მენიუ

თამარ ლომიძე

თეიმურაზ მეორის ბიოგრაფია და შემოქმედება

თეიმურაზ მეორის ბიოგრაფია. ერეკლე პირველისა (ნაზარალიხანის) და ანა ჩოლოყაშვილის ვაჟი, თეიმურაზ მეორე, კ. კეკელიძის მითითებით, დაბადებულა 1700 წელს. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ კახეთის მეფე მისი უფროსი ვაჟი, დავითი (იმამყულიხანი) გახდა, მაგრამ 1711 წელს დავითი სპარსეთში წავიდა და სამეფო ტახტი თერთმეტი წლის თეიმურაზს დარჩა. „ამ წლებში საქართველოში დიდი აურზაური იყო. კახეთის ოფიციალური მეფე - დავითი სპარსეთში იყო გადახვეწილი; ქართლის მეფე - ვახტანგი იძულებით ისპაანს გაემგზავრა. დიდმა მოხელეებმა და ფეოდალებმა ერთურთის მტრობას უმატეს, ქვეყანას ლეკნი იკლებდნენ და აოხრებდნენ. სპარსეთი საფეშქაშოდ არიგებდა საქართველოს ცალკეულ კუთხეებს. ოსმალნი განუკითხავად დათარეშობდნენ“ (ჯაკობია 1939, გვ. V-VI).

1744 წელს ნადირ-შაჰმა ქართლში გაამეფა თეიმურაზი, ხოლო კახეთში - მისი ვაჟიშვილი, ერეკლე, რამაც ქართლ-კახეთი, ფაქტობრივად, გააერთიანა და გააძლიერა. დაიწყო კულტურული აღმშენებლობის ახალი ეტაპი, დაარსდა ახალი სასწავლებლები, განახლდა ვახტანგისეული სტამბა. მამა-შვილმა „ბრძნული პოლიტიკით, სპარსეთთან მეგობრული განწყობილებით, შეთანხმებული მოქმედებით, ეკლესიის მესაჭედ ანტონ ბატონიშვილის დაყენებით, პირდაპირ წარმატების გზაზე დააყენეს ქართლი და კახეთი“ (კეკელიე 1952, გვ. 495).

თეიმურაზს რუსეთის, როგორც ერთმორწმუნე ქვყნის მხრივ დახმარების იმედი ჰქონდა და 1760 წელს ამ მიზნით პეტერბურგს გაემგზავრა, მაგრამ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. თეიმურაზ მეორე გარდაიცვალა პეტერბურგში 1762 წელს. დაკრძალულია ასტრახანში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

თეიმურაზ მეორის შემოქმედება მკვლევართა ყურადღებას ნაკლებად იპყრობს და მასზე ახალი და საინტერესო გამოკვლევები ბოლო ხანებში არ დაწერილა. მოკლედ განვიხილავთ თეიმურაზის ძირითად თხზულებებს.

„სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასება“

კომპოზიცია და ჟანრი. თხზულება შედგება თვრამეტსტროფიანი შესავლისა და ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში გადმოცემულია ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, აგრეთვე - კატეხიზმოს ნაწილი, მეორე ნაწილში კი აღწერილია კახეთის ზნე-ჩვეულებანი და ტრადიციები. ნაწარმოები „გაბაასებათა“ ჟანრს მიეკუთვნება, რომელიც, ბ. ქიქოძის აზრით, ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან გადმოვიდა ქართულ ლიტერატურაში (ქიქოძე, 1952, გვ. 13). თეიმურაზ მეორის ეპოქაში „გაბაასებანი“ პოპულარული ჟანრი იყო და შესაძლებელია, პოეტმა ის ხალხური წყაროების კი არა, არამედ, მაგალითად, თეიმურაზ პირველის ან არჩილის თხზულებათა მიბაძვით დაწერა.

თხზულების დაწერის თარიღი: „სარკე თქმულთა“-ს ვრცელი სათაური ამგვარია: „დღისა და ღამის გაბაასება, თქმული მეფის ერეკლეს ძის, მეფის თეიმურაზისაგან, რომელი იქმნა ცხებული შემდგომად წელიწდისა ცხრისა თქმისა ამისა: აწ წიგნსა ეწოდების სარკე თქმულთა“. ბ. ქიქოძის მითითებით, „მართალია, ეს სათაური ავტორისა არ არის, მაგრამ მას მაინც აქვს გარკვეული მნიშვნელობა თხზულების დათარიღებისათვის. როგორც სათაურიდან ჩანს, ეს თხზულება თეიმურაზს დაუწერია ცხრა წლით ადრე, ვიდრე ის მეფედ იქნებოდა ცხებული.“ (ქიქოძე 1952, გვ. 137). თეიმურაზი მცხეთაში მეფედ ეკურთხა 1745 წლის 1 ოქტომბერს. მაშასადამე, „ეს გაბაასება“ დაწერილა 1736 წელს.

თხზულების მოკლე შინაარსი: ეს „გაბაასება“ წარმოადგენს დღისა და ღამის დიალოგს, რომელშიც თითოეული მათგანი ცდილობს თავისი უპირატესობის დამტკიცებას. დღე ამბობს, რომ ღმერთმა გააჩინა სინათლე და მას „დღე“ დაარქვა. მისი „ამხანაგი“ მზეა. რაც შეეხება მზისა და მთვარის შედარებას, რასაკვირველია, მთვარე მზეს ვერ შეედრება:

ვერ გამოჩნდების მზესთანა, შენ დახსენ მათი ქებანი,
მთვარის აქვს მზიგან მოცემით ცოტა რამ ბრწყინვალებანი.
მზესა სხვათ მნათობთ რად ადრი? - არ გმართებს მათზე შვებანი.

ღამე, თავის მხრივ, ეპაექრება დღეს და ეუბნება, რომ მას არა ერთი, არამედ ექვსი მნათობი ჰყავს:

რას გიკვირს, თუცა ცთომილი, დღეომ მოგეცა ერთი-და?
შენ თუ წილად გხვდა მარტო მზე, მე ღმერთმან მომცა ექვსი და:
მთვარე, ოტარიდ, მუშთარი - არ არის უარესი და,
ზუალ, ასპიროზ, მარიხი მნათობი მუნ არესი-და!

შემდეგ იწყება ძველიდა ახალი აღთქმებია ამბების აღწერა, რომლებიც დღისით და ღამით ხდებოდა. ბოლოს აღწერილია შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება.

თხზულების მეორე ნაწილში დღეს ახასიათებს „მეჯლიშს“, „ყაბახის სროლს“, „ბურთობას“, „ასპარეზობას“, „აშფაშაგს“, „მშვილდოსნობას“, „ნადირობას“ „ყუმრის თამაშობას“ (ნარდი, განჯაფი, ჭადრაკი), ღამე კი იგონებს მეშვიდე საიდუმლოს - ქორწინებას, რომელიც ღამით ხდება ხოლმე, და ჩამოთვლის იმ რიტუალურ ქცევებს, რომლებიც ქორწინებას თან ახლავს. შემდეგ ღამე ჰყვება სატრფიალო შინაარსის მქონე თხზულებათა - „ვისრამიანის“, „ვეფხისტყაოსნის“, „ლეილ-მაჯნუნიანის“, „ვარდ-ბულბულიანის“ და „იოსებ-ზილიხანიანის“ შინაარსს. იმასაც ამბობს, რომ ადამიანის სიკვდილი და მისი გლოვა ღამით ხდება ხოლმე.

ბოლოს დღე ამბობს, რომ მეორედ მოსვლა კაცთა განსასჯელად დღისით მოხდება:

ოდეს იქმნეს აღსასრული, განსჯად ქრისტე გარდმოხდებია,’
მის წინაშე სამართალი ყველა დღისით გარიგდების,
თუ არ მარტო ჯოჯოხეთში, ბნელი ყველგან განქარდების,
ღამე სრულად უჩინოა, ღვთის მადლოთა განათლდების.

გვეყო დღისა და ღამის პაექრობაზე საუბარი, „ლაყაფი მომეწყინაო“, ასე ამთავრებს ამ პოემას თეიმურაზი.

კ. კეკელიძე (და, ასევე, ა. ბარამიძე) აერთიანებს თეიმურაზ მეორის სამ თხზულებას - კიდურწერილობას, რომელიც 1761 წლის 12 სექტემბერსაა დაწერილი, ანბანთქებას,რომელიც 1761 წლის 10 დეკემბრით თარიღდება და რუსთველთან გაბაასებას, იმით, რომ „სამივე დაწერილია პეტერბურგში 1761 წელს და სამივეში შექებულია ერთი და იგივე მზეთუნახავი რუსი ქალი“ (კეკელიძე 1952, გვ. 503; ბარამიძე 1940, გვ. 470). ქართული ანბანთქებები (მათ შორის, თეიმურაზ მეორის ანბანთქებები) ჩვენ ცალკე სტატიაში გავაანალიზეთ. რაც შეეხება კიდურწერილობას, ის განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით არ გამოირჩევა. მისი ვერტიკალური ტექსტი, ანუ აკროსტიქი ამგვარია: „ვითა ფერობს სიკეთესა შენსა, ეგრეთ საქებელ ხარ დიდად ევროპიასა, დასავით საყვარელო ჩემო“. სამოცდაერთი წლის მეფე-პოეტი შეყვარებულია ულამაზეს და უგანათლებულეს რუს ქალზე და დარდობს იმის გამო, რომ მალე სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და დასცილდეს სატრფოს:

როსაც რომ მოგეშორები ტურფას, რა სასახელოსა,
ესრეთცა ვგონებ, გაყრამა მე თქვენმა გამახელოსა!
ლამაზ თვალთ მოვეშორები, როს წავალ საქართველოსა,
ოდეს ვსხდეთ სტოლზედ სალხინოდ, დავლევ შენს სადღეგრძელოსა.

„გაბაასება რუსთველთან“

თხზულების ჟანრი, კომპოზიცია და მოკლე შინაარსი. არჩილის მსგავსად, თეიმურაზ მეორეც „გაბაასებათა“ ჟანრის მოყვარული პოეტია. ბ. ქიქოძის მითითებით, თეიმურაზ მეორის ამ თხზულების სიახლოვეს არჩილთან ადასტურებს ნაწარმოების შინაარსი და ფორმა. „გარდა ამისა, თეიმურაზიც, არჩილის მსგავსად, უარყოფს ზღაპრული, ნახევრად ფანტასტიკური ამბების მთხზველობას და მოითხოვს ნამდვილი, „მართალი“ ამბის გალექსვას“ ( ქიქოძე 1952, გვ. 146).

ლექსში თეიმურაზის ერთ რეპლიკას რუსთველი ერთივე საპასუხო რეპლიკით ეხმაურება. ავტორი ნაწარმოების დასაწყისში აცხადებს, რომ რუსთველი ტყუილი, გამოგონილი ამბების აღწერით არ უნდა დამშვრალიყო და რეალური ქალისთვის უნდა შეესხა ხოტბა (რასაკვირველია, ასეთი ქალის ნიმუშად თეიმურაზს თავისი რუსი სატრფო ესახებოდა):

შენი ნათქვამი საღმრთოდ თუ საეროდ მოიხმარების,
სჯობდა მას ზედა თქმულიყო, ვის მზე არ შედარების,
ევროპიაში რომელსა ბნელი არ მიეკარების,
ვინც რომე ნათლობს ნიადაგ, შუქი არ დაემალების.

რუსთველი პასუხობს, რომ არ შეუძლია პასუხის გაცემა თეიმურაზის საყვედურებზე, რადგან

ექვსასი წლის მკვდრის ბაასი აროდეს გაგონილა-და!
მელექსე მელექსისაგან აროდეს დანდობილა-და!

ის იხსენებს, რომ თვით თამარმა უბრძანა პოემის დაწერა. რუსთველმაც იპოვა შესაფერისი „ამბავი“ (ანუ სიუჟეტი) და გალექსა ის. რუსთველი ახსენებს თეიმურაზ მეორეს მის პაპას, თეიმურაზ პირველს:

პაპას შენს - შენგან უკეთეს ჰქონდა მას სიბრძნე გულისა,-
მასაცა უთქვამს შაირი მიჯნურთა დადაგულისა,
ვინც წაიკითხავს ჩემს ნათქვამს, - მიგდება უნდა ყურისა, -
ჩემმან ლექსებმან ერთ ჟამსა პაპაცა გააგულისა.

თეიმურაზი, როგორც „მართლის თქმის“ პრინციპის მიმდევარი, მხოლოდ „გამოგონილი“ ამბების ასახვის გამო აკრიტიკებს რუსთველს, ლექსის დასასრულს კი ათქმევინებს, თეიმურაზს რომ მოვსწრებოდი, აუცილებლად ვაჯობებდი პოეტურ ხელოვნებაშიო:

თუ მე მაგ დროსა მეცოცხლა, გავიმარჯვებდი მე დია,
ვისაც შენ აქებ, მაგაზედ კარგს ლექსებს გამოვთქმევდია,
რას სიტყივთ შევამკობდი-და! - შენ კარში გაგაგდებდია!
რადგან შენს საქებრად დარჩა, მას არ ჰქონია ბედია“.

„ხილთა ქება“

თხზულების ჟანრი. „ხილთა ქება“, ფაქტობრივად, გაბაასებათა ჟანრის ნაირსახეობაა, რადგან აქ ერთმანეთს ესაუბრება და საკუთარი უპირატესობებით იქებს თავს საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ხილი. კ. კეკელიძის შენიშვნით, ეს ლექსი ორიგინალურობით არ გამოირჩევა. მანამდე მსგავსი ნაწარმოები დაუწერია გარსევან ჩოლოყაშვილს კეკელიძე 1952, გვ. 499), და საერთოდ, ეს გავრცელებული ჟანრი ყოფილა მეთვრამეტე საუკუნის საქართველოში.

„სრის ქება“ („სასახლის ქება“)

თხზულების ჟანრი და მოკლე შინაარსი. თეიმურაზის ეს თხზულებაც გაბაასებათა ჟანრს მიეკუთვნება. ის სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში საუბრობს თეიმურაზი, მეორე - სასახლის („სახლის“) საპასუხო რეპლიკაა, რომელსაც კვლავ მეფის პასუხი მოსდევს. ლექსის დასაწყისში თეიმურაზი ახსენებს ღმერთს, რომელმაც ექვსი დღის განმავლობაში შექმნა ცა, ქვეყანა,შვიდი ცთომილი, ანგელოზები, ადამი და ევა; ჰყვება, როგორ დაეცა ადამი, როგორ მოევლინა ქვეყნიერებას ქრისტე, რათა კაცობრიობა ეხსნა.

თეიმურაზი აქვე წერს, რომ ის ორმოცდაოთხი წლის ასაკში გაამეფა ნადირ-შაჰმა, ქართლში, კახეთი კი თეიმურაზის ძეს, ოცდაოთხი წლის ერეკლეს ერგო; თეიმურაზის დისწული, ანტონი, ასევე ოცდაოთხი წლის ასაკში გახდა აქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი.

პოეტი ახსენებს სამ სასახლეს. როსტომ მეფის სასახლე იყო
ნახატი სურათებითა, ყვავილი ფერადიანი,
თვით როსტომ ფალავანი და დევნი ეხატა რქიანი,
შაემკო დიდად, დაედვა სხელი როსტომიანი.

მეორე სასახლე ერეკლე პირველის აგებული იყო:

სარკით და ოქროს ვარაყით შემთხვევით განათებული.
მეფეთ და დარბაისელთთვის სალხინოდ დამზადებული

მესამე სასახლე ვახტანგ მეექვსემ ააგო:

ერთიცა სახლი, უზეშთე ერანშიც არ ნახულად-და!
იმ სრისა ქება, სიკეთე ქვეყანას ხმა განთქმულა-და,
როგორც მას ჰფერობს ქებანი, შესხმა არ ძალიც სრულადა,
სხვებს სრებსა ყველას ის სჯობდა, მისებრივ არ დადგმულა-და.

თეიმურაზის თქმით, ცრუ წუთისოფლის ზეგავლენით „მეფენიც და სრებიცა სრულ ყველა განქარდება“.

თეიმურაზის სასახლე პასუხობს მეფეს, რომ ძველ სასახლეებზე უფრო „ნასი“( ულამაზო) არაა, და რომ

ვერ მჯობს ერთი სახლია, მჭვრეტელსა გულსა სწადია,
ახლოს მაქვს ტურფა ბაღია, მნახველთა დასაქადია,
მიბრძანდით, კარია ღია - ნახოთ კოკობი ვარდია.
საღი აავსეთ თასია - უკუიყარით დარდია.

თეიმურაზი თავის „პასუხში“ კვლავ ახსენებს მუხთალ საწუთროს, რომელიც ყოველივეს ანადგურებს.

თეიმურაზ მეორის კალამს ეკუთვნის, ასევე, ლექსები „ბიჟინას სიკვდილზე“, ზმები განჯაფსა, ნარდსა და ჭადრაკზე და ანბანთქებები (რომელთაც ცალკე სტატია მივუძღვენით). თეიმურაზმა თარგმნა სპარსულ იგავ-არაკთა კრებული „დიდი სინდბადი“ – „თიმსარიანის“ სახელწოდებით.

რა ადგილი უკავია თეიმურაზ მეორეს მე-18 საუკუნის ქართველ პოეტთა შორის? უნდა დავეთანხმოთ გ. კუჭუხიძისეულ შეფასებას, რომ „თეიმურაზ მეორე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართული პოეზიის ისტორიაში, პოლიტიკაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს თავისი სამშობლოსათვის შეტანილი“ (კუჭუხიძე 2012, გვ. 138).

ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია


ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები:

ბარამიძე 1940. ბარამიძე ა. ნარკვევები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 2, თსუ გამომცემლობა..

კეკელიძე 1952. კეკელიძე, კ. ძველი ქართული მწერლობის ისტორია.2. თსუ გამომცემლობა.

კუჭუხიძე 2012, კუჭუხიძე, გ. მეფე-პოეტები (ბიოგრაფიული ნარკვევები). XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა აღმოსავლური და დასავლური კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე . გამომცემლობა „უნივერსალი“. თბ. გვ. 111-138

ქიქოძე 1952. ქიქოძე, ბ. გაბაასება ძველ ქართულ ლიტერატურაში, აჭარის სახელმწიფო გამომცემლობა. ბათუმი.

ჯაკობია 1939. ჯაკობია გ. წინასიტყვაობა წიგნისა „თეიმურაზ მეორე“.გამომცემლობა „ფედერაცია“, თბ., 1939.


გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2026

საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამარ ლომიძე