მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი

ტექსტის ორიგინალური სათაური: ცხორება მეფეთ მეფისა დავითისი.

ივანე ჯავახიშვილის თქმით, სათაური მხოლოდ მარიამისეულ ხელნაწერში იძებნება (ჯავახიშვილი 1977, გვ. 210).

თხზულების დაწერის დრო: ჯავახიშვილის აზრით, თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1123-1126 წლებში (იქვე, გვ. 213).

თხზულების ავტორი: უცნობია. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, „დავითის ისტორიკოსი მეფის თანამედროვე ყოფილა. იგი თვითონ ამბობს: „ესე ყოველი მოიწია და თუალითა ჩუენითა ვიხილეთ და ფრიად უფროსი ამათ წარმოთქმულთასა რამეთუ ვითარმცა ვინ მისცა თხრობასა ყოველი, რომელი იქმნა დღეთა ჩუენთა“-ო.“ (იქვე, გვ. 211). ამასთან, „ისტორიკოსი იმდენად დაახლოვებული და დავით აღმაშენებლის სასახლეში გაშინაურებული კაცი ყოფილა, რომ მეფის წიგნებს თურმე აიღებდა ხელში, შინჯავდა და მისი შენიშვნების წაკითხვასა ბედავდა ხოლმე... ერთი სიტყვით, დავით II-ს ისტორიკოსი მეფის შინაური, მეგობრად საგონებელი კაცი ყოფილა. მაგრამ ამასთანავე, იგი მეფის უფრო აღტაცებული თაყვანის-მცემელია, ვიდრე მეფის სწორი ამხანაგი.“ (იქვე).

სხვა მეცნიერთა მოსაზრებები იხ. ქვემოთ.

თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აგრძელებს მატიანე ქართლისაჲს თხრობას. შესაბამისად, უშუალოდ დავითის ისტორიამდე ნაწარმოები გადმოგვცემს ამბავს „მისი მამის, გიორგი II-ს მეფობის ბოლო წლებიდან, დიდი თურქობიდან (1080 წ) მოყოლებული, დავითის გარდაცვალებამდე და დემეტრეს გამეფებამდე (1123 წ.).“ (მელიქიშვილი 2009, გვ. 10).

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეს თხზულება, რომელიც გარკვეული გეგმით იწერება, ორი ნაწილისაგან შედგება. „ერთი, რომელიც ისტორიის თავითგანვე იწყება და უმეტესი ადგილი, 27 გვერდი უკავია, დიდებული მეფის სამხედრო მოღვაწეობას ეხება... მეორე, უფრო მომცრო ნაწილი, 20 გვერდი, თითქმის ისტორიის დასასრულამდის დავით აღმაშენებელის სამოქალაქო, საეკლესიო და ზნეობრივ მოღვაწეობას, მეფის „საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა“ ეხება... მეფის სამოქალაქო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას გვიხატავს. “ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 216).

თედო ჟორდანიას თქმით, თხზულების შესავალ ნაწილში, რომელიც გიორგი II-ს მეფობის უკანასკნელ წლებს აღწერს, „ერთი წილი გიორგის მეფობისა ენით და ხასიათით სრულიად ჰგავს ბაგრატის მატიანეს და შეიძლება მისგან ან სხვა რომლისამე მემატიანისგან იყოს აღწერილი, ხოლო მეორე ნაწილი შეერთებულია დავითის მატიანესთან, საზოგადო ფრასებით აღგვიწერს მისს მეფობაში მომხდარ უბედურებათა, კილოთი და ხასიათით სრულიად არ განერჩევა დავითის მატიანეს, და ამის გამო ეჭვიც არ შეიტანება იმაზე, რომ ის აღწერილია დავით აღმაშენებლის მემატიანესაგან. მემატიანე გიორგის მეფობას ამდაბლებს, რათა მით უმეტესად აღმოაბრწყინოს ძლიერება დავითის მეფობისა, და საზოგადოდ გიორგის მეფობა აღწერილია შესავლის მსგავსად.“ (ჟორდანია 1892, გვ. XLII-XLIII).

მკვლევრის თქმით, ავტორი, რომელიც მოვლენათა თვითმხილველია, თხზულებას დავით აღაშენებლის გარდაცვალების შემდეგ წერს, ამიტომ მატიანის პირველ ნაწილს „სადაც აღწერილია მეფის დიდ-დიდნი საქმენი, საკმაო ცხოველობა და ახლიანობა არ ატყვია.“ მწერალს უფრო მეტად დაინტერესებულია "მეფის პიროვნულ ღირსებათა მიერ, მისის სიბრძნითა, ხასიათის სიმტკიცითა, ღვთისნიერებითა, მხედართ მთავრულ ნიჭიერებითა, კაცურ-კაცობითა. ამ მხარესა მეფისას ვრცლად და ნიჭიერად გვისურათებს. ხოლო რაც შეეხება თჳთ იმ დიდებულ ლაშქრობათა, რომლითაც ამ საკვირველმა მეფემ თავზარი დასცა მთელს ასიის თურქობას და მთელს აღმოსავლეთ-დასავლეთში მოჰფინა სახელი ქართველთა ძლიერებისა, ამ სახელოვანს ამბებს მემატიანე სამწუხაროდ, მოკლედ და გაკვრითღა აღგვინუსხავს, მრავალს დიდ-დიდს და საოცარ ამბებს ოდნავ შეეხება ანუ ხშირად სრულიად სტოვებს, და ეს ამბები უცხო მწერალთა არ აღენუსხათ, მრავალი ძლევა-მოსილობა მეფისა სრულიადს დავიწყებას მიეცემოდა, და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე სახელი უმეტესად დაიჩრდილებოდა. ეს ნაწილი იმდენად მოკლეა, რომ თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით აღმაშენებლის მატიანე არა გვაქვს, გარდა თითო-ოროლა ცნობებისა, რომელთაც, ამასთან, ქრონოლოგია არა აქვს.“ (იქვე, გვ. XLIII). თედო ჟორდანიას ის ქრონოლოგიური ცნობები, რაც იძებნება თხზულებაში, გვიანდელ რედაქტორთა მიერ დამატებულად მიაჩნდა.

მზექალა შანიძის თქმით, „თხზულებაში სულ თორმეტი თარიღია: დიდი თურქობისა (1080 წ.), დავითის გამეფებისა (1098 წ.), ზედაზნის აღებისა (1103 და 1101), სამშვილდის აღებისა (1110 წ.), რუსთავის აღებისა (1115 წ.), თურქთა დამარცხებისა ტაო-კლარჯეთში (1116 წ.), მალიქის სიკვდილისა (1118 წ.), ბოტორასთან ბრძოლისა (1120 წ.), ხუნანის ბრძოლისა (1121 წ.), დიდგორის ბრძოლისა (1121 წ.), თბილისის აღებისა (1122 წ.), დავითის გარდაცვალებისა (1125წ).“ (შანიძე 1992, გვ. 141. ამასთან, უკლებლივ ყველა მხოლოდ ანა დედოფლისეულ ნუსხაში იძებნება. „ძველ ნუსხათაგან ყველაში არის მხოლოდ სამი თარიღი - დიდი თურქობისა, დავითის გამეფებისა და გარდაცვალებისა.“ (იქვე, გვ. 142), ხოლო ვახტანგისეული რედაქციის შემცველ ჯანაშვილისეულ ნუსხაში წარმოდგენილია კიდევ ერთი თარიღი - ანისის აღების (1124 წ.), რაც, მზექალა შანიძის ვარაუდით, ცალსახად გვიანდელი რედაქტორის მიერ გაკეთებულ ჩანართს წარმოადგენს. (იქვე, გვ. 143). მკვლევარი, ფაქტობრივად, იზიარებს ჟორდანიას მოსაზრებას ნაწარმოებში არსებულ ქრონოლოგიურ მონაცემებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ისიც კი სათუოა, ეკუთვნის თუ არა იმ სამი თარიღის მითითება, რომლებიც ყველა ძველ ნუსხაში იძებნება, თავად ავტორს. მზექალა შანიძის დასკვნით, სავარაუდოდ, თარიღების ნაწილი თხზულებაში უნდა შეეტანა ადრეულ რედაქტორს მაშინ, როდესაც ტექსტის რედაქტირება მოახდინა მისი ქც-ში შეტანის მიზნით. სავარაუდოდ, მან დაათარიღა ყველა ის მოვლენა, რომლის თარიღის დადგენაც შეძლო „მის ხელთ მყოფი ისტორიული წყაროების მიხედვით (ისიც არის მხედველობაში მისაღები, რომ ავტორს, დავითის თანამედროვეს, მის მიერ აღწერილი ყველა ამბის თარიღები ეცოდინებოდა). არც ის არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ნუსხისათვის სხვადასხვა წყარო ვივარაუდოთ იმ სხვაობის მიხედვით, რომელიც თარიღების სხვადასხვა ოდენობაშია გამოვლენილი.“(იქვე).

მარიამ ლორთქიფანიძის აზრით, ამ თხზულების ავტორი „დავითის საქმიანობას მსოფლიოს დიდი სახელმწიფო მოღვაწეების საქმიანობას ადარებს და ამ ხანის საქართველოს ისტორიას მთელი ამიერკავკასიის და, შეიძლება ითქვას, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის ფონზე იხილავს.“ (ლორთქიფანიძე 1979, გვ. 12).

თხზულების კვლევის ისტორია: თედო ჟორდანიას ვარაუდით, მემატიანე აღწერილი ამბების თვითმხილველია და განათლებული და ნაკითხი სამღვდელო პირი უნდა იყოს. იგი „იმდენად საქმეებს არ აღგვიწერს, რამდენად ამ სახელოვან და განმაცვიფრებელ საქმეთაგან აღტეხილს საკუთარ თჳსს გრძნობას, თჳსს საკუთარ აღტაცებას, განცვიფრებას, მოწიწებას ბრწყინვალე გმირის წინაშე. მთელი მატიანე ნაყოფია ამ გრძნობისა; იგი უფრო შესხმასა ჰგავს, ვიდრე ისტორიას, რომელსაც მხოლოდ იმდენად შეეხება, რამდენად მასში გამომსჭვირვალებენ პიროვნული თვისებანი საკვირველის გმირისა. მწერალი თვითონ არ მალავს, რომ მეფის ხორციელ საქმეებს იგი ოდნავ შეეხება“ (ჟორდანია 1892, გვ. XLIV). თხზულების ავტორთან მიმართებით მკვლევარი აგრეთვე აღნიშნავს, რომ „მთელი მისი მოთხრობა აღბეჭდილია ღვთის-მეტყველურის ბეჭდით... აქა-იქ ენა-მზიანობა მატიანისა უმწვერვალეს წერტილამდი აღიწევს და ატკბობს სმენა-გონებასა.“ (იქვე, გვ. XLV). შედეგად, ჟორდანიას დასკვნით, თხზულების ავტორი უნდა ყოფილიყო საეკლესიო პირი, კერძოდ კი, ან კათალიკოსი  იოანე, ან სვიმონ ჭყონდიდელი, ან არსენ იყალთოელი.

მოსე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ მატიანის ანონიმის ავტორი მოვლენათა თვითმხილველი „ტახტთან ახლოს მდგომი“ საეკლესიო პირია, რომელიც, „ალექსანდრე მაკედონელის ისტორიის გარდა, იცნობს ჰომეროსს, არისტოტელეს, ტროას ომის გმირებს, იოსიპოსს, ოდისეას, ტიტუს ლივიუსს და სხვ.“ (ჯანაშვილი 1903, გვ. 9; Джанашвили 1905, გვ. 122-123).

სარგის კაკაბაძე დაეთანხმა თედო ჟორდანიას მოსაზრებას, რომ ისტორიკოსი დავით აღმაშენებლის თანამედროვეა. მისი აზრით, მემატიანე მეფესთან დაახლოებული პირი უნდა ყოფილიყო. მკვლევრის ფიქრით, თხზულების ტექსტის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ავტორი „მეფის მოძღვრად ყოფილა 1115-1125 წლებში,“ მაგრამ ეს არ უნდა იყოს ნაწარმოებში მოხსენიებული იოანე მოძღვარი, რომელს შესახებაც მესამე პირით არის საუბარი. „მემატიანე უნდა იყოს არსენი მეფის მოძღვარი, მოხსენიებული დავით აღმაშენებლის ანდერძში, რომელიც დაწერილია შიომღვიმისათვის მისი მეფობის უკანასკნელ წლებში. (იოანე ალბათ იქნებოდა წინამოადგილე არსენისა).“ (კაკაბაძე 1913, გვ. 5-6). მეცნიერის თქმით, ამას ის ფაქტიც უნდა ადასტურებდეს, რომ სწორედ 1115 წლიდან მოყოლებული „მემატიანე უფრო დაწვრილებით აღწერს მეფის მოღვაწეობას, წლითი-წლად მოგვითხრობს მეფის ლაშქრობათ,“ (იქვე, გვ. 6) ანუ არსენის მეფის მოძღვრად გახდომის შემდგომი პერიოდის აღწერისას მოცემულია ნარატივის დეტალიზაცია. კაკაბაძის აზრით, ამ თხზულების ავტორის, არსენის კალამს უნდა ეკუთვნოდეს აგრეთვე სხვა ტექსტიც, კერძოდ კი, შესხმა, რომელიც რუის-ურბნისის კრების დროს დავით აღმაშენებლისათვის მიურთმევიათ და რომელიც ცნობილია „მეფესა დავითს მონაზონი არსენი“ სახელით. (იქვე, გვ. 7)

ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, ამ თხზულებას, ისევე როგორც ქც-ში შემავალ დანარჩენ ნარატივებს, კრებულში შეტანისას მოაკლეს „შესავალი და დასაწყისი,“ რათა თხრობა ლოგიკურად გაგრძელებულიყო, ანუ მეფეთა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ყოფილიყო დაცული. მკვლევარი არ ეთანხმება თედო ჟორდანიასა და სარგის კაკაბაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს თხზულების ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით ვინაიდან, მისი აზრით, თხზულებას არ ატყვია ღვთის-მეტყველების ბეჭედი და იგი შეეძლო დაეწერა როგორს საეკლესიო, ისე საერო პირს. „დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი საზოგადოდ ფართო და შორსმჭვრეტელი აზროვნების პატრონია... ისტორიკოსი ღვთისმეტყველების მოტრფიალე მაინცა-და-მაინც არა ყოფილა და სწორედ ეს გარემოება გვიჩვენებს, რომ დავით აღმაშენებლის მემატიანე ან ერის კაცია, ან არადა თუ სამღვდელო პირია, -  განათებითა და აზროვნებით სრულიად გაერისკაცებული მწერალი ყოფილა, რომელიც თავისუფლად კითხულობდა და სარგებლობდა საერო ძველ ბერძნულ წარმართულ მწერლობითაც კი.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 211-212). 

მკვლევრის თქმით, დავითის ისტორიკოსი მეფის მომხრეთა წრეს ეკუთვნოდა, „ამიტომ მისი თხზულების მიზანი იყო: ჯერ ერთი, რომ დავით აღმაშენებელის ცხოვრება და თავგადასავალი აეწერა ისე, რომ მისი პირადი თვისებანი და სახელმწიფო მოღვაწეობა ნათლად და შესაფერისად ყოფილიყო დასურათებული. მეორე ის, რომ მეფის მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ცილის-წამება და ხმები, რომლებსაც ისინი ავრცელებდნენ მისი მოქმედების შესახებ, უარეყო და დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის დედააზრი და მნიშვნელობა გამოერკვია და თანამედროვე საზოგადოებისათვის ნათელეყო.“ (იქვე, გვ. 213). შედეგად, თხზულებაში ისტორიკოსი ეკამათება მეფის მოწინააღმდეგეებს და დავითის მეფობისას მის წინააღმდეგ წამოჭრილ ბრალდებებს აქარწყლებს.

ჯავახიშვილი განიხილავს აგრეთვე ისტორიკოსის წერის მანერას და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მემატიანეს „საზოგადოდო სიტყვის მოკლედ მოჭრა და მკაფიო დახასიათება ჰყვარებია,“ მის თხზულებაში „ოდნავ რიტორული მჭერმეტყველებაც შეემჩნევა.“ ამასთან, იგი „წამდაუწუმ“ ხმარობს შედარებით მეთოდსაც: „ებრაელების ისტორია იქნება თუ ქრისტიანობა, ძველი წარმართი ბერძნებისა თუ სპარსელების ისტორია იქნებოდა, ჩვენი ისტორიკოსისათვის სულ ერთია, - მას სრულებით თავისუფლად მოჰყავს ყველა ხალხების და მეფეების ცხოვრების მაგალითები და საქართველოს მდგომარეობასა და საქართველოს მეფის მოღვაწეობას იმ მაგალითებს ადარებს.“ მისი „მხედველობისა და შედარების ასპარეზი ფართო და თითქმის განუსაზღვრელია, მისი აზროვნება მსოფლიო-ისტორიულ სფეროში დანავარდობს.“ (იქვე, გვ. 219). ჯავახიშვილის ფიქრით, დავითის ისტორიკოსი ეფრემ მცირის მოძღვრების მიმდევარი უნდა ყოფილიყო, რომელსაც, როგორც ჩანს, „მოსწონდა, თუ რომ ისტორიკოსი თავის თხზულებად დასწერდა „ჴელოვნებითა რიტორობისათა“.“ ამასთან, მას მიაჩნდა, რომ ისტორიული თხზულების ავტორს არ უნდა გაეზვიადებინა ამბები, „არც მეტის-მეტად „განევრცელა,“ არც „ნივთნი საქმეთანი“ დაემახინჯებინა და ეს „ნივთნი საქმეთანი“ სარიტოროდ უნდა ჰქონოდა, რათა „ცარიელ სიტყვების რახა-რუხი არ აეტეხა.“ შედეგად, მკვლევრის აზრით, „დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი თვითონ მხოლოდ მაშინ მიმართავდა მოთხრობის დროს „რიტორეობის ჴელოვნებას“, როცა „ნივთნი საქმეთანი“ ექმნებოდა.“ (იქვე, გვ. 216). მკვლევრის ზოგადი დასკვნით კი, „თხზულება დაწერილია მშვენიერი მხატვრული, კეთილშობილური ენით... იგი მრავალ ქრონოლოგიურ ცნობას შეიცავს და უაღრესი ნდობის ღირსია. თვითოეული მისი ცნობის სიმართლის დამტკიცება შეიძლება უცხო-ქვეყნელ და მეზობელთა ისტორიკოსებთან შედარებით.“ (იქვე, გვ. 220).

კორნელი კეკელიძე  ეთანხმება სარგის კაკაბაძეს მიერ თხზულების ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და ნაწარმოების ავტორად მიიჩნევს არსენ ბერ საღირისძეს. მკვლევრის თქმით, „მეფისა დავითს მონაზონი არსენი“-ს ხოტბა და დავითის ისტორია ერთი ავტორის თხზულება უნდა იყოს, ვინაიდან „არსენ მონაზონი იმავე ენამზეობით, იმავე ფრაზებით, სიტყვებითა და ეპითეტებით ამკობს დავითს, რომლებითაც არსენ ბერი აგვიწერს დავითის ფიზიკურსა და სულიერ თვისებებს თავის ისტორიაში.“ (კეკელიძე 1981, გვ. 265). კეკელიძის აზრით, ავტორი დახელოვნებული და ერუდირებული მწერალია. „ისტორიკოსს „როტორების ხელოვნება“ ერთ-ერთ იარაღად მიაჩნია სრულყოფილი „ქების“ სათქმელად.“ (იქვე, გვ. 264). იგი უხვად იყენებს შედარების მეთოდს, და „ამომწურავად და თანმიმდევრულად იხილავს დავითის სამხედრო-პოლიტიკურ, სამოქალაქო-საეკლესიო და კულტურულ მშენებლობას, ან „ხორციელთა და სულიერთა“ საქმეთა მისთა.“ (იქვე, გვ. 263) ამასთან, მწერალს ეხერხება როგორც საგმირო საქმეთა აღწერა, აგრეთვე ბუნების სურათების დახატვაც; „დიდია მხატვრული შესაძლებლობანი ამ ენისა, მისი მეტაფორული სახე-შედარებანი.“ (იქვე, გვ. 264).

ჯუმბერ ოდიშელის ვარაუდით, დავითის ისტორიკოსი ვერ იქნებოდა ვერც იოანე კათალიკოსი, ვერც სვიმონ ჭყონდიდელი, ვინაიდან დავითის ისტორიაში მათ შესახებ თხრობა მესამე პირშია მოცემული (ოდიშელი 1963, გვ. 211). მკვლევარი ეთანხმება სარგის კაკაბაძის მოსაზრებას არსენი ბერის ავტორობის შესახებ და ასკვნის, რომ „არსენ ბერისათვის, დავით აღმაშენებელთან ესოდენ დაახლოებული პირისათვის, დავითის ისტორიაში სიჩუმით გვერდის ავლა შეეძლო მხოლოდ თვით არსენ ბერს, რომელსაც, როგორც ჩანს, უხერხულად მიაჩნდა თვის თავზე წერა.“ (იქვე, გვ. 214-215).

ივანე ლოლაშვილის აზრით, ცნობა დავითის ისტორიკოსის ვინაობაზე შემოუნახავს „ისტორიათა და აზმათა“ ავტორს (იხ. ისტორიოგრაფია > თამარის მეფობის ამსახველი თხზულებანი > თამარის პირველი ისტორიკოსი). ამ თხზულების დასაწყისში თამარ მეფის წინაპრებზე ნათქვამია: „მამად მისდა (იგულისხმება თამარი,––ი. ლ.) იქმნა გიორგი, მეფე მეფეთა, ძე დიმიტრი მეფისა, რომელსა დავითცა ესვა ძედ, ძესა დავითიანისასა, და აღმოსავლეთისა და კერძო-ჩრდილოეთისა მეციხოვნისა და ზღუართა დამდებელისა და ზღუათაგან) ზღუამდის მპყრობელისა, რომლისა დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა დიმიტრისა, მჴნესა ჴდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა, ორი ძე ებადა…“ (ივანე ლოლაშვილი, „დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი“ წიგნში: ლოლაშვილი 1968, გვ. 57-63, აქ გვ. 59). მკვლევარს იქვე აღნიშნული აქვს, რომ ეს მონაკვეთი ქც-ს ხელნაწერებში საკმაოდ დაზიანებულია, ხოლო მეცნიერთა უმეტესობა იზიარებს ამ პასაჟის ნიკო მარისეულ ინტერპრეტაციას, რომლის თანახმადაც ამ შესხმის ობიექტი, სავარაუდოდ, უნდა იყოს არა მეფე დავითი, არამედ დიმიტრი/დემეტრე I. (Марр 1910, გვ. 5=ლოლაშვილი 1968, გვ. 59). ლოლაშვილი მიუთითებს, რომ მარისეული წაკითხვა გამეორებული აქვს კორნელი კეკელიძეს: „იოანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა აღმოაჩენს დიმიტრისა, მჴნესა ჴდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა.“ (კეკელიძე 1980, გვ. 316 =ლოლაშვილი 1968, გვ. 60).

ლოლაშვილის თქმით, გამომდინარე იქედან, დემეტრე მეფის შესახებ ცალკე თხზულება არ იძებნება (მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია), იოანე ჭიმჭიმელს, რომელიც ლოლაშვილს იოანე პეტრიწად მიაჩნია, დაუწერია არა ცალკე თხზულება დემეტრეს შესახებ, არამედ მისი მეფობის ამბავი შეუტანია დავითის შესახებ დაწერილ ნაწარმოებში. ამდენად, მკვლევრის დასკვნით, ზემოხსენებული პასაჟი ისტორიათა და აზმათა ტექსტში იოანე ჭიმჭიმელის შესხმა-მითხრობის თაობაზე უნდა ეხებოდეს „მხოლოდ „დავით აღმაშენებლის ცხოვრებას“.“ (ლოლაშვილი 1968, გვ. 61). ლოლაშვილის ფიქრით, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსისა და იოანე პეტრიწის თხზულებებს შორის დანამდვილებით არსებობს გარკვეული სახის მსგავსება, რომელიც გამოიხატება ერთ პეტრიწის ენისათვის დამახასიათებელ სტილისტურ თავისებურებაში; კერძოდ კი, „როდესაც იოანე ფილოსოფოსი რაიმე ვრცელ მსჯელობას ამთავრებს, ზოგჯერ იქვე ჩართავს ფრაზას ან გამოთქმას, რომლითაც ის მკითხველს ახალ მსჯელობაზე გადასვლას მიანიშნებს.“ (იქვე). დასკვნის სახით მკვლევარი დარწმუნებით აცხადებს, რომ დავითის ისტორიკოსის ნაშრომი „პეტრიწის კალმის ნაყოფია,“ და რომ „პეტრიწი რთული ფილოსოფიური ცნებებით მსჯელობს ფილოსოფიურ ნაშრომში, დედნის ენაზეა დამოკიდებული თარგმანში, ხოლო სადა დღა მარტივი თხრობით აღწერს ის ისტორიულ ამბებს.“ (იქვე, გვ. 63).

დამანა მელიქიშვილის მოსაზრებით, ნათელია, რომ თხზულების ავტორი არის დავით აღმაშენებლის „მეტად დაახლოებული პირი,“ რომელიც „მუდამ თან ახლავს მას, მშვიდობიანობაშიც და ომიანობაშიც.“ (მელიქიშვილი 1990, გვ. 10). ამასთან, მკვლევარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ისტორიის ტექსტი მხოლოდ ზოგადი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, რომელთა თანახმადაც თხზულების „ავტორი ფრიად ერუდირებული, ფრიად განათლებული და განსწავლული, მხატვრული სიტყვის დიდოსტატია,“ მეცნიერთა ნაწილი მაინც ცდილობს ამ მისი ვინაობის დადგენას. (იქვე, გვ. 11). მკვლევარს ჩამოთვლილი აქვს ზემოხსენებული მოსაზრებანი და დეტალურად ივანე ლოლაშვილის ზემოხსენებულ ვარაუდზე ჩერდება, რომლის თანახმადაც დავითის ისტორიკოსი უნდა იყოს ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იოანე ჭიმჭიმელი, რომელიც, ლოლაშვილის აზრით, იგივე იოანე პეტრიწია. დამანა მელიქიშვილი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ტექსტის ანალიზის საფუძველზე მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ „დავითის ისტორიკოსი, როგორც აზროვნებისა და მსოფლმხედველობით, ასევე ენობრივ-სტილისტური თვალსაზრისით გელათის სკოლის წარმომადგენელია,“ (იქვე, გვ. 15), ხოლო თავად მისი ისტორია „იმ ენობრივ-სტილისტურ ნიშნებით ხასიათდება, რომლებიც გელათის ლიტერატურულ სკოლაში ჩამოყალიბდა იოანე პეტრიწის თაოსნობით.“ (იქვე, გვ. 16) ეს ენობრივ-სტილისტური მახასიათებლები კი საერთოა გელათის სკოლაში შექმნილი ლიტერატურული ძეგლებისათვის. ამდენად, „ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ დავითის ისტორიკოსი იოანე პეტრიწის თანამოაზრე და მის სკოლას ზიარებული პირი ყოფილა.“ (იქვე, გვ. 20)

მზექალა შანიძემ ყველაზე დეტალურად შეისწავლა თხზულების ტექსტოლოგიური ტრადიცია და დაასკვნა, რომ ნარატივი „მთლიანად ენის, სტილს, პოეტიკის თვალსაზრისით XI საუკუნის სამწერლობო ტრადიციებს მიჰყვება.“ (შანიძე 1990, გვ. 93-94). ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ დავითის ცხოვრების დასაწყისი „ცუდადაა „გადაკერებული“ წინა თხზულების ბოლოს, ეს ნაწარმოები არ უნდა ყოფილიყო თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც წინამავალი ტექსტის „უშუალო“ გაგრძელება. მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ დავითის მატიანე „მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის გამომავლინებელი ნაწარმოებია; თავისი კომპოზიციით და სტილით იგი უფრო სახოტბო თხზულებაა, ვიდრე ისტორიულ ანალებში შესატანად დაწერილი მშრალი ქრონიკა; ამ მხრივ იგი უფრო მეტ მსგავსებას იჩენს ისეთ თხზულებასთან, როგორიც არის „იოანესა და ეფთვმეს ცხოვრება“, რომელიც გარკვეულ პირთა ცხოვრებასა ღა „მოქალაქობას“ გადმოგვცემს და რეალურ ისტორიულ ფაქტებთან ერთად ჭარბად შეიცავს მათ პირადულ თვისებათა შესხმა-ქებას. ქართული მწერლობის კლასიკურ პერიოდში ასეთ ნაწარმოებებს თავისი საკუთარი სტრუქტურა აქვთ, მათთვის სავალდებულო კომპოზიციის კანონებს ემორჩილებიან. ამ სტრუქტურის ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს შესავალი; თუ რამოდენა იყო იგი „დავითის ცხოვრებაში“, ან რა მოვლენები იყო შიგ აღწერილი –- ამის შესახებ, სამწუხაროდ, დღეს რაიმეს თქმა ძნელია.“ მკვლევრის აზრით, აგრეთვე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად შეესაბამება ქც-ში შემონახული თხზულების სათაური დავითის ისტორიკოსის ნაშრომის ორიგინალურ სათაურს (შანიძე 1992, გვ. 144).

2019 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში მზექალა შანიძემ კვლავ დაადასტურა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „ნაწარმოები დაწერილია ქრისტიანული სასულიერო მწერლობის ზეგავლენის ქვეშ,“ და რომ თხზულებას ეტყობა „ქართული სასულიერო მწერლობის ორიგინალური და ნათარგმნი ტექსტების ზეგავლენა,“ რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დავითის ისტორიკოსის ტექსტში ბუნდოვანი და სხვადასხვა გადამწერ-რედაქტორთა მიერ შერყვნილი ადგილების გასწორება. (შანიძე 2021, გვ. 708). დავითის ისტორიკოსის რიგ სტილისტურ მახასიათებელთა შედარებამ ეფრემ მცირის ტექსტუალურ მემკვიდრეობასთან მკვლევარი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ „“დავითის ცხოვრების“ ავტორი კარგად იცნობდა ბიზანტიური სასულიერო მწერლობისთვის დამახასიათებელ იმ ფორმებს, რომელთა გამოჩენა ნათარგმნ თუ ორიგინალურ ძეგლებში ძირითადად… ეფრემ მცირის სახელს უკავშირდება.1 (იქვე, გვ. 716).

კირილ თუმანოვის თქმით, „თხზულების ავტორი უნდა იყოს დავითის თანამედროვე, მასთან დაახლოებული პირი, მოვლენათა თვითმხილველი და დავითის აქტიური მხარდამჭერი, შესაძლოა საეკლესიო პირი. მკვლევარი მიიჩნევს, რომ 1123-1126 წლებში დაწერილი თხზულების ბოლო ნაწილი დამატებულია დავითის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო  გიორგი II-ს მეფობის აღწერა ავტორს გამოყენებული აქვს, როგორც შესავალი ნაწილი გიორგის შვილის ბრწყინვალე მეფობის აღწერისა. თხზულების ძირითადი ნაწილი კი წარმოადგენს ვრცელ პანეგირიკულ შედარებას, რომელიც ბიბლიური დავითის ფიგურით, ქართველი მეფის „ოფიციალური წინაპრით“ იყო შთაგონებული. ავტორი კარგად იცნობს როგორც საეკლესიო და საერო ლიტერატურას, აგრეთვე კლასიკურ მწერლობასაც. ამასთან, თუმანოვის თქმით, ეს ნაშრომი წარმოადგენს „კარგ ლიტერატურასა და ძალიან კარგ ისტორიას.““ (Toumanoff 1943, გვ. 174-175).

სტივენ რაპის აზრით, დავითის ისტორიკოსი სამეფო ბიოგრაფიას წერს. სამეფო ბიოგრაფიის ჟანრის ნაწარმოებებს წარმოადგენს აგრეთვე თამარის ორივე ისტორიკოსის თხზულება. მკვლევრის თქმით, ამ ბიოგრაფიებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზანტიური სამეფო იდეოლოგიისადმი მიბაძვა, ბიბლიური ციტაციებისა და ალუზიების ხშირი გამოყენება და ბაგრატიდ მონარქთა შედარება ელინურ, ელინისტურ, რომაულ, ბიზანტიურ და იუდეველ-ქრისტიანულ სამყაროში ცნობილ პირებთან. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ამ თხზულებებში ჰაგიოგრაფიული სტრუქტურებისა და კონვენციების გადმოღებასაც. ეს ბიოგრაფიები გამიზნულია უფლის მიერ კურთხეული და ქრისტიანთა დასაცავად მოვლენილი მეფის კონცეფციის ხაზგასასმელად. მკვლევრის აზრით, ამ პერიოდში ქართველი მეფეები საკუთარ იდეოლოგიაში პირველად იყენებენ მონოთეისტური მეფობის ევსევი კესარისეულ ხედვას რაც, მისი აზრით, დავით აღმაშენებლის მიერ, კონსტანტინე დიდის დარად, საეკლესიო კრების მოწვევის ფაქტში გამოიხატება.

რაპი იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ დავითის და თამარის ისტორიათა შექმნის ერთ-ერთ მიზანს ბაგრატიონთა სახლის განდიდება და საგვარეულოს „დავითიანობის“ წყალობით მათი ლეგიტიმაციის ხაზგასმა წარმოადგენს. ამასთან, მკვლევრის თქმით, ვინაიდან ბიზანტიური მოდელით შთაგონებული სამეფო იდეოლოგია ჭარბადაა წარმოდგენილი ამ თხზულებებში, მკითხველი შეიძლება ელოდოს, რომ მათში უხვად დაიძებნება ბიზანტიური პროსოპოგრაფიული მონაცემებიც, რაც, სამწუხაროდ, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ტექსტებში ხშირად იხსენიება ბიზანტია, მაგრამ ცალკეულ ბიზანტიელ მოღვაწეთა შესახებ საუბრის ნაცვლად წარმოდგენილია ინფორმაცია რამდენიმე ბიზანტიაში მოღვაწე პირისა (მაგ., გრიგოლ ბაკურიანის ძის) და ბაგრატიდთა და კომნენოსთა ნათესაობის შესახებ.

ამ ისტორიათა განსაკუთრებულ ფასეულობას კი, რაპის თქმით, ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მათში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ქართული ადმინისტრაციის გაფართოებისა და სპეციფიური თანამდებობის მქონე პირების შესახებ. ამ მხრივ გამორჩეულია ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატიონთა ბიოგრაფიების სტრუქტურა, ფონი და მეფეთა სახეები ძირითადად  ბიზანტიური მოდელებითაა ინსპირირებული, თხზულებებში წარმოდგენილია მდიდარი ინფორმაცია დიდი კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ ნაწილის მმართველებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების შესახებ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატიდები სამეფო იდეოლოგიის ფორმირებისას ბიზანტიურ და იუდაურ-ქრისტიანულ ტრადიციას ეყრდნობოდნენ და ქართული ეკლესია ბიზანტიურთან მჭიდრო კავშირში იყო, ამ სამეფო ბიოგრაფიებში დაფიქსირებულია მუსლიმ პირთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც მკვლევარს აძლევს საშუალებას ივარაუდოს, რომ ბაგრატიდი საქართველო კი არ გამოყოფილა მთლიანად ისლამურ ახლო აღმოსავლეთისგან, არამედ მის ნაწილად დარჩა, რაზეც ამ პერიოდის მონეტებზე არაბული წარწერების არსებობაც უნდა მიგვითითებდეს. (Rapp 2007, გვ. 189-192).

სანდრო ნიკოლაიშვილის აზრით, „დავით აღმაშენებლის ეპოქაში საისტორიო მწერლობა გახდა იდეოლოგიურად დეტერმინიზებული. მასში ძირითადი აქცენტი იდეალური მმართველის იმიჯის შექმნაზე გაკეთდა. ეს ტენდენცია აშკარა მსგავსებას ბიზანტიურ სამყაროსთან პოულობს და განსხვავდება წინამორბედი, ბაგრატიონების ადრეული პერიოდის საისტორიო მწერლობის ტრადიციისაგან.“ (ნიკოლაშვილი 2013-2014, გვ. 163; იხ. აგრეთვე: ისტორიოგრაფია > ბიზანტიური ისტორიოგრაფიის ზეგავლენით შექმნილი თხზულებანი). დავითის ისტორიკოსი, ერთი მხრივ, აყალიბებს სამეფო იდეოლოგიასა და ღვთივკურთხეული მეფის კონცეფციას, მეორე მხრივ კი, როგორც პანეგირიკული ჟანრის თხზულების ავტორი, „დიდ ყურადღებას უთმობს მეფის პირადი ღირსებებისა და ქრისტიანი მონარქისათვის დამახასიათებელი თვისებების ხაზგასმასა და წარმოჩენას. სწორედ მეფის გმირული საქმეების, გასაოცარი მიღწევებისა და ღირსებების საფუძველზეა აგებული დავითის ისტორიკოსის ნარატივი. მასში დავითი წარმოჩენილია იმ ღირსებების ნათელ მაგალითად, როგორებიცაა: სიმხნევე, სიბრძნე, სამართლიანობა, ფილანტროპია და ღვთისმოსაობა.“ (იქვე, გვ. 164).

მკვლევრის თქმით, „ავტორის მდიდარი პოლიტიკური ლექსიკონი“ და დავითის შესამკობად გამოყენებული ეპითეტები შეიძლება პირობითად სამ ჯგუფად დაიყოს. პირველ ჯგუფში ერთიანდებიან ძველაღთქმისეული პერსონაჟები: დავით წინასწარმეტყველი, სოლომონ ბრძენი და მოსე; მეორე ჯგუფში შედიან ანტიკური ეპოქისა და ავტორების პერსონაჟი-გმირები: ალექსანდრე მაკედონელი, ჰომეროსის აქილევსი, აგამემნონი, პრიამოსი, ჰექტორი და ოდისევსი; მესამე ჯგუფი კი შემდეგ „პოსტ-ბიბლიურ და ადრე-ქრისტიანულ“ პერსონაჟებს აერთიანებს: კონსტანტინე დიდს, პავლე მოციქულს, ბასილი დიდსა და წმინდა ანტონის. ავტორი პირველი ჯგუფის პერსონაჟებს იდეალური მმართველის სახის, ხოლო მეორე ჯგუფის გმირებს - მეფე დავითის როგორც სამხედრო საქმის უბადლოდ მცოდნე  მეომრის დასახატად იყენებს. (იქვე). მკვლევარი აღნიშნავს, რომ ბიბლიური დავითის, სოლომონისა და ალექსანდრე მაკედონელი ბიზანტიურ დისკურსში სამეფო იდეოლოგიის პროპაგანდის მოდელებად გამოიყენებოდნენ, და რომ „ქართველი ისტორიკოსის ნარატივის სტრუქტურა და კონცეფცია, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს, საოცარ მსგავსებას ამჟღავნებს საისტორიო მწერლობის იმ ახალ ტენდენციასთან, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში X საუკუნეში დამკვიდრდა“ (იქვე, გვ. 165) და მაკედონელთა დინასტიის ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება, როდესაც ადგილი აქვს „არნახულ დინასტიურ პროპაგანდას.“ ამ დროს ჩამოყალიბდა ისტორიის წერის ახალი კონცეფცია, რომლის თანახმადაც „ავტორის მთავარი ფუნქცია იდეოლოგიზირებულად დეტერმინიზებული ნარატივის შექმნა გახდა. იგი იდეალურ მმართველზე, იმპერატორზე იქნებოდა ფოკუსირებული.“ (იქვე, გვ. 166).

ნიკოლაიშვილის აზრით, ერთ-ერთი „უმნიშვნელოვანესი და ინოვაციური ასპექტი“ დავითის თხზულებისა არის „ბრძენი მეფის იდეა,“ რაც, მისი თქმით, ბიზანტიური იმპერიული იდეოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ღვთაებრივი სიბრძნის კონცეფციის ზეგავლენით უნდა იყოს განპირობებული. (იქვე, გვ. 170).

  1. როგორც უკვე გამოთქმული იყო სამეცნიერო ლიტერატურაში, დავითის ისტორიკოსს უნდა ესარგებლა ეფრემ მცირის მიერ ნათარგმნ გრიგოლ ღმრთისმეტყველის (ნაზიანზელის) მიერ დაწერილ ბასილი კესარია - კაბადუკიელის შესხმით. იგი ორჯერ არის ნათარგმნი ქართულად (სარჯველაძე 1976, გვ. 151; შანიძე 1992, გვ. 122; ოთხმეზური 2011, 91 = შანიძე 2021, გვ. 713). ↩︎

ბიბლიოგრაფია

კაკაბაძე, სარგის 1913. დავით აღმაშენებლის მემატიანის ვინაობა. ტფილისი: ელექტრო-ბმეჭდავი ს. მ. ლოსაბერიძისა

კეკელიძე 1981 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია (ჰაგიოგრაფია)

ლოლაშვიილი, ივანე 1968. იოანე პეტრიწი. სათნოებათა კიბე. გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა. თბილისი: საბჭოთა საქართველო

ლორთქიფანიძე 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

მელიქიშვილი, დამანა 1990. „დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ვინაობა.“ ისტორია და გეოგრაფია სკოლაში 4: 10-20. Repr. კრებულში: დამანა მელიქიშვილი. ფილოლოგიური ძიებანი (სტატიების კრებული). რედ. ვიქტორია ჯუღელი და ნანა მრევლიშვილი. თბილისი: ლოგოსი, 2009, 391-401.

ნიკოლაიშვილი, სანდრო 2013-2014. „ცვლილებები XII საუკუნის ქართულ საისტორიო მწერლობაში. ბიზანტიური გავლენა და ქართული პერსპექტივა.“ თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები 8: 163-175.

ოდიშელი, ჯუმბერ 1963. „დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ვინაობის საკითხისათვის.“ ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე 5: 211-220.

ოთხმეზური, თამარ 2011. კომენტარული ჟანრი შუა საუკუნეების ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში: ეფრემ მცირე და გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კომენტარები. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

ჟორდანია 1892 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

სარჯველაძე, ზურაბ 1976. „დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ერთი ადგილის იდენტიფიკაციისათვის.“ მაცნე იაეხს 1: 151-152.

შანიძე, მზექალა 2021. „დავითის ისტორიკოსი და ეფრემ მცირე - ზოგიერთი პარალელი.“ წიგნში: მზექალა შანიძე. კრებული. სამეცნიერო სტატიები. რედ. ნინო დობორჯგინიძე და შოთა პაპავა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 707-719. პირველად დაიბეჭდა გამოცემაში: გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები 5 (2019): 231-246.

შანიძე, მზექალა 1992. ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ. საქართველოს ისტორიის წყაროები 69. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები 9. თბილისი: მეცნიერება

შანიძე, მზექალა 1990. „დავითის ისტორიკოსის თხზულების ტექსტი.“ კრებულში: დავით აღმაშენებელი (სტატიების კრებული). რედ. როინ მეტრეველი. თბილისი: მეცნიერება, 91-102.

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჯანაშვილი 1903 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Toumanoff 1943 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Rapp 2007 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Джанашвили 1905 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Марр, Нико(лай Яковлевич) 1910. “Иоанн Петрицкий, грузинский неоплатоник XI–XII вв.” Записки Восточного отделения Русского археологического общества 19/2-3: 53-115.


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი