მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

მატიანე ქართლისაჲ

ტექსტის ორიგინალური სათაური: ტექსტი ქც-ს ხელნაწერებში არ არის ცალკე გამოყოფილი, ამდენად სათაური პირობითად არის აღდგენილი ივანე ჯავახიშვილის მიერ.

თხზულების დაწერის დრო: სავარაუდოდ, XI საუკუნის მეორე ნახევარი. ჯავახიშვილის აზრით, თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1072-1073 წლამდე. მკვლევარი იმასაც მიუთითებს, რომ მთლიანი თხზულება ერთბაშად არ უნდა იყოს შექმნილი, მაგრამ უკანასკნელი ნაწილი, სადაც ბაგრატის სიკვდილია აღწერილი, შეუძლებელია 1072 წელზე უფრო ადრე იყოს დაწერილი  (ჯავახიშვილი 1977, გვ. 203-204).

გია გელაშვილის აზრით, „ნაწილი თხზულებისა, რომელიც მოდის 1032 წლამდე, როცა ბერძნებმა ანაკოფია მიიღეს დემეტრესგან, დაწერილია 1073 წლამდე, ხოლო მეორე ნაწილი (1032 წლიდან) – 1073-74 წელს.“ (გელაშვილი 1960, გვ. 242.)

თხზულების ავტორი:  უცნობია. სარგის კაკაბაძემ 1912 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომ მატიანე, ვახტანგ გორგასლის ცხოვრებასთან ერთად, უნდა ეკუთვნოდეს ჯუანშერის კალამს (Какабадзе 1912, გვ. ). ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ თხზულების ავტორი ბაგრატ IV-ს თანამედროვეა, რომელიც აგრეთვე მოესწრო გიორგი II-ს ზეობას, მაგრამ გარდაცვლილია დავით აღმაშენებლის გამეფებისას. (ჯავახიშვილი 1977, გვ. 202-204). გია გელაშვილის აზრით, მას უნდა ეცხოვრა დაახლ. 1014-1074 წლებში (გელაშვილი 1969, გვ. 242).

ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, ნაწარმოების ავტორი ქართლელი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ტექსტში ყველაზე დაწვრილებითი გეოგრაფიული ცნობები სწორედ ქართლის შესახებ არის მოცემული. გარდა ამისა, როდესაც თხზულების რომელიმე მოქმედი პირი ქართლისკენ მიემათება, ავტორი აღნიშნავს „მოვიდა“-ო, რაც აგრეთვე მისი ქართლში ყოფნის დამადასტურებელი უნდა იყოს (ჯავახიშვილი, გვ. 202).

გივი წულაიას თქმით, მატიანეს ავტორი ბაგრატიონთა საგვარეულოს აპოლოგეტია, რომელსაც ეკუთვნის მისი თანამედროვე ბაგრატიონთა უძველეს ქართულ სამეფო დინასტიასთან ნათესაობის იდეა. (Цулая 1982, გვ. ?)

თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ეს მონაკვეთი  არც წინამდებარე თხრობისგან არ იყო გამოყოფილი და არც მისი ავტორი მოიხსენიებოდა ქც-ში, ივანე ჯავახიშვილმა ტექსტის ეს მონაკვეთი ცალკე თხზულებად გამოყო. მკვლევრის აზრით, იგი მოიცავს ქართლისა და მისი მიმდებარე სამთავრო სამეფოების (ძირითადად კახეთის, აფხაზეთის, ტაოსა და თბილისის საამიროს) ისტორიას VIII საუკუნიდან (არჩილ მეორის წამების შემდგომ) - XI საუკუნის თითქმის ბოლომდე (გიორგი II-ის მეფობის ჩათვლით). ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ გადმოცემულია, „თუ როგორ აღორძინდა თანდათან ქართველი სხვადასხვა სამთავროები VIII საუკუნითგან მოყოლებული, როგორ იბრძოდნენ ისინი საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისა და განახლებისათვის და როგორ მიაღწიეს თანდათანობით თავიანთ მიზანს.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 199).

