მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

რაჟდენ პირველმოწამის წამება

მიუხედავად იმისა, რომ თხზულება მხოლოდ გვიანდელ, XVIII საუკუნის ვარიანტშია ჩვენამდე მოღწეული, მას განვიხილავ სპარსელ მარტვილთა ციკლის თხზულებებს შორის, ვინაიდან მისი ავტორი, ბესარიონ ორბელიშვილი, თხზულების სიუჟეტის აგებისას სპარსელ მარტვილთა ციკლისათვის დამახასიათებელი ტოპოსებსაც იყენებს.

აღსანიშნავია, რომ რაჟდენი ქართული ეკლესიის მიერ პირველმოწამედ1 არის სახელდებული.

ტექსტის ორიგინალური სათაური: წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა სპარსთა მიერ ქართლსა შინა, სოფელსა შინა წრომს.

ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის MS S 3269, XVIII საუკუნის I ნახევარი (ტექსტი დაწერილია ბესარიონ ორბელიშვილის ხელით)

თხზულების დაწერის დრო: წამების ჩვენამდე მოღწეული რედაქცია დაწერილია XVIII საუკუნის I ნახევარში, 1713-1733 წლებს შორის (კეკელიძე 1980, გვ. 531), უფრო ზუსტად კი, ამ საუკუნის „პირველი ოცეული“  (ქავთარია 1959, გვ. 88).

ბესარიონის თხზულებაზე დაყრდნობით რაჟდენ პირველმოწამის წამება აღწერა აგრეთვე ანტონ I კათალიკოსმა. ნარატივი შეადგენს ანტონის მარტირიკის მეშვიდე სიტყუას („შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართუელოჲსა.“ ძეგლები VI, გვ. 136-153)

თხზულების ავტორი: ბესარიონ ორბელიშვილი (გარდ. 1737/8)

თხზულების შინაარსი: ავტორის თქმით, „ვითარცა ძუელნი მატეანენი გუაუწყებენ და მიმოგანთესილობანი ესევითართა უწყებათანი,“2 რაჟდენი (მიხეილ საბინინის განმარტებით, სახელი რაჟდენ, ანუ სრაზდინ არაბულია და სარწმუნოების მნათობს ნიშნავს; საბინინი 1882, გვ. 169, შენ. 1), რომელსაც ქართული ეკლესია პირველმოწამედ აღიარებს, “იყო ნათესავით სპარსი, დიდთა და დიდებულთა მთავართაგანი და საკუთართა შორის სპარსთა მეფისა წარჩინებულ და შჯულითა იყო იგი ცეცხლის მოსავ და მსახურ მზისა და მთოვარისა.“ მას დაავალეს მეფის ასულის აღზრდა. როდესაც გოგონა გაიზარდა, ვახტანგ ქართლის მეფემ ცოლად ითხოვა.3 ქალს ქართლში ქორწილში მისი მამამძუძეც გამოჰყვა.

აქ ვახტანგმა რაჟდენს ისეთი პატივი სცა, „ვითარ ჰშუენოდა მთავრობასა მისსა,“ დიდძალი ქონება აჩუქა და საკუთარ თანამზრახველადაც გაიხადა. ჰაგიოგრაფის თქმით, ვახტანგმა ეს წყალობა რაჟდენისათვის იმიტომ კი არ გაიმეტა, რომ ის სპარსთა მეფის ნათესავი იყო, არამედ იმიტომ, რომ მაზდეანად ყოფნის დროსაც კი სათნოებით და სიკეთით გამოირჩეოდა.

როდესაც რაჟდენმა, რომელიც „ფრთხილ იყო და მახჳლიცა გონებითა“ იხილა ქრისტიანობის წესი და ქართველთა მტკიცე სარწმუნოება, მისი გული ქრისტიანობის სიყვარულით აენთო; მან დაიწყო ეკლესიაში სიარული და ნათლის-ღების სურვილიც გამოთქვა, ნათლობის შემდგომ კი სამაგალთო ქრისტიანად იქცა. ჰაგიოგრაფის თქმით, რაჟდენი დღე და ღამე ლოცულობდა, რათა „იგიცა ღირს იქმნეს, ინებოს თუ ღმერთმან, ღუაწლსა მას წამებისასა.“

როდესაც უფლის ნებით4 სპარსელებმა დაიწყეს „ბრძოლაჲ და დაუცხრომელი მტერობაჲ ქრისტიანეთა ზედა და უფროჲსად ბერძენთა მიმართა, ხოლო ჩუენი ქართველთა მომართ ამისთჳს, რამეთუ ეძჳნებოდა ჩუენი ბერძენთა მიმართ სიყუარული და ერთობაჲ, და ესე იყო ნება მათი, რაჲთა ჩუენცა მათ თანა მტერ ვექმნნეთ ბერძენთა.“ მაშინ სპარსთა მეფემ გამოილაშქრა ქართლზე, ხოლო ვინაიდან იმ დროს „ბერძენნი უცალო იყვნეს და ვერ ეძლო შეწევნაჲ ქართველთა,“ ვახტანგ გორგასალმა გაამაგრა ქართლის ქალაქები და ციხეები და თვითონ მცხეთაში გამაგრდა. მრავალრიცხოვანი სპარსთა ჯარი გამაგრდა მცხეთის შემოგარენში: „ზოგნი დადგეს ავჭალას, ზოგნი ნაქულბაქევს, დიღუამით კერძოჲ, და უმრავლესი მჴედრობაჲ მუხრანით კერძოჲ და შიდა ქართლს, იმიერ და ამიერ მტკურისა.“ ოთხი თვე გრძელდებოდა ბრძოლა, რომლის მანძილზეც ხან ქართველები იმარჯვებდნენ, ხანაც სპარსელები. ამ ბრძოლებში რაჟდენი აქტიურ მონაწილეობას იღებდა, „რამეთუ იგი უმეტეს სხუათა ქართველთასა უმჴურვალეს იბრძოდა სიყუარულისათჳს ქრისტესა.“ 

ერთ დღესაც იგი ჩვეულებისამებრ გავიდა საბრძოლველად. ირანელებმა იცოდნენ მისი რჯულის შეცვლის შესახებ და მისი ცოცხლად შეპყრობა უნდოდათ. რაჟდენი, რომელიც ტანით ახოვანი იყო და გამოცდილი და ჩინებული მებრძოლი, უფლის განგებით უვნებელი ბრუნდებოდა ხოლმე ბრძოლის ველიდან. მაგრამ იმ დღეს მას მოუწია არმაზთან ახლოს სპარსელებთან შებრძოლება. ირანელებმა მოახერხეს მისი შეპყრობა და წაიყვანეს თავიანთ მეფესთან. ფრიად განიხარა სპარსთა მეფემ, როდესაც რაჟდენის შეპყრობის ამბავი გაიგო; რაჟდენის დანახვაზე კი მიეგება და უთხრა: რატომ თქვი უარი მამაპაპეულ რჯულზე და მიიღე უცხო რწმენა, რომელიც შენთვის არ უსწავლებიათ შენს წინაპრებს „და ბრწყინვალისა მზისა წილ და ცეცხლისა და სხუათა მათ მნათობთა მსახურებ ჯუარცმულსა კაცსა, რომელი ჰურიათა მოაკუდინეს და შენ იგი ღმრთად შეგირაცხიეს.“

რაზეც რაჟდენმა უპასუხა, რომ იგი ქრისტიანი გახდა და მიატოვა „მამული უღმრთოებაჲ,“ და აღარ სცემს პატივს „ცეცხლსა შემწუელსა, არცა მზესა კაცთათჳს სამსახურად დიდებულსა,“ არამედ ცხოველ ღმერთს, რომელმაც შექმნა ყოველი. რომელიც უხილავია, მაგრამ „სამგუამოვნებით დიდებული და ერთღმრთეებით აღსარებული,“ და „ერთი წმინდისა სამებისაგანი“ განკაცდა და მოვიდა ადამიანთა ხსნისათვის და თავისი სიკვდილით და აღდგომით ადამიანებს უკვდავება მოგვანიჭა.

შაჰმა გადაწყვიტა შეგონებით და საჩუქრებით რაჟდენის გულის მოგება და უთხრა, დაეტოვებინა ურჩობა, დამორჩილებოდა მის ბრძანებას და სანაცვლოდ უწინდელზე უფრო დიდ პატივს და დიდებას მიიღებდა და, როგორც შაჰის „საკუთარ, მეგობარ და საყუარელ“ მისი დიდების თანაზიარი გახდებოდა; უარის თქმის შემთხვევაში კი შაჰი მას სასტიკი ტანჯვით სიკვდილს უქადდა.

კვლავ მტკიცე უარის მიღების შემდეგ განრისხდა შაჰი და ბრძანა რაჟდენის სახის დასახიჩრება ცემით. მართლაც, უმოწყალოდ სცემდნენ, ვიდრე ყველა კბილი არ დასცვივდა და სისხლით გაივსო მისი პირი. შემდეგ გააშიშვლეს, დიდხანს ათრიეს სალ ქვებზე და თან კეტებით სცემდნენ. ბოლოს კი ხელ-ფეხი შეუკრეს და „რკინითა მაგრად შეჭედილ“ საპყრობილეში დაამწყვდიეს. საპყრობილეში რაჟდენმა საკმაო ხანი დაყო. იგი გამუდმებით ლოცულობდა, მადლობას სწირავდა უფალს, რომ ტანჯვის ღირსი გახდა და კიდევ უფრო განმტკიცდა რწმენაში.

ცოტა ხანში შაჰთან ქართველი მთავრები მივიდნენ, რომლებიც იმ დროს სპარსეთში იყვნენ ჩასულნი და ევედრებოდნენ მცირე დროით მაინც გაეთავისუფლებინა რაჟდენი, „რაჲთა წარვიდეს მამულსა თჳსსა და იხილნეს ცოლი და შვილნი თჳსნი, მეგობარნი და მოძმენი.“ მათ უთხრეს, რომ თავდებად უდგებოდნენ პატიმარს და აღუთქვეს, რომ შაჰის მიერ დათქმულ დროს რაჟდენი უკან დაბრუნდებოდა. ბევრი ხვეწნის შემდეგ შაჰმა თხოვნა დააკმაყოფილა, გამოაყვანინა რაჟდენი საპყრობილედან, გადასცა მთავრებს და მცირე დროით გაუშვა ახლობლების სანახავად.

 რაჟდენი ჯერ მეფისა და დედოფლის სანახავად მივიდა, შემდეგ კი საკუთარ ოჯახთან წავიდა. მეუღლემ უსაყვედურა და უთხრა: „რად ესრეთ განგიწირავს ცხორებაჲ თჳსი და მიგიცემიეს თავი შენი სიკუდილად და ჩუენცა სრულიად ოჴერ და ობოლ გუყოფ?  ერჩდი ბრძანებასა მათსა და იჴსენ თავი შენი და ჩუენცა, რაჲთა არა ბოროტად მოკუდე შენ და ჩუენ სიკუდილთა შენითა მივეცნეთ განსაცდელსა მწერესა და მწუხარებასა ძნელსა.“ როდესაც რაჟდენმა ეს მოისმინა, მაშინვე ადგა და განეშორა ოჯახის წევრებს, და დაიძრა შაჰთან წასასვლელად. ამასობაში, რადგან მას ცოტა შეაგვიანდა, შაჰს მის შესაპყრობად რაზმი გამოეშვა, რომელიც მას ეძებდა.გზად შეხვედრილი ვერ იცნეს და მისივე ადგილ-სამყოფელი ჰკითხეს. რაზეც რაჟდენმა მიუგო, მე ვარ, ვისაც ეძებთო.

შაჰთან მისულ რაჟდენს მბრძანებელმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას შეცვლილი აზრი, რაზეც ნეტარმა კაცმა უპასუხა, რომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტიანობაზე დარჩენა. მაშინ შაჰი „აღუთქმიდა კუალად ნიჭთა და პატივთა უდიდესთა უფროჲს პირველისა, რაზეც უფრო მტკიცე უარი მიიღო.

რაჟდენი კვლავ შეიპყრეს და, როგორც ადრე, უმოწყალოდ სცემეს და სთხოვდნენ შაჰის ბრძანებას დამორჩილებოდა. მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ ვერ დაიყოლიებდნენ, შეპყრობილი „წარგზავნეს სხჳსა მთავრისა მიმართ, რომელი დაბანაკებულ იყო ზემოსა სოფელსა წრომს,“ რომელსაც სთხოვეს, აეძულებინა რაჟდენისათვის რწმენაზე უარის თქმა.  თუკი რაჟდენს დაითანხმებდნენ, მას დიდძალი საჩუქრები ერგებოდა; თუ უარს იტყოდა, სასტიკ ტანჯვაში სულის ამოხდომა ელოდა. ამასთან, მთავარს ისიც ებრძანა, რომ მისი ძვლები მიწაში არ უნდა დამარხულიყო. უარის მიღების შემდეგ რაჟდენი კვლავ საპყრობილეში ჩასვეს, მცირე დროის შემდეგ კი აწამეს. როდესაც მიხვდა მთავარი, რომ ვერაფერს გახდებოდა, ბრძანა ორი ძელის მოტანა, რომელთა შორისაც დაკიდეს რაჟდენი, შემდეგ „განაწყვეს მოისარნი იმიერ და ამიერ და იწყეს სროლად.“ მრავალი ისრით განგმირულმა წმინდანმა განუტევა სული. მაშინ, ისევე, როგორც უფლის ჯვარცმისას, დაბნელდა, ატყდა ქუხილი და იქ მყოფნი მიიმალნენ. მათ შორის ის მცველებიც, „რომელნი დაედგინნეს უსჯულოსა მას მთავარსა, რაჲთა არა აუფლონ არავის ქრისტეანეთაგანსა წარღებად გუამი იგი წმიდისა მის და არცა დაფლვად მიწასა შინა, არამედ რაჲთა მჴეცთა და მფრინველთა შეჭამონ.“ მაგრამ სასტიკი ქარისა და სიბნელის გამო მცველნი იქ ვერ დარჩნენ, ხოლო მორწმუნეებმა და მათთან ერთად ვინმე მღვდელმა აიღეს წმინდანის გვამი „შიშით და კრძალულებით და დაკრძალეს ადგილსა ფარულსა.“

ამ ამბის შემდეგ სპარსთა მეფემ ვახტანგს მოციქულები გამოუგზავნა და დაიდო ზავი სპარსთა და ქართველთა შორის, სპარსთა მეფე კი სამშობლოში გაბრუნდა. მცირე ხნის შემდეგ კი ვახტანგმა დაიწყო რაჟდენის საფლავის ძებნა. ის ადგილი კი არავინ იცოდა მღვდლის გარდა, ვინაიდან იგი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დაკრძალა. მაშინ მოხდა სასწაული, წმინდანი დიდი დიდებით და ბრწყინვალებით გამოეცხადა მღვდელს და უთხრა: „ხუცესო, აღდეგ და ნურღარა ჰყოვნი, რამეთუ სურის მეფესა ნაწილნი ჩემნი ხილვად და შემთხუევად. წარვედ და აუწყე, სადა იგი სხენან და სადაცა თჳთ ენებოს, მუნ დასხნეს იგინი.“

ხუცესმა მაშინვე შესარულა წმინდანის ბრძანება. მეფემ ფრიად განიხარა. როდესაც გახსნენ საფლავი და ამოიღეს წმინდანის ნეშტი, ირგვლივ საოცარი სურნელი გავრცელდა. წმინდა ნაწილები წაიღეს ‘ნიქოზს საეპოსკოპოზოსა მას ეკლესიასა, მისვე მეფისა ვახტანგის მიერ აშენებულსა.“ იქ დაკრძალეს, ხოლო მისი სახსენებელი დღესასწაული დააწესეს 3 აგვისტოს, წმინდანის წამების დღეს. გარდა ამისა, მეფემ ააგო რაჟდენის სახელობის ტაძარი უჯარმის ციხეში, და „ერთი სხუაჲ ეკლესია, ველსა ზედა უჯარმისასა, რომელსა სამგორობით უჴმობენ...“

ტექსტის კვლევის ისტორია, თხზულების კომპოზიცია და იდეური მხარე: ამ თხზულების შესახებ დამოუკიდებელი და სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევა, ფაქტობრივად, არ დაწერილა. ნაშრომი, ძირითადად, განიხილება ან ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის მიმოხილვისას, ანდა ბესარიონ ორბელიშვილისა და ანტონ კათალიკოსის შემოქმედების ანალიზისას.

რაჟდენის მარტვილობის ამბავს, სავარაუდოდ ჯუანშერის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოკლედ გადმოსცემს ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ნაკვეთში „საქართველოს ძველი ისტორია“ ბატონიშვილი გვამცნობს: „ჟამთა ამათ [ვახტანგისა და სპარსთა ომის დროს - ი.ყ.]შეიპყრეს ვახტანგის ცოლის მამამძუძე რაჟდენ, რომელმან მოკლნა მრავალნი გოლიათნი და მჴმედ იბრძოდა. ამას აიძულებდნენ უარყოფას ქრისტესსა, ვინაჲთგან მოქცეულ იყო ცეცხლის-მსახურებისაგან; ხოლო მან არა უარყო ქრისტე და იწამა მათ მიერ ქრისტესათვის.“ (ქც (ყაუხჩიშვილი) 1973, გვ. 109), ხოლო ნაკვეთში „აღწერა აწინდელისა ქართლისა“ გვეუბნება:“„დასავლით მეღვრეკისისა, ლიახვს გაღმა, არს ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი, გუნბათიანი, აღაშენა გორგასალ და დადვა მას შინა გვამი წმიდისა რაჟდენისა. მანვე გორგასალ ჰყო საეპისკოპოზოდ და დასვა ეპისკოპოზი.“ (იქვე, გვ. 369-370). ტექსტი პირველად გამოაქვეყნა მიქაელ საბინინმა საქართველოს სამოთხეში (საბინინი 1887, გვ. 142-144). რაჟდენ პირველმოწამის ამბავს მოკლედ მოიხსენიებენ მარი ბროსე (Brosset 1849, გვ. 195-196) და დიმიტრი ბაქრაძე (ბაქრაძე 1889, გვ. 174-175).

მოსაზრება, რომ რაჟდენის წამების ტექსტის ავტორი ბესარიონ ორბელიშვილია, პირველად გამოთქვა მიხეილ ქავთარიამ. როგორც ანტონი კათალიკოსი ამბობს, ბესარიონ ორბელიშვილმა შეადგინა „ქართუჱლთა წმიდათა მოთხრობა-ისტორია.“ მას დაუწერია რამდენიმე ჰაგიოგრაფიული თხზულებაც, რომელთა შორის არის აგრეთვე რაჟდენის წამებაც. (ქავთარია 1959, გვ. 90-93).

ნარატივის ანალიზი პირველად ბელგიელმა მეცნიერმა, პოლ პეტერსმა მოგვცა. მისი თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ რაჟდენის კულტი უფრო ადრინდელია, ვიდრე ჩვენამდე შემონახული ლეგენდა. (Peeters 1914, გვ. 296). მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ ლეგენდის ჩვენამდე მოღწეული ვარიანტის ავტორი არ მალავს, რომ იგი წერს მომხდარი მოვლენების დიდი ხნის შემდგომ.5მეცნიერის იმასაც მიუთითებს, რომ თხზულების ავტორის გამოყენებული აქვს დავით და კონსტანტინეს მარტვილობა, ბასილი დიდის სიტყვა 40 სებასტიელი მოწამის შესახებ და ადრიანესა და ანატოლიას ლეგენდა.6 (იქვე, გვ. 296-297)

პეტერსი იმასაც მიანიშნებს, რომ უშუალოდ რაჟდენთან დაკავშირებული ინფორმაცია შემონახულია მხოლოდ ჯუანშერის ავტორობით ცნობილ ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში ნათქვამის: “შემდგომად.. [ვახტანგმა - ი.ყ.] აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გუამი წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობასა ვახტანგისსა. ესე რაჟდენ იყო მამამძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი-იგი პირველ მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული; და მოიქცა იგი ქრისტეანედ და იქმნა იგი დიდად მორწმუნე; და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს, რათამცა უარყო ქრისტე. ხოლო წმიდამან მან აღირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესთჳს.“ (ყაუხჩიშვილი 1955, გვ. 119). მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ძირითადად იდენტურია თხზულების სომხურ თარგმანში მოცემული ინფორმაციისა. პეეტერსი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ლეგენდაში რაჟდენი პირველმოწამედ იწოდება და ვარაუდობს, რომ რეალრად იგი არ უნდა ყოფილიყო პირველმოწამე, ვინაიდან წმ. ვარდან მამიკონიანისა და მისი თანამოძმეთა ღვაწლის აღმწერი ისტორიკოსი, სომეხი ხუცესი ეღიშე, მიუთითებს, რომ იაზდიგერდ II-ს მიერ წარმოებული ქრისტიანთა დევნის 449-450 წლებში შეეხო როგორც სომხებს, აგრეთვე ქართველებსაც. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ქართლში მსხვერპლიც უნდა ყოფილიყო, ხოლო თუკი იმ დროს სისხლი არ დაღვრილა, მაშინ პირველი მოწამე ქვეყანაში შუშანიკი უნდა ყოფილიყო (იქვე, გვ. 301). ამასთან, მკვლევარი იმაზეც მიუთითებს, რომ ლეგენდა რაჟდენის მარტვილობას ვახტანგსა და სპარსთა მეფეს შორის მიმდინარე ომის დროს მოხდა, რაც, მისი გამოთვლით, 484 წელს იძლევა, მაგრამ, ეს ომი დეტალურად აქვს აღწერილი ლაზარე ფარპელს,

და ბოლოს, პეტერსის თქმით, არც ერთი ძველი ქართული ლიტურგიკული კრებული არ მოიხსენიებს რაჟდენს და რომ იგი არ არის ნახსენები არც უძველეს სვინაქსარში. მკვლევრის აზრით, რაჟდენს რომ დასაწყისიდანვე რგებოდა პირველმოწამეობის პატივი, მისი ხსენება აუცილებლად ადრიდანვე გაჩნდებოდა ქართულ ლიტურგიკულ კალენდარში (იქვე, გვ. 303-304).

მიხეილ ქავთარიასა და ენრიკო გაბიძაშვილის აზრით, ბესარიონ ორბელიშვილის ნარატივი სწორედ ამ ინფორმაციას ეფუძნება (გაბიძაშვილი და ქავთარია 1989,  გვ. 196).

კორნელი კეკელიძის აზრით, „როგორც ამ მარტვილობიდან ჩანს, რაჟდენის სიმხნე და მოთმინება ძველად აღწერილი არ ყოფილა, ამიტომ ბესარიონს ძველი მასალა კი არ გადაუკეთებია, სულ ახალი შრომა დაუწერია... ავტორს ხელთა ჰქონია ცხოვრებანი ქართველთანი, რომელსაც ის აგრეთვე ძველს მატიანეს ეძახის.“ (კეკელიძე, „რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა,“ ნაკვეთში: „ბესარიონ ბარათაშვილი-ორბელიშვილი,“ წიგნში: მისივე 1980, გვ. 349-354, აქ გვ. 351). საფიქრებელია, რომ წამების ჩვენამდე მოღწეული ვერსიის კომპოზიციამ და სიუჟეტმა განიცადა რამდენიმე ჰაგიოგრაფიული და ისტორიოგრაფიული ნარატივის ზეგავლენა.  

მკვლევართა თქმით, „ბესარიონი ძალზე დეტალურად აღწერს რაჟდენის წამებას, იმდროინდელ აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ამბებს, მაგრამ მისი ცნობები სანდო არ არის, რადგანაც საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია და ისტორიულ სინამდვილეს მხოლოდ შორეულად და ზოგადად ასახავს, ამიტომ იგი როგორც წყარო ვახტანგ გორგასალის ეპოქის შესასწავლად არ გამოდგება.“ (ძეგლები 5, გვ. 197).

პავლე ინგოროყვა კი ვარაუდობდა, რომ ბესარიონი სარგებლობდა არსებული ტექსტით. ივანე ლოლაშვილის აზრითაც, „„წამებაში“ დაცულია ზოგიერთი ისეთი ფაქტი, რომ ისინი ბესარიონისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ჩვენამდე არმოღწეული წყაროებიდან.“ (ლოლაშვილი 1978, გვ. 75) მკვლევარს მაგალითად მოჰყავს ვახტანგისა და ბალენდუხტს სპარსეთში ქორწინების, რაჟდენის მიერ ქრისტიანობის მიღებისა და ოჯახთან ერთად ქართლში დასახლების ამბები,  და სპარსელთა და ქართველთა ბრძოლისას აღწერილი გეოგრაფიული რეალიები. ამასთან, მას საეჭვოდ მიაჩნია ტექსტში მოცემული ინფორმაცია შაჰის მიერ რაჟდენის გაშვებისა ოჯახის წევრების სანახავად, ისევე როგორც მის მიერ პირველად მეფისა და დედოფლის მონახულების ეპიზოდი (იქვე, გვ. 75-78).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თხზულების ჩვენამდე მოღწეული ვარიანტი, რომელიც XVIII საუკუნით თარიღდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს იმ დროს კათალიკოს-პატრიარქების, ბესარიონ ბარათაშვილი-ორბელიშვილისა და ანტონ I-ის მიერ ინიცირებული ქართველ წმინდანთა შესახებ გადმოცემების სრული კრებულის შედგენის ფარგლებში შექმნილ ნარატივს

  1. ზოგადად ქრისტიანული სამყარო იცნობს ორ პირველმოწამეს, რაც მათი გენდერული კუთვნილებითაა განპირობებული: პირველმოწამე მამაკაცად ითვლება სტეფანე რომლის ამბავიც ახალ აღთქმაში, კერძოდ კი მოციქულთა აქტებშია გადმოცემული. ხოლო პირველმოწამე ქალი არის თეკლა, რომელიც ტრადიციის თანახმად იყო პავლე მოციქულის მოწაფე, და რომლის წამებაც აღწერილია აპოკრიფულ ტექსტში სათაურით პავლესა და თეკლას აქტები. ↩︎

  2. ამ ინფორმაციას იმეორებს ანტონ კათალიკოსიც თავის მარტირიკაში: „ქრისტეს მოწამე რაჟდენ, რომლისაცა ღუაწლსა პირუელ-მოთხრობილსა განგვიახლებს ნეტარი ბესარიონ, მამამთავარი ჩუენი...“ (ძეგლები 6, გვ. 138) ↩︎

  3. იგულისხმება ორმიზდ III-ს ქალიშვილი, დედოფალი ბალენდუხტი. ↩︎

  4. საბინინის თქმით, ორმიზდის სიკვდილს 457 წელს და შემდეგ მის ნაცვლად მისი ძმის, ფირუზის გამეფებას მოჰყვა მტრობა ვახტანგსა და სპარსეთის შაჰს შორის, ვინაიდან ამ უკანასკნელს არ მოექონა ვახტანგის დიდება (საბინინი 1882, გვ. 172, შენ.2) ↩︎

  5. Le panégyriste ne dissimule pas qu’il écrit à très longue distance des faits. Il célèbre, en termes hyperboliques, la longue série des martyrs qui, durant le cours des siècles, ont imité l’exemple de Ražden : les deux princes d’Argweth, David et Constantin… » 297 ↩︎

  6. კეკელიძესთან მითითებულია ადრიანესა და ნატალიას ცხოვრება. ↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია:

ტექსტს გამოცემა: ძეგლები V, გვ.  64-79 ანალიზი (გაბიძაშვილი-ქავთარია), გვ. 195-197;

ბაქრაძე, დიმიტრი 1889. ისტორია საქართველოსი (უძველესი დროიდამ X საუკუნის დასაწყისამდე). თბილისი: სტამბა ე. გ. მესხისა

ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტ. 4. გამოცემული ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1973.

ლოლაშვილი, ივანე 1978. ქართული წიგნისა და მწერლობის საწყისებთან. თბილისი: საბჭოთა საქართველო

საბინინი, მიხაილ 1882. საქართველოს სამოთხე. სრული აღწერა ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა, შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ. პეტერბურღი: Типография императорской академии наук

ქავთარია, მიხეილ 1959. „ბესარიონ ორბელიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.“ ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე 1: 75-113

Brosset Marie-Félicité 1849. Histoire de la Géorgie depuis l’antiquité jusqu’au XIX siècle. Saint-Pétersbourg: Imprimerie de l’académie imperial des sciences.

Peeters, Paul 1914. “S. Ražden le Persan.” Analecta Bollandiana 33: 294-317


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი