ირმა ყარაულაშვილი
ასურელ მამათა ცხოვრებათა ციკლი
ტექსტის ორიგინალური სათაური: ასურელ მამათა ცხოვრებანი ორი ციკლისაგან (ძველი და ახალი) შედგება: თითოეული ციკლი რამდენიმე ნაწარმოებს მოიცავს.
ასურელ მამათა ცხოვრების ძველი ციკლი 4 თხზულებას შეიცავს:
- საქმენი წმიდისა იოვანე ზედაზადნელისანი, რომელი მოვიდა შოვამდინარეთით ასურეთისათა, შემდგომად ქართლის მოქცევითგან მეორესესა წელსა, იგი და მოწაფენი მისნი. (სინური ხელნაწერი)
- ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოზ ნეკრესელ ქალაქისა ებისკოპოზისა (სინური ხელნაწერი)
- ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღირსი შიოჲსი და ევაგრესი
- ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმინდა დავით გარესჯელისაჲ
ასურელ მამათა ცხოვრებათა ახალი ციკლი გვიანდელ პერიოდში დამატებულ მეტაფრასულ და სვინაქსარულ ტექსტებს მოიცავს და, გარდა ძველ ციკლში არსებულ მამათა შესახებ თხრობების გვიანდელი ვერსიებისა, შემდეგ თხზულებებს აერთიანებს (სხვადასხვა დროს შექმნილი ტექსტების უპირატესად სვინაქსარული რედაქციები შეტანილია მიხაილ საბინინის საქართველოს სამოთხეში):
XVII-XVIII საუკუნეებში შექმნილი სვინაქსარული ცხოვრებები მოიცავს:
- ცხოვრება წმ. მღუდელთ-მთავრისა ისე წილკნელისა (საბინინი 1882, გვ. 209-213; გაბიძაშვილი 1968, გვ. 225-233; 400-403; შოთა მათითაშვილის თქმით, XVIII საუკუნეში შეიქმნა ორი ტექსტი: სვინაქსარული ცხოვრება და კათალიკოს ბესარიონ ბარათაშვილი-ორბელიშვილის მიერ დაწერილი ვარიანტი. Matitashvili 2018, გვ. 15)
- ცხოვრება წმ. მღუდელთ-მთავრისა იოსებ ამბა ალავერდელისა (საბინინი 1882, გვ. 217-218; გაბიძაშვილი 1968, გვ. 233-238; 403-406. როგორც ენრიკო გაბიძაშვილი მიუთითებს, თხზულების ცვენამდე მოღწეული ვარიანტი დაწერილია XVIII საუკუნეში, ერეკლე I-ის ასულის, მონაზონ მაკრინეს მიერ. იქვე, გვ. 237)
- ცხოვრება ღირსი ანტონ მარტომყოფელისა (საბინინი 1882, გვ. 296-300; გაბიძაშვილი 1968,, გვ. 128-225; 393-399)
- მოკლე მოთხრობა ღირსთა მამათა მოწაფეთა იოვანე ზედაძნელისათა: სტეფანე ხირსელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა; ისიდორე სამთავნელისა, პირროს ბრეთელისა და მიხაილ ულუმბოელისა (საბინინი 1882, გვ. 301-302. ტექსტები წარმოადგენენ მოკლე სვინაქსარულ ვერსიებს. Matitashvili 2018, გვ. 16)
მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილი იქნება ძველი ციკლის თხზულებათა მიმოხილვა.
ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი, ნარატივთა რედაქციები,1 ნაწარმოებთა ავტორები და მათი დაწერის დრო:
სინური რედაქცია: სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ახალი კოლექციის ხელნაწერი Sin.geo.N-50 (ხელნაწერთა კატალოგის გამოცემამდე, მოიხსენიებოდა, როგორც N/Sin.geo-50) - ისტორიული და ჰაგიოგრაფიული კრებული (930-942 წლები - ალექსიძე 2019, გვ. 14; X ს.-ის I ნახ.- ალექსიძე, შანიძე და სხვ. 2005, გვ. 263-264); ხელნაწერში შეტანილია მოქცევაჲ ქართლისაჲს ტექსტი, იოანე ზედაზნელის ცხოვრება და აბიბოს ნეკრესელის წამება.
სინური ხელნაწერის აღმოჩენამდე მეცნიერთა მოსაზრებანი შემდეგი სახის იყო: კორნელი კეკელიძის თქმით, ასურელ მამათა ცხოვრების ციკლის თხზულებების ძველი რედაქცია შემონახული უნდა იყოს სადღეისოდ ოთხ ნაწილად დაყოფილ ხელნაწერში (Ms A-199, A-707, A-832 და A-833), „რომელნიც ნაწილებია ერთი და იმავე ხელნაწერისა. ეს ხელნაწერი გადაწერილია მეცამეტე საუკუნის ხელით.“ მოგვიანებით ეს ნაწილები გააერთიანეს და დღეს ხელნაწერი ცნობილია, როგორც Ms A-199.2 ენრიკო გაბიძაშვილის თქმით, „უძველესი ხელნაწერი, რომელმაც შემოგვინახა იოანე ზედაზნელის,3 შიო მღვიმელის და დავით გარეჯელის ძველი, კიმენური რედაქციის „ცხოვრებაჲ“ A-199, XII-XIII სს. იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტერის ხელნაწერია.“ (გაბიძაშვილი 2010, გვ. 176). ხოლო, აბობოს ნეკრესელის ცხოვრება შემორჩენილია ამავე ხელნაწერის იმ ნაწილში, რომელიც ადრე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Ms A-832-ის ნუმერაციით იყო ცნობილი. (კეკელიძე, „კათალიკოსი არსენ II,“ წიგნში: კეკელიძე 1980, გვ. 157-163, აქ გვ. 158-159).
სინური ხელნაწერის აღმოჩენამდე მეცნიერთა მიერ გამოყოფილი ასურელ მამათა ცხოვრების ძველი ციკლის თხზულებათა რედაქციები:
კორნელი კეკელიძის აზრით, იოანე ზედაზნელის ცხოვრება ორი რედაქციითაა წარმოდგენილი. ამათგან ერთია ანასეულ ქართლის ცხოვრებაზე (იხ. ისტორიოგრაფია > ქართლის ცხოვრება) დართული ტექსტი, რომელიც მეტაფრასულ რედაქციას წარმოადგენს და რომელიც შედგენილი უნდა იყოს „არაუგვიანეს მეთერთმეტე საუკუნის ნახევრისა, როდესაც ჩვენში ფეხს იკიდებს განვითარებული ფორმები მეტაფრასტიკისა.“ მკვლევრის აზრით, ეს რედაქცია უნდა წარმოადგენდეს კათალიკოს არსენ II-ის მიერ დაწერილი მოკლე ცხოვრების გადაკეთებულ ვერსიას (იგულისხმება Ms A-199-ში შემავალი ტექსტი). ტექსტი ხელახლა გადაუმეტაფრასებიათ, სავარაუდოდ, XII საუკუნის მეორე ნახევარში. პირველ მეტაფრასთან შედარებით ის უფრო „მოკლე და მარტივი ჩანს.“ კორნელი კეკელიძის თქმით, სწორედ ეს მეორე მეტაფრასული რედაქცია გახდა ყველაზე პოპულარული და გვხვდება მრავალ ხელნაწერში. (კეკელიძე 1980, გვ. 534-535).
კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, რომ როგორც პირველი, ისე მეორე მეტაფრასული ვერსიის სათაურში აღნიშნულია, რომ ტექსტი „განაახლა და განავრცო წმიდამან მამამან ჩუენმან ქრისტეს მიერ არსენი კათალიკოზმან.“ მკვლევრის აზრით, ეს შენიშვნა ფსევდო-ეპიგრაფიკულია და მოკლე რედაქციის ავტორის სახელი გადმოტანილია მეტაფრასულ ვერსიებზე. (იქვე, გვ. 535). ამავე ატრიბუციის საფუძველზე სარგის კაკაბაძემ ივარაუდა, რომ თხზულების მოკლე რედაქცია, რომელსაც მან არქეტიპული უწოდა, დაწერილი უნდა ყოფილიყო კათალიკოს არსენის მიერ 680-690 წლებში; ხოლო არსენ II-ს დაახლ 905 წელს უნდა შეექმნა მეტაფრასული რედაქცია. (კაკაბაძე 1928, გვ. 1-18)
ამდენად, კორნელი კეკელიძემ გამოყო ტექსტის ორი რედაქცია ერთი გულისხმობდა ანტონ კათალიკოსის ავტორობით ცნობილ მოკლე ტექსტს და მეორე - ორ გადამეტაფრასებულ ვარიანტს. ილია აბულაძემ ეს სამი ტექსტი სამ რედაქციად განაცალკევა. (აბულაძე 1955, გვ. IX). მან იოანე ზედაზნელის ცხოვრების პირველად ტექსტად მიიჩნია პირველი მეტაფრასულ რედაქცია, რომლის ავტორობაც კათალიკოს არსენ II-ს მიაწერა. ამ რედაქციას მან ვრცელი რეაქცია უწოდა. მკვლევრის ვარაუდით, მისგან უნდა მომდინარეობდეს მოკლე რედაქცია, რომელსაც იგი სვინაქსარულის სახელით მიხსენიებს (იქვე, გვ. XIX). ხოლო ამ მოკლე რედაქციიდან, თავის მხრივ, უნდა მომდინარეობდეს მეორე მეტაფრასული რედაქცია, რომელსაც აბულაძე მეტაფრასული ცხოვრების სახელით მოიხსენიებს (იქვე, გვ. XXII).
კორნელი კეკელიძის ვარაუდით, ასურელ მამათა ციკლის „ძველს, არსენი მეორის შრომაში“ შიო მღვიმელის ცხოვრება წარმოადგენს იოანე ზედაზნელის ცხოვრების „ორგანულ ნაწილს.“ (კეკელიძე 1980, გვ. 536) მკვლევრის თქმით, მოკლე ვერსიაში იოანეს ცხოვრების სათაური შემდეგი სახისაა: ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, რომლებმაც განანათლეს ქუეყანაჲ ესე ჩრდილოეთისაჲ...“ და თხზულების ამ რედაქციაში, მკვლევრის ფიქრით, წარმოდგენილი არა მხოლოდ იოანეს, არამედ მის მოწაფეთა, ისე წილკნელისა და შიო მღვიმელის ცხოვრებანიც (იქვე, გვ. 159). კათალიკოს არსენის კალამს მიაწერდა შიო მღვიმელის ცხოვრების „არქეტიპულ მოკლე რედაქციას“ სარგის კაკაბაძეც (კაკაბაძე 1928, გვ. 1-18).
კეკელიძის ვარაუდით, იოანეს ცხოვრების ამ მონაკვეთის საფუძველზე დაიწერა შიოს ცხოვრების მეტაფრასული ვარიანტი, რომლის წერისას გამოიყენეს როგორც წერილობითი წყაროები, ანუ იოანეს ცხოვრების არსენისეული ტექსტი და ამ ნარატივის პირველი მეტაფრასული რედაქცია, ისე „ზეპირი სამონასტრო გადმოცემანი.“ მკვლევრის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თხზულების მეტაფრასულ ვერსიის სათაურში ვკითხულობთ, „აღწერა ღირსმან მარტჳრი, პირველ რომელსა ეწოდა იოანე,4 რომელი იყო მოწაფეთაგან წმიდისა იოანესთა კონსტანტინოპოლით“ (რომლის საფუძველზეც მიხეილ თარხნიშვილმა თხზულების ავტორად მარტვირი საბაწმინდელი მიიჩნია), სათაურის ეს განცხადება ფსევდოეპიგრაფიკულად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან, ჯერ ერთი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იოანე ზედაზნელის მოწაფე მოღვაწეობდა არა შუამდინარეთში, არამედ კონსტანტინოპოლში და მეორე, მეექვსე საუკუნეში მცხოვრები პირი ვერ დაწერდა მეტაფრასული ტიპის თხზულებას, ვინაიდან ჰაგიოგრაფიული თხზულებების გადამეტაფრასების ტრადიცია ამ დროს არ არსებობდა. ამდენად, კეკელიძის დასკვნით, შიოს ცხოვრების ეს მეტაფრასი უნდა შეედგინა იმავე პირს, ვინც „იოანე ზედაზნელის მეორე მეტაფრასული „ცხოვრება“ დაწერა.“ ეს რედაქცია დაწერილი უნდა იყოს „არაუგვიანეს მეთორმეტე საუკუნის პირველი ნახევრისა.“ (კეკელიძე 1980, გვ. 536-537).
ილია აბულაძის მოსაზრებით, თხზულება ჩვენამდე შემონახულია ორი რედაქციით: პირველია მოკლე რედაქცია (წარმოდგენილი ხელნაწერთა ცენტრის Mss A-199 და 1669 წელს გადაწერილ H-1336-ში), ხოლო მეორე - „მისი გადანაკაზმი“ მეტაფრასი. (აბულაძე 1955, გვ. VII). მკვლევარი ეთანხმება კორნელი კეკელიძის ვარაუდს, რომ არსებული „მოკლე წიგნი“ შიოს ცხოვრებისა წარმოადგენს არა დამოუკიდებელ თხზულებას, არამედ იოანეს არსენისეული ცხოვრების გაგრძელებას, მაგრამ არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ორივე თხზულება არსენის ხელიდანაა გამოსული. მისი ფიქრით, ის ფაქტი, რომ მეტაფრასული რედაქციის სათაურში ავტორი მოხსენიებულია, როგორც მარტვილი (რაც „ფსევდოეპიგრაფულ“ ინფორმაციას წარმოადგენს) და რომ აქ არსენი არ არის დასახელებული იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ავტორი უნდა იყოს არა არსენი, არამედ სხვა პირი. (იქვე, გვ. XXIV-XXV) მისი აზრით, „იოანე ზედაზნელისა და შიო მღვიმელის ცხოვრებათა მოკლე წიგნების სახით ჩვენ გვაქვს ერთი მთლიანი ნაწარმოები („ცხორებაჲ იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა“), რომელიც წარმოადგენს შემოკლებას ასეთივე მთლიანის, მაგრამ უკვე ვრცელი ცხოვრების წიგნისას, რომელიც ნაკლულოვნად, უნიკალური ნუსხის სახით ჯერ-ჯერობით ჩვენამდის მოღწეულია ანასეული „ქართლის ცხოვრების“ დამატებად.“ (იქვე, გვ. XXIV). თუმცაღა, მკვლევარი იქვე დასძენს, რომ შესაწყნარებელია კორნელი კეკელიძის დაკვირვება, რომ იოანეს ცხოვრების მოკლე წიგნის წარმოადგენს შიოს ვრცელი ცხოვრების არქეტიპს. მკვლევრის აგრეთვე ეთანხმება კეკელიძეს თხზულების დათარიღებაში (XIII საუკუნის პირველი ნახევარი, იქვე, გვ. XXV).
დავით გარეჯელის ცხოვრებასთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძე მიუთითებს, რომ Ms A-199-ში მოთავსებული ტექსტი წარმოადგენს არა იოანეს ცხოვრების გაგრძელებას, არამედ დამოუკიდებელ ტექსტს. მისი აზრით „ეს არის მოკლე, თავდაპირველი რედაქცია,“ რომლის ავტორსაც არ უნდა წარმოადგენდეს არსენ კათალიკოსი, ვინაიდან „ენა ამ ცხორებისა უფრო ძველია, ვიდრე არსენისა.,“ რის საფუძველზეც მკვლევარი ასკვნის, რომ ეს ცხოვრება, „ჩანს, დაუწერია ვიღაც სხვა აგიოგრაფს უფრო ადრე, ვიდრე არსენ კათალიკოსს სხვებისა.“ (კეკელიძე 1980, გვ. 162-163). სარგის კაკაბაძეს კი მოკლე რედაქცია უცნობი ავტორის მიერ 690-700 წლებში დაწერილად მიაჩნდა. ვრცელ რედაქციას კი იგი 905 წლის ახლო პერიოდში შექმნილად თვლიდა. (კაკაბაძე 1928, გვ. 36-42).
რაც შეეხება აბიბოს ნეკრესელის წამებას, არსებობს ტექსტის ორი რედაქცია, მოკლე და ვრცელი/მეტაფრასული. ილია აბულაძის თქმით, მოკლე რედაქცია, რომელიც ერთადერთი ხელნაწერით იყო ცნობილი, ნაკლულია. მას აკლია შუა ნაწილი, ანუ „თითქმის მთელი წიგნის მესამედი.“ (აბულაძე 1955, გვ. XXVI)
სარგის კაკაბაძის ვარაუდით, პირველადი უნდა იყოს „მომცრო“ რედაქცია, რომელიც, მკვლევრის აზრით, 690-700იან წლებში უნდა იყოს დაწერილი (კაკაბაძე 1928, გვ. 49-55). ივანე ჯავახიშვილის აზრით, პირველად უნდა იყოს ტექსტის არა მოკლე, არამედ ვრცელი რედაქცია, ვინაიდან ზოგიერთი ტერმინის ხმარების თვალსაზრისით ეს ტექსტი უფრო მეტ არქაულობას ავლენს, ვიდრე მოკლე რედაქცია. წიგნის „მეორე გამომთქმელად“ მას არსენ კათალიკოსი მიაჩნია, რომელსაც უნდა ესარგებლა VI საუკუნის დამლევს ან VII საუკუნის დასაწყისში დაწერილი ძველი წყაროთი. ამასთან, არსენისეულ ვერსიაში, იმ მონაკვეთებში, სადაც ავტორი ძველი წყაროთი სარგებლობს, ტერმინები არქაულია, ხოლო იქ, სადაც ამ წყაროს პერიფრაზს გვთავაზობს, ჩნდება გვიანდელი, “IX საუკუნის (თუ უფრო მერმინდელის?)“ ავტორის დროს გავრცელებული ტერმინები (ჯავახიშვილი 1954, გვ. 362-364).
კორნელი კეკელიძის ვარაუდით, მისი თავდაპირველი, კიმენური რედაქცია დაწერილი უნდა იყოს IX საუკუნის მეორე ნახევარში კათალიკოს არსენ დიდი საფარელის მიერ, როგორც ეს თავად თხზულების მეტაფრასული ვერსიის სათაურშია მითითებული „თქმული არსენი დიდისა, ქართლისა კათალიკოსისა.“ მკვლევრის აზრით, ეს ინფორმაცია მეტაფრასში ძველი სათაურიდან უნდა იყოს გადასული. მეტაფრასული რედაქციის ავტორი კი უნდა იყოს ნეკრესის რომელიღაც ეპისკოპოსი. მეტაფრასის ავტორის თხზულებისათვის დაუმატებია პროლოგი და ეპილოგი, და თხრობა ალაგ-ალაგ შეუმოკლებია და ტექსტის შუაში ჩაურთავს „მსჯელობა იმის შესახებ, რომ ცეცხლი არაა ღმერთი.“ (კეკელიძე 1980, გვ. 537-538).
ნარატივის მეტაფრასულ რედაქციასთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა მეტაფრასული ტექსტებისაგან (რაზეც ტექსტუალური ნიუანსები მოწმობს, მაგ. ფორმა „იისოჳ“ და „წინადადებათა შემოკლება მიმღეობის საშუალებით“), ეკუთვნის XII საუკუნის პირველი ნახევრის პეტრიწონული სკოლის წარმომადგენელ მწერალს. (იქვე, გვ. 533). ილია აბულაძის თქმითაც, აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება წარმოდგენილია ორი რედაქციით, მოკლეთი და ვრცელით/მეტაფრასულით. ამასთან, მოკლე რედაქციას აკლია ბოლო „თითქმის მთელი წიგნის ნახევარი.“ მკვლევარი, ფაქტობრივად, ეთანხმება მეტაფრასული რედაქციის კორნელი კეკელიძისეულ დათარიღებასაც და აღნიშნავს, რომ იგი XII საუკუნეში უნდა იყოს შექმნილი (აბულაძე 1955, გვ. VIII, XXV-XXVI).
XII საუკუნით დაათარიღა ჩვენამდე შემორჩენილი ასურელ მამათა ცხოვრებათა ციკლის თხზულებები გრიგოლ ფერაძემ. მისი თქმით, „ცხოვრებები, რომლებიც ახლა ხელთა გვაქვს, ყველა მე-12 საუკუნისაა და მეტწილად ბერების ლეგენდარული ქმნილებებია, დაწერილი სხვადასხვა წყაროების საფუძველზე უპირატესად იმ მიზნით, რომ საკუთარ მონასტრებს და ადგილობრივ წმინდანებს საერთო პატივისცემა მოუპოვონ.“ (ფერაძე 2006, გვ. 95)
აქვე უნდა აღინიშნოს, ენრიკო გაბიძაშვილმა სცადა ასურელ მამათა ცხოვრების ძველი ციკლის არქეტიპის სახის აღდგენა და ერთიან ნარატივად, ანუ იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ერთიან ტექსტად მიიჩნია იოანე ზედაზნელის, შიო მღვიმელის და დავით გარეჯელის ცხოვრებათა მოკლე რედაქციები და აბიბოს ნეკრესელის წამების ვრცელი რედაქცია. (გაბიძაშვილი 1982).5
როგორც უკვე აღინიშნა, სინური ხელნაწერის აღმოჩენამ თავდაპირველი ტექსტის ფიქსაციასთან დაკავშირებით სრულიად ახალი დასკვნების გამოტანის საშუალება შექმნა. შესაბამისად, ტექსტის ანალიზისას გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ XXI საუკუნის დასაწყისამდე ასურელ მამათა ცხოვრებათა შესწავლისას ტექსტთა დაწერის დროსა და ავტორის/ავტორთა ვინაობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებათა უმეტესობა ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ ითვალისწინებს სრულ მონაცემებს და, შესაბამისად, მოძველებულია.
X საუკუნეთა პირველი ნახევრით დათარიღებული სინური ხელნაწერის აღმოჩენის შემდეგ, იოანე ზედაზნელის ცხოვრებისა და აბიბოს ნეკრესელის წამების პირველადი ვერსიის შექმნისა და დათარიღების შესახებ მოსაზრებები შეიცვალა. ტექსტების სინური ვერსიის გამომცემლის, ზაზა ალექსიძის თანახმად, იოანე ზედაზნელის ცხოვრების არქეტიპი ძალიან ძველია (ალექსიძე 2019, გვ. 75). თხზულების სათაურიც ამ ხელნაწერში ძველი არქეტიპიდან უნდა იყოს გადმოღებული. (იქვე, გვ. 129). მკვლევრის აზრით, ტექსტის სინურ ვერსიაში განირჩევა სხვადასხვა ჩანართი, რომლებიც „ხელნაწერის რომელიღაც დედანს, უეჭველია, არშიებზე ან თავისუფალ გვერდებზე ჰქონდა გაკეთებული, ხოლო მრავალი გადაწერის შემდეგ შიგ ტექსტში უადგილო ადგილას შეტანილი აღმოჩნდა. ამ მინაწერებს, მოსალოდნელია, რომ ტექსტების გადამწერები თანდათან უმატებდნენ. მათი ძირითადი ნაწილი VI ს-ის ბოლო და VIII საუკუნის დასასრულით თარიღდება.“ ალექსიძის დასკვნით, „სინური რედაქციის სიძველეზე მიუთითებს იოანეს მოხსენიება უძველესი ფორმით, ზედაზადნელი (ზედაზადენი > ზედაზენი) და არა ზედაზნელი ან, მით უმეტეს, ზედაძნელი, როგორც იგი მოხსენიებულია ე.წ. არსენისეულ რედაქციებში.“ (იქვე, გვ. 75-76).
დაახლ. VII საუკუნის 30-იან წლებში უნდა იყოს დაწერილი აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის არქეტიპი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, რომელთანაც, ყველაზე ახლოს უნდა იყოს ე.წ. ვრცელი რედაქცია და რომელიც, მკვლევრის ვარაუდით, უნდა დამთავრებულიყო „ჰერაკლე კეისრის მიერ ქართლის დაპყრობისა და ურჯულოთაგან გაწმენდის“ ამბით, ანუ სწორედ იმ მოვლენის აღწერით, რომლითაც მთავრდება „მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკაში ისტორიულ მოვლენათა აღწერა. (იქვე, გვ. 193). ამასთან, სინური რედაქცია მთლიანად შეიცავს ნეკრესელი ეპისკოპოსის წამების ვრცელ რედაქციაში არსებულ პროლოგს. (იქვე, გვ. 172). შემონახულია მასში აგრეთვე მაზდეანობასთან პოლემიკის შემცველი ეპოზოდიც (იქვე, გვ. 174) რაც შეეხება ეპილოგს, მიუხედავად იმისა, რომ სინურ ხელნაწერში ტექსტი ბოლონაკლულია, აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ნარატივს ბევრი არ უნდა აკლდეს, რადგან „ყველაფერი, რაც მოჰყვება ბერძენთა მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველებას“ აბიბოსის მარტვილობის ადრე ცნობილ რედაქციებში, სინურ ხელნაწერში „გარკვეული ცვლილებებით იძებნება იოანე ზედაზნელის საქმენის ტექსტში ცალკე ქვესათაურით,“ რაც იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ეს მონაკვეთი არ არის აბიბოსის მარტვილობის ორგანული ნაწილი. (იქვე, გვ. 176).
რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Ms A-199-ში შეტანილ დავით გარეჯელის ცხოვრებას, ზაზა ალექსიძე ვარაუდობს, რომ იგი, შესაძლოა, X საუკუნეში იყოს დაწერილი, ანუ, იმავე დროს, რა დროსაც შეიქმნა იოანე ზედაზნელისა და მის მოწაფეთა ცხოვრების ის რედაქცია, რომელიც ამავე ხელნაწერშია შესული და რომელიც, როგორც თავად ტექსტის სათაურიდან ირკვევა, არსენ კათალიკოსის მიერ არის დაწერილი. (იქვე, გვ. 196).
თხზულებათა კომპოზიცია:
საქმენი წმიდისა იოვანე ზედაზადნელისანი. ილია აბულაძის თქმით, ქართლის ცხოვრების ანასეულ ნუსხაში მოცემული ნარატივი რამდენიმე ნაწილად იყოფა:
პირველ თავში მოთხრობილია „დასაბამი ცხორებისა წმიდისა მამისა ჩუენსა იოანე ზედაძნელისაჲ.“ მკვლევრის ვარაუდით, „ეს თავი იქ უნდა სრულდებოდეს, საიდანაც იწყება თხრობა იოანეს ჯერ განზრახვასა და მერმე გადაწყვეტილების მიღებაზე საქართველოში გამოსამგზავრებლად
მეორე თავში მჟღავნდება თხზულების ავტორის მიზანი და მოცემულის იოანეს შესახებ „სხვა წიგნიდან“ ამოღებული „ზოგი რამ იოანეს მოღვაწეობის შესახებ საქართველოში თუ ასურეთში.“
მესამე თავი მოგვითხრობს იოანეს საქართველოში მოსვლისა და ზედაზენს დამკვიდრების ამბავს
მეოთხე თავი მოიცავს თხრობას იოანეს მიერ მოწაფეთა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნის შესახებ
მეხუთე თავში მოთხრობილი უნდა იყოს ამბავი „მოწაფეთა დამკვიდრებისა თავიანთ სამყოფელ ადგილებში.“
მეექვსე თავში მოცემული უნდა იყოს თხრობა იოანეს მოღვაწეობის შესახებ ზედაზნის მონასტერში მის მოწაფე ელიასთან ერთად . აბულაძის აზრით, აქვე უნდა შედიოდეს იოანეს სასწაულების ამბებიც. (აბულაძე 1955, გვ. XI-XV).
რევაზ სირაძის მოსაზრებით, ტექსტი შეიძლება ოთხ ნაწილად დაიყოს:
- „წინასიტყვაობა“ – „წერილი“... ესაა თეორიული შესავალი ლიტერატურულ-ისტორიული ცნობებით.
- ნაწილია საკუთრივ „ცხოვრება იოანე ზედაზნელისა.“ თუმცა მას „დასაბამი ცხოვრებისა“ ეწოდება
- ნაწილად ჩვენ გამოვყოფთ ერთ ჩანართს, … რომელიც, ჩვენი ვარაუდით, თვით იოანე ზედაზნელის ნაწარმოები უნდა იყოს.“ (სირაძე 1988, გვ. 121-122). ეს ნაწილი მოიცავს იოანეს „მისი მოწაფეებისადმი მიმართულ სწავლა-დამოძღვრას,“ და, სავარაუდოდ, თავად იოანეს მიერ არის დაწერილი და უნდა წარმოადგენდეს „სამონასტრო მოღვაწეობის ერთგვარ პროგრამას.“ (იქვე, გვ. 133).
- ნაწილია მცირე დასასრული, რომელიც, ალბათ, გვიანი დანამატია (მასში ძირითადად იოანეს მოწაფეების ამბებია გადმოცემული).“ (იქვე, გვ. 122).
ზაზა ალექსიძის ვარაუდით, სინური რედაქცია შემდეგი ნაწილებისაგან შედგება (ჩამოთვლილიდან 5, 6, 7, 8 და 9 ნაწილები ჩანართებია, რომლებიც უშუალოდ საქმეთა ნაწილს არ წარმოადგენენ და ჩართულნი არიან ტექსტში, ვინაიდან „აადვილებენ ტექსტის აღქმას“):
„1. „საქმენი წმიდისა იოვანე ზედაზადნელისანი, რომელი მოვიდა შოვამდინარითა ასურეთისაჲთა შემდგომად ქართლის მოქცევითგან მეორასესა წელსა, იგი და მოწაფენი მისნი“;
- [„ჩუენ ესთენ ვპოვეთ მრევლისაჲ და სამთავნელ ჭალაკელისაჲ“];
- „ლოცვანი და შრომანი და კურნებანი იოვანე ზედაზადნელისანი“;
- „სასწაულნი ნეტარისა იოვანე ზედაზადნელისანი“...
- „ესე კუალად მუნვე მოვედ, რომელსა ესე მიწყიეს“...
- „სახელები წმიდათა ზედაზადნელთა ბერთა მამასახლისთაჲ და ქრისტჱს მიერ აღსრულებულთაჲ“;
- „იადგარი წიგნთა ზედაზადნელთაჲ“;
- „იადგარი წიგნთა ჯუარისთაჲ“;
- „გარერჩას, იოვანე-წმიდას, მრავალ[მ]თას“;
- [ერისმთავართა გენეალოგია და ქრონოლოგია];
- „წმიდისა აბიბოზ ნეკრესელ ეპისკოპოზისაჲ, და ნეტარი იოვანე ზედაზადნელი; და ღირსებით მოჴსენებული წილ ეპისკოპოზი; და მადლითა სავსჱ ბერი შიო ანუ სხუანი მოწაფენი მისვე ნეტარისა ზედაზადნელისანი, რომელთა შუენიერითა მით სლვითა მათითა შეამკვეს ეკლესიაჲ“;
- „გარდაცვალებაჲ ნეტარისა იოვანე ზედაზადენელისაჲ.“ (ალექსიძე, გვ. 128-129).
თხზულებათა შინაარსი:
საქმენი წმიდისა იოვანე ზედაზადნელისანი
(აღწერილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, მარიამ ბეკურაშვილის მიერ):
IV საუკუნეში საქართველოში მოსული თორმეტი ასურელი მამის წინამძღვარი იყო იოანე ზედაზნელი. სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. სასულიერო განათლების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდამ, დატოვა ანტიოქია და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. “იქცეოდა ყოვლითა სიმდაბლითა და მოღუაწებითა სიმდაბლითა და მოღუაწებითა, მარხვითა და მღვძარებითა, და ცრემლითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ, ვითარცა იტყვს: ირეკდით და განგეღოს, ითხოვდით და მოგეცეს, ეძისებდით და ჰპოოთ”. შეუდგა ბერობას და მცირე დროში მიაღწია სულიერ სისრულეს. მისმა ლოცვამ, მარხვამ და თავმდაბლობამ სახელი გაუთქვა ანტიოქიაში, რის შედეგადაც საკმაოდ ბევრი დაავადებული მიდიოდა მასთან და მკურნალობდა. თუმცა მან თავმდაბლობის გამო ვერ აიტანა ქება, დიდება და სიყვარული, ამიტომ წავიდა უდაბნოსკენ განმარტოებით. თუმცა ახალი ადგილიც მალე გაიგეს მორწმუნეებმა და ახლა იქ დაიწყეს იოანეს ქება-დიდება. იოანე ზედაზნელი მყუდროებისთვის ეძებდა ადგილს, სადაც ვერავინ მიაგნებდა და იცნობდა. სწორედ ამ დროს, გამოეცხადა ღვთისმშობელი და უბრძანა: თორმეტი რჩეულით წასულიყო ივერიაში, ექადაგა ქრისტიანობა და განემტკიცებინა ახალმორწმუნეები. იოანე ზედაზნელმა მოწაფეებს დაავალა ათი დღის განმავლობაში ლოცვა და მარხულობა. შემდეგ ჩამოაწერინა ყველას თავისი სახელი ქაღალდზე, ტრაპეზზე დაიწყეს გულმხურვალედ ლოცვა და ბოლოს ანგელოზმა ყველას დასანახად აირჩია 12 მოციქული: შიო, დავითი, ანტონი, თადეოზი, სტეფანოზი, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი, ისე, იოსები და აბიბოსი. მცხეთაში მისვლამდე ამალით შეეგებნენ ქართლის კათალიკოსი ევლოგი და ქართლის მეფე ფარსმანი. სასწაულის ძალით ასურელები ამეტყველდნენ ქართულად. მცხეთაში ყოფნის დროს თაყვანი სცეს სვეტიცხოველს, უფლის კვართს. ქადაგებდნენ უფლის სიტყვას და სნეულებს მკურნალობდნენ. წმინდა იოანე, მოწაფეებთან ერთად დაემკვიდრა მთის წვერზე, სადაც ერთ დროს ამართული იყო ზადენის კერპი. აქედან მიიღო წოდება ზედაზნელი. მთაზე ასვლის დროს შიომ სასწაულებრივად იმოქმედა ადიდებულ არაგვზე. მდინარე შედგა, იქამდე სანამ მეორე ნაპირზე გადავიდოდნენ. დაემკვიდრნენ პატარა გამოქვაბულში. ათასობით ადამიანი მიდიოდა, რომ დამტკბარიყვნენ ზედაზნელის სწავლა- მოძღვრებით. აბიბოსი ნეკრესის ეპისკოპოსად ეკურთხა, ისე წილკნის ეპისკოპოსად. იოანეს ისევ გამოეცხადა ღვთისმშობელი და წმინდა ნინო, რის შემდეგაც მისი მოწაფეები გადაანაწილა საქართველოს სხვადასხვა მხარეში. მამებმა ბევრი ქართველი დაიმოწაფა და დააარსეს მონასტრები. წმინდა იოანე კი, ისევ აგრძელებდა მოღვაწეობას. თუმცა, როგორც ჩანს, “კეთილის მოძულენი იგი ეშმაკნი, რომელნი მუნ მკჳდრ იყვნეს პირველითგან, ვერ დაითმენდეს იოვანეს მამისა ჩუენისა ლოცვასა, და რამეთუ საწერტელ ექმნებოდეს ვითარცა ისარნი განხურვებულნი. დღესა ერთსა აღიძრნეს ყოველნი იგი ძალნი ბნელისანი და ზედა-მოუხდეს წმიდასა იოვანეს და იწყეს ბრძოლად მრავლითა და თითო სახითა მანქანებითა”. აჯანყდნენ მის წინააღმდეგ. თავს ესხმოდნენ, აშინებდნენ და ცდილობდნენ მისი კლდიდან გადმოგდებას. იოანე ზედაზნელი მათ ყურადღებას არ აქცევდა. ღმერთმა განდევნა ბოროტი ძალები, ზედაზნის მთიდან გადავიდა ბნელი ნისლი, რის გამოც იოანე მადლობას სწირავდა. რაც შეეხება იოანე ზედაზნელის სასწაულებს, მისი ლოცვით მრავალი სასწაული მოხდა. თავდაპირველად ზედაზნის მთაზე წყალი არ იყო, წმინდა იოანემ ღმერთს წყარო შესთხოვა, უფალმაც ისმინდა ვედრება და აღმოცენდა წყარო. ამბობენ, რომ ის წყარო წმინდანთა ცრემლებია. როგორც უკვე ვთქვით იოანე კურნავდა დაავადებულებს. ერთხელ მასთან მიიყვანეს სნეული, რომელსაც სხეული დაწყლულებული ჰქონდა. “ხოლო ნეტარსა იოვანეს დაღაცათუ მძიმე უჩნდა საქმე ესე მის მიერ, არამედ მოეხსენა სიტყუაჲ იგი პავლესი, რომელ იტყჳს, ვითარმედ ძლიერთა უძლურნი იტჳრთენით. ამისთჳსცა ჰრქუა “განგკურნებს შენ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე”. ამ სიტყვების შემდეგ განიკურნა. გარდაცვალების შესახებ მას უფლისგან ეუწყა. იოანე ზედაზნელმა მოწაფეები აკურთხა და დაუბარა, იქვე დაემარხათ, სადაც მოღვაწეობდა. თუმცა მოწაფეებმა არასწორად მიიჩნიეს მღვიმეში დასაფლავება და ზედაზნის ძირში მდებარე მონასტერში აპირებდნენ გადასვენებას, რა დროსაც დაიწყო მიწისძვრა და იქამდე არ გაჩერდა, სანამ ანდერძი არ გაიხსენეს. მისი წმინდა ნაწილებით განიკურნა უამრავი სნეული და ეშმაკისეული.
ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოზ ნეკრესელ ქალაქისა ებისკოპოზისა - იხ. ჰაგიოგრაფია > მარტვილობანი > აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა
ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღირსი შიოჲსი და ევაგრესი
(აღწერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, მაია ბეკურაშვილის მიერ):
შიო მღვიმელის ცხოვრების მეტაფრასული ტექსტი იწყება მისი სირიაში ცხოვრების აღწერით, რომელშიც ჩართულია ცნობები შიოს ბავშვობის, მშობლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ტექსტის მიხედვით, შიო დაიბადა ქალაქ ანტიოქიაში და იყო “ღვთის მსახურთა და აზნაურთა შვილი”. 20 წლის ასაკში მან გადაწყვიტა მისულიყო იოანესთან, რომელიც უდაბნოში იმყოფებოდა თავის მოწაფეებთან ერთად. მოგვიანებით, იოანესთან ერთად შიო გამოემგზავრა “ქართველთა ქვეყანაში”. როგორც ტექსტში ჩანს, შიოს მშობლებს არ სურდათ შვილის ბერულად ცხოვრება, რადგან ის მისი მშობლების ერთადერთი შვილი და ქონების მემკვიდრე იყო. მაგრამ აცხადდა ნეტარი იოანეს სიტყვები, რომელიც მან შიოს უთხრა: “უწინარეს შენსა მათ (შენმა მშობლებმა) მიიღონ წმიდისა მონაზონებისა სახე”. ამის შემდეგ შიოც აღიკვეცა ბერად და 20 წელი მოღვაწეობდა სირიაში, მამა იოანესთან და მის მოწაფეებთან ერთად.
მოღვაწეობის 20 წლის თავზე, შიო იოანესთან და 11 მოწაფესთან ერთად გაემგზავრება “ქართველთა ქვეყანაში”, რათა ისინი გაემტკიცებინა სარწმუნოებაში. თავდაპირველად მამები ზედაზნის მთაზე დამკვიდრდებიან და იქ დაიწყებენ მოღვაწეობას, ხოლო მოგვიანებით, როცა იოანეს ექნება ხილვა, რომელშიც ღვთისმშობელი და წმინდა ნინო აუწყებენ, რომ თავისი მოწაფეები ქართლის სხვადასხვა კუთხეში უნდა გაუშვას სამოღვაწეოდ, შიო დამკვიდრდება მცხეთის დასავლეთით ერთ პატარა გამოქვაბულში. კიმენური ცხოვრების ტექსტი სწორედ აქედან იწყება: “ხოლო ნეტარი ესე და ღმრთივ განბრძნობილი მამაჲ ჩუენი წმიდაჲ შიო მოვიდა წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა და დაემკვიდრა დასავლეთ კერძო დედა ქალაქსა მცხეთასა”.
აქ დამკვიდრებით ნეტარმა შიომ საკუთარი სხეული გაიმეტა უდიდესი სივიწროვისა და გაჭირვებისთვის, რადგან ცხოვრობდა ყოველგვარი ქვეყნიური ნუგეშის გარეშე. სამოცი დღე სრულიად საჭმლისა და სასმლის გარეშე გაატარა. ამასთან ერთად, უწევდა ეშმაკთან გამკლავებაც, რომელიც ხან მხეცის, ხან ქვეწარმავლის, ხან რქოსანი ურჩხულის სახით ეცხადებოდა. მაგრამ შიოს სული იმდენად მტკიცე იყო, რომ არავითარი განსაცდელი არ აშინებდა მას და ამის გამო ღმერთმა წყალობაც მოიღო მასზე: მოუვლინა მტრედი, რომელსაც ყოველდღიურად მოჰქონდა საზრდო. მოგვიანებით, სწორედ ამ მტრედის საშუალებით მივა გამოქვაბულში ევაგრე, რომელიც მას დაემოწაფება; ამგვარად აცხადდება ღვთისმშობლის სიტყვები შიოს ხილვიდან: “...იქმნეს უდაბნოჲ ესე აღსავსე კაცთა მიერ ღმერთ-შემოსილთა, რომელნი მობაძავ იყვნენ ცხოვრებასა შენსა და მაქებელ შენდა ეგოს იგი უკუნისამდე”.
ციხედიდის მთავარი ევაგრე, რომელიც იმ პერიოდში წარჩინებული კაცი იყო, ნადირობისას შეამჩნევს მტრედს, გაჰყვება მას და მივა გამოქვაბულში, შიოსთან, სადაც გადაწყვეტს, რომ მასთან დარჩეს და იცხოვროს ისეთივე ცხოვრებით, როგორითაც შიო ცხოვრობს. ევაგრე რომ ნამდვილად ღვთისთვის სასურველი კაცი იყო ამას ისიც მოწმობს, რომ მისი ხელით შიოს კვერთხის მდინარეში ჩაყოფისას მდინარე ორად გაიპო, მსგავსად მოსესი, რომელმაც კვერთხის ერთი დარტყმით გაიყვანა ისრაელთა ერი. ამის შემდეგ აკურთხა შიომ ევაგრე მონაზვნად და თავისი ადგილიდან ცოტა მოშორებით, გამოქვაბულში უბრძანა დამკვიდრება. ამიერიდან “განცხადნა სახელი შიოსი ყოველსა მას გარემოსა სოფლებსა ევაგრეს ძლითა” და დაიწყეს აქ მოსვლა ადამიანებმა, რომლებიც ღებულობდნენ მონაზვნობას და მკვიდრდებოდნენ ევაგრეს მახლობლად.
მას შემდეგ, რაც ძმები კიდევ უფრო გამრავლდნენ, საჭირო გახდა ჰქონოდათ ეკლესია, სადაც წმინდა კვირას შეიკრიბებოდნენ ღვთის სადიდებლად. ნეტარი შიო ძმებთან ერთად თავისი გამოქვაბულიდან აღმოსავლეთით კლდის წვერზე ავიდა და სთხოვდა უფალს, რათა ეჩვენებინა ადგილი, სადაც ააგებდნენ ტაძარს. ლოცვის შემდეგ შიომ მარცხენა ხელისგულზე მოათავსა ცეცხლი, დააყარა საკმეველი და დაიწყო კმევა. კვამლი ავიდა ზევით, როგორც სვეტი, რომელიც ზეცამდე იყო აღმართული, შემდეგ კი გამოჩნდა კვამლის წვერი, რომელიც ქვემოთ დაეშვა და ხევში ერთ ადგილას დაადგა. ნეტარმა შიომ მახლობლად ნახა მღვიმე და ბრძანა, რომ იქ აშენებულიყო ნათლისმცემლის ეკლესია.
ვინაიდან ევაგრე მეფის შემდეგ ქართველთა სამეფოს განმგებელი და ძლიერი სარდალი იყო, როცა მეფემ მისი მონაზვნობა შეიტყო ძალიან შეწუხდა და დაუყოვნებლივ წავიდა მასთან, რათა უკან დაბრუნება ეთხოვა. ევაგრემ, რასაკვირველია, უარი განუცხადა მეფეს თხოვნაზე. გამოქვაბულში მისული მეფე დალოცა ნეტარმა შიომ, მეფემ კი აურაცხელი სიკეთე გაიღო ეკლესიებისთვის: უბოძა ოთხი გამორჩეული სამეფო დაბა, გადასცა ოცდაათი ლიტრი ოქრო, ოქროს ბარძიმი და ფეხშუმი, ოქროს დიდი ჯვარი, სხვადასხვა ვერცხლის ნივთები და ვახტანგ მეფის მიერ მდიდრულად შემკული სახარება. მეფის ნებით სამი ეკლესია აშენდა, რომელიც ერთობლივად აკურთხეს კათალიკოსმა, ეპისკოპოსებმა და მღვდელმთავრებმა. კათალიკოსი და მღვდელმთავრები სთხოვდნენ შიოს, მიეღო მღვდლობის ხარისხი, თუმცა მას ეს არ სურდა და მტკიცედ ამბობდა, რომ მთელ ქვეყანასაც, რომ ეთხოვა მაინც არ დათანხმდებოდა.
ავტორი აღნიშნავს, რომ ღმერთი წმინდა შიოს ხელით უამრავ სასწაულს ახდენდა: კურნავდა ავადმყოფებს, ბრმებს, კოჭლებს და არაწმინდა სულებით შეპყრობილებს. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ მეფის მთავარი, რომელსაც ერთი თვალი დაზიანებული ჰქონდა და შიოს ფეხზე შეხებისთანავე განიკურნა. ამასთან ერთად, ნეტარ მამას ჰქონდა ძალა დაემორჩილებინა პირუტყვი ცხოველებიც კი. მხეცები, რომლებიც აწუხებდნენ უდაბნოში მცხოვრებ მამებს, მისი თხოვნით განერიდნენ იქაურობას. მხოლოდ ერთი მგელი დატოვა თავისთან, რათა გამხდარიყო კეთილი მწყემსი ძმების სახედრებისთვის. მგელი ექვსი წელი ერთგულად ემსახურებოდა ძმებს და იმ საკვებს იღებდა, რასაც უდაბნოში მოღვაწე მამები.
მაშინ, როცა წმინდა იოანემ გადაწყვიტა თავისი მოწაფეების მონახულება, პირველ რიგში, წილკნის დედა ღვთისას საყდარს ეწვია და ნეტარი შიოც იქ დაიბარა. მას შემდეგ, რაც სამი დღე მამებმა ერთად გაატარეს, წმინდა შიომ მამა იოანეს სთხოვა მიეცა მისთვის დაყუდებული ცხოვრების უფლება, რაზეც იოანემ უთხრა, რომ თვითონ თანახმა იყო, თუმცა პატრიარქისგანაც უნდა მიეღო ნებართვა. პატრიარქისგანაც მიიღო კურთხევა ნეტარმა და გახარებული გაემართა თავის უდაბნოში, საყვარელ ძმებთან. დიდი ხნის განმავლობაში, არიგებდა შიო უდაბნოში მოღვაწე მამებს და ასწავლიდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეხვიათ თავიანთივე არჩეული მონაზვნობის გზიდან. ღირსმა შიომ მამების წინამძღვრად ევაგრე დანიშნა, რომელიც მარჯვედ უძღვებოდა დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
წმინდა და სანატრელი მამა კი ჩავიდა ბნელ და ღრმა მღვიმეში, სადაც მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მუხლმოდრეკილ ლოცვასა და მძიმე მარხვაში გაატარა. დროთა განმავლობაში, სინესტისა და ჰაერის სიმძიმისგან უცხო შესახედაობა შეიძინა, დაილია და დაჭკნა მისი ხორცი, როგორც ავტორი ამბობს ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, თავისუფალი იყო ხორცისგან. როცა მოახლოვდა მისი აღსასრულის დრო, წმინდა შიოს წმინდა სულმა იგრძნო სხეულის დატოვება და ითხოვა მღვდელმსახურებისგან ქრისტეს წმინდა საიდუმლოთა ზიარება. ამის შემდეგ, აღაპყრო ხელები ზეცისკენ და თქვა: “ხელთა შენთა, - მეტყუელმან, - მეუფეო, შევჰედრებ სულსა ჩემსა შენ მიერ მიმღებელი მისი”. ამ სიტყვების დასრულებისთანავე განუტევა სული იმავე მღვიმეში, რომელშიც იმყოფებოდა სიცოცხლეშიც და როგორც ეს ადრევე იწინასწარმეტყველა, გარდაცვალების შემდეგაც ეს მღვიმე გახდა მისი სამარე.
ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმინდა დავით გარესჯელისაჲ
(აღწერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, მაია ბეკურაშვილის მიერ):
:ავტორი თხზულების დასაწყისში მკითხველს უქმნის წარმოდგენას იმის შესახებ თუ რის გამო დამკვიდრდა წმინდა მამა დავითი მიუვალ უდაბნოში. ერთ-ერთ მიზეზი ცოდვებისგან განთავისუფლება და სულიერი სიწმინდის შენარჩუნება ყოფილა. ეს ყოველივე ისე ძალუძდა მამა დავითს, რომ მზად იყო მოკვდავთათვის არახელსაყრელ მიდამოში მის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად დამკვიდრებულიყო. მიუხედავად მკაცრი პირობებისა, მამა დავითი სულიერ მხნეობას არ ჰკარგავდა. ღვთის იმედად მყოფს, მტკიცედ სჯეროდა უფლის მიერ მოვლენილი სასწაულების. ყოველივე ნათლად ჩანს შემდეგ ფრაზაში: ,,აწ მხნე იყავ, ძმაო ლუკიანე, და ნუ გეშინინ, რამეთუ მოწყალე არს ღმერთი და არა მოგუაგებს ცოდვათა ჩუენთაებრ, არამედ სიტკბოებით ზრდის ყოველთა მოშიშთა მისთა.“ ავტორის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ როდესაც მათ უდაბნოში საკვები მოაკლდათ, ლუკიანეს სულიერი მხნეობა დაუკარგავს. თვალშისაცემია მამა დავითის დამოკიდებულება, რომელიც სულიერი სიმტკიცის ნათელი მაგალითია. ჩვენს თვალწინ იძერწება შეუდრეკელი ბერის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი სულიერი მზაობა სიკვდილის მიმართ მეტყველებს მარადიულობის მნიშვნელობაზე. წუთისოფელი, რომელიც ხშირად თაფლში ურევს მწარე ნაღველს ზოგიერთ მოკვდავს ან საწუთროს კაცად აქცევს, ან ეკლით მოფენილ გზაზე მარადიულობასთან აახლოებს. მამა დავითი ღრმა საყვედურს გამოთქვამს ლუკიანეს მიმართ და კიდევ ერთხელ ახსენებს მოკვდავთა მთავარ მიზანს: ,,ძმაო ლუკიანე, ნუ დაგიც სასოებაჲ მდელოთა მიმართ და მცენარეთა ქუეყანისათა. და ვითარ არა უწყი, რამეთუ ყოველნი ნივთნი ქუეყნიერნი ცვალებად და წარმავალ არიან? და არა გასმია წმინდათა წერილთაგან, ვითარმედ: ,,მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი?’’“.ამ სიტყვების წარმოთქმას დაემთხვა ირემთა მოსვლა და მათგან მიღებული რძე დავითმა პირჯვრის გადაწერით ხაჭოდ აქცია. ლუკიანეს რწმენა განუმტკიცდა და გულწრფელობით თქვა, რომ აღარ იზრუნებდა მოკვდავი სხეულისთვის.
იმ ნაპრალში , სადაც მამა დავითი და ლუკიანე იყვნენ, იყო კიდევ ერთი ნაპრალი, იქ გველეშაპი ბინადრობდა და ირმებს ესხმოდა თავს. ლუკიანემ როგორც კი იხილა დამფრთხალი ირმები მაშინათვე ეს ამბავი მამა დავითს უთხრა: „მამაო წმიდაო, ირემნი ესე მოვიდეს მეოტნი და საშინელად ძრწიან და არა ჰყავს მათ თანა ნუკრი ერთი.“ მამა დავითმა, ირმების გადასარჩენად, გველეშაპს უბრძანა დაბრუნებულიყო შორეულ უდაბნოში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუცლის გამოფატვრით დაემუქრა . გველეშაპი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ მამა დავითი მას მზერას არ მოაშორებდა, სანამ წყალში უსაფრთხოდ არ ჩავიდოდა. პირობის მიუხედავად, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მამა დავითს უფლის ანგელოზმა დაუძახა და როგორც კი მზერა გველეშაპს მოაშორა მეხი გველეშაპს დაეცა. მომხდარის შედეგად მამა დავითი ძალიან შეწუხდა: „უფალო, მეუფეო დიდებისაო, რად მოჰკალ ვეშაპი ისი, რამეთუ უკუეთუმცა შთასრულ იყო ვეშაპი ისი, რამეთუ სასოებით მონდობილ იყო იგი ჩემდა, ხოლო შენ სასტიკად წარსწყმიდე იგი?“ დამწუხრებულმა დავითმა ღვთის ანგელოზისგან მრავლისმთქმელი პასუხი მიიღო: ,,რაჲსა მწუხარე ხარ, სათნოო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო? რამეთუ უკუეთუმცა შთასრულ იყო ვეშაპი ისი წყალთა შინა, მიერ წარვიდოდა ზღუათა შინა და მას შინა თევზთა ჭამითა განდიდებოდა ფრიად და მრავალთა ნავთა დააქცევდა ზღუათა შინა... და ნუ მწუხარე ხარ მისთვს, რამეთუ ესრეთ სათნო-იჩინა უფალმან.“ ღვთის განზრახვას წინ ვერავინ აღუდეგბოდა დავითსა და ლუკიანეს ის დღე დარჩენოდათ, რომ ედიდებინათ ყოვლისშემქნელი, განემტკიცათ თავიანთი რწმენა ლოცვითა და ღვთისმსახურებით.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამ ადგილას მონადირეები მოვიდნენ კახეთიდან, რადგან აქ სამიზნე ეგულებოდათ. მონადირეებმა სტვენისას ბერის ირმები შეამჩნიეს, რომლებიც გამოქვაბულისკენ გაემართნენ და იქ სასწაული იხილეს. შესცქეროდნენ ლუკიანეს, რომლებიც ირმებს წველიდა. ამის დანახვისთანავე მათ უთხრეს ლუკიანეს: „ვითარ არს ესე, წმიდაო მამაო, რომელ ირემნი ესე, ნადირნი ველისანი, ესრეთ დამშვიდებულ არიან, რომელ უმშვდეს არიან ცხოვართა ეზოთა შინა სახლისათა აღზრდილთა?!.“ დავითმა მონადირეებს უთხრა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და სხვა ნადირზე ენადირათ. მონადირეებმა კი უარი განაცხადეს, დამწუხრებული ეუბნებოდნენ ბერს: „დიდ არს დიდება უფლისა, ჩვენც ღირს გვყავ შენი სიწმინდის ზიარებისა,“ თუმცა ბერმა უარი განაცხადა მათ დარჩენაზე და მიუგო მათ, რომ ამ ადგილას უმკაცრესი საცხოვრებელი პირობები იყო. საბოლოოდ მოახერხა მამა დავითმა მათი დარწმუნება და გაისტუმრა ისინი: თუმცა როგორც კი მონადირეები უკან დაბრუნდნენ, საუბარი დაიწყეს წმინდა დავითის შესახებ.
ამის შემდგომ ყველა მათგანმა დაიწყო თხოვნით მისვლა წმინდა დავითთან და ევედრებოდნენ, რომ მასთან დარჩენის უფლება მიეცა. ბერმა ვერ მოახერხა მათი გადარწმუნება და უთხრა: „ვინაჲთგან დაგიც ღმრთისა მიმართ სასოებაჲ, წარვედით და მოიხუენით სათხარნი.“ მათ ახლომახლო უნდა მოეძებნათ გამოქვაბულები, სადაც ცხოვრებას შეძლებდნენ და მათაც აღასრულეს წმინდა დავითის ბრძანება.
ძმათა გამრავლებას მოჰყვა ხალხში ხმის გავრცელება და ეს ხმა მამა დოდომდეც მივიდა. იგი მამა დავითის სანახავად ჩამოვიდა და მათ ერთმანეთი მოინახულეს. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მამათა რაოდენობამ იმატა და დავითმა დოდოს სთხოვა ისინი თან წაეყვანა კლდის თავზე. დოდომ შეისმინა მისი თხოვნა და აღაშენა უდაბნო ღვთისმშობლის სახელზე: „წარვიდა და აღაშენა უდაბნოჲ იგი სახელსა ზედა ყოლად წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისასა და სადიდებლად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა და დღითი-დღე შეეძინებოდა სიმრავლე ძმათაჲ და ყოველნი ზოგად ადიდებდეს ღმერთსა.“
წმინდა მამა დავითი ყოველდღე განმარტოვდებოდა და ლოცულობდა. ერთ დღეს, როცა ის ლოცულობდა, მოვიდა ერთი „ბარბაროზი,“ რომელიც კაკაბზე ნადირობდა. ქორისგან დამფრთხალი კაკაბი ბერთან მივიდა და მის ფეხებთან დაჯდა. მონადირეს სურდა კაკაბი ხელში ჩავარდნოდა, თუმცა როდესაც დაინახა წმინდა დავითი და მის გვერდზე მჯდარი კაკაბი, ჰკითხა მამა დავითს „ვინაჲ ხარ შენ ?.“ წმინდა დავითმა კი მიუგო: „მე კაცი ვარ ცოდვილი. მონაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და ვევედრები მოწყალებათა მისთა, რაჲთა მომიტევნეს ყოველნი ცოდვანი ჩემნი და რაჲთა მყუდროებით და უშფოთველად განვლო წუთი ესე ცხორებაჲ ჩემი.“ წმინდა დავითმა ბარბაროსს კაკაბზე მიუთითა, რომ იგი ქორის შიშით მოვიდა მის ფეხებთან და ურჩია, რომ სხვა ნადირზე ენადირა. ამის გაგონებაზე განრისხდა მონადირე და მამა დავითის მოკვლა განიზრახა: „მე მოკუდინებაჲ შენი მნებავს და შენ ვითარ განარინო კაკაბი სიკვდილისაგან?“ წმინდა დავითმა მას უთხრა, რომ იგი ვერაფერს დააკლებდა ვერც კაკაბს და ვერც მას, რადგან უფალი მისი მუდამ მის გვერდით იყო. მიუხედავად ამ სიტყვებისა, ბარბაროსმა ხმლის ამოღება სცადა, თუმცა ხელი იმწამსვე გაუქვავდა. როგორც კი მიხვდა თავის უკეთურებას, ბერის ფეხებთან მუხლებით დავარდა და ევედრებოდა, რომ მიეტევებინა მისი დაუფიქრებელი საქციელი.
წმინდა დავითმა მოწყალება გამოიჩინა და ღმერთს შესთხოვა, რომ ბარბაროსის ხელი პირვანდელ მდგომარეობას დაბრუნებოდა. წმინდა დავითი შეეხო მას ხელებით და ბარბაროსი განიკურნა, რაზეც ამ უკანასკნელმა კვლავ ვედრება დაიწყო: „მონაო ღმრთისა ცხოველისაო, არს სახლსა შინა ჩემსა ძე ჩემი კოჭლი ორითავე ფერხითა, რომელი ყოლად ვერ შემძლებელ არს ზე აღდგომად და აწ ვეწავ სიწმინდესა თქუენსა, რაჲთა ევედრო უფალსა შენსა მისთვს და უკუეთუ განიკურნოს იგი...“ წმინდა დავითმა კი მიუგო, რომ თუ ღმერთს ენდომებოდა, მისი შვილი აუცილებლად განიკურნებოდა. როდესაც ბარბაროსი სახლში დაბრუნდა, სასწაულის მხილველი გახდა: მისი ვაჟი სრულიად განკურნებულიყო.
გამთენიისას ბარბაროსი თავის ჭაბუკებთან ერთად წავიდა მამა დავითთან. როცა ბერი იხილა, სიხარულით ამცნო თავისი განზრახვა. სურდა, რომ თავისი ორი ვაჟი კურთხეულნი ყოფილიყვნენ მამა დავითისგან: „ხოლო მან დასდვა წმიდაჲ ხელი მისი და ჰრქუა: „ღმერთმან, რომელმან აკურთხა იაკობი, მანვე სახიერმან გაკურთხნეს და შვილ წმიდისა ემბაზისა გყვნეს თქუენ.“
წმინდა დავითმა ჰკითხა ბუბაქარს (ბარბაროსს), თუ რა იყო მისი სურვილი. ბუბაქრს სურდა, რომ მონათლულიყო. ბერმა უთხრა, რომ იგი მამა დოდოსთან მისულიყო, რადგან მას ჰყავდა მღვდელი, რომელიც მონათლავდა. „ხოლო წმინდამან დოდო ყო ბრძანებისაებრ ბერისა და ვითარცა და ვითარცა ნათელს-იღო ბუბაქრ, კუალად მოვიდა წინაშე წმიდისა დავითისსა შვილი იგი ნათლისაჲ და თანა მიატანნა სათხარნი და მუშაკნი და შეუქმნა ეკლესიაჲ სალოცველად ძმათა...“ ეკლესია აკურთხა მამა ილარიონმა, რომელმაც ეკლესიის სამხრეთ ნაწილში გააკეთა ლუსკუმა, სადაც დასვენებულია წმინდა დავითის ნაწილები. ის კი, ვინც მიიღებს მცირე რაოდენობის მიწას იქედან, განიკურნება ვერაგი სენისაგან.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ წმინდა დავითმა იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტა და ლუკიანეს უთხრა, რომ წინამძღვრობა გაეწია უდაბნოში შემოკრებილი ძმებისათვის. ლუკიანეს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ წმინდა დავითს თან გაჰყოლოდა იერუსალიმში, მაგრამ დავითმა მას უარი უთხრა, ვინაიდან ლუკიანე საპასუხისმგებლო მოვალეობას უნდა შესჭიდებოდა და აუცილებლად დარჩენილიყო ძმებთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ძმები მიმოიფანტებოდნენ: „ნუ ძმაო, ნუ იქმ, რა სათნო არს ღმრთისა, რამეთუ, უკუეთუ ეგე ვყოთ და ორნივე წავიდეთ, ძმანი ესე ჩუენ მიერ შეკრებულნი, თვთოეულნი განიბნივნენ დაბათა და ქალაქთა შინა, დაეცნენ და წარწყმდენ გულის-თქუმათა მიერ ცოდვილისათა და წარწყმედაჲ სულთა მათთაჲ ჩუენ მიერ იძიოს ღმერთმან.“
წმინდა დავითმა საბოლოოდ დაარწმუნა ლუკიანე, რომ დარჩენილიყო ძმებთან. თავად კი იერუსალიმის გზას დაადგა და თან წაიყვანა რამდენიმე ძმაც. ისინი, აღმოჩნდნენ თუ არა იმ ადგილას, რომელსაც ეწოდება „ქედი მადლოვანების,“ მაღლა ხელებაპყრობილებმა მადლობა გადაუხადეს ღმერთს. წმინდა დავითი მიწაზე დავარდა და ამბობდა: „უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, რომელი მოხუედ ქუეყანად ცხოვრებისათვს კაცთა ნათესავისა და ჩუენ ცოდვილთათვს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდევ სახიერებისა და მოწყალებისა შენისათვს“ წმინდა დავითმა, საკუთარი თავი იმის ღირსად არ მიიჩნია, რომ იმ მიწაზე ფეხი დაედგა, სადაც უფალი იდგა წმინდა ფეხებით. თანმხლები ძმების თხოვნის მიუხედავად, წმინდა დავითი მათ იერუსალიმში არ შეჰყვა და სთხოვა მათ, რომ მისთვის ელოცათ. ასეთი ქმედების გამო უფალმა მეტი მადლი მიანიჭა წმინდა დავითს.
სწორედ იმ ღამეს პატრიარქს ღმერთმა ანგელოზი მიუვლინა და მოახსენა, რომ უფლის სახლში მოვიდა უფლის მსახური დავითი; ის ახლა იმყოფებოდა ქალაქ ნაბლუსის გზაზე, ეცვა გაცვეთილი სამოსი და მხარზე აბგა ეკიდა, რომელშიც სამი ქვა ედო. ეს ქვები წმინდა დავითს იმ ადგილიდან აუღია, საიდანაც იგი უკან გაბრუნდა. დავითისთვის პატრიარქის მალემსრბოლებს უნდა ეთქვათ, რომ უფალმა მას იერუსალიმის მადლის მესამედი უბოძა, რომელიც დავითს თან უნდა წაეღო უდაბნოში, ხოლო იქ მისულს, ვინც ამ ქვებს შეეხებოდა, სამარადისოდ მიეტევებოდა ცოდვები. როგორც კი პატრიარქმა ეს სიტყვები მოისმინა, მაშინათვე იხმო მალემსბროლები და დაავალა მათ ყოველივეს აღსრულება.
წმინდა დავითმა, როდესაც ყოველივე მოისმინა, უფლის მიმართ გულწრფელი მადლიერება გამოხატა. მისი დამოკიდებულება მკაფიოდ არის წარმოდგენილი შემდეგ ფრაზაში: „დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო! და დიდებაჲ შენდა, სამებაო წმინდაო, ერთ-ღმრთეებაო, ერთ-არსებაო! დიდებაჲ შენდა ღმერთო, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ პოვნად წყალობისა!“ მიუხედავად იმისა, რომ მალემსრბოლები თხოვდნენ წმინდა დავითს დაბრუნებულიყო იერუსალიმში, მან მაინც მტკიცე უარი განაცხადა. როცა წმინდა დავითი დაბრუნდა უდაბნოში, ძმები სიხარულით შეხვდნენ მას. რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო მომხდარის შესახებ; შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა ძმათა რაოდენობაც და უდაბნოც გაივსო.
ერთხელ წმინდა დავითი ერთ-ერთი ძმის მოსანახულებლად წავიდა. ძმამ მამა დავითთან ახსენა თუ როგორი მწარე იყო ის წყალი, რომელსაც იგი სვამდა. მიუხედავად ამისა, ის საკუთარ თავს ყოველთვის ახსენებდა, რომ ჯოჯოხეთში არსებული სიმწარე ბევრად მტანჯველი იქნებოდა მისთვის, და მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს ამგვარად ინარჩუნებდა. წმინდა დავითმა, როდესაც ასეთი გულწრფელი სიტყვები გაიგონა, ანუგეშა ბერი და შეახსენა, რომ სასწაულმოქმედი ღმერთი ამ მწარე წყალს აუცილებლად დაატკბობდა: „ნუ მწუხარე ხარ, ძმაო. არამედ ვევედრნეთ უფალსა და რომელმან-იგი მერანს დაატკბნა წყალნი, მანვე სახიერმან დაატკბნეს ესენიცა და აღდგეს და ევედრნეს უფალსა.“ ბერთა ლოცვის შემდეგ წყალს გემო შეიცვალა.
დიდი დროის გასვლის შემდეგ, როდესაც მამა დავითის სულს უნდა დაეტოვებინა სხეული, იხმო მან თავისი ძმები, რათა დაერიგებინა ისინი: „ძმანო და შვილნო სულიერნო, მე ესერა განვალ ხორცთაგან, ვითარცა ერთი კაცთაგანი, ხოლო თქუენ ნუ შეძრწუნდებით, არამედ განმტკიცენით და განძლიერდით და დაუცხრომელად ევედრებოდით ღმერთსა სულთა თქუენთა ცხორებისათვს.“ წმინდა დავითმა ძმებს დაავალა, რომ მსხვერპლი შეეწირათ, ხოლო თავად ყველაფრისათვის უფალს მადლობა გადაუხადა. როცა მამა დავითმა დატოვა წუთისოფელი, მონასტრის ძმებმა დაიტირეს იგი. ძმათაგან ერთ-ერთს ცალი თვალი არ ჰქონდა. როდესაც ის შეეხო წმინდა დავითის გვამს, ამ შეხების შედეგად იგი განიკურნა. წმინდა დავითის დასაფლავების შემდეგ კი. ის, ვინც მის საფლავზე აღმოჩნდებოდა, სასწაულებრივად იკურნებოდა და ამ სასწაულთა შემხედვარე გარშემომყოფნი„ადიდებენ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.“
თხზულებათა კვლევის ისტორია: თხზულებათა რედაქციული მიმართების, ავტორთა ვინაობისა და ცალკეულ ტექსტთა დათარიღების საკითხთა გარდა, მეცნიერები ძირითადად იკვლევდნენ ასურელ მამათა რაოდენობის, ეთნიკური და კონფესიური კუთვნილების, მათი საქართველოში მოსვლისა და ადგილობრივი სამოღვაწეო არეალის საკითხებს.
ასურელ მამათა რაოდენობა. ასურელ მამათა რიცხვი რომ ცამეტს აღემატებოდა, ჯერ კიდევ სირიულ ვერსიათა აღმოჩენამდე მკვლევართა ხელთ არსებულმა რედაქციებმა გამოავლინა. რევაზ სირაძის თქმით, „თვით რიცხვი მამათა რაოდენობისა - 13 ტრადიციამ დაამკვიდრა. ცნობილია, რომ ესეც სიმბოლურია (ქრისტე და მისი 12 მოწაფე, თუმცა მამანი 17 მაინც იყვნენ).“ (სირაძე 1988, გვ. 120).
სინური რედაქციებიდან ცნობილი გახდა მანამდე უცნობი იოანეს მოწაფეთა სახელები და ისიც გაირკვა, რომ მათი მოღვაწეობის არეალი, ამ ხელნაწერის თანახმად, ზოგჯერ განსხვავდებოდა ტრადიციულად, ადრე ცნობილი ხელნაწერებიდან ამოღებული ინფორმაციისაგან. სინურ რედაქციაში იოანეს საქმენის სათაურის შემდეგ (სადაც ნათქვამი, რომ იოანე და მისი მოწაფენი ქართლში მოვიდნენ „ქართლის მოქცევითგან მეორასესა წელსა,“ ვკითხულობთ: “და მოვიდა სანახებსა მას ქართლისასა, იგი, 12 მოწაფები მის თანა: შიო, დავით, იოსებ, ზეჱნონ, თევდოსიოს, ეზდერიოზ, სოლომოზ, თათა, პრობოზ, ვათა, პიმენ, ნათან. ესე დავით დაუტევა გარერჩას, იოსებ – ალავერდს, ზენონ – მადალოთს, პიმენ – იყალთოს, და იგი მოვიდა ზედაზადენს. და მოვლო ქუეყანაჲ ზენა სოფლისაჲ და დაჰნერგნა ადგილსა, რომელსა უწყის სულმან წმიდამან და დაუტევა მთათა ზედაზადენს: პრობოზ – ბრეთს, ნათან – ძეგოს, შიო – მღჳიმეს, ეზდერიოზ –ჭალაკსა სამთავისისასა, თევდოსიოს – ქუაბსა რეჴისასა, სომლოზ – ქცის.”
ამდენად, ასურელ მამათა სადღეისოდ ცნობილ სახელთა სია ასე გამოყურება:
|
ტრადიციული სახელები |
N/Sin.geo-50 |
|
1. აბიბოს/ზ ნეკრესელი |
|
|
2. შიო მღვიმელი |
|
|
3. დავით გარეჯელი |
|
|
4. იოსებ ალავერდელი |
|
|
5. ისე წილკნელი (იხსენიება იოანეს ცხოვრებაში) |
|
|
6. ზენონ იყალთოელი |
ზენონ მადალთოელი |
|
17. პიმენ იყალთოელი |
|
|
7. სტეფანე ხირსელი (სვინაქსარულ ცხოვრებაში იხსენიება, როგორც სტეფანე ქისიყელი; ალექსიძე 2019, გვ. 199) |
|
|
8. თადეოზ სტეფანწმინდელი (სვინაქსარულ ცხოვრებაში იხსენიება, როგორც თათა მთებელ (იქვე) |
|
|
9. ისიდეორე სამთავნელი |
ეზდერიოს სამთავნელი |
|
10. პიროზ ბრეთელი (სვინაქსარულ ცხოვრებაში იხსენიება, როგორც პჱროს ბრეთელი (იქვე) |
პრობოზ ბრეთელი |
|
11. მიქაელ ულუმბოელი (სვინაქსარულ ცხოვრებაში იხსენიება, როგორც მარკოზ ულუმბოელი (იქვე) |
|
|
12. ანტონ მარტყოფელი |
|
|
13. ელია დიაკონი |
|
|
14. ნათან |
ნათან - ძეგვს |
|
15. იოანე (იხსენიება შიოსა და ევაგრეს ცხოვრებაში) |
|
|
18. თევდოსიოს მრეჴელი |
|
|
19. სომლოზ - ქცის |
|
|
16. თათა |
თათა |
|
20. ვათა - ? |
|
ასურელ მამათა ეთნიკური კუთვნილება. როგორც უკვე აღინიშნა, ჯერ კიდევ სინური ხელნაწერის აღმოჩენამდე მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ასურელ მამათა რაოდენობა 13-ზე მეტი უნდა ყოფილიყო, ხოლო იოანე და 12 მოწაფე იესოსა და მის 12 მოციქულს შორის მსგავსების მიზნით მოგვიანებით შემუშავდა. თუმცა, ზაზა ალექსიძის დასკვნით, „როგორც ჩანს, ასურეთიდან მართლაც ცამეტი მამა ჩამოვიდა. დანარჩენები იყვნენ იოანე ზედაზნელის ადგილობრივი, ქართველი მოწაფეები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ასურელ მამათა მისიის აღსრულებაში. მოგვიანებით, ალბათ, უკვე ძნელი იყო იმის გარჩევა, თუ ვინ ჩამოვიდა ასურეთიდან და ვინ დახვდა მათ ქართლში. შთამომავლობისათვის ყველანი ასურელი მოღვაწეები იყვნენ.“ (იქვე). მკვლევრის აზრით, ამ ფაქტზე უნდა მიგვანიშნებდეს ის გარემოება, რომ ისე წილკნელი და აბობოს ნეკრესელი ტექსტში წარმოგვიდგებიან, როგორც ქართლის კათალიკოსის მიერ წილკნისა და ნეკრესის ეპისკოპოსებად შერჩეული მამები, ამ პერიოდში კი „საეკლესიო კათედრებს მხოლოდ ქართველები იკავებდნენ.“ მკვლევრის დასკვნით „ასურელ მამათა დიდი დამსახურება სწორედ ის არის, რომ თავის მისიონერულ მოღვაწეობაში მათ ქართველი მოწაფეებიც ჩართეს, რადგან, კარგად ესმოდათ, რომ სრულ წარმატებას მხოლოდ ამ გზით მიაღწევდნენ.” (იქვე).
ასურელ მამათა ეთნიკურ იდენტობასთან დაკავშირებით მკვლევრებს აგრეთვე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. ნაწილი მათ სირიელებად მიიჩნევდა, ნაწილი - ასურეთში სამოღვაწეოდ წასულ და მოგვიანებით უკან დაბრუნებულ ქართველებად. (სხვადასხვა მეცნიერთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა მიმოხილვისათვის, იხ. ზაზა ალექსიძე, „ისტორიოგრაფია ასურელ მამათა შესახებ,“ ნაკვეთში: „ასურელ მამათა ვინაობა,“ წიგნში: ალექსიძე 2019, გვ. 79-94, აქ გვ. 83-89). სინურ რედაქციაში ნათლად არის მინიშნებული, რომ მამები სირიელები არიან და სირიიდან მოდიან. იოანესთან მიმართებით სინური რედაქციის ტექსტში ნათქვამია: „ესე ნეტარი იყო ნათესავით ასური, ქუეყანით შოვა მდინარით, რომელ არს ასურეთისაჲ; წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲ, მოივლინა ქართლად.“ (იქვე, გვ. 92); ხოლო ნარატივის ორ მოქმედ პირთან მიმართებით ნათქვამია, თუ კონკრეტულად საიდან იყვნენ ისინი წარმომავლობით: თევდოსიოს მრეჴელი წარმოშობით ყოფილა სირიის ქალაქ ურჰიდან/ედესიდან, ხოლო ეზდერიოზ სამთავნელი - ქალაქ მაბუგიდან/ჰიერაპოლისიდან. ორივე ქალაქი ქრისტიანულ სამყაროში კარგად არის ცნობილი ქრისტეს ხელთუქმნელ ხატთან დაკავშირებით (იხ. ქვემოთ).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სირიიდან ჩამოსულ მამათა ქართველობის იდეის მომხრე მეცნიერები საკუთარ მოსაზრებას ამყარებდნენ ადრე ცნობილ რედაქციებში მოხსენიებულ ინფორმაციაზე, რომ იოანემ ჩამოსვლისთანავე ქართულად დაიწყო საუბარი. ზაზა ალექსიძის თქმით, მსგავსი პასაჟი სინურ რედაქციაში არ იძებნება. მკვლევრის ვარაუდით, სირიელმა მამებმა, სავარაუდოდ, საკმაოდ სწრაფად ისწავლეს ქართული დამოწაფებული ქართველი მიმდევრებისაგან (იქვე, გვ. 92-93).
ასურელ მამათა ქართლში მოსვლის დრო.
სხვადასხვა მეცნიერთა მიერ გამოთქმული მოსაზრებანი დეტალურად არის მიმოხილული სხვადასხვა მეცნიერის მიერ (ზაზა ალექსიძე, „ასურელ მამათა ქართლში მოსვლის დრო,“ წიგნში: მისივე 2019, გვ. 94-112; ალექსიძე ; საბა მეტრეველი, წმინდა ასურელ მამათა ქართლში მოსვლის დრო,“ წიგნში მეტრეველი 2010, გვ. 7-10; სულავა 2024, გვ. 358-359).
სინური რედაქციების აღმოჩენამდე ამ საკითხზე მსჯელობისას მკვლევარნი, ძირითადად, ასურელ მამათა ციკლის ორ თხზულებაში მოცემულ ინფორმაციას ითვალისწინებდნენ:
- ცხორებაჲ შიოჲსი და ევაგრესი: „ოდეს-იგი აღასრულნა ნეტარმან შიო ოცნი წელნი სხუანი მონაზონებასა შინა, მოიწია იოანესსა ბრძანებაჲ ზეგარდამო, რათა გამოირჩინეს ათორმეტნი მოწაფეთაგან თჳსთა ძლიერნი სიტყჳთა და საქმითა და წარვიდეს ქუეყანად ქართველთა და განამტკიცნეს ერნი სარწმუნოებასა ზედა, რამეთუ ახალ-ნერგ იყვნეს მაშინ ქართველნი და ორასნი ოდენ წელიწადნი წარსრულ იყვნეს მოქცევით მათითგან; ოდეს-იგი ... დედამან ნინო აღმოშვნა წმიდითა ემბაზითა და განანათლნა ღმრთის მეცნიერებითა.”
- მარტჳლობაჲ აბიბოს ნეკრესელისაჲ: „ხოლო ნეტარი იგი ეპისკოპოსი აბიბოს მეგობარი იყო ბრწყინვალისა მის მნათობისა სჳმეონ მესუეტისა ანტიოქელისაჲ, არა თუ ხილვითა ეხილვა სადამე ერთმანერთი, არამედ სულიერითა მით სიყუარულითა, რომლითა იხილვების შორეული ვითარცა მახლობელი, და კუალად წიგნითა და მოციქულითა იყო მათ შორის შესწავებაჲ.”
ამდენად, ზაზა ალექსიძის თქმით, „ისინი, ვინც უპირატესობას აძლევდნენ ფარსმანისა და ევლალეს ზეობას, ქართლში ასურელი მამების მოსვლას, ზოგადად, VI ს-ით განსაზღვრავდნენ (ზუსტი თარიღების დადგენაში მათ შორისაც არის სხვაობები), ხოლო ისინი, ვინც სიმეონ მესვეტეში სიმეონ მესვეტე უფროსს გულისხმობდნენ – V ს-ით. არსებობს ამ ორი მოსაზრების შემათანხმებელი შეხედულებაც, რომ ასურელი მამები ქართლში მოვიდნენ ორჯერ – V ს-ში და VI ს-ში სიმეონ მესვეტე უმცროსის დროს.“ (ალექსიძე 2019, გვ. 98).
კორნელი კეკელიძის აზრით, ასურელი მამები ქართლში მოვიდნენ არა ერთად, არამედ VI ს-ის მანძილზე ცალ-ცალკე და ჯგუფებად:
პირველი ქართლში მოვიდა დავით გარეჯელი, „ის ქართლში უნდა მოსულიყო 520 წლის მომდევნო ხანაში. შესაძლებელია, მასთან ერთად ყოფილიყვნენ ლუკიანე და დოდო. ისინი უნდა გამოქცეულიყვნენ 519–520 წლებში იუსტინიანეს გამეფების პირველი დღეებიდანვე დაწყებულ მონოფიზიტთა დევნას სირიაში.“ (კეკელიძე 1956, გვ. 36-37).
შემდეგ ქართლში, იოანე ზედაზნელის მეთაურობით, უნდა შემოსულიყვნენ ჯგუფურად შიო მღვიმელი, ისე წილკნელი, ეზდერიოს სამთავნელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი და თათა, რომლებიც იოანესთან ერთად არიან მოხსენიებულნი იოანეს ცხოვრების არსენისეულ რედაქციაში. ისინი ქართლში უნდა მოსულიყვნენ 541 წლის შემდეგ, ვინაიდან შიოს ცხოვრებაში ნათქვამია, რომ ქართლში წამოსვლამდე იოანემ მოინახულა „თორნესა შინა მთასა საკჳრველსა“ მყოფი სვინეონ საკვირველმოქმედი. სვიმეონ მესვეტე უმცროსი კი თონეში სვეტზე ასვლამდე, ანუ 541 წლამდე იჯდა. ამდენად, კორნელი კეკელიძის დასკვნით, ზემოხსენებული მამები ქართლში უნდა მოსულიყვნენ 543 წელს, ვინაიდან, ანტონი მარტყოფელის ცხოვრების თანახმად, 544 წელს ანტონის უკვე სცოდნია, რომ ისინი ქართლში არიან წამოსულები; შესაბამისად, ისინი 540–42 წლებში მონოფიზიტების დევნას უნდა გამოჰქცეოდნენ. (იქვე, გვ. 37-38).
545 წელს უნდა მოსულიყო ქართლში ანტონი მარტყოფელი. მის ჩამოსვლას კეკელიძე სპარსელების მიერ 544 წელს ედესისათვის ალყის შემორტყმასა და ამავე პერიოდში მონოფიზიტთა „დევნულობას და შევიწროებას“უკავშირებს. (იქვე, გვ. 38).
სულ ბოლოს კი, კეკელიძის ვარაუდით, 571 წლის შემდეგ ქართლში უნდა მოსულიყო აბიბოს ნეკრესელი, რომელიც 571 წლის დევნულებას უნდა გარიდებოდა (იქვე, გვ. 39-40).
ივანე ჯავახიშვილი დაეთანხმა კორნელი კეკელიძის ამ მოსაზრებას, ოღონდ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, დავით გარეჯელი ქართლში არა VI საუკუნეში, არამედ V საუკუნის დამლევს ჩამოსულიყო. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ქვეყანაში მოსვლა მან VI საუკუნის შუა წლებში ივარაუდა; დაახლოებით იმავე დროს, ოღონდ „დამოუკიდებლივ მოსულად“ მიიჩნია მკვლევარმა ანტონი მარტყოფელი. ჯავახიშვილია ფიქრით, სულ ბოლოს კი, VI საუკუნის მეორე ნახევარში, უნდა ჩამოსულიყო ქვეყანაში აბიბოს ნეკრესელი. (ჯავახიშვილი 1979, გვ. 409-410).
ზაზა ალექსიძის აზრით, „“მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკის”ტრადიციით (სინური და ჭელიშური რედაქციები) ასურელი მამების ქართლში მოსვლის თარიღი უნდა იყოს 509-510 წლები. ვინაიდან ეს თარიღი ძალიან ახლოს არის იოანეს ზედაზნის მამასახლისად გახდომის თარიღთან, ასურელ მამათა ქართლში მოსვლა 510 წლის ახლო ხანებით შეიძლება დათარიღდეს.” (ალექსიძე, 2019. გვ. 117).
ასურელ მამათა კონფესიური იდენტობა. არანაკლები ყურადღება ექცევა მეცნიერთა მხრიდან საკითხს ასურელ მამათა კონფესიური იდენტობის შესახებ. ასე, ნიკო მარი ვარაუდობდა, რომ ქალკედონიტობის გამარჯვებისათვის, შესაძლოა, ნიადაგი ნესტორიანობამ მოამზადა, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში სირიელ მამებს შეეტანათ. მკვლევრის თქმით, “მამები, შესაძლოა, ნესტორიანები იყვნენ,“ ხოლო „ქალკედონტითა დიოფიზიტური ქრისტოლოგია ძალიან ახლო იყო ნესტორიანულთან.“ (Марр 1906, გვ. 3). კორნელი კეკელიძე და ქართველ მეცნიერთა ნაწილი თვლიდა, რომ ასურელი მამები მონოფიზიტები იყვნენ, რომლებიც ქართლში გადმოიხვეწენ სირიაში მონოფიზიტთა დევნის გამო (კეკელიძე 1956, გვ. 41; მელიქსეთ-ბეგი 1959, გვ. 211). თამილა მგალობლიშვილის თქმით, შესაძლოა, VI საუკუნეში ასურელ მამათა ქართლში მოსვლა იყოს „V-VI სს-ისა და VI-VII სს-ის მიჯნაზე ქართლში არსებული უნიონალური იდეოლოგიური პოლიტიკის შედეგი… ჩემი ფიქრით, ეს მამები შესაძლებელია იმ გარკვეული იდეოლოგიური მიმართულების მიმდევრები იყვნენ, რომლის დამცველნიც ამავე პერიოდში სომხეთსა და ალბანეთში მისულან სირიიდან. სომხური წყაროების თანახმად, ისინი, ძირითადად, ნესტორიანელი ბერები იყვნენ, მათი მიზანი იყო ნესტორიანობისა და ქალკედონიანობის ქადაგება და დანერგვა. სომხეთსა და ალბანეთში მათ აუგიათ მონასტრები და ეკლესიები, რომლებიც სომხებსა და ალბანელებსაც, იდეოლოგიური თვალსაზრისით შეუთავსებლობის გამო, მოუნგრევიათ, თვით ბერები კი თავიანთი ქვეყნებიდან გაუძევებიათ. იქნებ, ჭეშმარიტებასთან ახლოს იყოს ივ. ჯავახიშვილის ძალზე ფრთხილი ვარაუდი ანალოგიური იდეოლოგიური კურსის დამცველთა ქართლში მოსვლის შესახებაც.“ (მგალობლიშვილი 2003, გვ. 338-339). ამ იდეოლოგიურ მიმართულებას მკვლევარი აიგივებდა VI საუკუნის მეორე ნახევარში სირიელ ნესტორიანთა შორის არსებულ დიოფიზიტობასთან დაახლოებისა და შერწყმის ტენდენციასთან. (იქვე).
თედო ჟორდანია (ჟორდანია 1892, გვ. 54), მოსე ჯანაშვილი (ჯანაშვილი 1886, გვ. 43-49), ივანე ჯავახიშვილი (ჯავახიშვილი 1951, გვ. 41) თვლიდნენ, რომ ასურელი მამები ქალკედონიტები, ანუ დიოფიზიტი აღმსარებლობის ქრისტიანები იყვნენ. ივანე ჯავახიშვილის თქმით, „”ეპისტოლეთა წიგნში” აღნუსხული ცნობის ანალოგიის გათვალისწინება და ასურელ მამათა ცხორებებსა და საისტორიო თხზულებებში შერჩენილი ცნობები უფლებას გვაძლევენ დავასკვნათ, რომ იოანე ზედაზნელის მეთაურობით მოსული ასურელი მამები არამცთუ მონოფიზიტები არ ყოფილან, არამედ სწორედ მონოფიზიტობის დაუძინებელი მტრები იყვნენ. მხოლოდ ანტონ მარტყოფელის სარწმუნოებრივი მრწამსია საეჭვო და ჯერ კიდევ გამოსარკვევია მისი ნესტორიანობისადმი დამოკიდებულება. განსაკუთრებული კვლევის საგნად უნდა იქცეს აგრეთვე დავით გარეჯელის სარწმუნოებრივი კუთვნილების საკითხიც.“ (ჯავახიშვილი 1951, გვ. 377)
დიოფიზიტებად მიიჩნევენ ასურელ მამებს აგრეთვე ზაზა ალექსიძე (ალექსიძე 2003, გვ. 121), რევაზ სირაძე (სირაძე 1992, გვ. 33, Id. 1988, გვ. 121) და საბა მეტრეველი (მეტრეველი 2009, გვ. 11-12; Id. 2021, გვ. 317-318). რევაზ სირაძის აზრით, „იმისდა მიუხედავად, ისინი ცალკე ჯგუფებად მოვიდნენ თუ ერთად, მათი მიზნების ერთიანობა... იმდროინდელი საქართველოს სულიერ ცხოვრებას უნდა განესაზღვრა.“ (სირაძე 1988, გვ. 120). მკვლევრის დასკვნით, „მთავარი ისტორიული ფაქტი, რომელსაც ქართული ბერ-მონაზვნობის წარმოშობა უნდა დაკავშირებოდა, 532 წელს სპარსეთის მიერ ქართლში მეფობის გაუქმება იყო... ამ დროს მონასტერთა ანტისპარსული მისია უნდა გამოხატულიყო ანტიმონოფიზიტურ ქადაგებაში და ეს მონასტრებში უფრო შესაძლებელი იქნებოდა, ვიდრე სამრევლო ეკლესიებში.“ (იქვე, გვ. 121)
ზაზა ალექსიძის თქმით, „ასურელ მამაღა მოღვაწეობა არ ნიშნავდა მხოლოდ ზოგადად ქრისტიანობის განმტკიცებას ქართლში. უეჭველია, ეს იყო ქალკედონური მრწამსის, მართლმადიდებლობის განმტკიცება „ყოველი ქართლის“ ყოველ კუთხეში.“ (ალექსიძე 2003, გვ. 121).
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოთქმულია მოსაზრებები დავით გარეჯელის იდენტობასთან დაკავშირებით. ლეონ მელიქსეთ-ბეგი მას VI საუკუნის ცნობილ სომეხ ფილოსოფოსთან, დავით ანჰათთან (უძლეველთან) აიგივებდა (მელიქსეთ-ბეგი 1959); ხოლო XVIII-XIX საუკუნის სპარსულ წყაროებში, რომლებიც თბილისის აღებას აღწერენ, დავით გარეჯელს აიგივებენ შეიხ სანანთან. ასე, XIX საუკუნის გენერლის, მაჯდ-ოს-სალტანეს აღწერაში ნათქვამია: „შეიხ-სენანი - იგივე მამა დავითია, მუსლიმანთა გადმოცემით შეიხ-სენანს შეუყვარდა ქართველი ქალი, მიიღო ქრისტიანობა და გახდა მღვდელმსახური - მამა დავით გარეჯელი.” (ბაინდურაშვილი 2013-2014, გვ. 209). შეიხ-სანანი ლეგენდარული ფიგურაა, რომელიც ისლამურ ტრადიციით, შესაძლოს იყოს „ან ძალიან ცნობილი მოჰადესი (ჰადისების მთხრობელი) აბდ ალ-რაზაყ ბონ ჰამამი, სახელად სანაანი რომელიც ცხოვრობდა ჰიჯრით 126-211 (743-826) წლებში,“ ანდა „VI (XII) საუკუნის ფაკირი იბნ საყა, რომელსაც, გადმოცემით, რუმში ქრისტიანი გოგო შეუყუარდა.“ (ალექსიძე 2009, გვ. 15). ხათუნა ბაინდურაშვილის თქმით, შეიხი სანანი სუფი მოღვაწეა, სუფიური მოძღვრება კი „ძალზე პოპულარული იყო XII-XIII საუკუნეების საქალაქო ცხოვრებაში.“ (ბაინდურაშვილი 2013-2014, გვ. 214-215). მკვლევრის ვარაუდით, ლეგენდა შეიხ სანანზე სწორედ ამ პერიოდში უნდა გავრცელებულიყო თბილისელ მუსლიმთა წრეებში და მოგვიანებით შეერწყა დავით გარეჯელის თბილისში მოღვაწეობის შესახებ არსებულ გადმოცემებს. (იქვე).
მეცნიერებს გამოთქმული აქვთ მოსაზრებანი ასურელ მამათა ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ. კორნელი კეკელიძეს აღნიშნული აქვს, რომ შიო მღვიმელის ცხოვრებაში მოტანილი „საკმაოდ ვრცელი მოძღვრება... ალბათ, ანარეკლია მისი წერილობითი შრომისა... შიოსგან დარჩენილა ორი ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებიც... ორი „ოხითაჲ.“ ერთი მათგანი მიმართულია ღვთისმშობლისადმი და განმსჭვალულია ღრმა ლირიზმით. მას, შიოა ანდერძის თანახმად, გალობდნენ ხოლმე ღვთისმშობლის ტაძარში ლიტანიით შესვლისას. მეორე „ოხითაჲ“ წარმოადგენს ვედრებას სამებისადმი დაიცვას მონასტერი ბარბაროსთა შემოსევისა და ყოველივე გასაჭირისაგან.“ (კეკელიძე 1980, გვ. 123-124). ლამზირა ბუბუტეიშვილის მითითებით, შიო მღვიმელის საგალობლები სამ ხელნაწერშია დაცული (A-130, A-160, A-425), შიოს ავტორობას კი საგალობლებზე დართული მინაწერები ადასტურებს. (ბუბუტეიშვილი 2011, გვ. 43). მკვლევარი მიუთითებს, რომ “შიო მღვიმელი პირველი ჰიმნოგრაფია ქართულ მწერლობაში, რომელმაც უმშვენიერესი საგალობლებით ხოტბა შეასხა ერთარსება სამებასა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. (იქვე, გვ. 56).
როგორც ზემოთ ვნახეთ, რევაზ სირაძე თვლის, რომ იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში ჩართული „სწავლა-დამოძღვრა“ თავად იოანეს მიერ უნდა იყოს დაწერილი. (სირაძე 1988, გვ. 133). სოსო სიგუას კი მიაჩნია, რომ აბიბოს ნეკრესელი არის ევსტათი მცხეთელის მარტვილობის ავტორი (სიგუა 2001; იხ. ჰაგიოგრაფია > მარტვილობანი > ევსტათი მცხეთელის მარტვილობა; აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა).
ტექსტში შემავალი ადრე უცნობი ეპოზოდი:
სინური რედაქციის დასაწყისში, მამათა სახელებისა და მოღვაწეობის არეალის მითითების შემდეგ მოცემულია ქრისტეს ხელთუქმნელ ხატებთან დაკავშირებული ეპიზოდი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ასურელ მამათა ცხოვრების გვიანდელ ციკლში მოცემული ნარატივისაგან. გვიანდელ ციკლში ხელთუქმნელი ხატის ამბავი ანტონი მარტყოფელის სახელს უკავშირდება, რომელსაც ხატის სასწაულებრივად შექმნილი ასლი, წმინდა კეცი, ანუ კერამიდია ქართლში ჩამოაქვს, ვინაიდან იგი იმ დროს ედესელ ნესტორიანთა ხელშია და წმინდა მამას მისი „გამოხსნა“ სურს.
სინური რედაქციის იოანე ზედაზნელის საქმეთა ტექსტში მოცემული ეპიზოდი კი ხელთუქმნელ ხატებზე შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის:
„და ამათნი საკჳრველნი საქმენი, რომელ უქმნიან, დიდი წიგნი არს, თუ სადა გაზრდილ არიან და ვითარ დგომილ არიან იოვანეჲს და რაჲ ვის თავად-თავად სასწაულნი უქმნიან. გარნა ჩუენ ესთენ ვპოვეთ მრეჴელისაჲ და სამთავნელ ჭალაკელისაჲ.
ნაბუქელი იყო წინაშე ხატსა მაცხოვრისასა მდგომელი. შვილი მესაკუმევლისაჲ, და შეეძრახა ურ(ა)ჰას შინა იოვანეს და გამოჰყვა. და ესე თევდოსიოს მრე£ელი მთავარი იყო უარ(ა)ჰაელ, ძჱ ბჭისაჲ და სამართლის-მყოფელისაჲ გლახაკთაჲსაჲ, და კურთხეულ იყო დეაკონად და მონაზონად ხატსა წინაშე ქრისტჱსსა, და უცხოებისათჳს წარმოჰყვა იოვანეს.
და რაჟამს დასხდეს ესენი აქა და აღაშჱნეს საყოფელად ეკლესიანი, განიძრახეს, რაჲთამცა ხატისა მის წილ მაცხოვრისა ხატები გაწერეს სასურველად. და თევდოსიოს შემზადა კედელი, ხოლო ეზდერიოზ შექმნა ფიცარი. და მოივლინა კაცი ვინმე მოგზაური ჭალაკით ვანად ეზდერიოზისა და მიზეზ-ყო ლომისა დევნაჲ დააყენა ბერმან და ჰკითხა, თუ ვინაჲთ მოხუალ. ხოლო მან ჰრქუა, ხატისა წერაჲ ვიცი. და ვითარცა ესმა ესე, წარვიდა ბერი რეჴდ, რაჲთა მოჲყვანოს თევდოსიოს. და ვითარცა მოჲწივნეს, იხილეს ხატი ღმრთაებისაჲ ქუე-მდგომარჱ, საშინელად ბრწყინვალჱ. და წერილ იყო ფერჴთა თანა ასურებრითა წერილითა: „ვის ეგე ჰხედავთ, მან მომავლინა“.
და ვიდრე-იგი ამას განკჳრვებასა იყვნეს, მოვიდა მოწაფჱ თევდოსისი და ჰრქუა: კაცი ვინმე მეოტი ვეფხთაგან და დათუთა შემოიჭრა ვითარცა ავაზაკი და წარმოვედ.
ხოლო მათ მოისწრაფეს და არავინ პოვეს, გარნა კედელსა მას შემზადებულსა ბრწყინვიდა ხატი ღმრთაებისაჲ ზე-მდგომარჱ. მაშინ მსწრაფლ აუწყეს იოვანეს და მოვიდა და თაყუანის-სცა ხატთა მათ და დაფარვად სცა საქმეჲ ესე.
და მისთა საკჳრველებათაჲ წიგნი ყოფილ არს სივნიეთა, წარუღებია ამასპო დედუფლისა დედასა.” (ალექსიძე 2019, გვ. 213-214)
ამდენად, როგორც ვხედავთ, ასურელ მამათა ცხოვრების ძველ ციკლში მოცემულია განსხვავებული თხრობა ედესის/ურჰის ხელთუქმნელი ხატის სახელით ცნობილი უწმინდესი ქრისტიანული რელიკვიისა და ასურელ მამათა მიერ ხატის/ხატთან დაკავშირებული ტრადიციის ქართლში ჩამოტანისა და დამკვიდრების შესახებ. (ალექსიძე 2019, გვ. 90-92, Id. 2001). როგორც ჩანს, ეს ტრადიცია - რომელიც გვამცნობდა ედესის/ურჰის ხელთუქმნელი ხატის, მანდილიონის და მისი კეცის ასლის - ჰიერაპოლისის/მაბბუგის კერამიდიონის (არსებობდა კიდევ ერთი კეცის ხატიც, ედესის კერამიდიონი) ნაცვლად ადგილობრივად ნახევრად სასწაულებრივად გამოსახული ხატისა და ფრესკის ამბავს - როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში, როგორც ეს იოანემ დაიბარა, „დაფარვად იცა,“ და ჩანაცვლდა ნარატივით ანტონი მარტყოფელის მიერ ედესიდან კერამიდიონის ჩამოტანის შესახებ. (ამ საკითხთან დაკავშირებით, იხ. ყარაულაშვილი 2003; Id 2010, გვ. 174-185). ამასთან, ქრისტეს უძვირფასეს რელიკვიებთან დაკავშირებული ტოპონიმების - ურჰა, ნაბუქი/მაბბუგი - მიგვითითებს, რომ ქართველი ავტორი სარგებლობდა არა ბერძნული ტრადიციის ამსახველი ნარატივით, სადაც ამ ქალაქთა სახელები ჟღერს როგორც ედესა და ჰიერაპოლისი, არამედ უშუალოდ სირიული რეალობიდან გადმოტანილი გადმოცემებით, რაც, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ უნდა ადასტურებდეს ასურელ მამათა წარმომავლობის საკითხს.
აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ გვიან სირიულ საეკლესიო ლიტერატურაში პირდაპირი მინიშნება ასურელ მამათა მოღვაწეობაზე არ იძებნება. თუმცაღა, ამ ბოლო დროს ალექსეი მურავიოვის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, შესაძლოა იოანე ეფესელის აღმოსავლელ მამათა ცხოვრებანში მოცემული მეთექვსმეტე ამბავი ნეტარ სიმეონზე, კეთილშობილ მთას შეკედლებულ განდეგილზე, გულისხმობდეს ერთ-ერთ ასურელ მამას. (Муравьев 2007).
ასურელ მამათა ციკლის ტექსტებს არანაკლებ ყურადღებას აქცევენ ხელოვნებათმცოდნენი. შეისწავლება როგორც იმ ეკლესიათა და მონასტერთა არქიტექტურა, რომელთა დაარსებაც, გადმოცემით, ასურელ მამებს მიეწერება, აგრეთვე ამ ტაძრებში არსებული იკონოგრაფია, რომელიც, რიგ შემთხვევაში, თავად მამათა მოღვაწეობის შესახებ ნარატივებზეა დაფუძნებული (Вольская 1957, მირიანაშვილი 2016-2017, სხირტლაძე 2025, Id. 2019, Loosley Leeming 2018, და სხვ.)
უცხოელ მეცნიერთაგან ასურელ მამათა ცხოვრების ციკლს ცალკე კვლევა მიუძღვნა ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნადეტ მარტენ-იზარმა. (Martin-Hisard 1985, Id. 1986). მისი ანალიზი სინურ ხელნაწერთა პუბლიკაციებამდე გამოქვეყნდა. მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თავდაპირველად, VII საუკუნეში დაიწერა აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა, შემდეგ, უცნობმა ავტორმა IX საუკუნის ბოლოს, ანდა X საუკუნის დასაწყისში დაწერა დავით გარეჯელის ცხოვრება; X საუკუნის ბოლოს კათოლიკოს არსენი II-მ, მანამდე არსებული რედაქციიდან ამოღებული ნაწყვეტების მეშვეობით, შეადგინა იოანესა და მისი მოწაფეების ცხოვრება და მცირედ შეცვალა აბიბოსის მარტვილობის პირვანდელი ტექსტი. XI საუკუნის უცნობმა ავტორმა მოახდინა იოანესა და მისი მოწაფეების ცხოვრების პირველი ნაწილის „უადგილო პლაგიარიზაცია.“ XI საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის დასაწყისში მოხდა ტექსტების გადამეტაფრასება - უცნობმა ავტორმა მოგვცა იოანეს ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია და ვინმე მარტვირმა შექმნა შიოს ცხოვრების რედაქცია, რომის ნაწილიც გადამეტაფრასებულია და ნაწილი ორიგინალური ტექსტიდანაა აღებული. XII საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა დავითის ცხოვრების გადამეტაფრასებაც. (Martin-Hisard 1985, გვ. 165).
კრისტოფერ ჰაასის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ 13 ასურელი მამის მოხსენიება სირიულ წყაროებში არ ხდება, იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ჯგუფურად ჩამოსვლა ქართლში წააგავს სირიაში არსებულ სამონასტრო პრაქტიკას მოძღვრისა და მისი მიმდევრების ჯგუფურად მოძრაობის შესახებ. (Haas 2009, გვ. 96).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ასურელ მამათა ცხოვრებათა ციკლის საშუალებით ქართულმა ჰაგიოგრაფიამ მოახდინა ქვეყანაში მონასტიციზმის ჩამოყალიბებასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ მოღვაწეთა შესახებ ისტორიული მეხსიერების სანქციონირება-ფორმირება. ამასთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტრადიციის ფიქსაციის პროცესი ხანგრძლივი და არაერთგვაროვანი იყო. ჯერ, სავარაუდოდ, დავიწყება მიეცა ტრადიცია პეტრე იბერისა და მისი წმინდა მიწაზე სამონასტრო მოღვაწეობის შესახებ.6 შემდეგ კი თანდათანობით, საუკუნეთა განმავლობაში მოხდა ასურელ მამათა ქართლში მოსვლისა და მოღვაწეობის შესახებ ტრადიციის დაკრისტალება (რაზეც უნდა მოწმობდეს ხელთუქმნელ ხატებთან დაკავშირებული ერთი ნარატივის მოგვიანებით მეორე ნარატივით ჩანაცვლება).
-
ასურელ მამათა ცხოვრების ციკლში შემავალ ცალკეულ თხზულებათა რედაქციული თავისებურებანი დეტალურადაა მიმოხილული საბა მეტრეველის ნაშრომში (საბა მეტრეველი, „წმინდა ასურელ მამათა „წამება“-„ცხოვრბანის“ რედაქციები,“ წიგნში: მეტრეველი 2010, გვ. 14-24) ↩︎
-
ხელნაწერის აღწერილობის თანახმად, ეს, ხელნაწერი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო და შედგებოდა 5 ნაწილისაგან: A-199, A-800, A-829, A-832, A-833 დღეს გაერთიანებულია და მოიხსენიება, როგორც A-199. კატალოგში ხელნაწერის დათარიღებად მოცემულია XIV-XV სს. ხელნაწერში შემავალ ტექსტებიდან მე-3 ნომრად მითითებულია იოანე ზედაზნელის ცხოვრება (17v-21v), მე-4 ნომრად - ცხოვრება შიოსი და ევაგრესი (21v-28r), მე-10 ნომრად - დავით გარეჯელის ცხოვრება (72v-76v), ხოლო მე-11 ნომრად - აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა (77r-78v). მეტრეველი (რედ.) 1976, გვ. 240-245. ↩︎
-
კორნელი კეკელიძის თქმით, ხელნაწერში წარმოდგენილია შემდეგი ტექსტები: იოანე ზედაზნელის, ისე წილკნელისა და შიო მღვიმელის (A-199), დავით გარეჯელის (A-199) ცხოვრებანი და აბიბოს ნეკრესელის წამება (A-832; კეკელიძე 1980, გვ. 158-159) ↩︎
-
ამ განცხადების საფუძველზე ასურელ მამათა ცხოვრებანის თავდაპირველი რედაქციის ავტორიდ მარიამ ჩხარტიშვილს მიაჩნია იოანე ზედაზნელის მოწაფე მარტვირი, რომელსაც მოგვიანებით იოანე ეწოდა. (ჩხარტიშვილი 1996, Id. 2020). ↩︎
-
ტექსტთა სხვადასხვა რედაქციათა ურთიერთმიმართება მიმოხილულია შემდეგ ნაშრომებში: თვარაძე 1985, გვ. 155-159; მეტრეველი 2010, გვ. 14-30; სულავა 2024, გვ. 363-366; 381-382; 387-388; 392-393. ↩︎
-
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, შოთა მათითაშვილის ვარაუდით, „ქართული ბერმონაზვნობა სათავეს IV საუკუნიდან იღებს.“ მკვლევრის აზრით, საქართველოში არსებული ასკეტური ცხოვრების ადრეული ფორმები ჯერ კიდევ ნინოს ცხოვრებაშია წარმოდგენილი; ნარატივში თავად წმ ნინოც ქრისტიან ასკეტად და ქრისტიან ქალწულთა მონასტრული თემის წინამძღვრადაა დახატული (იხ აგრეთვე: მანია 2002-2003). მათითაშვილის დასკვნით, „IV-V საუკუნეებში ქართლში (და სავარაუდოდ ეგრისშიც) მონასტრების მრავალფეროვანი და მაღალგანვითარებული ფორმები გვხვდება. ამ ორ საუკუნეში ქართულმა ბერმონაზვნობამ ძალა მოიკრიბა, რათა შემდგომში შუა საუკუნეების ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს შემოქმედად ქცეულიყო.“ (მათითაშვილი 2017, გვ 268). ↩︎
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია:
აბულაძე, ილია 1955. ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები. ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები I. თბილისი: თსუ გამომცემლობა
ალექსიძე, მარინა 2009. სპარსულები და სპარსული კულტურა XIX საუკუნის საქართველოში. თბილისი: {n.l.]
ალექსიძე, ზაზა, მზექალა შანიძე, ლილი ხევსურიანი და მიხეილ ქავთარია 2005. სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 წელს აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ათენი: საბერძნეთის კულტურის სამინისტრო და სინური კვლევის ფონდი.
ალექსიძე, ზაზა 2003. „სინური ხელნაწერები ასურელ მამათა შესახებ.“ ნათელი ქრისტესი საქართველო. წ. I. რედ. როინ მეტრეველი, თბილისი:, 118-121. Repr.: წიგნში: მისივე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი II. თბილისი: {n.l.], 169-174.
ალექსიძე, ზაზა 2001. ”მანდილიონი და კერამიონი ძველ ქართულ მწერლობაში,” აკადემია 1: 9–15. Repr.: წიგნში: მისივე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი II. თბილისი: {n.l.], 45-55.
ბაინდურაშვილი, ხათუნა 2013-2014. „შეიხ სანანისა და დავით გარეჯელის იდენტობისათვის.“ თსუ ისტორიის ინსტიტუტის შრომები 8: 208-217.
ბუბუტეიშვილი, ლამზირა 2011. „ქართული ჰიმნოგრაფიის სათავეებთან. შიო მღვიმელის ორო „ოხითაჲ“.“ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 7-8: 42-56.
გაბიძაშვილი, ენრიკო 1982. „ასურელი მოღვაწეების ცხოვრებათა ე. წ. არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის.“ მაცნე ელს 4: 61-67.
გაბიძაშვილი, ენრიკო 1968. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი IV. სვინაქსარული რედაქციები (XI-XVIII სს.). თბილისი: მეცნიერება
კაკაბაძე, სარგის 1928. საისტორიო კრებული. წიგნი I-ის დამატება. ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები. თბილისი: პოლიგრაფი
კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
კეკელიძე, კორნელი 1956. “საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ (კულტურულ-ისტორიული პრობლემა.“ [სტატიის რედაქტირებული ვარიანტი] წიგნში: მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. I. თბილისი: თსუ გამომცემლობა, გვ. 19-50. პირველად დაიბეჭდა: თსუ მოამბე 6 (1928): 82-107
მათითაშვილი, შოთა 2017. ქართული ბერმონაზვნობის ისტორია. ტომი I. IV-V საუკუნეები. თბილისი: მერიდიანი
მანია, ქეთევან 2002-2003. „წმინდა ნინო - პირველი მონაზონი ქალი.“ კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა 5-6: 3-13.
მგალობლიშვილი, თამილა 2003. „IV-X საუკუნეების საქართველოში მიმდინარე რელიგიური პროცესები.“ მრავალთავი 20: 331-340.
მელიქსეთ-ბეგი, ლეონ 1959. „დავით უძლეველი და დავით გარეჯელი.“ წიგნში: საიუბილეო კრებული. კორნელი სამსონის ძე კეკელიძეს დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად. რედ. ალექსანდრე ბარამიძე, სერგი ჟღენტი და მარინე ჯიბლაძე. თბილისი: თსუ გამომცემლობა
მეტრეველი, ელენე (რედ.) 1976. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (A) კოლექციისა. ტომი I2. შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: თ. ბრეგაძემ, ც. კახაბრიშვილმა, თ. მგალობლიშვილმა და სხვ. ელ. მეტრეველის რედაქციით. თბილისი: მეცნიერება
მეტრეველი, საბა 2021. „წმიდა ასურელ მამათა ცხოვრება - წამების წიგნები (ისტორიულ-ფილოლოგიური ექსკურსი) - წმინდა იოანე ზედაზნელი - სულიწმინდის მადლის წყარო - მოსაგრეობის ღვაწლი ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ევაგრჱს მიხედვით - წმიდა დავით გარეჯელის ცხოვრების ქრისტოლოგია - მოქალაქეობაჲ და წამებაჲ აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ.“ კრებულში: ქართული ჰაგიოგრაფია. რედ. დ. მენაბდე. ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობის სტამბა, გვ. 312-379.
მეტრეველი, საბა 2010. წმიდა ასურელ მამათა „წამება“ – „ცხოვრებანი.“ თბილისი: ნეკერი
მირიანაშვილი, ლადო 2016-2017. „გარეჯის უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთი ეგვტერის (სადიაკვნეს) მოხატულობის „არქაული ჯგუფის“ სიუჟეტთა ახლებური გააზრება.“ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები 14-15: 623-634.
ჟორდანია, თედო 1892. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა. შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ. ტ. I. ტფილისი: სტამბა მ. შარაძისა (Repr: თბილისი: არტანუჯი, 2004).
საბინინი, მიხაილ 1882. საქართველოს სამოთხე. სრული აღწერა ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა, შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ. პეტერბურღი: Типография императорской академии наук
სიგუა, სოსო 2001. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა და აბიბოს ნეკრესელი. თბილისი: გამომცემლობა „დიდოსტატი.“
სირაძე, რევაზ 1992. ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა I. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
სხირტლაძე, ზაზა 2025. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონა. ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიები. თბილისი: უნივერსალი
სხირტლაძე 2019. "გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების მოხატულობათა სამეცნიერო კვლევის ისტორიიდან." გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები 5: 349-432
ფერაძე, გრიგოლ 2006. ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში. თამარ ჭუმბურიძის გამოკვლევითა და რედაქციით. თბილისი: ნეკერი.
ყარაულაშვილი, ირმა 2010. “ედესის მეფე აბგარი და უფლის მიერ რჩეული მმართველის ქრისტიანული იდეის ჩამოყალიბება.“ წახნაგი 2: 157-188.
ყარაულაშვილი, ირმა 2003. “ანჩისხატი: კერამიდიონი ჰიერაპოლისიდან თუ მანდილიონი ედესიდან?” მრავალთავი 20: 170-178.
ჩხარტიშვილი, მარიამ 2020. „წმინდა ასურელ მამათა ღვაწლისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული ციკლის ისტორიის ძირითადი ფაქტები.“ ქრონოსი 1: 80-111.
ჩხარტიშვილი, მარიამ 1996. ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი ანალიზი (IV-VII სს. ისტორიის ამსახველი ძეგლები). დისერტაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯავახიშვილი, ივანე 1951. ქართველი ერის ისტორია I. თბილისი: თსუ გამომცემლობა
ჯავახიშვილი, ივანე 1928. „მწერლობა ასურელ მამათა საქართველოში მოღვაწეობაზე“, „ასურელი მამების ცხორებათა დაწერილობის თარიღისათვის“, „ასურელ მამათა მოღვაწეობის ხანა,“ „ ასურელ მამათა მოსვლისა და მოღვაწეობის მიზანი,.“ წიგნში: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. წიგნი I. მესამე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. თბილისი: გამომცემელი სილ. თავართქილაძე, გვ. 324-332-339-342-347; Repr. (ხუთი არსებული გამოცემის გათვალისწინებით): ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი. ტ. 1. რედ. ვალერიან გაბაშვილი. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1979 (პირველი გამოცემა: ტფილისი: ელექტრო-მბეჭდავი ამხ. „შრომა,“ 1908; - პირველი გამოცემა ნაკვეთს ასურელი მამების შესახებ არ შეიცავს. პირველად ეს მონაკვეთი სწორედ მესამე, 1928 წლის გამოცემაში გვხვდება).
ჯანაშვილი, მოსე 1886. საქართველოს საეკლესიო ისტორია, შედგენილი მოსე ჯანაშვილის მიერ. ტფილისი: ექვთიმე ხელაძის სტამბა
Haas Christopher 2009. “Ioane Zedazneli: A Georgian Saint in the Syrian Ascetic Tradition.” Vakhtang Beridze. 1st International Symposium of Georgian Culture. Georgian Art in the Context of European and Asian Cultures. June 21-29, 2008, Georgia. Proceedings. Ed. by Peter Skinner, Dimiti Tumanishvili and Anna Shanshiashvili. Tbilisi: Petite Ltd., 95-100.
Loosley Leeming, Emma 2018. Architecture and Asceticism: Cultural Interaction between Syria and Georgia in Late Antiquity Texts and Studies in Eastern Christianity 13. Leiden – Boston: Brill.
Martin-Hisard, Bernadette 1985. “Les “treize saints pères.” Formation et evolution d’une tradition hagiographique géorgienne (VIe-XIIe siècles). Première partie.” Revue des Etudes Géorgiennes et Caucasiennes 1:141-168.
Martin-Hisard, Bernadette 1986. “Les “treize saints pères.” Formation et evolution d’une tradition hagiographique géorgienne (VIe-XIIe siècles). Appendice de la première partie.” Revue des Etudes Géorgiennes et Caucasiennes 2: 75-111.
Matitashvili, Shota 2018. “The Monasteries Founded by the Thirteen Syrian Fathers in Iberia: The Rise of Monasticism in Sixth-Century Georgia.” Studies in Late Antiquity 2/1: 4-39.
Вольская, А 1957. Рельефы Шиомгвиме и их место в развитии грузинской средневековой скульптуры. Москва: Издвтельства АН ГрузССР.
Марр, Нико(лай) Яковлевич 1906. “Арќаун, монгольское название христиан, в связи с вопросом об армянах-халкедонитах.” Византийский Временник 12: 1-68.
Муравьев, Алексей Владимирович 2007. “Где проповедовал отшельник Симеон Горец?” Вестник Православного Свято-Тихоновского гуманитарного университета (ПСТГУ). Серия III: Филология.. 1/7: 58-67
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია (ასურელ მამათა ცხოვრების ციკლის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად გვხვდება ტექსტის ლიტერატურათმცოდნეობით-ისტორიოგრაფიული მიმოხილვა და ტექსტოლოგიური ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აგრეთვე საქართველოს ეკლესიის ისტორიის, საქართველოში ბერმონაზვნობის ჩამოყალიბების, ქართლისა და სასანიანთა იმპერიის ურთიერთდამოკიდებულების, აგრეთვე ასურელ მამათა ეთნიკური და კონფესიური იდენტობის საკითხს):
ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი:
მეტრეველი 2021.
მეტრეველი, საბა-ფირუზ 2005. „წმიდა იოანე ზედაზნელის ცხოვრების სახისმეტყველება.“ ლიტერატურული ძიებანი 25: 55-62.
სირაძე 1992.
ისტორიოგრაფიული ანალიზი:
ალექსიძე, ზაზა 2007. „მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკაში დაცული ტრადიცია ასურელ მამათა ქართლში მოსვლის დროის შესახებ.“ ანალები 1: გვ. 266-260; Repr., ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი II. თბილისი: [n.l.], 2011, გვ. 241-250
გოილაძე, ვახტანგ 2002. ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო. თბილისი: [n.l.]
მერკვილაძე, დავით 2006. ასურელი მამები (VI ს-ის სირიელი მოღვაწეები საქართველოში). წიგნი I. თბილისი: უნივერსალი
მერკვილაძე, დავით 1996. ასურელ მამათა ქართლში მოსვლის დრო. თბილისი: თსუ გამომცემლობა
ჯავახიშვილი 1928.
ჩხარტიშვილი 2020.
ტექსტოლოგიური ანალიზი:
ალექსიძე 2019.
აბულაძე, ილია 1955. ასურელ მამათა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები. ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები I. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
გაბიძაშვილი, ენრიკო 1982. „ასურელ მოღვაწეების ცხოვრებათა ე.წ. არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის.“ მაცნე ელს 4: გვ. 61-67; Repr.: ე. გაბიძაშვილი, შრომები. ტ. III. ნარკვევები, სამეცნიერო წერილები, საენციკლოპედიო სტატიები... თბილისი: საქართველოს მაცნე, 2011, გვ. 83-89.
კუჭუხიძე, გოჩა 2005. „წმიდა იოანე ზედაზნელის ცხოვრების უძველესი სახის აღდგენისათვის.“ ლიტერატურული ძიებანი 26: 49-54
წყაროთმცოდნეობითი კვლევები:
სხირტლაძე, ზაზა (რედ) 2001. სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში. გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი. საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2000 წლის სექტემბერი. თბილისი: [n.l.].
Martin-Hisard, Bernadette 1991. “Les biens d’un monastère géorgien (IXe-XIIIe siècles). Le témoignage des Actes du monastère Saint-Shio-de-Mghvimé.” კრებულში: Hommes et Richesses de l’Empire byzantin II: VIIIe-XVe siècles, éd. V. Kravari, J. Lefort, C. Morrisson. Réalités byzantines 8. Paris: Editions P. Lethielleux, 113-152.
Martin-Hisard, Bernadette 1986. “Le “Dit des miracles de saint Shio,” moine géorgien du VIe siècle.” Vetera Christianorum 23: 283-327.
კულტუროლოგიური კვლევები:
სირაძე, რევაზ 1988. „“ვიცი, რაჲსათვის ვარ.“ იოანე ზედაზნელის ცხოვრების კულტურულ-ისტორიული შინაარსი.“ ცისკარი 10: 120-133
ქართული ეკლესიის ისტორია:
კეკელიძე 1956.
ფერაძე, გრიგოლ 2006. ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში. თამარ ჭუმბურიძის გამოკვლევითა და რეცენზიით. თბილისი: ნეკერი.
ზოროასტრიზმის ისტორია: იხ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა
იდენტობის კვლევები:
ალექსიძე, ზაზა 2003.
ალექსიძე, ზაზა 2016. “ასურელ მამათა წარმომავლობა.“ კრებულში: გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ტ. 2. რედ. მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). თბილისი: [n.l.], 27-42; Repr.: ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი III. თბილისი: [n.l.], 2016, 435-446.