თუმცაღა, ივანე ჯავახიშვილი, ქც-ს ანა დედოფლისეულ ხელნაწერზე დაყრდნობით (სადაც გიორგი II-ს მეფობა თითქმის არ არის აღწერილი)  იმასაც მიუთითებდა, „რომ ის ადგილი, სადაც ანაკოფიის აღება მოთხრობილია, იქნებ გიორგის მეფობის მთელი მოთხრობაც-კი, „მატიანე ქართლისასა“-ს დამწერს არ ეკუთვნის. ამიტომ თავდაპირველად “მატიანე ქართლისაჲ“ ალბათ ბაგრატ IV-ის სიკვდილით თავდებოდა, ხოლო გიორგი II-ის მეფობა შეიძლება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს ეკუთვნოდეს, რომელსაც შესავალის სახით აღუწერია დავითის მამის მეფობა.“ (იქვე, გვ. 204).

ჯავახიშვილის აზრით, თხზულებას „მთელი შესავალი უნდა აკლდეს, სადაც ავტორს ნათქვამი ექნებოდა, რის აღწერა სურდა და რა მიზნით, რაკი ამ შესავალში პირდაპირი საისტორიო ცნობები არ იქნებოდა, ამიტომ იმას, ვისაც იგი ქცა-ში შეუტანია, თხზულებისათვის მოუშორებია.“ (ჯავახიშვილი 1977, გვ. 198).

თედო ჟორდანია ჯუანშერის ანდერძის („რომ მატიანე ქართლისა გაეგრძელებინათ თავ-თავის დროზე“) შემდეგ მოთავსებულ თხრობას მეექვსე მატიანედ მოიხსენიებს და ამბობს: „მატიანეს მართლა ეტყობა იმისი კვალი, რომ იგი დაწერილია სხვადასხვა დროს. ეტყობა, მაგალითად, რომ არჩილის მეფობიდამ გიორგი აღწეფელის მეფობამდე ერთს პირს გაუგრძელებია მატიანე. ეს ნაწილი ქ-ცბისა იწყება ვრცელის მოთხრობით ხაზართა შემოსვლაზე ჯუანშერის მეფობაში (შეიძლება ეს ამბავი, ანუ ერთი ეპიზოდი თანამედროვემ შეიტანა ჯუანშერის მატიანეში). მაგრამ შემდეგი დიდ-დიდი ამბები საზოგადო ფრასებით არის აღწერილი, მაგალითად არაბთაგან ქართლის დაპყრობა და მათი მძლავრობა თითქმის 100 წლის სიგრძეში, აგრეთვე გაძლიერება აბხაზთა მეფეებისა იმერეთში და კლარჯთა ერისთავებისა-ქართლში. მხოლოდ აშოტ კუროპალატიდამ იწყება უფრო დაწვრილებითი ცნობა, რომელიც ბაგრატ I-ის დროს ვრცელ მატიანედ იქცევა. ბუღაჲს შემოსევის და გმირების ამბები ისრეთის საქმიანობით არის აღწერილი, რომ უნებლიეთ გვაფიქრებინებს ამისსა აღწერას თვით მხილველისაგან, რომელიც IX საუკუნეში უნდა სცხოვრობდეს, - და რადგან კახეთის და გარდაბნის ამბებს განსაკუთრებულს ყურადღებას აქცევს, ამისგამო ვგონებთ, რომ ეს მატიანე აღწერილია კახეთში... მე-IX საუკუნის მემატიანეს გაუგრძელებია ჯუანშერის ისტორია, მაგრამ საკმაო ცნობების უქონლობისაგამო საზოგადო ფრაზებით აღუწერია მთელი ის ხანა ისტორიისა, რომლის გარემოებანი მას თჳსის თვალით არ ენახა... მეფობა დავით კუროპალატისა და ადარნასესი მეტად მოკლედ არის აღწერილი... ეს ხანა სავსეა სომეხთა, აბხაზთა და ტაოელთა ბრძოლის მსხვილ-მსხვილ ამბებით... მხოლოდ აბხაზთა მეფის კონსტანტინეს და ამირა-ფაჯარის ქართლში შემოსვლა აღწერილია უფრო ვრცლად და იმისთანა ფრასებით, ომ თჳთ-მხილველის კახელ მემატიანესგან უნდა იყოს აღწერილი...გიორგის მეფობიდან ბაგრატ III-მდე ჩვენი მატიანე რომ თანამედროვესგან არის აღწერილი, ამას გვიმტკიცებს კილო და საქმიანობა მოთხრობისა, რომელიც გვაძლევს მოკლესა მაგრამ ჭეშმარიტს ცნობებს აფხაზთა და კახთა მეფეებზე... უმთავრესი ნაწილი ამ მატიანისა ეკუთვნის ბაგრატ III-ის მეფობას და დანარჩენი ნაწილი თითქო იმისათჳსღა არის აღწერილი, რომ ბაგრატის გამეფების და გაძლიერების ამბავი უფრო გასაგები გახადოს მკითხველთათვის.“ (ჟორდანია 1892, გვ. XXXVIII-XXXIX). მკვლევარი ასკვნის, რომ „ბაგრატის მატიანე, როგორც დავით აღმაშენებლისაცა, მოკლედ და მეხსიერებით აღუწერიათ ამ მეფის სიკვდილის შემდეგ, რის გამოც მხოლოდ უმთავრესი ამბები აღუნუსხავს მემატიანეს და ისიც უქრონოლოგიოდ... გამოდის, რომ ამ მუხლში მოხსენებული ამბები სხვა-და-სხვა დროს ყოფილა აღწერილი თანამედროვეთაგან. შეიძლება, რომ მე-X საუკუნის დასასრულს ანუ მე-XI საუკ. დამწყებს, უკანასკნელის მატიანის დამწერს სხვა მატიანეების კერძო ნაწერები და საბუთები ერთად შეეკრიბოს და გაეგრძელებინოს ჯუანშერისაგან დასრულებული ქ-ცხბა.“ (იქვე, გვ. XXXIX-XL).

მეშვიდე მემატიანედ ჟორდანია მოიხსენიებს „ბაგრატ IV-ის ცხოვრების აღმწერელს,“ რომელსაც აღუწერია 1014-072 წლები, ანუ გიორგი I-ისა და ბაგრატის მეფობა.... ეს უკანასკნელი მატიანე დაწერილია 1076 წლის წინეთ, ანუ უფრო დაახლოვებით რომ ვთქვათ 1072-1076 წლებს შუა. მაგრამ მატიანეში მრავალი იპოვება იმისი ნიშნები, რომ იგი ნაწილ-ნაწილად არის აღწერილი... რადგან შემდეგი ნაწყვეტი გიორგი II-ის ცხოვრებისა... ჰგავს ამ მატიანეს, ამისგამო შეიძლება ეს უკანასკნელი გაგრძელება იყოს იმავე მწერლისაგან 1076 წლის შემდეგ.“ ამ მონაკვეთია მწერალი, მკვლევრის აზრით, მესხია (იქვე, გვ. XLI- XLII).

პავლე ინგოროყვას აზრით, სადღეისოდ მატიანე ქართლისაჲ-ს სახელით ცნობილი ქც-ს ნაწილი სამი თხზულებისგან შედგება:

  1. „მატიანე ქართლისა (წიგნი ქართველთა ცხორებისა არჩილ მეფისითგან ბაგრატ III-მდე.

„ეს ნაწარმოები ეხება საქართველოს ისტორიას ორ-საუკუნე ნახევრის განმავლობაში. იწყება 8 საუკუნის 50-იანი წლებიდან და მოყვანილია 1014 წლამდე. თხზულება დაწერილია მე-11 საუკუნის პირველ მესამედში, 1014 წლის ახლო ხანებში (არა უადრეს 1014 წლისა და არა უგვიანეს 1031 წლისა.“ (ინგოროყვა 1939, გვ. 214-215).

  1. ცხორება გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ისა

‘შეიცავს საქართველოს ისტორიის მიმოხილვას მე-11 საუკუნის მანძილზე, საქართველოს მეფეების გიორგი I-ისა და მისი მემკვიდრის, ბაგრატ IV-ს დროს. იგი მოიცავს 58-წლოვან პერიოდს, იწყება 1014 წლიდან და სრულდება 1072 წლით. ავტორი ბაგრატ IV-ს კარის მემატიანე ყოფილა... ავტორის თხზულების ცალკეული ნაწილები „ჟამითი-ჟამად“ უწერია,.. ხოლო თხზულება მთლიანი სახით დაუმუშავებია 1072-1073 წლებში.“ (იქვე, გვ. 216).

  1. ცხორება გიორგი II-ისა. (1072-1089 წწ.

