მენიუ

ირმა ყარაულაშვილი

ქართული დამწერლობა

წერითი სისტემები და მათი ტიპოლოგია

თამაზ გამყრელიძის თქმით, “წერითი სისტემა საზოგადოდ წარმოადგენს გრაფიკულ ნიშანთა გარკვეული აზრით მოწესრიგებულ, დალაგებულ სიმრავლეს და ეს “მოწესრიგება,” “დალაგება” გამოიხატება სისტემაში ნიშანთა გარკვეული თანმიმდევრობით, გარკვეული რიგით წარმოდგენაში.” (გამყრელიძე 2011, გვ. 6).

კაცობრიობამ საკუთარი არსებობის მანძილზე წერითი სისტემის რამდენიმე ტიპი შეიმუშავა:

  • პიქტორიული, ანუ პროტო-დამწერლობა

  • გარდამავალი (ლოგო-სილაბური სისტემა) ლურსმული და იეროგლიფური დამწერლობა

  • სილაბური

  • ანბანური (სეგმენტური სისტემა)

ა) ამათგან პირველი, პიქტორიული, წერითი სისტემის უძველეს სახეობას წარმოადგენს, რომელიც აზრის ნახატების საშუალებით გადმოცემის პრინციპს ემყარებოდა.

პიქტორიული დამწერლობის ნიმუშები:

აღსანიშნავია, რომ პოქტორიული, ანუ პროტო-დამწერლობის ნიმუშები საქართველოშიც არის აღმოჩენილი. ამ სახის „საკომუნიკაციო“ სისტემაში განირჩევა ორი ტიპი - პიქტოგრამები და პეტროგლიფები. პიქტოგრამა დახატულია კლდეზე, ხოლო პეტროგლიფი - ამოკაწრული ან ამოღარულია კლდოვან ზედაპირზე. საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი, თრიალეთში ნაპოვნია უძველესი პეტროგლიფები.

თრიალეთის პეტროგლიფები

(ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახ. – ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი)

საქართველოს და ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ პეტროგლიფთა შედარებითი გამოსახულებანი

ბ) მეორე, ანუ გარდამავალი (იგივე ლოგო-სილაბური) სისტემა. იგი ცალკეული სიტყვების (მოგვიანებით კი, სიტყვაში შემავალი მარცვლებისათვის) აღსანიშნავად ცალკეულ ნიშანთა გამოყენების პრინციპს ემყარებოდა. ამ სისტემას მეცნიერთა რიგი ორ ნაწილად ყოფს და პირველს ლოგოგრაფიულ-იდეოგრაფიულს უწოდებს, ხოლო მეორეს - ლოგოგრაფიულ-სილაბურს. მკვლევართა მეორე ნაწილი კი ამ დამწერლობებს ერთიანი, ლოგო-სილაბური სისტემის განშტოებებად მიიჩნევს, რაც მართებულად მიმაჩნია, ვინაიდან, როგორც მეცნიერთა უმეტესობა აღნიშნავს, ამ სისტემის არც ერთი ნიმუში არასოდეს არ მოიცავდა მხოლოდ სიტყვების აღმნიშვნელ სიმბოლოებს და მათში (ლურსმულსა და იეროგლიფურ დამწერლობებშიაც კი) წარმოდგენილი იყო როგორც ცალკეულ სიტყვათა, აგრეთვე მარცვალთა აღმნიშვნელი სიმბოლოების ერთობლიობა იყო წარმოდგენილი. მეცნიერთა მესამე ნაწილი კი გამოყოფს თანხმოვანზე დამყარებულ ლოგიგრაფიულ (მას მიაკუთვნებენ ძველი ეგვიპტის წერით სისტემებსა და იეროგლიფურ დამწერლობას) და და მარცვალზე დამყარებულ ლოგოგრაფიულ სისტემებს (მას მიაკუთვნებენ ლურსმულ და ჩინურ დამწერლობებს, აგრეთვე მაიას ტომისა და აცტეკთა წერით სისტემასაც).

გარდამავალი (ლოგო-სილაბური) სისტემა: ლურსმული და იეროგლიფური დამწერლობათა მაგალითები:

ქსერქსე I-ის სამენოვანი (ძველი სპარსული, ელამიტური და ბაბილონური) ლურსმული დამწერლობა, ვანი, თურქეთი

სადღეისოდ, ლოგო-სილაბურ სისტემაზე დამყარებულ დამწერლობას კვლავ იყენებენ ჩინელები.

გ) მესამე, ანუ სილაბური სისტემა, რომელსაც აგრეთვე სილაბარისაც უწოდებენ, სიმბოლოთა მიერ მარცვალთა გადმოცემის პრინციპზეა დამყარებული. აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ნაწილი ლოგო-სილაბურ ჯგუფში ნახსენებ ტიპოლოგიური დაყოფის მესამე პრინციპს წერით სისტემათა ამ ჯგუფისათვისაც იყენებს და სილაბური ჯგუფის შიგნით ერთმანეთისგან ასხვავებს თანხმოვანზე დამყარებული მარცვლების, ანუ კონსონანტურ-სილაბურ (სადაც ნიშანი გადმოსცემს თანხმოვნისა და ხმოვნის კომბინაციას) და საკუთრივ მარცვლოვანს, ანუ სილაბურ სისტემებს.

სილაბურ სისტემებად მიიჩნევენ კრეტულ დამწერლობას. სადღეისოდ, ამ ტიპის დამწერლობა კვლავ გამოიყენება იაპონელთა მიერ.

კონსონანტურ-სილაბურ წერით სისტემას განეკუთვნება აგრეთვე ძველი სემიტური დამწერლობაც. თამაზ გამყრელიძის თქმით, „განსხვავებით მარცვლოვანი დამწერლობისაგან... ან დამწერლობის მარცვლოვან-ლოგოგრამული სისტემისაგან... ძველი სემიტური კონსონანტური დამწერლობა ისეთ სისტემას წარმოადგენს, სადაც ცალკეული გრაფიკული სიმბოლოები კონკრეტულ ცალკეულ თანხმოვნებს აღნიშნავენ“ (გამყრელიძე 1989, გვ. 24). ძველი სემიტური დამწერლობის ერთ-ერთი ნიმუშია ძველი ფინიკიური დამწერლობა (მისი უძველესი ნიმუშები ძვ.წ. აღ.-ის პირველი ათასწლეულის მიჯნითაა დათარიღებული), რომლიდანაც მოგვიანებით განვითარდა ანბანური დამწერლობა. თამაზ გამყრელიძის თქმით, „სემიტური წერილობითი სისტემის ნიშანთა მყარი მიმდევრობა სისტემაში, წერითი სისტემის მკაცრად განსაზღვრული პარადიგმატიკა ხდება საფუძველი წერილობით ნიშანთა რიცხვითი მნიშვნელობის გამოყენებისა. ნიშანთა მიმდევრობაში მკაცრად განსაზღვრული ადგილის მქონე თითოეულ გრაფიკულ სიმბოლოს კონკრეტული რიცხვითი მნიშვნელობა მიეწერება და ამდენად ისინი ც ი ფ რ ი ს ფუნქციას იძენენ, რომელთა კომბინაციები სხვადასხვა რიცხვით მნიშვნელობათა გამომხატველი ხდება.“ (იქვე, გვ. 46-47).

დ) წერითი სისტემის განვითარების საბოლოო, მეოთხე საფეხურს წარმოადგენს ანბანური, ანუ სეგმენტური/ფონოლოგიური სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფონეტიკური სისტემის შესაბამისობა გრაფიკულ სისტემასთან. ანუ, ანბანურ სისტემაში ცალკეულ ფონემას შეესაბამება ცალკეული გრაფემა, რაც ანბანურ დამწერლობას ყველაზე დახვეწილი წერითი სისტემის ფორმას სძენს.

თამაზ გამყრელიძის თქმით, „ისტორიულად პირველ ნიმუშს თანმიმდევრული ანბანური დამწერლობისას, სადაც კონსონანტური და ფუნქციურად ტოლფასი ვოკალური ნიშნები ერთიან ავტონომიურ სისტემას ქმნიან, წარმოადგენს ძველი ბერძნული წერითი სისტემა, რომელიც ძველ სემიტურ წერით სისტემას ემყარება და ძველი ფინიკიური დამწერლობისაგან მომდინარეობს. ამ თვალსაზრისით ბერძნული დამწერლობა სემიტურისაგან თვისებრივად განსხვავებულ წერით სისტემას წარმოადგენს, წარმოქმნილს სემიტური სისტემის მოდიფიცირებით ხმოვან ფონემათათვის სპეციალური ნიშნების ჩამოყალიბების შედეგად... ბერძნული ანბანური დამწერლობის უძველესი ნიმუშები თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებით. მაგრამ სხვადასხვა პალეოგრაფიული მოსაზრების საფუძველზე შესაძლებელია ბერძნული ანბანური დამწერლობის წარმოშობა პირველი ათასწლეულის დასაწყისისათვის ვივარაუდოთ.“ სწორედ ბერძნულმა სისტემამ მისცა დასაბამი „მსოფლიოში ამჟამად ყველაზე გავრცელებულ წერით სისტემებს.“ (იქვე, გვ. 66-67). ანბანურმა დამწერლობამ ძველი სემიტური სილაბური დამწერლობიდან შეისისხლხორცა ასოთა რიცხობრივი მნიშვნელობა, რომელიც, ფაქტობრივად, XX საუკუნემდე გამოიყენებოდა.

ქართული დამწერლობაც ანბანური სისტემის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს.

ანბანურ წერით სისტემათა გრაფიკული განვითარების ეტაპები

სხვადასხვა ანბანურმა დამწერლობამ საუკუნეთა განმავლობაში გრაფიკული გამოსახულების განვითარების ეტაპები გაიარა. თავდაპირველად გამოიყენებოდა ე.წ. majuscule (uncial), ანუ მთავრული ტიპის დამწერლობა (სწორედ აქედანაა შექმნილი ტერმინი ასომთავრული). იგი ხასიათდება ასოთა გრაფიკული გამოსახვისას მათი მხოლოდ მთავრული ასოების წარმოდგენით (ვიზუალურად გრაფემები ორ ხაზს შორისაა მოქცეული). ამ ტიპით შესრულებული ნაწერები გამოირჩევა მიყოლებით მოთავსებული ასოებით (სიტყვებს შორის მანძილი დაცული არ არის) და პუნქტუაციის ნიშანთა ნაკლებობით

Majuscule (uncial)/მთავრულის მაგალითები:

ბერძნული ლათინური
ეთიოპიური სირიული
სომხური კოპტური

ანბანური დამწერლობის გრაფიკული განვითარების შემდეგ ეტაპს წარმოადგენს ე.წ. minuscule. ამ ტიპის დამწერლობის გამოყენებისას გრაფემა ვიზუალურად ოთხ ხაზს შორის ნაწილდება, ხოლო მთავრული ასოები წინადადების დასაწყისსა და საკუთარ სახელთა აღსანიშნავად გამოიყენება. ამასთან, ცალკეული სიტყვები ვიზუალურად ერთმანეთთან დაშორებულია, ხოლო სასვენი ნიშნების ხმარება - უფრო მოწესრიგებული, ვიდრე მთავრული ტიპის ანბანის გამოყენებისას.

Minuscule-ის მაგალითები:

ბერძნული ლათინური
სომხური სირიული
https://manuscriptevidence.org/wpme/wp-content/uploads/2015/09/2r.jpg

ქართული დამწერლობა და მის წარმომავლობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა

    წყაროთა მონაცემები

ა) ქართულ ნარატიულ წყაროებში შემონახული ინფორმაცია ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ

ქართულ ენაზე ცნობას ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ ვხვდებით XI საუკუნის ქართველი ისტორიოგრაფის, ლეონტი მროველის თხზულებაში ცხოვრება მეფეთა, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიული კორპუსის, ქართლის ცხოვრების პირველ თხზულებას წარმოადგენს. მართალია, ეს ნაწარმოები, იმ სახით, რა სახითაც მან ჩვენამდე მოაღწია, დიდი ალბათობით XI საუკუნის რუისის ეპისკოპოსის, ლეონტი მროველის კალამს ეკუთვნის, მაგრამ მკვლევართა უმეტესობა ვარაუდობს, რომ ავტორის გამოყენებული აქვს რამდენიმე ადრინდელი მატიანე (რომლებსაც სხვადასხვა მეცნიერი V-დან X საუკუნემდე პერიოდით ათარიღებს). ფრაზა, რომელიც ლეონტისეულ თხზულებაშია შეტანილი და რომელსაც ქართული დამწერლობის შექმნასთან დაკავშირებით ხშირად ვხვდებით სხვადასხვა პუბლიკაციაში, შემდეგი სახისაა: „ამან [მეფე ფარნავაზმა1 - ი.ყ.] განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“ (ქც, ყაუხჩიშვილი 1955, გვ. 26)

იმისათვის, რომ უკეთ გავიაზროთ ზოგადი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამ ფრაზის შინაარსი, მოდით, თვალი გადავავლოთ, რას გვამცნობს ლეონტი მროველი თავის თხზულებაში ზოგადად ქართველებისა და საქართველოში გავრცელებული სალაპარაკო ენების შესახებ. მოდით, ჯერ ლეონტის თხზულების შესავალს გავეცნოთ:

ავტორის თქმით, „პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა - ამათ თჳსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი... ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა-ქართლოს, მესამესა-ბარდოს, მეოთხესა-მოვაკან, მეხუთესა-ლეკ, მეექუსესა-ჰეროს, მეშვიდესა -კავკას, მერვესა-ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა.

ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანაჲ არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა...“ (ქც, ყაუხჩიშვილი 1955, გვ. 3-4)

თარგამოსის გარდაცვალების შემდეგ, „ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა თარგამოსისთა, და იპყრა ქუეყანაჲ ჩრდილოჲთ... სამჴრით მთით ორეთისითგან, აღმოსავლით ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, დასავლით ვიდრე ზღუადმდე პონტოსა. და ამათ შჳდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. [და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაჲ - სომხური - ქც მეტრეველი, გვ. 26]. და ესე რვანივე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა, რომელი იყო მეფე ყოვლისა ქუეყანისა.“ (ქც, ყაუხჩიშვილი 1955, გვ. 6)

ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის განადგურების შემდეგ, ებრაელთა ქვეყანაზე მიმოფანტვის დროს, მათი ნაწილი ქართლშიც შემოვიდა და დამკვიდრდა. ლეონტის თქმით, „აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული. “ (იქვე, გვ. 16)

ისტორიოგრაფის თქმით, გარკვეული დროის შემდეგ “მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატისი, რომელი არს სახელით ბარამ, რომელი იცნობების არდაშირობით. ესე განდიდნა უფროს ყოველთა მეფეთა სპარსთასა. ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი, მოხარკე ყვნა ბერძენნი და ჰრომნი. და მაშინ ქართველნი მოხარკე იყვნეს მისდავე. და იყვნეს ქართლსა ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი. და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა” (იქვე).

მემატიანე გვამცნობს აგრეთვე ქართულ ისტორიოგრაფიულ თხზულებებში დამკვიდრებულ ამბავს ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლის, ალექსანდრეს მიერ აზოს მეფედ დატოვებისა და შემდეგ ქართლში ფარნავაზის გამეფების შესახებ. სწორედ ფარნავაზის ზეობის ამბების გადმოცემისას გვეუბნება ლეონტი, რომ „ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“ (იქვე, გვ. 26).

ამდენად, ქართველთა სალაპარაკო ენის შესახებ საუბარს ლეონტი თავისი თხზულების დასაწყისშივე იწყებს და საკუთარ „კავკასიური თანამეგობრობის“ კონცეფციას არგებს. ქართველთა ეპონიმის (მითიური წინაპრის), ქართლოსის შესახებ ლეონტისეული მითი კარგად არის შესწავლილი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში. ცნობილია, რომ ავტორის მიზანს კავკასიის ხალხთა ერთიანობისა და საერთო წარმომავლობის იდეის დამკვიდრება წარმოადგენს. ამისათვის კი იგი იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. დიამერიზმების (ანუ, „ხალხთა და ენათა ბიბლიური განყოფის ნუსხებს“ დობორჯგინიძე 2010, გვ. 16) ერთ-ერთ ვერსიას. შესაძლოა, იგი იყენებს იპოლიტე რომაელის ქრონიკას (თხრობა მოყვანილია 234-235 წლამდე), სადაც ბიბლიურ ხალხთა სიაში იაფეტის 50 შთამომავალთა შორის მოხსენიებულნი არიან იბერებიც და სომხებიც; ამასთან, ეთნოსთა ბიბლიური წარმომავლობის ნუსხაში იპოლიტე (ისევე, როგორც სხვა ავტორი, იულიუს აფრიკანუსი, რომლის ჩვ.წ. აღ. 218 წლის ახლო ხანაში დაწერილი ქრონიკითაც, შესაძლოა, იპოლიტეს ესარგებლა) იაფეტის შთამომავალთა სიაში მიუთითებს, რომ იაფეტის ერთ-ერთი ძის, გამერის ძისგან, თორგამასგან (აფრიკანუსთან თოგარმასგან) იშვნენ სომხები (ეს ინფორმაცია გამოყენებულია სომეხი ისტორიოგრაფის, მოსე ხორენელის2 მიერ სომეხთა ეპონიმის, ჰაიკის შესახებ მითის შექმნისას), ხოლო იაფეტის სხვა ვაჟის, იოვანის ერთ-ერთი ძის, თარშიშის ძეთა შორის იშვნენ იბერიელები, იგივე ტირენები (იქვე, გვ. 39-50). ამასთან, დიამერიზმების ჩვენამდე შემონახულ პირველ სიაში, რომელიც იოსებ ფლავიუსის ბერძნულად დაწერილ ნაშრომში, იუდეველთა სიძველენშია შემონახული და რომლითაც, სავარაუდოდ, სარგებლობდა იპოლიტე რომაელი,, იაფეტის შთამომავალთა შორის სომხები საერთოდ არ იხსენიებიან, ხოლო იბერები თუბალის შთამომავლებად არიან წარმოდგენილნი. (იქვე, გვ. 26-28).

როგორც ჩანს, ლეონტი მროველი ქართველთა წარმომავლობას იპოლიტე რომაელისა დიამერიზმების თარგამოსის შთამომავლებსა და მოსე ხორენელის მიერ ჰაიკის წარმომავლობის მითთან უკავშირებს და სწორედ ამ გზით ცდილობს ქართველების საქრისტიანოში დამკვიდრებულ ბიბლიურ ხალხთა სიაში შეტანას. შემდეგ კი ანტიკურ და შუა საუკუნეების მემკვიდრეობითობის პრინციპზე დაყრდნობით (რომელიც მამისეული ქონების მემკვიდრედ ძირითადად უფროს ძეს მოიაზრებს), ქმნის მითს ჰაოსის, როგორც თარგამოსის უფროსი ძისა და ძირითადი მემკვიდრის შესახებ იმ მარტივ ლოგიკაზე დაყრდნობით, რომ ნოეს (თარგამოსის უშუალო წინაპრის) კიდობანი არარატზე გაჩერდა და თარგამოსიანებიც იქ ცხოვრობდნენ; და ვინაიდან არარატის მთა ლეონტის სიცოცხლეში ძირითადად სომხებით იყო დასახლებული, სწორედ ჰაოსი უნდა ყოფილიყო მამის უფროსი ძე და მისი მემკვიდრე, ანუ, არარატის მიდამოები სწორედ იმიტომ იყო დასახლებული სომხებით, რომ ჰაოსი თარგამოსის უფროსი ძე და ძირითადი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ კონსტრუქციიდან მომდინარეობს ლეონტის მეორე პოსტულატიც „ქართლოსიანთა თავდაპირველი ენის შესახებ.“ ეს დებულებაც, ბუნებრივია, ლეონტის (ანდა მისი წინამორბედი ავტორის, რომლის თხზულებითაც მროველმა ისარგებლა) მიერ შეთხზული მითია და მისი წინა დებულებიდან მომდინარეობს. თუკი ჰაოსი იყო უფროსი ძე, ბუნებრივია, დანარჩენ ძმებსაც იმ ენაზე უნდა ესაუბრათ, რა ენაზეც უფროსი ძმა საუბრობდა. სწორედ ამიტომ აღნიშნავს ლეონტი, რომ „შჳდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსის. და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაჲ - სომხური.“

ბუნებრივია, ლეონტის მიერ შეთხზული მითი კრიტიკას ვერ უძლებს, თუნდაც იმიტომ, რომ სომხური ენა ინდოევროპულია, ხოლო „დანარჩენ ძმათა“ ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება; შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინდოევროპული ენის საფუძველზე სხვა ლინგვისტური ოჯახის კუთვნილი ენები აღმოცენებულიყო თუნდაც „ამათ ყოველთა უცხო ნათესავთა“ ენათა (ავტორის გადმოცემით, ქართულისა და სომხურის გარდა ხაზარულის, ასურულის, ებრაულისა და ბერძულის, რომლებიც იცოდა „ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა“) აღრევის შედეგად. ამასთან, ამ ლეონტისეული კონცეფციიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნოეს მშობლიური ენაც, ფაქტობრივად, სომხური უნდა ყოფილიყო, რომელიც მას მემკვიდრეობით უნდა მიეღო მისი წინაპრებისაგან (იპოლიტე რომაელის სიის თანახმად, თორგომას ნოესგან მხოლოდ 3 თაობა აშორებდა, ვინაიდან თორგომა ნოეს მესამე და უმცროსი ძის, იაფეტის უფროსი ძის, გომერის მესამე შვილი იყო) - რაც, ბუნებრივია, ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს.

ამდენად, ზაზა ალექსიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მეფეთა ცხოვრების საწყისი ნაწილის მთელი პათოსი მიმართულია იქით, რომ დაანახოს მკითხველს, როგორ თანდათან და კანონზომიერად ყალიბდება ქართველობა თავისი სახელმწიფოთი, ენით და დამწერლობით... რა თქმა უნდა, აღწერილი პროცესი მოაზრებულია ერთი პიროვნების, ერთი ისტორიკოსის, ერთი საზოგადო მოღვაწის მიერ. მისი კონცეფციით, ქართული სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელია ეროვნული თვითმმართველობა (“მეფე ნათესავთაგან ქართველთა”), თავისუფლება (‘აღგვიხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან”), ეკონომიური სიძლიერე (“ესე ყოველი აღასრულა... სიმდიდრითა”), საკუთარი ენა, რომელიც იმავე დროს სახელმწიფო ენაა (“განავრცო ენა ქართული”) და ეროვნული დამწერლობა (“შექმნა მწიგნობრობა ქართული”).“ (ალექსიძე 2010, გვ. 327).

ნინო დობორჯგინიძის მოსაზრებით, ლეონტი მროველი „ა) აღადგენს ქართველთა ისტორიის დასაწყისი მოვლენების ფართო კონტექსტს, ანუ წინაპრის ყოფის ამსახველ „სურათებს“ უნივერსალური ერთობის დონეზე... ბ) უნივერსალურის შემდეგ ლეონტი მროველი აღადგენს მომდევნო, შედარებით ვიწრო, რეგიონალურ კონტექსტს, ანუ აღწერს საერთო გენეტიკური წინაპრის შვილთა და შვილიშვილთა განსახლებას და „ყოფას: კავკასიის მასშტაბით... გ) და ბოლოს, ლეონტი მროველი აღადგენს უშუალო წინაპრის, „ქართველთა ნათესავის“ ყოფის ამსახველი ისტორიის დასაწყისს (ფარნავაზის ეპოქა), რომლის მაკონსტრუირებელი ახალი ელემენტი არის საერთო ქართული ენა მეორე, ძველ ელემენტთან - საერთო ეთნიკურ წარმომავლობასთან ერთად.“ (დობორჯგინიძე 2010, გვ. 94-99).

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თამაზ გამყრელიძის თქმით, „ფარნავაზის დროინდელი ან უფრო გვიანდელი წარმართული საქართველოსთვის „მწიგნობრობა ქართული“ შეიძლება ნიშნავდეს ამ დროს ქართულის წერილობითი ხმარების შემოღებას „ჰეტეროგრიფიის“ სახით, ე.ი. რომელიმე გავრცელებულ უცხოურ ენაზე, მაგალითად არამეულად, შედგენილი ტექსტის წაკითხვით ადგილობრივი ენის საფუძველზე. არამეული ჰეტეროგრაფია წერის გავრცელებული ხერხი ხდება ირანულენოვან სამყაროში საშუალო სპარსულზე ტექსტების ჩასაწერად... ამასთანავე, ადგილობრივ ენაზე დამწერლობის არქონა და „წერის ალოგლოტოგრაფიული“ წესი, ე.ი. წერა-კითხვის ფაქტიური ცოდნა მხოლოდ სპეციალისტ-თარჯიმანთა ვიწრო წრის მიერ, არ ნიშნავდა სხვათა „გაუნათლებლობას“ ან ქვეყანაში ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ უ ლ ი ტრადიციის უქონლობას... ქრისტიანობამდელ ამიერკავკასიაშიც წერა კითხვის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი, როგორც ჩანს, „ალოგლოტოგრაფია“ უნდა ყოფილიყო, რითაც აიხსნება აქ ა რ ა მ ე უ ლ წარწერათა განსაკუთრებული გავრცელება. წარმართულ ი ბ ე რ ი ა ს ა და ს ო მ ხ ე თ შ ი „საშინაო მოხმარებისათვის“ ტექსტები საკუთარ, ადგილობრივ ენებზე ალბათ სწორედ არამეული ა ლ ო გ ლ ო ტ ო გ რ ა ფ ი ის წესით იწერებოდა, რაც გასაგებს ხდის ცნობას ქართლში მეფე ფარნავაზის დროს „ქართული მწიგნობრობის“ შემოღების შესახებ.“ (გამყრელიძე 1989, გვ. 198-200)

ბ) სომხურ ნარატიულ წყაროებში შემონახული ინფორმაცია ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ

ინფორმაცია ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ შემონახულია აგრეთვე სომხურ ნარატიულ წყაროებში. ყველა ის სომხური წყარო, რომელშიაც მსგავსი ინფორმაცია იძებნება, პირველწყაროდ V საუკუნის სომეხი ეპისკოპოსის, კორიუნის თხზულებას ასახელებს, რომელიც იმავე პერიოდის მოღვაწისა და სომხური ანბანის შემქმნელის, მესროპ მაშტოცის ცხოვრებას ასახავს. ამ ნარატივის სხვადასხვა რედაქცია არსებობს (მოკლე და ვრცელი). ტექსტის ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, რომელიც XIV საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერშია დაცული (ერევნის წიგნთსაცავის, მატენადარანის სომხურ ხელნაწერთა კოლექცია, Mat. 2695) „წავიდა წმინდა ვარდაპეტი მესროვბი ქართველთა ქვეყანაში, შეუქმნა მათ ანბანი მათი ენის შესაბამისად და წავიდა ალბანეთში, მისთვის მინიჭებული უფლის წყალობით მათაც შეუქმნა ანბანი, გამართა სკოლები ორივე ქვეყანაში. თავად კი დაბრუნდა სომხეთში.“ ცნობა მაშტოცის მიერ ქართული და, ამასთანავე, კავკასიური ალბანური დამწერლობათა შექმნის შესახებ მოცემულია სხვა სომეხ ავტორთა ნაშრომებშიაც, მათ შორის, „სომხური ისტორიოგრაფიის მამის,“ მოსე ხორენელის სომხეთის ისტორიაშიაც.

ამდენად, სომხური ისტორიოგრაფიის თანახმად, მაშტოცმა, რომელიც ტრადიციულად სომხური ანბანის შემქმნელად ითვლება (თუმცაღა, ბოლო კვლევებისა და რიგ სომხურ ისტორიოგრაფიულ ტექსტში დაცული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, მისი დამსახურება მხოლოდ ვინმე სირიელი ეპისკოპოსის, დანიელის მიერ შეთავაზებული სომხური კონსონანტური ანბანისათვის ხმოვანთა აღმნიშვნელი გრაფემების დამატებაში მდგომარეობდეს), სომხური ანბანის შექმნის პარალელურად უხელმძღვანელა აგრეთვე ქართული და კავკასიური ალბანური დამწერლობის შექმნის პროცესსაც.

კორიუნის თხზულების გამოცემებსა და რიგ ხელნაწერებში მოცემული ამ ინფორმაციის სიზუსტეში ეჭვი ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილმა შეიტანა. მან მოიხმო V საუკუნის სხვა სომეხი ისტორიოგრაფის, ლაზარე ფარპელის სომხეთის ისტორიაში მოცემული ცნობა, რომელიც მაშტოცის მოღვაწეობას ეხება და რომელშიაც მესროპი მხოლოდ სომხური ანბანის ავტორად არის გამოყვანილი. შედეგად, დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა სამართლიანად დაასკვნა, რომ ცნობა მესროპ მაშტოცის მიერ ქართული და კავკასიური ალბანური დამწერლობათა შექმნის შესახებ გვიანდელ ჩანართს წარმოადგენს; ამდენად, იგი ნატყუარია და არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს (ჯავახიშვილი 1935).

მესროპ მაშტოცის ცხოვრების ამ ეპიზოდის არაავთენტურობას ხაზი გაუსვა აგრეთვე ზაზა ალექსიძემაც, რომელმაც გამოიკვლია რიგ სხვა ადრეულ სომხურ წყაროებში მოცემული ინფორმაცია (მათ შორის, ეპისტოლეთა წიგნი, რომელიც VII საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება; VII საუკუნის ბოლო მეოთხედით დათარიღებული ანონიმური ქრონოგრაფია, და X საუკუნის სომეხი ავტორის, უხტანესის თხზულება, რომლის სათაურიცაა ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან. მკვლევრის დასკვნით, ცნობა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თაობაზე გვიანდელ ჩანართს წარმოადგენს, რომელიც ჯერ არ უნდა არსებულიყო VIII საუკუნეში და რომელიც კი არსებობდა, მაგრამ არ უნდა ყოფილიყო პოპულარული უხტანესის დროს, ანუ, X საუკუნეში. (ალექსიძე 1968).

კორიუნის თხზულების მესროპ მაშტოცის ცხოვრების სხვადასხვა რედაქცია და მათი ურთიერთდამოკიდებულება ძირფესვიანად შეისწავლა ქართველმა არმენოლოგმა, ხათუნა გაფრინდაშვილმა. ხელნაწერთა მონაცემების საფუძველზე მკვლევარმა აჩვენა, რომ ცნობა მაშტოცის მიერ სომხების გარდა ქართველებისა და ალბანელებისათვის დამწერლობათა შექმნის თაობაზე მხოლოდ ცხოვრების ვრცელ რედაქციებში გვხვდება, რომელთაგან ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი (ერევნის მატენადარანის, Mat. 2639) 1672 წლით თარიღდება. როგორც ამ რედაქციის ტექსტებშია აღნიშნული: სივნიეთის დამოძღვრიდან „გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ქრისტეს საყვარელმა [მაშტოცმა] განიზრახა ეზრუნა ბარბაროსულ მხარეზე. და დაიწყო ქართული ენისათვის ასო-ნიშნების შექმნა უფლისაგან მისთვის მინიჭებული მადლით. დაწერა, დაალაგა და წესისამებრ გამართა, თავისი მოწაფეებიდან რამდენიმე საუკეთესო წაიყვანა თან, წავიდა და ჩავიდა ქართველთა მხარეში. მივიდა და წარუდგა მეფეს, რომლის სახელი იყო ბაკური და ქვეყნის ეპისკოპოსს - მოსეს… მან თავისი ხელოვნება წარმოაჩინა, დამოძღვრა და დაარწმუნა [ისინი ისე], რომ ყველამ ითავა მისი სურვილის აღსრულება. ჰპოვეს ერთი კაცი ქართული ენაზე მთარგმნელი, რომელსაც სახელად ჯაღას უწოდებდნენ, კაცი განათლებული და ჭეშმარიტების მორწმუნე; ამის შემდეგ ქართველთა მეფემ ბრძანა, თავისი სამფლობელოს სხვადასხვა მხარეებიდან და შერეული გავარებიდან შეეკრიბათ ბავშვები და მოძღვრისათვის მიებარებინათ“ (გაფრინდაშვილი 2019, გვ. 252-253).

მსგავსივე პათოსით არის აღწერილი ტექსტში მაშტოცის მიერ ალბანელებისათვის დამწერლობის შექმნის ამბავიც: კორიუნი გვეუბნება, რომ ქართველთათვის ანბანის შექმნიდან გარკვეული დროის შემდეგ მაშტოცთან „მივიდა და შეხვდა მას ერთი ხუცესი, ეროვნებით ალბანელი, სახელად ბენიამინი. ხოლო მან გამოჰკითხა და გამოიძია ალბანური ენის ბარბაროსული სიტყვები, ზემოდან დაჯილდოებული თავისი ნიჭის ძალით შექმნა ასო-ნიშნები და ქრისტეს მადლის წყალობით მოაწესრიგა, დაადგინა და გამოსცადა [ისინი].” შემდეგ მაშტოცი „გაემართა ალბანეთის მხარეებში. წავიდა და ჩავიდა იმ ქვეყანაში და მიაღწია სამეფო ადგილებს, ინახულა ალბანეთის წმინდა ეპისკოპოსი, რომელსაც სახელად იერემიას უწოდებდნენ და მათი მეფე, რომლის სახელი იყო არსვაღი, ყველა დიდებულთან ერთად, რომელთაც დიდი მორჩილებით მიიღეს [იგი] ქრისტეს სახელისათვის. შემდეგ გამოიკითხეს მათ, რა განზრახვა ჰქონდა [მაშტოცს], რისთვის იყო მოსული. ხოლო მათ, ორივე თანამოღვაწემ, ეპისკოპოსმაც და მეფემაც ითავეს მწიგნობრობის გაზიარება, ბრძანება გასცეს, რომ თავიანთი სამეფოს გავარებიდან და ადგილებიდან მრავალი ბავშვი მოეყვანათ და შეეკრიბათ მწიგნობრობის ხელოვნების [შესასწავლად] შესაფერის და ხელსაყრელ ადგილებში ჯგუფ-ჯგუფად სკოლებში…“ (იქვე, გვ. 258-260).

ხათუნა გაფრინდაშვილის გამოკვლევის თანახმად, უფრო ადრინდელ ხელნაწერებში და ტექსტის მოკლე რედაქციაში მსგავსი ინფორმაცია არ გვხვდება. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ ცნობა მესროპ მაშტოცის მიერ ქართველებისა და ალბანელებისათვის დამწერლობის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობის შესახებ გვიანდელ ჩანართს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომაა, რომ სომეხ ისტორიოგრაფთა ნაწილი (ზემოხსენებული ლაზარე ფარპელი (V ს.), ფილონ ტირაკელი (VII-VIII ს.), უხტანესი (X ს.), სამუელ ანელი (XII ს.), თომა არწრუნი (IX-X სს.), მხითარ აირივანელი (XIII ს.), სტეფანოს ორბელიანი(XIII ს.)), რომლებიც მესროპის შესახებ ინფორმაციის წყაროდ კორიუნის თხზულებას ასახელებენ, არაფერს ამბობენ მის მიერ სომხურის გარდა სხვა ანბანის შექმნაში მონაწილეობის შესახებ. ამასთან, „მათგან ზოგიერთ წყაროში მაშტოცი სომხური დამწერლობის შემქმნელიც კი არ არის, მხოლოდ მისი რეფორმატორია, რაც არსებული სომხური ანბანისთვის ძირითადად ხმოვანთა დამატებაში გამოიხატება.“ (გაფრინდაშვილი 2019, გვ. 220)

ქართული, სომხური და ალბანური დამწერლობების გრაფიკულ მსგავსების საკითხი

არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად არის აღნიშნული ძველი ქართული ასომთავრულისა და სომხური uncial-ის, ერკათაგირის გრაფიკული მსგავსება. მართლაც, ერთი შეხედვით ეს ორი ანბანი (ისევე, როგორც კავკასიური ალბანური დამწერლობა) ვიზუალურად გრაფემათა მოხაზულობის თვალსაზრისით ერთმანეთთან გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს.

ქართული ასომთავრული სომხური ერკათაგირი ალბანური
F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\400px-Ishkhani_inscription_detail.jpg F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\Звартноц.jpg

თუმცაღა, როგორც თამაზ გამყრელიძე აღნიშნავს, „გრაფიკული მსგავსება წერით სისტემებს შორის ისტორიულ ურთიერთობათა დადგენის თვალსაზრისით მ ე ო რ ე უ ლ ი მონაცემია, დამყარებული სისტემათა გარეგან მახასიათებლებზე და არა ძირითადი მონაცემი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დავასკვნათ ამა თუ იმ დამწერლობის წარმომავლობის შესახებ.“ (გამყრელიძე 1989, გვ. 180).

ამასთან, ქართული და სომხური ანბანის ერთი პირის მიერ შექმნის მოსაზრებას ეწინააღმდეგება ანბანთა თვისობრივი მახასიათებლებიც. თუკი ქართულ ანბანში ბერძნულისაგან განსხვავებული ასოები ძირითადად მოთავსებულია ანბანის ბოლოს და „რიცხვით მნიშვნელობათა აღნიშვნის სისტემა ქართულში მთლიანად ბ ე რ ძ ნ უ ლ ს მისდევს“ (გამყრელიძე 1989, გვ. 149), სომხურში ბერძნულისაგან განსხვავებული ასოები კი არ მოსდევს ბერძნულის რიგს, არამედ ჩართულია მათში. შესაბამისად, სომხურში დარღვეულია გრაფემათა რიცხვითი მნიშვნელობების შესაბამისობაც ბერძნულ ანბანთან. ვფიქრობ, ეს ფაქტიც მესროპ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ ინფორმაციას აქარწყლებს, ვინაიდან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ერთსა და იმავე მოღვაწეს სხვადასხვა ანბანის შექმნისას თვისობრივად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომა გამოეყენებინა.

მეცნიერთა მიერ გამოთქმული მოსაზრებანი ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ I

ქართული ანბანის წარმომავლობისა და ნარატიულ წყაროებში წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობის პრობლემატიკა მეცნიერთა ყურადღებას XIX საუკუნიდან მოყოლებული იპყრობს. მათი მოსაზრებანი ძირითადად, სამი მიმართულებით განვითარდა: ა) ქართული ანბანის საფუძველი ფინიკიურ ანბანში უნდა ვეძიოთ; ბ) ქართული ანბანი ავლენს სიახლოვეს ბერძნულთან; გ) ქართული ანბანი არ ავლენს დამოკიდებულებას არც ერთ სხვა ანბანზე.

ა) მოსაზრება ქართული დამწერლობის სემიტურიდან წარმომავლობის თაობაზე

მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ ქართული დამწერლობას, ბერძნულის მსგავსად, ძველი სემიტური დამწერლობანი (ფინიკიური და არამეული) ედო საფუძვლად. ივანე ჯავახიშვილის თქმით, „ასო „ვ“-ინის მეექვსე ადგილზე ქართულ ანბანში არსებობა და ბერძნულში ამ ასოს უკვე VII საუკ. ქ.წ. გადავარდნა ქართული ანბანის VIII ს-ზე მერმე შეუძლებლად ხდის და, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე VII საუკ. ბერძნული ასოები პირმარჯვნივ არიან გადაბრუნებული, ქართულ ასოებს კი პირმარცხნივ მდებარეობა აქვთ შენახული, ქართული უძველესი ანბანი ბერძნულისგან წარმოშობილობის აზრი უსაფუძვლოდ და შეუძლებლად გვეჩვენება.“ მიუხედავად იმისა, რომ „თითოეული ქართული ასოს მოყვანილობის... შედარებითი შესწავლა ცხად-ყოფს, რომ ქართულ დამწერლობას მახლობელი აღმოსავლეთის სხვა დამწერლობათა შორის სრული მსგავსებით უშუალო ნათესაობის ან დედნობის გამო[მა]მჟღავნებელი არ მოეპოვება,“ „ქართული ანბანის ასოთა რიგობითო მიმდევნოება ფინიკიურ-სემური ანბანისას მშვენივრად იცავს, რაც აგრეთვე მისი სიძველის მომასწავებელია.“ ასო ბ-ანის მოზახულობის გრაფიკულ თავისებურებათა დეტალური ანალიზის შედეგად ჯავახიშვილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ქართულენოვან დედან დამწერლობად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ფინიკიური... ერთი მხრით, მეორე მხრით - უძველესი ებრაული.. IV ს.-მდე ქ.წ., მესამე მხრით - არამეული VII ს.-მდე ქ.წ.“ (ჯავახიშვილი 1949, გვ. 233-234, 236). თუმცაღა, მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან „ხმოვნებისათვის ასოების შემოღება ბერძნების ღვაწლად და წვლილად ითვლება დამწერლობაში... ხმოვნების ანბანის მწკრივის რიგობითი დალაგებულობის იგივეობა აფიქრებინებ ადამიანს, რომ ქართულ ანბანსაც ამ ასოების ხმოვნების აღსანიშნავად გამოყენების აზრი შესაძლებელია ბერძნული ანბანის მიბაძვით ჰქონდეს შეგნებული“ (იქვე, გვ. 271)

არმაზის ბილინგვის (იხ. ქვემოთ,) აღმოჩენისა და არამეულის ადგილობრივი, ე.წ. არმაზული დიალექტის გამოვლენის შემდეგ მოსაზრება ქართული ანბანის სემიტურზე დამოკიდებულების შესახებ გამოთქვა აგრეთვე გიორგი წერეთელმა. მისი აზრით, ქართულიც და არმაზული არამეულიც საერთო წყაროდან, არამეული დამწერლობიდან განვითარდა. ქართული გრაფემების არამეულზე დამოკიდებულების დასასაბუთებლად მან გვიანდელ, კერძოდ კი, ნუსხურად დაწერილ ძეგლებში არმაზის ბილინგვის გრაფემების მოხაზულობასთან დაფიქსირებული გრაფიკული მსგავსება მიიჩნია (წერეთელი, 1960). რამაზ პატარიძემ განავრცო ეს მოსაზრება, ფინიკიურ-არამეულის გარდა იგი ბაბილონურ ლურსმულ დამწერლობასთანაც დააკავშირა და მისი წარმოშობა, თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობის საფუძველზე, ადგილობრივი ქურუმების მოღვაწეობას დაუკავშირა (ცნობაში მითითებულია, რომ ფარნავაზამდე „უხუცესთა წერილითა“ წერდნენ ქართველ ქურუმები; ეს ანბანი კი ხუცურ (იგულისხმება საეკლესიო) დამწერლობას შეესაბამებოდა, რომლისაგანაც ფარნავაზმა „განჰყო მხედრობისათვის თვისისა მხოლოდ ჴელით წერილი განყოფილი ასონი.“3 ხოლო თავდაპირველი, ანუ ხუცური ანბანი, „პირველსა ჟამსა ქმნილ არს ებრაულისა და ქალდეურისა.“) (პატარიძე 1980).

ბ) მოსაზრებანი ქართული დამწერლობის ბერძნულიდან წარმომავლობის, თუ მისი ორიგინალურობის შესახებ

მოსაზრება ქართული დამწერლობის ბერძნული წერითი სისტემიდან მომდინარეობის თაობაზე სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი მკვლევრის მიერაა გამოთქმული. ითვლება, რომ ამაზე მიუთითებს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქართულ ანბანში ასოთა რიგი მიყვება ბერძნულს და ინარჩუნებს ბერძნულისათვის დამახასიათებელ ასოთა რიცხვით მნიშვნელობებს (ხოლო განსხვავებული ასოები ანბანის ბოლოს არის დაჯგუფებული და მათ ათასეულების რიცხობრივი აღნიშვნა მიესადაგა), არამედ ისიც, რომ ქართულ ენაში დამწერლობასა და მწერლობასთან დაკავშირებული ტერმინები - კალამი, მელანი, ეტრატი და რიგი სხვა - სწორედ ბერძნულიდანაა შემოსული (კეკელიძე 1980, გვ. 31-41).

ძირფესვიანად საკითხი ქართული ანბანის წარმოშობისა და მისი სხვა წერით სისტემებთან გრაფიკული თუ ფუნქციური მსგავსებათა შესახებ შესწავლილი აქვს თამაზ გამყრელიძეს. მისი დასკვნით, „ქართული წერითი სისტემა არსებითად ემთხვევა სწორედ ბერძნულ სისტემას (და არა სემიტურს ან რომელიმე სხვა სისტემას)... და ამდენად უფრო სავარაუდოა ძველი ქართული დამწერლობის ნიშნებისათვის ბერძნული გრაფიკული პროტოტიპი, ვიდრე რომელიმე სხვა.“ ამასთან, „მხოლოდ ნიშანთა მოხაზულობის გათვალისწინებით ძველ ქართულ დამწერლობას მრავალი სხვა წყარო აღმოაჩნდებოდა, და სწორედ ამიტომაა, რომ ქართულ დამწერლობას ამ თვალსაზრისით სულ სხვადასხვა სისტემებს უკავშირებდნენ (ბერძნულს, ფინიკიურს, არამეულს, ფალაურსა და სხვ.)“ (გამყრელიძე 1989, გვ. 180)

მკვლევართა მიერ ანბანის გრაფიკულ სტრუქტურასა და მის შესწავლას ყურადღებას უთმობს თითქმის ყველა ქართველი, თუ უცხოელი მკვლევარი, რომელიც ქართული ანბანის წარმომავლობის საკითხს ეხება (როგორც ვნახეთ, ივანე ჯავახიშვილიც დასკვნების გამოტანისას ხშირად სწორედ ამ ასპექტს ანიჭებს უპირატესობას). XX საუკუნის მეორე ნახევარში ქართველ მეცნიერთაგან ქართულ ასოთა გრაფიკული მოხაზულობის შესწავლის საფუძველზე ხელოვნებათმცოდნე ელენე მაჭავარიანმა დაასკვნა, რომ „ასოთა წარმოების რთული ვარიაციული სისტემა და პირობითობის პრინციპზე აგებული ასო-მოხაზულობათა სტილისტური ერთიანობა მიგვითითებს, რომ ქართული ასომთავრულის გრაფიკული სტრუქტურა სხვა ანბანთა ასო-ნიშნების გამოუყენებლად შეიქმნა... ქართული ასომთავრულის საწყისები ხალხური არქიტექტურის (ქვასა და ხეში არსებულ) ტრადიციებს უკავშირდება... ასო-მოხაზულობათა პალეოგრაფიული ცვალებადობის საფუძველზე ადრეული განვითარების ხანგრძლივობის გათვალისწინება და ასევე გრაფიკული წყობის ძველ არქიტექტურულ ფორმებთან შესაბამისობა შესაძლებლობას გვაძლევენ ქართული ასომთავრულის გრაფიკული სტრუქტურის შექმნა ქრისტიანობამდელ ხანას დავუკავშიროთ“ (მაჭავარიანი 1982, გვ. 101).

მოსაზრება ქართული ანბანის წარმომავლობაზე გამოთქვა აგრეთვე ელგუჯა ხინთიბიძემ. ჯავახიშვილის მსგავსად, მანაც ყურადღება გაამახვილა ასო ვინ-ზე და მიიჩნია, რომ ქართულ ანბანში მისი მოთავსება მე-6 ადგილას მსგავსებას ამჟღავნებს როგორც უძველეს ბერძნულ, აგრეთვე ფინიკიურ ანბანთანაც. ხინთიბიძე, ელენე მაჭავარიანის კვალდაკვალ, აგრეთვე აღნიშნავს 4ასომთავრულ გრაფემა ჯ-ს ქრისტიანულ სიმბოლიკასთან კავშირს („ე. მაჭავარიანის დასკვნით ასომთავრული „ჯანი“ შექმნილია იესო ქრისტეს ინიციალების გრაფიკული შეერთებით და გამოხატავს მონოგრამას, რომელიც შინაარსობრივად სიტყვა ჯვარის პირველ ასოს გადმოსცემს... ამით ქართული ანბანი გამოეხმაურა ქრისტიანული ეპოქისათვის დამახასიათებელ ტენდენციას – ჯვარცმული ქრისტეს სიმბოლოდ ჯვარის გამოსახულების დამკვიდრებას.“) ხინთიბიძის ვარაუდით, „ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართული ანბანი ჩვენი წელთაღრიცხვით IV-V საუკუნეებში ასოთა რიგზე ეწყობა ბერძნულის მიხედვით, მაგრამ პირველსახედ იღებდა არა იმდროინდელი ბერძნულის დაკანონებულ რიგს, არამედ არქაულს, დაახლოებით ათი საუკუნის წინ შეცვლილს.“ (ხინთიბიძე 1983, გვ. 133). იქვე). დასკვნის სახით მკვლევარი გვთავაზობს მოსაზრებას უძველესი ქართული ანბანის ქრისტიანობის შემდეგდროინდელი რეფორმის შესახებ.

XXI საუკუნეში კი ნიკოლოზ ალექსიძემ შემოგვთავაზე ქართული ენის ანალიზი დიაქრონული გრაფემიკის (გრაფემათა ჩამოყალიბებისა და მათი განვითარების ისტორია, მათზე უცხო ენის გრაფიკული ნორმების ზეგავლენა) მეთოდით და შეეცადა გამოევლინა რიგი გრაფემების (მხოლოდ ხმოვნებისა და ნახევარხმოვნების, ჱ, ჲ, ჵ, ჳ) შესაბამისობა ბერძნულ შესატყვისებთან. მკვლევრის აზრით, „თუ ჩვენ a priori დავუშვებთ, რომ ასომთავრული დამწერლობა პროტოტიპად იყენებს ბერძნულს,“ მაშინ დიაქრონულ ჭრილში მის მიერ განხილულ გრაფემათა შეპირისპირება ბერძნულ ანალოგებთან ცხადყოფს, რომ ქართული ასოები ბერძნულ ანალოგებს ფუნქციურად შეესაბამება არა ქრისტიანობის შემდგომ პერიოდში, არამედ გაცილებით ადრეულ პერიოდში. ამასთან, მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ ძველი ქართული ჲ-ს არ არის ბერძნულზე დამოკიდებული (სწორედ ამიტომ არის იგი მოკლებული რიცხობრივ მნიშვნელობას). ამდენად, ნიკოლოზ ალექსიძეც ქართულ დამწერლობაში უფრო ავთენტური ხასიათს ხედავს, ვიდრე მის ბერძნულ ანბანზე დამოკიდებულებას (პოსტ-ქრისტიანულ ეპოქაში მაინც) (ალექსიძე 2005).

ქართული დამწერლობის შექმნის დრო

ქართული დამწერლობის შექმნის დროსთან დაკავშირებით მეცნიერთა მოსაზრებანი, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა. პირველი ჯგუფი იზიარებს ლეონტი მროველისეულ ცნობას და ქართულ დამწერლობას ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნილად მიიჩნევს; მკვლევართა მეორე ნაწილი კი ამ პროცესს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირებს.

ა) დავათის სტელა და ლეონტისეული ინფორმაცია ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ

ლეონტი მროველის ცნობასთან მიმართებით ქართლის ცხოვრების რამდენიმე ხელნაწერში არსებული მინაწერი გვამცნობს, რომ ფარნავაზის მიერ ქართული ანბანის შექმნას ადგილი ჰქონდა ძვ.წ.აღ-ის 284 წელს. საინტერესოა, რომ, მკვლევართა აზრით, სწორედ ეს თარიღია მოცემული XX საუკუნის 80-იან წლებში აღმოჩენილ დავათის სტელაზე, რომელსაც მეცნიერთა ნაწილი IV-V, ნაწილი VI-VII საუკუნით ათარიღებს. სტელის ზედა კომპოზიციაზე მოცემულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა გამოსახულება, მათ შორის კი მოთავსებულია სრულად ამოტვიფრული ქართული ანბანი. ითვლება, რომ სტელის ზედა ნაწილზე მოცემულია განდიდების სცენა, რომელიც განსხვავდება მსგავსი სცენის ტრადიციული იკონოგრაფიული გამოსახულებისაგან, ვინაიდან მასზე განდიდებულია არა ჯვარი, ანდა იესო ან მარიამ ღვთისმშობელი, არამედ ქართული დამწერლობა. ამასთან, ამ გამოსახულებაზე ასოების - ჟ, ტ-სა და კ-ს თავზე მოთავსებულია ქარაგმის ნიშანი. ასოთა რიცხობრივი მნიშვნელობის თანახმად ჟ 5000-სს უდრის, ტ - 300-სს, ხოლო კ - 20-ს. რაც, მკვლევართა ვარაუდით, ქართული დამწერლობის თარიღს უნდა შეესაბამებოდეს. შედეგად მიღებული ციფრი 5320, ქართული ნაციონალური კალენდრის თანახმად გულისხმობს სამყაროს დასაბამიდან გამოანგარიშებულ თარიღს, რაც ძვ.წ. აღ-ის 284 წელს, ანუ ქართლის ცხოვრების მინაწერებზე დაფიქსირებულ თარიღს ემთხვევა (აბრამიშვილი, ალექსიძე 1985).

F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\Stela_of_Davati.jpg F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\Stela_of_Davati2.jpg
F:\Geo visual\inscriptions\ნეკრესი\img3e.jpg

ვფიქრობ, მოცემული სტელა და მასზე არსებული გამოსახულება ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ ამ ინფორმაციის წერილობითი ფიქსაციის, ანუ ლეონტი მროველის თხზულებამდე უფრო ადრე არსებობის უტყუარობის დასტურად უფრო გამოდგება, ვიდრე ორიგინალური ქართული ანბანის შექმნის სავარაუდო თარიღის სიზუსტისა თუ უტყუარობის დასადგენად.

ბ) ნეკრესის წარწერები

XX საუკუნის 70-იან წლებში ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის გათხრებისას აღმოჩნდა 10 ეპიგრაფიკული წარწერა; ამათგან შვიდი აღმოჩნდა მარნის ტერიტორიაზე, ხოლო ორი, ლევან ჭილაშვილის თქმით, „შემთხვევით აღმოჩენილი წარწერებია“ და ერთი ნეკრესის ბაზილიკაშია აღმოჩენილი ამასთან, მიკვლეულია „IV-VI სს. დათარიღებული არქიტექტურული ნაგებობის კედლებში ჩატანებული ქვის ფილები ქართული უძველესი წარწერებით, რომელთა ხნოვანება განისაზღვრება IV საუკუნის ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის კერამიკით ახ. წ. I-III საუკუნეებით. პალეოგრაფიული ნიშნებითაც ისინი უძველესი წარწერების რიგში ექცევიან.“ (ჭილაშვილი 2000, გვ. 6). IV-VI სს. დათარიღებული არქიტექტურული ნაგებობაში ჭილაშვილი მარანს გულისხმობდა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში აიგო; „მარნის აგებამდე აქ არსებობდა წარმართული სამლოცველო, რომლის დანგრევის შემდეგაც, ზედვე, მაზდეანური სამლოცველო მოაწყვეს.“ (ჭილაშვილი 2004, გვ. 20).

მარნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერებიდან ექვსი ქვაზე ამოკაწრული წარწერა (წარწერები N1-5, 10), მკვლევრის აზრით, მაზდეანთა ეპიტაფიებს წარმოადგენს. ამათგან ყველაზე ძველია წარწერები N1 (იქვე, გვ. 16-20), რომელსაც ჭილაშვილი ძვ. წ. აღ. IV-II საუკუნეებით ათარიღებს (იქვე, გვ. 87) 5 და წარწერა N2 (იქვე, გვ. 20-21) - ძვ. წ. აღ. II-I სს. (ჭილაშვილი, გვ. 84). დანარჩენი წარწერები, მკვლევრის აზრით, ჩვენი წელთაღრიცხვით უნდა დათარიღდეს: N3 (იქვე, გვ. 21-23), N4 (გვ. 23-25) და N5 (გვ. 25) - I-II საუკუნეებით (იქვე, გვ. 85),6 წარწერა N 10 (გვ. 25-28) - III საუკუნით (იქვე, გვ. 86). მეშვიდე წარწერას (N6) კი, რომელიც მარნის ტერიტორიაზევე აღმოჩნდა და ქვევრის პირზე იყო გაკეთებული (ჯერ კიდევ მის გამოწრთობამდე; იქვე, გვ. 29-35) - II-III საუკუნით (იქვე, გვ. 87). შემთხვევით აღმოჩენილი წარწერებიდან N7 (იქვე, გვ. 36-43) ქვაზეა შესრულებული და N8 (იქვე, გვ. 43-46) - ქვიშაქვის ბრტყელ ფილაზე– ორივე წარწერა მკვლევარმა I-II საუკუნეებით დაათარიღა (იქვე, გვ. 84, 87); ხოლო ნეკრესის ბაზილიკაში აღმოჩენილი წარწერა N9 (იქვე, გვ. 47-50), რომელიც, მკვლევრის თქმით, „განსხვავებულია ნეკრესშია ადრე აღმოჩენილი ყველა წარწერისაგან,“ შესრულებულია „ფიქლის ნაჭერზე, გაკრული ხელით,“ ჭილაშვილმა უფრო კონკრეტულად, კერძოდ კი, 370-380 წლებით დაათარიღა. (იქვე, გვ. 87). პარალელურად, მკვლევარმა გადაათარიღა აგრეთვე მიერ რუსთავის ნაქალაქარის გათხრებისას აღმოჩენილი ოთხი წარწერა (სამი წარწერა აღმოჩნდა 1950-51 წლებში გიორგი ლომთათიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციის მსვლელობისას, მეოთხე კი - 1982 წელს; ოთხივე წარწერა საფლავის ქვებზე შესრულებულ ეპიტაფიას წარმოადგენს) და მათი შექმნის თარიღად II-IV საუკუნეები ივარაუდა (იქვე, გვ. 51-57).

წარწერათა წინარექრისტიანული წარმომავლობა, ჭილაშვილის თანახმად, მომდინარეობს ამ წარწერათა სამშენებლო მასალად გამოყენების ფაქტიდან (ისინი უფრო ადრინდელია, ვიდრე თავად ეკლესიები, რომელთა აშენებისასაც ისინი გამოიყენეს). ამასთან, პალეოგრაფიული მონაცემები (ასოთა მოხაზულობა) ანბანის განვითარების უძველეს ეტაპზე უნდა მიუთითებდეს (იქვე, გვ. 58-66); თანაც, ამ წარწერა-ეპიტაფიებზე (ანუ, საფლავის ქვებზე) არ გვხვდება ქრისტიანული სიმბოლიკა (იქვე, გვ. 67), ხოლო მოხსენიებულ პირთა სახელები (აღდგენილი, როგორც აბაზა (აბზა), ლევაკ, თობულა, ჲოთორი, ნოში, ბაია, ფარსმან აზატი; იქვე. გვ. 65) აგრეთვე არაქრისტიანულია.

F:\Geo visual\inscriptions\ნეკრესი\tam_20831.jpg F:\Geo visual\inscriptions\nekresis carcera 2.jpg
F:\Geo visual\inscriptions\nekresis carcera 3.jpg F:\Geo visual\inscriptions\nekresis carcera.jpg

ამდენად, ერთი შეხედვით, აღმოჩენილი წარწერები თითქოსდა მხარს უჭერს ლეონტი მროველის მიერ მოტანილი ინფორმაციის სისწორეს თუ არა, წინარე ქრისტიანულ პერიოდში ქართლში დამწერლობის არსებობას მაინც. ამასთან, ლევან ჭილაშვილის დასკვნები, ძირითადად, სამ არგუმენტზეა დამყარებული: ა) წარწერების აღმოჩნდა უძველეს კულტურულ ფენაში (ნაწილი აღმოჩნდა მარნისა და სასახლის ნანგრევების გათხრებისას; ნაწილი კი გამოყენებული იყო IV საუკუნით დათარიღებული ტაძრის საძირკვლის; ბ) ეპიტაფიებზე მოცემულია არაქრისტიანულ სახელები; შესაბამისად წარწერები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე უნდა ყოფილიყო შესრულებული,; გ) პალეოგრაფიულად ასოთა მოხაზულობა... მოიცავს,

თუმცაღა, როგორც VI საუკუნეში ნეკრესის მონასტერში მომხდარი მოვლენების აღმწერი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან, კერძოდ კი, აბიბოს ნეკრესელის მარტვილობიდან ვიგებთ, აბიბოსი ქვებით ჩაქოლეს ზოროასტრიული სიწმინდის, ცეცხლის წყლით ჩაქრობის გამო. ანუ, ამ ნარატივის თანახმად, VI საუკუნეში ნეკრესში ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობს ზოროასტრიული ტაძარი და ქრისტიანული ეკლესია. ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა ის ფაქტი, რომ ზოროასტრიული ტაძრის „მრევლს“ მხოლოდ აქ ჩამოსახლებული სპარსელები წარმოადგენდნენ. უფრო სარწმუნოა ვიფიქროთ, რომ ტაძარი ჯერ კიდევ ქრისტიანობაზე არმოქცეული ადგილობრივი ზოროასტრი მოსახლეობის სამლოცველოსაც წარმოადგენდა და წარწერებზე წარმართული სახელების არსებობა ნეკრესში ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ პერიოდშიც არ უნდა იყოს გასაკვირი. გარდა ამისა, როგორც VI (ანდა VII საუკუნის პირველ მეოთხედში) დაწერილი ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან ვიგებთ, მცხეთაში ესვტათისთან ერთად ქრისტიანობაზე მოქცევისათვის დააპატიმრეს და თბილისში მარზპანთან გაგზავნეს სხვა გაქრისტიანებული სპარსელებიც, რომელთა სახელებია: გუშნაკ, ბახდიად, ბურზო, პანაგუშნასპ, პეროზაკ, ზარმილ და სტეფანე. ამათგან, სტეფანე სირიელი და დაბადებიდან ქრისტიანი იყო; სპარსელთაგან კი, ტექსტის თანახმად, მხოლოდ თავად ევსტათის შეეცვალა სახელი და გვირობანდაკის ნაცვლად მას ნათლობისას ევსტათი ეწოდა. დანარჩენი ექვსი სპარსელის სახელის ცვლილებაზე კი ნარატივში არაფერია ნათქვამი. ძნელი სათქმელია, რით არის განპირობებული ტექსტში საკუთარ სახელთა ცვლილება-უცვლელობის საკითხი. ეგება, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენი ექვსი პირი მხოლოდ კათაკმეველი იყო და ჯერ არ იყო მონათლული? ანდა, ეგება უნდა ვიფიქროთ, რომ სახელის ცვლილება არ ყოფილა სავალდებულო ადრეულ აღმოსავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში? როგორიც არ უნდა იყოს პასუხი ამ კითხვაზე, ერთი რამ ნათელია: წარმართული სახელის ხმარება არ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ წარწერები უცილობლად წინარე ქრისტიანულ ეპოქაშია შესრულებული. ჩემთვის აგრეთვე უცნობია, რამდენად უტყუარია ტაძართა აგების პერიოდის განსაზღვრის სიზუსტე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ამ თვალსაზრისით ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლა ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა.

გ) გრაკლიანის წარწერები

2015 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით ტერიტორიაზე, რომელზედაც გათხრები 2008 წლიდან წარმოებდა და რომელსაც ლიჩელმა გრაკლიანის გორა უწოდა, აღმოაჩინა უძველესი წარმართული ტაძრის ნანგრევები, რომლებიც მკვლევარმა ძვ. წ. აღ.-ის VII საუკუნით დაათარიღა. ტაძარს ორი საკურთხეველი აქვს, რომელთა კიდეზეც აღმოჩნდა გარკვეულ სიმბოლოთა რაოდენობა, რომელიც ვახტანგ ლიჩელის მიერ აღმოჩენისთანავე იდენტიფიცირებული იქნა, როგორც წარწერები, რომლებიც მკვლევარმა თავდაპირველად მის მიერ დათარიღებული ტაძრის თანადროულად, ანუ  ძვ. წ. აღ.-ის VII საუკუნეში გამოკვეთილად მიიჩნია (Licheli).

ამათგან ერთი წარწერა რომელიც მკვლევრის მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც წარწერა A, „შემორჩენილია ტაძრის დასავლეთ კედელთან გამართულ საკურთხეველზე. ეს არის სამი გრაფემის რელიეფური გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, იწყებოდა ჩრდილოეთ კედელზე – აქ შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული ვერტიკალური ხაზების ერთი რიგი. მისი გრაფიკული ანალიზი ცხადყოფს იდენტურობას ჩრდილო-სემიტური დამწერლობების რიგ ნიმუშებთან, რომლებიც ზუსტად იგივე ხანას განეკუთვნება.“ (ლიჩელი , გვ. 37)

მეორე წარწერა, რომლის საიდენტიფიკაციოდაც ვახტანგ ლიჩელი ხმარობს ლიტერ B-ს, „განთავსებულია ცენტრალური საკურთხევლის პოსტამენტზე, რომელიც ორიენტირებულია სამხრეთის მიმართულებაზე. წარწერა ათი გრაფემისაგან შედგება. მათგან ერთი ძლიერაა დაზიანებული და მისი რეკონსტრუქცია რთულია. ხუთი გრაფემა ნაწილობრივ არის დაზიანებული და მათი გრაფიკული რეკონსტრუქცია შესაძლებელია. ყველა გრაფემა განსხვავებულია ერთმანეთისაგან. წარწერა მონუმენტურია – მისი ყველა გრაფემა თანაბარი სიმაღლისაა, ისინი საგულდაგულოდაა ამოკვეთილი თიხის მასაზე. ტრასოლოგიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ თიხის ბლოკი, რომელზეც წარწერაა შესრულებული, ცალკეა დამზადებული, გაკეთებულია წარწერა და ამის შემდეგ არის იგი მიძერწილი პოსტამენტზე. B წარწერის გრაფიკული ანალიზი ცხადყოფს, რომ ცალკეულ გრაფემებს ზუსტი ანალოგები აქვს მახლობელი აღმოსავლეთის ტერიტორიაზე მიკვლეული სინქრონული დამწერლობების გრაფემებთან. უმეტეს შემთხვევაში ეს არის არამეული დამწერლობის სხვადასხვა ვარიანტებში არსებული გრაფემები გრაკლიანის ათი გრაფემიდან ექვსს სწორედ მათთან აქვს პარალელი. ამასთან, ის ფაქტი, რომ გრაკლიანის წარწერა B ერთი გრაფემა სრულიად უცხოა არამეულისათვის, მაფიქრებინებს, რომ აქ საქმე გვაქვს არამეულის ლოკალურ, ადგილობრივ ვარიანტთან.“ (იქვე).

მოგვიანებით, როდესაც მასალა მაიამის Beta Lab-ში გაიგზავნა, C14 ანალიზის შედეგად თიხა, რომელზედაც გამოკვეთილია წარწერა, ძვ. წ. აღ. XI-XII სს, დათარიღდა, რაც, იმ შემთხვევაში, თუკი ეს სიმბოლოები ნამდვილად ანბანური დამწერლობის ნიმუშს წარმოადგენს, გრაკლიანს სადღეისოდ აღმოჩენილი ანბანური დამწერლობის ყველაზე ძველ კერად, ხოლო თავად წარწერას - ანბანური დამწერლობის უძველეს ნიმუშად აქცევს.

გრაკლიანის საკურთხევლის პოსტამენტის ფოტოების გამოქვეყნებისთანავე მეცნიერთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აქ გამოსახული სიმბოლოები შეიძლება წარმოადგენდეს არა დამწერლობის ნიმუშებს, არამედ წარმართული ტაძრის საკურთხევლის კიდეზე შესრულებულ ორნამენტებს. მსგავსი სახის ორნამენტები ნაპოვნია ოსეთის ტერიტორიაზე, დიგორიაში გათხრილი წარმართული ტაძრის საკურთხეველზე. თუმცაღა, ჩემი დაკვირვებით, დიგორიაში აღმოჩენილ არტეფაქტზე მოთავსებული სიმბოლოები სიმეტრიულია, ამასთან უფრო პრიმიტიული და მათი მოხაზულობა მეორდება, განსხვავებით გრაკლიანის საკურთხევლის B წარწერის სიმბოლოებისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან სხვაობს.

გრაკლიანი გორა

დიგორია

 

სადღეისოდ, გრაკლიანი გორის წარწერების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით გამოთქმულია რამდენიმე მოსაზრება (როგორც, მაგ. პროტო-არამეული, ანდა პროტო-ქართველური დამწერლობა), თუმცაღა სამეცნიერო კონსენსუსი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა ენაზე შეიძლება იყოს შესრულებული გრაკლიანის პოსტამენტზე გამოკვეთილი სიმბოლოები, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

დ) ინკულტურაცია და დამწერლობათა შექმნის საკითხი აღმოსავლურ ქრისტიანობაში

ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთ საქრისტიანოში რელიგიის გავრცელება ინკულტურაციის გზით ხდებოდა (განსხვავებით დასავლური ქრისტიანული სამყაროსი, სადაც ღვთისმსახურება აკულტურირებული იყო, ანუ ლათინურ ენაზე ხდებოდა). ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ანბანის შექმნის საჭიროებაზე სომხეთში მოგვითხრობს კორიუნი ზემოხსენებულ მესროპ მაშტოცის ცხოვრებაში. ამავე პროცესზე უნდა მიუთითებდეს აგრეთვე ეგვიპტეში ქრისტიანი კოპტების მიერ ბერძნული ანბანისათვის სპეციფიური ასოების დამატების ხარჯზე კოპტურის ანბანის შექმნაც (მაგალითები გვხვდება ჩვ. წ. აღ.-ის II საუკუნიდან). ამასვე მოწმობს სლავური ტრადიციაც კიევის რუსეთში ქრისტიანობის მიღების შემდეგ ძმების, კირილესა და მეთოდის მიერ ქრისტიანული დამწერლობის (კირილიცას) შემოღებისა და მისით მანამდე არსებული გლაგოლიცას ჩანაცვლების შესახებ.

აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმე მეცნიერი ქართულ ასომთავრულზე უძველესი ბერძნულის (და არა IV-V სს.) ზეგავლენაზე საუბრობს. ნიკოლოზ ალექსიძის აზრით, „ქართულ ანბანზე დაკვირვება... დიაქრონული გრაფემიკის მეთოდით არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანბანის შექმნის თარიღი ქ.შ. IV ს.-ით განვსაზღვროთ.“ მკვლევრის დასკვნით, თუკი ქართული ანბანი განიცდის ბერძნულის ზეგავლენას, იგი დაახლ. ძვ. წ. აღ. IV-I სს. ქრონოლოგიურ ჩარჩოში უნდა მოთავსდეს (ალექსიძე, 2005); ხოლო ელენე მაჭავარიანი და ელგუჯა ხინთიბიძე არ გამორიცხავენ პოსტ-ქრისტიანულ ეპოქაში უკვე არსებულ ასომთავრულზე ბერძნულის ხელახალ ზეგავლენასაც, რაც ასო ჯ-ს, ანუ იესო ქრისტეს ინიციალების შეერთების შედეგად მიღებული გრაფემის ხმარებაში შემოსვლით არის გამოხატული (მაჭავარიანი 1982, ხინთიბიძე 1983).

ქართული დამწერლობის ტიპები

ქართულმა ანბანმა გაიარა არა მხოლოდ ანბანური დამწერლობისათვის დამახასიათებელი სტანდარტული განვითარების გზა (majuscule და minuscule ტიპის დამწერლობა), არამედ ამ განვითარების უნიკალური თავისებურებაც გამოავლინა, ვინაიდან minuscule ტიპის ანბანის ორი ნაირსახეობა შექმნა - სასულიერო და საერო მოხმარებისათვის.

ძველი ქართული ანბანის უძველესი, ანუ majuscule (uncial) ტიპი ასომთავრულის (ან მრგვლოვანის) სახელითაა ცნობილი და გავრცელებულია V-XVIII საუკუნეთა განმავლობაში. თუმცაღა, minuscule ტიპის საეკლესიო დამწერლობის შემოღების შემდეგ იცი ძირითადად საზედაო ასოების ფუნქციით გვხვდება.

Minuscule ტიპის საეკლესიო ხმარებისათვის განკუთვნილ ანბანს ნუსხა-ხუცური ეწოდება, მისი გამოყენება IX საუკუნიდან იწყება და, ასომთავრულის მსგავსად, XVIII საუკუნის ჩათვლით გრძელდება. რაც შეეხება minuscule ტიპის საერო ანბანს, რომელიც მხედრულის სახელითაა ცნობილი, მისი გამოყენების პირველი მაგალითები X საუკუნეში გვხვდება (თუმცაღა, ზაზა ალექსიძის ვარაუდით, „დიდია ალბათობა იმისა, რომ ატენის სიონის მხედრული წარწერების მთელი ჯგუფი VIII-X სს.-ში უნდა მოთავსდეს“, ანუ, მხედრული დამწერლობის გამოყენების დასაწყისად VIII საუკუნე უნდა მივიჩნიოთ (ალექსიძე 1, გვ. 219). სადღეისოდ, ქართული დამწერლობა სწორედ minuscule-ის საერო ტიპით, ანუ მხედრული ანბანით არის წარმოდგენილი.

ასომთავრული (მრგვლოვანი) = majuscule (uncial) ნუსხა-ხუცური = საეკლესიო minuscule

მხედრული =

საერო minuscule

F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\Jruch'i.jpg F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\Gelati_gospel.jpg F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\Kartlis_Ckhovreba-Ana.jpg

ჩემი მოსაზრებით, თუკი ქართლში ნამდვილად არსებობდა წინარე ქრისტიანული დამწერლობა, იგი, სავარაუდოდ: ა) ან მხედრული ანბანის გრაფემათა მოხაზულობის მსგავსი ასოებისაგან უნდა ყოფილიყო შედგენილი. სავარაუდოდ, სწორედ ამით უნდა აიხსნას დაახლ. ერთ პერიოდში ორი სახის minuscule ტიპის დამწერლობის ჩამოყალიბება საქართველოში, რომელთაგან ერთი საეკლესიო, ხოლო მეორე საერო საჭიროებისათვის გამოიყენებოდა. და, ვინაიდან, ზოგადად ქრისტიანობის შემოსვლისას შექმნილი დამწერლობანი ძირითადად ეკლესიის სამსახურში იდგა, ეგება ქრისტიანობამდე საქართველოში არსებული ანბანი, რომელიც ეკლესიამ განაგდო, როგორც საერო და „არაწმინდა,“ შენარჩუნდა, როგორც „დაფარული“ და მოგვიანო პერიოდში მხედრულ დამწერლობად აღორძინდა? ბ) ანდა, თეიმურაზ ბაგრატიონისეული ცნობის დარად, ფარნავაზის „რეფორმამდე“ არსებული ქურუმთა დამწერლობა, როგორც იმთავითვე რელიგიური დატვირთვის მატარებელი იყო, შეისისხლხორცა ქრისტიანულმა ეკლესიამ, როგორც ხუცური (სწორედ ამით უნდა აიხსნას ქართველ მეცნიერთა მიერ ასომთავრულზე არქაული ბერძნულის, თუ ფინიკიურის ზეგავლენა), ხოლო ეკლესიის მესვეურთა მიერ უარყოფილი, მაგრამ ერში შემორჩენილი „ფარნავაზისეული“ საერო ანბანის გამოყენება, როგორც უკვე ითქვა, განახლდა - სავარაუდოდ, ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანებისაკენ სწრაფვის ტენდენციის გაჩენასთან თანადროულად.

უძველესი წარწერები ქართულ ენაზე

ძველი ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები შემონახულია ეპიგრაფიკულ წარწერებსა7 და ხელნაწერებში. ეპიგრაფიკული წარწერები, თავის მხრივ, რამდენიმე ტიპის წარწერათა ჯგუფს მოიცავს:

  • ლაპიდარული (ლათ. lapidarius "ქვის მთლელი, ქვაზე ამომჭრელი"), 

  • მოზაიკური, 

  • ჭედური 

  • ფრესკული

ამასთან, წარწერებზე დატანილ ასოთა მოხაზულობისა თუ მათი დატანების ტექნიკის მიხედვით XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ განისაზღვრა დამწერლობის შემდეგი ტიპები:

ა) რელიეფური (V-XI სს.); XX საუკუნეში შუა წლების მონაცემთა თანახმად, უძველესი ლაპიდარული წარწერები (V-VI სს.) მხოლოდ რელიეფური დამწერლობითაა შესრულებული.

ბოლნისის სიონის წარწერა (V-VI სს. მიჯნა) ბოლნისის სიონის წარწერა 494 წ.
F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\a29238fd84d9.jpg

ბ) ამოღარული (ჩაჭრილი) – XX საუკუნის ბოლო მეოთხედამდე ითვლებოდა, რომ ჩანს VII საუკუნიდან; თუმცაღა, ლევან ჭილაშვილის მიერ ნაპოვნი ლაპიდარული წარწერები, რომლებიც I-III საუკუნეებით თარიღდება, ისევე როგორც წმინდა მიწაზე XXI საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილ უმ-ლეიზუნის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი საფლავის ქვის წარწერა, რომელიც VI საუკუნით დაათარიღეს მისმა პირველმა მკვლევრებმა, თამილა მგალობლიშვილმა და გიორგი გაგოშიძემ, ისევე როგორც 1969 წელს ნაზარეთში აღმოჩენილი უძველესი ქართული გრაფიტები (იხ. ქვემოთ) - ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ამოღარული დამწერლობის ტიპის გამოყენება ლაპიდარული წარწერებზე უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.

ნეკრესის წარწერა უმ-ლეიზუნის წარწერა
https://server5.intermedia.ge/pictures/large/622/622852.jpg?/nekresis-asomTavruli-warwera-romelic-saukuneebiT-TariRdeba.jpg F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\furtavelis carcera.jpg

დამწერლობის შემდეგი ნიმუშები ე.წ. დეკორატიული დამწერლობის ტიპებს განეკუთვნება. ესენია:

გ) კიდურწერტილოვანი, რომლის გამოყენების ნიმუშები X საუკუნიდან ჩანს და XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება

1006 წ. იშხანი, მცირე ეკლესია. კიდურწერტილოვანი დამწერლობის პირველი ნიმუში

დ) კიდურწაისრული - რომელიც აგრეთვე X ს.ბოლოსკენ ჩნდება და, ძირითადად, XI საუკუნის შუა წლებამდეა გავრცელებული (სადღეისოდ, ამ ტიპის დამწერლობით შესრულებული 50-მდე წარწერაა აღმოჩენილი)

მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია, XI ს.

ე) კიდურყვავილოვანი, რომლის გამოყენებაც XI საუკუნიდან იწყება

ნიკორწმინდა, XI ს.
C:\Users\Pc\Downloads\2.png

სადღეისოდ გამოვლენილი უძველესი ქართული ეპიგრაფიკული წარწერები აღმოჩნდა 1959 წელს. ეს არის ნაზარეთში, თანამედროვე ფრანცისკანელთა მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი გრაფიტები, რომლებიც ამოკაწრულია ფრანცისკანელთა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ბიზანტიური ტაძრის ნანგრევების, კერძოდ კი, მოზაიკური იატაკის ქვეშ აღმოჩენილი „ძველი ეკლესიის ნანგრევების შებათქაშებულ ქვებზე.“

F:\Scholarly literature\GEO\AVTOREBI\ალექსიძე\სტატიები\ალექსიძე, ეპიგრაფიკული ეტიუდები_010.jpg

ბიზანტიური ეკლესიის მოზაიკურ იატაკს მკვლევარნი 427 წ.ზე ადრეულად მიიჩნევენ, ვინაიდან მოზაიკა უხვადაა შემკული ორნამენტული ჯვრებით, ხოლო თეოდოსი II-ს მიერ გამოცემული ედიქტის თანახმად აიკრძალა ჯვრის მოტივის გამოყენება იატაკის მოზაიკის გასაფორმებლად. თუმცაღა, სავარაუდოდ, ეს საკითხი უფრო ადრეც პრობლემური იყო, ვინაიდან რომში ჯვრის გამოსახულების გამოყენება იატაკის მოზაიკური ორნამენტაციის მიზნით 425 წლის შემდეგ აღარ ფიქსირდება. შესაბამისად, ქართული წარწერები უფრო ადრინდელი უნდა იყოს, ვინაიდან ისინი ჯვრებით შემკული მოზაიკური იატაკის ქვეშ არის ნაპოვნი. ზაზა ალექსიძის აზრით, „ქართული გრაფიტები ნაზარეთის ხარების ეკლესიის ინტერიერში შეიძლებოდა გაჩენილიყო მხოლოდ 330-427 წლებში.“ მისივე თქმით, „ნაზარეთის გრაფიტები ფუნდამენტურად არღვევენ ჩვენს ცოდნას ქართული პალეოგრაფიის შესახებ... როგორც ჩანს. ქართული დამწერლობის საზეიმო, დეკორატიული და შორიდან წასაკითხი ხელი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პილიგრიმული გრაფიტებისაგან, მით უფრო, თუ ის იყო ამოჩხაპნილი და არა საღებავით შესრულებული... სრულიად აშკარაა ისიც, რომ სერიოზულად გადასახედია ქართული დამწერლობის სხვადასხვა სახეობის ქრონოლოგიაც. მიუხედავად ასეთი წინასწარი განწყობისა, ჩემთვის მაინც ძნელია გამოვიდე არსებული შტამპებიდან და არქეოლოგებთან ერთად ვთქვა, რომ ნაზარეთის ქართული გრაფიტები პალეოგრაფიულად შეიძლება დათარიღდეს V საუკუნის პირველი მეოთხედით ან უფრო ადრეული ხანით. ის კი შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ეს გრაფიტები უეჭველად IX საუკუნეზე ადრეა შესრულებული.“ (ალექსიძე 2011, გვ. 23-25)

სამი უძველესი ქართული მოზაიკური წარწერა (ამათგან ორი დაცულია და ინახება იერუსალიმის ფრანცისკანელთა მუზეუმში, მესამე კი აღარ იძებნება) აღმოჩენილია პალესტინაში 1952-53 წლებში იტალიელი არქეოლოგის, ვირჯილიო კორბოს მიერ. ამათგან უძველესი, ე.წ. ბირ-ელ-ყუთის წარწერა, ცნობილი ქართველი მოღვაწის, პეტრე იბერის მიერ აშენებული მონასტრიდან, 430-იანი წლებით თარიღდება.

  • და ძუძ
  • ეულნი მ-
  • ათნი ბა-
  • კურ და
  • //////////////////
  • გრი-ორმ
  • იზდ და ნ-
  • აშობნი
  • მათნი ქ~ე
  • სადღეისოდ დაკარგული წარწერა

  • წმიდაო თეოდორ-
  • ე მარ[უა]ნ და ბუ-
  • რზ[ე]ნ...ენ ამი
  • F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\Par_Страница_07.jpg F:\Work\ILIAUNI\LECTURES\კურსები\HAGIO\pp images\anbani\korbos warwera.jpg
  • შეწევნითა ქ[რისტ]ჱსითა და მ-
  • ეოხებითა წმიდისა თ[ეოდორ]ეჲსითა
  • შ[ეხიწყალე]ნ ანტონი აბაჲ და იოსია მო-
  • მსხმელი ამის სეფისაჲ და მა-
  • მა-დედაჲ იოსიაჲსი ამენ
  • საქართველოში აღმოჩენილი და საფუძვლიანად დათარიღებული უძველესი ეპიგრაფიკული წარწერები წმინდა მიწაზე აღმოჩენილ წარწერებთან შედარებით გვიანდელია.

    F:\Geo visual\inscriptions\ბოლნისი\bolnisi_17.jpg

    ბოლნისის სიონი, დათარიღებული V ს-ის დამლევითა და VI ს-ის დასაწყისით

  • ქრისტე დ[ა]ვით ეპისკოპოსი კრებ
  • ულითურთ და ამას ეკ
  • ლესიასა შინა შენდ
  • ა მიმართ თაჳ
  • ყანისმცემელ
  • ნი შეიწყალენ და
  • (მშრ)ომ(ე)ლთა ამას ეკლე
  • (სი)ა(სა შ)ინა შეხეწიე. ი. ი.“
  • ბოლნისის სიონი, 494 წ.
    http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcg/cauc/ageo/inscr/carcera/1_146/001.jpg
  • [შეწევნითა][წმიდ]ისა სამების აჲთა ო ც[წ]ლისა პერო[ზ][მე]ფ ი[სა][ზე]
  • [ვიწყე][შენებაჲ]ამის ეკ ლესიაჲსაჲ და ათხუთმეტ წლის[ა][შ(ემდგომა)დ]
  • [განვასრულე][ვი]ნ აქა შინა თაჳყანისხცეს ღ(მერთმა)ნ შეიწყალენ და ვინ ა[მის]
  • მ(ა)შ(ენე)ბ(ე)ლსა][დ(ავი)თ][ე]პისკო
  • პო[ს]სა ხულოცოს იგიცა ღ(მერთმა)ნ შეიწყა[ლ]ენ[ი(ყავნ)][ი(ყავნ)]
  • მეცნიერთა მიერ გამოთქმული მოსაზრებანი ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ II

    მოსაზრება ქართული ანბანის პალესტინური წარმომავლობის შესახებ

    ვინაიდან წმინდა მიწაზე აღმოჩენილი ეპიგრაფიკული წარწერები საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერებზე გვიანდელია, რიგ მეცნიერთა მიერ გამოითქვა მოსაზრება ქართულ დამწერლობის პალესტინაში შექმნის შესახებ. თამილა მგალობლიშვილის თქმით, უძველესი წარწერები „სწორედ წმ. მიწაზეა აღმოჩენილი (ნაზარეთის ქართული გრაფიტები). აქვე დასტურდება პირველი დამოწმება ქართული ქრონოლოგიისა - „დასაბამითგან“ და ეთნონიმ „ქართველისაც“ (V-VI სს.), რომლებიც საქართველოში მხოლოდ VIII-IX სს-დან გვხვდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს, აქვე უნდა შექმნილიყო ქართული ანბანიც...“ (მგალობლიშვილი 2013, გვ. 33). ავსტრიელი მეცნიერი, ვერნერ საიბტი კი მიუთითებს, რომ არსებობს იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობა, რომ ქართველებმა სომხური მოდელი კი არ გამოიყენებს ანბანის შექმნისას, არამედ „ბიზანტიის წმინდა მიწაზე არსებულ მონასტრებში მცხოვრებმა ქართველმა ბერებმა გადადგეს პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით და შემდეგ სომხურმა ეკლესიამ მიბაძა ამ მაგალითს“ (Seibt 2011, 90). უკანასკნელ დროს კი ნინო დობორჯგინიძემ ეს პროცესი V საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ქართველ საეკლესიო მოღვაწეს, მაიუმის სამონასტრო ცენტრის ფუძემდებელს, პეტრე იბერს დაუკავშირა (დობორჯგინიძე 2019, გვ. 122-123). როგორც უკვე აღინიშნა, მის სახელსავე უკავშირდება პალესტინაში, წმ. თეოდორის მონასტერში აღმოჩენილი და 430-იანი წლებით დათარიღებული ორო მოზაიკური წარწერაც

    1. ისტორიოგრაფიული მონაცემების საფუძველზე დაახლოებით დადგენილია პირველი ქართველი მეფისა და ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებლის, ფარნავაზ I-ის ცხოვრების წლები (ძვ. წ. აღ. IV საუკუნის მეორე ნახევარი - III საუკუნის პირველი ნახევარი).↩︎

    2. სომხური ისტორიოგრაფიის თანახმად, ხორენელი V საუკუნის ავტორია. ცნობილი ბრიტანელი არმენოლოგის, რობერტ თომსონის დაკვირვებით კი იგი VIII საუკუნის ავტორი უნდა იყოს. Thomson 1978.↩︎

    3. პატარიძის აზრით, ეს ცნობა ანაქრონიზმია და მხედრული ანბანი „ყველაზე გვიან შემოღებული დამწერლობაა“ (პატარიძე 1980, გვ. 11, 18)↩︎

    4. ე. მაჭავარიანი, „ჯან ასო-ნიშნის გრაფიკული წარმომავლობისათვის.“ წიგნში: მისივე 1982, გვ. 49-55.↩︎

    5. თუმცაღა, მიმოხილვაში მკვლევარი ამ წარწერას N2-ის შემდეგ განიხილავს და ჯერ აღნიშნავს, რომ „ყველაზე ადრეულ ქრონოლოგიურ ფენას (ძვ. წ.აღ. 2-1 სს) შეიძლება მივაკუთვნოთ წარწერა N2.. რომლის ყველა ასო, გარდა Ⴀ-სი მკვეთრად კუთხური ნაკაწრით გამოირჩევა.“ (ჭილაშვილი 2004, გვ. 84) მკვლევარ იქვე აღნიშნავს, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე, რომ „ასევე კუთხოვნებით გამოირჩევა წარწერა N1“ და რომ „აქაა პირველად მიცემული სავარაუდოდ ღვთაების ასო-ნიშანი „ჩ“ (იქვე). მანამდე, წარწერა N 1-ის განხილვისას, იგი აღნიშნავს: „აღმოჩნდა, რომ მსგავსივე ასო (ჩ) ამოკაწრულია ვანის ნაქალაქარის სამლოცველოსთან, ნაშალ ფენაში დადასტურებულ წითელკეციან ჭურჭელზე, რომელიც ძვ. წ. აღ.-ის I საუკუნით არის დათარიღებული. (იქვე, გვ. 17)↩︎

    6. თუმცაღა, ნაშრომში მოცემულ ტაბულაში ძვ. წ. აღ-ის II-I საუკუნეების გრაფაში მითითებულის წარწერები N 1, 3, 4 და 5 (იქვე, გვ. 87)↩︎

    7. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქართული და უცხოენოვანი წარწერები შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შექმნილ ეპიგრაფიკულ წარწერათა კორპუსში (http://epigraphy.iliauni.edu.ge/). სადღეისოდ, კორპუსი არასრულია; მისი მუდმივი შევსება-განახლება მიმდინარე პროცესია.↩︎

    ბიბლიოგრაფია:

    აბრამიშვილი გურამ და ზაზა ალექსიძე, 1985. „აღმოჩენა არაგვის ხეობაში: დავათის სტელები.“ გაზეთი „კომუნისტი.“ 115. 1985 წლის 19 მაისი, 4.

    ალექსიძე, ზაზა 2011. “ლუვრი, სინა, ნაზარეთი. ეპიგრაფიკული ეტიუდები.“ კრებულში: მისივე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. II. თბილისი: [n.l.], 13-25; პირველად დაიბეჭდა კრებულში: Μνήμη. ეძღვნება ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნას. რედ.: რისმაგ გორდეზიანი და ლაშა ბერაია. თბილისი: ლოგოსი, 2000, 10-25.

    ალექსიძე, ზაზა 2010. „ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა.“ კრებულში: მისივე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. ტ. I. თბილისი: [n.l.], 324-327; პირველად დაიბეჭდა: კრებულში: კავკასიის ხალხთა ისტორიის პრობლემები. რედ.: აფაქიძე და სხვ. თბილისი: მეცნიერება, 1991, გვ. 79-84.

    ალექსიძე, ზაზა 1968. „ცნობა მაშტოცის მიერ ქართული და სომხური ანბანის გამოგონების შესახებ.“ წიგნში: ეპისტოლეთა წიგნი. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ. უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ 21. თბილისი: მეცნიერება, 030-047

    ალექსიძე, ნიკოლოზ 2005.“ქართული ასომთავრული დამწერლობის ანალიზი დიაქრონული გრაფემიკის მეთოდით ბერძნულ ანბანურ სისტემასთან მიმართებაში (ხმოვნები, აპროქსიმანტები).“ მრავალთავი 21: 201-211

    გაგოშიძე, გიორგი 2025. “უმლეიზუნის ქართული წარწერა წარწერა.” მრავალთავი 21: 351-355.

    გამყრელიძე, თამაზ 2011. ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა. თბილისი: [n.l.]

    გამყრელიძე, თამაზ 1989. წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. ანბანური სისტემის ტიპოლოგია და წარმომავლობა. თბილისი: თსუ გამომცემლობა

    გაფრინდაშვილი, ხათუნა 2019. „კორიუნის მაშტოცის ცხოვრება (ტექსტის თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები).“ PhD დისერტაცია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი სომხური ფილოლოგია

    დობორჯგინიძე, ნინო 2019. „ქართული სამწერლობო ტრადიცია გვიანანტიკურობასა და შუა საუკუნეების რელიგიურ ისტორიოგრაფიაში.“ კრებულში: აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 90. საიუბილეო კრებული, მიძღვნილი აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადების 90 წლისთავისადმი. რედ. ავთანდილ არაბული და სხვ. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 119-139.

    დობორჯგინიძე, ნინო 2010. ენა, იდენტობა და საისტორიო კონცეპტები. თბილისი: ნეკერი.

    კეკელიძე, კორნელი 1980. იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია

    ლიჩელი, ვახტანგ 2016. „გრაკლიანი – სამარხებიდან დამწერლობამდე.“ კრებულში: საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში. მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები. რედ.: ელგუჯა ხინთიბიძე და სხვ. თბილისი: [n.l], 35-45.

    მაჭავარიანი, ელენე 1982. ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები. თბილისი: ხელოვნება

    მეტრეველი როინ და სხვ. (რედ.) 2008. ქართლის ცხოვრება. თბილისი: არტანუჯი და მერიდიანი

    მგალობლიშვილი, თამილა 2013. ახალი იერუსალიმები საქართველოში. თბილისი: [n.l.]

    მგალობლიშვილი, თამილა 2005. „უცნობი ქართული მონასტერი წმინდა მიწაზე.” მრავალთავი 21: 341-350

    სილოგავა, ვალერი 1980. ლაპიდარული წარწერები II. დასავლეთ საქართველო. ნაკვ. I (IX-XIII სს.) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ. ქართული წარწერების კორპუსი II. საქართველოს ისტორიის წყაროების 20. ეპიგრაფიკული ძეგლები და ხელნაწერთა მინაწერები 5. თბილისი: მეცნიერება

    ყაუხჩიშვილი, სიმონ 1955. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბილისი: სახელგამი

    ჭილაშვილი, ლევან 2000. „ნეკრესის წინაქრისტიანული ქართული წარწერები.” ქართველოლოგი 7: 7-8

    ჭილაშვილი, ლევან 2004. ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები. თბილისი: [n.l.].

    ხინთიბიძე, ელგუჯა 1983. „წარმოშობის პრობლემა. ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან.“ ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში 1: 118-135.

    ჯავახიშვილი, ივანე 1949. ქართული დამწერლობათამცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია. მეორე გამოცემა. ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა. წ. III, ნაკვეთი I . თბილისი: თსუ გამომცემლობა

    ჯავახიშვილი, ივანე 1935 „სომხური დამწერლობის შემოღების მომთხრობელი წყაროები: კორჳნი.“ წიგნში: მისივე, ძველი სომხური საისტორიო მწერლობა. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 150-203.

    Licheli, Vakhtang. “Paleo-Georgian(Paleo-Kartlian) script (“B inscription”) of 7th c BC. (Caucasia, Georgia).“ (https://www.academia.edu/42766385/Proto_Georgian_script; ბოლო წვდომა 15/03/2026)

    Seibt, Werner 2011.“Wo, wann und zu welchem Zweck wurde das georgische Alphabet geschaffen?” კრებულში: Werner Seibt – Johannes Preiser-Kapeller, eds., Die Entstehung der Kaukasischen Alphabete als Kulturhistorisches Phänomen/The Creation of the Caucasian Alphabets as Phenomenon of Cultural History. Referate des Internationalen Symposions (Wien, 1.-4. Dezember 2005). Österreichische Akademie der Wissenschaften, Philosophisch-Historische Klasse Denkschriften 430; Veröffentlichungen zur Byzanzforschung 28. Vienna: Verlag der Österreichische Akademie der Wissenschaften, 83-90.

    Thomson, Robert 1978. Moses Khorenats'i, History of the Armenians, translation and commentary by R. W. Thomson. Harvard Armenian Texts and Studies 4. Cambridge, Mass.: Harvard University Press, 1978.

    მოცემული მიმართულებით კვლევები, ძირითადად, არ გამოირჩევა მეთოდოლოგიური ნაირსახეობით. ამ თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად ინოვაციური მიდგომის მცდელობის მაგალითად წარმოგვიდგება ნიკოლოზ ალექსიძის სტატია (ალექსიძე 2005). თუმცაღა, ინოვაცია ძირითადად მეთოდოლოგიური ტერმინოლოგიის გამოყენებაში მდგომარეობს (ასომთავრულის გრაფიკული ანალიზი დიაქრონულ ჭრილში წარმოდგენილია ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის ნაშრომში).

    ცალკე მინდა გამოვყო აგრეთვე დალი ჩიტუნაშვილის ნაშრომი „ქართული დამწერლობა“ ჩემი სამყარო 41 (2023): 6-12. ნაშრომში მოცემულია ქართული ანბანის განვითარებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის რეზიუმე.


    გამოქვეყნების თარიღი: 10.03.2026

    საავტორო უფლებები:
    © ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
    © ირმა ყარაულაშვილი