მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ქართლის ცხოვრების რაობა, შემადგენლობა, ტექსტის შემცველი უძველესი ნუსხები და პირველი გამოცემები

მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, ქართლის ცხოვრება (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ქც) წარმოადგენს „ქრონიკის ტიპის კრებულს, რომელიც ნაციონალურ ისტორიას გადმოგვცემს“ და ოფიციალური ისტორიოგრაფიის იდეოლოგიას გამოხატავს. (ლორთქიფანიძე 1989, გვ. 27). ქც-ს სხვადასხვა ავტორის თხზულებების კრებულად აღქმას საფუძველი მარი ბროსემ და თედო ჟორდანიამ ჩაუყარეს (Brosset 1849; ჟორდანია 1892). მანამდე იგი ერთიან თხზულებად იყო აღქმული. ქც-ს ცალკეული თხზულებების კრიტიკულ შესწავლაში განსაკუთრებული წვლილი ივანე ჯავახიშვილს მიუძღვის (ჯავახიშვილი 1977). კონსტანტინე გრიგოლიას სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაქტობრივად „ყველაფერი, რაც ივ. ჯავახიშვილმა აღნიშნული მიმართულებით გააკეთა, საყოველთაოდ შეწყნარებულ იქმნა და დღესაც გაბატონებულია მეცნიერებაში.“ (გრიგოლია 1976, გვ. 219).

კრებულის კომპოზიციის განვითარების ისტორიის შესწავლის შედეგად ივანე ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციით, ქც მოიცავს ძველსა და ახალ ციკლს.1 ძველი ციკლი შედგება 10 თხზულებისაგან (ქც-ს მარიამისეულ ნუსხაში არსებული აპოკრიფული ტექსტები, როგორც არაორიგინალური თხზულებანი, გათვალისწინებული არ არის), ხოლო ახალ ციკლში ბერი ეგნატაშვილის მიერ დაწერილი ნაწარმოები და ქც-ს 2 გაგრძელებაა შეტანილი. ამასთან, კომპოზიციურად, თხზულებებში გადმოცემული ამბები ძირითადად წინა ტექსტში მოცემული ამბების გაგრძელებას წარმოადგენს.

ქც-ს ძველი ციკლის შემადგენელი ტექსტები (ჯავახიშვილის კლასიფიკაციით):

1. ლეონტი მროველი (XI ს.; იყენებს ადრეულ წყაროებს). ჰამბავი მეფეთა. შეიცავს თხრობას ქართველთა თავგადასავალზე უხსოვარი დროიდან მოყოლებული ჩვ. წ. აღ. V ს-მდე, ანუ მირდატ IV-ს მეფობამდე. თხზულებაში ჩართულია აგრეთვე წმინდა ნინოს ცხოვრება (როგორც იოანე დეკანოზის მიერ დაწერილი). შედგება სამი ნაწილისაგან.

2. ჯუანშერი (ითვლება XI ს.-ის ავტორად; იყენებს ადრეულ წყაროებს), ცხორება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასალისა მეფისა, მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღმრთისმსახურისა მეფისა, რომელი უმეტესად სხუათა სახელგანთქმული გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა (შემოკლებით, ვახტანგ გორგასლის ცხოვრება), და მისი გამგრძელებელი, ფსევდო-ჯუანშერი, რომლის თხზულებაც პირობითად დასახელებულია როგორც წიგნი ქართველთა ცხოვრებისა ვატხანგ მეფისითგან ვიდრე არჩილ მეფისადმდე (მოიცავს V-VII სს). ამდენად, სადღეისოდ ჯუანშერის სახელით გამოქვეყნებული ნაწარმოები შეიცავს თხრობას საქართველოს ისტორიაზე V საუკუნიდან (არჩილ I-დან) VIII საუკუნემდე (არჩილ II-მდე).

3. ლეონტი მროველი, არჩილის წამება. ითვლება, რომ ნაწარმოები აღწერს VIII ს-ის ბოლო მეოთხედში მომხდარ მოვლენებს, კერძოდ კი არჩილ მეფის წამებას ამირა ასიმის მიერ 867 წელს.

4. უცნობი ავტორი (XI ს.). მატიანე ქართლისაჲ. თხზულება აღწერს ქართლის თავგადასავალს VIII საუკუნის შუაწლებიდან 1014 წლამდე, ანუ არჩილ II-დან ბაგრატ III-მდე.

5. უცნობი ავტორი, ცხორება მეფეთ-მეფისა [დავითისა]. ივ. ჯავახიშვილის თანახმად, თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1123-1126 წლებში. ნაწარმოები აღწერს XI-XII საუკუნეთა მოვლენებს, კერძოდ კი გიორგი II-ისა (1072-1089) და დავით აღმაშენებლის (1089-1125) მეფობის ეპოქებს. თხზულება შედგება 3 ნაწილისგან.

6. სუმბატ დავითის ძე (XI ს.). ე.წ. ქრონიკა (ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა). თხზულება აღწერს ბაგრატიონთა საგვარეულოს თავგადასავალს VI საუკუნიდან მოყოლებული XI საუკუნემდე, ანუ გუარამ კურაპალატიდან ბაგრატ IV-ის მეფობამდე (1031 წ.). ნაწარმოები შედგება ოთხი ნაწილისგან და შეიცავს გენეალოგიურ და ქრონოლოგიურ ცნობებს.

7. უცნობი ავტორი, ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე (ტრადიციულად მიიჩნევა, რომ თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1223 წლის შემდეგ; შეტანილია მხოლოდ ქც-ს ანასეულ ნუსხაში). მოიცავს XII-XIII სს. ისტორიას, კერძოდ კი დემეტრე I-ს, გიორგი მეფის, თამარისა და ლაშა-გიორგის ცხოვრებებს, ანუ მათი მეფობის პერიოდის მოკლე ისტორიას.

8-9. თამარ მეფის ორი ისტორიკოსი:

8. უცნობი ავტორი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (დაწერილი უნდა იყოს 1213 წლის შემდეგ). მოიცავს საქართველოს XII-XIII საუკუნეთა ისტორიას, 1156-1213 წლების ფარგლებში. შედგება ორი ნაწილისაგან: 1156-1195 და 1196-1213 წწ.

9. ბასილი ეზოსმოძღვარი (XIII ს.), ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა. აღწერს XII-XIII სს. საქართველოს ისტორიას.

10. ჟამთააღმწერელი, ანუ მონღოლთა დროინდელი ისტორიკოსი (XIV ს.), ჟამთააღმწერლობა. აღწერს XIII-XV სს. საქართველოს ისტორიას, ლაშა გიორგის მეფობიდან (1213-1222) მოყოლებული გიორგი ბრწყინვალის მეფობის (1318-1346) ჩათვლით.

ქც-ს ახალი ციკლი

11. ბერი ეგნატაშვილი (თხზულება დაწერილია XVII ს.-ის დასაწყისში), ახალი ქართლის ცხოვრება, შეიცავს XIV-XVII სს. საქართველოს ისტორიას, 1393 წლიდან (გიორგი ბრწყინვალიდან) 1699 წლამდე (გიორგი IX-მდე). თხზულება ბოლონაკლულია.

12. ქც-ს გაგრძელებანი:

I. პირველი გაგრძელება: „დაჯდა მეფე ადარნერსე...“ უცნობი ავტორი (დაწერილი უნდა იყოს XV ს.-ში), უსათაურო ნაშრომი, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას 1220 წლიდან მოყოლებული 1453 წლამდე, ძირითადად მონღოლთა შემოსევებისა და ბატონობის ხანაში.

II. მეორე გაგრძელება: ცხოვრება ბაგრატოიანთა მეფობისა. უცნობი ავტორი (დაწერილი უნდა იყოს XVII ს.-ში). შეიცავს საქართველოს ისტორიას 1452 წლიდან 1605 წლამდე, ანუ თურქ-ოსმანთა გამოჩენიდან სეფიანთა სპარსეთის არსებობის პირველ წლებამდე.

ქართლის ცხოვრების კომპოზიცია იმთავითვე ერთგვაროვანი არ ყოფილა; იგი საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა და ივსებოდა. ქც-ს თავდაპირველი რედაქციის შექმნის დათარიღებასთან დაკავშირებით სამეცნიერო კონსენსუსი არ არსებობს. რევაზ კიკნაძის თქმით, სხვადასხვა მეცნიერთა მიერ ქც-ს „კრებულად შედგენის თაობაზე... დასახელებულია VII-VIII,2 VIII-IX3 საუკუნეები, X საუკუნე,4 XI ს.-ის მიწურული,5 XI-XII სს. მიჯნა,6 XII საუკუნე,7 XII ს.-ის მეორე ნახევარი8.“ (კიკნაძე 1982, გვ. 14-15). თავად რევაზ კიკნაძეს მიაჩნია, რომ კრებული შეადგინეს XII საუკუნის პირველ მეოთხედში, დავით აღმაშენებლის განკარგულებით (იქვე, გვ. 17-21; 24). მკვლევარი აღნიშნავს, რომ „კრებული შედგნილია საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოდ და, აგრეთვე, შენ წასაკითხ წიგნად...“ (იქვე, გვ. 16).

ამდენად, განირჩევა ქც-ს კომპოზიციის განვითარების რამდენიმე ეტაპი:

1. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ქც-ში გამოიყოფა სამი ბაგრატიონთა ეპოქამდე შექმნილ თხზულებებზე დაფუძნებული ტექსტი. სტივენ რაპი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად უნდა შექმნილიყო უცნობი ავტორების ცხორება ქართველთა მეფეთა (რომელიც, შესაძლოა, უფრო გრძელი იყო, ვიდრე ჩვენამდე მოღწეული ტექსტი), ცხორება ვახტანგ გორგასლისა და მისი გაგრძელება, რომელიც ვინმე ჯუანშერ ჯუანშერიანს მიეწერება.9 სამივე თხზულება, რაპის აზრით, უნდა დაწერილიყო აშოტ I ბაგრატიონის ერისმთავრობის დროს, ანუ 790-813 წლებს შორის. სწორედ ამ სამი თხზულებისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი ქც-ს პირველი რედაქცია, რომელიც IX საუკუნის პირველ ნახევარში უნდა შეეკრათ. რაპის თქმით, სადღეისოდ ქც-ს ერთ კორპუსად შეკვრა ძირითადად ლეონტი მროველის დამსახურებად ითვლება. შესაძლოა, ქც იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ მას დღეს ვიცნობთ, სწორედ ლეონტის რედაქტირების დამსახურება იყოს. (Rapp 2014, გვ. 172-173).

ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით კი, „ქც-ს კრებული XI საუკუნის დასასრულზე უწინარეს შეუძლებელია, რომ თავდაპირველად შედგენილი ყოფილიყოს...“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 306). ამასთან, მკვლევრის აზრით, კრებულს, სავარაუდოდ, თავდაპირველად ერქვა არა ქართლის ცხოვრება, არამედ „ქართველთა ცხოვრება.“ (იქვე).

2. ქც-ს მარიამისეულ ხელნაწერში, უშუალოდ ქართლის ისტორიისა და მისი ეპონიმის შესახებ ლეონტი მროველისეული თხრობის დაწყებამდე, ნუსხის რედაქტორს მოთავსებული აქვს ე.წ. ანონიმის მსოფლიო ისტორია, ანუ აპოკრიფული თხზულებები: თარგმანი დაბადებისათჳს ცისა და ქუეყანისა და ადამისათჳს, ანუ განძთა ქვაბი, რომელიც ტექსტის სათაურის თანახმად IV საუკუნეში მოღვაწე ცნობილ სირიელ მამას, ეფრემ ასურს მიეწერება, და ფსევდო-ბასილის შუშუელმართალთათჳს და ქუეყნისა საზომისათჳს.10 (ქურციკიძე 1990, გვ. 49, 59). ითვლება, რომ განძთა ქვაბის ორიგინალური სირიული ტექსტი შექმნილი უნდა იყოს არაუგვიანეს ჩვ. წ. აღ. III საუკუნისა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ბიბლიის სირიული თარგმანის, პეშიტას, ტექსტი.11

ქც-ს მაჩაბლისეულ ნუსხაში XVIII საუკუნის 30-იან წლებში ეს აპოკრიფული ტექსტი ჩაუნაცვლებიათ XVI-XVII საუკუნით დათარიღებული ფსევდო-დოროთეს ბერძნული ქრონიკის შესავალი ნაწილის თარგმანით (თხრობა იწყება სამყაროს შექმნის შესახებ გადმოცემით და მოყვანილია ნოეს შთამომავლების ამბამდე):12 „თანაც რედაქტორებს მსოფლიო ისტორიის შემცველი ეს ტექსტი შინაარსობრივად საკმაოდ „ორგანულად“ დაუკავშირებიათ ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებასთან“.“ (იქვე, გვ. 62). სიმონ ყაუხჩიშვილის აზრით, მარიამისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში13 უშუალოდ ქართლის ისტორიის დაწყებამდე მოთავსებული თხზულებები „წარმოადგენენ „მსოფლიო ისტორიას“ (მაშინდელი გაგებით), სადაც ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი გადმოსცემს მკითხველს ქვეყნის გაჩენის ამბავს, მომდევნო პირველ მამათა ისტორიას, ისრაელთა თავგადასავალს და ა.შ.“ იგი წარმოდგენილია, როგორც საქართველოს ისტორიის შესავალი, რომელმაც უნდა ასწავლოს ქართველ მკითხველს, რომ საქართველოს ისტორია არის ნაწილი მსოფლიო ისტორიისა.“ (სიმონ ყაუხჩიშვილი, „ქართლის ცხოვრება და მსოფლიო ისტორია,“ წიგნში: ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 010-014, აქ გვ. 011-012). ამდენად, როგორც ჩანს, მარიამისეული ქც-ს რედაქტორ-შემდგენელმაც მოცემული აპოკრიფის ლეონტისეული ტექსტისათვის წამძღვარება კრებულისათვის ქრისტიანული მსოფლიო ისტორიის ფორმის მიცემისათვის მოხდა. ქრისტიანული ისტორია,ბუნებრივია, ბიბლიური ამბების გადმოცემით უნდა იწყებოდეს. სწორედ ეს ფუნქცია აქვს დაკისრებული განძთა ქვაბს. თუმცაღა, მაჩაბლისეული ნუსხის შედგენისას გვიანდელი პერიოდის მწიგნობარს ეს არაკანონიკური თხრობა ისტორიოგრაფიული ნარატივიდან ამოღებული (თუმცა კვლავ აპოკრიფული) თხრობით შეუცვლია და განძთა ქვაბის ტექსტი ჩაუნაცვლებია XIV საუკუნის ბერძნული ფსევდო-დოროთეს ქრონიკაში მოცემული შესაბამისი შესავალი ნაწილით.

3. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, „დანარჩენი საისტორიო თხზულებები სამ წყებად უნდა ყოფილიყო შეტანილი ქც-ს კრებულში. ჯერ „მატიანე ქართლისაჲ“ და დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება შეუტანიათ,.. მეორე წყებად ქც-ში სუმბატის მატიანე „ცხორება და უწყება“ შეუტანიათ... დასასრულს, მესამე წყებად, ერთგზის და ერთად შეტანილია ქც-ში თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულება „ისტორიანი და აზმანი“ 14 და მონღოლთა დროინდელ ქართველ ჟამთა-აღმწერელის ნაწარმოები.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 307-308). რევაზ კიკნაძე ქც-ს შექმნას დავით აღმაშენებელს უკავშირებს, რომლის ბრძანებითაც კრებულში უნდა შეეტანათ „ლეონტისა და ჯუანშერის ავტორობით ცნობილი ნაწარმოებები, აგრეთვე ე.წ. „მატიანე ქართლისა,“ ე.ი. თხზულებები, რომლებშიაც გადმოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი ხანიდან XI საუკუნის 70-იან წლებამდე.“ მკვლევარს მიაჩნია, რომ მასში მოგვიანებით ჩართეს დავით აღმაშენებლის ისტორია, რომელიც „საგანგებოდ დაიწერა „ქართლის ცხოვრებისათვის““ მისი ვაჟის, დემეტრე I-ის ზეობისას (1125-1156). დავით აღმაშენებლის ისტორია XI საუკუნის შუა წლებში შეიტანეს კრებულში და იმ დროს, როდესაც ქც სომხურად ითარგმნა, იგი უკვე კრებულის ნაწილს წარმოადგენდა (კიკნაძე 1982, გვ. 24-25).

4. ქც-ს ძველი სომხური თარგმანი, რომელმაც ჩვენამდე XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე შექმნილ ხელნაწერში მოაღწია და რომელიც ქც-ს პირველი ხუთი წიგნის (ლეონტის მროველის მეფეთა ცხოვრების, ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების, ლეონტის არჩილის წამების, მატანე ქართლისაჲს და დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის) ადაპტაციას შეიცავს (საქართველოს შემოკლებულ ისტორიას უძველესი დროიდან 1125 წლამდე), ნათლად მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ XII საუკუნის ბოლოსკენ ქართულ ენაზე არსებული სხვადასხვა თხზულებათა შემცველი ქართული ისტორიოგრაფიული კორპუსი უკვე ხუთი ნარატივისაგან შედგებოდა 15 ამასვე უნდა ადასტურებდეს ჩვენამდე შემონახული ქც-ს უძველესი ნუსხაც (ანასეული ქც, დათარიღებული ივანე ჯავახიშვილის მიერ 1479-1495 წლებით16 ), რომლის დედანშიაც, მკვლევართა აზრით, აგრეთვე მხოლოდ ეს ხუთი თხზულება შედიოდა (ჯავახიშვილი 1977, გვ. 301-308). სწორედ ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ანასეულ ქც-ში დავითის ისტორიკოსის ტექსტის ბოლოს დართულია ანდერძი, რომელიც, როგორც ჩანს, დედნიდან არის გადაწერილი. ხოლო მომდევნო ორი ტექსტი, რომელიც აგრეთვე გვხვდება ამ ნუსხაში, კერძოდ კი, ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე17 და იოანე ზედაზნელის ცხოვრება, ამ ხელნაწერისათვის სავარაუდოდ მოგვიანებით, XVI საუკუნის ბოლოს, ან XVII საუკუნის დასაწყისში უნდა დაურთოთ. ნოდარ შოშიაშვილის ვარაუდით კი, შესაძლოა ამ სადღეისოდ ბოლონაკლულ ხელნაწერში სხვა მოგვიანებით დართული ტექსტებიც იძებნებოდა (შოშიაშვილი 1975, გვ. 51, 55).

5. როგორც უკვე ითქვა, რევაზ კიკნაძე, ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ქც-ს უძველესი ნაწილი სწორედ ამჟამად მასში შემავალ პირველ ხუთ თხზულებას მოიცავდა, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ეს ნარატივები ქც-ს შემცველ ყველა ხელნაწერშია წარმოდგენილი. „შემდგომში კრებული სხვადასხვა ნაწარმოებებით ივსებოდა, რის გამოც მიღებულ იქნა განსხვავებული შემადგენლობის ნუსხები...“ (კიკნაძე 1982, გვ. 25).

6. ქც-ს კომპოზიციის განვითარების უკანასკნელი ეტაპი უკავშირდება ვახტანგ VI-ს და მის მიერ ქც-ს ტექსტის გასამართად მოწვეულ სწავლულ კაცთა კომისიას. ამ კომისიას სათავეში, როგორც ჩანს, ბერი ეგნატაშვილი ედგა. ამ კომისიის საქმიანობის მიზეზი ნათლად არის განსაზღვრული ვახტანგისეული ქც-ს შესავალში: „ჟამთა ვითარებისაგან „ქართლის ცხოვრება“ განრყუნილ იყო, რომელნიმე მწერალთა მიერ და რომელნიმე ჟამთა ვითარებისგან არღარა წერებულ იყო. ხოლო მეფემან ვახტანგ ძემან ლეონისამან და ძმისწულმან სახელოვანის გიორგისამან, შეკრიბნა მეცნიერნი კაცნი, და მოიჴუნა საცა რამ ქართლის ცხოვრებაები პოვნა და კუალად გუჯარნი მცხეთისანი, გელათისანი და მრავალთა ეკლესიათა და დიდებულთანი და შეამოწმეს და რომელი გარყუნილ იყო განმართეს და სხუაცა წერილნი მოიხუნეს, რომელნიმე სომეხთა და სპარსთა ცხოვრებისაგან გამოიჴუნესდა ესრეთ არწერნეს.“ (ლორთქიფანიძე 1989, გვ. 53-54).

ამდენად, ირკვევა, რომ ვახტანგმა გადაწყვიტა არსებულ ხელნაწერებში „გარყუნილ ადგილთა“ შესწორება (ფაქტობრივად, თავიდან აღწერა) და აუწერელი ნაწილის, ანუ XIV-XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის დაფიქსირება. ამასთან, „სწავლულთა კომისიას ჩაუთვლია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ სათანადო სისრულით არ იყო წარმოდგენილი ქართული ეკლესიის და დიდ საეკლესიო მოღვაწეთა ისტორია და ტექსტში შეუტანიათ ძირითადად ცნობილ საეკლესიო პირთა, პეტრე იბერის, ასურელი მამების, დავით და კონსტანტინეს, გობრონის, ექვთიმე მთაწმინდელის და სხვათა მოღვაწეობის ამსახველი ჩანართები.“ (იქვე, გვ. 58). მარიამ ლორთქიფანიძის აზრით, „არ არის გამორიცხული, რომ ეს „ჩანართების,“ ზოგი მათგანი მაინც, იმ სხვა „ქართლის ცხოვრებებიდანაც“ შეიტანეს, რომელიც მათ ჰქონდათ ხელთ და რომელნიც დღეს ჩვენ განკარჰულებაში აღარ არიან.“ (იქვე, გვ. 59).

ამ რედაქციის ქც-ში სუმბატ დავითის-ძის თხზულება არ არის ცალკე ტექსტად შეტანილი, თუმცა მისი ნაწარმოებიდან ამოღებული ცნობებით გამდიდრებულია ჯუანშერისა და მატიანე ქართლისაჲს თხრობა. კომისიამ გამართა აგრეთვე ქც-ს მარიამისეულ ნუსხაში არსებული თამარის ისტორიის ტექსტი (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი) და შეავსო ცნობებით იგი როგორც თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულებიდან (ბასილი ეზოსმოძღვარი) და ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანიდან, აგრეთვე უცხო წყაროებიდან. გარდა ამისა, „როგორც ტექსტოლოგიური ანალიზითაა დადგენილი, კომისიას... ხელთ უნდა ჰქონდა დღესაც ჩვენთვის უცნობი, თამარის მოღვაწეობის ამსახველი სხვა თხზულებაც.“ (იქვე, გვ. 60).

ქც-ს „აღუწერელი ნაწილი,“ ანუ ვახტანგისეული ქც-ს გაგრძელება, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროინდელი ამბების აღწერით იწყება. ეს ნაწილი ჩვენამდე მოღწეულია სამი — ჯანაშვილისეული, ჭალაშვილისეული (ახალი) და მაჩაბლისეული (ახალი) — ნუსხით.

მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, „ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით შექმნილი კომისიის კოლექტიური ნაშრომი, რომელიც ვახტანგს მოსკოვში გაუგზავნეს და რომლის გაცნობა მან ვერ შეძლო, ვახუშტი ბაგრატიონთან მოხვდა. გამორიცხული არ არის რომ ეს ხელნაწერი თვითონ ვახტანგმა გადასცა გასაცნობად თავის სწავლულ შვილს. ვახუშტიმ იმუშავა ტექსტზე, მას თავისი შენიშვნები დაურთო. ეს ხელნაწერი შემდეგ ისევ საქართველოში დააბრუნეს და ვახუშტის შენიშვნების ნაწილი მაინც შეიტანეს იმ ნუსხაში, რომელიც ვახტანგისთვის იყო გათვალისწინებული (ჯანაშვილისეული რომ ეწოდება).“ (იქვე, გვ. 57).

ვახტანგისეულ ქც-ს მკვლევარნი „ახალ ქც-საც“ უწოდებენ. თუმცაღა, მეცნიერთა მოსაზრებანი იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს „ახალი ქც,“ სხვაობს: მეცნიერთა ნაწილს (მაგ., ივანე ჯავახიშვილი, მოსე ჯანაშვილი) ახალ კრებულად მხოლოდ XIV-XVII სს. მოვლენების აღმწერი თხზულებები მიაჩნიათ; მეცნიერთა მეორე ნაწილი კი (კონსტანტინე გრიგოლია, რევაზ კიკნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე) „ახალ ქც“-ად ვახტანგის სწავლულ კაცთა კომისიის მიერ რედაქტირებულ ძველ ციკლსა და მის გაგრძელებებს ერთიანობაში მიიჩნევს. (იქვე, გვ. 55-56).

ქც-ს ჟანრობრივ რაობასთან დაკავშირებით მარიკა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ „ქართლის ცხოვრება უფრო ... ნაციონალური ისტორიის მომთხრობი „ქრონიკის“ ტიპის საისტორიო თხზულებაა, მასთან მსგავსებას ამჟღავნეს რუსული „ლეტოპის“-ი ქართულად მატიანედ რომ ვთარგმნოთ. მაგრამ ის, რასაკვირველია, ყველა ნაწილში ერთნაირი არ არის. უძველესი ისტორიის ამსახველი თხზულებები (ე.წ. მეფეთა ცხოვრება, ვახტანგ გორგასლის ისტორია), უფრო ეპიკური სტილის ნაწარმოებებია, მაღალი მხატვრული ღირსებების მქონე, მათში უხვადაა შესული ისტორიული გადმოცემები.“ (იქვე, გვ. 96.).

მკვლევართა აზრით, ქც-ში შემავალი თხზულები იდეოლოგიზირებული ხასიათისაა და კრებულში შეტანილ ნაწარმოებთა ავტორები სამეფო ხელისუფლების აპოლოგეტებს წარმოადგენენ. მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, „„ქართლის ცხოვრება“ ოფიციალური ისტორიოგრაფიის იდეოლოგიას გამოხატავს და კრებულში შესატანად საგანგებოდ არჩევდნენ სამეფო ხელისუფლების ინტერესების გამომხატველ საისტორიო თხზულებებს (ლორთქიფანიძე 1989, გვ. 27) ლელა პატარიძეც ხაზგასმით მიუთითებს, რომ „„ქართლის ცხოვრება“ აშკარად იდეოლოგიური ხასიათის ძეგლია. კერძოდ, დასაწყის ნაწილში გამოიკვეთება ქართლის „ხოსროიან“ მეფეთა იდეოლოგია („ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ბაგრატიონთა გამეფებამდე ქართლის სამეფოს ძირითადად ორი დინასტია განაგებდა ფარნავაზიანები ძვ.წ. III ახ.წ. III სს.-ში და „ხოსროიანები,“ სასანიანთა გვერდითი შტო, III-VIII სს.-ში), ხოლო ვრცელ მეფეთა ცხოვრებებს მეფობის ლეგიტიმაციის ტექსტების ფუნქცია აქვთ.“ (პატარიძე 2009, გვ. 183).

ამდენად, ქც წარმოადგენს ბაგრატიონთა დინასტიის მიერ სანქციონირებულ ოფიციალურ ისტორიოგრაფიულ კრებულს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იწერებოდა და ივსებოდა. სიმონ ყაუხჩიშვილმა კი, კრებულში შემავალ ტექსტებში გამოყენებული ენობრივი (ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური) ფორმების ანალიზის საფუძველზე აღნიშნა, რომ ქც წარმოადგენს საერო მწერლობის ძეგლს, ვინაიდან მასში წარმოდგენილი გრამატიკული ნორმები განსხვავებულია „XI-XII საუკუნეების სასულიერო შინაარსის ძეგლებისაგან, „ქართლის ცხოვრების“ ძეგლებში უხვად არის შეჭრილი ახალი ქართული ენობრივი ფორმები.“ (ყაუხჩიშვილი 1995, გვ. 146).

ქც-ს უძველესი ნუსხები

(მიმოხილვა მოცემულია მიხეილ ქავთარიას სტატიის „ქართლის ცხოვრების ხელნაწერები“ (მიხეილიძე 2009) და ქც-ს 2004 წლის გამოცემის შესავალზე დაყრდნობით (ქც (მეტრეველი) 2004, გვ. 8-10)

ვახტანგამდელი რედაქცია:

ანასეული – 1479-1495 წწ. (ჯავახიშვილი) / XVI-XVII სს. (შოშიაშვილი) – აღმოაჩინა ივანე ჯავახიშვილმა 1913 წელს სოფელ ლამისყანაში, ჯაბაკურ-ორბელიანების წიგნთსაცავში. ჯავახიშვილის აზრით, ხელნაწერი გადაწერილი უნდა იყოს 1222-1223 წლის ნუსხიდან (ჯავახიშვილი 1977, გვ. 307). ნოდარ შოშიაშვილის აზრით, ხელნაწერი უნდა წარმოადგენდეს ანასეული ქც-დან XVI-XVII სს. გადაწერილ პირს (შოშიაშვილი 1975, გვ. 55). ნუსხა შეიცავს ქც-ს შემდეგ ტექსტებს: ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრებასა და არჩილის წამებას, ჯუანშერის თხზულებას, მატიანე ქართლისაჲ-ს, დავით მეფის ცხოვრებასა და ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანეს.

ჭალაშვილისეული (ძველი) – XVI ს.-ს II ნახ. – აღმოაჩინა ივანე ჯავახიშვილმა 1923 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის წიგნთსაცავში. ხელნაწერი ნაკლულია, აკლია თავი და ბოლო; ნაკლული ნაწილები ვახტანგისეული ნუსხის მიხედვით შეუვსია ერაჯ ჭალაშვილს. ხელნაწერის ძველი ნუსხა შეიცავს: ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრებასა და არჩილის წამებას, ჯუანშერის თხზულებას, მატიანე ქართლისაჲ-ს, დავით მეფის ისტორიას, თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულებას (ბასილი ეზოსმოძღვრის ნაწარმოებს ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი). ხელნაწერი აგრეთვე ნაკლული სახით შეიცავს ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანესაც. ხელნაწერის ბოლოს კი მოცემულია ქც-ს გაგრძელება.

მარიამისეული – ხელნაწერის დედანი გადაწერილი უნდა იყოს 1633-1643 წწ. (თავად ხელნაწერი XVIII საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება). აღმოაჩინა დიმიტრი ბაქრაძემ 1884 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საცავში. შეიცავს განძთა ქვაბს, ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრებასა და არჩილის წამებას, ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას, მატიანე ქართლისაჲ-ს, დავით აღმაშენებლის ცხოვრებას, სუმბატ დავითის-ძის ქრონიკას, თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებას (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი), ჟამთააღმწერლის მატიანეს.

ხელნაწერი Q-1219 / მცხეთური – 1697 წ. აღმოაჩინა აკაკი კლიმიაშვილმა 1959 წელს ზემო იმერეთში, ოლღა მაჭავარიანის ოჯახში. ანდერძის მიხედვით, გადაწერილია მცხეთაში დაცული დედნიდან. ხელნაწერი შეიცავს ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრებასა და არჩილის წამებას, ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას, მატიანე ქართლისაჲ-ს, დავით აღმაშენებლის ისტორიას, სუმბატ დავითის-ძის ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთას, თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებასა და ჟამთააღმწერლის მატიანეს.

მაჩაბლისეული (ძველი ნაწილი) – 1736 წ. გადაწერილი გიორგი მაჩაბლის მიერ მეფე არჩილის ნაქონი ნუსხიდან. ნაკლული ადგილები შევსებულია სხვა ხელნაწერებიდან (ჭალაშვილისეული ნუსხიდან). ტექსტს წინ უძღვის ფსევდო-დოროთეს ქრონოგრაფიის (XVI-XVII სს.) დასაწყისი ნაწილი (ნოეს ამბამდე). ხელნაწერში შეტანილია აგრეთვე ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრება და არჩილის წამება, ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრება, მატიანე ქართლისაჲ, დავით აღმაშენებლის ისტორია, თამარის პირველი ისტორიკოსისა და ჟამთააღმწერლის თხზულებანი. ნუსხის ბოლოს კი მოცემულია ქც-ს გაგრძელება.

ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, 1279-1311 წწ. შეიცავს 5 თხზულების შემოკლებულ თარგმანს, კერძოდ კი: ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრებასა და არჩილის წამებას, ჯუანშერის თხზულებას, მატიანე ქართლისაჲ-ს და დავით მეფის ისტორიას.

ამდენად, ქც-ს ვახტანგამდელ ხელნაწერებში შემავალ თხზულებათა გადანაწილება გრაფიკულად ამგვარად გამოიყურება:

ქც-ს ვახტანგამდელ ხელნაწერებში შემავალ თხზულებათა გადანაწილება

ანას. ჭალაშვ. მარიამ. Q-1219 მაჩაბლ. სომხ. თარგმ.
განძთა ქვაბი - - + - - -
ნაწყვეტი ფსევდო-დოროთეს ქრონიკიდან - - - - + -
ლეონტი მროველი, მეფეთა ცხოვრება + + + + + +
ჯუანშერი, ვახტანგ გორგასლის ცხოვრება + + + + + +
ლეონტი მროველი, არჩილის წამება + + + + + +
მატიანე ქართლისაჲ + + + + + +
დავით აღმაშენებლის ცხოვრება + + + + + +
სუმბატ დავითის-ძის ქრონიკა - - + + - -
თამარის პირველი ისტორიკოსი
(ისტორიანი და აზმანი)
- - + + + -
თამარის მეორე ისტორიკოსი
(ბასილი ეზოსმოძღვ.)
- + - - - -
ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე + + (ნაკლ.) - - _ -
ჟამთააღმწერლის მატიანე - - + + + -

ვახტანგისეული რედაქცია

რუმიანცევისეული — 1703 წ.

თეიმურაზისეული — XVII ს.-ის I მეოთხედი

ჯანაშვილისეული — XVIII ს.-ის შუა წლები

ჭალაშვილისეული (ახალი) — 1731 წ.

მაჩაბლისეული (ახალი ნაწილი) — 1736 წ.

ფალავანდიშვილისეული (ძველი, ნუსხა ხუცურით ნაწერი) — 1714-1744 წწ.

ფალავანდიშვილისეული (ახალი, მხედრულით ნაწერი) — 1761 წ.

ბარათაშვილისეული — 1761 წ.

დადიანისეული — XVIII ს.-ის შუა წლები

საეკლესიო მუზეუმის — 1748 წ.

ბროსესეული — 1839 წ.

სხვიტორული — XVIII ს.-ის I ნახევარი

ქუთაისის მუზეუმის — XIX ს.

ქც-ს პირველი გამოცემები

ვახტანგისეული ნუსხა — 1849-1857 წწ. — მარი ბროსესა და დიმიტრი ჩუბინაშვილის გამოცემა (3 წიგნი, 5 ტომი) (ბროსე [და ჩუბინაშვილი] 1849-1857). 1897-1899 წლებში ბროსესა და ჩუბინაშვილის გამოცემა მეორედ გამოსცა ზაქარია ჭიჭინაძემ (ჭიჭინაძე 1897-1899). ვახტანგისეული ნუსხის გამოცემა 1923 წელს ხელახლა დასტამბა ნიკო მარმა (მარი 1923).

მარიამისეული ნუსხა — 1906 — ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა (თაყაიშვილი 1906).

ანასეული ნუსხა — 1942 — სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა (ყაუხჩიშვილი 1942).

ქც-ს სამეცნიერო გამოცემები

სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა (გამოიცა 1, 2 და 4 ტომი; ყაუხჩიშვილი 1955-1973).

ქართლის ცხოვრება („ძველი ქართლის ცხოვრება“). გამოსაცემად მოამზადეს, წინასიტყვაობა და ტერმინთა განმარტება დაურთეს ილია ანთელავამ და ნოდარ შოშიაშვილმა. თბილისი: 1996.

როინ მეტრეველის რედაქციით ვახტანგამდელ ხელნაწერებზე დაყრდნობით განხორციელებული ძველი ციკლის გამოცემა (ქართულ ვარიანტთან პარალელურად გამოიცა ინგლისური და რუსული თარგმანებიც: ქც [მეტრეველი] 2004; Metreveli and Jones 2014; Метревели 2012).

წინამდებარე მიმოხილვაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქც-ს ძველ ციკლში შემავალი ნაშრომების შესახებ ინფორმაცია და ამ ნარატივებთან დაკავშირებით არსებულ სამეცნიერო მოსაზრებათა ძირითადი ნაწილი.

  1. აღსანიშნავია, რომ მსგავს დაყოფას ყველა მკვლევარი არ იზიარებს. ↩︎

  2. Дондуа 1964, გვ. 95 = კიკნაძე 1982, გვ. 13. ↩︎

  3. მელიქიშვილი 1970, გვ. 52-53 = კიკნაძე 1982, გვ. 13. ↩︎

  4. ინგოროყვა 1978, გვ. 426 = კიკნაძე 1982, გვ. 14. ↩︎

  5. გრიგოლია 1954, გვ. 91; ბერძენიშვილი 1964, გვ. 19, შენ. 2 = კიკნაძე 1982, გვ. 14. ↩︎

  6. მესხია და გუჩუა 1969, გვ. 91 = კიკნაძე 1982, გვ. 14. ↩︎

  7. ჯავახიშვილი 1977, გვ. 309; ყაუხჩიშვილი 1955, გვ. 08; Лорткипанидзе 1974, გვ. 177-178; Цулая 1973, გვ. 3 = კიკნაძე 1982, გვ. 14. ↩︎

  8. კეკელიძე 1960, გვ. 241 = კიკნაძე 1982, გვ. 14. ↩︎

  9. მკვლევარი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ქართველ მკვლევართა ნააზრევის კომპილაციას: ივანე ჯავახიშვილის თანახმად, ქც-ში თავდაპირველად „ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებათა გარდა სხვა არაფერი ყოფილა შეტანილი.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 198). გიორგი მელიქიშვილის აზრით, ჯუანშერს ლეონტის თხზულებისათვის, რომელიც ვახტანგის ისტორიასაც მოიცავდა, დაუმატებია ვახტანგის შემდგომი პერიოდის ისტორია და არჩილის წამება (მელიქიშვილი 1970, გვ. 52). გივი წულაიამ კი მელიქიშვილის მიერ გამოყოფილ მონაკვეთს ფსევდო-ჯუანშერისეული უწოდა და მასში ორი ნაწილი დაინახა (Цулая 1986, გვ. 30-31). ↩︎

  10. თამარა პატარიძის კვლევით, ქც-ში შემავალი ტექსტი არ წარმოადგენს ამ აპოკრიფული თხზულების სრულ ვერსიას. ↩︎

  11. ტექსტი დეტალურად არის შესწავლილი ცნობილი ქართველი მეცნიერის, ციალა ქურციკიძის მიერ (ქურციკიძე 2007). ↩︎

  12. ტექსტი გამოქვეყნებულია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. თაყაიშვილი 1953, გვ. 28-46. ↩︎

  13. სიმონ ყაუხჩიშვილის აზრით, ანასეულ რედაქციასაც წამძღვარებული უნდა ჰქონოდა „მსოფლიო ისტორიის“ ტექსტი, „რომელსაც 15 გვერდი ეჭირა.“ (ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 013.↩︎

  14. ივანე ჯავახიშვილის ნაშრომის დაწერისას ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულება ჯერ ცნობილი არ იყო. ↩︎

  15. ტექსტი და მისი ქართული თარგმანი გამოქვეყნებულია: აბულაძე 1953. კრებულის მიმოხილვისათვის იხ. ვაჩნაძე და ჭეიშვილი 2005. ↩︎

  16. მკვლევართა ნაწილი ხელნაწერს უფრო გვიანდელი პერიოდით ათარიღებს: XVI საუკუნით (ს. კაკაბაძე), ანდა XVI ს. ბოლოს, ანდა XVII საუკუნის ნახევრით (შოშიაშვილი 1975, გვ. 51, 55). ↩︎

  17. ქც-ს ვახტანგამდელ ნუსხებიდან ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე სრული სახით მხოლოდ ამ ხელნაწერშია შემონახული (შოშიაშვილი 1975, გვ. 51). ნაკლული სახით ტექსტი გვხვდება აგრეთვე ჭალაშვილისეულ ძველ ნუსხაშიც (ქც [მეტრეველი] 2004, გვ. 18). ↩︎

ბიბლიოგრაფია

აბულაძე, ილია 1953 — იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ბერძენიშვილი, ნიკო 1964. ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების მთავარი ხაზი (თეზისები). თბილისი: მეცნიერება.

ბროსე, მარი-ფელისიტე (და ჩუბინაშვილი) 1849-1857. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის, გამოცემული ღვაწლითა უ. ბროსე. სანკტპეტერბურღი: Imprimérie de l’Académie Impériale des Sciences.

გრიგოლია, კონსტანტინე 1976. „მატიანე ქართლისა და მისი დასათაურების საკითხისათვის.“ კრებულში: ივანე ჯავახიშვილი 100. თბილისი: მეცნიერება, გვ. 218-232.

გრიგოლია, კონსტანტინე 1954 — იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ვაჩნაძე, ნათელა და გიორგი ჭეიშვილი 2005. „ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი: კულტურათა დიალოგი თუ დაპირისპირება?“ ახლო აღმოსავლეთი და საქართველო 4: 251-256.

თაყაიშვილი, ექვთიმე 1953. „აპოკრიფული მოთხრობა, რომელიც წინ უძღვის ქართლის ცხოვრების მაჩაბლისეულ ხელნაწერს.“ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე 17Б: 25-47.

თაყაიშვილი, ექვთიმე 1953. ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლისეული ვარიანტი (სამი დამატებითურთ), გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით. ტფილისი: მსწრაფლ-მბეჭდავი „ძმობისა“.

ინგოროყვა, პავლე 1978. „ძველი ქართული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა.“ წიგნში: მისივე, თხზულებათა კრებული. ტ. IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 241-483.

კეკელიძე, კორნელი 1960. ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. I. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

კიკნაძე, რევაზ 1982. „ქართლის ცხოვრების შესწავლის ისტორიიდან.“ კრებულში: მისივე, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობითი საკითხები I. თბილისი: მეცნიერება, გვ. 9-29.

ლორთქიფანიძე 1989 — იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

მარი, ნიკო 1923. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის. ნაწილი პირველი. პეტროგრადი: Imprimérie de l’Académie des Sciences de Russie.

მელიქიშვილი, გიორგი 1970. “საქართველოს ისტორიის უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები,” in საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1. თბილისი: საბჭოთა საქართველო, გვ. 35-69.

მესხია, შოთა და ვიქტორ გუჩუა 1969. საქართველოს ისტორია. VII-X კლასების სახელმძღვანელო. თბილისი: განათლება.

მიხეილიძე, ქავთარ (მიხეილ ქავთარია) 2009. „ქართლის ცხოვრების ხელნაწერები.“ მწიგნობარი 9: 19-31.

პატარიძე, ლელა 2009. „ქართლის ცხოვრების შესავალი და მისი ისტორიულ-ტერიტორიული კონცეფცია.“ კადმოსი 1: 183-213.

ჟორდანია 1892 — იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ქურციკიძე, ციალა 2007. განძთა ქვაბი. ძველი ქართული აპოკრიფული ლიტერატურის ძეგლები 3. თბილისი: [n.l.].

ქურციკიძე, ციალა 1993. „ქართლის ცხოვრების მარიამისეული ხელნაწერის შესახებ.“ მაცნე ელს 3-4: 109-122.

ქურციკიძე, ციალა 1990. „კვლავ ქართლის ცხოვრების ხელნაწერების აპოკრიფულ თხზულებათა შესახებ.“ მაცნე ელს 1: 49-64.

ქც (მეტრეველი) 2004 — იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

შოშიაშვილი, ნოდარ 1975. „“ანასეული ქართლის ცხოვრების“ პირის გადაწერის თარიღი.“ მრავალთავი 5: 45-55.

ყაუხჩიშვილი 1955-1973. ქართლის ცხოვრება. 4 ტომად. თბილისი: სახელგამი (ტ. I); საბჭოთა საქართველო (ტ. II-IV).

ყაუხჩიშვილი, სიმონ 1942. ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა. თბილისი: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ჭიჭინაძე, ზაქარია 1897-1899. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის. მეორე გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა. ტფილისი: სტამბა მ. შარაძისა და ამხანაგობისა.

ჯავახიშვილი 1977 — იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Brosset, Marie-Félicité 1849. Histoire de la Géorgie depuis l'Antiquité jusqu'au XIX siècle. S.-Pétersbourg: Impr. de l'Académie impériale de sciences.

Metreveli, Roin and Stephen Jones 2014. Kartlis Tskhovreba. A History of Georgia. Tbilisi: Artanuji.

Rapp, Stephen Jr. 2014 — იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Toumanoff, Cyril 1943 — იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Дондуа, Н. В. 1964. „Источниковедение.“ წიგნში: Грузинская советская историография. Тбилиси: Полиграфкомбинат "Комунисти", გვ. 95-103.

Лорткипанидзе Мариам Давыдовна 1974. История Грузии XI – нач. XIII в. Тбилиси: Мецниереба.

Метревели, Роин Викторович 2012. Картлис Цховреба. История Грузии. Тбилиси: Артануджи.

Цулая, Гиви Васильевич 1986. „Джуаншер Джуаншериани и его исторический труд.“ წიგნში: Джуаншер Джуаншериани. Жизнь Вахтанга Горгасала. Тбилиси: Мецниереба, გვ. 1-34.

Цулая, Гиви Васильевич 1979. Леонти Мровели. Жизнь Карталинских царей. Москва: Наука.


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი