მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

სუმბატ დავითის ძის ქრონიკა

ტექსტის ორიგინალური სათაური: ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ ძემან დავითისმან.

ქართულ სამეცნიერო სივრცეში ხშირად მოიხსენიება, როგორც სუმბატ დავითის-ძის ქრონიკა

თხზულების დაწერის დრო: XI ს. (ივანე ჯავახიშვილი, „სუმბატ ძე დავითისი,“ წიგნში: ჯავახიშვილი 1977, გვ. 195-197; ჯანაშვილი 1903, გვ. 8; Джанашвили 1905, გვ. 120; ექვთიმე თაყაიშვილი, „წინასიტყვაობა სუმბატის ისტორიისათვის,“ წიგნში: თაყაიშვილი 1890, გვ. CIII-CXXVI, აქ გვ. CIX)

თხზულების ავტორი: სუმბატ დავითის ძე, ბაგრატიონი

თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: ბაგრატიონთა დავითიანებად1 (ანუ, დავით წინასწარმეტყველის უშუალო შთამომავლებად) წარმოდგენის მიზნით თხზულებისათვის წამძღვარებული ბიბლიურ მოდელზე დაწერილი მოკლე გენეალოგიური ინფორმაციის გარდა, ასახავს ბაგრატიონთა გვარის ქართველ მეფეთა თავგადასავალს VI საუკუნიდან (გუარამ კურაპალატიდან) მოყოლებული XI საუკუნემდე, ანუ ბაგრატ IV მეფობამდე (1030/1031 წ.). ნაწარმოები შეიცავს უხვ გენეალოგიური და ქრონოლოგიურ ცნობებს.

პავლე ინგოროყვას აზრით, თხზულება შედგება ოთხი ნაწილისგან:

პირველი ნაწილი მოიცავს VI-VIII საუკუნის ამბებს და „დამყარებულია უმთავრესად ძველ-ქართულ ქრონიკაზე, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მატიანეზე და მის დამატებაზე.“ (ინგოროყვა 1939, გვ. 219).

მეორე ნაწილი შეიცავს დაწვრილებით თხრობას აშოტ დიდი კურაპალატის შესახებ. „ეს მეორე ნაწილი სუმბატ დავთის-ძის თხზულებისა სჩანს ამოღებულია რომელიღაც უცნობი ქართული საისტორიო ქრონიკიდან მე-9 საუკუნისა.“ (იქვე)

მესამე ნაწილი მოიცავს პერიოდს IX საუკუნიდან XI საუკუნის დასაწყისამდე და „შეიცავს მშრალს მატიანისებურს თხრობას მესხეთის ბაგრატიონთა შესახებ (გენეალოგია, თარიღები, მოკლე საისტორიო ცნობების დართვით.“ ინგოროყვას აზრით, ეს ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს ბაგრატიონთა საგვარეულო არქივს. (იქვე)

მეოთხე ნაწილი კი „ავტორს აღუწერია როგორც „თვით-მხილველსა და თანადამხდურს“ თანამედროვეს. ეს მეოთხე ნაწილი უკვე ნამდვილად ფართედ გაშლილი საისტორიო მოთხრობაა, რომელშიაც გადმოცემულია მე-11 საუკუნის პირველი მეოთხედის ამბები, დაწვრილებით აღწერილია ომები ბიზანტიის იმპერიასა და საქართველოს შორის მე-11 საუკუნის 20-იან წლებში, რომელთა მონაწილე, საფიქრებელია, თვთ ავტორის იყო.“ (იქვე).

