მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე

ტექსტის ორიგინალური სათაური: ხელნაწერებში ტექსტს ცალკე სათაური არ გააჩნია და იგი პირობითად არის დასათაურებული ივანე ჯავახიშვილის მიერ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 244-245)

თხზულების ავტორი: უცნობია

თხზულების დაწერის დრო: ჯავახიშვილის თქმით „მატიანე რუსუდანის გამეფების პირველ წელს არის დაწერილი.“ შესაბამისად, ტექსტი 1222-1223 წლებში უნდა იყოს შექმნილი. (იქვე, გვ. 244).

სხვა მეცნიერთა მოსაზრებები იხ. ქვემოთ.

თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: ნაწარმოები მოიცავს ხუთი მმართველის - დემეტრე I-ის, დავით III-ის, გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის მეფობათა მოკლე აღწერას.

ივანე ჯავახიშვილის თქმით, „ანა დედოფლისეულ ქართლის ცხოვრებაში იქ, სადაც დავით აღმაშენებლის ისტორია თავდება,“ მოთავსებულია ოთხ ნაწილად დაყოფილი მოკლე ნარატივი, „თვითოეულ ნაწილს წითურად თავისი სათაური აქვს. პირველი ნაწილი არის „ცხორება დემეტრე მეფისა,“ მეორე - „ცხორება გიორგი მეფისა,“ მესამე - „ცხორება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი“ და მეოთხე - „ცხორება გიორგის მეფისა თამარის ძისა.“ (იქვე)

ირაკლი ანთელავას აზრით, ნაწარმოები ორ ნაწილად უნდა გაიყოს, ხოლო მასში შემავალი თხზულებები სხვადასხვა დროს უნდა იყოს დაწერილი: ამათგან პირველი, რომელიც უნდა მოიცავდეს დემეტრე I-ის, გიორგი III-ისა და თამარ მეფის ცხოვრებებს, შედგენილი უნდა იყოს „ლაშა-გიორგის სიცოცხლეშივე, თამარის გარდაცვალების ახლო ხანაში, ხოლო მეორე ნაწილი, თვით ლაშა გიორგი ცხოვრება კი - რუსუდანის მეფობის დასაწყისში.“ (ანთელავა 1984, გვ. 144). მკვლევარი აზუსტებს მეორე ნაწილის დაწერის დროს და ნარატივს XIII საუკუნის 30-იან წლებში, კერძოდ კი  1225-1226 წწ. მომდევნო პერიოდში შექმნილად მიიჩნევს. (იქვე).

თხზულების კვლევის ისტორია: როგორც უკვე ითქვა, ივანე ჯავახიშვილმა თხზულება რუსუდანის მეფობის პირველი წლით დაათარიღა. მკვლევრის აზრით, „მთელი ეს ნაწარმოები მატიანისეული ენით არს ნაწერი: მოთხრობა ხეირიანად დალაგებული არცაა და სწორე მიმდინარეობა ირღვევა ხოლმე. მაინც-და-მაინც არც თუ ძალიან შინაარსიანია. მის ერთ-ერთ ღირსებად თარიღების შედარებითი სიუხვე უნდა ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი მერმინდელს გადამწერს დაუმახინჯებია, ზოგი კიდევ წიგნის არშიების ჩამოჭრის დროს ვიღაცას დაუზიანებია.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 245). ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემეტრე I-ის მეფობის ისტორიისათვის, ვინაიდან ქც-ს ძველ ციკლში შემავალ სხვა თხზულებებში მისი მეფობა აღწერილი არ არის. ამასთან, მემატიანის ცნობები, თუ „თუ მერმინდელ გადამწერთაგან დამახინჯებული არ არის,“ ყოველთვის მტკიცდება სხვა წერილობით წყაროებთან შედარების შედეგად. შესაბამისად, მატიანე საკმაოდ ძვირფას ისტორიოგრაფიულ წყაროს წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ „არაერთი და ორი თარიღი მხოლოდ მას აქვს შემონახული.“ (იქვე).

ნოდარ შოშიაშვილმა მიიჩნია, რომ ეს ნარატივი, რომელიც მხოლოდ ქც-ს ანასეულ ნუსხაშია შეტანილი, დაწერილი უნდა იყოს მაშინ, როდესაც ეს თხზულება დაურთეს ანასეული ქც-ს შემცველი დედნიდან გადაწერილ ხელნაწერს, კერძოდ კი, XVI საუკუნის დამლევს, ანდა XVII საუკუნის შუა წლებში ვინაიდან, მკვლევრის აზრით, ამ ტექსტში „საქართველოს სამეფო დინასტია მოხსენიებულია ფორმით „ბაგრატიონი,“ რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო მატიანეში არც ლაშა გიორგის ხანაში და არც XV საუკუნეში.“ (შოშიაშვილი 1975, გვ. 54-55)

ირაკლი ანთელავას აზრით, მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ტექსტში სამეფო დინასტია „ბაგრატიონი“ ფორმით არის გადმოცემული არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თხზულება გვიანდელ პერიოდში დაწერილად მივიჩნიოთ. მართალია, ეს ფორმა არ იხმარება „არც ლაშა-გიორგის ხანაში და არც XV საუკუნეში,“ მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ იმის შესაძლებლობა, რომ „XVI ს. მიწურულისა და XVII ს. დამდეგის გადამწერმა, რომელმაც მატიანე „ქართლის ცხოვრების“ კრებულში შეიტანა, როგორც ჩანს, იხმარა ის ფორმა („ბაგრატიონი“), რომელიც მის დროს იყო ხმარებაში.“ (ანთელავა 1984, გვ. 142). ამასთან, მკვლევრის ფიქრით, თხზულების ავტორი „განსაკუთრებულად გატაცებულია ლაშა-გიორგის პიროვნებით და არც დემეტრე I-ს, არც გიორგი III-ს და თვით თამარსაც არ გვიხატავს ესოდენ მკაფიოდ.“ (იქვე). ეს კი, ანთელავას ვარაუდით, მოულოდნელია XVI-XVII საუკუნის მწერლის ნაშრომში. ამასთან, ნარატივში ორჯერ გვხვდება გელათის, როგორც „მონასტერი ახალი“-ს მოხსენიება, რაც აგრეთვე გამორიცხავს ტექსტის გვიანდელ პერიოდში შექმნის შესაძლებლობას (იქვე, გვ. 143).

როგორც უკვე ითქვა, მკვლევარი თხზულებას ორ ნაწილად ყოფს. პირველი მონაკვეთი მას „თამარის გარდაცვალების ახლო ხანაში“ დაწერილად მიაჩნია, მეორე ნაწილი კი - XIII საუკუნის 30-იან წლებში შექმნილად. (იქვე, გვ 145). ამასთან, ანთელავა აღნიშნავს, რომ ეს ნარატივი „უფრო ადრინდელი ჩანს, ვიდრე „ისტორიანი და აზმანი“ და „თამარის მეორე ისტორია“.“ (ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის პირველი ისტორიკოსი, თამარის მეორე ისტორიკოსი). ამ გარემოების გამო, ანთელავას აზრით, ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანის ცნობებს „უპირატესობა უნდა მიენიჭოს სხვა წყაროებთან შედარებით, როგორც თანამედროვეს.“ (იქვე). თხზულებაში გადმოცემული ცნობები კი, მკვლევრის ფიქრით, „განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, კერძოდ და პირველ რიგში ეს ქრონოლოგიურ მონაცემებს შეეხება. ორიოდე ქრონოლოგიური ლაფსუსი, რაც ამ თხზულებაში მოიპოვება, გადამწერის ნახელავი უნდა იყოს.“ (იქვე).

ბექა კობახიძე, რომელიც ნარატივს „ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს“ უწოდებს, მოჰყავს რა მის დათარიღებასთან დაკავშირებით ორივე მკვლევრის მოსაზრება, აღნიშნავს, რომ შოშიაშვილის ჰიპოთეზასთან დაკავშირებით „ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ უნდა შეეტანათ ლაშა-გიორგის მარეაბილიტირებელი თხზულება ქართლის ცხოვრებაში XVI-XVII სს-ში?“ (კობახიძე 2007, გვ. 521). თავად მკვლევარი ემხრობა ივანე ჯავახიშვილისა და ირაკლი ანთელავას მოსაზრებას და იმ დასკვნამდე მიდის, რომ „თხზულების ავტორი აშკარად თანამედროვეა აღწერილი ამბებისა,“ და რომ თავად ნარატივი „დაწერილია არა უგვიანეს 1235 წლისა, ანუ მონღოლთა ხელმეორედ გამოჩენამდე,“ ვინაიდან იგი გაჟღენთილია მონღოლთა „პირველი გამოჩენის შემდგომ სამეფო კარზე გაბატონებული იდეოლოგიით, როდესაც მონღოლთა უკან გაბრუნება, დამარცხების მიუხედავად, გამარჯვებად აღიქვეს... ბუნებრივია, ასეთი იდეოლოგია სამეფო კარზე 1235 წლის შემდგომ ვეღარ იქნებოდა.“ შედეგად, მკვლევარი ასკვნის, რომ, სავარაუდოდ, ნაწარმოები „ლაშა-გიორგის გარდაცვალებიდან 2-3 წლის შემდგომ, ანუ 1224-1225 წლებში“ უნდა დაწერილიყო. (იქვე, გვ. 524-525).

კობახიძის ფიქრით, მემატიანის მიზანს წარმოადგენს ნარატივში ლაშა-გიორგის მეფობისას „მეფისა და დიდგვაროვნებს შორის კარგი ურთიერთობის წარმოჩენა... მას განსაკუთრებით სჭირდება თამარისა და ლაშას ერთნაირი კეთილგანწყობის წარმოჩენა მხარგრძელებისა და სხვა დიდებული საგვარეულოებისადმი.“ (იქვე, გვ. 521-522). ამდენად, მატიანის ავტორი, რომელიც აღწერილ მოვლენათა თანამედროვეა, „სამეფო სახლის წევრი ან მხარდამჭერი ჩანს, მაგრამ არა „მედასე“ ან პირადად გიორგი IV-ის მოტრფიალე, არამედ შუამავალი მეფესა და დიდებულებს შორის.“ (იქვე, გვ. 524). მკვლევრის ვარაუდით, „მთელი თხზულება ლაშას პიროვნების რეაბილიტაციასა და მისი სახელოვანი წინაპრების გვერდში დაყენებას ემსახურება.“ ამასთან, „მემატიანე ლაშა-გიორგის მხოლოდ წინაპრების მსგავსად დასახვას ცდილობს,“ ხოლო მის ნარატივში არსებული „ტენდენციური გადაცდომები შუა საუკუნეების სამეფო კარის ისტორიკოსის ფარგლებში ჯდება.“ (იქვე).

რაც შეეხება თხზულების „ისტორიულ ღირებულებას,“ კობახიძე იზიარებს  ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისს და აღნიშნავს, რომ უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება ნაწარმოებში დაცულ უხვ ქრონოლოგიურ მასალას. იგი ეთანხმება იმ მოსაზრებასაც, რომ თხზულებაში მოცემული ქრონოლოგიური ინფორმაცია „გადამწერთა მიერ არის აღრეული.“ ამასთან, მკვლევარი იმაზეც მიგვითითებს, რომ „ფაქტოლოგიური მასალით... ძვირფასია მეფეთა გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილების მოხსენიება. აგრეთვე ეს არის ერთადერთი ქართული ნარატიული წყარო, რომელიც დემეტრე I-სა და დავით V-ის ურთიერთობას ეხება. თუმცა ეს თხზულება არ ყოფილა გამიზნული დემეტრე I-ის ცხოვრების აღსაწერად, რადგანაც იმ დროს არსებობდა ჩვენთვის უკვე დაკარგული იოანე ჭიმჭიმელს „შესხმა-მოთხრობა,1 რომელიც მის ცხოვრებას აღწერდა.“ (იქვე, გვ. 525-526; იხ აგრეთვე: ისტორიოგრაფია > დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი; თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის პირველი ისტორიკოსი).

სტივენ რაპი თხზულებას მოიხსენიებს, როგორც ხუთი მეფობის ისტორიას და მას XIII საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილად მიიჩნევს. მკვლევრის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკვეთები ასახავს ბაგრატიდთა სამეფო ბიოგრაფიების სტანდარტულ მოდელს, ისინი ძალიან მოკლეა და, შესაძლოა, წარმოადგენენ უფრო ვრცელი, ჩვენამდე მოუღწეველი ნარატივების ფრიად შემოკლებულ ფორმას (Rapp 2007, გვ. 192. იხ აგრეთვე: ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი).

  1. დემეტრე I-ს ცხოვრების აღმწერ ამ ჩვენამდე მოუღწეველ თხზულებას ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანის მიმოხილვისას ახსენებს ივანე ჯავახიშვილიც (ჯავახიშვილი 1977, გვ. 245) ↩︎

ბიბლიოგრაფია

ანთელავა, ირაკლი 1984. „ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის თხზულების დათარიღებისათვის.“ კრებულში: საქართველო და აღმოსავლეთი. ეძღვნება საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის შოთა მესხიას ხსოვნას. რედ. როინ მეტრეველი. თბილისი: მეცნიერება, 141-145.

კობახიძე, ბექა 2007. „ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეს თხზულება.“ კრებულში: მარიამ ლორთქიფანიძე 85. რედ. ვალერი სილოგავა. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 521-526.

შოშიაშვილი, ნოდარ 1975. „“ანასეული ქართლის ცხოვრების“ პირის გადაწერის თარიღი.“ მრავალთავი 5: 45-55

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Rapp 2007 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი