მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

გრიგოლ ხანძთელის1 ცხოვრება

ტექსტის ორიგინალური სათაური: შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსადცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მისთანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ

ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: ტექსტი შემორჩენილია ერთადერთ ხელნაწერში, რომელიც ამჟამად იერუსალიმში ინახება (იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა (ჯვრის მონასტრის) ფონდის Ms 2). კრებული მრავალთავის ტიპისაა, რომელსაც აგრეთვე დიდი მეტაფრასის სახელითაც მოიხსენიებენ. ხელნაწერი დათარიღებულია XI საუკუნის ბოლო პერიოდით, ანდა XII საუკუნით. (ნაცვლიშვილი 2018, გვ. 58; Martin-Hisard 2001, გვ. 6-7).

თხზულების დაწერის დრო: თავად ნარატივის ტექსტის თანახმად, ნაწარმოები დაწერილია გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ. გრიგოლი გარდაცვლილა „ქორონიკონსა ოთხმოც და ერთსა,“ ანუ 861 წელს2 („გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაჲ ესე შემდგომად ოთხმეოც და ათისა წლისა, დასაბამითგან გარდასრულთა წელთა ექუს ათას ხუთას ორმეოც და მეათოთხმეტესა წელსა, იერულსამჱმს პატრიარქობასა აგათონისსა, მცხეთას კათალიკოზობასა მიქელისსა, ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კურაპალატისასა, ძისა ადარნერსე ქართველთა მეფისასა, აფხაზთა ზედა მეფობასა გიორგისსა, ძისა კონსტანტი მეფისასა, ერისთავთა-ეროსთავობასა სუმბატისაა, ძისა ადარნერსე მეფისასა, მაგისტრობასა ადარნერსესსა, ძისა ბაგრატ მაგისტროსისასა, ერისთავობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფლისასა.“). შესაბამისად, თხზულება უნდა დაწერილიყო 951 წელს (კეკელიძე 1980, გვ. 152; ჯავახიშვილი 1977, გვ. 121; გაბიძაშვილი 2010, გვ. 177 და სხვ.).

თხზულების დაწერის დროსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება იხ. ქვემოთ.

თხზულების ავტორი: გიორგი მერჩულე3

თხზულების შინაარსი (აღწერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, ანანო ყველაშვილის მიერ):

ავტორი თხზულებას იწყებს სოლომონ დიდი4 სიტყვებით „ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი, ოქროჲ რჩეული,“ მაგრამ სწორედ საკუთარი ნაკლოვანებები არ აძლევს მას დუმილის საშუალებას და უმჯობესად მიაჩნია ღვთის შეწევნით მოყვეს ღმერთშემოსილი ადამიანების, წმინდა გრიგოლისა და მისი მოწაფეების, შესახებ. გიორგი მერჩულე ასევე განმარტავს, რომ მოთხრობილი ამბავი თავად გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და მოწაფის მოწაფეებისგან აქვს მოსმენილი.

ნეტართა შორის გამობრწყინდა ის (იგულისხმება გრიგოლ ხანძთელი) მადლიანი, სრული სიბრძნით, დიდი მღვდელი და კარგი გამგებელი, დაუსახლებელი ადგილების განმშენებელი, რომელსაც ავტორი ზეცაში კაცად, ხოლო მიწაზე ანგელოზად მოიხსენიებს. მან ააშენა ხანძთისა5 და შატბერდის6 მონასტრები, რომლებიც იქცნენ მაგალითად განდეგილი ბერებისა და ახალი ტაძრების მაშენებელთათვის.

თხზულების შემდეგ ეტაპზე ავტორი გვაცნობს გრიგოლის წარმოშობას  ,, ესე იყო შვილი წარჩინებულთა დიდებულთა და მართლმორწმუნეთა მამა-დედათაჲ და სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთავისასა აღზრდილ იყო ხელითა კეთილად მსახურისა დედოფლისა - ნერსეს ცოლისაჲთა, რომელსაცა ეშვილა, რამეთუ იყოცა ძმისწული მისი.” ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ დაბადებიდანვე დედის მიერ ,,შეწირულ იყო” საღმრთო საქმისთვის და მისი აღზრდაც მკაცრად იყო განსაზღვრული. იგი იზრდებოდა განმარტოებით, მარხვით ,,თავისუფალ იყო იგი სიმღერისაგან ყრმათაჲსა და ყოვლისაგან აღრევისა კაცთაჲსა და მარტოდ იყოფვინ თვისსა მას სადგურსა, რომელსა განწესებულ იყო.”

გიორგი მერჩულე გვაცნობს, რომ თავიდანვე ფრიად გასაკვირი იყო მისი დამოკიდებულება სწავლისადმი. მან სწრაფად შეისწავლა ,,დავითნი” და ყოველი ღვთისმსახურების დროს წარმოთქმული წერილები, რომლებიც ქართულ ენაზე იყო, ამავდროულად ისწავლა მრავალი ენა და ,, საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა.”

აღსანიშნავია, რომ გრიგოლი საეკლესიო სწავლებების მიღმა ეცნობოდა საერო ლიტერატურასაც ,,ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად. და რომელი პოვის სიტყვაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკვალი განაგდის.” ამით მან სრულქმნა თავისი ცოდნა, რის გამოც იცოდა მადლიანი საუბარი, გონივრულად და მოზომილად მეტყველებდა. ასაკთან ერთად ასევე იზრდებოდა მისი სათნოებაც  ,,რამეთუ არა იყო, ვითარცა ჭაბუკი, მზვაობარ და ჭამადთა გულის სათქმელთა მოყვარეჲ, არამედ თავით თვისით დანიელ წინაჲსწარმეტყველისა სიტყვასა იტყვინ, ვითარმედ - „პური გულის სათქმელი არა ვჭამო“.

ავტორი გვაცნობს, რომ ,,მდაბალმან გულითა და გლახაკმან სულითა, მყუდრომან ქცევითა და მოწყალემან გონებითა, რამეთუ ძირი სიწმიდისაჲ მარადის გულსა მისსა დანერგულ იყო, აღმომცენარეჲ ჯეჯილსა ღმრთისმსახურებისასა.” ამავდროულად ვხვდებით გრიგოლის ვიზუალურ აღწერას, რომლის მიხედვითაც იგი შესახედად იყო ტანადი, გამხდარი, ასაკით სრული, ხორციელად ჯანმრთელი, ხოლო სულიერად უბიწო.

ამ ყოველივეს შემდგომ ცნობილი ხდება, რომ ხელმწიფემ, მისმა აღმზრდელებმა, დედამ და ერის სიმრავლემ ისურვა გრიგოლის მღვდლად (ხუცად) კურთხევა. მათ გრიგოლს შეახსენეს დავით წინასწარმეტყველის თქმული ,, ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა, არამედ უბრალოჲ ხელითა და წმიდაჲ გულითა”, ვინაიდან ასეთ პიროვნებას წარმოადგენდა გრიგოლი იგი უნდა ასულიყო უფლის მაღალ მთაზე და უსისხლო მსხვერპლი შეეწირა თავისი ღირსებისათვის და მათი ხორცისა და სულის იმედად.  გრიგოლმა, რომელსაც სურდა მღვდლობა, მაგრამ ამავდროულად „შიში დაეცა სიახლისათვის ჰასაკისა მისისა” მიუგო: „ქრისტეს ნაცვალობაჲ არს, ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ, რომელმანცა ჰრქვა მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ - „ნეტარ ხართ თქვენ რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყველთა და მართალთა სწადოდა ხილვად და სმენად, რომელსა თქვენ ხედავთ და გესმის, და ვერ მიემთხვინეს“, რომელსა ღირს იქმენით თქვენ. და თვისისა მის მღდელობისა ნაცვლად უფალმან მოციქულნი დაადგინნა მღდელად. და შემდგომითი შემდგომად ყოველნი სარწმუნონი მღდელნი და მათ მიერ ცხორებისა სასოებაჲ ქრისტეანეთაჲ მღდელობასა შეჰვედრა და სასწაულთა ყოველთა და წინაჲსწარმეტყველთა ჩვენებასა და ღმრთისმხილველთა კაცთა გამოცხადებასა მღდელობითა დაჰბეჭდა. და აწ არა ვინაჲ არს კაცთა ცხოვრებაჲ თვინიერ მღდელობისა, რომლისათვის პავლე იტყვის, ვითარმედ - „ქრისტეს მიერ სახარებისაგან მე გშვენ თქვენ“. და უფალი ბრძანებს: „უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ და არა მიიღოს წმიდაჲ საიდუმლოჲ, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა“. სწორედ ამიტომ ის პატივს ხედავდა მათ შემოთავაზებაში, მაგრამ  ეს აშინებდა კიდეც.

ამაზე ბრძენმა კაცებმა მიუგეს, რომ იგი ღვთის შიში სწორედ სათნოების ნიშანი იყო და იგი გამორჩეულ ქრისტიანს წარმოადგენდა. მათ მოიშველიეს მოსეს სიტყვებიც, რომლის მიხედვითაც „რასა ითხოვს ღმერთი შენგან, ჰოჲ ისრაელ, არამედ რაჲთა გეშინოდეს მისა,“ ასევე სოლომონ დიდის სიტყვებიც, რომ სიბრძნე ასაკით არ განისაზღვრებოდა და სწორედ ,,მხცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცისაჲ და ჰასაკ სიბერის - ცხოვრებაჲ უბიწოჲ.” და ვინაიდან გრიგოლს ღვთისგან ნაბოძები ჰქონდა მხცოვანების დარი სიბრძნე, იგი უნდა მორჩენილიყო ურჩობას და დამორჩილებოდა ქრისტეს და დამონებოდა მღვდელობით.

სწორედ ამ სიტყვების გამო გრიგოლი დამორჩილდა და ეკურთხა მღვდვლად, რის გამოც გაიხარა ერმა, რამეთუ ,,წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა.” მაგრამ გრიგოლის მღვდლად კურთხევის შემდეგ მთავრებმა განიზრახეს მისი ეპიკოპოსობა.

ამასთანავე ავტორი გვაცნობს, რომ გრიგოლი ძალიან წუხდა, როდესაც საკუთარი თავი ხორციელ პატივში დაინახა და მოისურვა ჩუმად წასულიყო ქვეყნიდან საღრმთო ხმობით, რომელსაც წინ უძღოდა აბრაამ მამამთავარი. 7  მაგრამ განსხვავებით აბრაამისგან, რომელიც ღმერთმა ურწმუნოთა ქვეყნიდან გამოიყვანა, გრიგოლი ქრისტიანული ქვეყნიდან უნდა წასულიყო, რათა დაუსახლებელ ადგილებში გამობრწყინებულიყო ჩაუქრობელი სანთლის მსგავსად, რომელიც მაღალ სასანთლეზე ანთია “ზეთითა მით განუპარველითა”,  რათა საყვირის ხმაზე აინთოს და გამობრწყინდეს ძლიერი სულით და წარუძღვეს სულიერ მოწაფეთ.

როდესაც გრიგოლი განიზრახავდა ამას ქრისტეს შეწევნით და მადლით მან იპოვა მოყვასნი ,,საბა, რომელსა ეწოდა საბან, დედის დისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშენებელი8 და ებისკოპოსი მისი, და თევდორე,9ნეძვისა მაშენებელი და მამაჲ, და ქრისტეფორე,10 კვირიკეთისა მაშენებელი და მამაჲ.” ავტორის ცნობით ეს ოთხი მოღვაწე სარწმუნოებამ შეაერთა და საღმრთო სიყვარულმა განამტკიცა, როგორც ერთი სული ოთხ სხეულში.

მაშინ გრიგოლმა მოიშველია დავით წინასწარმეტყველის სიტყვები და თქვა: „რაჲ-მე კეთილ, ანუ რაჲ-მე შვენიერ, არამედ დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად!“ რამეთუ ვითარცა თქვა ქრისტემან სახელისა მისისათვის შეკრებულთა შორის დამკვიდრებაჲ თვისი, ეგრეთვე იყავნ ჩვენ შორის თავადი უფალი, რაჲთა სათნო ეყოს სულიერი ესე საგრობაჲ ჩვენი უცხოებასა შინა და რაჲთა შეწირულ იყოს მსახურებაჲ ჩვენი სათნოდ მის წინაშე.”

მათ კი მიუგეს, რომ დაე ყოფილიყო ქრისტე ღმერთი მათ შორის სულიერი ძმობის განსამტკიცებლად, რათა საღმრთო ძალა დამკვიდრებულიყო მათ შორის. ისინი მტკიცე ძმობით გაემართნენ უცნობი გზისკენ, მაგრამ არა უმეცრად, რამეთუ უფალი მიუძღოდა მათ წინ, რომელმაც პირველად მიიყვანა ისინი ოპიზაში.

ოპიზაში ყოფნისას ძმები მივიდნენ მცირე ეკლესიაში ,,ეკლესიაჲ წმიდასა ნათლისმცემელისაჲ. და იყო წინამძღვრისა მათისა სახელი ამბა გიორგი, რამეთუ მესამე მამაჲ იყო ოპიზისაჲ, რაჲთგან სამოელ და ანდრია გარდაცვალებულ იყვნეს.” სადაც ისინი ორი წლის განმავლობაში იყვნენ მკაცრი მონაზვნური ცხოვრებითა და შრომით, როგორი სამონაზვნო წესიც იყო მაშინ.

ამის მიუხედავად გრიგოლს სურდა მარტო ,,დაყუდებაჲ,” რამეთუ ესმოდა განდეგილთა წმინდა ცხოვრების შესახებ უდაბნოში, რომლებიც იკვებებოდნენ მცირედით, ხოლო ავტორის თქმით ,, ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ წმიდაჲ გრიგოლ და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ - რომელთაგანმე ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგანმე სიმდაბლესა და სიყვარულსა, რომელთაგანმე სიმშვიდესა და განურისხველობასა, რომელთაგანმე უპოვარებასა და ქვეყანასა ზედა წოლასა, გინათუ ზეჯდომით ძილსა, რომელთაგანმე უძლურებასა და ხელთსაქმარსა დუმილით და მსგავსთა ამათთა სათნოებათა. და ესრეთ სწავლათაგან სულიერთა აღსავსემან მიაქციის საყოფლადვე თვისა, რამეთუ ესმინ წმიდათა მათგან, ვითარმედ - ჰრცხვენისმცა სოფელსა ქცევათაგან ჩვენთა კეთილთა.”

იმ დროს ხანძთაში იყო განდეგილი ბერი ,,კაცი მართალი და წმიდაჲ, რომლისა სახელი - ხვედიოს.” მან იხილა ჩვენება არა თუ ძილში, არამედ ცხადად, რომ ამ ადგილას უნდა აშენებულიყო ტაძარი გრიგოლ ხანძთელის მიერ. ,,და ესმა ხმაჲ ნეტარსა მას ბერსა, ვითარმედ: აღეშენოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ადგილსა ამას ხელითა გრიგოლ მღდელისა, კაცისა ღმრთისაჲსა, და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა.” წმინდანმა ძლიერ განიხარა ამ ჩვენების შემდეგ, რამეთუ ღირსი შეიქმნა უფლის მიერ.

 სული წმინდას წინამძღოლობით გრიგოლი მივიდა ხანძთაში და შეხვდა ხვედიოსს. ერთმანეთის ნახვით ძლიერ განიხარეს და როგორც დიდი ხნის მეგობრებმა ისე მოიკითხეს ერთმანეთი. რის შემდეგაც გრიგოლს უამბო ჩვენების შესახებ, ხოლო მან მადლობა შესწირა უფალს, რამეთუ მიეცა საშუალება თაყვანი ეცა წმინდანისთვის, ხოლო ხუედიოსმა ამცნო, რომ იგი უფრო მადლიერი იყო უფლის, ვინაიდან მიუხედავად ასაკით სიმცირისა, გრიგოლი მასზე აღმატებული იყო ,,დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ, საქმითა კვლა უხუცეს ხარ ჩემსა, რამეთუ შენ იყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყველთა საცხოვართა ქრისტესთა და სულისა ჩემისა საუკუნოდ გვირგვინი და სასოჲ”. ასევე წმინდანმა აღნიშნა, რომ გრიგოლი იყო მწყემსი, მრავალი პირმეტყველი ცხვრისა და წინამძღვრად ჰქონდა უფლის მადლი, რომლის წინაშეც უძლური იყო ყოველი მზაკვრული ჩანაფიქრი, როგორც ობობას ქსელი ქარში.

მცირე საუბრის შემდეგ ავტორი გვამცნობს, რომ ,,განჰმზადა ტაბლაჲ მსგავსად ჩვეულებისა სიხარულით, …. აკურთხეს მადლობით და იწყეს ჭამად მარადის მეტყველთა სულისა საზრდელსა მას სიტყვასა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“.“

როდესაც მეორე დღე გათენდა მათ მოინახულეს ხანძთის მიდამოები და გრიგოლს ძლიერ მოეწონა. რის შემდეგაც წმინდანს აცნობა, რომ უნდა უნდა დაბრუნებულიყო თავის ძმებთან ოპიზაში.

ოპიზაში დაბრუნებულმა გრიგოლმა ყოველივე უამბო თავის სულიერ ძმებს. ისინი ეახლნენ ოპიზის წინამძღოლ გიორგის და მისი ნებართვით გაემართნენ ხანძთაში. ხვედიოს ძლიერ გაუხარდა მათი დანახვა, დალოცა ისინი, მაგრამ ამავდროულად ამცნო რომ მას აღქმა ჰქონდა დადებული სიკვდილამდე მარტო ყოფნის შესახებ. იგი სულიერად მათთან იქნებოდა, მაგრამ თავისი აღთქმა უნდა შეესრულებინა, რის გამოც გრიგოლს სთხოვა წაეყვანა იგი მახლობელ გამოქვაბულში დარჩენილი დღეების იქ გასატარებლად და მიეცა პირობა, რომ მის სიკვდილამდე არ გამრავლდებოდნენ. ამის შემდეგ მან ჯვარი გადაწერა თავის სამკვიდრებელს. ძმები აღარ შეეცილნენ ხვედიოსს, მივიდნენ მასთან ერთად გამოქვაბულში და ილოცეს, შემდეგ კი დაბრუნდნენ ღვთის მიერ მონასტრისთვის გამორჩეულ ადგილას, სადაც გრიგოლმა წარმოთქვა ლოცვა.

ამის შემდეგ ავტორის თქმით ძმებმა დაიწყეს ხანძთის შენება, რა დროსაც წარმოთქვამდნენ ლოცვებს. გადაწერეს სენაკების ასაშენებლად განკუთვნილ ადგილს ჯვარი და დაიწყეს მიწის დავაკება. ვინაიდან ხანძთის კლდე ძალიან მტკიცე იყო კლარჯეთის ყველა კლდეზე დიდი შრომის გაწევა მოუხდათ, რადგან არ ჰქონდათ ცული და წერაქვი და არც სხვა მსგავსი იარაღი. ოპიზელმა მამებმა მისცეს ყველაფერი რაც ჰქონდათ და დაეხმარნენ საჭირო ნივთებითა და საკვებით. ავტორის ცნობით ამის მიზეზი იყო ,, რამეთუ მას ჟამსა სხვაჲ მონასტერი არა შენ იყო მათ ქვეყანათა თვინიერ ოპიზისა და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქვეყანათაჲსა, რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქვეყანათა მცირენი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ.”

მერჩულეს ცნობით ,,ნეტარმან მამამან გრიგოლ პირველად აღაშენა ძელისა ეკლესიაჲ და შემდგომად საყუდელი თვისი და თითო სენაკები ძმათა მათთვის მცირეჲ და ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი.”

ყოველდღიურად მრავლდებოდნენ ძმები ,,რამეთუ შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი11 მოქმედად ჭეშმარიტსა მას ვენახსა და თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა, მხნდებოდეს რაჲ ღვაწლსა მას მონაზონებისასა მსგავსად წმდიათა მოწამეთა და უფროჲს მათსა”.

ამავე ჟამს ბერი ხვედიოსი ძლიერ მოხუცებული იყო. როდესაც მოახლოვდა მისი გარდაცვალების დრო ეახლა გრიგოლი თავის ძმებთან ერთად. მიიღეს მისგან დალოცვა, რის შემდეგაც გარდაიცვალა, ,,ხოლო მამამან გრიგოლ და ძმათა წამოიყვანეს ძლევითშემოსილი გვამი მისი და გალობითა წმიდითა დაჰმარხეს იგი საფლავსა შინა. და მადლი მისცეს ქრისტესა ნებისმყოფელთა მისთა ძლევისა მომცემელსა და გვირგვინოსანმყოფელსა.”

მაშინ ღვთის ნებით გამრავლდნენ ქრისტეს მსახურნი ხანძთას. მამა გრიგოლი ზარმაცს არავის ღებულობდა, არამედ თვითონვე გამოხდიდა მათ სასიკეთო საქმეში და თუ შეატყობდა, რომ იყო უბოროტო, თავმდაბალი და მოწადინებული კეთილი საქმის კეთებაში, სიხარულით ღებულობდა. ამიტომ მისი მოწაფეები ავტორის თქმით, ,,ემსგავსებოდეს მოძღვარსა კეთილსა, ვითარცა მოძღვარი მათი ემსგავსებოდა ქრისტესა, რომელიცა იტყვის: „კმა არს მოწაფისა მის, იყოს თუ ვითარცა მოძღვარი თვისი“

ასე ცხოვრობდნენ სულიერად კეთილად, მაგრამ ხორციელად გაჭირვებაში.

ამ დროს ქვეყანას განაგებდა აშოტ კურაპალატი,12 რომლის კარზეც იყო აზნაური - გაბრიელ დაფანჩული, ყოველმხრივ შემკული დიდი სიმდიდრით, სიბრძნით, ასაკით, ახოვნებით, გამარჯვებითა და რწმენით სახელგანთქმული.

მისი საცხოვრებელი ადგილი იყო გრიგოლის სავანის მახლობლად. როდესაც მან დაინახა მოწაფეების სიღატაკე მივიდა გაბრიელ დაფანჩულის სახლში, რომელიც იმ ჟამად შინ არ დაუხვდა, მაგრამ მიეგება მისი მეუღლე მარიამი, რომელმაც შესაბამისი პატივით მიიღო იგი, უკან დაბრუნებისას კი მრავალი სიკეთე უძღვნა და თან კაცები გამოაყოლა, რათა მიმავალი გზა ესწავლათ. ამიერითგან კი გრიგოლსა და მის მოსწავლეებს არაფერი მოაკლდებოდათ, ხოლო სანაცვლოდ მარიამმა სთხოვა მათთვის ელოცა წმინდა მამას. გრიგოლი სიხარულით დაბრუნდა თავის სავანეში, ხოლო მას შემდეგ რაც გაბრიელ დაფანჩულმა შეიტყო გრიგოლის სტუმრობის შესახებ სწრაფად დაწერა თხოვნის წერილი, რომ კვლავ ენებებინა სტუმრობა ნეტარ გრიგოლს.

გრიგოლი დაჰყვა აზნაურის სიტყვას, ხოლო გაბრიელის შეხვედრის შესახებ ავტორი გვამცნობს, რომ, ,,ვითარცა ესმა მისლვაჲ მის ნეტარისაჲ, აღდგა და მიეგება წინა გაბრიელ, აზნაური მეფისაჲ, და თაყვანი სცა სიხარულით და ამბორს უყოფდა წადიერად ხელთა მისთა წმიდასა მას. და წარიყვანა პატივით სახედ თვისა და მრავალთა დღეთა განუსვენა. და წარმოუდგინნა წინაშე მისსა ოთხნი იგი ძენი თვისნი, ყოვლად კეთილნი და ყოვლითავე მსგავსნი გაბრიელ მამისა მათისანი: პატრიკ, გვარამ, არშუშა და აბულასათ” შვილების წარდგენის შემდეგ კი სთხოვა დაელოცა ისინი და მისი სამკვიდრო. გრიგოლმა დალოცა ისინი, უსურვა დღეგრძელობა, გადასახა ჯვარი და დაჯდა.

გაბრიელმა გრიგოლს უთხრა, რომ მასთან იყო ხორციელი სიმდიდრე, ხოლო გრიგოლთან სულიერი და შესთავაზა ამ ორის შეზავება: ,,თქვენ მონაწილე გვყვენით წმიდათა ლოცვათა თქვენთა ცხორებას ამას და შემდგომად სიკვდილისა, და ძვალნი ჩვენნი ღირს ყვენით დასხმად წმიდათა თანა ძვალთა თქვენთა, და ლოცვაჲ ჩვენთვის უკუნისამდე განაწესეთ მონასტერსა თქვენსა. და ჩვენ აღგითქვამთ ცხორებასა ჩვენსა და ცხორებსა შვილთა ჩვენთასა, შვილითი შვილადმდე თანაგვაც თქვენი ღვწაჲ და მონასტრისა თქვენისაჲ ჟამთა უკუნისამდე. არამედ, წმიდაო მამაო, სავანე კეთილი, ადგილი დედათათვის სამკვიდრებელად გამონახეთ, რაჲთა ესე მცნებაჲ იყოს ჩვენ შორის ნათესავისა ჩემისა: უკეთუ მოწესე მამაკაცი იყოს, სამკვიდრებელად მისა ხანძთაჲ იყოს, და უკეთუ ერისა ჩემისა მოწესეჲ დედაკაცი იყოს, მუნ დაემკვიდროს, რომელიცა შენ გამოაჩინო ქვეყანასა ამას ადგილი შენ მიერ კურთხეული. და ვითარცა მიცვალებულთა მამათათვის ხანძთაჲ განმიწესებია, ეგრეთვე იყოს სამარხავი მიცვალებულთა დედათაჲ აწ შენებულსა მას.”

გრიგოლმა დაიწყო გულმოდგინე ძიება და გუნათლეს მახლობლად იპოვა შესაფერისი ადგილი. გადაწერა კვარი და დაიწყეს დედათა მონასტრის შენება, რომელსაც უწოდებენ გუნათლეს ვანს.13 გაბრიელმა გრიგოლს დიდი ძღვენი უბოძა, მისცა კალატოზები და ყოველგვარი მასალა მონასტრის ასაშენებლად. გრიგოლი სიხარულით დაბრუნდა თავის მოწაფეებთან, რომლებიც მადლობას სწირავდნენ უფალს.

ნეტარმა გრიგოლმა საეკლესიო ადგილი დაავაკა და ჯვარი გადასახა, ასევე წარმოთქვა ლოცვა უფლის წინაშე ,,შენ, უფალო, აწცა აკურთხე ადგილი ესე წმიდისა შენისა ეკლესიისა სამკვიდრებელი მადლითა შენითა და წმიდათა შენთა ოხითა, რაჲთა ღირს ვიქმნე გლახაკი შენი სრულიად აღშენებად ამისა სახელსა ზედა და უძლეველსა სარწმუნოებასა დიდისა მოწამისა შენისა გიორგი ჯვარითა მოქადულისა, ახოვნისა და სახელოვნად განთქმულისა ბრწყინვალედ შორის წმიდათა შენთა მარტვილთა და მოწამეთა, რომელნიცა ხორცნი მახვილითა დაიჭრებოდეს, ხოლო სარწმუნოებაჲ არა განიკვეთებოდა.”

ამის შემდეგ იწყეს წმინდა მამებმა უდაბნოში მონასტრების შენება, გამრავლდნენ მსახურნი წმინდა სამებისა და მარადის მადიდებელნი. რის შემდეგაც ავტორი გვაცნობს, რომ ,,სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედაჲ ფებრონია მოიწია სამცხით და დაემკვიდრა მერეს შინა. და ღირსად ცხორებისა და სულიერად განგებისა მისისა არა იყო საზღვარ. და საღმრთოჲთა სიყვარულითა წმიდითა ერთზრახვა და მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღმრთისა კაცნი - დედაჲ ფებრონია და მამაჲ გრიგოლ.”

თხზულების შემდეგ ეტაპზე ვიგებთ, რომ აშოტ კურაპალატისთვის გაბრიელს უცნობებია გრიგოლის  ღირსება, მის მიერ უდაბნოში მონასტრების მშენებლობის ამბავი, მოწაფეთა სათნოებისა და თავად გრიგოლის წარმომავლობის შესახებ. აშოტმა სწრაფად დაწერა ეპისტოლ (წერილი) და გააგზავნა თავისი მსახური გაბრიელის მსახურთან ერთად, რათა მოეწვია გრიგოლი. როდესაც გრიგოლი მივიდა, მას ფეხზე ამდგარი შეეგება აშოტი და მდაბლად მოიკითხა იგი. თხზულების მიმდინარე ეტაპზე ვხვდებით აშოტის მიმართვას გრიგოლისადმი: „მეფეთა ისრაელისათა ჟამად-ჟამად წინაჲსწარმეტყველი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებელად ურწმუნოთა. ეგრეთვე ჟამთა ჩვენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად და რაჲთა მარადის იღვწიდე ჩვენთვის წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტესა და წმიდათა მისთა.” რასაც გრიგოლი პასუხობს დალოცვით ,,დავით წინაჲსწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე.”

მათი საუბრის შემდეგ მოციქულებმა წარმოთქვეს ქება და აღნიშნეს, რომ იქ არც სიცივე და არც სიცხე არ შეაწუხებს ადამიანს, რომ მას აქვს გრილი და საამური ტყე, მცირე საზრდოც, მაგრამ არ არის ყანები და სათიბი მიწა, ვინაიდან მიუვალი და ღორღიანი ადგილია. როდესაც ეს გაიგო აშოტ კურაპალატმა აგარაკად შესწირა ხანძთას შატბერდის ადგილები, ხოლო მისმა შვილებმა ასევე უხვად შესწირეს მონასტერს. ,,და ვითარცა ადგილნი იგი მოითვალნა და კურთხევაჲ მიანიჭა კურაპალატსა და ძეთა მისთა ნეტარმან გრიგოლ, მაშინ მრავლისა კეთილისა ნაყოფითა სავსეჲ მოვიდა ხანძთად, მონასტრად თვისა, და ახარა ძმათა ყოველი იგი განმარჯვებაჲ მადლითა ქრისტესითა და ოხითა წმიდისა გიორგისითა. ხოლო მათ უხაროდა და ულოცვიდეს სარწმუნოებით შემომწირველთა და ჰმადლობდეს ქრისტესა კეთილის მყოფელსა.”

გრიგოლის სულიერ ძმებს ემატებოდნენ ახალი წევრები. რის შემდეგაც ავტორი გვამცნობს სხვა წმინდა მამების მისვლას ხანძთაში, ,,რამეთუ მას ჟამსა მოვიდეს მამაჲ ეპიფანე და მღდელი მატოი ქართლით და დიდი ზენონ სამცხით.” მათგან ეპიფანე და მატო თავიდანვე იცნობდნენ გრიგოლს და მისი სახელის გაგების შემდეგ მოვიდნენ, ხოლო ზენონი იყო წარჩინებული ოჯახის შვილი, რომელიც ღვთისმსახურებაში იყო გაზრდილი და სურდა ბერობა. როდესაც მისი მშობლები გარდაიცვალნენ მას და მის დას დაუტოვეს მთელი ქონება. ზენონი ფიქრობდა, რომ დედისა და მამისგან დატოვებული ქონება დისთვის დაეთმო და თავად მონაზვნად წასულიყო უცხოობაში. სწორედ ამ დროს მისი და ეშმაკის გავლენით ერთმა უკეთურმა კაცმა შეაცდინა და ღამით წავიდნენ შავშეთში. როდესაც ზენონმა ეს შეიტყო აისხა იარაღი, შეაჯდა ცხენს და დაედევნა მათ. ხანგრძლივი გზის გავლის შემდეგ თქვა  „ვარ მე ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს. დაღაცათუ ვეწიო და მოვკლა, საბრხე არს სულისა ჩემისაჲ, და უკეთუ ცუდად უკუნვიქცე სახედ ჩემდა, სირცხვილ არს ჩემდა. არამედ აღთქმაჲ მონაზონებისაჲ აწ აღუსრულო უფალსა.“ ამის შემდგომ მან დატოვა თავისი ქონება და მივიდა ფებრონიასთან, რომელიც მისი ნათესავი იყო. ამ დროს იქ იმყოფებოდა მამა გრიგოლიც, რომელმაც შეიწყნარა იგი.

ავტორი თხზულების ამ ნაწილში ასევე გვაწვდის ინფორმაციას ზენონის აღსასრულის შესახებ, რომელმაც ,,ესე ნეტარი ზენონ მიიწია მოხუცებულებასა და ვიდრე აღსასრულამდე არა განეშორა ხანძთასა ჭეშმარიტად სულიერი შვილი, მსგავსი მამისაჲ, კეთილი მოწაფეჲ, ნაცვალი მოძღვრისაჲ, ნეტარი, სათნოებათა საუნჯეჲ, მონაზონებისა წესი წმიდაჲ, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდეჲ, სულთა უკეთურთა მაოტებელი.”

გიორგი მერჩულე იხსენებს, რომ გრიგოლს აწუხებდა კანონების არ ქონა, რამეთუ “გულს ეტყოდა, ვითარმედ: „ვითარცა მონასტრისა ჩემისა მამანი სათნოებითა უზეშთაეს არიან ჟამისა ამის მონაზონთა, ეგრეთცა წეს არს წესი საღმრთოჲ საეკლესიოჲ ეკლესიასა შინა ჩემსა დაწესებად ბრძენთაგან განუკითხველი“.“ ამიტომ მან გაიზრახა გამგზავრებულიყო მეორე იერუსალიმში, ანუ კონსტანტინეპოლში, ეხილა და მოელოცა ყველა წმინდა ადგილი. ამ დროს მან თავისი მეგობარი მონახა, რომელიც აპირებდა იერუსალიმში გამგზავრებას და მას სთხოვა საბაწმინდის წეს-განგების14 გადმოწერა. დაემშვიდობა თავის ძმებს. თან წაიყვანა საბა (დეიდაშვილი) და ერთი თავისი მოწაფეთაგანი. კონსტანტინეპოლში ჩასვლისას მან ,,თაყვანის სცა ძელსა ცხორებისასა და წმიდათა ყოველთა ნაწილთა. და სიხარულით მოვლნა ყოველნი წმიდანი ადგილნი სალოცველნი, რამეთუ მრავალთა ენათა წვრთილ იყო იგი და მრავალმოსწავლე ყოფილ ხელითა კეთილად მსახურებისაჲთა. და რომელიმე სახილავი მოძღვარ კეთილის ექმნის და რომელიმე განსაკრძალველ ბოროტისათვის. და ესრეთ აღმოივსო გული მისი სიმდიდრისაგან დაუბეჭდველისა ახლისა შჯულისა და სულითა მადლისაჲთა განმხიარულებულნი წარმოემართნენ საყოფელად თვისა.”

ტაოში დაბრუნებულმა გრიგოლ ხანძთელმა შეიტყო აშოტ კურაპალატის გარდაცვალების შესახებ, რის შემდეგაც მისი შვილები გამეფებულან. გრიგოლი მწუხარებით აივსო და წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: ,,ჰოჲ, მეფეო ჩემო ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადაჲთ-მე მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ-მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკვირველი ეგე დიდებული, ღმრთისმსახური ხელმწიფეჲ. აწ ვითარ-მე მიეცი ხელსა შეურაცხთა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი-იგი იუდაჲს მსგავსად შენ, უფლისა თვისისა მკლველ იქმნნეს მოსაკვდინებელად ჩვენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე?” ამის შემდგომ კი მიულოცა აშოტის შვილებს.

როდესაც გრიგოლი მივიდა იშხანში მას და საბას გამოეცხადა ღვთის ნებით იშხნის ძველი დიდებულება, მის დაბებში წმინდა ეკლესიები და ეუწყათ იშხნის პირვანდელი სახის აღდგენა საბას ხელით. ასევე ეცნობათ მისასვლელი გზებიც, რამეთუ მაშინ გაუვალ ადგილს წარმოადგენდა. როდესაც დანიშნულ ადგილას მივიდნენ მიხვდნენ, რომ სულიერი და ხორციელი საზრდო თანაბრად იშოვებოდა. საბას თავიდანვე სწადდა დარჩენა, მაგრამ გრიგოლმა მიუგო, რომ თავდაპირველად უნდა წასულიყვნენ დატოვებული ძმების სანახავად, ხოლო შემდგომ დაბრუნებულიყო. ისინი მივიდნენ კურაპალატის ვაჟებთან და მიუსამძიმრეს მამის გარდაცვალება, შემდეგ წავიდნენ ხანძთაში.

ხანძთაში დაბრუნებულმა გრიგოლმა ძლიერ განიხარა, რამდენიმე დღეში საბა გააგზავნა იშხანში და თან ორი მოწაფეც გააყოლა.

მაშინ დაბრუნდა იერუსალიმიდან კაცი, რომელმაც თან ჩამოიტანა საბაწმინდის წეს-განგება. იმ დროისთვის გრიგოლს უკვე თან ჰქონდა საკუთარი წესები, რომელიც შედგენილი იყო დიდი სიბრძნით, სიკეთით, ყოველი მონასტრიდან შეკრებილი და დაუშრეტელი სიკეთის წყარო. ამ წესებთან მიმართებით ავტორი გვაწვდის შემდეგ ცნობებს - ,,სიმართლესა შინა მათსა მარადის თავთა თვისთა ბრალობაჲ აქვნდა და სიყვარულისა ძირი მტკიცე, მოთმინებაჲ სიმდაბლით და სიმშვიდით, მარხვაჲ ლოცვითა შეზღუდვილი, სარწმუნოებასა თანა მართალსა დამტკიცებული, სიწმიდე გულისაჲ და ჭეშმარიტებაჲ ენისაჲ და უბიწოებით კრძალვაჲ სრულიად ყოველსავე ზედა. ხოლო წმიდასა ეკლესიასა ლოცვასა მათსა არა აქვნდა უბნობაჲ ურთიერთას, არამედ შიშით დგანედ, ვითარცა ზეცას წინაშე ღმრთისა. და რაჟამს „დავითსა“ იტყვიედ, ვიდრე „ალელუჲასა“ განსრულებამდე მემხრეთა ვერ იკადრიან მუხლისა აღებაჲ დაწყნარებულსა მას ლოცვასა მათსა. რამეთუ არა აქვნდა ჩვეულებაჲ სწრაფით თქმისაჲ ყოველსავე ზედა საგალობელსა მათსა, არამედ მდაბლად და გვიანად იყო ლოცვაჲ მათი. და კედელსა თვინიერ ბერთაჲსა არავინ მიეყრდნებოდა, ხოლო ძილსა და უკრძალველად ჯდომასა ყოვლადვე არა იკადრებდეს ეკლესიასა შინა…. ყოველთა ღამის თევათა შემწუხრებითგან განთენებამდე ლოცვაჲ, და ღამის თევათა წინადღით დღისა ჟამთა ყოველთა ლოცვაჲ, და ჟამისწირვაჲ ჟამსა ცხრა ჟამისასა, და კვერექსთა შემატებაჲ. ხოლო ჟამისწირვასა ყოველსა „წმიდაო ღმერთოსა“ წინა კვერექსი ზეცით გარდამოჲ და კვირიაკეთა ჟამისწირვასა „წმიდაო ღმერთოჲ“ ექვსი. და საკურთხეველისა მსახურებასა ფესვედითა სამოსლითა და ტყავითა არა იკადრებოდა მსახურებაჲ.

ხოლო გარდაცვალებულთათვის ყოველთა გარდაიხდიან, გარდაცვალებითგან რასაცა დღესა მიხვდის, სამი დღეჲ და შვიდი, ორმეოცი და წელიწადი. და მათ დღეთა ჟამისწირვაჲ არა შეათვალიან ორასთა მათ დღეთა განწესებულთა ხანძთას დამარხულთათვის. და განყოფაჲ პაქსიმადისაჲ პირველითგანვე განწესებული არს, გიორგიწმიდობისა თვეჲ რაჲ დადგეს, მარხვაჲ წველითა ვიდრე გიორგიწმიდობამდე, ეგრეთვე ქრისტეჲსშობისა მარხვანი და წმიდათა მოციქულთანი საეკლესიოდ დიდითა მოღვაწებითა და კეთილად კრძალულებითა აღასრულნიან.

ხოლო ნოემბრისა თვისა დადეგითგან ყოველთა შაბათთა ცისკრად ვიდრე პირმარხვადმდე - კანონი ოთხი, და დიდთა მარხვათა ვიდრე ბზობამდე ყოველსა ცისკარსა - კანონი ოთხი, ეგრეთვე წიგნის კითხვაჲ ოთხი. და ვნებისა კვირიაკისა ფრიად განგებაჲ იყო. ხოლო აღვსებითგან ვიდრე ახალ-კვირიაკემდე ჭირისა კანონი არა თქვიან. და სერობასა „ხადილსა ჩემსა“ წართქვიან და ადგომისა წარდგომანი და ცისკრად დაწესებულნი და თითო კანონი - ახალკვირიაკემდე. ხოლო სულთა ხსენებასა შემდგომად აღვსებისა ცისკრად „ნეტარ არიანნი“ და გალობანი წართქვნიან, ვითარცა ყოველი წერილ არს განგებასა ეკლესიისასა ამის ყოვლისა ნეშტი. ეგრეთ ჰყოფდიან ყოველსა მამანი ჟამთა შინა ჩემთა.” მერჩულეს გადმოცემით მამა გრიგოლის მიერ დაწესებული კანონები მეტად მკაცრი იყო. მოწაფეებს სენაკებში ჰქონდათ სარეცელი ღარიბული ქვეშაგებით და თითო ჭიქა წყლისათვის. სხვა საზრდო არაფერი ჰქონდათ არც საჭმელი და არც სასმელი. ბერები ერთად ტრაპეზობდნენ, ბევრი მათგანი არ სვამდა ღვინოს, ვინც სვამდა კი ძალზედ ცოტას ღებულობდა. სენაკებს არ ჰქონდა საკვამური, ვინაიდან ცეცხლს არ ანთებდნენ, არც სანთლები, რამეთუ ღამით ფსალმუნებს ამბობდნენ, დღისით კითხულობდნენ და ლოცულობდნენ.

გრიგოლის თავდაპირველ მოწაფეებს თევდორეს და ქრისტეფორესს გულში საღმრთო შური ჰქონდათ, სურდათ თავადაც აეგოთ ტაძრები, რის შესახებაც არ უთხრეს გრიგოლს და ფარულად წავიდნენ აფხაზეთში და თან წაიყვანეს რამდენიმე მოწაფე. სამცხეში მისვლისას მათ დაიმოწაფეს მირიან აზნაურის, მცირეწლოვანი ვაჟი არსენი. არსენი იმჟამად ექვსი წლის იყო და მამასთან იზრდებოდა. თევდორემ და ქრისტეფორემ ჩააცვეს მას ბერის სამოსი და წაიყვანეს აფხაზეთში, სადაც მეფე დემეტრემ15 დიდი პატივით მიიღო ისინი.

როდესაც გრიგოლმა შეიტყო თავისი ძმების ურჩობის შესახებ გაემართა მათ საძებნელად, როგორც მწყემსი კეთილი ურჩი კრავების საპოვნელად, თან წაიყვანა თავისი ოთხი მოწაფე და პირველად მივიდა ქართლში, სადაც შეხვდა ეფრემს, რომელიც დაიმოწაფა და უთხრა, აფხაზეთიდან დაბრუნების შემდგომ თან წაიყვანდა. გრიგოლს აფხაზეთის მეფე წინ მიეგება და დიდი პატივით მოიკითხა, ხოლო გრიგოლმა მრავლად დალოცა იგი, შემდეგ კი სთხოვა ეხმო თავისი ძმებისთვის, რამეთუ მასთან იმყოფებოდნენ. დემეტრე მეფეს გაუჭირდა მათი გამოჩენა და უთხრა, რომ მსგავსი მამები მასთან არ იმყოფებოდნენ, მაგრამ როდესაც წმინდა მამამ ამხილა იგი და სთხოვა ტყუილად არ გაესარჯა, ვეღარაფერს გახდა მეფე და ბრძანა ძმების მოყვანა. როდესაც თევდორემ და ქრისტეფორემ იხილეს მამა გრიგოლი ფეხებში ჩაუვარდნენ ტირილით, ცრემლით პატიება სთხოვეს, ხოლო წმინდანმა ააყენა ისინი, გულში ჩაიკრა და მადლობა შესწირა უფალს მათი პოვნისთვის.

მეფე დემეტრემ სთხოვა გრიგოლს აფხაზეთში ეპოვა ისეთი ადგილი სადაც შეძლებდნენ ტაძრის აგებას, ვინაიდან მას დიდი სურვილი ჰქონდა ეკლესიების შენებისა. მრავალი ადგილი მოიარეს, მაგრამ მამა გრიგოლს არ მოსწონდა არცერთი ადგილი და უთხრა მეფეს ყოველივე. ,,  არა არს მიწაჲ, არცა წყალი ქვეყანასა ამას, სადამცა მონასტერი აღეშენა. რამეთუ ტალანტი მონაზონისაჲ მარხვაჲ არს და ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვაჲ სულისაგან ხორშაკისა მაკვდინებელისა.” დემეტრე მეტად შეაწუხა მოსმენილმა.

საბოლოოდ, მეფის დაჟინებული თხოვნით მამა გრიგოლმა ააშენა უბისი,16 რომლის მამასახლისად დაადგინა იერუსალიმელი ბერი ილარიონი. მონასტერს შესწირა ქრისტეფორესა და თეოდორეს მიერ წამოღებული წიგნები და ასევე ისინიც, რომელიც გრიგოლს ჰქონდა თან. აფხაზეთის მეფემ ძლიერ გაიხარა და მრავალი სხვაც შესწირა.

წამოსვლისას მეფე დემეტრემ გამოკითხა გრიგოლი კლარჯეთის უდაბნოს შესახებ. მანაც მიუგო, რომ მისი გონება ვერ შეძლებდა უდაბნოს ყოველი სიკეთის გადმოცემას, რადგან სამონაზვნო ცხოვრება იქ ყვავის და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. მამა გრიგოლმა დაახასიათა, რომ ბუნებით უდაბნოს მიწა მსგავსია, არც სიცხე აწუხებდათ და არც სიცივე. უდაბნოს აღწერს, როგორც მშრალ, უმტვერო, მზიან, კარგი წყლითა და ხე-ტყით მდიდარ ადგილად. აღნიშნა, რომ იყო ურიცხვი ჭალა და საამო წყაროები, ღვთისგან მიმადლებული სიხარული და შვება. ამის მიუხედავად იგი მიუვალია საერო პირთათვის, ვინაიდან ერთი მხრიდან მთა არტყამს, ხოლო მეორე მხრიდან შავშეთის მდინარეთა ნაკადი. გრიგოლ ხანძთელის სიტყვებიდან ჩანს, რომ მონასტრის მიდამოებში არ არის სათიბი მიწები, არც ყანა, არც სახნავი, არამედ უწევთ დიდი შრომით მიიტანონ საკვები ვირებით. აღნიშნავს, რომ დიდი გაჭირვებით გაუშენებიათ პატარა ვენახი და ბოსტანი. ამის მიუხედავად ისინი უშიშრად გრძნობენ თავს ურწმუნოთა შემოსევისგან. გრიგოლი იშველიებს თავად ღვთის განგებას, რომ წესია მონასტრების ბერის ხელით აშენება, ვინაიდან ისინი თავისუფალნი არიან წუთისოფლის ცდუნებათაგან, რაც შეეხება მორწმუნე მეფეებს ,, მისცა ღმერთმან ხელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშენებად საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა ერსა ზედა მთავარ ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ შემკობილნი სამოსლითა ბრწყინვალითა. ხოლო რაჲთა არა დაუტეონ გონებაჲ მათ ხილულთა მათ ნივთთა შინა, არამედ კეთილთა მათ საუკუნეთა გულისხმა ჰყოფდენ, რამეთუ სიბრძნემან საღმრთომან სამოსელთა მრავალსახეთა მიერ გულისხმა უყო ყოველთა კაცთა პატივი თითოეულისა წესისა მათისაჲ ღმრთისმსახურებით. ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არა ვისსა ხელმწიფებასა ქვეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშვებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათვის მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა, მსგავსად პირველთა მათ მამათა წმიდათა, რომელთა სიგლახაკესა შინა დიდსა მყოფთა აღაშენნეს წმიდანი უდაბნონი, თვინიერ ქვეყანისა მეფეთა ბრძანებისა, შეწევნითა ყოვლისა შემძლებელისა ღმრთისაჲთა. და აწცა ჟამთა ჩვენთა არიან მსგავსნი პირველთა მათ ნეტართა კაცთანი მაშენებელ მონასტერთა ადგილთა უქმთა შინა ღმრთისა სამკვიდრებელად. ხოლო ხელმწიფენი კეთილად მსახურნი შრომასა მათსა თანამონაწილე იქმნებიან საფასეთა უხვად მიცემითა, ვითარცა-ესე დღეს დიდებულებამან შენმან მეფობამან განამდიდრა სიგლახაკე ჩვენი ფრიადითა კეთილითა. და ყოვლადვე მოზიარე ხარ ლოცვასა ჩვენსა თანა.” ამის მოსმენა ეამა დემეტრე მეფეს და ძლიერ შეუყვარდა კლარჯეთიც, რის შემდეგაც გამოემშვიდობნენ ერთმანეთს.

უკან მიმავალ გზაზე თევდორემ და ქრისტეფორემ გრიგოლს აცნობეს თავიანთი ქმედების შესახებ. უამბეს მას, რომ ხანძთიდან სამცხისკენ მიმავალ გზაზე მირიან აზნაურს ეახლნენ. ,, მოვიდა მირეან თვით და მოგვიკითხნა სიმდაბლით და წარგვიყვანნა ტაძრად თვისად და განგვისვენნა კეთილად. და ვითარცა განთენა, შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თვისისა, რომლისაჲ არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მხევალი ქრისტეჲსი. და ვითარცა ულოცეთ მას და ვსხედით, მაშინ მირეან, დიდებულმან უფალმან, დაადგინნა წინაშე ჩვენსა ძენი თვისნი ბრძანებით, სამნი იგი ყრმანი ყოვლად კეთილნი და შვენიერნი. და ვითარცა ულოცეთ მათ, ჰრქვა კრავის: - აწ ვყოთ ჩვენ სასწაულ კეთილ და ერთი ძეთა ჩვენთაგანი განვაწესოთ მონაზვნად და მოწაფედ ამათ ქრისტეჲს მოწაფეთა. და ამათითა ლოცვითა მოეცეს მადლი, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩვენთა და ჰრცხუენოდის. აწ თქვი, რომელი იყოს მოწესედ შორის შვილთა ჩვენთა! - ხოლო მან ჰრქვა: - უფალო ჩემო, შვილნი შენნი არიან წინაშე შენსა, რომლისაჲცა ჰბრძანო, უფალმან გამოირჩიენ რჩეულად მოწესედ. - ხოლო მან თქვა: - მრწემი ესე იყოს მონაზონ და სულიერად შვილ უდაბნოჲსა მამათა ამათ. - და მოიყვანა ხელითა თვისითა და ჯვარი დაწერად გვცა ჩვენ და სამოსლითა მოწესეთაჲთა შემოსა. და ჩვენ სახელი არსენი უწოდეთ, და აღუთქუთ შენდა მოწაფედ შვილი მისი ყოფად მსგავსად ჩვენდა. და მან უფროჲს განიხარა. აწ ვითარცა სათნო უჩნს სიწმიდესა შენსა, ეგრეთცა ქმენ.” კეთილად მიიღო ყოველივე გრიგოლმა და ასევე უამბო თავისი ამბავიც. ძმები ერთად მივიდნენ მათთან და წამოიყვანეს ეფრემი და არსენი. უკან დაბრუნებისას დიდად განიხარეს ბერებმა, რამეთუ იხილეს გრიგოლი და უკან დაბრუნებული ძმები. გრიგოლმა აღსაზრდელად ახალგაზრდა ყმები თევდორესა და ქრისტეფორეს მიებარა თავიანთ სენაკებში. ,,მაშინ თევდორე და ქრისტეფორე, რამეთუ სენაკნი მათნი ერთგან იყვნეს და სხვათა ძმათაგან განშორებულ, წარიყვანნეს ღმერთშემოსილნი იგი ყრმანი, სულიერთა მათ მამათა, სენაკად თვისად, მცნებისაებრ ნეტარისა მამისა გრიგოლისსა. და აღზარდნეს კეთილად ნაცვალად სძისა - ღმრთისა მადლითა.”

ამ დროს ბაგრატ კურაპალატი ღვთის ნებით და თავისი ძმების სურვილით, ასევე ბერძენი მეფის ბრძანებით გახდა კურაპალატი მამის ნაცვლად.  მისი ძმები, ადარნესე, რომელიც იყო უხუცესი და გვარამი მორჩილნი იქმნენ თავიანთი ძმისა. ბაგრატი მათ შორის პირველი იყო სიბრძნით, ღვთისმსახურებით, სიქველით, რამეთუ მსგავსი იყო წინასწარმეტყველი დავითისა და ნეტარი ბაგრატ მოციქულისა .

მამა გრიგოლი მივიდა ბაგრატ კურაპალატთან და ყოველი წესის დაცვით კურაპალატის წოდების მიღება მიულოცა, დიდხანს ლოცა და უთხრა, რომ სულიერი ნათელი წინ უძღოდა მის მეფობას, რომლისთვისაც არ არის საჭირო სანთლის ბრწყინვალება, მხოლოდ ბრმათათვის, რომლებიც ამას ვერ დაინახავდნენ. არამედ მხურვალედ ლოცულობდა მისთვის, რომ რაიმე მიზეზით არ მოჰკლებოდა მის მეფობას სიკეთე. წმინდა გრიგოლმა ბაგრატ კურაპალატს აშოტ მიერ ხანძთის აგარაკად შეწირული შატბერდი, რამეთუ აღეშენებინა მონასტერი, ღვთის სადიდებლად და ბაგრატის სულის საცხოვნებლად იქნებოდა, რაზეც ბაგრატი დიდი სიხარულით დათანხმდა და მისცა ყოველივე გამოსადეგი სახმარი მშენებლობისთვის. 

როდესაც ნეტარი გრიგოლი მიიწია შატბერდს, ცრემლმორეულმა დალოცა ადგილი, გადასახა ჯვარი და დაიწყო ეკლესიისა და სენაკების მშენებლობა ჩინებულ ადგილას. და ვითარცა დღითი დღე აღორძინდებოდა იგი დაიწყო ხილული თუ უხილავი მტრების გლოვა, რამეთუ აშენდა ხანძთის მსგავსი მონასტერი ღვთის შეწევნითა და ნეტარი გრიგოლის ლოცვით, რომელმაც ორივე გააერთიანა და განამტკიცა ძმური სიყვარულით აღსასრულამდე.

ამის შემდეგ ავტორი გვაწვდის ცნობებს კურაპალატის მიერ სხვა ტერიტორიის შეწირვის შესახებ ,, ამისა შემდგომად უწოდა კურაპალატმან წმიდასა მას. და ვითარცა მიიწია მის წინაშე, ყოველი აუწყა კეთილად განმარჯვებაჲ მონასტრისაჲ მის ქრისტეს მიერ. მაშინ უბრძანა ადგილნი მარჯვენი აგარაკად შატბერდსა და ყოველი, რაჲცა უხმდა, მისცა მისთვის სრულიად საშენებელად.”

იმ დროს გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და ყოველივე უამბო ბაგრატ კურაპალატს. მან ძლიერ გაიხარა ყოველივეს მოსმენით და სასწრაფოდ წერილი გააგზავნა საბასთან და თავისთან იხმო. როდესაც უკან დაბრუნდნენ ბაგრატის მიერ წარგზავნილი კაცები უთხრეს, რომ საბას არ სურდა მასთან ხლება. მაშინ ბაგრატმა აღიარა თავისი შეცდომა და გრიგოლს სთხოვა საბასთვის წერილი მიეწერა. ნეტარი საბა დაემორჩილა მამა გრიგოლის ბრძანებას და მივიდა კურაპალატთან, რომელიც მიეგება და პატივისცემით მოიკითხა, საპასუხოდ საბამ დალოცა იგი და აკურთხა.

მას შემდეგ რაც დასხდნენ ბაგრატმა ჰკითხა წმინდანს თუ რატომ არ მივიდა მასთან პირველი ხმობის დროს, რადგანაც საჭირო იყო მეფეთა მორჩილება. ამაზე წმინდა საბამ მიუგო ,, - დიდებულო მეფეო, შენ ქვეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყანისა და ქუესკნელთაჲ; შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - ყოველთა დაბადებულთაჲ; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - საუკუნოჲ მეუფეჲ და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი მეუფეჲ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს შენსა ჯერ არს სმენაჲ სიტყვათა მისთაჲ, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ - ვერვის ხელეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ. არამედ აწ სიტყვითა ძმისა და მოძღვრისა ჩვენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა.”

კურაპალატი დაეთანხმა საბას სიტყვებს და აღნიშნა, რომ მართლაც უმჯობესი იყო სულიერი განათლება. ამის შემდეგ იგი საბასთან და გრიგოლთან ერთად წავიდა იშხანში,  და მეტად შეუყვარდა იქაურობა. შემდგომ ღვთის ნებით სწორედ საბა დაინიშნა ებისკოპოსად იშხანში, ნეტარი ნერსე კათალიკოსის ეკლესიასა და საყდარში, რომელი უკვე მრავალი წელი მიტოვებული იყო.  ავტორი ამ მოვლენას სულიერ ქორწილს უწოდებს და დასძენს, რომ ხელახლა მოხდა მიტოვებული ტაძრის სულიერი აღდგენა, ხოლო ხორციელად ღვთისმსახურ მეფეთა დახმარებით. რაც შეეხება გრიგოლს, მის შესახებ ვხვდებით შემდეგ ინფორმაციას ,,  რაჟამს მამაჲ გრიგოლ სტუმრად მიიწიის იშხანს, ეპისკოპოსმან საყდარსა იგი დასვის და თვით თანადაჯდის, რამეთუ არა თავს იდვის ურჩებაჲ ნეტარისა გრიგოლისი, ვინაჲთგან მოძღვარ და უზეშთაეს იგი იყო. და ესრეთ წარემართა იშხანი კეთილად ვიდრე აქამომდე და უკუნისამდე.”

ვინაიდან ნეტარი გრიგოლი პატივცემული იყო ზეგარდმო ღვთის მიერ მას არავინ ეურჩებოდა, განსაკუთრებით მაშინდელი ხელისუფალნი. ერთხელ ერთად იყვნენ სამივე ძმა, დიდებულნი, მამა გრიგოლმა სთხოვა მათ ენახათ მის მიერ აშენებული მონასტრები კლარჯეთში. მამა გრიგოლი წინ წარუძღვა მათ და პირველად მიიყვანა შატბერდში, მათ მოეწონათ ეს ადგილი და მრავალი შესაწირი უძღვნეს. შემდეგ მივიდნენ ოპიზაში, მოილოცეს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი და წავიდნენ ხანძთაში, წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში და კიდევ უფრო გაოცდნენ, როდესაც დაინახეს რაოდენ მკაცრი მონაზვნური წესით ცხოვრობდნენ ბერები. მაშინ მივიდნენ სანატრელი მამა დავითი და მისი მოწაფეები: მამა ილარიონი და მამა ზაქარია. ისინი იყვნენ წყაროსთავისა და ბარეთელტას მონასტრების მშენებელნი. როდესაც მთავრებმა იხილეს წმინდა კაცები ერთად, მიმართეს შემდეგნაირად ,, წმიდანო მამანო, ვინაჲთგან გიხილენით თქვენ, დაგვავიწყდა მებრ თუ ქვეყანასა ზედა ვართ ჩვენ, არამედ ვჰგონებთ, ვითარმედ ზეცას წმიდათა ბანაკსა დამკვიდრებულ ვართ. რამეთუ თქვენ სულითა მარადის წინაშე ღმრთისა მდგომარე ხართ და სადაცა არიან საყოფელნი თქვენნი, მუნცა არიან გულნი თქვენნი. არამედ იყავნ მეოხებაჲ თქვენი ჩვენ ზედა აქა და საუკუნესა!” წმინდა კაცებმაც დალოცეს დიდებულნი და აკურთხეს ისინი, პასუხად კი მიუგეს, რომ ისინი ღმერთთან იყვნენ მინდობილნი, რომელმაც ბერებს ნუგეში სწორედ მათი სიტყვით მისცა. სულიერმა მამებმა გადაწყვიტეს გრიგოლის კლარჯეთში არქიმანდრიტად დადგენა, რომელიც წმინდა მამების წეს-კანონებს სიკვდილამდე განაგებდა.

შემდეგ მათ მოილოცეს მიზნაძორი, წყაროსთავი, ბარეთელთა და მათაც ბევრი შესწირეს. როდესაც უკან გამობრუნდნენ თან წაიყვანეს გრიგოლიც და ადარნესემ თავისი შვილი გურგენი მოანათლინა. ამ საკითხზე ვეცნობით შემდეგ მნიშვნელოვან ცნობებს ,, რამეთუ ბაგრატ კურაპალატისა ძე, დავით კურაპალატი, ნეტარისა მამისა გრიგოლისვე თქმული იყო, ორნი ესე ხელმწიფენი - დავით კურაპალატი და გურგენ კურაპალატი - რომლისათვისცა გარდაცვალებისა ჟამსა ანდერძ ეყო გურგენ კურაპალატსა, ვითარმედ: „ნათლისმამისა ჩემისა ძვალთა მახლობელად დამდევით ფერხთა თანა მისთა და სხვათა მათ მამათა ძვალნი ჩემ ზედა დაუსვენენით“, რომელ ყვესცა ეგრეთ. არამედ შემდგომად გურგენ კურაპალატისა ძემან მისმან, აშოტ ერისთავთა ერისთავმან, ხანძთას ახალი ეკლესიაჲ დაიწყო წადიერად და ურიცხვი შესაწირავი გარდაჰმატა მას.”  შემდგომ ეტაპზე ავტორი აღწერს ხანძთის წინამძღვარი მამა არსენის განზრახვით ახალი ეკლესიის მშენებლობას ,, იქმნა დაწყებაჲ ახლისა მის და შვენიერისა ეკლესიისაჲ ფიცხელსა მას კლდესა ზედა, რომელიცა ფრიადითა შრომითა და ქვითკირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრეთ შეჰრაცხეს შემზადებაჲ ადგილისაჲ მის, ვითარმცა სრულიად აღეშენა. არამედ აკურთხენ ქრისტემან ამონა, სიბრძნით სრულიად მაშენებელი, და შემწენი ყოველნი, რომელთაგან კეთილად განემარჯვებოდა შენებაჲ ეკლესიისაჲ მის. ხოლო ქვაჲ და კირი ფრიად შორით მოაქვნდა ძნელთა მათ გზათა კაცთა ზურგითა. და ყოველი სასწორითა იწონებოდა, რამეთუ იყიდდეს მაშენებელნი იგი.

მას ჟამსა გარდაიცვალა ღმრთისმსახური იგი ხელმწიფე, წმიდათა ეკლესიათა მაშენებელი და მონაგებთა შემწირველი და გლახაკთა მოღვაწე, და დაემარხა ხანძთას არსენის გზითა და ძისა მისისა მცხვედისაჲთა. არამედ მამაჲ არსენი და ჯიბრილისა ძმაჲ, სანატრელი იოვანე, ახლისა ეკლესიისა განმასრულებელი, ორნივე ესე ხანძთას მამობასა შინა აღესრულნეს. ქრისტემან განსვენებაჲ მიეცინ მათ!

ხოლო გურგენ, ძმისწული აშოტისი, დიდი იგი ხელმწიფეჲ ფრიადთა ნათესავთაჲ, ღმრთისა მიერ დაჯდა ერისთავთა ერისთვად და მან განასრულა ეკლესიაჲ იგი ახალი ხანძთისაჲ, და მის თანა - ყოველთა დიდებულთა ხელმწიფეთა და აზნაურთა და ყოველმან ერმან მორწმუნეთამან. და უფალმან კეთილი მოუკლებელი მიეცინ ყოველთავე!”

ავტორი ამ ცნობების შემდეგ უბრუნდება თავდაპირველ საუბარს და მოგვითხრობს გრიგოლის დედის შესახებ. როდესაც გაიზარდა ნეტარი მამის სახელი და მიაღწია ქართლს, მის შესახებ შეიტყო დედამისმა, რომელიც იმჟამად უკვე მოხუცებული იყო. იგი განმხიარულდა სულით და გაძლიერდა ხორცით, მადლი შესწირა ქრისტეს საკუთარი ვაჟის ყოველი სიკეთე, რომ გააგებინა, ვინაიდან იგი მისი ერთადერთი შვილი იყო და გულის გლოვობდა მისგან განშორებას. გრიგოლის დედა გაემართა სახედრით, თან წაიყვანა მსახურები და მივიდა დედა ფებრონიასთან. მან მიიღო იგი და ნეტარ გრიგოლს წერილით აუწყა ყველაფერი. გრიგოლი სწრაფად მივიდა დედასთან, თაყვანი სცა და აკურთხა იგი. დედაც სიხარულით მიეგება და უთხრა, რომ მისმა ნახვამ დაავიწყა ადრინდელი ტკივილი. გრიგოლმა მას შენდობა სთხოვა, ვინაიდან სახლიდან წასვლა იყო არა მისი არამედ ღვთის ნება. ამასთან დასძინა რომ დედამისის ცხოვრებას არც სულიერად და არც ხორციელად არაფერი აკლდა, ვინაიდან თავად უფლის მცნება იყო პატივი ეცათ მშობლებისთვის, რადგანაც მათ გარეშე არც ისინი იქნებოდნენ. გრიგოლმა სიკეთით აავსო დედა და წესისამებრ განაგო მისი ცხოვრება. იგი დიდი ხნის შემდეგ გარდაიცვალა მერეში.

როდესაც თევდორემ და ქრისტეფორემ იხილეს განჭაბუკებული, სრული სიბრძნითა და ასაკით არსენი და ეფრემი, გაახსენდათ, რომ გრიგოლს აღუთქვეს წაუსვლელობა იქამდე, სანამ ყრმები არ გაიზრდებოდნენ. შედეგად მათ ფარულად ღამით დატოვეს ხანძთა, თან წაიყვანეს რამდენიმე ძმა და მივიდნენ ქართლში, რადგანაც უფალი მიუძღოდა მათ ნეძვისა და კვირიკე-წმინდას ასაშენებლად.

ნეტარ გრიგლოს უფლის მიერ ეუწყა, რომ აღარ დაებრკოლებინა ისინი, არამედ მათი თანამდგომი გამხდარიყო. წავიდა მათ საძებნელად და როდესაც იპოვა ისინი სამცხეში „აბრალა ფარულად წასვლაჲ,” რაზეც ბერებმა შენდობა სთხოვეს მამა გრიგოლს, მან სანაცვლოდ მოუწონა განზრახვა და თუ მათი განზრახვაც იქნებოდა, თანამონაწილეობა შესთავაზა. ისინი წავიდნენ და იპოვეს ორი ადგილი სამონასტროდ “და უწოდეს თევდორეს ვანსა ნეძვი17, ხოლო ქრისტეფორეჲსსა - კვირიკე-წმიდაჲ,18 და მოწაფენი დაუტევნეს.”

შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ხანძთას, რათა ძმებს შესაბამისად გამომშვიდობებოდნენ. როდესაც მივიდნენ და მოიკითხეს ისინი გრიგოლმა დაიწყო საუბარი, მან თავის სიტყვაში ძმებს მოაგონა, რომ სანამ სხვები იქნებოდნენ უდაბნოში თავდაპირველად მივიდნენ ის (მამა გრიგოლი), საბა-იშხნის ეპისკოპოსი, თევდორე და ქრისტეფორე. ისინი მრავალი წლის განამვლობაში გრიგოლის მორჩილად იყვნენ, სანამ უფლის ნებით საბა ეპისკოპოსი არ გახდა იშხნისა, ხოლო ახლა უფლის ნებით თევდორე და ქრისტეფორეც უნდა წასულიყვნენ ქართლში. გრიგოლმა ხანძთა შეადარა მშობელს და რამეთუ წესი იყო, შვილი ჟამის მოსვლის დროს მშობელს გასცლოდა. ასევე თქვა ,, დაღაცათუ ხატი მონაზონებისაჲ გვაქვნდა პირველ მოსლვისა, ხოლო კურთხევაჲ ყოველი აქა მოგვიღებიეს ჩვენ. და აწ ამათ, შვილთა თვისთა, ხელითა ჩემითა ძმათა უბოძებს, რაჲთა ახლად შენებასა მათსა უზრუნველ იყვნენ კეთილად გამოცდილთა მონაზონთა თანადგომითა, და რაჲთა მტკიცედ ეგოს სულიერი სიყვარული ჩვენ მიერ აღშენებულთა მონასტერთა.”

როდესაც გრიგოლმა თავისი სიტყვა დაასრულა ბრძანა ყველა შეკრებილიყო, თევდორესა და ქრისტეფორეს განზრახვით ,,  გამოირჩინა მათ შორის ძმანი ათცამეტნი ხანძთისათვის საუხუცესოდ, და სხვანი ყოველნი სწორად განყვნა სამად გუნდად, რამეთუ შატბერდისა ხვედრნი წარეგზავნნეს პირველვე შატბერდსა. და უბრძანა აღთქმისაებრ წილით განყოფაჲ. ხოლო თევდორე და ქრისტეფორე განმხიარულდეს, არამედ მცირედ მკსინვარებაჲ იყო მათ შორის, რამეთუ ეფრემ და არსენი გრიგოლის ნაწილსა იყვინეს, ხოლო ეფრემ მიანიჭა თევდორეს და არსენი თვით იჩინა და სწორი მისი სხვაჲ ძმაჲ მისცა ქრისტეფორეს.”

საბოლოოდ, მამა გრიგოლი მათი თანამდგომი შეიქმნა და დაეხმარა შენებაში, როდესაც წამოვიდა ძმებმა ტირილით შესთხოვეს მათთვის ელოცა, როგორც ღვთის მიერ გამორჩეულ კაცს. მამა გრიგოლმა გადაწერა ჯვარი ტაძარს და გამოეთხოვა მათ, იგი ხანძთაში დაბრუნდა, ხოლო ძმები დარჩნენ თავთავიანთ ტაძრებში.

როდესაც ხანძთა სახელოვანი მადლით აივსო, მიძნაძორიდან მივიდა დიდი მეუდაბნოე მიქელი,19 რომელიც პარეხში დაემკვიდრა, რამეთუ მამა გრიგოლის მეგობარი იყო. მის შესახებ ასევე ვიგებთ, რომ ,,იყო ნეტარი მიქელ ქვეყანისა შავშეთისაჲ, სოფლისა ნორგიალისაჲ და მიძნაძოროს მონაზონ იქმნა, ხოლო პარეხთა შინა მრავალთა წელიწადთა ცხოვნდა და აღ-რაჲ-ესრულა, მუნვე დაემარხა. და აწ საფლავი მისი და დიდებულისა მამისა ბასილისი, რომელიცა შემდგომად მისსა პარეხთა მკვიდრ იყო, ერთგან არიან და კაცთა კურნებასა მიჰმადლებენ, რომელნი სარწმუნოებით მივლენან მათდა.”

თავად მამა გრიგოლი მოღვაწეობდა ხანძთასა და შატბერდში. ყველა დღესასწაულის წარმართვა კარგად იცოდა, რადგან რასაც ერთხელ ისწავლიდა, მუდამ ახსოვდა. სასიამოვნო და ტკბილი ხმა ჰქონდა, საოცარი იყო მისი მახსოვრობა. თხზულების ამ ეტაპზე ვგებულობთ, რომ ხანძთაში იყო მის მიერ ხელით გადაწერილი საწელიწადო იადგარი (საგალობლების კრებული). მან იცოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ზეპირად, მათ შორის ზოგიერთი ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნებიც, რაც ადამიანურ ბუნებას აღემატებოდა, მაგრამ სადაც არის ღვთის ძალა, იქ ყოველივე შესაძლებელი ხდება.

ხელმწიფეთა (იგულისხმება აშოტის შვილები) მრავალგზის განიზრახეს გრიგოლის ეპისკოპოსობა, მაგრამ ის არ ემორჩილებოდა, მის პასუხს წარმოადგენდა ის, რომ  „მსოფლიოთა მათ წმიდათა საყდართა არა უმრწემეს არიან წმიდანი უდაბნოთა ეკლესიანი, საყდარნი ღმრთისა დიდებისანი. დაღაცათუ მღდელობაჲ ეპისკოპოსთაგან მიეცემის ყოველთა მღდელთა, არამედ პირველთა წმიდათა მამათა მეუდაბნოეთაგან ესრეთ ვისწავეთ, ვითარმედ: რომელი მადლი მიეცემინ კაცსა ჟამსა ნათლისღებისასა, იგივე მადლი ვიხილეთ, ოდეს ხატი მონაზონებისაჲ მიაქვნ ახლად მონაზონსა და ეგრეთვე წმიდისა სქემისა მიღებასა. და სხვაჲცა წამებაჲ ფრიად არს. არამედ ვითარცა-იგი ისრაელსა შორის ქალაქნი განეწესნეს შესავედრებლად კაცისმკვლელთა, ეგრეთვე წმიდანი უდაბნონი ყოველთა შესავედრებელ არიან. რამეთუ უმანკოთა მფარველნია ვნებისაგან მსოფლიოსა, და ვნებულთა ნავთსადგურნი არიან სასოებით სინანულისა მიცემითა და შჯულისდებითა. და კმა არს ჩემდა ორკერძოვე დიდებად, უკეთუ შე-ვითა-უძლო მოღვაწებაჲ წმიდათა ამათ უდაბნოთაჲ ჯერისაებრ, რომელთა შინა პოვეს კაცთა თავისუფლებაჲ, ვითარცა თქვა პავლე: „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურნა,“ და „სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ“. რამეთუ მოეცა მათ ხელმწიფებაჲ „შვილ ღმრთისა ყოფად,“ სიტყვისაებრ იოვანე მახარებელისა”

ამის შემდეგ იხილა მამა გრიგოლმა აღორძინებული საღვთო ერი შატბერდსა და წმინდა ეკლესიაში. მიმადლა უფალს და ღვთისმშობელს, რომლის სახელზეც აღაშენეს ტაძარი. ასევე შემდეგი ბრძანება ,,უფროჲს ხოლო რჩეულთა მისთა ადიდებს, ნებისა წმიდისა მისისა აღმასრულებელთა, რამეთუ იტყვის: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ და „მივანიჭო ასი წილი აქავე და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაუმკვიდრო“. უტყუარად აღასრულა წმინდა გრიგოლმა და აღაშენა დიდებული ტაძრები უდაბნოსა შინა.

ამ დროს დედა ფებრონია დიდ საზრუნავში იყო, რამეთუ გრიგოლის მიერ მივლენილი მღვდელი გარდაიცვალა. მან წერილი დაწერა გრიგოლისთვის და სთხოვა ახალი წინამძღვრის გამოგზავნა. გრიგოლმა იხმო წმინდა მატოი და განიზრახა მისი მერეს ღვთისმშობლის ეკლესიაში გაგზავნა, როგორც უფლის მიერ ძლევით შემოსილი მხედრისა. მაგრამ მას არ სურდა გრიგოლის ბრძანების შესრულება, რამეთუ აქამდე მორჩილს ძალა არ გააჩნდა დათანხმებოდა. მაშინ გრიგოლმა მიუგო, რომ უფლის შეწევნით იგი შემძლე იქნებოდა დამორჩილების, გადაწერა ჯვარი და მისი წყალობით ყოველივე მიზეზისგან განთავისუფლება უსურვა. როცა წმინდა მატომ იხილა თავისი მოძღვრის ბრძანების შეუვალობა, სათნოებით დამორჩილდა მას. წმინდა ბერის შესახებ ვგებულობთ შემდეგს ,, რამეთუ წელიწადთა ორმეოცთა მერეს მღდელობასა შინა მისსა უქმი სიტყვაჲ და უსარგებლოჲ პასუხი არავის ესმა მისგან, რომელი კაცთა ცოდვად ეყოფვის, ვითარცა უფალი იტყვის: „ყოვლისათვის სიტყვისა უქმისა, რომელსა კაცნი იტყვიან, სიტყვაჲ მისცენ მისთვის დღესა მას საშჯელისასა“. და არა ხოლო ესე ოდენ, არამედ რომელნი ხედვენ მას, ვერ იკადრიან უდბად განცხრომაჲ კრძალულებათაგან მისთა და სიწმიდით და უბიწოდ ქცევისა, რამეთუ ექმნა ყოველთა სახე კეთილის.”

ამავდროულად თხზულების მიმდინარეობისას ცნობილი ხდება მისი მრავალი სიკეთე. საბოლოოდ, მის შესახებ ვეცნობით, რომ გარდაცვალებამდე “მისისასა ჩვენებაჲ იხილეს მერეს შინა სანატრელთა მათ დედათა თემესტია დეკანოზმან და ანატოლე (რომელსა უწოდეს ანტონიოს) დაყუდებულმან, ორთავე, შუაღამეს ოდენ. და ეკლესიად მივიდა მარტოდ მყოფი იგი უწინარეს ჟამისრეკისა. და ეგრევე დეკანოზიცა მიიწია სტოვასა ეკლესიისასა” მათ ყოველივე წინასწარ იხილეს, რამეთუ “მო-ვინმე-ვიდა კაცი ბრწყინვალედ შემკობილი და მრქვა მე: დიდი მატოი მიიცვალების წინაშე ღმრთისა, არამედ შემომიდეგ მე, რაჲთა ღირს იქმნე ხილვად დიდებით მიცვალებასა მისსა ამიერ სოფლით ზეცისა სასუფეველსა. ხოლო მე შეუდეგ და მიმიყვანა ბორცვსა მახლობელად ბერთისა და მრქვა მე: მიხედე ბერთას ზედა და იხილე დიდებული ხილვაჲ! და მე ვხედევდ სვეტსა ნათლისასა, რომელი შთამოიწეოდა ზეცით ზედა მონასტერსა მას, და სიმრავლე წმიდათა ანგელოზთაჲ სვეტსა მას თანა გარდამომავალი, და ერთი ვინმე დიაკონისსახედ ოლარითა მათ თანა, რომელნი უგალობდეს ღმერთსა ბრწყინვალითა ხმითა. და კვალად ვიხილე კრებული იგი წმიდათა ანგელოზთაჲ, ეგრეთვე სახედ აღმავალი ზეცად და საშუალ მათსა წმიდაჲ მატოი, ხელპყრობით აღჰყვანდა ნათლითა შემკობილთა მათ უხორცოთა დიდებითა გამოუთქუმელითა, გალობით მაღალთა შინა. ესე არს ხილვაჲ ჩემი წმიდისა მისთვის.” დეკანოზის სიტყვების შემდეგ მართლაც მოვიდნენ და აცნობეს მატოს გარდაცვალების ამბავი.

გრიგოლის სხვა მოწაფენიც გამოირჩეოდნენ მონაზვნური ცხოვრებით. ისინი სასწაულებს ჩადიოდნენ როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდგომაც. მათ შორის გამოირჩეოდა ფებრონიას მიერ გაზრდილი და შემდეგ გრიგოლის დამოწაფებული დიმიტრი. იგი პირველ მოწაფედ იყო წოდებული და მრავალგზის ენახათ მის ზედ ნათელი სვეტი, როდესაც ყოველ ღამეს ლოცვაში ატარებდა და სულიწმინდა განისვენებდა მის ზედ მარადის. იგი წარემართა იერუსალიმში და როდესაც მიიწია ჰემსას დასნეულდა, მან დაწერა ეპისტოლეე, რომლითაც გამოეთხოვა მამა გრიგოლსა და დედა ფებრონიას, როგორც სულიერ მშობლებს და სთხოვა მისი მარადის მოხსენიება. მაშინ აღესრულა კიდეც და იქვე ჰემსას დამარღეს.

მოთხრობილი ამბების შემდეგ ავტორი უბრუნდება პირველხსენებულ მამებს არსენსა და ეფრემს, რომლებიც იყვნენ გრიგოლის მიერ აღზრდილნი და მისი მოწაფენი. ღვთის ნებით ეფრემი იყო აწყურის ეპისკოპოსი, ხოლო არსენი მცხეთაში ქართლის კათოლოკოსი და მათ უყვარდათ ერთმანეთი, რადგან ერთად გაზრდილები იყვნენ.

ქართლის ეპისკოპოსები მირიან აზნაურზე, არსენის მამაზე, იყვნენ გაბრაზებულები, რადგან მცირე ეპისკოპოსების კურთხევით თავისი შვილი კათალიკოსად დასვა ,,  მცირედ მხილებისათვის უფლისა მიშვებითა იყო აღძრვაჲ ეპისკოპოსთაჲ მათ, ვიდრემდის ნეტარი ეფრემ მი-ვე-ერჩდა მათ, რამეთუ სამართალ იყო სიტყვის-გებაჲ იგი.”  ამ დროს მმართველი იყო მამფალი გვარამ დიდი, რომელის მირიანზე “გულძვირად იყო”, მან ბრძანა ეპისკოპოსთა და უდაბნოს მამათა შეკრება. ყველა შემოიკრიბეს ჯავახეთიდან, მაგრამ მამა გრიგოლი და კლარჯეთის უდაბნოთა წინამძღვარნი არავინ იყვნენ. მაშინ გრიგოლი არქიმანდრიტი იყო, მის გარეშე საქმე ვერ გადაწყდა, როდესაც ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: “ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაჲ, მაშინ განემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ.” როდესაც კითხეს თუ ვის გულისხმობდა იგი, მან დაადასტურა, რომ საუბრობდა გრიგოლ არქიმანდრიტზე, ხანძთისა და შატბერდის მაშენებელზე. მოიწონეს მისი გადაწყვეტილება, რამეთუ გრიგოლი იყო ნათლითა განმანათებელი და შემკული წმინდა სულით. “და მეყსეულად იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა საკვირველად ხილვითა. რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ. ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ პატიოსანთა თვალთა და მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული.” შემდგომ ჩანს, რომ გრიგოლს ყველა სიხარულით შეეგება, მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და მოიკითხა მოძღვარი მისი, მამა გრიგოლი, შემდეგ თავისი ძმები. მაშინ გრიგოლმა ფარულად იხმო იგი, უთხრა, ხელს ნუ უშლიდა არსენის კათალიკოსობას. ეფრემმა უთხრა, რომ ვერ შეეცილებოდა ეპისკოპოსებს, რადგან მართალნი იყვნენ, არსენი კი არ იყო მისი მწყემსი და არც თავად იყო ხვარი. გრიგოლი გაბრაზდა და უთხრა, თუ ამას არ გააკეთებდა იგი, მაშ უერყო იგი, რადგან აღარ იქნებოდა  მისი მოძღვარი. ამის გაგონებისას ეფრემი ატირდა, რადგანაც მისტვის გრიგოლის სიტყვები მახვილზე მეტად მჭრელი იყო, და დაე ყოფილიყო მისი ნება. გრიგოლმა მიუგო, რომ ქრისტე შეუსრულებდა ყველაფერს, რასაც შესთხოვდა წრფელი გულით და გონებით, რადგან არსენის კათალიკოსობა უფლის ნება იყო მისი სრულყოფის გამო, ხოლო მამამისმა აუგად მოსახსენიებელი გახადა იგი, მისი სწრაფად კათალიკოსად დასმით, რაც მსგავსი იყო ადამის მიერ ხილის ჭამისა, რომელიც მწიფე არ იყო. შემდეგ დაარიგა ეფრემი მისი სიტყვები ყურად ეღო ხოლო არსენის ბრალს საკუთარ თავზე იღებდა. როდესაც გურამ მამფალმა შეიტყო ბერების მოსვლა, მიეგება მათ, ბრძანა შეკრება და თქვა, რომ ეპისკოპოსებმა და წმინდა მამებმა, მეუდაბნოე ბერებმა, ყოველივე რჯულის კანონი იცოდნენ. ასევე ცხადი იყო, რომ ქრისტიანული კანონით არ შეიძლებოდა კათალიკოსის და ეპისკოპოსის ძალით დაჯდომა, ამ საუბრისას მრავალი სალანძღავი სიტყვაც ითქვა, თუმცა ყველა მამა გრიგოლსა და ეპისკოპოს ეფრემს ელოდა. ეფრემმა თქვა, რომ სადაც მამა გრიგოლი იყო, იქ იგი ვერ გაბედავდა ლაპარაკს. მაშინ გურამ მამფალმა სთხოვა მამა გრიგოლს გაერჩია საქმე, ვინაიდან ყველა მის სიტყვას ელოდა, როგორც ყველაზე უფროსისა საქმით, ისევე როგორც ღვთის მორჩილებით.

გრიგოლმა თქვა, რომ არსენი ღვთის ნებით გახდა კათალიკოსი და ვინც მას ლანძღავდა, შერცხვენილი იქნებოდა როგორც ამ ქვეყნად, ისევე სასუფეველშიც. ამის გაგნების შემდეგ გურამ მამფალს შეეშინდა, რადგანაც იყო თავმდაბალი და ღვთის მოშიშიც. სძლია თავმდაბლობამ და მამა გრიგოლს შენდობა სთხოვა, ამასთანავე ხაზი გაუსვა მის გონებამახვილობას, რომლისთვისაც დროს ვერაფერი ჰქონდა დაკლებული. მას შემდეგ რაც სხვა ეპისკოპოსებს მიმართა მამფალმა, მათ აღნიშნეს, რომ ქრისტეს სასწაულმა უმეტყველო ქნა მათი ენა, რამეთუ მოახსენეს წინა ხილვა. ამის მოსემნის შემდეგ გვარამი ზარდაცემულს დაემსგავსა, რადგანაც მეტად მოშიში იყო ღვთისა, შეევედრა მამა გრიგოლს მიეტევებინა მისთვის, რამეთუ დააბრკოლა იგი.  გრიგოლმაც შეუნდო მას. როდესაც არსენს უთხრეს, რომ მამა გრიგოლმა დაამტკიცა მისი კათალიკოსობა, ძალიან გაუხარდა. მამა გრიგოლის დარიგებით არსენმა და ეფრემმა განაახლეს პირვანდეი სიყვარული და შემდეგაც ხშირად მიდიოდნენ ერთად მამა გრიგოლის სანახავად.

ავტორი გვაწვდის ცნობებს, რომ არსენი 27 წელი იყო ქართლის კათალიკოსი, ხოლო ეფრემმაც თავის მხრივ მრავალი სიკეთე მოუტანა ქვეყანას. ,,ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყვებელ ექმნა ქვეყანასა ჩვენსა, რამეთუ პირველად აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალემით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტეჲსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალეჲმისა პატრიაქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების. ხოლო “კჳრიელეჲსონი“ ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა ყავ“, გინა თუ „უფალო შეგვიწყალენ“.

თხზულების შემდეგ ნაწილებში გიორგი მერჩულე მოგვითხრობს გრიგოლის მიერ სასწაულთა ქმნას, ერთ ერთ ეპიზოდში ვხვდებით, რომ როდესაც გრიგოლი შატბერდის მახლობლად იმყოფებოდა მასთან მივიდა ერთი დედაკაცი, რომელსაც ორწლამზე შვილი ჰყავდა „რომლისა ხელნი და ფერხნი მტერისაგან მიხმულ იყვნეს და პირი გარემიქცეულ იყო. ესე მოვიდა მრავლითა ცრემლითა და ძეჲ თვისი დააგდო წინაშე ფერხთა მის წმიდისათა”. გრიგოლმა ქრისტეს ძალით განკურნა იგი, ასევე ვეცნობით “და კვალად სხვაჲ ვინმე იყო დედაკაცი სისხლისდინებითა გვემული მრავალთა ჟამთა. მას ესმა სასწაული ესე და მივიდა გულსმოდგინედ წმიდისა მის. და ვერ შემძლებელ იყო თვისსა მას სენსა საანჯმნო ყოფად, არამედ მდუმრიად სულთქმით დაალტობდა ფერხთა მისთა ცრემლითა და ითხოვდა კურნებასა. ხოლო ძმანი იგი მცირედ განეშორნეს წამისყოფითა ამის წმიდისაჲთა, რამეთუ ცნა სულითა ვნებაჲ იგი დაფარული და მისცა მარჯვენე თვისი, რაჲთა შეიმთხვიოს. და მან ყო ეგრეთ, და მასვე ჟამსა განიკურნა უძლურებისა მისგან. და წარვიდა სიხარულით სახედ თვისა და ადიდებდა ღმერთსა.”

ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად მიდიოდა, იმ პერიოდში აშოტ კურაპალატმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო, ააშენა არტანუჯის ციხე თავისი დედოფლისთვის და მრავალი წელი ერთად ცხოვრობდნენ ბედნიერად. მაგრამ ეშმაკმა აცდუნა კურაპალატი და მან მიიყვანა სიძვის დიაცი და ციხესიმაგრეში დაასახლა. როდესაც მამა გრიგოლმა შეიტყო სულის გამხრწნელი ამბის შესახებ, ძალიან შეწუხდა და პირდაპირ განიზრახა მეფის მხილება. მეფე დაჰქპირდა მას, რომ გაშორდებოდა თავის ცოდვას და გაუშვებდა მას, როგორც მოიყვანა, მაგრამ რადგანაც დამონებული იყო ცოდვაზე ვერ შეასრულა თავისი სიტყვა. როდესაც აშოტ კურაპალატი შორს იმყოფებოდა, გრიგოლ ხანძთელმა დრო იხელთა და შატბერდიდან წავიდა, ხოლო შეღამებისას მივიდა არტანუჯში. მისულმა კაცი გაუგზავნა ქალს და სთხოვა საჭმელი და ღამის გასათევი. ქალს ძლიერ გაუხარდა და დიდძალი სანოვაგე გაუგზავნა წმინდანს და მის მოწაფეებს. როდესაც გათენდა გრიგოლმა ქალი თავისთან იხმო, როდესაც გაიგო მიწვევის შესახებ კიდევ უფრო გაიხარა ქალმა, იგი სასწრაფოდ მივიდა მამა გრიგოლთან რათა გამხდარიყო ღირსი მისი პირკვრის გადაწერისა. მაგრამ მამა გრიგოლმა არ გადაწერა ჯვარი, არამედ უბრძანა მოშორებით დამჯდარიყო და ასევე თავის მოწაფეებსაც ანიშნა განზე გადგომა. ისინიც დაყვნენ წმინდანის ნებას, რამეთუ შიშს აეტანათ. მამა გირგოლმა უთხრა, რომ ცოლ-ქმარს შრის თავისი სულის წარსაწყმენდად იდგა, რადგანაც ეშმაკს ემონებოდა და საფრთხეს უქმნიდა მეფეს. ქალმაც მიუგო, რომ იგი არ იყო თავისუფალი, რადგან მეფეს ძლიერ უყვარდა და არ იცოდა რა ექნა, რადგანაც მამა გრიგოლის სიტყვებმა შეაძრწუნა. გრიგოლმა უთხრა, დამორჩილებოდა მას, ხოლო იგი უშუამდგომლებდა უფალთან ყველა ცოდვის შენდობისთვის. მაშინ დედაკაცმა მიუგო ,, წმიდაო მამაო, ხელთა შენთა ვარ! უმჯობესი სულისა ჩემისაჲ იზრუნე.” მაშინ გადაწერა ჯვარი გრიგოლმა, აკურთხა და ნება მისცა ფეხსაცმლის ზონარი სარტყლად შემოეჭირა და წაიყვანა მერეში, სწორედ ისე, როგორც თავიდანვე ჰქონდა განზრახული და მიაბარა დედა ფებრონიას. როდესაც კურაპალატი ციხეში დაბრუნდა და ვერ ნახა ქალი ძლიერ შეწუხდა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. ავტორის ცნობით, მეფე რაიმე ადამიანური ცდუნებით კი არ იყო სიყვარულის მახეში გაბმული, არამედ ეშმაკის ხრიკებით იყო ძლეული, ამიტომ მან დაივიწყა თავმოყვარეობა და მერესკენ გაემართა. თავდაპირველად მან ილოცა ღვთისმშობლის ეკლესიაში, შემდეგ მიეგება დედა ფებრონიას და უთხრა, რომ გრიგოლის მიერ მიყვანილი ქალი სახლის საგანძურის მცველი იყო და ყველა განძი მას ჰქონდა მიბარებული, როდესაც მამა გრიგოლს ის წამოუყვანია, დიდძალი განძი დააკლდათ და სთხოვა, ერთხელ მისულიყო ქალი ციხეში, რათა ყველაფერი მიეთვალა მეფისთვის და შემდეგ თუ ისურვებდა ისევ უკან დაბრუნებულიყო. დედა ფებრონიამ ამის მოსმენის შემდეგ მკაცრად მიუგო ,,  მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა.” ამის გამგონე კურაპალატს სამართლიანი საყვადურის მიღების შემდეგ  შერცხვა, დიდხანს დადუმდა, როგორც დამარცხებული, ,,  ვითარცა ძლეული, რამეთუ ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოჲთა შურითა.” შემდეგ დამწუხრებულმა კურაპალატმა თქვა ,, ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არსო.” და სწრაფად წავიდა. ხოლო დედა ფებრონია მშვიდად ეპატიჟებოდა დასარჩენად, რასაც არ დაემორჩილა კურაპალატი.

ავტორი თხზულების შემდეგ ეტაპზე აშოტ კურაპალატის შვილ, ადარნესეს შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც უფრო დიდი უბედურება შეემთხვა. ,, რამეთუ შესმენითა მეძვისა ქალისაჲთა, რომლისა თანა იმრუშებდა იგი, უსამართლოდ განიშორა სიცრუითა სიძვისაჲთა სარწმუნოჲ ცოლი თვისი და წარგზავნა ქვეყანად თვისად აფხაზეთად, ვინაჲცა მოეყვანა იგი.” გრიგოლს ეს ყოველივე გამოეცხადა ქრისტეს მიერ, მანაც ამხილა ადარნესე, რომელმაც ერთ ცოდვას მეორე დაუმატა, არად ჩააგდო წმინდანის სიტყვები და სხვა ცოლი შეირთო. გრიგოლმა მას უწინასწარმეტყველა ყოველი ცოდვის საზღაური, კერძოდ ,, არა სმენისათვის სიტყვათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნენ, იგვემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მხევლისა მის ღმრთისა. დაღაცათუ ხორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად წარმდებებისა მისისათვის და უკეთურებისა.” ადარნესე მეტად შეშინდა და პატიება ითხოვა, მაშინ გრიგოლმა უთხრა, რომ ქრისტე შეუნდობდა ბრალს, მაგრამ მისი ნათქვამი აღსრულდებოდა, რადგანაც მან თავიდანვე უგულებელყო მისი სიტყვები. რამდენიმე დღის შემდეგ ,, შეემთხვია ადარნერსეს სენი ტეხისაჲ წრდიალი, რომელსა ჰრქვიან ნიკრისი,” ტკივილებისგან იტანჯებოდა, ამიტომაც მან გაგზავნა ერთი კაცი, სახელად კუპრა, რათა დედობლისგან შენდობა ეთხოვა. მისულმა დედოფალი ონაზვნურ ცხოვრებაში იხილა. ამ მონაკვეთიდან ვგებულობთ, რომ დედოფალი ,,  იყო ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისაჲ, რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოხაჲ და ემოსა მას წმიდაჲ სქემაჲ და ტვირთი დიდი შეშისაჲ ეკიდა და სახიდ თვისად მიაქვნდა სანატრელსა მას, რომელსა პირველ სახელი ეწოდა ბევრელი და მერმე ანასტასია, რამეთუ მან სრულიად სირცხვილეულ ყო ეშმაკი. და აწ კურნებასა ჰპოვებენ მორწმუნენი მადლითა მისითა, მი-რაჲ-აქვს მიწაჲ ევლოგიად საფლავთაგან მისთა.” ადარნესეს მიერ გაგზავნილი კაცი შეევედრა ეპატიებინა თავისი ბატონისთვის, რაზეც მიუგო, რომ მას არასდროს დასცდენია მაწყევარი სიტყვა და დაე ქრისტეს შეენდო მისი ცოდვები და განეკურნა იგი როგორც სულიერად, ასევე ხორციელად. ამის შემდეგ ადარნესე უმადლვე განიკურნა.

რაც შეეხება ადარნესეს შვილებს, გურგენსა და სუმბატს, ისინი დიდად იტანჯებოდნენ. ამიტომ ,,  მსწრაფლ ხოლო წარავლინნა იგინი ფერსათს სამოსლითა საგლახაკოჲთა და შესაწირავითა სახელმწიფოჲთა ლოცვად საფლავსა მას სანატრელისა დედუფლისასა, რამეთუ გარდაცვალებულ იყო იგი. და ჟამს ილოცეს, სრულიად განიკურნნეს სიტყვისაებრ ნეტარისა გრიგოლისა და სიხარულით წარვიდეს სახიდ თვისა და ადიდებდეს ქრისტესა, ღმერთსა ყოველთასა.”

რაც შეეხება თავად სიძვის ქალს, მას ასევე მრავალი განსაცდელი შეხვდა. საბოლოოდ, იგი მივიდა დედა ფებრონიასთან და ცრემლმორეულმა ყოველი ცოდვა აღაიარა, ითხოვა შენდობა. ფებრონიამ მიწერა წერილი გრიგოლს, მაგრამ მან არ შეისმინა ქალის ვედრება რამეთუ ,, უძვირესნი განსაცდელნი აღიძრნენ მაგას ზედა ამისთვის, რამეთუ საცთურ ექმნა ეგე ღმრთისმსახურსა ხელმწიფესა და სარწმუნოჲ ცოლი მისი განაშორა, რამეთუ განთქვა სახელი მისი, ვითარცა მეძვისაჲ, და კვალად სისხლი უბრალოჲსა ჭაბუკისაჲ დასთხია. აწ მსგავსად უჯეროებისა საქმეთა მიეგოს მაგას ვიდრე სიკვდილადმდე.” ფებრონიაც დაეთანხმა მამა გრიგოლის ამ გადაწყვეტილებას. ქალი დედა ფებრონიასთან მერეში დარჩა სიკვდილამდე. როდესაც გარდაიცვალა ფებრონიამ იგი სხვა დების მახლობლად დაკრძალა, რამეთუ დიდი ცოდვის მატარებელი მათ გაემართლებინათ ქრისტეს წინაშე. მაგრამ უფალმა აჩვნეა სასწაული, რამეთუ ,, დამარხვასა სხვათა მიცვალებულთასა სამ-გზის იპოვა შინაგან კარსა აკელდამისასა მდებარე. და არღა იკადრეს აღებად გვამი იგი ცოდვილისა მის დედაკაცისაჲ, არამედ მაშინღა აუწყეს ყოველი ნეტარსა ფებრონიას, რამეთუ მოხუცებულ იყო ფრიად და შესვენებულთა დამარხვასა ვერ ძალ ედვა მისლვა.” ფებრონიამ წერილი გაუგზავნა მამა გრიგოლს, რომელშიც ყოველივე მოუთხრო. მამა გრიგოლი ყველაფერს მიხვდა და მადლობა შესწირა უფალს. მან პასუხი მისწერა დედა ფებრონიას, ,, და აწ გევედრებით, საწყალობელისა მაგისთვის დედაკაცისა ითხოეთ ქრისტეჲსგან ბრალთა მისთა შენდობაჲ და ღირს ყვენით ძვალნი მისნი ძვალთა თანა თქვენთა და სული მისი სულისა თქვენისა თანა. და უფროჲს ხოლო იღვაწეთ უფლისა მეორედ მოსლვასა, რამეთუ გაქვს მადლი შეწევნად მორწმუნეთა და მოელით დაუსრულებელსა დიდებასა და გამოუთქმელსა სიხარულსა, რომელსაცა მიწევნად ხართ. არამედ მეოხებაჲ თქვენი მარადის შემწე მეყავნ ჩვენ, რაჲთა ჩვენცა ღირს ვიქმნნეთ სანატრელსა მას ცხორებასა მერმესა საუკუნესა, ამენ“. როდესაც ამოიკითხეს მამა გრიგოლის წერილი მაშინ გვამი დაბრუნდა თავის პირვანდელ ადგილას. მამა გრიგოლი შეიქმნა პირველი ცოდვების მხილებლად, და მერე მათ ლხინად, რამეთუ შეუნდო.

გრიგოლი სასწაულებს იქმოდა. კურნავდა უძლურებს, სენით შეპყრობილებსა და ვნებულ სულებს. მის სიწმინდეს არა მარტო კაცნი, არამედ ცხოველებიც ხედავდნენ. ავტორის გადმოცემით, მან ასევე გადაარჩინა, მონადირეებისგან გამოქცეული ირემი, როდესაც იგი ხანძთას იმყოფებოდა თავის სენაჯებში, მონადირეებისგან გამოქცეული ცხოველები მამა გრიგოლთან მიდიოდნენ. ისიც აპურებდა გამოკიდებულ მონადირეებს, ასევე აჭმევდა ნადირებს და უშვებდა მშვიდობით. თხზულებაში ასევე ვეცნობით მამა გრიგოლის მიერ ბასილის განკურნების ამბავს.

ამის შემდეგ ავტორი ამბობს, რომ წმინდანის მოსწავლენი იმყოფებოდნენ იერუსალიმში ,,მღდელნი ღირსნი, შვილნი დიდებულთა აზნაურთანი, ტომნი დიდისა ეფრემ მაწყვერელ ეპისკოპოსისანი,” ეფრემმა მამა გრიგოლს გამოუგზავნა წერილი, რომელსაც ავტორი შეუცვლელად წერს ჰაგიოგრაფიის ამ მონაკვეთში. წერილში ეფრემი პატივისცემით მოიხსენიებს გრიგოლს, მის საქმიანობას და დასძენს, რომ მისი მოწაფენი პირველს სწორედ მას მოიხსენიებდნენ ხოლმე ლოცვისას.

შემდეგ ავტორი გვაწვდის ინფორმაციას, რომ წმინდანთა შორის გამოერია ერთი სარეველას მსგავსი უკეთური ადამიანი. იგი იყო დიაკვნად აღზრდილი თბილისის ამირა საჰაკის20 მიერ, რომელიც აშოტის წინაშე მოციქულობდა. მან გაიგო ანჩის ეპისკოპოსის გარდაცვალების ამბავი და მეფისგან ანჩის საყდარი ითხოვა. ძალით დაეპატრონა მას და ბოროტებას ბოროტებაზე ჩადიოდა. მისი უკანონო საქციელები მრავალჯერ ამხილა გრიგოლმა, მასთან ერთად კლარჯეთის მეუდაბნოე ბერებმაც, მაგრამ მას უკვე დავიწყებული ჰქონდა საღვთო შიში. ამპარტავნებამ სძლია და ერთ უნამუსო, გლახაკ, ანჩელ კაცს, ჩუმად დაავალა ფეტვისა და ხუთი თხის სამაგიეროდ მოეკლა მამა გრიგოლი. ეს კაცი გაემგზავრა ხანძთაში, ჩაუსაფრდა გრიგოლს ტყეში და ხელში მოიმარჯვა მშვილდი. როდესაც მამა გრიგოლი დაინახა, იგი მარტო მოდიოდა აგარაკიდან, გზად კი ეფრემ ასურის ლოცვას ამბობდა ტირილით, ხოლო სულიერად გახარებული იყო, რადგან სულიწმინდას მადლით საღვთო ხილვები ჰქონდა. მაშინ მკვლელად მიგზავნილმა საწყალმა კაცმა ნახა სასწაული. ,,წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯვარი თვალთშეუდგამი გარემო მისა ცისსარტყელისსახედ, შვენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წვიმისასა.” ეს რომ დაინახა შეეშინდა, ხელი გაუშეშდა და მიწაზე დაეცა. მაშინ გრიგოლმა უთხრა, რომ შეესრულებინა ბრძანება, რადგანაც ის არის უფლის უარმყოფელი, ვინაიდან მცირედი საფასურისთვის ბერიკაცის სისხლს ცოდვად იდებდა. კაცმა დაიწყო ტირილი და სთხოვა გრიგოლს ცოდვათა შენდობა, სწორედ ისე, როგორც იესომ შეუნდო თავის მკვლელებს. გრიგოლმა გადაწერა ჯვარი და მრავალი ცოდვისგან გვემული კაცი განიკურნა. იგი სიხარულით დაბრუნდა და ყოველივე უამბო ცქირს. მან კი ცოდვას ცოდვა დაუმატა და ბევრი სიავე შეამთხვია მამა გრიგოლს. “რომელნი მარადის სამართლად ამხილებდეს მას, მათვე ერთობით აუწყეს ყოველი დიდსა მას ხელმწიფესა აშოტ კურაპალატსა. და ბრძანებითა მისითა ყოველთა მათ მოწესეთა ანჩისა კათოლიკე ეკლესიისათა წიგნი მიწერეს ქართლისა კათალიკოსისა მიმართ. და მის მიერ ეპისკოპოსნი ღირსნი მოიწინეს ანჩს და მათ თანა შემოკრბეს ყოველნი იგი მეუდაბნოენი მამანი.” მათთან ერთად მივიდა სასწაულთმოქმედი დედა ფებრონია ,,მიმსგავსებულსა პირველთა მათ წმიდათასა”  ამის შემდეგ ვგებულობთ, რომ „სარწმუნოთა მათ მღდელთმოძღვართა განკვეთეს იგი პატივისაგან მისისა. და მამამან გრიგოლ და დედამან ფებრონია შემოსილი საკურთხეველით შთამოიყვანეს და წინაშე საკურთხეველსა განძარცუეს და ყოველთა ერთობით განხადეს კათოლიკე ეკლესიით. ვითარცაღა ასოჲ დამპალი, მწვალებელთაებრ ყოვლით კერძოვე შჯულისა გარდამავალი განიდევნა იგი.

ხოლო მას, ვითარცა განეშორა შეწევნაჲ ღმრთისაჲ, ღონე ყოველი დაელია, და ტფილის წარვიდა საჰაკ ამირისა, პატრონისა თვისისავე. და წყინებითა მისითა რეცა მიეშვა კურაპალატი. და კვალად მძლავრებით დაიპყრა ანჩისა საყდარი, რაჲთამცა შურ იგო მამისა გრიგოლის ზედა.” მან შეკრიბა ანჩის მოსახლეობა და გაგზავნა ხანძთის დასარბევად. მზის ამოსვლისას მივიდნენ ხანძთაში. მამა გრიგოლმა უთხრა მათ, რომ მისთვის და სულიერი ძმებისთვის შუადღემდე ლოცვის ნება მიეცათ, რათა წმინდა ეკლესიაში შევედრებოდნენ ქრისტეს. მათ გაიგონეს მამა გრიგოლის სიტყვები, ლოცვისას ანგელოზმა შეისმინა მათი ვედრება და აუწყა, რომ ბოროტ კაცთ ღვთის სასჯელი ეწიათ. მაშინ მოვიდა ერთი კაცი, რომელმაც უთხრა ხანძთის ტაძრის გადარჩენის შესახებ, რომელიც აღარ დაუნგრევიათ, რადგანაც მასი დამანგრებელი მოკვდა. ამის მოსმენის შემდეგ მათ ძლიერ გაიხარეს. ამის შემდეგ მამები ბედნიერად ცხოვრობდნენ მონაზვნური წესით.

ღვთის ნებით მამა გრიგოლი, რომელმაც უფლის ნება საკუთარ ნებად აქცია და სასწაულებს ჩადიოდა, მოხუცდა. ას წლამდე მიაღწია, მაგრამ არც სახის ფერი შეცვლია, არც მხედველობა დაუკარგავს, ფიზიკურადაც ძლიერი იყო და სიკვდილამდე არც დაუძლურებულა. ძალიან უყვარდა შრომა, როგორც ლოცვითა და მარხვით, ასევე დღე-ღამე ფიზიკური ძალითაც, რამეთუ უყო მხიარული მასპინძელი და ღარიბთა შემწე. უფრო ხშირად იმყოფებოდა შატბერდში, რადგან თავის მონასტერში მამასახლისები დაეტოვებინა მმართველად. რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო მას აცნობებდნენ ხოლმე გადასაწყვეტად, რადგანაც გარდაცვალებამდე ღვთის მიერ მინიჭებული სიბრძნით იყო სავსე.

გრიგოლი თავისი მოხუცებულობის ჟამს იყო შატბერდში. ხანძთელ ბერებს ბევრი საფიქრელი ჰქონდათ, რადგანაც სმენოდათ წმინდანის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის მოახლოების შესახებ.  მაშინ ვისაც შეეძლო წასულიყო, მივიდნენ მამა გრიგოლის მოსანახულებლად. როდესაც შატბერდელმა ბერებმა თავიანთი ძმები დაინახეს მეტად გაუხარდათ, მაგრამ მისვლის მიზეზი, როცა შეიტყვეს დამწუხრდნენ.  შემდეგ ვეცნობით, რომ ,,  და ვითარცა ილოცეს თაყვანისცემით წმიდასა ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და თაყვანის სცეს ნეტარსა მამასა თვისსა შვილთა მათ სულიერად შობილთა და შრომით შეკრებულთა. ხოლო მან წადიერებით სურვიელად ამბორს უყო ყოველთა და მოწლედ მოიკითხნა, ვითარცა მამამან ტკბილმან და მოძღვარმან სახიერმან. და მერმე ურთიერთას ამბორს უყვეს მოკითხვით ძმათა მათ ხანძთელთა და შატბერდელთა და დასხდეს.” პატივისცემისა და მოკითხვის შემდეგ, მამა გრიგოლმა უთხრა, რომ ღვთის ნებით იყვნენ შეკრებილნი, რადგანაც ამ ორ ტაძარს (შატბერდსა და ხანძთას) ერთობა და მარადიული სიყვარული რჯულისა დაემკვიდრებინათ ბერებს. ,, აწ თქვენცა დაიმარხენით უფლისა ბრძანებანი ერთმანერთისა პატივითა და სიყვარულითა ყოვლისა თანა სათნოებისა, სიმდაბლითა უეჭველითა და წმიდათა შინა ეკლესიათა თქვენთა ურთიერთას ულოცევდით, და მემცა, გლახაკი, მარადის გახსოვ წმიდათა შინა ლოცვათა თქვენთა, და ძმობასა თქვენსა კეთილად იხილვებოდეთ მახლობელთა და შორიელთაგან. და უკეთუ ვიეთმე ძმათა სწადოდის ყოფაჲ ხანძთელთა შატბერდს, გინათუ შატბერდელთა - ხანძთას, ნუვისმცა ხელეწიფების არა შეწყნარებაჲ მათი, გინათუ შფოთით განზრახვისა მათისა დაშლაჲ და მძლავრებით დაყენებაჲ თვინიერ სამართალისა რაჲსამე მიზეზისა.” ერი ცრემლმორეული შემოეხვია მამა გრიგოლს, იგი დადგა მაღალ ადგილას ბერბეს შორის და დიდიება შესწირა უფალს. მაშინ მოიგონა წარსული და თქვა, რომ სწორედ უფალი წამოუძღვა სამ მოყვარესთან ერთად, ისინი იყნენ უსისხლო მსხვერპლის შემწირველნი. გრიგოლის ნებით უფალმა ააღორძინა მისთვის მსხვერპლის შემწირველნი და ახალგაზრდობაში ბოძებული ტალანტი, გაამრავლა მორწმუნეთა შორის, როგორც ღირსეულმა მსახურმა. სიტყვის დასრულების შემდეგ ჯვარი გადასახა შატბერდს და დალოცა, რათა ღვთის ძალის აღორძინებულიყო. ავტორის ცნობით, იგი ხორციელად შორდებოდა ადგილს, მაგრამ სულიერად მუდამ მასთან იყო. გრიგოლის სიტყვების მოსმენის შემდეგ შატბერდელი ძმები დიდხანს ტიროდნენ, მაგრამ გრიგოლმა დაარწმუნა ისინი უკან დაბრუნებულიყვნენ, თავად კი ხანძთელ ძმებს წაყვა. შემდეგ ეტაპზე ვეცნობით, გრიგოლის ხანძთაში მისყვლას, ,, ხოლო რაჟამს შატბერდით ხანძთად მოვიდა ნეტარი გრიგოლ, განიხარეს ხანძთასა თანა მახლობელთა მათ უდაბნოთა. და მოვიდოდეს ძმანი ყოვლით კერძო ხილვად წმიდისა მის და მიაქვნდა კურთხევაჲ და ლოცვაჲ მისგან და სიხარულითა სავსენი წარვიდიან ადგილად თვისად.”  როდესაც მამა გრიგოლმა იხილა თავისი სამყოფელის სიკეთე, აკურთხა მამა ეპიფანე და ძმები.

შემდეგ მამა გრიგოლმა იხმო ზენონი და უთხრა, რომ ჩასულიყვნენ ოპიზის გზაზე არსებულ ვენახებში, რადგან იყო რთველის დრო. ისინი ერთად ჩავიდნენ მის მიერ გაშენებულ უკვე დახუნძლულ ვენახში. იმ დროს მამა გრიგოლის სანახავად მოვიდა მამა მაკარ ოპიზელი, ძალიან გაიხარეს და მოიკითხეს ერთმანეთი. რადგან სადილობის დრო იყო, დასხდნენ საჭმელად და გადაწყვიტეს მეორე დღემდე იქ დარჩენა.

როდესაც დაღამდა, ერთ სახლში იყვნენ სამივე ღვითის კაცი, რომლებიც წესის შესაბამისად კითხულობდნენ ფსალმუნებს. მამა მაკარს ჩაეძინა, ხოლო გრიგოლმა და ზენონმა გააგრძელეს გალობა ,, და მადლმან საღმრთომან განაბრწყინვა იგინი ნათლითა დიდებისაჲთა და სახლი იგი ბნელი ვითარცა მზისა მცხინვარებამან განანათლა.” როდესაც მაკარს გაეღვიძა გაოცდა, რადგანაც საოცარი სანახავები იყვნენ წმინდა მამები. მაშინ მამა გრიგოლმა მოიგო, რომ არაფერი იყო გასაკვირი, რადგანაც წმინა წერილიც მოწმობდა, ,,  „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა“ ამით გაიხარეს სამივემ და დაიწყეს ცისკრის საგალობლების შესრულება.

როდესაც ინათა, ბერები გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და მამა მაკარი წავიდა ოპიზაში, ხოლო მამა გრიგოლი და ზენონი დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. ავტორის ცნობით მამა ზენონი სათნოებით გრიგოლს უტოლდებოდა, ,, და რამეთუ ესე ზენონ მიწევნულ იყო სათნოებათა მოძღვრისა თვისისათა, რომლისათვისცა იტყოდეს კაცნი შემდგომად ნეტარისა გრიგოლის გარდაცვალებისა, ვითარმედ: ზენონ არს ზღუდე მტკიცე კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთაჲ.”

მაშინ მამა გრიგოლი მიხვდა, რომ მისი ზეციური სასუფევლის გამკციდრების დრო ახლოვდებოდა. გიორგი მერჩულეს თქმით, იგი სასუფევლის სიკეთის მომლოდინე, სიმართლის ცოდნას მოშიებული და სულიერი საზრდოს ღირსი იყო მარადიულ სასუფეველში. თხზულების ამ ნაწილში ვეცნობით, რომ ,, მაშინ უბრძანა ძმათა თვისთა შესაქმე კერეონთა სანთელთაჲ შესაწირავად გარემო ყოველთა მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზაჲ და ფრთენი მისნი - ბერთაჲ და მახლობელნი მისნი - მიძნაძოროჲ და წყაროჲსთავი თანამკვიდრით მათითურთ. ხოლო შატბერდი დაღაცათუ სხვათა მათ უდაბნოთა მცირედ შორავს, არამედ განუყოფელად თანამოძმე არს მათი ერისა მის ღმრთისა სიკეთითა და ყოვლითავე საღმრთოჲსა მოძღვრებისა წესითა და კანონითა მონაზონებისა შჯულისდებისაჲთა და ყოვლითავე კეთილისა საქმითა სწორად პატივცემულ არს ღმრთისა მიერ და კაცთაგან, რამეთუ არს იგი სიქადულ ყოვლადვე მახლობელთა მონასტერთა. მათ ყოველთა უდაბნოთა თანა წარსცა კერეონები და შეუთვალა დღე იგი, რომელსა აღანთნენ და ლოცვა ყონ მისთვის.” მაში მათ უთხრეს მამა გრიგოლს, რომ უნდა ეხარა, რადგანაც საზღაური მიეცემოდა ზეცაში, რადგანაც იყო სარწმუნოებისთვის თავდადებული და სულიერი ამაღლების გზაზე მიდიოდა, მსგავსად  პავლე მოციქულისა. მანაც დალოცა თავისი მოწაფენი, ძმები და შემდგომ ხანძთელ ძმებს უთხრა, რომ მარად მოეხსენიებინათ იგი. ,,და მე უკეთუ ვპოვო კადნიერებაჲ წინაშე ქრისტეჲსა, უხვებაჲ კეთილთა მისთაჲ არა დაგაკლდეს ორსავე სოფელსა. ხოლო ამას გამცნებ აწ ჯვარითა ქრისტეჲსითა, რაჲთა ხორცნი ჩემნი დაჰმარხნეთ ძმათა ჩემთა თანა, რამეთუ არა უმჯობეს ვარ ძმათა ჩემთა სათნოებათა მოგებითა. ამისთვის ყოველთა გევედრები, ნუსადა დამივიწყებთ ლოცვასა თქვენსა ღმრთისა მიმართ ყოვლადვე მლოცველსა თქვენსა და აწ ვედრებისა შემწირველსა თქვენთვის ქრისტეს მიმართ საუკუნოდ. მომიხსენეთ მარადის ლოცვითა და ჟამისწირვითა სიკვდილით უცხოქმნული თქვენგან. იხილოთ რაჲ ადგილი მწირობისა ამის მკვიდრობისა ჩემისაჲ, რამეთუ, აჰა ესერა, ვიდრე ჟამადმდე კვალად წოდებისა ხორცნი ჩემნი მიიქცევიან მიწად, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან.”

ასე შეავედრა მან თავისი სული უფალს და შეუერთდა ანგელოზთა კრებულს, რადგან უხორცო ანგელოზები და კაცთა სული ერთი ბუნების არიან, ,, რამეთუ ვიდრე განშჯადმდე ცოცხალთა და მკვდართა იღვწიან მვედრებელთა ხორციელთა კაცთათვის მორწმუნეთა და მოელიან სრულსა მას სიხარულსა და მხიარულებასა აღთქმისაებრ მეუფისა მათისა, რაჟამს დიდებისაგან უდიდებულესსა დიდებასა დაემკვიდრნენ უფლისა დიდებით მოსვლასა.”

გიორგი მერჩულეს ცნობით, მამა გრიგოლი გარდაიცვალა ას ორი წლის ასაკში, ქორონიკონით ოთხმოცდაერთს, ხოლო მისი გარდაცვალებიდან ოთხმოცდაერთი წლის შემდეგ დაიწერა ეს ცხოვრება, ,,დასაბამითგან გარდასრულთა წელთა ექუს ათას ხუთას ორმეოცდამეათოთხმეტესა წელსა,” . თხზულების ამ ნაწილში ვეცნობით ინფორმაციას ჰაგიოგრაფიის დაწერის შესახებ, რამეთუ ,,ხოლო ხანძთისა წინამძღვრისა და იოვანე - ძმისა მისისა - და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა, - სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე. ქრისტემან წიგნსა მას ცხოველთასა დაწერენ იგინი და სრულიად წყალობა ყავნ ყოველთა მორწმუნეთათვის, რაჲთა გულისხმა ყონ საღმრთოჲ ნიჭი ქვეყანისაჲცა ზეცისასა თანა.”

თხზულების ბოლო ეტაპზე, ავტორი მოგვითხრობს სასწაულის შესახებ, რომელიც ბერებისგან შეიტყვეს. მამა გრიგოლის მოწაფე ეპიფანეს დროს იყო ერთი ,,ვინმე კაცი მდიდარი ანჭკორას და სახელი მისი წერტა, და აწ რომელ წერტაჲსნი ჰრქვიან, თხათა მისთა სადგური ყოფილ არს. და მას ესვა ასული, შობითგან ყრუჲ და უტყვი, ხოლო ჰასაკითა მრთელი. და ვითარ ათცამეტისა წლისაჲ იყო ქალი იგი, დედასა მისსა ჩვენებით ძილსა შინა გამოეცხადა ღირსი ეპიფანე” გამოცხადებაში მან უთხრა ქალს, რომ მასთან მიეგზავნა კაცი და მის ქალიშვილს განკურნავდა. ვინაიდან ქმარი გულაცრუებული იყო მონაზვნებზე, ქალმა ფარულად გაგზავნა კაცი. ეპიფანემ გამოატანა ,, ხელთა თვისთა ნაბანი,” მორწმინე დედაკაცმა აცხო ის თავის შვილს და მან სამი დღე და ღამე დაიძინა. როდესაც გამოფხიზლდა იქმნა სასწაული და თვალი აეხილა. მადლობა შესწირეს უფალს, ხოლო კაცმა კვლავ იწამა და დიდი პატივი სცა ეპიფანეს. ბოლოს თხზულების მიწურულს ვეცნობით გაბრიელ მოძღვრის მიერ ავტორისთვის მოთხრობილ ამბავს მამა ბასილის შესახებ. რომელიც იგონებს გრიგოლის დარიგებას: “ესრეთ მიბრძანა: - ბასილი, მოკლედ შენ ხანძთას მამასახლისად დასდგები, და აწ რომელსა იურვი, მერე ვითარი გინდეს სამოსელი და საგებელი, გაქვნდეს. ხოლო მოხუცებული, სულიერად მამაჲ შენი, აწვე გამცნებ და ჯვარითა ქრისტესითა ჯვარსა დაგწერ: ოდეს ესე სიტყვაჲ ჩემი საქმით იქმნას, ხანძთას შინა რაჲ იყო, ყოველსა ხორცთა საღვაწსა ტრაპეზსა დაშჯერდი, სხვაგან რაჲ იყო - იგი პატივი შენ ხორცთა შვებად გეყოფისო. და აწ მრავალთა წელიწადთა ჩემსა მამასახლისობასა კანონი მამისა ჩემისაჲ საქმით აღმისრულებიეს.”

თხზულების კომპოზიცია: რევაზ სირაძის მოსაზრებით, თხზულება გარკვეული კომპოზიციური ჩანაფიქრის მიხედვით არის დაწერილი. მკვლევარი ნარატივს ადარებს კირილე სკვითოპოლელის მიერ დაწერილ წმ. საბა განწმენდილის ცხოვრების ტექსტს და ასკვნის, რომ გიორგი მერჩულეს თხზულება კირილეს ნაწარმოების კომპოზიციურ მოდელს მიჰყვება. (სირაძე 1983).

რევაზ ბარამიძის მოსაზრებით, ტექსტი წარმოადგენს „ერთ მთლიან ეპიკურ თხრობას, რომელიც მცირე ქვეთავებისგან შედგება და ეს ქვეთავები კომპოზიციურად იმდენად შეკრული, დასრულებული და იდეურ-შინაარსობრივი და თემატიკურად გარკვეული ფუნქციონალური დატვირთულობის მონაკვეთებია, რომ ისინი ტოვებენ მცირე ნოველის შთაბეჭდილებას.“ (სირაძე 2001, გვ. 129).

ნესტან სულავას თქმით, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ოთხი მონაკვეთი გამოიყოფა, „რადგან გრიგოლ ხანცთელი თხზულებაში ოთხი სხვადასხვა მხრიდან არის წარმოსახული:“

პირველ ნაწილში ვიგებთ გრიგოლის წარმომავლობის განათლების, ბერობის გზაზე შედგომისა და თანამოაზრეებთან ერთად კლარჯეთში წასვლისა და ხანძთის მონასტრის აშენების შესახებ

მეორე ნაწილში მოთხრობილია გრიგოლის მიერ დაარსებულ მონასტერბისათვის „წესდების შედგენისა და ლიტურგიის გამართვის“ ამბავი.

მესამე ნაწილი წარმოადგენს „წმ. გრიგოლის ავტორიტეტის ჩვენების ამსახველ ეპიზოდთა ერთიანობას,“

მეოთხე ნაწილი კი ასახავს „წმ. გრიგოლ ხანცთელის სასწაულთქმედებებს და მისი ზესთასოფლად ამაღლების სურათს.“

მკვლევრის დასკვნით, ამგვარი კომპოზიციური აგებულება განაპირობებს იმას, რომ მოთხრობილი მოვლენები ქრონოლოგიურად არაა დალაგებული. (სულავა 2024, გვ. 461-462).

სოსო მახარაშვილის აზრით, „კონვენციური მოტივების, მყარი კომპოზიციური ელემენტებისა და დეტალებისა და ე.წ. ჰაგიოგრაფიული შაბლონის“ თვალსაზრისით მსგავსება იკვეთება ბასილი მონაზონის ილარიონ ქართველის ცხოვრებასა (IX ს-ის 80-90-იანი წლები) და გიორგი მერჩულის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას (951 წ.) შორის. მკვლევრის დასკვნით, „გიორგი მერჩულე არა მარტო კარგად იცნობს ბასილი მონაზონის ნაწარმოებს, არამედ საჭიროებისამებრ იყენებს და შემოქმედებითად ითვისებს ამ კლასიკური ჰაგიოგრაფიული ძეგლის სქემებსა და შაბლონებს.“ (მახარაშვილი 2009, გვ. 21).

თხზულების კვლევის ისტორია: გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დიდი რაოდენობის სამეცნიერო ლიტერატურა არსებობს. თხზულების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართული ლიტერატურის ისტორიაში ის ფაქტიც მიუთითებს, რომ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ქართული ჰაგიოგრაფიის შესახებ კრებულის პარალელურად ცალკე ტომებად გამოქვეყნდა გზამკვლევები იაკობ ცურტაველის, იოანე საბანისძის, გიორგი მერჩულეს თხზულებების, მოქცევაჲ ქართლისაჲსა და ათონის ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ.

გიორგი მერჩულის თხზულების შესახებ კვლევები მოიცავს როგორც ლიტერატურათმცოდნეობით, აგრეთვე ისტორიოგრაფიულ, ისტორიული გეოგრაფიის, იდენტობის, კულტუროლოგიურ კვლევებს, და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც ტაოსა და კლარჯეთის სამონასტრო აღმშენებლობის სულისჩამდგმელს, გრიგოლ ხანძთელსა და მის მოღვაწეობას, ისე  თხზულების ავტორსა და ნაწარმოების დაწერის პერიოდს, ისევე იმ დროის საქართველოს ისტორიის, მონასტრების მშენებლობის შესახებ ამბების, თხზულებაში დასახელებულ პირთა იდენტობის, ჩვენამდე შემორჩენილ ნაგებობათა ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზსა და ა.შ. მოცემულ ნაკვეთში მოკლედ იქნება მიმოხილული ნარატივის კვლევის ისტორია და თხზულების ტექსტთან დაკავშირებული ზოგი უმთავრესი საკითხი.

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების არსებობა ქართველმა საზოგადოებამ მხოლოდ XIX საუკუნეში შეიტყო, როდესაც 1845 წელს ნიკო ჩუბინაშვილი გაეცნო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციას და გიორგი მერჩულეს ტექსტი აღმოაჩინა. თავად ტექსტი კი გამოაქვეყნა ნიკო მარმა 1911 წელს. (Марр 1911).

როგორც უკვე ითქვა, თხზულების დათარიღება თავად ნაწარმოებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების თანახმად, მას შემდეგ, რაც ავტორი იძლევა ზემოთ მოყვანილ ქრონოლოგიურ და ფაქტობრივ ინფორმაციას თხზულების დაწერის დროისა და იმ დროს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში ეკლესიის საჭეთმპყრობელებისა და საქართველოში საერო მმართველთა შესახებ, იგი აგრეთვე გვამცნობს:  „ხოლო ჟამსავე მას იყო ანჩს ეპისკოპოსი მაკარი, და ნეტარისა მამისა გრიგოლის შენებულთა მათ მონასტერთა იყვნეს მამასახლისნი ნათესავით დიდთა აზნაურთა შვილნი: ხანცთას - მამაჲ თევდორე, დის-წული მცხუედაჲსაჲ, და შატბერდს - მამაჲ გრიგოლ, ძე ლიპარიტისი, სახელითა დიდისა მამისა გრიგოლისითა შემკობილი. ხოლო ხანცთისა წინამძღურისა და იოვანე ძმისა  მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა, სამთავე ამათ ერთად გულის-მოდგინებითა დაიწერა ხანცთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე. ქრისტემან წიგნსა მას ცხოველთასა დაწერენ იგინი და სრულიად წყალობა-ყავნ ყოველთა მორწმუნეთათჳს, რაჲთა გულისჴმა-ყონ საღმრთოჲ ნიჭი ქუეყანისაჲცა ზეცისა თანა. რამეთუ ეკლესიასა შინა ერთი წიგნის მკითხველი მცირეთა მსმენელთა და მრავალთათჳს სწორად კმა არნ, და ეგრეთვე უკუეთუ ერთი იკურთხევინ ანუ მრავალნი - მაკურთხეველი იგი ერთი კმა არნ, რამეთუ მოუკლებელ არიან კეთილნი იგი ქრისტჱსნი ჩუენდა მომართ და მადლი წმიდათა მეოხებისაჲ.“

ციალა კახაბრიშვილის თქმით, სიტყვა დაიწერა21 „ძველ ქართულ მწერლობაში არ იხმარებოდა მხატვრული და სამეცნიერო ხასიათის ნაშრომების შექმნის აღსანიშნავად. საავტორო სიტყვად იგი მხოლოდ დოკუმენტური ხასიათის ძეგლებთან იყო.“ მკვლევარი იმოწმებს ივანე ჯავახიშვილის მიერ მოტანილ ინფორმაციას, რომ „წერა,“ „დაწერა,“ „დასაწერი,“ „მწერალი“  - ეს ტერმინები გამოიყენებოდა „გადამწერლობასთან“ დაკავშირებით. (კახაბრიშვილი 2001, გვ. 28). შესაბამისად, მკვლევარი ასკვნის, რომ თხზულების 83-84 თავებში, რომელთაც იგი თხზულებაზე დართულ ანდერძს უწოდებს, არ არის დაწერილი გიორგი მერჩულეს მიერ. არ უნდა ეკუთვნოდეს ავტორისეულ კალამს აგრეთვე ბოლო ორი, 85 და 86 თავები, სადაც აღწერილია ეპიზოდები გრიგოლის ორი მოწაფის - ეპიფანესა და ბასილის ცხოვრებიდან. კახაბრიშვილის აზრით, ანდერძი უნდა ეკუთვნოდეს არა თხზულების ავტორს, არამედ მის „გადამწერ-ინტერპოლატორს,“ რომელიც საკუთარ თავზე, მერჩულის მსგავსად, პირველი პირით საუბრობს. მას ხელთ უნდა ჰქონოდა ნარატივის უკვე გადაკეთებული ვერსია, რომელიც თავის თავში მოიცავდა ბოლო ორ თავს, ანუ გრიგოლის მოწაფეთა სასწაულების ეპიზოდს, რომელიც, სავარაუდოდ, თხზულებას დაამატეს ბაგრატ II-ს ერისთავობის დროს, 937-945 წლებში. (იქვე, გვ. 306-309). მკვლევრის დასკვნით, თხზულება უნდა დაწერილიყო ანჩელი ეპოსკოპოსის, ეზრას ზეობისას X საუკუნის 30-იან წლებში, პირველად განახლებულიყო იმავე საუკუნის 40-იან წლებში. ამასთან, 83-84 თავებში მოთავსებული ანდერძი იმას კი არ გულისხმობს, რომ მერჩულემ თხზულება დაწერა გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდგომ, არამედ იმას, რომ „951 წელს საჭირო გამხდარა ახალი ნუსხის გადაწერა, ახლა უკვე გავრცობილ-გადამუშავებულისა. ხანძთის მონასტრის წინამძღვრის, მისი ძმის იოვანესა და წიგნის ავტორის, გიორგი მერჩულეს ერთობლივი სურვილით ეს საქმე განუხორციელებია ხანძთელ ბერს, რომელსაც თავის მხრივაც შეუტანია წვლილი თხზულების სასწაულებით გამდიდრებაში.“ (იქვე, გვ. 309).

ვარაუდები ტექსტის განახლების შესახებ ადრეც გამოთქმულა სამეცნიერო ლიტერატურაში. ეს ვარაუდი პირველად ივანე ჯავახიშვილმა გააჟღერა. მისი აზრით, თხზულება უნდა „განეახლებინათ“ (რაც გამოტოვებულ სასწაულთა „შერთვაში“ გამოიხატა) ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის, ადარნერსე III-ის ძის ზეობისას 958-966 წლებში. (ჯავახიშვილი 1977, გვ. 128).

მეცნიერებაში მიღებული ტრადიციული თვალსაზრისით, თხზულების ავტორია გიორგი მერჩულე. პავლე ინგოროყვას აზრით, ავტორს ეს ნაწარმოები ხანძთაში, უკვე მოხუცებულობის ასაკში, 65-70 წლისას დაუწერია. მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გიორგის მიერ დაწერილი პირველი თხზულება, ვინაიდან გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში „ყოველ სტრიქონში იგრძნობა გამოცდილი, დახელოვნებული ოსტატის ხელი.“ (ინგოროყვა 1954, გვ. 15). იგი ჰიმნოგრაფიც ყოფილა; მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილ პირველ ქართულ ჰიმნოგრაფიულ კრებულში მოიპოვება ორი ჰიმნი, რომლებიც მერჩულეს უნდა ეკუთვნოდეს. პირველს, ზედწერილად აწერია „მერჩულიული,“ ხოლო მეორეს - „მერჩულიულნი უცხონი.“ ინგოროყვას დასკვნით, ეს ჰიმნები ან თავად მერჩულის მიერაა დაწერილი, ანდა გიორგის მიერ შემოღებული ფორმითაა დაწერილი. (იქვე, გვ. 16).

ინგოროყვას თქმით, გიორგი ფრიად განათლებული პიროვნება ყოფილა: „ნაწარმოების ტექსტის მიხედვით „ცხადი ხდება, რომ ავტორი ფართო განათლების ადამიანია, იგი დგას მისი თანამედროვე ქართული განათლების მთელ სიმაღლეზე.“ ანუ, მისი ნაწარმოების გმირის მსგავსად, მასაც კარგად ჰქონდა შესწავლილი როგორც საეკლესიო მწერლობა, ისე „სიბრძნეჲცა ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ“ უნდა შეესწავლა „კეთილად“, ე. ი. საერო ფილოსოფიასაც საფუძვლიანად გაცნობილი უნდა ყოფილიყო.” (იქვე, გვ. 13). რაც შეეხება მწერლის ზედწოდებას, „“მერჩულე“ ეწოდება სჯულის მეცნიერს, კანონიკური სამართლის სწავლულ მცოდნეს. ძველ საქართველოში არსებულა ინსტიტუტი „მერჩულე“-თა, სჯულის მეცნიერთა, და ჩვენი მწერალი ამ კორპორაციის წევრი ყოფილა.“ (იქვე, გვ. 17-18).

როგორც ნაწარმოების შინაარსიდან ხდება ნათელი, თხზულებაში ასახულია VIII-IX საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამონასტრო კოლონიზაციის ისტორია, რომელიც იშლება მისი სულისჩამდგმელისა და იდეური ხელმძღვანელის, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თხრობის ფონზე. სამონასტრო აღმშენებლობა მიმდინარეობს საერო ხელისუფალთა აქტიური მხარდაჭერის ფონზე და წარმოადგენს ქვეყნის გაერთიანების პროცესის საწინდარს.

ვინაიდან მოცემულ ნაკვეთში შეუძლებელია თხზულების შესახებ დაწერილი ყველა ნაშრომის მიმოხილვა, მოკლედ წარმოვადგენ იმ ძირითად საკითხებს, რომლებზედაც გამახვილებულია მკვლევართა ყურადღება:

გრიგოლის წარმომავლობა და აღზრდა. გრიგოლი, რომელიც დიდგვაროვან ოჯახშია დაბადებული, სულიერ აღზრდას ადრეული ასაკიდანვე იწყებს ნერსე ერისთავის კარზე.22 ტექსტის თანახმად, მისი განათლება მოიცავს როგორც საეკლესიო (თეოლოგიურ), ისე საერო ფილოსოფოსთა მოძღვრებების ცოდნას. იგი დაბადებიდანვე ეკლესიისთვისაა შეწირული, გამოირჩევა თავმდაბლობით და, მიუხედავად იმისა, რომ თანხმდება დიდგვაროვან ნათესავებს მღვდლად კურთხევის პატივზე, ეპისკოპოსად კურთხევის პატივის შესახებ წინადადებაზე განდეგილობის გზაზე დადგომით პასუხობს. როგორც რევაზ ბარამიძის აღნიშნავს, „ნერსე ერისთავის კარზე აღზრდის ფაქტორმაც განაპირობა გრიგოლის დამუხტვა ფართო ეროვნული მიზნებით, რამაც უაღრესად ნაყოფიერი გამოვლენა პოვა გრიგოლის მოღვაწეობაში; თვით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთიანობა, ერთი მიზნითა და ერთიანი საქმიანობით ცხოვრება, რომელიც ასე შთამბეჭდავადაა ასახული გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში, როგორც ვნახეთ, ამის ასახვისა და მათზე ყურადღების გამახვილების საწყისებს ჯერ კიდევ აბოს „წამებაში“ ვხედავთ... გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში საგანგებოდაა გამოკვეთილი, რომ საქართველოს უკიდურესი ჩრდილო დასავლეთი მხარე - აფხაზეთი და უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტაო-კლარჯეთი ერთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ერთნაირია ორივე მხარის ცხოვრების წესი და მიზანსწრაფვა, ურთიერთთანადგომის მოთხოვნილება და ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალები.“ (ბარამიძე 1999, გვ. 84).

ცქირის ეპიზოდი და არაბთა მხრიდან ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს  საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები. ავტორის კარგად აქვს გააზრებული, რომ ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლა არაბთა საქართველოს ტერიტორიიდან განდევნასაც მოიცავს. რევაზ ბარამიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც არაბთა ბატონობამ მოიტანა, „იოანე საბანისძეს საოცარი სიღრმისეული ანალიზით აქვს წარმოსახული.“ ამ ბატონობისა და „აგრესიის დაძლევის გზას დიდი მამულიშვილი, ნერსე ერისთავი ხედავდა აჯანყებასა და ამ გზით ქვეყნის განთავისუფლებაში.“ თუმცა ეს „მეტად სწორხაზობრივი და მამაცური გადაწყვეტილება“ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის, ანუ შერყეული რწმენისა და ერის სულიერი დაცემის ფონზე შეუძლებელი იყო. „ამიტომ ერთადერთი გზა, მართალია, შორეული და მეტად რთული, ის იყო, რომ ერის თავკაცებს მოეხდინათ თანამემამულეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდათა სულიერი ამაღლება: და ამ გზით ქვეყნის „მოსალოდნელი კატასტროფისაგან“ გადარჩენა, რაც, შესაძლოა, იოანე საბანისძემ საკუთარ თავზე აიღო. შესაძლოა, მან „მცირეწლოვანი გრიგოლი დამუხტა ამაღლებული იდეებით,“  მოუწოდა მას, წასულიყო „არაბთაგან განადგურების შედეგად მიტოვებულ და გაუბედურებულ ტაო-კლარჯეთში,“ სადაც  ეკლესია-მონასტრებში, „ვითარცა რწმენის ტაძრებში,“ შემოეკრიბა ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მოამზადებდა ქვეყნის ხსნის სამსახურში ჩასაყენებლად. შედეგად, გრიგოლმა საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ კულტურის დიდ ცენტრს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, „არამედ ამასთანავე იმ დიდ ეროვნულ მოძრაობას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს აშოტ კურაპალატმა და მისმა მემკვიდრეებმა და რომელიც ასე ბრწყინვალედ დააგვირგვინა დავით აღმაშენებელმა.“ (იქვე, გვ. 83-84).

რევაზ ბარამიძის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ცქირის ეპიზოდში გამოკვეთილი პიროვნების უარყოფითი თვისებების ჩამოყალილების “მეშვეობით ავტორი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას აღზრდის პრინციპების მნიშვნელობაზე. ცქირის პერსონაჟის სახით ავტორს გამოყვანილი ჰყავს „ეროვნული მთლიანობისაკენ სწრაფვის ყველაზე დიდი დაბრკოლება,“ რაც შეიძლება შექმნას უცხოელის მიერაა აღზრდილმა თუ დაქირავებული ქართველმა. „გიორგი მერჩულეს თითქოს ეთაკილება, რომ ქვეყნის ასეთი ეროვნული აღმავლობის ატმოსფეროში მის თანამემამულეთა შორის გამოჩნდა მოღალატე და კარიერისტი. ყოვლად შეუძლებლად მიაჩნია ცქირის მუხანათური საქციელის გამართლება და სავსებით მართებულად ხსნის ამ ზნედაცემული უბადრუკის მოქმედებას. კერძოდ, ცქირი იყო „ტფილისს აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაილის ძისაგან“.“ (იქვე, გვ. 88).

ქვეყნის ერთიანობის იდეა. ნათელა ვაჩნაძის თქმით, „მერჩულე ძვირფას ცნობებს გვაწვდის როგორც დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს - „აფხაზთა სამეფოს,“ ისე საქართველოს პროვინციების - კლარჯეთის, შავშეთის, ტაოთა, სპერის, ნიგალის, არტაანის, ჯავახეთის, სამცხის, ქართლისა და მესხეთის სასაზღვრო ტერიტორიის, თორის - შესახებ.“ (ვაჩნაძე 2011, გვ. 94).

თავად ქვეყნის გამთლიანების იდეა, რომელიც გამოხატულია გიორგი მერჩულის მიერ კონფესიური და ლინგვისტური იდენტობის მნიშვნელობის ხაზგასმის მეშვეობით, მოცემულია ნაწარმოებიდან ყველაზე ხშირად ციტირებულ ფრაზაში: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო „კჳრიელეჲსონი“ ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა ყავ“, გინა თუ „უფალო შეგვიწყალენ“.“ ამავე ფრაზაში მოცემულია აგრეთვე ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის მარკერი, რაც ბიზანტიაზე სწორებაში გამოიხატება და „“კჳრიელეჲსონი“ ბერძნულად ითქუმის“ სახითაა ფორმულირებული. იმავდროულად, ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ქვეყნის ეკლესიის დამოუკიდებლობის იდეას. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ ამ იდეის ხაზგასასმელად, ზუსტად „ქართლის ქუეყნის“ განსაზღვრებამდე, მერჩულეს თხზულებაში შემოაქვს ქართლის ეკლესიის მიერ მირონის კურთხევის უფლების შესახებ ინფორმაცია: „ხოლო ეფრემ ქრისტეჲსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალეჲმისა პატრიაქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით.“

გიორგი მერჩულეს მიერ შექმნილი ღვთივ-კურთხეული მეფის სახე და აშოტ კურაპალატის მოღვაწეობის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმისათვის. გიორგი მერჩულეს თხზულება წარმოადგენს ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ ნარატივს,  სადაც ბაგრატიონთა იესიან-დავითიან-სოლომონიანობა, ანუ მათი „ღვთიური“ წარმომავლობაა ხაზგასმული. (იხ. ისტორიოგრაფია > სუმბატ დავითის ძის ქრონიკა). პავლე ინგოროყვას თქმით, აშოტ I დიდმა, „პოლიტიკური ცენტრის გადატანა შუა ქართლიდან (სადაც გზა ხსნილი ჰქონდათ არაბებს) იბერიის ქვეყნების შორეულსა და კარგად დაცულს ზურგში, წარმოადგენდა უაღრესად წინდახედულს, ქვეყნის მომავლისათვის სწორად გამიზნულს, პოლიტიკურად გამართლებულ ღონისძიებას, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი (სხვა მიზეზებთან ერთად, რასაკვირველია), რომ არაბობა ასე ადვილად ვერ გაუმკლავდა იბერიის ამ განახლებულ სამეფოს და ახლად შექმნილი პოლიტიკური მეტროპოლია დასავლეთ მესხეთში გადაიქცა ქართული სახელმწიფოებრივობის მკვიდრ ციტადელად.“ (ინგოროყვა 1954, გვ. 54). აშოტის პარალელურად, „გიორგი მერჩულის თხზულებაში მოცემულია პორტრეტები ქართველთა სამეფოს ხელმძღვანელებისა მე-9 საუკუნეში, როგორც მეფე-კურაპალატის ბაგრატ I-ისა, ისე თანამმართველთა, ადარნერსე ხელმწიფისა და გვარამ მამფალისა.“ (იქვე, გვ. 74).

გიორგი მერჩულე, რომელიც ბაგრატიონთა საგვარეულოს აპოლოგეტად გვევლინება, გვამცნობს: „და მათ ჟამთა მფლობელი იყო ამათ ქუეყანათა ღმრთის-მსახური ჴელმწიფჱ დიდი ბაგრატუნიანი - აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნჱ, რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთ მისთაჲ ვიდრე უკუნისამდე ჟამთა.“ ბაგრატიონთა საგვარეულოს ძალაუფლების ლეგიტიმაციას კი ავტორი შუა საუკუნეების ტრადიციული, ღვთივკურთხეული მეფის იდეის საშუალებით ახორციელებს, რომელიც ყველაზე ნათლად გრიგოლის მიერ აშოტისა და მისი მემკვიდრეების დალოცვის ეპიზოდშია გამოსახული. ტექსტის თანახმად, „დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე.“ 

საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობა. მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ თხზულების რიგ ეპიზოდში დახატულია საერო ხელისუფალთა დაქვემდებარებული პოზიცია სასულიერო პირებისადმი. ენრიკო გაბიძაშვილის თქმით, „მართალია, ეკლესია ფორმალურად არ ერევა სახელმწიფოებრივ საქმეებში, მხოლოდ მისი ეთიკური და ზნეობრივი საფუძვლების კონტროლს სჯერდება, მაგრამ მაინც იგრძნობა უპირატესობის მომენტი („დიდებულო მეუფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ... უფროჲს ჩემსა ჯერ არს სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ, რომელმან ბრძანა, ვითარმედ ვერვის ჴელეწიფების მონებაჲ ორთა უფალთა”). უპირატესობას გრძნობს გრიგოლი და მისი ძმობა სამრევლო ანუ თეთრ სამღვდელოებასთანაც, რადგან გრიგოლი მისთვის შეთავაზებულ ეპისკოპოსობას „ჴორციელ დიდებად” თვლიდა.“ (გაბიძაშვილი 2010, გვ. 179-180).

ე.წ. სასიყვარულო ეპიზოდები. საერო ხელისუფალთა დაქვემდებარებული პოზიცია, მკვლევართა თვალსაზრისით, ყველაზე უკეთესად ჩანს აშოტ კურაპალატისა და ადარნერსე კურაპალატის სამიჯნურო ისტორიებთან დაკავშირებულ ეპიზოდებში, როდესაც გრიგოლ ხანძთელი თავს უფლებას აძლევს ქვეყნის მმართველების დაუკითხავად მონასტრებში წაიყვანოს მათი აკრძალული ტრფობის ობიექტები, ხოლო საერო პირები იძულებულნი არიან დამორჩილდნენ მის გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ეს ადარნერსეს შემთხვევაში მოხდა, მათ უფლის რისხვა ეწევა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში სამიჯნურო ეპიზოდებთან დაკავშირებით ნათელა ვაჩნაძე ამბობს, რომ „გიორგი მერჩულემ გაარღვია ჰაგიოგრაფიული ჟანრის ჩარჩოების და წმინდანის მოქალაქეობისადმი მიძღვნილ თხზულებაში შემოიტანა სრულიად ახალი მოტივი, რომელიც საერო მწერლობისათვისაა დამახასიათებელი და არა სასულიეროსათვის. ცხოვრება, როგორც ჩანს, დიდი ძალით ეჯახება ეკლესიათა და მონასტრების კარიბჭეებს, არღვევს გალავნებს, და ცდილობს, მისთვის სასურველი ადგილი დაიმკვიდროს ყველგან, მათ შორის, მწერლობაში.“ (ვაჩნაძე 2011, გვ. 94).

გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურული მემკვიდრეობა. გიორგი მერჩულის თხზულების თანახმად, გრიგოლ ხანძთელმა შეადგინა სამონასტრო წესდება თავისი საძმოსათვის, და აგრეთვე საწელიწდოჲ იადგარი. სამონასტრო წესდების შესახებ გიორგი მერჩულე გვამცნობს, რომ გრიგოლმა ერთმანეთს შეუდარა იერუსალიმურ-საბაწმინდური და კონსტანტინოპოლური სამონასტრო წესდებები და მათი ჰარმონიზაციის მეშვეობით შექმნა ტიპიკონი საკუთარი სამონასტრო კოლონიისათვის, რომელიც, სამწუხაროდ, არ შემონახულა. რაც შეეხება იადგარს, გიორგი მერჩულე გვამცნობს რომ „აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდო იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან.“ მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ იგი თავად გრიგოლის დაწერილია (კეკელიძე 1980, გვ 135; ინგოროყვა 1954, გვ. 771; და სხვ.), მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მან კი არ დაწერა, არამედ გადაწერა უკვე არსებული იადგარის ტექსტი (მეტრეველი 1971, გვ. 067; ბარამიძე 1958). შერმადინ ონიანმა კი გამოთქვა მოსაზრება, რომ გრიგოლმა ჩაწერა ის საგალობლები, რომლებიც მას ზეპირად ახსოვდა (ონიანი 2002). ნესტან სულავას აზრით, თხზულების კონტექსტი გვიჩვენებს, რომ „ფრაზა მოხმობილია წმ. გრიგოლის ფენომენალური მეხსიერების საჩვენებლად.“ (სულავა 2024, გვ. 466). ედიშერ ჭელიძის თქმით კი, ამ იადგარის შემოქმედი არის სულიწმიდა, ხოლო გრიგოლ ხანძთელმა ჩაიწერა ის, რაც მას სულიწმიდამ უკარნახა, ანუ ის, ფაქტობრივად, წარმოადგენდა „სულიწმიდის კალამს.“ (ჭელიძე 1984, გვ. 157-158).

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნებათმცოდნენი სწავლობენ თხზულებაში მოხსენიებულ და დღემდე შემორჩენილ ეკლესია-მონასტრებს ტაოსა და კლარჯეთში, ისევე როგორც ცდილობენ იდენტიფიკაცია გაუკეთონ იმ მონასტერთა მდებარეობას, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევიათ. არანაკლები ყურადღება ექცევა ამ მონასტერთა გაფორმებისა და იკონოგრაფიის შესწავლასაც, ანუ, ეკლესია-მონასტრების ფასადსა და ნაგებობათა შიგნით შემორჩენილ ქვაში ნაკვეთ ჩუქურთმებსა და ორნამენტებს, აგრეთვე იკონოგრაფიას (ჯობაძე 2007, სხირტლაძე 2009, ხოშტარია 2006, გივიაშვილი და კოპლატაძე 2004, Беридзе 1981; Закарая 1992 და სხვ.). 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თხზულებაში სასულიერო ლიდერისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სამონასტრო კოლონიზაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ფონზე ასახულია ქვეყნის გაერთიანების დაწყებული მოძრაობის საწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის ეტაპი. როგორც ფრანგი ქართველოლოგი, ბერნადეტ მარტენ-იზარი აღნიშნავს, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება წარმოადგენს ბიზანტიის იმპერიის მახლობლად მდებარე საქართველოს ერთი რეგიონის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ამსახველ ძვირფას დოკუმენტს, რომელშიაც იწყებს მოღვაწეობას ქართული სამყაროს პოლიტიკური ბედისა და მისი ეკლესიის მომავლის გადამწყვეტი დაჯგუფება. (Martin-Hisard 2001, გვ. 5). ამავე პერიოდში და, სავარაუდოდ, გრიგოლ ხანძთელის მიერვე ჩამოყალიბებულ ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლაშივე იწყება ქართული საეკლესიო ლიტერატურის გადახალისება და მისი ბიზანტიურ ლიტერატურასთან შეჯერება. როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, არა მხოლოდ „უდიდესი ნაწილი იმ საგანძურისა, რაც ჩვენ მოგვეპოვება IX-X სს-დან, შექმნილია ტაო-კლარჯეთის მონასტრებში,“ არამედ ამ სკოლამ უდიდესო როლი შეასრულა ათონის ლიტერატურული სკოლის ჩამოყალიბებაშიაც, ვინაიდან „ათონის სამონასტრო და სალიტერატურო წრე თავდაპირველად წარმოადგენდა ვეებერთელა ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ხის ერთ შტოს.“ (კეკელიძე 1980, გვ 97; იხ. აგრეთვე: რაფავა 2010).

  1. მოიხსენიება აგრეთვე, როგორც ხანცთელი (იხ. ჭელიძე 2008. გვ. 479-958). ↩︎

  2. პავლე ინგოროყვას თქმით, „81 ქორონიკონი დაიწყო 860 წელს 1 სექტემბერს და დასრულდა 861 წელს 31 აგვისტოს.“ მკვლევრის თქმით, ქორონიკონისა და წმინდანის გარდაცვალების დღის მითითება „გვაძლევს საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ, რომ გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალების თარიღი არის 860 წელი, 5 ოქტომბერი.“ შესაბამისად, თხზულება უნდა დაწერილიყო 950 წელს. (ინგოროყვა 1954, გვ. 8-9). ↩︎

  3. მოიხსენიება აგრეთვე, როგორც მერჩული (იხ. კეკელიძე 1980, გვ. 152-157). თუმცაღა, პავლე ინგოროყვას თქმით, „ჩვენი მწერლის სახელი და ზედწოდება გამოითქმოდა როგორც გიორგი მერჩულე (სახელობითი ბრუნვა, კლასიკური ნორმების მიხედვით: გიორგი მერჩულე-ჲ; ნათესაობითი ბრუნვა; გიორგი მერჩულ-ისა). ამიტომაა, რომ გრიგოლ ხანძთელის “ცხორებაში“ ჩვენ ვკითხულობთ: „წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა... გულს-მოდგინებითა დაიწერა „ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე“.“ (ინგოროყვა 1954, გვ. 19). ↩︎

  4. სოლომონ დიდი ბიბლიური მეფე სოლომონია (ისრაელის მეფე დავითის ძე) რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიბრძნით. ↩︎

  5. ქქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია). დააარსა გრიგოლ ხანძთელმა VIII საუკუნის 80-იან წლებში. იგი იქცა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად. ↩︎

  6. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ლავრა კლარჯეთში. დააარსა გრიგოლ ხანძთელმა IX საუკუნის დასაწყისში (დაახლ. 820-იან წლებში), აშოტ კურაპალატის მატერიალური შემწეობით. შატბერდი ცნობილია როგორც უმნიშვნელოვანესი სამწიგნობრო კერა, სადაც შეიქმნა ისეთი ფასდაუდებელი ხელნაწერები, როგორიცაა „შატბერდის კრებული“ და ადიშის ოთხთავი. ↩︎

  7. ისრაელი ხალხის მამამთავარი. ძველი აღთქმის მიხედვით, ღვთის მოწოდებით მან დატოვა თავისი სამშობლო, ქალდეველთა ური (რომელიც ტექსტში „ურწმუნოთა ქვეყნად“ არის მოხსენიებული), რათა აღთქმულ მიწაზე დამკვიდრებულიყო. ↩︎

  8. გრიგოლ ხანძთელის დისწული და მისი ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე. მან კლარჯეთიდან ტაოში იმოგზაურა და საფუძველი ჩაუყარა იშხნის კათედრალის აღდგენას (რის გამოც ეწოდება „მეორედ მაშენებელი“). მოგვიანებით იგი გახდა იშხნის პირველი ეპისკოპოსი. ↩︎

  9. გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. მან ქართლში, ბორჯომის ხეობაში, დააარსა ნეძვის მონასტერი და იყო მისი პირველი წინამძღვარი („მამაჲ“). თევდორე აქტიურად მონაწილეობდა კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების მოწესრიგებაში. ↩︎

  10. გრიგოლ ხანძთელის კიდევ ერთი გამორჩეული მოწაფე. მან ააშენა კვირიკეთის მონასტერი (აჭარაში) და იყო მისი წინამძღვარი. თევდორეს მსგავსად, ისიც გრიგოლის იმ ოთხ რჩეულ მოწაფეთაგანს ეკუთვნოდა, რომლებიც თავიდანვე გაჰყვნენ მას კლარჯეთში სამოღვაწეოდ. ↩︎

  11. სახარებისეული იგავის (მათე 20:1-16) სიმბოლური გამოძახილი. იგავის მიხედვით, ვენახის პატრონმა თანაბარი გასამრჯელო გადაუხადა როგორც მათ, ვინც დილიდან მუშაობდა, ისე მათ, ვინც მხოლოდ დღის ბოლოს („მეათერთმეტე ჟამს“) მივიდა სამუშაოდ. ↩︎

  12. აშოტ I კურაპალატი — ბაგრატიონთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი ტაო-კლარჯეთის ტახტზე, ქართლის ერისმთავარი. გიორგი მერჩულე მას ახასიათებს, როგორც ღვთისმსახურ მეფესა და ეკლესიის დიდ მფარველს. სწორედ აშოტმა გაუწია მატერიალური დახმარება გრიგოლ ხანძთელს შატბერდის მონასტრის აშენებაში და საფუძველი ჩაუყარა მჭიდრო კავშირს სამეფო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის. მისი მმართველობის პერიოდი ტაო-კლარჯეთის კულტურული და პოლიტიკური აღორძინების დასაწყისად ითვლება. ↩︎

  13. დედათა მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ლოცვა-კურთხევითა და მატერიალური შემწეობით აშენდა. ↩︎

  14. იერუსალიმის მახლობლად მდებარე წმინდა საბა განწმენდილის ლავრის სამონასტრო წესდება. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და სრულყოფილ ასკეტურ ტიპიკონად ქრისტიანულ სამყაროში. ↩︎

  15. დემეტრე II — აფხაზთა მეფე (დაახლ. 825–861 წწ.), ლეონ II-ის ძე, ბაგრატიონთა მოკავშირე და ქართული ეკლესიის დიდი მფარველი. მისი მმართველობის დროს აფხაზთა სამეფო (დასავლეთ საქართველო) პოლიტიკურად და კულტურულად გაძლიერდა. ↩︎

  16. ართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი იმერეთში (დღევანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). ნაწარმოების მიხედვით, იგი დააარსა გრიგოლ ხანძთელმა IX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ის აფხაზთა მეფე დემეტრე II-მ დიდი პატივით მიიღო დასავლეთ საქართველოში. ↩︎

  17. IX საუკუნის ქართული მონასტერი შიდა ქართლში, ბორჯომის ხეობაში. ააგო გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ, თევდორემ, თავისი მოძღვრის კურთხევითა და დახმარებით. ↩︎

  18. IX საუკუნის მონასტერი აჭარაში, რომელიც დააარსა გრიგოლის მეორე გამორჩეულმა მოწაფემ, ქრისტეფორემ. ↩︎

  19. რიგ მეცნიერთა მიერ გაიგივებულია სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში მოხსენიებულ მიქაელ პარეხელთან (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > მიქაელ პარეხელის ცხოვრება; სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება) - ი.ყ. ↩︎

  20. თბილისის ამირა საჰაკი უკავშირდება კონსტანტი კახის მარტვილობას და მოიხსენიება 853 წლის ატენის სიონის წარწერაში, სადაც აღნიშნულია, რომ ბუღა თურქმა შეიპყრო და მოკლა ხალიფატს განდგომილი და აჯანყებული თბილისის ამირა საჰაკი. მასთან ერთად  „შეიპყრა კახაჲ და ძჱ მისი თარჴუჯი.“ (იხ. ჰაგიოგრაფია > მარტვილობანი > კონსტანტი კახის მარტვილობა) - ი.ყ. ↩︎

  21. თავდაპირველად მკვლევარმა სიტყვის მნიშვნელობა გაანალიზა ვეფხისტყაოსნის ცნობილი ფრაზის - ვწერ ვინმე მესხი მელექსეს მაგალითზე. იხ. კახაბრიშვილი 1999; Id. 1983. ↩︎

  22. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მისი მასწავლებელი, შესაძლოა, იოანე საბანისძე ყოფილიყო. რევაზ ბარამიძის თქმით, „არ უნდა იყოს გამოსარიცხი ვარაუდი, რომ ნერსეს კარზე მყოფი, ნერსეს ცოლის ძმის შვილი, მცირეწლოვანი გრიგოლი აღსაზრდელად სწორედ ბრძენსა და დიდად განსწავლულ მოძღვარს, იოანე საბანისძეს ჰყავდა მიბარებული. ამ ქრონოლოგიურ-ისტორიული ფაქტის შესაძლებლობაში გვარწმუნებს იოანე საბანისძისა და გიორგი მერჩულეს თხზულებათა შინაგანი ორგანული კავშირი.“ (ბარამიძე 1999, გვ. 83). ↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია:

ბარამიძე ალექსანდრე 1958. „გიორგი მერჩულეს გარშემო.“ თსუ შრომები 71: 31-37.

ბარამიძე, რევაზ 2001. „მცირე დაკვირვება გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების კომპოზიციაზე.“ მწიგნობარი ‘01: 129-135

ბარამიძე, რევაზ 1999. „ეროვნული ცნობიერების საკითხი გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში.“ ლიტერატურული ძიებანი 20: 83-91.

გაბიძაშვილი 2010 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ვაჩნაძე, ნათელა 2011. „გრიგოლ ხანცთელი. შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსადცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მისთანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ.“ წიგნში: დიდნი საქმენი. რედ: როინ მეტრეველი და ბუბა კუდავა. თბილისი: არტანუჯი, გვ. 92-95.

ინგოროყვა, პავლე 1954. გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან. თბილისი: საბჭოთა მწერალი - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

კახაბრიშვილი, ციალა 2001. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ანდერძი.“ მრავალთავი 19: 298-310.

კახაბრიშვილი, ციალა 1999. „ რას ამბობს მესხი მელექსე.“ მრავალთავი 18: 363-370

კახაბრიშვილი, ციალა 1983. „მესხ მელექსეზე „თქმული“.“ მრავალთავი 10: 167-188

მახარაშვილი, სოსო 2009. „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრება და წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება (ტიპოლოგიური პარალელები).“ კრებულში: II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები: მასალები. ნაწ. 2. რედ. ირმა რატიანი, მაკა ელბაქიძე. თბილისი: უნივერსალი, 21-27.

მეტრეველი, ელენე 1971. ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი: ორი ძველი რედაქცია X-XI სს. ხელნაწერების მიხედვით. გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებელნი დაურთო ელენე მეტრეველმა. თბილისი: მეცნიერება.

ნაცვლიშვილი, ირინა 2018. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესწავლის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა.“ კრებულში: მენაბდე (რედ.) 2018, 54-97.

ონიანი შერმადინ 2002. „გიორგი მერჩულეს ცნობა გრიგოლ ხანძთელის საწელიწდო იადგარის შესახებ.“ კრებულში: ბენაშვილი და სულავა 2002, 78-82

რაფავა, მაია 2010. „ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლა.“ მრავალთავი 23: 98-105

სირაძე 1983. „გიორგი მერჩულეს ლიტერატურულ-ესთეტიკური თვალთახედვა.“ მნათობი 9: 162-173; Repr.: წიგნში: მისივე, ქართული ჰაგიოგრაფია. თბილისი: ნაკადული, 1987, 129-162.

სულავა 2024 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

სხირტლაძე, ზაზა 2009. ოთხთა ეკლესიის ფრესკები. თბილისი: [n.l.]

ხოშტარია დავით 2006. კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. თბილისი: არტანუჯი.

ჭელიძე, ედიშერ 2008. ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა. ტ. 1. ძეგლები თარგმნა, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ. მეორე შესწორებული გამოცემა. თბილისი: ახალი ივირონი. პირველი გამოცემა: თბილისი, ახალი ივერიონი, 2005

ჭელიძე ედიშერ 1984. „გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამო.“ მნათობი 10: 157-161.

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჯობაძე, ვახტანგ 2007. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. თბილისი: უნივერსალი

Martin-Hisard, Bernadette 2002. Moines et monastères géorgiens du 9e siècle : La Vie de saint Grigol de Xancta. Deuxième partie : une mise en perspective historique.” Revue des Etudes Byzantines 60/1 : 5-64

Martin-Hisard, Bernadette 2001. « Moines et monastères géorgiens du 9e siècle : La Vie de saint Grigol de Xancta.” Revue des Etudes Byzantines 59 : 5-94

Peeters, Paul 1917-1919. „Histories monastiques géorgiennes.” Analecta Bollandiana 36-37 : 5-318

Rayfield 2000 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Марр, Нико(лай) Яковлевич 1911. Георгий Мерчул. Житие Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра с дневником поездки в Шавшию и Кларджию (85 рисунков). Тексты и разыскрния по армяно-грузинской филологии VII. Ст-Петербург: Издательство императорской академии наук

თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია:

ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი:

აფციაური ჯემალ 1970. „იდეური ბრძოლის ზოგიერთი მომენტისათვის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში.“ მაცნე ელს 1: 18-31.

ბარამიძე რევაზ 2002 „ქალთა სახეები გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის „ცხორებაში.“ კრებულში: ბენაშვილი და სულავა (რედ.) 2002, 46-64.

ბარამიძე რევაზ 1990. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების სამიჯნურო ეპიზოდების გაგებისათვის.“ მნათობი 1: 158-162.

ბარამიძე, რევაზ 1986. „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით.“ წიგნში: მისივე, ქართული მწერლობის შესწავლისათვის. თბილისი: განათლება, 53-74

ბარამიძე რევაზ 1979. „გიორგი მერჩულე – ცხორებაჲ გრიგოლ ხანცთელისაჲ.“ წიგნში: მისივე, ქართული საისტორიო და ორატორული პროზა. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 7-62.

გივიაშვილი, ირინე და ირაკლი კოპლატაძე 2004. ტაო-კლარჯეთი. თბილისი: თსუ გამომცემლობა

დგვეფაძე, ელენე 2004. „ეგრეთ წოდებული სამიჯნურო ეპიზოდისათვის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში.“ კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა 7: 68-72

კილანავა, ბეჟან 1983. „“აღმწერელი წიგნისა“ (გიორგი მერჩულე).“ ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში 1: 42-47

კუჭუხიძე გოჩა 2002. „ქრისტიანული სახელმწიფოს მოდელი წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. კრებულში: ბენაშვილი და სულავა 2002, 100-107.

მაზმიშვილი, ნინო 2004. „ზღუდე ქრისტიანეთაჲ.“ კლასიკური და თანამადროვე ქართული მწერლობა 7: 73-86

მაღლაფერიძე ვასილ 1992. „გიორგი მერჩულე. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.“ კრებულში: საუბრები ქართულ ლიტერატურაზე. რედ. რევაზ სირაძე. თბილისი: განათლება, 89-193.

მეტრეველი ფირუზ 2002. „წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების სახისმეტყველების ზოგიერთი ასპექტი.“ კრებულში: ბენაშვილი და სულავა 2002, 108-119.

ფარულავა გრივერ 2003. წმ. „გრიგოლ ხანძთელი.“ კრებულში: ნათელი ქრისტესი. საქართველო. წ. I. პროექტის ავტორი ნესტან კირთაძე. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 685-699.

წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ანალიზი:

მამულია, გურამ 1970. „გრიგოლ ხანძთელის რელიგიური იდეალი და მისი მიმართება „ქართველთა სამეფოს“ საეკლესიო-სახელმწიფოებრივ იდეალთან.“ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 58/3: 741-744.

მამულია, გურამ 1969. „სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა გრიგოლ ხანძთელის თვალსაზრისით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 56/3: 753-756.

ნათაძე გრიგოლ. 1929. „შავშეთ-კლარჯეთის ეკონომიური მდგომარეობა და კლასობრივი ურთიერთობა მე-9-10 საუკუნეების გ. მერჩულის ცნობების და სუმბატის ქრონიკის მიხედვით.“ მნათობი2-3: 202-232; 4: 141-158

სილოგავა, ვალერი და კახა შენგელია 2006. ტაო-კლარჯეთი. თბილისი: კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა

Peeters, Paul 1917-1919. “Histories monastiques géorgiennes.” Analecta Bollandiana 36-37 : 5-318

ტექსტოლოგიური ანალიზი:

ალექსიძე, ზაზა 1978. „ბაგრატ ერისთავთა ერისთავის მიერ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების განახლება.“ ქართული წყაროთმცოდნეობა 5: 33-38; Repr.: ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი I. თბილისი: [n.l.], 2010, 238-243.

შანიძე აკაკი 1944. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ერთი ადგილის გაგებისათვის.“ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე V/9: 939-944.

ხინთიბიძე, ელგუჯა 1969. „ტაო-კლარჯეთიდან ათონის ლიტერატურულ სკოლამდე.“ წიგნში: მისივე, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი. თბილისი, 92-103.

ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი:

გივიაშვილი და კოპლატაძე 2004.

სხირტლაძე 2009.

ხოშტარია 2006.

ჯობაძე 2007.

Gedevanishvili, Ekaterine, Irene Giviashvili, Irma Mamasakhlisi and Natalia Chitishvili (eds.) 2020. Tao-Klarjeti: History and Heritage of Movable and Immovable Monuments. Presentations made by the programme participants during the seasonal school. In Memory of Dimitri Tumanishvili. Tbilisi: [n.l.]

Thierry, Nicole 1960. “Notes d’un voyage en Géorgie Turque. » Bedi Kartlisa 34-35: 9-29

Беридзе Вахтанг 1981. Архитектура Тао-Кларджети. Тбилиси: Мецниереба.

Закарая, Пармен Парнаозович 1992. Зодчество Тао-Кларджети. Тбилиси: Издательство ТГУ

საეკლესიო ლიტერატურისა და ქართული ეკლესიის ისტორია:

ელაშვილი ქეთევან 1999. წმიდა მამათა სახელდება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით.“ ლიტერატურული ძიებანი 20: 92-95

მამულია, გურამ 1970. „გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო იდეის საკითხისათვის.“ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 58: 237-240

მაღლაფერიძე ვასილ 2006. „მოძღვრისა და მოწაფის ურთიერთობა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. კრებულში: ტუსკია (შემდგენელი)2006, 99-102.

მეფისაშვილი, რუსუდან 1964. „გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების სააღმშენებლო მოღვაწეობა ქართლში.“ მაცნე 4: 232-241

ონიანი 2002

სოხაძე, ნათელა 1997 „ბენედიქტე ნურსიელის და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებათა ურთიერთმიმართებისათვის.“ თსუ შრომები 323: გვ. 16-35

ჩიკვაიძე, ეკა 2007. „პრეელინისტური ტენდენციები და რწმენისა და ცოდნის ურთიერთობის საკითხი გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით.“ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 11: 16-28.

საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კვლევები:

გოგოლაძე, თამაზ 2024. „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენიებული კვირიკეწმინდის ლოკალიზაციის გარკვევის საკითხი ჩითახევის ეკლესიის (მწვანე მონასტერი) ანტეფიქსის წარწერის მიხედვით.“ ქართული წყაროთმცოდნეობა 26: 13-24

ხუციშვილი თეიმურაზ (ხელმძღვანელი) 2019. ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2012-2013 წლების საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები. თბილისი: [n.l.]; https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/305614 - უკანასკნელი წვდომა: 28.02.2026

ხუციშვილი თეიმურაზ (ხელმძღვანელი) 2017. ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2016 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები. თბილისი: [n.l.]; https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/305619 - უკანასკნელი წვდომა: 28.02.2026

ხუციშვილი თეიმურაზ (ხელმძღვანელი) 2015. ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2014 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები. თბილისი: [n.l.]; https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/75391 - უკანასკნელი წვდომა: 28.02.2026

ფილოსoფიის ისტორია:

მამულია, გურამ 1969. „ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, როგორც გრიგოლ ხანძთელის მსოფლმხედველობის წყარო.“ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 55/5: 753-756.

ხიდაშელი შალვა 1951. „გიორგი მერჩულის მსოფლმხედველობა ძველი ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის განვითარების თვალსაზრისით.“ ფილოსოფიის ინსტიტუტის შრომები 3: 233-260

იდენტობის კვლევები:

ბარამიძე 1999.

სულავა, ნესტან 2003. „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის.“ ლიტერატურული ძიებანი 43: 23-54

კულტუროლოგიური კვლევები:

კაკიტელაშვილი, ქეთევან 2005. „კულტურული პროცესების მართვა V-XI საუკუნეების ქართული აგოიგრაფიული ტექსტების მიხედვით.“ ცივილიზაციური ძიებანი 3: 13-38

ინტერდისციპლინური კვლევები:

ბენაშვილი, გურამ და ნესტან სულავა (რედ.) 2002. ხანძთა – სულიერად მშობელი ქართველთა. კრებული ეძღვნება გიორგი მერჩულის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერიდან 1050 წლისთავს. თბილისი: [n.l.]

ბურჭულაძე, ნანა გიორგი გაგოშიძე, როზეტა გუჯეჯიანი და სხვ. 2018. ტაო-კლარჯეთი: ისტორიულ-კულტურული ნარკვევი. თბილისი: არტანუჯი

მენაბდე, დარეჯან (რედ.) 2018. უდაბნოთა ქალაქთმყოფელი წმიდა გრიგოლ ხანძთელი. თბილისი: [თსუ გამომცემლობის სტამბა]

ტუსკია, მანანა (შემდგენელი) 2006. წმიდა გრიგოლ ხანძთელი. პროექტის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ილია ნასიძე. სარედაქციო საბჭო: რევაზ სირაძე, გრივერ ფარულავა, მანანა ტუსკია. თბილისი: არტანუჯი


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი