორონი „მზიანი ღამე“ აბსურდია, რადგან რეალურად მზიანი ღამე არ არსებობს (ისევე, როგორც რეალურად არ არსებობს „უჟამო ჟამი“). სიტყვა „მზეს“ უზუალური გამოყენებისას აქვს თავისი რეალური აღსანიშნი - ციური მნათობი. ასევე, „ღამეც“ ჩვეულებრივი, რეალური მოვლენაა - დროის ინტერვალი მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე. მაგრამ როდესაც ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი სიტყვა სინტაგმაშია გაერთიანებული, ის აბსურდული ხდება, ერთმანეთს გამორიცხავს, სიტყვიერ ნიშანს რეალურ ობიექტებთან კავშირს უკარგავს.

სიმბოლურ მნიშვნელობას „მზიანი ღამე“ იძენს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ის აბსურდულია, რომ მისი განმარტება შეუძლებელია. ამიტომ გამოთქმა „მზიანი ღამე“ შეიძლება აღნიშნავდეს მხოლოდ „უთქმელ“, ტრანსცენდენტურ ობიექტს, ანუ ისეთს, რომლის დასახასიათებლად ჩვეულებრივი ენობრივი ნიშნები, რომლებსაც რეალური აღსანიშნები აქვთ, არ გამოდგება. გამოთქმით „მზიანი ღამე“ შეიძლება აღინიშნოს მარტოოდენ უთქმელი, განუმარტავი, გონებისთვის მიუწვდომელი ტრანსცენდენტური ობიექტი 3 - ამ შემთხვევაში, ქრისტე.

„ზუბოვკა“. ლექსში, სახელწოდებით, „სიმღერა დავითისა: ზუბოვკა“ გურამიშვილი მოგვითხრობს მშვენიერ უკრაინელ ქალთან შეხვედრის ამბავს. პოეტი ქალს სიყვარულს აუხსნის, რის პასუხადაც ქალი გაგულისდება და თავში კეტს დაუშენს. წაქცეული მიჯნური ქალს შეებრალება და თავს დაადგება, როგორც „ნათლის სვეტი“, წამოაყენებს, დაუყვავებს და ურჩევს, რომ აჯობებს, თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ, თუმცა დაჰპირდება, კიდევ მოვალო. ამის გამო ქალს „სცემეს ხელშეკრულსა“ და ცემით მოკლეს. სასოწარკვეთილი პოეტი გოდებს:

აწ, შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?
ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.
ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!

კ. კეკელიძე აღნიშნავს, რომ „აქ „საყვარლად იგულისხმება მაცხოვარი“ (კეკელიძე 1952, გვ. 540). ლექსში უეჭველად მშვენიერ ქალთან რეალური შეხვედრის ამბავია გადმოცემული, მაგრამ „რეალური ქალი ღვთიურ ძალად (ამ შემთხვევაში ქრისტედ) წარმოგვიდგება, მიწიერი სიყვარული მისტიკურ-ალეგორიულ ტრფიალებაში გადადის, ცეცხლოვანი ვნების ნაცვლად ისმის მსასოებელი ღაღადი“ (ცაიშვილი 1990, გვ.163).

რეალური მოვლენების ალეგორიული გააზრება, როგორც ვთქვით, დავით გურამიშვილის დამახასიათებელია და „ზუბოვკაშიც“ ქალთან შეხვედრა გააზრებულია და წარმოდგენილია მისტიკურ-ალეგორიულად, როგორც ღვთისადმი სწრაფვა და სიყვარული, საკუთარი უღირსობის განცდა და საყვარლის დაკარგვით გამოწვეული სასოწარკვეთილება.

„ქართლისჭირი“. დავითიანის იმ ნაწილს, სადაც აღწერილია მე-18 საუკუნის ქართლ-კახეთში მიმდინარე რეალური პოლიტიკური მოვლენები, „ქართლის ჭირი“ კ. კეკელიძემ უწოდა.

„ქართლის ჭირი“ იწყება ლექსით:

თ. ქართველთა4 და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება. დასაწყისში ავტორი ახსენებს ორ უფალს, პირველი მათგანია „დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია“, მეორე- კი ვახტანგ მეექვსეა. რაც შეეხება პირველი უფალის ვინაობას, რ. სირაძის აზრით (სირაძე 2023, გვ. 259), გურამიშვილს მხედველობაში უნდა ჰქონოდა ქრისტე, მაგრამ ეს „პირველი უფალი“ დავით წინასწარმეტყველიცაა, ანუ, ფაქტობრივად, ორსახოვანია - ის ქრისტეცაა და დავით წინასწარმეტყველიც, რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ „დავითიანისთვის“ დამახასიათებელ ორპლანიანობას, მაგალითად, იმას, რომ „ზუბოვკის“ ქალი იმავდროულად ქრისტეცაა.

ქართველები „ცოდვის მორევთა“ ჩავარდნენ, დაივიწყეს უფლის მცნებები, უღალატეს ვახტანგსაც:

გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა,
ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა;
უარყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა,
რაც თესეს, ნოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა.

გავრცელდა „ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა, ტყვეობა, მოკვლა ტაცება - ქვრივთა, ობოლა, მწირისა“.

ი. საწყაულის მოწყვა ღვთისაგან. ღმერთმა არ აპატია ქართველებს მათი შეცოდებები და ათასგვარი სტიქიური უბედურებები მოუვლინა. ქართლ-კახეთს აწიოკებდა გარეშე მტერი და, გარდა ამისა, ეს ორი სამეფო ერთმანეთს გადაემტერა, რამაც „მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო“.

ია. რუსთ ხელმწიფისაგან ქართველთ მეფის ვახტანგის თავისთან მიპატიჟება.

სპარსეთს ამ პერიოდში მართავდა ლოთი და უზნეო ხელმწიფე, შაჰ-აბაზის ვაჟი შაჰ-თამაზი, რომელმაც შეიპყრო ვახტანგი და შვიდი წლის განმავლობაში თავისთან ამყოფებდა.

რუსეთის ხელმწიფემ, პეტრე პირველმა, რომელიც „ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ დაუმცდარი“ იყო, კავკასიამდე მოაღწია, სპარსეთსა და დაღესტანს შიშის ზარი დასცა და ვახტანგის დახმარება მოინდომა: „მისწერა: მოდი, მიგიჩნევ მამადო... მერმე შენს მტერზედ მიმიძღვე, ვით თივას ცეცხლებრ მამადო“.

იბ. რჩევა ქართველთ ბატონისა. ვახტანგის კარზე თათბირი გაიმართა. ზოგმა დიდებულმა მოიწონა პეტრეს შეთავაზება, სხვებმა კი დაიწუნეს: “ვირემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხდების“. ბოლოს გადაწყდა მეფის გამგზავრება რუსეთში მცირეოდენი ამალით და მალულად, რათა ამის შესახებ სპარსელებს არაფერი შეეტყოთ, მაგრამ ვახტანგმა ამგვარი საქციელი უკადრისად მიიჩნია და ლაშქრითურთ წასვლა გადაწყვიტა. დიდებულები კიცხავდნენ მეფეს იმის გამო, რომ ის სამ ხელმწიფესთან - შაჰ-თამაზთან, ოსმალეთის ხონთქართან და რუსთ ხელმწიფესთან - მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ მეფემ არავის მოუსმინა, ლაშქარი შეყარა და რუსეთისკენ გაეშურა.

იგ. მტერთაგან მეფის ვახტანგის ყეენთან შესმენა და ყეენისაგან ქართლის წართმევა და კახის ბატონის მიცემა. ყეენის (ანუ შაჰის) კარზე ვახტანგს ბევრი მტერი ჰყავდა. მათ მოახსენეს შაჰს, რომ ვახტანგმა და შაჰის ვეზირმა ეთმანდოლემ პირი შეკრეს და ღალატი ჩაიფიქრეს. შაჰმა ეთმანდოლე შეიპყრო და თვალები დასთხარა. მცირე ხნის შემდეგ შაჰს კვლავ შეატყობინეს, რომ ვახტანგი რუსეთს გაგზავრებას აპირებდა. განრისხებულმა შაჰმა ვახტანგს ქართლი ჩამოართვა და კახეთის მეფეს, კონსტანტინეს (მამადყული-ხანს) გადასცა.

იდ. რჩევა კახთ ბატონისა. კონსტანტინემ სათათბიროდ დიდებულები მოიწვია და აცნობა, რომ ვახტანგისთვის ძმობის პირობა ჰქონდა მიცემული და ამ ფიცს ვერ გატეხავდა. კახელები ურჩევდნენ კონსტანტინეს, შაჰის ეს ბრძანება შეესრულებინა, მაგრამ კონსტანტინე ხვდებოდა, რომ შაჰმა მას „ქართლი მიცა ძმათ საჩხუბრად, ამხანაგთა მოსაშორად“, ანუ იმისთვის, რომ კონსტანტინე და ვახტანგი ერთმანეთს გადამტერებოდნენ.

იგ. წიგნის მიწერა კახის ბატონისაგან ქართველთ ბატონთან: მეგობრობის თხოვნა. კონსტანტინემ ქაღალდზე სიმბოლურად დახატა ცეცხლში მოქცეული ქართლ-კახეთი, მასზე დახრილი დროშა, მიანიშნა ორი სამეფოს ერთობის აუცილებლობაზე, ვახტანგს გაუგზავნა და მისწერა, რომ ქართლს არ ეცილებოდა. ამ ნახატის მნიშვნელობა ვახტანგის მრჩევლებმა და, განსაკუთრებით, ვახტანგის ძმამ, იესემ, ისე ახსნეს, თითქოს კონსტანტინე მათ ემუქრებოდა. ვახტანგმა მართებულად განმარტა სურათის მნიშვნელობა და კონსტანტინე თავისთან მიიწვია მოსალაპარაკებლად.

ივ. ჩხუბის ჩამოგდება ქართველის ბატონისა კახს ბატონთან. იესემ დოდოელი ბერის ,ეპიფანეს, ხელით კონსტანტინეს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ ვახტანგს მისი მოკვლა ჰქონდა ჩაფიქრებული და გააფრთხილა, რომ ვახტანგს არ ხლებოდა. ბერი ქართლში მომავალ კონსტანტინეს შეხვდა და წერილი გადასცა. ამას ისიც დაემატა, რომ კონსტანტინე გაძარცვეს.

იზ. კახის ბატონისაგან ბერების მოციქულად გაგზავნა ქართველ თბატონთან: მეგობრობის თხოვნა. განრისხებულმა კონსტანტინემ მისწერა, შენი ნახვა მსურდა, მაგრამ ჩემთვის მახე დაგიგია. ახლა დამიბრუნე ის საქონელი, რომელიც წამართვესო. ვახტანგმა მიუგო, რომ არაფერი იცოდა ქურდობის შესახებ. მაშინ კონსტანტინემ ბერები მიუგზავნა ვახტანგს და მისწერა, ჩემი ბრალი არაა, რომ ყეენმა ქართლი მე ჩამაბარა, თუ არ დავემორჩილე, გაწყრებაო.

იჱ. კახის ბატონის მოციქულების დაჭერა ქართველის ბატონისაგან. ბერებმა ვახტანგს კონსტანტინეს წერილი მიართვეს. განრისხებულმა ვახტანგმა ბრძანა, ბერები ხაროში ჩაეყარათ, და კახეთზე სალაშქროდ გაემზადა, რაც კონსტანტინემ შეიტყო, ლეკების დახმარებით დაიკავა თბილისი და დაამარცხა ვახტანგის ლაშქარი.

ით. ოსმალოსაგან ქართლის დაჭერა და ქართველის ბატონის რუსეთს წაბძანება. ვახტანგმა თავისი ძმა, იესე, და ვაჟიშვილი, ბაქარი, ოსმალეთში გაგზავნა და ხონთქარს სთხოვა ქართლიდან სპარსელებისა და ლეკების გაყრა. კახელებმა კი საშველად ლეკებს უხმეს. როდესაც ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარი თბილისს მოადგა, კონსტანტინემ მათ ქალაქი ჩააბარა. ვახტანგი რაჭის გავლით რუსეთს გაემგზავრა, კონსტანტინემ კი ფშავ-ხევსურეთს შეაფარა თავი. ოსმალებმა აიკლეს ქართლი.

ლჱ. მეფის ახტანგისა და ძისა მისისა ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება. მოსკოვში ჩასული გურამიშვილი შეუერთდა ვახტანგსა და მის ამალას. პეტრე პირველი უკვე გარდაცვლილი იყო. ვახტანგი ეახლა დედოფალ ანას და დახმარება სთხოვა. დედაფალმა მიუგო, რომ მის ჯარებს დაკავებული ჰქონდათ სოლაღი, დარუბანდი, ბაქო, და თუ ვახტანგი იქ ჩავიდოდა, რუსეთის ჯარები მის განკარგულებაში იქნებოდა. ვახტანგი მდინარე ედილით (ვოლგით) გაემგზავრა სამხრეთისკენ, ასტრახანისკენ. მას დახვდა სვიმონ აბრამიშვილი, რომელმაც შეატყობინა, რომ შამახია5 თამაზ-ხანს დაეკავებინა, ანუ სპარსელები აქტიურად უტევდნენ რუსებს. მიუხედავად ამისა, ვახტანგი ჩავიდა დარუბანდს, სადაც რუსებმა დიდი პატივით მიიღეს.

ლთ. თამაზ-ხანისგან შამახიისა და განჯის აღება და ოსმალოსაგან თიფლისის დაცლა. ამასობაში სპარსეთის ხელმწიფე, შაჰ-თამაზი, ტახტიდან ჩამოაგდო მომთაბარე თურქმენთა ბელადმა, ნადი-ყულიმ, რომელიც თამაზ-ხანის სახელით მართავდა ქვეყანას. მან რუსეთში გაგზავნა თავის ელჩი, ხულუფა. პეტერბურგში მყოფ ხულუფას აცნობეს, რომ ვახტანგი სპარსელებთან ომს აპირებდა. საპასუხოდ, თამაზ-ხანმა ჯერ შამახია დალაშქრა, შემდეგ განჯა აიღო და თბილისიდან ოსმალები გარეკა.

მ. თამაზ-ხანისაგან რუსთ ხელმწიფის ფერთ მარშალთან6 წიგნის მოწერა და თავისის ქვეყნების თხოვნა. თამაზ-ხანმა რუსეთს მოსთხოვა სოლაღის ციხის დანგრევა, ასევე - დარუბანდის, არმოანისა და ბაქოს დაცლა, რაზეც რუსეთი დათანხმდა. თამაზ-ხანმა სახელი გადაირქვა და სპარსეთს ახლა უკვე ნადირ-შაჰის სახელით მართავდა. ნადირ-შაჰმა ვახტანგს შეუთვალა, რომ თუ ეახლებოდა, მის ქვეყანას აღარაფერს დაუშავებდა. ვახტანგმა ეს არ მოინდომა („ითაკილა“) და „თქვა: „მეც უნდა დამბორკილოს, ვით შაზ-თამაზ7 დაბორკილა“.

მა. რუსთაგან გაღმა მხარის დაცლა და მეფის ვახტანგის აშტრახანს გაბძანება. რუსებმა დაცალეს დარუბანდი. იმედგაცრუებული ვახტანგი ასტრახანს გაემგზავრა. აქ მან თავის ვაჟს, ბაქარს, გადააბარა ქართლის ბედ-იღბალი და სთხოვა, მხლებლებისთვის სრული თავისუფლება მიენიჭებინა, უნდათ, სამშობლოში დაბრუნდნენ, უნდათ, რუსეთში დარჩნენო. ბაქარმა მამას ურჩია, მოსკოვს წასულიყვნენ და იქ ეცხოვრათ. ვახტანგმა ეს არ მონდომა, რადგან მოსკოვში ძველებურად ლაღად ვეღარ იცხოვრებდა, ქართლის სამეფო ტახტის დაბრუნების იმედი გადაეწურა და თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა, „სირცხვილით ვიმალვიო“, ამბობდა. მხლებლებს ვახტანგის ამ გადაწყვეტილებამ გული ატკინა. ბაქარმა შესთავაზა ვახტანგის ამალას, მოსკოვში გაჰყოლოდნენ. ასტრახანში მხოლოდ ვახტანგი დარჩა ათიოდე მსახურის თანხლებით.

„ქართლის ჭირი“ მთავრდება ლექსით მგ. მეფის ვახტანგისა მიერ სოფლით მიცვლა და ქართველთ თავადთა და აზნაურთ რუსთ ხელმწიფის სამსახურში განწესება, რომლის მოკლე შინაარსი ზევით უკვე გადმოცემულია.

„ქაცვია მწყემსი“. „დავითიანის“ ბოლო ნაწილია პასტორალური ჟანრის პოემა „ქაცვია მწყემსი“. „დაუმთავრებელი „ქაცვია მწყემსი“ უთუოდ სიბერეშია დაწერილი, როდესაც ავტორი „ბერიკაცი დიდად ნასარჯი“, „ბრმა, ცალთვალი“ ყოფილა“ (ლეონიძე 1958, გვ. 255).

პოემის პერსონაჟები მწყემსები არიან. სიყვარული, გრძნობებისა და მოვალეობის შეპირისპირება ამ პოემის ძირითადი თემაა. პოემა არსებითად განსხვავდება „დავითიანის“ სხვა ნაწილებისგან თავისი თემატიკით, ეროტიკული და სკაბრეზული ეპიზოდების სიმრავლით. „ქაცვია მწყემსი... მიწიერი სიხარულის მატარებელია, იგი ხორცის და სიყვარულის ჰიმნია“. (ლეონიძე 1966, გვ. 509).

დავით გურამიშვილის პიროვნებათანა მედროვე ლიტერატურათმცოდნეობითი თეორიების შუქზე. მ. ბიჭაშვილის სტატიაში „დავით გურამიშვილი და „დავითიანი“ თანამედროვე თეორიული მიდგომების საფუძველზე დასმულია საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება - „დავითიანის“ რთული სემანტიკური სტრუქტურის გათვალისწინებით - „დავითიანისა“ და დავით გურამიშვილის იდენტობა ვამტკიცოთ,

მ. ბიჭაშვილის მტკიცებით, ის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ საკუთარი სახელით „დავით გურამიშვილი“, სხვა არაფერია, თუ არა „დავითიანი“. სტატიის ავტორი გამოყოფს „დავითიანთან“ გურამიშვილის იდენტიფიკაციის რამდენიმე ეტაპს: პირველი, როდესაც ხდება ავტორის ნაწარმოებში შესვლა, მისი არსებითი ტრანსფორმაცია, რაც ხორციელდება გურამიშვილის მიერ „დავითიანის“ შვილად გამოცხადებით:

მშვილდს მომიწივა მუხთალმა. ისარი გულშ მამასო,
არ მომცა ძე, არც ასული, არვინ მეძახის „მამასო“,
მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავსა მამასო,
დავჯექ და ლექსვა დავიწყე, ვსთქვი: თუ ვიშვილებ ამასო.

არანაკლები მნიშვნელობისაა გურამიშვილის გაბაასება საკუთარ ნაწარმოებთან. მ. ბიჭაშვილის აზრით, ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყოფილი ავტორი ლიტერატურულ პერსონაჟად იქცევა, რეალობიდან შესაძლებლის მოდალობაში გადაინაცვლებს, ნაწარმოების „მამის“ სახით წარმოგვიდგება:

შვილმან ჰრქვა: მამავ, ლექსთა წყობითა
მართლა არ მესმის მე შეტყობითა;
თქვენ ბრძანებთ იგავად, მე მესმის იგ ავად, -
მიბრძანეთ ამბად.....

მესამე ეტაპად მ. ბიჭაშვილი მიიჩნევს იმას, როდესაც გურამიშვილი ბიბლიური დავითის პარადიგმის მიხედვითაა წარმოდგენილი. ამით, მ. ბიჭაშვილის აზრით, არა მხოლოდ გაიხსნება „დავით გურამიშვილის„ საზრისი, არამედ წარმოგვიდგება მისი მთელი კონოტაციური ველის პარადიგმა:

დავით შევმოსე ხილითა, რომელიც მოსა ხე დავით;
მას ხეს მოხედა უფალმან კეთილის მოსახედავით.
ნუ მედავებით, მარიდეთ გულს ლახვრად მოსახედავით.
ის დავით კარგად მოსახით, მე დავით მოსახედ ავით.

აქ მ. ბიჭაშვილი იმოწმებს როლან ბარტის კონცეფციას „ავტორის სიკვდილის“ შესახებ და ასკვნის, რომ „თუ, ბარტის კვალად, ავტორის სიკვდილზე შეგვიძლია რომელიმე ნაწარმოების მიხედვით საუბარი, მათ შორის აუცილებლად იქნება „დავითიანიც“. (ბიჭაშვილი 2010, გვ.9).

  1. მარი - გამეცალე.↩︎

  2. პური მიეცი, ლაზარ (რუს.)↩︎

  3. „მზიანი ღამე აშკარად მისტიკურ ჭვრეტაზე დამყარებული სახე-სიმბოლოა და ღვთის სიდიადის, როგორც ძველი ქართველი ავტორები იტყოდნენ, „გამოუთქმელობის“ მაჩვენებელი სახელია, ხოლო აღნაგობით იგი ისეთივე დაპირისპირებულ ცნებებზე აგებული სახეა, როგორც „უჟამო ჟამი“. რაც ასევე ქრისტიანული ღმერთის ერთ-ერთი სახელია“ (ცაიშვილი 1990, გვ.181).↩︎

  4. იგულისხმება: ქართლელთა.↩︎

  5. შამახია, ანუ შემახა - ქალაქი აზერბაიჯანში.↩︎

  6. ფელდმარშალი - უმაღლესი სამხედრო წოდება.↩︎

  7. შაჰ-თამაზი.↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია


ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი :

ამირხანაშვილი 2012. ამირხანაშვილი, ივანე. დავით გურამიშვილის პოეტიკა . XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლ იტერატურა აღმოსავლური და დასავლური კულტურულ - ლიტერატურული პროცესების გზაჯვარედინზე. თბ., „უნივერსალი“, გვ. 412-421.

კეკელიძე 1952. კეკელიძე, კორნელი. ძველი ქართული მწერლობის ისტორია , II, თბ., თსუ გამომცემლობა., გვ. 435-437, 526-545.

კეკელიძე 1956. კეკელიძე, კორნელი, ზოგიერთი საკითხი დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორიიდან. ლიტერატურული ძიებანი , ტ. X, გვ. 159-171.

კიკნაძე 2009. კიკნაძე, ზურაბ. გურამიშვილის იგავი. „წახნაგი “ ( ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული ), 1, თბ., გვ.177 -196.

ლეონიძე 1958.ლეონიძე გიორგი. გამოკვლევები და წერილები. გამომც. „საბჭოთა მწერალი“, თბ., , გვ. 223-262.

ლეონიძე 1966.ლეონიძე გიორგი. დავით გურამიშვილი. ქართული ლიტერატურის ისტორია ,II, გვ. 480-512..

ნათაძე 1973. ნათაძე, ნოდარ. ლიტერატურული წერილები . თბ., „მერანი“, გვ.214-237.

სირაძე 1975. სირაძე, რევაზ. რ. ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები. თბ.: თსუ გამომცემლობა. გვ. 139-154.

ცაიშვილი 1990. ცაიშვილი, სარგის. ქართული მწერლობა (წერილები, ნარკვევები, ესეები). თბილისი. „მერანი“. 1990. გვ. 127-193.


ისტორიოგრაფიული კვლევები:

ყუბანეიშვილი 1956. ყუბანეიშვილი, სოლ. დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში . თბ., საქ. სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა.


პოეტიკური კვლევები:

მოსია 1989. მოსია, ტიტე. „დავითიანის“ ლიტერატურული წყაროებისა და პოეტიკის საკითხები. თბ., თსუ გამომცემლობა.


სემიოტიკური კვლევები:

ბიჭაშვილი 2010, ბიჭაშვილი, მამუკა. დავით გურამიშვილი და „დავითიანი“. ჟურნ. „სემიოტიკა“, 6.


გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამარ ლომიძე