მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ბიზანტიური ისტორიოგრაფიის ზეგავლენით შექმნილი თხზულებანი, ანუ „ძლიერების პიკზე მყოფი ბაგრატიდთა ავტორების“ ნაწარმოებების მოკლე მიმოხილვა

(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი და ბასილი ეზოსმოძღვრის ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი)

სტივენ რაპის თქმით, „ბაგრატიდთა ისტორიული ლიტერატურის“ მეორე ჯგუფი (1204 წლამდე) გამოირჩევა სამეფო ბიოგრაფიების ჟანრის დომინირებით და ხასიათდება ბიზანტიური სამეფო იდეოლოგიის მიმბაძველობით. (Rapp 2007, გვ. 189) უფრო დეტალურად რაპის მიერ ამ საკითხის მიმოხილვისათვის, იხ. ისტორიოგრაფია > დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.

მარიამ ლორთქიფანიძე, განიხილავს რა XI-XII საუკუნეების ისტორიის წყაროებს, აღნიშნავს, რომ ქც-ში შეტანილი „ეს საისტორიო თხზულებანი, რომელნიც მათში გადმოცემული ფაქტიური ცნობების თვალსაზრისით უმთავრესად სანდონი არიან, ამასთანავე საკმაოდ ტენდენციურად აშუქებენ მთელ რიგ ისტორიულ მოვლენებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ თხზულებებში ძირითადად მოცემულია ქვეყნის პოლიტიკური ისტორია, ბრძოლა ქართული მიწების გაერთიანებისა და შემდგომ მეზობელთა მიწა-წყლის შემოერთებისათვის. აღნიშნულ თხზულებებში გატარებულია ერთი მთავარი აზრი, რომ ბრძოლა ქართული მიწების შემოერთებისათვის, და შემდეგ არაქართული მიწების დაპყრობისათვის სამართლიანი და ისტორიულად გამართლებულია. დავით აღმაშენებლის დროიდან დაწყებული დაპყრობითი ომები თავდაცვის, მოძმე ხალხთა განთავისუფლების და საქართველოს საზღვრების დაცვის აუცილებლობითაა განპირობებული.“ (ლორთქიფანიძე 1979, გვ. 14)

როგორც სანდრო ნიკოლაიშვილი აღნიშნავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ნაწარმოების მიმითდიოხილვისას XII საუკუნის ქართულ საისტორიო მწერლობაში მომხდარი ცვლილებების ფონზე, „ქართველი ისტორიკოსის ნარატივის სტრუქტურა და კონცეფცია, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს, საოცარ მსგავსებას ამჟღავნებს საისტორიო მწერლობის იმ ახალ ტენდენციასთან, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში X საუკუნიდან დამკვიდრდა.“ ეს ახალი ტენდენცია მაკედონელთა დინასტიის აღზევებასთან იყო დაკავშირებული, როდესაც „ბიზანტიის იმპერატორის იმიჯმა და ძალაუფლების რეპრეზენტაციამ“ ახალი ელემენტები შეიძინა და „მანამდე არნახული დინასტიური პროპაგანდის“ საგნად იქცა. ამდენად, ამ პერიოდისათვის გადაიხედა ბიზანტიური ისტორიოგრაფიის პრინციპები და ისტორიის წერის ახლებური მოდელი შეიქმნა, რომლის თანახმადაც „ავტორის მთავარი ფუნქცია იდეოლოგიზირებულად დეტერმინიზებული ნარატივის შექმნა გახდა.“ ამ დროიდან ბიზანტიაში „ქრონოგრაფიული ტიპის საისტორიო მწერლობა ბიოგრაფიული ჟანრით შეიცვალა,“ რომლის ძირითადი მიზანიც „მმართველისთვის მისაბაძი ქცევის წესების და ღირსების მოდელის დამკვიდრება გახდა.“ დამკვიდრდა აგრეთვე ისტორიული თხზულებისათვის აუცილებელი „გარკვეული ესტეთიური კრიტერიუმები და კომპოზიციური თანმიმდევრობა.“ არანაკლები მნიშვნელობა მიენიჭა თხზულებისათვის პანეგირიკული ხასიათის მიცემას; შესაბამისად, თხზულების აუცილებელ ელემენტად მიჩნეული იქნა „იმპერიული იდეოლოგიის ისეთი ელემენტების ხაზგასმა,“ როგორებიცაა სიბრძნე, სამართლიანობა, ღვთისმოშიშობა, ფილანტროპია, გულუხვობა და თავმდაბლობა.“ (ნიკოლაიშვილი 2013-2014,  გვ. 165-166).

მკვლევრის თქმით, „დავითის ისტორიკოსამდე, ბაგრატიონთა ეპოქის საისტორიო მწერლობის, კერძოდ, ისტორიული ნარატივების - ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა და მატიანე ქართლისაჲ - ძირითად მიზანს მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოცემა წარმოადგენდა. ეს ავტორები მოვლენების გაბმული თხრობით იყვნენ დაკავებულნი და ნარატივში ნაკლებად აისახებოდა სამეფო იდეოლოგიისა და პოლიტიკური აზროვნების ის ტენდენციები, რომელთაც დავითის ისტორიკოსის ნაშრომში ვხვდებით. დავითის ისტორიკოსმა მკაფიოდ გამოკვეთილი სამეფო იდეოლოგია და ღვთივკურთხეული ქრისტიანი მონარქის კონცეფცია ჩამოაყალიბა, რომელიც ღმერთთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში იმყოფება.1 (იქვე, გვ. 163). მკვლევრის აზრით, ბაგრატიონების ეპოქამდე სამეფო ხელისუფლების იდეოლოგია ქართლში სპარსული გავლენის ქვეშ ყალიბდებოდა და იგი სპარსულ კონტექსტში და სპარსული ტოპოსებით იყო წარმოდგენილი. (იქვე).

სანდრო ნიკოლაიშვილის ფიქრით, „მაშინ, როდესაც მატიანე ქართლისაჲ და სუმბატის ქრონიკა ნაკლებად ავლენენ დაინტერესებას მონარქიულობით და ამჟღავნებენ ქრონიკის ჟანრის თხზულებათა მახასიათებლებს, XII და XIII საუკუნეებში შექმნილი ქართული ისტორიოგრაფიული ნაწარმოებები, კერძოდ კი, ანონიმ ავტორთა ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი და ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, და ფსევდო-ბასილის ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი ხასიათდებიან რიტორიკული დახვეწილობით; მათში წარმოდგენილია მაღალი სტილით დაწერილი დისკურსი მონარქიაზე.“  (Nikolaishvili 2019, გვ. 12).

სტივენ რაპის აზრით, ბაგრატიონთა წინარე პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში იგულისხმება ლეონტისა და ჯუანშერის სახელთა ქვეშ გამოქვეყნებული თხზულებები) მეფის იდეალის ელემენტებს, ირანულის მსგავსად, გმირობა, გამორჩეული ფიზიკური ძალა და მამაცობა წარმოადგენდა. მასში არ იყო წარმოდგენილი რაიმე კავშირი ღვთიურ ძალასთან. ბაგრატიონთა წინარე ეპოქის ჰეროიზმი და ლეგიტიმურობა სამი ძირითადი კონცეპტის ირგვლივ ყალიბდებოდა: გმირი, გოლიათი და ბუმბერაზი, რაც სასანიდური ირანის საბრძოლო არმიის ელიტურ მებრძოლთა (asabārān) სახის ადგილობრივ ადაპტაციას უნდა წარმოადგენდეს (ბუმბერაზი კი ირანული ფალავნის (pahlawān) კონცეპტის ადგილობრივი განსახიერება უნდა იყოს). ამასთან ბუმბერაზის ბრძოლის იდეა და ინსტიტუცია სამეფო ძალაუფლების წინარე-ბაგრატიდი პერიოდის აღწერის მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენდა. მართალია არა-ქრისტიანი და ქრისტიანი მეფეები არ არიან პირდაპირ იდენტიფიცირებულები ბუმბერაზებთან, მაგრამ მთლიანი ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ისინი სუპერ-ბუმბერაზებს განასახიერებდნენ. ტექსტური სახეები ირანული ეპოსის მეფე-გმირთა სახეებია, რომელთაც გარკვეული სახის ქრისტიანული განზომილება აქვს მიცემული. ამდენად, ქართველ ისტორიკოსთათვის „გმირთა და გოლიათთა ქვეყანა“ იყო არა ბიზანტია, არამედ ირანი. თავად ქართველთა სამეფო ძალაუფლება კი, თავისი საწყისიდან, ეკუთვნოდა ირანულ farnah-ის გამოვლინებას (ნიშნავს ღვთიურ დიდებას, რომელიც იძლევა მმართველობის ლეგიტიმაციას) და შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ქართველი მეფის სახელი არის ფარნა-ვაზი.

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენამდე მოღწეული ქართული ისტორიოგრაფიული ტექსტები დაწერილია VII საუკუნის შუა წლებში სასანური ირანის დაშლის შემდგომ, ნათელი ხდება, რომ ირანელები და ზოროასტრიელები აღარ წარმოადგენდნენ საფრთხეს, რაც შესაძლებელს ხდიდა მათი პოზიტოური სახის დახატვას. საინტერესოა, რომ სიტუაციას არც ქრისტიანობის მიღებისა და შემდეგომ ქრისტიან მეფეთა გამოსახვისასაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეცვლილა და სასანიანი გმირ-მეფის სახე, გადმოცემული ძველი ქართული სიტყვებით ბუმბერაზი და გოლიათი, გამოიყენებოდა პირველ ქრისტიან მეფეთა მიმართებითაც. ბაგრატიდებმა  ქრისტიანი-ბიზანტიელი მეფის სახის მარკერების გადმოღება მხოლოდ მოგვიანო პერიოდში დაიწყეს (Rapp 2004).

აღსანიშნავია, რომ სამეფო ბიოგრაფიების განხილვის პარალელურად სტიპენ რაპი მიუთითებს, რომ ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე, რომლის სათაურადაც იგი ხუთი მეფობის ისტორიას ასახელებს, „ასახავს ბაგრატიდთა სამეფო ბიოგრაფიების შაბლონს,“ თუმცა აქ მოცემული ინფორმაცია საკმაოდ მცირეა და შესაძლოა, წარმოადგენდეს ჩვენამდე მოუღწეველი უფრო ვრცელი ნარატივებიდან ამოღებული შემოკლებული ინფორმაციის კომპილაციას. (Rapp 2007, გვ. 192).  

  1. ჩემი ფიქრით, ეს იდეოლოგია ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიურ დავითთან დაკავშირების ტრადიციისთანავე ჩამოყალიბდა. ↩︎

ბიბლიოგრაფია

ლორთქიფანიძე 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ნიკოლაიშვილი, სანდრო 2013-2014. „ცვლილებები XII საუკუნის ქართულ საისტორიო მწერლობაში. ბიზანტიური გავლენა და ქართული პერსპექტივა.“ თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები 8: 163-175.

Nikolaishvili, Sandro 2019. “Byzantium and the Georgian World ca. 900-1210: Ideology of Kingship and Rhetoric in the Byzantine Periphery.” PhD Dissertation. Department of Medieval Studies. Central European University. Budapest

Rapp 2007 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Rapp, Stepben Jr 2004. “Images of Royal Authority in Early Christian Georgia: The Impact of Monotheism?” in: Monotheistic Kingship.The Medieval Variants. Ed. by Aziz Al-Azmeh and Jânos M. Bak. CEU Medievalia 7. Budapest: Akaprint Kft, 155-172.


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი