ირმა ყარაულაშვილი
იოანე და ექვთიმე ათონელებისა, და გიორგი ათონელის ცხოვრებანი1
ტექსტის ორიგინალური სათაური:
|
ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქეობისა მათისაჲ, აღწერილი გლახაკისა გეორგის მიერ ხუცესმონაზონისაჲ |
ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგისი მთაწმინდელისაჲ |
ტექსტთა შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი:
იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება: 1074 წლით დათარიღებული ათონის ივირონის მონასტერში გადაწერილი ხელნაწერი, დღეს ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში Ms A 558. (კეკელიძე 1945a, გვ. 230, შენ. 2; გაბიძაშვილი 2010, გვ. 186-187; Martin-Hisard 1991, გვ. 67-68)
გიორგი ათონელის ცხოვრება: XI საუკუნის დასასრულით დათარიღებული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი. Ms S-353 (გაბიძაშვილი 2010, გვ. 191; Martin-Hisard 2006-2007, გვ. 6-7)
თხზულებათა დაწერის დრო:
იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება: 1042-1044 წწ.
ამასთან, ენრიკო გაბიძაშვილის აზრით უფრო ადრე, ანუ 1028 წელს ექვთიმეს გარდაცვალებიდან მალევე, უნდა დაწერილიყო ექვთიმეს ცხოვრების სვინაქსარული რედაქცია, რომელიც უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი წყარო როგორც გიორგი ათონელისათვის აგრეთვე ბაგრატ ბასილის ძის მიერ დაწერილი ექვთიმესადმი მიძღვნილი საგალობლისათვის. მკვლევრის თქმით, სტანდარტულად, საგალობლისათვის წყაროს წმინდანის არსებული ცხოვრება წარმოადგენდა ხოლმე. მკვლევარი ვარაუდობს, რომ ექვთიმეს სვინაქსარული ცხოვრება დაწერილი უნდა ყოფილიყო უკვე იმ დროისათვის, როდესაც გიორგი ათონელმა დიდი სვინაქსარი თარგმნა ბერძნულიდან (1042-1044 წწ. - კეკელიძე 1980, გვ. 226). ამასთან, „ექვთიმეს სვინაქსარული ცხოვრების ავტორად შეიძლება ვივარაუდოთ იგივე ბასილი ბაგრატის ძე (ექვთიმეს პირველი საგალობლის ავტორი), თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთები ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება.“ (ენრიკო გაბიძაშვილი, „XI-XIV საუკუნეების სვინაქსარული ცხოვრებანი. 1. ექვთიმე ათონელი,“ წიგნში: გაბიძაშვილი 1968, გვ. 46-96; სულავა 2001).
ბერნადეტ მარტენ-იზარის თქმითაც, სავსებით შესაძლებელია, რომ ცხოვრების მოკლე, სვინაქსარული ვერსია შედგენილი იყოს ბასილი ბაგრატის ძის მიერ ქართველთა და ბერძენთა შორის არსებული კრიზისის დროს (ანუ, 1029-1041 წწ. შორის; იხ. ქვემოთ; Martin-Hisard 1991, გვ, 76).
გიორგი ათონელის ცხოვრება: 1066-1068; „პირველი თარიღი არის გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალებისა, ხოლო მეორე – თხზულების დამკვეთის – გიორგი მთაწმიდელის მოძღვრის გიორგი შეყენებულის გარდაცვალებისა.“ (გაბიძაშვილი 2010, გვ. 187; იხ. აგრეთვე: კეკელიძე 1980, გვ. 248)
ბერნადეტ მარტენ-იზარი მიუთითებს, რომ ტექსტში მოიხსენიება სასწაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა გიორგის გარდაცვალებიდან & წლის შემდგომ; ანუ, ცხოვრების ჩვენამდე მოღწეული რედაქცია, სავარაუდოდ, ყველაზე გვიან 1072 წლით, ანუ წმინდანის 1065 წლის ივნისში გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ უნდა დათარიღდეს. თუმცა, საფიქრებელია, რომ არსებობდა ამ თარიღამდე დაწერილი ვერსიაც, რომლის შესახებაც გიორგი მცირე არაფერს ამბობს. მკვლევარს თხზულების შექმნის მისაღებ თარიღად 1068 წელი მიაჩნია. თუმცაღა, მისი აზრით, ის ფაქტი, რომ გიორგი მცირე მის მიერ 1083/1084 წელს გადაწერილ ხელნაწერში (A-584) არ ახსენებს გიორგის მთაწმინდელის ცხოვრებას, რომელიც დიდი ათონელი მამის სადიდებლად არის დაწერილი, პრობლემურია. (Martin-Hisard 2006-2007, გვ. 14-15).
თხზულებათა ავტორი:
იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება: გიორგი მთაწმიმდელი
გიორგი ათონელის ცხოვრება: გიორგი მცირე, იხსენიება აგრეთვე, როგორც გიორგი ხუცესმონაზონი. ცნობილია, რომ 1083 წელს გიორგი მცირე „ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ვინაიდან ამ წელს მას გადაუწერია თავისი მოძღვრის მიერ ნათარგმნი სამოციქულო (ხელნ. A-584; კეკელიძე 1980, გვ. 247-249).
თხზულებათა კომპოზიცია:
იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება: კორნელი კეკელიძის აზრით, თხზულება შედგება სამი ნაწილისაგან: „პირველში მოთხრობილია იოანესა და თორნიკეს მიერ „ივერის“ დაარსების ამბავი (გვ. 1-12), მეორეში - ექვთიმეს ბავშვობა, აღზრდა და მოღვაწეობა, - ლიტერატურული და ადმინისტრაციული (გვ. 25-59), მესამეში - ივერის ისტორია ექვთიმეს მომდევნო პირების წინამძღვრობისას, ავტორის, გიორგის, მამასახლისობამდე (გვ. 60-68). (კეკელიძე 1945a, გვ. 219).
ბერნადეტ მარტენ-იზარის თქმით, ეს გრძელი თხზულება იწყება შესავლით, რომელსაც მოსდევს დაახლ. ოც გვერდზე აღწერილი იოანეს ცხოვრება, მოთხრობილი მისი საქართველოდან წასვლის შემდეგ მის სიკვდილამდე; მომდევნო ოცდათხუთმეტ გვერდს კი იკავებს ექვთიმე ათონელის ისტორია, რომელიც თემატურად ორ ნაწილადაა გაყოფილი. შემდეგ ორ გვერდზე მოცემულია ექვთიმეს შემდგომი მამასახლისის, გიორგი I-ის ამბავი. ამ „სამი ცხოვრების“ შემდეგ კი აღწერილია ის სირთულეები, რაც მონასტერმა განიცადა 1029-1041 წლებს შორის. ტექსტი მთავრდება მონაკვეთით, რომელშიაც აღწერილია გიორგი მთაწმინდელის ინიციატივით ექვთიმე ათონელის ნეშტის გადატანა ღვთისმშობლის ეკლესიაში 1045 წელს. (Martin-Hisard 1991, გვ. 68).
გიორგი ათონელის ცხოვრება: ბერნადეტ მარტენ იზარის თქმით, თხზულებაში, შესავალი ნაწილის გარდა, აღწერილია გიორგი მთაწმინდელიც ცხოვრების შემდეგი პერიოდები: 1. გიორგის დაბადება და მისი „ინტელექტუალური და მონასტიკური ჩამოყალიბება;“ 2. ი გატარებული პერიოდი; 3. სირიული პერიოდი; 4. ქართული პერიოდი და 5. ივირონისაკენ დაბრუნების პერიოდი და მისი გარდაცვალება, რასაც მოჰყვება მისი ნეშტის გადასვენებისა და ივირონში დაკრძალვის ამბავი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში მოვლენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის აღწერილი, თხზულების ავტორს არ მოაქვს არც ერთი თარიღი. (Martin-Hisard 2006-2007, გვ. 15-16).
თხზულებათა შინაარსი:
იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება (აღწერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, ლედი ხვედელიძის მიერ):
ნაწარმოების დასაწყისშივე ავტორი განმარტავს, თუ რატომ არის აუცილებელი წმინდა მამათა ღვაწლის წერილობითი დაფიქსირება. მისი მტკიცებით, წმინდანებს, რომელთაც უფლის წინაშე ისედაც მარადიული დიდება აქვთ მოპოვებული, ჩვენი ქება არ სჭირდებათ. ეს აღწერა სჭირდებათ ცოცხალ ადამიანებს, რათა მათ თვალწინ ჰქონდეთ სულიერი სრულყოფილების გზა. გიორგი მთაწმინდელი წერს, რომ წმინდა მამები ჩვენთვის მისაბაძი მაგალითები არიან, რადგან ისინი:„ვითარცა ხატნი მეტყუელნი, წინა სხენან სახედ სათნოებისა და სწავლად სიბრძნისა.“ ისინი ჩვენ წინაშე დგანან, რათა მათგან სათნოება, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე ვისწავლოთ. ავტორის თქმით, ეს მამები თავისი ღვაწლით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ძველ წმინდანებს, მათი ისტორიის დავიწყება და დაუწერლად დატოვება დაუშვებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, სულიერი მოძღვრების კურთხევით, მან გადაწყვიტა მათი ცხოვრების წიგნად ქცევა, რათა მკითხველს გაუჩნდეს სურვილი, დაემსგავსოს მათ და ეზიაროს მარადიულ ცხოვრებას.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ ის არაფერს იგონებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა აღწერილი მოვლენებიდან, ის ეყრდნობა იმ სულიერი მამების გადმოცემებს, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს ნეტარი იოანე და ექვთიმე და ემსახურნენ მათ. ავტორის თქმით, თვით ათონის ივერთა ლავრა ღაღადებს მათ ღვაწლზე: „თჳთ-მებრ მათ საქმეთაგან, რომელნი-იგი დუმილით წამებენ და ჴმა-მაღლად ქადაგებენ ღუაწლთა და შრომათა მათთა“.
თხრობა იწყება იოანე მთაწმინდელის პიროვნების დახასიათებით. იგი წარმომავლობით დიდებული ქართული გვარიდან იყო, დავით კურაპალატის2 კარზე დაფასებული პირი. იყო მამაცი, ახოვანი, ლამაზი აღნაგობის და ბრძენი. თუმცა, ქრისტეს სიყვარულმა აიძულა დაეტოვებინა დიდება, სიმდიდრე, მეუღლე, შვილები და ფარულად წასულიყო ტაოში, ოთხთა ეკლესიაში და იქ მალულად აღიკვეცა ბერად.
მოგვიანებით დიდებას გაქცეული იოანე ულუმბოს მთაზე გადასახლდა, სადაც წლების განმავლობაში ჯორებს უვლიდა და ყველაზე მდაბალ საქმეებს ასრულებდა, რათა არავის ეცნო. ამ დროს ,,ბერძენთა მეფემან ზემონი ქუეყანანი დავით კურაპალატსა მისცნა და აზნაურთა შვილნი მძევლად ითხოვნა მისგან,’’ რომელთაც შორის იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ექვთიმეც აღმოჩნდა. როდესაც ეს იოანემ გაიგო, იძულებული გახდა, თავი გამოეცხადებინა და ბერძენთა სამეუფო ქალაქ კონსტანტინოპოლში ჩასულიყო შვილის დასაბრუნებლად.
როცა იოანე ჩადის კონსტანტინოპოლში შვილის გამოსახსნელად, მისი სიმამრი, აბუჰარბი, ექვთიმეს კონსტანტინოპოლიდან წაყვანის წინააღმდეგ წავა. იოანე მკაცრად საყვედურობს მას: ,,რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა, და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ!“ საბოლოოდ, მეფეების ჩარევით, იოანე შვილს იბრუნებს და კვლავ ულუმბოს მთაზე ბრუნდება შვილთან ერთად.
ულუმბოზე იოანემ სახელი ისე განითქვა, რომ მას მოსვენებას არ აძლევდნენ. ამიტომ, „უცხოების“ (განდეგილობის) საძიებლად ის ექვთიმესთან ერთად ათონის მთაზე, წმინდა ათანასეს ლავრაში გადადის. იქ ორი წელი მზარეულად მუშაობს, რათა არავინ იცნოს. თუმცა, მალე მასთან ჩადის მისი ახლობელი — დიდი სარდალი თორნიკე (ამ დროს უკვე იოანე-თორნიკედ წოდებული), რომელიც ერისკაცობაშივე მონაზვნად აღიკვეცა. ამგვარად მჟღავნდება ათანასეს ლავრაში იოანესა და ექვთიმეს ვინაობა და იქ დიდი სიხარული ისადგურებს. რაკი ქართველებმა გაიგეს მამების ადგილსამყოფელი და მათთან მისვლა დაიწყეს, იოანემ და თორნიკე ათანასესგან ითხოვენ ნებართვას, რომ ლავრისგან მოშორებით საკუთარი სენაკები და წმინდა იოანე მახარებლის ეკლესია აეგოთ. სწორედ აქედან იწყება ქართული სამონასტრო კერის ჩამოყალიბება ათონზე.
ამ დროს ბიზანტიაში იფეთქა ბარდა სკლიაროსის აჯანყებამ. მან თითქმის მთელი ხმელეთი დაიპყრო, „ობოლი მეფეები3 და დედოფალი კი კონსტანტინოპოლში გამოკეტა. მათ ერთადერთ იმედად დავით კურაპალატი ესახებოდათ, თუმცა მასთან შიკრიკის გაგზავნა შეუძლებელი იყო. ბიზანტიის სამეფო კარმა გაიგო, რომ თორნიკე და იოანე ათონზე იყვნენ და იქ გაუგზავნეს მათ წერილი, რომელშიაც ნათქვამი იყო: „უღმრთოჲ სკლიაროსი გაგიადგა და ჴმელით კერძი ყოველი დაიპყრა. აწ ვევედრებით სიწმიდესა თქუენსა, რაჲთა თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა იოვანე-თორნიკ მოვიდეს მეფობისა ჩუენისა“.
თორნიკეს არ სურდა ბერული სიმშვიდის დარღვევა, თუმცა იოანე და ათანასე მთაწმინდელები დაარწმუნეს, რომ „უკუეთუ ამას ჟამსა ურჩ ვექმნეთ მეფეთა, დიდსა რისხვასა მოვაწევთ ჩუენ ზედა და მონასტერსა ამას ზედა.” თორნიკე ჩადის ტაო-კლარჯეთში დავით კურაპალატთან, რომელიც მას საომრად 12 000 რჩეულ მხედარს ატანს. თორნიკე სასტიკად ამარცხებს სკლიაროსს, ხოლო ომში მოპოვებული ნადავლი მისი კუთვნილება ხდება. ომიდან დაბრუნებულმა თორნიკემ უზარმაზარი განძი სრულად იოანეს გადასცა. სწორედ ამ ურიცხვი ნადავლით, ქართველთა მეფეს შემწეობით, ბიზანტიის უფლებაში აღდგენილი იმპრატორისა და ათანასე დიდის ნებართვით მამებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ საკუთარი მონასტერი, რაც განახორციელეს კიდევაც და „აღაშენეს მონასტერი და ეკლესიანი წმიდისა ღმრთისმშობლისა სახელსა ზედა... ფრიადითა ოფლითა და ღუაწლითა.“
მონასტრის მშენებლობის პროცესში ქართველი ბერები იძულებულნი გახდნენ ბერძენი ხელოსნებიც დაესაქმებინათ, რადგან ზღვისპირა დიდი ლავრის ასაშენებლად განსაკუთრებული ცოდნის მქონე სპეციალისტები იყო საჭირო, რისი გამოცდილებაც, გიორგი ათონელის თქმით, ქართველებს არ ჰქონდათ („ჩუენ... ზღჳსა რაჲთურთით გამოცდილებაჲ არაჲ გუაქუს“).
თორნიკე ერისთავი, მიუხედავად მისი წარსული დიდებისა, გამორჩეულად მორჩილი ბერი გახდა. ავტორის თქმით, „განთქუმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაჲ თჳსი მოიკუეთა და სრულებით შეუდგა მოჩილებასა მისსა.“ როგორც ყოფილ სარდალს, თორნიკეს უყვარდა ომებზე ამბების თხრობა. იოანე მთაწმინდელმა მას აუკრძალა ამ თემებზე საუბარი და ურთიერთობის ნება დართო მარტო მოხუც მღვდელთან, გაბრიელთან, რომელიც მხოლოდ საღვთო თემებზე მეტყველებდა.
თორნიკეს სიკვდილის შემდეგ, იოანე მთაწმინდელმა გადაწყვიტა უჩუმრად ესპანეთში წასულიყო, რათა იქ სულიერი სიმშვიდე ეპოვა. თუმცა, ეს ამბავი შეიტყვეს და იმპერატორებმა ხვეწნით დაარწმუნეს იგი, რომ კვლავ თავის მონასტერს დაბრუნებოდა. იოანე სიმდაბლით ამბობდა: „გლახაკი ესე ერის კაცი ვიყავ სოფელსა შინა მყოფი და თანა-მდები ყოვლისა ბრალისაჲ და მენება, რაჲთა უცხოებასა სამე წარვიდე და სული ჩემი ვიცხოვნო.“ სიკვდილის წინ კი იოანემ მონასტრის მართვა ექვთიმეს გადააბარა. ასევე დადგინდა წესი, რომ მონასტერში მემკვიდრეობით ქართველები ყოფილიყვნენ წინამძღვრები.
ექვთიმე ბავშვობაში ეფთჳმეს ქართულად საუბარი უჭირდა. ერთხელ იგი ავად გახდა და სასწაულებრივად განიკურნა, როდესაც ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა „აღდეგ და ქართულად ჴსნილად უბნობდიო.“ ამ სასწაულის შემდეგ კი მისი ქართული მეტყველება ყველაზე სუფთა და მდიდარი გახდა: „მუნ ჟამადმდე ძნიად უბნობ ქართულად... ხოლო მიერითგან დაუყენებლად ვითარცა წყაროჲ, აღმოდინ უწმიდეს ყოველთა ქართველთასა“.
ექვთიმე აქტიურად შეუდგა ბერძნული წიგნების ქართულად თარგმნას. მან თარგმნა სახარებები, ფსალმუნები, წმინდა მამათა თხზულებები, სჯულისკანონი და მრავალი სხვა საეკლესიო ტექსტი (გიორგი მთაწმინდელს მოჰყავს ამ თხზულებათა სია). ასევე ქართულიდან ბერძნულად თარგმნა „ბალავარიანი“ და „აბუკურა.“ იგი დაუღალავად შრომობდა როგორც მონასტერში, ისე მოგზაურობისას. დავით კურაპალატმა მას „ახალი ოქროპირი“ უწოდა, ხოლო თავად თხზულების ავტორი მის თარგმანებს „ოქროს საყვირს“ ადარებს.
ექვთიმე მონასტერში ამყარებდა წესრიგს. იგი მკაცრად კრძალავდა ტყუილსა და ცილისწამებას. ერთ ეპიზოდში, რომელიც გვამცნობს, რომ ბერს თავისი სამოსი ენანებოდა, ექვთიმემ კვართი დაწვა, რათა მონაზვნებს ნივთზე მიჯაჭვულობა არ ჰქონოდათ.
ექვთიმეს წინამძღოლობის პერიოდში ივერთა მონასტრის ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ იქ სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიოდნენ სულიერი შვების საძიებლად. ერთ-ერთი მათგანი იყო ლეონ რომაელი, ბენევენტოს ჰერცოგის ძმა იყო, რომელიც ათონზე მოვიდა და ქართველმა მამებმა დიდი სიყვარულითა და პატივით მიიღეს. ქართველების დახმარებით ლეონმა ათონზე რომაელთა (ლათინთა) მონასტერი ააშენა, რომელიც წმინდა ბენედიქტეს წესდებით ცხოვრობდა. ლეონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მღვდელ გაბრიელთან; ისინი ხშირად საუბრობდნენ სულიერ თემებზე.
ექვთიმეს სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა კონსტანტინოპოლში 1028 წელს. იგი ჯორიდან გადმოვარდა მას შემდეგ, რაც ცხოველი მოწყალების სათხოვნელად მისულმა მათხოვარმა დააფრთხო. მისი სიკვდილის შემდეგ მონასტერში მეტად რთული პერიოდი დადგა. წინამძღვარმა გიორგიმ (რომელიც ექვთიმეს ნათესავი იყო) დაარღვია მამათა დანაწესები: მან ქართველები დააკნინა და მონასტერში ბერძნები განამრავლა. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და სცადეს ივირონის სრული მითვისება. მათ განიზრახეს არა მხოლოდ მიწების, არამედ იმ დიდებული ტაძრის ხელში ჩაგდებაც, რომელსაც მთაწმინდაზე (ათონი) ბადალი არ ჰყავდა.
ბერძნები ქართველ ბერებს სასტიკად დევნიდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და „მწვალებლებსაც“ კი უწოდებდნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ნეტარი არსენი, რომელიც თავგანწირულად იბრძოდა მონასტრის შესანარჩუნებლად. მან „თავი არ დაზოგა“ და მრავალჯერ იმოგზაურა ზღვითა და ხმელეთით კონსტანტინოპოლში სამართლის საძიებლად. არსენმა უდიდესი ტანჯვა გამოიარა, ცილისწამების გამო საპყრობილეშიც კი ჩასვეს, მაგრამ მისი ურყევი ნების წყალობით, საბოლოოდ იმპერატორმა მიქაელმა ქართველების მხარე დაიჭირა და ოქრობეჭედი გუჯარით დაამტკიცა ივირონის ქართული კუთვნილება.
თხზულების ეპილოგში მოთავსებულია გაფრთხილება: შეჩვენებული იყოს, რომ ვინც მომავალში მონასტრის მიწების გაყიდვას ან ქართველთა განდევნას შეეცდებაო - ასეთ ანდერძს უტოვებს გიორგი ათონელი მომავალ თაობას.
გიორგი ათონელის ცხოვრება (აღწერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, ანანო ყველაშვილის მიერ):
თხზულება იწყება სოლომონ დიდის სიტყვების მოხსენიებით, რომლის მიხედვითაც „ჴსენებაჲ მართალთაჲ ქებით აღესრულებისო ”, რომელთა მსგავსნიც ქრისტეს აღსრულების შემდეგ უნდა გამოჩენილიყვნენ, როგორც მოციქულები, მოძღვრები, მოწამენი და ღირსი მამები. სწორედ ამ ადამიანთა დახმარებით, უნდა აივსოს მთელი მსოფლიო ღვთის დიდებით, რასაც ავტორი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებსაც უმოწმებს, რომლის მიხედვითაც ,,მრავალი წყალი” დაფარავს მთელი ქვეყნის ზედაპირს. ავტორი ასევე იხსენიებს პავლე მოციქულის სიტყვებს ,,ქრისტესთა მათ ჯუარს აცუნეს ჴორცნი მათნი ვნებითურთ და გულისთქუმით“, ეს უკანასკნელი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებმაც უარყვეს ხორციელი სიამე და ზეამაღლდნენ, შეუერთდნენ გონიერ და ,,საცნაურ ღრუბლებს“ ე.ი. ზეციურ ანგელოზებს.
ამის შემდგომ დასაწყისში ავტორი თავად მაცხოვრის მაგალითს იშველიებს, როდესაც მან თავად უბრძანა თავის მოწაფეებს, აეღოთ ჯვარი და მას გაჰყოლოდნენ. რითიც მანვე უბიძგა ხორციელ ადამიანს უხორცობისკენ (ე.ი. ანგელოზებთან მიმსგავსებისკენ). სწორედ ამ მარადიული ცხოვრების სურვილით მოხიბლა მან ისინი, რამეთუ ,, რაჟამს იგი თჳსთა და ნათესავთა უვარის-ყოფითა ასსა წილსა მიღებად აქაჲთ აღუთქუმიდა და დასასრულსა ცხორებასა საუკუნესა მიანიჭებდა, რომელსა-იგი ტრფიალყვნა მოყვარენი სათნოებისანი და მეძიებელნი სასუფეველისანი, და მის მიერითა მით ბრწყინვალებითა აქავე განათლებულნი”. ავტორის ცნობით სწორედ ამ წმინდანთა დასს შეუერთდა გიორგი მთაწმინდელიც, რომლის ქებაც მას განუზრახავს.
ამ ცნობის შემდგომ ავტორი მკითხველს ეუბნება, რომ თავაც მათაც ან უნახავთ ან სმენიათ ამ მოღვაწის საქმის შესახებ, რამეთუ როდესაც მის საქმეს შეხედავს ადამიანი ან მის შესახებ მოისმენს იგი მას დაინახავს კიდეც. შესაძლოა მან სრულად ვერ გადმოსცეს მისი სიკეთე ,, რომლისაჲ დაღაცათუ დავიდუმოთ სიმრავლისგან ზოგადი მაღალთა მათ ღუაწლთა მისთაჲ, რომელნი ღმრთისა ეკლესიისათჳს მან თავს-ისხნა, გარნა ვაჴსენოთცა რომელთაიგი ჴსენებაჲ წმიდა არს და სარგებელ, და სათნოებათა და მოღვაწებათა მიმართ მაწუეველ”. ამის შემდეგ იგი იმოწმებს გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: „კაცსა რაჲცა რაჲ უყუარნ და აქებნ, მისსა მიმართ მიისწრაფინ, და ვითარცა სხუათა ყოველთა მცნებათა აღსრულებაჲ თანამდებ არს კეთილთა კაცთათჳს, ეგრეთვე ჟამსა სიტყჳსასა სიტყვაჲ და მოყვარეთა სათნოებისათა ქებაჲ…” ვინაიდან ღმერთს მოწყალება არ აყოვნებს და ჟამით-ჟამამდე გამოაჩენს ხოლმე ღირსეულ ადამიანებს, უძლური და დავრდომილი ადამიანის მოდგმის გასაძლიერებლად და გასამხნევებლად, რათა სწორედ ამ ადამიანებში ნაპოვნმა სათნოებამ და მათთვის მიბაძვის სურვილმა გაახალისოს მათი სულები ორბის მსგავსად, და სწორედ ისე განახლდეს ადამიანთა სული, როგორც მთვარე. ,, რაჟამს ბრწყინვალე იგი მნათობი ნათესავისა ჩუენისაჲ დიდი ეფთჳმე აღმოგჳბრწყინდა ნათლად და სიხარულად, დიდებად და გჳრგუჳნად, გონიერ- მყოფელად და განმაბრძნობელად უგუნურებისა ჩუენისა, რომელმან უმეცრებისა იგი საბურველი მოსძცარცუა გონებათაგან ჩუენთა, და, ვითარცა დღემან ღმრთივ-განათლებულმან, მჭმუნვარე იგი ნისლი უგულისჴმოებისაჲ განჴადა სულისაგან ჩუენისა, და სივრცითა და სიმაღლითა ღმრთივ-თარგმნულთა წმიდათა წიგნთა მისთაჲთა ნაკლულევანებაჲ ენისა ჩუენისა აღავსო, და რომელნი ესე ბარბაროზ წოდებულ ვიყვენით ელენთა მიერ უსწავლელობისათჳს და უმეცრებისა ჩუენისა, მათთანავე აღგურაცხნა ღმრთისა მიერ მოცემულითა მით სიბრძნითა თჳსითა.ხოლო რაჟამს წმიდაჲ ესე სოფლით აღივსო და ღმრთისა მიიცვალა, და წმიდათა ბრწყინვალებასა შეემატა, და არა სრულ იქმნა სიხარული ჩუენი მყისსა შინა სოფლით განსლვისა მისისათჳს, და ეგრეთ ინება განგებულებამან ღმრთისამან ჩუეულებისაებრ თჳსისა, ვითარცა-იგი მრავალ გზის-ყო, რათა არა ერთსა ზედა ოდენ გინა ორსა მოჰფინოს შარავანდედი მადლთა თჳსთაჲ, არამედ რათა დღითი-დღე აღორძინდებოდის და განვრცელდებოდის ღმრთისა ეკლესიაჲ და უმაღლესისა მიმართ წარემატებოდის,” ამ უკანასკნელს ავტორი ასევე უმოწმებს წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომ წმინდანის გარდაცვალების შემდგომ, სწორედ მისი ,,ძენი და ასულნი” იქნებიან მომავალი წინასწარმეტყველები. ისევე როგორც პავლე მოციქული ადასტურებს ღვთის მადლის დაუშრეტელობას.
ამის შემდგომ ავტორი იწყებს საუბარს გიორგი მთაწმინდელის შესახებ, რამეთუ როდესაც წმინდა და დიდი ექვთიმე გარდაიცვალა, ზემოთხსენებულის მსგავსად რამდენიმე ხნის შემდეგ ღვთის მადლითა და მამა ექვთიმეს ლოცვით, კვლავ გამოჩნდა საღვთო მუშაკი, წმინდა გიროგი.
თხზულების ამ ნაწილში ვხვდებით ცნობებს, რომ გიორგის დაწერა დიდი ქევთიმეს ცხოვრება, როგორც ნიმუში და სახე მომავალი თაობებისთვის ,, რომელი ესე არცა ჩუენ დავიცონოთ შეწევნითა ღმრთისაჲთა, არამედ ყოველი სახე ცხორებისა მისისაჲ აღვწეროთ შობით მისით და ვიდრე აღსრულებამდე. ხოლო იყავნ ჩუენთანა ღმერთი იგი მის მიერ შეყუარებული და მისი შემყუარებელი, და ლოცვაჲ წმიდისა მის მამისაჲ, რომელმან ამისი ჴელყოფაჲ ჩუენ გუაიძულა…”
თხზულების შემდეგ ეტაპზე ცნობილი ხდება, რომ გიორგი ეროვნებით ქართველი იყო. ასევე ავტორი დასძენს, რომ მართალია ღვთისმსახურებაში პატივსაცემი მხოლოდ ერთი სამშობლო- სამოთხეა, როგორც პირველი მამის (ადამის) სამყოფელი, ისევე როგორც მხოლოდ ზეციური ქალაქი - იერუსალიმი, რომლის შემოქმედიც თავად ღმერთია, ხოლო პატივდებულ ეროვნებად მხოლოდ ღვთის ნათესაობაა განხილილი, მაინც არავინ უნდა იფიქროს, რომ ღირსი მამის გიორგის სამშობლოში არაფერია პატივსაცემი. ,, რამეთუ იყო ნეტარი ესე, ვითარცა ვთქუთ, ნათესავით ქართველი. ხოლო მამის მამეულად ღმრთის-მსახურისა მისგან და ღმრთივ-დაცვულისა ქუეყანისა, რომელსა სამცხე ეწოდების, ხოლო თჳთ აღმოეცენა იგი ქუეყანასა თრიალეთისასა, ვითარცა პირმან საქმისამან გაუწყოს.რამეთუ მშობელნი ამისნი იყუნეს ღმრთის-მსახურნი.” მამის სახელი იყო იაკობი, დედის -მარიამი. ავტორის ცნობით იაკობი მეფე გიორგის ახლობელი და ერთგული იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ ერთხელ მეთის საერთგულო საქმეზე სპარსეთშიც ყოფილა წარგზავნილი. სპარსეთში მიმავალ გზაზე მას სწორედ იმ დაბაში შეუსვენია, სადაც ცხოვრობდნენ მარიამის მშობლები. როდესაც იაკობმა იხილა ამ ოჯახის სათნოება, ღვთისმოყვარეობა ძლიერ მოიწონა ისინი და ტრფობითაც აღივსო. მშობლებს ერთადერთ ქალიშვილად ჰყავდათ მარიამი, რომელსაც ძლიერ ყვარობდნენ და ამიტომ არავისთვის მიეთხოებინათ, მიუხედავად ბევრი მოსურნისა. ავტორის ცნობით, როდესაც იაკობმა იხილა მარიამის მშვენიერება, ფაქიზი და წყნარი ქცევა, მშობლებს უთხრა: „დამიმარხეთ შვილი ეგე თქუენი კეთილადე, რომელ მო-თუვიქცე მშჳდობით, მე ვიქორწინო ეგე და სრულიად თქუენ თანა დავემკჳდრო“,
სწორედ ასე გემართა იაკობი თავის გზაზე. ღვთის ნებით მისმა საქმემ კარგად ჩაიარა, მშვიდობით დაბრუნდა და მეფის მადლობაც დაიმსახურა. ამის შემდგომ ,, იქორწინა შჯულიერითა და წმიდითა ქორწინებითა, ვითარცა იტყჳს მოციქული: ,,წმიდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელი”. და ესრეთ აკურთხნა იგინი უფალმან, ვითარცა დიდი იაკობ და რაქელ, რამეთუ ჴორციელსაცა თანა სიმდიდრესა შვილიერებითაცა პატივსცა, რამეთუ ესხნეს სამნი ძენი და სამნი ასულნი.” როგორც ტექსტიდან ირკვევა მეუღლეებმა განიზრახეს, რომ პირველი შვილი ღვთისათვის შეეწირათ. პირველ ნაყოფად მარიამს ქალი შეეძინა, რომელსაც წმინდა პირველმოწამის თეკლას სახელი უწოდეს.
როდესაც თეკლა შვიდი წლის შეიქმნა, აღთქმის მიხედვით შესწირეს უფალს და წაიყვანეს სამცხეში, ერთ-ერთ დედათა მონასტერში, რომელსაც ტაძრისი ეწოდება, და ჩააბარეს ამ მონასტრის წინამძღვარს, სახელად საბაიას, რომელმაც ქალწული შვილივით მიიღო და კეთილად აღზარდა.
თეკლას შემდეგ იაკობსა და მარიამს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც თეოდორე უწოდეს. მათ გადაწყვიტეს, რომ თუ კიდევ ერთი ვაჟი შეეძინებოდათ, ისიც ღვთისთვის შეეწირათ, რადგანაც „ვერძისაჲ ჯერ-არსო შეწირვად”.
ერთხელ მარიამს ძილში გამოეცხადა ვინმე ბრწყინვალე და დიდებული კაცი, რომელმაც უთხრა, რომ იგი შობდა ვაჟს, რომელიც რჩეული იქნებოდა, მას უნდა შეეწირა იგი უფლისთვის და სახელად გიორგი ეწოდებინა. როდესაც მარიამს გამოეღვიძა შიშითა და სიხარულით მოუთხრო ეს ყოველივე ქმარს, შემდგომ ორივე წამოდგა და ღმერთს ცრემლით მადლობა შესწირა.
ამის შემდგომ ავტორი მკითხველ მიმართავს : “იხილეთ, ჵ მორწმუნენო, ვითარ სახელის-წოდებითა ამით ყრმისაჲთა ჩუენებასა შინა ღამისასა ცხადი და განმარტებული საქმე მოესწავებოდა, რამეთუ საღმრთოსა და სულიერსა მუშაკობასა დედასა ყრმისასა მახარებელი იგი მისი წინაჲსწარ აუწყებდა და ურნატთა ეკლესიისათა მის მიერ მომუშაკებად მოასწავებდა, და საუნჯესა მორწმუნეთასა ღმრთის-მსახურებისა იფქლითა აღვსებად ახარებდა, რამეთუ ბერძულითა ენითა გიორგი მუშაკად გამოითარგმნების.”
ამის შემდგომ იგი თავდაპირველ თხრობას უბრუნდება და გვამცნობს, რომ ხილვის შემდეგ რამდენიმე დღეში მშობლებს შეეძინათ ვაჟი, როგორც აღთქმული ჯილდო. ხორციელი სხეულის ზრდასთან ერთად ყრმა სულიერადაც იზრდებოდა, იგი სიყრმიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით იყო სავსე, ისე, როგორც ფსალმუნი მოწმობს. ,,დღე და ღამე შჯულსა უფლისასა იყო ნებაჲ მისი, და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე”, ამისთჳსცა იქმნა იგი, ,,ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა” წიგნთა ღმრთივსულიერთასა, და გამოსცა ჟამსა თჳსსა ნაყოფი შუენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი.”
როდესაც გიორგი შვიდი წლის შესრულდა მშობლებმა თავიანთი სიტყვა შეასრულეს და ვაჟი ტაძრისის მონასტერს შესწირეს. ,, დისა თჳსისა თანა ღმრთისა შეწირეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, მომცემელსა კეთილისა მის ნაყოფისასა.არამედ, ვინაჲთგან სიყრმესავე თჳსსა მშობელთა მოღუაწებისაგან დააკლდა, და, ვითარცა მორჩი კეთილი, აღმოცენებასავე თჳსსა თანა ყოფადსა მას წარმატებასა აუწყებს ქუეყნის-მოქმედთა, ვითარცა იტყჳს დავით: ,,მართალი, ვითარცა ფინიკი აყუავდეს და, ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ განმრავლდეს, დანერგული სახლსა ღმრთისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდის“. და ესრეთ, ვითარცა ახალნერგი შუენიერი, იზარდებოდა მონასტერსა მას შინა, და ისწავლიდა წერილთა საღმრთოთა დედაკაცისა მისგან ღირსისა, დისა თჳსისა, და მოასწავებდა წინაჲსწარვე გამოღებად ნაყოფსა მას, რომელი ყოფად იყო, რამეთუ სიმახჳლითა და მოსწრაფებითა გონებისაჲთა, საგონებელ იყო მხილველთაგან, თუ: „აყუავებასა თანა მეყსეულად ნაყოფსა გამოიღებსო“.
მონასტერში ყრმამ სამი წელი გაატარა. როდესაც იგი ათი წლის გახდა, გონებით უკვე ასაკოვან, მოხუცებულ ადამიანს ჰგავდა, რაც მის მნახველსა და მსმენელს ფრიად აკვირვებდა.
ამის შემდეგ ავტორი გვაწვდის ცნობებს, თუ როგორ ეხმარებოდა ღმერთი ყმას ჩვილობიდანვე. ჯერ კიდევ მშობლებთან ყოფნისას, როდესაც იგი ველად გადიოდა სათამაშოდ, კეთილის მოძულე ეშმაკმა დაინახა იგი და მიხვდა, რომ მისი ძალის ფეხქვეშ გასაქელად იზრდებოდა ეს ყრმა. ამიტომ შეძრწუნდა იგი და ჩვილობიდანვე დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა. შემდგომ ავტორი თავად გიორგის მონათხრობს იხსენებს : ,,რამეთუ გჳთხრობდა თჳთ წმიდაჲ ესე, ვითარმედ: „ვიყავ რაჲ მდინარისა მის დიდისა პირსა, რომელსა კციაჲ ეწოდების, წიაღ-კერძო მდინარესა ვიხილე ყრმაჲ, შემოსილი ცეცხლის ფერითა, და მიჴმობნ: ,,მოვედ და ვიმღეროთ!“ და, ვითარცა წარვემართი, ყრმაჲ შუენიერი, სპეტაკითა მოსილი, მომეკიდის საჴელ[ო]სა და მეტყჳნ: ,,იყავ აქა ჩემთანა, რამეთუ მე უმჯობესი მოყუასი ვარ შენი“. ხოლო ესე საცნაურ არს, რომელ წიაღ- კერძო მდინარისა ცეცხლითა მით საუკუნოჲთა შემოსილი ბოროტი ეშმაკი იყო, და ეგულებოდა წყალთა მათ შინა წარწყმედაჲ ყრმისა მის.”
აშკარაა, რომ მდინარის გაღმა მხარეს საუკუნო ცეცხლით შემოსილი ბოროტი ეშმაკი იყო, რომელსაც სურდა მდინარეში დაეხრჩო წმინდა ყრმა, ხოლო თეთრით შემოსილი ანგელოზი, რომელიც ჩვილობიდანვე დაუდგინა მას ღმერთმა მცველად. ამას ავტორი დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს უდასტურებს : ,, ვითარცა იტყვის დავით, ვითარმედ:„დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოს მოშიშთა თჳსთა ზედა და იჴსნნეს იგინი უფალმან“ და კუალად წამებს დიდი ბასილი, ვითარმედ: ,,ყოვლისა მორწმუნისადა მიცემულ არს ანგელოზი მცველად ცხორებასა მისსა“
იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც წმინდა ყრმა მონასტერში იმყოფებოდა, ეშმაკის ძალით ცეცხლი მოეკიდა ამ მონასტერს. ამ დროს ყრმას შიგნით ეძინა. იგი თეთრით შემოსილმა ანგელოზმა გამოაღვიძა, ხელი მოხვია და უვნებლად გაატარა ცეცხლში. მონასტრის მახლობლად ერთი უტევანის4 მანძილზე ერთ სამლოცველოში მიიყვანა თვითონ კი გაუჩინარდა. ავტორი ამას ადარებს სამი ყრმის სასწაულს5, რაზე ნაკლებიც არ უნდა იყოს.
ავტორი აქ ასრულებს სამცხეში გიორგის აღზრდის შესახებ საუბარს და გვიამბობს გიორგის ხახულში წასვლის შესახებ და მისი იქ განსწავლის, სრული განათლების მიღების შესახებ, რამეთუ სწორედ ხახულში განსწავლა გადაიქცა გიორგისთვის ყველა სიკეთის მიზეზად. ,, ვითარცა იტყჳს გრიგოლი ღმრთისმეტყუელი ათინისათჳს, ვითარმედ: „რომელი იგი მე ოქროჲსა ქალაქ მექმნაო“;
გიორგის ორი ბიძა (მამის ძმები) ჰყავდა ხახულის მონასტერში. ორივე მათგანი მამამისზე უფროსი იყო ასაკით. იყვნენ ღმერთშემოსილი, მადლით აღსავსენი. უფროსი ძმა გიორგი მწერალი (ე.ი. მწიგნობრობის მცოდნე) კურაპალატის მდივან-მწიგნობართა უფროსად იყო ნამსახურევი. მეორე ძმა საბა კი, წრფელი და უმანკო კაცი იყო. ორივე მათგანი ხახულში იყვნენ დამკვიდრებულნი და ორნაირი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, რამეთუ საღვთო მოღვაწეობით გამდიდრებულთ, მატერიალური სიმდიდრეც უხვად ჰქონდათ.
როდესაც ძმებმა შეიტყვეს გიორგის სიკეთისა და ღვთისმოშიშობის შესახებ, იაკობს შეუთვალეს, რომ იგი მათთან მიეყვანათ. როდესაც იაკობმა ძმების სურვილი შეიტყო, მალევე აღასრულა და წაიყვანა გიორგი ხახულში. თავდაპირველად იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩააბარა, რომლის ერთგული მსახური და მონა უნდა ყოფილიყო, შემდეგ თავის ძმებს მიჰგვარა ყრმა და თავად გახარებული დაბრუნდა თავის სახლში.
როდესაც ნეტარმა ბერებმა ნახეს გიორგის გონიერება, წყნარი, უშფოთველი ქცევა, განიხარეს, რამეთუ იხილეს ყრმა მოხუცებულობით შემკული, ჭაბუკი სიბრძნით გამშვენებული. რასაც ავტორმა დაუმოწმა ბასილი დიდის სიტყვები : „არამედ მჴცე არს სიბრძნე და გონიერებაჲ კაცთა შორის, [და] თუ არა სისპეტაკე თმათაჲ, არად სარგებელ არსო“.
ამის მაგალითად ავტორი ასევე ასახელებს დანიელ და იერემია წინასწარმეტყველთა ცხოვრებას, რადგან პირველი მათგანი მოხუცებულობით განმსჯელი გახდა, ხოლო მეორე დედის მუცლიდანვე წინასწარმეტყველებდა.
ძმებმა თავისი ძმიშვილი მიჰგვარეს მამასახლის მაკარის, რომელიც იმ ხანად ხახულის დიდ ლავრას წინამძღოლობდა. მამა მაკარიმ ძალიან განიხარა და გიორგი შვილივით მიიღო, აკურთხა იგი აბრაამისეული კურთხევით, ეკლესიის ევლოგია უწილადა და თავისი სულიერი შვილი უწოდა.
გიორგი ასევე წარუდგინეს დიდ ბასილსაც, ბაგრატის ძეს, რომელიც იმხანად ქვეყნის მოძღვარი და განმანათლებელი იყო. ასევე აკურთხა ანტონი მნათემ და ყველა სხვა მამამაც. ამის შემდგომ კი წაიყვანეს იგი სახლში.
ავტორი გვამცნობს, რომ ,, მაშინ განიზრახეს საღმრთოთა მათ მოხუცებულთა თანაზრახვითა ზემოჴსენებულთა ამათ მამათაჲთა, რათა, პირველ ყოვლისა, ღმრთივ სულიერსა ვისმე და მწყემსსა კეთილსა შეჰვედრონ შვილი თჳსი, რათა სულიერითა ჰასაკითა აღორძინდებოდის, და საღმრთოთა მათ სწავლათა სძესა მის მიერ სუმიდეს, და სისრულედ სათნოებათა წარემატებოდის.” სხვა ვინ უნდა ეპოვნათ სულიერ მოძღვრებაში უფრო განთქმული თუ არა ილარიონ თუალოელი, რომლის სათნოებისა და ღვაწლის აღწერაც შეუძლებელია. სწორედ მას ჩააბარეს გიორგი აღსაზრდელად, ილარიონმა ისე მიიღო გიორგი, როგორც ღვთის მიერ ბოძებული შვილი და დაიწყო ,, წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთვად უწყის. და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, და ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანა წარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა”
წმინდა მამებმა დაიწყეს მისი განსწავლა საეკლესიო და სამღვდელო საკითხებშიც, რომელშიც ყველა თანატოლს აჯობა. საწელიწადო საგალობელნი და ყოველგვარი გალობათა შეწყობა დაიზეპირა. რაც შეეხება საღმრთო წიგნებს, ავტორის ცნობით მან იმდენი იშრომა და ისეთი გამოცდილება შეიძინა, რომ საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა :,, რომელსა შინა არა სცემდა ძილსა თუალთა თჳსთა და ჰრულსა წამთა თჳსთა. ხოლო განსუენებასა კულა ჴორცთასა ყოვლადვე არა თავს იდებდა და მაშინდელი იგი წერილთა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარცა წინდი რაჲმე, მომავალთა საქმეთათჳს მიიღო. და ესრეთ, ყოველნივე საღმრთონი წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი, რომელნი ოდენ ჩუენსა ენასა პოვნა, ყოველნივე კეთილად გულად იხუნა. ხოლო უწყი, ვითარმედ მრავალთა გსურის სმენად, თუ ვინაჲ ისწავა ბერძული სწავლაჲ, გინა ვინაჲ დაგჳუნჯა საფასე ესე მოუკლებელი? - ფერის ჯოჯიკის ძემან, დის სიძემან ბასილი ბაგრატის ძისამან.”
ავტორი თხზულების ამ მონაკვეთში აკეთებს საინტერესო შენიშვნას, რამეთუ ასახელებს, ბასილის დას, ვინაიდან გიორგი ხშირად ამბობდა, რომ ,,არა უდარეს იყო ღირსი ესე დედაკაცი ღმრთის მსახურებითა ძმასა თჳსსა ნეტარსა ბასილისაო“.
ამ დროს ფერისმა და მისმა მეუღლემ მოიწადინეს, მოეძებნათ ვინმე ღვთიური კაცი თავის მოძღვრად, რომელიც ყოველივე სიკეთეს ასწავლიდა და მუდამ თან იყოლიებდნენ. როდესაც გაიკითხეს, დაასკვნეს, რომ ამ საქმისთვის გიორგი მწერალი ყველაზე შესაფერისი იქნებოდა და ხვეწნა მუდარით წამოიყვანეს თავისთან და ყოველი საქმე როგორც სულიერი, ასევე ხორციელი მას დაუმორჩილეს.
გიორგი მწერალმა თან წაიყვანა თავისი ძმისწული, ყრმა გიორგი, რამეთუ თავად უკვე მოხუცებული იყო გიორგის დახმარება სჭირდებოდა ზეპირი კანანახებით6, წიგნის კითხვითა და სხვა საქმიანობით.
როდესაც გიორგი იხილეს კეთილმა მეუღლეებმა ძლიერ განიხარეს. ღვთიურმა ქალმა გიორგი თავის შვილად მიიღო და ღვთივსათნო და კეთილი ცხოვრებით მრავალი ჟამი დაყვეს.
ამის შემდეგ ავტორი გვამცნობს, რომ ბასილი კეისრის რისხვით ფერისს თავი მოჰკვეთეს, რადგან ღალატი დააბრალეს. მეფის ბრძანებით ფარისის ქვრივი, თავისი შინაყრმებითურთ კონსტანტინეპოლში წაიყვანეს, სადაც მათ თოთხმეტი წელი გაატარეს.
კონსტანტინეპოლში ყოფნისას გიორგი მწერალმა და უფრო მეტად ფარისის ქვრივმა, გიორგი სასწავლებელში მიაბარეს ფილოსოფოსთა და რიტორთ, ორივე ცხოვრებით შემკულთ, რამეთუ ისინი იყვნენ არა ერისკაცნი არამედ მონაზვნები, ღვთისმოშიშთა და ყველას მიერ აღიარებულნი.
ამის შემდეგ ავტორი გიორგის სწავლის შესახებ მოგვითხრობს, რამეთუ მან 12 წელი გაატარა სწავლაში : ,, ესრეთ ათორმეტსა მას წელსა ყოველივე მოსწრაფებაჲ და გულს-მოდგინებაჲ ერთბამად შემოიკრიბა, ვიდრეღა მახჳლთა გონებითა და მრავალ-ჟამ გამოცდილთა მოსწრაფებითა წარემატა, ხოლო მოსწრაფეთა და გულს- მოდგინეთა სიმახჳლითა გონებისაჲთა აღემატა, და ორ-კერძოვე სრულ ქმნულთა ერთ-კერძო თანა-წარჰჴდა, ვიდრეღა დიდად განკჳრდეს ყრმანი იგი ბერძენთანი მისსა მას ეგოდენსა მოსწრაფებასა და სიმახჳლესა გონებისასა, ჰნატრიდეს გულს-მოდგინებასა მისსა და ძალისაებრ ბაძვად მისსა აღიძრვოდეს.”
სრულად განსწავლის შემდგომ, მეფის ბრძანებით თავისსავე მამულში, ტვარწატაფში დააბრუნეს ყრმა გიორგის მფარველი ქალი, რომელმაც იგი თავის ბიძასთან ერთად თან წაიყოლა. მაშინ შეიტყვეს რომ გიორგის დედა გარდაცვლილიყო, ხოლო მამა კვლავ ცოცხალი ეგულებოდა. გიორგი მწერალმა თავისი ძმა თან მოიყვია და ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო ყრმა გიორგი ხახულში დაბრუნდა თავის მეორე ბიძა, საბასთან.
როდესაც გიორგი ოცდახუთი წლის შესრულდა, იგი მონაზვნად ეკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამდენი წელი ცხოვრობდა სამონაზვნო ცხოვრებით, იგი ჯერ არ იყო აღკვეცილი. მისი მოძღვარი ილარიონი იმჟამად კვლავ ცოცხალი იყო, ამიტომაც გიორგიმ სწორედ მისგან მიიღო სამონაზვნო კურთხევა, რადგანაც იგი იყო მისი პირველი მოძღვარი და ყოველი სიკეთის მიზეზი.
ამის შემდგომ ,, ამისა შემდგომად, აღძრვითა ზეგარდამოჲთა, მოუჴდა სურვილი უცხოებისა და სიგლახაკისაჲ, და თჳსთა და მეცნიერთაგან განშორებისაჲ და, უფროჲსღა ვთქუა, თუ სურვილი თაყუანის-ცემისათჳს წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა,ვინაჲ-იგი აღასრულა ყოველი განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ სიტყვამან მამისამან, მოსრულმან ჴსნისათჳს ჩუენისა. ხოლო იყოცა განგებულებაჲ ღმრთისა საქმესა ამას შინა, რომელი იგი წინაჲსწარ ყოველსავე მეცნიერ არს და ყოფადთა, ვითარცა ყოფილთა, ხედავს;” ამ საქმეში ავტორის ცნობით ღვთის ხელიც ერია, რადგანაც იგი ყოველივე მოსახდენს ისე ხედავს როგორც უკვე მომხდარს, სწორედ ამიტომ განაშორა თავისიანებს მოსა წინასწარმეტყველი, ისევე როგორც აბრაამს უბრძანა საკუთარი ქვეყნის დატოვება. მსგავსი რამ მრავალ სხვა ადამიანზეც დაუწერიათ, რამეთუ ,, ჰნებავნ რაჲ მიახლებაჲ ღმრთისაჲ, პირველ-ყოვლისა თჳსთაგან და მეგობართა განეშორნიან, და ჭეშმარიტი იგი თჳსებაჲ და ზრახვაჲ ღმრთისაჲ მაშინღა პოვიან, ვითარცა ვიტყოდე წმიდისა ამისთჳს”
ამიტომაც გაუჩნდა სურვილი გიორგის უცხოობაში ყოფნის. იგი მეგობარ-ნაცნობთაგან დაფარულად გამოიპარა და იერუსალიმში წავიდა. როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს მაკარი წინასწარმეტყველმა და ხახულის მკვიდრმა ძმებმა , ძალზე შეწუხდნენ და დაუწყეს მას ძებნა, დაგზავნეს მდევრები და ყველა ზგა დაიკავეს.
როდესაც გიორგი მიხვდა, რომ მას ეძებდნენ ღვთიურ ხერხ მიმართა, ათანასეს მსგავსად. მან თავისი შესამოსელი გზად შემხვედრ ერთ გლახაკს მისცა და თავად მისი სამოსით შეიმოსა. ,, და პოვა მწუხარე ერთი წინამძღურისაგან დატევობილი, უპყრა წინა და წარემართა გზასა თჳსსა. და ესრეთ განეშორა დამხრწეველთა გზისა მის კეთილისათა. რამეთუ დაღაცათუ სიყუარულითა იქმოდეს, არამედ არა კეთილ იყო მომავალთა საქმეთათჳს.”
მოგვიანებით, ავტორის ცნობით, მამა გიორგი იგონებდა, რომ გზად უდაბურ ადგილას ტყეში დაუღამდათ. ელავდა და ქუხდა. ჰაერი დამძიმებულიყო. მისი თანამგზავრი სულით ავადმყოფი კაცი ეშმაკმა შვიდჯერ დასცა ძირს და აწამებდა. მას პირიდან დუჟი სდიოდა, კბილებს აღჭრიალებდა და კიოდა. ის კი ლოცულობდა. ავტორი ამას მის ღირსებას მიაწერს, რამეთუ იგი კი არ შეშინდა ეშმაკის ძალებით, არამედ მთელი ღამე ლოცულობდა ბოროტი სულის წინააღმდეგ და იქამდე არ შეჩერებულა სანამ იგი არ განდევნა და სრულიად უვნებელი არ მიიყვანა ერთ მონასტერში.
ამის შემდგომ გიორგიმ მადლობა შესწირა ღმერთს, რომელმაც არაწმინდა სულისაგან იხსნა თავისი თანამგზავრი. შემდგომ კი მარტო განაგრძო გზა. ,, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ,,აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, რათა არა სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო“. ეგრეთვე ჰყოფდა წმიდაჲ ესე, რამეთუ ძაძაჲ შეემოსა და უჴამლოჲ და თავ-ღია, უღჳნო და უწუელოჲ ვიდოდა გზასა მას იწროსა, რამეთუ დღესა შინა ერთგზის მიიღის პური და წყალი.”
ასეთი შრომითა და ტანჯვით მიაღწია მან შავ მთას. ,, მერმე აღვიდა მთასა საკჳრველსა, თაყვანის სცა და ამბორს-უყო ლარნაკსა წმიდისა და საკჳრველთ-მოქმედისა სჳმეონისსა და ღირსისა დედისა მისისა ნეტარისა მართაჲსსა. და ყოველნი მონასტერნი მოილოცნა და წმიდანი მამანი მოიკითხნა და ყოველთაგან ლოცვაჲ მიიღო.”
ამის შემდეგ მან დაიწყო მოძღვის ძიება, რამეთუ სამონაზვნო ცხოვრებაში მის გარეშე წარმატება შეუძლებელია/ საკვირველ მთაზე ერთი კლდის ნაპრალში იპოვა კიდეც ერთი წმინდა დაყუდებული ბერი, უბიწო გვრიტის მსგავსად და უმანკო, როგორც მტრედი. ზეციური კაცი და ამქვეყნიური ანგელოზი, რომელიც გაშორებული იყო ხორციელ საზრუნავს და გონებით თმერთთან იმყოფებოდა. ეს იყო გიორგი დაყუდებული, წარმოშობით ქართველი. რომელმაც ასევე თავად ავტორს აიძულა ამ თხზულების დაწერა. სწორედ მას დაემოწაფა ნეტარი მამა გიორგი, სწორედ ისე, როგორც ოდესღაც სინას მთაზე ნეტარი იოანე დაემოწაფა დიდ მარტვირს.
როდესაც მან იხილა გიორგის სულის მშვენიერება და მასში არსებული ტალანტი მეტად განიხარა, რადგანაც წმინდა ბერი დიდი ხანია მოსურნე იყო, რომ ღმერთს ექვთიმე მთაწმინდელის შემდეგ კვლავ გამოეგზავნა კაცი. რომელიც შეძლებდა იმ ნაკლოვნაბებების შევსებას, რაც ექვთიმეს შემდეგ იყო დარჩენილი.
მოძღვარმა გიორგი რომან-წმინდის მონასტერში დაამკვიდრა. იქ მან სამი წელი დაჰყო, დიდი შემოითა და მარხვით, დიდი ღვაწლით. უფრო მეტად კი თავმდაბლობითა და მორჩილებით. რომელიც ფრიად გამოადგება ადამიანს ღმერთთან მისაახლოებლად. გიორგის საქმე მორჩილებისას ავადმყოფთა მოვლა იყო.
ამგვარი სათნოებით შემკული მონაზონი ხორციელად ოცდააათი წლის შესრულდა, სულიერად კი მხცოვან მოხუცებულად. როდესაც გიორგი შეყენებულმა იხილა, რომ მისი მოწაფე ყოველმხრივ სრულქმნილ იყო, აკურთხა იგი სამონაზვნო შესამოსელით და გაგზავნა იერუსალიმში.
ამ ნაწილს ავტორი აღწერს შემდეგნარიად ,, იხილეთღა სახიერებაჲ ჩუენთჳს განკაცებულისა მეუფისაჲ, რომელმან იგი არა უღირს იჩინა თანა- ზიარყოფად მონისა თჳსისა სარწმუნოჲსა, რამეთუ, ვითარცა მან ოცდა ათისა წლისამან ჴორციელითა ჰასაკითა ნათელ იღო, ეგრეთვე მონაჲ თჳსი ღირს-ყო მოღებად მეორესა ამას ნათლისღებასა, რომელ არს მადლი წმიდისა სქემისაჲ, მითვე ჰასაკითა, და მიერ აღსლვად ხილულსა მას იერუსალემსა, რათა გონებითა უხილავსა მას ზეცისა იერუსალემსა მიიცვალოს.”
როდესაც ნეტარი იგი ქალაქში შევიდა მოილოცა ყველა წმინდა ადგილი. მრავალი ცრემლიც დაღვარა ქრისტეს ვნებების გახსენებით, რომელთაც ისე ცალსახად ხედავდა თითქოს თავად უფალი საკუთარი თვალით უჩვენებდა. ამის შემდგომ იგი კვლავ მოძღვართან დაბრუნდა, რომელმაც აკურთხა იგი, რათა ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღვთო წიგნები. თავიდან იგი ვერ კისრულობდა ამ ტვირთს და ამობობდა: ”შეუძლებელ არს ესე ჩემგანო და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შუენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი”. ხოლო ბერი ეტყოდა, ვითარმედ: ”შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკუდილისაგან იჴსნა და ქართული ენაჲ განუმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი; და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს,რომელ ნეშტი, დაშთომილი მისი, შენ სრულ-ყო მადლითავე მისითა, ვითარცა პავლე ქრისტესი”
ამგვარად, დიდი იძულებით მოძღვარმა ძლივს დაარწმუნდა გიორგი მონაზონი და წმინდა სვიმონისა და მართას მადლთ აღჭურვილი, მთაწმინდაზე წარმოგზავნა და როგორც ღირსეული მოწაფე. სიწმინდის შესაფერისი ძღვენი მიართვა მამა ექვთიმეს ,, რათა, ვინაჲ იგი წყაროჲს- თუალი სიბრძნისაჲ აღმოეცენა მომრწყველად ნათესავისა ჩუენისა, მიერვე აღმოივსნეს ნეკტარნი გულისჴმის ყოფისანი კაცმან ამან ღმრთისამან და მდიდრად დაათროს სამყაროჲ ეკლესიათაჲ ჩუენ თანა, რამეთუ ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვითარმედ: ”გამოვიდეს შჯული სიონით, და სიტყუაჲ ღმრთისაჲ იერუსალემით შჯიდესო”,
ავტორი ასახელებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძველი დროიდანვე გვქონდა საღმრთო წიგნები, ,, ქუეყანაჲ ჩუენი შორს იყო ქუეყანისაგან საბერძნეთისა, და, ვითარცა თესლნი არა წმიდანი? შორის ჩუენსა დათესულ იყვნეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი. და ამის მიერ ფრიად გუევნებოდა. რამეთუ ნათესავი ჩუენი წრფელ იყო და უმანკოჲ, ხოლო იგინი, რეცა მიზეზითა წესიერებისაჲთა, რეცა ცთუნებად გუაზმნობდეს, და რომელნიმე წიგნნიცა გუაქუნდეს მათგან თარგმნილნი.ამათ ესევითართა მიზეზთათჳს მოხედნა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა ჩუენსა და აღგჳდგინა ახალი ოქროპირი, წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი, და, ვითარცა მეათცამეტემან მოციქულმან, ქუეყანაჲ ჩუენი ამათ ზემოჴსენებულთა ღუარძლთაგან სრულიად განწმიდა მრავლად თარგმანებითა წმიდათა წერილთაჲთა, ვითარცა დასაბამსავე სიტყჳსა ჩუენისასა ვთქუთ, და წესნი და კანონნი ეკლესიისანი, დამამტკიცებელნი სარწმუნოებისა ჩუენისანი, − ესე ყოველნი აღწერილად დაგჳტევნა, რომელნი-იგი წმიდისა ამის მთისაგან და ღმრთივ-აღშენებული[სა] ლავრისა, ვითარცა მდინარისაგან ედემეანისა, ნაკადულნი ცხორებისანი პირსა ზედა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა მიეფინნეს.”
მაგრამ როგორც თავიდანვე აღინიშნა, წმინდა მამაის ნაადრევად გარდაცვალების გამო ბოლომდე ვერ დასრულდა ქართულ ენაზე საღმრთო წიგნების თარგმნა. ამის გამო ღვთის განუზომელმა სიკეთემ მისი გამგრძელებელი მოავლინა, სოწრედ ისე, როგორც ,, შემდგომად მოსესსა იესუ, შემდგომად აჰრონისსა ელეაზარ, შემდგომად ელიაჲსა ელისე, შემდგომად პავლესსა ტიმოთე. და მსგავსადვე მათსა სრულ-ყო ნებაჲ მოძღურისა თჳსისაჲ და ყოველი მის მიერ დაკლებული ამან ნეტარმან მამამან გიორგი სრულ-ყო”
როგორც უკვე ითქვა, მოძღვარის მიერ დალოცვილი გიორგი გაემართა თაწმინდისკენ და იმაზე მეტი ტანჯვა გადაიარა, ვიდრე თავიდან. თუმცა იხილა სასწაულიც, რამეთუ როდესაც ადიდებულ მინარეს ვერ გადიოდა, მდინარეს მეორე მხარეს თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი დაინახა, რომელმაც უთხრა არ შეშინებულიყო, ხელი გაუწოდა და მშვიდობით გადაიყვანა, შემდგომ კი გაქრა. ,,და იტყოდა თჳთ წმიდაჲ იგი, ვითარმედ: ”გულსავსებით ვცან, ვითარმედ გამოჩინებული იგი, რომელმან წყალთა შინა სიკუდილისაგან მიჴსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო”.
ამგვარად მიაღწია ღვთის ნებით მთაწმინდას. თაყვანი სცა ღვთისმშობელს, მადლობა შესწირა და შემდეგ ეამბორა წმინდა ექვთიმეს საფლავს. მონასტრის ძმებმა სიხარულით მიიღეს იგი, პატივი მიაგეს და ღმერთს მადლობა შესწირეს მისი მშვიდობიანად მიყვანისთვის.
ავტორის ცნობით, გიორგი მონასტერში ისეთი მოღვაწეობით ცხოვრობდა, რომელიც კაცთა ბუნებას აღემატება კიდეც. ,, ბუნებათა უაღრესითა, მარხვითა და ლოცვითა, სიმდაბლითა და სიმშჳდითა, მორჩილობითა და მოთმინებითა, და, უმეტეს ყოვლისა, თავისა თჳსისა შეურაცხ-ქმნითა, რამეთუ ვიდრე ჟამ რავდენმე, ვითარცა ლიტონი და უსწავლელი საგონებელ იყო ყოველთა მიერ, რამეთუ მისცა თავი თჳსი მსახურებასა და მორჩილებასა ძმათასა, და წელიწადსა შჳდსა შეურაცხად საგონებელთა საქმეთა სიმდაბლით ჰმსახურებდა, და არნ ყოვლადვე მგლოვარე და თავ-დადრეკილი, რამეთუ ჴორციელითა თუალითა ყოვლადვე ქუეყანად ხედავნ, ხოლო თუალნი სულისანი მარადის უხილავსა მას დიდებასა ღმრთისასა უხილავად განიცდიან, რომელი ესე მცირეთა მიერ მოსაპოვნებელ არიან, საქმე ბუნებითი და მრავალთაგან ძნელად საგონებელი, რათამცა თჳნიერ საჭიროთა საქმეთა არავინ ახედვებდა თუალთა თჳსთა, რომელი იგი მან, ვითარცა ბუნებითი, შეითჳსა სიყმითგან ვიდრე სიბერედმდე.”
ამის დასტურად ავტორი იგონებს, რომ ერთელ როდესაც აღმოსავლეთში იყვნენ, მეფე ბაგრატმა გადაწყვიტა მოხუცებული გიორგის გამოცდა და თავის წარჩინებულებს უთხრა, რომ როდესაც იგი მათთან შევიდოდა წმინდანი არ შეხედავდა მათ და არც მათ გარეგნობას დაათვალიერებდა. მაშინ უთხრა მხებლებს მოეწვიათ ბერი. როდესაც იგი ეახლა მათ მაშინ წამოუდგნენ ფეხზე და მიესალმნენ, მიიწვიეს თავისთან, მათგან უმეტესობა ასევე ბერის მოწაფენი იყვნენ. როგორც კი დაჯდა გიორგი, მაშინ მეფემ გაუბა საუბარი სულისათვის სასარგებლო სხვადასხვა საკითხზე. ბერი თითოეულს სათითაოდ აძლევდა პასუხს კითხვებზე, მაგრამ არავის უყურებდა, არამედ იყო თავდახრით. ასე გასტანა ექვსს საათამდე.
როდესაც გიორგი წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, მაშნ მეფემ სთხოვა შეეხედა მისთვის და ენახა როგორი იყო. მაშინ ოდნავ შეხედა და უთხრა : ”ჵ მეფეო, აჰა ესერა, ვხედავ პირსა შენსა, ვითარცა პირსა ქრისტესსა, რამეთუ ყოვლითურთ ღმრთის-მსახურ ხარ და ღმრთივ-დაცულ” ეს ამბავი იმისთის მოიგონა ავტორმა, რომ ეჩვენებინა გიორგი არა მარტო სიჭაბუკის ჟამს, არამედ მოხუცებულობაშიც ერიდებოდა ხალხისთვის შეხედვას.
ამის შემდგომ თხზულების მიმდინარეობისას, ავტორი უბრუნდება გიორგის მოღვაწეობას ათონის დიდ ლავრაში, სადაც სიმდაბლით მოღვაწეობდა. მაშინ მის მოძღვარს მიუვიდა ხმა, რომ გიორგი ჯერ არ შესდგომოდა მღვდლობის ხერხს და არც წიგნების თარგმნა დაუწყია. ამის გამო მან შავი მთიდან გამოგზავნა მოწაფე იოანე და დიდი საყვდეური შეუთვალა მისი ნების შეუსრულებლობისთვის. მაგრამ გიორგი ამას ურჩობით არ ჩადიოდა, რამეთუ ახსოვდა უფლის სიტყვები ”რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს”. და კუალად იტყჳან მამანი, ვითარმედ: ”დედაჲ არს ყოველთა ვნებათაჲ ცუდი დიდებაჲ” გიორგი მონაწონი არაფერს თავისი ნებით არ იღებდა, არამედ მოძღვარის ბრძანებით და იძულებით, სწორედ ასე ცრემლითა და დიდი შიშით, მოწიწებით მიიღო მღვდლობის ხარისხი. ,, მრავალნი, პირუელ თავისა თჳსისა განწმენდისა სხუათა განმწმედელ იქმნებიან. და, ვითარცა უნდოჲსა რაჲსამე საქმისა მიმართ, ეგრეთ მღდელობისა მიმართ მი[ისწრ]აფიან, და პირუელ წუერთა გამოსლვისა მოხუცებულთა უმოძღვრიან, ვითარცა იტყჳს გრიგოლ ღმრთისმეტყუელი. ხოლო წმიდამან ამან მცირედ-მცირედ შედგა ფეჴი [ხა]რისხსა მას ზედა კიბისასა, და ეგრეღა თავსა ზედა კიბეთასა დაისაყდრა. რამეთუ პირველ გარეშე კარვისა ეზოთა ჰმსახურებდა სხუათა და სცის თავთა მისთა ხარისხთა მანათა, და საბელთა, და მერმე შინაგან ჭურჭელთა სამღდელოთა. მერმე კიდობნისა მტჳრთველ იქმნა, სხუათა მიერ აღსრულებულად შემზადებულსა, და რასაღა მრავალსა ვიტყოდი! მცირედ-მცირედ შინაგან, წმიდასა წმიდათაჲსა წარმოდგა მღდელი წმიდაჲ, [და] სხუათაცა წმიდა მყოფელად იპოა. რამეთუ, ვითარცა ვთქუთ, მიიღო რაჲ პატივი მღდელობისაჲ, შემდგომად მცირედისა მთავრად ეკლესიისა განიწესა; უხუცესად მღდელთა და მგალობელთა დაიდგინა.”ამ თანამდებობაზე მხირე ხნით გაჩერდა და შემდგომ გაახსენდა, რომ სასჯელი ელოდა ტალანტის მფლობელს, რომელმაც მიწაში ჩაფლა იყო და არ გამოიყენა. ამიტომ შეშინდა მოძღვრის წინაშე ურჩობის გამოჩენისა და როგორც მრძენმა ხუროთმოძღვარმა ეკლესიის შენებამდე, ჯერ მტკიცე საძირკველი მოამზადა. მან პირველ რიგში სვინაქსარი თარგმნა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეკლესიის წარმატება, რადგან ღვთისმსახურების საფუძველია. ავტორი ამბობს, რომ მამა ექვთიმეს მართალია ჰქონდა ნათარგმნი სვინაქარი, მაგრამ მისი თარგმანი იყო ძალზედ შემოკლებული, რადგანაც სხვა მრავალ წიგნსაც თარგმნიდა. გადმოცემით კი ცნობილია, რომ იგი ასევე აპირებდა სრული ვერსიის თარგმნას. შემდგომ ვეცნობით, რომ გიორგიმ თარგმნა გამოკრებული (საწელისადო) სახარება, ასევე გამოკრებული (საწელიწადო) ეპისტოლენი პავლე მოციქულისა და საწელიწადო საწინასწარმეტყველო. შემდგომ - დიდი კურთხევანი, განმარტება ,,დაბადებისა”, რომელშიც გადმოცემული იყო აბრაჰამის ცხოვრება, სექტემბრის თვე, რომელიც ასევე ნაწილობრივ ნათარგმნი ჰქონდა მამა ექვთიმეს, გიორგიმ კი სრულქმნა ყოველივე. მან ასევე თარგმნა პავლეს ეპისტოლე და წმინდა მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლე, ეს რვა წიგნი გიორგიმ თარგმნა მთაწმინდაზე ყოფნიასას, თავისი ხარჯებით, რადგანაც როგორც აღინიშნა დეკანოზად იყო დადგენილი.
მას შემდეგ რაც გამოიცადა მრავალ საქმეში და დაამტკიცა თავისი სიწმინდე, მონასტრის საძმომ ერთსულოვნად და ერთხმად იგი წინამძღვრობის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა და მამა ექვთიმეს სავარძელში დასვა. სახარების სიტყვებისამებრ სანთელი სასანთლესა ზედა დასდეს, რათა ყოველივეს ანათებდეს. ასე ამაღლდა მისი თავმდაბლობა და შეიძინა განდიდება როგორც მიწად, ასევე უფრო მეტად საუკუნო ცხოვრებაში. ავტორი აქვე მიმართავს მკითველს, რომ არავინ იფიქროს, რამეთუ გიორგის ადვილად და სიხარულით არ მიუღია წინამძღვრობის უღელი, არამედ მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა საძმოს. ,, და სამგზისვე მას ხუდა, და ამის მიერ გულისჴმა-ყო, ვითარმედ ”არს ნებაჲ ღმრთისაჲ”, და ზეგარდამო გულსავსე ქმნილმან, მიიღო კუერთხი მწყემსობისაჲ.”
ამის შემდგომ წმინდა მამამ კიდევ უფრო რთული მოღვაწეობა დაიწყო. მან სავსებით აკრძალა ღვინის სმა და ყველის ჭამა. ქვედა შესამოსელი უხეში ძაძისა ჰქონდა, ზედ საფარველად კი ერთი ჩოხა ემოსა. შედეგად ყველა სათნოება თავის თავში შემოიკრიბა და ყველას სამაგალითოდ წარმოუდგა, რამეთუ სიტყვა კი არა საქმე უჩვენა სამწყსოს ღვთისკენ მიმავალი გზისა. და მსგავსად ხელოვანისა, რომლის ნიჭიც მის ნაკეთობაში ვლინდება და ნაოსნისა, რომელის ოსტატობაც ვერ გამოიცდება თუ ზღვის ღელვაში არ აღმოჩნდება ან მხედრის სიმამაცე და ძლიერება როგორ შეიძლება განდიდდეს თუკი მტერს არ ეკვეთა, სწორედ ასევე წმინდა მამამაც, როდესაც მიაღწია წინამძღვრობას, მაშინ გამოავლინა თავის სულში დამალული სიბრძნე. პირველ რიგში იგი სათანადო გულმოდგინებით შეუდგა წმინდა ექვთიმეს კვალს და მის მიერ განწესებული კანონები დაჯერებით მიიღო, როგორც ღვთის პირისგან გამოსული და წმინდა მოციქულის მიერ დამტკიცებული.
მან თავიდანვე გამოიკითხა წმინდა ექვთიმეს საქმეების შესახებ მისი მოწაფეთა და მეგობართაგან, მოღვაწეობა წმინდა იოანესი და სხვა წმინდა ბერებისა, ასევე ამბები დიდებული ლავრის მშენებლობის წესებისა და განგების შესახებ და ყოველივე ეს აღწერილი დატოვა და ცოცხალ ძეგლად აღმართა მომავალი თაობებისთვის. რამეთუ მისი მკითხველნი და მსმენელნი სულიერად განათლდებიან. ეს ყოველივე მან ჯერ კიდევ დეკანოზად ყოფნის დროს დაწერა. ,, გარნა რომელი-იგი გონებასა შინა დაეუნჯა და დაეწერა, მას ჟამსა აღწერასა მისსა თანაწარჰჴდა, რათა, რაჟამს საქმით აღასრულოს, მაშინ აღწეროს, ესე იგი არს შენებაჲ სამარტჳლოჲსა და შემკობაჲ მისი ყოვლითა სამკაულითა, რომელსა აწ ყოველნი ხედავთ.”
როდესაც გიორგიმ წინამძღვრობის კვერთხი მიიღო, მან პირვე რიგში საპატიო სანაწილე მოამზადა წმინდა ექვთიმეს მზეზე უფრო ბრწყინვალე და მარგალიტზე უფრო წმინდა ნაწილების დასაუნჯებლად, საიდანაც მადლი უხვად ამოდის და მკურნალობის წყაროდ არის ქცეული. ეს ნაწილები დიდი პატივისცემით, ფსალმუნებითა და გალობით, კეთულსურნელებათა კმევით გადმოასვენა ნათლისმცემლის ეკლესიიდან ყოვლედწმინდა ღვთისმშობელის სახელობის დიდებულ ეკლესიაში. ასედაც იყო საჭირო, ვინაიდან ცნობილია ,, ვინაჲთგან უწყით ყოველთა, ვითარმედ წმიდანი დიდებითი დიდებად ამაღლდებიან უხილავსა მას შინა დიდებასა, ვითარცა ანგელოზთათჳს წერილ არს, ვითარმედ: ”ძალითი ძალად წარემატებიანო”. ეგრეთვე ნეტარი ესე მამაჲ ჩუენი, ხილულად ყოველთა დაშთომილი, დაშთომილად მოიცვალა ტჳრთული ჴელთაგან კაცისა ამის საკჳრველისათა; რაჟამს იგი ვითარცა აჰრონ სამღდელოჲთა მით სამკაულითა აღმკულ იყო არა აჩრდილსა შინა დაშთომადთა, არამედ მადლსა შინა განბრწყინვებადთა, და, ვითარცა კიდობანი სიწმიდისაჲ, თჳთ ეტჳრთა გვამი იგი წმიდაჲ, მტჳრთველი საღმრთოთა მათსიწმიდეთა, და ესრეთ შინაგან წმიდისა ამის ტაძრისა შემოიყვანა, და წმიდასა ამას ლარნაკსა შინა დაუსუენა, ვითარცა ესე ყოველნი ხედავთ.”
ამ მეორე ელისემ ხალენი კი არ მიიღო ელიასი, არამედ მასზედ ბევრად უფრო აღმატებული რამ - მისი მაცოცხლებელი მარჯვენა, მაღალი ღვთიმეტყველების მწერალი. ეს მიიღო მან თავის სამკვიდრო წილად, ორმაგ მადლად და მაცოცხლებელ სულად. მართალია იორდანე არ განუპია, მაგრამ მასზე ბევრად დიდი და ღრმა მდინარეები საღმრთო წერილისა, წმინდა მარჯვენის მადლით განაპო. და დაადუმა მწვალებლობათა წყლები და ბავშვივით უგუნური და ბოროტიმეტყველი მათი ენები.
როგორც ითქვა, გიორგიმ გადმოასვენა მამა ექვთიმე და მოაწყო მისთვის მშვენიერი სანაწილე და მასში სხვა წმინდანთა ნაწილებიც ჩაასვენა, კერძოდ წმინდა სტეფანე პირველმოწამისა, წმინდა ეგნატე ღმერთშემოსელისა, წმინდა იაკობ დაჭრილისა, წმინდა კოზმან და დამიანესი (არაბ მოწამეთა), წმინდა ორმოცი მოწამისა, წმინდა პანტელეიმონისა და სხვა მრავალ წმინდათა და მაცოცხლებელი საფლავის ევლოგიები.
ამ პროცესიის შესახებ ავტორი წერს : ,, ამათ ყოველთა წმიდათა მარტჳლთა თანა-დაუსუენა ჴელი მარჯუენე წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმისი და თჳთ თავით თჳსით ჰმსახურებნ და -ოდეს გზასა ვალნ, თჳთ უტჳრთავნ წმიდაჲ იგი გუადრუცი; ამით, ესე ვითარითა სახითა კნინღა და ყოვლისა სოფლისა სახილველ და თაყუანის-საცემელ-ყო, მთა წმიდითგან ვიდრე შავსა მთასა და ყოველსა ასურეთსა, და იერუსალიმსა და აღმოსავლადმდე წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი მარჯუენისა მიერ თჳსისა, მეფეთაგან და მთავართა, მღდელთ მოძღუართაგან და მღდელთა და ყოვლისა ერისა.”
ამის შემდგომ გიორგიმ განიზრახა, რომ წმინდა იოანე, წმინდა ექვთიმეს მამა, თავისი ძის სამართვილოს გარეშე არ დაეტოვებინა, რამეთუ თავდაპირველად იგი დასვენებული იყო წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესიაში, ასევე სხვა წმინდა ბერებიც ნეტარი არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, ღვთიური ბერი იოანე გრძელისძე, რომლებიც წმინდა სვიმონ მოხუცებულის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულნი. ვინაიდან ისინი წმინდა მამა ექვთიმესთან ერთად მოღვაწეობდნენ და სათნოებით მიმბაძველნი, მოსწრაფენი იყვნენ, მრავალი საეკლესიო წიგნი სიბერის ჟამს თავისი ხელით გადაწერეს. შესაბამისად გიორგიმ თავდაპირველად გადმოასვენა წმინდა მამა იოანეს ნეშტი და თავისი ძის ნაწილებთან ერთად დაკრძალა. შემდგომ დაიწყო სხვა ზემოთხსენებული წმინდანების ნაწილთა ძიებაც, რომელთა ადგილიც ზუსტად არ უცოდა. ღვთის წყალობით იპოვა ისინი. ავტორის ცნობით ღირსი ბერების პატივსაცემად მათ საფლავებზე ამოსულიყო დაფნის ხეები, რომელთა ფესვებიც სიღრმეში იყო ჩასული და წმინდანთა ნაწილებს შემოხვეოდნენ. ისე როგორც ცოცხალ არსებებს, მათაც ხელთ ეპყრათ წმინდანთა ნეშტები. ეს წმინდა ნაწილებიც ამოეასვენა გიორგიმ და ექვთიმეს ნაწილთა ქვემოთ დაასვენა. ამის შემდგომ ჩაკეტა სამარტვილო, სამარხი მათი გაუღებლად ,, და დაჰკრძალა სამარტჳლოჲ იგი განუღებელად ვიდრე დღენდელად დღედმდე. და შეამკო იგი ყოვლითა სამკაულითა, ხატითა და ჯუარითა, ქორ−კანდილითა, სასანთლითა და ეზოჲთა და სხჳთა ყოვლითავე ბრწყინვალებითა, ვითარცა შუენოდა წმიდათა მათ.და განეწესა, რათა მოუკლებელად სამი კანდელი ენთებოდის, და ყოველივე წესი შეუცვალებელად აღესრულებოდის, მადლითა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა. ამინ.”
როდესაც ეს სამეა მოათავა, მან დაიყო ეკლესიისთვის ზრუნვა, რადგანაც სახურავს ტყავი არ ჰქონდა დაფენილი და წყალი ჩადიოდა, ამის მოსაგვარებლად იგი გაემართა სამეფო ქალაქ კონსტანტინეპოლში და მივიდა კეთილმსახურ მეფე კონსტანტი მონომახთან. როგორც კი შევიდა მის წინაშე, მეფემ ღირსეულად მოიკითხა ბერი, რადგანაც მის მიმართ დიდი რწმენა ჰქონდა და მისი ლოცვების მიმართ სასოება. შემდგომ კი ჰკითხა მისვლის მიზეზი, რაზეც ბერმა მიუგო: ”გიხაროდენ ქრისტეს მიერ, ჵ ბრწყინვალეო თჳთმპყრობელთა შორის, გიბრძანებს ჩემ მიერ გლახაკისა ყოვლად წმიდაჲ იგი სასოჲ და შესავედრებელი ღმრთის-მსახურებისა შენისაჲ წმიდაჲ ღმრთისმშობელი, რათა მარადის სადიდებელი ტაძარი მისი არა განირყუნას წყალთაგან, რომელი ჩამოდის ზედა უბურაობითა მონასტერსა ჩუენსა. აწ ბრძანენ მეფობამან შენმან მოცემად ტყჳვი, რომლისა მიერ დაიბუროს წმიდაჲ ეკლესიაჲ, რათა მას შინა ელოცვებოდის წმიდასა მეფობასა შენსა”.ხოლო მან სიხარულით აღასრულა თხოვაჲ იგი ბერისაჲ, და ნივთთაგან სამეუფოთა უბრძანა მოცემაჲ ტყჳვისაჲ, რომელი-იგი მოიღო და დაბურა წმიდაჲ ეკლესიაჲ, ვითარცა ყოველნი ხედავთ, თუ რაბამ შუენიერ არს და ბრწყინვალე.”
ამას ისიც დაემატა, რომ გიორგიმ შენობას გარეთა შტოც მოაშენა და ამრიგად სრულქმნა წმინდა ეკლესია. ამის შემდგომ ,, იღუაწა შეწევნითა საღმრთოჲთა და აღიხუნა ოქრო-ბეჭედნი მტკიცენი, ღმრთის-მსახურთა მეფეთაგან დამამტკიცებელნი ოქრო- ბეჭედთა ჩუენთანი, და მერმე შესძინნა ზღვარნი არა მცირედნი პრასტინთა მონასტრისა ჩუენისათა, და უმეტეს ყოვლისა ზღვარი მისოლიმნისაჲ, სადა-იგი ყოველი ხუასტაგი ეკლესიისაჲ უხუებით გამოიზრდების. და კუალად რამეთუ დიმოსისაგან დიდსა ჭირსა შინა იყვნეს პრასტინნი ჩუენნი. ესრეთ მოსცა უფალმან ჟამი მარჯუე.”
იმ დროს აფხაზთა მეფე ბაგრატი და დედამისი მარიამ დედოფალი სამედოს ქალაქში (კონსტანტინეპოლში) მოვიდნენ, წმინდა მამა გიორგიც მეფეებთან მივიდა. როდესაც იგი იხილა მეფემ და დედოფალმა, ასევე მათმა მთავრებმა და წარჩინებულებმა, დიდი სიხარულით განიხარეს, რადგან ბევრი რამ სმენოდათ მის შესახებ. მიიღეს მისი დალოცვა და ღმერთს მადლობა შესწირეს. მაშინ გიორგიმ წარმატებით მოაგვარა ყოველი სამონასტრო საქმე ,, და დიმოსისა საქმე მაშინ გარდასწყდა, რათა მედიმოსენი პრასტინთა ჩუენთა ვერ შემოვიდოდინ, არამედ, რათა გარეს-გარე, სეკრიტონსავე შინა მიეცემოდის როქისა ჩუენისაგან ლიტრაჲ ერთი დიმოსად, ვითარცა თჳთ განაწესა ღმრთის- მსახურმან მეფემან კოსტანტი მონომახმან, და ამას ზედა ოქრო-ბეჭედი შეუქმნა მტკიცე და უქცეველი.”
ამის შემდგომ გიორგის დაემოწაფა მარიამ დედოფალი და მის მიერ მონაზვნად აღიკვეცა. შემდგომ მან მონომახისგან გამოითხოვა ერთი ლიტრა როქად ამ წმინდა მონასტრისთვის და შესწირა მის ეკლესიას, თავისი სულის საუკუნო მოსახსენიებლად. მას ჰყავდა ერთი მოწაფე, არსენი, რომელმაც ასევე შესტირა ლიტრა ეკლესიას, რაზეც ავტორი ასევე ამბობს, რომ ,, და ეგრეთვე არსენი მოწაფე იყო მისი და ლიტრაჲ ერთი მან შემოწირა წმიდასა ამას ეკლესიასა თავისა პატივთაგან, დაღაცათუ სხუანი ურიცხუნი კეთილნი მოიხუნა ამან კეთილად ჴსენებულმან არსენი, ფარსმან ყოფილმან, გარნა ესე ლიტრაჲ ა განზრახვითა წმიდისა ამის მამისაჲთა შემოწირა და ოქრო-ბეჭედსა შინა დაეწერა.ესე სამი ლიტრაჲ განძი და სხუანი ზემოჴსენებულნი საქმენი ამის ნეტარისა მამისა ჩუენისა მოღუაწებითა წმიდასა ამას ლავრასა შეეძინნეს, და ვიდრე უკუნისამდე მტკიცედ და უცვალებელად შეეძინების.”
ამის შემდგომ ავტორი მოგვითხრობ ერთი ამის შესახებ, რომელზეც დუმილი არ ღირს, არამედ აუცილებელია მისი ხსენება და მშვენიერებით აღწერა. რადგანაც ეს ამბავი მკითხველს აცნობს წმინდანის ორმაგ ძალასა და სამოციქულო მადლს. ,, ხოლო ღმრთისა მსგავსი მოწყალებაჲ ესე არს, რათა კაცი ზიართა ბუნებისა თჳსისათა სწყალობდეს, არამედ, რათა პირუტყუთაცა ზედა მისწუთეს მოწყალებითა, ვითარცა ესე წმიდაჲ და საკჳრველი მამაჲ ჩუენი, რომელი იგი მუნ მის შორის ღმრთივ-ბრწყინვალედ გამოაჩინა.”
ეს ამბავი მოხდა მაშინ, როდესაც მეფე ბაგრატი კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა. მათ შეიტყვეს ამბავი, რომ ყოფილა ერთი მოდგმა სამარიტელებისა, სვიმონ მოგვის შთამომავალნი, რომელთაც აწინკიანი ეწოდება. ისინი განთქმულნი ყოფილან გრძნებულობით და ეშმაკეულობით. მეფის სანადირო ტყეებს შესჩვენებიათ რაღაც მხეცები, რომლებიც იქ მყოფ ნადირთ ჭამდნენ, რომლებიც მეფისთვის იყო განკუთვნილნი. ეს რომ შეიტყო მეფე მონომახმა ბრძანა ეხმოთ აწინკიანთათვის, რათა ჯადოქრობით ამოეწყვიტათ ეს მხეცები. მათ მეფის ბრძანება საქმით შეასრულეს და მართლაც მრავალი მხეცი დახოცეს. მაშინ ისინი იხმო ბაგრატ მეფემ და ჰკითხა თუ რანაირად ამოწყვიტეს მხეცები, რაზეც მათ მიუგეს : ”ჵ მეფეო, ესევითარსა ჴელოვნებასა მიწდომილ ვართ, ვიდრეღა ჴორცსა [შ]ევჰგრძნიბავთ და დავსდებთ ადგილსა მას, სადა მჴეცნი იგი მოვიდოდიან, და ჩუენ ხეთა ზედა აღვჴდებით და მჴეცებრივითა ჴმითა უჴმობთ, და იგინი ჴმასა ჩუენსა შემოკრბებიან, ჴორცსა მას ჭამენ და მოკუდებიან მეყსეულად, ხოლო დიდსა შაბათსა შობილი მჴეცი არა გჳსმენს და არცა ჭამს არამედ გუეტყჳს: ”თუ კარგი არს, თქუენ ჩამოედით და ჭამეთო”, და მშჳდობით წარვალს”. ხოლო მეფემან ჰრქუა: ”ვიდრე თუალითა არა ვიხილო, არა მრწამს!”ევედრნეს მეფესა, რათა უბრძანოს მოყვანებად მჴეცი ერთი, რათა თუალითა უჩუენონ, ხოლო ვინაჲთგან სხუაჲ მჴეცი ვერვინ პოვა, ბრძანა მოყვანებაჲ ძაღლისაჲ, რომლისაჲ უწყოდეს, ვითარმედ სხუასა ჟამსა შობილ იყო და არა ზემოჴსენებულსა მას დღესა, და მიუგდეს ჴორცი იგი შეგრძნებული.”
იმ დროს წმინდა ბერი გიორგიც მეფესთან იყო და სიბრალული აღეძრა პირუტყვისადმი, რამეთუ იყო ღვთის მსგავსი, მაგრამ არა მხოლოდ სიბრალულის გამო, არამედ იმიტომაც რომ მსგავსი საქმე ქრისტიანთა შორის არ აღესრულების. იგი საღვთო მოშურნეობით აღივსო და კვარი გადასახა ძაღლისთვის მიგდებულ ხორცს. როდესაც ძაღლმა იგი შეჭამა, რათა მათ წინაშე არ მომკვდარიყო გარეთ გაიყვანეს, მაგრამ მას არაფერი ევნო. გრძნეულთა ხელოვნება უშედეგო აღმოჩნდა და მიხვდნენ რომ ეს წმინდა მამის მადლის გამო შეემთხვათ. ამიტომ სთხოვეს მეფეს ბერი შიდა ოთახში შეეყვანათ და მათთვის ახალი ძაღლი მიეყვანათ. მეორე ძაღლმა შეჭამა თუ არა ხორცი მაშინვე მოკვდა და ყველა დარწმუნდა, რომ პირველი მართლაც წმინდა მამის სასწაულით გადარჩა.
ამ სასწაულის მნახველნი სიხარულით აღივსნენ და მეფემაც მოუთხრო ყოველივე კონსტანტი მონომახს. მათ დიდად განიხარეს, ხოლო შემდეგ ბაგრატმა დასძინა : ”უკუეთუ მიახლოს წმიდაჲ ესე, არა მეშინის არცა გრძნებათაგან და არცა წამალთა სასიკუდინეთა”.
როდესაც ბაგრატმა იხილა გიორგის წმინდა მოღვაწეობა დიდი სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ და ეძებდა საშუალებას, რომლითაც თავის ქვეყანაში წაიყვანდა. მის მამულებში სამღვდელთმოძღვარო კათედრაში განთქმული იყო კათედრა ჭყონდიდისა, სადაც მრავალ წმინდანთა ნაწილი იყო დასვენებული და სადაც ასევე თავისი საფლავიც გაემზადებინა, რამეთუ როცა გარდაიცვლებოდა იქ დაეკრძალათ. მაშინ გარდაიცვალა ამ კათედრის მღვდელთმოძღვარი. მაშინ ბაგრატი არწმუნებდა გიორგის რომ მას ჩაებარებინა მართვა-გამგეობა და ეპისკოპოსი გამხდარიყო. მაგრამ გიორგი გაურბოდა ყოველივე ამქვეყნიურ დიდებასა და შფოთს, რამეთუ თავმდაბლობას ესწრაფვოდა. მან სამეფო ქალაქში რამდენიმე ხანი დაყო, მოაგვარა თავის მონასტრის ყოველივე საქმე და შემდეგ ლავრაში დაბრუნდა, სადაც ძმები დიდი სიხარულით შეეგებნენ.
ამის შემდეგ ავტორი იხსენიებს მამა გიორგის განუზომელ წვლილს კერპთა დამსხვრევის ამბავში, რამეთუ ,, რომელ არს შემუსვრაჲ კერპთაჲ და მსახურებისა მათისაჲ უჩინო ყოფაჲ, რომელი ესე ნეტარმან ამან, ჟამთა ჩუენთა, მაღლად და ღმრთივ-ბრწყინვალედ აღასრულა.”
მთაწმინდის მამულთა შორის არის ერთი სოფელი, რომელსაც ლავიზდია ეწოდება. ის სოფელი არის მიყრუებული და დაუსახლებელი, უტყეო მთებით, სადაც ავტორის აზრით არცერთ წმინდანს არ მიეღწია ,, ხოლო კაცნი მკჳდრ არიან ბორღალნი, რომელთა სკლავ ეწოდების, ყოვლითურთ უგუნურნი და პირუტყუთ-სახენი, წარმდებნი და არა წმიდათა ქუეწარმავალთა მჭამელნი.” სწორედ ამ მამულში იყო შემორჩენილი მარმარილოს კერპი ძველი დროიდან. მას დედაკაცის სახე ჰქონდა. იქაური უგუნური ხალხი (იგულისხმება ბულგარელები) ჯერ კიდევ თაყვანს სცემდნენ მას და ეგონათ, რომ მზე, წვიმა და ყოველივე სიკეთე მისგან გააჩნდათ. ამბობდნენ რომ მას ისეთი ძალა ჰქონდა რომ ვისაც უნდა მოკლავდა და ვისაც უნდა აცოცხლებდა.
როდესაც გიორგიმ მათი კერპთთაყვანისცემა იხილა შეწუხდა მისი სული და დახმარება მოიწადინა. ერთხელ როდესაც სამეფო ქალაქში მიდიოდა გზად სწორედ ამ სოფელზე გაიარა. მაშინ მას უთრეს :.. ”უკუეთუ გნებავს, რათა განმარჯუებულ შემოიქცე ყოვლითა საურავითა შენითა, ევედრე ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგეწიოს წინაშე მეფისა!” ხოლო წმიდამან ჰრქუა მათ: ”კეთილ, კეთილ, გუალეთ და მიჩუენეთ, და მადლიერ ვარ თქუენდა ესევითარისა ამის კეთილისა თხრობისათჳს”. და წარიყვანეს ბერი კაცთა მათ ყრუჲსა მის მიმართ და უსულოჲსა ღმრთისა მათისა, და, ვითარცა იხილა იგი, ჰრქუა მათ: ”იყოს ჟამისად, ხვალე თჳსაგან მოვიდე და ვეზრახო მას”
მეორე დღე როდესაც გათენდა ბერმა ერთ მჭედელს ურო გამოართვა. შემდეგ იკომონოსთან და ორ სხვა კაცთან ერთად კერპისკენ გაემართა. როდესაც მივიდა ჯვარი გადასახა და დაიწყო იოანეს თავის სახარების წარმოთქმა, ხალხი კი ეუბნებოდა გაფრთხილებულიყო, რამეთუ მათი ღმერთი მოკლავდა.
ამაზე გიორგის გაეცინა და როგორც მხნე მებრძოლი ქრისტეს ჯვრით მიეჭრა მყისვე იმ კერპს, ურო დაარტყა და წვრილ-წვრილ ნაწილებად დაამსხვრია იგი. ამტორის ცნობით ამ კერპის ნამუსრევი კვლავაც ჩანს და დროდადრო გიორგის ღვაწლის მოწმობს სხვათათვის.
თხზულების შემდეგ ეპიზოდში ვეცნობით, რომ წმინდა მამას წინასწარმეტყველლების ნიჭიც ებოძა. იმ დროს როდესაც საბერძნეთს თეოდორა დედოფალი მართავდა, მან აფხაზთა მეფე ბაგრატისგან ითხოვა მისთვის თავისი ასული მართა მიეშვილებინა, რათა თავად მას აღეზარდა იგი. ბაგრატ მეფემ სიხარულით გაგზავნა მართა თავის ახლობელ-ნათესავებთან ერთად.
იმ ხანად მარიამ დედოფალი (ბაგრატის დედა) და წმინდა მამა კონსტატნტინეპოლში იმყოფებოდნენ. სწორედ იმ დროს როდესაც მართა შევიდა ქალაქში დედოფალი თეოდორა გარდაიცვალა. მაშინ წმინდა მამამ თქვა: ”უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა”.
იმხანად მართამ კონსტანტინეპოლში დიდი დრო არ გაატარა და მალევე უკან გააბრუნეს, მაგრამ შემდგომ მართლაც კონსტანტინე დუკამ ბაგრატს კვლავ მოსთხოვა ქალი და სამეფო ქალაქში იგი თავის რძლად შემოიყვანა. ვისაც მოსმენილი ჰქონდა გიორგის წინასწარმეტყველება და ნახეს კიდეც მისი აღსრულება ძლიერ გაკვირდნენ და მადლობდნენ უფალს. ავტორის თქმით მარიამ დედოფალმაც კი უთხრა გიორგის, როდესაც იგი ქართლში ჩავიდა: ,, ”მამაო, აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ შენი, რომელი-იგი ოდესმე სწინაჲსწარმეტყუელე მართაჲსთჳს”.
სწორედ ასეთი სწიმინდით განაგებდა იგი თავის სამწყსოს. მაშინ მიხვდა, რამეთუ ,, მაშინ გულისჴმა-ყო და განიზრახა ღმრთის-მიერითა განგებითა, ვითარმედ ღმრთივ-მონიჭებული იგი ტალანტი არა აღორძინდებოდა, რომელ არს ღმრთივ-სულიერთა წიგნთა თარგმნაჲ, იჯმნა წინამძღურობისაგან და შენდობაჲ ითხოვა ძმათა ყოველთაგან. ხოლო იგინი დაღაცათუ შეწუხნეს და ფერჴთა მისთა შეუვრდეს, არამედ არა თავს იდვა მორჩილობაჲ, ვითარცა ზეგარდამო ღმრთისა მიერ აღძრულმან და გულსავსე ქმნილმან, და ესრეთ გამოვიდა მონასტრით, რომელ ვიდრე ფოლადმდეცა არა აუღია მონასტრისაჲ, და წიგნნი, რომელნი ეთარგმნნეს დეკანოზობასა შინა გინა წინამძღურობასა, ყოველნივე ეკლესიასა დაუტევნა: სჳნაქსარი დიდი, სახარებაჲ გამოკრებილი, პავლე გამოკრებილი, კურთხევანი, სტუდიელი და სხუანი რაოდენნიმე წიგნნი, და ესრეთ ცარიელ გამოვიდა მონასტრით, რომელ გარე ღმრთის-მოყუარეთა კაცთა მისცეს საგზალი,რამეთუ ორგზის იქმნა სივლტოლაჲ მისი, ხოლო უკუანაჲსკნელ ესე იყო.რამეთუ მიზეზი პირველისა სივლტოლისაჲ ესე იყო. ვინაჲთგან არა ენება წინამძღურობაჲ, არამედ მოსურნე იყო თავისა თჳსისა თანა მყუდროებით ყოფასა და ევლტოდა შფოთთა და ამბოხებათა, ამისთჳს ფარულად ყოველთაგან სივლტოლაჲ იჴუმია და შავსა რაჲ მთასა მივიდა, დიდად იბრალა გიორგის მიერ, თჳსისა მოძღურისა, დატევებისათჳს პირ-მეტყუელთა ცხოართა და მოაჴსენებდა სიტყუასა მას მაცხოვრისასა, რომელსა ეტყოდა მოციქულსა პეტრეს, ვითარმედ: ”უკუეთუ გიყუარ მე, დამწყსენ ცხოარნი ჩემნი”.
ამის გამო თავისი მოძღვრის ბრძანებით, შემდეგ კვლავ მთაწმინდაზე დაბრუნდა. საძმომ აიძულა კვლავ დარჩენილიყო წინამძღვრად, რასაც დამორჩილდა იგი. ამის შემდეგ იგი მაინც წავიდა მეორედ, ამჯერად წმინდა წიგნთა თარგმნის მიზეზით. შევიდა იგი ქალაქში და მეფისგან ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება. მას ძლერ ეძნელებოდა წმინდანის გაშვება, მაგრამ უარი აღარ უთხრა. მარიამ დედოფლის დახმარებით მან სამეფო წერილი მიითო და შავ მთაზე დაბრუნდა. იქ მას ყოველი საჭირო ნივთი მისცეს და სიყვარულით მიიღეს.
შემდგომ ვეცნობით, რომ მარიამ დედოფალმა ანტიოქიას მიაშურა, რამეთუ განზრახულლი ჰქონდა იერუსალმი მოელოცა. მას თან ჰქონდა მეფისგან ანტიოქიის განმგებლისა და პატრიარქისთვის მიწერილი, რათა მათ მთელი პატივით მიეღოთ იგი. მაგრამ ,, ხოლო პატრეაქმან და მთავარმან განიზრახეს და გაიგონეს თანაზრახვითა მამისა გიორგისითა, ვითარმედ ”არა კეთილ არს აღმოსავალისა მეფეთა დედაჲ რათამცა სასარკინოზეთს წარვიდა, ვინაჲთგან ცოდვათა ჩუენთაგან იგინი უფლებენ ქუეყანასა მას”. და ესრეთ პირითა თჳსისა მოძღურისა გიორგისითა მოაჴსენეს დედოფალსა და წარსლვისაგან დააცხრვეს. ხოლო იგი დაღაცათუ შეწუხდა, არამედ ნებასა ღმრთისასა ვერ წინა აღუდგა. მაშინ ევედრა წმიდასა მას ბერსა, რათა შეიწყალოს სული მისი, ვითარცა შეუწყალებიაცა და იღუწის ცხორებისათჳს მისისა, ვინაჲთგან თჳთ ვერ ღირს იქმნა შესლვად წმიდათა მათ და თაყუანის-საცემელთა ადგილთა, გარნა რათა საფასე იგი, რომელი საგზლად აღეკაზმა, წარიღოს იგი იერუსალემად და გლახაკთა მათ და დავრდომილთა განუყოს წმიდისა ქალაქისათა და მონასტერთა მათ წმიდათა, რომელნი შენ არიან გარემოს მისა.”
წმინდა ბერს ემძიმა ეს საქმე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წიგნის თარგმანს იყო მიცემული, დედოფლის სულის ცხონებას უფრო მეტად ესწრაფვოდა. მაშინ მოიგონა პავლე მოციქულის სიტყვები, რომლითაც მან კორინთელთ მიმართა ,, ,,აწ ესერა აღვალ იერუსალემად მსახურებად წმიდათა”, ამის აიღო გასაცემად გამზადებული ნივთიერი ფასეულებები და ერთი მოწაფის თანხლებით გაემართა წმინდა ქალაქისკენ. მშვიდობით და უვნებლად ჩააღწია. მოილოცა წმინდა ადგილები და ფული და ქონება ღარიბებს დაურიგა.
იმჟამად ნეტარი მამა პროხორე ჯვრის მონასტერს აშენებდა. გიორგი მას ფულით დაეხმარა, ხოლო ბერი ევედრებოდა, რომ ცხოველმყოფელი კვრის მონასტრისთვის გადაეცა მის მიერ თარგმნილი წიგნები. იმჟამად გიორგიმ ეს ვერ შეუსრულა, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც პროხოპე გარდაიცვალა, მისმა მოწაფეებმა მისი ნება აღასრულეს და მონასტერში გიორგის მიერ თარგმნილი სათვეო და მარხვანი მიიტანეს.
ამის შემდეგ ავტორი უბრუნდება თავდაპირველ თხრობას, კერძოდ როდესაც გიორგიმ გლახაკნი დაასაჩუქრა კვლავ შავი მთისკენ გაემართა, ღვთის ნებით იქაც მშვიდობით მივიდა და ძლიერ გაახარა მარიამ დედოფალი, რომელიც შემდგომ თავის შვილთან, ბაგრატ მეფესთან სამშობლოში დაბრუნდა. შემდგომ წმინდა მამამ კვლავ განაგრძო თარგმანი, მის ღვაწლს კი ავტორი შემდეგნაირად აღწერს: ,, რამეთუ ესე ყოველთა უწყით, ვითარმედ ეგევითარი თარგმანი, თჳნიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმისსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა, და, ვგონებ თუ არცა გამოჩინებად არს! და უფროჲსნი წიგნნი ღამით უთარგმნიან. და ესრეთ შეუსუენებელად თარგმნინ, და კანონსა თჳსსა დაუკლებელად აღასრულებნ და რაჲთურთით არა სცემდა განსუენებასა თავსა თჳსსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა − წიგნთა საღმრთოთა − შურებოდა, რომელთა მიერ დაატკბო ენაჲ ჩუენი, და წმიდანი ეკლესიანი განაშუენნა, და წერილთა თჳსთა ოქროჲთა განამდიდრნა უხუად და გარდარეულად.” იგი დაემსგავს ოქროს მომპოვებელ ოსტატს. მან თარგმნა ისეთი წიგნები, რომელიც არასდროს იყო ნათარგმნი, ხოლო ისინი, რომელიც უწინ იყო ნათარგმნი ან ნაკლული იყო ან უმეცარ ხელთა მიერ შებილწული. მან როგორც უკვე ითქვა თავის გონების ბრძმედში გამოადნო და გამოახურნა. ასევე მამა ექვთიმეს მიერ ნაკლულად თარგმნილი წიგნებიც, რომელიც არასრული დაეტოვებინა, შეავსო და განავრცო კიდეც. ზოგი ძველი წიგნი ხელახლა შეადარა ბერძნულ წიგნებს და ნაკლოვანებები გამოასწორა. ავტორის ცნობით გიორგის სხვადასხვა ადგილას გადაუწერია წიგნები, ხოლო მოღვაწეობის ადგილებსა და თავად ნათარგმნი წიგნების ჩამონათვალს ავტორის მიერ შემდეგნაირად ვეცნობით ,, .ხოლო ჯერ არს, რათა სახელითცა რაოდენნიმე მოვიჴსენნე წიგნნი, რომელნი მას ნეტარსა უთარგმნიან, რათა მათ მიერ ეუწყოს ქრისტეს-მორწმუნეთა მოღუაწებაჲ წმიდისა ამის კაცისაჲ, რამეთუ არა თუ მთაწმიდას და შავსა მთასა ოდენ თარგმნა, რათამცა თჳთოეულად აღვრაცხენით, არამედ სამეუფოსა და გზას, სულუმბრიას, ანტიოქიას, სჳმონწმიდას, და კალიპოსს და სხუათა ესევითართა ადგილთა, რამეთუ რომელნიმე წიგნნი ორკეცად და სამკეცად გარდაწერილ არიან; რომელ-ესე მოსაგონებელადცა დიდ არს, ვითარმცა ესოდენნი წიგნნი ერთმან კაცმან მზანი თარგმნილნი ცხორებასა შინა თჳსსა აღწერნა, არა რომელმცა ბერძულისაგან სრულიად თარგმნნა, ვითარ ესე კაცმან ამან საკჳრველმან მაღლად და ღმრთივ-ბრწყინვალედ აღწერნა.თარგმნა უკუე, ვითარცა ვთქუთ: დიდი სჳნაქსარი, საფუძველი ეკლესიათაჲ. სახარებაჲ გამოკრებული საწელიწდოჲ. პავლე სრული და საქმე მოციქულთაჲ და კათოლიკენი მოციქულთანი. პავლე გამოკრებული საწელიწდოჲ. საწინაჲსწარმეტყუელოჲ საწელიწდოჲ. თთუენი იბ-ნივე სრულად და ღმრთივ-ბრწყინვალედ. სტიქარონნი საწელიწდონი დღესასწაულისანი, რომელნი თუეთაცა თანა სწერიან. სტიქარონნი სამარადისონი თჳთ ავაჯნი უძლისპირონი, ვითარცა არიან ბერძულად. კუალად იგივე სტიქარონნი ძლის-პირთა ქუეშე, რომელთა შინა სხუაჲ მრავალი კეთილი სწერია და მათვე შინა მარხვათა სტიქარონნი. დიდი პარაკლიტონი, სამკაული ეკლესიათაჲ, სხჳთა მრავლითა კეთილითა აღსავსე. დიდნი მარხვანი. და ზატიკნი, ეგრეთვე მრავალ-ფერითა კეთილითა აღსავსე. წიგნი თეოდორე სტუდიელისაჲ, სწავლანი დიდთა მარხვათა საკითხავი. წიგნი დაბადებისა. თარგმანი, იოანე ოქროპირისა თქმული. წიგნი მეექუსისა კრებისაჲ, ებისტოლენი წმიდისა კჳრილესნი და სხუათა წმიდათა მამათანი, განკუეთისათჳს ნისტორ უშჯულოჲსა. წიგნი გრიგოლ ნოსელისაჲ, რომლისა შუენიერებაჲ და ქებაჲ ზეშთა არს ყოვლისა მითხრობისა. წიგნი ექუსთა დღეთაჲ, წმიდისა ბასილის თქმული. წიგნი ებისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმრთივშემოსილისანი. წიგნი საფსალმუნე დავითი, სამკაული და გჳრგჳნი ყოველთა წიგნთაჲ.ხოლო უკუეთუ ვინმე იყოს მოსწრაფეთაგანი და მამის მოყუარე, უფროჲსღა ვთქუთ,− თუ ღმრთის-მოყუარე, და უნდეს ცნობის ძალი თჳთოეულისა წიგნისაჲ, თუ რაჲ სწერია, ამისვე წიგნისა ბოლოსა პოოს აღრიცხულად და განმარტებულად თჳთოეულისა წიგნისა ზანდუკი და ანდერძი ღმრთივ-შუენიერად და ბრწყინვალედ, რომელი წმიდამან ბერმან იოანე პატრიკმან, პატრიკ ყოფილმან,აღწერა, რაჟამს იგი თავისა თჳსისათჳს გარდაიწერნა წმიდანი ესე წიგნნი, ყოველნი წულილ წულილად აღრიცხუაჲ − გალობაჲ და დასდებელი, ფრიადითა შრომითა და გულს-მოდგინებითა.” თუმცა ამ ჩამონათვლის შემდგომ ავტორი მაინც დასძენს, რომ წმინდა მამამ ბევრად მეტი წიგნი თარგმნა.
წმინდანის სამყოფელს დიდი დროის განმავლობაში წარმოადგენდა სვიმონწმინდა, ხან კი პალიპოსი. იგი თავს მოსვენებას არასდროს აძლევდა, შედეგად კი სახელი გაითქვა არა მხოლოდ ქართველთა შორის, არამედ ბერძნებთა და ასურელებთა წინაშეც. მისი საქმიანობის შესახებ ამბავი ეუწყა ანტიოქიის პატრიარქ, ნეტარ პეტრეს და იგი თავისთან იხმო და მრავალგზის ესაუბრა საღვთო საკითხებზე: კერ ჭეშმარიტ სარწმუნეობასა და საეკლესიო კანონებზე, შემდგომ სულის სათნოების, სარგებლისა და ვნებების შესახებ. როდესაც იხილა გიორგის ცოდნა ამ საკითხებში მასვე ჩააბარა მთელი თავისი ცხოვრება, ვინაიდან ყოველთვის მას უზიარებდა თავის განზრახვას და საეკლესიო საკითხების შესახებ ეთათბირებოდა.
ერთხელაც სატანის მცდელობით ცეცხლი მოედო ანტიოქიას და წმინდა მოციქული პეტრეს ტაძარი დაიწვა. პატრიარქი დიდმა მწუხარებამ მოიცვა და ვერ გათავისუფლდა მისგან სანამ მასთან არ მივიდა წმინდა მამა და ნუგეში არ სცა. პატრიარქი აღიარებდა მის ძალას და თქვა: “უკუეთუმცა სიწმიდე შენი არა მომაშვრალ იყო, ჵ წმიდაო მამაო, კნინღამცა და მწუხარებათა მიერ ჯოჯოხეთად შთასრულ იყო სული ჩემი!”.
ამ ამბის შემდეგ პატრიარქი მალევე გარდაიცვალა. მისი ადგილი კი თევდოსი დედაქალაქელმა, მაღალი ფილოსოფიისა და ორივე ცოხვრების, როგორც ხორციელის, ასევე სულიერით დიდად გამოცდილმა, დაიკავა. მაგრამ რადგანაც ახალი მოსული იყო ჯერ კიდევ არ იცნობდა წმინდა ბერს, მათი ურთიერთგახნობის ამბავი კი შემდეგნაირად არის აღწერილი: ,, .რამეთუ კაცნი ვინმე სჳმონ-წმიდელნი შურითა საეშმაკოჲთა აღიძრნეს ჩუენ ქართველთა ზედა, და ენება, რათამცა ნათესავი ჩუენი ძირითურთ აღმოჰფხვრეს სჳმონ-წმიდით. და განიზრახეს გულარძნილებით, რათა წმიდასა ამას და მართალსა სარწმუნოებასა ჩუენსა ბიწი რაჲმე დასწამონ, და ესრეთმცა სრულიად აღმოგუფხვრნეს დიდებულისა ამისგან ლავრისა, პირველითგან თჳთ წმიდისა სჳმონის მიერ დამკჳდრებულნი. და ესრეთ ბოროტად შეიზრახნეს და წარვიდეს თევდოსი პატრეაქისა წინაშე, ვითარცა ახლად შემოსრულისა და წუთ უმეცრისა, და დაცჳვეს წინაშე მისსა, რეცა მომჭირნედ, და ჰრქუეს მას: ”შეგუეწიენ, წმიდაო მეუფეო, და გჳჴსნენ დიდისა ჭირისაგან და განგუათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა, და არა უწყით, თუ რასა ზრახვენ, ანუ რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი, და ესრეთ დორიასად ზოგი მონასტრისაჲ დაუპყრიეს”. და ესმა რაჲ ესე პატრეაქსა, დაუკჳრდა და ჰრქუა მათ: ”და ვითარ ეგების ესე, რათამცა ქართველნი არა მართლმადიდებელნი იყვნეს?” რამეთუ წუთ უმეცარ იყო ნათესავისა ჩუენისა, ხოლო იგინი დაუმტკიცებდეს, და რეცა უკეთურებისა საფარველად ჰრქუეს მას, ვითარმედ: ”არა უწყით, თუ ქართველნი არიან ანუ სომეხნი, და ვერცა ხუცესი მათი ჟამსა წირავს მონასტერსა შინა ჩუენსა!”
