მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ილარიონ ქართველის ცხოვრება

ტექსტის ორიგინალური სათაური: ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ

ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: ენრიკო გაბიძაშვილის თქმით, „ეფთვიმესეული ილარიონის „ცხოვრების” უძველესი ტექსტი დაცულია ეფთვიმე მთაწმინდელის ნათარგმნ თხზულებათა ავტოგრაფულ 990 წ. ხელნაწერში (Ath-79.), ხოლო მეორე ე.წ. 1074 წ. ათონის კრებულში (A-558).“ (გაბიძაშვილი 2010, გვ. 185).

თხზულების დაწერის დრო: უძველესი რედაქცია - X საუკუნის პირველი ნახევარი. (დოლაქიძე 1974); მეტაფრასული რედაქცია - 1074-1100 წლებს შორის (კეკელიძე 1957, გვ. 152).

თხზულების რედაქციათა ავტორები: ითვლებოდა, რომ თხზულება თავდაპირველად დაიწერა ბერძნულად ბასილი მონაზონის მიერ. თხზულების ეს რედაქცია არ შემონახულა. ენრიკო გაბიძაშვილის თქმით, „ჯერ კიდევ ილარიონის თანამედროვე ბერძენ მწერალ ბასილი პროტოასიკრიტსა და მონაზონს იმპერატორის ბასილი I დავალებით და ილარიონის მოწაფეთა მიერ მოწოდებული ცნობების საფუძველზე ბერძნულ ენაზე შეუდგენია ენკომია, რომელიც მას ილარიონის წმინდა ნაწილების თესალონიკიდან რომანას მონასტერში გადმოსვენების დროს წარმოუთქვამს.“ (გაბიძაშვილი 1968, გვ. 134).

კორნელი კეკელიძის თანახმად, ჩვენამდე შემორჩენილია თხზულების სამი ქართულენოვანი რედაქცია: 1) უძველესი რედაქცია, რომელსაც მკვლევარი უწოდებს ძველ ათონურ რედაქციას და რომლის ავტორადაც ექვთიმე ათონელს მოიხსენიებს. 2) მეტაფრასულi რედაქცია, რომლის ავტორიც არის თეოფილე ხუცესმონაზონი, და 3) სვინაქსარული რედაქცია, რომელიც წარმოადგენს ორი წინამორბედი რედაქციის სინთეზს და შემონახულია გიორგი მთაწმინდელის დიდ სვინაქსარში. (კეკელიძე 1957, გვ. 134).

მანანა დოლაქიძის თქმით კი, ილარიონ ქართველის შესახებ შექმნილია მისი ცხოვრების ორი ვრცელი რედაქცია (ვრცელი ათონური და მეტაფრასული), ორი სვინაქსარული რედაქცია, მოკლე რედაქცია და სამი საგალობელი (დოლაქიძე 1974, გვ. 11). თხზულების ჩვენამდე მოღწეულ ოთხ რედაქციაზე საუბრობენ სხვა მკვლევრებიც: ვრცელი ათონური, მოკლე ათონური, მეტაფრასული და სვინაქსარული ბეჟან კილანავასა თანახმად (ბეჟან კილანავა, „ილარიონ ქართველის ცხოვრების ისტორიულ-ლიტერატურულ სახეთა ინტერპრეტაციისათვის (ნარკვევები და მასალები,“ წიგნში: კილანავა 1990, გვ. 281- 420, აქ, გვ. 281;); მოკლე ათონური, ვრცელი, მეტაფრასული და სვინაქსარული გივი წულაიას ფიქრით (Цулая 1998, გვ. 20);  მოკლე ათონური, გავრცობილი კიმენური ათონური, მეტაფრასული და სვინაქსარული ნესტან სულავას მოსაზრებით (სულავა 2016, გვ. 45-46); ვრცელი, მოკლე, მეტაფრასული და სვინაქსარული ფრანგი ქართველოლოგის, ბერნადეტ მარტენ-იზარის თქმით. (Martin-Hisard 1981, გვ. 101).

ენრიკო გაბიძაშვილი კი აღნიშნავს, რომ, ტრადიციული თვალსაზრისით, არსებობს თხზულების სამი ვრცელი რედაქცია  (ექვთიმე ათონელისეული, მეტაფრასული, შედგენილი თეოფილე ხუცეს-მონაზონის მიერ 1074-1100 წლებში ათონური რედაქციის საფუძველზე, და მესამე, რომელიც ათონური რედაქციის შემოკლებას წარმოადგენს. ენრიკო გაბიძაშვილი, „4. ილარიონ ქართველი,“ ნაკვეთში: „XI-XIV საუკუნეების სვინაქსარული ცხოვრებანი,“ წიგნში: გაბიძაშვილი 1968, გვ. 134-154, აქ გვ. 134-135). ილარიონის ცხოვრების ერთი სვინაქსარული რედაქცია შემონახულია გიორგი მთაწმინდელის დიდ სვინაქსარში; თუმცა, როგორც მკვლევარი აღნიშნავს, იგი არ ყოფილა შეტანილი სვინაქსარის თავდაპირველ ვერსიაში, ვინაიდან ამ ტექსტის ხუთი XI საუკუნით დათარიღებული ხელნაწერიდან ამ საკითხავს მხოლოდ ერთი მათგანი შეიცავს (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Ms A-193). (იქვე, გვ. 135-136). მეცნიერის დასკვნით, შესაძლოა, თავად გიორგი მთაწმინდელის ინიციატივით სვინაქსარის ტექსტში გაჩენილიყო ილარიონის ხსენება (ცხოვრების გარეშე) მას შემდეგ, რაც  გიორგიმ თთუენი შეადგინა და იქ წმინდანის მოხსენიება შეიტანა. ხოლო XI საუკუნის ბოლოს, ანდა XII საუკუნის დასაწყისში დიდ სვინაქსარში უკვე ილარიონის ცხოვრებაც უნდა შეეტანათ. (გვ. 137). რაც შეეხება ე. წ. ვრცელ შემოკლებულ რედაქციას, იგი, გაბიძაშვილის ვარაუდით, აგრეთვე სვინაქსარული ტიპის ტექსტი უნდა იყოს. მკვლევრის დასკვნით, შემოკლებული და სვინაქსარული რედაქციები ათონის ქართველთა მონასტერში უნდა იყოს შექმნილი უცნობ ავტორთა მიერ. (იქვე, გვ. 154). გაბიძაშვილი აგრეთვე აღნიშნავს, რომ არსებობს კიდევ ერთი სვინაქსარული ცხოვრების რედაქცია, რომელსაც იგი მეორე სვინაქსარული რედაქციის სახელით იხსენიებს. ეს ტექსტი გვიანდელ ხელნაწერებშია შემორჩენილი და პირველზე უფრო მოკლეა. (გაბიძაშვილი, „16. ილარიონ ქართველი,“ ნაკვეთში: „XVII-XVIII საუკუნის სვინაქსარული ცხოვრებანი,“ წიგნში: მისივე 1968, გვ. 261-262).

თხზულების შინაარსი: (აღწერილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის,ქეთი გვარაძის მიერ)

წმინდა ილარიონ ქართველი გახლდათ კახეთიდან, მდიდარი აზნაურის შვილი.მის მშობლებს სხვა შვილებიც ჰყავდათ ,თუმცა ილარიონი გამზადებული იყო ღვთის გზისთვის .როდესაც ექვსი წლის გახდა, მამამ იგი მიაბარა აღმზრდელს ,რომელიც დღე და ღამ ასწავლიდა წმინდა წერილსა და ქრისტიანობას. მშობლებმა მალე შეატყვეს წმინდა  ილარიონს ინტერესი და მისწრაფება. მალევე მამამ შეკრიბა თექვსმეტი მონაზონი და  გადაწყვიტა იქვე  აეშენებინა ტაძარი. ილარიონს ახსენდებოდა სახარებიდან სიტყვები : „რომელმან არა დაუტეოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და არა აღიღოს ჯუარი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს” და გადაწყვიტა დაუსახლებელ ადგილას შორს წასვლა. წმინდა ილარიონ ქართველი  წავიდა დავით გარეჯში და იქ პოვა ბევრი მოღვაწე   ბერი და მათ მახლობლად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი.ამ დროს იგი მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო.გასაოგნებელი  და მისაბაძი გახდა მისი ცხოვრება გარშემო მყოფებისთვის .იგი ლოცვითა და მარხვით მსახურობდა ყოველ დღე . ყველა ცდილობდა მასთან დაახლოებას და მანაც შეიფარა თერთმეტი მოღვაწე ძმა. მათი ცხოვრება დაემსგავსა ანგელოზებრივ ცხოვრებას მარხვითა და გალობით იქამდე სანამ მისი სახელი მთელს ქვეყანაში არ გავრცელდა. მაშინ  დაიწყო უამრავმა ადამიანმა მთელი ქვეყნიდან მასთან მისვლა დარიგებისათვის და მათ შორის იმ პერიოდში მოღვაწე რუსთველმა ეპისკოპოსმა.როცა  თავმდაბლობა ,ფერმკრთალობა და უბრალო სამოსით ჩაცმული ბერი იხილა მიუგო : „მრავლით ჟამითგან მინდა ხილვაჲ შენი, შვილო ილარიონ, და ღირს ვიქმენ მე ცოდვილი ესე მიღებად[წმიდისა] ლოცვისა შენისა. და სრულ-ყავ საწადელი ჩემი, რათა მიიღო დღეს მღდელობაჲ ჩემ მიერ გლახაკისა ამის“.წმინდა ილარიონ ქართველმა კი მიუგო :„მამაო, ჴელთა შინა შენთა ვარი, რაჲცა ენებოს ღირსებასა შენსა, იგიცა-ყოს ჩემ ზედა“. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა იგი მღვდლად აკურთხა და წასვლის შემდეგ ეპისკოპოსმა ყველას უამბო მისი სათნოების შესახებ. კურთხევის შემდეგ მისი სახელი უფრო გავრცელდა და გადაწყვიტა იმ ადგილს განშორებოდა .თავის ადგილას ერთი-ერთი მოძღვარი დატოვა ტაძრის წინამძღვრად ,თავად კი ერთ ძმასთან ერთად იერუსალიმისკენ გაემართა .  როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს ,გზაში ავაზაკები დაესხნენ თავს და იშიშვლეს მახვილი, რომელიც მიმართული იყო წმინდა ილარიონისკენ , თუმცა იმ წამსვე ხელი გაუშეშდათ ჰაერში და ვეღარ დაწიეს დაბლა.შემდეგ კი იწყეს ტირილი და პატიების თხოვნა .წმინდა ილარიონმა  ჯვარი გადასახა ,განკურნა და ცოცხლები გაუშვა.რადგან ასეთი სასწაული ნახეს მიართვეს მალევე პური,ხორცი და სთხოვდნენ პატიებას. ერთ-ერთი კი გაჰყვა მას თაბორის მთამდე ,სადაც ფერი იცვალა უფალმა.მოილოცა ის ადგილი და შემდეგ ქალაქი იერუსალიმიც ,მისი წმინდა ადგილებით მოინახულა იორდანია  .იქ მან შვიდი წელი გაატარა, შრომითა და ღვაწლით სავსე . ისეთი ღვაწლით, რომლის გადმოცემასაც ვერავინ შეძლებს.წმინდა ილარიონი ღმერთს  მხურვალე ლოცვით ევედრებოდა :  „გამოუცხადოს უმჯობესი სულისა მისისაჲ, რომელი სთნავს ღმერთსა“. ერთ ღამეს კი ჩვენებით იხილა  ზეთისხილის მთა, სადაც იესო ქრისტე ამაღლდა . წმინდა ღვთისმშობელი მარიამი და თორმეტი ბრწყინვით მდგომი კაცი  .წმინდა მარიამმა მიუგო : „ილარიონ, მიისწრაფე სახედ შენდა და განუმზადე სერი უფალსა“ როდესაც გაიღვიძა წმინდანმა  გადაწყვიტა მის ქვეყანაში წასვლა . მივიდა ,თუმცა მამა და ძმები უკვე გარდაცვლილები დახვდა, მხოლოდ დედაღა იყო ცოცხალი ,რომელმაც მამისგან დატოვებული ყველაფერი მიართვა და უთხრა: „წარაგე ესე, შვილო, ვითარცა სათნო გიჩნს“ წმინდა ილარიონმა ააგო დედათა მონასტერი  და მასშივე დაიმკვიდრა მისმა დედამაც .შემდეგ იწყო მამათა მონასტრის შენება და შეკრიბა  სამოცდათექვსმეტი ღირსი მოღვაწე  და რაც დარჩა გლახაკებს გაუნაწილა . თუმცა ამ სიკეთის შემხედვარე ეშმაკმა წმინდანის წინააღმდეგ აამხედრა მისი ნათესავი და შთააგონა ბოროტი ზრახვებით დაეწვა ტაძარი და მოეკლა წმინდანი . ერთ დღეს კი მის კარს ნახშირით დააწერა : „იხილონ ყოველთა ესე მონასტერი სამ დღემდე ესრეთ დამწუარი” წმინდა ილარიონმა კი მთელი ღამე ლოცვაში გაატარა  ,როდესაც მიეძინა იხილა კაცი, რომელმაც მიუგო - არ შეგეშინდეს ,რადგან დღესვე მიხვდება იგი თავის დანაშაულს და პატიებას გთხოვს. როცა გაიღვიძა მართლაც ასე  მოხდა. მსახურებმა მიიყვანეს იგი წმინდანთან  და სწორედ მაშინ დაიწყო მან ტირილი და ვედრება ,რათა შეენდო. შემდეგ კი წავიდა და მოუტანა წმინდა ილარიონ ქართველს მისი ქონება და თავად მონაზვნად აღიკვეცა  მონასტერში .ეს ამბავი მალევე გავრცელდა ყველგან  და როდესაც წმინდანმა იხილა ყველა მხრიდან ერის მისვლა მალევე დადგა მისი ეპისკოპოსობის საკითხიც დღის წესრიგში . მან გამოარჩია ერთი ძმა და იგი დაადგინა წინამძღვრად  .ხელები ზეცისაკენ აღაპყრო და თქვა : „უფალო, ჴელთა შენთა შევავედრებ ძმათა ამათ“. წაიყვანა თან ორი ძმა და გაემართა იმ მონასტრისკენ, რომელშიც  პირველად დაიწყო მოღვაწეობა.ამის შემდეგ  გაემართა კონსტანტინოპოლისკენ.და იპოვა მალევე პატარა ტაძარი  და იქ დასახლდა. ყველიერის კვირაში ტაძრად მოვიდა შაბათ დღეს ბერი კანდელის ასანთებად და როცა იხილა წმინდანი  მაშინვე დაბრუნდა მონასტერში და მცირედი საკვები წაუღო მათ.წმინდა ილარიონმა სთხოვა  ბერს მათთვის მიეტანათ სეფისკვერი და  ზედაშე.მეორე დღეს მიუტანეს კიდევაც .და აღასრულა წირვა-ლოცვა.ბერმა ამ ამბის შესახებ უამბო  ლავრის მამასახლისს, ის კი აღშფოთდა და თქვა:„ვინ უწყის, თუ კეთილად ზრახვენ“ და ბრძანა მათი გაძევება მონასტრის ტერიტორიიდან.მაშინ მივიდნენ წმინდანთან და მან მიუგო, რომ ხვალვე დატოვებდნენ ტაძარს. იმ ღამეს წმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამასახლისს და რისხვით უთხრა : „რაჲსა ინებე მათი განძებაჲ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ღმრთისა, და არა დაიმარხე მცნებაჲ უცხოთა შეწყნარებისათჳს, ვითარ ეტყვს უფალი და ძე ჩემი მდიდარსა მას? ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვნებად არიან! და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან“.გაღვიძებისთანავე წავიდა მამასახლის წმინდა ილარიონთან , შენდობა სთხოვა  და დარჩენა, რათა არ განრისხებულიყო დედა ღვთისა. წმინდა ილარიონმა კი მიუგო- იყოს ისე, როგორც შენ ამბობ ,მამაო . მამასახლისმა სთხოვა რომ დაერთო ნება   მიერთმია შაბათს სეფისკვერი მამასახლისის ნათესავს ,რომელსაც ბავშვობიდან მარჯვენა ფეხი დასნეულებული ჰქონდა . სნეულმა გზაში ფეხი იტკინა და ტკივილისგან ატირდა .წმინდა ილარიონმა ,როგორც კი დაინახა  კანდელის ზეთი აცხო და განკურნა მისი ტკივილი ,სნეულება. საბოლოოდ გაუშვა და სთხოვა არავისთვის ეთქვა ეს ამბავი ,თუმცა მან მამასახლისს ამცნო და ყველას ვისაც იცნობდა. ამის შემდეგაც უამრავი სასწაული აღავლინა და განითქვა სახელი.უამრავი ადამიანი მოდიოდა მასთან რჩევა-დარიგებისთვის .საბოლოოდ კი მის მოწაფეებს მიუგო : „შვილნო, აჰა მაქუს ხუთი წელიწადი აქა და ვერ შევედ ქალაქად, რათამცა თაყუანის-ვეც ძელსა ცხორებისასა, აწ თქუენ აღაშენეთ მცირე სენაკი ყორისაჲ“ამის შემდეგ მრავალი ადგილი მოილოცა და მეთოთხმეტე დღეს შეხვდა  დავრდომილი, გვერდით მიუჯდა და ყურძნის მტევანის მიტანა სთხოვა . დავრდომილმა კი მიუგო:„აჰა, მამაო სამოთხე, რაჲცა გინდეს, მიიღე, რამეთუ მე ვერ შემძლებელ ვარ ცოდვათა ჩემთაგან აღდგომად. და მაქუს აქა ცამეტი წელი, ვინაჲთგან დავკოჭლდი, და მზრდის მე უფალი ამის ადგილისა“.ილარიონმა კი მიუგო- ადექი , გაიარე  და სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა დავრდომილი .მალევე შევიდა ვენახში ყურძნის მოსაკრეფად, თუმცა  წმინდანი გარეთ აღარ დახვდა . ამის შემდეგ წმინდა ილარიონი ორი წელი მოღვაწეობდა რომში .მან მისი სასწაულებრივი ძალა აქაც გამოავლინა და განკურნა ოთხი წლის ყრმა და განეშორა იმ ადგილს. თუმცა ბავშვის დედამ ყრმა ხელში აიყვანა და დედოფალს მიჰგვარა. ყველა კითხულობდა თუ როგორ განიკურნა. როცა გაიგეს  მყისიერად ბრძანეს ქალაქის ჩაკეტვა და წმინდა ილარიონის მოძებნა.მალევე იპოვეს და თაყვანი სცეს.მთავარმა სთხოვა დარჩენილიყო თესალონიკში და თავად აერჩია ადგილი, სადაც დასახლდებოდა. ყველამ გაიგო მის შესახებ .მალევე ტაძარიც ააშენეს და ზოგი მისი კურთხევით მონაზვნადაც აღიკვეცა . წმინდანის სასწაული გადახდა თესალონიკელ დიაკონსაც, რომელიც შეიპყრეს და როგორც კი გაიგო წმინდა ილარიონმა  ლოცვით ვედრება დაიწყო. იგი ეჩვენა დიაკონს და დილით მან  ისე გაიარა წარმართთა და ლაშქარს შორის ,რომ ვერავინ იცნო.ამის შემდეგ მალევე მოუწოდა მთავარს,  შემდეგ კი მის მოწაფეებს .შაბათ დღეს ზიარება მიიღო და გარდაიცვალა.მთავარმა მისი ნეშტისთვის მარმარილოს სასახლე დაამზადებინა.დიდი პატივით დაასვენეს .მასთან ორი ეშმაკეული მივიდა ,თუმცა სასწაულებრივად გაქრნენ.წმინდა ილარიონ ქართველი აღესრულა ნოემბრის თვეს, 19 რიცხვში ,შაბათ დღეს ,ორმოცდაცამეტი წლის ასაკში .მან გარდაცვალების შემდეგაც უამრავი სასწაული აღავლინა. მათ შორის,  მთავრის შვილი ,რომელიც სნეულებით იყო დაუძლურებული ,მის საფლავთან მიყვანის შემდეგ სასწაულებრივი ხილვით განიკურნა.მალევე მოიკითხეს წმინდანის მოწაფეებიც და კეისარს მიჰგვარეს,სამი წლოვანი წმინდანის მოწაფე .კეისარმა მოწაფეებს შესთავაზა ამოერჩიათ მონასტრები და იქ გაეგრძელებინათ მოღვაწეობა ,თუმცა მათ სხვის აშენებულ მონასტრებზე უარი თქვეს და მალევე კეისრის დახმარებით ტაძარი ააგეს. იქვე დაემკვიდრა თავად კეისარიც და მისი შვილებიც მამებს მიჰგვარა აღსაზრდელად.კეისარმა მალევე წმინდანის ნაწილების გადასვენება ისურვა სამეფო ქალაქში და თესალონიკში გაგზავნა ხალხი ,რომელსაც თან გაატანა წერილი მისი თხოვნისა. თუმცა თესალონიკიდან არ დასთანხმდნენ წმინდანის ნაწილების გადასვენებას .ბასილი კეისრის ქვეშევრდომებმა ჩუმად გახსნეს საფლავი და წმინდანის ნაწილები ჩუმად გადმოასვენეს.დიდი ლოცვითა და გალობით დახვდნენ წმინდანს. იგი თავიდან დაასვენა კეისარმა თავის სამფლობელოში, სანამ სპეციალურად მისთვის აშენდებოდა დასასვენებელი ადგილი. მესამე ღამეს სურნელებამ გამოაღვიძა მეფე, შემდეგ ისევ ჩაეძინა ,გამოეცხადა წმინდა ილარონ ქართველი და მიუგო :„კეთილად ჰყავ შეწყნარებაჲ ჩემი უცხოჲსაჲ, არამედ სურნელებაჲ რომელი იყნოსე, მე არა მომიგიეს ქალაქთა შინა, არამედ უდაბნოთა შინა. აწ უკუეთუ გნებავს, რათა მადლი გაქუნდეს, წარმიყვანე უდაბნოსავე ადგილსა“. ამის შემდეგ მალევე მეფემ  მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს რომანას მონასტერში,  დეკემბრის შვიდში შესწირა მეფემ მონასტერს თორმეტი  ოქროს ფული, რადგან სამარადისოდ ყოფილიყო წმინდანის განსასვენებელთან ექვსი კანდელი , გაცემულიყო სეფისკვერი და სამოსელი მონაზონთათვის.

თხზულების კომპოზიცია: ბერნადეტ მარტენ-იზარის თვალსაზრისით, სამი დრო ახდენს თხზულების სტრუქტურირებას. ერთ პერიოდს მკვლევარი ეძახის აღმოსავლურს, და მასში მოქმედება ვითარდება საქართველოსა და პალესტინაში. ამ პერიოდში ილარიონი გარეჯაში იმყოფება, საიდანაც მიემგზავრება პალესტინაში. ღვთისმშობლის ჩარევის წყალობით იგი ბრუნდება საქართველოში, რათა მონასტრები დააარსოს. ამ პერიოდის ამსახველ მონაკვეთში ავტორი მოიხმობს ბიბლიურ ციტატებს; გარდა ოთხთავისა და ფსალმუნებიდან აღებული ფრაზებისა, რომლებიც თხზულების ყველა ნაწილში მრავლადაა, აქ გვხვდება ციტატები ძველი აღთქმიდან და განსაკუთრებით, გამოსვლათადან. ამ პერიოდის თხრობის გადმოცემისას ავტორისათვის მაგალითს მოსეს ცხოვრება წარმოადგენს, ხოლო ქართველები, განსაკუთრებით მღვდლები, წარმოდგენილნი არიან, როგორც ახალი ისრაელი, უფლის მიერ რჩეული ხალხი. (Martin-Hisard 1981გვ. 113-115)

მეორე პერიოდი, დასავლური, იშლება რომაულ-ბიზანტიურ სამყაროში. ამ დროს ილარიონი ჯერ ულუმბოზე მკვიდრდება, შემდეგ ეწვევა კონსტანტინოპოლსა და რომს. უფლის ბრძანებით, იგი თესალონიკში მკვიდრდება, სადაც მას ყველა გაიცნობს. ეს მონაკვეთი გამოირჩევა მოციქულთა აქტებისა და ეპისტოლეთაგან მოყვანილი ციტატებით. ამ მონაკვეთში უფლის მიერ რჩეულ ქართველ ხალხს ეკისრება განსაკუთრებული მისია, რომლის მნიშვნელობაც საქართველოს საზღვრებს შორდება, ხოლო ილარიონის მისია გარკვეულწილად აპოსტოლურ მისიას უტოლდება. ნარატივი სცილდება ძველაღთქმისეულ მოდელს; ამჯერად ავტორის თხრობისათვის მაგალითს წმინდა პავლე და მისი ცხოვრება წარმოადგენს. ხოლო რჩეული ხალხი, ქართველი ბერები, გამორჩეული ხალხია, რომლებიც ჭეშმარიტ რწმენას იცავენ, რომელიც უნდათ, რომ სხვებსაც გაუზიარონ (იქვე, გვ. 113-117).

მესამე პერიოდი, რომელიც წმინდანის გარდაცვალების შემდგომ ხანას ასახავს, უკვე კონსტანტინოპოლში მომხდარ მოვლენებს მოიცავს. ამ კონსტანტინოპოლური მონაკვეთის თანახმად, ილარიონის დიდება ხდება მისი ნეშტის კონსტანტინოპოლში გადასვენების მიზეზი. წმინდანი  ეცხადება იმპერატორ ბასილს და სთხოვს მისი კვლავ „უდაბნოში,“ ანუ კონსტანტინოპოლში დაბრუნებას, სადაც მისი კულტი ფუძნდება. ამ მონაკვეთში ბევრია ციტატა აპოკალიფსიდან. ამ მონაკვეთისათვის მისაბაძ მოდელს თავად ქრისტე წარმოადგენს, ილარიონის სულს სურს უფალთან შერწყმა. მკვლევრის თქმით, ავტორი თავის თხზულებას გარკვეული გეგმით წერს, და სამივე მონაკვეთში მოცემულია ჯერ წმინდანის თავდაპირველი დიდება, შემდეგ მისი გასვლა, ან მიმოსვლა, და ბოლოს დიდებით დაბრუნება. ეს გეგმა განსაკუთრებული სიცხადით ჩანს მესამე ნაწილში, ვინაიდან როგორც ქრისტე უბრუნდება დიდებით მამას, ასევე ილარიონი დიდებით პოულობს უკანასკნელ განსასვენებელს კონსტანტინოპოლში. (იქვე, გვ. 113-118).

თხზულების კვლევის ისტორია: თხზულების ძირფესვიან კვლევას, ფაქტობრივად, კორნელი კეკელიძემ ჩაუყარა საფუძველი. ამასთან, კორნელი კეკელიძის გამოკვლევის გამოქვეყნების დროს არსებობდა მხოლოდ ბლეიკის კატალოგში გამოქვეყნებული ინფორმაცია (ანუ, ტექსტის სათაური და დასაწყისი წინადადების ნაწილი) ათონის ივირონის მონასტრის ხელნაწერში, Ath 77-ში შეტანილი ილარიონის ცხოვრების ტექსტის შესახებ. იქვე იყო გამოქვეყნებული თავად ხელნაწერის შექმნის შესახებ კოდექსში არსებული მინაწერის ნაწყვეტი, რომელიც შემდეგ ფრაზას შეიცავს: „დაიწერა წმიდა ესე წიგნი მთასა ათონას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, და განსრულდა გლახაკისა ევთიმის მიერ მეფობასა ბასილისსა და კონსტანტინესსა, პატრიაქობასა ნიკოლაოსისა, ინდიკტიონსა დ, დასაბამითგან წელთა ხუჟთ (6499 წელს).“ შესაბამისად,  ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკვლევარი ასკვნის, რომ, ვინაიდან ეს ხელნაწერი „დაწერილია 991 წელს თავად ექვთიმეს ხელით, ეს „ცხორება“ 991 წელს უნდა იყოს დამთავრებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვიფიქროთ, ის მეორედ გადაუწერია ექვთიმეს, ამისთვის კი მას მოცალეობა არ ჰქონდა.“ (კეკელიძე 1957, გვ. 144). ამასთან, ტექსტის დასაწყისის საფუძველზე, მკვლევარმა ჩათვალა, რომ ეს ტექსტი იმავე რედაქციის იყო, რომელსაც წარმოადგენს 1074 წლით დათარიღებულ ათონის კრებულში (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის Ms A-558) შემავალი ტექსტი, რომელსაც კეკელიძემ ათონური რედაქცია უწოდა. (იქვე, გვ. 136).

კორნელი კეკელიძემ, XI საუკუნის აგრეთვე ათონზე გადაწერილი ხელნაწერ Ms A-558-ში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე ჩათვალა, რომ ეს ათონური რედაქცია, რომლის ავტორადაც მან ექვთიმე ათონელი მიიჩნია, არ წარმოადგენდა თხზულების საწყის რედაქციას. მკვლევრის თქმით, „“ცხორება“ თავდება შემდეგი სიტყვებით: ხოლო ბასილი პროტოასიკრიტმან და ფილოსოფისმან და ღირსმან მონაზონმან აღწერა ცხორებაჲ წმიდისაჲ ამის, ვითარცა ისწავა მოწაფეთაგან წმიდისათა.“ (იქვე, გვ. 136). თუმღაცა, მკვლევარი არ დაეთანხმა ტექსტის ეპილოგში მოცემულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ „ავტორი „ცხორებისა“ ისეთ ნაცნობობას იჩენს ქართველებისას, რომ ბერძენი, ისიც მეცხრე საუკუნისა, ამას ვერ გამოიჩენდა;“ (იქვე, გვ. 137). თანაც აქ „გამოსჭვივის რამდენადმე გაზვიადებული შეხედულება ქართველთა და მათ ეროვნულ-სარწმუნოებრივი ღირსების შესახებ,“ (იქვე, გვ. 139), რის საფუძველზეც კეკელიძემ დაასკვნა, რომ ჩვენამდე მოღწეული „ათონის რედაქცია ილარიონის „ცხორებისა“ არის ნაწარმოები არა ბერძენი მწერლის ბასილი პროტოასიკრიტისა, არამედ ვიღაც ქართველისა.“ (იქვე, გვ. 140).

ამასთან, მკვლევარს ეჭვი არ ეპარება, რომ ბასილი მონაზონს თავის დროზე  ნამდვილად დაუწერია ილარიონის ცხოვრება, მაგრამ მას, სავარაუდოდ, „წმინდანთა სახელზე ხოტბის, ეგრეთწოდებული ენკომიის“ ფორმა ჰქონდა, რაზეც მეტაფრასულ რედაქციაში დაცული ფრაზა „ილარიონი ქებითა შესხმისაჲთა პატივცემულ იქმნა ბრძანებითა ბასილი მეფისაჲთა ბასილის მიერ მონაზონისა“ უნდა მოწმობდეს. ამაზევე უნდა მიუთითებდეს ათონურ რედაქციაში დაფიქსირებული ფრაზაც: „ხოლო არა განვაგრძოთ სიტყვაჲ ჩუენი, რომელთა ესე არა თუ შესხმისა გზაჲ გვიპყრიეს, არამედ აღწერად ცხორებისა მოსწრაფე ვართ.“ (იქვე, გვ. 141).

შედეგად, კორნელი კეკელიძე ასკვნის, რომ თხზულების ათონური რედაქცია დაწერილია ექვთიმე ათონელის მიერ ბასილი მონაზონის ენკომიის საფუძველზე და იგი წარმოადგენს „ნახევრად ორიგინალურ, ნახევრად ნათარგმნ ნაწარმოებს.“ (იქვე, გვ. 158). მკვლევარმა აგრეთვე დაასაბუთა, რომ მეტაფრასული რედაქციის ავტორი არის, სავარაუდოდ, თეოფილე ხუცესმონაზონი. მისი რედაქცია კი „წარმოადგენს გარდაქმნა-გადაკეთებას ძველის, ათონური რედაქციისას და დაწერილი უნდა იყოს მეთერთმეტე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში,“ (იქვე), 1074 წლის შემდგომ (იქვე, გვ. 150), უფრო ზუსტად კი, 1074-1100 წლებს შორის (იქვე, გვ. 152).

კორნელი კეკელიძემ დაადგინა აგრეთვე ილარიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდი. მკვლევრის აზრით, ის უნდა დაბადებულიყო 822 წელს, ხოლო გარდაცვლილიყო - 875 წელს. (იქვე, გვ. 158).

ილარიონ ქართველის ცხოვრების ტექსტის შესწავლაში შემდეგი მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთვნის მანანა დოლაქიძეს. აღსანიშნავია, რომ Ath 77-ში შეტანილი ტექსტი მისთვისაც არ იყო ხელმისაწვდომი, თუმცაღა, მკვლევარმა სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ გამოქვეყნებული თხზულების მოკლე რედაქციისა (ყუბანეიშვილი 1949, გვ. 170-177) და ბლეიკის კატალოგში მითითებული ტექსტის საწყისი ფრაზების თანხვედრის საფუძველზე  მართებულად ივარაუდა, რომ ყუბანეიშვილის მიერ დაბეჭდილი ტექსტი სწორედ ათონურ ხელნაწერში მოთავსებული მოკლე რედაქციის იდენტური უნდა ყოფილიყო (დოლაქიძე 1974, გვ. 23). ამასთან, მან ისიც მიუთითა, რომ თუკი ტექსტი ბერძნულიდან არის ნათარგმნი, „ეს შეიძლება შეხებოდეს მხოლოდ მოკლე ათონურ რედაქციას.“ (იქვე, გვ. 24)

მკვლევარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „ილარიონ ქართველის „ცხორების“ ბერძნულ ენაზე დაწერის ვარაუდი მოკლებული უნდა იყოს საფუძველს,“ ვინაიდან „არ არსებობს ბერძნული დედანი და არც რომელიმე პირველწყაროს ცნობა მისი ოდესმე არსებობის შესახებ.“ მსგავსი დედნის არსებობის შემთხვევაში კი წმინდანის ხსენების დღე აუცილებლად შეტანილი იქნებოდა ბერძნულ ლიტურგიკულ კალენდარში, ანუ „მისი სახელი ასე უკვალოდ არ გაქრებოდა ბერძნული ეკლესიის ისტორიაში.“ არ ავლენს ტექსტი არც ბერძნულის ზეგავლენის ლექსიკურ კვალს. (იქვე, გვ. 25).

დოლაქიძე იმასაც მიუთითებს, რომ ექვთიმე ათონელის ავტორობის საკითხი ბოლომდე ვერ იქნება გაზიარებული მანამდე, ვიდრე ცნობილი არ გახდება ათონური ხელნაწერისა და მასში არსებული მინაწერის სრული ტექსტი, და ვიდრე გაირკვევა,  ია, წარმოადგენს თუ არა ეს ხელნაწერი ნამდვილად ექვთიმეს ავტოგრაფს. ამასთან, მკვლევარმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ექვთიმეს შეეძლო დაეწერა ეს თხზულება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ, მისი დასკვნით, „თავდაპირველი თხზულება დაწერილი უნდა იყოს ქართულად.“ (გვ. 27-32). დოლაქიძეს აქვე მოჰყავს ბელგიელი მეცნიერის, პოლ პეტერსის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ბასილი ქართველი ყოფილიყო და დასაქმებული იყო იმპერატორის კანცელარიაში, როგორც მთარგმნელი, და რომ თხზულება დაწერილი უნდა იყოს ქართულად კონსტანტინოპოლის ქართული კოლონიისათვის (Peeters 1913, გვ. 238-239).

თავად მანანა დოლაქიძის აზრით, ვინაიდან პროტოასიკრიტი მდივანთუხუცესს ნიშნავს, ეჭვგარეშეა, რომ ისეთ მნიშვნელოვან მომენტში, როგორც ახალი მონასტრის საფუძვლის ჩაყრაა, პროტოასკირიტიც მას თან უნდა ხლებოდა სამეფო კანცელარიის სხვა წევრებთან ერთად და, შესაბამისად, შეეძლო წმინდანის მოწაფეებისაგან მოსმენილი ამბების საფუძველზე მისი ცხოვრების აღწერა. „თუ ვარაუდი მისი ქართველობის შესახებ დასაშვებია, მაშინ შეუძლებელი არაფერია იმაში, რომ ქართველ მოხელეს ქართველ წმინდანზე ქართული თხზულება დაეწერა, თუნდაც საბერძნეთში, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩინებული ბერძნული ეცოდინებოდა. რა თქმა უნდა, იგი ამ თხზულებად უფრო თანამემამულეთათვის დაწერდა, ვიდრე ბიზანტიის იმპერატორისა და ბერძენი მკითხველისათვის.“ (იქვე, გვ. 34).

მკვლევრის დასკვნით, სწორედ თხზულების მოკლე რედაქცია უნდა წარმოადგენდეს თხზულების უძველეს რედაქციას, რომელიც X საუკუნის პირველი ნახევრით უნდა დათარიღდეს. ტექსტი შექმნილი უნდა იყოს ან კონსტანტინოპოლში, ანდა ათონის მთაზე. რაც შეეხება ნაწარმოების მეტაფრასულ რედაქციას, მკვლევარს იგი პალესტინაში დაწერილად მიაჩნია. ამასთან, იგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ამ რედაქციის ავტორი არის თეოფილე. (დოლაქიძე 1974).

ბეჟან კილანავას ვარაუდით კი, რომ ილარიონის ცხოვრების მოკლე, კიმენური რედაქცია უნდა დაეწერა ილარიონის მოწაფეს, ისაკს, რომელიც, მკვლევრის თქმით, „ექვთიმე ათონელის მიერ ორგზისაა ნახსენები.“ (კილანავა 1973, გვ. 172).  სწორედ ისაკის მიერ შექმნილი მოკლე ვერსია უნდა გამხდარიყო როგორც ექვთიმე მთაწმინდელის მიერ გადაკეთებული, აგრეთვე მეტაფრასული რედაქციის საფუძველი (იქვე). კილანავა აღნიშნავს, რომ „ვრცელმა რედაქციამ შესავალში გაამჟღავნა, რომ ქართულად არსებობდა „ცხოვრება,“ შეთხზული „ღუთისმოყუარე კაცის“ მიერ, ხოლო ბოლო მონაკვეთში „მთხრობელის“ როლში ისაკი დაასახელა.“ ამდენად, სავარაუდოა, რომ ეს მონაკვეთი შეიძლება „ყველაზე უკეთ ასახავდეს რეალურ ვითარებას და მისდაუნებურად წარმოაჩენდეს პირველწყაროს, ისაკის საგულვებელ თხზულებას, რომელიც ილარიონის გარდაცვალებასთან სრულდებოდა.“ (კილანავა 1990, გვ. 314). 

ივანე ლოლაშვილმა არ გაიზიარა ბეჟან კილანავასა და მანანა დოლაქიძის მოსაზრება ტექსტის მოკლე რედაქციის პირველადობის შესახებ. მკვლევრის მოსაზრებით, ექვთიმე მთაწმინდელი არ წარმოადგენს თხზულების ვრცელი რედაქციის ავტორს. (ლოლაშვილი 1976, გვ. 29). ბასილი პროტოასიკრიტი და ფილოსოფოსი კი ქართველი მწერალია, რომელიც წარმოადგენს „ილარიონის ნეშთის გადმოსვენებისა და ჰრომანაწმიდას მშენებლობის თანადამხვდურსა და თვითმხილველს,“ ცხოვრება კი მას „IX საუკუნის 80-იან წლებში, ბასილი მეფის სიცოცხლეშივე, 886 წლის 29 აგვისტომდე“ უნდა დაეწერა. ლოლაშვილის დასკვნით, ილარიონის ცხოვრების პირველად ტექსტს წარმოადგენს არა მოკლე რედაქცია, არამედ ვრცელი ათონური, რომელიც დაწერილია „ბასილი პროტოასიკრიტის მიერ ქართულ ენაზე ილარიონის მოწაფეთა ნაამბობისა, თვალით ხილული ამბებისა და უშუალო შთაბეჭდილებათა განცდის შედეგად. ამ ძეგლს თარგმანობისა და მეორადობის რაიმე ნიშანწყალიც კი არ ეტყობა. იგი საერთო წყაროა პირდაპირ თუ არაპირდაპირ სხვა დანარჩენი რედაქციებისათვის და შეიცავს სანდო და მნიშვნელოვან მასალებს საქართველო-ბიზანტიის კულტურული ურთიერთობის შესასწავლად.“ (იქვე, გვ. 38).

Ath 77-ში შეტანილი ტექსტი არ იყო ხელმისაწვდომი არც ფრანგ ქართველოლოგ. ბერნადეტ მარტენ-იზარისათვის. შესაბამისად, მკვლევარმა დასკვნები ამ ხელნაწერში არსებული ტექსტის გაცნობის გარეშე გამოიტანა. მისი აზრით, თხზულების მოკლე რედაქციის ტექსტის გამოქვეყნებას (მკვლევარი იმოწმებს ენრიკო გაბიძაშვილის პუბლიკაციას) დიდად არ შეუცვლია კეკელიძის მიერ გამოთქმული მოსაზრებანი. მკვლევარი გარკვეულწილად ეთანხმება ივანე ლოლაშვილის ვარაუდს და ნაშრომის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მის მიზანს წარმოადგენს იმ მოსაზრების დასაბუთება, რომ ილარიონის ცხოვრების ვრცელი რედაქცია წარმოადგენს ორიგინალური ლიტერატურის ნიმუშს, რომელიც წარმოაჩენს X საუკუნეში „დასავლეთისათვის ქართული სამყაროს გახსნას.“ მარტენ-იზარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ, მისი აზრით, ეს ტექსტი არ უნდა იყოს განხილული, როგორც უბრალო ნარატიული წყარო, და რომ ამ ნარატივში განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს ბიზანტიის იმპერატორ ბასილი I-ის მიერ კონსტანტინოპოლში წმ, ილარიონის კულტის დამყარება, რომელიც შეესაბამება იმ პერიოდში ქართულ და ბიზანტიურ სამყაროთა შორის სასურველ ურთიერთობათა დამყარების სურათს. (გვ. 103-104).

მკვლევრის თქმით, ილარიონის ცხოვრების წლები შეიძლება განისაზღვროს 816-დან 869, ანდა 822-დან 875 წ.-მდე. (გვ. 104). ქართველი წმინდანი მოღვაწე ცხოვრობდა მოვლენებით აღსავსე  პერიოდში, როდესაც არაბთა ხალიფატი ზენიტში იყო, ხოლო ბიზანტიური იმპერიული ძალაუფლება ცდილობდა კონსტანტინოპოლიდან, სადაც დასრულდა ხატმებრძოლეობასთან დაკავშირებული კრიზისი, გაევრცელებინა უნივერსალური ზეგავლენა, რომლის საფუძველსაც პატრიარქ ფოტიუსის მიერ განსახიერებული ბერძნული მართლმადიდებლობა წარმოადგენდა. თუმცაღა მიუხედავად იმისა, რომ თხზულების ავტორს აინტერესებს ქრისტიანული სამყარო, იგი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული ისტორიული კონტექსტით; თხზულებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ილარიონი არარეალურ სამყაროში მოძრაობს, ვინაიდან ნაწარმოების ავტორი საერთოდ არ ახსენებს მუსულმანებს, მაშინ, როდესაც შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ იერუსალიმს, კონსტანტინოპოლს, რომსა და თესალონიკს შორის მოძრაობისას წმინდანი არც ერთხელ არ მოხვდა ისლამურ სამყაროს მიერ დომინირებულ ტერიტორიაზე. ამასთან, მკვლევრის დასკვნით, ტექსტის ავტორი არც ქრისტიანულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების ზუსტ სურათს არ იძლევა. სიზუსტით მხოლოდ იმპერატორ მიქაელისა და მისი დედის, თეოდორას ზეობისას, ბასილის გამეფებისა და იგნატეს პატრიარქობამდე ხატმებრძოლეობის დასრულების შესახებ ინფორმაცია გამოირჩევა. ბერნადეტ მარტენ იზარის აზრით, სწორედ ამით იყო გამოწვეული ის ფაქტი, რომ ევროპელ მკვლევართა ყურადღება ამ ტექსტის მიმართ მცირე იყო და პოლ პეტერსიც, ფაქტობრივად, მხოლოდ მისი თარგმნით შემოიფარგლა. (იქვე, გვ. 106-108).

მკვლევრის აზრით, ანგარიშგასაწევია როგორც ის ფაქტი, რომ თხზულების ავტორი საკმაოდ განათლებული „ფუნქციონერია“, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ XI-XII საუკუნეებში ქართველებმა ილარიონის კულტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს. იგი წარმოადგენს ერთადერთ ქართველს, რომლის ცხოვრებაც ექვთიმე ათონელმა გადაწერა. ამასთან, მკვლევარი იმასაც მიუთითებს, რომ ატენის სიონში არსებობს XI საუკუნით დათარიღებული ფრესკა, რომელზეც, ილარიონთან ერთად, გამოსახულნი არიან ექვთიმე და გიორგი ათონელები; აგრეთვე ახსენებს იმ ფაქტსაც, რომ არსებობს დაახლ. 1200 წლით დათარიღებული რისი პილიგრიმის მიმოსვლაში დაფიქსირებული ცნობა, რომელიც ასაბუთებს ილარიონის ნეშტის არსებობას კონსტანტინოპოლის შემოგარენში. ყველა ეს მოწმობა კი როგორც საქართველოში, აგრეთვე ბიზანტიაში ილარიონის კულტის არსებობას მოწმობს. (იქვე, გვ. 108).

ამ ფენომენის ახსნისას მკვლევარს მოჰყავს სომეხი მეცნიერის, ნიკოლაი ადონცის მოსაზრება, რომლის თანახმადაც ილარიონის კულტის დაწესება კონსტანტინოპოლში იმპერატორ ბასილის მიერ იმ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს, რომ თავად ბასილი სომხური წარმომავლობის იყო და „არ უნდა გაგვიკვირდეს სომეხი იმპერატორისაგან ქართველი წმინდანის თაყვანისცემა.“ თავად მარტენ-იზარი არ ეთანხმება ადონცის ვარაუდს და ფიქრობს,  რომ, ტექსტის თანახმად, იმპერატორის მიერ წმინდანის ნეშტის თესალონიკიდან კონსტანტინოპოლში, ჯერ იმპერატორის სასახლეში, შემდეგ ილარიონის კულტის დაფუძნება და მისი ნეშტის საუკუნო განსასვენებლად სპეციალურად მონასტრის აშენების ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ განსაკუთრებული პატივი სწორედ ქართველთათვის იყო განკუთვნილი. ავტორის თანახმად, ქართველები იმდენად დაფასებულნი იყვნენ ბიზანტიაში, რომ იმპერატორმა ბრძანა მისი ძეებისათვისაც კი აეგოთ კელიები ამ ახლად დაარსებულ მონასტერში, სადაც მათ ქართველი ბერები ქართულ ენას შეასწავლიდნენ. ამდენად, ტექსტის თანახმად, ილარიონის კულტის დაარსებას თან სდევდა აგრეთვე ქართველების აღზევებაც რაც, შესაძლოა, თავად ილარიონის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო. (იქვე, გვ. 110).

მკვლევარი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ილარიონი არ წარმოადგენს ტიპიურ ქართველ პილიგრიმ ბერს, ვინაიდან, მართალია მანამდე წმინდა მიწაზე ქართველთა წასვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო ქართველ სამღვდელო პირთათვის, მაგრამ რელიგიური კარიერისათვის ბიზანტიის იმპერიაში დაფუძნება აბსოლუტურ სიახლეს წარმადგენდა. ილარიონი არის პირველი ცნობილი ქართველი ბერი, რომელიც ბიზანტიაში მოღვაწეობდა და, როგორც მისი ცხოვრებიდან ხდება ცნობილი, მისი მიმდევარი ქართველების რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბასილმა მხოლოდ სამს მოხუცს მიაკვლია, ულუმბოს მთასთან, ანუ იქ, საიდანაც დაიწყო ილარიონის ბიზანტიური კარიერა. ამდენად, ილარიონი წარმოადგენს ნოვატორს ქართულ სამყაროში, ხოლო, ის მახასიათებელი, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს ბიზანტიაში, არის მისი მშობლიური ქართული ენა. (გვ. 112-113).  

მკვლევრის თქმით, ილარიონის ცხოვრება ორი სახით შეიძლება იყოს წაკითხული. ერთი გაგება, სიტყვა-სიტყვითი, გვიყვება ქართველი ბერისა და ბიზანტიელი იმპერატორის ურთიერთობის შესახებ. წაკითხვის მეორე სახე კი გვთავაზობს თხრობას ბიზანტიის იმპერიაში ქართლის ბერების მოღვაწეობის შეუცვლელი როლის შესახებ, რომლის თანახმადაც, მართალია, იმპერიას აკისრია პროვიდენციალური როლი, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება ქართველი ქრისტიანების დახმარების გარეშე. მათ, როგორც ღვთისმშობლის რჩეულ შვილებს, რომლებიც საკუთარ ენაში ჭეშმარიტი რწმენის საუნჯეს იცავენ, განსაკუთრებული მისია აკისრიათ - ამ ჭეშმარიტი რწმენის ბიზანტიისათვის გადაცემის მისია. (იქვე, გვ. 119)

მარტენ-იზარის აზრით, იმპერატორის ძეებისათვის „ჭეშმარიტი რწმენის საუნჯის მცველი“ ქართული ენის სწავლების შესახებ მოსაზრების გაჩენა შესაძლებელია იმპერატორ ბასილი I-ის მეფობისას, ანდა X საუკუნის დასაწყისში, მაგრამ  წარმოუდგენელია IX საუკუნის ბოლოსკენ, როდესაც ჯერ არავინ იცოდა, რომ იმპერატორის ოთხი ვაჟიდან ორი მისი ტახტის მემკვიდრე გახდებოდა. შედეგად, მკვლევარი ვარაუდობს, რომ ილარიონის ცხოვრების ვრცელი ვერსია საკმაოდ გვიანდელი უნდა იყოს; თუმცაღა აქვე დასძენს, რომ ულუმბოსათვის მინიჭებული პრიმატობა და ტექსტში ათონის მთის მოუხსენიებლობა საშუალებას იძლევა, ტექსტი დათარიღდეს  X საუკუნის შუა წლებით, ანდა ამავე საუკუნის მეორე ნახევრით. (იქვე). მარტენ იზარის დასკვნით, ამ პერიოდში კონსტანტინოპოლში მყოფ ქართველს, სამეფო კანცელარიის წევრს, რომელიც იყო ფრიად განსწავლული ბერი, შეეძლო დაეწერა ეს ტექსტი, გარკვეული სახის ბიოგრაფიულ მონაცემებზე, ანდა ნაწარმოების უკვე არსებულ მოკლე ვერსიაზე დაყრდნობით.

ამდენად, საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის ურთიერთობის ისტორიაში ილარიონის ცხოვრება უნდა შეესაბამებოდეს „ნდობისა და იმედების“ ეპოქის დასაწყისს. მოგვიანო პერიოდში დაწერილ იოანე და ექვთიმე ათონელების, ისევე, როგორც გიორგი ათონელის ცხოვრებებში ნაჩვენებია „ქართული მონასტიციზმის ტრიუმფი“ ათონის მთაზე, მაგრამ ასევე ქართველთა და ბერძენთა ურთიერთობებში მსწრაფლ გამოვლენილი სირთულეებიც (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება; გიორგი ათონელის ცხოვრება). ილარიონი კი ქართული მონასტიციზმის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანის „წინასწარმეტყველს“ წარმოადგენდა და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ქვეყანაში მისი განსაკუთრებული პოპულარობისა და იკონოგრაფიულ პროგრამაში ექვთიმე და გიორგი ათონელების გვერდით გამოსახვის მიზეზი. (იქვე, გვ. 119-120).

როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ათონის ივირონის ხელნაწერი Ath 77-ის მიკროფილმი საქართველოში ჩამოიტანეს კინოდოკუმენტალისტმა გურამ პატარაიამ და მკვლევარმა ავთანდილ მიქაბერიძემ (სულავა 2024, გვ. 413). ტექსტი გამოცემულია ბეჟან კილანავას მიერ (კილანავა 1983, გვ. 155-165; Id. 1990, გვ. 409-420). გაირკვა აგრეთვე, რომ ხელნაწერი „გადაწერილია 1041-1042 წლებში 991 წლის წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის ავტოგრაფული ნუსხის პირიდან ათონის ქართველთა მონასტრის სკრიპტორიუმში.“ (სულავა 2024, გვ. 408). როგორც მანანა დოლაქიძემ ივარაუდა, თხზულება იმავე რედაქციისაა, რაც სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ გამოქვეყნებული მოკლე რედაქციის ტექსტი.

გივი წულაიას აზრით, ილარიონ ქართველის ცხოვრება ქართული ჰაგიოგრაფიის ერთდროულად ტიპიურ და გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. მასში გადმოცემულია ის გარემო, რომელშიაც საქართველო აღმოჩნდა IX საუკუნის შუა წლებისათვის, როდესაც არაბებთან ბრძოლისაგან დაღლილი ამიერკავკასიის ხალხისათვის საშინაო სიტუაციის სტაბილიზაციის ახალ პერიოდი დაიწყო. ილარიონის სამშობლო, კახეთი დამოუკიდებელ სამთავროდ ჯერ კიდევ VIII საუკუნის ბოლოს იქცა რეგიონში ჩამოყალიბებულ სხვა რიგ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებთან ერთად. მკვლევრის აზრით, ამ პერიოდში ქართველთა ეთნიკური კონსოლიდაციის ერთ-ერთ მაჩვენებლად იქცა ქართული ჰაგიოგრაფია, ვინაიდან ამ ტიპის ლიტერატურიდან ამ დროს მოხდა „უცხოტომელთა“ შესახებ ნაწარმოებების ჩანაცვლება ეთნიკურ ქართველთა შესახებ თხზულებებით (Цулая 1998, გვ. 7)

ამასთან ერთად, დიდი ყურადღება მიენიჭა ერის სულიერ ცხოვრებაში ბიზანტიელთა ზეგავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევის იდეას (დაფიქსირებული არა მხოლოდ ქართველების, არამედ სომხების, ბულგარელების და სხვათა ნარატიულ წყაროებშიაც), „რომლებიც ისწრაფვოდნენ, რომ ჰქონოდათ წმინდა წერილის კომენტირების რომაელებთან გათანაბრებული უფლება.“ სწორედ ამ გზით მოახერხეს ამ ხალხებმა ფიზიკური და სულიერი გადარჩენა. (გვ. 8). მკვლევრის თქმით, საბერძნეთში ხატთაყვანისმცემლობის გამარჯვებას მოჰყვა ბიზანტიის ახალი აღზევება საშინაო და საგარეო ასპარეზთა ყველა სფეროში. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში შეიქმნა ილარიონ ქართველის ცხოვრება, რომელიც ასახავს არა მხოლოდ საქართველოში არსებულ ვითარებას, არამედ ბიზანტიაში შექმნილ სიტუაციასაც, რაც გადმოცემულია „სამშობლოში შექმნილი ლიტერატურული ტრადიციისამებრ მოცემული თხრობის ფორმით.“ წულაიას აზრით, სწორედ ეს ანიჭებს ძეგლს გამორჩეულ ელფერსა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას.  (იქვე, გვ. 14).

მკვლევრის თქმით, ილარიონის ცხოვრების რედაქციათა სიმრავლეს ისტორიული აზრი აქვს და ილარიონის განასახიერებს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელს, რომელიც ნათლად ხედავდა ქვეყნის განვითარების დასავლური პერსპექტივის ისტორიულ და იდეოლოგიურ მნიშვნელობას. ამაზევე უნდა მეტყველებდეს გიორგი მთაწმინდელის დიდ სვინაქსარში  ილარიონის სახელის გაჩენაც; ილარიონის გარდა ქართველთაგან ამ კრებულში ხომ მხოლოდ იოანე და ექვთიმე ათონელები მოიხსენიებიან, რაც საქართველოს კულტურული განვითარების „ბიზანტინიზაციის“ პროცესში მათი მოღვაწეობის განსაკუთრებული როლის აღმნიშვნელ ფაქტორს წარმოადგენს. (იქვე, გვ. 22).

ილარიონ ქართველის ცხოვრების სხვადასხვა რედაქციათა ტექსტი შესწავლა სოსო მახარაშვილმაც. იგი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ თხზულება დაწერილი უნდა იყოს ბასილი მონაზონის მიერ, რომელიც მასაც ქართველ ავტორად მიაჩნია. მკვლევარმა ყურადღება მიაქცია სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცულ თეიმურაზ ბატონიშვილესეულ ხელნაწერ Ms H 22-ს, რომელიც XII-XIII სს. თარიღდება და წმინდანთა ცხოვრებებს შეიცავს,1 მათ შორის, ილარიონის ცხოვრების მეტეფრასულ რედაქციასაც. მკვლევრის თქმით, ხელნაწერის შესახებ მონაცემები „შესულია თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნთსაცავის კატალოგში, მასში წარმოდგენილია ილარიონ ქართველის მოკლე ბიოგრაფია, რასაც ერთვის ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ხასიათის ზოგიერთი ცნობა წმინდანის „ცხოვრების“ შექმნის შესახებ. კერძოდ, აქ ნათქვამია: „ხოლო ცხოვრება მისი აღიწერა ბასილის ვისიმე მიერ მონაზონისა ბერძენთასა, ბრძანებითა ვასილ მაკედონელისა. ბერძენთა იმპერატორისათა; ვინაჲთგან ვასილი იგი მონაზონი იცნობდა სიცოცხლესავე შიგან მისაა წმიდასა ილარიო[ნ] ქართველსა და უწყოდა ყოველნი საქმენი სათნოებისა მისისანი, ხოლო ბერძულისაგან გარდამოითარგმნა ქართულად ღირსისა თეოფანე მთარგმნელისაგან ქართველისა.“ (სოსო მახარაშვილი, „თეოფილე ხუცესმონაზონი - ილარონ ქართველის ცხოვრების მეტაფრასული რედაქციის ავტორი,“ წიგნში: მახარაშვილი 2002, გვ. 41-57, აქ გვ. 42). 

მკვლევრის აზრით, თეიმურაზს, რომელიც ითვლება ამ ხელნაწერთა კატალოგის პირველ შემდგენლად, არასწორად უნდა გაეგო „“ილარიონის ცხოვრების“ სათაურისეული მინაწერი - „თარგმანი თეოფილე“,“ რის შედეგადაც „ბასილი მონაზონი ჩათვალა ბერძენ ავტორად, რომელიც კარგად იცნობდა ილარიონის მოღვაწეობას და ბერძნულად აღწერა წმინდანის ცხოვრება, ხოლო თეოფილემ ქართულ ენაზე გადმოთარგმნა იგიო.“ მაშინ, როდესაც სინამდვილეში თეოფილე მეტაფრასული რედაქციის ავტორის წარმოადგენს (იქვე, გვ. 44). მკვლევრის ფიქრით, სწორედ თეიმურაზის ეს განცხადება გახდა შემდგომში, XIX საუკუნეში ქართულ სამეცნიერო ტრადიციაში ბასილი მონაზონის ბერძენად გამოცხადების საფუძველი. (იქვე, გვ. 41-42)

მახარაშვილის მოსაზრებით, „ბასილი მონაზონის „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრება“ მესიანისტური ხასიათის ძეგლია. ქართველი ერის გამორჩეულობის იდეა თხზულებაში მეორე პლანით, ე.წ.. ალეგორიული პლანით არის გადმოცემული. პარადიგმული სახისმეტყველების მთელი მხატვრული აქსესუარის გამოყენებით, უპირველეს ყოვლისა კი, არაჩვეულებრივად შერჩეული ბიბლიური პარალელებით, ძველი და ახალი აღთქმიდან დამოწმებული ციტატებით, ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელი მყარი კომპოზიციური ხერხების გამოყენებით ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენათა და მოქმედებათა ლოგიკით - მკითხველი ბუნებრივად ხდება ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის თანამოზიარე.“ (მახარაშვილი 2006, გვ. 19).

მკვლევარმა აგრეთვე ერთმანეთს შეადარა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა (იხ. ჰაგიოგრაფია > ცხოვრებანი > გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება) და ილარიონ ქართველის ცხოვრების კომპოზიცია და გამოავლინა ტექსტთა ტიპოლოგიური პარალელები. მახარაშვილის თქმით, „კონვენციური მოტივების, მყარი კომპოზიციური ელემენტებისა და დეტალებისა და ე.წ. ჰაგიოგრაფიული შაბლონის“ თვალსაზრისით მსგავსება იკვეთება ბასილი მონაზონის ილარიონ ქართველის ცხოვრებასა (IX ს-ის 80-90-იანი წლები) და გიორგი მერჩულის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას (951 წ.) შორის. მკვლევრის დასკვნით, „გიორგი მერჩულე არა მარტო კარგად იცნობს ბასილი მონაზონის ნაწარმოებს, არამედ საჭიროებისამებრ იყენებს და შემოქმედებითად ითვისებს ამ კლასიკური ჰაგიოგრაფიული ძეგლის სქემებსა და შაბლონებს.“ (მახარაშვილი 2009, გვ. 21).

ეკა ჩიკვაიძის აზრით, „“წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრების“ შესახებ მსჯელობისას გვერდს ვერ ავუვლით უმნიშვნელოვანეს საკითხს ქართველთა რჩეულობის, საზეპირო ერის შესახებ.“ თხზულებაში „ქართული ენის რჩეულობის იდეა ალეგორიულადაა გამოსახული. ესაა პირველი თხზულება, რომელიც „ქართველების მესიანისტურ შეხედულებებს გამოხატავს ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანასთან დაკავშირებით.“ (ჩიკვაიძე 2021, გვ. 394-395).

ნესტან სულავას ფიქრით, ილარიონის ცხოვრებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფაქტი, რომ ეს ტექსტი წარმოადგენს პირველ თხზულებას, რომელშიაც „დასმულია საკითხი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრილად მიჩნევის შესახებ,“ რაც ულუმბოს მთაზე ღვთისმშობლის მიერ ქართველ ბერთა „სხვა ტომის სასულიერო პირთა მიერ დაჩაგვრისა და ხელყოფისაგან“ დაცვის შესახებ ეპიზოდშია გამოხატული. ეს მონაკვეთი მოგვითხრობს, თუ როგორ გამოეცხადა ღვთისმშობელი   წმ. ილარიონისა და მისი სულიერი ძმების მონასტრიდან განდევნის „სურვილით შეპყრობილ“ მონასტრის მამასახლისის  და როგორ აუკრძალა მას ამის გაკეთება. (სულავა 2024, გვ. 417).

და ბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, ილარიონ ქართველის ცხოვრებაში „ქართლი კახეთისთვისაც შეიძლება საზოგადო სახელი ყოფილიყო.“ როგორც ტექსტი გვეუბნება, „აღმოსცენდა ესჱ  (ილარიონ - ი.ჯ.) ქუეყანით ქართლით, საზღუართაგან და კერძოთა კახეთისათა.“ (ჯავახიშვილი 1983, გვ. 30). ამდენად, ამ პერიოდისათვის, როგორც ჩანს, ქართლი უკვე მოიაზრებოდა, როგორც ძირითადი ბირთვი, რომლის ირგვლივაც ხდებოდა ქართული სამთავრო-სახელმწიფოების კონსოლიდაცია.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ენრიკო გაბიძაშვილი აღნიშნავს, „ილარიონ ქართველის საეკლესიო მოღვაწეობა დაკავშირებულია იმ მნიშვნელოვან პერიოდთან, როდესაც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც მანამდე დაკავშირებული იყო აღმოსავლეთის იერუსალიმის ქრისტიანობასთან, პირი იბრუნა კონსტანტინოპოლისაკენ და ბიზანტიური კულტურის საგანძური თავის დაუშრეტელ წყაროდ გაიხადა.“ (გაბიძაშვილი 1968, გვ. 134).

ვფიქრობ, ის ფაქტორი, რომ, როგორც ბერნადეტ მარტენ-იზარმა აღნიშნა, ილარიონის ცხოვრების ტექსტში ათონის მთა არ იხსენიება და პრიორიტეტი ულუმბოს მთას აქვს მინიჭებული, გაუმართლებელს ხდის ამ ტექსტის ათონის მთის ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ციკლში მოხსენიებას, როგორც ამას ენრიკო გაბიძაშვილი აკეთებს თხზულების ერთ-ერთი რედაქციის ექვთიმე ათონელის ავტორობით მოიხსენიებს საფუძველზე (გაბიძაშვილი 2010, გვ. 181-182). გამომდინარე იქიდან, რომ ექვთიმეს ავტორობა არ არის საყოველთაოდ გაზიარებული, უფრო მართებული იქნება  მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ათონელი მოღვაწეები, ისევე, როგორც ზოგადად სხვა ქართველო მოაზროვნენი, ილარიონ ქართველს ექვთიმე და გიორგი ათონელების გვერდით იხსენიებენ მისი ნოვატორული მისიის, კერძოდ კი, ბიზანტიის იმპერიაში მისი მოღვაწეობისა და მისი ხსოვნის პატივსაცემად პირველი ქართული მონასტრის ფაქტთან დაკავშირებით.

  1. ხელნაწერი რესტავრირებულია XIX საუკუნეში. ბოლოს დართული თეიმურაზ ბატონიშვილის ანდერძის თანახმად, მან ეს ხელნაწერი დაშლილი ფურცლებად იპოვა სიმამრის, სარდარ ამილახვარის სახლში და „მოაცხოველებინა.” ცერაძე და ხოფერია 2016, გვ. 38-39. ↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია:

გაბიძაშვილი 2010 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

გაბიძაშვილი, ენრიკო 1968. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები IV. სვინაქსარული რედაქციები (XI-XVIII სს.). გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ენრიკო გაბიძაშვილმა. თბილისი: მეცნიერება - ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები

დოლაქიძე მანანა 1983. „ახალი ნაშრომი ილარიონ ქართველის ცხოვრების შესახებ.“ მრავალთავი 10: 250-257 - ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები

დოლაქიძე მანანა 1974. „ილარიონ ქართველის ცხოვრების” ძველი რედაქციები. თბილისი: მეცნიერება ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები

დოლაქიძე მანანა 1971. „ილარიონ ქართველის სახელზე დაწერილი საგალობლები.“ მრავალთავი 1: 159-185 ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები; ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორია

კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

კეკელიძე, კორნელი 1957. „ნაწყვეტი ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან (ცხოვრება ილარიონ ქართველისა).“ წიგნში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. IV. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 134-158 ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კილანავა, ბეჟან 1990. ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან. თბილისი: თსუ გამომცემლობა - ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კილანავა, ბეჟან 1983. „ქართული ჰაგიოგრაფიის ისტორიიდან.“ კრებულში: ივირონი - 1000. ეძღვნება ათონის ქართული ლიტერატურული სკოლის 1000 წლისთავს. რედ. ლევან მენაბდე. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 154-165 ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კილანავა, ბეჟან 1973. ქართული აგიოგრაფიის კიმენურ რედაქციათა ატრიბუციისათვის (შუშანიკის, ევსტათისა და აბოს წამებანი; ილარიონ ქართველის ცხოვრება). თსუ - ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ლოლაშვილი, ივანე 1976. „ილარიონ ქართველის ცხოვრების ვრცელ და მოკლე რედაქციათა ურთიერთმიმართებისათვის.“ კრებულში: ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები VII-VIII. ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავს. რედ. ალექსანდრე ბარამიძე, ივანე ლოლაშვილი და სარგის ცაიშვილი. თბილისი: მეცნიერება, 24-38 - ტექსტოლოგიური კვლევები

მახარაშვილი, სოსო 2009. „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრება და წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება (ტიპოლოგიური პარალელები).“ კრებულში: II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები:“ მასალები. ნაწ. 2. რედ. ირმა რატიანი, მაკა ელბაქიძე. თბილისი: უნივერსალი, 21-27 - ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები

მახარაშვილი სოსო 2006. „ბიბლიური და ლიტერატურული პარადიგმები ბასილი მონაზონის (პროტოასიკრიტის) წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრებაში.“ ლიტერატურული ძიებანი 27: 23-29 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

მახარაშვილი, სოსო 2002. თეოფილე ხუცესმონაზონი (შემოქმედებითი პორტრეტი). თბილისი: მეცნიერება - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

მეტრეველი, საბა 2024. „”მაღალი სათნოებათა მოღუაწებითა და უმაღლესი სულიერთა ხედვათა“ – წმინდა ილარიონ ქართველი.“ გული გონიერი 26: 210-220

სულავა 2024 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

სულავა, ნესტან 2016. „წმ. ილარიონ ქართველი ძველ ქართულ მწერლობაში.“ თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები 11: 45-76 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

ყუბანეიშვილი, სოლომონ 1949. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგენილი სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ. ტ. I. თბილისი: თსუ გამომცემლობა

ცერაძე, თინათინ და ლელა ხოფერია 2016. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის სასულიერო შინაარსის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს თინათინ ცერაძემ და ლელა ხოფერიამ. თბილისი: მერიდიანი.

ჩიკვაიძე, ეკა. „ილარიონ ქართველის ცხოვრება და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ისტორიულ-ფილოლოგიური საკითხი.“ კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, 380-401 - - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

ჯავახიშვილი, ივანე 1983. ქართველი ერის ისტორია. წ. 2. გამოცემაში: მისივე. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. II. თბილისი: მეცნიერება. პირველი გამოცემა: ქართველი ერის ისტორია. წ. 1 და 2. ტფილისი: ელექტრომბეჭდავი „შრომა,“ 1913 - ისტორიოგრაფიული ანალიზი

Martin-Hisard, Bernadette 1981. “La pérégrination du moine géorgien Hilarion au IXe siècle.”  Bedi Kartlisa 39: 101-138 - ინტერდისციპლინური ანალიზი

Peeters, Paul 1913. “S. Hilarion d”Ibérie.” Analecta Bollandiana 32: 236-269

Цулая, Гиви  Васильевич 1998. Житие и деяния Илариона Грузина. Перевод с древнегрузинского, введение, примечания Г.В. Цулая. Издание второе, дополненное. Москва: [n.l.]; პირველი გამოცემა: 1991 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი