ირმა ყარაულაშვილი
ტექნიკური დეტალები
ნაშრომში მკვლევართა მიერ გამოთქმული მოსაზრებების ციტირებისას, შენარჩუნებულია ორიგინალისათვის დამახასიათებელი ყველა დეტალი. ამდენად, ერთსა და იმავე მონაკვეთში შესაძლებელია შეგხვდეთ ნაკვეთის ავტორის მიერ ჩიკაგოს აკადემიურ სტილის დაცვით მოხსენიებული ნარატიული წყარო და, პარალელურად, ციტირებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორის მიერ საკუთარ სტატიაში წყაროების მოხსენიების გამოყენებული სტილის ზუსტი გამეორება.
ვინაიდან XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში, მასალის ანალიზისას მეთოდოლოგიურ სიახლეთა შემოტანის გარდა გამოვლინდა ახალი ფაქტობრივი მასალა (მაგ., ნეკრესისა და გრაკლიანის წარწერები, მოქცევაჲ ქართლისაჲს და ასურელ მამათა ცხოვრებანის ახალი რედაქციები), მიზანშეწონილად ჩავთვალე წარმომედგინა, უპირველეს ყოვლისა, თითოეული ტექსტის ირგვლივ სადღეისოდ არსებული status questionis, ანუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფარგლებში მეცნიერთა მიერ ტექსტთა ისტორიასთან დაკავშირებული ძირითადი მოსაზრებების მიმოხილვა არსებული სამეცნიერო მიდგომებისა და მათი ამსახველი ბიბლიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით. ნაშრომში არ არის წარმოდგენილი ამ ტექსტებთან დაკავშირებული ყველა საკითხის კვლევის მიმოხილვა რაც, ჩემი აზრით, მოცემულ ფორმატში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა (როგორც ცნობილია, თითოეულ ტექსტში წარმოდგენილი დეტალების შესახებ დიდი რაოდენობის მონოგრაფიები და სტატიები არსებობს). თითოეული ნაწარმოების განხილვისას, ძირითადად, შემოვიფარგლე თხზულების ავტორის, დაწერის დროისა და კომპოზიციის შესახებ მოსაზრებათა შემცველი უმთავრესი სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვით; ამასთან, უყურადღებოდ არც მკვლევართა მიერ ამ ნარატივების კონტექსტში გამოყოფილი ძირითადი თემატიკა და პრობლემატიკა დავტოვე.
აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოცემულ მონაკვეთში გამოყენებული გამოსახულებანი ამოღებულია ინტერნეტში, თავისუფალ წვდომაში მყოფი ვებ-გვერდებიდან, ხოლო გამონაკლისი შემთხვევები (ასეთთა არსებობისას), საგანგებოდაა აღნიშნული.
და ბოლოს, არ შემიძლია მადლიერებით არ მოვიხსენიო პროექტის მსვლელობის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემ მიერ წაკითხული სალექციო კურსების - ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა და ძველი ქართული ნარატიული წყაროები - სტუდენტები. სწორედ მათი, განსაკუთრებით კი 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ამ კურსებზე დარეგისტრირებულ სტუდენტთა აქტიური ჩართულობის შედეგია მოწოდებული მასალის ფორმატი. ამასთან, სტუდენტთა ნაწილმა გამოხატა პროცესში ჩართულობის იმდენად აქტიური სურვილი რომ ითავა ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ნაწილის შინაარსის აღწერა. თითოეულ ნაკვეთში შინაარსის ჩართვის აუცილებლობა უდავოა, თუმცაღა ამ სტუდენტთა მიერ საბაკალავრო საფეხურზე თანაჯგუფელებისათვის მისაწოდებელი თხზულებათა შინაარსისადმი დამოკიდებულების სხვაობამ დამარწმუნა, რომ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა შინაარსის საბაკალავრო სტუდენტებისათვის მორგებული ფორმატის დაზუსტება მომავლის საქმეა და სალექციო კურსების მსვლელობისას გამოვლინდება. ამდენად, სტუდენტებთან ინტერაქცია, ისევე, როგორც პროექტის შედეგების საუნივერსიტეტო სივრცეში აპრობაცია, მომავალი 2-3 წლის განმავლობაშიაც გაგრძელდება რაც, მომავალში, კონტენტის დახვეწასა და, საბოლოო ჯამში მის მონოგრაფიად გადაქცევას შეუწყობს ხელს.