მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

დავით და კონსტანტინეს წამება

ტექსტის ორიგინალური სათაური: წამებაჲ და ღუაწლი წმიდათა და დიდებულთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი, რომელნი ეწამნეს ქუეყანასა ჩრდილოეთისასა, სანახებსა არგვეთისასა, საბრძანებელსა ქართველთასა, შემდგომად მიცვალებისა დიდისა მის მაღლისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა, რომელმან მეფობაჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ საფლავად შთაიტანა, უღმრთოჲსა მის და მძლავრისა სპარსთა მეფისა მურვან აბულ-კასიმისაგან, რომელსა ეწოდა ნართაულად ყრუ, რომელი იყო დისწული მუჰამედ ცუდ-სახელისა მოციქულისა

ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის MS Q-762 (XIII-XIV ს.). ნარატივის შემცველი დანარჩენი 11 ხელნაწერი XVIII საუკუნით თარიღდება (გაბიძაშვილი 2010, გვ. 161; სანაძე და არახამია 2013, გვ. 5-6).

არსებობს აგრეთვე ტექსტის სვინაქსარული რედაქციები. ენრიკო გაბიძაშვილის თქმით, „ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში შემონახულია მათი სვინაქსარული ცხოვრების ხუთი სხვადასხვა რედაქცია. რედაქციების ასეთი სიმრავლე არ ახასიათებს არც ერთ სხვა ქართველი წმინდანის სვინაქსარულ ცხოვრებას.“ (გაბიძაშვილი 2011, გვ. 151). მკვლევრის თქმით, უძველესი სვინაქსარული რედაქციაც XIII-XIV საუკუნეებით დათარიღებულ ხელნაწერშია შემონახული (პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ხელნაწერი N4).

სვინაქსარულ რედაქციებში მანანა სანაძე და გონელი არახამია გამოყოფენ „ვრცელ სვინაქსარულ რედაქცია 1“-ს (ცენტრალური არქივის MS 302, რომელიც დათარიღებულია 1705/1707 წლით)  და „ვრცელ სვინაქსარულ რედაქცია 2“-ს (პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ზემოხსენებული ხელნაწერი, ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის MS 161 (XVI-XVII სს.) და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის MS Q-105a (XVIII ს.-ის I ნახევარი) (სანაძე და არახამია 2013, გვ. 40) და სამ მოკლე სვინაქსარულ რედაქციას. მკვლევართა მიერ გამოყოფილ მეორე ვრცელი სვინაქსარული რედაქციის შემცველ ხელნაწერებთან დაკავშირებით ენრიკო გაბიძაშვილსაც აღნიშნული აქვს, რომ ისინი რედაქციულად ერთია და, შესაძლოა, ატარებდეს „არგვეთის მოწამეთა ცხოვრების უძველესი რედაქციის გამოყენების კვალს.“ (გაბიძაშვილი 2011, გვ. 151). სანაძისა და არახამიას მოსაზრებით, ამ რედაქციის ავტორს „თავისი თხზულების წერისას ორიგინალი თვალწინ არ ჰქონდა და უფრო მეხსიერებაზე დაყრდნობით ქმნიდა მის მოკლე შინაარსს. საინტერესოა, რომ ამ სვინაქსარულ რედაქციაში გვხვდება ისეთი კონკრეტული დეტალები (მაგ. დავითისა და კონსტანტინეს გარეგნობის უფრო დეტალიზებული აღწერა და სხვ.), რაც საკუთრივ ორიგინალში არ გვეძლევა. ეს „სიახლეები“, ან ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, ან, რაც უფრო სავარაუდოა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ავტორს წერისას თხზულება ხელთ არ ჰქონდა და შინაარსს მეხსიერებით აღადგენდა, თხზულებისეული ფაქტები და წმინდანებზე მის ეპოქაში არსებული ფოლკლორული გადმოცემები ერთმანეთში აურია.“ (სანაძე და არახამია 2013, გვ. 38). 

ნარატივის თავისებური ვერსია (შესხმა) მოგვცა კათალიკოს ანტონ I-მა თავის მარტირიკაში (იქვე, გვ. 6)

თხზულების დაწერის დრო: “არა უადრეს XI ს. მიწურულისა, ან XII ს. დასაწყისისა“ (გაბიძაშვილი 2010, გვ. 160)

თხზულების ავტორი: უცნობია

თხზულების კომპოზიცია და შინაარსი: ნაწარმოების დასაწყისი უფრო ისტორიოგრაფიულ ქრონიკას წააგავს, ვიდრე ჰაგიოგრაფიულ თხზულებას. ტექსტის ავტორი თავის თხრობას ჰერაკლე კეისრის მიერ სპარსთა მეფის, ხუასრო (ფარვიზის) წინააღმდეგ გალაშქრების, ჰერაკლეს მიერ წმინდა ჯვრის გამოხსნისა და მისი კონსტანტინოპოლში გადატანის ამბით იწყებს და გვამცნობს:

„მეფობასა ბერძენთა ზედა ღმრთისმსახურისა ჰერაკლესსა, ოდეს-იგი განაგებდა სამბრძანებელსა თჳსსა კუერთხითა მეფობისა თჳსისაჲთა, განილაშქრა სპარსთა მეფემან ხუასრო ქალაქსა მას ზედა ღმრთივ დაცვულსა წმიდასა იერუსალემსა, რომელსა შინა იქმნა ჴსნაჲ ყოვლისა სოფლისაჲ, მიშუებითა ღმრთისაჲთა გამოიღო და ტყუე ყო და მოსრა ერი ურიცხჳ მამათა და დედათაჲ, მღდელთა და დიაკონთა და ქალწულთაჲ, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას იერუსალემისა წარტყუენვისასა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი მაცხოვარისაჲ, ვითარმედ: „არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდის ყოველივე არად აირღუეს“ რამეთუ მრავალ-გზის წარიტყუენა იერუსალემი ბაბილოვნელთა და ჰრომთაგან და აწ სპარსთაგან და წარიყვანეს ძელი ცხორებისაჲ, რომელსა ზედა ქრისტემან ჩუენთჳს ვნებაჲ თავს-იდვა და ზაქარია დიდი მამად-მთავარი და მიიქცეს სპარსეთადვე. ხოლო იქმნებოდეს სასწაულნი ურიცხუნი ძელისა მისგან ცხორებისა, ვიდრემდის ითქუმოდა სპარსთა შორის, ვითარმედ: „ღმერთი ქრისტიანეთაჲ მოსრულ არს.“

 ხოლო უძნდა ესე ღმთის-მსახურსა მეფესა ბერძენთასა ჰერეკლეს და ბრძანებითა ღმრთისაჲთა განილაშქრა ზედა შევიდა ქუეყანასა კომანთასა, რომელ არიან ყივჩაყნი და მისცა ასული თჳსი ცოლად მეფესა ყივჩაყთასა და წარიყვანა  ყოვლითა ძალითა მისითა ძალად თჳსად და შევიდა სპარსეთს, და მოკლა ხუასრო სპარსთა მეფე და ტყუე ყო და აღაოჴრა ქუეყანაჲ სპარსეთისაჲ. და წარმოიყვანა ძელი ცხოვრებისაჲ და ზაქარია მამად-მთავარი და ძლევა-შემოსილი შემოიქცა იერუსალემს და ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ ზოგი იერუსალიმს დაუსუენა და ზოგი კოსტანტინეპოლეს გაგზავნა და ზაქარია მამად-მთავარი საყდარსავე თჳსსა დასუა.“

შემდეგ მისი თხრობა უკვე მუჰამედისა და არაბთა გაძლიერების ამბავზე გადადის:  „ხოლო მო-რაჲ-ქცეულ იყო მეფე სპარსეთით ეგჳპტეს, მუჰმედ წინა-მიეგება მეფესა ჰერაკლეს და უძღუანა ძღუენი დიდი, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად და მთავრობდა არაბთა ზედა და ითხოვდა მეფისაგან ადგილთა საყოფელთა და სასაძოვრეთა სამწყსოთა მისთასა, ხოლო მეფემან მისცა ველნი და მთანი ქუეყანასა სინისასა, რომელ არს მახლობელ არაბეთსა და შემოიქცა მეფე ქალაქად თჳსად და იყო ქუეყანაჲ საბერძნეთისაჲ მშჳდობასა შინა და ჰმორჩილობდეს მას ყოველნი ნათესავნი.

ხოლო რაჟამს მოკუდა ჰერაკლე მეფე, მისსა შემდგომად დადგეს მეფენი და პატრიაქნი მწვალებელნი და უღირსნი და ხატთა მბრძოლნი, ვითარცა იტყჳს მაქსიმე: „დამდაბლდეს მეფენი ბერძენთანი და განძლიერდეს სპარსნი და არაბნი მიშუებითა ღმრთისაჲთა“. და განძლიერდა მუჰმედ და მთავრობდა სპარსთა და არაბთა ზედა და განითჳსა ქუეყანაჲ ეგჳპტისა და პალესტინისაჲ, რაჟამს-იგი იოანე მოწყალემან სივლტოლაჲ ირჩია და მივიდა მამულად თჳსად კჳპრედ და მუნ მიიცვალა.

ხოლო შემდგომად სიკუდილისა მუჰმედ უსჯულოჲსა დაუტევა მთავრობაჲ თჳსი თჳსსავე მსგავსსა უკეთურებითა მურვან ყრუსა,1 დისწულსა თჳსსა.2 ხოლო მან უღმრთომან, რაჟამს აღიღო მთავრობაჲ სპარსთა და არაბთაჲ, აღძრა ყოველივე თესლ-ტომი წარმართთაჲ და მიშუებითა ღმრთისაჲთა სამხილე- ბელად ცოდვათა ჩუენთა და განილაშქრა ქრისტიანეთა ზედა ერსა ამას რჩეულსა და საზეპუროსა და აღაოჴრა და მოსრა და ტყუე ყო6 ქუეყანაჲ საბერძნეთისაჲ და სასომხითისაჲ ზღუამდე და მერმე მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისაჲ, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი, არეთა ჩრდილოჲსათა და დაფარა პირი ქუეყანისაჲ. რამეთუ მოვიდა სამცხეს და დაიბანაკა არეთა უძრჴისათა, რამეთუ იყო ქალაქი იგი სახელოვან ძველ ნაქმართა მისთათჳს და ესე აქამომდე.“

მხოლოდ ამგვარი შესავლის შემდეგ გადადის ავტორი უშუალოდ მოწამეთა ღვაწლის აღწერაზე, რასაც ამგვარად გვამცნობს: „ხოლო აწ არს ჟამი მოჴსენებისაჲ წმიდათა და ღუაწლით შემოსილთა მოწამეთა ქრისტჱსთა დავითისი და კოსტანტინესი, რომელთათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი.”

შემდეგ ავტორი მიმართავს იმ სამწყსოს წევრებს, რომლებიც, „აღსრულებად წმიდასა ამას დღესასწაულსა წმიდათა მოწამეთასა,“ არიან მოსულნი და მოუწოდებს მათ გულმოდგინედ მოუსმინონ ამბავს, „რაჲთა არა ცარიელნი, არამედ სათნოებათა ტჳრთითა აღტჳრთულნი“ წავიდნენ სახლში.  უშუალოდ წმინდანთა შესახებ ინფორმაცია, ავტორის თმით, მას „ძუელი უწყებებიდან“ აქვს აღებული: „ვითარცა გჳსწავიეს ესე ძუელთა უწყებათაგან, იყვნეს წმიდანი ესე მოწამენი დავით და კოსტანტინე ქართველნი, სანახებისაგან არგუეთისა დიდნი და დიდებულნი ტომებით და მთავარნი ამის ქუეყანისანი3 და თჳს ეყვოდეს ურთიერთას და იყვნეს განათლებულ ემბაზითა ქადაგებულისა ანდრია და სიმონ კანანელისაჲთა, რამეთუ მათ უქადაგეს ქრისტე ქართველთა შორის პირველად ნინოჲს მოსლვისა. ხოლო იყვნეს წმიდანი ესე ქალწულ ჴორცითა და მეცნიერ ძუელისა და ახლისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა. რამეთუ იყო დავით უხუცე დღითა, ჰაეროან და სპეტაკ ჴორცითა, მოწაბლე თმითა, მშუენიერ გუამითა. და ჴშირ  წუერითა, ხოლო კოსტანტი შუენიერ გუამითა და მოწაბლე თმითა და წუერ გამო, და ორნივე სავსე სულითა წმიდითა.“4

გაიგეს თუ არა არგვეთელმა მთავრებმა, რომ მტერი სამცხეში შემოვიდა, შეკრიბეს ჯარი მთელი ქვეყნიდან. მათ უფლის მადლი ჯაჭვის პერანგივით შემოირტყეს და ლოცვითა და ღამისთევით ამხნევებდნენ ხალხს.5 როცა წარმართები, მიუახლოვდნენ არგვეთის მიწას, წინ წამოვიდნენ ნარჩევი და გაწვრთნილი მეომრები. დავით, კონსტანტინე და სხვა ქართველები მათთან ერთად დავითის ფსალმუნებს კითხულობდნენ, რაზეც მტერი გამძვინვარდა. არაბები მხეცებს დაემსგავსნენ და შეტევაზე გადავიდნენ.6 დავითმა კი უფლის სახელი, როგორც ფარი აიფარა და ამით გაამაგრა თავისი რაზმი, რომელიც უშიშარი გახდა და ლომივით ეკვეთა არაბებს, რომლებიც დაფრთხნენ და უკან დაიხიეს. ქართველებმა დიდძალი მტერი მოსრეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ავტორის თქმით, როდესაც მურვან ყრუმ მისი ჯარის უკან დახევისა და „შეშის მსახურთა“ გამარჯვების ამბავი მოისმინა, ხელები თავს შემოირტყა და იკითხა, თუ ვინ გაბედა, რომ წინ აღუდგა მუჰამედს, მის დედის ძმას. შედეგად, მურვანმა მთელი თავისი ჯარი მოხსნა და წამოიყვანა არგვეთისაკენ. მოდიოდნენ არაბები, „ვითარცა ქჳშაჲ სიმრავლითა,“ დაიკავეს ტყე და ველი, მთა და ბორცვი. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა ტყეში გადამალულიყო, ნაწილი კი შემოსევას შეეწირა. დავითი, კონსტანტინე და მათი რამდენიმე თანარაზმელი კი დააპატიმრეს.

როდესაც „ბილწმა მურვან ყრუმ“ მათი შეპყრობის ამბავი გაიგო, „აღიტყუელნა ჴელნი და დიდად ადიდა დედის ძმაჲ თჳსი მუჰმედ და სჯული3 მისი გამარჯუებისა  მისთჳს.” დაბანაკების შემდგომ დაჯდა მურვანი ტახტზე და ბრძანა დავითისა და კონსტანტინეს დაკითხვაზე მასთან მიყვანა. მათ დანახვაზე კი ხმამაღლა გაიცინა და ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ ისინი, „ქვათა და ძელთა მსახურნნი,“ რომლებმაც მისი, დიდი მოციქული მუჰამედის - „რომელსა სჯულსა ჰმონებს ყოველი არაბეთი და სპარსეთი და დაუმორჩილებია ყოველი ქუეყანაჲ დასავალეთითგან ვიდრე აღმოსავალეთამდე“ -  დისწულის გულისწყრომა გამოიწვიეს.

დავითმა და კონსტანტინემ უთხრეს, რომ მურვანი ტყუილად ირჯებოდა მათი დაცინვით, ვინაიდან მისი დიდება წამიერია და მალე დასრულდება, და რომ მათზე გამარჯვებას ადგილი ჰქონდა არა მურვანის დიდებულების გამო, არამედ იმიტომ, რომ დავითმა და კონსტანტინემ დაარღვიეს უფლის მცნება და ღმერთმა ისინი ამისათვის მურვანის ხელით დასაჯა. „ხოლო დედის ძმისა შენისა მუჰმედისი, რომლისა მიერ იქადი, ცუდ არს მისსა მიმართ სიქადული თქუენი, რამეთუ ვითარცა უწყებულ არს ჩუენდა, მაცდურ და წარმწყმედელ იყო ნათესავისა თქუენისა.“

ამის გაგონებაზე განრისხდა მურვანი და თავის ჯარისკაცებს უბრძანა, უმოწყალოდ ეცემათ ჯოხებით წმინდანები და „ცემაჲ პირთა მათთა.“ ჯარისკაცებმა დაღლამდე ურტყეს მათ, გაკოჭილები მიწაზე დააგდეს; ისინი ამ გვემას გმირულად ითმენდნენ, ღმერთს მადლობას სწირავდნენ და მისგან შეწევნას ითხოვდნენ. ამაზე კიდევ უფრო განრისხდა მურვანი; აღნიშნა, რომ ქართველებმა ჯერ მისი მოწინავე რაზმი გაანადგურეს, ხოლო შემდეგ დაიწყეს მუჰამედის ურცხვად გინება. შემდეგ კი სცადა არგვეთელი მთავრების ლიქვნით გადაბირება და ჯერ დავითს მიმართა. უთხრა, რომ სპაჲპეტთაგან იცოდა, რომ გონიერი და გამოცდილი კაცი იყო, და „თავი ამის ქუეყანისაჲ.“ მურვანმა მას რწმენის შეცვლა შესთავაზა და სანაცვლოდ უთხრა: „გყვნე თქუენ მთავარ და დიდებულ ყოველსა სპარსეთსა და არაბეთსა ზედა, რამეთუ გყო შენ სპასალარ და წინამძღუარ ყოველსავე ზედა ლაშქარსა ჩემსა. ხოლო ყრმასა მაგას, თჳსსა შენსა, მივსცე პატივი,  რაჲთა სამარადისოდ დგეს წინაშე საყდართა ჩემთა პალატსა შინა ჩემსა და იშუებდეს სხუათა თანა დიდებულთა პალატისა ჩემისათა.“

დავითმა ამ სიტყვების გაგონებისთანავე პირჯვარი გადაიწერა და აუწყა, რომ ტყუილად ცდილობდა, ვინაიდან ისინი ქრისტიანობას არ უღალატებდნენ. რაზეც მურვანმა მიუგო: „კეთილის სწავლისა და განზრახვისათჳს ბოროტი და უგუნური მოგჳგეა პასუხი? რამეთუ ქრისტესთჳს წერილ არს კურანსა ჩუენსა, რომელ არს ისე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი იყო და კაცი მართალი ძე მარიამისი, და იტყოდა თავსა თჳსსა ძედ ღმრთისად, ამისთჳს მოკლეს ჰურიათა ძელითა. ხოლო რომელ დიდისა მუჰმადისთჳს იკადრებთ გმობასა, უგუნურებით იტყჳთ ამას, რამეთუ სპარსნი და არაბნი მან მოაქცინა ცეცხლისა მსახურებისაგან შეაწყნარნა, რამეთუ ერთ არს ღმერთი.“

 პასუხად კი დავითმა მიუგო: „წიგნი თქუენი, რომელს არს კურანი, არა სარწმუნოდ გიპყრიეს თქუენ, რამეთუ წერილ არს კურანსა თქუენსა თქუენთჳს, ვითარმედ: რაჟამს სცთეთ, ქრისტეს სახარებასა, ისეს წიგნსა, რომელ მისცა თჳსთა მოწაფეთა, მის წიგნისაგან ისწავეთ ესე. ალი მუჰმადის გულითადმან მოწაფემან დაგიწერა თქუენ, არამედ თქუენ უგულისჴმონი ხართ და არა იცით წიგნისაჲ და არცა ძალი ღმრთისაჲ, რამეთუ მუჰმად დაღაცათუ ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქცინა, არამედ ღმერთსა ვერ შეგამეცნიერნა...“

მაშინ მურვანი კონსტანტინესკენ მიბრუნდა და ჰკითხა, იგი თუ დაემორჩილებოდა მას, რაზეც აგრეთვე მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა ისინი კვლავ უმოწყალო ჯალათებს გადასცა და უბრძანა, „რაჲთა ათ დღემდე არა იხილონ გემოჲ არცა პურისაჲ, არცა წყლისაჲ და ყოველთა დღეთა სტანჯვიდენ მრავალფერითა ტანჯვითა უსუენებელად, რაჲთა ჭირითა მით და ტანჯვითა უნებლიეთ აღიარონ სჯული მუჰმადისი.” მაგრამ კვლავ ვერაფერს გახდა და ათი დღის გასვლის შემდეგ „მოუწოდა უღმრთომან მურვან ყრუმან მოგუთა და მისანთა სპარსეთისათა და წარავლინნა წმიდათა მოწამეთა მიმართ რაჲთა ლიქნით ჰმოგუნიდენ წმიდათა მათ მოქცევისათჳს სჯულსა მათსა.” მათ კი, იხილეს რა გატანჯული დავით და კონსტანტინე, მოჩვენებითად შეიბრალეს ისინი და გაკიცხეს მტარვალები და უთხრეს: „ჵ ესევითარნო, რად გიკადრებია, ანუ რად ესრეთ შეურაცხ-გიყოფიან კაცნი ესე დიდე- ბულნი და ქველნი ბრძოლათა შინა, ანუ არა უწყითა, რამეთუ ღაღადისსა სპარსთასა დიდსა ამირა მუმლსა. მურვანს ფრიად სწადიან ამათი შუებაჲ და ფუფუნებაჲ?“ წმინდანებს კი ლიქნით მიმართეს და აუწყეს, რომ მურვანმა „ყოველსა სპარსეთისა და არაბეთისა ღაღადსა“ გამო გაგზავნა ისინი მათთან, ვინაიდან იცის მათი გონიერების შესახებ, და შესთავაზეს რჯულის შეცვლა. „ამას გიბრძანებს დიდი ამირა მუმლი სპარსეთისა და არაბეთისაჲ. ხოლო ჩუენ, ჵ ჭაბუკნო შუენიერნო და ახოანნო, ამას გეტყჳთ, რაჲთა დაემორჩილნეთ ბრძანებასა დიდისა და მაღლისა მთავრისასა, რამეთუ აჰა ესერა მოუცემიან დროშანი და შესამოსელნი მთავრობისა თქუენისანი“.  ისინი კვლავ შეეცადნენ წმინდანების დიდძალი ქონებით და მლიქვნელობით შეცდენას, მაგრამ პასუხად წმინდანებმა უთხრეს, რომ ისინი უგუნურნი და „უგნურების მეტყუელნი და მოციქულნი ყრუჲსა და მზაკვარისანი“ არიან, ამიტომ ისინი მზად არიან იწამონ ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს სახელისათვის. ამდენად, მურვანმა შეიტყო, რომ დავითი და კონსტანტინე მტკიცედ იდგნენ და ქრისტიანული რწმენის ღალატს არ აპირებდნენ. ამის გაგონებაზე კიდევ უფრო მეტად განრისხდა მურვანი და უსასტიკეს ჯალათებს გადასცა ისინი, რათა ჯერ სასტიკად ეწამებინათ, შემდეგ ფეხებით ჩამოეკიდათ, შეეკრათ მათთვის ხელ-ფეხი, შემდეგ კისერზე გამოებათ მძიმე ლოდები და „ესრეთ შთაყარნენ იგინი მდინარესა მას ფასონსა, რომელ არს ენითა ქართულითა რიონი.“

წმინდანებისათვის ამ განაჩენის გამოტანის თაობაზე ინფორმაციის მოტანის შემდეგ ავტორი მურვან-ყრუს შემდგომ საომარ კაპანიასა და ბედზე საუბარს უბრუნდება. თხზულებიდან ჯერ ვიგებთ, რომ მურვანი სამცხიდან გავიდა და დაბანაკდა „ქალაქსა ჯიხანქუჯისასა,“7 სამეგრელოში, ჭყონდიდის შემოგარენში, „რომელ არს მეგრულითა ენითა მუხა დიდი.” მისი ბანაკი ცხენის წყლიდან აფხაზეთამდე იყო გადაჭიმული, მურვანმა მრავალი ციხე და ქალაქი აიღო, მოაოხრა და „უვალ და უკაცურ ყო ქუეყანაჲ მეგრელთა და აფხაზთაჲ.“ მაგრამ მაშინ ღვთის რისხვა ეწიათ: აბაშთა ჯარი იდგა მდინარე აბაშას პირას, ხოლო ცხენისწყალთან მათი ცხენები და ეტლები იყო შეკრებილი. დაიწყო საშინელი თავსხმა, ქუხილი და ელვა, წყალი ადიდდა და წალკა აბაშები (ავტორის თქმით, სწორედ ამიტომ ეწოდება დღესაც ამ მდინარეს აბაშა), ხოლო ცხენისწყალთან წალეკა ეტლები და ცხენები, რიცხვით 4000.

მაშინ მურვანმა საკუთარი თავი და მისი მრჩევლები დაადანაშაულა ამ „იწროსა და მაღნარსა ამას ქუეყანასა“ შეჭრის გამო, აიყარა იქიდან და დაბანაკდა პიტიოტას, ზღჳს პირსა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳნ ცხუმი.“

ამ მონაკვეთიდან ტექსტი ეხმაურება ინფორმაციას, რომელიც შეტანილია ფსევდო-ჯუანშერთან მოცემულ არჩილის ცხოვრების ტექსტში; თუმცაღა, ტექსტში ანაქრონიზმია მოცემული: ავტორი ფსევდო-ჯუანშერისეულ სტეფანოზ ერისმთავრის ძეებს, არჩილსა და მირს ვატხანგ გორგასლის ძეებად, არჩილად და დარჩილად წარმოადგენს,  რომლებსაც მურვან ყრუსთან შებრძოლება უხდებათ: „ხოლო იყუნეს მაშინ შვილნი დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისანი არჩილ და დარჩილ ციხესა მას, რომელსა ჰრქჳან ანაკოფიაჲ, რამეთუ შელტოლვილ იყვნეს იგინი შიშისა მისთჳს სპარსთაჲსა. ხოლო გამოვიდეს ერითა მცირითა ბრძოლად წარმართთა და იძლინეს მათგან, რამეთუ მოკლეს ძმაჲ უხუცესი არჩილ, ხოლო დარჩილ შევიდა ციხესავე ანაკოფიას.“ უღმრთო მურვანი კი იქიდან გამოვიდა, „ჩაიარა ზღჳს პირი და გამოიხუნა ციხენი და ქალაქნი ზღჳს პირისანი და ოჴერ და უვალ ყო ყოველი ქუეყანაჲ ზღჳს პირისაჲ, ვიდრემდის მიიწია ქალაქსა მას ღმრთივ დაცვულსა, რომელ არს კოსტანტინეპოლე, და დაიბანაკა ქალაქსა, რომელსა ხელკიდონ ჰრქჳან, რამეთუ არს მუნ ზღუაჲ იწროდ წარმდინარე და არა აქუს ტანი სიფართისაჲ.”

ამიტომ „უგუნურმან და უგონებომან ყრუმან“ გადაწყვიტა ზღვა ქვებით ამოევსო, რათა ხმელეთით გადაეყვანა თავისი ჯარი ზღვაზე და ამგვარად დაეპყრა კონსტანტინოპოლი. მაგრამ უფალმა გადაწყვიტა მისი დასჯა და „დაწვა მწუხრი მრთელი და განთიად იპოვა მკუდარი, მოძაგებული და დავიწყებული ყოველთა მიერ,“ მისი ჯარი კი მიმოიფანტა.

უფლის მიერ მურვანისათვის გამოჩენილი განაჩენისა და მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციის მოტანის შემდეგ ავტორი კვლავ უბრუნდება წმინდა მოწამეთა ამბავს და გვამცნობს, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ წმინდანები მიიყვანეს იმ ადგილას, რომელიც მათ დასასჯელად განსაზღვრა მურვანმა “მდინარესა ტბასა მას ზედა,“ სადაც არის წმინდა კოზმან და დამიანეს ტაძარი. ყრუს ბრძანებისამებრ, ისინი გააშიშვლეს, დაკიდეს ფეხებით, და ბეჭებზე მძიმე ჯოხები ურტყეს. შემდეგ ჩამოხსნეს, გაუკოჭეს ხელ-ფეხი, ზურგზე კი მძიმე ლოდები დაადეს.

წმინდანებმა მცირე დრო ითხოვეს და უფალს შესთხოვეს: „ჴორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათჳს შენისა წმიდისა ეგრეთვე  შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩუენნი განუხრწნელად და დაურღუეველად, და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაჲ შენი და მიეც შენდობაჲ ბრალთაჲ და ყვენ ასონი ჴორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველთა სენთა და უძლურებათა დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა.“ შემდეგ არგვეთელმა მთავრებმა პირჯვარი  გადაიწერეს, ხოლო ზეციდან გაისმა უფლის ხმა, რომელმაც მათი თხოვნის აღსრულება აღითქვა.  ჯალათებმა კი ისინი ტბაში გადაყარეს და ამ ხმისგან შეშინებულები სასწრაფოდ გაეცალნენ იმ ადგილს.

იმ ღამეს სასწაული მოხდა და ტბის თავზე სამი ნათლის სვეტი დადგა. „და განიჴსნნეს საკრველნი ჴელთა და ფერჴთაგან წმიდათაჲსა და მოეძარცუნეს ლოდნი იგი ქედთა მათთაგან და იტჳრთნა ბეჭთა თჳსთა ზედა უსულომან მან ტბამან, ვითარცა სულიერმან, გუამნი იგი წმიდათა მოწამეთანი და ბრწყინვიდეს წყალთა მათ შინა, ვითარცა მთიებნი განთიადისანი.“ აგრეთვე უფლის სასწაულის წყალობით წმინდანთა ორი მონა, რომლებიც მათთან ერთად იყვნენ დაპატიმრებულები და მათ ტანჯვასა და სიკვდილსაც მოესწრნენ, გადარჩნენ და აგარიანთა ტანსაცმელში გადაცმულები ტყეში იმალებოდნენ. დაინახეს თუ არა ტბის თავზე დამდგარი ნათლის სვეტები გამოვიდნენ ტბასთან, შევიდნენ წყალში და იხილეს წმინდანთა გვამები, რომლებიც ამოტივტივებული იყო. იცნეს და შეშინებულები შესცქეროდნენ მათ. ამ დროს კიდევ ორი დამალული ადამიანი, „რომელნი განრომილ იყვნეს აგარიანთაგან ერისგანვე წმიდათაჲსა,“ გამოვიდა ტყიდან. თავიდან აგარიანთა სამოსში ჩაცმულნი არაბები ეგონათ და შეკრთნენ, მაგრამ როდესაც ისინი გამოეცნაურნენ, იცნეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს, ერთად ეზრუნათ წმინდანთა ნეშტების დაკრძალვაზე. მაშინ მოესმათ ზეციდან ხმა, რომელმაც ამცნო: „აიქუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავალით და, სადა-იგი გაგითენდეს, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაჲ უფლისაჲ, რაჲთა გებასა თანა არსთასა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმიდათა მოწამეთანი.“.

შეასრულეს უფლის ბრძანება, აიღეს გვამები და ტყეში შევიდნენ. დილამდე იარეს და, გამთენიისას, კლდის თავზე იპოვეს ადგილი, რომელსაც წყალწითელი ეწოდება. ეს ადგილი ადრე გამაგრებული და ხალხმრავალი ქალაქი იყო, მაგრამ გადაიწვა და გავერანდა მურვანის შემოსევის დროს. იქვე იყო „უკაცური და დარღუეული“ ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილშიაც დახვდათ უვნებელი აკლდამა, რომელშიაც არავინ იყო დასვენებული. სწორედ იქ დაკრძალეს წმინდანთა გვამები.

ასე მთავრდება უშუალოდ წმინდანთა მარტვილოლოგიური ღვაწლისა და დაკრძალვის ამსახველი ნარატივი. შემდეგ კი ავტორი გვეუბნება, რომ „იყო უჩინო და დაფარულ ვიდრე დღეთამდე დიდისა ჴელმწიფისა ბაგრატისამდე. და აღიძრა სულისა მიერ წმიდისა და აღაშენა ადგილი იგი მონასტრად უდაბნოებისა და მყუდროებისათჳს მის ადგილისა. და აღაშენა საწამებელი წმიდათა მათთჳს მოწამეთა, ტაძარი შუენიერი, და ცხადად საანჯმნო ყვნა გუამნი წმიდათა მოწამეთანი და დაასუენნა მის მიერ აღშენებულსა მას ტაძარსა შინა კუბოჲთა შუენიერითა, და არიან მას შინა მდებარე გუამნი წმიდათა მოწამეთანი დავით და კოსტანტინესნი, განუხრწნელნი და უვნებელნი და ყოვლად გებულნი, ვითარცა-ესე თჳთ მათ ითხოვეს ღმრთისაგან. და ჰკურნებენ ყოველთა ვნებულთა, რომელნი სარწმუნოებით მოვლენან ტაძრად მათდა, რამეთუ მიიღებენ კურნებასა სულთა და ჴორცთა მათთასა.“

თხზულების ბოლოს კი ავტორს მოტანილი აქვს ქრონოლოგიური ინფორმაცია: „ხოლო იწამნეს წმიდანი ესე მოწამენი დავით და კოსტანტინე დასაბამითგანთა წელთა ექუს ათას ორას ორმოცდაცხრასა; ხოლო ქრისტეს ჯუარცუმითგან შჳდას ოცდაათსა, მეფობასა ბერძენთა ზედა ლეონ ისავროჲსა, ხატთა მბრძოლისასა, ხოლო ქართველთა ზედა ვახტანგ გორგასლისა შვილთასა.”

თხზულების კვლევის ისტორია: კორნელი კეკელიძის მოსაზრებით, ჩვენამდე მოღწეული თხზულების ვარიანტი არ წარმოადგენს თავდაპირველ ვერსიას, იგი მეტაფრასული რედაქციაა და დაწერილი უნდა იყოს „არაუადრეს მეთორმეტე საუკუნის პირველი ნახევრისა.“ მეცნიერი იმასაც მიგვითითებს, რომ თავად ტექსტი ნახსენებია ავტორის მიერ გამოყენებული „ძუელნი უწყებანი,“ რომლებიც, კეკელიძის აზრით, „საისტორიო თხზულებას არ უნდა გულისხმობდეს, ვინაიდან დავით და კონსტანტინეს არ იხსენიებს არც ერთი ქართველი არაბთა შემოსევის ისტორიკოსი – არც ჯუანშერი და არც სუმბატი, მაშასადამე, ავტორს მხედველობაში აქვს ძველი რედაქცია დავით და კონსტანტინეს მარტვილობისა, რომელიც ჩვენამდე არ შენახულა და რომელიც მას გამოუყენებია თავისი მეტაფრასული შრომის შედგენისას.“ კეკელიძემ განსაზღვრა აგრეთვე უცნობი ავტორის მიერ გამოყენებული სხვა წყაროები: ანტიოქე სტრატიგის წარტყუენვაჲ იერუსალიმისაჲ და არსენ ვაჩესძის8 დოგმატიკონში მოთავსებული ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი (კეკელიძე, 1980, გვ. 538-539).

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი პირველი ქართველი მკვლევარი, რომელიც შეეხო დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობის წარმომავლობის საკითხს, იყო სარგის კაკაბაძე. მკვლევრის აზრით, თხზულების თავდაპირველი ვერსია VII საუკუნეში უნდა იყოს შექმნილი (კაკაბაძე...)

როგორც უკვე აღინიშნა, ენრიკო გაბიძაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ, შესაძლოა, სვინაქსარული რედაქციათა ნაწილი მეტაფრასულზე უფრო ადრინდელი იყოს: „ჩვენ არ ვიცით რამდენად სანდოა სვინაქსარული ცხოვრების ჩვენება, მაგრამ ფაქტია, რომ სვინაქსარული ცხოვრება ამჟღავნებს მეტაფრასტულისაგან თითქმის დამოუკიდებელი თხზულების ხასიათს. არ არის გამორიცხული სვინაქსარული ცხოვრების მიერ რომელიმე ჩვენთვის უცნობი წყაროს გამოყენების შესაძლებლობა. ძალაუნებურად გვებადება აზრი: ხომ არ არის განხილული სვინაქსარული ცხოვრების წყარო ის „ძუელნი უწყებანი’’, რომელიც მეტაფრასული ცხოვრების ავტორს გამოუყენებია, ხოლო დღეს მისი არსებობის კვალი აღარ ჩანს?“ (გაბიძაშვილი 2011, გვ. 155).

გივი წულაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე მოღწეული ტექსტის ავტორი „ძველ მატიანეებს“ ახსენებს,  ქართულ ფოლკლორში არ შემონახულა გადმოცემა დავითისა და კონსტანტინეს შესახებ. ამასთან, მოღწეული თხზულების მეტაფრასული ვერსიიდან ვიგებთ, რომ ტექსტი დაწერილია „აღსრულებად წმიდასა ამას დღესასწაულსა წმიდათა მოწამეთასა,“ ანუ ეკლესიაში საკითხავად და, შესაძლოა, ტექსტის გამეტაფრასებას ადგილი ჰქონდა სპეციალურად წმინდანთა სახელობის ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით. მკვლევრის აზრით, რთულია ნარატივის პირვანდელი ტექსტის (არქეტიპის) ფორმის წარმოდგენა და მოსაზრებას გამოთქვამს, რომ „ეს იყო არართული მარტიროლოგიური აქტი და მთავართა გარდაცვალების შემდეგ ბერთა შორის გავრცელებული ზეპირი გადმოცემები.“ წულაია აგრეთვე ერთმანეთს ადარებს ნარატივში არსებულ მონაკვეთს არჩილსა და დარჩილთან დაკავშირებით და ფსევდო-ჯუანშერთან შემონახულ თხრობას მირსა და არჩილის შესახებ. მკვლევარი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მარტვილობის ავტორი არ იცნობდა ჯუანშერის თხრობას. (Цулая 1996, გვ. 105-106).

დავით და კონსტანტინეს მარტვილობას შეეხო თავის კვლევებში აგრეთვე ცნობილი უნგრელი ქართველოლოგი  მარგიტ ბირო. მისი აზრით, თხზულების ავტორი არაბთა უფრო ადრინდელ კამპანიას მიაწერს მურვან ყრუს და სავსებით შესაძლებელია, რომ მურვან ყრუს ნაცვლად წარმოდგენილი უნდა იყოს მისი მამა, მუჰამედ იბნ მარვინი, რომელმაც აწარმოვა დამპყრობითი ოპერაციები ბიზანტიასა და სომხეთში დაახლ. 704-705 წლებში. რაც შეეხება „ჩრდილო ქვეყანათა“ დაპყრობას, მას ადგილი ჰქონდა მასლამა იბნ აბდ-ალ მალიქის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველის დროს და სწორედ მასში იღებდა მონაწილეობას მურვან იბნ მუჰამედი (ყრუ), მუჰამედ იბნ მურვანის ძე. მკვლევარი არც იმ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, რომ მურვან ყრუს შემოსევა იმდენად გამანადგურებელი აღმოჩნდა საქართველოსათვის, რომ არაბთა ყველა შემდგომი საომარი კამპანია ხალხის მეხსიერებაში მურვანის სახელს დაუკავშირდა. (Biro 1975, გვ. 295-296).

არანაკლები ყურადღება დაუთმო ამ ტექსტს აგრეთვე ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნადეტ მარტენ-იზარმა, რომელმაც მარტვილობის ტექსტი ფსევდო-ჯუანშერის არჩილის ცხოვრებასა და ლეონტი მროველის არჩილის წამების ტექსტებთან კომბინაციაში განიხილა. მკვლევრის აზრით, ჩვენამდე შემორჩენილ მეტაფრასული ტექსტი შეიძლება ოთხ ნაწილად დაიყოს:

პირველ ნაწილში ავტორი ჯერ საუბრობს ჰერაკლეს გამარჯვებებზე სპარსელებზე და მუჰამედის წინამძღოლობით არაბთა განსახლებაზე, შემდეგ კი გადადის მურვანის ამიერკავკასიაში გამოჩენის ამბის თხრობაზე

მეორე ნაწილში საუბარია ემირისა და ორი წმინდანის შებრძოლებაზე, შემდეგ თხრობა გრძელდება დავითისა და კონსტანტინეს შეპყრობის ამბით, გადადის ვრცელ რელიგიურ პოლემიკაში და სრულდება წმინდანთათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაციით

მესამე ნაწილი კვლავ უბრუნდება მურვან ყრუს საომარ კამპანიას და ეგრისისა და აფხაზეთის მოოხრების შემდეგ გვიყვება მურვანის არმიის განადგურებაზე წყალდიდობის მიერ. აქვე მოცემულია ხოსროიდი უფლისწულების, არჩილის და დარჩილის შესახებ მონაკვეთი. ეს ნაწილი მთავრდება კონსტანტინოპოლის დასაპყრობად წასული მურვანის უღირსი სიკვდილის ამბით

მეოთხე ნაწილში მოცემულია წმინდანთა მარტვილობის, მათი ნეშტების მსახურთა მიერ დაკრძალვისა და მოგვიანებით ბაგრატ მეფის მიერ მათი კულტის დაარსების შესახებ თხრობა. სულ ბოლოს კი მოცმულია ქრონოლოგიური ინფორმაცია.

მკვლევარი აგრეთვე აღნიშნავს, რომ თხზულების ავტორი ნარატივში ორჯერ უბრუნდება თხრობის უშუალო საგანს, ხოლო წამების ტექსტის პირველ და მესამე ნაწილებს აშკარად ისტორიული ხასიათი აქვს. (Martin-Hisard 1982, გვ. 114).

დავით და კონსტანტინეს მარტვილობის ტექსტი განიხილეს აგრეთვე მანანა სანაძემ და გონელი არახამიამ. მანამდე, მანანა სანაძეს ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული აქვს, რომ ამ თხზულების ავტორი კი არ სარგებლობს ჯუანშერის თხზულებით, არამედ პირიქით, ქართლის ცხოვრების შესაბამისი მონაკვეთის ავტორისათვის „ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს დავით და კონსტანტინეს წამება.“ (სანაძე 2001, გვ. ) სანაძისა და არახამიას აზრით, აგიოგრაფიული თხზულების „ვრცელი პირველადი რედაქცია XI საუკუნის 40-50-იანი წლებშია შექმნილი.“ (სანაძე და არახამია 2013, გვ. 30). ამასთანავე, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დავითისა და კონსტანტინეს წამებამ თავის შემადგენლობაში შემოინახა  უფრო ადრინდელი, VI საუკუნის ტექსტი: „სწორედ ამ აგიოგრაფიული თხზულების ავტორმა დაუშვა პირველი შეცდომა - VI-ის 40-იან წლებში სპარსეთ-ბიზანტიას შორის დიდი ომიანობის პერიოდში (541-562 წწ.) სპარსთა ერთ-ერთი შემოსევის (545 წლის) ამსახველი ქრონიკა, არაბების შემოსევის ამბად მიიჩნია და მასში ასახული არგვეთელი მთავრების მტერთან ბრძოლის, ტყვედ ჩავარდნისა და სიკვდილით დასჯის ამბავი, ჰაგიოგრაფიული თხზულების წერისას, მურვან ყრუს შემოსევის ფონზე გაშალა.“ (იქვე).  

მკვლევართა აზრით, თხზულებაში ჯერ სპარსელებისა და შემდეგ არაბების მოხსენიება, ისევე, როგორც „მოგუთა და მისანთა სპარსეთისასა“ მიუთითებს თავდაპირველი ნარატივის ისლამამდელ წარმომავლობაზე (იქვე, გვ. 24-25). გივი წულაიას კი მიაჩნია, რომ სპარსელებისა და სპარსეთის პირველ ადგილას, და მხოლოდ მას შემდეგ არაბებისა და  არაბეთის დასახელება იმიტომ ხდება, რომ მეტაფრასტის სიცოცხლეში მუსლიმანური ირანი კვლავ გაძლიერდა და ბიზანტიასთან ერთად დაიწყო მნიშვნელოვანი როლის თამაში საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. (Цулая 1996, გვ. 110).

რაც შეეხება თხზულების ლიტერატურულ ღირებულებას, როგორც დარეჯან მენაბდე აღნიშნავს, ავტორის „ვრცელ საისტორიო თხრობასა და საღვთისმეტყველო მსჯელობაში გაბნეული ორიოდე ფრაზა (ლაშქარი „მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისაჲ, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი;“ „იქმნნეს სასწაულნი ზეგარდმო-ქუხილნი და ელვანი, სეტყუაჲ და წჳმანი, მძაფრნი და სასტიკნი“) ან გმირთა ორიოდე პორტრეტი, რასაკვირველია, ავტორის ქართული მხატვრული სიტყვის ოსტატად ვერ წარმოგვიდგენს.“ (მენაბდე 2021, გვ. 279). ხოლო დონალდ რეიფილდის აზრით, სადღეისოდ ჩვენ შემოგვრჩა „ჯუანშერის ქრონიკისა  და გვიანდელი ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის ალუზიებით გაღარიბებული, სტანდარტული ვერსია ტექსტისა, რომელიც ერთ დროს, სავარაუდოდ, საინტერესო ადრეულ ნაშრომს წარმოადგენდა.“ (Rayfiled 2000, გვ. 48)

თხზულების იდეური მხარე: საფიქრებელია, რომ თხზულების იდეური დატვირთვა ყველაზე დამაჯერებლად გააზრებული აქვს ბერნადეტ მარტენ-იზარს. მისი აზრით, დავითსა და კონსტანტინეს სხვა ქართველ მეომარ წმინდანთა (იგულისხმება გობრონი და კონსტანტი კახი) შორის ორი ფაქტორი გამოარჩევს: ისინი მუსულმანთა მიერ ნაწამები პირველი ქართველი მარტვილები არიან, თანაც წარმომავლობით დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი, არგვეთიდან.  მკვლევრის აზრით, ეს ორი ასპექტი მიგვანიშნებს, რომ მარტვილობის ტექსტი თავდაპირველად შეიქმნა ხოსროიდთა საომარი დედების შესახებ ნარატივის ალტერნატიული ნარატივით ჩასანაცვლებლად. (Martin-Hisard 1982, გვ. 116)

დასკვნის სახით შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ დავით და კონსტანტინეს მარტვილობის ჩვენამდე მოღწეული რედაქციები, სავარაუდოდ, წარმოადგენენ დასავლეთ საქართველოს ერთიან ქართულ სივრცეში შემოსვლის ამსახველი ერთ-რთი ადრეული ტექსტის გვიანდელ გადაკეთებულ ვარიანტს.

  1. ტრადიციულად, მურვან ყრუ, ანუ მარვან იბნ მუჰამედი (მომავალი ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი ხალიფა მარვან II) რომელსაც, წყაროთა თანახმად, არაბები სიჯიუტის გამო ჯორს ეძახდნენ,  ქართველები ყრუს უწოდებდნენ, ხოლო სომხები - ბრმას. (მეტრეველი, „მურვან ყრუ//მახმედი,“ წიგნში: მისივე 2023, გვ. 215).

    დავით ჩიქოვანის თანახმად, ქართული წყაროების მურვან ყრუში მარვან იბნ მუჰამედზე პროეცირებული უნდა იყოს ხალიფა ვალიდის მიერ ამიერკავკასიაში გამოგზავნილი ფიზიკურად ყრუ სარდლის, აბდალ აზიზის ფიზიკური  ნაკლი (იგი ნამდვილად ყრუ იყო).  აბდალ-აზიზს ამიერკავკასია უნდა ემართა 706-717/ 718 წლებში. (ჩიქოვანი 2019). ↩︎

  2. ბერნადეტ მარტენ-იზარის თქმით, ავტორი  მურვანს, რომლის მამასაც მუჰამედი ერქვა, აღრევს შედეგად წარმოადგენს მოციქულ მუჰამედის დის ძედ. (Martin-Hisard, გვ. 127, შენ. 5) ↩︎

  3. დავით და კონსტანტინეს მარტვილობის ერთ-ერთი სვინაქსარული რედაქცია, ენრიკო გაბიძაშვილის თქმით, ცნობილია პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის N4 (ძველი ფონდით -3) ხელნაწერიდან, რომელიც გადაწერილია სამცხეში, აწყურის მახლობლად,  თისლის მონასტერში. ამ ხელნაწერს   ექვთიმე თაყაიშვილი XIII-XIV სს. ათარიღებს. ტექსტის ეს რედაქცია შესულია აგრეთვე „ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმის N161, XVI ს. (ჭვირნიშნების მიხედვით 60-70-იანი წლები) ხელნაწერში, ხოლო უფრო გვიანდელი კი -XVIII ს-ის Q-105ა გულანში.“ (გაბიძაშვილი 2011, გვ. 151-151.

    ამ ტექსტის თანახმად, „ესე უძლეველნი მოწამენი იყვნეს ნათესავით ქართველნი, საზღვართაგან აფხაზეთისათა, სანახებისაგან არგუეთისა. აზნაურნი იყვნეს ტომით და ნათესავნი ერთმანეთისანი.“ (იქვე, გვ. 152) ↩︎

  4. ამ სვინაქსარულ რედაქციაში წმინდანთა გარეგნობა შემდეგი სახითაა აღწერილი: “რამეთუ წმიდაჲ და უძლეველი მოწამე დავით იყო ხილვითა ესევითარი: გუამითა სრულ და ახოვან, არცა უზომოდ დიდ და არცა სიმცროჲთა ნაკლულ, მადლითა სავსე და სრულ ყოვლითა სიკეთითა და დასრულებულ წუერითა სიჴშოჲთა. იყო უკუე შუენიერ პირითა, გრემან თუალითა, წაბლისფერ წუერითა, სპეტაკ ჴორცითა და მცირედ ჩამოზიდულ ცხვირითა, ძლიერ ძალითა და სავსე სარწმუნოებითა და შემკულ ქალწულებითა. და იყო ვითარ ოცდა ათრვამეტ წლისა.

    ხოლო წმიდაჲ კოსტანტინე იყო შუენიერ გუამითა, მცირე ჰასაკითა, ბრწყინვალე პირითა, გრემან და სისხლოვან თუალითა, თმითა წაბლისფერ, ლეწილ და გრუზ, სიტყუამკუეთრ და სწრაფით მიმცემელ სიტყუასა სიტყჳს-მკითხველთა თჳსთა, ქცევა შუენიერ და მსწრაფლ და ქალწულებითა მორტყმულ წელნი მისნი და იყო ვითარ ათშვდმეტისა წლისა. მარხვითა განკრძალულ და ურისხველობითა განმკურნებელნი მხედველთა თჳსთანი, ყოვლადვე უცხო ქმნილნი ბოროტისა ტყუვილისა და ფიცისაგან ყოვლითურთ, სახენი იყვნეს მეუდაბნოეთანი, ტაბლანი მშიერთა და გლახაკთანი და შემწენი ობოლთანი.“ (იქვე, გვ. 154-155). ↩︎

  5. სვინაქსარის მიხედვით, „მათ ჟამთა შინა იქმნა შეკრებაჲ ერისაჲ, რომელნი იყვნეს რიცხჳთ ათას სამას

    ოცდაათი კაცი, რომელთა თავნი იყვნეს დავით და კონსტანტინე.“ (იქვე, გვ. 153) ↩︎

  6. სვინაქსარის თანახმად, „ჟამსა მწუხრისასა იქმნა მოსლვაჲ სპარსთა მათ ზედა, რომელნი იყვნეს ძლიერ და თჳთ მბრძოლ წინამსრბოლნი ლაშქართანი რიცხვთ ცხრა ათასი. და განძლიერდა ბრძოლა ვიდრე ქათმის ჴმობამდე და დაეცა სპარსთაგანი ათას ორას ორმეოცდა ათი კაცი და, რომელნი დაშთეს, ძლეულნი წარვიდეს. (იქვე). ↩︎

  7. გივი წულაიას თანახმად, აქ საქმე გვაქვს ტექსტში წარმოდგენილ მეგრულ ელემენტთან, ხოლო ჯიხან-ქუჯი „უნდა ნიშნავდეს ციხე-გოჯს (ბიზანტიური წყაროების არქეოპოლისს, რომლის შინაარსობრივი შესატყვისიც არის ნოქალაქევი). დასახელების პირველი ნაწილი, ჯიხანი, წარმოადგენს წერილობითი ფორმის - ციხის - მეგრულ შესატყვისს;  მეორე ნაწილმა - ქუჯმა - კი შეცვალა წერილობითი ფორმა გოჯი. (Цулая 1996, გვ. 109). ↩︎

  8. კორნელი კეკელიძის აზრით, არსენ ვაჩესძე და XI-XII საუკუნის ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, არსენ იყალთოელი, ერთი და იგივე პიროვნებაა. კეკელიძე 1980, გვ. 273. ↩︎

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია (უნდა აღინიშნოს, რომ იგი, ძირითადად, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ხასიათისაა):

ძეგლები, 1971, გვ. 248-263

გაბიძაშვილი, ენრიკო 2011, „დავით და კონსტანტინეს სვინაქსარული წამება (გამოკვლევა და ტექსტი).“ კრებულში: მისივე, შრომები. ტ. III. ნარკვევები, სამეცნიერო წერილები, საენციკლოპედიო სტატიები.... თბილისი: [n.l.], გვ. 151-158 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

კეკელიძე, კორნელი 1980 „მარტვილობა დავით და კონსტანტინესი.“ წიგნში: კეკელიძე 1980, გვ. 538-539 - ლიტერატურათმცოდნეობითი და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

მენაბდე, დარეჯან. „დავითისა და კონსტანტინეს წამების პრობლემატიკა.“ კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, 2021, გვ. 274-285 - ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი

მეტრეველი, საბა 2023. ქართული აგიოგრაფიის (V-XVIII სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი: [n.l.]

სანაძე, მანანა და გონელი არახამია 2013. VI ს. ისტორიული ქრონიკა „დავით და კოსტანტინეს წამებაში.“ თბილისი: საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

ჩიქოვანი, დავით 2019. „„ყრუ ბაღდადელის“ვინაობისა და მარვან იბნ მუჰამედის ქართული თიკუნის შესახებ.“ ქართული წყაროთმცოდნეობა 21: 132-137 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Bíró, Margit. 1981. „Georgian Sources on the Caucasian Campaign of Heracleios.“ Acta Orientalia Academiae Scientiarum Hungaricae 35/1: 121-132 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Bíró, Margaret B. 1975. „Marwān Ibn Muḥammad's Georgian Campaign.“ Acta Orientalia Academiae Scientiarum Hungaricae 29/3: 289-299 - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Bíró, Margit. 1973. “The 'Kipchaks' in the Georgian Martyrdom of David and Constantine.” Annales Universitatis Scientiarum Budapestinensis de Rolando Eötvös Nominatae. Sectio linguistica. 4: 161–168 - - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

Martin-Hisard, Brnadette 1982. “Les Arabs en Géorgie occidentale au VIIIe s. Étude sur l’idéologie politique géorgienne.” Bedi Kartlisa 40: 105-138.

Nanobashvili, Mariam. “Martyrdom of Saints David and Constantine.” In Christian-Muslim Relations. A Bibliographical History. Vol. II (900-1050). Ed. by David Thomas and Alex Mallet, with Juan Pedro Monferrer Sala et al. Leiden-Boston: Brill, 596-600 - წყაროთმცოდნეობითი მიმოხილვა

Rayfiled, Donald 2000 (იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია) – ლიტერატურათმცოდნეობითი მიმოხილვა

Цулая, Гиви Васильевич. 1996. “Из истории грузинской агиографии: Мученичество Давида и Константина.” Этнографическое Обозрение 1: 104-116 - ლიტერატურათმცოდნეობითი და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი


გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ირმა ყარაულაშვილი