მკვლევრის თქმით, „ამ ნაწარმოებისან მხოლოდ ფრაგმენტი გადარჩენილა... ეს ავტორი აგრეთვე თანამედროვეა აღწერილი ამბებისა, მე-11 საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის მწერალი[ა].“ (იქვე, გვ. 216-217).

ინგოროყვას აზრით, პირველი მემატიანე, “თუმცა იცავს მემატიანის ტრადიციულ ობიექტურობას, და მოვლენათა შეფასებისას დიდს სიტყვა-ძვირობას იჩენს, მაგრამ მის ნაწარმოებში მაინც მკვეთრად არის გამოვლინებული ძირითადი მამოძრავებელი პოლიტიკური იდეა თავისი ეპოქისა: ავტორის პოლიტიკური იდეალი არის გაერთიანებული საქართველო.“ (იქვე, გვ. 215). მკვლევრის თქმით, მეორე ნაკვეთის დამწერი ობიექტურია, „ის გარემოება, რომ ავტორი თანამედროვეა აღწერილი ამბებისა, ხშირად „თვითმხილველი და თანადამხდური,“ - თხზულებას ანიჭებს განსაკუთრებულ სიცხოველეს... მოთხრობა საფუძვლიანია და... დატვირთული ფაქტიური ცნობებით...“ (იქვე, გვ. 217). „ისტორიკოსის ჰორიზონტი ფართეა იგი კარგად არის ჩახედული როგორც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მიმართებაში, ისე საერთაშორისო პოლიტიკურს ვითარებაში, მისი ისტორია საქართველოს ისტორიის ფარგლებით არის მოხაზული, მაგრამ ამასთან ირკვევა, რომ ავტორი კარგად იყო გაცნობილი ბიზანტიისა და აღმოსავლეთის საქმეთა მსვლელობას.“ (იქვე, გვ. 216).

კირილ თუმანოვის მოსაზრებით, თხზულება ფარავს პერიოდს 786 წლიდან 1072 წლამდე (Toumanoff 1943, გვ. 181). მარიამ ლორთქიფანიძის თქმით კი, „XI საუკუნის ანონიმი ავტორის „მატინე ქართლისა,“ რომელიც VIII საუკუნის ამბებით იწყება, თანმიმდევრულად გადმოგვცემს ისტორიულ მოვლენებს XI საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისამდე. იგი გვაწვდის ცნობებს XI საუკუნის დასაწყისში კახეთ-ჰერეთის ერთიანი საქართველოს სამეფოსთან შეერთების, განძის ათაბაგთან ბრძოლის, აგრეთვე იმ დაძაბული შინაკლასობრივი მტრობა-შუღლის შესახებ, რომლებიც ბაგრატ III-ის გამეფების დროიდან მოყოლებული მიმდინარეობდა ქართულ ფეოდალურ მონარქიაში. შინაკლასობრივი ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ წყაროს ცნობებს ბაღვაშთა ძლიერი საგვარეულოს ისტორიის შესახებ. იგივე წყარო ვრცლად მოგვითხრობს საქართველოს ურთიერთობაზე ბიზანტიის იმპერიასთან, მეზობელ სომხურ სახელმწიფოებთან და აგრეთვე თურქ-სელჩუკთა პირველ შემოსევებზე.“ (ლორთქიფანიძე 1979, გვ. 11-12)

თხზულების კვლევის ისტორია: მატიანე ქართლისაჲს სათაურისა და თავად ტექსტის მოცულობის განსაზღვრა ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის (ჯავახიშვილი 1977, გვ. 198-209); მკვლევარმა საკუთარი მოსაზრებები ტექსტის შიდა მონაცემების საფუძველზე გამოთქვა და აღნიშნა, რომ „აღნიშნულ ნაკვეთს „ქართლის ცხოვრებაში“ არც ავტორი და არც სათაური არ უჩანს. უფრო მეტად ის უბრალოდ გამოყოფილიც არ იყო წინა თხზულებებისგან და პირდაპირ გადაბმული ჩანდა მათთან.“ (გრიგოლია 1976, გვ. 219). ტექსტის სათაურის დადგენისას ჯავახიშვილი დაეყრდნო დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ნარატივში მოცემულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქართველ აზნაურთა მიერ მეფის ღალატის ამბები გადმოცემულია „ძველ მატიანე ქართლისა“-ში. ქც-ს შემადგენლობაში კი ამგვარი ინფორმაცია, მისი დაკვირვებით, სწორედ რომ ამ თხზულებაში მოიპოვება. (ჯავახიშვილი 1977, გვ. 199-202) ჯავახიშვილის ამ მოსაზრებას ჯერ კიდევ კორნელი კეკელიძე შეეკამათა და აღნიშნა, რომ დავითის ისტორიკოსის მიერ მოხსენიებული ძველი მატიანე ქართლისა უნდა წარმოადგენდეს „საზოგადოდ კრებული ლეონტი მროველისა და ჯუანშერის საისტორიო შრომებისა, ხოლო არჩილ მეფის მეტაფრასულ ცხოვრების სიტყვით-მატიანე ქართველთა ცხოვრებისა.“ (კეკელიძე 1957, გვ. 191).

პავლე ინგოროყვას თქმით, „ეს საისტორიო თხზულებანი კარგად გვისურათებენ ქართული ისტორიოგრაფიის მაღალ განვითარებას ამ ეპოქაში.... ძეგლები დამუშავებულია არა უბრალოდ მარტივი მატიანისა, არამედ პრაგმატიული ისტორიის სახით. მათი ავტორები არის არა ჩვეულებრივი ტიპის მემატიანეები, რომლებიც იძლეოდნენ ქრონოლოგიურის თანამიმდევრობით უბრალო აღნუსხვას სხვადასხვა ხასიათისა და სხვადასხვა მნიშვნელობის ამბებისას (რომელთაც ხშირად არავითარი კავშირი არა ჰქონდათ ერთმანეთთან), არამედ ნამდვილი ისტორიკოსები, რომლებიც გადმოგვცემენ თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების გაშლილს მთლიანს სურათს.“ (ინგოროყვა 1939,  გვ. 218).

ანრი ბოგვერაძის აზრით, ქც-ს ორი საწყისი მატიანიდან, რომლებიც მოგვითხრობენ ისტორიას უძველესი დროიდან XI საუკუნის 70-იან წლებამდე და რომლებიც „იწერებოდა თითქმის ერთდროულად,“ პირველი თხზულება, სადაც აღწერილი უნდა ყოფილიყო V-VIII სს. მოვლენები, დაწერა ლეონტი მროველმა.  მეორე თხზულება კი მოგვითხრობს VIII-XI სს. ამბებს და ცნობილია ჩვენთვის მატიანე ქართლისაჲს სახელით. მკვლევრის თქმით, „მეორე ისტორიკოსის სახელი დღემდე უცნობია ჩვენთვის.“ (ბოგვერაძე 1967, გვ. 41-42).

კონსტანტინე გრიგოლიას ვარაუდით, დღეს მატიანე ქართლისაჲს სახელით ცნობილი ნარატივი წარმოადგენდა ქც-ს საწყისი თხზულების ნაწილს. ეს საწყისი თხზულება კი ერთი იყო, „ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა...“ მხოლოდ ამ თხზულებით ყოფილა გაშუქებული იქ საქართველოს ისტორია დასაბამიდან მოკიდებული XI საუკუნის ბოლომდე.“ (გრიგოლია 1976, გვ. 227; უფრო დეტალურად, იხ. ისტორიოგრაფია > ქართლის ცხოვრება > ბაგრატიონთა წინარე ეპოქაში შექმნილ ნარატივებზე დამყარებული თხზულებანი).

ამასთან, 1954 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში კონსტანტინე გრიგოლია მატიანე ქართლისაჲსა და სუმბატ დავითის ძის ქრონიკის პარალელური მონაკვეთების შედარებისას ასკვნიდა, რომ მატიანე ქართლისაჲ სუმბატის თხზულებასთან შედარებით პირვანდელია, და რომ ქრონიკაში მოცემული მსგავსი მონაკვეთები მატიანის მიხედვითაა გამართული. (გრიგოლია 1954, გვ. 235).

მარიამ ლორთქიფანიძე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მატიანე ქართლისაჲს ავტორის უნდა ესარგებლა სუმბატის თხზულებით და არა პირიქით, სუმბატს გამოეყენებინა ანონიმი მატიანეს თხზულება. (Лордкипанидзе 1979, გვ. 19; Id. 1976, გვ. 21).

გივი წულაიას ფიქრით, მატიანე ქართლისაჲ წარმოადგენს ახალ ეტაპს ქართული ისტორიული მწერლობის ისტორიაში. მკვლევრის თქმით, „თუკი წინამორბედი ისტორიკოსები (მეფეთა ცხოვრებისა და ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ავტორები) ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემდნენ ნახევრად ბელეტრისტული სახით და მათი ნაშრომების ისტორიული ჟანრისათვის მიკუთვნება მხოლოდ პირობითად შეიძლება, მატიანე ქართლისაჲ უკვე წმინდა სახით ისტორიოგრაფიული ჟანრის თხზულებაა, რომელიც მოკლებულია ძირითადი თემისაგან რაიმე სახით ყურადღების გადამტან ბელეტრისტულ გადახვევას.“ (Цулая 1982, გვ. 18). 

ამასთან, გივი წულაია იმაზეც მიუთითებს, რომ ტექსტი, რომელიც ჯუანშერის სახელით გამოქვეყნებულ თხზულებაში მოსდევს ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას, არ უნდა იყოს ამ ნარატივის ბუნებრივი გაგრძელება. მკვლევარი ვარაუდობს, რომ იგი შესაძლოა წარმოადგენდეს მატიანე ქართლისაჲს ორგანულ ნაწილს. მატიანეს ეს ორი ნაწილი კი ხელოვნურად არის გახლეჩილი მათ შორის არჩილის წამების ტექსტის მოთავსების მეშვეობით. წულაძის აზრით ის ფაქტი, რომ მკვლევრის მიერ ფსევდო-ჯუანშერად წოდებულ ნაწილში მოქმედება აფხაზეთში ვითარდება, ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელ არგუმენტად შეიძლება გამოდგეს, ვინაიდან, აფხაზეთში მომხდარ ამბებზე საუბარი გრძელდება აგრეთვე მატიანე ქართლისაჲშიაც . (იქვე, გვ. 24-30).

ივანე ჯავახიშვილის თქმით, ავტორი თხზულებაში ძირითადად მხოლოდ „პოლიტიკურ და სახელმწიფო საქმეების ამბებს“ გადმოგვცემს. იგი მხოლოდ ოთხჯერ არღვევს ამ გეგმას, და ყველა გამონაკლის შემთხვევაში ეკლესიათა მშენებლობის შესახებ გვიყვება. (ჯავახიშვილი 1977, გვ. 207). „ისტორიკოსი არსად თავის პირად გრძნობას და აზრს არ ამჟღავნებს, და მხოლოდ საქმის ვითარების დალაგებულ, მარტივ აღწერით არის დაკავებული.“ (იქვე, გვ. 208) ამასთან, „ჩვენი ისტორიკოსის შრომა უხვი ქრონოლოგიური ცნობებითაც არის ძვირფასი. მართალია, ამ მხრივ იგი მეორე იმდროინდელ ისტორიკოსს სუმბატ დავითის ძეს მეტოქეობას ვერ გაუწევს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი ავტორის ცნობები უფრო დიდ-მნიშვნელოვან ამბებს ეხება.“(იქვე). მკვლევარი იმ ფაქტსაც აქცევს ყურადღებას, რომ დათარიღებისათვის ავტორი ქორონიკონს კი არ იყენებს, „არამედ გვამცნობს რამდენი წელიწადი იყო გასული ამა თუ იმ შემთხვევითგან, ისე რომ თარიღის გამოანგარიშებაა საჭირო... როცა ამ გამოანგარიშებულ თარიღებს უცხო-ქვეყნელ ისტორიკოსთა ქრონოლოგიურ ცნობებს შევუდარებთ ამავე ამბების შესახებ, უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ისტორიკოსის სიტყვები მტკიცდება ხოლმე.“ (იქვე, გვ. 208-209; ქორონიკონთან დაკავშირებით, იხ. აგრეთვე: ჰაგიოგრაფია > არაბთა მიერ საქართველოში ნაწამებ ქრისტიანთა მარტვილობანი > კონსტანტი კახის მარტვილობა). დასკვნის სახით ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მემატიანის ნარატივი „აუარებელი ისტორიული ცნობებით არის აღსავსე, ამასთანავე ხშირად ისეთი ცნობებით, რომელიც არსად სხვაგან არ მოიპოვება. მაგრამ მისი თხზულების ღირსება უფრო იმის გამი ძლიერდება,“ რომ უცხოურ წყაროებთან შედარებისას ჩვენი ისტორიკოსის ცნობები, ძირითადად, დასტურდება (იქვე, გვ. 209).

გივი წულაიას მოსაზრებით, მატიანე ქართლისაჲ წარმოადგენს პირველხარისხოვან ისტორიულ წყაროს. მასში, უპირველეს ყოვლისა, ზუსტად არის გადმოცემული საქართველოს გაერთიანებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფორმირების ეპოქის პოლიტიკური კლიმატი, ამ მოვლენაში ქვეყნის შინაგანი ეკონომიკური, პოლიტიკური და ეთნო-კულტურული განვითარების როლი.  ამ ფაქტორებთან ერთად ჩვენს წყაროში საუბარია აგრეთვე საქართველოს გაერთიანების პროცესში მეზობელი ხალხების (სომხების, ალბანელების, ჩრდილო კავკასიელების) მიერ შეტანილ წვლილზე იმ საერთაშორისო სიტუაციაში, რომლის საკუთარ ჰეგემონურ ინტერესებზე მორგებასაც ყოველთვის ცდილობდნენ დიდი იმპერიები (ირანი, ბიზანტია, ხალიფატი).  „მატიანე ქართლისაჲს ავტორი სწორად აფასებს ისტორიულ მოვლენებს, სოციალურ დაჯგუფებებსა და ცალკეულ ისტორიულ პირებს, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ თავიანთი დროის პოლიტიკურ მოვლენებზე.“ (Цулая 1982, გვ. 30). 

კირილ თუმანოვის აზრით, თხზულება, რომლის სტილიც ნათელი და შეუბღალავია, წარმოადგენს საქართველოს გაერთიანების ექსკლუზიურად პოლიტიკურ ისტორიას, მუსულმანთა უღელის დასრულებიდან ბაგრატიდთა იმპერიის დასაბამამდე. თხზულება მდიდრდება დეტალებით მას შემდეგ, რაც თხრობა ავტორისეულ დროს უახლოვდება. ნარატივში მოცემული ქრონოლოგიური მონაცემები ფასდაუდებელია, ვინაიდან კორელაციაშია თანადროულ ქართულ და უცხოურ წყაროებთან. (Toumanoff 1943, გვ. 176)

სტივენ რაპის თქმით, მატიანე წარმოადგენს “უნიკალურ ნარატივს ჩვენამდე შემორჩენილ ბაგრატიდთა პერიოდის ისტორიოგრაფიულ თხზულებებს შორის, ვინაიდან იგი შეიცავს მნიშვნელოვან იმფორმაციას იმ ადგილობრივ მმართველებზე, რომლებიც ბაგრატიონთა ძალაუფლებაში მოსვლამდე მართავდნენ ქვეყანას.“ (Rapp 2007, გვ. 187) გარდა თხზულების შექმნის მთავარი მიზნისა, ანუ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ერისმთავრებისა და, შემდგომ, მეფეების  მმართველობის აღწერისა (დაწყებული  780 წლიდან ბაგრატ IV-ის გარდაცვალებამდე 1072 წელს), ნარატივი აგრეთვე ასურათებს ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების პროცესს სხვადასხვა ქართველურ ხალხსა და რეგიონს შორის მზარდი ინტერაქციისა და ინტეგრაციის ფონზე. პარალელურად, ტექსტში მოცემულია პროსოპოგრაფიული ინფორმაცია ბიზანტიელ იმპერატორთა შესახებ, თხზულება შეიცავს ცნობებს „საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონის,“ კახეთის მეფეების, აგრეთვე ალანთა მეფეების, სელჯუკ მმართველებისა და სომხეთში ანისის სამეფოს შადდადიდ განმგებლებზე. (იქვე, გვ. 188).

სანდრო ნიკოლაიშვილის თქმით, მატიანეს ავტორი, სუმბატ დავითის-ძისგან განსხვავებით, ანტი-ბიზანტიური პოზიციით გამოირჩევა, ბრალს სდებს ბიზანტიას სამეფო ძალაუფლების დასუსტების მცდელობასა და ქართველთა სამეფოში შიდა არეულობის პროვოცირების გამო (Nikolaishvili 2019, გვ. 12). აქვე უნდა ითქვას, რომ, ნიკო ბერძენიშვილი, მატიანის ტექსტთან დაკავშირებით გაკეთებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ „ეროვნული მთლიანობის იდეა, ჩანს, ჯერ არაა დომინანტი. მართალია, ის ისახება, გაჩნდა კიდეც (გიორგი მერჩულე), მაგრამ ფეოდალების წრე ყველაზე ნაკლებ არის მოწოდებული ამ იდეის განსამტკიცებლად.“ (ბერძენიშვილი 1979, გვ. 78).

ტექსტთან დაკავშირებით მკვლევართა ზოგადი დასკვნა კი შეიძლება განვაზოგადოთ გია გელაშვილის სიტყვებით, რომლის თქმითაც „საქართველოს ისტორიისათვის „მატიანე ქართლისა“ ერთ-ერთი შინაარსიანი და საუკეთესო წყაროთაგანია.“ (გელაშვილი 1960, გვ. 239), და მარიამ ლორთქიფანიძის დასკვნით, რომ „აღნიშნული წყაროს ცნობების მნიშვნელობა XI საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, მათი ეჭვმიუტანლობა სათანადოდ არის შეფასებული და დასაბუთებული ქართულ ისტორიოგრაფიაში.“ (ლორთქიფანიძე 1979, გვ. 120).

ბიბლიოგრაფია

ბერძენიშვილი 1979 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია.

ბოგვერაძე, ანრი 1968. „ქართლის ცხოვრების პირველი მატიანე და მისი ავტორი.“ კრებულში: ქართული ისტორიოგრაფია I. რედ. პროკოფი რატიანი და სხვ. თბილისი: მეცნიერება, გვ. 8-44.

გელაშვილი, გია 1960. „სუმბატ დავითის-ძე და მატიანე ქართლისა.“ თსუ შრომები 87: გვ. 239-258.

გრიგოლია, კონსტანტინე 1976. „მატიანე ქართლისა და მისი დასათაურების საკითხისათვის.“ კრებულში: ივანე ჯავახიშვილი 100. ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. რედ. გიორგი მელიქიშვილი. თბილისი: მეცნიერება, გვ. 218-232.

გრიგოლია 1954 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ინგოროყვა, პავლე 1939. „ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. წერილი მეორე. მესამე პერიოდი ქართული მწერლობისა. ადრეული ფეოდალიზმის ხანა (მე-8-11 საუკუნეები).“ მნათობი 11: 97-141, 197-272.

კეკელიძე კორნელი 1957. "ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსი და მისი ისტორია (ისტორიულ-ლიტერატურული ექსკურსი). კრებულში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან IV. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 187-201 (პირველი გამოცემა: ჩვენი მეცნიერება 4 (1923): 17-57.

ლორთქიფანიძე 1979 - იზ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჟორდანია 1892 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

ჯავახიშვილი 1977. იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Nikolaishvili, Sandro 2019. “Byzantium and the Georgian World ca. 900-1210: Ideology of Kingship and Rhetoric in the Byzantine Periphery.” PhD Dissertation. Department of Medieval Studies. Central European University. Budapest

Rapp 2007 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Toumanoff 1943 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

Какабадзе, Сергей Несторович 1912. О древнегрузинских летописцах XI–го столетия. Тифлис: электро-печ. А. Кереселидзе

Лордкипанидзе, Мариам Давыдовна 1979. “Сумбат Давитис-дзе и его историческое сочинение.” წიგნში: Сумбат Давитис-дзе. История и повествование о Багратионах. Перевод, введение и примечания М. Д. Лордкипанидзе. Памятники грузинской исторической литературы III. Тбилиси: Мецниереба, 1-15

Лордкипанидзе, Мариам Давыдовна 1976. „Введение.“ წიგნში:  Матиане Картлиса. Русский перевод, введение и примечания М. Д. Лордкипанидзе. Памятники грузинской исторической литературы ?. Тбилиси:  Мецниереба, стр. 1-32.

Цулая, Гиви  Васильевич 1982. „Введение.“ წიგნში:  Летопись Картли.  Перевод, введение и примечания Г. В. Цулая. Источники по истории Грузии 29. Памятники грузинской исторической литературы IV. Тбилиси:  Мецниереба, стр. 1-32.


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი