მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ლეონტი მროველი

ტექსტის პირობითი სათაური: ცხორება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა/ჰამბავი მეფეთა (სათაური აღდგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ.  მასვე აღნიშნული აქვს, რომ არსენ კათალიკოსი ნაშრომს მოიხსენიებს, როგორც ჰამბავი მეფეთა. ჯავახიშვილი 1977, გვ. 176).

(სათაური აღდგენილია ტექსტის საწყისი ფრაზიდან: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ვიწყო მითხრობად ცხორებასა ქართველთა მეფეთასა და პირველითგანთა მამათა და ნათესავთა“).

თხზულების დაწერის დრო: თხზულების შექმნის დროსთან დაკავშირებით მეცნიერული კონსენსუსი არ არსებობს. ნიკო მარსა და პავლე ინგოროყვას  მროველი VIII ს.-ს მოღვაწედ მიაჩნდათ (Марр 1902, გვ. 18; ინგოროყვა 1941); სარგის კაკაბაძემ ლეონტის მოღვაწეობის დროდ 900-920 წლები განსაზღვრა (Какабадзе 1912, გვ. 157, 182 = ბოგვერაძე 1968, გვ. 10-11); ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე მას XI საუკუნის მოღვაწედ  თვლიდნენ. (ჯავახიშვილი 1977, გვ. 177; კეკელიძე 1981, გვ. 259).

სადღეისოდ მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ლეონტი მროველმა  XI ს.-ში დაწერა თხზულება, რომელშიაც გამოიყენა ადრეული პერიოდის (დაახლ. VII-X სს.) წყაროები. სავარაუდოდ, იგივე წყაროები უნდა იყოს გამოყენებული მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკის ავტორის მიერ.

თხზულების ავტორი: თხზულების ავტორი იდენტიფიცირებულია თავად ქც-ს ტექსტის მინაწერში, კერძოდ კი, ანა დედოფლისეულ, მარიამ დედოფლისეულ, მაჩაბლისეულ და აკაკი კლიმიაშვილის კუთვნილი ქც-ს ხელნაწერებში. ჯუანშერის თხზულების ბოლოს დართული მინაწერი გვამცნობს, რომ „ესე არჩილის წამება და მეფეთა ცხორება, ნინოს ქართლის მოქცევა, ლეონტი მრუველმან აღწერა.“1 (ქც (ყაუხჩიშვილი) 1955, გვ. 244).

ამდენად, ამ მინაწერიდან ვიგებთ, რომ თხზულების ავტორი უნდა იყოს ლეონტი მროველი, ანუ რუისის მთავარეპისკოპოსი ანდა ეპისკოპოსი, ვინაიდან „მროველი“ უკავშირდება სამღვდელო იერარქიულ წოდებას. ამ ფაქტზე მიუთითებს მოსე ჯანაშვილი, რომელიც 1900 წელს გამოცემული ქართული მწერლობის პირველი ტომის დამატებაში მოთავსებულ ტექსტში ცხორება არჩილ II-სა, რომელიც, მისივე განცხადებით, „ამოღებულია საეკლესიო მუზეუმის 1737 წელს გადაწერილ მამათა ცხოვრებიდამ" (N170, გვ. 451; ჯანაშვილი 1900, გვ. 253, შენ. *)  აღნიშნავს, რომ არჩილის მოწამეობრივი ღვაწლის აღწერას ვერავინ ბედავდა, „თვინიერ მას ჟამისა წმიდისა ეპისკოპოზისა ლეონტი მროველისა, რ ომელსაცა მისი სანატრელი ცხორებაჲ და ღვაწლი ვრცლად აღუწერია, ვითარცა მოგვითხრობს მატიანე ქართველთა ცხოვრებისა.“ (ჯანაშვილი 1900, გვ. 258; ჯავახიშვილი 1977, გვ. 176). კორნელი კეკელიძის აზრით, ჯანაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფრაზა უნდა ეფუძნებოდეს არჩილის წამების მეტაფრასულ ვარიანტში (თარიღდება XIII საუკუნით) მოცემულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც არჩილის წამება, აღწერა ლეონტი მროველმან (კეკელიძე 1980, გვ. 237; გრიგოლოა 1960, გვ. 223). ვინაიდან ამ მინაწერის თანახმად ლეონტი მროველი არჩილ მეფის თანამედროვედ არის წარმოდგენილი, მეცნიერთა ნაწილს იგი VIII საუკუნის მოღვაწედ მიანდა (ნიკო მარი, მოსე ჯანაშვილი, პავლე ინგოროყვა).

1957 წლის ივნისში თრეხვის გამოქვაბულში აღმოჩენილმა ქვა-ჯვარმა დაადასტურა ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის მოსაზრებათა სისწორე. ქვა-ჯვარზე დატანილია შემდეგი წარწერა:

წ(მიდა)ჲ მ(ი)ქ(აე)ლ \\ მთ(ავა)რანგ(ელო)ზი

მე ლ(ეო)ნტი
მრ(ოვე)ლმ(ა)ნ დიდ(ი)\თა
მოჭირ\ვებ(ი)თა
აღ\ვაშენე
ეს\ე
ქუაბი ხ\ატისათ(ჳ)ს
ღ(მრ)თ(ეე)ბ(ი)ს[ა
და დღესა ჭი\რის(ა)სა
ნავთ\საყუდელ(ა)დ
რუის(ი)სა საყ\დრისა
შვილ\თ(ა)თ(ჳ)ს
ჟ(ა)მთ(ა) [შ(ი)ნა]
ალფა[რსა]ლ\ან
[სუ]ლტანის\[აგ(ა)ნ]
.ოჴრობი\{ს}[ა]თა.
ქრ(ონი)კ(ონ)ს(ა) .
ՙს̂პვ

წარწერიდან ირკვევა, რომ ლეონტი მროველი ალფარსლან სულტნის (1063 - 1072) თანამედროვე იყო და ალფარსლანის მიერ საქარველოს აოხრების დროს (1065 - 1068 წ.), უფლის ხატისა და რუისის საყდრის „შვილთა“ თავშესაფარად 1066 წელს (ქორონიკონი სპვ) ლენტის აუგია „ქუაბი.“ (გაფრინდაშვილი 1961)

თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: სადღეისოდ მიჩნეულია, რომ თხზულება რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. თუმცაღა, სხვადასხვა მეცნიერს მეფეთა ცხოვრების შემადგენლობაზე სხვადასხვა მოსაზრება აქვს გამოთქმული. ასე, კორნელი კეკელიძე თვლიდა, რომ ლეონტი მროველს, მეფეთა ცხოვრების გარდა, უნდა ეკუთვნოდეს აგრეთვე ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაც. (კეკელიძე 1957). მკვლევარი მსგავს დასკვნამდე მივიდა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ვახტანგის ცხოვრებაც იმავე ზღაპრული, სადევგმირო სულითაა გამსჭვალული, როგორითაც ლეონტის უცილობელი შრომა. ორივე ამ ნაწილში მოთხრობას ერთნაირი ხასიათი აქვს, ენაც მათი თავიდან ბოლომდე ერთგვარია; აქ ჩვენ გვხვდება ერთი და იგივე აზრები, ერთი და იგივე სტერეოტიპული წინადადებანი და ფრაზები, ერთი და იგივე სურათები და სახეები. ამასვე გვიკარნახებს ერთობა ლიტერატურული წყაროებისა ორივე ნაწილში და მათი ერთი და იმავე მეთოდით გამოიყენება.“  (კეკელიძე 1981, გვ. 253).

სარგის კაკაბაძის აზრით, ლეონტი მროველი არის მეფეთა ცხოვრების რედაქტორი და არჩილის წამების (რომელშიაც იგი აერთიანებს ჯუანშერის თხზულების ბოლო ნაწილს, დაწყებული სიტყვებით „ხოლო სტეფანოზს ესხნეს ძენი ორნი არჩილ და მიჰრ“) ავტორი. (Какабадзе 1912, გვ. 180). მისი თქმით, მეფეთა ცხოვრებაში სამი ნაწილი გამოიყოფა:

  1. ეთნარქებისა და ეპონიმების სქემა ("ცხოვრება პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა"
  2. "ფარნავაზის ცხოვრება ("თავი - შემოსულა ალექსანდრესი")"
  3. "მეფეთა ცხოვრება", რომელიც შეიცავს დანარჩენ ტექსტს საურმაგიდან ვახტანგ გორგასლის ცხოვრების დაწყებამდის, მხოლოდ "წმ. ნინოს ცხოვრების გამოკლებით". (იქვე, გვ. 97).

პავლე ინგოროყვას ფიქრით, ჩვენამდე მოღწეულ მეფეთა ცხოვრებას ორი ავტორი ჰყავს და მასში ორი სხვადასხვა ეპოქის ტექსტია წარმოდგენილი. პირველი ტექსტი დაწერილი უნდა იყოს ლეონტი მროველის მიერ VIII საუკუნეში; მეორე ნარატივი კი, რომელიც ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებას ეხება, იოანე დეკანოზის მიერ უნდა იყოს შედგენილი XI საუკუნეში და მოგვიანებით ჩამატებული ლეონტისეულ თხრობაში. (ინგოროყვა 1941, გვ. 107-110). ამასთან, იოანე დეკანოზის თხზულება წარმოადგენს კომპილაციას სხვადასხვა ნაშრომიდან (მქ, ანდრია მოციქულის მიმოსვლა, რიფსიმიანთა წამება და ა.შ.; იქვე, გვ. 118).

ლეონტისეულ თხრობას პავლე ინგოროყვა 5 კარად, ან თავად ჰყოფს:

  1. „ჰამბავი პირველითგანთა მამათა და ნათესავთა,“ ანუ „ჰმბავი რვათა ძმათა.“ (აქ გადმოცემულია კავკასიელ ტომთა გენერაცია და მათი დასახლება კავკასიაში).
  2. „ჰამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა.“ (აქ აღწერილია საგმირო ეპოქა ვიდრე ერთ-მეფობის დამყარებამდე).
  3. „შემოსლვა ალექსანდრესი [და მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი].“ (აღწერილია საქართველოს დინასტია ფარნავაზიანთა დინასტიის დროს, წარმართობის ხანაში).
  4. შემოსვლა სპარსთა ქართლს და [გა]მეფება მირიანისი [აღწერილია ფარნავაზიანთა დინასტიის შეცვლა და ახალი სასანიანთა დინასტიის გამეფება).
  5. „ცხორება მირიანისა, ძისა ქასრე არდაშირისა.“ („ცხორება,“ ე.ი. ქრისტიანობის მიღება მირიანისა და ქართლის მიერ.)“ (იქვე, გვ. 112-113)

მვლევრის თქმით, ლეონტის ნაშრომში განირჩევა ორი ციკლი: პირველი მოიცავს ამბებს ალექსანდრე მაკედონელის ეპოქამდე. მეორე ციკლის, ანუ ალექსანდრეს შემდეგდროინდელი ამბების თხრობასთან ერთად კი, „ჩვენ გადმოვდივართ მითიური ხანიდან ისტორიულ ხანაში.“ ამასთან, ავტორის მთელი თხზულება ლეგენდარულ ხასიათს ატარებს, „ეს ეხება ლეონტი მროველის თხზულების არა მარტო პირველ მითიურ ნაწილს, არამედ ისტორიულ ნაწილსაც.“ (ინგოროყვა 1941, გვ. 94-96). 

მეფეთა ცხოვრება „ერთ მთლიან და განუყოფელ ნაწარმოებად - დასაბამიდან, ვიდრე VIII საუკუნემდე“ წარმოუდგენია ანრი ბოგვერაძეს, რომლის „ავტორი არის ლეონტი მროველი. სწორედ, ავტორი და არა რედაქტორი ან გადამწერი.’ (ბოგვერაძე 1986, გვ. 17, 41). ლეონტისავე მიიჩნევს მკვლევარი არჩილის წამების ავტორად, რომელიც უნდა იყოს მწერალი დაახლოებით მე-11 სს. 60-70-იანი წლებისა.“ ( იქვე, გვ. 40-41).

ლელა პატარიძე ლეონტის თხზულების საწყის ნაწილთან დაკავშირებით აღნიშნავს:  „დასაწყისიდან ფარნავაზის ცხოვრებამდე მე ვუწოდებ ქართლის ცხოვრების შესავალს, რადგან ფუნქციურად და შინაარსობრივად ეს არის „მეფეთა ცხოვრების“, ანუ საკუთრივ ქართლის სამეფოს ისტორიის „პრეისტორიული“ და გეოგრაფიულ-ეთნოლოგიური სურათი, რომელიც შუა საუკუნეების ავტორმა თავისი დროის ლიტერატურულ-ჟანრული და მსოფლმხედველობრივი მოთხოვნების შესაბამისად წარუმძღვარა მეფეთა ისტორიის წერილობით ტრადიციას.“ (პატარიძე 2009, გვ. 184).

ამასთან, მკვლევრის აზრით, „შესავლის კომპოზიციური სქემა იმავდროულად ქართული ერთობის უძველესი ისტორიის პერიოდიზაციის ცდაა, სადაც მოვლენათა დაახლოებით ასეთი თანამიმდევრობა დასტურდება:

1) თარგამოსის (სავარაუდოდ ურარტუს გამითიურებული სახის) ემანსიპაცია ნებროთისაგან (სავარაუდოდ, ასურეთის იმპერიის მითოლოგიზებული სახისაგან),

2) თარგამოსის წიაღში რვა ძმის (კავკასიელ ხალხთა) ჩამოყალიბება.

3) შემოსვლა ხაზართა (სკვითურ-სარმატული ნაკადის კავკასიაში შემოჭრის გამითიურებული ვერსია).

4) სპარსეთის მეფეთა ციკლი - ირანულ-აქემენიდური ხანა.

5) შემოსვლა ალექსანდრესი - ელინისტური ხანის დასაწყისი.“ (იქვე, გვ. 196)

ხუთ თავად ჰყოფს ლეონტი მროველის თხზულებას ლადი ჭელიძე:

„თავი პირველი - თარგამოსიანთა მეფობა.
თავი მეორე - ქართლოსიანთა მეფობა.
თავი მესამე - ფარნავაზიანთა მეფობა.
თავი მეოთხე - მირიანის მეფობა.

თავი მეხუთე - ხოსროიანთა, ანუ მირიანის შთამომავლების, რევიანთა და ბაქარიანთა.“ (ჭელიძე 2004, გვ. 110)

ედიშერ ხოშტარია-ბროსეს მიერ შემოთავაზებული დაყოფით, მეფეთა ცხოვრება უფრო ვრცელი უნდა იყოს, ვიდრე სადღეისოდ არის მიჩნეული და უნდა მოიცავდეს ტექსტს ლეონტის თხზულების დასაწყისიდან მატიანე ქართლისაჲს დასაწყისამდე:

  1. „ჩვენი წარსულის ლეგენდარულ-ეპიკური, ანუ „გმირული“ ხანა. აქ შედის „ამბავი რვათა ძმათა“ ანუ „თარგამოსისა და ნათესავისა მისისა“ და „ამბავი ქართლისა და ნათესავისა მისისა“ (ანუ ქართლოსიანთა). ამ დროების პერსონაჟები ლეონტისთან ლეგენდარულ გმირებად არიან წარმოდგენილნი...
  2. მეორე მონაკვეთი „ქრისტიანული ხანიდან იწყება. აქ თავდაპირველად მოცემულია მირიანის გამეფების ვითარება და ცხოვრება...შემდეგ ტექსტს აგრძელებს „მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა... ნინო მოციქულის მიერ“, ლეონტისეული რედაქციით, რომელიც ძირითადად ემთხვევა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ვარიანტს, მაგრამ შიგა და შიგ, და უფრო ბოლოში, შეიცავს ქრონიკალური ხასიათის ცნობებს, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკიდან და სხვა პასაჟებს,... რომელიც ტერმინოლოგიური თვალსაზრისით სხვაობს საკუთრივ ლეონტისეული თხრობიდან... შემდეგ მოდის ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“...
  3. ამ ნაწილის დამთავრების შემდეგ კვლავ რამდენიმე მეფის და ერისმთავრის ისტორიაა მოთხრობილი დაჩიდან მირამდე... ამ ნაწილშიაც უხვადაა ქრონიკალური ხასიათის ცნობები „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკიდან, რომელნიც ზოგჯერ ემთხვევა სომბატ დავითის ძის ცნობებსაც...“ (ხოშტარია-ბრისე 1987, გვ. 181-182).

სტივენ რაპი ლეონტი მროველის თხზულების შემადგენელ ნაწილებს ამგვარად წარმოგვიდგენს:

  1. მეფეთა ცხოვრება დაწერილი უნდა იყოს დაახ. 780-813 წლებში
  2. ნინოს ცხოვრება, დაწერილი უნდა იყოს IX/X საუკუნეში
  3. მირიანის შთამომავალთა ცხოვრება, დაწერილი უნდა იყოს 813 წლის შემდგომ, შესაძლოა ლეონტი მროველის მიერ, XI საუკუნის შუა წლებში (Rapp 2014, გვ. 172; 184).

რაპის თქმით, თხზულების პირველ ნაწილში მოცემულია ქართლის ეპონიმის, ქართლისოსა და მისი შთამომავლების ამბავი. აქვე გადმოცემულია ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლისა და მის მიერ აზოს მეფედ დატოვების ამბავი. შემდეგ მოთხრობილია პირველი ქართველი მეფის, ფარნავაზის გამეფებისა და მომდევნი - ფარნავაზიანთა, ნებროთიანთა და არშაკუნიანთა დინასტიათა წარმომადგენელ ქართველ მეფეთა (1-დან 23-ეს ჩათვლით) თავდაგადასავალი.

თხზულების მეორე ნაწილი იწყება 24-ე მეფის, მირიანის გამეფებისა და მის მიერ ხოსროიანთა დინასტიის დაარსების ამბით და შემდეგ გადმოგვცემს ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანების ისტორიას. თხზულების ძირითად წყაროდ მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკაში მოცემული ქვეყნის გაქრისტიანების მოკლე ისტორია და ნინოს ცხოვრება წარმოადგენს.

მესამე ნაწილში გრძელდება ხოსროიანი მეფეების - მირიანის ძის ბაქარის და მისი შთამომავლების, მირდატის, ვარაზ-ბაქარის,  ამ უკანასკნელის სიმამრისა და მირიანის ძისწულის, თრდატის, ვარაზ-ბაქარის  ძის, ფარსმანისა და ფარსმანის ძის, მირდატის (ქართლის 25-ე - 30-ე მეფეთა) შესახებ მოკლე თხრობით.

რაპს აგრეთვე აღნიშნული აქვს, რომ მროველი წარმოადგენს ქც-ს „მინი კორპუსის“ რედაქტორი; ანუ, შესაძლოა მან გააერთიანა პირველი სამი თხზულება ერთ კორპუსში. (Steven Rapp Jr. “The enigma of Leonti Mroveli,” წიგნში: Rapp 2003, გვ. 157-163, აქ. გვ. 163)

ზაზა ალექსიძის ვარაუდით, ლეონტის თხზულებაში ცალკე უნდა გამოიყოს ფარნავაზის ცხოვრება, რომელიც, მკვლევრის აზრით, „დამოუკიდებელი თხზულებაა. იგი შექმნილია VI ს-ის შუა ხანებზე ადრე. „მეფეთა ცხოვრებაში“ შეტანილია მისი ავტორისა თუ რედაქტორის მიერ გააზრებულად და ემორჩილება თხზულების მთლიან კომპოზიციას.“ (ალექსიძე 1984, გვ. 157).

მანანა სანაძის მოსაზრებით, ფარნავაზის ცხოვრება უნდა წარმოადგენდეს თავდაპირველად წინარექრისტიანულ ხანაში, ბერძნულად და არამეულად დაწერილი და შემდგომ გადმოქართულებული თხზულებების შემცველი კრებულის ნაწილს. ამ კრებულს მკვლევარი არმაზულ ქრონიკას უწოდებს, რომელიც, სანაძის თქმით, VII-VIII საუკუნისათის უკვე სამი თხზულებისაგან ფარნავაზის ცხოვრების, საკუთრივ არმაზული ქრონიკისა და ფარსმან ქველის ცხოვრებისაგან შედგებოდა და რომელიც, სხვა ტექსტებთან ერთად, ამ პერიოდისათვის ანონიმ მემატიანეს შეუტანია ქც-ში. (სანაძე, გვ. 154-156). მკვლევარი ლეონტისეულ ტექსტში არმაზულ ქრონიკამდე  განარჩევს თავდაპირველად არამეულად დაწერილ ამბავს „ნაბუქოდონოსორისა და „ქალდეველთაგან (მიდიის მეფე ყოიასარი) დევნილ ჰონთა, იგივე „იბერთა“//“ქართველთა“ 8, 18, 28 სახლის ქართლში მოსვლისა და დასახლებისა,“  და შემდგომ მონაკვეთს, „გამოსვლა ხაზართას,“ რომელშიაც ერთიანდება: „I. “ხაზართა” ანუ სკვითურ-კიმერიული ტომების ჩრდილოეთიდან შემოჭრისა და მათ მიერ ქართლის დაპყრობა-დახარკვის ამბავი; 2) “თურქთა“ და „ჰურიათა“ ქართლში მოსვლის ამბავი... II. ე.წ. „სპარსული ციკლი.“ (იქვე, გვ. 150-151) ხოლო არმაზული ქრონიკის შემდგომ კრებულში აგრეთვე შესულია სანაძის მიერ მცხეთურ მატიანედ სახელდებული თხზულება, რომელიც შედგებოდა  „ამაზასპ ფარსმანის ძის ცხოვრებისა და მასზე მიმატებული ამაზასპის შემდგომი დროის მეფეების ცხოვრების მოკლე აღწერისაგან, რევიდან - ასფაგურამდე, ანუ იგი მოიცავდა დაახლ. 230-370 წლების პერიოდს.“ (იქვე, გვ. 155). რაც შეეხება მონაკვეთს „ასფაგურიდან ვახტანგ გორგასლამდე... ეს მონაკვეთი, როგორც ჩანს, მწყობრი ქრონიკის სახეს არ ატარებდა. ცალ-ცალკე არსებობდა მეფეების მოკლე „ცხოვრებები,“ რომელთა გადაბმაში დაშვებულია ბევრი შეცდომა და უზუსტობა (იქვე, გვ. 157). მკვლევარი მრავალრიცხოვანი შეცდომებისა და უზუსტობების დაშვებას ზემოთ ჩამოთვლილ თხზულებათა ქც-ში გაერთანების პროცესშიაც ვარაუდობს.

თხზულების კვლევის ისტორია და ტექსტის იდეოლოგიური მხარე (ნაკვეთი არ მოიცავს ტექსტში შემავალი ცალკეული დეტალების კვლევის ამომწურავ მიმოხილვას. განხილულია მხოლოდ თხზულების შესავალ ნაწილში მოცემული კონცეფცია):

ნარატივის კვლევის ისტორია მრავალი საკითხის ირგვლივ არის გაშლილი. სხვადასხვა მკვლევარი სწავლობდა არა მხოლოდ ნაწარმოების ავტორისა და მისი მოღვაწეობის, ანდა თხზულების კომპოზიციასა და მისი ავტორის მიერ გამოყენებულ წყაროებთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ აგრეთვე ტექსტში აღწერილი ცალკეული მოვლენების ისტორიულობასა  და თხზულებაში წარმოდგენილ იდეოლოგიურ ასპექტებს. მოცემული მიმოხილვა მხოლოდ რამდენიმე ასპექტს შეეხება.

XIX საუკუნიდან მოყოლებული მეცნიერთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ე.წ. „ლეონტი მროველის ისტორიული კონცეფცია.“ ამასთან, მკვლევართა ნაწილი ლეონტი მროველს ბრალს სდებს მისი თხზულების ე.წ. „არმენოფილური ტენდენციის“ გამო. ამ საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო დებატები ასახულია 1963 წელს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეში გამოქვეყნებულ ნაკვეთში „ლეონტი მროველის ისტორიული კონცეფციის საკითხისათვის.“ ნაშრომი ასახავს ამ საკითხზე პროკიფი რატიანის მოხსენებასთან დაკავშირებულ დისკუსიას. აქვე მოცემულია  ქართველოლოგიაში ლეონტის კონცეფციასთან დაკავშირებით არსებული ორო მოსაზრება: პირველის თანახმად, „არმენოფილური“ ტენდენცია დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო XI საუკუნემდე ნარატიულ წყაროებში, რომლებიც შემდგომ ლეონტი მროველმა გამოიყენა. მაგ. მოყვანილია მიხეილ თარხნიშვილის მოსაზრება, რომლის თანახმადაც „ლეონტის ‘არმენოფილური’ კონცეფცია მხოლოდ VII ს-მდე შეიძლებოდა გაჩენილიყო.“ ([ანონიმი] 1968, გვ. 321). აქვეა მოცემული ს. კაკაბაძის აზრი, რომ „ეთნარქების სქემა უნდა დაწერილიყო VII ს-ის პირველ ნახევარში“ (იქვე, გვ. 327). პავლე ინგოროყვაც იზიარებდა იმ მოსაზრებას, რომ ლეონტის თხზულების არმენოფილური ტონის არსებობა შეიძლება გაჩენილიყო „არაუგვიანეს მე-7 – 8 საუკუნეებისა, მომდევნო ეპოქაში, მე-8 საუკინიდან მოკიდებული (როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა განხეთქილება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის), და მით უფრო მე-9 -11 საუკუნეებში (როდესაც საეკლესიო განხეთქილებას თან დაერთო გამწვავება პოლიტიკური  ურთიერთობისა) ყოვლად წარმოუდგენელია ასეთი ნაწარმოების დაწერა.“ (ინგოროყვა 1941, გვ. 121).

მკვლევართა მეორე ნაწილს კი თხზულების არმენოფილური ტონი ლეონტი მროველის ინიციატივად მიაჩნია. ალექსანდრე აბდალაძის თქმით, „“ცხოვრება ქართველთა მეფეთას“ არმენოფილური ადგილები, უმეტესწილად მაინც, XI საუკუნისეულია (მაშასადამე შეიძელება მათი დაკავშირება ლეონტი მროველის სახელთან) და არა უფრო ადრინდელი. საქმე ისაა, რომ “ცხოვრება ქართველთა მეფეთაში“ წარმოდგენილ არმენოფილურ თვალსაზრისს ქართულ მწერლობაში გარკვეული (აშკარად უარყოფითი) გამოხმაურება მოჰყვა XII ს-ის პირველ ნახევარში (არსენ ბერი), ე.ი. ლეონტი მროველის გარდაცვალებიდან სულ მალე და არა მანამდე. გარდა ამისა, საქართველო-სომხეთის ურთიერთობის გათვალისწინება დასაბამიდან XI საუკუნემდე არ იძლევა იმის საფუძველს, რომ XI ს-ზე უფრო ადრე ვივარაუდოთ ქართულ ენაზე იმ ზომამდე არმენოფილური ტენდენციის შემცველი მატიანის დაწერა, როგორიც “ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ არის.“ (აბდალაძე 1987, გვ. 189).

ამასთან, როგორც მკვლევარი აღნიშნავს, „„ცხოვრება ქართველთა მეფეთას“ ცნობების სანდოობაში XVIII საუკუნეშივე დაეჭვებულან ჩვენში. „ქართლის ცხოვრების“ ამდროინდელ ნუსხებში, ერთგან, სადაც მოთხრობილია „სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა“ ერთობლივი ბრძოლის შესახებ სპარსთა წინააღმდეგ თითქოსდა ნაბუქოდონოსორის ხანამდე, ჩნდება ჩანართი თუ მინაწერი: „არა ყოველი მართალი, არამედ უმრავლესი ტყუვილი“ (ახ. ქართლის ცხოვრება, I, გვ. 14, შენ. 5; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, 1, გვ. 62 = აბდალაძე 1982, გვ. 56, შენ. 12).

სადღეისოდ, ზემოთ ნახსენებ „ლეონტის ისტორიულ კონცეფციასა“ და „არმენოფილური ტენდენციის“ მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია; მეცნიერები ლეონტი მროველის თხზულებაში აღწერილი ეპიზოდების კონცეპტუალური ანალიზისათვის განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ. ვიდრე ამ მიდგმების განხილვაზე გადავდოდე, გავეცნოთ იმ მონაკვეთებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლეონტის ნაშრომის შეფასებისას.

კორნელი კეკელიძემ ამგვარად განსაზღვრა ავტორის მიერ  ჰამბავი მეფეთას შექმნის ძირითადი მიზნები: „ლეონტის შრომის მთავარი მიზანი ყოფილა „პირველთა მამათა და მეფეთა“ ცხოვრების დასურათება... მეორე მიზანი.. არის მოძებნა ქართველებისათის გარკვეული ადგილისა კაცობრიობის ოჯახში... მესამე მიზანი... არის გარკვევა იმისა, თუ რა ურთიერთობა არსებობს კავკასიაში მობინადრე ხალხთა შორის... მეოთხე მიზანი... მდგომარეობს იმაში, რომ გვიჩვენოს საიდან და როგორ წარმოიშვა ქართული ენა....“ (კეკელიძე 1981, გვ. 253-254).

ნათელია, რომ პირველ მიზნის აღწერას მთლიანი თხზულება  ემსახურება. მეორე და მესამე მიზანი კი თხზულების შემდგომ ეპიზოდებშია გადმოცემული:

„პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, და მეგრელთა,  ამათ თჳსთა  ერთი იყო მამაჲ, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ნოეს ძისაჲ. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი... ხოლო შვილთა შორის თარგამოსისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი, ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა-ქართლოს, მესამესა-ბარდოს, მეოთხესა-მოვაკან, მეხუთესა-ლეკ[ან], მეექუსესა-ჰეროს, მეშჳდესა -კავკას, მერვესა-ეგროს.

ესე რვანი იყვნეს გმირნი, ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო, არცა წყლისრღუნის წინაჲთ და არცა შემდგომად, ტანითა და ძალითა და სიმჴნითა. ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანაჲ არარატისა და მასისისაჲ.

განუყო თარგამოს ქუეყანაჲ და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისაჲ და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისაჲ მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა. ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა თარგამოსისთა და იპყრა ქუეყანაჲ ჩრდილოჲთ, ვითა დამიწერია, სამხრით - ვიდრე მთამდე ორეთისა, აღმოსავლით - ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, დასავლით - ვიდრე ზღუადმდე პონტოჲსა. და ამათ შჳდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსის. და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაჲ - სომხური. და ესე რვანივე ერთობით ჰმონებდეს ნებროთ გმირსა, რომელი იყო მეფე ყოვლისა ქუეყანისაჲ.“

თხზულება  გრძელდება ქართლში სხვადასხვა ტომელთა (ასურელთა, ბერძენთა, ხაზართა, ჰურიათა და სხვ.) გადმოსახლების ამბით. ებრაელთა გადმოსახლების მონაკვეთის მოტანის შემდეგ კი ნათქვამია: „აქამომდის ქართლოსიანთა ენაჲ სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენაჲ სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენაჲ ქართული. და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთაჲ, რამეთუ ცოლქმრობისათჳს არა უჩნდა ნათესავობაჲ და ყოველსა ნათესავსა სულიერსა ჭამდეს, საფლავი არა იყო და მკუდარსა შესჭამდეს...  და იყვნეს ქართლსა ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი. და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენაჲ: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა.”

ლეონტი მესამე მიზნის რეალიზაცია კი გაცხადებულია შემდეგ ფრაზაში: „და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაჲ ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული.“  

სწორედ ამ მონაკვეთების ანალიზისას გამოყვეს მეცნიერებმა ზემოთ ხსენებული „ლეონტის ისტორიული კონცეფცია“ და მისი „არმენოფილური ტენდენცია.“ ლეონტის ისტორიის დასაწყის ნაწილთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოსაზრება აქვს გამოთქმული კონსტანტინე გრიგოლიას. მისი აზრით, „ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ წამოყენებულია უაღრესად ორიგინალური და თავისთავად საგულისხმო თეორია კავკასიის ხალხთა ერთობლივი წარმოშობის შესახებ.“ (გრიგოლია 1954, გვ. 7). მკვლევარი, სხვა მეცნიერთა მსგავსად, ლეონტის კონცეფციას ლოგიკურად უკავშირებს ბიბლიურ გადმოცემას და დაბადების წიგნს, რომლის მიხედვითაც წარღვნისას ნოეს კიდობანი არარატის მწვერვალზე გაჩერდა. ვინაიდან, ერთის მხრივ, ლეონტის დროს არარატის მიდამოებში მხოლოდ სომხები ცხოვრობდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, შუა საუკუნეებში საყოველთაოდ გაბატონებული მემკვიდრეობის წესით „მამის საყოფელი (მიწა-წყალი), ხელისუფლება (ტახტი) და სასაუბრო ენაც მამიდან ყოველთვის უფროს შვილზე გადადიოდა,“  ლეონტისეული კონცეფციის საფუძლებიც სწორედ ამ ორი ფაქტორით უნდა იყოს განპირობებული (იქვე, გვ. 7-10).

ნინო დობორჯგინიძე ჩამოთვლის თანამედროვე ისტორიკოსთა ნაშრომებში ლეონტის ისტორიის საწყის მონაკვეთთან დაკავშირებით გამოთქმული კონცეპტუალური მოსაზრებანი; კერძოდ კი, „ე.წ. კავკასიური პროექტი (გორდეზიანი 1993), ეთნოგენეტური კონცეფცია, თარგამოსის შთამომავალთათვის უმცროს-უფროსობის სქემის შემუშავება და ამ სქემის რეალური (ფუნქციური) თუ სიმბოლური დატვირთვა (ალექსიძე 1999, 79-83),“ ეთნოკულტურული იდენტობის ფორმირების ახალი ეტაპი (პატარიძე 2009, გვ. 162), და სხვ. (დობორჯგინიძე 2019, გვ. 129). თავად დობორჯგინძის მოსაზრებით, ლეონტისეული კონცეფციის განმსაზღვრელ ფაქტორს დიამერიზმების, ანუ „ხალხთა და ენათა ბიბლიური განყოფის ნუსხები“ წარმოადგენს. დობორჯგინიძის თქმით, მათ „მკაფიო კონცეპტუალური ფუნქცია აქვთ: „ჩუენი ნათესავის“ ისტორიის საყოველთაო ისტორიასთან დაკავშირება... ქართველ მეფეთა ყოფის ამსახველი ამბების კონტექსტუალიზაცია ქრისტიანულ ქრონოტოპოსში და, ამდენად, არა ქართული/იბერიული სამწერლობო ტრადიციების აღიარება-დადასტურება გვიანანტიკურობისა და შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიაში, არამედ თავდაპირველ საკრალურ ისტორიაში „ჩუენი ნათესავის“ კუთვნილი ადგილის ლეგიტიმაცია.“ (დობორჯგინიძე 2019, გვ. 124, 129; იხ. აგრეთვე: Id. 2010a, 2010b, 2007;   

ლეონტის თხზულებაში ფარნავაზის მიერ „წიგნობრობაჲ ქართულის“ შექმნის შესახებ მონაკვეთის ანალიზისათვის. იხ. შესავალი. დამწერლობა)

მოცემული მიმოხილვის ფარგლებში მინდა ყურადღება გავამახვილო ლეონტის ისტორიის წინარე-ქრისტიანული პერიოდის თხრობის კიდევ ერთ ეპიზოდზე, კერძოდ კი ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლის ლეგენდურ ეპიზოდზე.  ჩემი აზრით, ლეონტის მიერ დახატული ქართველების საწყისი ჯგუფური იდენტობა, ანუ მათი აღწერა ალექსანდრე მაკედონელის სავარაუდო მოსვლამდე, აშკარად ნეგატიური კონოტაციის მატარებელია. ლეონტის თანახმად, ქართლში სხვადასხვა ეთნოსის აღრევის შედეგად ადგილობრივმა მკვიდებმა „იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთაჲ, რამეთუ ცოლ-ქმრობისათჳს არა უჩნდა ნათესავობაჲ და ყოველსა ნათესავსა სულიერსა ჭამდეს, საფლავი არა იყო და მკუდარსა შესჭამდეს.“ ქართველთა მსგავს დახასიათებას ლეონტი ალექსანდრეს შემოსვლის ეპიზოდის დასაწყისშიაც გვამცნობს. მემატიანეს ცნობით,

„ამან ალექსანდრე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავალით და შევიდა სამხრით, შემოვიდა ჩრდილოჲთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა, რამეთუ ცოლქმრობისა და სიძვისა თჳსობა უჩნდა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს. და უკჳრდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არარომელნი ნათესავნი იქმოდეს ამას... დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი და მოსრნა ყოველ|ნი იგი ნათესავნი აღრეულნი, ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დატყუევნა დედანი და ყრმანი უცებნი, ათხუთმეტისა წლისა უმცროჲსნი. და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად, სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი, ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქჳან ფრო|ტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, და მისცნა აზონს პატრიკსა. და დაუტევა აზონ ქართლს ერისთვად და მის თანა სპანი იგი მპყრობელად ქართლისა.

და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რაჲთა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა; რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისაჲ, რომელმანმცა ამხილა, არამედ თჳთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე მეფობასა შინა მისსა, ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა, და წარვიდა ალექსანდრე...

და ვითარცა მოკუდა ალექსანდრე, ამან აზონ დაუტევა სჯული, ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად...

და რაჲთგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდეს კაცსა თჳნიერ, რომელი შესწირიან

კერპსა მსხუერპლად. და იყო განსუენებაჲ და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათჳს ფარნავაზისა, და იტყოდეს ამას ყოველნი: „ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთაჲსა და აღგუეჴადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან“.“

ამდენად, ლეონტი მროველის თანახმად, როდესაც ალექსანდრე შემოვიდა ქართლში,  აღმოაჩინა, რომ ქართველებს უბოროტესი რწმენა ეპყრათ (აღსანიშნავია, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკის თანახმად, რომელიც სწორედ ალექსანდრეს ქართლში შემოსვლის მონაკვეთით იწყება, ეს უკეთური ხალხი ბუნ-თურქნი არიან). ალექსანდრემ დაიპყრო მთელი ქართლის რეგიონი, რომელშიაც აღრეული მოსახლეობა იყო. მაკედონელმა  გაანადგურა ქართლში მოსული ყველა უცხო ტომი, ხოლო ქართველებს მმართველად დაუტოვა თავისი ნათესავი, პატრიკი სახელად აზონი, იარედოსის ძე (მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკაში აზო არა ალექსანდრეს ნათესავად არის წარმოდგენილი, არამედ არიან ქართლის მეფის ძედ), მანვე დაუწესა ქართველებს მზის, მთვარისა და ხუთი ვარსკვლავის კულტი, რათა ქვეყანაში დამკვიდრებულიყო უხილავი ღმერთის, ყველაფრის შემოქმედის თაყვანისცემა (რომელსაც აზომ მაკედონელის სიკვდილის შემდეგ გადაუხვია).

ამდენად, ლეონტის კონცეფციის თანახმად, მხოლოდ ალექსანდრეს შემოსვლასა და მისი ნათესავის მმართველად დატოვების, ანუ ელინიზაციის შედეგად იცვლება საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა. „უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულს,“ რომლის აღწერაც ტექსტში ემთხვევა ბიბლიასა და ფსევდო-კალისთენეს ალექსანდრიანში (ალექსანდრე მაკედონელის შესახებ დაწერილ თხზულებაში) ნახსენები უკეთური  გოგისა და მაგოგის ხალხის უკეთური რჯულის აღწერას ემთხვევა, ქართლის მოსახლეობა მხოლოდ ალექსანდრეს მიერ მათთვის ახალი „სჯულის“ დაწესების შედეგად ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ ლეონტის ისტორიის ეს პასაჟი პარალელს პოულობს ინგლისის პირველი ისტორიკოსის, ღირსი ბედეს (VII-VIII სს.) ნაშრომში Historia ecclesiastica gentis Anglorum-ში. ხოაკინ მარტინეზ-პიზაროს თქმით, ბედე „ბრიტონებს გოგისა და მაგოგის ხალხთა დარად სახავს, რომელთაც მხსნელად ანგლო-საქსები მოევლინენ, როგორც პროვიდენციული ერი, რომელიც ღმერთმა ბრიტანეთში გაგზავნა მისი უწმინდური ხალხისგან გასაწმენდად. ბედე თავის ნაშრომში ამ მოსაზრებას აფიქსირებს, მიუხედავად იმისა, რომ  ეს ინფორმაცია ნარატივში თხრობის ისეთ მომენტშია ჩართული, როცა ბრიტონები უკვე დიდი ხნის ქრისტიანები იყვნენ, ხოლო ინგლისელები ჯერ არც კი მოქცეულან.“ (Martinez-Pizarro, «Bede and the Anglo-Saxons,“ in Martinez-Pizarro გვ. 65-66).

ამდენად, ლეონტის მიერ ქართველთა საწყისი, ქრისტიანობამდელი ჯგუფური იდენტობის  ასახვა ორ ფაზას მოიცავს: პრე-ელინისტურს, რომელიც ნეგატიურია და ელინისტურს, რომლის თანახმადაც ქართველები, თუმცა ჯერ კიდევ არ არიან ქრისტიანები, იწყებენ უხილავი ღმერთის, ყველაფრის შემოქმედის, თაყვანისცემასა და მსახურებას.2 პრე-ელინისტური ეპოქის (მართალია, სხვა ტომებთან აღრეული) ქართველების  აღწერა პირდაპირ პარალელს პოულობს ალექსანდრეს ლეგენდის გოგისა და მაგოგის ხალხისა და მაკედონელის მიერ მათი კასპიის კარს ზემოთ გაძევების მითთან.  (Emelri van Donzel and Andrea Schmidt, “The Georgian Alexander tradition,” წიგნში: van Donzel and Schmidt 2009, გვ. 43-46; Steven Rapp Jr., «Gog, Magog and Alexander’s Gate,” წიგნში: Rapp 2014, გვ. 133-140). მეცნიერთა აზრით, „გოგი“ და „მაგოგი“ ბარბაროსის სინონიმი გახდა და, ფაქტობრივად, ეს გარიყული ხალხი სიმბოლურად განახასიერებს პრაქტიკულად ყველა „ბარბაროს“ ხალხს ცივილიზაციის საზღვარს მიღმა. (Anderson 1932;  van Donzel and Schmidt 2009). მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ფლავიუსი აერთიანებს ბიბლიურ ჩრდილოელი უკეთური მა(გოგის) ხალხთა და ებრაულ ელინიზირებულ ტრადიციას ალექსანდრეს მიერ კასპიის ზღვის სამხრეთით ჩრდილოეთის კარის აღმართვის მოტივებს რაც, ფაქტობრივად, გულისხმობს, რომ გოგისა და მაგოგის ხალხის სამყოფელიც ამიერკავკასიიდან შორს უნდა იყოს, ლეონტი მროველი მაინც იყენებს ამ ტოპოსს და წინარე-ელინიზირებული ქართველების აღწერას გოგისა და მაგოგის აღწერის შესაბამისად აყალიბებს. საფიქრებელია, რომ ალექსანდრე მაკედონელის ქართლში სავარაუდო ლაშქრობის გამოგონებაც ლეონტის წინამორბედ ავტორს, რომლის ნაშრომსაც ეყრდნობა როგორც მროველი, აგრეთვე მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკის ავტორიც, სწორედ იმისათვის ესაჭიროება, რომ ეს ფაქტი კონცეპტუალურად დაუკავშიროს საქართველოს ცივილიზებული სამყაროს ფარგლებში მოქცევას.3

აღსანიშნავია, რომ ქართლის მიერ დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციის შენარჩუნებაზე ლეონტი აზოს მმართველობის ფარნავაზის მმართველობით შეცვლის აღწერისასაც საუბრობს. როგორც ზაზა ალექსიძე მიგვითითებს, მაკედონელის მიერ დატოვებულ მეომართაგანი „ათასი მჴედარნი რჩეულნი ჰრომთა მათგანი“ განუდგა აზოს და ფარნავაზის მხარე დაიჭირა. გამეფების შემდეგ კი ფარნავაზმა, მართალია ქვეყანა საერისთავოებად დაყო და „ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მომსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა,“ მაგრამ ქვეყნის სოციალურ სისტემას პირველი ქართველი მეფე დასავლური (რომაული) სისტემის დარად ჩამოაყალიბა: „ხოლო იგი ჰრომნი ათასნი  მჴედარნი... განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მხნედ იყვნეს, და უწოდა მათ აზნაურნი.“ (ალექსიძე 2007, გვ. 176-177).

  1. მარიამისეული ქც (ხელნაწეერი S-30): „არჩილის წამება და მეფეთა ცხო˜რება და ნინოს ქართლის მოქცევა ლეონტი მროველამან. დედასა ასეთნი ეწერა,“ აკაკი კლიმიაშვილისეული ქც (ხელნაწერი Q-1219)  -  „ესე არჩილის წამებაჲ და მეფეთა ცხრბ˜ჲ და ნინოს ქ˜რთლის მოქცევა ლეონტი მროელმან დაწერაჲ,“ მაჩაბლისეული ქც (ხელნაწერი H-1235) - „არჩილის წამება და მეფეთ ცხოვრება და ნინოს ქართლის მოქცეუა ლეონტი მროველმან დედას ასეთნი ეწერა.“ ქც (მეტრეველი) 2004, გვ. 244.

    აღსანიშნავია, რომ ამ მინაწერის თარგმანი არ მოიპოვება ქც-ს ძველ სომხურ თარგმანში; თუმცა, ჩანს მეორე მინაწერის თარგმანი, რომელიც ჯუანშერს ეხება. (აბულაძე 1953, აბდალაძე 1982, გვ. 22) ↩︎

  2. ზაზა ალექსიძის თქმით, „ამ ფორმულას თითმის აღარაფერი აკლია ქრისტიანობამდე. თითქმის იმიტომ, რომ რომ „მას მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისაჲ, რომელმან ასწავლა და ამხილა, არამედ თვითომ [ალექსანდრე მაკედონელმა] მოიგონა სჯული ესე.“ (ალექსიძე 2015. გვ. 5). „ლეონტი მროველი გვარწმუნებს, რომ ალექსანდრე მაკედონელის წყალობით ქართლი უკვე ქ.წ. IV- III სს-ის მიჯნაზე მზად იყო ახალი აღთქმის, მაცხოვრის სჯულის მისაღებად, ასე მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ ჯერ არსად იყო წინასწარმეტყველი და სჯულს მოძღვარი, რომ მისთვის მართალი სჯული ესწავლებინა. ერთი სიტყვით, ქართლი უკვე მაშინ განუდგა ყველა აღმოსავლურ სარწმუნოებას.“ (ალექსიძე 2007, გვ. 175) ↩︎
  3. ნიკოლოზ ალექსიძის აზრით, ალექსანდრეს ღვაწლი შეიძლება წმინდა ნინოს ღვაწლთან გავაიგივოთ, ვინადან ორივემ დააშორა ქართლი „ჩრდილოეთს;“ ალექსანდრემ „გაწმინდა“ ქვეყანა ბარბაროსებისგან, ხოლო ნინომ გამოიყვანა ქართლი მეტაფიზიკური ჩრდილიდან და იგი იმ ისტორიის გზას დაუბრუნა, რომელიც ალექსანდრესა და ჰერაკლე კეისრის ქართლში შემოსვლის ეპიზოდების წყალობით კონცეპტუალურად ქართლის პერიფერიიდან გამოყვანისა და ფართო უნივერსალური ისტორიის  ნაწილად ქცევას გულისხმობდა. (Aleksidze 2016, გვ. 236-237). ↩︎

ბიბლიოგრაფია

აბდალაძე, ალექსანდრე 1987. „ცხოვრება ქართველთა მეფეთას არმენოფილური ტენდენციის მიზეზებისათვის.“ მაცნე იაეხს 4: 188-191.

აბდალაძე, ალექსანდრე 1982. „ქართლის ცხოვრება“ და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა (უძველესი დროიდან XII საუკუნის დასაწყისამდე). თბილისი: მეცნიერება

აბულაძე, ილია 1953 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ალექსიძე, ზაზა 2015. „ენა და სახელმწიფო ქართულ მწერლობასა და პოლიტიკაში.“ მაცნე იაეხს 2: 5-14. Repr.: მისივე: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. III. თბილისი; [n.l.], 2016, 386-395.

ალექსიძე, ზაზა 2007. „სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ.“ კრებულში: მარიამ ლორთქიფანიძე 85. რედ. ვალერი სილოგავა. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 173-182. Repr.: მისივე: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. II. თბილისი; [n.l.], 2011, 267-275.

ალექსიძე ზაზა 1991. „ამბავი ქართლისა და ნათესავისა მისისა.“ კრებულში: ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები. რედ. ა. აფაქიძე და სხვ. თბილისი: მეცნიერება, გვ. 79-84; Repr.: მისივე: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. I. თბილისი; [n.l.], 2010, 324-327

ალექსიძე, ზაზა 1984. „ცხოვრება ფარნავაზისი.“ მნათობი 12: 152-157. Repr.: მისივე: ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. I. თბილისი; [n.l.], 2010, 281-288.

[ანონიმი] 1968. „დისკუსია: ლეონტი მროველის ისტორიული კონცეფციის საკითხისათვის.“ მაცნე 1: 312-335

გაფრინდაშვილი, გივი 1961. „ლეონტი მროველის 1066 წ. სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან.“ საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე 1: 239-262

გორდეზიანი, რისმაგ 1993. ქართული თვოთშეგნების ჩამოყალიბების პრობლემა. თბილისი: თსუ სტამბა

გრიგოლია, კონსტანტინე 1960. „ლეონტი მროველი - საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და მისი შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა.“ თსუ შრომები 87: გვ. 223-238.

გრიგოლია, კონსტანტინე 1954 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

დობორჯგინიძე, ნინო 2019.  „ქართული სამწერლობო ტრადიცია გვიანანტიკურობასა და შუა საუკუნეების რელიგიურ ისტორიოგრაფიაში.“ კრებულში: აკადემიკოსი თამაზ გამყრელძე 90. საიუბილეოკრებული, მიძღვნილიაკადემიკოსთამაზგამყრელიძისდაბადების 90 წლისთავისდამი. რედ. ავთანდილ არაბული და სხვ. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 119-139.

დობორჯგინიძე, ნინო 2010a.  ენა, იდენტობადასაისტორიოკონცეპტები. თბილისი: ნეკერი

დობორჯგინიძე, ნინო 2010b.  „შუა საუკუნეების რელიგიური ისტორიოგრაფია და იბერების იდენტიფიკაციის პრობლემა,“ ქრისტიანულ-არქეოლოგიურიძიებანი 2: 621-634.

დობორჯგინიძე, ნინო 2007. „რელიგიური ისტორიოგრაფიის უძველესი წყაროები სამწერლობო და არასამწერლობო ქართველური ენების შესახებ.“ ქართული სალიტერატური ენის საკითხები: ისტორია და თანამეროვე მდგომარეობა I. რედ. თ. ბოლქვაძე. თბილისი:, 253-266.

ინგოროყვა, პავლე 1941. „ლეონტი მროველი. ქართველი ისტორიკოსი, „ჰამბავთა მწერალი“ მე-8 საუკუნისა.“ ენიმკის მოამბე 10: 93-152

კეკელიძე, კორნელი 1981 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

კეკელიძე, კორნელი 1945. „ნინოს ცხოვრების მატიანისეული რედაქციის ავტორი,“ ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. II. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 269-280;

მელიქიშვილი, გიორგი 1970 “საქარველოს ისტორიის უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები,” in საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1. რედ. გ. მელიქიშვილი თბილისი: საბჭოთა საქართველო, გვ. 35-69.

პატარიძე, ლელა 2009. „ქართლის ცხოვრების შესავალი და მისი ისტორიულ-ტერიტორიული კონცეფცია.“ კადმოსი 1: 183-213

სანაძე, მანანა 2001. "ქართლის  ცხოვრება" და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდანმირიანამდე). თბილისი: საქართველოს მაცნე

ქც (მეტრეველი) 2004 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ქც (ყაუხჩიშვილი) 1955 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჭელიძე, ლადო 2004. „ლეონტი მროველის პოლიტიკური თვალთახედვა.“ ლიტერატურული ძიებანი  25: 110-112

ხოშტარია-ბროსე, ედიშერ 1987. „ქართლის ცხოვრების დასაწყისი ციკლის კომპოზიციის შესახებ.“ მაცნე იაეხს 4(1987): 180-83.

ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჯანაშვილი, მოსე 1900. ქართული მწერლობა. წიგნი I: მწერლობა მე-X საუკუნემდე. ტფილისი: სტამბა მ. შარაძისა და ამხ.

Aleksidze, Nikoloz 2016. “A Nation among other Nations: The Political Theology of the Conversion of Georgia.” In Quis est qui ligno pugnat? Missionaries and Evangelization in Late Antique and Medieval Europe (4th-13th centuries). Ed. by Emanuelle Piazza. Verona, 227-243.

Anderson, Andrew Runni 1932. Alexander's Gate, Gog and Magog, and the Inclosed Nations. Monographs of the Medieval Academy of America 5. Cambridge, MA, The Medieval Academy of America.

Emelri van Donzel and Andrea Schmidt (with contribution by Claudia Ott) 2009. Gog and Magog in Early Syriac and Islamic Sources. Sallam’s Quest for Alexander’s Wall. Brill’s Inner Asian Library 22. Leiden-Boston, Brill.

Martinez-Pizarro, Joaquin 2003. “Ethnic and National History ca. 500–1000.” in Historiography in the Middle Ages, ed. by D. Mauskopf Deliyannis. Leiden -Boston, Brill, 43–88.

Rapp 2014 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Какабадзе, Сергей Несторович 1912. О древнегрузинских летописцах XI–го столетия. Тифлис: электро-печ. А. Кереселидзе

Марр, Нико(лай Яковлевич) 1902. „Об единстве задач армяно-грузинской филологии.“ Кавказский Вестник 3/√: 15-29.


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი