მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

არჩილის წამება

ტექსტის ორიგინალური სათაური: წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი-ესე იყო მეფე ქართლისაჲ

ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: თხზულება წარმოადგენს ქართული ისტორიოგრაფიული კორპუსის, ქართლის ცხოვრების ნაწილს (ქც (ყაუხჩიშვილი) 1955). ნარატივი შეტანილია ქართლის ცხოვრების უძველეს, ანასეულ ნუსხაში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, MS Q 795; გადაწერილი უნდა იყოს 1479-1495 წლებს შორის;1 ჯავახიშვილი 1077, გვ. 305). მარტვილობის ტექსტი შესულია აგრეთვე ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანის შემცველ ხელნაწერში, რომელიც XIII-XIV სს. არის დათარიღებული2 (ერევნის მატენადარანის MS 1902; აბულაძის 1953, გვ. 202-208; ილია აბულაძისა და XX საუკუნის რიგ გამოცემებში მითითებულია ხელნაწერის ძველი დათარიღება XIII საუკუნით).

არჩილის წამება გადამეტაფრასებულია XVII-XVIII საუკუნეებში, ჯერ ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის, შემდეგ კი კათალიკოსი ანტონ I-ის მიერ (გაბიძაშვილი 2010, გვ. 200-201).

თხზულების დაწერის დრო: XI საუკუნე (?)

თხზულების ავტორი: ლეონტი მროველი (?). (დამატებითი ინფორმაციისათვის, იხ. ისტორიოგრაფია: ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრება)

ქართლის ცხოვრებაში, ჯუანშერის თხზულების ბოლოსა და არჩილის წამების დასაწყისამდე, ნათქვამია: „ესე არჩილის3 წამება, და მეფეთა ცხოვრება, და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა.“ (ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 244).

თხზულების შინაარსი: როგორც უკვე ითქვა, არჩილის წამება წარმოადგენს ქართლის ცხოვრების ნაწილს. კერძოდ, კი, იგი ითვლება ქართული ისტორიოგრაფიული კორპუსის რიგით მესამე თხზულებად, რომელიც აგრძელებს წინამდებარე ნარატივში აღწერილ მოვლენებს; რიგით მეორე თხზულებას წარმოადგენს ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრება, რომლის ბოლო ნაწილიც ითვლება  ფსევდო-ჯუანშერის მიერ გაგრძელებულად. ტექსტის ეს მონაკვეთი გვისურათებს ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს ვახტანგ გორგასლის გარდაცვალებიდან მისი ძის,  დაჩის - ქართლის 34-ე მეფიდან დაწყებული და მოყვანილია ქვეყნის 44-ე მეფის, - არჩილის მმართველობის აღწერამდე.4 ამასთან, არჩილის მმართველობის მიმოხილვის ბოლოსკენ ნათქვამია, რომ მურვან ყრუს წასვლიდან 50 წლის განმავლობაში სარკინოზები ქვეყანაში აღარ შემოსულან.

არჩილის წამების ტექსტი მსგავსივე ფრაზით იწყება და გვამცნობს, რომ 50 წლის გასვლის შემდგომ (735+50, ანუ 785 წელს), ქართლში შემოიჭრა „ჭიჭნაუმ, ძე მოჰამედისი,“ „რომელსაც ეწოდა ასიმ.“5 მან შემუსრა ქართლი და გადავიდა კახეთში. ქართლის მოსახლეობა ვერ უწევდა ღირსეულ წინააღმდეგობას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მურვანის შემოსევის შემდეგ ბევრი დრო იყო გასული, ქვეყანა ჯერ კიდევ დასუსტებული იყო.

არჩილ მეფემ გადაწყვიტა საკუთარი თავის გაწირვა. მან განიზრახა, თავად ხლებოდა ჭიჭნაუმს და ეთხოვა მისთვის ქვეყნისათვის მშვიდობა; მეფემ აგრეთვე გადაწყვიტა, ეთხოვა არაბი სარდლისათვის, რომ მას არ აეოხრებინა ეკლესიები და დაეზოგა  მოსახლეობა, არ აეძულებინა ისინი ქრისტიანობიდან მაჰმადიანობაზე გადასულიყვნენ.  ასიმს ფრიად ესიამოვნა მეფის ხლება, სიხარულით მოეგება, შეუქო საქციელი, აგრეთვე აქებდა მის ფიზიკურ მშვენიერებას. რამდენიმე დღის შემდეგ კი მლიქვნელურად ჩამოუგდო საუბარი სარწმუნოების შეცვლაზე, რაზეც მტკიცე უარი მიიღო, როდესაც ასიმი მიხვდა, რომ არჩილი რწმენას არ შეიცვლიდა, გაუკვირდა და ბრძანა მისი ციხეში დამწყვდევა. თუმცა, „არა სთნდა სიკუდილი მისი სიმშუენიერებისათჳს ხატისა მისისა და სიმაღლისათჳს ასაკისა მისისა.“

იმ დროს ასიმთან მივიდა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომელსაც ისლამი ჰქონდა მიღებული. მისი მამის ძმა მოეკლათ წანარებს, მაგრამ არჩილის პაპას, ადარნერსე მეფეს, მკვლელები დაუსჯელად დაუტოვებია. ამიტომ, ამ გარდაბნელმა მთავარმა გადაწყვიტა შური ეძია და ასიმს ჰკითხა, იცოდა მან თუ არა, ვინ იყო არჩილი; რომ ის იყო ვახტანგ გორგასლის შთამომავალი და ქასრეს ძის, მირიანის ნათესავი, სტეფანოზის ძე. და რომ არჩილი მამამისთან იმყოფებოდა იმ დროს, როცა ქართველებმა საგანძური გადამალესო. გარდა ამისა, ჰერაკლე კეისარმაც აჩვენა არჩილს, თუ სად გადამალა თავისი საგანძურიო.

ასიმმა კვლავ დაიბარა არჩილი და უთხრა: ვიცი, რომ შენ ხოსროიანი მეფეების შთამომავალი ხარ. მაჩვენე, სად არის ჰერაკლეს საგანძური დამალული, გადმოდი ჩემს რჯულზე და შენი საგანძურიც შენვე დაგრჩება და შენი სამეფოც, ქართლის ჯარების სარდლად დაგნიშნავ და შენი ხალხის მეფედო.

პასუხად არჩილმა მოახსენა, რომ როდესაც ჰერაკლემ გაიარა მისი ქვეყანა, იგი ბავშვი იყო და მხოლოდ ის იცის, რომ მისმა მამა-პაპამ საგანძური იმ ციხეში შეინახეს, სადაც მურვან ყრუ შევიდა, რომელიც ახლა ბერძნების ხელშია. რწმენის შეცვლაზე კი არჩილმა კვლას უარი უთხრა ასიმს. საუბარში არჩილმა ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე აფხაზეთში სარკინოზები უფლის დახმარებით დამარცხდნენ.

ასიმმა  არჩილის სიკვდილით დასჯა ბრძანა. არჩილი გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს ‘თუესა მირკანისსა, რომელ არს მარტი, ოცსა მის თჳსასა.“ არჩილის აღსასრულის ღამეს მოვიდნენ „გოდერძიანნი ტბელნი და მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მამეანნი“ მოიპარეს მისი ნეშტი, „შემურეს დიდითა პატივითა“ და დამარხეს კახეთში, ნოტკორას, მის მიერვე აშენებულ ეკლესიაში.

ტექსტის ბოლოს, მინაწერში აღნიშნულია: „წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრეთ სულ მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აღეწერა. ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ – ჯუანშერმან, ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან მეფისამან, მირიანის ძისამან. ამიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ, ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივ განბრძნობილსა.” (ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 248)

თხზულების კომპოზიცია და შესწავლის ისტორია: როგორც ენრიკო გაბიძაშვილი აღნიშნავს, არჩილის წამების დასასრულს არსებული მინაწერი ეწინააღმდეგება „თხზულების დასაწყისის წინა ფურცელზე“ გაკეთებულ მინაწერს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, შემდეგი სახისაა: ,,ესე არჩილის წამება და მეფეთა ცხოვრება და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა.” (გაბიძაშვილი 2011, გვ. 159). ერთი მინაწერის მიხედვით, არჩილის წამება ლეონტი მროველს უნდა აღეწერა, მეორე განცხადებით კი არჩილის წამების ამბავი ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ფარგლებში ჯუანშერს უნდა შეეტანა.

ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ბოლოს არსებულ მინაწერთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მინაწერის თანახმად ჯუანშერი VIII საუკუნის მოღვაწედ წარმოგვიდგება, ეს ცნობა არ უნდა შეესაბამებოდეს რეალობას და თხზულების ავტორი XI საუკუნის ავტორი უნდა იყოს. მკვლევარი არჩილის წამებას ცალკე არ განიხილავს, ხოლო ჯუანშერის თხზულებასთან დაკავშირებით ასკვნის, რომ იგი „საყურადღებოა მხოლოდ როგორც დამახასიათებელი იმისა, თუ რა ცნობები და წარმოდგენები ჰქონიათ XI  საუკუნეში განათლებულ ქართველ წრეებს ვახტანგ გორგასლის პიროვნებასა და მეფობაზე. ხოლო VII-VIII ს.ს. შესახებ უფრო საყურადღებო ცნობები მოიპოვება..“ (იქვე, გვ. 194; დეტალურად იხ. ისტორიოგრაფია > ქართლის ცხოვრება > ჯუანშერი).

კორნელი კეკელიძის თქმით, „ეს არის პატარა, მოკლე ნაწარმოები, რომელიც ქართლის ცხოვრების პირველ რედაქტორს შეუტანია ჯუანშერის თხზულებაში, იქ, სადაც საუბარია არჩილზე... ლეონტი მროველის დრომდე თუ არჩილის წამება არა, კულტი მაინც არსებობდა მისი. ეს იქიდან ჩანს, რომ იოანე-ზოსიმეს კალენდარში, რომელიც მეათე საუკუნის მეორე ნახევარშია შედგენილი, 15 იანვარს დადებულია „ხსენება არჩილისა, ქართველისა მოწამისაჲ...“ საერთოდ, თხზულება ღარიბია შინაარსით.“ (კეკელიძე 1980, გვ. 241-242). კეკელიძის აზრით, ლეონტი ეყრდნობა ჯუანშერის თხზულებაში მოტანილ ცნობებს, ხოლო ის ფაქტი, რომ არჩილის შესახებ სხვა ინფორმაცია ლეონტისთან წარმოდგენილი არ არის, მკვლევარს აფიქრებინებს, რომ ლეონტის დროს არჩილი  სხვა წყაროებში არ იყო ნახსენები. (იქვე, გვ. 242).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა ნაწილი ჯუანშერის თხზულების დასასრულ ნაწილს, სადაც საუბარია არჩილის შესახებ, დამოუკიდებელ თხზულებიდან მომდინარედ მიიჩნევს. პირველი მეცნიერი, რომელმაც ეს მოსაზრება გამოთქვა, იყო პავლე ინგოროყვა. მისი თქმით, „ჩვენ დრომდე მოღწეულა თვით არჩილის ეპოქის მე-8 საუკუნის ქართული მატიანის უაღრესად საყურადღებო ტექსტი, რომელიც ექსცერპტულად არის ჩართული ჯუანშერის სახელით ცნობილს ქრონიკაში. ეს ძველი ექსცერპტულად დაცული ტექსტი,“ რომელსაც მკვლევარი ასათაურებს, როგორც „ჯუანშერის მატიანის პირველწყარო,“ იწყება მურვან ომეიადის (მურვან ყრუს) ლაშქრობის აღწერილობით და მოყვანილია იმ დრომდე, როდესაც არჩილი დამკვიდრდა კახეთ-ჰერეთში.“ (პავლე ინგოროყვა, „წამება არჩილისი“ და „არჩილის მთავრობის ისტორიისათვის,“ ნაშრომში: მისივე  1941, გვ. 139-149, აქ გვ. 143). ამასთან, ინგოროყვას თხზულების ავტორად ლეონტი მროველი ესახება, რომელიც, „მისი აზრით, არჩილის თანამედროვეა და VIII საუკუნის მოღვაწეა. (იქვე, გვ. 141, 149).

დავით მუსხელიშვილის აზრით, არჩილის ცხოვრებაში ასახული პოლიტიკურ-გეოგრაფიული სურათი შეესაბამება VIII საუკუნის პირველი ნახევრის ვითარებას. ამასთან, მკვლევარმა მიუთითა, რომ ჯუანშერის ნაშრომში შემონახული „ანონიმის ეს თხზულება შექმნილია X საუკუნის მეორე ნახევარში, არაუადრეს ამ საუკუნის ნახევრისა, თუმცა მასში დაცულია VIII ს. დროინდელი წყაროც და, ამდენად, საკმაოდ სანდოა იმდროინდელი ვითარების აღსადგენადაც... ანონიმის მიერ გადმოცემული სურათი არამცთუ მისი დროის, ე. ი. X ს. მეორე ნახევრის ვითარების ამსახველია, არამედ არ შეეფერება არც IX და.. არც VIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის ისტორიულ გეოგრაფიას, ე. ი. ასახავს სწორედ იმ ეპოქას, რომელსაც იგი გულისხმობს, ე.ი. არჩილის მოღვაწეობის ხანას. არჩილი კი, ჩვენი აზრით VIII ს. პირველი ნახევრის მოღვაწეა.“  (მუსხელიშვილი 1980, გვ. 62).

ნიკო ბერძენიშვილისა და ედიშერ ხოშტარია-ბროსეს აზრით კი არჩილის ცხოვრება და წამება ერთ თხზულებას უნდა წარმოადგენდეს. ბერძენიშვილის თქმით (რომელსაც ჯუანშერი და ლეონტი ერთი და იგივე პიროვნებად მიაჩნია), „ყოვლად უდაოა, რომ არჩილის წამება უშუალო გაგრძელებაა წინა ტექსტისა („ჯუანშერის“) და არა დამოუკიდებელი რაღაც ნაწარმოები... ეს ტექსტი რომ ცალკე ასე წარმოვიდგინოთ, ის ყოვლად გაუგებარი იქნებოდა.“ (ნიკო ბერძენიშვილი, [ჯუანშერი], წიგნში: მისივე 1979, გვ. 23-55, აქ გვ. 50). ედიშერ  ხოშტარია-ბროსე მიიჩნევს, „რომ „ქართლის ცხოვრების“ სომხურ თარგმანში (XIII ს.) მინაწერების ცნობები არჩილის წამების და „ქართლის ცხოვრების“ დაწერის ვითარების შესახებ ერთი თხზულების შექმნადაა გააზრებული. სომხური თარგმანის მიხედვით, „მოკლე თხრობა“ არჩილის წამების შესახებ კი არ დაიწერა, არამედ „მოპოვებულ იქნა არეულობის დროს და დაიდვა „წიგნში“ – ე.ი. „ქართლის ცხოვრებაში,“ რომელიც წარმოადგენდა ქართლის ისტორიას. ეს ისტორია „დაწერილი ვახტანგ მეფემდის,“ სომხური თარგმანის მიხედვით, ჯუანბერმა ანუ ჯუანშერმა „იპოვა“ და „აქამდის,“ ე.ი. არჩილამდე, „თვით შემატა.“ (ხოშტარია-ბროსე 1996, გვ. 44). მკვლევრის აზრით, იმაზე, რომ არჩილის ცხოვრება და წამება ერთი ნაწარმოების ნაწილებია, ის გარემოება მეტყველებს, რომ „წამების თხრობა წინა ნაწილის ორგანული გაგრძელებაა; ორივე ტექსტში ძირითადად ერთნაირი ტერმინოლოგიაა... შეინიშნება შინაარსობრივი კავშირები (მაგალითად, მეორდება გადმოცემა განძის დაფვლის შესახებ6 და სხვა), მხოლოდ - „წამებაში“ თხრობა უფრო გამარტივებულია, არჩილის სახელს ყოველთვის ერთვის „წმინდა“... რაც შეეხება „წამების“ ნაწილს, მართალია, აქ ყურადღება მთლიანად კონცენტრირებულია არჩილზე, როგორც მოწამეზე და თხრობაც შედარებით ლაკონურია... ფაქტია, რომ „არჩილის ცხოვრების“ ეს ნაწილი გადაკეთდა ჰაგიოგრაფიულ ძეგლად, ეკლესიაში საკითხავად და ამ სახითაა შეტანილი „ქართლის ცხოვრებაში,“ ტრადიციის თანახმად, ლეონტი მროველის მიერ.“ (ედიშერ ხოშტარია-ბროსე, „ლეონტი მროველი და არჩილის ცხოვრება.“ წიგნში: მისივე 1996, გვ. 66-81, აქ გვ. 76).

გივი წულაძის აზრით, პავლე ინგოროყვას მიერ გამოყოფილი ჯუანშერის ტექსტის დამოუკიდებელი ნაწილი, რომელსაც იგი ფსევდო-ჯუანშერს უწოდებს, უფრო ვრცელი უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს ტექსტის ნაწილს, რომელიც აღწერს ქართლის ისტორიას ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ. ამასთან, იგი ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს. მეორე ნაწილს უნდა შეადგენდეს არჩილის ცხოვრება, ხოლო პირველი ნაწილი უნდა მოიცავდეს მონაკვეთს ვახტანგის სიკვდილიდან არაბ-მუსულმანთა გამოჩენამდე. ამასთან, ქრონიკის პირველი და მეორე ნაწილი დაწერილია „ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური ტენდენციითა და თხრობის სტილით.“7 პირველ ნაწილში არ გვხვდება „ვახტანგ გორგასლის განდიდების ტონი,“ რომელიც გასდევს ჯუანშერის თხზულებას და აგრეთვე წარმოდგენილია ქრონიკის მეორე ნაწილში (ანონიმის თხზულებაში). (Цулая 1986, გვ. 24) ლელა პატარიძის აზრით, „გივი წულაია უკვე იდეოლოგიურ საფუძველს უძებნის „არჩილის ცხოვრების“ ცალკე თხზულებად გამოყოფის აუცილებლობას. მკვლევარი იხრება იქითკენ, რომ თხზულების შექმნის თარიღი IX საუკუნის ბოლოთი და X საუკუნის დასაწყისით განისაზღვროს.“ (პატარიძე 2009, გვ. 74)

ლელა პატარიძემ არ გაიზიარა ნიკო ბერძენიშვილისა და ედიშერ ხოშტარია-ბროსეს მოსაზრებას არჩილის ცხოვრებისა და წამების ერთიანობის შესახებ. მისი აზრით, ვინაიდან ცხოვრებაში არჩილი არ იწოდება წმინდანად, „უნდა დავუშვათ, რომ, როდესაც თხზულება თუ მისი თავდაპირველი ვარიანტი იწერებოდა, არჩილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო... „არჩილის ცხოვრება“ უნდა იწყებოდეს სტეფანოზ ერისთავის ზეობის დასაწყისით („ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა, მორწმუნე და განმწმენდელი სჯულისა“) და მთავრდებოდეს იქ, სადაც ჯუანშერის სახელით ცნობილი ტექსტი მთავრდება, სიტყვებით (და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან),“ ვინაიდან „სწორედ ამ ფარგლებში „ქართლის ცხოვრების ტექსტს ერთიანი იდეოლოგიური კონცეფცია ახასიათებს.“ (პატარიძე 2009, გვ. 74).

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილმა ჯუანშერის ავტორობით ჩვენამდე მოღწეული სრული თხზულება XI საუკუნით დაათარიღა, „ეს შეხედულება სხვადასხვა მკვლევარმა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კუთხით გააკრიტიკა... მკვლევრები ძირითადად იხრებიან იქითკენ, რომ „არჩილის ცხოვრება“ ერისთავთა წრეში შეთხზული ლეგენდაა და იმავდროულად ბაგრატიონთა სამეფო ხელისუფლების დროინდელი დიდებულების სულისკვეთებას გამოხატავს. შესაბამისად, თხზულების დათარიღებაც IX-XI საუკუნეებს შორის მერყეობს. ამასთან, აღინიშნება, რომ ამ იდეოლოგიური პასაჟის ავტორი, შესაძლოა, VIII საუკუნის წყაროებით სარგებლობდა.“ (იქვე, გვ. 75).

პატარიძის თქმით, არჩილის ცხოვრებაში გვხვდება „იდეოლოგიური დატვირთვის მქონე სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის ეპიზოდები.“ (პატარიძე 2009, გვ. 73) მკვლევრის აზრით, აქ გამოხატულია ადრეფეოდალური ხანის არისტოკრატიის იდეოლოგია. თხზულებაში არ შეინიშნება „დაძაბულობა სამეფო საგვარეულოს („ხოსროიანებსა“) და ფეოდალებს შორის... ფეოდალური არისტოკრატია ჯერ თავის ღვთაებრივ წარმომავლობაზე არ საუბრობს და მხოლოდ მეფის ღვთაებრივი შარავანდედის ჩრდილში ყოფნით კმაყოფილდება,“ ხოლო „სამეფო სახლი ხოსროიანთა და გორგასლიანთა სახლია, თავად ბაგრატიონებიც ამ სახლთან ნათესაობით იმკვიდრებენ თავიანთ სტატუსს და არა საკუთარი ღვთაებრივი წარმომავლობით, როგორც ეს უფრო მოგვიანებით მოხდა.“ (იქვე, გვ. 84-85). „არჩილის ცხოვრების სიმბოლიზმის, იდეების, სოციალური და პოლიტიკური პროგრამის“ შესწავლის შედეგად ლელა პატარიძე ასკვნის, რომ „ეს თხზულება არის მოვლენათა თანამედროვის მიერ აღწერილი ავთენტური წყარო. ამასთანავე, ის ძლიერ იდეოლოგიზირებული ნარატივია და ამიტომაც ისტორიულ სიმართლეს ძალზე სპეციფიკური სახით წარმოაჩენს. სამაგიეროდ, „არჩილის ცხოვრება“ ძვირფასი წყაროა VII-VIII საუკუნეების საქართველოში სოციალური და კულტურული იდენტობების, იდეოლოგიური და პოლიტიკური მიმართულებებისა და განწყობილებების შესასწავლად.““ (იქვე, გვ. 89)

ლელა პატარიძის მსგავსად, დარეჯან მენაბდეც ფიქრობს, რომ „ჯუანშერზე მსჯელობისას.... „არჩილის წამების“ დამოუკიდებელი თხზულების სახით არსებობის უარყოფა და მისი „მეფეთა ცხოვრების’ ორგანულ ნაწილად მიჩნევა, - აქაოდა წინა ძეგლიდან ამოღებული სიტყვებით იწყებაო („და ვითარ გარდაჴდეს წელიწადნი ორმეოცდაათნი...“), - მართებული არ ჩანს. როგორც ცნობილია, „ქართლის ცხოვრების“ კრებულის შედგენისას რედაქტორები ზოგ რამეს ცვლიდნენ. ბუნებრივია, რედაქციული მუშაობა მეტწილად კრებულში შეტანილ თხზულებათა დასაწყისსა და დასასრულს შეეხებოდა. ასე რომ, ის ფრაზა, რომელიც ახალი ძეგლის დასაწყისში რამდენადმე უჩვეულოდ გამოიყურება, რედაქტორებისა უნდა იყოს.“ (მენაბდე 2021, გვ. 166).

მანანა სანაძესა და გონელი არახამიას მიაჩნიათ, რომ ქართლის ცხოვრებაში არჩილთან და მირთან დაკავშირებული მონაკვეთების ფორმირებისას გამოყენებულია XI საუკუნის 40-50-იანი წლებშია შექმნილი დავით და კონსტანტინეს მარტვილობის „პირველადი ვრცელი რედაქცია.“ ამასთანავე, მკვლევარს მიაჩნია, ამ უკანასკნელ ნარატივში მოცემულია  545 წელს, ბიზანტია-სპარსეთს შორის წარმოებული ომების ფარგლებში სპარსთა ერთ-ერთი შემოსევის ამსახველი ქრონიკა და ამ საომარ კამპანიაში მონაწილე არგვეთელ მთავართა მარტვილობის ამბავი, რომელიც  გადაკეთებულია და მურვან ყრუს შემოსევის ფონზე გაშლილი. „ეს რომ XI საუკუნის შუა წლებში მოხდა, მეტყველებს ის გარემოება რომ იმავე ხანებში ლეონტი მროველმა ეს უკვე არაბიზირებული შემოსევა, იქ დასახელებული ქართლის მმართველების, ვახტანგ გორგასლის შვილების დარჩილის და მირის სახელების არაბობის პერიოდში (VII საუკუნის პირველ ნახევარში) მოღვაწე სტეფანოზ III-ის შვილების არჩილისა და მირის სახელებთან მსგავსების გამო, ამ უკანასკნელთა არაბებთან ბრძოლის ამბად გაიაზრა და მის ხელთ არსებულ მართლაც არაბებთან ბრძოლის ამსახველ ქრონიკას შეურწყა.“ (სანაძე და არახამია 2013, გვ. 30). 

სტივენ რაპს არჩილის წამების ტექსტთან დაკავშირებით ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა შეჯამების შედეგად ასკვნის, რომ შეუძლებელია გადაჭრით ითქვას, თუ როდის არის დაწერილი თხზულება. ეს შეიძლება მომხდარიყო არჩილის გარდაცვალებიდან, ანუ 786 წლიდან XI საუკუნის ბოლომდე, ანუ ლეონტი მროველის აქტივობის პერიოდამდე და შეუძლებელია უფრო დაზუსტებით რაიმე მტკიცება. თავად მკვლევარი იხრება ნარატივის IX საუკუნით დათარიღებისაკენ, მაგრამ  იქვე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ თხზულებაში საკმაოდ ზუსტად არის აღწერილი არაბთა ბატონობა VIII საუკუნის განმავლობაში, ვერ გამოდგება ამ მოსაზრების დასასაბუთებლად. (Rapp 2003, 480).

დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ენრიკო გაბიძაშვილი ეთანხმება ნიკო ბერძენიშვილისა და ედიშერ ხოშტარია-ბროსეს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ „,,არჩილის წამების” მოკლე ტექსტთან უნდა გაერთიანდეს თხრობა სტეფანოზის (აბოს წამებაში მოხსენიებული ქართლის ერისმთავრის) ძეთა მისისა და არჩილის მეფობასთან დაკავშირებული ტექსტიც, რომელიც ,,ქართლის ცხოვრებაში” უშუალოდ უძღვის წინ ,,არჩილის წამების” ცალკე სათაურით გამოყოფილ ტექსტს, მით უმეტეს, რომ ორივე ნაწილის ერთ-ერთი ძირითადი თემა ,,დაფლული საგანძურის” ძიებას ეხება, ე. ი. მათ შორის უშუალო შინაარსობრივი კავშირია. ამ შემთხვევაში თხზულება არამცთუ მოკლე, არამედ საკმაოდ სოლიდური მოცულობის იქნება.“ (გაბიძაშვილი 2010, გვ. 159-160).

და ბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ რეიფილდის აზრით, რეალურად მომხდარი ამბების სიშორე ნარატივის დაწერის დროსთან მიმართებით და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიის კლიშეები თხზულების ლიტერატურულ ღირებულებას საგრძნობლად ამცირებს. (Rayfiled 2000, გვ. 48)

თხზულების იდეური მხარე: ლელა პატარიძის თქმით, არჩილის ცხოვრება მიზნად ხოსროიან მეფეთა, კერძოდ კი, არჩილის სამეფო ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად, რაც ტექსტში გამოიხატება არჩილისა და მირის ტახტზე კანონიერი უფლების ბიზანტიის კეისრის მიერ აღიარების ეპიზოდით. ამასთან, ტექსტში მირიანი და არჩილი მოიხსენიებიან, როგორც „ღმრთივგანბრძნობილნი.“ მკვლევარი აგრეთვე აღნიშნავს, რომ 739 წლის ფრესკულ წარწერაზე იხსენიება „ღმრთივირგვინოსანი“ მეფე; მეფის სახელიც ვეღარ იკითხება, მაგრამ გურამ აბრამიშვილმა იგი აღადგინა, როგორც არჩილი (აბრამიშვილი 1977; პატარიძე 2009, გვ. 80), რაც აგრეთვე ასაბუთებს იმდროინდელ ქართლში  ხოსროიანთა ლეგიტიმაციის კონცეფციის არსებობას.

ამასთან, პატარიძის აზრით, არჩილის შესახებ თხზულების იდეოლოგიაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს მარიამ ჩხარტიშვილის ნააზრევს ქართულ ნარატიულ წყაროებში „სტეფანოზ I ერისმთავრისა და კურაპალატის პოლიტიკურ პორტრეტს.“ თუკი მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკის ავტორის მიერ სტეფანოზი წარმოდგენილია, როგორც დიდი ერისთავი, ქართლის ცხოვრებაში იგი გამოყვანილია უარყოფით კონტექსტში, ურწმუნოდ, რაც ამ ორი თხზულების „განსხვავებულ იდეოლოგიურ პროგრამაზე მიუთითებს,“ კერძოდ კი, მოქცევაჲ ქრონიკა „ერისმთავართა იდეოლოგიის გამტარებელია,“ ხოლო ქართლის ცხოვრება - „ცენტრიდანულ ძალთა ინტერესების.“ (ჩხარტიშვილი 1994, პატარიძე 2009, გვ. 88-89).

პატარიძის შენიშვნით, არჩილის ცხოვრებაში აგრეთვე წარმოდგენილია დაპირისპირება „მეფე არჩილისა და ერისთავთა „პარტიასა“ და „ნერსე ერისთავისა და სტეფანოზ III მამფალის“ პოზიციას შორის. მკვლევრრი აზრით, თუკი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ერისმთავართა იდეოლოგიის გამომხატველი ისტორიული თხზულებაა, „არჩილის ცხოვრება და „ქართლის ცხოვრების“ არჩილამდელი ტრადიცია - ხოსროიანთა დინასტიის“ იდეოლოგიის გამტარებელია. პატარიძის დასკვნით, „საქართველოში VIII საუკუნის I ნახევარში იდეოლოგიური და პოლიტიკური ძალები ასე იყო დაჯგუფებული: ერთ მხარეს იდგა - სუსტი „ხოსროიანი“ ლეგიტიმური მეფე, ერისთავები (რომლებიც თავიანთი სახელოებისა და სამფლობელოების სამემკვიდრეოდ დაკანონებისათვის ზრუნავენ) და არაბული მმართველობა (რომელსაც ჯერ კიდევ გადამწყვეტი გამარჯვება კავკასიაში არ ჰქონდა მოპოვებული და ადგილობრივ დასაყრდენს საჭიროებდა ლეგიტიმური მმართველის სახით). მეორე მხარეს იდგა - ერისმთავრების იდეოლოგია, ბიზანტიური ორიენტაცია, ბიზანტიური პოლიტიკური მხარდაჭერა და სახელმწიფო ტიტულატურა, რომელიც ბიზანტიის სახელმწიფოს პოლიტიკური თეოლოგიით უნდა ყოფილიყო გამყარებული.“ (პატარიძე 2009, გვ. 88-89).

ამასთან, ნიკო ბერძენიშვილის აზრით, ქვეყანაში არსებულ მეფობის ტრადიციას, რომელსაც „მომხრენი ჰყავდა (ვინც ამ ტრადიციას ინახავდა),“ რის შედეგადაც „IX საუკუნის დასასრულისათვის მომწიფებულა დრო მეფობის აღსადგენად...“ (ბერძენიშვილი 1979, გვ. 47) „ჯუანშერის კონცეფციით ასეა (და თითქოს საბუთიანიცაა): სპარსელთა და ბერძენთა შეთანხმებით ქართლში მეფობა უქმდება და ერისთავთა მთავარი ზის... მეფის სახელს ეს ერისმთავარი „ვერ იკადრებს...“ მაგრამ საკმაოა სპარსელები გადაშენდნენ, ბერძნებიც მისუსტდნენ, რომ ხოსროიანების მთავრებმა მეფობა იკადრონ... ასეთებია ადარნერსე მთავრის შვილები, მეფე მირი და მეფე არჩილი და მათი შვილები იოანე და ჯუანშერ...“ (იქვე, გვ. 52). ხოლო „VIII საუკუნეში აფხაზთა მთავრის საბოლოოდ ქართულ სამყაროში“ შემოსვლით, სავარაუდოდ, ერთიანი ქვეყნის ჩამოყალბების იდეასაც უნდა ჩაჰყროდა საფუძველი.

არც ის არის გამორიცხული, რომ იმავდროულად არჩილის წამების იდეოლოგიური მხარე აგრძელებს ჯუანშერის მიერ ვახტანგ გორგასლის ანდერძში მითითებული ფრაზის - „სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ“ - დატვირთვას და არაბთა მუდამ მზარდი ზეწოლის პირობებში ქვეყნის მმართველის მიერ ქრისტიანობისათვის საკუთარი თავის შეწირვის ამსახველი ნარატივის შეთხზვის გზით ქვეყნის ბიზანტიური ორიენტაციის ხაზგასმასაც ემსახურება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არჩილის წამება ერთადერთი ჰაგიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც შეუტანიათ ქართლის ცხოვრების ისტორიოგრაფიულ კორპუსში. მეცნიერთა უმეტესობა მას უცილობლად ჰაგიოგრაფიულ ჟანრს აკუთვნებს, თუმცა იგი გარკვეულწილად მაინც განიცდის ისტორიოგრაფიული ჟანრის თავისებურებების ზეგავლენას, რაც, სტივენ რაპის სიტყვებით რომ ვთქვათ, მასში ბიბლიურ ალუზიათა ნაკლებობაში გამოიხატება (Rapp 2003, 476).

  1. ივანე ჯავახიშვილი აგრეთვე ასკვნის, რომ „ანა დედოფლისეული ქ[ართლის] ც[ხოვრები]-ს დედანი 1222-1223 წ. იყო დამთავრებული.“ ჯავახიშვილი 1977, გვ. 306. ↩︎

  2. რობერტ თომსონის თანახმად, ხელნაწერი შექმნილ უნდა იყოს 1274-1311 წლებს შორის. Thomson 1996, გვ. XIII ↩︎

  3. ვახტანგ გოილაძის აზრით, ქართლის ცხოვრების „მინაწერში დასახელებული „წმინდა არჩილი“ - არჩილ თრდატის ძე რევიანია,“ ანუ V საუკუნის მეფე არჩილ I (გოილაძე 1991, გვ. 60). ↩︎

  4. თხზულების პროტაგონისტი,  არჩილ მეფე  მეცნიერთა უმეტესობის მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც არჩილ II, ძე აბო ტფილელის მარტვილობაში ნახსენები სტეფანოზ III ერისმთავრისა. არჩილის ცხოვრების თანახმად, იგი იყო სტეფანოზის უმცროსი ვაჟი. როდესაც მურვან ყრუ შემოესია ქართლს, მან მამასთან და უფროს ძმა მირთან ერთად ჯერ ეგრისს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ - აფხაზეთს. სტეფანოზის სიკვდილის შემდეგ ერისმთავრობდა მირი, მაგრამ 737 წელს, ანაკოფიასთან გამართულ ბრძოლაში, რომელშიაც მირმა და არჩილმა არაბები დაამარცხეს, მირი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყანაში გამეფდა არჩილი, რომელიც ტექსტის თანახმად ეგრისს ფლობდა. დაახლ. 738-750 წლებში ქუთაისში უნდა მჯდარიყო ტახტზე, ხოლო  აფხაზეთის ერისთავი ლეონ პირველი მისი ვასალი უნდა ყოფილიყო. 750 წლის შემდგომ არჩილი უნდა გადასულიყო ქართლში და, როგორც ანონიმი მემატიანე გვიყვება, იგი არაბების მიერ გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას უნდა შედგომოდა. ↩︎

  5. კრისტიან საჰნერის თქმით, ეს უნდა ყოფილიყო აბასიდი მმართველი, ცნობილი Khuzayma b. Khazim al-Tamimi. Sahner 2018, გვ. 210 დარეჯან მენაბდის თქმით, „მკვლევართა ნაწილის აზრით, ესაა ჰაზიმ ხუზაიმა, ზოგი მას ასიმ იბნ-აბდალაჰად მიიჩნევს.“ (მენაბდე 2021, გვ. 164). პავლე ინგოროყვას თქმით კი, „არაბული საისტორიო წყაროს ცნობით, საქართველოში ჯერ შემოსულა არაბთა მეფის-ნაცვალი კავკასიაში ჰასან (ალ-ჰასან კახტაბის-ძე). ჰასანის ამ ლაშქრობას გულისხმობს ქართული წყარო „წამება არჩილისი,“ როდესაც მოგვითხრობს ასიმის ლაშქრობის შესახებ საქართველოში.’ (ინგოროყვა 1941, გვ. 147). ↩︎

  6. ჯუანშერთან ეს მონაკვეთი ჩართულია აგარიანთა, მუჰამედისა და მისი მემკვიდრეების შესახებ თხრობასა და სტეფანოზის ორი ძის, არჩილისა და მირის შესახებ მოტანილ ინფორმაციას შორის. ამ მონაკვეთის თანახმად, „მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა შინა განძთა, რაჲთა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი წაღებისა და კუალად გამოღებისა.

    და აღმოვლო ერაკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად. და ჰრქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოლტოლვილ იყვნეს სარკინოზთაგან: „უკუეთუ უწყით, ვითარმედ დასრულდა მეფობა თქუენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩუენ თანა.“ და მათ დაუტევეს ქუეყანა ესე, და დაფლნეს განძნი მათნი; რომელნიმე წარჰყვეს და რომელნიმე დადგეს, და შეიტანნეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი. და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თჳსი და ქუეყანა, და დადვეს, რათა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯარითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი და თჳთოეულად განუყონ ქუეყანა და განძი (ყაუხჩიშვილი 1955, გვ. 230-231). ↩︎

  7. „Выделенная нами «Историческая храника» Псевдо-Джуаншера в свою очередь вероятнее всего состоит из двух частей, написанных как выясняется в различной политической тенденции и в разном повествовательном стиле.“ ↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია (უნდა აღინიშნოს, რომ იგი, ძირითადად, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ხასიათისაა):

ტექსტის გამოცემისათვის, იხ.: ძეგლები II, გვ. 208-212

აბულაძე 1953  - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

აბრამიშვილი, გურამ 1977. სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში. თბილისი: მეცნიერება

ბერძენიშვილი, ნიკო 1979. საქართველოს ისტორიის საკითხები IX. თბილისი: მეცნიერება

გაბიძაშვილი 2010 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

გოილაძე, ვახტანგ 1991. ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი. თბილისი: მეცნიერება

ინგოროყვა, პავლე 1941. „ლეონტი მროველი, პირველი ქართველი ისტორიკოსი VIII ს.“ ენიმკის მოამბე 10: 93-152

კეკელიძე, კორნელი 1980  - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

მენაბდე, დარეჯან 2021. „წამება წმიდისა არჩილისა ქართულ მწერლობაში.“ კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, გვ. 161-185.

მუსხელიშვილი, დავით 1980. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. ტ. II. თბილისი: მეცნიერება

პატარიძე, ლელა 2009. „არჩილის ცხოვრების იდეოლოგია.“ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები 9: 73-90. Repr. წიგნში: მისივე, გვ. 67-104

სანაძე, მანანა და გონელი არახამია 2013. VI ს. ისტორიული ქრონიკა „დავით და კოსტანტინეს წამებაში.“ თბილისი: საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ჩხარტიშვილი, მარიამ 2017. „საქართველო V საუკუნის პირველ ნახევარში: ქართლის მეფე არჩილი.“ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები 12: 75-110. Repr.: მისივე, „ქართლის უკანასკნელი ხოსროვანი მეფე,“ წიგნში: მისივე, საქართველო III-V საუკუნეებში. ხოსროვანთა სამეფო სახლის ისტორია. თბილისი: ნეკერი, 2008, გვ. 186-228

ჩხარტიშვილი, მარიამ 1994. მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ და ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა სერაპიონ ზარზმელისაჲ (წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა). თბილისი: მეცნიერება

ხოშტარია-ბროსე, ედიშერ 1996. ლეონტი მროველი და „ქართლის ცხოვრება.“  თბილისი: მეცნიერება

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Rapp, Steven Jr. 2003. “The Date and Author of The Martyrdom of Arch‘il.” in Id. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Context. Corpus Scriptorium Christianorum Orientalium 601. Subsidia 113. Louvain: Peeters, 469-480

Rayfiled, Donald 2000 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია – ლიტერატურათმცოდნეობითი მიმოხილვა

Sahner, Christian C. 2018. Christian Martyrs Under Islam. Religious Violence and the Making of the Muslim World. Princeton and Oxford: Princeton University Press.

Цулая, Г. В. 1986. Джуаншер Джуаншериани. Жизнь Вахтанга Горгасала. Перевод, Введение И Примечания Г. В. Цулая. Источники по истории Грузии 43. Памятники Грузинской исторической литературы VI. Тбилиси: Мецниереба


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი