ირმა ყარაულაშვილი
აბიბოზ(ს) ნეკრესელის წამება
ტექსტის ორიგინალური სათაური: ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოზ ნეკრესელ ქალაქისა ეპისკოპოზისაჲ
ტექსტი წარმოადგენს ასურელ მამათა ცხოვრებანი-ს ციკლის ერთ-ერთ თხზულებას; ამასთან, მეცნიერთა უმეტესობა აბობოს ნეკრესელის წამებას ამ ციკლის უადრეს თხზულებად თვლის.
ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი:
სინური რედაქცია: სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ახალი კოლექციის ხელნაწერი N/Sin.geo-50 - ისტორიული და ჰაგიოგრაფიული კრებული (IX-X ს. - ალექსიძე 2019, გვ. 14; X ს.-ის I ნახ.- ალექსიძე, შანიძე და სხვ. 2005, გვ. 283); ზაზა ალექსიძის აზრით, ამავე რედაქციისა სინური ხელნაწერების აღმოჩენამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ვრცელი რედაქციის სახელით ცნობილი ვერსიაც წარმოდგენილია გვიანდელი ხელნაწერებით. ილია აბულაძეს, რომელიც ტექსტის ამ რედაქციას მეტაფრასულს უწოდებს, ტექსტის გამოსაცემად მომზადებისას გამოყენებული აქვს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერები A-130 და H-2121 (აბულაძე 1955, გვ. VIII). ვრცელი რედაქციის ტექსტი დასათაურებულია, როგორც წმიდისა მღვდელმოწამისა აბიბოს ნეკრესელი ეპისკოპოსისა, რომელი იწამა ცეცხლისმსახურთა მიერ ქართლს. თქუმული არსენი დიდისა ქართლის კათალიკოსისაჲ.
მოკლე რედაქცია: შემონახულია ერთადერთი ხელნაწერით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Ms A-199 (გაბიძაშვილი - XII-XIII ს./ ხელნაწერის აღწერილობის თანახმად ხელნაწერის XIV-XV სს. უნდა დათარიღდეს; მეტრეველი რედ. (1976, გვ. 240-245). ტექსტი შეტანილია ხელნაწერის იმ ნაწილში, რომელიც ადრე A-832-ის ნუმერაციით იყო ცნობილი (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > ასურელ მამათა ცხოვრებათა ციკლი). ტექსტი ნაკლულია, თუმცაღა, ენრიკო გაბიძაშვილის თქმით, „მისი ნაკლული ნაწილის აღდგენა შესაძლებელია, რადგან რამდენიმე გვიანდელმა ხელნაწერმა (A-130; A-170 და სხვ.) შემოგვინახა თითქმის იგივე ტექსტი, მცირეოდენი ფრაზეოლოგიური ცვლილებებით და ეპილოგის დართვით.“ (გაბიძაშვილი 2011, გვ. 156). მოკლე რედაქციის ტექსტის სათაურია მოქალაქეობაჲ და წამებაჲ (წმიდისა ა)ბიბ(ო) ნეკრესელი ეპისკოპოსისაჲ. (ჩხარტიშვილი 2020, გვ. 84)
უნდა აღინიშნოს, რომ სინური ხელნაწერის აღმოჩენამ თავდაპირველი ტექსტის ფიქსაციასთან დაკავშირებით სრულიად ახალი დასკვნების გამოტანის საშუალება შექმნა. შესაბამისად, ნარატივის ანალიზისას გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ XXI საუკუნის დასაწყისამდე არა მხოლოდ აბიბოს ნეკრესელის წამების, არამედ ზოგადად ასურელ მამათა ცხოვრების შესწავლისას ტექსტთა დაწერის დროსა და ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებათა უმეტესობა ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ ითვალისწინებს სრულ მონაცემებს და, შესაბამისად, მოძველებულია. (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > ასურელ მამათა ცხოვრებათა ციკლი)
XX საუკუნის მკვლევართა დასკვნით, არსენ დიდი კათალიკოსის (IX საუკუნის მეორე ნახევარი) მიერ დაწერილი ტექსტი „ოდნავ შეასწორა“ არსენ II ქართლის კათალიკოსმა (955-980 წწ.) და ტექსტი დაუმატა იოანესა და მის მოწაფეთა შესახებ თხზულებათა ციკლს. XVIII საუკუნეში თავისი ვერსია მოგვცა აგრეთვე ანტონ კათალიკოსმა; აბიბოსის წამება წარმოადგენს მის მიერ დაწერილი მარტირიკის ერთ-ერთ თავს
თხზულების ავტორი: ნაწარმოების თავდაპირველი რედაქციის ავტორი უცნობია, სავარაუდოდ უნდა იყოს VII საუკუნის ნეკრესელი მოღვაწე; ვრცელი რედაქციის ავტორად კი არსენ კათალიკოსი ითვლება. (ალექსიძე 2019)
სხვა მეცნიერთა მოსაზრებანი იხ. ქვემოთ.
თხზულების დაწერის დრო: თავდაპირველი ტექსტი დაწერილი უნდა იყოს VII საუკუნის 30-იან წლების ახლო ხანაში (ალექსიძე 2019, გვ. 195).
თხზულების შინაარსი (აღწერილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, ქეთი გვარაძის მიერ):
თხზულების დასაწყისში ავტორი წმინდა აბიბო ნეკრესელის შესახებ ზოგად ინფორმაციას აწვდის მკითხველს . წმინდა მოწამე ეპისკოპოსი,რომელიც გამორჩეული იყო სიწმინდით ,უბიწოებითა და სისპეტაკით, დამაკავშირებელი იყო ადამიანსა და ღმერთს შორის. „მღდელთ-მოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი, სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა.“ მან საკუთარი თავი შესწირა რელიგიას და სიკვდილი მიიღო ურჯულო მარზპანის ხელით.
ამგვარი შესავალი ნაწილის შემდეგ ავტორი იწყებს საუბარს იმ მიზეზებზე, რომელმაც გამოიწვია წმინდანის წამება. იმ პერიოდის საქართველო დაპყრობილი იყო სპარსელთა მიერ. ქართლში სპარსთა მეფის გადაწყვეტილებით მათი რჯულის, ცეცხლთაყვანისმცემლობის, გავრცელებას ცდილობდნენ და ამისთვის ყველანაირ ხერხს იყენებდნენ. უამრავი ადგილი გაამზადეს ქართლში ცეცხლის მსახურებისთვის და შეაცდინეს მცირედმორწმუნენი. ხოლო ნეტარმა აბიბო ნეკრესელმა, კახეთის სამთავროს ეპისკოპოსმა, ვეღარ მოითმინა ეს ბოროტება და მივიდა ურჯულოთა სამლოცველო ადგილას, სადაც „დაასხა წყალი და ხენეში იგი, ცეცხლი მათი დაშრიტა.“
შედეგად, სპარსელებმა იგი შეიპყრეს და სასტიკად გაუსწორდნენ ჯერ სცემეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. მალევე შეატყობინეს ამ ამბის შესახებ თავად სპარსელთა მიერ დანიშნულ მარზპანსაც. მარზპანმა ბრძანა მასთან მიეგვარათ წმინდა აბიბო ნეკრესელი. მას მალევე მიჰგვარეს ნეტარი ეპისკოპოსი.
ავტორი საუბარს აგრძელებს აბიბოს ნეკრესელის მეგობარზე, სვიმეონ მესვეტეზე. ისინი სულიერი სიყვარულით იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შორს იყვნენ ერთმანეთისგან. იმ პერიოდში, როდესაც წმინდა აბიბოსი მიჰყავდათ მეფესთან, სვიმეონ მესვეტის მიერ გამოგზავნილი მოციქული შეხვდა მათ სოფელ იალდოში და გადასცა სვიმეონისაგან გამოგზავნილი „[წიგნი]ევლოგიაჲ და კ[უერთხი] წმიდისა მამისა ჩუენისა სჳ[მიონ საკჳ]რველთ- მოქმედისაჲ.“ წმინდა აბიბო ნეკრესელი ამ სიწმინდეთა მიღებამ ერთდროულად გაახარა და გააძლიერა. მან განიმტკიცა სურვილი, რომ ქრისტესთვის მარტვილი გამხდარიყო.
როდესაც სამეფო ქალაქს, მცხეთას, მიუახლოვდნენ, მან ვედრებით წარმოსთქვა სამოციქულო ეკლესიის წინაშე: „აჰა] შვილი შენი იოსებ წარვალს ეგჳპტედ კრული, ვითარცა ტყუე. და ვითარმცა ვინ ჰრქუა მას, ვითარმედ არა ეგრეთ, არამედ სუფევად განემზადები და ზეცისა სავანეთა მიერ არს გზავნაჲ შენი და ვიდოდე მას ზედა მშჳდობით.” მაშინ შეევედრა წმინდა აბიბოს ნეკრესელი, რომ დაერთოთ მისთვის ნება წასულიყო და ენახა შიო მღვიმელი, რადგან დიდი სურვილი ამოძრავებდა მისი ნახვის.
აბიბოსი გაუშვეს და მანაც იხილა ნეტარი ბერი. მათ ჯერ ერთად ილოცეს, შემდეგ კი საუბარი დაიწყეს. წმინდა ეპისკოპოსმა სთხოვა ბერს ელოცა მისთვის და მოუყვა ცეცხლთაყვანისცემის უბედურების შესახებ, რომელიც ხალხს იბირებდა და რწმენას აცვლევინებდა. ბერმა კარგად იცოდა აბიბოს ნეკრესელის შესახებ, თუ როგორ დააშრო მან მაზდეანთა სადიდებელი ცეცხლი. მან უთხრა აბიბოსს: უფალმა მოგმადლა შენ ძალა, რომლითაც თვალით უხილავი ცეცხლი, რომელიც ეშმაკმა შენს წინააღმდეგ აღანთო, დაშრიტო მარტივად, ისევე, როგორც განსაცდელი. სასუფევლის დამკვიდრება სწორედ ბევრი განსაცდელის გადალახვით შეგვიძლია. ნუ შეგეშინდება მათი ძალის, რადგან მოციქული იძახის ,,მაჭირვებელთა თქუენთა - ჭირი, და თქუენ ჭირვეულთა - ლხინი.” შენი ტკივილი და ჭირი იცოდე, რომ საუკუნო დიდებას მოგანიჭებს, ხოლო მათთვის დამცემი და გამანადგურებელი იქნება .
ამის შემდეგ კიდევ მრავალი სიტყვით განამტკიცა და გააძლიერა ბერმა აბიბოს ნეკრესელი, ბოლოს კი მათ განაგრძეს ერთად ლოცვა. როდესაც წმინდა ეპისკოპოსი მიჰგვარეს მარზაპანს სოფელ რეხში, იქ უამრავი საეკლესიო პირი დახვდათ. მაშინ მარზაპანის წინაშე წარადგინეს აბიბო ეპისკოპოსი და მარზაპანმა უთხრა მას - მეფის ბრძანების საწინააღმდეგოდ რატომ მოიქეცი და მოკალი ჩვენი ღმერთი?! აბიბოსმა კი მიუგო „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.“ ხოლო ის ცეცხლი, რომელიც დავშრიტე იყო ეშმაკის მიერ საცდუნებელი. აბიბოსმა აგრეთვე მოუწოდა მარსპანს: განაგდეთ ურჯულოება და მიიღეთ ღმერთი, რომელიც ნამდვილია და ემსახურეთ მას. ამაზე მეფემ განრისხებით უპასუხა: მე კითხვას გისვამ, თუ რატომ მოკალი ჩვენი ღმერთი და შეურაცხყე ის, შენ კი შენს რჯულზე გადმოსვლას გვთავაზობ? აბიბოსმა მიუგო: მე განა ღმერთი მოვკალი, უბრალოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი არა ღმერთს, არამედ ბუნების ნაწილს წარმოადგენს. ცეცხლი შეშის მეშვეობით წარმოიქმნება და უბრალოდ მასზე ძლიერის, წყლის, შესხმით ჩაქრა და მიკვირს, ნუთუ მას შეიძლება ღმერთი ეწოდოს?
ამ სიტყვების შემდეგ მარზაპანი საშინლად განრისხდა და ბრძანა მისი წამება. მრავალი ცემისა და ტანჯვის შემდეგ აბიბოსი ქვებით ჩაქოლეს. მისი წმინდა სხეული კი ქალაქის გარეთ გაიტანეს და მცველი დაუყენეს, რათა ფრინველებს და მხეცებს ეჭამათ. არ სურდათ ქრისტიანებს დაეკრძალათ, თუმცა არც ერთმა ცხოველმა არ დააკარა პირი წმინდანის სხეულს. საბოლოოდ დატოვეს მისი ცხედარი და გაერიდნენ. სწორედ მაშინ გამოქვაბულში მცხოვრები ბერნი მივიდნენ და დაკრძალეს პატივით წმინდა აბიბო ნეკრესელის ცხედარი მათსავე აშენებულ მონასტერში „და ეს]რეთ შეიწირა ღმრთისა [მიერ აბიბ]ოს, ვითარცა ძღუენი სა[მსხუერპლოჲ],შესაწირავი სულნელი, [ვითარცა მამაჲ დი]დისა ზაქარიაჲსა, [რომელსა იგი წილი ხუედრე]ბულ იყო [მღდელთ მოძღურებისა, და] მისებრ [სისხლიცა წმიდაჲ] მისი დაით[ხია უფლისა ჩუენი]სათჳს.“
ავტორი აღნიშნავს ,რომ იგი ყველა იმ სასწაულსა და მოქმედებაზე ვერ ჰყვება, რაც აბიბოს ნეკრესელს უკავშირდება და მის თხრობაში ბევრი რამ არის გამოტოვებული, მაგალითად წინასწარმეტყველება ბერძენთა მოსვლის შესახებ სპარსელთა დაპყრობილ საქართველოში. მართლაც ხომ მოდიან ბერძნები და ათავისუფლებენ ქვეყანას ურჯულოებისგან.
საბოლოოდ ავტორი ისევ ქრისტიანებს მიმართავს, რომ ნამდვილად გამოჩნდნენ სამოთხის კაცნი და მიწის ანგელოზები თავიანთი სათნოებითა და სიწმინდით. როგორც აბიბოს ნეკრესელი, ასევე იოანე ზედაზნელი, იესე წილკნელი, ბერი შიო, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით და კეთილმშვენიერებით დაიმკვიდრეს ცათა სასუფეველი. სწორედ მათი წმინდა ნაწილებით არის მდიდარი ჩვენი ქვეყანა.
თხზულების კვლევის ისტორია: ნაწარმოების კვლევის ისტორიის ძირითადად თხზულების არქეტიპისა და მისი ავტორის ვინაობის ირგვლივ იშლება. სინური ხელნაწერებისა და ასურელ მამათა ცხოვრების შემცველი ძველი რედაქციის აღმოჩენამდე (როდესაც ერთმანეთისაგან ასხვავებდნენ ტექსტის ვრცელ და მოკლე რედაქციას; იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > ასურელ მამათა ცხოვრებების ციკლი). თხზულების ავტორის ვინაობის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით მეცნიერთა მიერ გამოთქმული მოსაზრებანი უშუალოდ ეყრდნობა ვრცელი რედაქციის ტექსტში მოცემულ ინფორმაციას. ამ რედაქციის ტექსტის სრული სათაურია წმიდისა მღდელმოწამისა აბობოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, რომელი იწამა ცეცხლის-მსახურთა მიერ ქართლს, თქუმული არსენი დიდისა ქართლისა კათალოკოსისაჲ. ნაწარმოების პირველადი ფიქსაციისა და ავტორის შესახებ გამოთქმული მოსაზრებანი შემდეგი სახისაა:
სათაურში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კორნელი კეკელიძემ ივარაუდა, რომ ამ ტექსტის საწყისი, კიმენური ვერსია IX საუკუნის პირველ ნახევარში დაწერა კათალიკოსმა ანტონ I-მა დიდმა. ნარატივს საწყისი სახით არ შემონახულა, ხოლო ჩვენამდე მოაღწია ამ ტექსტის XII საუკუნის შუა წლებში უცნობი ნეკრესის ეპისკოპოსის მიერ შესრულებულმა გადამეტაფრასებულმა ვარიანტმა. მკვლევრის აზრით, სწორედ გადაკეთებაზე უნდა მოწმობდეს ტექსტში შემონახული შემდეგი ფრაზა - „ჩემი არს მოწამე ესე და არა სხჳსა, ჩემისა ამისგან საყდრისა, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩემდა მომღებელი.“ გადამეტაფრასება, კეკელიძის თქმით, მოხდა ასურელ მამათა ცხოვრების მთლიანი ციკლისა. ამასთან, მკვლევარი ვარაუდობს, რომ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებას ყველაზე მეტად შეუნარჩუნებია არქაული სახე“ და „მაინცდამაინც დიდი ცვლილება არ უნდა განეცადოს მეტაფრსასის ხელში.“ (კეკელიძე, 1956, გვ. 21, 38). ეს მოსაზრება არ გაიზიარა და ეს ტექსტი, ისევე როგორც ასურელ მამათა ცხოვრებათა ციკლში შემავალი სხვა თხზულებები, XII საუკუნეში შექმნილად მიიჩნია გრიგოლ ფერაძემ (ფერაძე 2006, გვ. 95)
აღსანიშნავია, რომ მოკლე რედაქციის გამომცემელმა, მოსე ჯანაშვილმა, სწორედ ტექსტის ეს ვარიანტი მიიჩნია მის უძველეს რედაქციად (Джанашвили 1902, გვ. 25-29). მსგავსი მოსაზრება გამოთქვა სარგის კაკაბაძემაც; მან, მოკლე რედაქციის მიერ შემონახულ ვარიანტს არქეტიპი უწოდა და ტექსტში გამოყენებული ტერმინოლოგიის საფუძველზე იგი უცნობი ავტორის მიერ VII საუკუნის მიწურულს (685-701 წლებს) მოღვაწე არსენ კათალიკოსის მიერ დაწერილად მიიჩნია (კაკაბაძე 1928, გვ. 9-14).
ივანე ჯავახიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ არსენ კათალიკოსი აცხადებს „არა თუ ყოველთა საქმეთა და შრომათა და ღუაწლთა მისთა გაუყწებ თქუენ, ანუ ვითარ“ მოახდინა წმინდანმა უამრავი სასწაული, „და სხუანიცა მრავალნი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას წამებისა მისისასა...“ მაშასადამე, ასკვნის მკვლევარი, არსენ კათალიკოსს უნდა გადაეკეთებინა აბიბოსის ცხოვრება. ჯავახიშვილი აგრეთვე აღნიშნავს, რომ „აბიბოს ნეკრესელის ცხორება დანარჩენ ასურელ მამათა აღმწერელი ძეგლებისაგან სრულიად განსხვავდება, რომ იგი არსებითად ცხორება კი არ არის, არამედ მარტვილობაა. მართალია არსენი კათალიკოზის სიტყვით მის წყაროს, აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობის აღმწერელ პირვანდელ ძეგლსაც ჰრქმევია „წიგნი წამებისა აბიბოს ნეკრესელისაჲ“ ისე, რომ მისი ღვაწლი იმთავითვე მარტვილობის სახით ყოფილა მოთხრობილი, მაგრამ ამ პირვანდელ ძეგლში მოწამებრივი ღვაწლის აღმნუსხველი ამბის გარდა აბიბოსის „საქმენი და შრომანი“-ც ყოფილა მოთხრობილი.“ მკვლევრის აზრით, სწორედ ეს უკანასკნელი ნაწილი, ანუ „საქმენი და შრომანი“ არსენ კათალიკოს „სრულებით გამოუტოვებია.“ ამასთან, ნარატივის თავდაპირველ ვერსიას ჯავახიშვილი „ან VI საუკუნის დამლევის, ანდა VII საუკუნის დამდეგის, თუ პირველი ნახევრის“ ტექსტად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ „ასურელ მამათა პირვანდელი ცხორებანი ერთი და იმავე ხანის ნაწარმოებები არ უნდა ყოფილიყვნენ;“ ასურელი მამების ცხოვრებათა ციკლიდან მკვლევარს „უძველესი სახით დაცულად“ აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება მიაჩნია; მისივე თქმით, ასურელ მამათა ცხორებათა პირვენდელი შინაარსი მხოლოდ ნაწილობრივ და შედარებით ყველაზე უკეთესად აბიბოს ნეკრესელის ცხორებაშია დაცული.“1 ამასთან, მკვლევარმა ტექსტის ვრცელი რედაქცია უფრო ადრინდელად მიიჩნია, ვიდრე მოკლე და მას უწოდა „აბიბოს ნეკრესელის ცხორების მერმინდელი გადაკეთება, რომელსაც მ. ჯანაშვილი შეცდომით ყველაზე უძველესად სთვლიდა.“ (ჯავახიშვილი 1928, გვ. 332-338).
ილია აბულაძემ ვრცელი რედაქციის სათაურში მოხსენიებული არსენ კათალიკოსი X საუკუნის კათალიკოს არსენ II-დ ჩათვალა და იგი არა მხოლოდ აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის, არამედ მთლიანად ასურელ მამათა ცხოვრების ციკლის ავტორად მიიჩნია. მკვლევარს ვრცელი რედაქცია მოკლეზე ადრინდელად მიაჩნდა (აბულაძე 1955, XXIX-XXXIII). მსგავსი მოსაზრება გამოთქვა 1982 წელს ენრიკო გაბიძაშვილმაც, რომლის აზრითაც X საუკუნეში კათალიკოსმა არსენ II-მ გადააკეთა და ზოგად ციკლში შეიტანა აბიბოსის მარტვილობის მოკლე რედაქცია, რომელიც მან IX საუკუნით დაათარიღა; მკვლევრის აზრით, სხვა ხელნაწერებში შემორჩენილი ტექსტები მეტაფრასულ და სვინაქსარულ ვერსიებს წარმოადგენენ (გაბიძაშვილი 1982, გვ. 66). მოგვიანებით, მკვლევარმა საკუთარი მოსაზრების მოდიფიკაცია მოახდინა და ივარაუდა, რომ კათალიკოსმა არსენ II-მ არსენ I-ის მიერ დაწერილი აბიბოსის მარტვილობის მოკლე რედაქცია გამოიყენა (გაბიძაშვილი 2014, გვ. 163).
ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნადეტ მარტენ-იზარმა საწყის ტექსტად აგრეთვე მოკლე რედაქცია მიიჩნია და იგი უცნობი ავტორის მიერ VII საუკუნის პირველ ნახევარში აბიბოს ნეკრესელის კულტის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწერილად ჩათვალა. თავდაპირველი ტექსტის დათარიღებისას მკვლევარმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ჯუანშერის ისტორიაში იხსენიება აბიბოს ნეკრესელის ნეშტის მცხეთაში გადმოსვენება, რაც ერისმთავარ სტეფანოზ II-ს დროს სტეფანე პირველმოწამისა და სპარსთა მიერ ნაწამებ წმინდანთა ხსენების დაწესებას უკავშირდებოდა. ვინაიდან წმინდანის ნეშტის გადასვენების შესახებ არაფერი იხსენიება აბიბოსის მარტვილობის არც ერთ რედაქციაში, ფრანგმა მკვლევარმა ივარაუდა, რომ ტექსტი მანამდე შეითხზა, ვიდრე ამ მოვლენას ჰქონდა ადგილი. ტექსტის ვრცელ რედაქციასთან და მის ავტორთან დაკავშირებით ბერნადეტ მარტენ-იზარმაც მოსაზრება გაიზიარა კათალიკოს არსენ II-ს მიერ X საუკუნეში ტექსტის გადაკეთების თაობაზე. მკვლევრის აზრით, კათალიკოს არსენს უკვე დამთავრებული ჰქონდა იოანესა და მისი მოწაფეების ცხოვრების წერა, როდესაც მან აბიბოსის ცხოვრების მოკლე რედაქცია აღმოაჩინა და უმნიშვნელოდ გადააკეთა კიდევაც. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ აბიბოსი მკვლევარს მიაჩნია არა იოანეს მოწაფედ, არამედ მის თანამედროვედ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იგი არ იხსენიება იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში მოთავსებულ იოანეს მოწაფეთა სიაში. (Martin-Hisard 1985, 164-165; 1986, გვ. 75-76).
დავით მერკვილაძის აზრით, აბიბოს ნეკრესელის წამებაში „ასახული ჩანს 571/2 წლის ბიზანტია-ირანს შორის დაწყებული მორიგი დაპირისპირება, როცა ამიერკავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა: ანტიირანული აჯანყების შედეგად ბიზანტიელთა დახმარებით ქართლში ირანელთა ბატონობა დაემხო, რასაც აქ ბიზანტიის გავლენის აღდგენა და ადგილობრივი ხელისუფლების დამყარება მოჰყვა.“ (მერკვილაძე 2011, გვ. 408).
სინური ტექსტების შესწავლის პროცესში ზაზა ალექსიძემ გვაჩვენა, რომ სინური და ვრცელი ტექსტები რედაქციულად ენათესავება ერთმანეთს, რაც აქარწყლებს მეცნიერთა ვარაუდს ვრცელი ტექსტის უცნობი ნეკრესის ეპისკოპოსის მიერ XII საუკუნეში გადამეტაფრასებულობის შესახებ. ხოლო სამივე რედაქციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე მკვლევარი ასკვნის, რომ „მოკლე რედაქცია პირდაპირ კავშირში არ არის არც N/Sin-50-თან და არც ე.წ ვრცელ რედაქციასთან. უნდა ვივარაუდოთ კიდევ ერთი სხვა რედაქციის არსებობა, რომელიც წინ უსწრებდა სამივე მათგანს.“ (ალექსიძე 1999, გვ. 22).
ზაზა ალექსიძემ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ ტექსტის სინურ და ვრცელ რედაქციებში აბიბოსი მოიხსენიება, როგორც „ნეკრესელ ქალაქსა ეპისკოპოსი, ჴევისა კახეთისასა.“ შესაბამისად, როდესაც ტექსტი იწერება, „კახეთი „ყოველი ქართლის“ ნაწილია, მისი ხევია და არა დამოუკიდებელი სამეფო ან სამთავრო (VIII ს-მდე,)“ ხოლო „როდესაც მოკლე რედაქცია იწერება, კახეთი უკვე დამოუკიდებელი სამთავროა და ამიტომ არის მასში „ნეტარი აბიბოს ნეკრესელ ქალაქისა ებისკოპოსი, სამთავროჲსა კახეთისაჲ (VIII ს-ის II ნახევრის შემდეგ).“ (ალექსიძე 1999, გვ. 28).
მკვლევარი აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ვრცელ რედაქციას ქართლის კათალიკოსის ხელიდან გამოსულად მიიჩნევს; N/Sin-50-ის ავტორი, მისი აზრით, „თავს მოიაზრებს კახეთში მყოფად. ამაში მას სისტემურად უჭერს მხარს აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის მოკლე რედაქცია, ხოლო როდესაც მარზპანის მიერ გამოგზავნილთა შესახებ იგი ამბობს „ამოვიდესო,“ სხვა ვერაფერს წარმოიდგენს კაცი, თუ არა იმას, რომ ტექსტის ავტორი თვითონაც ნეკრესში ზის.“ (ალექსიძე 1999, გვ. 25-26; 2019, 186-187).
მოგვიანებით მკვლევარმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ აბიბოს ნეკრესელის მარტვილობაში საუბარია „ბერძენთა მოსვლა“-ზე, რაც მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკაში „ჰერაკლეს მიერ ქართლის აღებას უნდა გულისხმობდეს (VII ს-ის 20-30-იანი წლები). გასაოცარია ამ ორ სხვადასხვა ტექსტს შორის ფრაზეოლოგიური დამთხვევაც ურჯულოთა „განსხმის“ შესახებ საუბრისას. ამდენად, აბიბოსის მარტვილობის არქეტიპი, სავარაუდოდ, VII საუკუნის 30-იან წლების ახლოს უნდა იყოს დაწერილი.“ და ბოლოს, მკვლევარი ასკვნის, რომ „აბიბოს ნეკრესელის მარტჳლობის არქეტიპს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მასთან უფრო ახლოს, ცხადია, არის ე.წ. ვრცელი რედაქცია,“ რომლის ავტორადაც მკვლევარს არსენ კათალიკოსი მიაჩნია (ალექსიძე 2019, გვ. 193).
დავით მუსხელიშვილის თქმით, სირიულ ხელნაწერთა აღმოჩენამ დაასაბუთა, რომ თხზულების ავტორი არის არა კათალიკოსი არსენ II საფარელი, რომელიც საკათალიკოსო საყდარს X საუკუნის მეორე ნახევარში იკავებდა, არამედ არსენ დიდი, რომელიც კათალიკოსი IX საუკუნის მეორე ნახევარში იყო. რაც შეეხება მოკლე და ვრცელი რედაქციების რაობას, გაირკვა, რომ ვრცელი რედაქცია უფრო ადრინდელია, ვიდრე მოკლე; ამასთან, ეს უკანასკნელი უნდა წარმოადგენდეს შემოკლებულ სვინაქსარულ ტექსტს. რაც შეეხება სინურ რედაქციას, რომელიც მსგავსებას ავლენს ვრცელ რედაქციასთან, იგი, ფაქტობრივად, შეიძლება მესამე რედაქციად ჩაითვალოს (მუსხელიშვილი 2014, გვ. 113). თხზულების არქეტიპს მკვლევარი VI საუკუნეში აბიბოსის მარტვილობის შემდეგ მალევე დაწერილად მიიჩნევს. აბიბოსი, მისი ვარაუდით უნდა ეწამებინათ VI საუკუნის 60-იან წლებში, ხოლო ტექსტი უნდა დაწერილიყო ამავე საუკუნის 70-იან წლებში (იქვე, გვ. 121-126).
აბიბოს ნეკრესელის მარტვილობასთან მიმართებით მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აგრეთვე ტექსტში არსებულმა პოლემიკურმა მონაკვეთმა, რომელშიაც აბიბოსი ზოროასტრიელებს ეკამათება ცეცხლის თაობაზე და ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება ცეცხლის ღმერთთან გატოლება და გაიგივება. ტექსტის თანახმად, როდესაც აბიბოსი წაიყვანეს რეჴს და იქ წარსდგა მარზპანის წინაშე, რომელმაც ჰკითხა: „“რაჲსათჳს უარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთა მეფისაჲ და მოჰკალ უფალი ჩუენი?“ მიუგო წმიდამან მან ებისკოპოზმან და რქუა: „მე არავინ ვიცი მეუფჱ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტი, იგი არა არს ღმერთი. და დავშრიტე იგი, რაჲთა განქარდეს საცთური ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ შენ მე, რაჲთა განეყენო უნდოსა მას სამსახურებელსა და ღმერთი მხოლოჲ იცნათ, რომლისა მიერ დაებადა ყოველი. მას მხოლოსა მსახურებდით, რომელი წერილ არს: „უფალსა, ღმერთსა შენსა, მსახურებდე და მას მხოლოსა თაყუანის-სცემდე.“
რქუა მას მარზაპანმან მან: „რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და გინებს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანენ?“ მიუგო ნეტარმან აბიბოზ და რქუა: „უწყებულ იყავნ ესე შენდა, ვითარმედ ღმერთი არა მოჲკლვის, ხოლო ცეცხლი დავშრიტე და არა არს იგი ღმერთ, არამედ ოთხთა ბუნებათაგანისა ერთისა ნივთისა მცირედ ნაწილი, რომლისაგან ერთიერთისა პყრობელობა აქუს სიმრგულესა მას შინა, ესრჱთ განსწორებითა ყოველთაჲთა დგანან, და უკუეთუმცა ერთი ერთა აღემატა, განქარდამცა მეორჱ იგი. ხოლო თქუენი იგი ცეცხლი მისვე ცეცხლისა ბუნებისა ნაწილითა ჴმელითა ცივით აღდგომილი შეშისა ჭამითა და მყოფი კონქი ერთი მცირჱ წყალი დავასხი და მძლე იქმნა და მოკლა, რამეთუ უფროჲსდა მისსა იპოვა.
აწ მიკჳრს თქუენგან, ვითარ არა სირცხჳლ გიჩ<ი>ს მისი სახელისდებაჲ ღმრთად, რომელსა ესოდენ აქუს ძალი, რამეთუ თქუენი ცეცხლი ჩუენდავე მონაჲ არს. და კერპთა შეურაცხისმყოფელთა ვითარ მიჰხედავს, უკუეთუ ღმერთი არა არს, ვითარცა-ეგე თქუენ იტყჳთ, ვითარ ოდესმე თქუენსავე სოფელსა განმზადეთ მსახურებად მის კერპისა, რომელ-იგი ჰქმენით ოქროჲსაჲ, სატანჯველ დადებულსა თქუენ მიერ მაშინდელსა, აწ ღმერთ გიწოდებია“.“ (ალექსიძე 2019, გვ. 233-234).
მკვლევართა აზრით, ეს მონაკვეთი ეხმაურება ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში მოცემულ მსგავს პოლემიკურ მონაკვეთს და ორივე ეს მონაკვეთი საერთო წყაროზე (ჩვ. წ. აღ. II საუკუნის პირველი ნახევრის ათენელი აპოლოგეტის, მარკიანე არისტიდეს მიერ იმპერატორ ადრიანესათვის დაწერილ აპოლოგიაზე) არის დამოკიდებული (გიორგაძე 2007). სოსო სიგუას მიერ კი გამოთქმულია მოსაზრება, რომ ევსტათის მარტვილობის ავტორი თავად აბიბოს ნეკრესელი უნდა ყოფილიყო. (სიგუა 2001). ამავე საკითხთან დაკავშირებით ბეჟან კილანავას მიერ გამოთქმული აზრით კი, „აბიბოს ნეკრესელის ავტორობაზე რამდენამდე გადაჭრით პასუხის გაცემა ჯერჯერობით ყოვლად შეუძლებელია.“ (კილანავა 1990, გვ. 259).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა წარმოადგენს ასურელ მამათა ცხოვრებათა ციკლის ერთადერთ ტექსტს, რომელიც აღწერს წმინდანის არა მხოლოდ ცხოვრებას, არამედ აგრეთვე მის წამებასაც. ნარატივი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის VI საუკუნეში კახეთში ქრისტიანობისა და ზოროასტრიზმის კონფრონტაციის თაობაზე, რასაც, საფიქრებელია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნეკრესში აღმოჩენილი ძველი ქართული წარწერების დათარიღების შესწავლისასაც. (იხ. შესავალი > ქართული დამწერლობა).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიგ მკვლევართა მიერ მითითებული ინფორმაცია, თითქოსდა ბერნარ უტიემ ერევნის მატენადარანში მიაკვლია აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ფრაგმენტს (მერკვილაძე, გვ. 9; მეტრეველი 2010, გვ. 21; Matitashvili 2018, გვ. 15), არ შეესაბამება სინამდვილეს. ფრანგმა ქართველოლოგმა აღმოაჩინა არა აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ფრაგმენტი, არამედ წარმადგენს ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული თხზულების - წმ. გურიას, სამონასა და აბიბოსი წამების - ფრაგმენტს.2
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია:
აბულაძე, ილია 1955. ასურელ მამათა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები. ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები I. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
ალექსიძე, ზაზა 2019. „საქმენი იოვანე ზედაზადნელისანი“ და „მარტვილობაჲ აბიბოზ ნეკრესელისაჲ.“ სინური რედაქციები. თბილისი: [n.l].
ალექსიძე, ზაზა 1999. „აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის შესწავლის ტექსტოლოგიურ-ქრონოლოგიური საკითხები.“ მრავალთავი 18: 12-29; Repr: ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი I. თბილისი: [n.l.], 2010, 411-426.
ალექსიძე, ზაზა, მზექალა შანიძე, ლილი ხევსურიანი და მიხეილ ქავთარია 2005. სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 წელს აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ათენი: საბერძნეთის კულტურის სამინისტრო და სინური კვლევის ფონდი.
გაბიძაშვილი 2014
გაბიძაშვილი, ენრიკო 1982. „ასურელ მოღვაწეების ცხოვრებათა ე.წ. არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის.“ მაცნე ელს 4: გვ. 61-67; Repr.: მისივე, შრომები. ტ. III. ნარკვევები, სამეცნიერო წერილები, საენციკლოპედიო სტატიები... თბილისი: საქართველოს მაცნე, 2011, გვ. 83-89.
გიორგაძე, მარინა 2007. „არისტიდეს აპოლოგიის თემები ქართულ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში.“ კრებულში: ბიზანტინოლოგია საქართველოში. ეძღვნება აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ხსოვნას. რედ. ნელი მახარაძე და თინა დოლიძე. თბილისი: [n.l.], 288-297.
კაკაბაძე, სარგის 1928. საისტორიო კრებული. წიგნი I-ის დამატება. ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები. თბილისი: პოლიგრაფი
კეკელიძე, კორნელი 1956. “საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ (კულტურულ-ისტორიული პრობლემა.“ [სტატიის რედაქტირებული ვარიანტი] წიგნში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. I. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 19-50. პირველად დაიბეჭდა: თსუ მოამბე 6 (1928): 82-107
კილანავა, ბეჟან 1990. „ევსტათისა და აბიბოს ნეკრესელის წამებათა ურთიერთმიმართებისათვის.“ წიგნში: მისივე, ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 237-259.
მერკვილაძე, დავით 2011. „ბიზანტია-ირანის დაპირისპირების ანარეკლი ასურელ მამათა ქართულ ჰაგიოგრაფიულ ციკლში.“ კრებულში: ბიზანტინოლოგია საქართველოში III. ტ. I. რედ. ნელი მახარაძე და ნესტან სულავა. თბილისი: [n.l.].
მუსხელიშვილი დავით 2014. „როდის აწამეს აბიბოს ნეკრესელი და როდის დაიწერა მისი მარტვილობის არქეტიპი?“ ანალები 19: 113-126.
სიგუა, სოსო 2001. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა და აბიბოს ნეკრესელი. თბილისი: გამომცემლობა „დიდოსტატი.“
ფერაძე, გრიგოლ 2006. ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში. თამარ ჭუმბურიძის გამოკვლევითა და რეცენზიით. თბილისი: ნეკერი.
ჩხარტიშვილი, მარიამ 2020. „წმინდა ასურელ მამათა ღვაწლისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული ციკლის ისტორიის ძირითადი ფაქტები.“ ქრონოსი 1: 80-111.
ჯავახიშვილი 1928. „მწერლობა ასურელ მამათა საქართველოში მოღვაწეობაზე“, „ასურელი მამების ცხორებათა დაწერილობის თარიღისვათის“, „ასურელ მამათა მოღვაწეობის ხანა,“ „ ასურელ მამათა მოსვლისა და მოღვაწეობის მიზანი,.“ წიგნში: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. წიგნი I თბილისი: გამომცემელი სილ. თავართქილაძე[1], გვ. 324-332-339-342-347). Repr. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი. ტ. 1. (ხუთი არსებული გამოცემის გათვალისწინებით). რედ. ვალერიან გაბაშვილი. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
Martin-Hizard, Bernadette 1985. “Les treize saints péres: Formation et evolution d’une tradition hagiographique géorgienne (VIe -XIIe siècles).” Première partie, Revue des Études géorginnes et caucasiennes 1: 141-168
Martin-Hizard, Bernadette 1986. „Les treize saints péres:" Formation et evolution d’une tradition hagiographique géorgienne (VIe -XIIe siècles). (Appendices de la Première partie).” Revue des Études géorginnes et caucasiennes 2: 75-111.
Matitashvili, Shota 2018. “The Monasteries Founded by the Thirteen Syrian Fathers in Iberia: The Rise of Monasticism in Sixth-Century Georgia.” Studies in Late Antiquity 2/1: 4-39.
Джанашвили, Моисей (Мосэ) Георгиевич 1902. Описание рукописей Тифлисского церковного музея Карталино-Кахетинского духовенства. Кн. I. Тифлис: Типография т-ва “Шрома”
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე დამატებითი ბიბლიოგრაფია:
ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი:
კეკელიძე, კორნელი 1987. „მარტვილობა აბიბოს ნეკრესელისა.“ წიგნში: კეკელიძე, კორნელი და ალექსანდრე ბარამიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 71-74.
მეტრეველი, საბა 2021. „მოქალაქეობაჲ და წამებაჲ აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ.“ კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, გვ. 368-379
მეტრეველი, საბა 2010. წმიდა ასურელ მამათა „წამება“ – „ცხოვრებანი.“ თბილისი: ნეკერი
მეტრეველი, საბა-ფირუზ 2006. „წმიდა აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ზოგიერთი საკითხი.“ კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა 11: 3-25
ისტორიოგრაფიული ანალიზი: იხ. ასურელ მამათა ცხოვრების ციკლი
ტექსტოლოგიური ანალიზი: იხ. ასურელ მამათა ცხოვრების ციკლი
ქართული ეკლესიის ისტორია: იხ. ასურელ მამათა ცხოვრების ციკლი
ზოროასტრიზმის ისტორია: ევსტათი მცხეთელის მარტვილობა
იდენტობის კვლევები: იხ.. ასურელ მამათა ცხოვრების ციკლი
[1] პირველი გამოცემა: ტფილისი: ელექტრო-მბეჭდავი ამხ. „შრომა,“ 1908; - პირველი გამოცემა ნაკვეთს ასურელი მამების შესახებ არ შეიცავს. პირველად ეს მონაკვეთი სწორედ მესამე, 1928 წლის გამოცემაში გვხვდება.