ირმა ყარაულაშვილი
არაბობა საქართველოში და არაბთა მიერ ნაწამებ წმინდანთა მარტვილობანის კლასიფიკაცია
არაბთა ბატონობის პერიოდში საქართველოში ნაწამებ წმინდანთა შესახებ ქართულმა ჰაგიოგრაფიამ 5 ტექსტი შემოგვინახა, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ლიტერატურული ღირებულებით გამოირჩევა იოანე საბანისძის აბო თბილელის მარტვილობა. სხვა მკვლევართა მსგავსად, უშუალოდ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებთა მოკლე მიმოხილვამდე საჭიროდ მიმაჩნია საქართველოში არაბთა ბატონობის პერიოდის მოკლე მიმოხილვის წარმოდგენა.
მკვლევარნი არაბთა საქართველოში გამოჩენისა და მათი ბატონობის პერიოდში 3 ხანას გამოყოფენ1. მარიამ ლორთქიფანიძის თქმით, გამოიყოფა:
პირველი ხანა, რომელსაც მკვლევარი „სახალიფოს მიერ საქართველოში გაბატონებისათვის ბრძოლის ხანას“2 უწოდებს, გრძელდებოდა VII საუკუნისს 50-იანი წლებიდან, ანუ საქართველოში არაბთა შემოსვლიდან VIII საუკუნის 30-იანი წლებამდე, ანუ თბილისის საამიროს დაარსებამდე. (ლორთქიფანიძე 1975, გვ 524; მისივე 1963, გვ. 73). არაბების გამოჩენისთანავე სტეფანოზ II-მ მათთან ზავის დადება მოახერხა და არაბთა სარდლისგან, ჰაბიბ იბნ-მასლამასგან „დაცვის სიგელი მიიღო,“ რომელშიაც განსაზღვრული იყო არაბთა და ქართველთა „უფლება-მოვალეობანი.“ ქართველებს არაბებისათვის უნდა გადაეხადათ ხარკი - ჯიზია (განსაზღვრული იყო, როგორც თითო კომლზე ერთი დინარი) და მონაწილეობა უნდა მიეღოთ არაბთა საომარ კამპანიებში. სანაცვლოდ, არაბებისაგან უნდა მიეღოთ „სარწმუნოებრივი და ქონებრივი ხელშეუხებლობა.“ ის ქართველი კი, რომელიც ისლამს მიიღებდა, გადასახადისაგან განთავისუფლებული იყო (ა. სილაგაძე, „არაბთა ბატონობის დასაწყისი საქართველოში, ჰაბიბ-იბნ მასლამას „დაცვის სიგელი,” წიგნში: მისივე 1991, გვ. 56-65). სტეფანოზმა მალევე მოახერხა არაბების ქვეყნიდან განდევნა, მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქართველებს უხდებოდათ არა მხოლოდ არაბებთან, არამედ აგრეთვე ბიზანტიელებთან და ხაზარებთან ბრძოლა, რამაც ქართლი საგრძნობლად დაასუსტა. არაბები ხაზარებთან მუდმივ საომარ კამპანიებს აწარმოებდნენ, ამიერკავკასია მათთან საომარ პლაცდარმად ესაჭიროებოდათ და ცდილობდნენ, დარიალისა და დარუბანდის ხელში ჩაგდებას. (იქვე). შედეგად, არაბები დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ და „„VIII ს-ის დასაწყისში (705-711 წლებში) დასავლეთ საქართველო, შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა არაბებს ეპყრათ.“ (ლორთქიფანიძე 2012, გვ. 55). მართალია, მათ დასავლეთ საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში ჯერ მყარად ფეხი ვერ მოიკიდეს, მაგრამ ამ პერიოდში დამკვიდრდნენ ქართლში და „704-705 წლებში აქ საკუთარი ვერცხლის მონეტაც მოჭრეს.“ (ლორთქიფანიძე 1975, გვ. 524).
VIII საუკუნის 20-იანი წლებში ადგილი ჰქონდა არაბთა ხელახალი საომარ კამპანიას ხაზართა წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიაც ქართლში არაბი სარდალი ალ-ჯარრაჰ იბნ აბდ ალლაჰ ალ-ჰაქამი, რომელმაც განაახლა ,,დაცვის სიგელი,” და ახალი ხელშეკრულების ფარგლებში დააწესა საადგილმამულო გადასახადი, ხარაჯა. ხარაჯას შემოღების პარალელურად, მან დაამძიმა ჯიზიას გადახდის პირობებიც, რომელიც ამჟამად კომლის ნაცვლად სულადობრივი ხდებოდა. (სილაგაძე, „ალ-ჯარრაჰის მეორე ლაშქრობა და მისი „დაცვის სიგელი.““ წიგნში: მისივე 1991, გვ. 74-88; იხ. აგრეთვე: ლორთქიფანიძე 1963, გვ. 77-83).
მეორე ხანა, რომელიც სახელდებულია, როგორც „აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა მყარი ბატონობის ხანა,“3 იწყება VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან, ანუ თბილისის საამიროს დაარსების მომენტიდან და გრძელდება IX საუკუნის 80-იან წლებამდე, ანუ თბილისის საამიროს სახალიფოსგან ჩამოშორებასა და დამოუკიდებელ სამთავროდ გადაქცევამდე. (ლორთქიფანიძე 1975, გვ. 524; მისივე 1963, გვ. 73). ამ პერიოდის დასაწყისში ხალიფამ ამიერკავკასიაში გამოიგზავნა უსასტიკესი სარდალი მერვან იბნ-მუჰამედი (მურვან ყრუ), რომელიც 735 წელს სამხრეთ კავკასიის მმართველად დაინიშნა. მურვანმა მოახერხა ხაზარების დამორჩილება, რასაც მათი გამაჰმადიანება მოჰყვა. თავად მურვანი კი სახალიფოში დაბრუნდა და ომაეანთა უკანასკნელი ხალიფა გახდა. 750 წელს, მისი მკვლელობის შემდგომ, არაბთა ხალიფატში მოხდა დინასტიური ცვლილება და ომაიანთა დინასტია აბასიდების დინასტიამ შეცვალა.
VIII საუკუნის შუა წლებისათვის არაბებმა მყარად მოიკიდეს ფეხი ქართლში, რასაც „მოჰყვა მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენა საქართველოში. VIII საუკუნის II ნახევრიდან არაბებმა დაიწყეს ჩარევა დაპყრობილი ქვეყნების საშინაო საქმეებში.“ (ლორთქიფანიძე 1975, გვ. 525). ქართლში არაბებმა დასვეს საკუთარი მოხელე, ამირა, რომლის რეზიდენციაც თბილისში იყო. თუკი თავდაპირველად მათ ქართლის ერისმთავრის თანამდებობა დატოვეს, ამირას სამსახურში ჩააყენეს და მას ხარკის აკრეფა და სამხედრო ოპერაციების დროს ადგილობრივი ჯარის გამოყვანა დაავალეს, მოგვიანებით, კერძოდ კი, „IX საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება გააუქმეს.“ თუმცაღა, არაბები აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ქართლის შიდა ოლქებს აკონტროლებდნენ და ქვეყნის განაპირა რეგიონებზე დროდადრო ილაშქრებდნენ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში კი მათ ფეხი ვერ მოიკიდეს. (ლორთქიფანიძე 1963, გვ. 83-84)
მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაბებმა ქვეყანა დაიპყრეს, მალევე დაიწყო „ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც VIII „საუკუნის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისისთვის ქართული დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბებით მთავრდება.“ (ლორთქიფანიძე 2012, გვ. 55). ამდენად, დასავლეთ საქართველოში, კახეთში, ჰერეთსა და ტაო-კლარჯეთში დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების წარმოქმნის შემდგომ „თბილისის საამიროს ფარგლებში დარჩა მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორია.“ (ლორთქიფანიძე 1975, გვ. 525). იმავდროულად, დაიწყო თბილისის ამირების სწრაფვა ხალიფატის ცენტრალიზებული მმართველობისგან განცალკევებისაკენ. ეს პროცესი დაემთხვა თავად არაბთა სახალიფოც დასუსტებასა და დაშლას.
მესამე ხანა, რომელსაც მკვლევარი ახასიათებს, როგორც საქართველოში არაბთა ბატონობის ფაქტობრივად ლიკვიდირებულ და მისი მხოლოდ გადმონაშთის, ანუ თბილისის საამიროს სახით არსებობის ხანას, გრძელდებოდა IX საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის შუაწლებამდე, ანუ თურქ სელჩუკების ახლო და შუა აღმოსავლეთში გაბატონებამდე (იქვე, გვ. 524). IX საუკუნის შუა ხანიდან თბილისის საამირო „სახალიფოსაგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა“ და ადგილობრივი, ქართული სამთავროებისაგან მხოლოდ ხელისუფლებაში მაჰმადიან არაბთა არსებობით განსხვავდებოდა. ამასთან, მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, „საამირო ებმება იმ ხანგრძლივ ბრძოლაში, რომელიც ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის წარმოებს.“ (ლორთქიფანიძე 1963, გვ. 93).
IX საუკუნიდან დაწყებული თბილისში არაბთა მიერ იჭრება მონეტა. ამასთან, თბილისის საამიროს უხდება დამოუკიდებელი ქართული სამთავროებისაგან შეტევათა მოგერიება. „ხოლო მე-11 საუკუნის 60-იან წლებში თბილისის მაჰმადიანი ამირები საქართველოს მეფის მოხარკედ იქცევიან და ახლოვდება ერთიან საქართველოსთან თბილისის შემოერთების დროც.“ (იქვე, გვ. 94)
დონალდ რეიფილდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „არაბებმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინეს ქართულ ენაზე, რომელიც გაამდიდრეს მრავალი ტერმინითა და კონცეპტით, მათ ვერ მოახერხეს ქვეყანაში ისლამის დანერგვა. (Rayfiled 2000, გვ. 46). როგორც უკვე აღინიშნა, არაბთა ბატონობის პერიოდიდან ჩვენამდე 5 ჰაგიოგრაფიული ტექსტი შემორჩა. თხზულებებში აღწერილ მოვლენათა ქრონოლოგია შემდეგია:
- 737-741 წლებში მომხდარ ამბებს უნდა აღწერდეს დავით და კონსტანტინეს წამება (მკვლევართა აზრით, ტექსტის ჩვენამდე შემონახული მეტაფრასული რედაქცია უნდა დაწერილიყო XI ს.-ის მიწურულს ან XII ს.-ის დასაწყისში)
- 786 წელს იწამა აბო თბილელი, რომლის ღვაწლიც ასახულია იოანე საბანისძის წამებაჲ წმიდისა (ჰ)აბოჲსი -ში. თხზულება აღწერს 780-იანი წლების ამბებს (დაიწერა 786-790 წლებში)
- 787 წელს უნდა წამებულიყო არჩილ მეფეც, რომლის მარტვილობაც აღწერილია ლეონტი მროველის „არჩილ მეფის წამებაში (დაიწერა XI ს-ის მეორე ნახევარში)
- 853 წელს იწამა კონსტანტი კახი (რომლის წამებაც დაწერილი უნდა იყოს მომხდარ მოვლენათა თანამედროვის მიერ)
- 914 წელს იწამა მიქელ-გობრონი. სტეფანე მტბევარს კი მისი წამება აღუწერია 914-918 წლებში
ლიტერატურის ისტორიის განვითარების თვალსაზრისით აღნიშნული ტექსტების კლასიფიკაცია შემდეგ სახეს იღებს:
- 786-790 წლებში იოანე საბანისძემ დაწერა წამებაჲ წმიდისა (ჰ)აბოჲსი (აღწერს 780-იანი წლების ამბებს)
- IX საუკუნის მესამე მეოთხედში უნდა იყოს დაწერილი კონსტანტი კახის წამება (იწამა 853 წელს)
- 914-918 წლებში სტეფანე მტბევარმა დაწერა მიქელ-გობრონის წამება (იწამა 914 წელს)
- XI ს-ის მეორე ნახევარში ლეონტი მროველს უნდა დაეწერა არჩილ მეფის წამება (ითვლება, რომ იწამა 787 წელს)
- XI ს.-ის მიწურულს ან XII ს.-ის დასაწყისში უნდა დაწერილიყო ჩვენამდე მოღწეული დავით და კონსტანტინეს წამების მეტაფრასული ვარიანტი (ითვლება, რომ, აღწერს 737-741 წლების ამბებს)
-
საქართველოში არაბთა შემოსევასთან დაკავშირებული ისტორიული და სოციალურ-ეკონომიკური რეალიები დეტალურად არის განხილული სხვადასხვა ქართველი მეცნიერის ნაშრომში (იხ. ბიბლიოგრაფია)↩︎
-
სიმონ ჯანაშიას მიერ დახასიათებული, როგორც „არაბთა პირველი ცდები ამიერკავკასიისა და ქართლის დასაპყრობად.“ ჯანაშია 1936, გვ. 17-29.↩︎
-
ჯანაშიას მიერ დასათაურებული, როგორც „არაბთა მფლობელობის საბოლოოო დამკვიდრებას ქართლში,“ გვ. 30-37.↩︎
საქართველოში არაბობის პერიოდთან დაკავშირებულ სამეცნიერო ნაშრომთა მოკლე ბიბლიოგრაფია:
ლორთქიფანიძე, მარიამ. 2012 „ისლამი საქართველოში.“ კრებულში: კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი მიძღვნილი ზაზა ალექსიძის დაბადების 75 წლისთავისადმი. რედ. დალი ჩიტუნაშვილი. თბილისი: [n.l.], გვ. 52-60.
ლორთქიფანიძე, მარიამ 1975. „არაბობა საქართველოში.“ წიგნში: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. მთ. რედ. ი. აბაშიძე. ტ. 1. თბილისი: ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი) გვ. 524-525
ლორთქიფანიძე, მარიამ 1963. „არაბთა მფლობელობის ხასიათი საქართველოში.“ კრებულში: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ნაკვ 35. რედ.: აკ. იაკობაშვილი. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 71 - 96
სილაგაძე, ბენიამინ 1991. არაბთა ბატონობა საქართველოში (არაბული ცნობების მიხედვით). თბილისი: მეცნიერება
ჯავახიშვილი, ივანე 1983. „არაბების შემოსევა და მათი ბატონობა პირველ ორ საუკუნეში,“ „ქართველთა პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობა არაბთა ბატონობის პირველი ორი საუკუნის განმავლობაში,“ „ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის,“ „საქართველოს მდგომარეობა VIII-X სს.“ წიგნში: მისივე, მისივე, თხზულებანი. ტ. 2. თბილისი: მეცნიერება, 1978, გვ. 70-108. პირველი გამოცემა: ქართველი ერის ისტორია. წიგნი II. ტფილისი: თ. პ. ი. თუმანიშვილის გამოცემა, 1914.
ჯანაშია, სიმონ. 1936 არაბობა საქართველოში. ტფილისი“ ტფილისის დაუსწრებელი პედინსტიტუტის გამომცემლობა. Repr: მისივე შრომები. ტ. II. თბილისი: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1952, გვ. 342-411
Rayfiled, Donald 2000 (იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია) – ლიტერატურათმცოდნეობითი მიმოხილვა