ირმა ყარაულაშვილი
თამარის პირველი ისტორიკოსი
ტექსტის ორიგინალური სათაური: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი
სათაური პირობითია. ხელნაწერში კი ტექსტის სათაურის ფუნქციას შემდეგი ფრაზა ასრულებს: „რომელმან წყლისა მოაბადნი რიტორთა ძლეჰყვენ ყოველთა, ენაუტყჳ მეტყუელ-ჰყავ ანგელოზთა მთავრისა მიერ, აწცა განმარტე ენა ბრგუნილი ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა!“
ივანე ჯავახიშვილი, ხელნაწერში დაცული საწყისი წინადადების ფრაზეოლოგიის საფუძველზე აღნიშნავს, რომ, „რაკი ამ თხზულების სათაური დაკარგულია, მხოლოდ ამიტომ ჯერ-ჯერობით ვუწოდოთ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი,“ ან არადა „ისტორიათა და აზმანთა მეტყუელებაჲ შარავანდედთაჲ.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 221).
სიმონ ყაუხჩიშვილის განმარტებით, ეს სათაური უნდა გავიგოთ, როგორც „ისტორია და ქება გვირგვინოსანთა,“ ვინაიდან „იგი შეიცავს არა ერთი მეფის ისტორიას, არამედ მეფეების ისტორიას (იგულისხმებიან გიორგი და მისი შვილი თამარი).“ (ყაუხჩიშვილი 1959, გვ. 06).
თხზულების დაწერის დრო: თედო ჟორდანიას აზრით, ეს მატიანე ორ „წილად“ არის დაწერილი, „ერთი წილი დაუწერიათ 1195 წელს, შანქორის ომის უმალვე, ხოლო მეორე მისი ნაწილი თამარ მეფის სიკვდილის შემდეგ.“ (ჟორდანია 1892, გვ. XLVII).
ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, „ისტორიის მეორე ნაწილი „ჟამით-ჟამად“ უნდა იყოს დაწერილი. პირველად, როგორც ჩანს, რუქნადინის დამარცხების შემდგომ. ამ დროს უნდა დაეწერა მას კარის და გარემო ქვეყნის აღება და რუქნადინის საწინააღმდეგო ძლევამოსილი ლაშქრობა. ამ სამხედრო გამარჯვებათა აღწერილობას ზედ მოსდევს მოთხრობა თამარის ზნეობასა, სარწმუნოებასა და სამართლიანობაზე მზრუნველობის შესახებ.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 225).
სხვა მეცნიერთა მოსაზრებები იხ. ქვემოთ.
თხზულების ავტორი: უცნობი, თამარ მეფის თანამედროვე.
ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მეცნიერთა მიერ გამოთქმული ვარაუდები იხ. ქვემოთ.
თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: თედო ჟორდანიას თქმით, „ამ მატიანეში, შესავლის მსგავსადვე მოთხრობილია ფრიად მოკლე მეფობა დიმიტრი I-სა და დავითისი, უფრო ვრცლად მეფობა თამარის მამის გიორგი III-სა და უკანასკნელ ფრიად ვრცლად თჳთ თამარის ცხოვრება... ამ ნაირად, მოხსენებულს მატიანეში დიმიტრის, დავითის და გიორგის ბრწყინვალე მეფობათა უჭირავს სულ 12 გვ., ხოლო თამარის მეფობას - 64 გვ. აქიდამაც საგულისხმებელია, რომ მთელი ეს მატიანე თამარის მატიანეა, ხოლო დანარჩენი მეფობა მხოლოდ წინასიტყვაობასავით მიუძღვის ამ მეფობას.“ (ჟორდანია 1892, გვ. XLVI).
ივანე ჯავახიშვილის თქმით, ნაწარმოები ბოლონაკლულია. ჩვენამდე მოღწეული თხზულების დასასრული კი გადაკეთებული, ვინაიდან „თამარ მეფის სიკვდილის აღწერა მეტად მკრთალია და მოკლე.“ ეს მონაკვეთი, ჯავახიშვილის ფიქრით, თამარის „დასაფლავების დროს წარმოთქმულ სიტყვების პატარ-პატარა ნაწყვეტები უნდა იყოს.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 225-226).
მკვლევართა უმეტესობა იზიარებს ჟორდანიას მოსაზრებას თხზულების ორ ნაწილად დაყოფის თაობაზე. ამასთან, მზია მარსაგიშვილის სიტყვით რომ ვთქვათ, თხზულების კომპოზიციასთან დაკავშირებით განირჩევა სამი მოსაზრება: „1. ს. კაკაბაძის აზრით, პირველი ნაწილი შამქორის ომამდე მოდის, შამქორის ბრძოლის ამბები ჩამატებულია ჩვენთვის უცნობი მატიანედან, თხზულების მეორე ნაწილი კი თამარ მეფის ქველმოქმედებათა აღწერით იწყება. 2. პ. ინგოროყვა თვლის, რომ თხზულების ავტორის პირველი ნაწილის თხრობა შამქორის ომამდე მოჰყავს, მეორე ნაწილი კი შამქორის ომის აღწერით იწყება. 3. თ. ჟორდანიასა და ივ. ჯავახიშვილის აზრით პირველი ნაწილი მთავრდება თამარის ქველმოქმედებათა აღწერით და მეორე ნაწილი ყარსის აღების ამბით იწყება.“ (მარსაგიშვილი 1990, გვ. 39-40, შენ. 28). თავად მარსაგიშვილის ვარაუდით კი ყარსის აღება პირველი ნაწილის ავტორის კალამს უნდა ეკუთვნოდეს. მეორე ნაწილი კი უნდა იწყებოდეს სიტყვებით: „უდიდესნი საქმენი აღმოჩნდეს და გონება ვიწყე უღონოდ თხრობისა სიდიდითა საქმეთათა.“ (იქვე).
კირილ თუმანივის ფიქრით, თხზულება ორი არათანაბარი ნაწილისაგან შედგება. პირველი მოიცავს გიორგი III-ის მეფობის ამბავს, მეორე კი თამარის მმართველობას. (Toumanoff 1943, გვ. 175).
თხზულების კვლევის ისტორია: თხზულების კვლევის ისტორია საკმაოდ მდიდარია და ნაწარმოებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. ამათგან გამოიყოფა თხზულების სათაური, დაწერის დრო და ავტორის ვინაობის საკითხი. ითვლება, რომ ამ თხზულების დასათაურებაში ასახულია იმ ეპოქისათვის მნიშვნელოვან და ძველ ქართულ საერო მწერლობაში ასახულ ინტერესს აღმოსავლური მუსლიმანური სამყაროსა და კულტურისადმი რაც, უპირველეს ყოვლისა, თავად თხზულების „სათაურშივეა“ გამოხატული. მკვლევართა აზრით, ნაწარმოების სათაურის ფუნქციის მქონე საწყის ფრაზაში ასახულია „ქართველი მწიგნობრების ორმხრივი განათლება, დასავლური - ელინურ-ბიზანტიურ ქრისტიანული და აღმოსავლური - ირანულ-არაბული მაჰმადიანური.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 221; კეკელიძე 1981, გვ. 267). ნიკო ბერძენიშვილი ამ თხზულებას „ბიზანტიურ-არაბული კულტურის შვილს“ უწოდებს (ბერძენიშვილი 1979, გვ. 123). ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, „“ისტორია“ ბერძნული სიტყვაა და ჰნიშნავს შეკრებილ ცნობას, ამბავს, ისტორიას. საყურადღებოა, რომ ქართულს საისტორიო მწერლობაში ეს ტერმინი, როგორც ეტყობა, პირველად თამარ მეფის ცხოვრების აღმწერელმა შემოიღო. „აზმანი არაბული სიტყვაა. „ისტორია“-სავით იგიც მრავლობითი რიცხვით არის ნახმარი და უდრის არაბულ „აზმანუნ“-ს, რომლის მხოლობითი რიცხვი ითქმის „ზემანუნ“-ად და ჰნიშნავს „დროს,“ „ხანას“.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 220-221). ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება შემოგვთავაზა ილია აბულაძემ. მისი აზრით, „აზმანი“ მომდინარეობს არა არაბულიდან არამედ ბერძნულიდან და ნიშნავს „ქებას,’ „შესხმას.“ ხოლო თხზულების სათაური, ანუ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ნიშნავს „მოთხრობანი და ქებანი გვირგვინოსანთა.“ (Абуладзе 1938, გვ. 166).
თედო ჟორდანიას აზრით, მატიანის ავტორი აღტაცებულია თხზულების გმირებით „და ეს აღტაცებითი გრძნობა ჰმეფობს მთელს მისს ნაწერში უფრო ძლიერად, ვიდრე დავით აღმაშენებლის მატიანეში. თამარის მატიანე განუწყვეტელი ქებაა, ანუ ქებათა-ქება, იგი რიტორულ ხელოვნებით აღწერილი შესხმაა მეფისა და გმირთა.“ (ჟორდანია 1892, გვ. XLIX). მკვლევარი ვარაუდობს, რომ თხზულება „დაწერილი უნდა იყოს ჯვარ-მტვირთველის ჭყონდიდელის ანტონ გლონისთავისძის მიერ. ჯვარ-მტვირთველის თანამდებობით ანტონ ჭყონდიდელი მართლა მუდამ ჯარს ახლდა და თჳთ-მხილველი იქნებოდა მისგან დაწერილები აღწერილ ლაშქრობათა.“ როგორც უკვე ითქვა, მკვლევრის აზრით თხზულება ორი ნაწილისაგან შედგება. (იქვე, გვ. L).
მოსე ჯანაშვილი თხზულებას თვითმხილველის მიერ დაწერილ გიორგი III-ისა და მისი ქალიშვილის, დიდი თამარის საქმეებს უწოდებს. მისი აზრით, ამ თხზულების ენა XI-XII საუკუნის ქართველ საეკლესიო ავტორთა ენის მსგავსია. შინაარსის მხრივ კი ამ საქმეთა ტექსტი გამოირჩევა მკაცრი ოფიციალური ხასიათით; აქ არ არის წარმოდგენილი მრავალსიტყვაობა, გამოტოვებულია დაწვრილებითი დეტალები და აღნიშნულია მხოლოდ უმთავრესი მოვლენები. ჯანაშვილის დასკვნით, ეს ქრონიკები დაწერილი უნდა იყოს ან ჭყონდიდელთა მიერ, ანდა მათ მიერ უნდა იყოს რედაქტირებული. (ჯანაშვილი 1903, გვ. 10-11; Джанашвили 1905, გვ. 123-124).
ივანე ჯავახიშვილის აზრით, ნარატივის ორივე ნაწილი ერთი და იმავე ავტორს უნდა ეკუთვნოდეს, რაც მნიშვნელოვანი ამბის აღწერისას გამოყენებული საწყისი ფრაზების იგივეობით შეიძლება დამტკიცდეს. დიდ ქართველ მეცნიერს თხზულების ავტორი ესახება, როგორც „წარჩინებული კაცი,“ მაგრამ იგი „ხელმწიფის სასახლეში მყოფი ხელისუფალი არ ყოფილა,“ ვინაიდან მას „თამარის შინაური ცხოვრების“ გარემოებები „კარისკაცთაგან ჰქონია გაგონილი.“ (იქვე, გვ. 226). ავტორის თქმით, „კაცს ამასთან, იგი „ღრმად განათლებული და დაწინაურებული ადამიანი ყოფილა სახელმწიფოს „შიშითა და ზარითა“ და ყოველგვარ „მესისხლეობისა“ და „მიმძლავრების“ საშუალებით მართვა-გამგეობის წინააღმდეგი და „მშვიდობის მყოფლობის“ მოტრფიალე.“ (იქვე, გვ. 229). ჯავახიშვილის გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თხზულების ავტორი ან სასულიერო, ან სამხედრო პირი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ კი მეცნიერი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ავტორს „სხვაზე უკეთესად და ვრცლად ლაშქრობა და ომები და სამეფო დარბაზობა აქვს აღწერილი“ და, შესაბამისად, „სწორედ იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების ეს მხარე უნდა სცოდნოდა უკეთესად და მისი მოღვაწეობის ასპარეზი ყოფილიყო.“ (იქვე, გვ. 232).
ავტორის ერუდიციასა და მის მიერ გამოყენებულ წყაროებთან დაკავშირებით მკვლევარი აღნიშნავს, რომ ისტორიკოსი კარგად იცნობს როგორც ქრისტიანულ სასულიერო მწერლობას, აგრეთვე „ელინურისა და სპარსეთის საწარმართო „გარეშე“ მწერლობას (იქვე, გვ. 232), ისტორიოგრაფიასაც და ისლამურ საერო მწერლობასაც. ამასთან, იგი, სავარაუდოდ, „თანამედროვეთა ზეპირი ცნობებითაც სარგებლობდა.“ (იქვე, გვ. 233). მას აგრეთვე ხელთ უნდა ჰქონოდა “იოანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა „შესხმა-მოთხრობა“,“ რომელიც, როგორც ჩანს, დიმიტრი I-ის ცხოვრების აღწერილობას შეიცავდა.“ (იქვე; იხ. აგრეთვე: ისტორიოგრაფია > დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი).
თამარის პირველი ისტორიკოსის წერის სტილთან დაკავშირებით ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ „თამარ მეფის ისტორიკოსი რიტორულის ენა-წყლიანობისა და მოქარგულობის დიდი მოტრფიალე ყოფილა. მისი მოთხრობა მეტად რთულ და ხელოვნურ, ხშირად მეტად ბუნდოვან ენით არის ნაწერი.“ ამასთან, იგი პოეტურ მიმსგავსებებსაც უხვად იყენებს თხზულებაში. (იქვე, გვ. 237). მისი ენა ხელოვნურია, ვინაიდან მის მიზანს „ისტორიათა მწერლობასა შინა ჴელმწიფეთა შემასხმელობა“ წარმოადგენდა. და სწორედ ტექსტისათვის „შესხმის“ ელფერის მიცემის მიზნით გახდა ავტორის ენა იმდენად ხელოვნური, რომ დაკარგა „ჩვეულებრივი სიმკვირცხლე“ და ბუნებრიობა: შედეგად, ისტორიკოსი ისეთი ენის წერს, რომლის მსგავსადაც არც მანამდე, არც შემდგომ, არც ერთ ქართველ ისტორიკოსს არაფერი დაუწერია. ჯავახიშვილის თქმით, “ამ მხრივ მას განმარტოებული ადგილი უკავია ქართულ მწერლობაში.“ (იქვე, გვ. 135). ზოგადად კი, თხზულებასთან დაკავშირებით მკვლევარი ასკვნის, რომ „არც მიზნისა და არც მეთოდების მხრივ ახალს იგი არაფერს შეიცავს. პირიქით, ამ მხრივ წინა-დროის ზოგიერთს ქართველ ისტორიკოსების ნაწარმოებს ჩამოუვარდება კიდეც. მაინცა-და-მაინც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაზე ცოტა დაბლა სდგას. ამასთანავე იგი ერთად-ერთი ქართული ისტორიული თხზულებაა, რომელიც რიტორული ხელოვნებითა და მჭერმეტყველების მოქარგულობით არის ნაწერი.“ თუმცაღა, ივანე ჯავახიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ თხზულება წარმოადგენს ძვირფას წყაროს და „მართლის მთქმელი და პირუთვნელი მატიანეა.“ (იქვე, გვ. 241).
პავლე ინგოროყვას მიაჩნდა, რომ თხზულება ორი სხვადასხვა ავტორის მიერ უნდა დაწერილი ნაწილისაგან არის შედგენილი. ნარატივის პირველი ნაწილის (რომელსაც მკვლევარი თამარის პირველ ისტორიას უწოდებს) ავტორად მას წარმოედგინა საერო პირი (სარგის I თმოგველი, დილარგეთიანის ავტორი), რომლის თხზულებაც „დაწერილია მე-12 წელს თამარის მეფობაში, 1196 წელს.“ მეორე ნაწილის (მისი თქმით, თამარის მეორე ისტორიის, რომელიც 1196-1213 წლის ამბებს მოიცავს) ავტორად კი ინგოროყვა სასულიერო პირს მოიაზრებს, რომელსაც ტექსტი XIII საუკუნის პირველ მეოთხედში უნდა დაეწერა, „მონგოლთა მფლობელობის დამყარების უწინარეს.“ (ინგოროყვა 1924, გვ. 277, შენ. 1.3).
ორ ნაწილად და ორი ავტორის მიერ დაწერილად მიიჩნევს თხზულებას აგრეთვე სარგის კაკაბაძეც. ამასთან, თხზულების პირველი ნაწილი, რომელსაც იგი „ისტორიანსა და აზმანს“ უწოდებს და რომელიც „მაღალი რიტორული სტილით არის დაწერილი,“ მას 1195/9 წლისათვის დაწერილად მიაჩნია (კაკაბაძე 1927, გვ. LXIX, შენ; გვ. LXXI- LXXIII). გვ. 287), ხოლო მეორე ნაწილი, ანუ „მეორე ისტორია,“ სხვა ავტორს უნდა დაეწერა 1270-1295 წლებში, „უფრო ახლოს, მის მიერ დაშვებულ ანაქრონიზმების გამო, უკანასკნელ თარიღთან, ე. ი. 1295 წელთან.“ (კაკაბაძე 1924, გვ. 291). მკვლევრის აზრით, პირველ ნაწილში შემავალი ნაწილს, „თხრობა შამქორის ომის შესახებ... დამოუკიდებელი ნაწარმოებიდან უნდა იყოს ამოღებული.“ (იქვე, გვ. 288). პირველი ნაწილის ავტორი, კაკაბაძის ფიქრით, უნდა იყოს მეფის „შემჭირნეთაგან“ და ვეზირთაგან ერთ-ერთი. მეცნიერი მას ჭიაბერ მანდატურუხუცესთან აიგივეს. (იქვე, გვ. 287-288). რაც შეეხება თხზულების მეორე ნაწილს, კაკაბაძის აზრით იგი მოიცავს შამქორის ომის შემდეგდროინდელ ამბებს. მკვლევარი მას მოიხსენიებს, როგორც „მეორე დიდ მატიანეს თამარის მეფობის შესახებ“ და აღნიშნავს, რომ იგი „ძალიან ღარიბია ფაქტიური ცნობებით,“ კაკაბაძის აზრით, თხზულების ავტორი „არც თუ დიდი განათლების მქონი“ პირია, რომელიც „ცხოვრობდა თამარის ეპოქაზე საკმაოდ დაშორებულად.“ (იქვე, გვ. 289-290).
კორნელი კეკელიძის მოსაზრებით, „ხასიათი და ღირებულება თხზულებისა ნათლად ჩანს მისი სახელწოდებიდან - „აზმანი,“ რაც ქებას, ხოტბას, პანეგირიკს ნიშნავს... მართლაც, თხზულება ნამდვილად ხოტბაა თამარისა და მისი მეფობისა.“ (კეკელიძე 1981, გვ. 267). რაც შეეხება ნაწარმოების კომპოზიციას, მკვლევარი იზიარებს თედო ჟორდანიასა და ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას და თვლის, რომ ნაწარმოები „ერთი მთლიანი, ერთისა და იმავე პირის მიერ დაწერილი“ შრომაა, ვინაიდან ორივე ნაწილის ავტორის წერის ერთი და იგივე „მანერა“ გააჩნია და ორივე ნაწილში მოცემულია „ერთი და იგივე სტერეოტიპული სიტყვები, ფრაზები და გამოთქმები;“ ორივეგან დიდი ყურადღება ექცევა პოეზიას და „ორსავე ნაწილს ახასიათებს ხელოვნური, მძიმე, მწიგნობრულ-სქოლასტიკური, გასაგებად ძნელი პეტრიწონული სტილი, რთული სიტყვები, ქართულისათვის არაჩვეულებრივი კომპოზიტები..., მოთხრობა ორი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ ორსავე ნაწილში ხშირად წყდება ხოლმე ავტორის მსჯელობით საკუთარი თავისა და უნარის შესახებ.“ ამასთან, კეკელიძე იმასაც აღნიშნავს, რომ თხრობისას ავტორი ჯერ აღწერს სამხედრო ამბებს, შემდეგ კი გადადის თამარის სარწმუნოებრივ-ზნეობრივ თვისებებზე, ხოლო „სარწმუნოებრივ-ზნეობრივი და საეკლესიო ბიბლიური ელემენტები მოცემულია როგორც პირველს, ისე მეორე ნაწილში.“ (კეკელიძე 1962, გვ. 201-204). მეცნიერი ვარაუდობს, რომ თხზულება დაწერილია თამარის გარდაცვალების შემდგომ, ვინაიდან ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე (იხ. ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე), რომლის წერაც დასრულებული უნდა ყოფილიყო 1223 წელს ჯერ კიდევ არ იცნობს თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებას, „შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ „ისტორიანი და აზმანიც“ დაახლოებით ამავე დროსაა დაწერილი, ლაშა გიორგის მეფობის უკანასკნელს, ესე იგი 1222 წელს.“ (იქვე, გვ. 212-213).
კორნელი კეკელიძემ არ გაიზიარა თედო ჟორდანიას, პავლე ინგოროყვასა და სარგის კაკაბაძის მოსაზრებანი ნაწარმოების ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით და 1938 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აღნიშნა, რომ „თუმცა ვინაობა ავტორისა გაურკვეველია, სამაგიეროდ მის თხზულებაში მკაფიოდ გამოსჭვივის მისი სწავლა-განათლება და კულტურული ფიზიონომია, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა ვიქონიოთ საქართველოს იმდროინდელი კულტურული დონისა და ხასიათის შესახებ.“ (იქვე, გვ. 214). მკვლევრის აზრით, ავტორი კარგად იცნობს როგორც ქრისტიანულ, აგრეთვე ისლამურ კულტურას, ხოლო მისი „პოეტური შედარებებისა და მხატვრული სახეების“ წყალობით ეს თხზულება „სცილდება რა ისტორიული ნაწარმოების ფარგლებს, პოეტური შემოქმედების სფეროში გადადის.“ (იქვე, გვ. 215) ავტორისთვის ნაცნობია ბერძნულ-რომაული მითოლოგია, მის ინტერესს იწვევს „აღმოსავლური ვარსკვლავთმრიცხველობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა,“ იგი კარგად იცნობს როგორც „ბიბლიურ პატროლოგიურსა და აგიოგრაფიულ-ჰიმნოგრაფიულ“ მწერლობას, აგრეთვე ქრისტიანულ ისტორიოგრაფიასაც და თავისი დროის მხატვრულ ლიტერატურასაც. მკვლევრის თქმით, იგი იყენებს ქართველ მეხოტბეთა თხზულებებს, თამარიანსა და აბდულმესიანს (იხ. საერო მწერლობა > მეხოტბენი). იცნობს იგი საგმირო-სარაინდო და სამიჯნურო ეპოსსაც. (იქვე, გვ. 215-225. იხ. საერო მწერლობა > ამირანდარეჯანიანი; ვისრამიანი, ვეფხისტყაოსანი). კეკელიძის აზრით, „ყველაზე მეტად ჩვენს ისტორიკოსს გამოყენებული აქვს აღმოსავლური, ირანული ლიტერატურა,“ რაც არ უნდა გვეუცნაუროს, ვინაიდან, როგორც მკვლევარი აღნიშნავს, „ცნობილია, რომ ირანულ ლიტერატურასთან ორგანული კავშირი ჰქონდა კლასიკური ხანის ქართულ მხატვრულ მწერლობას, ამიტომ არც ისე გასაკვირია ჩვენი ავტორის სიმპათია მისდამი.“ (იქვე, გვ. 225).
ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, 1941 წელს გამოცემულ ნაშრომში მკვლევარმა შეცვალა საკუთარი მოსაზრება თხზულების ავტორთან დაკავშირებით და იგი ხელნაწერებში თხზულების ბოლოს მოთავსებული იამბიკოების (რომელთა ავტორობაც იოანე ჭიმჭიმელს მიეწერება) წინ აღნიშნულ ფრაზაში - „არსენი იტყჳს იყვ: ნელი“ - ნახსენებ არსენს დაუკავშირა. „იყვ: ნელი“ კორნელი კეკელიძემ იშხნელი-ს შერყვნილ ფორმად მიიჩნია და, გამომდინარე იქიდან, რომ ხელმწიფის კარის გარიგების თანახმად „იშხნელები XIII საუკუნეში persona grata-ს წარმოადგენდნენ,“ ივარაუდა, რომ თხზულების ავტორი, შესაძლოა, ვინმე არსენ იშხნელი ყოფილიყო. (კეკელიძე 1986, გვ. 112-113). თუმცაღა, ისიც უნდა ითქვას, რომ მოგვიანებით მკვლევარს ეს მოსაზრება აღარ გაუმეორებია და შემდგომ შრომებში იგი 1938 წელს გამოთქმულ მოსაზრებას აჟღერებდა.
1941 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში კორნელი კეკელიძემ კვლავ გაიმეორა თხზულების ავტორის მაღალმხატვრული სტილის შეფასება, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ამასთან ერთად იშვიათია ჩვენს ძველს ლიტერატურაში ძეგლი, რომელსაც ისეთი დამახინჯებული სახით მოეღწიოს ჩვენამდე, როგორითაც მოუღწევია ამ თხზულების (როგორც საერთოდ ე.წ. მარიამისეულ რედაქციას „ქართლის ცხოვრებისას“). თხზულება იმდენად დამახინჯებულა საუკუნეთა განმავლობაში გადამწერთა მიერ, რომ მისი წანაკითხებით სარგებლობა მხოლოდ პრინციპული, წინასწარ მათდამი უნდობლობით შეიძლება.“ (იქვე, გვ. 92). აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტექსტის გამართვის საქმეში. მან ტექსტში მრავალი სიტყვა, წინადადება თუ ფრაზა ჩაასწორა. კორნელი კეკელიძის ზოგადი დასკვნით „ეს, მიზანდასახულობით საისტორიო, შრომა ნამდვილი მხატვრული ნაწარმოების მიჯნებამდე ადის. ეს პროზით დაწერილი ხოტბაა, ისტორიულ ჩარჩოში ჩასმული.“ (კეკელიძე 1981, გვ. 276).
სიმონ ყაუხჩიშვილი არ დაეთანხმა კორნელი კეკელიძის მიერ 1941 წელს გამოთქმულ ვარაუდს და მიუთითა, რომ, თუკი ვახტანგის წინანდელ ხელნაწერებში კეკელიძის მიერ მოტანილ ფრაზაში გვხვდება ფორმა იყავნელი/იყვნელი, ვახტანგისეული რედაქციის ერთადერთ ნუსხაში, სადაც ეს ფრაზა გვხვდება - ე.წ. ბარათაშვილისეული ნუსხა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, MS S-25, 1761 წ.; ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 2) - წარმოდგენილია ფორმა იყალთოელი. ვინაიდან არსენ იყალთოელი ისტორიულად დადასტურებული პიროვნებაა, ყაუხჩიშვილმა უპირატესობა ამ ფორმას მიანიჭა. თუმცაღა, მკვლევარმა არსენ იყალთოელი თხზულების ავტორად არ მიაჩნია იმ მიზეზით, რომ არსენ იყალთოელი „XII საუკუნის შუაწლების შემდეგ ცოცხალი აღარ არის.“ (ქც (ყაუხჩიშვილი) 1959, გვ. 011-012).
ამასთან, ყაუხჩიშვილმა 1942 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი და იოანე პეტრიწი“ აღნიშნა, რომ მის მიერ თამარის ისტორიკოსის ტექსტის დეტალური შესწავლა და ამ ნარატივის ფრაზეოლოგიის იოანე პეტრიწის ფრაზეოლოგიასთან შედარების „შედეგები ეთანხმება და ადასტურებს პ. ინგოროყვას დებულებას ამ ძეგლის შედგენილობასა და ორი ავტორის შესახებ,“ (ყაუხჩიშვილი 1942, გვ. 95). მოგვიანებით, ისტორინთა და აზმათა ტექსტის გამოცემისას, მკვლევარმა ფაქტობრივად გაიმეორა მანამდე გამოთქმული მოსაზრება და აღნიშნა, რომ ავტორს უხვად უსარგებლია „როგორც პეტრიწის ლექსიკით, ისე მისი აზრებით.“ ამასთან, როგორც მკვლევარს მანამდეც ჰქონდა აღნიშნული, ნათელია, რომ „იოანე პეტრიწის ნაწერები გამოყენებული აქვს თამარის პირველ ისტორიკოსს თავის შრომის პირველ ნაწილში და ამით ეს პირველი ნაწილი მკვეთრად განირჩევა მეორე ნაწილისგან.“ (ქც (ყაუხჩიშვილი) 1959, გვ. 013). მკვლევარი იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ „“ქართლის ცხოვრებაში“ შემავალი თხზულებებთაგან არ ერთი არ დაზიანებულა ისე, როგორც „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ და ვარაუდობს, რომ ვახტანგის სწავლულ კაცთა კომისიის მითითება ქც-სთან დაკავშირებით ტექსტის „ჟამთა ვითარებისაგან განრყუნის“ შესახებ, პირველ რიგში, სავარაუდოდ, სწორედ თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულების მიმართ უნდა იყოს ნათქვამი. (იქვე, გვ. 040).
მიხეილ (მიხაკო) წერეთელს თამარის პირველ ისტორიკოსად შოთა რუსთაველი მიაჩნდა. მკვლევრის აზრით, ისტორიანი და აზმანის ორივე ნაწილი ერთი ავტორის დაწერილი უნდა იყოს. „სული, რომელიც აცხოველებს „ისტორიათა და აზმათა,“ ერთი და იგივეა ორივე ნაწილში, - აგრეთვე კილო მოთხრობისა და ენა, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რომელიც ბევრი სხვა ძველი თხზულების ენისაგან განსხვავდება. იგი თავისებურია. მიმღეობათა ხმარებაც სრულ წინადადებათა ნაცვლად, რაჲცა ბერძნულ გავლენას მიეწერება, ამ ტექსტში უფრო გადაჭარბებულია, ვიდრე სხვა ძეგლებში“ - აცხადებს მკვლევარი. (წერეთელი 1949, გვ. 12). მკვლევარს აღნიშნული აქვს, რომ რუსთაველისა და ისტორიათა და აზმათა ავტორის წერის მანერას შორის მსგავსებაზე მოსაზრებანი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში გამოითქვა. წერეთელს მაგალითად მოჰყავს გერმანელი მეცნიერი ფელიქს ჰოლდაკის მოსაზრება, რომლის თანახმადაც რუსთაველი და თამარის პირველ ისტორიკოსი “თითქოს ორი სულიერად თანასწორი მნიშვნელობისა და დამეგობრებული კაცი ყოფილიყო ურთიერთთან შეკავშირებული საერთო მიზნის მისაღწევად.“(Holldack 1907, გვ. 84-85 = წერეთელი 1950a, გვ. 7). აქვეა ციტირებული ნოე ჟორდანიას აზრიც, რომელიც მიიჩნევს, რომ „ერთი მიზნის, ერთი საგნისკენ სხვა და სხვა გზით“ მიმავალი „ეს ორი ძეგლი ერთი და იგივე ეპოქისა ეკუთვნის ერთა და იმავე თაობას, ეხება ერთსა და იმავე ამბავს, შეიცავს ერთსა და იმავე საზოგადოებრივ სარკეს.“ (ჟორდანია 1930, გვ. 4= წერეთელი 1950a, გვ. 7). მიხაკო წერეთელი იმოწმებს აგრეთვე ილია აბულაძის მიერ გამოქვეყნებულ ცნობას, რომელიც ანტონი კათალიკოსს ეკუთვნის. ანტონი წყობილსიტყვაობაში, მის მიერ მოყვანილ „რჩეულსიტყვაობისა და ტკბილმეტყუელების“ დიდოსტატთა რიგში, სხვა გამოჩენილ ავტორთა შორის ასახელებს „შოთა რუსთველსა, გამომთქმელსა მეფის თამარის ცხოვრებისასა.“ მკვლევარს აღნიშნული აქვს, რომ თავად აბულაძეს შოთას მიერ დაწერილი თხზულებად თამარის მეორე ისტორიკოსის ნაწარმოები მიაჩნია (აბულაძე 1938; იხ. ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის მეორე ისტორიკოსი).
მიხაკო წერეთელი საკუთარი ნაშრომის მესამე ნაწილს მთლიანად ორ თხზულებას შორის პარალელური ადგილების დაძებნას უთმობს და ბოლოს აღნიშნავს, რომ „“ისტორიანი და აზმანი“ დაწერილნი არიან ძველი სამწერლობო ენით. ავტორი სცდილობს მისდიოს ძველ ნორმებს. სხვანაირად მას არც შეეძლო „ქების“ თვისების მეფეთა ისტორიული ბიოგრაფია დაეწერა პროზით. ამით განირჩევა „ისტორიათა და აზმათა“ ენა „ვეფხისტყაოსნის“ თავისუფალი, ძველ ნორმათაგან არა-შებოჭვილი ენისაგან...“ თუმცა, გარდა ამ სხვაობისა, „რაოდენი რამ არის იგივე და მსგავსი „ისტორიათა და აზმათა“ შინა და „ვეფხისტყაოსანში“ ენის მხრივაც, რაჲცა მიგვითითებს ორივე თხზულების ავტორობაზედ რუსთაველისა.“ მაგალითებად კი მკვლევარს მოჰყავს ორივე თხზულებისათვის საერთო „სიტყვები, ეპითეტები, ფორმები, გამოთქმანი.“ (წერეთელი 1951, გვ. 12). მისი აზრით, ორივე ავტორი მონარქისტია და ორივე მიზნად გვირგვინოსანთა ქებას ისახავს. შედეგად, მკვლევარი ასკვნის, რომ ვეფხისტყაოსნის ეპილოგში არსებულ ფრაზაში - „ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავქმენ“ - ქებანში უნდა იგულისხმებოდეს შოთას მიერ პროზაულად დაწერილი ქების წიგნი, ანუ ისტორიანი და აზმანი, რომელიც რუსთაველმა ვეფხისტყაოსნამდე დაწერა და რომელიც, მიხაკო წერეთლის ვარაუდით, მოიცავდა თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულების პირველ ნაწილს (შამქორის ბრძოლის ჩათვლით; იქვე, გვ. 15).
შოთა რუსთაველისა და თამარის პირველი ისტორიკოსის იგივეობის დასაბუთება სცადა აგრეთვე ივანე ლოლაშვილმაც. ანტონ კათალიკოსის ინფორმაციაზე დაყრდნობით მკვლევარმა ერთმანეთს შეუდარა თამარის პირველი ისტორიკოსისა და შოთას წერის მანერა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „“ისტორიანი და აზმანი“ იმდენად მაღალმხატვრული, შინაარსიანი და მართალი ამბების შემცველი ისტორიულ-პანეგირიკული ძეგლია, რომ იგი ყოველმხრივ შეეფერება რუსთაველის სამწერლო საქმიანობას. მასში რუსთველური ჰაეროვნება გამოსჭვივის, რუსთველური ძარღვიანი სიტყვა ჟღერს და რუსთველური ნიჭი და განათლება იგრძნობა.“ (ლოლაშვილი 1961, გვ. 86). მკვლევრის მოსაზრებით, რუსთაველს უნდა ეკუთვნოდეს აგრეთვე თამარის მეორე ისტორიკოსის ნაშრომის დასასრული მონაკვეთიც, რომელიც რეალურად შოთა რუსთაველის მიერ დაწერილი ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის ბოლო ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. (იქვე, გვ. 31; იხ. აგრეთვე: ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის მეორე ისტორიკოსი).
ანტონისავე ინფორმაციაზე დაყრდნობით მზია მარსაგიშვილმა ერთმანეთს შეადარა „ძირითადი ტერმინები და სტილისტური კონსტრუქციები ამოკრებილი“ ვეფხისტყაოსნიდან და თამარ მეფის ორივე ისტორიკოსის ნარატივებიდან (ორივე ისტორიის პირველი და მეორე ნაწილებიდან). მკვლევარმა დაადგინა, რომ, მაგ., ისტორიული თხზულებებისა და ისტორიკოსის აღმნიშვნელი სიტყვები სხვაობს არა მხოლოდ სამივე თხზულებაში, არამედ თამარის ორივე ისტორიკოსის თხზულებათა სხვადასხვა ნაწილშიაც. სხვაობს აგრეთვე საომარი და სოციალური ტერმინებიც. სხვადასხვა სტილური და გრამატიკული ნორმების შედარების საფუძველზე მკვლევარმა დაასკვნა, რომ „აღნიშნულ ძეგლებს შორის ავტორთა სტილისა და წერის მანერის რაიმე სერიოზული მსგავსება“ არ შეინიშნება და, ამდენად, „მსგავსება გამოწვეულია თხზულებათა შექმნის მხოლოდ საერთო ეპოქით, საერთო თემატიკით, განსხვავება კი - ავტორთა ინდივიდუალურობით.“ (მარსაგიშვილი 1990).
ისტორიანი და აზმანის ავტორის ვინაობის შესახებ მოსაზრება გამოთქვა კონსტანტინე გრიგოლიამაც. მისი აზრით, ეჭვგარეშეა, რომ „თამარის პირველი ისტორიკოსი მაღალი სამღვდელოების წარმომადგენელი ყოფილა.“ (გრიგოლია 1968, გვ. 249). ნიკო ბერძენიშვილი ფიქრობდა, რომ თამარის პირველი ისტორიკოსი ნამდვილად უნდა ყოფილიყო აღწერილი მოვლენების თანამედროვე, განსხვავებით მეორე ისტორიკოსისაგან, რომელიც „თუ ისიც თანამედროვეა, მაინც მეტის მეტად გვიან წერს თავის ნაშრომს,“ რის გამოც „ფაქტების გადმოცემაში ცდება.“ (ბერძენიშვილი 1974, გვ. 219). მკვლევრის თქმით, „პირველი ისტორიკოსის თანამედროვეობა“ და „ბასილის ნაგვიანეობა“ განსაკუთრებით კარგად იკვეთება ამ ორ თხზულებაში წარმოდგენილ შამქორის ომის გადმოცემის მონაკვეთებში. (იქვე, გვ. 229). იმავე დასკვნამდე მივიდა ილია ანთელავაც, რომელმაც თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულება XIII საუკუნის 60-იან წლებით დაათარიღა. (ანთელავა 1988, გვ. 153-156, 158). მარინე ქადაგიძის აზრით კი, თამარის მეორე ისტორიკოსს უფრო ადრე უნდა დაეწერა თავისი თხზულება, ვიდრე პირველს, ვინაიდან იგი „უფრო გათვითცნობიერებულია თამარის ცხოვრების დეტალებში,“ ვიდრე ისტორიათა და აზმათა ავტორი. (ქადაგიძე 2001, გვ. 87; იხ. აგრეთვე: ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის მეორე ისტორიკოსი).
რევაზ კიკნაძის ყურადღება მიიქცია ივანე ჯავახიშვილის იმ დაკვირვებამ, რომლის თანახმადაც ქც-ს ძველ ციკლში თამარის პირველი ისტორიკოსისა და ჟამთააღმწერლის თხზულებები ბოლო, მესამე წყებად უნდა შეეტანათ (იხ. ისტორიოგრაფია > ქართლის ცხოვრების რაობა...). თავის დროზე, დიდმა ქართველმა მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებას „თავი მთლიანად აქვს შენახული, ბოლო-კი აკლია. ხოლო ჟამთააღმწერელის მატიანეს პირიქით, ბოლო აკლია.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 308). ეს კი, მკვლევრის აზრით, იმისათვის გაკეთდა, რომ „ჟამთააღმწერლის ნაწარმოებს თამარ მეფის ისტორიკოსის მოთხრობის გაგრძელების ხასიათი ჰქონოდა.“ (იქვე). მკვლევარი იმასაც ვარაუდობდა, რომ ეს ორი თხზულება, შესაძლოა, ქც-ში შეტანამდეც გაერთიანებული სახით უკვე არსებობდა და, სავარაუდოდ, სწორედ ამგვარი გაერთიანებული სახითვე უნდა შეეტანათ კრებულში. ამ მოსაზრების დასამოწმებლად ჯავახიშვილი XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის, ფარსადან გორგიჯანისძის თხზულებაში ამ პერიოდის აღმწერელი მონაკვეთების ანალიზს იშველიებს. გორგიჯანიძესთან, ჯავახიშვილის თქმით „თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულების ბოლო იმგვარადვე გადაბმული ყოფილა ჟამთააღმწერელის ნაწარმოებზე, როგორადაც ეს ორი ნაწარმოები მარიამ დედოფლისეულ ქც-შია გადაბმული.“ (იქვე, გვ. 309; იხ.აგრეთვე: ისტორიოგრაფია > ჟამთააღმწერელი).
რევაზ კიკნაძემ ამ საკითხის შესწავლას ცალკე ნაშრომი მიუძღვნა. მკვლევრის აზრით, ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაში წარმოდგენილი დასაბუთება, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ ფარსადან გორგიჯანიძის საქართველოს ისტორიაშიც და ქც-ს ძველ ციკლში თამარის პირველ ისტორიკოსის ტექსტს „დასაწყისი მთლიანად შენარჩუნებული აქვს, ბოლო კი მოკვეცილია, ხოლო ჟამთააღმწერლის თხზულებას, პირიქით, დასაწყისი აკლია“ (კიკნაძე 1982, გვ. 23-24), უპირობოდ ვერ მიიღება. კიკნაძის მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი დაწერილია „ძალიან მაღალფარდოვანი, ხშირად ძნელად გასაგები ენით,“ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი სხვა ეპოქის ავტორს, ფარსადან გორგიჯანისძეს, „არ შეეძლო თამარის ისტორიკოსის მსგავსი ენითა და სტილით ეწერა.. მან ბევრი ადგილი, განსაკუთრებით მაღალფარდოვანი, ფერადი ენით გადმოცემული ვრცელი პასაჟები სულაც გამოტოვა, ხოლო ბევრი რამ თავისებურად, რამდენადმე განსხვავებით... და გაცილებით უფრო უბრალო ენით“ გადმოსცა. (იქვე, გვ. 38-39). გარდა ამისა, ფარსადანს, შესაძლოა, ხელი მიუწვდებოდა ქც-ს „საკმაოდ დამახინჯებულ ნუსხაზე.“ შედეგად, გასაკვირი არ არის, „თუ მან თავი ვერ გაართვა ტექსტის აღდგენის მეტად რთულ საქმეს.“ (კიკნაძე 1975, გვ. 40-41). ამასთან, მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია ფარსადანის თხზულების ის ნაწილი, რომელიც ეხება XII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედისა და XIII საუკუნის ამბებს, ძირითადად ქც-ს „(ზუსტად, თამარის პირველი ისტორიკოსისა და ჟამთააღმწერლის ნაწარმოებთა) მიხედვით არის შედგენილი,“ იგი არ წარმოადგენს ამ თხზულებათა მექანიკურ გამეორებას, ვინაიდან „ისტორიკოსმა თავისი წყაროს ზოგიერთი ადგილი შეამოკლა, ზოგი თავისებურად გაიაზრა ან განავრცო და სხვა თხზულებებიდან ამოღებული ცნობებით შეავსო და ა. შ.“ ხოლო თუკი ეს ნაწარმოები „რომელიმე არმოღწეული წყაროდან ამოღებულ მასალას შეიცავს,“ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. მკვლევრის აზრით, „ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებისა და „ისტორიათა აზმათა“ ტექსტების შედარებით-ისტორიული შესწავლით გამოირკვა, რომ XVII საუკუნის ქართველ ისტორიკოსს „ქართლის ცხოვრების“ ისეთი ნუსხა ჰქონია ხელთ, რომელიც რიგ შემთხვევებში უკეთ შენახული და უფრო სრული ყოფილა, ვიდრე ამჟამად ცნობილი ნუსხებია.“ ამიტომ, გორგიჯანისძის ისტორიის ამ ნაწილს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს „XIII-–XIV საუკუნეების ავტორთა –– თამარის პირველი ისტორიკოსისა და ჟამთააღმწერლის თხზულებების“ ტექსტთა აღდგენისა და მათი ინტერპრეტაციის საქმეში. (იქვე, გვ. 134-135). მოგვიანებით, 1987 წელს რევაზ კიკნაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ისტორიანი და აზმანი ქც-ს შემადგენლობაში უნდა შეეტანათ „თამარის მემკვიდრეების, გიორგი ლაშას ან რუსუდანის დროს, XIII ს-ის პირველ ნახევარში,“ ხოლო ჟამთააღმწერლის თხზულება უფრო მოგვიანებით, „დაახლოებით XIV საუკუნის მეორე მეოთხედში, გიორგი V ბრწყინვალის დროს.“ (კიკნაძე 1987, გვ. 15).
მარიამ ლორთქიფანიძე თამარის ორი ისტორიკოსის ნაშრომს ერთად განიხილავს. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, „თამარის ეს ორი ისტორიკოსის შრომა მნიშვნელოვნად ავსებს ერთმანეთის მონაცემებს, რადგან მათი ავტორების ინტერესთა წრე საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ ერთს უფრო საშინაო პოლიტიკის და მეფის პირადი ცხოვრების საკითხები აინტერესებს (ბასილი ეზოსმოძღვარს - ი.ყ.), მეორე უმეტესად საგარეო ურთიერთობების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.“ (ლორთქიფანიძე 1972, გვ. 13. იხ. აგრეთვე: ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის მეორე ისტორიკოსი). თამარის ორივე ისტორიკოსის თხზულებათა შესახებ მეცნიერთა მიერ გამოთქმული მოსაზრებანი მოკლედ მიმოიხილა აგრეთვე როინ მეტრეველმა (მეტრეველი 1991, გვ. 5-10).
კირილ თუმანოვის აზრით კი, დავითის პირველი ისტორიკოსის თხზულება ბასილის ნაწარმოებზე უფრო მდიდარი და განსხვავებული სახის ნარატივს წარმოადგენს. თუკი მორე ისტორიკოსი აღწერს თამარის პირად ცხოვრებას, უცნობი ავტორი იძლევა მეფის პოლიტიკურ აქტივობის შეფასებას სახელმწიფო მოხელის მიერ. მაშინ, როდესაც ბასილი წარმოადგენს თვითმხილველის ანგარიშს დიადი მეფობის შესახებ, მეორე ისტორიკოსი მაღალფარდოვანი რიტორიკის მეშვეობით ხატავს საგმირო ეპოსს. ანონიმი ავტორი ოფიციალურ პანეგირისტ-ისტორიკოსად გვევლინება; უფრო მეტიც, მისი სტილი ემსგავსება სამეფო წერილების იმ ოფიციალურ შაბლონს, რომელიც განსაზღვრული იყო სამეფოს მწიგნობართუხუცესების მიერ. ამდენად, მკვლევარი იზიარებს თედო ჟორდანიასა და მოსე ჯანაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც თხზულების ავტორი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო. თუმანოვს მიაჩნია, რომ ისტორიანი და აზმანის ავტორი, ანდა „თხზულების წერის პროცესის ხელმძღვანელი,“ შესაძლოა ყოფილიყო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი თეოდორე, რომელსაც, როგორც ნიკო ბერძენიშვილმა გამოარკვია, ეს თანამდებობა 1205-1206 წლებში ეკავა (ბერძენიშვილი 1940, გვ. 397-412=(Toumanoff 1943, გვ. 176).
სტივენ რაპი თამარის მეორე ისტორიკოსის ტექსტს განიხილავს ბაგრატიდთა ისტორიოგრაფიის მეორე ჯგუფის სხვა ტექსტებთან ერთად. (იხ. ისტორიოგრაფია>ბიზანტიური ისტორიოგრაფიის ზეგავლენით შექმნილი თხზულებანი; თამარის მეორე ისტორიკოსი)
გამომდინარე იქიდან, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის მისი საგარეო პოლიტიკის დასახასიათებლად თამარის პოლიტიკას ადარებს დავითს პოლიტიკასთან, ნიკო ბერძენიშვილი ფიქრობდა, რომ მწერლის მოღვაწეობის დროს ქვეყანაში არსებობდნენ „სწორედ დავითის პოლიტიკის მომხრენი, რომელთაც არ მოსწონდათ ეს სამეფოების აღდგენა-გამრავლების პოლიტიკა. ისტორიკოსი ამართლებს თამარს (თუმცა არა ჩანს, რომ თვით დიდი მომხრე იყოს ასეთი პოლიტიკისა.).“ (ბერძენიშვილი 1979, გვ. 195)
მარიამ კარბელაშვილმა განიხილა თამარის პირველი ისტორიის იდეოლოგია და თხზულების თეოლოგიურ-პოლიტიკური საფუძვლები ზოგადად XII საუკუნის ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ფონზე. მკვლევრის აზრით, „თამარის ეპოქაში ქართული პოლიტიკური თეოლოგიისა და ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიის ურთიერთმორგება და ურთიერთმორიგება - მათი „შეზავება“ - ცხადად აისახა თამარის ისტორიკოსთა და მეხოტბეთა თხზულებებში, ხოლო ყველაზე თანმიმდევრული სახე თამარის პირველი ისტორიკოსის ნაშრომში ჰპოვა.“ (კარბელაშვილი 200, გვ. 118). მკვლევრის თქმით, თხზულება არ მიყვება ისტორიოგრაფიული ნარატივის შაბლონს, იგი ერთდროულად „მხატვრულიც არის, ფილოსოფიურიც და მკითხველზე ემოციური ზეგავლენის მოხდენასაც ისახავს მიზნად.“ (იქვე, გვ. 119). ისტორიანი და აზმანი „კოდიფიცირებული, ეპოქისათვის დამახასიათებელი კონვენციური ლექსიკით შეთხზული ტექსტია,“ ავტორის, სამეფო კარის ოფიციალური ისტორიკოსის „კრედო სახელმწიფო ფილოსოფიისა სრულ უნისონშია კარის ოფიციალურ იდეოლოგიასთან და მის გენერალურ ხაზთან.“ (იქვე, გვ. 121-122). თამარის პირველი ისტორიკოსი ერუდირებული ავტორია, იგი კარგად იცნობს ანტიკურ ფილოსოფიასაც და იცნობს პლატონის ნაშრომებს, კერძოდ მის ტიმეოსსა და სახელმწიფოს და სწორედ ამ ორი ნაშრომის საფუძველზე აგებს ნაშრომის მთლიან იდეოლოგიას. მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ, „თუკი დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი „თვითმპყრობელობის თეორეტიკოსია,“ „აზმათა“ ავტორი თეორიული აზროვნების ახალ მწვერვალებს იპყრობს და თამარისეული ეპოქის ფილოსოფიური გააზრებით ქართული ისტორიის ფილოსოფიის უნიკალურ თეორიას ქმნის: „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ისტორიოგრაფია არ არის, ისტორიის ფილოსოფიაა.“ ხოლო თხზულების ავტორი „ამ თვალსაზრისით ჭეშმარიტი სისტემატიზატორია, რომელმაც მიზნად დაისახა კონკრეტული „ჟამი“ მარადისობასთან კავშირში გაეანალიზებინა. მას საქართველოს ისტორიული განვითარების საკუთარი დიალექტიკა აქვს შექმნილი და მისი კონცეფცია უნიკალურია მონარქიათა ისტორიოგრაფიაში.“ (იქვე, გვ. 123-124).
კარბელაშვილის თქმით, „“ისტორიათა და აზმათა“ ავტორის ზოგადი კონცეფცია ქრისტიანული პროვიდენციალიზმისა პირდაპირ კავშირშია “ოქროს ხანის“ იდეოლოგიასთან,“ რომლის შედეგადაც შეიქმნა „თამარის ღვთისსწორობის პოლიტიკური თეორია, აქცენტირებული თამარის ისტორიებსა და ხოტბებში.“ (იქვე, გვ. 129). მკვლევრის დასკვნით, მისთვის თანამედროვე ქართული სახელმწიფო ის იდეალური სახელმწიფოა, რომელიც პლატონის თხზულებებშია აღწერილი. „თხზულების ავტორი პლატონისეული იდეალური სახელმწიფოსა და იდეალური მეფე-ფილოსოფოსის კონცეფციას ქმნის,“ რომლის მიხედვითაც „თამარი იდეალური სახელმწიფოს იდეალური მეფე-ფილოსოფოსია, რაც ნიშნავს, რომ პლატონის სახელმწიფოს იდეალი საქართველოში განხორციელდა.“ (იქვე, გვ. 127). ამდენად, უტოპია (ანუ, უტოპიური, იდეალური სახელმწიფო, სადაც „კრავი და მგელი ერთად ძოვს“ - ი.ყ.), რომელიც არ არსებულა არსად და არასდროს, საქართველოში არსებობს დროისა და ადგილის კონკრეტულ ლოკალში - თამარის ეპოქის საქართველოში... ეს თამარის გენიალური ისტორიკოსის მიერ წარმოსახული და ქართველი ერის ისტორიულ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი ოქროს ხანაა.“ (იქცე, გვ. 131).
ბიბლიოგრაფია
აბულაძე, ილია 1938. „ცნობა შოთა რუსთაველის ისტორიულ თხზულების შესახებ.“ ენიმკის მოამბე 3: 201-207.
ანთელავა, ილია 1988. „ბოცო-ბასილი ალის მონასტრის აღაპებში.“ წიგნში: მისივე, XI-XIV სს. ქართული საისტორიო წყაროები. თბილისი: მეცნიერება, ... Repr. წიგნში: მისივე, საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი. თბილისი: არტანუჯი, 2002, 371-381.
ბერძენიშვილი 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ბერძენიშვილი, ნიკო 1974. „თამარის ეპოქა ბასილი ეზოსმოძღვრის მიხედვით.“ წიგნში: მისივე, საქართველოს ისტორიის საკითხები VII. თბილისი: მეცნიერება, 211-233.
ბერძენიშვილი, ნიკო 1940. „სავაზირო ფეოდალურ საქართველოში. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.“ ენიმკის მოამბე 5-6: 391-412.
გრიგოლია, კონსტანტინე 1968. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის ავტორის ვინაობის საკითხისათვის.“ კრებულში: XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები. რედ. შოთა მესხია. თსუ შრომები 125. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 237-249.
ინგოროყვა, პავლე 1924. „ჩახრუხაისძე. პოეტი. მოგზაური.“ კავკასიონი 1-2: 271-320.
კაკაბაძე, სარგის 1927. ვეფხისტყაოსანი. სარგის კაკაბაძის რედაქციით და წინასიტყვაობით. ტფილისი: სახელგამი
კაკაბაძე, სარგის 1924. რეცენზია ივანე ჯავახიშვილის ნაშრომზე „ახლად აღმოჩენილი ქართლის ცხოვრება და თამარ მეფის მეორე აქამდის უცნობი ისტორიკოსის თხზულება.“ საისტორიო მოამბე 1: 285-291
კარბელაშვილი, მარიამ 2000. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. XII საუკუნის „ოქროს ხანის“ იდეოლოგია და მისი თეოლოგიური საფუძვლები (მასალები ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის).“ ლიტერატურული ძიებანი 21: 118-132.
კეკელიძე 1986. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი.“ კრებულში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. XIV. ტომი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა სოლომონ ყუბანეიშვილმა. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 91-139. პირველად დაიბეჭდა წიგნში: ისტორიანი და აზნამი შარავანდედთანი (ცდა ტექსტის აღდგენისა). კორნელი კეკელიძის რედაქციითა და გამოკვლევით. თბილისი: [n.l.], 1941.
კეკელიძე 1981 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
კეკელიძე, კორნელი 1962. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, როგორც ლიტერატურული წყარო.“ კრებულში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. VIII. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 200-237. პირველად დაიბეჭდა კრებულში: რუსთაველის კრებული. 750. რედ. პავლე ინგოროყვა და კორნელი კეკელიძე. ტფილისი: სახელგამი, 1938, 120-158
კიკნაძე, რევაზ 1987. ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო რევაზ კიკნაძემ. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები 6. საქართველოს ისტორიის წყაროები 48. თბილისი: მეცნიერება.
კიკნაძე, რევაზ 1982. „ქართლის ცხოვრების შესწავლის ისტორიიდან.“ კრებულში: მისივე, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობითი საკითხები I. თბილისი: მეცნიერება, გვ. 9-29
კიკნაძე, რევაზ 1975. ფარსადან გორგიჯანისძე და ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. თბილისი: მეცნიერება
ლოლაშვილი, ივანე 1961. რუსთაველი და თამარის ისტორიკოსის ვინაობის პრობლემა. რუსთველოლოგიური ძიებანი 3. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა
ლორთქიფანიძე 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
მარსაგიშვილი, მზია 1990. „თამარ მეფის მემატიანეთა და შოთა რუსთაველის მიმართებისათვის.“ მრავალთავი 4: 36-42.
მეტრეველი, როინ 1991. მეფე თამარი. ეპოქის პოლიტიკურ-კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური მიმოხილვა. თბილისი: განათლება
ჟორდანია 1982 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ჟორდანია, ნოე 1930. ვეფხის-ტყაოსანი. პარიზი: Imprimérie de la Gazette de S.-et-O.
ქადაგიძე, მარინე 2001. თამარ მეფის დროინდელი მატიანე („ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“). თბილისი: [n.l.]
ქც (ყაუხჩიშვილი) 1959. - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ყაუხჩიშვილი 1942. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი და იოანე პეტრიწი.“ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 3/1: 89-96.
წერეთელი, მიხეილ 1949-1951. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი.“ ბედი ქართლისა 6 (1949): 10-16; 7 (1950a): 7-8; 8 (1950b): 13-19; 9 (1951): 12-16.
ჯავახიშვილი 1977- იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ჯანაშვილი 1903 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Holldack, Felix 1907. Zwei Grundsteine zu einer Grusinischen Staats- und Rechtsgeschichte. Leipzig: J.C. Hinrichs
Toumanoff 1943 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Абуладзе. Илья 1938 “К вопросу об историческом произведении Шота Руставели.“ კრებულში: Сборник Руставели. К 750-летию "Вепхисткаосани." С предисловием С. Джанашиа. Тбилиси: Полиграфкомбинат, 161-170.
Джанашвили 1905 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია