თამარ ლომიძე
ვახტანგ მეექვსის ბიოგრაფია, საზოგადოებრივ-კულტურული მოღვაწეობა და შემოქმედება
ვახტანგ მეექვსის ბიოგრაფია. „სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, მეცნიერი, პოეტი, მთარგმნელი, რედაქტორი, კრიტიკოსი - ვახტანგ მეექვსე თავისი მოღვაწეობის მრავალმხრიობით მოგვაგონებს ილია ჭავჭავაძეს მეცხრამეტე საუკუნეში, რასაკვირველია, უფრო დიდი მასშტაბით, როგორც ქვეყნის მმართველი“ - აღნიშნავს გიორგი ლეონიძე (ლეონიძე 1958, გვ. 214).
ვახტანგ მეექვსემ თავისი ხანმოკლე მეფობის განმავლობაში უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ კულტურას.
* * *
ვახტანგ მეექვსე, გიორგი მეთერთმეტის ძმის, ლევანისა და ქაიხოსრო გურიელის ასულის, თუთას ვაჟი, დაიბადა 1675 წელს. მისი აღმზრდელი იყო სულხან-საბა ორბელიანი. ვახტანგმა საფუძვლიანად შეისწავლა ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურა, სპარსული ენა და პოეზია.
1703-1711 წლებში ვახტანგი ქართლის მეფის მოადგილე („ჯანიშინი“) იყო. ამ პერიოდში ვახტანგი აქტიურ კულტურულ მღვაწეობას ეწეოდა. 1712 წელს ის ირანში გაიწვიეს. ერთხანს ისპაჰანში ცხოვრობდა, 1714 წელს კი ქირმანში გადაასახლეს. მას გამაჰმადიანებას სთხოვდნენ. ვახტანგი დიდხანს უარზე იყო, და დახმარების სათხოვნელად ფარულად გაგზავნა სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში, მაგრამ ამაოდ. 1716 წელს მან იძულებით მიიღო მაჰმადიანობა და სანაცვლოდ უბოძეს ქართლი, ერანის სპასალარობა, თავრიზი და ბარდა. როგორც ერანის სპასალარი, ის 1719 წლამდე ირანში იმყოფებოდა. ამავე წელს ვახტანგი დაბრუნდა ქართლში და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაბმა სცადა. 1721 წელს ვახტანგმა სამხედრო კავშირი დაამყარა პეტრე პირველთან და თავისი ჯარით კასპიის ზღვის სანაპიროებისკენ გაემართა, რათა ერთობლივად გაელაშქრათ ირანისა და თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა ამას ვახტანგის ძმები, მისი მემკვიდრე და დიდებულები ამას ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ პეტრემ ჯარი დერბენდიდან უკან გააბრუნა და ჩრდილოეთში დაბრუნდა. განრისხებულმა შაჰმა ვახტანგს სამაგიერო გადაუხადა და ქართლი კახეთის მეფეს, გამაჰმადიანებულ კონსტანტინეს გადასცა. ვახტანგმა ოსმალეთს მიმართა დახმარების თხოვნით, კონსტანტინემ კი სპარსელები და ლეკები მოიშველია.1723 წლის მაისში კონსტანტინემ თბილისი აიღო.
ვახტანგი, ამალითურთ, 1724 წელს რუსეთს გაემგზავრა. აქ მას მიანიშნეს, რომ რუსეთის ქვეშევრდომობა უნდა მიეღო, რაც მას არ სურდა. იმედგატეხილი მეფე ასტრახანს გადასახლდა. ვახტანგ მეექვსე გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს.
რუსთველოლოგიის სათავეებთან. ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც ახალგაზრდა ვახტანგ მეექვსე ქართლის ჯანიშინი იყო, ის ფართო საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისში ვახტანგმა დააარსა პირველი ქართული სტამბა, რომელმაც თხუთმეტი წელი იარსება (1709-1722წწ.) და პოლიტიკური ვითარების გართულების გამო დაიხურა. სტამბის დასაარსებლად ვახტანგი დაუკავშირდა საეკლესიო მოღვაწესა და მეცნიერს, ანთიმოზ ივერიელს და უნგრო-ვლახეთიდან მოიწვია ანთიმოზის ნამოწაფარი, სასტამბო საქმის სპეციალისტი მიხაი იშტვანოვიჩი. სულ დაიბეჭდა ცხრამეტი დასახელების წიგნი (მათგან პირველი „სახარება“ იყო). 1712 წელს პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“. გამოყენებულ იქნა მხედრული შრიფტი, რათა წიგნი მოსაწვდომი ყოფილიყო ფართო მკითხველისთვის. ვახტანგმა „პოემის ყველა საუკეთესო ხელნაწერი შეაგროვა. მათგან უკეთესის და უძველესი რედაქციის შერჩევა შეძლო და ამ რედაქციის ტექსტი პირველად სტამბურად დაბეჭდა“ (ჯავახიშვილი 1956, გვ. 22).
ცნობილია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მიმბაძველები და გამყალბებლები ამახინჯებდნენ პოემის ტექსტს, ერთ-ერთ მათგანს, ნანუჩა ციციშვილს, არჩილ მეფე ასე კიცხავს:
„ნანუჩას რუსთვლის ნათქვამში ბევრი რამ ჩაურევია,
საბრალოს ვერ შეუწყვია, წმინდა რამ აუმღვრევია“
ამიტომ, ს. ცაიშვილის მითითებით, „ვახტანგმა ... შეისწავლა ხელნაწერები... არ იკმარა მხოლოდ ეს და პოემის წაკითხვათა გაუმჯობესება სცადა სხვა ხელნაწერებიდან. აქ აღსანიშნავია ვახტანგის, როგორც ტექსტოლოგის, თავისი დროისათვის ძალზე მაღალი მეცნიერული დონე.... მისი ეს ცდა თავისი დროისათვის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და, როგორც ცნობილია, ვახტანგის გამოცემამ შემდეგშიც ღრმა კვალი გაავლო ვეფხისტყაოსნის შესწავლის საქმეს. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში მომდევნო გამოცემები (განსაკუთრებით ეს ითქმის მე-19 საუკუნის გამოცემებზე) თავიანთი ღირსებებით ვერც კი შეედრებიან პირველი რუსთველოლოგის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს.“ (ცაიშვილი 1970, გვ. 24-25).
„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს დართული აქვს ვახტანგისეული „თარგმანი“, ანუ პოემის განმარტება. ამ პირველ რუსთველოლოგიურ გამოკვლევაში ახლებურადაა გააზრებული ნაწარმოების შინაარსი და განმარტებულია მისი ცალკეული ადგილები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ვახტანგმა გამოიკვლია „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის სადაურობის საკითხი და დაასკვნა, რომ „სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოვება“, ანუ, რომ პოემის სიუჟეტი ორიგინალურია. ალ. ბარამიძის შენიშვნით, ამ შემთხვევაში „რუსთველმა გამოიყენა მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი ხერხი, სიუჟეტის ხელოვნურად გაუცხოურებისა თუ გაუცნაურების ხერხი“ (ბარამიძე 1966, გვ, 68).
შ. ონიანი აღნიშნავს, რომ „მე-18 საუკუნის საუკუნეში ერთმანეთს მკვეთრად დაპირისპირებია „ვეფხისტყაოსანზე“ ორი თვალსაზრისი: კლერიკალური და საერო.... ვახტანგ მეფე თავის ნაშრომში საგანგებოდ ეხება „ვეფხისტყაოსნის“ ზნეობრივ მხარეს, რამდენადაც კლერიკალური საზოგადოება ამ თვალსაზრისით იწუნებდა მას. ვახტანგის აზრით, ეს თხზულება სასწავლო წიგნია და მაღალ ზნეობას ქადაგებს“ (ონიანი 1976, გვ. 14-15). „თარგმანში“ მან განაცხადა, რომ პოემა მხოლოდ საღმრთოა და „რელიგიურ-მისტიკური ახსნა-განმარტება მისცა „ვეფხისტყაოსნის“ ნათელ შინაარსს“ (ბარამიძე 1963, გვ. 173). ცხადია, ამგვარი ინტერპრეტაციის მიზანი კლერიკალური წრეების თავდასხმებისგან რუსთველის პოემის დაცვა იყო.
ვახტანგი პირველი ქართველი რუსთველოლოგი იყო, რომელმაც შეადგინა „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკონი.
ვახტანგ მეექვსის სამართლებრივი მოღვაწეობა. ქართული სამართლის ძეგლი, „დასტურლამალი“, მისი პირველი გამომცემლის, პ. უმიკაშვილის თქმით, „ძვირფასს განძს შეადგენს საქართველოს შინაგანის ცხოვრების ისტორიის გამოკვლევისათვის “ (უმიკაშვილი 1886, გვ.III-IV) . მისივე მითითებით, „დასტურლამალი შეიქმნა იმ დროს, როდესაც ვახტანგი ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) იყო. ქართული სამართლის ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი, ი. დოლიძე აღნიშნავს, რომ ვახტანგისეული კანონთა წიგნი - „დასტურლამალი“- „გვაძლევს ძვირფას ცნობებს გვიანფეოდალური ქართლის სასამართლო ორგანიზაციის შესახებ... ბევვრ ცივილიზებულ ერს სახელმწიფო სამართლის ასეთი ჩინებული ძეგლი არ გააჩნია“ (დოლიძე 1981, გვ. 5-6).
ვახტანგისავე ბრძანებით და მისი ხელმძღვანელობით საგანგებო საკოდიფიკაციო კომისიამ შექმნა „სამართლის წიგნთა კრებულიც“ უცხო და ეროვნული სამართლის შესახებ. „სამართლის წიგნის შედგენის მთავარი სიმძიმე თავად ვახტანგმა იტვირთა და სასახელოდაც შეასრულა იგი, ამიტომ საკანონმდებლო კომისიამ ამ კანონებს სამართლიანად მიაკუთვნა ვახტანგის სახელი“ (დოლიძე 1981, გვ. 13).
ვახტანგ მეექვსის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. ქირმანში ცხოვრების დროს ვახტანგმა თარგმნა იგავ-არაკთა კრებული „ქილილა და დამანა“. კ. კეკელიძის მითითებით, ეს კრებული თავდაპირველად შეიქმნა ინდოეთში, მეექვსე საუკუნეში გავრცელდა ირანში, სადაც ფალაურ ენაზე ითარგმნა; ამ ენიდან ის ითარგმნა, აგრეთვე, ასურულსა და არაბულ ენებზე, არაბულიდან კი ითარგმნა ამ ნაწარმოების ყველა დღესდღეობით ცნობილი ვერსია. ქართულ ენაზე „ქილილა და დამანა“ პირველად ითარგმნა მეთორმეტე საუკუნეში, მაგრამ თარგმანი დაკარგულია. მოგვიანებით, მე-16 საუკუნეში, კრებულის პროზაულად თარგმნა დაუწყია კახეთის მეფეს, დავითს, ხოლო შემდეგ - ვახტანგ მეექვსეს, ასევე პროზაულად (იხ. კეკელიძე 1952, გვ. 359). თავისი თარგმანი მან გადაუგზავნა სულხან-საბა ორბელიანს და სთხოვა, „გაეჩალხა“ ტექსტი, ხოლო პოეტური ჩანართები გაელექსა, რაც საბამ განახორციელა კიდეც. „ქილილა და დამანა“ ვახტანგს გაუგზავნია ქართველი პოეტის, ერეკლე პირველი მდივან-მწიგნობრის, ონანა მდივნისთვისაც (ქობულაშვილისთვის), ასევე „გასაჩალხავად“, რასაც ონანამ წარმატებით გაართვა თავი. აქედან მოყოლებული, „ქილილა და დამან“ საქართველოში ძალზე პოპულარული თხზულება გახდა. 1839 წელს ნაწარმოების საბასეული რედაქცია გადაამუშავა მელიგზად ბებუდაშვილმა.
„ქილილა და დამანას“ მოქმედი პირებია ორი ტურა - ქილილა და დამანა. ნაწარმოები აკრიტიკებს ადამიანთა მანკიერებებს: შურს, ღალატს, სიზარმაცეს, სიხარბეს, ანგარებას და ა.შ.
ვახტანგმა თარგმნა, ასევე, დიდაქტიკური ხასიათის ნაწარმოები „ამირნასარიანი“. მისივე ბრძანებით ითარგმნა იგავ-არაკთა კრებული „ბახთიარ-ნამე“ და სამიჯნურო მოთხრობა „ბარამგულანდამიანი“.
ვახტანგ მეექვსის სამეცნიერო მოღვაწეობა. ვახტანგმა ჩამოაყალიბა „სწავლულ კაცთა კომისია“, რომელმაც შეიმუშავა „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქცია.
ვახტანგის კალამს ეკუთვნის თვალსაჩინო უზბეკი სახელმწიფო მოღვაწისა და ასტრონომის, ულუღ-ბეგის ასტრონომიული ნაშრომის, „ზიჯის“ ანუ ვარსკვლავთა კატალოგის თარგმანი (მენაბდე 2011, გვ. 168). მან დაწერა კომპილაციური თხზულება „წიგნი ზეთების შეზავების და ქიმიის ქმნისა“, ანუ ქიმიის სახელმძღვანელო; გარკვეული დაზუსტებები შეიტანა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში.
ვახტანგ მეექვსის პოეზია. ვახტანგ მეექვსის ლექსთა უმეტესი ნაწილი დაწერილია სპარსეთში ან რუსეთში. კ. კეკელიძის აზრით, „ვახტანგი სატრფიაალო ლექსებით „ეარშიყება“ ღმერთს, ეკლესიასა და წმინდანებს. „იგავის მოყვანით“ ეალერსება კეკლუც სამშობლოს. ამ შემთხვევაში ის ამტკიცებს ჩვენს მწერლობაში ალეგორიულ-სიმბოლისტურ მიმართულებას. როგორც ამ მხრივ, ისე თავისი პოეზიის მტავარი მოტივებით ვახტანგი განგრძელებელი და მოწაფეა თეიმურაზ პირველისა და არჩილისა. ფორმის მხრივაც ეს პოეზია თეიმურაზის სკოლის გაგრძელებაა. თავის მხრივ, ვახტანგი დიდ გავლენას, ფორმალური და შინაარსობლივი ხასიათისას, ახდენს მომდევნო მწერლებზე. განსაკუთრებით კი დავით გურამიშვილზე.“ (კეკელიძე 1952, გვ. 495).
ვახტანგის „შეგონება“ მოკლე ლექსია:
„კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს.
ამ სოფელსა ხელი ჰყაროს, იქაც ბარგი დაიბარგოს,
მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით რამე არგოს,
სახელის ხე საჩრდილებლად წყლისა პირსა სამე დარგოს“
„ვახტანგის შეგონების ამ ბრძნულ მოტივამდე არ მისულა მისი არც ერთი წინამორბედი პოეტი (თეიმურაზი, არჩილი...). თუმცა ქრისტიანულ-სარწმუნოებრივი შეგნება მათ უკარნახებდა სოფლის წყევის შენელებასა და გარკვეულ საზღვრებში ამქვეყნიურობის მიღების აუცილებლობას “ ( კეკელიძე, ბარამიძე 1987, გვ. 391). ამავე ავტორთა აზრით, „ვახტანგის ეს შეგონება გახდა ნიკოლოზ ბარათაშვილის წყაროდ, წუთისოფლის პრობლემა და ადამიანის დანიშნულება ორივე შემთხვევაში ერთგვარ სიბრტყეზეა დასმული და შემსგავსებული“ (იქვე, გვ. 391). მაგრამ ლექსის „ფიქრნი მტკვრის პირას“ ბოლო სტროფი
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში, და სოფლისთვის არა იზრუნვოს.
მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება ვახტანგისეული ლექსისგან. განსხვავება ისაა, რომ ვახტანგისთვის აქტიური ქმედება „სახელის ხის დასარგავადაა“ გამიზნული და ეს თვალსაზრისი ერთადერთია, ბარათაშვილის მედიტაციურ ლექსში კი თავდაპირველად საუბარია ამა სოფლის ამაოების თაობაზე და მხოლოდ ბოლო სტროფშია გამოთქმული შეხედულება აქტივობის, ქმედების აუცილებლობის შესახებ, ანუ შეპირისპირებულია ორი თვალსაზრისი სიცოცხლის საზრისის შესახებ: მართალია, ყველაფერი ამაოა, მაგრამ ღვთის („მშობლის“) ნებას უნდა მივყვეთ და უქმად არ გავატაროთ ცხოვრება. ცხადია, ბარათაშვილის ლექსი უფრო ფილოსოფიური ხასიათისაა, მსჯელობა ლოგიკურად სტრუქტურირებულია, თუმცა ეს ორი ნაწარმოები მაინც წააგავს ერთმანეთს თავისი სულისკვეთებით.
ვახტანგის ცნობილი ლექსი „რანი და მოვაკანი...“ (ბ. დარჩიას ვარაუდით, ეს ლექსი პოეტს მისი ცხოვრების ბოლო პერიოდში, რუსეთში უნდა დაეწერა. იხ. ამის შესახებ დარჩია 1988, გვ. 12) გამოხატავს სასოწარკვეთილებას ადამიანისა, რომელმაც ამქვეყნად ბედნიერებაც იგემა, უბედურებაც, ყველაფერი დაკარგა და ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული.
რანი და მოვაკანი და, სახლი და, კარი, ბანი და,
გათავდა ყოვლი წერილი, ანი, ბანი და, განი, და...
ვიარე ყოვლი ქვეყანა სიგძე და სივრცე, განი, და.
ვერა ვპოვე რა მის მეტი, დავყარე ძმა და დანი, და...
ხორცსა მრავალი დავაკლე, სულს მივეც იქი რჯანი, და.
ვაი-ვაჲ, მსაჯეს უბრალოდ, არ მომცეს მე აჯანი, და!
საინტერესოა ამ ლექსის სტრუქტურა. ყოველი სტრიქონი მთავრდება კავშირით „და“. ეს „და“ ერთმანეთთან აერთებს ჩამონათვალ სახელებს: „რანი და მოვაკანი და სახლი...“. „და“, როგორც სტრიქონის ბოლო სიტყვა, უნდა გამოყოფდეს სტრიქონებს, როგორც დამოუკიდებელ რიტმულ ერთეულებს, და, მაშასადამე, მიჯნავდეს მათ ერთმანეთისგან, მაგრამ აქ მას აქ საპირისპირო ფუნქცია ეკისრება, ეგრეთ წოდებული „პოლისინდეტონის“ („და“ კავშირის მრავალჯერადობის) ფუნქციას ასრულებს და, ამგვარად, სემანტიკურად და ინტონაციურად აერთიანებს სტრიქონებს ერთ მთლიანობად, ერთიან უწყვეტ ტექსტად. აქედან გამომდინარე, მთელი ტექსტი წარმოგვიდგება, როგორც ლირიკული გმირის მიერ გადატანილ უბედურებათა ჩამოთვლა.
საყურადღებოა ისიც, რომ ვახტანგი კონკრეტულ მოვლენებს კი არ ასახელებს, არამედ ზოგადად გადმოგვცემს იმ ადამიანის ტრაგედიას, რომელმაც დაკარგა სახლ-კარი, მოიარა მთელი ქვეყანა, ვერაფერი პოვა სანუგეშო, დაიტანჯა სულითა და ხორცით. ესაა ზოგადფილოსოფიური „სოფლის სამდურავი“, რომელიც შესანიშნავი, დახვეწილი, საგანგებოდ დამუშავებული მხატვრული ფორმითაა გადმოცემული. ამ ელეგიურ ლექსში (ელეგიური ჟანრი კი, ა. ბარამიძის მითითებით, ქართულ პოეზიაში სწორედ ვახტანგმა შემოიტანა (იხ. ბარამიძე 1947, გვ. XV ) თავს არ იჩენს წინამორბედ პოეტთა ზეგავლენა, ის სავსებით ორიგინალური ნაწარმოებია.
ლექსი „ვაი, სიკვდილო“, რომლის მიბაძვით დაიწერა დავით გურამიშვილის „გოდება“ (იხ. ბარამიძე 1947, გვ. XV), ჩახრუხაულის სქემაზეა აგებული, ესე იგი, ოცმარცვლიანი სტრიქონები და წინაცეზურული რითმები აქვს. ყოველ სტრიქონში გვხვდება უკანაცეზურული რეფრენი „ვაი, სიკვდილო, მწარე სიკვდილო.“.
ლექსში საუბარია მუხთალი სოფლის შესახებ, რომელმაც ლირიკული გმირი ჯერ ამქვეყნიურ სიამეთა შორის განცხრომით ამყოფა, შემდეგ კი განაშორა ცოლ-შვილს, და-ძმებს, მეგობრებს, და, ბოლოს, გადახვეწა უცხოეთში, სადაც „მტარვალნი დახვდნენ“. ლირიკულ გმირს სანატრელად „მწარე სიკვდილი“ დარჩენია. აქ უკანაცეზურული რეფრენი „ვაი, სიკვდილო, მწარე სიკვდილო“ „რანი და მოვაკანის“ პოლისინდეტონის საპირისპირო ფუნქციას ასრულებს. ნაწარმოების სტრიქონებს ერთმანეთისგან მკვეთრად განაცალკევებს და თითოეულ მათგანს დასრულებულ სახეს აძლევს. თითოეული დასახელებული მოვლენა (თითოეული სტრიქონი) ცალკე გამოიყოფა და დამოუკიდებელი მნიშვნელობით აღიჭურვება, როგორც გმირის ცხოვრების გარკვეული ფრაგმენტი, იმდენად ტრაგიკული, რომ საკმარისია, რათა გმირმა „მწარე სიკვდილის“ მოახლოება ინატროს. შესაბამისად, ლექსის სემანტიკური სტრუქტურა დანაწევრებულია და არა ერთიანი. ლირიკული გმირის ცხოვრება წარმოგვიდგება, როგორც წარმოუდგენლად ტრაგიკული მოვლენების თანმიმდევრობა, რაც ამძაფრებს ლირიკული გმირის ცხოვრების ტრაგიკულობის შეგრძნებას.
როგორც ვხედავთ, ამ ლექსშიც მხატვრული ფორმა შემთხვევითი ხასიათისა არაა. მას საგანგებო მნიშვნელობა აქვს და შინაარსის მაქსიმალური შთამბეჭდაობით გამოხატვის მიზანს ემსახურება.
შესანიშნავი ორსტროფიანი რელიგიური შინაარსის მქონე ლექსია „ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა“, რომლის ერთგვარი გამოძახილი გვხვდება დავით გურამიშვილის პოეზიაში (კეკელიძე, ბარამიძე 1987, გვ. 392). ლექსი დაწერილია დაბალი შაირით:
შურით აღივსნენ უგბილნი, წესი ქმნეს მათის მამისა.
სიკვდილს ზრახვიდნენ უწესო, თუ დრო დაიცენ ჟამისა,
უსჯული მისი მოწაფე მიცემას ჰპირავს ამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!
მტილში მიუძღვა კრეულთა საწუხი ყოვლის გვამისა,
მღვდელთ-მოძღვრის პალატს მივიდნენ გასატანჯველად, ვა, მისა.
ბრალი ვერ პოვეს მის ზედა. კვლავ სცემდნენ წამ-და-წამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!
თითოეული სტროფის ბოლო სტრიქონია რეფრენი „ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა“. ლექსში საუბარია „უგბილთა“ (თავხედთა, კადნიერთა) ჩანაფიქრზე, იუდას მიერ ქრისტეს ღალატზე, ქრისტეს სიკვდილით დასჯაზე და იმაზე, თუ როგორ იტანჯებოდა ამის გამო მარიამი. აქ გამოყენებულია მხატვრული ხერხი - სინეკდოქე (ნაწილის მეშვეობით მთელის აღნიშვნა). ეს სინეკდოქე ვახტანგის არაჩვეულებრივი მიგნებაა - აუტანელი ტკივილი, რომელსაც განიცდის მარიამი, როგორც მიწიერი ქალი. „იტანჯებოდა“-ს ნაცვლად კონკრეტული ფიზიოლოგიური დეტალის განმეორებითი დასახელება („წ“ ბგერის ალიტერაციით) მარიამს მიწიერ ქალად, მიწიერ დედად წარმოგვისახავს, რომელიც შვილის წამებით სიკვდილის გამო ფიზიკურ ტკივილს განიცდის. აქ ხაზგასმულია ქრისტეს მიწიერი ხორცშესხმის სისრულე (შვილის სიკვდილი მარიამს ჭეშმარიტად დედობრივ, ფიზიკურ ტანჯვას განაცდევინებს და მსხვერპლის მთელ სიმძიმეს აგრძნობინებს). შესაძლოა, ეს ხატი მომდინარეობს ბიბლიური და ახლოაღმოსავლური ტრადიციიდან, სადაც „ნაწლევნი“ ყველაზე ძლიერი განცდების ლოკუსად ითვლებოდა. აქ ფორმა განუყოფელია ეგზისტენციალური განცდისგან. ამგვარი სინეკდოქე გამოხატავს იმას, რის გამოხატვაც აღემატება ჩვეულებრივი ენის შესაძლებლობებს. ის თითოეული სტროფის კულმინაციაა - ყოველ სტროფს მივყავართ ამ მაქსიმალური ტკივილის გამომხატველი წინადადებისკენ. ასე მძაფრად, ასე სრულად, ასე შთამბეჭდავად ქართულ პოეზიაში მანამდე არავის გამოუხატავს მარიამის მიერ განცდილი ტკივილი.
ელეგია „ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა“ მაღალ შაირზეა გამართული. ამ ლექსშიც ყოველი სტროფის ბოლო სტრიქონი რეფრენია. ყოველ სამ სტრიქონში დასახელებულია მაცხოვრის „სიკეთენი“, ხოლო ყოველ მეოთხე სტრიქონში ნათქვამია, რომ უმადურმა ადამიანებმა მაცხოვარი ჯვარს აცვეს: „ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი“. ლექსს განსაკუთრებულ ექსპრესიას ანიჭებს ის, რომ მაცხოვრის საყვედურები ადამიანთა მიმართ პირველი პირითაა გადმოცემული. ი რეფრენი დასრულებულობას ანიჭებს სტროფებს (ყოველ სამ სტრიქონში- არგუმენტები, ყოველ მეოთხე სტრიქონში - დასკვნა), და გამოხატავს იმ აზრს, რომ თითოეულ სტროფში დასახელებული სიკეთენიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მაცხოვარი ადამიანებს წამებით არ მოეკლათ. ამგვარად, ლექსი ლოგიკურად დანაწევრებულია ცალკეული დამოუკიდებელ რიტმულ-შინაარსობრივ ერთეულებად და ხაზს უსვამს როგორც უამრავ სიკეთეს, რომელიც ადამიანებს მაცხოვარმა მოუტანა, ისე - მის გულისტკივილს ადამიანთა უმადურობის გამო. მაცხოვარი შეახსენებს კაცობრიობას თავის „სიკეთეთ“, ააშკარავებს წყვეტას სიკეთის ქმნისა აქტსა და სანაცვლოს მიზღვის აქტს შორის, რაც უდიდეს დრამატულ დაძაბულობას წარმოქმნის.
შესაძლოა, ამ ლექსში ვახტანგის პირადი განცდებიც აისახა: ის, რომ მან უამრავი სიკეთე მოუტანა ქვეყანასა და კულტურას - და აი საზღაური: ღალატი და განდევნა. ასეთ შემთხვევაში მაცხოვარი ვახტანგის პირადი ბედ-იღბლის სარკედ იქცევა.
ლექსის ფორმა აქაც ფუნქციურია, ესე იგი, განკუთვნილია მისი შინაარსის ხაზგასასმელად და გასამძაფრებლად.
ელეგია „საწუთროს ბაღი რა ჰქონდა...“ („ლექს-ამბავი“) „ვერსიფიკაციულ სიახლედ მიუჩნევია ჯერ კიდევ მამუკა ბარათაშვილს. იგი 28-ტაეპიანია და ყოველი სტრიქონი ბოლოვდება ტავტოლოგიური რითმით „მეფეო“. მეტრიკის მიხედვით, იგი დაბალ შაირს ეყრდნობა“ (ბარბაქაძე 2012, გვ. 182). საუბარია ალექსანდრეს (?) ბაღის შესახებ, სადაც შადრევნებსა და ალვის ხეებს შორის ხარობდა უამრავი ყვავილი - ვარდი, შროშანი, ზამბახი იასამანი და ა.შ., მაგრამ გრიგალმა ყოველივე მოსრა და გაანადგურა. ლექსი ასე მთავრდება:
სოფლის სიმუხთლე ასეა, რად ვინ სდევს, მიკვირს, მეფეო!
აწ შენ ამისთვის რად სწუხარ, უცხოდ მჩანს, ვახტანგ მეფეო!
ამ ლექსისთვისაც ცალკეული სტრიქონების ურთიერთგამიჯნულობაა დამახასიათებელი, რასაც განაპირობებს მიმართვა „მეფეო“ თითოეული სტრიქონის ბოლოს, თუმცა, ფორმის ან შინაარსის (რომელიც საკმაოდ ტრივიალურია) მხრივ ის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე - ზემოთ განხილული ნაწარმოებები.
ელეგია „სალბუნად გულისა“ დაბალი შაირითაა დაწერილი, რითმა უმეტესად ომონიმურია. ლექსი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ისპაჰანშია დაწერილი. პოეტი იწყებს უფლისადმი მიმართვით:
მრწამს, მისი სარჯლით აშკმული ჯოჯოხეთს პირი იცოდა.
მას ვევედრები, რომელმან არარა ცოდვა იცოდა;
მას შემწედ ვხადი, მის წინა ვინ სულის წმინდით იცოდა,
შემინდოს ყოვლი რეგვნობით, რაც ჩემგან რამე იცოდა.
შემდეგ ვახტანგი აღწერს იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც მას შეემთხვა. მისტირის მიტოვებულ „კეკლუცთა ხელმწიფის“ (სამშობლოს) მშვენიერებას, დეტალურად აღწერს ქართლის სხვადასხვა კუთხეს, წმინდა უდაბნოებს, ჩივის იმის გამო, რომ თანამემამულეებმაც მოიძულეს და განსაცდელში ჩააგდეს.
ლექსში „სატრფიალონი“ ნახსენები მშვენიერი სატრფო, კ. კეკელიძის მითითებით, არის „ღმერთი, რომლის წინაშე, ცოდვებით დამძიმებული, ის კანკალებს და რომელიც წინადადებას აძლევს მას - დაიმარხოს მისი სწავლა და მცნებანი“ (კეკელიძე 1952, გვ. 488). შემდეგ პოეტი ჩამოთვლის ათ მცნებას, შვიდ საიდუმლოს, ცხრა ნეტარებას, სულისა და ხორცის მოვლეობებს, ხოტბას ასხამს სამებას , ღვთისმშობელს, ჯვარს, მოციქულებს. ბოლოს საყვედურობს თავის თავს: „ბრძენთა თქმულსა არ მივხედე. ზურგი მივეც, გავა უბნენ“.
ვახტანგის „მაჯამა“ შედგება ცხრა ლექსისგან, რომლებიც მაჯამურ, ანუ ომონიმურ რითმებზეა გაწყობილი და სხვადასხვა თემას ეძღვნება: პირველი - სატრფოსადმი მიძღვნილი ხოტბაა, მეორე - სხვადასხვაგვარ გართობას აღწერს, მესამე, მეოთხე და მერვე ჩივილია პოეტის უკუღმართი ბედის გამო, დანარჩენი კი კეკლუცის მიმართ სიყვარულს. მათგან მეცხრე მაჯამა ომონიმურ რითმებს არ შეიცავს.
* * *
საინტერესოა, რომ ვახტანგ მეექვსის შემოქმედებაში მკვლევრები ბაროკოს ესთეტიკის ნიშნებს პოულობენ. ბაროკო მხატვრული სტილია, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის იტალიაში წარმოიშვა და გავრცელებული იყო მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ევროპულ კულტურაში. ბაროკოს ლიტერატურისთვისთვის დამახასიათებელია პოეტური ხატების კონტრასტულობა, დაძაბულობა, დინამიკურობა, აფექტაცია, გამძაფრებული მგრძნობელობა, ფორმალური ელემენტების სირთულე და ღვლარჭნილობა.
მ. ნაჭყებიას გამოკვლევაში „ქართული ბაროკოს საკითხები“ გაანალიზებულია ბაროკოს ელემენტები ვახტანგ მეექვსის შემოქმედებაში და მითითებულია, რომ ვახტანგის ფორმალურ ექსპერიმენტთაგან აღსანიშნავია პალინდრომებზე აგებული „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“:
აბანა ერსა მოშიშთა: ათშიშობ ასრე ანაბა.
აბანა დარად იდება: აბედი დარად ანაბა.
აბანა იშიშ რამეთუ: უთემარ შიში ანაბა.
აბანა არად აზედა: ადეზბა დარა ანაბა.
მკვლევრის მითითებით, ყველაზე მეტი გავრცელება ამგვარ სარკისებრ პრინციპზე აგებულმა ლექსმა ბაროკოს ეპოქაში პოვა (ნაჭყებია 2009, გვ. 56). მისივე აზრით, ბაროკოს სტილითაა აღბეჭდილი ვახტანგის „ანბანთქება“1:
არა ბრძანებ, გიორგ დედად ესე ვიყავ ზეზ ჱთერჱად,
თმით იკარი, კუკ, ლალ, მომცემ, ნებვენ ოსოპროკო ჟვერად,
როგორ საამს ტახტ უკეთუ ფეფ, ქექ, ყუყ, ღორღ, შიშ, ჩამჩქერად.
ცივიც, ძეძ, წეწ, ჭმუჭ, ხეხ, ჴოჴ, ჯორჯ, ჰაიმისჰ ჵიერად.
სადაც „ერთ თექვსმეტმარცვლიან სტროფში თავმოყრილია იმდროინდელი ქართული ანბანის 36-ვე ასო, იმგვარად, რომ ყოველი ცალკეული სიტყვა იწყება და მთავრდება ანბანის ერთი და იმავე ასოსი, გარდა სარითმო სიტყვებისა, სადაც მხოლოდ პირველ და მესამე ტაეპშია საწყისი ასო განმეორებული სიტყვის შუაში... „ანბანთქება ბაროკოს სტილის პოეზიის ერთ-ერთი დამახასიათებელი სახეობაა“ (ნაჭყებია 2009: გვ.57-58).
მკვლევარი საგანგებოდ გამოყოფს ვახტანგის კიდევ ერთ ლექსს, რომელიც „მუხრანულის“ სახელითაა ცნობილი:
სამკალი გაქვს სამუშაო, ძალო, თუ მოიმკი, კეთილსა იქ, ძალო,
მოიმკე და შეიკრიბე, ძალო, საუკუნოდ არ წახდების, ძალო.
მტერი რომ მზერს დასაწველად, ძალო, მას შეები გულმოსისხლედ, ძალო,
რა მას დასცემ, მოისვენებ, ძალო, ორსავ სოფელს სახელს პოვებ, ძალო!
ბ. დარჩიას დაკვირვებით, ეს ლექსი იკითხება როგორც ჰორიზონტალურად, ერთ სტროფად, ისე ვერტიკალურად, ორ სტროფად და ამიტომ მას შეიძლება ფიგურულ თხზულებათა სახეობა, კვადრატული ლექსი ეწოდოს (იხ.დარჩია 1988, გვ. 389). მ. ნაჭყებიამ ამ ლექსის ანალოგი სლოვაკური პაროკოს პოეზიაში აღმოაჩინა (ნაჭყებია 2009, გვ. 61), რაც იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ „ქრისტიანულ ქვეყნებში ლიტერატურული პროცესის განვითარება გარკვეულ კანონზომიერებას ემყარება“ (იქვე).
ამავე მკვლევრის შეხედულებით, „ბაროკოს სტილის თავისებური გამოვლინებაა ვახტანგის ერთი ფრიად ორიგინალური თხზულება. რომელიც „ათცხრამეტურის“ სახელით გახდა ცნობილი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში. მისი მიკვლევა და გამოქვეყნება ბორის დარჩიას დამსახურებაა. ეს ახლად მიკვლეული ნაწარმოები ყოველმხრივ განსაკუთრებულია, პირველ რიგში კი ფორმის მხრივ: აქ ერთმანეთთანაა დაკავშირებული ლექსი, ნახაზი და ნახატი, ე.ი, მას დეკორატიული ფორმა აქვს, რაც ასე დამახასიათებელია ბაროკოს ემბლემატური სტილისთვის“ (იქვე, 63).
ყოველივე ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ვახტანგ მეექვსის პოეზიაში შეიმჩნევა ბაროკოს ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რაც ამ პოეტის შემოქმედების კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მე-18 საუკუნის ქართული ლიტერატურა მიჰყვებოდა ევროპული ლიტერატურის განივთარების მაგისტრალურ ხაზს.
-
მე16-მე-18 საუკუნეების ქართული ანბანთქებების ანალიზს ცალკე სტატია დავუთმეთ, სახელწოდებით „ქართული ანბანთქებების პოეტიკა“. ↩︎
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია
ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები:
ბარამიძე 1947. ალ. ბარამიძე, წინასიტყვაობა წიგნისა „ვახტანგ VI. ლექსები და პოემები“. თბ., გამომც. „საბჭოთა მწერალი“.
ბარამიძე 1963. ბარამიძე, ალექსანდრე, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“. - „ლიტერატურული ძიებანი“, ტ XV, გვ. 153 – 177.
ბარამიძე 1966. ბარამიძე, ალექსანდრე. შოთა რუსთველი და მისი პოემა. გამომცემლობა „განათლება“. თბ.
ბარბაქაძე 2012. ბარბაქაძე, თამარ. მეფე-პოეტთა ლექსთწყობის პრინციპები. - XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა აღმოსავლური და დასავლური კულტურულ-ისტორიული პროცესების გზაშესაყარზე. გამომც. „უნივერსალი“. თბ., გვ. 155-189.
დარჩია 1988. დარჩია, ბორის. ვახტანგ მეექვსის პოეტური სამყარო. თბ., გამომც. „მეცნიერება“ .
კეკელიძე 1952. კეკელიძე, კორნელი. ძველი ქართული მწერლობის ისტორია.2. თსუ გამომცემლობა.
კეკელიძე, ბარამიძე 1987კეკელიძე, კორნელი, ბარამიძე, ალექსანდრე. ძველი ქართული ლიტერატურის იტორია (V-XVIII სს). თსუ გამომცემლობა.
ლეონიძე 1958. ლეონიძე, გიორგი. გამოკვლევები და წერილები., გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“,თბ., გვ. 214-223.
მენაბდე 2011.მენაბდე, ლევან. ვახტანგ VI. თბ., გამომც. საქპრესა.
ნაჭყებია 2009. ნაჭყებია მაია. ქართული ბაროკოს საკითხები. თბ., გამომც. „მერანი“,.
ონიანი 1976. ონიანი, შერმადინ, ვახტანგ მეექვსის რუსთველოლოგიური ნააზრევი. „მაცნე““, ენისა და ლიტერატურის სერია, №1. გვ.7-24.
ცაიშვილი 1970. ცაიშვილი, ს. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ისტორია, ტ. 1, გამომცემლობა „მეცნიერება“. თბ.
ჯავახიშვილი 1956. ჯავახიშვილი, ივანე. ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები. თბ., საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბ.
სამართალმცოდნეობა:
უმიკაშვილი 1886. ვახტანგ VI, „დასტურლამალი მეფის ვახტანგ მეექვსისა“ (რედ. პეტრე უმიკაშვილისა) - ტფილისი.
დოლიძე 1981. სამართალი ვახტანგ მეექვსისა. რედ. ისიდორე დოლიძე. თბ., გამომც. „საბჭოთა საქართველო“.
გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2026
საავტორო უფლებები:
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© თამარ ლომიძე