ავტორის ცნობით ეს უკანასკნელი სიმართლეს განეკუთვნებოდა იმ მხრივ, რომ ქართველი ხუცესები სვიმონწმინდის მონასტერში ჟამს ვერ სწირავდნენ. ამის მიზეზად იგი ასახელებს ერთ საერო მღვდელთაგანს, რომელივ ჟამისწირვისთვის ასულა წმინდა სციმეონის სვეტზე ქალამნითა და საბეჭურით, სამღვდელო შესამოსელის გარეშე. როგორც თავდაპირველად იყო წესი. ამის შემდეგ კი ქართველ ხუცესებს არ უშვებდნენ ჟამისწირვისთვის, ის კი დადგენილი ჰქონდათ, რომ მათთან ზიარებულიყვნენ. ამ აკრძალვის მიზეზი სხვა არაფერი იყო, მაგრამ ბოროტმა კაცებმა პატრიარქს სხვაგვარად აფიქრებინეს. მაშინ განცვიფრდა იგი და იკითხა თუ იყო ვინმე ქართველთა შორის ბერძნული ენისა და მწიგნობრობის მცოდნე. მაშინ მათ აღიარეს, რომ იყო ერთი ქართველი მონაზონი, რომელიც ბერძნულ წიგნებს ქართულად თარგმნიდა. მაშინ პატრიარქმა ბრძანა მიეგვარათ ის ბერი.
როდესაც წმინდა მამა მასთან შევიდა პატივით მიესალმა, დაჯდომა შესთავაზა და დაუწყო საუბარი საღვთო წიგნებზე. საუბრისას წმინდა მამა ყველაფერს ღმრთივმშვენიერებით პასუხობდა და მაშინ მიხვდა პატრიარქი, ამ კაცში დაბუდებული იყო საღვთო მადლი და უთხრა: ”პატიოსანო მამაო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელ ვიხილე სიწმიდე შენი, და აჰა ესერა გხედავ მოწყალებითა ღმრთისაჲთა, დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, სხჳთა კულა ყოვლითა სწავლულებითა სრულიად ბერძენი ხარ, ხოლო მითხარ ნათესავისა შენისათჳს, - არსა რაჲ ნაკლულევანებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ მათ თანა გინა ურთიერთას განყოფილებაჲ მათ შორის და ჩუენ შორის?”
ნეტარმა გიორგიმ პირჯვარი გადაიწერა და დაიწყო მართალი სიტყვის წარმოთქმა, ისე რომ გააკვირვა მსმენელები. ავტორის თქმით მისი პირით სულიწმინდა მეტყველებდა. მაშინ პატრიარქმა ბრძანა : ,, ”კურთხეულ არს ღმერთი! ვიეთნიმე ნაკლულევანებასა სწამებდეს ქართველთა და, აჰა ესერა, მრავლითა სახითა უზეშთაეს იპოვნეს ჩუენსა და უფროჲს ხოლო ქალწულებითა, რომელი-იგი მაღლად უპყრიეს მათ”.
პატრიარქის სიტყვას ყველა იქ მყოფი დაეთანხმა, მიტროპოლიტნი, ეპისკოპოსნი და ანტიოქიელი წარჩინებულები. ყველამ ადიდა უფალი და ქება-დიდება შეასხეს წმინდა ბერს. პატრიარქი დიდად გაუწყრა სიცრუის მთქმელ სვიმონწმინდელებს და საეკლესიო-საკანონო სასკელი დაადო და სხვაგვარადაც დაემუქრა. ნეტარმა გიორგიმ უშუამდგომლა მათ და ისინი გაათავისუფლეს. ამით ავტორი ადასტურებს, რომ ის რაც სავნებლად განიზრახეს, სასარგებლო აღმოჩნდა, რადგანაც დაწესდა, რომ ქართველებს სვიმონწმინდაში ჟამი ეწირათ, რამეთუ უკვე ნათქვამია, გიორგიმდე იქ ჟამს ქართველნი ვერ წირავდნენ.
მას შემდეგ რაც გიორგიმ ეს საქმე მოაგვარა ფრიად დიდი საკითხი დააყენა მის წინაშე პატრიარქმა: ,, ”ვითარ ესე, მეუფეო, რომელ ეკლესიანი და მღდელთ-მოძღუარნი ქართლისანი არა რომლისა პატრეაქისა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან და ყოველნი საეკლესიონი წესნი მათ მიერ განეგებიან, და თჳთ დაისუმენ კათალიკოსთა და ებისკოპოსთა, და არა სამართალ არს ესე, რამეთუ ათორმეტთა მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქუეყანასა მათსა, და ჯერ-არს, რათა ქალაქსა ამას ღმრთისასა და საყდარსა მოციქულთა თავისასა დაემორჩირლნენ და ამისსა ჴელმწიფებასა ქუეშე იყვნენ, რამეთუ ნათესავი არს უმეცარი და სამწყსოჲ მცირე, და ჩუენდა მახლობელად არიან და ჯერ-არს, რათა ჴელმწიფებასა ქუეშე ანტიოქელის პატრეაქისასა იმწყსებოდინ, და აქა იკურთხეოდის კათალიკოზი მათი, და ვიყვნეთ ჩუენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს!” ეს საკითხი მსგავსად დაასკვნეს და პატრიარქიც ეუბნებოდა გიორგის როგორც პირფერულად ასევე მართლადაც, რომ იგი მიუხედავად თავისი ქართველური წარმოშობისა, განსწავლულობით მათიანი იყო და უნდა დათანხმებოდა, რომ ქართული ეკლესეიბი და მღვდელმოძღვრები სწორედ ანტიოქიის ერთ დიდ სამწყსოს უნდა დაქვემდებარებოდნენ. ამიტომ მიმართა მას რაღა მიეწერა ქართველთა მეფისთვის, რომელიც დიდ პატივს სცემდა მას, სხვა მხრივ კი ,, უკუეთუ, მიუწერო და აუწყო უმჯობესი, ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიუწერო ოთხთავე პატრეაქთა საყდრის- მოდგამთა ჩუენთა და ვაუწყო თჳთრჩულობაჲ და ქედფიცხლობაჲ ნათესავისა თქუენისაჲ, და ვითარმედ, თჳნიერ სამოციქულოჲსა კანონისა, თჳთ იმწყსებიან და მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქუეყანასა მათსა, და ესრეთ მრავალსა ღუაწლსა შეგთხინე, ვიდრე არა თჳთ მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოს!” ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ნეტარმა მამამ მიუგო : ,, ”ჵ წმიდაო მეუფეო, რაჲსათჳს-მე ესრეთ ადვილად ჴელჰყავ დიდისა ამის და მაღლისა საქმისა მოგონებად და აღსრულებად? და ვინ-მე არიან უგუნურნი იგი განმზრახნი შენნი, ანუ რად ესრეთ უგუნურად შეგირაცხიეს ნათესავი ქართველთაჲ, წრფელი და უმანკოჲ? აჰა ესერა, ვარ მე უნარჩევესი და უმდაბლესი ყოველთა ძმათა ჩემთაჲ, მე მოგცე მათ ყოველთა წილ პასუხი, მოღებად ეც წიგნი “მიმოსლვაჲ ანდრეა მოციქულისაჲ” და მუნით გეუწყოს საძიებელი თქუენი”.
პატრიარქმა ხსენებული წიგნის მოტანა დაავალა თეოფილეს, წარმოშობით ქართველს, რომელიც შემდომ ტარსუს მიტროპოლიტი გახდა.
წიგნი რომ მოიტანეს, მაშინ გიორგიმ მიუგო: ,, ”წმიდაო მეუფეო, შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი, და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი, და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სიმონს ვიტყჳ კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს, და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უვარის- მყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლ- მადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ. აწ, უკუეთუ ჯერ არს, დაგემორჩილნეთ.” და, რეცა განცხრომით, ჰრქუა პატრეაქსა: ”წმიდაო მეუფეო, შუენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას, და რათა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ!” და ესეცა შესძინა, ვითარმედ: ”წმიდაო მეუფეო, რომელნი-ეგე ჩუენ უმეცრად და სუბუქად გუხედავთ და თავნი თქუენნი ბრძენ და მძიმე გიყოფიან; იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლ-მადიდებლობაჲ არა იპოებოდა, და იოანე, გუთელ ებისკოპოსი, მცხეთას იკურთხა ებისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სჳნაქსარსა”
ყოველივე ამის წარმოთქმის შემდომ პატრიარქი და მისი მხებლები განცვიფრდნენ მისი გონების გამჭირახობით. წმინდა წერილის სიტყვები მდინარესავით მოედინებოდა მისი პირიდან. მაშინ პატრიარქმა უთხრა იქ მყოფთ ერისკაცთ: ”ხედავთა ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გუერევის? ვეკრძალნეთ, ნუუკუე წინააღმდგომი შეგუემთხჳოს და არა ხოლო თუ სიტყჳთ, არამედ საქმით გუამხილოს ძლეულებაჲ ჩუენი და დაგჳმრწემნეს და დაგჳმრემლნეს!”
იმ დღიდან პატრიარქმა და ანტიოქიელებმა ისე შეიყვარეს ბერი, როგორც მამა და სულიერი მოძღვარი. თვით პატრიარქი თავის აზრებსა და სურვილებსაც კი უზიარებდა და რჩევასაც ეკითხებოდა. შესაბამისად დიდი პატივით ექცეოდნენ ბერს, მრავალ საბოძვარსაც აძლევდნენ სანამ იგი ანტიოქიაში იყო. როდესაც რაიმე საჭირო საკითხი დადგებოდა, გაუგზავნიდნენ სახედარს და მოიყვანდნენ ბერს.
ავტორის მიერ ამ ნაწილში სრულდება გიორგისა და პატრიარქის ურთიერთობის შესახებ თხრობა და გვიამბობს შემდეგს.
ბაგრატ მეფეს ეუწყა, რომ წმინდა ბერმა დაასრულა საღვთო წიგნების თარგმა და ,,მოირწყნეს ეკლესიანი შავისა მთისანი წიგნთა მისთა მდინარითა, სულთა განმანათლებელითა, რამეთუ ყოველთა მონასტერთა გარდაიწერნეს.” ყველაზე მეტად იღვაწა სულით კურთხეულმა ანტონიმ, ლიპარიტ ყოფილმა, რომელმაც თავისი მონასტრის-ბარლაამწმინდისთვის გადააწერინა წიგნები და წმინდა ბერს დიდი პატივი მიაგო და ძვენი მიართვა. თავისი მონასრიდან წილიც დაუნიშნა, რაც დაწერილი გუჯარით დაამტკიცა. ასევე დაწერა ქება გიორგის ღვაწლის შესახებ.
მეფე ბაგრატმა და მისმა ძემ-გიორგიმ, ნახეს, რომ ყველა ეკლესია განმშვენდა წმინდა ბერის ნაღვაწით, მაგრამ აღმოსავლეთ ქართლის ეკლესიები ჯერ ისევ ნაკლულები იყვნენ. მაშინ დედოფალმა, კათალიკოსებმა, ყველა მღვდელთმოძღვარმა და მთავარებმა თხოვნა შეუთვალეს წმინდა ბერს და მიიწვიეს, რათა აღმოსავლეშთი წასულიყო. მრავალჯერ მიწერა ბაგრატმა და დედამისმა: ”წმიდაო მამაო, მანდა, შავსა მთასა, მცირედნი არიან მონასტერნი ჩუენნი, რამეთუ ქუეყანაჲ არს უცხოჲ, ხოლო ჩემი სამეფოჲ ვრცელ არს და დიდ ფრიად და მაღალ, და ეკლესიანი და სამღდელთ-მოძღურონი და მონასტერნი ფრიად მრავალ და დიდებულ. აწ არწმუნოს ღმერთმან სიწმიდესა თქუენსა, რათა ჰბრძანო და მოშურე, და ჩუენ ვიკურთხნეთ თქუენ მიერ და გავნათლდეთ, და კუალად ეკლესიანი ჩუენნი აღივსნენ მდინარეთა მაგათგან, სულთა განმაცხოველებელთა წიგნთა თქუენთა ღმრთივ- სულიერთა”. ნეტარმა გიორგიმ წასვლაზე უარი თქვა, რადგანაც გაურბოდა კაცთაგან დიდებას და თავმდაბლობა სწადდა, ასევე შიშობდა, ვაითუ მღვდელმოძღვრად დამადგინონო. ამიტომ არ თანხმდებოდა, სანამ მეფემ თავისი ხელით ოფიციალურად არ აღუთქვა: ”წმიდაო მამაო, არა თუ ოდენ წიგნთათჳს ვარ, რათა განათლდენ ეკლესიანი ჩუენნი, არამედ რათა თჳთ მე განვნათლდე ხილვითა თქუენითა და სული ჩემი ჴელთა თქუენთა შევჰვედრო, და ძე ჩემი და ყოველნი თჳსნი ჩემნი სიწმიდისა თქუენისა მიერ იმწყსებოდინ და განისწავლებოდინ, და რათა ღმერთსა ნიჭად მიუპყრნე სულნი ჩუენნი”
როდესაც ამ საღვთო მოხუცებულმა იხილა მეფის სიყვარული, მრავალი წერილის შემდეგ გადაწყვიტა თავდაპირველად შეეტყო ღვთის ნება სურდა თუ არა მას მისი ქართლში წასვლა. ამისთვის ის სწორედ ისე მოიქცა, როგორც იქცეოდნენ მოციქულები ,, რაჟამს საქმისა რაჲსათჳსმე უნებნ გულსავსე ყოფის, თუ არს-მეა ნებაჲ ღმრთისაჲ, წილნი დაწერნის და საკურთხეველსა ქუეშე დასხნის და მღდელმან ზედა ჟამი წირის, და, რაჲცა აღმოჰჴდის, იგიცა დაამტკიცის.და ეგრეთვე-ყო აწცა, რომლითა გულსავსე იქმნა. და ესრეთ მიუწერა დამორჩილებაჲ მეფესა. ხოლო მას ვითარცა ესმა, განიხარა ფრიად, და წარმოავლინა საკუთარი თჳსი იოანე და საჴედარნი და განძი, რაოდენი კმა-ეყოფოდა მას და მოწაფეთა მისთა, წარმოსცა და დაწერნა წიგნნი პატრეაქსა თანა და დუკსა ანტიოქისასა წარგზავნისა ჩუენისათჳს, და ესრეთ მოიწინეს მწოდებელნი ჩუენნი.”
ავტორის ცნობით სწორედ აქ მთავრდება თხრობის ის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია მოძღვრის ცხოვრება მისი დაბადებიდან, რამეთუ ეს სწადდათ ძმათა მისთ. ამის შემდგომ კი ავტორი წინასწარ გვამცნობს, რომ იგი მოგვითხრობს გიორგის აღმოსავლეთში (ქართლში) წასვლის ამბავს, იქიდან კონსტანტინეპოლში ჩასვლასა და მისი გარდაცვალების ჩათვლით ყოველივეს, რამდენადაც მის ძალებს გასწვდება, ,, რამეთუ ესოდენ შორს ვარ სიწმიდისა მისისაგან, ვითარცა ცაჲ ქუეყანისაგან და ვითარცა აჩრდილი მსგავსებისაგან კაცისა.” მაგრამ ამის მიუხედავად იგი მაინც აგრძელებს თხრობას, რამეთუ დავალებულია გიორგი დაყუდებულის მიერ.
ავტორი აგრძელებს თხორბას და გვიამბობს განვლილი გზის შესახებ. იგი ამბობს, რომ საკვირველი მთიდან წამოსვლის შემდგომ ისინი შეჩერდნენ წმინდა სვიმონისა და მართას საფლავებზე და მათი მადლი, ლოცვა გზად საგზლად წაიყოლეს. ,, მოვიწიენით ვიდრე დიდად მდინარედ ევფრატად და მუნ გუეუწყა, ვითარმედ მიშუებისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა თურქთა დაუპყრიეს ყოველი შუა-მდინარე და ისაური და საბერძნეთი. ხოლო ჩუენ, გუესმა რაჲ ესე, შევიქეცით მიერ და სევასტიით კერძო მივიდოდეთ, გუეგონა, ვითარმედ მათ კერძოთა მშჳდობაჲ არს.ხოლო უწინარეს ჩუენსა მისრულ იყვნეს თურქნი, და აეღო ქალაქი იგი და დაეწუა, და ჩუენ არა უწყოდეთ და მივიდოდეთ, და კნინღადა მცირედ ჴელთა მათთა შთავვარდებოდეთ, უკუეთუმცა წყალობასა ღმრთისასა არა აღეპყრა ჴელი, რამეთუ ჴმაჲ გუესმა ყოველთა, ვითარმედ: ”სადა წარხუალთ”? და, უწყის უფალმან, კაცი არა გჳხილავს, გარნა თუ ჴმაჲ ანგელოზისაჲ იყო! ესრეთ შევიქეცით და მთათა მივჰმართეთ დიდითა შრომითა. და დღე და ღამე სლვითა კესარიად მოვედით და მუნით წარმოვედით და ზღუასა მოვჰმართეთ, რამეთუ ჴმელით არღარა ეგებოდა, და, ნებითა ღმრთისაჲთა, ევხაიტს მოვიწიენით, სამარტჳლოსა წმიდისა თეოდოსესსა.” იმ ადგილას მგზავრები მღვდელთმოძღვარმა კეთილად მიიღო, ბევრი ისაუბრეს სულთა ცხონების შესახებ.
იქიდან გამოსვლის შემდეგ მიაღწიეს ზღვისპირა ქალაქს სამისონს, სადაც გაყიდეს სახედრები და ნავით გაემგზავრნენ აფხაზეთისკენ. საამო ნიავით მიაღწიეს ფოთს, საიდანაც სახედრებით ავიდნენ ქუთაისში, როდესაც უკვე რთველობის დრო იყო დამდგარი.
მაშინ აცნობეს მეფეს, რომელიც იმჟამად ზემო ქვეყნებში იმყოფებოდა, მან უმალ გააგზავნა თავისი მწიგნობარი, რათა ბერი მიეყვანათ, ასევე ,, თანა გზა-გუყვა მღდელთ- მოძღუარიცა ქუთათისისაჲ, სახელით ილარიონ, რომელი უკუანაჲსკნელ მოწაფე იქმნა ბერისა.”
საბოლოოდ მივიდნენ ქართლის ქვეყანაში, სადაც მეფე თავის მთავრებთან ერთად იყო. როდესაც სამი საათის გზა იყო დარჩენილი, მეფემ მიაგება მათ თავისი მღვდელმოძღვარნი და დიდებულნი. თავად მეფე კი კარვის წინ მიეგება წმინდანს. მხურვალედ მიესალმა და კურთხევა მიიღო მისგან. ხელის მოკიდებით შეიყვანა კარავში, დასვა და სიხარულით თქვა: ”კურთხეულ არს ღმერთი, აჰა დღეს ცხორებაჲ არს ყოვლისა სამეუფოჲსა ჩემისაჲ, რამეთუ ვიხილე ახალი ოქროპირი!” და ესრეთ მის თანა ყოველნი დიდებულნი მისნი იხარებდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა და იტყოდეს: ”კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგჳვლინა ესევითარი კაცი მაცხოვრად სულთა ჩუენთა”. და იყო სიხარული დიდი ყოველსა მას სამეფოსა მისსა.”
იმ დღეებში მეფემ დიდ წარმატებას მიაღწია. ღვთის შეწევნით მან შეიპყრო თავისი მოწინააღმდეგენი -აბათაისძენი. რომელთა შესახებაც ყველამ იცოდა, რომ მეფის შეპყრობას განიზრახავდნენ. ისინი იყვნენ ძლიერი და ახოვანი ვაჟკაცები, თავისი ძლიერებით გაამაყებულნი და უამრავ ხალხზე აღზევებულნი. ხუთივე მათგანი ერთად შეიპყრო მეფემ, ისე იოლად თითქოს უძლური ჩვილები ყოფილიყვნენ. ამ ამბამდე ერთი თვეც არ იყო გასული რაც ისინი ქართლში იყვნენ ჩასულები. მაშინ იხმო მეფემ წმინდა ბერი, მანაც მიულოცა გამარჯვება ხელმწიფეს, ხოლო მეფემ, რომელიც ძლიერ ღვთისმოშიში იყო, ჰკითხა: ,, ”წმიდაო მამაო, არავინაჲ არს განმარჯუებაჲ ესე ჩუენი თჳნიერ ლოცვისა და მადლისა შენისა, რამეთუ მრავალგზის ჴელ-მეყო და ვეროდეს განმემარჯუა, ხოლო აწ უწყი ჭეშმარიტებით, რომელ სასწაული არს ესე მოსლვისა შენისაჲ და ამიერითგან წარემართოს მეფობაჲ ჩუენი ლოცვითა შენითა!” და აუწყა ყოველივე განზრახვაჲ მათი და ბოროტისა შემზადებაჲ, რომელსა-იგი მისთჳს იგონებდეს.”
ამის შემდეგ ღვთისმსახურმა მეფემ მოაგროვა იმ დროის შესაფერისი საქმეები და რადგან ზამთარი იყო მოახლოებული ჩვეულებისამებრ აფხაზეთსი წავიდა და ანალოგიური ბერსაც შესთავაზა, რამეთუ აფხაზეთი ვაკე და თბილი ადგილია და გამოზამთრებისთვის შესაფერისიც.
ამ მოგზაურობის შესახებ ავტორი შემდეგნაირად მოგვითხრობს: ,, ვითარცა წარმოვემართენით და მივიწიენით ჭყონდიდს, მეფე სრულიად აფხაზეთს შთასლვად წარემართა, ხოლო ჩუენ ებისკოპოსმან ჭყონდიდელმან არა განგჳტევნა, რამეთუ მოწაფე იყო ბერისაჲ.და ზამთარი იგი მუნ დავყავით. და შემდგომად ზამთრისა, აღმორაჲ-ვიდა ღმრთის-მსახური მეფე კუალად ქართლადვე, მოუწოდა ბერსა წინაშე მისსა და მისცნა ადგილნი შუენიერნი, ლავრანი დიდებულნი განსასუენებელად და საყოფ[ე]ლად მისა, პირველად - ნეძჳ, ქართლსა შინა, და შემდგომად მცირედისა - შატბერდი, დიდებული ლავრაჲ კლარჯეთს შინა. ხოლო შესაძლებელ თუმცა იყო, ყოვლადვე არა ჰნებავნ მეფესა,რომელ ერთსაცამცა დღესა კიდე იყო მისგან და ვერ განძღებოდა სმენითა თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყუათა მისთაჲთა, და ესრეთ ეტყჳნ: ”წმიდაო მამაო, ამისთჳს მოვაშრვეთ სიწმიდე თქუენი, რათა ნაკლულევანებაჲ და ცთომაჲ უწესოჲ აღმოჰფხურა სრულიად სულთაგან ჩუენთა, დაფარული დაფარულად გუამხილე, ხოლო ცხადი თუალუხუავად განგჳმარტე, რამეთუ, რაჲცა მიბრძანოს მამობამან შენმან, ესრეთ შევიწყნარო, ვითარცა პირისაგან წმიდათა მოციქულთაჲსა”.და მოიყვანა ძე თჳსი გიორგი, უფლის წული, და ჴელი მისი ჴელსა შთაუდვა და ჰრქუა: ”აჰა მოგცემ სულსა ამის ყრმისასა და წინაშე ღმრთისა გთხოვს!”. ხოლო მან აკურთხა, დაულოცა და ჰრქუა, ვითარმედ: ”ღმერთმან ორითავე ცხორებითა ადიდენ, ვითარცა დიდი კოსტანტინე, შიშსა შინა თჳსსა და დაუმორჩილენ ყოველნი მტერნი მისნი”.
მოძღვარმა დაუწერა და მისხა მას შესაფერისი ღმრთივსულიერი სწავლანი და მცნებანი, რათა მუდმივად კითხულობდეს და იწვრთნებოდეს, რამეთუ უწესო ადამიანებმა რამე სიმრუდე არ ასწავლონ.
უფლისწულმა სიხარულით მიიღო სწავლა, დღედაღამ იწვრთნებოდა და ისე შეუდგა მოძღვარს, როგორც საყვარელი შვილი კეთილ მამას. ,, ხოლო მიერითგან იწყეს აღსაარებად და სინანულად თჳთ მეფემან, კათალიკოზმან, მღდელთა, დიაკონთა, მონაზონთა და მოწესეთა, დიდებულთა და მთავართა, მდიდართა და გლახაკთა. ესრეთ მჴურვალითა სარწმუნოებითა მოისწრაფდეს, ვიდრემდის საზრდელსაცა ძლით მივიღებდით. და ესრეთ განანათლა ყოველი აღმოსავლეთი კაცმან ამან, განათლებულმან ღმრთისა მიერ, და ყოველნივე ცხადნი და დაფარულნი უწესოებანი განჰმართნა.”
ღვთის მიერ განათლებულმა წმინდანმა მთერი იბერია გაანათლა, ყველა უწესობა გამოასწორა როგორც აშკარა, ასევე დაფარულიც. ,, პირველად ყოვლისა აღლესა მახჳლი მხილებისაჲ მეფეთა მიმართ მრავალთა უწესოებათათჳს, უშიშად და თვალუხუავად, სიბრძნით და გონიერად, რათა არა ჰყიდდეს საებისკოპოსოთა კაცთა მიმართ უწესოთა და უსწავლელთა და ყოვლითურთ სოფლისა შემსჭუალულთა და უწესოებათა და მიმოსლვათა შინა აღზრდილთა, არამედ გამოარჩევდეს კაცთა ღირსთა და წმიდათა, მონაზონებასა შინა აღზრდილთა, და ღმრთივ- სულიერთა მოძღუართა მიერ წამებულთა, და რათა ლოცვითა და მადლითა მათითა მშჳდობით წარემართოს მეფობაჲ მისი, და რათა არა მღდელთა უწესოებითა და ცოდვითა ერის კაცნიცა დაისაჯნენ.”
გიორგი ესაუბრებოდა სამეფო სამსჯავროსა და სასამართლოს შესახებაც. ,,სიტყჳსაებრ დავითისა: ,,მდაბალი და გლახაკი განამართლოს”, და რათა არა მისდრეკდეს სასწორსა სიმართლისასა დიდისა მიმართ, გინა მცირისა, და რათა უმეტეს ყოვლისა წყალობაჲ შეიტკბოს, რამეთუ ”წყალობაჲ და სამართალი უყუარს უფალსა” და რათა ყოველი არაწმიდებაჲ და უწესოებაჲ მოისპოს თჳთ მისგან პირველად და მერმე ერისა მისისაგან.”
შემდგომად ამისა ავტორის ცნობით, გიორგიმ დაიწყო მღვდელმოძღვართა სწავლება, რათა მიკერძოებულლად არ დაასხამდნენ ხელთ და არ აკურთხონ უღირსი მღვდლები და არიგებდა შესაბამისი წესით, რამეთუ მიყოლოდნენ მოციქულთა მცნებებს.
მღვდლებსა და დიაკონთ ასწავლიდა, რამეთუ მორჩილნი ყოფილიყვნენ თავისი ეპისკოპოსისა, მიკერძოებულად არავისთვის მიეცათ მაცოცხლებელი ხორცი და სისხლი ქრისტესი, ისე ემოქმედათ, როგორც ბრძანებდნენ მოციქულთა და მამათა მიერ დადგენილი კანონები.
ავტორის ცნობით ყველას შესაბამისად ექცეოდა. უსწავლელთ ასწავლიდა, ხოლო ნასწავლთ ახსენებდა, მდიდრებს მიუთითებდა გლახაკთა დახმარებისკენ, ხოლო გლახაკთ მოთმინებას უნერგავდა და მოწყალებით ისტუმრებდა. სატანის უხილავი ისრით დაჭრილთ კურნავდა და დასაჯრელად გამზადებულთ უვნებლად იცავდა.
ამის შემდგომ ავტორი მოგვითხრობს, ერთ ამბავს, რომელიც ადასტურებს თუ რაოდენ სასწაული მადლი ჰქონდა სულთა მკურნალებისა.
როდესაც ჭყონდიდში იმყოფებოდნენ, საეპისკოპოსოში იმყოფებოდა მთავარეპისკოპოსთან სტუმრად მისული ერთი დიაკონი, მონაზვნური წესით მცხოვრები. შემდგომ იგი მართლაც აღიკვეცა მონაზვნათ, თუმცა იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო მონაზონი. ასაკით ახალგაზრდა იყო, წარჩინებული ოჯახის შვილი. იგი ამბობდა რომ წმინდა ბერის მიმართ სასოება იქამდე ჰქონდა გაჩენილლი, სანამ მას გაიცნობდა.
სწორედ ამ ჭაბუკს შეერკინა სატანა, რომელმაც იგი განაშორა მოძღვარს, რომელსაც უზიარებდა ხოლმე თავის გულისტკივილს, მაგრამ რადგანაც ჭაბუკს ღვთის დიდი მადლი ჰქონდა არ ანებებდა ეშმაკს ცდუნებას. ერთხელაც, იგი თავად ამ თხზულების ავტორთან მივიდა და უთხრა: ,, ”ჯერ არს, მამაო, რათა უკუეთუ ვინმე მოძღვარსა თჳსსა არა ეახლოს და ბრძოლაჲ მტერისაჲ სჭირდეს, რათა სხუასა მოძღუარსა გამოუცხადოს და ლოცვასა და ევედროს?” რამეთუ ესევითართა წესთა წუთ უმეცარ იყო; ხოლო მე ვარქუ მას, ვითარმედ: ”დიდად სათნო არს ეგე, პატიოსანო ძმაო, წინაშე ღმრთისა”. და მომიგო მე ესრეთ, ვითარმედ: ”ყავ სიყუარული და მიჩუენე მე ბერი და მოაჴსენე ჭირი ესე ჩემი!” ხოლო მას ჟამსა ბერი საებისკოპოსოს აღსრულ იყო და, ვითარცა მოვიდა, მოვაჴსენე ძმისა მის გულის-სიტყუაჲ. და ხვალისაგან მიბრძანა მოწოდებაჲ მისი და, მო-რაჲ-ვიდა, შევიყვანე პირველად სენაკად ჩემდა და ვამცენ, რათა უშიშად და კადნიერად გამოუცხადოს ყოველივე ბერსა. ხოლო, ვითარცა შევიყვანე წინაშე ბერისა და მე გამოვედ, გამოუცხადნა მას ბრძოლანი თჳსნი. ჰრქუა მას ბერმან, ვითარცა თჳთ ყოველსავე უკუანაჲსკნელ მითხრობდა, ვითარმედ: ”შჳლო, ღჳნოსა განეყენე, რათა განთავისუფლდეს!” ჰრქუაჲ ძმამან მან: ”მამაო, ქუეყანაჲ ესე ხორშაკი არს და უმეტესად იგი ადგილი, სადა მე ვიყოფები, ნუ უკუე სნეულებისგან დავეცე!” ჰრქუა მას ბერმან ჴელმწიფებით და განცხადებულად, ვითარმედ: ”შვილო, მე ვიყო შორის ღმრთისა და შენსა შუამდგომელი, ვითარმედ, უკუეთუ შენ მცნებაჲ ჩემი დაიმარხო, არა-რაჲ შეგემთხჳოს სულიერი გინა ჴორციელი სნეულებაჲ”.ხოლო იგი ევედრებოდა, რათა სრულიად დაიმოწაფოს, არამედ არა ინება ბერმან, ვიდრემდის პირველისა მის მოძღურისაგან არა იჯმნას: ”რამეთუ არა გუაქუს ეგევითარ ჩუეულებაჲო”.
ბერისგან რომ გამოვიდა ჭაბუკმა ყველაფერი აუწყა ამ თხზულების ავტორს, თითქოს ბრძმედი გაევლოს და გამოხურვებულიყოს, ისეთი მხნე, თავისუფალი და მხიარული იყო. მაშინ მან თავი ანება ღვინის სმას, გარდა წმინდა ზიარებისა და შემდგომად უთხრობდა : ”ვინაჲთგან შენ ბერსა თანა შემიყვანეო, მიერითგან ესრეთ განვთავისუფლდი, მრავალ ჟამ, რომელ კუალიცა ვერ ვპოვე ჩემ შორის პირველთა მათ ბრძოლათაჲ. სიმრთელისათჳს კულა რადღა საჴმარ [არს] თქუმად, ვითარ ქუეყანასა მას შინა ხორშაკსა, ყოველთა ღჳნო-სუმულთასა, უმრთელეს იპოვა”.
სწორედ ეს ამბავი მოჰყავს ავტორს, რათა უკეთ წარმოაჩინოს როგორი მხნე და შემწე იყო წმინდა მამა სულიერი ტკივილებისა. ასევე იმოწმებს ამბებს, თუ როგორ ასწავლიდა მდიდრებს გლახაკთათვის მიეცათ მოწყალება. ამის მაგალითად თხზულების შემდეგ ეტაპზე ვეცნობით ეპისკოპოსის შესახებ ამბავს : ,, .რამეთუ იყო ვინმე ებისკოპოსი, მდიდარი ფრიად და წარჩინებული, რომელსა-იგი მარჯულ ჰბრძოდა ეშმაკი, რათა სიმდიდრითა საფასეთა თჳსთაჲთა ეკლესიანი შეამკვნეს და განაშუენნეს, და რათა მონასტერთა შინა აღაპი დაიდვას, და ამით მიზეზითა სცჳდა სიმდიდრესა თჳსსა, ხოლო გლახაკთა ყოვლადვე არა მიხედვიდა. ესე დაემოწაფა წმიდასა მას ბერსა და განუცხადა თჳსი გულის-სიტყუაჲ. ხოლო ბერმან ჰრქუა მას, ვითარმედ: ”ჵ მეუფეო, ეგე ბრძოლაჲ ბოროტისა მტერისაჲ არს, რათამცა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა უწყალოებასა შინა მოგკლა, რამეთუ არა თუ ამას გეტყჳს ღმერთი, ვითარმედ: ეკლესიანი არა შეამკვენითო, არამედ, რამეთუ; ,,მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი”, ვითარცა იტყჳს იოანე ოქროპირი. ესრეთ სწავლათა თჳსთა მიერ მოწყალებად გლახაკთა მოიყვანა და ფრიად განყოფად იწყო უღონოთა და დავრდომილთა, ვიდრე არა სახილველად საკჳრველ იყო, რომელნი პირველ იცნობდეს. ესევითარითა სწავლითა განანათლა ქუეყანაჲ ჩუენი და ესრეთ აცხოვნნა სულნი ურიცხუნი და ძღუნად მიუპყრნა სიძესა მას სულთასა.”
ამის შემდეგ ავტორი გადადის ობოლთა შეკრების შესახებ ცნობებზე, რამეთუ მისივე აზრით ქვეყნის დაბადების შემდეგ იქამდე მსგავსი საქმე არავის აღესრულებინა, რადგანაც იშვიათია ქალაქში თუ სოფლებში, როდესაც ვინმეს შეეძლოს ათი, თხუთმეტი ჭაბუკი ერთად შემოიკრიბოს, და თანაც არა მთლად უასაკონი, როგორც მაგალითად მეფეთა წიგნში აბდია წინასწარმეტყველის შესახებ, რომელმაც იეზაბელისგან ლტოლვილი ორმოცდაათი წინასწარმეტყველი გამოქვაბულში დამალა. ავტორი ასევე იმოწმებს, რომ ახალ შჯულშიცაა მსგავსი რამ მოთხრობილი წმინდა კლიმის, მინდა ზოტიკე ხუცესისა და სამფსონ უცხოთა-შემწყნარებელთა შესახებ. მაგრამ მათგან განსხვავებით ნეტარმა მამა გიორგიმ, რომელიც ყოველმხრივ მიემსგავსა იესო ქრისტეს, არა თუ ათი ან ოცი, არამედ ორმოცი ყრმის აღზრდა იკისრა, რომელთაგან ბევრმა არც მარჯვენა იცოდა და არც მარჯხენა, არამებ ბევრს კიდევ დედის რძე სჭირდებოდა საკვებად. ,, ხოლო სხუანი მეორესა მას ჰასაკსა შინა შესრულნი სიჩჩოებისაგან მცირედ-ოდენ დაკლებულნი და ყრმად სახელდებულნი. კუალად მწყობრნი მესამენი, მესამესა მას ჰასაკსა შინა სიჭაბუკისასა მოზარდნი და თმათა მათ მამაკაცობისათა მომლოდენი. ხოლო მეოთხენი განწყობილნი ხუცესთა და მოხუცებულთა და ბერთანი, რომელნი-იგი ნეფსით თჳსით დაემოწაფნეს, ხოლო სხუანი კუალად შვილთა თჳსთა თანა დადგრეს, - ესე ყოველნი ერთ მწყობრად და ერთ რიცხუად შეკრებულნი და რვა ათეულად აღრიცხულნი, და ნავთ-სადგურსა წყალობისა მისისასა შევედრებულნი, ვითარცა ცხოარნი მწყემსისა კეთილისა, ეგრეთ შეუდგეს წმიდასა მას.”
ავტორის ცნობით მათი შეკრების მიზეზი ის იყო, რომ იმჟამად ურჯულოების სიმრავლემ კეთილი ღმერთი განარისხა. მთელ აღმოსავლეთში დამსახურებულად ჩამოვარდა შიმშილობა, რამეთუ მოსე წინასწარმეტყველის სიტყვის მსგავსად უწესო საქმე გაბატონდა ხალხთა შორის. ამ მიზეზით იმჟამად ბავშვები მშობელთათვის საძულველად ქცეულნიყვნენ, რაზეც ავტორი მეტ ცნობას აღარ იძლევა, რადგანაც მას ამის აღწერა უხამსად მიაჩნია, და ესეც მხოლოდ მისთვის ამცნო მკითველს რომ წმინდანის ქველმოქმედების შესახებ ეცნობებინა, რომელიც იმ დროს მოსეს დამსგავსებოდა და უმწეონი ორმაგი საკვებით გამოეკვება. სწორედ მოსესავით, მანაც იხსნა მისთვის მინდეობილი ოთხმოცი კაცი, რამეთუ არა მხოლოდ ღარიბებს მოაკლდათ, არამედ მდიდართაც, მსგავსად დავითის სიტყვებისა: ”ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნესო”. ამ ბოროტებას ძლივს გადაურჩნენ, მაგრამ განსაცდელით შევიწროება ჯერ ბოლომდე ჩავლილი არ იყო რამეთუ ,, ესე ყოველი რაჲ იხილა წმიდამან მამამან გიორგი, სულთ-ითქუნა მწუხარებით და ცრემლით იტყოდა: «ჵ მე, რასათჳს მე მოვიწიე ამას ქუეყანასა ხილვად ესევითართა ამათ ბოროტთა!”
ავტორი ასევე აღწერს ძიების პროცესს, სადაც ვეცნობით, რომ მათ პირველად მოიხილვეს წმინდა ბერის ორი ძალზე გაჭირვებული დისწულნი. ,, ესენი შეიწყნარნა წმიდამან მან, სიტყჳსაებრ ესაჲასა, ვითარმედ: ,,თჳსი ნათესავისა შენისაჲ არა უგულებელს- ჰყო''. ხოლო სხუანი სხუათა ადგილთაგან შეკრიბნა - რომელნიმე ქალაქთაგან, რომელნიმე დაბათაგან,სხუანი სრულიად უდაბურთა ადგილთა პოვნა, სხუანი მონებისაგან გამოიყვანნა, ხოლო სხუანი მონებისა უმწარესისა ცხორებისაგან იჴსნნა, და ესრეთ, ჟამსავე სიყრმისა და უმანკოებისასა, ვიდრე ცნობადმდე კეთილისა და ბოროტისა, გამოიჴსნნა ნეტარმან ამან, და ესე ვითართა შეურაცხთა საქმეთაგან მღდელად უბიწოდ და მნედ სარწმუნოდ ქრისტესა შეწირნა.” ეს საკვირველი საქმე მთელ აღმოსავლეთში შეიტყვეს და აღსაზრდელ ყმათა შეკრება ყოველი მხრიდან დაიწყეს. ზოგს თავად მიყავდა შვილი და მის მიღებას ევედრებოდნენ, ზოგიც კართან უტოვებდა, ნაწილი ბავსვებისა თავად გამორბოდა მშობლებისგან და წმინდა ბერთან ირჩევდნენ ყოფნას. ამგვარად გაიზარდა მათი რაოდენობა.
ამ ეპიზოდში ავტორი მოუწოდებს მკითხველს ნათლად გაიაზრონ რაოდენ დიდი საქმე იტვირთა ღვთისკაცმა, რამეთუ მრავალი შვილი თავად ოჯახისთვისაკ კი რთული შესანახია, წმინდა მამამ კი ობოლთა ამდენი რიცხვი იტვრითა. და არა მარტო გადაარჩინა ისინი, არამედ ღვთის საამოდ აღზარდა და სწავლებით სრულყო. ,, რამეთუ აღორძინებასა თანა ჰასაკისასა წერილთა საღმრთოთა სიტკბოებასა, ვითარცა სძესა და თაფლსა ასუმიდა, ხოლო გუამისა ორღანოთა მათ ასოთა განჭაბუკებასა და საცნობელთა გარეშეთა განვრცელებასა თანა შინაგან გონებისა ორღანოთა და საცნობელთა განაფრთხობდა და განაჭაბუკებდა და ესრეთ მრჩობლ აღორძინებულთა დამბადებელსა მათსა ღმერთსა მიუძღვანებდა.რამეთუ არა სხუათა მოძღუართა მიერ ასწავლიდა ესოდენსა ამას სიმრავლესა ანუ თუ სხუათა თანა- შემწეთა იჴუმევდა, რათამცა თჳთ მცირედ რაჲმე განისუენა, არამედ ყოვლითურთ თჳთ ასწავებნ დაჰმოძღურინ - მწყობრთა და მწყობრთა, ჰასაკეულთა და ჰასაკეულთა, ხოლო წესსა და კანონსა ლოცვათა თჳსთასა არა დააცადებდა, არცა მარხვისა და მოღვაწებისაგან განისუენებდა, ვიდრემდის უპირატესთა მათ შემდგომნი შეასწორნა, ხოლო შესწორებულთა მათ შემდგომნი მათნი წარსწივნა, და ესრეთ, დაღაცა თუ ჰასაკითა ერთი მეორისა უმეტეს იხილვებოდა, ხოლო სწავლულებისა მიერ ურთიერთარს მოჰასაკე იყვნეს”
შემდგომ ავტორი გვიამბობს ცილისმწამებელთა შესახებაც, რამეთუ უდანაშაულოთათვის ცილისწამება ჩვეულებრივი ამბავია, რაც თავად სახარებაშიც წერია, რასაც ავტორი მაგალითებით განამტკიცებს. ავტორი კიდევ აღნიშნავს, რომ ბავშვების შეკრებას მრავალი მიზეზი ჰქონდა, უმთავრესად ეს იყო წმინდა მოძღვარის ღვთისმიერება, სხვა მხრივ კი ასევე რადგანაც მრავალი შრომა ჰქონდა გაწეული წიგნის თარგმანში, მას სურდა ხალხს შეესწავლა ისინი და რამეთუ ზრდასრულთა განსწავლა შეუძლებელია, ამიტომაც აირჩია ყრმათა რბილი და ჩვილი ბუნება, რომელიც ცვილის ბეჭდის მსგავსად იღებს სახეს. შესაბამისად მანაც ღვთისსაამოდ გაწვრთნა ისინი და ამით იმედი არ გასცრუებია. მესამე მიზეზედა ავტორისთვის ასევე ღვთის განგებაც სახელდება, რადგანაც წმინდა ბერმა დეკანოზობაში და წინამძღვრობაში შეიწავლა მგალობელთა და ხუცესთა მომზადება, მაგრამ რადგან ჩვენი ქვეყანა მთაწმინდიდან შორს იყო სწავლულები იშვიათად მოდიოდნენ, მოსულები კი მალევე უკან ბრუნდებოდნენ. ამიტომაც გიორგის სურდა მის მიერ აღზრდილი ბავშვები სიტყვიერი ცხოვრების სახით ძღვნად მიერთმია წმინდა ექვთიმესთვის და მღვდლებად, მგალობლებად ემსახურათ წმინდა ეკლესიაში. საბოლოოდ, ავტორის ცნობით ეს სამი მიზეზი არსებობდა.
ამის შემდეგ იგი კვლავ უბრუნდება პირვანდელ საუბარს და ამბობს, რომ მსგავს ყოფაში მათ ხუთი წელი გაატარეს. მრავალმა საეპისკოპოსო ეკლესიამ და მონასტერმა გადაწერა წმინდა მამის წიგნები, ამით მან გაასწორა ყოველი ცდომილება რაც იყო და თანადროულად ასწავლა ყველას საუკუნო ცხოვრების გზა. ასწავლა წესები და მითითებები როგორც წერილობით, ასევე ზეპირადაც და ამგვარად მისთვის ბოძებული ტალანტი მრავალგზის ააღორძინა.
მან თავისი მოძღვრებით მთელი აღმოსავლეთი გაანათლა. ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის წილხვედრი ქვეყანა კვლავ განამტკიცა. რამეთუ მათ მოვლეს ჩვენი ქვეყანა, ხოლო სვიმონ კანანელი აქ დამკვიდრდა კიდევ. ხოლო ნიკოფსიაში არის წმინდა ნაწილებიც.
ამ ეპიზოდში ავტორი კიდევ ერთ ისტორილად მნიშვნელოვან ეპიზოდს გვაცნობს, კერძოდ : ,, ხოლო რაჟამს-იგი სამხილებელად ცოდვათა ჩუენთათჳს ლომი იგი მყჳრალი, ბაბილონით აღმოსრული, სიმტკიცესა ზედა მკლავისა თჳსისასა მიქადული, მეორე ნაბუქოდონოსორ, უშჯულოჲ, სურტანი გამოვიდა საზღვართაგან თჳსთა მოსრვად ნათესავსა ქრისტეანეთასა, მას ჟამსა შინა ვიყვენით ჩუენ ახალქალაქს ჯავახეთისასა, და მუნ ჰყვეს ყოველნივე იგი ობოლნი თჳსნი, და ვსხედით ყოველნივე წინაშე მისსა. შუადღეს ოდენ განკჳრვებაჲ დაეცა ჟამ რაოდენმე და მეყსეულად განკრთომის სახედ გჳბრძანა ყოველთა, ვითარმედ: ,,უწყოდეთ, რამეთუ რისხვაჲ ღმრთისაჲ მოწევნად არს ამას ქალაქსა ზედა!” და ბრძანა აღკაზმვაჲ ყოველთაჲ. და იყო რაჲ მწუხრი, გამოვედით, და შემდგომად სამისა დღისა მოიწია რისხვაჲ იგი უგრძნულად, რომელსა ყოველნი მეცნიერ ხართ. რამეთუ არათუ ახალქალაქისა ოდენ მკჳდრნი მოისრნეს, არამედ დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეუფოჲსა ჩუენისანი ძჳრ-ძჳრად მოისრნეს და წარწყმდეს, რომლისა მიერ ღმრთის-მსახური მეფე ბაგრატ დიდსა მწუხარებასა შთავარდა, ვიდრე არა მივიდა კაცი ესე ღმრთისაჲ და სიტყჳთა მიერ ნუგეშინის- ცემისაჲთა და მრავალ-სახეთა თხრობათა და უწყებათაგან ალმური იგი მწუხარებისაჲ განუქარვა,ვიდრეღა თჳთ აღიარებდა, ვითარმედ: ”უკუეთუმცა არა მეხილვა სიწმიდე შენი, კნინღამცა და მწუხარებისა მიერ მომკუდარ ვიყავო”.
ამის შემდგომ ცნობილი ხდება, რომ როდესაც წმინდა მამამ იგრძნო მისი რომ მოახლოვდა ხორცისაგან თავისი სულის გაყრა, საღვთო განგებამ უბიძგა მთაწმინდაზე ასვლა, რათა იქ საიდანაც ამობრწყინდა ღმრთივსულიერი წიგნთა ცოდნის ნათელი, იქვე აღსრულებულიყო. თუმაცა წმინდა ბერი კონსტანტინეპოლში გარდაიცვალა, წმინდა ექვთიმეს მსგავსად.
მაგრამ ავტორის ცნობით მთაწმინდაზე ასვლა მოძღვრისთვის საჭირო იყო, რათა თავისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილნი, როგორც სიტყვიერი ცხვრები, წმინდა ექვთიმესთვის მიეგვარა, და ბანაკის შიგნით დაებინავებინა, და შესაბამისად იგი კვლავ დაბრუნდებოდა იმ წყაროსთვალთან, საიდანაც მისი სიბრძნის მდინარე აღმოცენდა. ასეთი განზრახვით მოუვიდა მის გულს მთაწმინდაზე წასვლის სურვილი.
ამის შემდგომ ილოცა და გაემართა მეფე ბაგრატისკენ. როგორც მის სიბრძნეს შეეფერებოდა მრავალი ლოცვა წარმოთქვა მის მიმართ და მადლობა უნთხრა იმ სარწმუნებისა და სიყვარულისთვის, რომელიც მეფეს გააჩნდა, შემდგომ კი ასევე დასძინა: ”ჵ მეფეო, ვითარცა მორჩილ-ვექმენ ბრძანებასა შენსა და დაუტევე ქუეყანაჲ უცხოებისა და მწირობისა ჩემისაჲ, სადა-იგი მრავალთა შფოთთაგან განმესუენა, აწ შენ მორჩილ ექმენ სიგლახაკესა ჩემსა, აწცა, ვითარცა მრავალგზის, განმიტევე ქუეყანად მწირობისა ჩემისა, წარმგზავნე ლოცვით და კურთხევით მიმაწიე სამარხოსა მამათა ჩემთა სულიერთასა, ვითარცა მამათ-მთავარი იაკობ ეგჳპტეს აღსრულებული და აღთქუმისა ქუეყანად წარყვანებული, დასაფლველად აბრაჰმის თანა და ისაკისა. და ვითარცა ძუალნი იოსებისნი, მიერვე განჴმ[უ]ლნი და მამათა თჳსთა თანა დასხმულნი. უკუეთუ შეემატა რაჲ ღმრთის-მსახურებასა შენსა და წესიერებასა სამეფოჲსა შენისასა, - ესე მადლი შენი არს, რამეთუ შენ მიწოდე და არა თჳთ მოვედ. მიიღე აღწერილი შენი და იხილე, რომელსა შინა აღგეთქუა უზრუნველ-ყოფაჲ ჩემი, მეფემან მაგან ქუეყანისამან ქუეყანისავე მეფისა მიმგზავნე, და ქალაქისა, ყოველთა შემკრებელისა, რათა მიერ ზეცისა მეფისა წარვიგზავნო ქალაქისა მის, ყოველთა ღირსთა შესაკრებელისა და მაშურალთა განმასუენებელისა, ვინაჲ იგი დიდ არს უფალი, ქებულ ფრიად ქალაქსა უფლისა ძალთაჲსა,ვითარცა დავით იტყჳს: ”სადა იგი ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ამაღლდებიან”.
ამ სიტყვებმა მეფის გული მოალბო. მრავალი ცრემლი დაღვარა მეფემ მთავრებთან და ეპიკოპოსებთან ერთად, მაგრამ მძლე მასზე უფრო მძლისა და უძლეველისგან იძლია და შესაბამისი წერილითა და დაცვის თანხლებით გაგზავნა გიორგი მეფე კონსტანტინე დუკასთან. თანაც მრავალი განძი უბოძა მეფემაც და მისმა მთავრებმა, ეპისკოპოსებმაც. ყველა ძლიერ შეწუხდა გიორგის წასვლით, რამეთუ ყოველი მისი მოწაფე იყო.
ავტორი აქვე აკეთებს ჩანართს, რომ ,, ხოლო წარმოვემართენით მას ჟამსა, ოდეს მართა უფლის წული სძლად თჳსად კოსტანტინე დუკიწმან მოიყვანა, დედოფლად სამეუფოსა ამას ქალაქსა, ვითარცა დაგჳწერია პირველვე წინაჲსწარმეტყუელებისათჳს ბერისა, რამეთუ წარმო-რაჲ-ჰყვანდა პირველ ჩუენსა, ჰრქუა მარიამ ბაგრატის დედამან ბერსა, ვითარმედ: ”აჰა, მამაო, აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ შენი მართას ზედა!” და ესრეთ წარმოიყვანეს დიდითა დიდებითა სამეუფოდ.” აქვე ვეცნობით რომ წმინდა მამამდე კონსტანტინეპოლში წარგზავნეს არონი, ნეტარი ბერი პეტრე, იოვანე ბედიელი მთავარეპისკოპოსი და სვინგელოზი.
როდესაც წმინდა მამა გაემართა გემით ზღვა აბობოქრდა, მრავალი დღის განმავლობაში ტალღები ეჯახებოდა ნავს, ისე რომ გადარჩენის იმედიც აღარ ჰქონდათ, მაგრამ გიორგის ოცვამ გადაარჩინა ყველა და მშვიდობით მივიდნენ კონსტანტინეპოლში. მაშინ პეტრემ მათი მისვლა აუწყა მეფეს, ხოლო მანაც მეორე დღესვე მიიწვია ბერი სასახლეში.
მართლაც მეორე დღეს მივიდა წმინდა ბერი სასახლეში, წესისაებრ თაყვანი სცა მეფეს და სათანადოდ მოიკითხა. როდესაც მან შეხედა წმინდანის მშვიდ თვალებსა და მოისმინა მისი მდაბალი, მოკრძალებული საუბარი, პეტრეს მიმართა, რომ მადლობელი იყო ბაგრატის, რამეთუ ასეთი წმინდა კაცი გაეგზავნა მისთვის. შემდგომ მან წაიკითხა ბაგრატის მიერ მიწერილლი წერილი, რომლის შინაარსი და შემდგომი საუბარი გადმოცემულია მსგავსად: ,, შინა წერილ იყო, ვითარმედ: ”გიხაროდენ, ჵ ღმრთის-მოყუარეო მეფეო, წარმომივლენიეს წინაშე მეფობისა შენისა კაცი, მიმსგავსებული უსხეულოთაჲ, და მოძღუარი ჩუენი ყოველთაჲ, ეგრეთ შეიწყნარე, ვითარცა შუენის მეფობასა შენსა, რომლისა ლოცვითა დაამყარენ ღმერთმან ყოვლისა სოფლისა მპყრობელი წმიდაჲ მეფობაჲ შენი!”მაშინ უმეტეს გულისჴმა-ყო ღირსებაჲ მისი და დიდითა პატივითა მოიკითხა და ჰრქუა, ვითარმედ: ”რაჲცა გნებავს, ყოველსავე აღგისრულებს მეფობაჲ ჩუენი!” ხოლო, ვითარცა ესრეთ სთნდა ღირსებაჲ მისი, იწყო უბნობად და კითხვად ბერისა სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა.ხოლო იყვნეს მას ჟამსა წინაშე მეფისა მდგომარე კაცნი ვინმე დიდებულნი და წარჩინებულნი, ჰრომნი და სომეხნი, რომელთა თანა იყო გაგიკ კარელი და სხუანი თავადნი სამეუფოჲსანი, რამეთუ ჟამიცა მარჯუე იყო და დაწყნარებული. და, ვითარცა ვთქუ ზემო, იწყო მეფემან კითხვად შჯულისათჳს მართლ-მადიდებელთაჲსა ანუ თუ: ”არს რაჲ განყოფილებაჲ სარწმუნოებისა თქუენისაჲ სრულსა მას და უცთომელსა სარწმუნოებასა ბერძენთასა თანა?” ხოლო ნეტარმან მან ესრეთ მაღლად და ღმრთივ- ბრწყინვალედ წარმოთქუა სარწმუნოებაჲ მართალი ჩუენ ქართველთა ნათესავისაჲ, რომელ განაკჳრვა მეფე და ყოველნი მთავარნი მისნი, და ჰრქუა მეფესა: ”ესე არს სარწმუნოებაჲ მართალი ნათესავისა ჩუენისაჲ, და რაჟამს ერთგზის გჳცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ გინა მარჯულ და არცა მივდრკებით, თუ ღმერთსა უნდეს”.ხოლო განკჳრდა მეფე, ესმა რაჲ ვითარმედ: ,,არღარა მიდრეკილ ვართო”, და ჰრქუა ბერსა: ”მადლი ღმერთსა, ვითარ მრავალი უაღრესი ვიხილე თქუენ შორის, გარნა, პატიოსანო მამაო, მე კაცი ვარ სამჴედროთა საქმეთა შინა აღზრდილი და ვერ წულილად მეცნიერ ვარ ყოველსა, ხოლო აწ ვინაჲთგან კუერთხი მეფობისაჲ მე მიპყრიეს, მნებავს, რათა ყოველსა მეცნიერ ვიყო ბერძენთა და ჰრომთასა, რამეთუ პირველ ყოვლისა მართლმადიდებლობაჲ იძიების მეფეთაგან. მაუწყე, ვითარ არს ესე, რომელ ჩუენ და თქუენ მფუვანითა ვწირავთ და ზედაშესა წყალსა ურთავთ, ხოლო ჰრომნი ჴმეადითა და ურწყოჲთა წირვენ? ფრიად უცხო მიჩნს ესე საქმე და ურთიერთას წინააღმდგომ! ანუ რაჲ არს ძალი პურის ცომისა და მარილისაჲ, რომელ ურთავთ ცომსა, ანუ წყალი, რომელ ურთავთ ზედაშესა? განგჳმარტე და გულისჴმა-გჳყავ, წმიდაო მამაო!”. ხოლო ნეტარმან მიუგო, ვითარმედ: ჵ მეფეო, ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა პირველ და მრავალგზის მიდრკეს, ამისთჳსცა მსგავსად თქუენსა ღმრთის-მსახურთა მეფეთა წმიდანი კრებანი შემოკრიბნეს და წულილად გამოიძიეს განგებულებისათჳს ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ჴორციელად გამოჩინებისათჳს მისისა, და საუფლოთა მათთჳს ჴორცთა გამოძიებაჲ იქმნა და დააწესეს, რათა მოვიღებდეთ ცომსა სახედ ჴორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა სახედ სულისა გონიერისა, და მარილსა სახედ გონებისა, წინააღდგომად წვალებასა უშჯულოჲსა აპოლინარისსა, რომელი-იგი ჴორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა, უგუნური იგი და უსულოჲ. ხოლო ღჳნოჲსა თანა წყალსა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოჴდა გუერდსა მჴსნელისასა, ვითარცა იტყჳს იოანე ოქროპირი. ესე არს განმარტებაჲ და მიზეზი ამათ საქმეთაჲ! ხოლო ჰრომთა ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის, და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და უმეტესადღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს”. ხოლო მთავართა მათ ჰრომთა დიდად განიხარნეს, რამეთუ კუალადცა ყოფილ იყო ამის პირისათჳს ძიებაჲ მათ შორის და უსწავლელობითა ვერ სიტყუა-ეგო მეფისადა და ეტყოდეს წმიდასა: ”წარგიყვანოთო წინაშე წმიდისა პაპაჲსა”.მერმე კუალად ჰკითხა მეფემან სომეხთათჳს, თუ ”აქუს რაჲ ნაწილი ქრისტიანეთა თანა?” ხოლო მიუგო წმიდამან მოკლედ, ვითარმედ: ”ბოროტსა სარწმუნოებასა სახელცა ნუ ედებინ!” და მათ ყოველთა წინაშე სირცხჳლითა აღავსნა სომეხნი იგი მეფენი.”
ამის მოსმენის შემდეგ მეფემ ძლიერ განიხარა და მადლობა შესწირა ღმერთს, დიდად აქო წმინდა ბერი მთავართა და წარჩინებულთა წინაშე, რამეთუ მრავალი ძნელად მისახვედრი საკითხი განუმარტა და დიდი სიამოვნება მიანიჭა მასთან საუბრით. ბერმაც დალოცა მეფე და ამის შემდგომ წამოვიდნენ.
იმჟამად მთაწმინდის მამასახლისი სამეფო ქალაქში იყო, როდესაც იხილა ისინი ძლიერ განიხარა და უთხრა : ,, ”წარვედ, კეთილო ბერო, მონასტრადვე შენდა, ვინაჲ-იგი ყოფილ ხარ პირველ, და შენნი ეგე ობოლნი მუნ აღზარდენ, რამეთუ ეგრეთ მოუწერია ჩუენდა ძმასა ჩუენსა ბაგრატს სევასტოსსა; ხოლო პირველი ეგე წინამძღუარი კეთილად გვედია”. და ესრეთ მოგჳლოცა მონასტერი და ჰრქუა ბერსა, ვითარმედ: “ობოლნი იგი შენნი უჩუენენ მეფობასა ჩუენსა, რათა წყალობით მიხედნეს და სხუაჲ ყოველივე თხოვაჲ შენი აღგისრულო, და წარვედ მშჳდობით და, რაჲცა გეკლებოდის, გვაცნობებდი და დაგიურვებდეთ!”
მეორე დღეს, 24 ივნისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული იყო. ისინი წავიდნენ სდუდიელთა მონასტერში და იქ ემთხვიენ წმინდა წინამორბედის თავს, ჟამისწირვაზე ეზიარნენ მაცოცხლებელ საიდუმლოთ და კვლავ დაბრუნდნენ თავიანთ მეტოქში, ქსელოფს.
ამის შემდეგ ავტორი წყვეტს თხრობას და მკითხველს აუწყებს, რომ სწორედ ეს იყო გზა, რომლითაც ცხოვრობდა წმინდა ბერი მას შემდეგ რაც შავი მთა დატოვა. ამჟამად კი იწყებს თხრობას მისი გარდაცვალების შესახებ. მაგრამ შეჭრწუნებული და შეშინებულია ამით, რამეთუ აქამდე სიტყვა სწორი და მარტივად სავალი იყო, ხოლო ახლა გაჭირვება ელის მას ,, რამეთუ ნავთ- სადგურსა დუმილისასა მეგულების შევედრებაჲ რამეთუ ჴელი ჩემი ძრწის და სული შეიწრდების, ხოლო გონებაჲ განცჳბრდების, რაჟამს გულისჴმა-ვყო ჟამი სიობლისა ჩუენისაჲ, გარნა შიშითა ურჩებისაჲთა, მორჩილებად ბრძანებისა თქუენისა მოსრულმან, კუალად აღვძრა უძლური ენაჲ ჩემი და სარბიელსა სიტყჳსა ჩემისასა კუალად ვიწყო სლვად.”
როგორც უკვე აღინიშნა, წმინდა მამასთვის უცხო არ იყო მისი გარდაცვალების მოახლოება, რამეთუ წინასწარ უწყოდა ყოველივე. იოანე ნათლისმცემლის შობის დღის შემდგომ, როდესაც მეტოქში დაბრუნდნენ ცოტა ხნით მხურვალება დაეწყო, ყოველგვარი სხვა სნეულების გარეშე. მათ იფიქრეს, რომ ეს ყოველივე დაღლილობის გამო იყო. ასე გასტანა სამი დღე, ხოლოშემდგომ წმინდანმა ბრძანა : ,, ”შეეკაზმენით და ობოლნი ეგე აღიყვანენით, რათა წინაშე მეფისა წარვიდეთო”, რამეთუ ბრძანებაჲ გამოსრულ იყო, რათა გარე ფილოპატსა გჳხილნეს. ხოლო ჩუენ ვაყენებდით, ვითარმედ: ”დღეს იყოს და ხვალე თაყუანის-ვცეთ მეფესა”. ხოლო მან განცხადებულად სასმენელად ყოველთა ბრძანა, ვითარმედ: ”უკუეთუ დღეს არა ვიხილოთ მეფე, ხვალე ჴელთა არაჲ გუაქუს!” ხოლო ჩუენ ვერ გულისჴმა-ვყავთ ძალი სიტყჳსაჲ მის, რომელი-იგი შემთხუევად იყო, არამედ წარვემართენით, და იგი თავადი აღჴდა საჴედარსა თჳსსა თჳნიერ სხჳსა მიახლებისა გინა ტჳრთვისა, და ესრეთ მივიწიენით ველსა მას ფილოპატოჲსასა, და გარდაჰჴდა საჴედარსა,რათა: ”მოველოდნეთ მეფესა ვიდრე შემოქცევადმდე!” და მოვიდა ჩუენდა პეტრეცა, კაცი იგი კეთილად მოჴსენებული, და დაწერეს პიტაკი წინაშე მეფისა.”
როდესაც ღვთისმსახური მეფე დაბრუნდა, თავის შვილთან ერთად მოვიდა. დამხვდარი ბერები დაემხნენ მის წინ და თაყვანი სცეს, ხოლო კურთხეული მეფე მივიდა ახლოს, ნახა ობლები, გაუკვირდა მათი სიმრავლე და მრავალრიცხოვნრება. მადლობა შეწირა ბერს, რამეთუ მათ დროში სხვა ვერავინ შესძლებდა მსგავს საქმეს. მაშინ ბერმა გადასცა პატაკი და უთხრა: ,, ”წმიდაო მეფეო, ესე ობოლნი აღმოსავლეთს შემიკრებიან და სახელი ღმრთისაჲ დამისწავებია და აწ წინაშე მეფობისა თქუენისა მომიყვანებიან; ვითარცა ჯერ გიჩნს, აღზარდენ და შეიწყალენ მლოცველად სულისა თქუენისა და შვილთა თქუენთა მზეგრძელებისათჳს”. რამეთუ თანა უდგეს სამნივე იგი შვილნი მისნი და ზემოჴსენებულნი იგი მთავარნი ჰრომაელნი და გაგიკ კარელი, და უკჳრდა ყოველთა და ჰნატრიდეს ბერსა მას წმიდასა. ხოლო, ვითარცა ვთქუ, პიტაკი მისცა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ: ”შემდგომად ღმრთისა ჴელთა შენთა შეჰვვედრებ ობოლთა ამათ! ხოლო მე ამიერითგან არღარა მიხილოთ”. მაშინ უბრძანა მეფემან, რათა ჟამობაჲ ათქუმიოს ობოლთა მათ თჳსთა. ხოლო მან განცხადებულად ჯმნისა იგი და განტევებისა წმიდისა სჳმეონ მოხუცებულისა გალობაჲ გვბრძანა გალობად,რომელ არს ესე: ”მჯდომარე ეტლთა ქერაბინთა, მეუფე...” და აწ ”განმიტევე, მე მშჳდობით”.ესრეთ, გალობისა ამის მიერ განაცხადა ამიერ განსლვაჲ თჳსი, დაღაცათუ მაშინ ვერ გულისჴმა-ყვეს ვერცა მეფემან და ვერცა სხუამან ვინ, გარნა მეორესა დღესა, მი- რაჲ-იცვალა, ყოველთავე, ვითარცა მძინარეთა, განეღჳძა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან არა დაუფარა წმიდასა მას მიცვალებაჲ თჳსი. ხოლო, ვითარცა ვთქუთ გალობაჲ იგი, დიდი მადლი უბრძანა მეფემან ღმრთის- მსახურმან ბერსა, ვითარმედ: ”კეთილად განგისწავლიან ბერძულსა გუარსა ზედა, კეთილო ბერო, შვილნი შენნი”. და ბრძანა ათასი აჟურაჲ მიცემად მათდა ფ[ა]სუნად, და ბრძანა, ვითარმედ: ”დიდად სწყალობსო მეფობა ჩუენი და რაჲცა პიტაკსა ამას შინა სწერია, ყოველსა აღგისრულებს წადიერად!”, ხოლო ჩუენ თაყვანის-ვეცით. და ესრეთ წარემართა მეფე, ხოლო ჩუენ წარმოვედით შინა, და ბერი აღჴდა საჴედარსა ზედა, ვითარცა ყოვლად უვნებელი, და მივედით სავანედ ჩუენდა და შემწუხრდა დღე იგი, რომელი განთენდებოდა ოთხშაბათად, დღესასწაული წმიდათა თავთა მოციქულთაჲ პეტრესი და პავლესი.” შემდგომად მწუხრის ლოცვა მის წინაშე ილოცეს, წმინდა მამამ დალოცა ყოველივე მათგანი და ცოტაოდენი სასმელი მიიღო სიმხურვალისა გამო. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბერთან ერჩივნათ ყოფნა, მოსვენება უბრძანა წმინდანმა, რამეთუ ერთი მათგანი დასარჩენად საკმარისი იყო.
წმინდა მოციქულთა დღესასწაული თენდებოდა. ილოცეს ცისკრის ლოცვა, რასაც თავად გიორგი ხელმძღვანელობდა. შემდგომ უხმო ძმებს, რომლებიც სხვებს ემსახურებოდნენ და უთხრა კარგად დაეპურებინათ ყვლე, რამეთუ აღდგომა იყო. შემდგომ გიორგიმ თავად გადაანაწილა სასმელ-საჭმელი ყველასთვის. ძმათაგან ზოგი მოციქულთა ტაძარში წავიდა სალოცავად, ზოგიც ავტორის მსგავსად შინ დარჩა. მათთან ერთად იყვნენ ორი მოხუცებული სტეფანე და სვიმონი, პატიოსანი აზნაურები.
როდესაც კარგად გათენდა დაიწყო წესისაებრ მსახურება, რაც გადმოცემულია შემდეგნაირად: ,, ვითარცა დღე წარმოიჩინა და სამ ჟამისა ჟამი მოახლებულ იყო, გჳბრძანა, რათა სანთელნი აღვანთნეთ და საკუმეველი ვაკუმიოთ, და სახარებაჲ ვიწყოთ კითხვად, რამეთუ ესრეთ იყო ჩუეულებაჲ მისი: განაწესნის ოთხნი მკითხველნი და ოთხთავე სწორად ვიწყით თჳთო თავსა და სწორად დავასრულით, და ვიწყეთ რაჲ კითხვად სახარებისა, იგი ნეტარი ზე ჯდა და ისმენდა კეთილად. და, ვითარცა დავასრულეთ ოთხთავე ერთობით სახარებაჲ, ჯუარი დაგვწერა და თქუა: ”დიდებაჲ შენდა უფალო!” და ქუე მიწვა და გურქუა: ”იგი საჴმარი ესე რა არის?” რამეთუ იყო ჭურჭელი, რომელსა შინა იდვა დრაჰკანი საჴმრად ძმათათჳს, რამეთუ არა თუ თჳთ ეპყრის, არამედ სხუასა ძმასა აქუნ, ხოლო ძმაჲ იგი წარსრულ იყო ლოცვად და იგი მუნ დაედვა და ჩუენ არაჲ უწყოდეთ;” ამიას თან ერთვის გიორგი მთაწმინდელის ანდერძის შესახებ ცნობაც, კერძოდ :,, და ესე იყო ანდერძი მისი.რამეთუ სხუაჲ ყოვლივე განწესებული, წიგნნი მისნი და ძმანი მთაწმიდას, ამის პირისათჳს არაჲ აჴსენნა, რამეთუ ყოველთა უწყოდეთ, და ვითარცა ცხორებასა მისსა უყუარდა მყუდროებაჲ, ეგრეთვე ჟამსა ნეტარისა მის მიცვალებისა მისისასა იყო,რამეთუ, უკუეთუმცა გუეცნა, ფრიადიმცა ამბოხი ქმნილ იყო და შფოთი, და, თუმცა შესაძლებელ იყო, კნინღადა შემცაგუეპყრა სული იგი უმანკოჲ ამის ნეტარისაჲ.ამის მიზეზისათჳს მშჳდმან მან და მყუდრომან ჟამსა მასცა მიცვალებისა მისისასა მყუდროებაჲ იჴუმია, რამეთუ, ვითარცა ჴელოვანმან მენავეთ-მოძღუარმან, რომელსა მრავალნი უფსკრულნი განევლნიან და მრავალთა ღელვათადა ბრძოლა ეცის, და ნავთ- საყუდელისა მიმართ მხიარული შესლვად განემზადის, გინა, ვითარცა მჴედარი ძლევა-შემოსილი, რომელსა-იგი ურიცხუნი სპარაზენნი მოესრნიან და მრავალნი ძლევანი და ბრძოლანი ექმნიან, და ყოველსავე შინა განმარჯვებული მივალნ მეფისა თჳსისა, ანუ თუ ვაჭარსა რომელსა მცირითა რაჲთმე საფასითა ურიცხჳ სიმდიდრე შეეკრიბის და საუნჯისა მიმართ თჳსისა მხიარული მიისწრაფინ, გინათუ ვითარცა მუშაკი ურნატ-სავსე ნაყოფთა ზედა თჳსთა მხიარულ არნ, ეგრეთვე წმიდაჲ ესე ჟამსა მიცვალებისა თჳსისასა ამათ ყოველთავე ზემოწერილთა მიემსგავსა,რამეთუ დაღაცათუ იყო რაჲ ჴორცთა შინა, ჴორცთაგან მიცვალებულ იყო განგებითა. ხოლო აწ ესრეთ იყო სრულიადი განსლვაჲ მისი ჴორცთაგან. რამეთუ განირთხნა წმიდანი იგი ფერჴნი მისნი წესიერად, რომელთა ღმრთის-მსახურებისათჳს მრავალი შრომაჲ თავს იდვეს, და ჴელნი სანატრელნი, მწერალნი საღმრთოთა მოძღურებათანი, უმანკოსა მას და უბიწოსა გულსა ზედა თჳსსა დაიჯუარედნა, და მცირედ ოფლნი გარდაეცნეს, რომელნი-იგი ღმრთის- მსახურებისათჳს მრავალგზის დასთხინა, ესრეთ ჯუარი პირსა დაიბეჭდა, რომელი-იგი მარადის სასოდ და ზღუდედ აქუნდა. და კუალად დადვა წმიდაჲ იგი მარჯ[უე]ნე თჳსსავე ადგილსა და თქუა სიტყუაჲ დასასრულისაჲ, რომელი-იგი, ვითარცა შარავანდედი მზისაჲ, წარიძღუანა უფლისა მიმართ, ვითარმედ: ”ჴელთა შენთა, უფალო, შევჰვედრებ სულსა ჩემსა!” და ესრეთ, დიდად რაჲმე აღმოიფშჳნნა, ერთგზის ხოლო, და მისცა წმიდაჲ სული თჳსი წმიდათა ანგელოზთა.”
ზემოთხსენებულმა პატიოსანმა მოხუცებულებმა ბერის თავთან მდგომ ერთ-ერთ მღვდელს უთრეს, რომ ხელი დაედო მის წმინდა თვალებზე. ის კი გაოგნებული იყურებოდა და მრისხანედ ამბობდა, რომ მათ მამას ეძინა. ბერს კი აღარვის მომსახურება აღარ სჭირდებოდა.
ამის შემდგომ ავტორს თავადაც უჭირს იმ შფოთის, ქვითინისა და შეცხადებათა აღწერა, რაც ამას მოჰყვა. მას შემოეხვივნენ ყოველნი, რომელნიც დასტიროდნენ, მამასა და მოძღვარს ეძახდნენ. ”ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ მამაო! რაჲ ესე შემამთხჳე ჩუენ, ვითარმედ სადა შემკრიბენ და აღგუზარდენ, ანუ აწ სადა დაგჳტევენ და დაგუფანჩენ!”ხოლო მღდელნი და დიაკონნი ჴელთა მათ მისთა წმიდათა ამბორს უყოფდეს და თუალთა მათთა ზედა დაისხმიდეს, და რომელნიმე ცრემლთა წილ სისხლთა დასთხევდეს გუამსა მას მისსა ზედა წმიდასა და იტყოდეს: ”ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა,ჵ წმიდაო! რამეთუ ვიდრე შენ ჩუენ თანა იყავ, ღამენიცა დღეჲ იყვნეს, ხოლო აწ, რაჲ განგუეშორე, დღენიცა ღამე არიან!” ამას და ამისსა უმრავლესსა ჴმითა საწყალობელითა იტყოდეს და ანაზდაითსა მას დაქცევასა და უკუანაჲსკნელსა ობლებასა ეტყებდეს, და ვითარმცა არა იგლოვდეს, რამეთუ ოთხმეოცსა სულსა ერთი წინამძღუარი ჰყვა სულისა და ჴორცთაჲ, ვითარცა ზემო ვთქუ, რომელთა მარჯუენე და მარცხენე არა უწყოდეს, და წინამძღუარი ესევითარი ვითარი თჳთ იყო, და ესრეთ მეყსა შინა უწინამძღურო იქმნნეს. და ესე სადა? ფოლოცთა შინა სამეუფოჲსთა! დაღაცათუმცა ქვისაჲ ვის აქუნდა გული და ანდამატისა მოეგო სული გარეგან საზღვართა ბუნებისათა განსრული, ვითარმცა არა იხილვა ყოვლითურთ დაწყლული მოულოდებელისა ამის სმენისაგან აღძრული და ბუნებითისა ტკივილისაგან სიღრმედ მწუხარებათა შთასრული!არამედ, ეჰა უბადრუკებაჲ ჩემი! ვითარისაღა ჟამისათჳს დავიმარხე ყოვლად საწყალობელი! და ვითარიღა წინა- ედვა ჭირვეულსა ცხორებასა ჩემსა სიკუდილსა მითხრობად, რომელი-იგი არა თავისა თჳსისათჳს ცხოველ იყო, არამედ ღმრთისა.ჰე, ჭეშმარიტად დაიძინა ზიარმან მამამან ჩუენმან, რომელსა-იგი ფრიად უყუარდით ჩუენ და გუწყალობდა, ვითარცა შვილთა ჭეშმარიტთა, ვითარცა მოქმედთა ქრისტეს ვენაჴისათა, ვითარცა ძეთა მორჩილებისათა. შეისუენა ზოგადმან მოძღუარმან ჩუენმან, ქუეყანისა ანგელოზმან და ზეცისა კაცმან, ტაძარმან მან ქალწულებისამან უბიწომან, მრავალფერმან მან და მრავალსახემან სიბრძნემან სულისამან, ჴელოვანმან მან გულისჴმის მყოფელმან და ერთგულმან ქრისტეს მსახურმან, ბრწყინვალემან მან თუალმან ქრისტეს გუამისამან, მოთმინებისა მოღუაწემან მან წყალობისა წყარომან, და განკრძალულმან უფლისა შჯულის მმარხველმან, და ფასის-საცავმან მან სათნოებისამან, რომელი-იგი სიტყჳთა ტკბილ იყო და ზრახვითა საწადელ. და ვინ შემძლებელ არს სიტყჳთ აღწერად, რაოდენნი და რაბამნი სახელნი მიანიჭნა მას საღმრთომან მადლმან, ყოველთა მათ საქმით აღსრულებითა, და ყოველთა მოციქულებრ შეყუარებითა! ეჰა, ეჰა, მარადის სასურველნო, რაჲ არს ჩუენი ესე, გლახაკთა ამათ, საიდუმლოჲ! რაჲ არს სიბრძნე ესე ღმრთისაჲ გამოუთქუმელი!აწ მინდეს ცრემლნი იერემიას გოდებისანი, და უკუეთუ სხუამანცა ვინ-მე სანატრელთა მათ კაცთაგანმან სიდიდე განსაცდელისაჲ სადამე იგლოვა? აწ მოვედ ჩემდა, ჵ რაქელ, დედაო ბენიამენისო, სტიროდე შვილთა შენთა და ნუგეშინის ცემასა ნუ მიიღებ, ნუ ვითარცა ბეთლემისა ყრმათათჳს, რამეთუ იგინი ღმრთისა შეიწირნეს, არამედ ყრმათათჳს, რომელნი ორსავე სიკუდილსა თუალით ხედვენ - სულისა და ჴორცთა[ჲ]სა, და არა აქუს ნუგეშინის მცემელი, რამეთუ ერთი აქუნდა და იგიცა მიეფარა. ამისთჳს ტიროდე, ჵ რაქელ, ვითარმცა არა არიან, ხოლო მე ესრეთ ვიტყოდი ძმათა მიმართ ჩემთა და ყრმათა მოძღურისა ჩემისათა: “ვაჲმე, ვაჲმე, ძმანო ჩემნო პატიოსანნო, აწ დაგუეჴშა პირი იგი, რომელი გუწურთიდა შჯულსა უფლისასა დღე და ღამე, წარვიდა გონებისა განზრახვაჲ, ჭეშმარიტად ღმრთისა მიერ აღძრული, დაწუხნა თუალი იგი მართლიად მხედველი და განმარჩეველი კეთილსა ბოროტისაგან და უმჯობესსა უდარესისაგან, დადუმნეს ბაგენი იგი მცველნი შჯულსა უფლისასა, შეიკრა ენაჲ იგი ოქრო-სიტყუაჲ და საღმრთოთა ბრძანებათა ჴმამაღლად მღაღადებელი და ბრწყინვალედ მთარგმნელი ღმრთივ სულიერთა წიგნთაჲ, დაყუდნა ჴელი იგი შუენიერად მწერალი, რომლითა განანათლნა ეკლესიანი ჩუენნი, დადგეს ფერჴნიცა იგი შუენიერნი, განკაფულნი ღამის თევათა შინა ზედგომითა, დაყუდნა გონებაჲ იგი მხილველი და სიღრმეთა სულისათა გამომეძიებელი, დაიფარა მიწასა შინა გუამი წმიდაჲ მოღუაწებისა შრომითა განლეული!”
ამის შემდეგ ავტორი მოგვითხრობს თავის მტკივნეულ განცდებზე, როდესაც მან ვერ შეძლო მსგავსად ობლებისა გამოეგლოვა თავისი მოძღვარი, რამეთუ მისი პირი უმეტყველობას ჰყავდა შეპყრობილი. საბოლოოდ კი ამ უბედურების ჟამს, როდესაც ჩაესვენა მათი მზე და გაუბედურდნენ, რაც არ უნდა აღემაღლებინათ ხმა და სიტყვა, მაინც ვერ მიაწვდენდნენ მათი ზარალის სიმაღლეს. ამის შემდგომ ავტორი კვლავ მიმართავს მკითხველთ: ,, გუავასხენით უკუე, ძმანო, გუავასხენით ცრემლნი წყალობისანი, რამეთუ ოდეს-იგი იხარებდით თქუენ, სიხარულსა თქუენსა გეზიარენით ჩუენ! აწ უკუე მომაგეთ ჩუენ ბოროტი ესე ნაცვალი, სიხარული მოხარულთა თანა მოგუეცით ჩუენ, ტირილი მტირალთა თანა მომიზღეთ ჩუენ.ცრემლეოდა ოდესმე უცხოთესლი იგი ერი, მამათ- მთავრისა იაკობისათჳს, და უცხოჲ იგი განსაცდელი, ვითარცა თჳსი, განესაკუთრა, რამეთუ იგი, შემდგომად სიკუდილისა, ძეთა მისთა ეგჳპტით გამოიყვანეს, და ყოველი იგი ერი უცხოჲ ამის განსაცდელისათჳს უცხოსა შინა ქუეყანასა ოცდა ათ დღე და ოცდა ათ ღამე იგლოვდა მის ზედა და მწარედ გოდებდა და ტიროდა.აწ უკუე, ძმანო, ემსგავსენით უცხოთესლთა მათ ძმანი ეგე ჩუენნი და ნათესავნი! ზოგად იყო მაშინ უცხოთა და თჳსთა ტირილი, ზოგად იყავნ აწცა, და რამეთუ გლოვაჲცა ესე და მწუხარებაჲ ზოგად არს, ამისთჳსცა, აჰა ესერა, ვითარცა სახილველსა შინა წარმოვიჩინები და წინა ვპირობ და ვღაღადებ განსაცდელისა ამის სიმძიმესა და ვიტყვ: ”გწყალობ თქუენ, გწყალობ, შვილნო და მოწაფენო ამის ტკბილისა და სახიერისა მამისანო, ხოლო აწ მწარედ დაობლებულნო, მცირედ აღყუავებულნო, ხოლო აწ მსწრაფლ დაჭნობილნო, ბრწყინვალედ დაბნელებულნო! განათლებულნო და ბოროტად არამედ, ეჰა, რაბამ კეთილ იყო ვიდრე აქამომდე გზაჲ სიტყჳსა ჩუენისაჲ, და, ეჰა რაბამ სანატრელ იყო, უკუეთუმცა ამას პირსა ზედა დასრულდებოდა მოთხრობაჲ ჩუენი.” ამის შემდგომ ავტორი კვლავ განაგრძობს გლოვას და შეძლებისდაგვარად გადმოსცემს თავის მწუხარებას, რაც სცდება დაშვებულ საზღვარსაც კი, მაგრამ საბოლოოდ ნუგეშს ისევ ღვთიურ განგებაში პოულობს, რამეთუ წმინდა მამამ დატოვა სხეული, მაგრამ შეუერთდა ზეციერთ, რამეთუ საქმეთა ხატს უშუალოდ შესცქერის, უმზერს ღმერთს და მის წინაშე შვილთ შუამდგომლად უდგას, მოწაფეთათვის ცოდვათა შენდობას ითხოვს. ,, .განიძარცუნა უკუე ტყავისა იგი სამოსელნი, და რამეთუ სამოთხისა მკჳდრთა არცა თუ ეჴმარებიან ესევითარნი სამოსელნი, არამედ იგი სამოსელნი ჰმოსიან მას, რომელნი იგი სიწმიდითა ცხორებისა თჳსისაჲთა უქსოვნა თავსა თჳსსა და მოიხუნა ღმრთისაგან. ჭეშმარიტად, ესევითარისა ამის კაცისა სიკუდილი პატიოსან არს წინაშე ღმრთისა და, უფროჲსღა, არცა თუ სიკუდილ არს, არამედ განხეთქაჲ საკრველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”განხეთქენ საკრველნი ჩემნი”. განტევებულ იქმნა სიმეონ და განთავისუფლებულ იქმნა საკრველთაგან ჴორცთაჲსა, საბრჴე შეიმუსრა, ხოლო სირი აღფრინდა, დაუტევა ეგჳპტე, რომელ არს ცხორებაჲ ესე ნივთიერი, და წიაღვლო არა თუ ზღუაჲ იგი მეწამული, არამედ შავი ესე და წყუდიადი ზღუაჲ ამის საწუთროჲსაჲ, შევიდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, რომელ არს ზეცათა იერუსალემი, მთასა მას ზედა სიბრძნისმეტყუელებს ღმრთისა თანა, წარიჴადა ჴამლი სულისაჲ და, რათა საღმრთოჲთა მით სლვითა გონებისაჲთა წმიდასა მას ქუეყანასა შინა უნივთოდ იმოთხვიდეს, რომელსა-იგი შინა იხილვების ღმერთი, და თჳსთა საკუთართა ხედავს და განუსუენებს.ესევითარი ნუგეშინის-ცემაჲ გაქუნდინ თქუენ, ძმანო,რომელნი-ეგე ძუალთა იოსებისთა ქუეყანასა მას კურთხევისსა აღიყვანებთ, ესე იგი არს თქუენ, რომელთა ეგე გუამი წმიდაჲ ამის ნეტარისაჲ მთაწმიდას წარგყავს”
ამის შემდგომ ავტორი იხსენიებს ნეტარ პეტრეს, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია მათ. როდესაც წმინდა მამის სულმა სხეული დატოვა, ამის შესახებ შეიტყო პეტრემ, რომელმაც ძლიერ განიცადა, მაგრამ მხნეობა არ დაკარგა და მეფეს ეახლა, მას მოუთხრო ეს ამბავი. მეფემ დიდად გაიკვირვა და ერთხანს დადუმდა, შემდეგ კი სამგზის დიდება შესწირა უფალს. და უმალ ითხოვა წერილის მირთმევა, რომელიც ბერს ჰქონდა მისთვის მიწერილი, მაში შემდეგი იყო ნათქვამი, რამეთუ : ,, ”წმიდაო მეფეო, ეგე ობოლნი, ვითარცა შუენის ღმრთის-მსახურებასა შენსა,ეგრეთ შეიწყალენ და დაარჩინენ მლოცველად სულისა თქუენისა და შვილთა თქუენთა მზეგრძელობისა, და მონასტერსა მთაწმიდისასა, სალოცველსა თქუენსა, ოქრო-ბეჭედი შეუქმენ დასამტკიცებელი ყოველთა ოქრო-ბეჭედთაჲ, რათა ყოვლითურთ თავისუფალ და შეუვალ იყოს, და ობოლნი ესე იზრდებოდინ მას შინა, და ყოველნი მკჳდრნი მისნი გლოცვიდენ ვიდრე უკუნისამდე”. ეს რომ წაიკითხა მეფე მიხვდა ყოველივეს და თავის პირველ მდივანს უბრძანა მოემზადებინა ორი სიგელი ოქრობეჭდით, მტკიცე და უცვლელი დოკუმენტებიმ. ერთი მათგანი ბერის თხოვნისაებრ ძველი სიგელების დასამტკიცებლად, რომელიც უკუაგდებდა ყველას ვინც წმინდა ლავრისთვის ზიანის მიყენებას მოისურვებდა, ხოლო მეორე იმ ობლებისთვის გაამზადა, რომელიც ბოლოს შეავედრა წმინდანმა, რამეთუ არავის გაებედნა მათი მონასტრიდან გაყვანა, როგორც შვილნი და მემკვიდრენი ამ წმინდა ეკლესიისა. ორივე ეს სიგელი მისცა პეტრეს, ასევე კელაპტრები და სანთლები, დიდძალი სურნელოვანი საკმეველნი, მუშკატროანი და ალვაც. ყოველივე ჩაიბარა პეტრემ, მეფემ კი უბრძანა მისი სახელით შენდობა ეთხოვა. პეტრემ აღასრულა ყოველივე და ისე შეევედრა ბერს, როგორც ცოცხალს.
აქვე ავტორი იხსენებს ერთი ქალის მისვლას. მაშინ როდესაც ისინი გლოვობდნენ თავიანთ წმინდანს, იქ მივიდა ერთი ქალი, წმინდა ბერის მოწაფე, ფარსმანისა და ჩორჩანელის და, რომელმაც წმინდანს ცოცხალს ვერ მოუსწრო. მაგრამ მიცვალებულს, როგორც ცოცხალს ისევე ეუბნებოდა სამდურავს, რამეთუ ”ჵ წმიდაო, რაჲ ესე მიყავ მე უბადრუკსა ამას, რამეთუ მქონდეს მრავალნი გულის-სიტყუანი, რამეთუ მრავლით ჟამითგან არა მეხილვა წმიდაჲ პირი შენი!” ასე ფრიად შეწუხებული და მგლოვიარე წავიდა შინ. დაწერა თავისი აღსარება, დაბეჭდა და მეორე დღეს უკან დაბრუნებულმა მოძღვარს დაადო მკერდზე, ასევე საკმეველი, სანთლები და ძმათათვის ევლოგია მოიტანა. შემდეგ აითო თავისი აღსარების წერილი და თავად ავტორს მისცა, შემდეგი სიტყვებით : ”ცრემლით გევედრები, ძმაო პატიოსანო, რათა ფარაგსა შინა წმიდისასა შთასდვა ეგე, და მე მრწამს ღმრთისაჲ, ვითარმედ წმიდამან ამან, რაჲ იგი წიგნსა ამას სწერია, აღჴოცოს და მომიტეოს”. ამის შემდეგ ქალი ეამბორა წმინდანის ხელს და ცრემლის დენით წავიდა შინისკენ, ხოლო ამ თხზულების ავტორმა შეასრულა მისი თხოვნა და აღსარება წმინდანს ჯიბეში ჩაუდო.
თხზულების შემდეგ ეტაპზე მოთხრობილია წმინდამის მთაწმინდად გადასვენების ამბავი, რამეთუ ,, ხოლო შემდგომად ამის ყოვლისა შთაუსუენეთ გუადრუცსა შინა, შემზადებულსა ძელთაგან ულპოლველთა, წმიდაჲ იგი გუამი მისი, და ნებითა ღმრთისაჲთა წარმოვემართენით ზღჳთ მთაწმიდას. და ვითარცა მოვიწიენით ადგილსა მას, რომელსა ექსამილი ეწოდების, ჴმელით წარმოვედით სიშორისათჳს გზისა და შიშისათჳს სარკინოზთაჲსა. ხოლო ექსამილი ამისთჳს ეწოდების, რამეთუ იმერით ზღჳთ ვიდრე ამერად ზღუადმდე ექუსი მილიონი არს. ესრეთ, ვითარცა ვთქუთ,ჴმელით წარმოვედით, ვითარცა ვთქუთ, ექუსსა მას მილიონსა ურმებითა. ხოლო ერთსა ურემსა ზედა, ყოველთა უფროჲსსა, დავდგით კიდობანი იგი მამისა ჩუენისაჲ წიგნნი მისნი ყოველნი და სხუაჲ, რაჲცა საკურთხეველისა სამსახურებელი იყო, და წარმოვემართენით. ხოლო ვიდოდეთ ესრეთ: რამეთუ ოთხ-კერძო გარემოდგომილ ვიყვენით, ვითარცა პირველ კიდობანსა შჯულისა უფლისასა, ხოლო წინა-კერძო მივიდოდეს წულილნი დიაკუანნი, ხოლო უკანა კერძო - მღდელნი და სხუანი მოხუცებულნი ბერნი. და ესრეთ, ფსალმუნითა და გალობითა და სულიერითა შესხმითა ვადიდებდით ღმერთსა და წმიდასა მას უგალობდით.” მცირეწლოვან ძმათა შორის იყო ერთი, ყველაზე უმცროსი პანტელეიმონი, რომელიც ფეხშიშველი მიდიოდა, როდესაც ეკალი შეერჭო, რაკი ქვემოთ დაიხარა, ურემმა უცებ გადაუარა ზურგზე. ყველამ მწარედ შეკივლა, რამეთუ ეგონათ არა მარტო მოკლა ურემმა ბავშვი, არამედ როგორც წვრილი ჭიაყელა ისე შეიწირა. მაგრამ სასწაული მოხდა და წმინდა მამამ თავისი მადლით დაიფარა შეწყალებული ობლები, რამეთუ ჭაბუკი არა თუ დაშავდა, არამედ მან ვერც კი გაიგო ურმის გადავლა.
ამ სასწაულის მოთხრობის შემდგომ ავტორი კვლავ განაგრძობს მგზავრობის ამბის მოყოლას. მათ გაიარეს ექსამილი, კვლავ ზღვაში შევიდნენ და ღვთის შეწევნით მთაწმინდას მიაღწიეს. მათ კეთილად მიიღეს ისინი, როგორც შვილები, ხოლო გიორგი როგორც მამა, რამეთუ კვლავ ბევრი მოწაფე დარჩენილიყო მთაწმინდად. შემდგომ ვეცნობით, რომ ,, ესრეთ პატივით ტჳრთული მღდელთა მიერ ეკლესიად შეიყვანეს და წინაშე წმიდისა მამისა ეფთჳმის სამარტჳლოსა დადგეს კიდობანი იგი ამის ნეტარისაჲ, და ერთმან მან, ვითარცა მამამან და მოძღუარმან, ხოლო მეომარმან, ვითარცა შვილმან და მოწაფემან, პირველმან მან სამარტჳლოჲთ გამო, ხოლო მეორემან მან კიდობნით, ურთიერთაჲსს მოიკითხნეს და მშჳდობაჲ მისცეს ერსა, მღდელთა მიერ, და ესრეთ შეიმკო ეკლესიაჲ და განმხიარულდეს ერნი.ხოლო სამკჳდროდ დაკრძალვისა ამის ნეტარისა მარტჳლთა ადგილი ვერ გამოვაჩინეთ, ვიდრე კითხვადმდე ზემოჴსენებულისა მის პეტრე ნეტარისა. და ესრეთ დაყო სამი დღე წინაშე წმიდისა მამისა ეფთჳმისსა და მიერ წარვიყვანეთ ეკლესიასა ყოველთა წმიდათასა და მუნ დავდგით გუადრუცი იგი წმიდისა მის. ყოველთა ღამეთა ლოცვანი და ღამისთევანი აღესრულებოდეს, და დღისი ჟამის წირვანი მღდელთა მიერ;” ავტორის ცნობით ასე გაგრძელდა ყოვლადწმინდის ეკლესიაში ერთი წლის განმავლობაში, სანამ მიიღებდნენ შესაბამის ბრძანებას ზემოთხსენებული პეტრესგან და მამასახლისი გიორგი ოლთისარისგან, რომელიც მეფემ დაამტკიხა წინამძღვრად. ,, ბრძანებითა ზემოჴსენებულთა ამათ მამათაჲთადა წამებითა ყოველთა ძმათაჲთა, განვაღეთ ლუსკუმაჲ ნეტარისა მამისა გიორგი მაშენებლისაჲ, ეკლესიისა შტოსა შინა, მარცხენით კერძო, დამართებით ლარნაკსა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა.ხოლო აღვაღეთ რაჲ კიდობანი მამისა გიორგისი, არამედ ეჰა საკჳრველი! არცა თუ თმაჲ ერთი ნეტარისა მის თავისაჲ და პატიოსანთა მათ მჴცეთაჲ არა შეცვალებულ იყო, რომელი-იგი აჩუენებდა სულისა მისისა ბრწყინვალებასა.” ამასთან ერთად ავტორი იხსენებს, რომ მას მოაგონდა აღსარების შესახებ, რომელიც წმინდანის ჯიბეში იდო და სთხოვა ერთ მღვდელს შეემოწმებინა იგი, ნახეს რომ ბეჭედი ზედვე ედო, მაგრამ მღვდელს გუმა წასძლია და წერილის კიდეში ჩაიხედა და ნახა, რომ ცოდვათა გასანდობლად დაწერილი წერილი მთლად გასუფთავებულიყო. იმ მღვდელმა ვერ გაბედა ურწმუნოთა შიშით თქმა და წერილის ვინმესთვის ჩვენება, ამიტომ ისევ უკან დააბრუნა და წმინდანის ჯიბეში ჩადო.
წმინდანის გვამი კიდობნიდან ამოასვენეს და მარმარილოს ლუსკუმაში გიორგი მაშენებელთან ერთად დაკრძალეს, როგორც ჭეშმარიტად მეორე მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიისა, მაისის 24-ს, წმინდა სვიმონ საკვირველთმოქმედის დღესასწაულის დღეს.
ავტორის ცნობით, მისი მოსახსენიებელი ოცდაათ ივნისს განწესდა, რადგანაც მის გარდაცვალების დღეს 29-ში, პეტრესა და პავლე მოციქულთა დღესასწაულის გამო, მისი დაწერება არ იყო ჯეროვანი. ასევე განაწესეს ნეტარმა პეტრემ და მისმა ძმამ იოვანე ჭყონდიდელმა, მათთან ერთად კი სხვა მამებმაც. სწორედ ძველი დროის მამების მიბაძვით, რამეთუ ,, ვითარცა სახედ იოანე ოქროპირისაჲ პირველად მათ მამათა: რამეთუ სეკდენბერსა იდ-სა მიიცვალა ჯუარისა ამაღლებასა, და ვინაჲთგან მაშინ არა ჯერ იყო, ნოენბერსა იგ-სა დააწესეს; ეგრეთვე ამის წმიდისათჳს ყვეს ზემოჴსენებულთა ამათ მამათა.”
ავტორის ცნობით ზემოთხსენებულმა მამებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დაწერაც შეუკვეთეს. იმ დროიდან კი წმინდა ექვთიმე მარჯვნივ, გიორგი კი მეორე მხრივ მავედრებლად და შუამდგომლად დგანან ღვთისმშობლის წინაშე. რაც შეეხება ხატს, ავტორის ცნობით იგი დაასვენეს მთაწმინდაზე წმინდა მამის საფლავზე.
თხზულების მიწურულს ავტორი იხსენებს ეშმაკთა განდევნის საწსაულს, რომელიც მისივე თქმით გამორჩა შესაფერის ადგილას. იგი მოგვითხრობს ერთი მონაზვნის, სტეფანეს, შესახებ რომელიც იყო მთავარდიაკვანი. მისი ღირსების გამო ჭაბუკობისასვე აკურთხა მღვდლად წმინდა მამამ, ვინაიდან ასაკით კი ყრმა იყო, მაგრამ გონებით ზრდასრული.
ავტორმა ზუსტად არ იცის მიზეზი, შეიძლება ეს ყოფილიყო ეშმაკის მოწადინება, ანდაც სიყრმის ბრალი, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც წესისამებრ ჟამისწირვას ასრულებდნენ და სამღვდლო სამოსით შეიმოსნენ და დაიწყეს ფსამუნების კითხვა, ეშმაკი არ მოერიდა არაფერს და ის ახლგაზრდა მღვდელი ძირს დასცა. იგი კბილებს აღჭრიალებდა და დუჟი სდიოდა. წმინდა ძმები გაიქცნენ ბერთან და ყოველივე უამბეს. ისიც სასწრაფოედ მივიდა და არც შეშფოთებულა და არც აღელვებულა, არამედ ავტორის ცნობით : ,, არცა რაჲ ლოცვანი იჴმარნა საჩუენებლად კაცთა, არამედ მცირედ დუმილით ლოცვაჲ შეწირა ღმრთისა. დაუპყრა ჴელი და ჰრქუა ნელიად, ვითარმედ: ”სტეფანე”. ხოლო მან, ვითარცა ძილისაგან ღრმისაგან ღჳძებულმან, მიუგო: ”მაკურთხე მამაო”. ჰრქუა მას ბერმან: ”რაჲ შეგემთხჳა შვილო?” ჰრქუა მას ძმამან მან: ”არაჲ უწყი”. ხოლო აწ რაჲ ჴმაჲ შენი მესმა, ”კეთილად ვარ”. ჰრქუა მას ბერმან: ”ნუ გეშინინ, ჯუარი გამოისახე პირსა”, და მან-ყო ეგრეთ. ხოლო ჩუენ გჳბრძანა: ”იწყეთ გალობად და აღასრულეთ წმიდაჲ ჟამის-წირვაჲ”. და ეგრეთვე სტეფანესცა უბრძანა ჩუენ- თანა ჟამის-წირვად. ხოლო მე, მცირედ მორწმუნე ესე და ჩუკენი, კეთილად შევშინდი გულსა შინა ჩემსა. ხოლო მან მომაახლა წმიდაჲ იგი პირი მისი ყურსა ჩემსა და მრქუა: ”ნუ გეშინინ, მცირედ მორწმუნეო, იგივე ღმერთი არს, რომელმან ლეგეონი ეშმაკთაჲ ღორებითთურთ ზღუასა დაანთქა”. და ესრეთ უვნებელად აღვასრულეთ წმიდაჲ ჟამის წირვაჲ და ვჰმადლობდით ღმერთსა და წმიდასა მას ბერსა. მაშინ ნეტარმან მან მოგჳგო და გურქუა ყოველთა: ”უკუეთუ ჩუენ ცოდვილთაჲ არა ისმინოს ღმერთმან და კუალად შეემთხჳოს ესე, მიერითგან მღდელობაჲ დააცადოს. ხოლო მოწყალებითა ღმრთისაჲთა არს აწ შვდი წელი არცა თუ მძინარე განკრთომილ არს ძალითა ქრისტესითა და მადლითა წმიდისა მამისა ჩუენისაჲთა. და აჰა ესერა თჳთ სტეფანე ქადაგებს და მიუთხრობს მის ზედა აღსრულებულთა საკჳრველებათა და ადიდებს ღმერთსა და მადლსა წმიდისა ბერისასა.”
ავტორი კვლავ იხსენებს, რომ ეშმაკს მამა გიორგის მიმართ მტრობა მისი სიყრმიდანვე ამოძრავებდა და კიდევ ერთხელ ახსენებს მკითხველს თხზულების წინარე ეტაპზე მოთხრობილ მის ხაფანგებს, თუ როგორ ცდილობდა დაეღუპა წმინდანი. ამის შემდგომ კი ასევე იხსენიებს მის ღვაწლსა და სიკეეთებს, მკითხველს მოკლედ ხელახლა უსახავს მის მიერ ღვთის მადლით ჩადენილ ქმედებებს, ხოლო საბოლოოდ გვამცნობს, რომ იგი მისი წმინდა ცხოვრების აღმწერელი მისივე მსგავსი უნდა ყოფილიყო და არა ის, როგორც სიტყვითა და გონებით გლახაკი, რომელმაც ეს საქმე მხოლოდ ურჩობის შიშით იკისრა. იგი თხზულების ბოლო ნაწილში წერს ,, ხოლო აწ მელნითა ოდენ ცხოველითა სიტყუანი გამომისახვან, ვითარცა ზემო ვთქუ პირველვე. ხოლო შენდა დამიტევებიეს, ჵ მოძღუართა წინამძღუარო, რათა შენ კეთილად შეამკო და განაცხადო ჩემ მიერ გამოსახული ესე და ნაკლულევანებაჲ ყოველივე, ვითარცა აღმასრულებელმან სულიერთა ფიცართამან, სრულ-ჰყო, და შენმანცა სიბრძნემან და კაცად კაცადმან, რომელიცა მიემთხჳოს, შესძინენ ნაკლულევანებასა ამას ზედა, და განასრულენ,რამეთუ არცა ორთა მათ მწულილთა ქურივისათა დააყენეს მდიდართა იგი მისაცემელი, არცა რომელთა-იგი ტყავნი და შეშაჲ და ბალანი მოართვეს მოსეს განსრულებად კარვისა დააბრკოლეს ოქროჲ და ვერცხლი და თუალთა პატიოსანთა შეწირვაჲ, რამეთუ ოქროჲ, სიღრმეთაგან ქუეყანისათა აღმოღებული, ბრწყინვალე ბრძმედისა მიერ გამოცდილი და განწმედილი, კეთილად შუენიერ იქმნების, და კოხლიოჲსა სისხლი ღებავს პორფირსა, და მარგალიტსა იქმს ზამბიკი ზღჳსაჲ, და სამარაგდე ქუეყანით მწუანილად აღმოეცენების და მერმე ესრეთ იქმნების ქვაჲ, და აბრეშუმსა გამოიღებს მატლი უნდოჲ და პინაჲ ზღჳსაჲ უცხოსა სახესა მკერდსა გამოიღებს, ესე მრავალ სასყიდლისა საფასენი უნდოთაგან ნივთთა გამოვლენ! ხოლო ჩემ შორის არა რაჲ პატიოსანთაგანი იპოვა, რათამცა სულიერი ესე კარავი შემემკო, გარნა ხოლო ბალანი თიკანთ მსგავსისა ამის გონებისა ჩემისაგან მოპარსული! არამედ ძოწეულმან და პორფირმან თქუენმან განაშუენენ იაკინთისა თანა და ბისონისა, ოქრო. შეთხზულმან, და ზემო აღწერილისა მიერ ნივთთაგან პატივცემულმან და განბრწყინვებულმან გულისჴმის-ყოფისა გამოცხადებისა და ჭეშმარიტებისა მიერ განშუენებულმან, ვითარცა იტყჳს მოსე, რომელმან იგი ეგე ვითარი შეჰმზადა მღდელთ-მოძღურისა შესამოსელსა ზედა, ბრძანებისაებრ ღმრთისა, რომელსა შუენის დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მხოლოდ შობილით ძითურთ და ყოვლად წმიდით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”
თხზულებათა კვლევის ისტორია: ათონელი მამების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დიდი რაოდენობის სამეცნიერო ლიტერატურა არსებობს. ნაწარმოების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართული ლიტერატურის ისტორიაში ის ფაქტიც მიუთითებს, რომ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ქართული ჰაგიოგრაფიის შესახებ კრებულის პარალელურად ცალკე ტომებად გამოქვეყნდა გზამკვლევები იაკობ ცურტაველის, იოანე საბანისძის, გიორგი მერჩულეს თხზულებების, მოქცევაჲ ქართლისაჲსა და ათონის ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ. მოცემულ ნაკვეთში მოკლედ იქნება მიმოხილული უშალოდ ნარატივის შესწავლის ისტორია და თხზულების ტექსტთან დაკავშირებული რიგი უმთავრესი საკითხი.
თხზულების კვლევისას მეცნიერთა ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მიიპყრო თხზულების პროტაგონისტთა ცხოვრების ქრონოლოგიური დეტალების დადგენამ, ისევე როგორც მათი საგვარეულო სახლის და იოანე-ვარაზვაჩესა (ექვთიმეს მამა, ბერობაში იოანე ათონელი) და იოანე თორნიკეს (თორნიკე ერისთავის, ბერობაში აგრეთვე მამა იოანეს) შორის ნათესაობრივი კავშირების წარმოჩენას (კეკელიძე 1954a; მენაბდე 1980, გვ. 189-198; მეტრეველი 2012, Id. 2007, Id. 1998, Id. 1996; სულავა 2017; რაფავა 2011; სილოგავა 2011; Grdzelidze 2009, გვ. 21-24); არანაკლები ყურადღება ეთმობა საკითხს ათონზე მოღვაწე პირველი ქართველი მამების ურთიერთობისა წმინდა მთაზე დიდი ლავრის დამაარსებელ, ათანასე დიდთან (მენაბდე 1980, გვ. 185-189; Grdzelidze 2009, გვ. 17-22), აგრეთვე თავად ქართველთა მონასტრის დაარსებისა და ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის ისტორიის კვლევას. (მენაბდე 1980, გვ. 198-247; რატიანი და სხვ. (რედ.) 2013).
ათონის მთაზე ქართული მონასტრის დაარსება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ქართული საეკლესიო ლიტერატურის გამდიდრება-განვითარების საქმეში. ეს სკოლა, რომელიც თავდაპირველად ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის მემკვიდრეს წარმოადგენდა (ქურციკიძე 2008; ხინთიბიძე 2003; Badridzé 1975; Martin-Hisard 1983), თანდათანობით გადაიქცა ქართული მწერლობის ისტორიაში ე. წ. ელინოფილური პერიოდის დასაწყისთან დაკავშირებულ ცენტრად. ათონის ქართული სამწერლობო კერის ფუნქციონირებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ორმა ათონელმა მოღვაწემ - ექვთიმემ და გიორგიმ. მათ, ფაქტობრივად, არა მხოლოდ ჩამოაყალიბეს ათონის ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა და თარგმნეს ქრისტიანული აზროვნების მნიშვნელოვანი ნიმუშები და უკვე არსებული თარგმანები ხელახლა შეადარეს ბერძნულენოვან ლიტერატურას (დაწყებული ბიბლიის ახალი რედაქციის შემუშავებიდან, დასრულებული ქრისტიანული საეკლესიო მწერლობის ყველა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილით), არამედ აგრეთვე შეიმუშავეს საკუთარი მთარგმნელობითი სტილი, რომელიც ათონელების მთარგმნელობითი სტილის სახელით დამკვიდრდა მეცნიერებაში და რომელიც თარგმნის პროცესში ტექსტის „მატება-კლებაში,“ ანუ, ფაქტობრივად, რედაქტირებაში გამოიხატებოდა; ეფრემ მცირის დახასიათებით, „ექვთიმე მონურად კი არ მისდევს ბერძნულ ტექსტს, სიტყვასიტყვით არ თარგმნის ის; ის ავრცობს ან ამოკლებს ტექსტს. შეაქვს შიგ სხვადასხვა წყაროდან დამატებითი ცნობები, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ქართველებს შეეხება,უშვებს დედანში მთელ ადგილებს, უმატებს თავის კომენტარებს და სხვ.“ (კეკელიძე 1980, გვ. 191-192). კორნელი კეკელიძის თქმით, „ექვთიმე ათონელი თავისი ლიტერატურული საქმიანობით ორი პერიოდის მიჯნაზე დგას: პირველისა და მეორის. ამით აიხსნება, რომ მისი მემკვიდრეობა მატარებელია როგორც ძველი ტრადიციებისა, ისე ახალი ტენდენციებისა. (იქვე, გვ. 212). რაც შეეხება გიორგი მთაწმინდელს, „ის აღარ იჩენს თარგმნის პროცესში იმ თავისუფლებას, რომელსაც ექვთიმე იჩენდა. თუმცა იმანაც ვერ შეძლო სულ ერთიანად შეეწყვიტა ყოველივე კავშირი ძველ ქართულ ლიტერატურულ ტრადიციებთან.“ (იქვე, გვ. 233).
ქართველოლოგიურ კვლევებში დიდი ყურადღება ექცევა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მიერ ბერძნულიდან ნათარგმნი თხზულებების ტექსტოლოგიურ კვლევას და მათ მიერ გამოყენებული წყაროების იდენტიფიკაციის საკითხს. არანაკლებად მნიშვნელოვანია გიორგი ათონელის მიერ ექვთიმეს ლიტერატურული მოღვაწეობის აღწერისას მოხსენიებულ ქართულიდან ბერძნულად ნათარგმნ თხზულებათა შესახებ ინფორმაციის მეცნიერული ანალიზი. ედიშერ ჭელიძის თქმით, „როგორც წმინდა გიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, საბერძნეთის ეკლესიებიც ხმამაღლა გაჰყვირიან მის [ექვთიმეს - ი.ყ.] დიდებულებას იმიტომ, რომ, როგორც მიუთითებს ეს დიდი მოღვაწე, „ბალავარიანი”, „აბუკურა” და სხუანიცა რაოდენნიმე წერილნი” ქართულიდან უთარგმნია მას ბერძნულად. დასახელებულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ „ბალავარიანი”. ესაა ის ძეგლი, რომელმაც მთელი შუა საუკუნეების საქრისტიანო ლიტერატურაში მწვერვალის, კორიფე ძეგლის ადგილი დაიკავა,“ ხოლო ის ფაქტი, რომ ეს ძეგლი ქართულიდან ბერძნულად სწორედ ექვთიმე ათონელმა თარგმნა, დიდი ათონელი მოღვაწის ავტორიტეტსა და სიდიადეზე მოწმობს. (ჭელიძე 2011, გვ. 20).
ზოგადად კი, ელგუჯა ხინთიბიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ათონელთა საქმიანობით ახალი ეპოქა დაიწყო ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ათონელთა მაღალი შემოქმედებითი პრინციპები ქართული ლიტერატურის საერთო პრინციპებად იქცა. ათონი სათავეში ჩაუდგა ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული აზროვნების პროცესს. ქართული საეკლესიო აზროვნება სწორედ იმ გზით განვითარდა, რა გზითაც წაიყვანა იგი X საუკუნის დასასრულიდან ათონის ქართულმა საღვთისმეტყველო სკოლამ.“ (ხინთიბიძე 2003, გვ. 551)
რაც შეეხება უშუალოდ მონასტრის დაარსების ისტორიას, ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილმა და კორნელი კეკელიძემ გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გიორგი ათონელი თხზულების წერისას უხვად სარგებლობს თავად მონასტერში არსებული ჩანაწერებით და „ცნობებით, რომელნიც მას მიუთხრეს „კაცთა სარწმუნოთა და სულიერთა მამათა“,“ რის შესახებ აცხადებს კიდევაც თხზულების შესაბამის მონაკვეთებში (კეკელიძე 1945a, გვ. 219-220). ივანე ჯავახიშვილის თქმით, „ამ თხზულების დაუფასებელს თვისებას სწორეთ ის გარემოება შეადგენს, რომ „ცხოვრება“-ში ასე უხვად შეტანილი ცნობები უმეტეს ნაწილად საბუთებისაგან არის ამოღებული.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 150). მსგავსივე შეფასებას აძლევს დიდი ქართველი ისტორიკოსი გიორგი მცირის თხზულებასაც: „გიორგი ხუცესმონაზონის თხზულება ძვირფასი და შინაარსიანი, ამასთანავე სრულებით სანდო საისტორიო წყაროა.“ (იქვე, გვ. 157).
მსგავსი საბუთების არსებობა მტკიცდება ბერძნულ ენაზე დაწერილი ივირონის აქტებითაც (ლაფორი, იკონომიდისი, პაპახრისანთუ და მეტრეველი 2018). ბერნადეტ მარტენ-იზარის თქმით, ეს აქტები განსაკუთრებით საინტერესოა ექვთიმეს სიკვდილის შემდგომ მონასტერში ქართველთა და ბერძენთა ურთიერთწინააღმდეგობის ისტორიისათვის. ამ წყაროთა თანახმად, ექვთიმეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორმა რომანოზ არგირუსმა (1028-1034) მოახდინა ქართველთა ქონების კონფისკაცია, ხოლო შემდეგ გადაასახლა მონასტრის წინამძღვარი გიორგი I, რომელსაც ბრალად ედებოდა იმპერატორის ძალაუფლების დამხობის მიზნით მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა. გიორგი გადასახლებაში გარდაიცვალა, ხოლო კონფლიქტი დასრულდა მიქაელ IV-ს მიერ (1034-1041) ქართველთა უფლებების ჯერ 1035 წელს ნაწილობრივი, ხოლო შემდგომ, 1041 წელს, სრული აღდგენით. (Martin-Hisard 1991, გვ. 70). ფრანგი მკვლევარი აღნიშნავს, რომ გიორგი მთაწმინდელის მიერ დაწერილ თხზულებაში არ იხსენიება ქონების კონფისკაციისა და ძალაუფლების უზურპაციის ფაქტი; აქ მხოლოდ მონასტრის სამგზის „დატყუენისა“ და გაძარცვის შესახებაა საუბარი (იქვე); ნაცვლად, აქცენტი კეთდება გიორგის მიერ მონასტერში ბერძენთა მომრავლებასა და ამ უკანასკნელთა მიერ მონასტრის ხელში ჩაგდების მცდელობაზე; მხოლოდ მონასტერზე ქართველთა უფლებების დაბრუნების შესახებ მსჯელობისას ავტორის აღნიშნული აქვს, რომ „ღმერთმან ყოვლად ძლიერმან, სახიერებითა თჳსითა ლმობიერ ყო გული მიქაელ ქრისტეს-მოყუარისა მეფისაჲ და წყალობად ჩუენდა მოაქცია და შემდგომად დიდთა ბჭობათა და გამოძიებათა ღირსი მამაჲ ჩუენი გრიგოლი წყალობით მოიკითხა და ნებითა ღმრთისაჲთა კუალად დაგჳმკჳდრა ადგილი ჩუენი.“
მკვლევრის აზრით, გიორგის გადასახლების შემდეგ ქართველებს მოუხდათ მათი წინამძღვრის უფლებათა აღდგენისათვის ბრძოლა რაც, მათ, სავარაუდოდ, გააკეთეს; მაგრამ კიდევ უფრო მტკიცე ბრძოლა მათ მოუხდათ იმისათვის, რომ საიმპერატორო ხელისუფლებას ეღიარებინა, რომ მონასტერი იურიდიულად არ ყოფილიყო წინამძღვრის მემკვიდრეობითობაში და რომ მონასტერზე მემკვიდრეობის უფლება მიეღო ის სამონასტრო საძმოს, რომელიც იქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
მარტენ-იზარი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა პრობლემა, ვინაიდან მონასტერი იღებდა არა მხოლოდ ქართველებს, არამედ სხვა ბერებსაც, რასაც უნდა გამოეწვია 1029 წელს, ექვთიმეს სიკვდილის შემდეგ გაჩენილი პრობლემა. გიორგი I-ის გადასახლებამ მონასტერი წინამძღვრის გარეშე დატოვა. როგორც ცნობილია, ექვთიმე ათონელის მამის, იოანეს ანდერძის თანახმად, წინამძღვარს, რომელსაც გადაეცემოდა მონასტრის ხელმძღვანელობის უფლება, წინასწარ ასახელებდა მოქმედი მამასახლისი (არ იყო აუცილებელი, რომ იგი მონასტრის დამფუძნებელთა საგვარეულოდან ყოფილიყო7). ქართველებმა დაასახელეს გრიგოლი, ხოლო ბერძნებმა, რომლებიც იმ მომენტისათვის მონასტერში უფრო მრავალრიცხოვანნი იყვნენ, ვიდრე ქართველები - გიორგი, რომელიც მონასტრის ისტორიაში გიორგი II „უკეთურის“ სახელით გახდა ცნობილი, რომელიც რომანოზ არგირუსმა დაამტკიცა წინამძღვრად და რომელმაც ბერძნები კიდევ უფრო მოამრავლა. რომანოზის ეს გადაწყვეტილება შეცვალა მიხეილ IV-მ, რომელმაც 1035 წელს გადააყენა გიორგი და წინამძღვრად გრიგოლი დანიშნა.
მარტენ-იზარის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბიზანტიის იმპერატორმა უარყო ბერძენთა, ანუ ღვთისმშობლის მონასტერში იმ პერიოდისათვის უმრავლესობაში მყოფთა კანდიდატი და უპირატესობა მიანიჭა მათზე მცირერიცხოვან ქართველებს, რითაც აღიარა, რომ მონასტერში ბერძნებს არ ჰქონდათ იგივე უფლებები, რაც ქართველებს. ამ დადგენილებით იმპერატორმა აგრეთვე სრულად აღადგინა მანამდე ქართველთაგან წართმეულ ქონებაზე მათი უფლებები. ამდენად, მიხეილ IV-მ არა მხოლოდ აღიარა, რომ ღვთისმშობლის მონასტერი იყო კერძო მონასტერი, რომელიც წინამძღვარს ემორჩილებოდა, არამედ აგრეთვე ისიც, რომ ამ სამონასტრო საძმოში გადამწყვეტი უფლებები ქართველებს ეკუთვნოდათ. მკვლევრის ზოგადი დასკვნით კი 1029-1041 წლის კრიზისის მიზეზი გახდა არა ზოგადად ბერძენთა მიერ მონასტრის ხელში ჩაგდების სურვილი, არამედ გიორგი I-ის გადასახლება და მონასტრის ქონების კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილება. ქართველებმა, რომლებმაც ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს, იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაც სწორედ ამ მოვლენებიდან მცირე დროის შემდეგ დაწერეს. ეს აუცილებელი გახდა, ვინაიდან მონასტერს არ გააჩნდა მისი დაფუძნებისას დაწერილი ტიპიკონი8 (არ გააჩნდა იგი დასაბამიდან არც შიო მღვიმის მონასტერს, რომელმაც წერილობითი ტიპიკონი მხოლოდ 1123/1124 წლებში მიიღო და არც ტაო კლარჯეთში დაარსებულ მონასტრებს, ხანძთასა და შატბერდს). შესაბამისად, ტიპიკონში დაფიქსირებული დაფუძნების ისტორიის არარსებობის პირობებში, სწორედ ექვთიმეს სვინაქსარული ცხოვრების ავტორის, სავარაუდოდ ბასილი ბაგრატისძის და გიორგის ათონელის მიერ მოპოვებული ცნობები დაედო საფუძვლად ათონის ივერთა ქართული მონასტრის დაფუძნების შესახებ ნარატივის, ანუ იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შექმნას. (Martin-Hisard 1991, გვ. 70-77; იხ. აგრეთვე: Lefort and Papachryssanthou 1983; Martin-Hisard 2005).
მონასტრის დაფუძნებასა და ათონზე ქართულ-ბერძნული კონფლიქტის თაობაზე მოსაზრება მარიამ ლორთქიფანიძესაც აქვს გამოთქმული. მისი აზრით, დიდ ათონელ ბერთა ორივე ცხოვრება დაკვეთითაა დაწერილი. ამასთან, „დიდი კულტურული მოღვაწეების დამსახურებისა და მათი ღვაწლის მომავალ თაობათათვის გადაცემა-არდავიწყებასთან ერთად ამ დაკვეთას მეორე, შეიძლება ითქვას, უმთავრესი მიზეზი ჰქონდა: ქართველთა უფლებების წერილობითი დასაბუთება-დამტკიცება ათონის ივერთა მონასტერში, მათი სტატუსის იურიდიულ-ისტორიული განმტკიცება ბერძნებთან კონფლიქტისა და ბერძენთა აგრესიის ვითარებაში.“ (ლორთქიფანიძე 1984, გვ. 166).
მე პირადად მარტენ-იზარისა (რომელიც კონფლიქტის მიზეზად გიორგი I-ის გაძევებასა და ქონების კონფისკაციას ხედავს) და მარიამ ლორთქიფანიძის (რომლის თანახმადაც, კონფლიქტის მიზეზია ზოგადად ბერძენთა მიერ მონასტრის ხელში ჩაგდების სურვილი) მოსაზრებათაგან ქართველი მკვლევრის ნააზრევს უფრო ვიზიარებ. როგორც ცნობილი, გიორგი ათონელი მონასტერში შექმნილი კონფლიქტის შესახებ გვიყვება: „XXIV. ხოლო ვინაჲთგან წმიდამან მამამან ჩუენმან ევთჳმე წინამძღურობაჲ მონასტრისაჲ დაუტევა და, ვითარცა ზემო ვთქუთ, გიორგი მამად დაადგინა, კნინღა-და უმეტესნი ზემო ჴსენებულთა მათ წესთაგანნი შეცვალნა და თჳსსა ნებასა და განზრახვასა შეუდგა; და სხუათა რათმე წესთა და კანონთა ენება დამტკიცებაჲ.
ხოლო დიდსა ევთჳმს დაღაცათუ უძნდა საქმე ესე, არამედ, ვინაჲთგან მშჳდობის მოყუარე იყო და სავსე სიყუარულითა, ყოვლადვე არა აცილა, არამედ თჳსსა მსახურებასა განკრძალულ იყო და წიგნთა საღმრთოთა თარგმნასა შექცეულ. ხოლო იგი ჴორციელთა საქმეთა ზედა ფრთხილ იყო და მის ჟამისა წარჩინებულთა და მთავართა წინაშე სახელოვან და მთაჲ ყოველი დიდად პატივ(ს)-სცემდა და ეკრძალვოდა. და კუალად ბერძენნი ფრიად რაჲმე შეიყუარნა და განამრავლნა და სრულიად მათდა მიმართ მიდრიკა, ხოლო ქართველნი, ვითარცა ნასხურნი რაჲმე და უნდონი, უგულებელს-ყვნა და შეამცირნა.. რამეთუ, ვითარცა უწყით ყოველთა, ადრე შევირყევით და მიმოსულასა მოსწრაფედ შეუდგებით და ამით მიზეზითა ფრიად ვავნებთ თჳსთაცა სულთა და ადგილსაცა.. ხოლო იგი ვითარცა იყო ფრთხილი და მძიმე კაცი, მეტნი რაჲმე შეპოვნებანი და ლიქნანი ვერ შეეძლნეს, და კუალად, ვინაჲთგან იხილა, რომელ ფრიადი ერი საჴმარ იყო სივრცისათვის მონასტრისა და სიმრავლისათჳს სამსახურებელთაჲსა, და ჩუენ არა დავდგებოდეთ, ბერძენთა მოექცა და იგინი განამრავლა. გარნა ვინაჲთგან ჭეშმარიტისა ჯერ-არს თქუმაჲ, უკუეთუ მოვიდის ვინმე ქართველი, რომელსა კრებულსა შინა შეეძლის მსახურებაჲ, რაჲცა ეჴმარებინ, ყოვლითავე ფერითა აღაშენის, ხოლო უკუეთუ კრებულსა შინა არა ენების ყოფაჲ, სადაცა სოხასტერთა მონასტრისათა ენების დაჯდომაჲ, პურსა არავის უყენებნ ქართველსა;. ესე კულავითა შავი გრიგოლ იყო და ზაქარია მირდატის ძე და არსენი და სხუანი ესევითარნი კაცნი, დიდითა პატივითა პატივ-სცემნ და მოწლედ მოიკითხავნ და, ვითარცა ჰნებავნ, აღაშენებნ.
და ამას ესევითარსა საქმესა შინა გარდაჴდეს ჟამნი რავდენნიმე. და ამისა შემდგომად, ჟამთა რომანოზ მეფისათა, დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ. და მერმე - თუ ვითარ იქმნა, ღმერთმან უწყის - განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს დიოგენისა ვისთჳსმე, რომლისათჳს თქუეს, თუ მისი უნდაო მეფობაჲ გიორგის, და ამის მიზეზისათჳს ექსორია-იქმნა გიორგი მონოვატს და მუნ აღესრულა ექსორიობასა შინა. და მონასტერი და ჩუენ ყოველნი, რომელნი დაშთომილ ვიყვენით მას ჟამსა, დიდსა ღელვასა და მიმოტაცებასა შთავცჳვენით, რამეთუ სამგზის დაიტყუენა მონასტერი და რაჲცა დრისტი ტურფაჲ იყო მამათა ჩუენთა მოგებული, ყოველი იავარ-იქმნა, და ეგრეთვე განძი და კუმაში.
XXV. და ვინაჲთგან ბერძენთა ესევითარი ჟამი პოვეს, ჴელ-ყვეს ყოვლითა ღონისძიებითა, რაჲთამცა ქართველნი ამის მონასტრისაგან აღმოჰფხურნეს. და ამის პირისათჳს დიდი მოსწრაფებაჲ აჩუენეს და მთაჲ ყოველი თანა-შეიწიეს და საბერძნეთისა დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მიდრიკნეს და მრავალი შრომაჲ და ჭირი და რუდუნებაჲ ჩუენ ზედა მოაწიეს. და რაჲთა მოკლედ ვთქუა, რამეთუ, არა თუმცა უფალი შეწეულ იყო ჩუენდა და მეოხებაჲ წმიდისა ღმრთის-სობელისაჲ და მათ წმიდატა მამათა ჩუენთა მადლი და ლოცვაჲ, დღეს არცამცა ერთი ქართველი არა იპოების ესევითარსა ამას ვრცელსა და დიდებულსა ლავრასა შინა, რომელი ესე-ფრიადითა წარსაგებლითა და მრავლითა ოფლითა მათ წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა ჩუენ ქართველთათჳს აღშენებულ იყო და აღმართებულ.
და ამის პირისათჳს, რაჲთა ესევითარი ესე ბოროტი, რომელი მოაწიეს ჩუენ ზედა ბერძენთა, არა დავიწყებულ იქმნას, და კუალად შემდგომად ჩუენსა მომავალნი ესევითარსავე ჭირსა შთაცჳვენ, —ამისთჳს ზოგადითა განზრახვითა ყოველნი ძმანი ერთად შევკერბით და ერთითა განზრახვითა ესე ქუემო წერილი მოსაჴსენებელი დავწერეთ ამით პირითა და სახითა ჟამთა სჳმეონ მამისათა და ესრეთ ვიტყჳთ:
”ვინაჲთგან მადლითა და წყალობითა ღმრთისაჲთა აღიძრნეს წმიდანი მამანი იოვანე და იოვანე და ევთჳმი და ამას წმიდასა მთასა მოიწინეს ნავთსაყუდელად სულთა მრავალთა განმამრავლებელად ნათესავისა ჩუენისა და დიდითა ღუაწლითა და ფრიადითა წარსაგებელითა აღაშენეს დიდებული ეს ლავრაჲ სამკჳდრებელად ქართველთა და მერმე ღმრთის-მსახურთა ბე[რძენ]თა მეფეთა მსახურ[ებითა] და მომადლებითა, ჟამთა გ[ანდ]გომილისა სკლიაროსისათა, განავრცეს და განამდიდრეს და მოუგნეს დაბანი და მონასტერნი და ოქრო-ბეჭედნი, ვითარცა ზემო წერილ არს, და კეთილითა აღსასრულითა დაიძინეს და წარვიდეს ცხორებად საუკუნოდ;
და მკჳდრად და განმგებელად დაუტევეს ნეტარი ევთჳმი, რომელმან ყოვლითა წესითა კეთილითა განაშუენა წმიდაჲ ესე ადგილი და თარგმანებითა წმიდითა წერილთაჲთა განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაჲ ჩუენი და ჟამთა მრავალთა კეთილად დამწყსო სამწყსოჲ. ესე მისდა რწმუნებული და, ვინაჲთგან სიშორჱ ქუეყანისა ჩუენისა დიდ იყო, და სივრცე ადგილისა ამის დიდებულისაჲ ფრიად იყო, შემწედ და მსახურად შეიწყნარნა ბერძენნი უმანკოებით და სიწრფოებით და ესრეთ განმრავლდა ნათესავი ბერ[ძე]ნთაჲ ლავრასა ამას; და შემდგომად მცირე[დისა ჟ]ამისა იჯმნა წინამძღჲრო[ბი]საგან და თჳსი ნათესავი გიორგი მამად დაადგინა და თავად მყუდროებით ცხოვნდებოდა, რომლისა-იგი სათნოებათა სახელი და ღირსებაჲ ყოველსა საქართველოსა განეფინა და არა ხოლო საქართველოსა ოდენ, არამედ საბერძნეთსაცა. და ამის მიზეზისათჳს მრავალნი ღირსნი და წმიდანი კაცნი მოვიდოდეს მისა და განათლდებოდეს ხილვითა მისითა, ვითარცა სახედ: იოვანე გრძელის ძჱ და არსენი ეპისკოპოსი ნინოწმიდელი და ღირსი იოვანე ხახულელი და ოქროპირი და სხუანი მობაძავნი მათნი და მერმე ნეტარი ბერი გრიგოლ, ახალი აბრაჰამ სტუმრის-მოყუარჱ და ზაქარია მირდატის ძჱ და არსენი და სხუანი მობაძავნი მათნი, რომელნი-იგი ვითარცა მამამან სახიერმან შეიტკბნის და ყოვლითა განსუენებითა განუსუენის; [და ესრე]თ სათნოდ ღმრთის[ა მოქალაქ]ობასა შინა უფლისა მიმ[ართ მიიცვ]ალა, ვითარცა ზემო მოვიჴ[სენეთ,] და ძმანი ქართველნი მამა[სა] გიორგის და მამასა გრიგოლს შეჰვედრნა.
და არა მრავლისა ჟამისა შემდგომად მამაჲ გიორგი დავიწყებად მოვიდა, და არცა ერთი რაჲ ზრუნვაჲ აქუნდა ქართველთა აღორძინებისაჲ, არამედ სრულიად ბრძენთა მიექცა და იგინი განამრავლნა, და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მიიცვალა ექსორიობასაშინა, ვითარცა ზემო მოვიჴსენეთ. და მიერითგან წმიდაჲ ბერი გრიგოლ იყო ნავთსაყუდელ ქართველთა ნათესავისა და ნუგეშინის-მცემელ.
ხოლო ვითარცა მამაჲ გიორგი ექსორიობასა შინა მიიცვალა და ჩუენ ფრიად შემცირებულ ვიყვენით, ჟამი პოვეს ბერძენთა და ვითარცა ცეცხლნი აღეგზნნეს ჩუენ ზედა და სრულიად აღმოფხურაჲ ჩუენი ენება და დაპყრობაჲ სამკჳდრებელისა ჩუენისაჲ. და უმძიმესი ესე იყო, [რამეთუ, რომელსა-იგ]ი მაშინ წინამძღურობაჲ ე[პყრა, იგი იყო] შემწე მათდა, გიორგი უ[კეთური, არ]აჲთ უმოლხინესი პირველი[სამის გიო]რგისი, რომელი წინააღუდგებოს[ა დი]დსა ათანასის, დაღა ცათუ უკუანაჲსკნელ შეინანა. და ამის მიზეზისათჳს დიდსა ჭირსა შინა ვიყვენით და საწუნელ და საძულელ მათდა. და თჳთოეულად არცა თუ შესაძლებელ არს ყოვლისავე წარმოთქუმაჲ, რავდენნი გინებანი, რავდენნი შეურაცხებანი და ყუედრებანი მოიწეოდეს მათ მიერ ჩუენ ზედა დღითი-დღე, და ცემითა და გუემითა და მწვალებელად (ხად)ითა შეიწრებულნი დიდსა ურვასა შინა ვიყვენით. და ესეცა ენება, რაჲთამცა სახელიცა მაშენებელთაჲ აღმოჰჴოცეს.
ამას ყოველსა რაჲ ხედვიდა ნეტარი მამაჲ გრიგოლი, ელმოდა გული მისი და შეიწუებოდა წყალობითა ჩუენითა და მარადის ცრემლით ევედრებინ ღმერთსა, რაჲთა უმჯობესი ჩუენი განიგულოს. და ესრეთ რაჲ ეურვოდა, მისცა ღმერთმან კაცი ორითავე მარჯუჱ და სავსე გონიერებითა, — ნეტარი არსენი, რომელმან-იგი არა შეიწყალა თავი თჳსი, არამედ ყოველივე მოსწრაფებაჲ აჩუენა დამტკიცებისა ჩუენისათჳს, სხუათა რავდენთამე ქრისტეს მოყუარეთა ძმათა თანა, რომელთა-იგი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი! რამეთუ არცა თუ ეგების რავდენნი ღუაწლნი მოითმინნეს, ყოველთავე თითოეულად აღრიცხვაჲ: მიმოსვლაჲ ჩუენი ზღჳთ და ჴმელით, და აფხაზეთს და ქართლს სავედრებელთა წიგნთათჳს ბერძენთა მეფეთა წინაშე, და რავდენ გზის მოვიდით წიგნი თჳთმპყრობელთაჲ და ჩამოვიდით, და კუალად გინებითა და შეურაცხებითა წარგუდევნნიან უსაგზლონი და უჴამურნი ჟამსა ღელვათა-ტეხისა და ზამთრისასა და ესრეთ ანუ თხოვით აღვიდით კუალად სამეუფეოდ ანუ ღმრთის-მოყუარეთა კაცთა წყალობითა და კუალად შევსტიროდით და ვესამართლებოდით მეფეთა. და კუალად მუნ აღგჳდგინნის ღმერთმან მოურნენი და გუზრდიდიან, ვითარ-იგი ქრისტეს-მოყუარენი ძმანი ჩორჩანელი და ფარსმან, რომელთა-იგი დიდიად აღჳპყრეს ჴელი წყალობისაჲ, —ათას წილად მიაგენ უფალმან! და ამათ რაჲ ჭირთა შინა ვიყვენით, არა-მცირედნი განსაცდელნი მოიწეოდეს დღითი-დღე ძმათა ზედა და უფროჲსად ნეტარსა არსენის, რამეთუ იგუემაცა და მრავალი შრომაჲ დაითმინა და საპყრობილედ შეწყუდევაჲ და კიცხვაჲ და ბასრობაჲ. და ეგრეთვე ძმათა ყოველთა. ხოლო წმიდაჲ ბერი გრიგოლ ნუგეშინის-გუცემნ და განგუამჴნობნ, რაჲთა არა სულ-მოკლე ვიქმნნეთ.
ესე ყოველი რაჲ იხილა ღმერთმან ყოვლად ძლიერმან, სახიერებითა თჳსითა ლმობიერ ყო გული მიქაელ ქრისტეს-მოყუარისა მეფისაჲ და წყალობად ჩუენდა მოაქცია და შემდგომად დიდთა ბჭობათა და გამოძიებათა ღირსი მამაჲ ჩუენი გრიგოლი წყალობით მოიკითხა და ნებითა ღმრთისაჲთა კუალად დაგჳმკჳდრა ადგილი ჩუენი და საყოფელი წინაძღომითა და მოღუაწებითა გრიგოლისითა და არსენისითა და ყოველთა ძმათა ჩუენთაჲთა, რომელთა-იგი იღუაწეს ვიდრე სისხლთა დათხევადმდე. და (ჩუენ შემოვკერბით და მადლი მივეცით ღმერთსა და მრავალთა მათ ჭირთაგან განვისუენეთ. და გარდაჴდეს რაოდენნიმე ჟამნი და მიხაელ მეფჱ თესალონიკეს ჩამოვიდა. კუალად აღეტყინნეს ჩუენ ზედა ბერძენნი და მთაჲ ყოველი აღძრეს და დიდებულნი ყოველნი განდრიკნეს ჩუენ ზედა და ენება, რაჲთამცა პირველი იგი ბჭობაჲ და ღმრთისა-მიერი ჩუენ ზედა წყალობაჲ ცუდმცა ყვეს და ამაო. არამედ განაცრუვა ღმერთმან ზრახვაჲ მათი და ამაო ყო აღძვრაჲ მათი, რამეთუ კუალადცა ჴხელი წყალობისაჲ აღგჳპყრა ღმერთმან და არა განგუთხინა წმიდამან ღმრთის-მშობელმან ტაძრისაგან თჳსისა, რომლისა-იგი ჴელ-ყვეს ყოვლითავე ღონისძიებითა, რაჲთამცა, ვინაჲთგან მონასტერი ვერ წაგჳღეს, ბარემცა დიდი ეკლესიაჲ რაჲთ მიგჳღეს. რეცა სამართალიცა შესწევდა, რამეთუ, ვინაჲთგან აღშენებულ იყო, მათ ჰქონებოდა იგი ეკლესიაჲ, და, ვითარცა ჰხედავთ, უაღრეს ქებისა აღმატებულ არს ჰაეროვნებაჲ და შუენიერებაჲ მისი, რომელ ამას მთასა შინა დაღაცათუ ფრიად არიან მონასტერნი, გარნა მსგავსი მისი არა იპოების, და არა მხოლო მთასა, არამედ სხუათაცა მრავალთა ადგილთა. გარნა ესრეთცა ურგებ იქმნა ჴელ-ყოფაჲ მათი, რამეთუ წმიდამან ღმრთის-მშობელმან ჩუენ გლახაკთა გჳბოძა დიდებული იგი დიდებისა თჳსისა ტაძარი და ყოვლადვე გჳღუწის და გუფარავს უღირსთა ამათ და უცხოთა მადიდებალთა და სამწყსოთა თჳსთა. და, ვითარცა ვთქუთ, რაჟამს ესრეთ მძიმედ ბრძოლა-გჳყვეს, დაჯდა კუალად ქრისტეს-მოყუარჱ მიხაელ მეფჱ და ფრიადითა გამოძიებითა განბჭო და ეკლესიაჲ და მონასტერი ყოვლითურთ მონაგებით და სიმდიდრით ჩუენ გჳბოძა და ფრიადი წყალობაჲ და სიტკბოებაჲ მოგუფინა, —მიაგენ ქრისტემან ათას წილად სულსა მისსა!
მამაჲ გრიგოლ პირველ ამის მეორისა ბჭობისა მიცვალებულ იყო. ხოლო არსენი შემდგომად ამის მეორისა ბჭობისა მიიცვალა. და ესე მრავლისაგან მცირედი მოგჳჴსენებია.
და ვინაჲთგან ესე ყოველი და ამისა უმრავლესი მოიწია ჩუენ ზედა და მრავალნი ძმათა ჩუენთაგანნიცა გარდაიქცეს და მიექცეს ჩუენთა წინააღმდგომთა, და ამის ყოვლისაგან შეგუეშინა და მოსაჴსენებელი ესე აღვწერეთ და დავდევით შემდგომად ჩუენსა მომავალთა ნათესავთათჳს, რაჲთა არა დავიწყებულ იქმნას და გარეწარ ესევითარი ესე მრავალფერი ღელვაჲ. და ერთითა ერთობითა ამას ვიტყჳთ, ვითარცა ერთისა პირითა ყოელთა ქართველთა თანა, რომელნი სადაცა არიან აღმოსავალისათა და შავისა მთისათა და იერუსალემისათა და სადაცა არიან ძმანი ჩუენნი: უკუეთუ ვინმე გამოჩნდეს ნათესავისა ჩუენისაგან კაცი, —გინა მამასახლისი გინა იკონომოსი, გინა სხუაჲ ვინ, —და რაჲთაცა ღონითა ანუ მანქანებითა ანუ საფასისა სიხარბითა ანუ სუყუარულითა ბერძენთაჲთა ანუ კაცისა ვისმე შეპოვნებითა ანუ სხჳთა რაჲთამე ზაკუვითა ეორგულოს ამას წმიდასა ადგილსა, გინა განსცეს მიწაჲ მთასა გინა გარე, ანუ ქართველთა შინა-განმცემელ ექმნეს და ასწყჳდნეს და ესე ადგილი ქართველთა თავისა რაჲთმე საქმითა გამოუგდოს და იგინი გაასხნეს და ჩუენი საჴსენებელი ამოსწყჳდოს, ყოველთა წმიდათა ჯუარითა და მადლითა კრულმცა არს და წყეულ და შეჩუენებულ და განკუეთილ წესისაგან ქრისტეანეთაჲსა და მათ თანამცა შერაცხილ არს, რომელნი-იგი შინა-განმცემელ ექმნეს უფალსა ჩუენსა იესუ წრისტესა, და ა-მცა-ჴოცილ არს იგი ნაწილისაგან ქრისტეანეთაჲსა! და რომელნი თანა დახუდენ და ეწამნენ ძმათა ჩვენთაგანნი ესევითარსა მას მზაკუვარსა, იგინიცამცა წყეულ არიან და შეჩუენებულ! და რომელთა ქართველთა განმრავლებაჲ იღუაწონ და ესე წმიდაჲ ადგილი ნათესავსა ჩუენსა დაუმტკიცონ, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჳ მათი! და რომელნიცა ძმანი ამის დიდებულისა ლავრისა სამართლობასა და დამტკიცებასა თანა მოღუაწე ექმნნეს, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი წმიდათა მათ მამათა ჩუენთა და მაშენებელთა და ყოველთა მათ პირველ-მოჴსენებულთა ღირსთა და სათნოთა ძმათა ჩუენთა, რომელნი წმიდასა ამას ადგილსა შინა გამოჩნდეს გინა გამოჩნდენ! მადლითა და ლოცვითა გუაკურთხენ და აღგუაორძინენ უფალმან და საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან გჳჴსნენ და სასუფეველსა ცათასა მკჳდრ გჳჩინენ მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა და წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესითა და ყოველთა წმიდათაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ სიმტკიცჱ და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
როგორც ამ ვრცელი მონაკვეთიდან ხდება ნათელი, გიორგი ათონელი კარგად იცნობს საქმის ვითარებას. იგი აღნიშნავს რომანოზის მონასტრის წინამძღვარ გიორგისადმი ჯერ კარგ დამოკიდებულებას (დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ), შემდეგ კი მის გაძევებას ღალატის ბრალდებით (მერმე - თუ ვითარ იქმნა, ღმერთმან უწყის - განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს დიოგენისა ვისთჳსმე, რომლისათჳს თქუეს, თუ მისი უნდაო მეფობაჲ გიორგის, და ამის მიზეზისათჳს ექსორია-იქმნა გიორგი მონოვატს და მუნ აღესრულა ექსორიობასა შინა). სწორედ ამ მოვლენათა გადმოცემის შემდგომ ამბობს ავტორი, რომ „მონასტერი და ჩუენ ყოველნი, რომელნი დაშთომილ ვიყვენით მას ჟამსა, დიდსა ღელვასა და მიმოტაცებასა შთავცჳვენით, რამეთუ სამგზის დაიტყუენა მონასტერი და რაჲცა დრისტი ტურფაჲ იყო მამათა ჩუენთა მოგებული, ყოველი იავარ-იქმნა, და ეგრეთვე განძი და კუმაში.“ ამასთან, როდესაც ავტორი მამა გიორგისა და იმპერატორის კეთილი დამოკიდებულების პერიოდზე გვამცნობს, გვეუბნება, რომ მან „ბერძენნი ფრიად რაჲმე შეიყუარნა და განამრავლნა და სრულიად მათდა მიმართ მიდრიკა, ხოლო ქართველნი, ვითარცა ნასხურნი რაჲმე და უნდონი, უგულებელს-ყვნა და შეამცირნა... ვინაჲთგან იხილა, რომელ ფრიადი ერი საჴმარ იყო სივრცისათვის მონასტრისა და სიმრავლისათჳს სამსახურებელთაჲსა, და ჩუენ არა დავდგებოდეთ, ბერძენთა მოექცა და იგინი განამრავლა. გარნა ვინაჲთგან ჭეშმარიტისა ჯერ-არს თქუმაჲ, უკუეთუ მოვიდის ვინმე ქართველი, რომელსა კრებულსა შინა შეეძლის მსახურებაჲ, რაჲცა ეჴმარებინ, ყოვლითავე ფერითა აღაშენის, ხოლო უკუეთუ კრებულსა შინა არა ენების ყოფაჲ, სადაცა სოხასტერთა მონასტრისათა ენების დაჯდომაჲ, პურსა არავის უყენებნ ქართველსა.“ შესაბამისად, როგორც გიორგის მიერ მოვლენათა აღწერიდან იკვეთება, ანტაგონიზმი ქართველთა და ბერძენთა შორის გიორგის წინამძღვრობიდან გადაყენებამდე დაწყებულა.
როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ქართველების მიერ ათონის მთაზე პოზიციების გამყარებით გამოწვეულ პროტესტთან ბერძენთა მხრიდან, არამედ ზოგადად ბერძენი სამღვდელოების უკმაყოფილებასთან მართლმადიდებლურ სამყაროში ქართველთა პოზიციების გამყარების გამო. ამის გამოძახილს უნდა წარმოადენდეს აგრეთვე გიორგი მცირის მიერ გიორგი ათონელის ცხოვრებაში აღწერილი მონაკვეთი, რომლის თანახმადაც „კაცნი ვინმე სჳმონ-წმიდელნი შურითა საეშმაკოჲთა აღიძრნეს ჩუენ ქართველთა ზედა, და ენება, რათამცა ნათესავი ჩუენი ძირითურთ აღმოჰფხვრეს სჳმონ-წმიდით. და განიზრახეს გულარძნილებით, რათა წმიდასა ამას და მართალსა სარწმუნოებასა ჩუენსა ბიწი რაჲმე დასწამონ, და ესრეთმცა სრულიად აღმოგუფხვრნეს დიდებულისა ამისგან ლავრისა, პირველითგან თჳთ წმიდისა სჳმონის მიერ დამკჳდრებულნი.
და ესრეთ ბოროტად შეიზრახნეს და წარვიდეს თევდოსი პატრეაქისა წინაშე, ვითარცა ახლად შემოსრულისა და წუთ უმეცრისა, და დაცჳვეს წინაშე მისსა, რეცა მომჭირნედ, და ჰრქუეს მას: ”შეგუეწიენ, წმიდაო მეუფეო, და გჳჴსნენ დიდისა ჭირისაგან და განგუათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა, და არა უწყით, თუ რასა ზრახვენ, ანუ რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი, და ესრეთ დორიასად ზოგი მონასტრისაჲ დაუპყრიეს.”
და ესმა რაჲ ესე პატრეაქსა, დაუკჳრდა და ჰრქუა მათ: ”და ვითარ ეგების ესე, რათამცა ქართველნი არა მართლმადიდებელნი იყვნეს?” რამეთუ წუთ უმეცარ იყო ნათესავისა ჩუენისა, ხოლო იგინი დაუმტკიცებდეს, და რეცა უკეთურებისა საფარველად ჰრქუეს მას, ვითარმედ: ”არა უწყით, თუ ქართველნი არიან ანუ სომეხნი, და ვერცა ხუცესი მათი ჟამსა წირავს მონასტერსა შინა ჩუენსა!”
ხოლო ესე მართალი თქუეს, რამეთუ ვიდრე აქამომდე მრავლით ჟამითგან ქართველი ხუცესი სჳმონ-წმიდას ჟამსა ვერ წირვიდა ამის მიზეზისათჳს, რამეთუ რომელსამე ჟამსა სოფლური ვინმე ხუცესი ახლად ჩამოსრული წმიდისა სჳმეონის სუეტსა ზედა გასრულ იყო ჟამის წირვად ქალამნითა და საბეჭურითა, თჳნიერ სამღდელოჲსა შესამოსლისა, ვითარცა იყო პირველად წესი ჩუენი. და ამისთჳს არა უტეობდეს ქართველსა ხუცესსა ჟამის წირვად, არამედ განეწესა, რათა მათ თანა ეზიარებოდინ. და ნუ ვინ ჰგონებს, თუმცა სხუაჲ რაჲმე მიზეზი ყოფილ იყო. და კაცთა მათ ამაოთა პატრეაქსა ესე გააგონეს, ხოლო იგი განცჳბრდა ამას ყოველსა ზედა და ჰრქუა მათ: ”არვინ არსა ნათესავსა მათსა შორის ბერძულისა ენისა მეცნიერი და წერილთა სწავლული?”
ხოლო მათ, უნდა თუ არა. აღიარეს, ვითარმედ: ”ჰე, არს ერთი ვინმე მონაზონი ღრ[ა]მატიკოსი და ბერძულთა წიგნთა ქართულად თარგმნის,” მაშინ პატრეაქმან მსწრაფლ ბრძანა მოყვანებაჲ ბერისაჲ.ხოლო ვითარცა შევიდა ბერი წინაშე მისსა, მოიკითხა პატივით და უბრძანა დაჯდომაჲ. და იწყო უბნობად ბერისა ღმრთივ-სულიერთა წიგნთაგან, და რასა იგი ჰკითხვიდა, ყოველსავე ღმრთივ-შუენიერად მიუგებდა. მაშინ გულისჴმა-ყო პატრეაქმან, ვითარმედ მადლი ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს მის თანა. და ჰრქუა ესრეთ ბერსა: ”პატიოსანო მამაო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელ ვიხილე სიწმიდე შენი, და აჰა ესერა გხედავ მოწყალებითა ღმრთისაჲთა, დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, სხჳთა კულა ყოვლითა სწავლულებითა სრულიად ბერძენი ხარ, ხოლო მითხარ ნათესავისა შენისათჳს, - არსა რაჲ ნაკლულევანებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ მათ თანა გინა ურთიერთას განყოფილებაჲ მათ შორის და ჩუენ შორის?”
ხოლო ნეტარმან მან გამოისახა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ პირსა თჳსსა და იწყო წარმოთქუმად მართლისა სარწმუნოებისა ესრეთ, რომელ განაკჳრვნა მსმენელნი, რამეთუ სული წმიდაჲ იტყოდა პირით მისით. მაშინ პატრეაქმან ბრძანა: “კურთხეულ არს ღმერთი! ვიეთნიმე ნაკლულევანებასა სწამებდეს ქართველთა და, აჰა ესერა, მრავლითა სახითა უზეშთაეს იპოვნეს ჩუენსა და უფროჲს ხოლო ქალწულებითა, რომელი-იგი მაღლად უპყრიეს მათ”.
და ყოველნივე ეწამებოდეს, რამეთუ იყვნეს მეტროპოლიტნი და ებისკოპოსნი და წარჩინებულნი ანტიოქისანი, ყოველთავე ადიდეს უფალი და წმიდასა მას ქებაჲ შეასხეს და ნეტარებაჲ.
ხოლო პატრეაქმან ცუდის-მზრახთა მათ და ამაოთა კაცთა სჳმეონ-წმიდელთა ფრიად შეჰრისხნა და კანონსა ქუეშე საეკლესიოსა შეყარნა და სხუასაცა მრავალსა ძჳრსა უთქუმიდა. ხოლო ნეტარმან მან უხჳიშნა პატრეაქისაგან და განუტევნეს.
და რომელსა იგი რეცა სავნებელად ჩუენდა ჰგონებდეს, ესე ჩუენდა სარგებელად იქმნა, და სარწმუნოებაჲ ჩუენი ღმრთივ-ბრწყინვალედ იქადაგა. და მიერითგან დაეწესა, რათა ქართველნი სჳმონ-წმიდას ჟამსა წირვიდენ, რამეთუ ყოველნი მეცნიერ ხართ, ვიდრე ამის ნეტარისამდე ჟამსა ვერ წირვიდეს.“
და ესე რაჲ ესრეთ ღმრთივ-ბრწყინვალედ აღასრულა და განაგო, და კუალად სხუაჲ საქმე წინა-უყო პატრეაქმან ფრიად დიდი და მაღალი. რამეთუ კაცთა ვიეთმე მრავალ-ღონეთა და მანქანათა მოაჴსენეს და აუწყეს პატრეაქსა, ვითარმედ: ”ვითარ ესე, მეუფეო, რომელ ეკლესიანი და მღდელთ-მოძღუარნი ქართლისანი არა რომლისა პატრეაქისა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან და ყოველნი საეკლესიონი წესნი მათ მიერ განეგებიან, და თჳთ დაისუმენ კათალიკოსთა და ებისკოპოსთა, და არა სამართალ არს ესე, რამეთუ ათორმეტთა მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქუეყანასა მათსა, და ჯერ-არს, რათა ქალაქსა ამას ღმრთისასა და საყდარსა მოციქულთა თავისასა დაემორჩირლნენ და ამისსა ჴელმწიფებასა ქუეშე იყვნენ, რამეთუ ნათესავი არს უმეცარი და სამწყსოჲ მცირე, და ჩუენდა მახლობელად არიან და ჯერ-არს, რათა ჴელმწიფებასა ქუეშე ანტიოქელის პატრეაქისასა იმწყსებოდინ, და აქა იკურთხეოდის კათალიკოზი მათი, და ვიყვნეთ ჩუენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს!”
ესე ყოველი განიზრახეს და დაამტკიცეს, რეცა უმეცრებისა ჩუენისათჳს, ხოლო წინააღმდგომი შეემთხჳა, რამეთუ იწყო პატრეაქმან სიტყუად ბერისა, ვითარცა ესერა აღგჳწერია, და ეტყოდა რომელსამე ლიქნით და რომელსამე მართლად, ვითარმედ: ”შენ, ჵ ნეტარო მამაო, დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, ხოლო სწავლულებითა და მეცნიერებითა ჩუენივე სწორი ხარ, ჯერ-არს, რომელ ეკლესიანი და მღდელთ მოძღუარნი თქუენნი ჴელსა ქუეშე სამოციქულოჲსა ამის საყდრისასა იმწყსებოდინ, და ჰმართებსცა ესრეთ მიზეზითა მახლობელობისაჲთა, და ესე შენგან შესაძლებელ არს, რამეთუ უწყი, ვითარმედ გისმენს მეფე თქუენი, უკუეთუ, მიუწერო და აუწყო უმჯობესი, ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიუწერო ოთხთავე პატრეაქთა საყდრის- მოდგამთა ჩუენთა და ვაუწყო თჳთრჩულობაჲ და ქედფიცხლობაჲ ნათესავისა თქუენისაჲ, და ვითარმედ, თჳნიერ სამოციქულოჲსა კანონისა, თჳთ იმწყსებიან და მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქუეყანასა მათსა, და ესრეთ მრავალსა ღუაწლსა შეგთხინე, ვიდრე არა თჳთ მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოს!” და ესევითარნი რაჲ სიტყუანი წარმოთქუნა პატრეაქმან ბერისა მიმართ.
ხოლო ნეტარმან ამან დაწყნარებით და ნელიად ჰრქუა პატრეაქსა, ვითარმედ: ”ჵ წმიდაო მეუფეო, რაჲსათჳს-მე ესრეთ ადვილად ჴელჰყავ დიდისა ამის და მაღლისა საქმისა მოგონებად და აღსრულებად? და ვინ-მე არიან უგუნურნი იგი განმზრახნი შენნი, ანუ რად ესრეთ უგუნურად შეგირაცხიეს ნათესავი ქართველთაჲ, წრფელი და უმანკოჲ? აჰა ესერა, ვარ მე უნარჩევესი და უმდაბლესი ყოველთა ძმათა ჩემთაჲ, მე მოგცე მათ ყოველთა წილ პასუხი, მოღებად ეც წიგნი “მიმოსლვაჲ ანდრეა მოციქულისაჲ” და მუნით გეუწყოს საძიებელი თქუენი”.
ხოლო პატრეაქმან უბრძანა თეოფილეს, ნათესავით ქართველსა, რომელი-იგი უკუანაჲსკნელ ტარსუს მიტროპოლიტ იქმნა, მოღებაჲ წიგნისა მის.
და ვითარ მოიღეს, პირველ წარკითხვისა ჰრქუა ბერმან პატრეაქსა: ”წმიდაო მეუფეო, შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი, და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი, და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სიმონს ვიტყჳ კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს, და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უვარის- მყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლ- მადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ. აწ, უკუეთუ ჯერ არს, დაგემორჩილნეთ.” და, რეცა განცხრომით, ჰრქუა პატრეაქსა: ”წმიდაო მეუფეო, შუენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას, და რათა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ!” და ესეცა შესძინა, ვითარმედ: ”წმიდაო მეუფეო, რომელნი-ეგე ჩუენ უმეცრად და სუბუქად გუხედავთ და თავნი თქუენნი ბრძენ და მძიმე გიყოფიან; იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლ-მადიდებლობაჲ არა იპოებოდა, და იოანე, გუთელ ებისკოპოსი, მცხეთას იკურთხა ებისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სჳნაქსარსა”.
ესე ყოველი რაჲ წარმოთქუა ნეტარმან ამან, განკჳრდა პატრეაქი ებისკოპოსთა თჳსთა თანა სიმახჳლესა გონებისა მისისასა და რამეთუ, ვითარცა მდინარე დაუწყუედელად, ესრეთ დიოდეს სიტყუანი წმიდათა წერილთანი პირით მისით. განიღიმა პატრეაქმან და ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა მათ და ერსა: ”ხედავთა ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გუერევის? ვეკრძალნეთ, ნუუკუე წინააღმდგომი შეგუემთხჳოს და არა ხოლო თუ სიტყჳთ, არამედ საქმით გუამხილოს ძლეულებაჲ ჩუენი და დაგჳმრწემნეს და დაგჳმრემლნეს!”
მიერ დღითგან ესრეთ შეიყუარა პატრეაქმან და ყოველთა ანტიოქიელთა, ვითარცა მამაჲ და მოძღუარი სულიერი. და თჳთ პატრეაქმან გულის-სიტყუათა თჳსთა მისა იწყო კითხვად, და რამეთუ პირველ მისა ყოფილი ნეტარი იოანე პატრეაქი მასვე წმიდასა ბერსა ჰკითხვიდა, ვითარცა ზემო ვთქუთ, და ესრეთ მრავლითა პატივითა და ნიჭითა ეპყრა წმიდაჲ იგი ბერი, ვიდრე იყო იგი ქუეყანასა ანტიოქისასა, და ოდეს აქუნნ რაჲმე საჭიროჲ გულის-სიტყუაჲ, მსწრაფლ წარმოსცემნ საჴედარსა და მოიყვანებნ, და დიდად სარგებელ იყოფინ ხილვასა მისსა.
აქამომდე არს პატრეაქისა მიმართ სიტყჳს-გებისა და სიყუარულისა მისისა მისა მიმართ წარმოთქუმაჲ.“
ამდენად, როგორც ზემოთ მოყვანილი მონაკვეთიდან ირკვევა, ქართველების მიმართ პრეტენზიათა გამო გიორგი ათონელი იძულებულია, დაიცვას ქართული ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მრწამსზე მყოფი ეროვნული ეკლესიის პოზიცია ბიზანტიის იმპერიაში; ისევე, როგორც დაასაბუთოს ქართლის ეკლესიის აპოსტოლური წარმომავლობა. საფიქრებელია, რომ მსგავსი პრეტენზიები ქართველთა წინააღმდეგ XI საუკუნეში საკმაოდ ხშირად ჟღერდა და გახდა ეფრემ მცირის ნაშრომის, უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისა, თუ რომელ წიგნთა შინა მოიჴსენების დაწერის ძირითადი მიზეზიც. როგორც კორნელი კეკელიძე მიუთითებს, ეს თხზულება იწერება „შავი მთის ქართველთა ეკლესიარხის, იოანე-კვირიკეს დავალებითა და ბრძანებით,“ ვინაიდან „მეთერმთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ანტიოქიის საპატრიარქოში დაისვა საკითხი ქართველთა საეკლესიო დამოუკიდებლობის კანონიერებაზე. ანტიოქიისა და შავი მთის ბერძნები ამ კანონიერებას, სხვადასხვა მიზეზით, არ სცნობდნენ,“ და ეფრემს დაევალა ბერძნული წიგნებიდან ამოეღო ცნობები ქართველთა მოქცევისა და გაქრისტიანების შესახებ. (კეკელიძე 1980, გვ. 262).
ამდენად, ვფიქრობ, სავსებით მისაღებია მარიკა ლორთქიფანიძის განცხადება, რომ იოანე და ექვთიმე ათონელებისა და გიორგი ათონელის ცხოვრებანი „შექმნილია ათონის ბერძენ ბერ-მონაზვნებთან მწვავე კონფლიქტის ვითარებაში. ბერძნები ცდილობდნენ არ ეცნოთ აქ ქართველების უფლებები. ივერთა მონასტერს ედავებოდნენ, ქართველთა წინააღმდეგ იყენებდნენ ბრძოლის ყოველგვარ მეთოდებს: დაბეზღება-ჩივილს პატრიარქებსა და იმპერატორებთან. მიმართავდნენ ძალადობას. ამ აგიოგრაფიულ თხზულებაში ერთი უმთავრესი მიზანი ქართველთა უფლებების დასაბუთება იყო. ამ მიზანსაც ემსახურება თხრობა ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა წვლილისა და დამსახურების შესახებ და საგანგებოდ აღნიშვნა იმისა, თუ რა მისცეს ქართველებს ამ დახმარების სანუქფოდ, რისი უფლებები მოიპოვეს მათ ათონზე.“ (იქვე, გვ. 167-168).
მანანა გაბაშვილს კი მიაჩნია, რომ „ათონის ქართველთა სავანე („ივირონი“) არა მარტო რელიგიური კერა იყო, სადაც კულტურული და სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობდა, არამედ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცენტრიც... ათონის ქართველთა სავანის დაარსება (980-983) იმ პროცესებისა და პოლიტიკის გამოძახილია, რომელიც საქართველოს გაერთიანებასა და საერთაშორისო ვითარებას, ბიზანტიის გავლენისაგან განთავისუფლების მცდელობას უკავშირდება. დავით კურაპალატის მმართველობის ეს პერიოდი (966-1001) ეროვნული თვითშეგნების დანერგვის, განათლების ხელშეწყობის, ქართული ენისა და კულტურის, ქართული ეკლესიის აქტიურობის ნიშნით წარიმართა.“ (გაბაშვილი 2011, გვ. 92). მკვლევრის აზრით, ქართული პოლიტიკის პროპაგანდაში „დასავლეთით“ ივირონი დიდ როლს ასრულებდა და „პოლიტიკაში ათონელების გათვითცნობიერებისა და მონაწილეობის დასტური თავად მათი თხზულებებია, სადაც დაცულია უმნიშვნელოვანესი ცნობები საქართველოს, ბიზანტიისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.“ (იქვე, გვ. 93).
ნინო დობორჯგინიძის თქმით, ქართული ენის ფუნქციური და თვისობრივი ლეგიტიმაცია ბერძნულ-ბიზანტიურ სივრცეში ათონელი ბერების დამსახურებაა. მკვლევრის თქმით, ათონელი მამების „უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი მონაპოვარი ქართული ენის ლეგიტიმაციაა, მისი სრულფასოვნად დამკვიდრება ჩუენი ნათესავის საურთიერთო სივრცის გარეთ.“ (დობორჯგინიძე 2013, გვ. 267) ათონელები, რომლებიც საკმაოდ ხისტ პოლიტიკას ატარებდნენ ბერძენთა მიმართ მონასტრის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, იყვნენ „ნათესავით ქართველი და განსწავლულებით სრულიად ბერძენი - ეს იყო კულტურული თანასწორობის ის საფეხური,“ რომლის მიღწევაც ათონელმა ბერებმა მოახერხეს ენისათვის „შუა საუკუნეების ქართველ სწავლულთა ენობრივი და კულტურული იდენტობის მაკონსტრუირებლის ფუნქციის“ მინიჭების გზით. (იქვე, გვ. 269)
მეცნიერთა ყურადღება ექცევა აგრეთვე ათონელ მამათა ცხოვრებაში მოტანილ ეპიზოდებს, რომლებიც ლათინი ქრისტიანების ათონის მთაზე მისვლასა და ქართველებთან მათ კომუნიკაციას უკავშირდება (თინიკაშვილი 2013; მაჭარაშვილი 2013-2014; კოპლატაძე და რუხაძე 1997). მკვლევარნი ყურადღებას, ძირითადად, 1054 წელს დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში მომხდარ ბიზანტიურ-რომაულ სქიზმასა და ქართველი ათონელების მიერ იმდროინდელი რომაული ეკლესიის თეოლოგიური ასპექტების მიღება-მიუღებლობას უთმობენ. ჩემი აზრით, ათონელ მამათა ცხოვრებებში ლათინი ბერების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ძირითადი მიზეზი „უცხოობის“ ფენომენში მდგომარეობს.
იოანე და ექვთიმე ათონლების ცხოვრებაში ვკითხულობთ: „ვიდრე-ღა მამაჲ იოვანე ცოცხალ იყო, მო-ვინმე-ვიდა მონაზონი ჰრომისა ქუეყანისაჲ, კაცი განთქუმული სათნოებითა, რომლისა სათნოებათა წამებდა ქუეყანაჲ ჰრომისა და საბერძნეთისაჲ, ძმაჲ ვენევენტოს დუკისაჲ, წარჩინებული ნათესავით. ესე მოვიდა ექუსთა მოწაფეთა თჳ სთა თანა მთასა ამას წმიდასა ლოცვად. და ვითარ იხილეს მამათა ჩუენთა მადლითა შემკობილი სახჱ მისი, ვითარცა თჳსი და მეცნიერი ესრეთ მოიკითხეს და სიხარულით შეიწყნარეს და ევედრებოდეს აქა ყოფასა და ეტყოდეს, ვითარმედ: „ჩუენცა უცხონი ვართ და შენცა უცხო ხარ.“ და ძლით დაარწმუნეს, რამეთუ ენება, რაჲთამცა ერთგან იყვნეს მონასტერსა შინა. ხოლო იგი, ვინაჲთგან საჩინოჲ კაცი იყო და სახელოანი, ვითარცა ცნეს ჰრომთა, რომელნი იყვნეს სამეფოს და სხუათა ქალაქთა, მრავალი ერი შემოკრიბა, რაჲთამცა მონაზონ იქმნნეს მისგან. მერმე მამათაცა ჩუენთა გააზრახეს წმიდასა მას ბერსა, ვითარმედ: ”წმიდაო მამაო, ვინაჲთგან ესოდენთა სულთა აცხოვნებ, უმჯობეს არს, რაჲთა მოჰპარსნე და მიზეზ ცხორებისა ექმნა სულსა მათსა და ღმერთსა მიუპყრნე. უწყით, რამეთუ სხუაჲცა ერი მოსვლად არს, რაჲთა სახჱ მონოზონებისაჲ ჴელთა შენთაგან მიიღონ. ჩუენ გიყიდოთ ადგილი და ყოვლითავე საჴმრითა შეგეწინეთ”. ხოლო დაღაცათუ უძნდა წმიდასა მას კაცსა შფოთი და ზრუნვაჲ, არა ინება ურჩებაჲ ბრძანებისა მათისაჲ. ვინაჲცა აღაშენა მონასტერი შუენიერი და ძმანი, მრავალნი შეკრიბნა და თანადგომითა მამათა ჩუენთაჲთა სრულ-ყო ყოველივე საქმე შენებისაჲ. და ზედაჲს-ზედა მოვალნ იგი ხილვად მათდა და დაყვნის დღენი მრავალნი და კუალად მიიქცის თჳსსავე მონასტერსა. და იგი მონასტერი არს ჰრომთაჲ დღეს მთაწმიდას და კეთილად და წესიერად ცხოვნდებიან კანონსა და განგებასა ზედა წმიდისა ბენეტიკტესსა, რომლისა ცხორებაჲ წერილ არს დიალოღონსა შინა.“
ამდენად, იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრების თანახმად, იოანეს ცხოვრების პერიოდში (ანუ, 1005 წლამდე) ქართველებმა არა მხოლოდ შეიწყნარეს ლათინი ბენედიქტელი ბერები, არამედ ხელი შეუწყვეს და ფინანსურად დაეხმარნენ მათ ათონზე საკუთარი მონასტრის აგების საქმეში. საფიქრებელია, რომ ქართველთა მიერ ლათინთა შეწყნარებას არანაირი პრობლემა არ უნდა გამოეწვია მართლმადიდებელთა შორის, ვინაიდან, ჯერ ერთი, როგორც თხზულების ავტორი აღნიშნავს, ეს ჯერ კიდევ იოანეს ცხოვრებაში, ანუ 1005 წლამდე მოხდა. გარდა ამისა, ნარატივის თანახმად, რომაელ ბერთა წინამძღვარი იყო „კაცი განთქუმული სათნოებითა, რომლისა სათნოებათა წამებდა ქუეყანაჲ ჰრომისა და საბერძნეთისაჲ,“ ანუ, „რომაელთა და ბერძენთა“ საეკლესიო განხეთქილებამდე ერთნაირად მისაღები როგორც რომაელებისათვის, ისე ბერძნებისათვის. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქართველები ბერძნებს განსაკუთრებულად ეხმარებიან, სწორედ მათ „უცხოობაში“ უნდა მდგომარეობდეს. ათონის მთაზე, სადაც ქართველები ბერძენთა მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდიდნენ, ქართველთა გარდა უცხოები იყვნენ სამხრეთ სლავები, ანუ ბულგარელები ოჰრიდიდან, რომლებმაც აგრეთვე X საუკუნის ბოლოს, ანდა XI საუკუნის დასაწყისში დააარსეს ზოგრაფის მონასტერი და სერბები, რომლებმაც XII საუკუნეში დაარსებული ჰილანდარის მონასტერი; აგრეთვე აღმოსავლეთ სლავები, ანუ რუსები და უკრაინელები, რომლებმაც XI საუკუნეში დააარსეს წმ. პანტელეიმონის მონასტერი (რომელსაც ადრე .. ერქვა, რომელიც აგრეთვე დაარსებულად ითვლება და. გამომდინარე იმ მარტივი ფაქტიდან, რომ სლავებმა ქრისტიანობა IX-X საუკუნეებში მიიღეს (ბულგარელების გაქრისტიანების თარიღად 864 წელი ითვლება, სერბების - დაახლ. 870, ხოლო კიევის რუსეთის - 988; Vlasto 1970). ამდენად, საფიქრებელია, რომ სლავები, რომლებიც ქრისტიანობაში „ახალნერგ“ იყვნენ, ბერძნებთან მიმართებით a priori დაქვემდებარებულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ და ქართველებს, როგორც უძველეს ქრისტიან ერს, უცხოობაში „თანასწორებად“ და მათთან ერთად საკუთარი უფლებებისათვის არა თუ თანასწორ, არამედ უპირატეს მებრძოლად რომაელები უნდა წარმოედგინათ.
სავარაუდოდ, ამ ფაქტორს უნდა განეპირობებინა ის გარემოება, რომ გიორგი მცირე გიორგი ათონელის ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამყაროთა შორის საეკლესიო განხეთქილებაზე საუბრობს, „ჰრომაელთა“ რწმენას არა მხოლოდ შეურყევლად მიიჩნევს, არამედ ბერძენთა რწმენაზე უფრო წინაც აყენებს. თხზულების ავტორის თქმით, ბიზანტიის იმპერატორთან საუბრისას, რომელსაც სომხები და რომაელებიც ესწრებიან, გიორგი ათონელი აღნიშნავს: „ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა პირველ და მრავალგზის მიდრკეს, ამისთჳსცა მსგავსად თქუენსა ღმრთის-მსახურთა მეფეთა წმიდანი კრებანი შემოკრიბნეს და წულილად გამოიძიეს განგებულებისათჳს ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ჴორციელად გამოჩინებისათჳს მისისა, და საუფლოთა მათთჳს ჴორცთა გამოძიებაჲ იქმნა და დააწესეს, რათა მოვიღებდეთ ცომსა სახედ ჴორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა სახედ სულისა გონიერისა, და მარილსა სახედ გონებისა, წინააღდგომად წვალებასა უშჯულოჲსა აპოლინარისსა, რომელი-იგი ჴორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა, უგუნური იგი და უსულოჲ. ხოლო ღჳნოჲსა თანა წყალსა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოჴდა გუერდსა მჴსნელისასა, ვითარცა იტყჳს იოანე ოქროპირი. ესე არს განმარტებაჲ და მიზეზი ამათ საქმეთაჲ! ხოლო ჰრომთა ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის, და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და უმეტესადღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს.” ამასთან, როდესაც იმპერატორი მას ეკითხება „სომეხთათჳს, თუ “აქუს რაჲ ნაწილი ქრისტიანეთა თანა?” ხოლო მიუგო წმიდამან მოკლედ, ვითარმედ: “ბოროტსა სარწმუნოებასა სახელცა ნუ ედებინ!” და მათ ყოველთა წინაშე სირცხჳლითა აღავსნა სომეხნი იგი მეფენი.“
ამდენად, საფიქრებელია, რომ თხზულების ავტორი, გიორგი მცირე და დიდი ათონელი მამა, გიორგი, უცხოობაშიაც კი არ ივიწყებენ ქართულ რეალობას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მწვალებლობად სომხურ რწმენას აღიქვამენ, ხოლო ლათინებს უფრო სტრატეგიულ მოკავშირეებად აღიქვამენ, ვიდრე მწვალებლური აღმსარებლობის მქონე ქრისტიანებად.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ათონის მთაზე ივირონის მონასტრის დამფუძნებელთა და იქ ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის სულისჩამდგმელ მამათა ბიოგრაფიები წარმოადგენს საქართველოს გაძლიერების ფონზე ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციისა და იქ უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული კერების დაარსების პროცესის დასაწყისის ამსახველ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს.
-
ათონელი მამები მოიხსენიებიან აგრეთვე, როგორც მთაწმინდელები, რაც იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ ქალკედონის ნახევარკუნძულზე მდებარე ათონის მთა აგრეთვე წმინდა მთად (Ἅγιον Ὄρος) არის წოდებული. ↩︎
-
დავით III კურაპალატი (X ს.) საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა და ტაო-კლარჯეთის ძლიერი მმართველი იყო. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ კონსოლიდაციაში, როდესაც იშვილა ბაგრატ III და ხელი შეუწყო მის გამეფებას, რითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიან სამეფოს. დავითი გამოირჩეოდა დიდი დიპლომატიური ნიჭითა და სამხედრო ძლიერებით. მან ბიზანტიის იმპერატორს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში დახმარება გაუწია, რის სანაცვლოდაც „ზემო ქვეყნები“ მიიღო მფლობელობაში. მისი მმართველობის ხანა ქართული კულტურისა და მშენებლობის ოქროს ხანაა — სწორედ მას უკავშირდება ოშკისა და ხახულის დიდებული ტაძრების აგება. დავით კურაპალატის მოღვაწეობა გახდა ის მყარი საძირკველი, რომელზეც შემდგომში ერთიანი, ძლიერი საქართველოს მონარქია აღმოცენდა. ↩︎
-
ტერმინში „ობოლი მეფეები“ იგულისხმებიან ბიზანტიის ახალგაზრდა იმპერატორები — ძმები ბასილი II (შემდგომში „ბულგარეთმჟლეტი“) და კონსტანტინე VIII.
მათ ამ კონტექსტში იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ ბარდა სკლიაროსის აჯანყების დროს (976–979 წწ.) ძმები ჯერ კიდევ მცირეწლოვნები იყვნენ და დამოუკიდებლად ქვეყამისაელნას ვერ მართავდნენ. მათ მამა, იმპერატორი რომანოზ II, ადრე გარდაეცვალათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ გვერდით დედა (დედოფალი თეოფანო) და გავლენიანი საჭურისი ბასილ ლეკაპენოსი იყვნენ, სკლიაროსის სამხედრო ძლიერების წინაშე ისინი „ობლებივით“ დაუცველები აღმოჩნდნენ. ↩︎
-
დაახლოებით 185 მეტრი ↩︎
-
იგულისხმება დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული სამი ყრმა - ანანია, აზარია, მიქაელი, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა ცეცხლში ჩაყარა, უფლის ანგელოზმა კი იხსნა. ↩︎
-
კანანახება/კანანახი, ეწოდებოდა წიგნის ხმამაღლა კითხვას, იმისთვის რათა სხვას ჩაეწერა. მომდინარეობს ბერძნული ,,კანონარქიდან“, რაც ,,საგალობელი კანონის დამწყებს“ ნიშნავს ↩︎
-
მონასტრის დამფუძნებელთა ანდერძით, მონასტრის წინამძღვრები ჩორდვანელთა (ჩორჩანელთა) საგვარეულოდან უნდა ყოფილიყვნენ. სწორედ ამ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ როგორც თორნიკე ერისთავი, აგრეთვე იოანე და ექვთიმეც. (Grdzelidze 2009, გვ. 22-24, 34-35). ↩︎
-
ქართველ მკვლევართა აზრით, ივირონის ტიპიკონი ექვთიმე ათონელის მამასახლისობის დროს უნდა დაწერილიყო (1005-1019 წწ.), რომელიც გიორგი ათონელის თხზულებაში ნაწილობრიცვაა შემორჩენილი. (თოდაძე 2009, გვ. 105) ↩︎
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია:
გაბაშვილი, მანანა 2011. „ათონელი ბერების ადგილი და როლი შუა საუკუნეების ქართულ პოლიტიკაში.“ ლოგოსი 6: 92-96 - ისტორიოგრაფიული და იდენტობის კვლევები
გაბიძაშვილი 2010- იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
გაბიძაშვილი, ენრიკო 1968. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი IV. სვინაქსარული რედაქციები (XI-XVIII სს.). თბილისი: მეცნიერება - ტექსტოლოგიური კვლევები
დობორჯგინიძე, ნინო 2013. „ათონის ქართველ მწიგნობართა ენობრივი კონცეფცია.“ კრებულში: რატიანი და სხვ. (რედ) 2013, 260-281 - ტექსტოლოგიური და იდენტობის კვლევები
თინიკაშვილი, გიორგი 2013. „გიორგი მთაწმინდელი და რომის ეკლესია.“ კადმოსი 5: 22-58
თოდაძე, ხათუნა 2010. „ათონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი და ლაზარეს ანდერძი გალესიოსის მთიდან.“ ამირანი 21: 105-112 - ტექსტოლოგიური და ისტორიოგრაფიული კვლევები
კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
კეკელიძე, კორნელი 1945a. „ათონის ლიტერატურული სკოლის ისტორიიდან.“ წიგნში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. II. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 218-236 - ტექსტოლოგიური კვლევები
კოპლატაძე, გვანცა და რუხაძე, გრიგოლ 1997. „ლათინთა საკითხი გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში.“ გაზეთი „მადლი,“ 6-7, 15-16.
ლეფორი, ჟაკ და იკონომიდისი, ნიკოლაოს, დენიზ პაპახრისანთუ ელენე მეტრეველის მონაწილეობით 2008. ივირონის აქტები. ტ. I-IV. ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა. ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრი. უცხოენოვანი წერილობითი ძეგლები საქართველოს შესახებ I. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა - წყაროთმცოდნეობითი-ტექსტოლოგიური კვლევები
ლორთქიფანიძე, მარიამ 1984. „ცხოვრებაჲ იოვანესი და ეფთვიმესი გიორგი მთაწმინდელის და ცხოვრებაჲ გიორგი მთაწმინდელისაჲ გიორგი მცირის, როგორც საისტორიო წყარო.“ თსუ შრომები 246: 166-170 - ისტორიოგრაფიული კვლევები
მაჭარაშვილი, გიორგი 2013-2014. „ქართული ჰაგიოგრაფიის ორო ძეგლი დასავლელ ქრისტიანთა შესახებ.“ ქართული წყაროთმცოდნეობა 15-16: 125-132 -
მენაბდე, ლევან 1980. ძველი ქართული მწერლობის კერები. ტ II. თბილისი: თსუ გამომცემლობა - ლიტერატურათმცოდნეობითი და ტექსტოლოგიური კვლევები
მეტრეველი, ელენე 2012. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. ნაკვეთი II. თბილისი: ლოგოსი - წყაროთმცოდნეობითი და ტექსტოლოგიური კვლევები
მეტრეველი, ელენე 2007. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. ნაკვეთი I. თბილისი: არტანუჯი - წყაროთმცოდნეობითი და ტექსტოლოგიური კვლევები
მეტრეველი, ელენე 1998. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი. თბილისი: გამომცემლობა „სკოლა“ - წყაროთმცოდნეობითი და ტექსტოლოგიური კვლევები
მეტრეველი, ელენე 1996. ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან. თბილისი: ნეკერი - წყაროთმცოდნეობითი და ტექსტოლოგიური კვლევები
რაფავა, მაია 2011. „წმინდა იოანე ათონელი - შტრიხები ბიოგრაფიისათვის.“ ლოგოსი 6: 73-78 - ტექსტოლოგიური კვლევები
სილოგავა, ვალერი 2011. “წმინდა გიორგი მთაწმინდელი წმინდა ეფთვიმე მთაწმინდელის შესახებ.“ ლოგოსი 6: 97-104 - ლიტერატურათმცოდნეობითი და წყაროთმცოდნეობითი და ტექსტოლოგიური კვლევები
სულავა, ნესტან 2017. „წმ. იოვანე მთაწმინდელისა და იოვანე-თორნიკეს ჰაგიოგრაფიული ხატ-სახე.“ თსუ ისტორიის ინსტიტუტის შრომები 12: 111-128 - ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები
სულავა, ნესტან 2012. „წმინდა გიორგი მთაწმინდელი - „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“.“ ლოგოსი 6: 136-141 - ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები
სულავა, ნესტან 2001. „ბასილი მთაწმინდელი.“ მწიგნობარი ‘ 01: 153-165 - ტექსტოლოგიური კვლევები
ქურციკიძე, ციალა 2008. „ათონის სამწერლობო სკოლა და ტაო-კლარჯეთო.“ მრავალთავი 21: 20-26 - ტექსტოლოგიური კვლევები
ჭელიძე, ედიშერ 2011. „ქართველ ათონელთა ღვაწლი.“ ლოგოსი 6: 15-24 - ტექსტოლოგიური კვლევები
ხინთიბიძე, ელგუჯა 2003. „ ათონის ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა.“ კრებულში: ნათელი ქრისტესი საქართველო. წ. 1. რედ. როინ მეტრეველი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 539-551 - ლიტერატურათმცოდნეობითი და ტექსტოლოგიური კვლევები
Badridzé, Chota 1975. “Contribution à l’histoire des relations entre le Tao er Byzance (les années 70 du Xe siècle).” Bedi Kartlisa 39: 162-190 - ისტორიოგრაფიული კვლევები
Grdzelidze, Tamara 2009. Georgian Monks on Mount Athos. Two eleventh-Century Lives of the Hegoumenoi of Iviron. Translation, notes & introduction by Tamara Grdzeidze. London: Bennett and Bloom - წყაროთმცოდნეობითი კვლევები
Lefort Jacques and Denise Papachryssanthou 1983. “Les premiers géorgiens à l’Athos dans les documents byzantins.” Bedi Kartlisa 41: 27-33 - ისტორიოგრაფიული კვლევები
Martin-Hisard, Bernadette 2006-2007. “La Vie de Georges l’Hagiorite (1009/1010-1065). Introduction, traduction du texte géorgien, notes et éclaircissements.” Revue des Études Byzantines 64-65: 5-205 - წყაროთმცოდნეობითი კვლევები
Martin-Hisard, Bernadette 2005. “Monaci georgiani sull’Athos nell’XI secolo, dans Atanasio e il monachesimo al Monte Athos.” In Sabino Chialà and Lisa Cremaschi (eds). Atti del XII Convegno ecumenico internazionale di spiritualità ortodossa sezione bizantina, Bose, 12-14 settembre 2004. Eds. Bose: Edizioni Qiqajon, Comunità di Bose, 79-100 - ქართული ეკლესიის ისტორიის კვლევები
Martin-Hisard, Bernadette 1996. “Le Mont Athos et le Caucase au XIe siècle.” in Anthony Bryer and Mary Cunningham (eds). Mount Athos and Monasticism. Papers from the Twenty-eighth Spring Symposium of Byzantine Studies, Birmingham, March 1994. Publications of the Society for the Promotion of Byzantine Studies 4. London and New York: Routledge, 239-248 - ისტორიოგრაფიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
Martin-Hisard, Bernadette 1991. “La Vie de Jean et Euthyme et le statut du monastère des Ibères sur l’Athos.” Revue des Études Byzantines 49: 67-142 - წყაროთმცოდნეობითი კვლევები
Martin-Hisard, Bernadette 1983. “De T’ao-Klardzheti à Athos: moines géorgiennes et réalites sociopolitiques (IXe-XIe siècles).”Bedi Kartlisa 41: 34-46 - ისტორიოგრაფიული კვლევები
Peeters, Paul 1917-1919. “Histories monastiques géorgiennes.” Analecta Bollandiana 36-37 : 5-318 - წყაროთმცოდნეობითი-ტექსტოლოგიური კვლევები
Vlasto, Alexis Peter 1970. The Entry of the Slavs into Christendom: An Introduction to the Medieval History of the Slavs. Cambridge: Cambridge University Press
თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია:
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ჰაგიოგრაფიულ ნარატივთა ანალიზი ინტერდისციპლინარულია და, სულ მცირე, ლიტერატურათმცოდნეობით-ისტორიოგრაფიულ მიმოხილვას მაინც შეიცავს, შესაძლებელია გამოიყოს ... წამების შესწავლისას გამოყენებული შემდეგი ძირითადი თეორიულ-მეთოდოლოგიური მოდგომა:
ისტორიოგრაფიული ანალიზი:
ლორთქიფანიძე 1984.
ტექსტოლოგიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი:
ბარათელი, ენვერ 2000. „ფილოსოფიური იდეები ათონის მწიგნობრულ სკოლაში: ეფთვიმე ათონელი.“ მნათობი 1-2: 106-110.
კეკელიძე, კორნელი 1957. „ორი ექვთიმე ქართულ მწერლობაში (მთაწმინდელი, თუ იერუსალიმელი?).“ წიგნში: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. IV. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 90-104
კეკელიძე, კორნელი 1955. „ერთი ადგილის შესახებ ათონელთა ბიოგრაფიაში (“უკეთური“ გიორგის შესახებ).“ ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის ერთი ნიმუში.“ წიგნში: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. III. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 65-68
კეკელიძე, კორნელი 1945b. „ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის ერთი ნიმუში.“ წიგნში: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. II. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 237-288.
მაჩხანელი, მანანა 1982. იოანე, ეფთვიმე და გიორგი ათონელების ბერძნული ცხოვრება. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითა და გამოკვლევით გამოსაცემად მოამზადა მანანა მაჩხანელმა. თბილისი: მეცნიერება
ქრისტიანული ეკლესიის ისტორია; საქართველოსა და რომის ეკლესიათა ურთიერთობის ისტორია:
თინიკაშვილი 2013.
კოპლატაძე და რუხაძე 1997.
მაჭარაშვილი 2013-2014.
მაჭარაშვილი, გიორგი 2009. წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი. თბილისი: [n.l.]
მაჭარაშვილი, გიორგი 2007. წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი. თბილისი: [n.l.]
საეკლესიო ლიტერატურის ისტორია:
გიპერტი, იოსტ 2011. „“ქართველი მთაწმინდელები და მათი გავლენა ქართული განმანათლებლობის კერებზე.“ ლოგოსი 6: 79-95
სურგულაძე, მზია 2011. „საქართველოს ეკლესია გიორგი მთაწმინდელიდან დავით აღმაშენებლამდე.“ ლოგოსი 6: 86-91
იდენტობის კვლევები:
დობორჯგინიძე 2013.
რაპი, სტივენ 2011. „კავკასია და მეორე ბიზანტიური თანამეგობრობის შექმნა: გაბიზანტიურება, კოსმოპოლიტობა და ქართველი მთაწმინდელები.“ ლოგოსი 6: 60-67.
ჩხარტიშვილი მარიამ, 2006. „წმიდა მამა გიორგი ათონელი და ქართული იდენტობის სამანები XI საუკუნეში.“ ქართული წყაროთმცოდნეობა 11: 87-101
Chkhartishvili, Mariam 2011. “Holy Men and Making of Georgian Identity.” თსუ ისტორიის ინსტიტუტის შრომები 1: 312-331
კულტუროლოგიური კვლევები:
კაკიტელაშვილი, ქეთევან 2005. „კულტურული პროცესების მართვა V-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ტექსტების მიხედვით.“ ცივილიზაციური ძიებანი 3: 13-38
ინტერდისციპლინური კვლევები:
რატიანი და სხვ. (რედ.) 2013. ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა. თბილისი: თსუ გამომცემლობის სტამბა
მენაბდე, ლევან (რედ). 1983. ივირონი - 1000. ეძღვნება ათონის ლიტერატურული სკოლის 1000 წლისთავს. რედ. ლევან მენაბდე. თბილისი: თსუ გამომცემლობა და სტამბა