ირმა ყარაულაშვილი
მიქ(ა)ელ პარეხელის ცხოვრება
(ტექსტი არ შემონახულა)
ტექსტის ორიგინალური სათაური: პირობითია - მიქ(ა)ელ პარეხელის ცხოვრება
ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: -
თხზულების დაწერის დრო: უცნობია
თხზულების ავტორი: უცნობია, სავარაუდოდ წმინდანის ერთ-ერთი მოწაფე
თხზულების შინაარსი და კომპოზიცია: ზუსტი ინფორმაცია უცნობია
თხზულების კვლევის ისტორია: ფაქტობრივად, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ შეისწავლება თხზულებისა და მისი მთავარი გმირის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომელიც შემონახულია სამხრეთ საქართველოში სამონასტრო აღმშენებლობის აღმწერ ორ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში - ბასილი ზარზმელის მიერ დაწერილ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება) და გიორგი მერჩულის მიერ შექმნილ გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება).
ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია შემდეგი სახისაა:
გიორგი მერჩულეს თხზულებაში ვკითხულობთ:
”რაჟამს ხანცთაჲ იქმნა სახელოვან მადლითა და სიხარულევან სულიერთა შვილთაგან, მას ჟამსა მიძნაძოროჲთ ხანცთად მოვიდა დიდი მეუდაბნოჱ მიქელ მამაჲ, რომელიცა დაემკჳდრა პარეხთა, რამეთუ იყო იგი მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისა. და ეძიებდა მარტოდ-მყოფებასა და პოვა თავისა თჳსისა სამკჳდრებელი ბერთისა პარეხთა და განზრახვითა ამის წმიდისაჲთა დაემკჳდრა მათ შინა და კეთილად წარემართა სათნოებათა მიმართ უფლისათა. ხოლო მტერი ეშმაკი იგლოვდა ფრიად, რამეთუ ხედვიდა წმიდათა კაცთა განმრავლებითა ჟამსა თჳსისა შემოკლებასა, და მიქელისათჳს დიდსა საუცრებასა ცხადად და ფარულად ჰყოფდა, რაჲთამცა განოიტა უდაბნოჲთ. ხოლო იგი ძლიერად მოითმენდა გუემათა დაუძნებელისა მის მჴდომისათა და არცხუენდა თითოსახეთა მათ მანაქნებათა მისთა შეწევნითა ქრისტჱსითა და წმიდათა ყოველთა ოხითა.
ხოლო იყო ჟამსა რომელსამე მამაჲ მიქელ განშორებულად სენაკსა თჳსსა, მდგომარე მაღალსა კლდესა ზედა მცირედრაჲმე უდბად, და კადნიერ-იქმნა მისზედა ბელიარ და სიმაღლისა მისგან გარდამოაგდო ქუე. ხოლო დაიცვა ყოლადუვნებელად ყოველთა მეუფემან ქრისტემან ღმერთმან. არამედ მამაჲ მიქელ შეზრუნდა მიმდემი სამარადისოსა მას ბრძოლასა და მოწაფე თჳსი მიავლინა სულიერადმოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისსა და აუწყა ყოველი იგი განსაცდელი სულთა ბოროტთაჲ, და წმიდაჲ იგი მწრაფლ მივიდა შეწევნად ძმისა თჳსისა ძალითა უფლისაჲთა და განამჴნო იგი სულითა და ახლად ჴელითა თჳსითა შექმნნა ძლევისამომცემელნი ქრისტჱს ბეჭედნი, ორნი ჯუარნი ძელისანი, საფარველად მისა და განსაოტებელად მტერთა, და იმიერ და ამიერ განშორებულად სენაკსა მისსა აღჰმართნა და საზღვრად უჩინნა წმიდასა მას, ვითარმედ: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტჱსთა შუა უშიშად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა.“
და ლოცვა ყვეს, და წარმოვიდა სანატრელი გრიგოლ. ხოლო ნეტარმან მიქელ პოვა სრულიად განსუენებაჲ, რამეთუ სიმდაბლითა დასცა მტერი ამპარტავანი, ვინაჲთგან არა სიმართლეთა თჳსთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოჲსა მინდობითა მოიყვანა მოძღუარი თჳსი და სულიერი ძმაჲ გრიგოლ შემწედ, ვითარცა წერილ არს: „ძმაჲ ძმისა შემწე, ვითარცა ზღუდე დაუცემელი;“ სიტყჳსაებრ იაკობ მოციქულისა, ვითარმედ: ‘ერთი-ერთისათჳს ილოცევდით, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად.“ და ესრეთ მტერთა ზედა მძლე-ექმნა სრულიად მადლითა ღმრთისაჲთა.
ხოლო იყო ნეტარი მიქელი ქუეყანისა შავშეთისაჲ, სოფლისა ნორგისლისაჲ, და მიძნაძოროს მონაზონ იქმნა. ბოლო პარეხთა შინა მრავალთა წელიწადთა ცხოვნდა და აღ-რაჲ-ესრულა მუნვე დაემარხა. და აწ საფლავი მისი და დიდებულისა მამისა ბასილისი, რომელიცა შემდგომად მისსა პარეხთა მკჳდრ იყო, ერთგან არიან და კაცთა კურნებასა მიჰმადლებენ, რომელნი სარწმუნოებით მივლენან მათდა.” (ჭელიძე 2008, 574-576)
სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში კი ვკითხულობთ:
«არამედ აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა დიდთა მათთჳს უდაბნოთა და მონასტერთა მოვიჴსენოთ, თუ ვინა(ჲ) იქმნა შენება(ჲ) მათი, ანუ ვინ იყვნეს მაშენებელნი იგი, პირველად. სული იგი და მადლი საღმრთოჲ, და მერმე, მის მიერ აღძრულნი წმიდანი იგი მამანი. რამეთუ აღეშენა რაჲ წმიდაჲ და დიდი უდღაბნო(ჲ) ოპიზაჲ მონაზონთა მიერ, რომელთა ეწოდებოდა ამონა, ანდრია, პეტრე და მაკარი. ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა მუნით და აღაშენა უწყებითა საღმრთოჲთა მცირე ეგუტერი და შესაკრებელი მცირეთა ძმათა(ჲ) ადგილსა კლდოანსა და უვალსა კაცთაგან, რომელსა პარეხ უწოდიან. ხოლო ესე სიტყუაჲ მამათა მიერ მოვალს ჩუენდა, რამეთუ მიქაელ იყო აღმაშენებელი, სასწაულთა და ნიშთა მოქმედი მაღალთა და დიდთაჲ, რომელი იყო მოწაფე დიდისა შიოჲსი საკვრველთმოქმედისაჲ, რომელი, ვითარცა მთიები განთიადისა(ჲ), ბრწყინვიდა ქუეყანასა ქართლისასა.
ამისა ნეტარისა მიქაელის მიმართ წარემართა ყოლად ბრძენი სერაპიონ, რომელსა თანა-ჰყვა ძმა(ჲ) მცირე ჰასაკითა. რამეთუ დიდსა მიქაელს, ვითარცა რაჲ მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა, შეჰვედრა თავი თჳსი. ხოლო ნეტარსა მას სხუანიცა მრავალნი აქუნდეს მოწაფენი, სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა, ვითარცა დიდსა ანტონის ილარიონ და მაკარი, ეგრეთვე მიქაელს ბასილი და მარკელაოზ. და მათ თანა შეივედრა ნეტარი სერაპიონ თანა ძმითურთ და თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა. ხოლო უხუცესი იგი ძმაჲ წესითა მსოფლიოჲთა დამპყრობელ ექმნა მამულსა სამკჳდრებელსა და იგივე შეიტკბო ტალანტი, მოღუაწებაჲ უცხოთა და გლახაკთაჲ.
ამისსა შემდგომად მო-რა(ჲ)-იწია ჟამი, წმიდაჲ მამა(ჲ) ჩუენი ვითარცა ღირსი ბრძანებითა მიქაელისითა პატივითა მღდელობისა(ჲ)თა სრულ იქმნა და ღირსებით მსახურ საღმრთო (ჲ)სა საკურთხეველისა. და ამან ყოლად განთქ(უ)მულმან და დიდთა ნიშთა მოქმედმან მიქაელ აღზარდნა და სრულებად სათნოებისა აღიყვანნა იგინი, ვინა(ჲ)ცა ხედვიდეს საღმრთოსა მას მოქალაქობასა მისსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ნიშთ(ა) და სასწაულთა დიდთა მის მიერ აღსრულებულთა, რომელნი შემდგომად სიკუდილისა მისისა აღწერნეს მოწაფეთა მისთა. ამას რაჲ ყოველსა ხედვიდეს წმიდანი იგი, ვითარცა მაგალითთა კეთილთა შთახედვიდეს მსგავსად ჴელოვანთა მხატვართა და მისმიერთა მადლთა მოღებითა აშენებდეს საფუძველსა ზედა სწავლათა მისთასა არა თივასა ლერწამსა, არამედ ოქროსა, ვეცხლსა და თუალთა ანთრაკთა. ხოლო მის მიერ შეყუარებულ იყვნეს ვითარცა კეთილად მიმღებელნი სწავლათა მისთანი.
ამით ესევითარითა საქმითა აღასრულეს ჟამი მრავალი წინაშე მისსა და ყოვლითურთ მობაძავ მისსა იქმნნეს.“ (ვაჩნაძე 1975, გვ. 153-154).
ამდენად, როგორც ვხედავთ, გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების თანახმად მიქელ პარეხელი არის გრიგოლ ხანძთელის მეგობარი და მოწაფე, ხოლო სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების მიხედვით, მიქაელ პარეხელი წარმოადგენს სერაპიონის მოძღვარს. ამასთან, ბასილი ზარზმელის თქმით, მიქაელი იყო შიო საკვირველთმოქმედის მოწაფე. შიო საკვირველთმოქმედს მკვლევართა ნაწილი აიგივებს შიო მღვიმელთან. შედეგად, მათი დასკვნით, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ნახსენები მიქაელ პარეხელი უნდა იყოს VI-VII საუკუნის მოღვაწე და უნდა განსხვავდებოდეს გიორგი მეჩულეს თხზულებაში ნახსენებ მიქელ პარეხელისაგან, რაზეც ორივე ნარატივში მიქ(ა)ელის შესახებ თხრობისას არსებული განსხვავებებიც უნდა მეტყველებდეს. (ჯანაშვილი 1909, გვ. LI; ინგოროყვა 1954, გვ. 324-325; ბოგვერაძე 1964, გვ. 68-69; Чубинашвили 1959, გვ. 30).
მკვლევართა მეორე ნაწილი კი (ჯავახიშვილი 1977, გვ. 132-141; კეკელიძე 1980, გვ. 180; ვაჩნაძე 1975, გვ. 30-31; ჭელიძე 1991, გვ. 190-192; სულავა 2016) არ თვლის, რომ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში მოხსენიებული მიქაელ პარეხელი იყო შიო მღვიმელის მოწაფე. კორნელი კეკელიძის აზრით, თხზულებაში მოცემული ინფორმაცია, რომ მიქაელ პარეხელი შიო მღვიმელის მოწაფე იყო, „ეკუთვნის არა ბასილი ზარზმელს, არამედ მისი შრომის მეტაფრასტს, რომელიც ცხოვრობდა, თხზულების მიხედვით, არაუადრეს მეთერთმეტე საუკუნის ნახევრისა.“ (კეკელიძე 1980, გვ. 147). ამასთან, კეკელიძეს აგრეთვე აღნიშნული აქვს, რომ, „უეჭველია, გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების მიქელი ერთი და იგივე პირია: ორივე «ცხოვრების» მიქელს ჰყავს მოწაფე ბასილი, ორივე «ცხოვრების» მიქელი აშენებს პარეხს, სადაც სიკვდილის შემდეგ იმარხება კიდეც. ამას არ ეწინააღმდეგება ის მცირეოდენი განსხვავება, რომელიც ამ ორი ცხოვრების თხრობათა შორის არის: სერაპიონის ცხოვრების თქმით, მიქელი პირველად მოღვაწეობდა ოპიზაში და აქედან დაემკვიდრა იგი პარეხს, გრიგოლის ცხოვრებაში კი ოპიზა ამ შემთხვევაში სულაც არაა ნახსენები, - მიქელი მიძნაძორს შემდგარა ბერად, იქედან ხანძთას მისულა გრიგოლთან, რომლის განზრახვით და რჩევით პარეხს დამკვიდრებულა. საქმე ისაა, რომ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების ავტორი მიქელის შესახებ მოგვითხრობს იმას, რაც მას გაუგონია სხვებისაგან, - «ესე სიტყვაჲ მამათა მიერ მოვალს ჩუენდაო», ამბობს ის, და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გარდამოცემითს თქმულებაში რაიმე არეულ-დარეული იყოს და ისეთი ანაქრონიზმებიც შეპარულიყოს, როგორიცაა ცნობა ვითომც მიქელი მოწაფე იყო შიო მღვიმელისაო. გიორგი მერჩულის, გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფს, როგორც ხანძთის მოღვაწეს, უფრო ნამდვილი ცნობები ჰქონია. ეს მიქელი სერაპიონზე უფრო ადრე უნდა გარდაცვლილიყო, არაუადრეს მეცხრე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისისა.” (კეკელიძე და ბარამიძე 1987, გვ. 97).
ქეთევან გაფრინდაშვილის თქმით კი, „მიქელი IX საუკუნის მოღვაწე, დიდი მეუდაბნოე მარტოდმყოფია, რომელმაც ბერთის პარეხი აღაშენა და იქვე დააფუძნა საგანმანათლებლო კერა, სადაც სხვა მოწაფეებთან ერთად აღზრდილან სერაპიონი და მისი ძმა იოანე.” მკვლევრის ფიქრით, მიქაელი სამწერლობო კერის დამფუძნებელია, ვინაიდან „მიქელ პარეხელი მეუდაბნოეობის დამნერგავ იმ მამათა ტრადიციების გამგრძელებელია, რომელთა მოღვაწეობა დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ქვაბთან. ლიტერატურულ ძეგლებში კი, სადაც უდაბნოთშენებასა და ქვაბოვან ცხოვრებაზეა ლაპარაკი, ყველგან დასტურდება მწიგნობრული კერის არსებობა.“ (გაფრინდაშვილი 2005, გვ. 47).
პარეხის მონასტრის ზუსტი ადგილმდებარეობა სადღეისოდ უცნობია და ხელოვნებათმცოდნენი მის იდენტიფიკაციას ცდილობენ. (ჯობაძე 2007; გივიაშვილი და კოპლატაძე 2004; კუდავა 2010; ხოშტარია 2009).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ, ძველ ქართულ ნარატიულ წყაროებში ნახსენებ და ჩვენამდე მოუღწეველ თხზულებათა შორის მიქაელ პარეხელის ცხოვრება ერთადერთი ტექსტია, რომლის სიუჟეტური ხაზის აღდგენაც ხერხდება ბასილი ზარზმელისა და გიორგი მერჩულის თხზულებათა მიხედვით.
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია:
ბოგვერაძე, ანრი 1964. „სერაპიონ ზარზმელიც ცხოვრების თარიღისათვის.“ მაცნე 3: 50-69 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
გაბიძაშვილი 2010 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
გაფრინდაშვილი, ქეთევან. „მიქელ პარეხელი გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებათა მიხედვით.“ კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა 8: 42-47
გივიაშვილი, ირინე და ირაკლი კოპლატაძე 2004. ტაო-კლარჯეთი. თბილისი: თსუ გამომცემლობა - ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი
ვაჩნაძე, ნათელა 1975. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება როგორც ისტორიული წყარო. თბილისი: თსუ გამომცემლობა - ისტორიოგრაფიული ანალიზი
ინგოროყვა, პავლე 1954. გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან. თბილისი: საბჭოთა მწერალი - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
კეკელიძე, კორნელი და ალექსანდრე ბარამიძე 1987 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
კუდავა, ბუბა 2010. „უცნობი ნუსხური წარწერა პარეხის მონასტრიდან.“ „ტაო-კლარჯეთი“ საერთაშორისო კონფერენცია, მასალები. თბილისი: [n.l.], 246-270 - ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი
სულავა, ნესტან 2016. „წმ. მიქაელ პარეხელი ქართულ ჰაგიოგრაფიაში.“ თსუ, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები 10: 159-176 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი
ხოშტარია, დავით 2009. კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. სამხრეთ კავკასია და ანატოლია 3. თბილისი: არტანუჯი - ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი
ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
ჯანაშვილი მოსე 1909. ქართული მწერლობა. წიგნი მეორე. ტფილისი: მსწრაფლ-მბეჭდავი ამხ. „შრომა“ - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
ჯობაძე, ვახტანგ 2007. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. თბილისი: უნივერსალი - ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი
Чубинашвили, Георгий Николаевич 1959. Грузинское чеканное искусство. Исследование по истории грузинского средневекового искусства. Текст. Тбилиси: Сабчота Сакартвело.