თხზულება შემორჩენილია ვახტანგამდელი რედაქციის ორ ხელნაწერში, მარიამისეულში და 1697 წელს გადაწერილ Q-1219 (მცხეთური ხელნაწერი)

თხზულების კვლევის ისტორია: მოსაზრება ავტორის ვინაობასა და ტექსტის რაობის შესახებ სხვადასხვა მეცნიერს აქვს გამოთქმული. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, „ვინ არის სუმბატი, დავითის ძე, რომელსაც ხსენებული ხრონიკა შეუდგენია, არ ვიცით. ვიცით მხოლოდ, რომ თვით ამ სუმბატის ისტორიაში და ქართლის ცხოვრებაშიაც ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებთა  შორის იხსენიება რამოდენიმე სუმბატი, დავითის ძე.“ (თაყაიშვილი 1890, გვ. CVII). მათ შორის მოხსენიებულია სუმბატ არტანუჯელი, დავით მამფალის ძე, რომელიც გარდაიცვალა 988 წელს და რომელიც დიმიტრი ბაქრაძეს ამ თხზულების შესაძლო ავტორად მიაჩნია. მკვლევარი თვლიდა, რომ თავად თხზულება,  შესაძლოა მოგვიანებით სხვა მწერლის მიერ იქნა გაგრძელებული. (ბაქრაძე 1889, გვ. 55).

ექვთიმე თაყაიშვილი სუმბატს მთლიანი ქრონიკის ავტორად მიიჩნევს, რომელიც ნამდვილად ტაოელი ბაგრატიონი უნდა იყოს და XI საუკუნის მოღვაწეა. ამასთან, მკვლევარი თვლის, რომ თხზულების ბოლო ნაწილი დაკარგულია. (თაყაიშვილი 1890, გვ. CVIII-CIX). თაყაიშვილის აზრით, „ეტყობა, ავტორი მომსწრეა ბაგრატ III მეფობის ბოლო ხანისა და გიორგი I და ბაგრატ IV მეფობისა - 1032 წლამდე, როდესაც მისი ქრონიკა წყდება. ამიტომაა, რომ ამ მეფეთა ისტორია მას, როგორც თანამედროვეს, უფრო დაწვრილებით აქვს აღწერილი.“ (ექვთიმე თაყაიშვილი, „ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ქრონიკის ავტორი,“ წიგნში: თაყაიშვილი 1949, გვ. 11-12, აქ გვ. 12). მკვლევრის ფიქრით, სუმბატის ქრონიკის პირველი ნაწილის წყარო, „ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და გამოსადეგი, არის მოკლე ისტორიული საგვარეულო ქრონიკები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებისა.“ (ექვთიმე თაყაიშვილი, „სუმბატის ქრონიკის წყაროები,“ წიგნში: თაყაიშვილი 1949, გვ. 13-15, აქ გვ. 15).

თედო ჟორდანია სუმბატ დავითის ძის იდენტიფიკაციას ეხება თხზულებაში აღნიშნული 1008 წლის ამბების ასახვასთან დაკავშირებით; კერძოდ კი, ფრაზის „გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქორონიკონსა სკჱ და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ,“ ანალიზისას. მკვლევრის აზრით, ქრონიკის ავტორი ამ პირთა თანამედროვეა და „თვალით ნახულსა სწერს და არა გაგონილს, და რადგან სუმბატის ისტორია მოულოდნელად შეწყვეტილია სწორედ იქ, სადაც მოთხრობილია ბაგრატის დედის, მარიამის საბერძნეთს გამგზავრება მშვიდობიანობის დამყარებისათჳს, ამით საბუთი გვეძლევა ვივარაუდოთ, რომ ამ ამბების დამწერი საბერძნეთში ცხოვრობს.“ (ჟორდანია 1892, გვ. 149, შენ. 9). ჟორდანია აქვე ახსენებს ათონის აღაპებში (N56, 96, 121) მოხსენიებულ სუმბატ კურაპალატს, სუმბატ ერისთავს და მის შვილს გურგენს და ასკვნის, რომ, „სუმბატის ისტორიის დამწერნი უნდა იყვნენ ათონის აღაპებში და „კლემაქსში“ მოხსენიებულნი, სუმბატ კურაპალატი და ძე მისი გურგენ, რომელთაც საბერძნეთში გაატარეს უკანასკნელი დრო თჳსის ცხოვრებისა. რადგან სუმბატი მოკვდა 992 წელს, ამის გამო უნდა ვიფიქროთ, რომ მისგან შედგენილი ისტორია მოყვანილი ყოფილა მხოლოდ ამ დრომდე,... ხოლო ამის შემდეგ გაუგრძელებია მის შვილს გურგენს, რომელიც მომკვდარა 1032 წლის ახლო ხანს, რადგან სწორედ ამ წელზე მოულოდნელად შეუწყვეტია თჳსი თხრობა.“ (იქვე). მკვლევრის თქმით, თავად ქრონიკის ტექსტსაც ეტყობა, რომ იგი ორი სხვადასხვა ავტორის ნაშრომია, ვინაიდან „პირველ ნაწილი გვაძლევს მეტად მოკლე და მხოლოდ ქრონოლოგიურ ცნობებს ტაო-კლარჯეთის მთავრებზე, ხოლო მეორე ნაწილში, (დაწყებული 1001 წლიდამ და განსაკუთრებით 1021 წლიდამ) იწყება ისტორია უფრო ვრცელის ცნობებითაც და უბრალო ქრონოლოგია მატიანედ იქცევა... რომ უკანასკნელი ნაწილი სუმბატის ისტორიის საბერძნეთს არის გაგრძელებული, ამას, ჩვენის აზრით, რამდენადმე ასაბუთებს ის გარემოებაც, რომ მემატიანე თითქმის მხოლოდ იმ მოვლენებს აღწერს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბერძნები და ცალის სიტყვითაც არ ახსენებს სხვა ამბებს, იმისთანა საყურადღებოსაც კი, როგორიც არის, მაგალითად, „აფხაზთ მეფეთა ქრონიკის“ ცნობა, რომ 1020 წელს ბაგრატი თავს დასხმია სულთანსა. სელჯუკის თათრები იმ დროს ძლიერდებოდნენ და ძნელი დასაჯერებელია, რომ მათთან რამდენიმე შეტაკება არ ჰქონოდათ ქართველებს. თუმცა ეს ამბავი არ იცის სუმბატის ქრონიკის დამწერმა, რადგან იგი საქართველოს მოშორებული, საბერძნეთში სცხოვრობს და მხოლოდ ის მოვლენა იცის, სადაც საქართველოს ამბებში ბერძნები ერევიან.“ (იქვე).   

დავით კარიჭაშვილის აზრით, „ქრონიკის დამწერი სუმბატ დავითის ძე, როგორც იგი წოდებულია სათაურში, იყო თანამედროვე პირი ბაგრატ მესამისა, გიორგი პირველისა და ბაგრატ მეოთხისა... ეს პირი უნდა ყოფილიყო ძალიან ახლო გაცნობილი ბაგრატიონთა საგვარეულო დოკუმენტებთან, საითგანაც უნდა ამოეკრიფოს ცნობები იმ მოვლენათა და შემთხვევათა შესახებ, რომელნიც თავის თვალით არ უნახავს და არ გაუგონია. ამისთანა პირი უნდა ყოფილიყო ბაგრატიონთაგანი.“ (კარიჭაშვილი 1909, გვ. 40). მკვლევრის დასკვნით, „სუმბატ დავითის ძე უნდა ყოფილიყო ბაგრატ მესამის მახლობელი ნათესავი და მის კართან თავისუფალის მისვლა-მოსვლის მქონებელი... ეს დავითი არის ბაგრატ მესამის პაპის (ბაგრატ რეგვენის) ძმის (ადარნასე კუროპალატის) შვილი დავითი, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ რედაქტორმა უსაფუძვლოდ დავით კუროპალატად აღნიშნა. თვით სუმბატის ქრონიკაში ეს დავითი წოდებულია დავით მცირედ.“2 კარიჭაშვილის მოსაზრებით, სუმბატი ამ დავითის შვილია. ქრონიკაში სუმბატი არ ახსენებს დავით მცირის გარდაცვალების წელს; ამდენად, 1032 წელს დავითი ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა. საფიქრებელია, რომ თავად სუმბატი მამის სიკვდილამდე გარდაიცვალა. (იქვე, გვ. 41-42).

ივანე ჯავახიშვილი ეთანხმება ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრებას სუმბატის მიერ გამოყენებული საგვარეული მატიანის შესახებ და აღნიშნავს: „აშოტ კურაპალატიდან მოყოლებული ვიდრე ბაგრატ III-მდე სუმბატს წყაროდ ჰქონდა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანე, მრავალ და ძვირფას ქრონოლოგიურ ცნობებით სავსე. ამის გამო სუმბატის თხზულების ამ ნაწილის თხრობის ენა მშრალი მატიანისებურია... მეფე გიორგი I-თგან მოყოლებული თხზულების დასასრულამდე, რომელიც ბაგრატ IV-ს დედის კონსტანტინოპოლში გამგზავრების ამბავზე ერთბაშად სწყდება, სუმბატი მოთხრობილის თანამედროვე უნდა ყოფილიყო.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 196). მკვლევრის დასკვნით, სუმბატის ქრონიკა „სანდო და ჭეშმარიტ საისტორიო ცნობებს შეიცავს... სუმბატის შრომას განსაკუთრებულს მნიშვნელობას ის გარემოება ანიჭებს, რომ მისი ცნობების სიმართლეს ქართველ და უცხოელთა ისტორიკოსების და წყაროების მოწმობაც საუკეთესოდ ამტკიცებს.“ (იქვე, გვ. 196-197).

პავლე ინგოროყვა აღნიშნავს, რომ თხზულება დაახლ. 1031 წელს უნდა იყოს დაწერილი, „იგი მდიდარია პრეზიცული, ზუსტად აღნიშნული ქრონოლოგიური ცნობებით მე-9 - მე-11 საუკუნეთა ქართული ისტორიის დაწვრილობითი ქრონოლოგიის დადგენა უმთავრესად ამ ძეგლის მიხედვით გახდა შესაძლებელი.“ (ინგოროყვა 1939, გვ. 219).

გია გელაშვილის აზრითაც, ის ფაქტი, რომ „თხზულების ბოლო ნაწილში (1010-1032 წლები) თხრობა განსხვავდება მთლიანი თხზულების მშრალი ენისგან, იმაზე მიგვითითებს, რომ სუმბატი იყო თანამედროვე ბაგრატ III-ის, გიორგი I-ის და ბაგრატ IV-ისა... ამის გარდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სუმბატი თვით იყო გიორგი I-ის თანმხლები ბიზანტიის იმპერატორ ბასილთან ომში. ამას გვაფიქრებინებს ის ადგილი ქრონიკიდან, სადაც სუმბატი ამბობს, რომ ბერძენთა მხარეზე იბრძოდნენ რუსთა რაზმები... ეს ცნობა სხვა ქართულ წყაროებში არსად არ არის. ამას კი იტყოდა თვითმხილველი, ან თანამონაწილე. ეს ცნობა რომ სრულ ჭეშმარიტებს შეადგენს, უდავოა, რადგან ამ დროს ბიზანტიის მმართველთა კარზე იყვნენ რუსთა შეიარაღებული რაზმები, რომლებსაც იმპერატორები თავიანთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ.“ (გელაშვილი 1960, გვ. 246). მკვლევარი იზიარებს მოსაზრებას სუმბატის 1032 წელს გარდაცვალების თაობაზე, მაგრამ მიიჩნევს, რომ ქრონიკას ერთი ავტორი ჰყავდა და არა ორი, როგორც ამას ვარაუდობდნენ დიმიტრი ბაქრაძე და თედო ჟორდანია. 

კონსტანტინე გრიგოლიას დასკვნით, გამომდინარე იქედან, რომ, მისი აზრით, მატიანე ქართლისაჲ სუმბატის თხზულებასთან შედარებით პირვანდელია, ქრონიკაში მოცემული მსგავსი მონაკვეთები მატიანის მიხედვითა უნდა იყოს გამართული. „ეს ოპერაცია, შესაძლებელია, პირადად სუმბატს არც ეკუთვნოდეს და სხვების მიერ უფრო გვიან უნდა იყოს შესრულებული. თუ ეს ყველაფერი ასეა, შესაძლებელია, დიმიტრი ბაქრაძის ცნობილი მოსაზრება სწორი გამოდგეს და სუმბატ დავითის ძის ქრონიკა მართლაც X საუკუნის ძეგლი აღმოჩნდეს.” (გრიგოლია 1645, გვ. 235). ამდენად, კონსტანტინე გრიგოლიას ფიქრით, შესაძლოა, სუმბატ დავითის ძის ქრონიკა თავდაპირველად სუმბატის მიერ იყო X საუკუნეში დაწერილი, ხოლო შემდეგ მისმა ტექსტმა განიცადა რედაქტირება, რომლის დროსაც თხზულება გამდიდრდა XI საუკუნის ამსახველი ეპიზოდებით.

მარიკა ლორთქიფანიძის მოსაზრებით, სუმბატის ქრონიკის უდავო ღირსებას წარმოადგენს მასში ქრონოლოგიური მონაცემების სიუხვე. ზოგადად ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად მოიპოვება ამ ტიპის ცნობები და სუმბატის ნაშრომი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ ქრონიკის პირველ ნაწილში მსგავსი ცნობები არ არის, ისინი აშოტ I კურაპალატის შესახებ მსჯელობის დაწყებისას ჩნდება. აშოტის შესახებ ნარატივი ორგვარი სისტემით არის დათარიღებული (დასაბამითგან და ქორონიკონით); აშოტის შემდგომი პერიოდის ამბების აღწერისას კი თარიღები უკვე მხოლოდ ქორონიკონის არის მოცემული. ლორთქიფანიძის თქმით, სუმბატის თხზულების ძირითადი ამოცანა - ბაგრატიონთა უწყვეტი გენეალოგიის ჩვენება - ნაწარმოებში უზადოდ არის შესრულებული. ბაგრატიონთა ქართლში გაბატონების პერიოდი, VI საუკუნის შუა წლები, აგრეთვე სიზუსტითაა მოცემული და დასტურდება სხვა წყაროებიდანაც. ზოგადადაც, მკვლევრის დასკვნით, ავტორის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია სომხურ, არაბულ, ბიზანტიურ და სხვა წყაროებშიც პოულობს პარალელებს და სუმბატის მიერ გადმოცემული ცნობების სანდოობაზე მიუთითებს. თუმცაღა, მარიკა ლორთქიფანიძე აგრეთვე იმასაც აღნიშნავს, რომ სუმბატის ნაშრომი აშკარად გამოხატული ტენდენციურობით გამოირჩევა. (Лордкипанидзе 1979, გვ. 19-20).

გონელი არახამია იზიარებს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომ სუმბატ დავითის ძე და მატიანე ქართლისაჲს ავტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი და იმავე წყაროთი სარგებლობდნენ და ასკვნის რომ „სუმბატის თხზულების ბოლო მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია 1021-1031 წწ. ამბები, მთლიანად ემყარება დღეისათვის უცნობ წერილობით წყაროს. ეს გარემოება მიუღებელს ხდის მოსაზრებას, რომ თხზულების აღნიშნული მონაკვეთის ამბებს სუმბატი, როგორც თვითმხილველი, საკუთარი მეხსიერების საფუძველზე აღწერს.“ (არახამია 1990, გვ. 18). არახამიას აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ სუმბატის ქრონიკაში ნათქვამია, რომ ბაგრატუნები სომხეთში „დღეინდელად დღემდე მთავრობენო,“ მაშინ, როდესაც 1064 წელს გაუქმდა სომეხ ბაგრატუნიანთა უკანასკნელი სამეფო რეგიონში (ყარსის, ანუ ვანანდის სამეფო), - „სუმბატის თხზულების შედგენის ზედა ზღვარი 1064 წლით უნდა განისაზღვროს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სუმბატი 1031 წლის ამბებს უშუალოდ არ მოსწრებია და მათ შესახებ არა საკუთარი მეხსიერების, არამედ წერილობითი წყაროს საფუძველზე მსჯელობს, მაშინ მისი თხზულება  შეიძლება მიახლოებით XI ს. 50-იანი და 60-იანი წლების პირველი ნახევრით განვსაზღვროთ.“ (იქვე, გვ. 22).

მკვლევარი იმასაც ასკვნის, რომ, მიუხედავად საზოგადოდ მიღებული სამართლიანი მოსაზრებისა, რომ სუმბატი „უაღრესად სანდო“ ინფორმაციას შეიცავს, „სანდოობის თვალსაზრისით სუმბატის თხზულება თავიდან ბოლომდე თანაბარი ღირსების არ არის.“ (იქვე). ამ მოსაზრების დასადასტურებელი მაგალითები მკვლევარს ძირითადად ნაწარმოების საწყისი ნაწილიდან მოყავს, სადაც მოცემულია “ყოველგვარ რეალობას მოკლებული“ გადმოცემა. მკვლევარი აგრეთვე არ მიიჩნევს სანდოდ „ცნობებს აშოტ დიდის წინამორბედი ქართლის ერისმთავრების ბაგრატიონობის შესახებ,“ და სხვ. (იქვე, გვ. 23-28). მოხმობილი მაგალითების განხილვის შედეგად, მკვლევარი იმ დასკვნამდე მიდის, რომ გუარამ კურაპალატი და მისი მომდევნი ერისმთავრები აშოტამდე არ წარმოადგენდენ ბაგრატიონებს, ხოლო სუმბატის თვალსაზრისი აშოტ დიდის დრომდე ბაგრატიონთა ისტორიასთან დაკავშირებით „შემუშავებულია პოლიტიკური მოტივით.“ (იქვე, გვ. 28-29). აშოტის შემდეგდროინდელი პერიოდის სუმბატისეულ გადმოცემას კი არახამია, სხვა მკვლევართა დარად აფასებს და აღნიშნავს, რომ „სუმბატის თხზულების უმეტესი ნაწილი, დაწყებული აშოტ დიდის შესახებ თხრობიდან, ზედმიწევნით სანდო მასალას შეიცავს, რასაც თვალნათლივ მოწმობს ამ უკანასკნელისა და სხვა ქართული თუ უცხოენოვანი წყაროების შედარებითი შესწავლის შედეგები.“ (იქვე, გვ. 32).

მკვლევარი აგრეთვე იმასაც აღნიშნავს, რომ ქც-ს ხელნაწერებში სუმბატის ქრონიკა ერთადერთი თხზულებაა, რომელიც თხრობის ერთიან ქრონოლოგიურ რიგს არღვევს. რიგ ხელნაწერებში (ძველი ციკლიდან მარიამისეული და მცხეთური, ახალი ციკლიდან - მაჩაბლისეული) იგი დავით აღმაშენებლის ისტორიის შემდეგ არის კრებულში მოთავსებული. არახამიას მოსაზრებით, ამგვარი გამონაკლისი შემთხვევითი არ არის და შემდეგი გარემოებით შეიძლება აიხსნას: „საქმე ისაა, რომ „ქართლის ცხოვრების“ პირველ მატიანეში განვითარებულია თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ბაგრატიონების ქართლში დამკვიდრება მოხდა VIII საუკუნეში ფარნავაზიანი მეფის არჩილის დროს, ქართლის პირველი ხელისუფალი ამ საგვარეულოდან აშოტ დიდი იყო. ეს თვალსაზრისი ბაგრატიონთა საგვარეულოსთვის მიუღებელი იყო თუ უფრო ადრე არა, X ს. შუა ხანებისათვის მაინც. სუმბატის თხზულება, რომელიც დიამეტრალურად ეწინააღმდეგება აღნიშნულ თვალსაზრისს, ოფიციალურად აკანონებს მმართველი დინასტიის შეხედულებას. ამით უნდა ყოფილიყო განპირობებული მისი შეტანა „ქართლის ცხოვრების“ კრებულში.“ (იქვე, გვ. 33).

სუმბატის თხზულების პირველ ნაწილთან დაკავშირებით ნიკო ბერძნიშვილი აღნიშნავს, რომ „სუმბატ დავითის ძე აკოწიწებს. ცდილობს ბაგრატიონთა საგვარეულო გადმოცემანი შეუთანხმოს „მოქცევაის“ ცნობებს“.. ცდილობს დაუკავშიროს ეს ცნობები ბაგრატიონთა გამოჩენას. მაგრამ გაცილებით უფრო გამართულად და დამაჯერებლად გამოყურება „მოქცევაის“ და ჯუანშერის ცნობები იმის შესახებ, რომ გუარამ კურაპალატი გორგასლიანია.“ (ბერძენიშვილი 1979, გვ. 108). მკვლევარი ასკვნის, რომ ბაგრატიონთა გენეალოგიური სია მას უცვლელად უნდა  ჰქონდეს ამოღებული მოქცევაჲ ქართლისაჲს ჩვენამდე მოღწეული რედაქციისაგან განსხვავებული ვარიანტიდან, რომელიც რედაქტირებული უნდა ყოფილიყო აშოტ კურაპალატის დროს. (იქვე, გვ. 111).

კირილ თუმანოვის თქმით, სუმბატის ქრონიკის პირველ ნაწილში ავტორი ქმნის „ბაგრატიდთა ნაციონალურ ეპოსს მათი წარმომავლობის მეფე-წინასწარმეტყველიდან დაწყებით,“ რითაც, ფაქტობრივად, მათ არაქართულ, სომხურ წარმომავლობას მალავს. ამდენად, საქართველოს გამაერთიანებელი დინასტიის უცხოური წარმომავლობის მიჩქმალვით, ეს თხზულება ავლენს ბაგრატიდთა ახლად შექმნილი იმპერიაში ჩასახულ ნაციონალისტურ განწყობას. (Toumanoff 1943, გვ. 155).

სტივენ რაპის თვალსაზრისით, სუმბატ დავითის ძის ნაშრომი გამოხატავს ბაგრატიდთა იდეოლოგიას. იგი წარმოადგენს დეტალურად კონსტრუირებულ პროპაგანდას, რომლის შედეგადაც იქმნება საქართველოს ისტორიის ვიწრო, ბაგრატიდთა ხედვა. სუმბატის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ბიბლიური გენეალოგიის მანიპულაციის საშუალებით, ქართველ ბაგრატიდთა ძველაღთქმისეულ დავით წინასწარმეტყველთან გენეტიკური კავშირის დასაბუთება. სუმბატის გენეალოგიურ ფანტაზიიდან ლოგიკურად გამომდინარეობს ქართველ ბაგრატიონთა შტოს წარმოდგენა ბაგრატიდთა ძირითად ბირთვად, ხოლო სომეხ ბაგრატუნიანთა შტოს ნაკლებად მნიშვნელოვან, გვერდითა შტოდ დახატვა. შესაბამისად, სუმბატ დავითის ძე ახდენს ბიბლიური ისტორიის მოდიფიცირებას, რათა უზრუნველყოს ქართველი ბაგრატიდები იმგვარი ლეგიტიმაციით, რომელიც იქება განსაკუთრებული და არ იქნება მიჩნეული სადავოდ არც კავკასიაში, არც მის საზღვრებს გარეთ. ამასთან, თუკი მატიანე ქართლისაჲს არ ემჩნევა ნარატივის წერისას ბაგრატიონთა და მათ მხარდამჭერთა სანქციონირების კვალი, სუმბატის ქრონიკა აშკარად მათ მიერ არის სანქციონირებული.

რაპის დასკვნით, სუმბატ დავითის ძის თხზულებასთან ერთად იშვა ისტორიის წერის ახალი, გამორჩეულად ბაგრატიონებისეული ფორმა. ეს ისტორიოგრაფია იწერებოდა ნათლად გამოხატული პოლიტიკური და იდეოლოგიზირებული მიზნით, რომელიც მიზნად ისახავდა მმართველი დინასტიის გაძლიერებას. ამდენად,  ისტორიის წერა და მისი კონტროლი გახდა აუცილებელი და შეუცვლელი პოლიტიკური იარაღი ბაგრატიდთა ძალაუფლების ჩამოყალიბების, გამართლების, მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის. შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ეს თხზულება წარმოადგენს ყველაზე დეტალურ წყაროს ქართველ ბაგრატიდთა გენეალოგიის შესახებ (1030 წლამდე). პარალელურად, თხზულებაში გვხვდება აგრეთვე ცნობები XI საუკუნის ბიზანტიელ მოღვაწეებზე, მათ შორის ბიზანტიის იმპერატორებზე ბასილი II-დან რომანოს III არგიროსამდე; აქვეა მოკლე ინფორმაცია 1022 წლის აჯანყებებზე და ქართველებისა და ბიზანტიელების კონფლიქტზე დასავლეთ საქართველოში. (Rapp 2007, გვ. 188-189).

და ბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ კორნელი კეკელიძე სუმბატის თხზულებასთან მიმართებით აღნიშნავდა: „მხატვრულ სახეებსა და პოეტური გაფორმების ნიმუშებს აქ ჩვენ ვერ ვიპოვნით, ასეთი ნიმუშები არცაა მოსალოდნელი ისეთს მატიანისებურ თხზულებაში, როგორიცაა სუმბატის შრომა.“ (კეკელიძე 1981, გც. 252). მიუხედავად თხზულების „მშრალი და ერთგვაროვანი“ სტილისა, როგორც უკვე აღინიშნა, იგი ძვირფას ისტორიოგრაფიულ წყაროს წარმოადგენს VIII-XI საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის. მარიამ ლორთქიფანიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მიუხედავად თხზულების... აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობისა, მას, როგორც პირველწყაროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. (Лордкипанидзе 1979, გვ. 11).

  1. ისინი საკუთარ თავს უწოდებენ იესიან-დავითიან-სოლომონიანებს, „სწორედ ასე იწყებოდა ბაგრატიონთა ტიტულატურა საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის ხანაში.“  (ლორთქიფანიძე და ჩიქოვანი 1997, გვ. 227). ↩︎

  2. კარიჭაშვილის ამ მოსაზრებას დაეთანხმა ექვთიმე თაყაიშვილი (თაყაიშვილი 1949, გვ. 12).↩︎

ბიბლიოგრაფია

არახამია, გონელი 1990. სუმბატ დავითის-ძე. ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახამიამ. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები VIII. თბილისი: მეცნიერება

ბაქრაძე, დიმიტრი 1889. ისტორია საქართველოსი (უძველესი დროიდამ X საუკუნის დასარულამდე). ტფილისი: სტამბა ე. გ. მესხისა

ბერძენიშვილი 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია.

გელაშვილი, გია 1960. „სუმბატ დავითის-ძე და მატიანე ქართლისა.“ თსუ შრომები 87: გვ. 239-258.

გრიგოლია 1954 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

თაყაიშვილი, ექვთიმე 1949. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. გამოცემა მესამე. ტექსტი გამოსცა ვრცელი შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით ე. თაყაიშვილმა. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა

თაყაიშვილი, ექვთიმე 1890. სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა). გამოცემული ვრცლის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი: სტამბა კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა

ინგოროყვა, პავლე 1939. „ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. წერილი მეორე. მესამე პერიოდი ქართული მწერლობისა. ადრეული ფეოდალიზმის ხანა (მე-8-11 საუკუნეები).“ მნათობი 11: 97-141, 197-272.

კარიჭაშვილი, დავით 1909. „ვინ უნდა იყვეს სუმბატის ქრონიკის ავტორი?“ კრებულში: ძველი საქართველო. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული I. ე. თაყაიშვილის რედაქტორობით. ტფილისი: ელექტრო-მბეჭდავი სპირიდონ ლოსაბერიძისა, გვ. 36-42

კეკელიძე, კორნელი 1981 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ლორთქიფანიძე 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ლორთქიფანიძე, გურამ და ნინო ჩიქოვანი 1997. ქართული კულტურის ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნის პირველი ნახევრის ბოლომდე). თბილისი: თსუ გამომცემლობა

ჟორდანია 1892 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჯანაშვილი 1903 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Rapp 2007 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Toumanoff 1943 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Джанашвили 1905 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Лордкипанидзе, Мариам Давыдовна 1979. “Сумбат Давитис-дзе и его историческое сочинение.” წიგნში: Сумбат Давитис-дзе. История и повествование о Багратионах. Перевод, введение и примечания М. Д. Лордкипанидзе. Памятники грузинской исторической литературы IV. Тбилиси: Мецниереба, 1-15


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი